კაჩინსკის არშემდგარი ქართული მისია

    left
    ერთი წელი საქართველოსა და რუსეთის კონფლიქტიდან
    8 აგვისტო, 2009 წელი 12:41

    კაჩინსკის არშემდგარი ქართული მისია

    ეს უნდა ყოფილიყო მშვიდი დასვენება იურაჩიეში. ძმასთან და ცოლთან ერთად. ლეხ კაჩინსკის უყვარს დახურულ სამთავრობო რეზიდენციაში ყოფნა, რომელსაც საკუთარი ტყე, პლაჟი და კოშკი აქვს. მაგრამ 7 აგვისტოს ღამეს იურატში დარეკა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა… ერთი წლის შემდეგ „DZIENNIK” აღადგენს მოვლენებს.

    სააკაშვილს არ ჰქონდა კარგი ახალი ამბები. ჩვენს პრეზიდენტს უთხრა, რომ ქართული სოფლები იბომბებოდა და რუსები რაღაც დიდი ოპერაციისთვის ემზადებოდნენ. კაჩინსკიმ მას უპასუხა, რომ რაიმე სისულელე არ ჩაედინა და პროვოკაციას არ წამოგებოდა. საუბარი დაუშიფრავი ტელეფონით საკმაოდ ბუნდოვნად მიმდინარეობდა. ისმინებოდა? „გამიკვირდებოდა რომ ასე არ ყოფილიყო“ – გვიპასუხა პრეზიდენტის მინისტრმა. როდესაც კონფლიქტი უკვე დაიწყო, სასახლეში საუბარი დასრულებული იყო. სააკაშვილი კაჩინსკის თავის შიშებს უზიარებდა, თუ ცდილობდა ფსიქოლოგიურად შეემზადებია მომავალი ომისთვის, რომელსაც გეგმავდა?
    საქართველოში უკვე რამდენიმე კვირაა დაძაბული სიტუაციაა. 15 ივლისიდან მიმდინარეობდა რუსული სამხედრო მანევრები კავკასია 2008. წვრთნებში მონაწილეობას იღებდნენ სამხედრო ნაწილები, რომლეთაც ჩეჩნეთში ბრძოლის გამოცდილება ჰქონდათ. როგორც ქართული წყარო გადმოსცემდა – წვრთნების დასრულების შემდეგ ნაწილები დისლოკაციის ადგილზე კი არ დააბრუნეს, არამედ დატოვეს ჩრდილო ოსეთის ბაზებზე. ქართველები ვალში არ დარჩენილან. ისინი ძალების კონცენტრირებას ახდენდნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, გორის მისადგომებთან გამოჩნდნენ ჰაუბიცები „დანა“ და სარაკეტო დანადგარი BM-21 გრადი (მოდერნიზებული კატიუშა).
    სიტუაცია ფეთქებად საშიში გახდა ღამით 6-დან 7 აგვისტოსთვის. უცნობია პირველმა ვინ დაიწყო სროლა. ფაქტია, რომ 7 აგვისტოს შუაღამისთვის საარტილერიო ჭურვები და ყუმბარები ცვიოდა ქართულ სოფლებში. დილით მსხვილკალიბრიანი იარაღით დაიცხრილა სოფ. ავნევისა და ნულის მიმდებარე მაღლობებზე მდებარე ქართული პოზიციები. დაიღუპა ქართული სამშვიდობო ძალების მოსამსახურე და რამდენიმე დაიჭრა. რა თქმა უნდა ქართველებმაც გაუხსნეს საპასუხო ცეცხლი ოსურ პოზიციებს. – წლის დასაწყისიდან ქართველები აგრესიულობას იჩენდნენ, თითქოს ჩვენი პროვოცირება უნდოდათ საომრად – იხსენებდა „DZIENNIK”-თან საუბარში კოსტა კოჩიევი, სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელის ედუარდ კოკოითის, ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი. – მათმა ჯარებმა ცხინვალის ირგვლივ მდებარე მაღლობები დაიკავეს, მათი სნაიპერები მუდმივად ისროდნენ, რის შედეგადაც ჩვენი ხალხი იღუპებოდა. ქალაქი ალყაში იყო, ხოლო არმიას თავდასხმისთვის საუკეთესო პოზიციები ეკავა. ამაზე რეაგირება უნდა მოგვეხდინა.
    right
    მიმდინარეობდა მწვავე ორმხრივი ცეცხლი, მაგრამ იმ რეგიონში ეს პირველად არ ხდებოდა. ქართველები სერიოზულად შეშფოთდნენ მას შემდეგ, რაც რუსეთის საზღვართან მყოფი ოსი სამხედროების საუბრის რამდენიმე ჩანაწერი ჩაიგდეს ხელთ.
    ერთ-ერთი ამ ჩანაწერთაგანი:
    „მესაზღვრე: რუსული შენაერთები გვირაბის მეორე მხარეს არიან. გვირაბი სავსეა ტანკებით, სატვირთო მანქანა გაზ-66 და ხალხით.
    შტაბის ოფიცერი: ძალიან კარგი“.
    როკის გვირაბი ერთადერთი დამაკავშირებელი გზაა სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის. გამოცანად რჩება, თუ რატომ არ გაანადურეს 3.5 კმ ნახევრიანი გვირაბი, რომლის გავლითაც რუსებმა მძიმე ამუნიცია შემოიტანეს, რომელთა მეშვეობითაც სწრაფად დაამარცხეს მოწინააღმდეგე. პოლონელი გენერალი: – უკვე ომის შემდეგ გავაანალიზეთ ეს გადამწყვეტი მომენტი. ჩვენი აზრით 7 აგვისტოს ქართველებს არ შეეძლოთ როკის გვირაბის განადგურება, რადგან ტერიტორია უკვე დაკავებული ჰქონდათ რუსულ სამხედრო შენაერთებს.
    მსგავსი მოსაზრება გამოთქვა კოჩიევმა: – ქართველები ფიქრობდნენ, რომ ლტოლვილთა ნაკადი ჩაკეტავდა ვიწრო გზას და ჯარი მაინც ვერ შეძლებდა სამხრეთით გადაადგილებას.
    „ეს მთავარი კითხვაა“ – განუცხადა ჟურნალისტებს თემურ იაკობაშვილმა, საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრმა, პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირი. – სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ამ გვირაბის განადგურება ძალიან რთული საქმეა. ამის გასაკეთებლად არც დრო გვქონდა და არც შესაბამისი აღჭურვილობა.
    სააკაშვილთან 7 აგვისტოს ღამის საუბრის შემდეგ კაჩინსკი დარწმუნებული იყო, რომ ომის დაწყება ბეწვზე ეკიდა. პრეზიდენტმა უახლოეს გარემოცვას აცნობა, რომ წყვეტს დასვენებას და ბრუნდება ვარშავაში. მართალიც აღმოჩნდა, რამდენიმე საათში ომიც დაიწყო.
    ჯერ კიდევ იურატში სატელოფონო საუბრამდე სააკაშვილი მთელი დღე მოუსვენრად იყო. თემურ იაკობაშვილს ცხინვალში წასვლა უბრძანა. მინისტრი ოსეთის დედაქალაქში შეხვდა გენერალ მურატ კულახმეტოვს, სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალს. ჰკითხა მას, თუ რა ხდებოდა? რუსები რატომ აძლევდნენ ოსებს ცეცხლის გახსნის უფლებას ქართული საგუშაგოების მიმართულებით? პასუხად მიიღო, რომ „სეპარატისტები კონტროლს აღარ ექვემდებარებოდნენ“.
    „ქალაქი ცარიელი იყო. ქუჩაში არ ჩანდა არც ხალხი და არც მანქანები“ – გვითხრა იაკობაშვილმა. „კულახმეტოვი შეეცადა ტელეფონით დაკავშირებოდა ოს ოფიციოზებს, მაგრამ არავინ პასუხობდა“.
    ქართველებმა კულახმეტოვის რჩევით ცალმხრივად შეწყვიტეს ცეცხლი. საღამოს, ტელევიზიით გამოვიდა სააკაშვილი მშვიდობის მხარდაჭერის მოწოდებით: „მიყვარს ოსი ერი, როგორც პრეზიდენტს და როგორც მოქალაქეს. გთხოვთ ცეცხლის შეწყვეტას. გაძლევთ დიალოგის და მშვიდობის შანსს“.
    თუმცა ყველაფერი სხვაგვარი სცენარით წარიმართა. ქართულ მხარეზე დაყრდნობით, ოსურმა მხარემ არა თუ შეწყვიტა ცეცხლი, არამედ დაიწყო სხვა სოფლების დაცხრილვა. ოსები იხსენებენ, რომ სააკაშვილმა – შერიგების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში – ჯარს შეტევაზე გადასვლა უბრძანა.
    ნამდვილად, გვიან ღამით სააკაშვილმა სამი ბრძანება გასცა სამხედროებისადმი: შეეჩერებინათ ცხინვალისკენ მიმავალი რუსული ტანკები, საცეცხლე წერტილების გაუვნებელყობა, საიდანაც იცხრილებოდა ქართული სოფლები, მინიმუმამდე შეემცირებინათ დანაკარგები სამოქალაქო მოსახლეობაში.
    საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ტელეფონით დაუკავშირდა გენერალ კულახმეტოვს და აცნობა, რომ საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავის კაბინეტში მიიწვია რამდენიმე ჟურნალისტი, ისინი ამ საუბრის მოწმენი იყვნენ.
    „ყველაფერი ნათელია… კარგი, თქვენი ნებაა“ – უპასუხა კულახმეტოვმა.
    ნამდვილი ომი დაიწყო, როდესაც ქართულმა არტილერიამ ცეცხლი გაუხსნა სოფ. ხეთაგუროვოსა და ცხინვალის უბან ვერხნი გარადოკს, სადაც – რუსი სამშვიდობოების ბარაკების ახლოს – კონცენტრირებულნი იყვნენ ოსური ძალები.
    ქართველებმა სწრაფად დაიკავეს ცხინვალის გარეუბნები, მომდევნო დღისთვის თითქმის მთელ ქალაქს აკონტროლებდნენ. რუსეთის საჰაერო ძალებმა განიცადეს პირველი დანაკარგები – ომის დასაწყისში ჩამოგდებულ იქნა, სხვადასხვა ინფორმაციით, ორიდან ოთხამდე საბრძოლო თვითმფრინავი.
    „ამ მოვლენებმა შოკში ჩააგდო რუსეთის საჰაერო ძალების შტაბი“ – წერდა ჟურნალ „ბელონა“-თვის ანალიზში პოდპოლკოვნიკი ადამ რადომისკი ეროვნული თავდაცვის აკადემიიდან. მისი აზრით რუს პილოტებს არ ჰქონდათ ინფორმაცია საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შეიარაღბის განლაგებაზე.
    თავიდან ქართველთათვის ყველაფერი კარგად მიდიოდა. თუმცა რუსებმა და ოსურმა ძალებმა თავი მოიყარეს ცხინვალიდან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯავაში.
    ქართველთა შეტევა საუკეთესოდ ვითარდებოდა, მაგრამ ლეხ კაჩინსკიმ 8 აგვისტოს, ჯერ კიდევ იურაჩიეში, თავის კანცელარიას რეკომენდაცია მისცა გამოექვეყნებინათ მწვავე განცხადება: „პრეზიდენტის აზრით დაუშვებელია ყოველგვარი ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში“.
    მომდევნო დღეს, 9 აგვისტოს, შუადღემდე, გდანსკის აეროპორტში ლეხ კაჩინსკი შეხვდა პრემიერ ტუსკს. აცნობა მას, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პრეზიდენტებთან ერთად განზრახული აქვს საქართველოს მხარდამჭერი განცხადების გაკეთება.
    „შეიძლება თბილისში გაფრენაც მოგიწიოს“ – უთხრა ტუსკმა.
    „პრემიერი პრეზიდენტთან საქართველოზე საუბრობდა, თუმცა შეძლებისდაგვარად ჟურნალისტებს საყვედურობდა“ – თქვა ერთ-ერთმა მინისტრმა. „გაბრაზებული იყო გაზეთ „DZIENNIK“-ზე, რომელმაც გამოაქვეყნა სტატია ერთ-ერთ აღმასრულებელ ხელმძღვანელზე, თუ როგორ თამაშობდა იგი ფეხბურთს თავის თანამშრომლებთან ერთად“
    9 აგვისტოს დილიდან პრეზიდენტის თანამშრომლები ტელეფონებზე იყვნენ დაკიდებულნი. ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკოსებთან ათანხმებდნენ პროქართული პოლიტიკური დეკლარაციის ტექსტს. განცხადება ძალზედ მწვავე სიტყვებს შეიცავდა: „ევროკავშირმა და NATO-მ უნდა გამოიჩინონ ინიციატივა და შეეწინააღმდეგონ იმპერიალისტური და რევიზიონისტული პოლიტიკის გავრცელებას ევროპის აღმოსავლეთში“.
    კაჩინსკის ხალხი ცდილობდა, რომ დოკუმენტს თან დართვოდა ჩეხეთის პრეზიდენტის ვაცლავ კლაუსის ხელმოწერაც. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ლადისლავ მრავცესთან, ჩეხეთის მეთაურის კანცელარიიდან. მაგრამ კლაუსმა უარი თქვა ისეთ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე, რომელიც მწვავედ უტევდა კრემლს.
    აღმოსავლეთ ევროპის ხმა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ კაჩინსკის სურდა, რომ თბილისისთვის მხარი დასავლეთის ქვეყნებსაც დაეჭირათ. ამისთვის იგი ნიკოლა სარკოზის დარწმუნებას შეეცადა. ეს დიდი წარმატება იქნებოდა, რადგან 2008 წლის აგვისტოში ევროკავშირის პრეზიდენტობა ფრანგთა ხელთ იყო. 10 აგვისტოს ესაუბრნენ კიდეც ტელეფონით ერთმანეთს. თუმცა მალევე გამოჩნდა, რომ საკმაოდ განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. მიმდინარე შეხვედრებზე შევიტყვეთ ლეხ კაჩინსკის თანამშრომლის წყალობით: „პოლონეთის პრეზიდენტი ყურმილში ამბობდა, რომ ქართველები უნდა დავიცვათ. ამტკიცებდა, რომ კავშირი ვალდებულია კავკასიაში გააგზავნოს სამშვიდობო ძალები. თუმცა სარკოზიმ მტკიცედ უპასუხა, რომ ყველაფერ ამაში სააკაშვილია დამნაშავე, რადგან მან დაიწყო სროლა“.
    „კაჩინსკი შეეპასუხა, რომ ახლა შესაფერისი დრო არ არის იმის გამოსარკვევად, თუ ვისი ბრალია ყოველივე ეს. ეს თავისას ამბობდა, ის თავისას“ – გვითხრა ჩვენმა ინფორმატორმა
    პოლონეთის პრეზიდენტი არ ნებდებოდა: „საქართველოს თუ დავკარგავთ, დავკარგავთ მთელს რეგიონს“.
    სარკოზის თითქოს არც ესმოდა: „ნუ ნერვიულობ. მე თვითონ მოვაგვარებ ყველაფერს. სააკაშვილი დამნაშავეა. მან გამოიწვია რუსეთის ამგვარი რეაქცია“.
    „საუბარი დაძაბულად მიმდინარეობდა. სარკოზი არწმუნებდა კაჩინსკის, რომ ის კონფლიქტში არ ჩარეულიყო. კაჩინსკი შიშობდა, რომ ფრანგები და გერმანელები, ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები ევროკავშირში, მორიგდებდნენ რუსეთთან და დათმობდნენ ჩვენი მოკავშირის ინტერესებს“ – თქვა ინფორმატორმა სასახლიდან
    ამ დროისთვის ომში გარდატეხა მოხდა. 9 აგვისტოს რუსებმა წამოიწყეს მასიური კონტრშეტევა. აღმოჩნდა, რომ ქართულ არმიას ძალა არ შესწევდა შეწინააღმდეგებოდა რუსებს. უკვე შუადღისთვის მათი არმია გამოძევებულ იქნა ცხინვალიდან. ამავდროულად რუსეთის შტაბის წარმომადგენლები სხვა მიმართულებებიდან ამზადებდნენ დარტყმას. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მიუახლოვდა ქართულ საპორტო ქალაქ ფოთს. მეორე აჯანყებული რეგიონის – აფხაზეთის – ავტორიტეტებმა გამოაცხადეს სამხედრო ოპერაციის დაწყება საქართველოს წინააღმდეგ. დაღესტანში თავს იყრიდა ჯარი, რომელიც მზად იყო დაერტყა ჩრდილო აღმოსავლეთიდან. იმ დღეს რუსებმა პირველად გამოიყენეს ბრძოლაში სტრატეგიული ბომბდამშენი. ათი Tu-22M3 სისტემატურად უტევდა სამხედრო ბაზებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა არაეფექტური იყო მათ წინააღმდეგ, რადგან საჰაერო თავდასხმები მაღალი სიზუსტით სრულდებოდა.
    მომდევნო დილით კიდევ უფრო ცუდი ამბები მოვიდა. 300 ტანკმა და დამატებით 10 ათასმა ჯარისკაცმა გამოიარა როკის გვირაბი. ქართველები იძულებულნი გახდნენ ცხინვალი დაეტოვებინათ. შუადღისთვის რუსებმა 4000 მედესანტე გადმოსხეს ქართულ სანაპიროზე. ღამით რუსულმა ჯარებმა გადალახეს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი. არმია გორს უახლოვდებოდა. ქართულმა ჯარმა და მოსახლეობამ დაიწყო გორისა და მიმდებარე სოფლების დაცლა. წარმატებული ომი შეიცვალა ნაჩქარევი უკანდახევით.
    სიტუაცია საქართველოში დრამატული გახდა და ლეხ კაჩინსკიმ ამაში სხვებიც დაარწმუნა. 11 აგვისტოს საღამოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს ელჩის პოლონეთში კონსტანტინე ქავთარაძის მეშვეობით კაჩინსკის გადასცა:
    „გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსული ტანკები თბილისზე შეტევას აპირებენ. ბრძოლას უკანასკნელ ჯარისკაცამდე ვაპირებთ. რაც არ უნდა მოხდეს ბრძოლას გავაგრძელებთ. პოლონეთის პრეზიდენტის იმედი გვაქვს, რომ იგი საქართველოს არ დაივიწყებს და გაიხსენებს ჩვენს საქმეებს საერთაშორისო არენაზე“.
    მოგვიანებით დიპლომატი დაუკავშირდა მარიუშ ჰანდზლიკს, პრეზიდენტის კანცელარიის საგარეო საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელს. მიაწოდა უახლესი ინფორმაცია თბილისიდან. რამდენიმე წუთში დირექტორმა გადაურეკა. „პრეზიდენტი ბატონ ელჩს უცდის“- გაიგონა ქავთარაძემ.
    შუაღამემდე კაჩინსკი ბიუროში მივიდა, რათა საქართველოს ელჩს შეხვედროდა.
    „მოგახსენებთ ჩემი პრეზიდენტის შეტყობინებას. ჩემს იქ ყოფნაში ლეხ კაჩინსკი ტელეფონით დაუკავშირდა ლიტვის პრეზიდენტს ვალდას ადამკუსს (მოგვიანებით ესტონეთის და უკრაინის პრეზიდენტებს და ლიტვის პრემიერს) და კითხა წავიდოდნენ თუ არა მასთან ერთად თბილისში“ – გვითხრა ქავთარაძემ.
    კაჩინსკის ინფორმაცია სხვა წყაროებიდანაც ქონდა. 11 აგვისტოს, შუადღემდე, სამთავრობო თვითმფრინავით, კავკასიაში გააგზავნა ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი თანამშრომელი, მინისტრი პიოტრ კოვნაცკი. 11 აგვისტოს მინისტრი ერევანში იყო, თბილისში მომდევნო დღეს დილით ჩავიდა. ქალაქი ნახევრად დაცრიელებული იყო. მაღაზიებისა და რესტორნების უმეტესობა დაკეტილი იყო. თბილისში მიმავალმა კოვნაცკიმ გზად დაინახა მანქანების კოლონები, რომლებიც სომხეთის მიმართულებით მიდიოდნენ, ნახა შეშინებული ხალხის რიგი საზღვარზე.
    პოლონეთის პრეზიდენტმა შეკრა კოალიცია ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის შემადგენლობით, – მისია ვაშინგტონთან შეთანხმებული იყო, რომელიც მხარს უჭერდა ამ წამოწყებას – განგვიმარტა პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
    12 აგვისტოს სამთავრობო თვითმფრინავის ბორტზე ავიდნენ ლიტვის და ესტონეთის პრეზიდენტები, ლატვიის პრემიერი. თვითმფრინავი ვარშავაში დაბრუნდა და მათ კაჩინსკიც შეუერთდა. ვარშავიდან თვითმფრინავი სიმფეროპოლში გაფრინდა, სადაც პრეზიდენტებს უკრაინის პრეზიდენტი ვიკტორ იუშჩენკოც შეუერთდა და აგრეთვე სააკაშვილის მეუღლე, რომელიც ყირიმში ისვენებდა.
    იუშჩენკოს სიმფეროპოლში გამზადებული ყავდა თავისი თვითმფრინავი, მაგრამ პოლონეთის პრეზიდენტს და დელეგაციის დანარჩენ წევრებსაც სურდათ ერთად წასულიყვნენ.
    სამთავრობო თვითმფრინავი სავსე იყო ოფიციოზითა და ჟურნალისტებით. პოლონეთის ხელმძღვანელი ვალდას ადამკუსის გვერდით იჯდა, რომელიც პოლონურად საუბრობდა და მეგობრობდა კაჩინსკისთან. იმ დროისთვის ადამკუსი 82 წლის იყო, პოლონეთის პრეზიდენტი წუხდა ლიტველის ჯანმრთლობაზე.
    იმ დროს პრეზიდენტი ნიკოლას სარკოზი ვიზიტით ჩავიდა მოსკოვში. როგორც ევროკავშირის ხელმძღვანელს სურდა მოლაპარაკებოდა კრემლს ცეცხლის შეწყვეტაზე საქართველოსა და რუსეთს შორის.
    left
    სავარაუდოდ სიმფეროპოლში ლეხ კაჩინსკის არასასიამოვნო ინფორმაცია მიაწოდეს. სარკოზის ექვსპუნქტიან სამშვიდობო გეგმაში საუბარი არ იყო „საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე“. პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს საქართველოზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების ფორმალურ ჩამორთმევას გულისხმობდა. გადაწყვიტა სააკაშვილისთვის ეთქვა, რომ არ დათანხმებოდა ამგვარ შეთანხმებას. წარმატებული იქნებოდა, თუ თბილისში ფრანგებზე ადრე იქნებოდნენ და სააკაშვილს გაესაუბრებოდნენ. დაიწყო შეჯიბრი თბილისამდე.
    კაჩინსკი ცუდ მდგომარეობაში იყო. სარკოზი მოსკოვიდან პირდაპირ თბილისში მიფრინავდა, და თან რუსი მოაზროვნეების გარემოცვაში, რომელნიც უკვე მაშინ აკონტროლებდნენ საქართველოს საჰაერო სივრცეს. იმ დროს პოლონეთის პრეზიდენტსა და დანარჩენ საერთაშორისო დელეგაციას არ შეეძლო ეფრინა საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსების პატივისცემის გამო. დადგინდა, რომ პოლონური Tu-154 უსაფრთხოებიდან გამომდინარე დამჯდარიყო აზერბაიჯანში, განჯის აეროპორტში. რადგან ჯერ კიდევ სიმფეროპოლში ეროვნული უშიშროების ბიუროს (BBN) ხელმძღვანელი ვლადისლავ სტასიაკი პილოტს აძალებდა, რომ პირდაპირ თბილისში გაფრენილიყო.
    ამბობდა, რომ ეს იყო პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია. მეთაური თავს იცავდა იმით, რომ არ შეეძლო თბილისში გაფრენა, რადგან არ აქვთ დიპლომატიური შეთანხმება, ხოლო საქართველოზე რუსული თვითმფრინავები ბატონობდნენ.
    თუმცა სტასიაკი არ იხევდა. პილოტი პოლკოვნიკ ტომაშ პიეტჟაკს დაუკავშირდა, მფრინავთა 36 პოლკის მეთაურს, რომელიც სამთავრობო თვითმფრინავს ემსახურება.
    შემდგომ მოვლენებს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი ნათელყოფს, მას შემდეგ რაც ეს ეპიზოდი საფუძვლიანად იქნა განხილული სამინისტროს მიერ. მასზე დაყრდნობით პოლკოვნიკმა პიეტჟაკმა პილოტებს უთხრა, რომ მათ ადგილას თბილისში არ გაფრინდებოდა. რამდენიმე ხანში თავად ლეხ კაჩინსკი დაუკავშირდა პიეტჟაკს. „აურზაურს ავტეხავ საერთაშორისო დონეზე თუ არ გავფრინდებით“ – გაიგონა პოლკოვნიკმა პრეზიდენტისგან. ასე გაიხსენა თავდაცვის სამინისტროს (MON) მაღალი რანგის თანამშრომელმა. მაგრამ პიეტჟაკი მტკიცე აღმოჩნდა, ამიტომ პრეზიდენტის სამსახურის თანამშრომლებმა სიმფეროპოლიდან აღნიშნული საქმის მოსაგვარებლად პოლონეთის გენერალური შტაბიდან გენერალი მიეჩისლავ სტახოვიაკი ჩართეს. მას სჯეროდა, რომ პილოტი უნდა დამორჩილებოდა პრეზიდენტის ბრძანებას და თვითმფრინავი თბილისისკენ წაეყვანა. ამგვარი ზომები აცნობეს სტახოვიაკს, რომელიც ნაბრძანები იყო გენერალ კჟისტოფ ზალენსკის მიერ, ავიაციის მეთაური. მან წერილობითი ბრძანება გადასცა პიეტჟაკოვს. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ისტორიაში. ბრძანება ამგვარი იყო: თვითმფრინავი მიფრინავს განჯაში, ხოლო იქედან თბილისში. ბრძანება ეშმაკურად იყო შედგენილი და გამოიყურებოდა პრინციპების შესაბამისად: ღმერთს სანთელი და ეშმაკს ცეცხლი. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ნაბრძანები იყო. Tu-154 გაფრინდა განჯაში, ხოლო მომდევნო დღეს საქართველოს დედაქალაქში გადაფრინდა.
    სოლომონისეულმა ბრძანებამ ვერ უშველა კაჩინსკის. იძულებული შეიქნა განჯაში ჩამოსულიყო. დარწმუნდა, რომ თბილისში სარკოზიზე ადრე ვერ ჩავიდოდა და მთელი დიპლომატიური თავსატეხი გონებაში დალაგა. უფლება ქონდა ცუდი ყოფილიყო.
    აეროპორტში პრეზიდენტებს მანქანათა დიდი კოლონა ელოდათ, რომელიც აზერბაიჯანის მეთაურმა ილჰამ ალიევმა გამოაგზავნა.
    ალიევი კაჩინსკისთან ნასაუბრები იყო და დახმარებასაც დაპირდა. თუმცა აღნიშნა, რომ არ სურდა კონფლიქტში ჩარევა.
    „კაჩინსკისთან საუბარში გაისმა რამდენიმე გაურკვეველი სიტყვა სააკაშვილის მისამართით. ამტკიცებდა, რომ საქართველომ უფლება მისცა ავანტიურაში ჩაეთრიათ. კიდევ დაამატა: “ – განაცხადა პრეზიდენტის მინისტრმა.
    აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდა ოფიციალური კოლონა. გზიდან რამდენიმე მეტრში იდგნენ აზერბაიჯანელი მილიციელები. პოლონური სამთავრობო დაცვის (BOR) ოფიცრები ჩაცმულნი იყვნენ როგორც საომარი მოქმედებების დროს. ირგვლივ სიმშვიდე, მშვენიერი ბუნება იყო, არ იგრძნობოდა არანაირი დაძაბულობა.
    საზღვარზე ოფიციოზი ქართულ მანქანებში გადასხდნენ და თბილისისკენ გაემართნენ.
    კაჩინსკი ინიციატივის აღებას ცდილობდა. პიოტრ კოვანკის საშუალებით, რომელიც უკვე თბილისში იყო, ცდილობდა შეეთანხმებია სარკოზისთან შეხვედრა. პოლონური მხარე აძალებდა ქართველებს, რომ ისინიც მოხვედრილიყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე. ქართველებმა უპასუხეს, რომ ვერაფერს შეპირდებოდნენ, რადგან ეს დამოკიდებულია სარკოზის სურვილზე.
    ბოლოს საფრანგეთის ელჩმა ბრძანა, რომ სარკოზი არ შეხვდებოდა არც კაჩინსკის და არც აღმაოსავლეთ ევროპის სხვა დელეგატებს. რატომ? ფრანგებმა დიპლომატიური პასუხი გასცეს: „სარკოზი თბილისში არ იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი, არამედ იმყოფება როგორც ევროკავშირის მედიატორი და ვერ შეხვდებოდა სხვა სახელმწიფოთა მეთაურებს“.
    კაჩინსკი საქართველოს დედაქალაქში ღამით ჩავიდა. შანსი არ იყო დიპლომატიური საუბრისა – პროგრამის პირველი პუნქტი კი ეს იყო. რამდენიმე საათის განმავლობაში უცდიდა ათი ათასობით ადამიანი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კაჩინსკის, იუშჩენკოს და ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა მეთაურების გამოსვლას. ყველა გამომსვლელმა საკმაოდ მწვავე სიტყვა წარმოთქვა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ პოლონეთის პრეზიდენტის სიტყვა ყველაზე მწვავე იყო:
    „აქ იმისთვის ვართ, რომ ვიბრძოლოთ. პირველად დიდი ხნის განმავლობაში ჩვენმა მეზობელმა თავისი სახე გამოაჩინა, რომელსაც რამდენიმე ასეული წელია ვიცნობთ. ჩვენი მეზობელი ფიქრობს, რომ მის მეზობლად მცხოვრები ხალხები მათ უნდა ემორჩილებოდნენ. ჩვენ ვეუბნებით ! და ჩვენც წმინდად გვჯერა, რომ დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები, მოგვიანებით კი შეიძლება ჩემი ქვეყნის ჯერიც დადგეს. პოლონეთის“ – შესძახა კაჩინსკიმ. მას გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს მქუხარე აპლოდისმენტებით.
    თუმცა ამ დროს საკმაოდ უცნაური სიტუაცია შიქმნა. აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაუჩინარდა და მისი მოკავშირეები მარტონი დარჩნენ პარლამენტის წინ, სადაც საუბრობდნენ. რას აკეთებდა ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი? სავარაუდოა, რომ პარლამენტის შენობაში მართავდა მოლაპარაკებებს ნიკოლაზ სარკოზისთან სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
    „საუბარი ხანგრძლივი იყო“ – განუმარტა ჟურნალისტებს თემურ იაკობაშვილმა. „განხილულ იქნა სიტუაციის მრავალმხრივი განვითარება, მათ შორის რუსული ტანკების მიერ თბილისზე შეტევა“.
    დასრულებისას კაჩინსკი და დელეგაციის სხვა წევრები პარლამენტის შენობაში შეიყვანეს. აქ უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდნენ. სამი პრეზიდენტი და პრემიერი, ასევე მათი დიპლომატიური გარემოცვა დაახლოებით ნახევარი საათი აცდევინეს დიდ დარბაზში. ჟურნალისტებთან ყალბად საუბრობდნენ, უცდიდნენ თუ რა იქნებოდა შემდეგ. თუმცა თავად ორგანიზატორები დაბნეულები იყვნენ.
    „სადაა სააკაშვილი? აქ რას ვაკეთებთ?“ – ეკითხებოდნენ ერთმანეთს დელეგაციის წევრები. ბოლოს პრეზიდენტები და მათი უახლოესი თანმხლები პირები მიიწვიეს სხვა, შედარებით მომცრო ოთახში, მაგრამ არაფერი შეცვლილა.
    „არც თუ ისე დიდი დარბაზი, კონდენცირების გარეშე, მაგიდაზე წყალი. მეთაურები მარტონი დარჩნენ. არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. ვუცდიდით სააკაშვილს, რომელიც არსად ჩანდა“ – გვითხრა პრეზიდენტის აპარატის თანამშრომელმა.
    კაჩინსკიმ ან იცოდა, ან ხვდებოდა, რომ სააკაშვილს სარკოზისთან ჰქონდა საუბარი. ბოლოსდაბოლოს, როდესაც სააკაშვილი გამოვიდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მეთაურებთან, კაჩინსკიმ იგი გვერდზე გაიხმო.
    „ცოტა კომიკური სიტუაცი შეიქმნა, რომ მომცრო ტანის კაჩინსკი ეჩხუბებოდა დათვივით დიდ სააკაშვილს. ალბათ მწვავე სიტყვებს ეუბნებოდა, რადგან საუბრისას კაჩინსკის თარჯიმანი არ მიუხმია. დასახმარებლად კოვნაცკის მიმართეს“ – ამბობდა სასახლის თანამშრომელი.
    სააკაშვილმა საუბრის გაგრძელებაზე უარი თქვა. სარკოზთან შემდგომ შეხვედრას მოელოდა, რომელზეც ოფიციალურად უნდა დათანხმებულიყო სარკოზის წინადადებას.
    მოულოდნელად დარბაზში, სადაც აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მეთაურები იმყოფებოდნენ, შმოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი. ყველას მიესალმა, მაგრამ არ დამჯდარა. კაჩინსკისთან შეჩერდა, რომელსაც პოლონურად უთხრა: „თქვი !“
    კაჩინსკიმ ამოიოხრა: „ვამბობ !“
    სარკოზი ტაიფუნივით აბობოქრდა: „უკვე უნდა გავფრინდე“ – თქვა გასვლისას.
    პოლონეთის პრეზიდენტი მიხვდა, რომ ხელშეკრულება, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები არ იყო ჩადებული, ხელმოწერილია.
    „ეს ცუდად დამთავრდება“ – უთხრა სააკაშვილს.
    მისია დასრულდა. ყველა პარლამენტის წინ გამოვიდა.
    „რესტორანში მივდივართ“ – განაცხადა სააკაშვილის კანცელარიის ხელმძღვანელმა. სადილობისას პრეზიდენტმა კაჩინსკიმ თავისი უკმაყოფილება არ დამალა. გაბრაზებული იყო, ახმაურებდა ჭურჭელს, თეფშებს ხმაურით დებდა გვერდზე.
    „ნუ ნერვიულობ“ – სააკაშვილი ცდილობდა დაემშვიდებინა იგი. უხსნიდა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. სარკოზიმ კითხა, სურდა ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე, თუ სურდა, რომ თბილისში რუსული ტანკები შემოსულიყვნენ.
    „1991 წლის აგვისტოს პუტჩის დროს ის მთავრობის მეთაურის კაბინეტში ტყვიაგაუმტარი ჟილეტით იჯდა“ – განაცხადა ლიტვის პრემიერმა, ივარს გოდმარისმა. მაშინვე ჩაერთო ვიკტორ იუშჩენკო: „ბოლოსდაბოლოს გავიგეთ, თუ როგორ გამოიყურება დასავლეთის სოლიდარობა. როგორ დახმარებას უნდა ველოდეთ აგრესიის შემთხვევაში“.
    მომდევნო დღეს კაჩინსკი სააკაშვილის თბილისურ რეზიდენციაში გაემართა. მედიისთვის გამართულ კონფერენციაზე მან შეიტყო, რომ რუსეთის არმია ქართულ ქალაქ გორში შევიდა.
    რუსებმა რა თქმა უნდა დაარღვიეს შეთანხმება, რომელიც თბილისში სარკოზიმ ჩამოიტანა. მასში ეწერა, რომ მათი ჯარი უნდა დაბრუნებულიყო კონფლიქტამდელ პოზიციებზე. ორ კვირაში კი კრემლმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. აღმოჩნდა, რომ კაჩინსკი მართალი იყო – შეთანხმებამ გზა გაუხსნა საქართველოს ფორმალურ დაყოფას.
    ისმის კითხვა, ჰქონდა სააკაშვილს შესაძლებლობა შეთანხმების მოლაპარაკებებისას მოთხოვნა, რომ ხელშეკრულებაში ჩაწერილიყო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა? თუ ესეც მაგიდის ქვეშ დარჩა და ხელი თუ არ მოეწერებოდა სარკოზის მიერ ჩამოტანილ ხელშეკრულებას, ამ შემთხვევაში რუსული ტანკები თბილისში შევიდოდნენ? თემურ იაკობაშვილი: „ეს მხოლოდ იყო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და არა სამშვიდობო გეგმა. ჩვენი აზრით იქ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ბოლო პუნკტად ჩაწერა აუცილებელი არ იყო“.
    კოსტა კოჩიევი, ედუარდ კოკოითთან დაახლოებული პირი, ამბობს, რომ სააკაშვილი საკუთარ ტყავში იწვოდა: „ხედავდა, რომ მისი არმია დამარცხდა, შიშობდა, რომ მას ტრიბუნალი ელოდა, რომელიც მას გაასამართლებდა სამხედრო დანაშაულობებისთვის. რა თქმა უნდა ამიტომ დათანხმდა სამშვიდობო გეგმას“.
    ****
    center
    საქართველო-რუსეთის ომის ერთი წლის თავზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია. როგორ იმოქმედა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, კაჩინსკისა და სააკაშვილის მეგობრულ დამოკიდებულებაზე? „კაჩინსკის ურთიერთობა საქართველოსადმი არ შეცვლილა. ჯერ კიდევ მთლი გულით ემხრობა საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას. გულითადი ურთიერთობები სააკაშვილთან? მიჭირს გავიხსენო ბოლოს როდის შეხვდნენ ერთმანეთს.. დასამალი არაფერია, გასული წლის აგვისტოს შემდეგ მათი მეგობრობა განელდა“ – თქვა პრეზიდენტის აპარატის თანამშრომელმა.

    მიხალ მაიევსკი, პაველ რეშკა (Michał Majewski, Paweł Reszka). ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე – http://www.dziennik.pl/magazyn-dziennika/428208.html

    ავთანდილ ხანთაძე

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s