იაპონური სასწაული

shibuya-tokyo-japan

ჯეფრი ჰერბნერი

გროუვის კოლეჯის პროფესორი და ლუდვიგ ფონ მიზესის ინსტიტუტის
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

გამოქვეყნდა 1999 წელს

1943 წელს ჯონ მეინარდ კეინზი აცხადებდა – „ცენტრალური ბანკის საკრედიტო ექსპანსია სასწაულებს ახდენს, ქვას პურად აქცევსო”.

ხანგრძლივი კრიზისის შემდეგ იაპონიის მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა ძალების აღდგენა სცადეს და მეოცე საუკუნის უკანასკნელი კეინზისეული ექსპერიმენტი ჩაატარეს. სამწუხაროდ, ეს ექსპერიმენტი მარცხით დამთავრდა. არა მარტო იაპონიის ისტორია, არამედ მთელი XX საუკუნის ეკონომიკური ისტორია მოწმობს, რომ კეინზის მიერ დაპირებული სასწაული სიყალბე აღმოჩნდა. მან ცხოვრების მაღალი სტანდარტები კი არა, კრიზისი და დეპრესია მოიტანა.

ეკონომიკურ ზრდას რეალური კაპიტალის დაგროვება სჭირდება, ანუ კაპიტალის ფართო სტრუქტურის შექმნა დანაზოგებითა და ინვესტიციებით. ცენტრალური ბანკის ფულადი ინფლაციის ყალბი სასწაული მხოლოდ ციკლურ რყევებს განაპირობებს. თავიდან საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. საპროცენტო განაკვეთი მცირდება, კაპიტალის ღირებულება იზრდება, მეწარმეები კაპიტალური ინფრასტრუქტურის შექმნით მოგებას იღებენ. მაგრამ კაპიტალის სრულყოფილი ინფრასტრუქტურის შექმნა ვერ ხერხდება, რადგან რეალური დანაზოგების საკმარისი რაოდენობა არ არსებობს. ეკონომიკური აღმასვლა სიყალბეზე, კერძოდ, ხელოვნურად დაწეულ საპროცენტო განაკვეთზეა აგებული. როგორც კი სიყალბე გამოაშკარავდება, ეკონომიკური აღმავლობა წყდება და დაღმასვლა იწყება.

ბოლო 150 წლის მანძილზე იაპონიამ ორი სასწაული იხილა: ბაზრის ნამდვილი სასწაული და სახელმწიფოს მიერ პროვოცირებული ფსევდოსასწაული. დასავლეთთან საერთაშორისო ვაჭრობა 1850-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. 1868 წელს რეფორმატორმა მთავრობამ ძველი ფეოდალური სისტემა კერძო საკუთრების უფლების, თავისუფალი ვაჭრობის, მეწარმეობისა და გადაადგილების თავისუფლების დაშვებით შეავიწროვა. 1880-იან წლებში იაპონიამ სახელმწიფო საწარმოთა უმეტესობა კერძო სექტორს მიჰყიდა, რის შემდეგაც მისი ეკონომიკა სწრაფად ჩაერთო შრომის საერთაშორისო დანაწილებაში. მომჭირნე იაპონელებმა საკუთარი დანაზოგებით დიდძალი კაპიტალი დააგროვეს. რეალური ზრდის საპირისპიროდ, მთავრობამ ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სუბსიდირება მოახდინა, ბანკი და მძიმე მრეწველობა კარტელებში გააერთიანა და ცენტრალური ბანკი დააარსა. მოკლედ, იაპონია დიდი ბრიტანეთის მერკანტილისტურ სისტემას ბაძავადა, რაც რეგიონული იმპერიის შექმით დასრულდა. ბრიტანეთის მსგავსად, იაპონიის იმპერიაც შრომის საერთაშორისო დანაწილებას ეყრდნობოდა და ეს ურთიერთობები მის აზიელ მეზობლებზე, მათ შორის მანჯურიაზე, ფორმოზასა და კორეაზე ვრცელდებოდა. მაგრამ იაპონიის სახელმწიფო ვალი და ფულადი ინფლაცია სამხედრო მიზნებს ხმარდებოდა. ამგვარად, პირველ მსოფლიო ომამდე იაპონიის დიდ სამრეწველო ძალად ჩამოყალიბება ნაწილობრივ რეალური ეკონომიკური ზრდის, ნაწილობრივ სახელმწიფოს მშენებლობის და ნაწილობრივ ციკლური რყევების შედეგი იყო.

პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკის მსგავსად, იაპონიის ეკონომიკურ განვითარებაში უდიდესი როლი მისმა პოლიტიკურმა ნეიტრალიტეტმა შეასრულა. მას შემდეგ, რაც ყოფილი სავაჭრო პარტნიორები ერთმანეთთან ომში ჩაებნენ, იაპონიის სავაჭრო ურთიერთოებები აზიის ქვეყნებთან მნიშვნელოვნად გაიზარდა. ომის დროს, ამერიკის მსგავსად, იაპონიაც ინფლაციას ახორციელებდა, რაც მზარდი სავაჭრო მოგების შედეგად დაგროვებულ ოქროს უზარმაზარ მარაგს ეყრდნობოდა. ინფლაციური აღმასვლა 1920 წლამდე გაგრძელდა, რასაც დეფლაციური კრიზისი მოჰყვა. უმძლავრეს მიწისძვრას ინფლაციის მეორე ტალღა მოჰყვა, რაც იაპონიის ბანკის მიერ აღდგენითი სამუშაოების ხარჯების დაფინანსებით იყო გამოწვეული. 1927 წელს, როდესაც ოქროს დიდი ოდენობით გადინებამ დეფლაციური კრიზისი გამოიწვია, ეკონომიკური აღმასვლა დასრულდა და თანმდევი დეპრესია 1931 წლამდე გაგრძელდა. იმ დროს, როდესაც დასავლეთში დიდი დეპრესია იკრებდა ძალებს, იაპონიამ სამთავრობო ხარჯების ზრდის, ვალების დაგროვებისა და ფულადი ინფლაციის მორიგი რაუნდი დაიწყო. ამჯერად სახელმწიფო ექსპანსია არმიისა და ფლოტის აგებას ემსახურებოდა.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა ქვეყანაში ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადასვლა ცენტრალიზებისა და პოლიტიკური კონტროლის გამკაცრებას გულისხმობდა. იაპონიისთვის ეს 1930-იან წლებში წამოწყებული სამხედრო წარმოების მოდერნიზაციის ბუნებრივი გაგრძელება იყო, რაც ამ დარგში ისეთივე კარტელის შექმნით დამთავრდა, როგორც მანამდე ეს მძიმე მრეწველობასა და საბანკო საქმეში მოხდა. ომის დროს იაპონიის საბანკო სისტემა კიდევ უფრო მეტად დაექვემდებარა ცენტრალური ბანკის კონტროლს და იაპონიის სამრეწველო ბანკი სამხედრო წარმოების ფინანსურ აგენტად იქცა.

ამგვარად, იაპონიის ეკონომიკა მთლიან სამხედრო მექანიზმად გარდაიქმნა და, როდესაც ომი დამთავრდა, მას სამომხმარებლო საქონლის წარმოების უნარი აღარ შესწევდა. სამწუხაროდ, ომის შემდგომი პერიოდის იაპონიის ოკუპაციური ხელისუფლება ხელს უშლიდა ეკონომიკის სამშვიდობო პროდუქციის გამოშვებაზე გადასვლას. ხელისუფლებამ მაღალი, პრაქტიკულად სადამსჯელო გადასახადები დააწესა, ხოლო პროფკავშირებმა კარტელები დაშალა და მიწის კონფისკაცია მოახდინა. უფრო მეტიც, 1945-49 წლებში ამერიკამ უცხოური დახმარების სახით 1,6 მილიარდი დოლარი გამოუყო იაპონიას, რამაც იაპონიის ბანკს ომის დასასრულისთვის ისედაც უზომოდ გაბერილი ფულის მასის კიდევ უფრო მეტად გაზრდის საშუალება მისცა. ჰიპერინფლაციის შედეგად 1946 წლის აპრილიდან 1949 წლის მარტამდე საბითუმო საქონლის ფასები ცამეტჯერ გაიზარდა. სამრეწველო წარმოებამ ფართომასშტაბიანი ეკონომიკური რეორგანიზაცია ვეღარ შეძლო და 1948 წელს 1937 წლის წარმოების მხოლოდ 40 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად ჩამორჩა ომამდელ დონეს.

1949 წელს იაპონია ამერიკის მიერ კონტროლირებად ახალ საერთაშორისო სისტემაში ჩაება. ბრეტონვუდსის ფულადსაკრედიტო სისტემამ იენი-დოლარის გაცვლის კურსი 360:1 დააფიქსირა და საკრედიტო ექსპანსიის საერთაშორისო დონეზე განსახორციელებლად იაპონიის ბანკს იენის ინფლაციის დონის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განხორციელებული დოლარის ინფლაციასთან კოორდინირება მოსთხოვა. ცივმა ომმა იაპონიის სამხედრო საშუალებებზე მოთხოვნა წარმოშვა. ამერიკული სამხედრო დანიშნულების მატერიალურტექნიკური მომარაგების შედეგად მისი სამხედრო მექანიზმი კვლავ გამოცოცხლდა და, საბოლოოდ, 1951 წელს სამრეწველო წარმოებამ ომამდელ დონეს გადააჭარბა. იაპონიის მთავრობა საიმედო მოკავშირე აღმოჩნდა და 1952 წლის გაზაფხულზე სუვერენიტეტი აღიდგინა.

1953 წელს ოკუპაციური ხელისუფლების რეფორმები გაუქმდა. პროფკავშირები შესუსტდა, გადასახადები შემცირდა, კარტელებმა რეფორმა განიცადა და ცენტრალიზებული დაგეგმვა გაძლიერდა. იაპონიის განვითარების ბანკში, ექსპორტიმპორტის ბანკსა და სატრასტო ფონდის ბიუროში, რომელიც საფოსტოშემნახველ ანგარიშებს ზედამხედველობდა, სახელმწიფო ისე მკაცრად აკონტროლებდა კრედიტებს, როგორც არასდროს. ძალაში მხოლოდ მიწის რეფორმა დარჩა. მოკლედ, იაპონიამ იენის რეგიონნული სავაჭრო ბლოკის გარდა, ომამდელი მერკანტილისტური ეკონომიკური სისტემა მთლიანად აღადგინა. ამგვარი მიდგომა არ წარმოადგენდა ჩაურევლობის პოლიტიკის რეცეპტს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და ნამდვილი სასწაულის მოსახდენად.

იაპონია 1950-იან და 1960-იან წლებში ამერიკულ სისტემაში ისევე იყო ჩართული, როგორც ინდონეზია 1980-იან და 1990-იან წლებში. ამერიკული დოლარების შემოდინებამ და იაპონიის მთავრობის მიერ საფოსტოშემნახველ ანგარიშებზე თავმოყრილი ფონდების გამოყენებამ, ამ ორი დეკადის განმავლობაში საშუალო წლიური მშპ P9,6 პროცენტამდე გაზარდა, 1925-39 წლების 4,6 პროცენტთან შედარებით თითქმის ორჯერ.

მაგრამ ეს ძალისხმევა ძირითადად მთავრობის და არა მომხმარებლების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად წარიმართა. სამხედრო პროდუქციის წარმოება და ინფრასტრუქტურის მშენებლობა მომხმარებლების ხარჯზე დაფინანსდა. საგარეო ვაჭრობამ ომამდელთან შედარებით განსხვავებული პრიორიტეტები შეიძინა და იაპონიის მთავარი პარტნიორი ექსპორტშიც და იმპორტშიც ამერიკა გახდა. იაპონიამ, რომელმაც შრომის რეგიონთაშორის დანაწილებაში თავისი ადგილი დაკარგა, შიდა წარმოების ხელოვნური გაფართოება დაიწყო. იაპონიის მთავრობამ იაფი იმპორტული ნედლეულის ნაცვლად, რომელსაც ადრე მანჯურიიდან იღებდა, ძვირადღირებული სინთეტური შემცვლელების წარმოებაზე გამოყო სუბსიდიები. საკვების იაფფასიანი იმპორტი შემცირდა, სამაგიეროდ, ხელოვნურად შექმნილმა სოფლის მეურნეობის სექტორმა ძვირადღირებული პროდუქციის წარმოება გააფართოვა. ფოლადის, ელექტროხელსაწყოების, ავტომობილების წარმოებასა და გემთმშენებლობაზე დიდი სუბსიდიები გამოიყო.

ამავე დროს, ომის შემდგომი ეკონომიკური სასწაული ნაწილობრივ სიყალბე იყო. ამერიკელთა სამხედრო მატერიალურტექნიკური მომარაგება კორეის ომისთვის 3,4 მილიონ დოლარამდე დაჯდა და 1950-იანი წლების დასაწყისში შიდა ბაზარზე ეკონომიკური აღმასვლა გამოიწვია. ომის დროს მშპ წელიწადში 12,1 პროცენტით იზრდებოდა. მაგრამ იაპონიის ბანკმა იენის ზეინფლაცია განახორციელა, რამაც რეზერვების გამოცარიელება გამოიწვია. ბრეტონვუდსის სისტემის ფიქსირებული სავალუტო გაცვლის კურსის პირობებში მისი შეჩერება მხოლოდ დეფლაციით იყო შესაძლებელი. 1954 წელს ხანმოკლე კრიზისი დაიწყო, რასაც 1955 წელს ისევ აღმასვლა მოჰყვა. იგივე განმეორდა 1958 წელსაც. იაპონიის ბანკის ფულადი ინფლაციით გამოწვეული ეკონომიკური ზრდა 1959-61 წლებში მშპს 15 პროცენტიან ყოველწლიურ მატებაში გამოიხატა და 1961 წელს ოქროს მარაგის ამოწურვით დასრულდა. 1962 წელს ხანმოკლე კრიზისი დაიწყო, რომელსაც 1963-64 წლებში ისევ აღმასვლა მოჰყვა და 1965 წელს კრიზისით დასრულდა. მომდევნო ხუთ წელს მშპ წელიწადში 10 პროცენტზე მეტით იზრდებოდა.

გარდაუვალი რყევების მიუხედავად, იაპონიის ბანკმა, ბრეტონვუდსის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, იენის ინფლაციის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ დოლარის ინფლაციის კურსთან კოორდინირება მოახერხა და იენდოლარის გაცვლის კურსი უცვლელი დარჩა – 360:1. მაგრამ გაცვლის კურსის სტაბილურობისთვის იენის უფრო სწრაფი ინფლაცია იყო საჭირო, ვიდრე დოლარის. 1960-იან წლებში იაპონიის ეკონომიკამ ამერიკასთან შედარებით სამჯერ გააფართოვა წარმოება, რაც ამერიკის 6,4 პროცენტის საპირისპიროდ წელიწადში 19 პროცენტს შეადგენდა. 1960-იანი წლების მეორე ნახევრიდან და 1970იანი წლების დასაწყისში იენის ინფლაცია წელიწადში 18,8 პროცენტს შეადგენდა და გაცვლის იმავე კურსს ინარჩუნებდა დოლართან მიმართებაში, რომლის ინფლაციაც წელიწადში მხოლოდ 5,4 პროცენტს შეადგენდა.

1971 წელს, როდესაც ბრეტონვუდსის სისტემა დაიშალა, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დოლარის ინფლაცია, რომელიც 1970 წელს 4,4 პროცენტს შეადგენდა, გაასამმაგა და 12,1 პროცენტმდე ასწია. „იაპონიის ბანკი” მორჩილად დაჰყვა მას ისევე, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ ამას იენის ინფლაცია მნიშვნელოვნად არ აუჩქარებია. მიუხედავად ამისა, 1971-73 წლებში მიმოქცევაში არსებული იენის მასა წელიწადში 22,4 პროცენტით იზრდებოდა. 1971-74 წლებში დოლართან მიმართებაში იენი 20 პროცენტით გაძვირდა. 1973-74 წლებში ფასების ინფლაციამ იფეთქა, რამაც შესაბამისად სამომხმარებლო ფასების 11,7 და 23,1 პროცენტიანი ზრდა გამოიწვია. საკრედიტო ექსპანსიით გამოწვეულ აღმასვლას მწვავე კრიზისი მოჰყვა.

ამ მარცხის შემდეგ იაპონიამ გაცილებით დამოუკიდებელი სავალუტო პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა. თანდათან იაპონიის ბანკმა იენის ინფლაციის დონე იმ ზომამდე შეამცირა, რომ 1977 წელს ის დოლარის ინფლაციის დონეზე დაბალი იყო. მაგრამ ამას კიდევ ერთი საკრედიტო ექსპანსია მოჰყვა: მომდევნო ორი წლის მანძილზე იენის წლიურმა ინფლაციამ 11 პროცენტი შეადგინა, ხოლო „იაპონიის ბანკის” დისკონტის განაკვეთმა 1978 წელს 3,5 პროცენტამდე დაიწია, მაშინ როდესაც ის 1977 წელს 4,25 პროცენტს შეადგენდა. 1980 წელს ფასების ინფლაციამ მნიშვნელოვნად მოიმატა. საბითუმო ფასები 17,8 პროცენტით გაიზარდა, რამაც „იაპონიის ბანკი” აიძულა 1980 წელს დისკონტის დონე 7,25 პროცენტამდე, ანუ ორჯერ და უფრო მეტად გაეზარდა. ამის გამო, საპროცენტო განაკვეთები სწრაფად გაიზარდა, რამაც საკრედიტო ექსპანსიას ზღვარი დაუდო და ეკონომიკაში რეცესია დაიწყო.

რაც არ უნდა ითქვას, ომის შემდგომი იაპონური სასწაული 1970 წელს დასრულდა. 1971-79 წლებში მშპს საშუალო წლიუწლიური ზრდა 4,6 პროცენტი იყო, 1980-90 წლებში კი მხოლოდ 4,1 პროცენტი.

იაპონიამ დოლარის სავალუტო პოლიტიკის ორიენტირად გამოყენებაზე უარი თქვა და 1980-იან წლებში იენის სავაჭრო ბლოკის აღდგენა სცადა, ოღონდ აღმოსავლეთ და სამხრეთაღმოსავლეთ აზიური ალიანსი ჩრდილო აზიური ალიანსით შეცვალა. 1980-იანი წლების პირველ ნახევარში მან მიზანს ვერ მიაღწია, რადგან საერთაშორისო მოთხოვნა დოლარზე უფრო მეტი იყო ვიდრე იენზე. მიუხედავად იმისა, რომ “იაპონიის ბანკმა” იენის ინფლაციის დონე დოლარის ინფლაციის დონეზე ქვემოთ დასწია, იენი დოლართან მიმართებაში 24 პროცენტით გაუფასურდა. 1981-84 წლებში სამომხმარებლო საქონლის ფასები წელიწადში 2,7 პროცენტით იზრდებოდა.

მაგრამ, 1985 წელს ახალი სტრატეგია ამოქმედდა, როდესაც „პლაზას შეთანხმების” საფუძველზე, რომლის მიხედვითაც წამყვანი სამრეწველო ქვეყნები იენის გაძლიერებასა და დოლარის დასუსტებაზე შეთანხმდნენ, იენის რეგიონთაშორის სავალუტო ინფლაციასა და საკრედიტო ექსპანსიას მეტი სივრცე მიეცა. ყოველწლიურად „იაპონიის ბანკი” იენის 10,5 პროცენტიან ინფლაციას ახორციელებდა, რის გამოც დისკონტის დონემ, რომელიც 1985 წელს 5 პროცენტს შეადგენდა, 1987 წელს 2,5 პროცენტამდე დაიწია. პირდაპირი ინვესტიციების გზით იაპონიამ სამხრეთაღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთ კორეაში საკრედიტო ექსპანსიის ექსპორტი მოახდინა. აზიაში იაპონიის ექსპორტიმპორტის ბანკი საინვესტიციო და სავაჭრო საქმიანობაზე გაცემული სასესხო გარანტიებით საგანგებოდ ახორციელებდა მასიურ იაპონურ ინვესტიციებს. ამ აჟიოტაჟის დასასრულს იაპონია მსოფლიოს უმსხვილესი კრედიტორი იყო, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მსოფლიოს უდიდეს ბანკებსა და უმსხვილესი კაპიტალის მქონე საფონდო ბირჟას ფლობდა.

მიუხედავად მასიური ინფლაციისა, 1985 წლის დასაწყისიდან 1988 წლის დასასრულამდე იენი დოლართან მიმართებაში 50 პროცენტით გაძვირდა და სამომხმარებლო საქონლის ფასები იაპონიაში წელიწადში მხოლოდ 0,5 პროცენტით გაიზარდა, საბითუმო საქონლის ფასები კი წელიწადში 4,5 პროცენტით შემცირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ, როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, იენზე მზარდმა მოთხოვნამ სავალუტო ინფლაცია შთანთქა. მაგრამ იენის ზეობა ხანმოკლე აღმოჩნდა. 1988-89 წლებში იენზე მოთხოვნა შეწყდა, რამაც დოლართან მიმართებაში მისი 16 პროცენტიანი დევალვაცია და შიდა ფასების ინფლაციის ზრდა გამოიწვია. „იაპონიის ბანკმა” სავალუტო მუხრუჭები აამუშავა და ფულადი ინფლაცია მკვეთრად შეამცირა. თუ 1990 წელს ინფლაციის დონე 12,1 პროცენტს შეადგენდა, 1991 წელს 4,1 პროცენტამდე ჩამოვიდა, 1992 წელს კი 1,2 პროცენტამდე. დისკონტის დონე 1988 წელს 2,5 პროცენტი იყო, 1990 წელს კი 6 პროცენტამდე აიწია. საკრედიტო ექსპანსიის დასასრულს საპროცენტო განაკვეთი გაორმაგდა და იენის ინფლაციიის შედეგად 198993 წლებში იენდოლარის 22 პროცენტიანი გაცვლის კურსი გაიზარდა.

თავის დროზე, ბრეტონვუდსის შეთანხმების კრახის შედეგად, ამერიკამ აღმოაჩინა, რომ: საერთაშორისო საკრედიტო ექსპანსია მანამდე გრძელდება, სანამ ფასების ინფლაცია ფულზე მოთხოვნილების ზრდას შეესაბამება. იაპონიაშიც სწორედ ასე მოხდა. ამერიკული დოლარი ხელახლა გაბატონდა კანადაში, მექსიკაში, ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკაში, აგრეთვე, აზიაში და აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, რამაც იაპონიას იენის სავაჭრო ბლოკის აღდგენაში შეუშალა ხელი. მსოფლიო სარეზერვო ვალუტასთან შედარებით იენს ნაკლები შესაძლებლობა გააჩნდა, ამიტომ, იენზე აგებული საკრედიტო ექსპანსია 1990 წელს კრახით დასრულდა.

იაპონია კრიზისიდან გამოსვლას კეინზის რეკომენდაციებით შეეცადა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ ჩიხში სწორედ მისი რეკომენდაციების წყალობით აღმოჩნდა.

1990 წლის შემდეგ იაპონიამ 888 მილიარდი დოლარის ღირებულების ცხრა სახის მასტიმულირებელი საშუალება მოსინჯა. ცხრავე სხვადასხვა ფორმის და ზომის იყო, მაგრამ მთავრობის ხარჯები და სესხები, დახმარებები და რეფლაცია ყველას ერთნაირად ახასიათებდა. უარესი ის იყო, რომ 1989 წლის შემდეგ გადასახადები რამდენჯერმე გაიზარდა. თუ 1965 წელს მთავრობას მშპ-ს 18 პროცენტი მიჰქონდა, ამჯერად გადასახადები უკვე მშპს 30 პროცენტს ასცდა. ამ ტენდენციის უკუსაქცევად 1998 წელს გადასახადები ოდნავ შეამცირეს, მაგრამ თუნდაც დიდად შეემცირებინათ, სამთავრობო ხარჯების შეკვეცის გარეშე მხოლოდ მინიმალური შედეგი ექნებოდა. დეპრესია მანამდე გრძელდება, სანამ არასწორი ინვესტიციების ზრდის ლიკვიდაცია და კაპიტალის ბუნებრივი სტრუქტურის აღდგენა არ მოხდება მომხმარებლის მოთხოვნილებების შესაბამისად. ფისკალური ხარჯები ლიკვიდაციას და გაჯანსაღებას აფერხებს, რადგან მთავრობის ხარჯები მუდამ წარმოების არსებული სტრუქტურის დახმარებას და სუბსიდირებას ითვალისწინებს.

მზრადი ხარჯების გამო იაპონიის ეროვნული ვალი სწრაფად გაიზარდა. ასეთმა პოლიტიკამ კიდევ უფრო დაასუსტა ისედაც დარღვეული საკრედიტო ბაზარი. ახლა იაპონიის ვალი მისი მშპს 100 პროცენტზე მეტია, 1993 წელს კი 60 პროცენტს შეადგენდა. 1999 წელს იაპონია ქვეყნის მთელი სამრეწველო შემოსავლის 90 პროცენტის ღირებულების ახალ ობლიგაციებს გამოუშვებს, რაც დაახლოებით 352 მილიარდ დოლარს შეადგენს. მთლიანად 1999 წელს გამოშვებული ობლიგაციები 517 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც იაპონიას მსოფლიოში უდიდეს სასესხო ვალდებულებას აკისრებს. მზარდი სასესხო დატვირთვის გამო სარეიტინგო სააგენტო „მუდიზინვესტორ-სერვისმა” ამა წლის აპრილში იაპონიის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ჩამოაქვეითა, ისევე, როგორც გასულ წელს საუკეთესო იაპონური ბანკების და კორპორაციების საკრედიტო რეიტინგი.

კეინზის პროგნოზების მიუხედავად, მთავრობის დიდი ოდენობის სესხმა ეკონომიკა ვერ გამოაცოცხლა და ვერც კერძო სექტორს შეუმსუბუქა ვალი. 1998 წელს მშპ 28 პროცენტით შემცირდა. ამა წლის მარტის ხარჯთაღრიცხვით, კერძო ბიზნესის უიმედო ვალები 720 მილიარდი დოლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც, მიუხედავად ჩამოწერისა, წინა წლისაზე მხოლოდ 0,7 პროცენტით ნაკლებს შეადგენდა. 1998 წლის აგვისტოში იაპონურ ბანკებს 600 მილიარდი დოლარი აშკარა უიმედო ვალებად ერიცხებოდათ და 625 მილიარდი დოლარი – დეფოლტის ჩვეულებრივზე მაღალი რისკის სესხებად. 1998 წლის ივლისში ბანკებს 1,56 ტრილიონი დოლარი ისევ უძრავი ქონების სესხის სახით ერიცხებოდა, რომლის უმეტესი ნაწილი ნახევრად დამთავრებული სასტუმროების, მიტოვებული გოლფის მოედნების და ნახევრად დანგრეული საიჯარო ქონების სახით იყო გაცემული დეველოპერებზე იმ დროს, როდესაც უძრავი ქონების ფასები 1991 წლიდან 1998 წლამდე 80 პროცენტით შემცირდა. იაპონიის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ბანკების სახით ისევ დიდი ინვესტიციებია ჩადებული, მაგრამ ნიკეის ინდექსმა 1991 წლიდან 1998 წლამდე 64 პროცენტით დაიწია.

ფინანსური კრახის გამო მთავრობამ დახმარების ფონდები შექმნა. 1998 წლის ბოლოს 514 მილიარდ დოლარიანი დახმარების ფონდი შეიქმნა. ეს ფონდები „დეპოზიტების დაზღვევის კორპორაციას” ზოგიერთი ბანკის სააქციო წილის შეძენასა და წარუმატებელი ბანკების ნაციონალიზაციაში, რეკონსტრუქციასა და ლიკვიდაციაში ეხმარება. თუ ბანკებს მთავრობასთან პარტნიორობა სურთ, სახელფასო თანხები უნდა შეკვეცონ, საზღვარგარეთის საწარმოები შეამცირონ და უიმედო ვალები ჩამოწერონ. მიუხედავად ამისა, იაპონიის საუკეთესო ბანკები დახმარების მიმღებთა რიგში ჩადგნენ. შესაძლოა მათ უკეთესი ბედი ეწიათ (ან შესაძლოა პირიქით მოხდა), ვიდრე „გრძელვადიანი კრედიტების ბანკსა” და „ნიპონის საკრედიტო ბანკს”, რომელთა ნაციონალიზაციაც 1998 წლის ბოლოს განხორციელდა.

დახმარებები კორპორაციებზეც ვრცელდებოდა. 1998 წლის ნოემბერში „ნისანმოტორსმა” სახელმწიფოკონტროლირებადი „იაპონიის განვითარების ბანკიდან” 833 მილიონი დოლარი სესხი მოითხოვა, ხოლო „მცირე ბიზნესის საფინანსო კორპორაციამ“ მცირე ბიზნესის სესხები 1997 წელს 15 პროცენტით გაზარდა, 1998 წელს კი 11 პროცენტით, რამაც 8,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მთავრობამ დახმარებების გაცემა თავის კორპორაციებზე სამხრეთაღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთ კორეაშიც სცადა, რომლებიც ეკონომიკური აღმასვლის პერიოდში წამოიჩიტნენ. ჯერ კიდევ 1997 წელს ინდონეზიაში გადაუხდელი უცხოური კორპორაციული ვალების 38 პროცენტი იაპონურ ბანკებს ეკუთვნოდა, რაც 58,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ტაილანდში იაპონური ბანკები 37,5 მილიარდი დოლარის ვალის მფლობელები იყვნენ იმ დროს, როდესაც ამერიკული ბანკები მხოლოდ 5 მილიარდ დოლარს ფლობდნენ. სამხრეთ კორეის საწარმოებმა იაპონიის ბანკებიდან 25 მილიარდი დოლარი ისესხეს. ამის გამო, იაპონიამ ტაილანდის, ინდონეზიის და სამხრეთ კორეის კორპორაციების საბანკო სესხების უზრუნველსაყოფად 20 მილიარდი დოლარი დახმარება გამოყო.

1990-იან წლებში იაპონიის ბანკმა რეფლაცია სცადა. დისკონტის დონემ, რომელიც 1991 წელს 6 პროცენტს შეადგენდა, 1997 წელს 0,5 პროცენტამდე დაიწია. მაგრამ ბანკებმა უარი თქვეს კრედიტის გაზრდაზე და, ამის ნაცვლად, ახალი თანხები უბრალოდ რეზერვებად შეინახეს უიმედო ვალების უზრუნველსაყოფად. რაკი იაპონიის ბანკმა საშინაო საკრედიტო ექსპანსია ვერ მოახერხა, საზღვარგარეთ იაპონური საბანკო კრედიტის გაზრდა იენის გაყიდვით სცადა. ინვესტორებმა დაბალ პროცენტად ისესხეს იენი და დოლარსა და სხვა ვალუტაში გადაცვალეს, რითაც საზღვარგარეთ მომგებიანი აქტივები შეიძინეს. ამან იენის ზეწოლა შეასუსტა და სტრატეგია მომგებიანი გამოდგა. იენით ვაჭრობა აქტიურად მიმდინარეობდა 1995 წლის შუა ხანებიდან 1998 წლის შუა ხანებამდე, როდესაც იენის კურსმა დოლართან მიმართებაში 83 პროცენტით დაიწია, მაგრამ 1998 წლის ივლისში იენის კურსმა ისევ აწევა დაიწყო, რასაც შედეგად ზარალი მოჰყვა და ვაჭრობა შეწყდა. კრედიტების სამწლიანი დიდი ექსპანსიის შემდეგ მისმა ასეთმა უეცარმა შეჩერებამ აზიაში ფინანსური კრიზისი გაამწვავა. აზიის ფინანსურმა კრიზისმა იაპონური ბანკები კიდევ უფრო მეტი უიმედო საგარეო ვალებით დაამძიმა. ამის გამო, 1998 წლის პირველ კვარტალში მათ უცხოური სესხები 244,3 მილიარდი დოლარით, ანუ 12 პროცენტით შეამცირეს. ეს შემცირება იმ დაღმავალი ტენდენციის დასასრული იყო, რომლის დროსაც ოდესაღაც გაბატონებულ იაპონურ ბანკებს გლობალური ბაზრის იგივე წილი დარჩათ, რაც 1980იან წლებში ჰქონდათ.

ასეთ არაჯანსაღ ვითარებაში ბანკებს უნარი არ შესწევთ, რომ ფინანსური შუამავლის ფუნქციები შეასრულონ. ნებისმიერი დამატებითი რეზერვი, რასაც ისინი შეიძენენ, კრედიტების გაზრდის ნაცვლად უიმედო ვალების გადასახდელად უნდა გამოიყენონ. 1995-1998 წლებში ბანკების ჩამოწერილმა უიმედო ვალებმა 300 მილიარდი დოლარი შეადგინა იმ დროს, როდესაც მათ 1997 წლის სექტემბრიდან 1998 წლის სექტემბრამდე 2,7 პროცენტით შეამცირეს სესხები. 1997 წლის მაისიდან 1998 წლის მაისამდე კი — 5,4 პროცენტით. ამიტომ, ფულადი ბაზრის უჩვეულო ზრდამ (10 პროცენტიანი ზრდა 1997 წლის შუა ხანებიდან 1998 წლის შუა ხანებამდე) ნაკლები გავლენა მოახდინა ფართო ფულად აგრეგატებზე, რაც მხოლოდ 3,5 პროცენტით გაიზარდა. კეინზიანელებს ტყუილად მიაჩნდათ, რომ იაპონიის ბანკის დასუსტება ლიკვიდურობას შეაჩერებდა. რეფლაციამ რომ საკრედიტო ექსპანსია ვერ მოახდინა, იმის გამო კი არ მოხდა, რომ ინვესტორებმა ფული დააგროვეს, რადგან საპროცენტო განაკვეთების ზრდას მოელიან, არამედ იმის გამო, რომ ბანკებს უზარმაზარი უიმედო ვალები აქვთ, რაც აიძულებთ კრედიტების გაზრდის ნაცვლად ნაღდი ფული შეინახონ. ამასთან ერთად, ინვესტიციების განხორციელებაში ბიზნესმენებს ცხოველი ინტერესის ნაკლებობა კი არ უშლით ხელს, არამედ მძიმე ვალები, ტვირთად აკიდებული ჭარბი, არასწორი კაპიტალდაბანდებები და კაპიტალური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის გაურკვეველი ბედი.

ყოველ შემთხვევაში, 1997 წელს „იაპონიის ბანკი” უკვე იმ კურსს მიჰყვებოდა, რაც მოგვიანებით, 1998 წლის შუა ხანებში, პოლ კრუგმანმაც ურჩიათ, ის ახლად ემიტირებული იენით, ბანკების გვერდის ავლით, უშუალოდ კერძო მფლობელებისგან იძენდა ობლიგაციებს. 1997 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის ოქტომბრამდე იაპონიის ბანკის მფლობელობაში არსებული კომერციული ქაღალდების ფასი ნულიდან 117 მილიარდ დოლარამდე ავიდა. დღეს „იაპონიის ბანკი” კომერციული ქაღალდების უდიდესი მფლობელია იაპონიაში – ის მთელი მარაგის ერთ მესამედს ფლობს. ფინანსთა სამინისტრომ და იაპონიის ბანკმა სახელმწიფო ობლიგაციებიც უშუალოდ კერძო მფლობელებისგან შეიძინეს, რაც ახლა იაპონიის ობლიგაციების 2,22 ტრილიონ დოლარიანი ბაზრის 53 პროცენტს შეადგენს, მაგრამ ბანკები მაინც პარალიზებულია და ეკონომიკა ისევ გაჩერებული.

ამას გარდა, ფრთხილმა მეანაბრეებმა თავიანთი თანხები ბანკებიდან საფოსტო დანაზოგების სისტემაში გადაიტანეს, რამაც მთავრობას ბანკების მოტყუების უფრო დიდი შესაძლებლობა მისცა. ბოლო წლებში ამ სისტემაში არსებული ფონდები წელიწადში 9 პროცენტით იზრდებოდა და დღეს მთავრობა 2 ტრილიონ დოლარს აკონტროლებს, რაც ბანკებში არსებულ მთელ დანაზოგებზე მეტი და იაპონიაში არსებული მთელი დანაზოგების ერთი მესამედია. გასაკვირი არ არის, რომ ბიუროკრატებმა ფონდები გაფლანგეს. მაგალითად, 1997 წელს მთავრობამ 5,3 მილიარდი დოლარი ტოკიოს ყურეში მაღალტექნოლოგიური გვირაბის მშენებლობაზე გადაისროლა, რომელიც, მთავრობისავე ხარჯთაღრიცხვით, 2038 წლამდე ზარალზე იქნება. ზარალიანი საწარმოების აგება დეპრესიის საშველი ვერ იქნება.

მთავრობის ხარჯები, დახმარებები და რეფლაცია მხოლოდ ეკონომიკური გამოცოცხლების დროს წარმოებული არასწორი ინვესტიციების მხარდაჭერას ემსახურება და კაპიტალური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის შეფერხებას იწვევს, არადა, საბაზრო ეკონომიკაში კაპიტალური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია გარდაუვალია, რადგან ის მომხმარებლის დაკმაყოფილებას ემსახურება. არასწორი ინვესტიციების სალიკვიდაციოდ ბაზარი ისეთ საშუალებებს იყენებს, როგორიც არის, მაგალითად, გაკოტრება, გაერთიანება, შესყიდვები, რესტრუქტურიზაცია და დეფლაცია. ბოლო ორი წლის მანძილზე ამ საშუალებებიდან ზოგიერთი გაიზარდა. 1998 წელს თვეში საშუალოდ 1600 შემთხვევა დაფიქსირდა, 1999 წელს კი შერწყმაშეძენამაც იმატა. აპრილის თვეში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეების მიერ შემოღებული ანტიტრასტული კანონმდებლობით დიდი ხნით შეჩერებული ჰოლდინგი კომპანიები აღდგა. 1998 წლის დასასრულს უცხოურ და იაპონურ ბანკებს შორის ალიანსი შედგა. შერწყმა ძირითადად მცირე და რეგიონულ ბანკებს შორის მოხდა, რომლებსაც დახმარების ფონდთან ხელი არ მიუწვდებოდათ, მაგრამ ბოლო თვეს მეგაგაერთიანებაც გამოცხადდა, რომელმაც სამი დიდი იაპონური ბანკი 1,3 ტრილიონი დოლარის აქტივების მქონე მსოფლიო დონის კონცერნად გააერთიანა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მათი შერწყმისთვის სუბსიდია გამოყო 8,7 მილიარდი დოლარის ზარალის აღმოსაფხვრელად, რომელიც სამივე ბანკმა გასული წლის მარტის ბოლომდე განიცადა, ახალ ბანკს ძირეული რესტრუქტურიზაცია და მუშახელის 17 პროცენტით შემცირება სჭირდება.

დაქირავებული თანამშრომლების დასათხოვნად რესტრუქტურიზაციის სხვა გეგმებიც არსებობს. კომპანიამ „NEC electric Co.” ამა წლის თებერვალში 11 600 მუშა დაითხოვა. საერთოდ, იაპონიაში 1998 წელს 480 000 სამუშაო ადგილი შემცირდა. ამასთან ერთად, მთელ იაპონიაში მუშებს იძულებულს ხდიან „საკუთარი სურვილით” ვადაზე ადრე გავიდნენ პენსიაზე ან კომპენსაციების შემცირებას დათანხმდნენ. შესაძლოა, მაგალითად, ასაკოვან მოხელეს შეშის დაჭრა დაავალონ.

ეკონომიკური გამოცოცხლების დროს, კაპიტალის მსგავსად, მუშახელიც არასწორად ნაწილდება და რეცესიის დროს ისევ ხელახლა უნდა გადანაწილდეს. კაპიტალი შედარებით სპეციფიკურია, მუშახელი კი არასპეციფიკური, ამიტომ, უფრო იოლად ეგუება სხვა სახის სამუშაოს. იაპონიაში ჭარბწარმოებამ 30 პროცენტს მიაღწია. განსაკუთრებით მწვავედ ისეთ სფეროებში იჩინა თავი, როგორიც არის ფოლადის წარმოება, ლითონდამუშავება, მშენებლობა, ავტომობილები, ნავთობი, სადაც აღმასვლის დროს არასწორი ინვესტიციების კონცენტრაცია მოხდა.

სამაგიეროდ, უმუშევრობა 1980-იანი წლების 2,5 პროცენტთან შედარებით მხოლოდ 4,9 პროცენტით გაიზარდა. იაპონური შრომის ბაზრის ელასტიურობა საბაზრო კომპენსაციის მოქნილობაზეა დამოკიდებული. პროფკავშირებს იმდენი ძალა არ შესწევს, რომ ბიზნესის ზარალის დროს ხელფასების შენარჩუნება შეძლოს, განსაკუთრებით, საშუალო და მცირე საწარმოებში. მართალია, ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილებას უმუშევრობისას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, მაგრამ მთავრობის მიერ იმ კომპანიებისთვის გამოყოფილი „დასაქმების დარეგულირების სუბსიდიები”, რომლებიც მუშებს „საჩვენებლად” უნარჩუნებენ ხელფასებს, უმუშევრობის სურათს ალამაზებს და ოფიციალური უმუშევრობის მაჩვენებლებს ამახინჯებს. ბანკისა და ბიზნესის დახმარებების მსგავსად, ეს სუბსიდიები წარმოების რეორგანიზაციას აფერხებს და დეპრესიას ახანგრძლივებს.

მიუხედავად იმისა, უმუშევრობის მაჩვენებლები დამახინჯებულია თუ არა, იაპონიის გამოცდილება აშკარად გვიჩვენებს, რომ დეპრესიის კეინზისეული ახსნა მცდარია. მაგალითად, კრუგმენი ამტკიცებს, რომ დეპრესია მაშინ იჩენს თავს, როდესაც საფონდო ბირჟა კრახს განიცდის და მოხმარება იკლებს. ეს კი წარმოებას ამცირებს და უმუშევრობას იწვევს, რის გამოც შემოსავალი მცირდება და მოხმარება კიდევ უფრო იკლებს და ა.შ. მაგრამ იაპონელ მუშებს უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლების შემცირება არ უნახავთ.

მცირე მოხმარებისა და ჭარბი დანაზოგების შესახებ კეინზისეული მოსაზრებების საპირისპიროდ, ბოლო ათწლეულების მანძილზე იაპონიაში დანაზოგების დონე კლებულობს, ასე იყო დეპრესიის დროსაც. წმინდა ოჯახური დანაზოგი 1997 წელს 13 პროცენტი იყო, 1998 წელს – 12,2 პროცენტი და მიმდინარე წელს კი – 11,5 პროცენტი.

მართალია, იაპონიის მთავრობა ზოგიერთ საბაზრო ძალებს თითქოსდა სრული მოქმედების უფლებას აძლევს, მაგრამ დეფლაციაზე ის მტკიცედ აცხადებს უარს. „იაპონიის ბანკი“ ამაოდ ცდილობს რეინფლაციას ბანკების მოტყუების გზით, რაც მთავრობის სიმტკიცეზე მიუთითებს. თუმცა, ეს პოლიტიკაც კეინზისეული ეკონომიკის ბუნდოვან ლოგიკაზეა აგებული, რომლის თანახმადაც, ფასების კლებას მთლიანი მოთხოვნის კლება იწვევს. და, როდესაც ფასების დაწევა არ ხერხდება, ზარალი წარმოიშობა, რაც წარმოების შემცირებას და უმუშევრობას იწვევს. მაგრამ დეპრესიის დროს ფულის დეფლაცია და კრედიტების შემცირება ეკონომიკური გამოცოცხლების დროს განხორციელებული არასწორი ინვესტიციების აუცილებელი ფინანსური ასპექტებია, რასაც ფულის დეფლაცია და საკრედიტო ექსპანსია იწვევს. ეკონომიკური რყევების ეპიცენტრი საბანკო სისტემაა. ვინაიდან არასწორი ინვესტიციებიც და არასწორი განაწილებაც ფულადი ინფლაციისა და საკრედიტო ექსპანსიის შედეგად დარღვეული მომგებიანობის პოლიტიკას მოსდევს, ფულადი დეფლაციისა და კრედიტის შემცირებით გამოწვეული ფასების კლება არასწორი ინვესტიციების და ხელახალი გადანაწილების გზით მოგებისა და ზარალის კორექტირებას ახდენს. ცენტრალური ბანკი ცდილობს ზარალი რეფლაციით გადაფაროს, რაც ხელს უშლის რეალიზაციას, ბანკების მუშაობის პარალიზებას იწვევს და სხვა ბაზრების სალიკვიდაციო ძალების მიმართ მთავრობის მოდუნებული ყურადღების დროს უარყოფითად მუშაობს.

დეფლაციის დროს საერთო მოთხოვნილების შემცირება კი არ იწვევს ზარალს, როგორც კეინზი მიიჩნევს, არამედ კონკრეტულ მოთხოვნილებათა, კონკრეტული საქონლის მომხმარებელთა და კონკრეტული წარმოების საშუალებების მეწარმეთა შეუსაბამობა წარმოების არსებულ ფასებთან წარმოების ისეთ სტრუქტურაში, სადაც არასწორი ინვესტიციები და არასწორი განაწილება ჭარბობს. ფასების კლებით გამოწვეული ზარალი ფასების ზრდის დაწყებისას მიღებული იმ უზარმაზარი მოგების საპირისპირო პროცესია, რომელიც მუშახელის ხელში კი არ გროვდება, არამედ კაპიტალის მფლობელთა ხელში, რადგან ყველა სახის წარმოებაში წარმოების საშუალებების ფასები შედარებით უფრო მცირდება (მიწის ფასები ნაკლებად) ვიდრე ხელფასები. სამომხმარებლო საქონელზე ფასები რომც იკლებდეს, საბაზრო ეკონომიკაში მოგების მიღების ან შენარჩუნების მიზნით წარმოების ღირებულება მცირდება. თუ მთავრობა კაპიტალის, მიწის და მუშახელის ფასებს გაზრდის, მაშინ ზარალი გაიყინება, გაჩნდება უქმი საწარმოები, უმუშევრობა, შეფერხდება ლიკვიდაცია და გადანაწილება.

მიუხედავად დეფლაციასთან დაკავშირებული მითქმამოთქმისა, იაპონიის ბანკი მილთონ ფრიდმენის რჩევას მიჰყვა და ფულის მარაგი იმდენად გაზარდა, რამდენიც საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ფასები არც გაზრდილიყო და არც შემცირებულიყო. 1991-98 წლებში იენის მარაგი წელიწადში 2,8 პროცენტით იზრდებოდა და სამომხმარებლო ფასის ინდექსი სტაბილური იყო. 1997 წლის დეკემბერში, როდესაც ფრიდმენმა ფულის ინფლაციის გაზრდა მოითხოვა, „იაპონიის ბანკი” უკვე ზრდიდა ფულის მასას, რომელიც 1994 წლიდან წელიწადში 3 პროცენტით იზრდებოდა, 1997 წელს 5 პროცენტით გაიზარდა და 1998 წელს 4 პროცენტით, რის შედეგადაც 1997 წელს მშპ 0,5 პროცენტით შემცირდა, 1998 წელს კვლავ 2,8 პროცენტით შემცირდა, მაგრამ 1996 წელს ფულის ინფლაციის უფრო ნაკლები კურსის ფონზე 5,4 პროცენტით გაიზარდა, 1995 წელს კი 2,5 პროცენტით. ამასთან ერთად, „იაპონიის ბანკის” 1990-იანი წლების პირველმა რეფლაციამ 1990 წლის დასაწყისიდან 1993 წლის დასასრულამდე სამომხმარებლო საქონლის ყოველწლიური 2,4 პროცენტიანი ზრდა გამოიწვია, რაც 1985 წლის დასაწყისიდან 1988 წლის დასასრულამდე დაფიქსირებული ეკონომიკური გამოცოცხლების ფასების ინფლაციასთან შედარებით სამჯერ მეტია. 1990იანი წლების დასაწყისში საბითუმო ფასები წელიწადში 0,8 პროცენტით მცირდებოდა იმ დროს, როდესაც 1980-იანი წლების დასასრულს წელიწადში 3,75 პროცენტით იკლებდა. თუ ამერიკის 1920-იანი წლების გამოცდილება არ კმარა, იაპონიის 1980იანი წლები კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ფასების სტაბილური მაჩვენებლები ფასების ზრდისა და კლების ციკლისთვის პანაცეას არ წარმოადგენს.

იმედი ვიქონიოთ, რომ იაპონიის კრიზისის გამოცდილება მაგალითად გამოგვადგება. ლუდვიგ ფონ მიზესი ჯერ კიდევ 1912 წელს ამბობდა: ცენტრალური ბანკის სავალუტო ინფლაციისა და საკრედიტო ექსპანსიის კეინზისეული სასწაული სიყალბეა და მას კრიზისი და დეპრესია მოსდევსო.

About these ads

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s