”იდეა პირველი”

იმდენჯერ მაქვს გადაკითხული ანდერსენის ზღაპრები ბავშვობაში რომ მაშინვე მომწყინდა და იმის მერე ზღაპრებს აღარც დავბრუნებივარ, შემდეგ იყო ის, რომ უნივერსიტეტში მითოლოგიას ვსწავლობდი და არც ეს მითები მომწონდა მაინცდამაინც, მიუხედავად მასში ჩადებული სააზროვნო კოდებისა, მოკლედ ჩემს მაგალითზე დავასკვენი რომ ზღაპრებით და მითებით რეალურ ცხოვრებაში ფონს ვერასოდეს გახვალ! არადა ბავშვობიდან ვხედავდი რომ ჩემი მშობლები რაღაც უჩვეულოდ ცხოვრობდნენ, ამას დაემატა ის დღე, რომელსაც ჩემთვის გაუცნობიერებელ პერიოდში, ”საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე” უწოდეს და ამ დღეს 82 წლის ბაბუა ცხარე ცრემლით ტიროდა. მაშინ დავიწყე ეჭვიანობა რომ მგონი ადამიანები მუდმივად გამოგონილ ზღაპრებში ცხოვრობდნენ, შემდგომ ამას უკვე ილუზიები ვუწოდე.

მოკლედ ეს ”უვერტიურა” იმიტომ დავწერე, მგონია, ძალიან გავს თვითოეული საქართველოს მოქალაქის ცხოვრების უკანასკნელ 18 წელს, ამის დასტური დღევანდელი მდგომარეობაცაა, ეს ისე ზერელედ ჯერჯერობით. ამ სტატიის დაწერის იდეა, ქართულ სააზროვნო ვებ-გვერდის აზრები.ჯის მუდმივი მიდევნების შემდეგ გამიჩნდა. ბოლო პერიოდის მოვლენების გამო გამოქვეყნებულ სტატიებზე დისკუსიებმა ”წრეზე ბრუნვის” სახე მიიღო, ყველა ვწერთ და ვკამათობთ რომ ხრამში ვართ როგორც სახელმწიფო და როგორც საზოგადოება, არადა უკვე დროა მიმოვიხედოთ მხოლოდ, რომ ეს დავინახოთ. დროა ამოსვლაზე ვიფიქროთ და ვიკამათოთ იმაზე, თუ როგორ ამოვძვრეთ.

პრობლემა პირველი: ინდივიდუალიზმის შეგრძნება თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქის აზროვნებაში, ფაქტიურად ნულის ტოლია (ხოლო მათ შორის ვისაც ეს ნულზე მაღლა აქვს უმეტესობას უკუღმა ესმის) რას ნიშნავს ეს? ჩვენი აზროვნება საუკუნეების მანძილზე მიეჩვია იმას რომ მის საკეთებელ საქმეს სხვა გააკეთებს, მაგრამ ეს სხვა ვინაა, ამაზე ფიქრი უკვე ზედმეტობად მიგვაჩნია. მაგ: სახელმწიფო რომელშიც ვცხოვრობდით. კომუნიზმის იდეამ საზოგადოება ბრბოდ აქცია, მეტი არც იყო საჭირო, ორუელის არ იყოს ”დიდი ძმის თვალი”, ჩვენს მაგივრად ყველაფერს ხედავს ესმის ე.ი. შესაბამისად ჩვენზე უკეთ იცის რა არის ჩვენთვის, თითოეულისთვის საჭირო. ამიტომ ნებისმიერი ამ სახელმწიფოს მოქალაქის აზროვნებაში ვერაფრით ჩაჯდა უმარტივესი ინდივიდუალიზმის პოსტულატებიც კი. მაგ: ნაგვის დაყრა ყველგან შეიძლება, საკუთარ სახლშიც კი… ”დიდი ძმა” მიხედავს ამ საქმეს, საკუთარი სახლის ექსტერიერზე ზრუნვაც რა ჩვენი საქმეა, ისევ ”დიდი ძმის” გემოვნებას დაველოდოთ. ერთმანეთზე პასუხისმგებლობის გადაბარებაში საერთოდ დიდოსტატის ტიტული გვეკუთვნის, (ამის მაგალითი პირადად მეც ვარ, ორი ძმა მყავს და ბავშობაში რაიმეს რომ დამავალებდნენ ბოლოს ჩემს პატარა ძმას უწევდა მისი გაკეთება, თან უკვე პირიქით)

პრობლემა მეორე: სოციალურობის შეგრძნება ანუ სახელმწიფოებრიობის (ეს ჩემის აზრით ერთმანთიდან ლოგიკურად გამომდინარეობს). აქ პრობლემები, ინდივიდუალიზმის ჩვენებური გაგებიდან გამოდის, სოციალიზმი მხოლოდ კონსტიტუციის დონეზე შევცვალეთ, იმის მაგიერ რომ აზროვნება შეგვეცვალა კონსტიტუციურად,  ჩვენთვის სახელმწიფო ისევე მეწველი ძროხის ან უარეს შემთხვევაში ისევ ”დიდი ძმის” მდგომარეობაში დავტოვეთ. არჩევნები ჩვენთვის ახალი ”გადამრჩენელების” შექმნა-მოძიების პროცესად აღიქმება (ჩვენთან არჩევნებს 99-89% იგებს ყველა, ერთი კაცივით უნდა მოვიქცეთ). ამიტომ მერე აღმოჩნდება, რომ ეს ჩვენი ”გადამრჩენელი ” ჩვენს მაგიერ ვერაფერს აკეთებს და თუ ეს დიდი დოზით დავინახეთ იარაღზე ხელსი გაკვრაც კი დაშვებულია, ვის ახსოვს კონსტიტუცია? ან მის შეცვლას რა უნდა…

პრობლემა ”უმთავრესი”: ეს პრობლემაა ყველაფრის თავი და თავი და დასმის თანამიმდევრობაც სოფისტურია, ასე, შედეგი მეტწილად პოზიტიურია. განათლება-აზროვნება. მიზეზიც და შედეგიც ჩვენი მდგომარეობის. განთლების სისტემა ჩვენთან ისეთი ცენტრალიზირებულია როგორც არაფერი სხვა ამ სახელმწიფოში. ყველამ ვიცით რომ სოციალისტურმა სისტემამ თავს მოგვახვია ისეთი განათლების სისტემა რომელიც ადამიანის პრიმიტივად ქცევას გულისხმობდა, სხვას ვერაფერს ვარქმევ სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების აბსოლიტურად იდენტური პროგრამებით ფუნქციონირებას, პრიმიტივიზმი და კვლავ პრიმიტივიზმი. ამ კუთხით არაფერი შეცვლილა ჩვენს სახელმწიფოში.

ასე და ამგვარად, პრობლემებზე საუბარი ჩემის მხრივ დამთავრებულია, ჩვენ ყელამდე ნაგავში ვართ და თან დიდ ორმოში. მე მინდა თეორიულად მოგაწოდოთ ჩემი აზრი გამოსავლის შესახებ.

ლიბერალური-დემოკრატია – ძალიან ნაცნობი, სასურველი იდეოლოგია, რომლის შესახებ უკანასკნელ სოფელშიც კი იცის დიდმა თუ პატარამ, ჩვენ უკვე მივემართებით ამ იდეოლოგიის მწვერვალებისკენ, შეცდომებით, მაგრამ მაინც. პოზიცია-ოპოზიცია ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ უფრო ხშირად გამოიყენებს ამ ტერმინს საკუთარი მიზნების დასასაბუთებლად. ჩვენ ხომ უკვე შევდექით ამ იდეოლოგიის პლატფორმაზე.

მე არ ვაპირებ ამჯერად, იმგვარად ჩამოყალიბებას იმის, თუ რამდენად ზღაპრული და ილუზორულია  საქართველოს სახელმწიფოს ამ იდეოლოგიის პრინციპებით ცხოვრების რეალურობა. ვფიქრობ უპრიანი იქნება თუ ამ იდეოლოგიის თეორიული პრინციპების შესაბამისად შევეცდები მოკლედ, მაგრამ საფუძვლიანდ გითხრათ ჩემი აზრი ლიბერალურ-დემოკრატიული საქართველოს შესახებ. (განსჯის საგანიც ეს იყოს, იქნებ და განხილულ პოსტუალეტებს უკვე აკმაყოფილებს საქართველოს სახელმწიფოს და მასში არსებული საზოგადოების განვითარების წესები?)

ლიბერალური-დემოკრატიის სახესხვაობებზე, კოცეფციურ განვითარების ისტორიულ გზის აღწერას არ დავიწყებ რადგან სტატია თეორიის გარშემო სააზროვნო დისკურსის შექმნისთვის არ დამიწერია. ამიტომ ყველა არსებული კონცეფციიდან იმ საერთო პოსტულატებს მოგაწვდით რომელიც საერთოა:

ინდივიდუალური თავისუფლება და პასუხისმგებლობა;

ინდივიდუალურ თავისუფლებაში ვგულისხმობთ, რომ ადამიანი თავისუფალია დაისახოს მიზნები და აირჩიოს მათი განხორციელების გზები, ამავდროულად არავის არ აქვს უფლება უნებართვოდ ჩაერიოს სხვა ადამიანის ცხოვრებასა და საქმიანობაში. ამავდროულად ადამიანი პასუხს აგებს საკუთარ ქმედებებზე და იღებს დაკმაყოფილებას წარმატებებზე და იხდის საზღაურს შეცდომებზე. (სამწუხაროდ ჩვენს სახელმწიფოში  ყველას სურს თავისუფლება, პრეზიდენტობა, მილიონერობა, მასხიობობა და ა.შ. მაგრამ პასუხისმგებლობა მხოლოდ ”კოლექტიური”შეიძლება იყოს! საკმარისია გავიხსენოთ ნებისმიერი პროფილის საზოგადო მოღვაწის გამოსვლები და ნათელია რას ნიშნავს ჩვენთვის პასუხისმგებლობა, აქედან გამომდინარე მე მგონი ზედმეტია ამ კუთხით საქართველოში ლიბერალიზმის არსებობაზე ლაპარაკი, ეხლა ან მომავალში).

კერძო საკუთრება;

კერძო საკუთრების გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის არსებობაზე ვილაპარაკოთ ან წარმოვიდგინოთ სახელმწიფო რომელსაც განვითარების პერსპექტივა აქვს. (საქართველოში მდინარეები, ტბები, ტყეები, გზები, რკინიგზა, წყალი ”ჩვენი” საკუთრებაა და რა დღეშიცაა ვხედავთ, მთავრობას კი, რაც უკვე კერძო საკუთრებაშია, მისი მიკუთვნებულობის გადაწყვეტაც საკუთარი პრეროგატივა გონია, ხოლო ოპოზიციას ერთი სული აქვს რომ მის ადგილას მოვიდეს და ეს პრეროგატივა ხელში ჩაიგდოს. ნებისმიერ მათ გამოსვლებში ამის მეტს ვერაფერს მოსიმენთ, რადგან ხალხს მოსწონს მდინარეები, ტბები, ტყეები და ა.შ. ხომ ”ჩვენია”. ლიბერალიზმი?)

ეკონომიკური თავისუფლება და საბაზრო ეკონომიკა;

ადამიანის მოქმედება მთლიანად ემყარება მისთვის საჭირო სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვას, ამას კი აღწევს მაშინ როდესაც ის თავად განკარგავს საკუთარ თავს, შრომას, ნიჭს, შესაძლებლობებს და ყველა მის რესურსს. ყველა რესურსის მაქსიმალურად გამოყენებას ის ახერხებს მხოლოდ შრომის ისეთი დანაწილების სისტემაში რომელიც დაფუძნებულია წარმოების საშუალებების კერძო საკუთრებაზე. (ყველა გარე მოვაჭრეს, ტაქსის მძღოლს, რიგით მშენებელს თავი უმუშევარი ჰგონია, სახელმწიფო როგორ არ უხდის იმაზე მეტს ვიდრე ისინი საკუთარი შესაძლებლობებით შოულობენ, მეორეს მხრივ სახელმწიფოს მთელი რიგი მაკოორდინერებელი, მაკონტროლებელი კომისიების დასტა აქვს შექმნილი, საბაჟოზე რამე რომ არ შემოეპაროთ და ეს ხალხიც უკეთესად აკონტროლონ, ლიბერალიზმი?)

აზრის, სიტყვის და ინფორმაციის გაცვლის თავისუფლება;

სრულად გამოხატავს იმ უმთავრეს პრინციპს რასაც თავად ეს სიტყვები გულისხმობს. (ამ კუთხით სიტუაცია კომიკურს უფრო გავს ვიდრე პრობლემატურს, ”მეტისმეტად განათლებული” ჟურნალისტები და მათგან დაბოლებული ხალხი პრობლემებზე ლაპარაკობს, რომლებიც ამ სფეროების შეზღუდვის გამო შეიქმნა, ხოლო ყველას რომ ყველაფერის თქმის, დაწერის უფლება აქვს ოღონდ ზემოთთქმულის გათვალისწინების გარეშე, უკვე არ აინტერესებთ, რადგან არ იციან ან უარესი, აწყობთ. ლიბერალიზმი?)

განათლება;

განათლების სისტემა როგორც ასეთი საერთოდ ილუზორული თემაა, თუ მას იძულებით არ მოგვახვევს ”ვინმე” თავს. ადამიანი თავად განსაზღვრავს განათლების მიღების ფორმებს და წესებს. (ლიბერალიზმი??????)

თანასწორუფლებიანობა და სამართლიანობა;

თანასწორუფლებიანობა განსხვავებით სოციალისტურისგან, გულისხმობს არა შედეგების ხელმისაწვდომობას, არამედ შესაძლებლობების. სამართლიანობის გარეშე ეს წარმოუდგენელია იმდენად, რამდენადაც ყველას მოღვაწეობის შედეგები დამოკიდებულია შესაძლებლობების გამოყენების მაქსიმალიზაციასთან, ანუ სამართლიანობა თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული. (ყველა მოქალაქეს ჰგონია რომ შეუძლია იყოს პრეზიდენტი და ყოველთვის უკმაყოფილოა, რატომ არაა აქამდე და ამის მერეც კი რჩება ეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. ლიბერალიზმი?)

კანონის უზენაესობა;

კანონის უზენაესობა ნიშნავს ყველა ამ ჩამოთვლილი უფლების მხოლოდ და მხოლოდ დაცვას და არა კარნახს თუ როგორ უნდა შესრულდეს ყველა ეს უფლება ადამიანის მიერ. (როცა ქვეყანაში კანონისადმი მორჩილებაც კი ვერტიკალურია და ბოლოში პრეზიდენტს უკვე თავი ლუდოვიკო 14 ჰგონია, კანონთან მიმართებაში მგონი ლაპარაკიც ზედმეტია. ლიბერალიზმი?)

ხელისუფლება და დემოკრატია.

ხელისუფლება საჭიროა იმდენად და მხოლოდ მაშინ, რამდენადაც და როდესაც ის ახერხებს, რომ დაიცვას ადამიანების სიცოცხლე, საკუთრება და ყველა ეს უფლება. შეაბამისად ყველა სხვა პრეროგატივა სახელწიფოს ხელში უკვე ძალადობრივი და ზედმეტია. (18 წლის მანძილზე ყველანაირი გზით შეიცვალა (შევცვალეთ) ხელისუფლება ჩვენთან, გარდა ერთის, დემოკრატიულის. ლიბერალიზმი?… სასაცილოა)

იდეა პირველი:

ყოველგვარი ზედმეტი პრეტენზიების გარეშე უნდა ვისწავლოთ ლიბერალიზმი და დემოკრატია დარჩენილ 2013 წლამდე. ეს გულისხმობს რომ ამ წლების მანძილზე ჩვენი აზროვნება უნდა გადავიტანოთ გამოსავლის ძიების დისკურსში. დღევანდელი სიტუაცია უკან დაბრუნებას ნიშნავს, თითოეული პოლიტიკოსის გამოსვლებსა და გეგმებზე ადეკვატური რეაქცია უნდა გვქონდეს, არა მარტო პოლიტიკოსების, ნებისმიერი ადამიანის აზრი რომელსაც აქვს საშუალება სხვა ადამიანის ყურამდე მისვლის უნდა იყოს ”მხილებული” თუ ის ”დაბოლებას” ემსახურება. ადამიანების ეს ჯგუფი ან გააზრებულად ცდილობს, რომ ადამიანებისთვის ლიბერალიზმის პრინციპები ისეთივე შორეულად დარჩეს როგორც ეხლაა ან ისევე ზღაპრებით გავიდნენ ფონს. უნდა გვქონდეს პრეტენზია რომ შეგვიძლია სხვაგვარად აზროვნება. მაგ: 9 აპრილის ე.წ. შემოქმედებს საშუალება არ უნდა ჰქონდეთ ასე ურცხვად დაგვაბრუნონ 5 ან უარეს შემთხვევაში 17 წლით უკან. ამასთან არც დღევანდელ ხელისუფლებას უნდა მივცეთ საშუალება კიდევ უფრო მეტად შეაფერხონ ამ სახელმწიფოს განვითარება მხოლოდ იმით რომ ადამიანებამდე ასე კარგად მოახერხონ ლიბერალიზმის იდეების დაბლოკვა და მხოლოდ ”ფრთიანი ფრაზებით” მოიწონონ თავი.

ეს ყველაფერი ნამდვილად ზედაპირულ და ლოზუნგური მსჯელობის სახეს ატარებს. მართლაც, მაგრამ მე მინდა რომ ეს უბრალოდ გვახსოვდეს ასეთი ფორმით. რადგან ამ ქვეყანაში ყველა ”გადამრჩენელს” ეძებს. კიდევ იმიტომ რომ დისკუსიის წარმოშობას შეუწყოს ხელი. ასე ყველას გაგვიჩნდება სურვილი გამოსავლის ძიების.

მაშ ასე, ესეც ”იდეა პირველი”: სახელმწიფოს მოწყობა – სრული დეცენტრალიზაცია რეგიონული მართვასთან მიმართებაში, ეკონომიკური ავტონომიების მინიჭების თვალსაზრისით(აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს პოლიტიკურიც). ეს გულისხმობს ეკონომიკურ ფედერალიზმს და აბსოლიტურად ჰორიზონტალურ ხელისუფლებას, როგორც ფედერალურს ისე რეგიონულს, ბიუჯეტის დეცენტრალიზაცია საშუალებას მისცემს მოსახლეობას უფრო ახლოდან აკონტროლოს მათ მიერვე გადახდილი გადასახადები. რეგიონული არჩევნები ასევე იქნება გარანტი  პოლიტიკური სპექტრის მობილიზების და პასუხისმგებლობის აღების რეალურ პრობლემებზე (და არა ასე: მთავარია ხმამაღლა იყვირო და მერე დაიმალო). მოკლედ, კახეთის ეკონომიკური მთავრობის უფრო მეტი კონტროლის საშუალება ექნება ხალხს კახეთში, ვიდრე ეხლა თბილისში გამოკეტილი და ხუთგზის ბლოკპოსტებით დაცული სამინისტროების.  ფედერალური ბიუჯეტი იქნება მხოლოდ არმიის, პოლიციის და ფედერალური მთავრობის შენახვისთვის საჭირო. ფედერალური მთავრობა უნდა იყოს მაქსიმალურად შეზღუდული და მცირე. რეგიონალურ მმართველობაში ჩარევის უფლების გარეშე, რადგან რეგიონული მთავრობები მხოლოდ რეგიონული ეკონომიკის სტრუქტურიზებით იქნებიან დაკავებული. შესაბამისად რეგიონებში რაიმენაირი პოლიტიკური სეპარატიზმი გამორიცხულია დასაწყისშივე. სამაგიეროდ ადამიანებს უჩნდებათ შეგრძნება და საშუალება რომ საკუთარ პრობლემებს თავადვე აგვარებენ. შედეგი ამ ყველაფრის არის არა თავკომბალა მთავრობა, არა თავკომბალა სახელმწიფო, სადაც ყველა თბილისში მორბის აქციების მოსაწყობად და რეალურად, უკან სახლებში მხოლოდ იმედით ბრუნდებიან, ხელში კი ახალი თავკომბალა მთავრობა რჩებათ.

ეკონომიკა – აბსოლიტური თავისუფლება, კერძო სექტორის, იმპორტ, ექსპორტის. გადასახადების დეცენტრალიზაცია, 100% პრივატიზება რათა ამ სახელმწიფოში ყველაფერს პატრონი გამოუჩნდეს, (ეკონომიკური მოწყობას ბევრი რეფორმა არ სჭირდება, თავისუფალი ეკონომიკა თავად მიხედავს თავს)

სასამართლო ხელისუფლება – ასევე მოკლეა მისი განსაზღვრება, კონსტიტუციას დამყარებული 100% ხელისუფლება რომლის გადაწყვეტილებების პრეზიდენტსაც ისევე შეეშინდება როგორც საზღვარგარეთ დროებით გასულ მოქალაქეს.

განათლება – უმთავრესი ფაქტორი ყველაფერი ზემოთ აღნიშნულის წარმატებით განხორციელებისთვის, განათლების სამინისტრო სახელმწიფოში აბსოლიტურად არა საჭირო დაწესებულებაა, ყოველი საგანმანათლებლო ორგანიზაცია თავად უნდა შეიმუშავებდეს საკუთარ სისტემას და შესაბამისად თითოეულ ადამიანსაც მეტი შანსი უჩნდება რაც შეიძლება მისთვის საჭირო განათლება მიიღოს. დღეისათვის კი აუცილებელია ლიბერალიზმის საფუძვლები სკოლაშივე ისწავლებოდეს, ამ ეტაპზე. იქნებ ამის მერე მაინც მივხვდეთ რომ ”რუსთაველ ავენიუ”-ზე ფანატიკური შეკრებებით ქვეყანას იოტისოდენადაც ვერ ვუშველით.

ასე და ამგვარად სიტყვა გამოიგრძელდა…. სიმართლე გითხრათ ეს ყველაფერი მაინც ზედაპირულად გამოვიდა და სხვა რამეზე არც მქონდა პრეტენზია გარდა ერთის, იქნებ ასე მაინც დავიწყოთ ფიქრი პერსპექტივებზე რადგან აქ ძალიან ბევრი საკამათო საკითხია წამოწეული.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s