ლიბერალიზმის კულტურული იდეალი

Image

თავისუფლების ბიბლიოთეკის კრებულის I წიგნი

ლიბერალიზმის საფუძვლები

ვილჰელმ რიოპკე (1899-1966)

თვალსაჩინო გერმანელი ეკონომისტი, რომლის წევრობასაც ერთმანეთს ეცილებიან ე.წ. “ავსტრული”, “ორდო-ლიბერალური” და “ნეო-ლიბერალური” ეკონომიკური სკოლები. მან სამეცნიერო კარიერა სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ თეორიაში კოლექტივიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. რიოპკე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ისეთ პოლიტიკურ შეხედულებებს, რომლებიც კულტურიული, სოციალური და ეკონომიკურისისტემების პოლიტიკურ კონსოლიდაციას მოითხოვდა. შესაბამისად, როგორც ფაშიზმისა და ყოველგვარი სოციალისტური ტენდენციების უკომპრომისო მოწინაარმდეგე, იგი 1933 წელს განერიდა გერმანიას და მოღვაწეობა ჯერ თურქეთში, ხოლო შემდეგ შვეიცარიაში განაგრძო. ის მეგობრობდა ეკონომიკური თავისუფლების მომხრე გამოჩენილ ეკონომისტებთან, მათ შორის “ორდო-ლიბერალ” ვალტერ ეუკენთან, ფრანც ბიომთან, ალექსანდრ რიუსტოვთან და ლუდვიგ ერჰარდთან. აგრეთვე, “ავსტრიელ” ლუდვიგ ფონ მიზესთან და ფრიდრიხ ფონ ჰაიეკთან, ისევ როგორც “ჩიკაგოელ” მილტონ ფრიდმენთან და სხვებთან. მათთან ერთად, 1947 წელს, მან მონაწილეობა მიიღო ე.წ. “მონტ პელერინის” საზოგადოების დაარსებაში, რომლის მიზანი იყო თავისუფლების იდეალების დაკნინების მიოეზების კვლევა და მათი აღორძინება. ამავე პრობლემა მიეძღვნა ნაშრომი “ლიბერალიზმის კულტურული იდეალი”, რომელიც 1947 წელსვე გამოქვეყნდა და შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც ლიბერალიზმის ახლებური გააზრების დასაწყისად. რიოპკეს ნაშრომებმა და რეკომენდაციებმა, სადაც “სოციალური საბაზრო ეკონომიკის” თეორიული და პრაქტიკული ასპექტები იყო გაანალიზებული, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დასავლეთ გერმანიის ეკონომიკური და პოლიტიკური აღმავლობა, რაც “გერმანული ეკონომიკური სასწაულის” სახელითაა ცნობილი და კონრად ადენაუერისა და ლუდგვიგ ერჰარდის ქრისტიანულ-დემოკრატიული მთავრობის მიერ იქნა წამოწყებული 1948 წლიდან. თუმცა მან, როგორც თავისუფალი ბაზრის საციალური წესრიგის ეთიკური საფუძვლების საუკეთესო მკვლევრმა, მალე დაინახა ეკონომიკური რეფორმების “გადაჭარბებული სოციალური” ხასიათი და გადაჭრით დაუპირისპირდა სოციალიზმთან კომპრომისების პოლიტიკას. მისი საკვანძო ნაშრომებია: “თავისუფალი საზოგადოების ეკონომიკა” და “ჰუმანური საზოგადოება”, “თანამედროვეობის სოციალური კრიზისი”, “სამოქალაქო საზოგადოების მორალური კრიზი”, “საერთაშორისო ეკონომიკური დეზინტეგრაცია”, “ფაშიზმის ეკონომიკა”, “ეკონომიკური წესრიგის პრობლემები” და ა.შ. მის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება შემდეგ ელექტონულ მისამართებზე: www.mises.org/roepke.asp;www.wilhelm-roepke-schule.de;  www.fnf.org.za/Liberal_Thinkers/roepke.htm

(დაიბეჭდა 1947 წელს)

ჩვენი თანამედროვე სამყარო, უდავოდ სულ უფრო და უფრო ემსგავსება იდეოლოგიების მასკარადს, სადაც ზუსტად არავინ იცის,  ვინ იმალება სიტყვიერი ნიღბების მიღმა. ჩვენი ყოველდღიური სიტყვების მარაგი სავსეა შემაშფოთებელი რაოდენობის ისეთი გამოთქმებით, როგორებიცაა: “დემოკრატია”, “კაპიტალიზმი”, “სოციალიზმი”, ფაშიზმი” და ა.შ. ისინი ანადგურებენ ენის აზრს, ესე იგი ადამიანებს შორის თანამშრომლობას შეხედულებების ზუსტი გადაცემის მეშვეობით. იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც დასამალი არაფერი გააჩნიათ, დიდი მადლი იქნებოდა, მასკარადი ერთი წლით რომ გაუქმებულიყო. ამგვარად, თითოეული იძულებული იქნებოდა ესაუბრა ახალი, გაუცვეთელი ფრაზებით; გამოეყენებინა თანამედროვე პოლიტიკური ლექსიკონი და მარტივად ეთქვა ის, რასაც გულისხმობდა. რადგანაც ამ იდეას განხორციელება არ უწერია, მით უფრო აუცილებელია დროდადრო ამაზე დაფიქრება და პოლიტიკური პრობლემებიდან იმ სიტყვიერი ნიღბების ჩამოგლეჯა, რომელთა მიღმაც ისინი იმალებიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოების სულიერი სიწმინდის მისაღწევად, ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი მოთხოვნაა, განზოგადობული პოლიტიკური ტერმინებიდან იმ ნალექის ჩამოწმენდა, რომელიც გადადის წიგნიდან წიგნში; სიტყვიდან სიტყვაში; მოწინავე სტატიიდან, მოწინავე სტატიაში; წინასაარჩევნო სიტყვიდან, წინასაარჩევნო სიტყვაში; საუბრიდან საუბარში.

ამ ტერმინებიდან ყველაზე უცნაური ბედი, შესაძლოა, ჰქონდა სიტყვას “ლიბერალიზმი”. სინამდვილეში იმდენად უცნაური, რომ ამ სიტყვის ისტორია შეგვეძლო წარმოგვედგინა, როგორც უკანასკნელი თაობების სულიერი და სოციალური ისტორია. ის, ასზე მეტი წლის წინათ წარმოიშვა, ესპანეთის სამოქალაქო ომის მორევში, როგორც “სერვილისომოს” (Servilisomo) საპირისპირო ღირსეული განსაზღვრება. შემდეგ ის მთელს დასალეთში იქცა იმ პოლიტიკური, ეკონომიკური და სულიერი მოძრაობების საამაყო ნიშანსვეტად, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიული წესრიგის პირობებში, პროგრესის იდეალისადმი ერთგულნი არიან. [ლუდვიგ ფონ მიზესის მიხედვით, სახელწოდება “ლიბერალიზმი” წარმოიშვა სიტყვიდან “თავისუფლება”, ხოლო ლიბერალების ოპოზიციური პარტიის დასახელება, თავდაპირველად იყო “სერვილე”, რაც “მონურს” ნიშნავს. ორივე სახელწოდება ესპანეთში წარმოიშვა, XIX საუკუნის პირველ დეკადაში, კონსტიტუციური ბრძოლის დროს]. მიუხედავად მისი შემადგენლობის მრავალფეროვნებისა, აქ შეკრებილ ჯარს, რომელიც სხვასხვა ქვეყნასა და მრავალ სოციალურ ფენას წარმოადგენდა, ჰქონდა რაღაც საერთო. ასე რომ შეიძლებოდა დანადვილებით გვესაუბრა ლიბერალიზმის ეპოქაზე.

“ლიბერალიზმი” იყო ისეთი რამ, რისი აღიარებაც სიამაყით შეიძლებოდა და რასაც ხალხის ფართო მასა რეკომენდაციად იღებდა. “ლიბერალურად” იწოდებოდა ინგლისის უძლიერესი პარტია, რომელიც თავისი მნიშვნელობით, მხოლოდ მეორე უდიდეს პარტიას, კონსერვატორთა პარტიას თუ შეედრებოდა. თვით ჩესტერტონიც კი, რომელიც უმოწყალოდ და როგორც დღეს ვაღიარებთ, არც თუ უსაფუძვლოდ, აკრიტიკებდა მრავალს იმისგან, რაც ლიბერალური ხანის შედეგად გვეჩვენება, ამბობდა – “ We Liberals ” [1], (“ჩვენ ლიბერალები”).

რა ხდება დღეს? ძნელია იპოვო ქვეყანა, სადაც სიტყვა “ლიბერალიზმი” თავისი ძველი, სრული მნიშვნელობით შემორჩა. კიდევ უფრო მეტია იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც მრავალწლიანი პროპაგანდის შედეგად, “ლიბერალიზმი” ყოველივე უარყოფითისა და მოძველებულის სინონიმად იქცა. ვინმე შპენგლერის მტკიცებულება, რომ ლიბერალიზმი “უხეიროთა საქმეს”[2] წარმოადგენს, რომელიც გერმანიაში და უპირველეს ყოვლისა ამ ქვეყნისთვის ჩამოყალიბდა, მიუხედავად გადამეტებისა, გამოხატავდა ისეთ აზროვნებას, რომელიც არ იყო უცხო პრაქტიკულად არც ერთი ქვეყნისათვის. სულ უფრო მეტი ადამიანი ეგუებოდა იმ აზრს, რომ სიტყვასთან “ლიბერალიზმი” უნდა გაიგივებულიყო ეკონომიკური სიხისტე, ბურჟუაზიული სიმაძღრე, სოციალური დაუნდობლობა, უმაღლესი ფასეულობების არარსებობა. იმისათვის, რომ მთლიანად გამოხატოს თავისი ზიზღი, ბევრს არ აშინებს მისდიოს განსაკუთრებით საბედისწერო პოლიტიკური რომატიკოსების მაგალითს და ბოროტგანზრახულად იჩურჩულოს სიტყვა “ლიბერალური”.

განსაკუთრებით საგულისხმოა დაკვირვება, რომ ჩვენი დროის ყველა ტოტალიტარული მოძრაობა ლიბერალიზმში თავის მოწინააღმდეგეს ხედავდა და მასთან სისხლიანი ბრძოლა ერთი წამითაც არ შეუწყვეტია, ძალადობის, ცილისწამებისა და ბილწსიტყვაობის მეშვეობით. თანამედროვე ტირანებმა, მიუხედავად იმისა, თუ რას უწოდებენ ისინი საკუთარ თავს: ფაშისტებს, ნაცონალ-სოციალისტებს ან კომუნისტებს, რამენაირი წარმატების მომტანი მოსახვევის მუდმივ ძიებაში, უკვე ყველა ნიღაბი მოირგეს. ისინი გვარწმუნებდნენ რომ არიან სოციალისტები, დემოკრატები ანდა რომანტიკოს-კორპორატივისტები და  ღმერთმა იცის კიდევ ვინ. ხანდახან ისინი იმდენად ცინიკურნი არიან, რომ ქრისტიანობისადმი პატივისცემასაც კი ადასტურებენ, მაგრამ ისინი ლიბერალიზმთან კეკლუცობას ყოველთვის ერიდებოდნენ. თუ ამ ხალხს დანებება არ სურდა, ისინი ზუსტად აქ უნდა გაჩერებულიყვნენ, “ლიბერალიზმი” ხომ მუსოლინისთვის “მასონებს” ნიშნავდა; ჰიტლერისთვის – “ებრაელებს“, “მოლაყბეებს” და “ინტელექტუალებს”, ხოლო ლენინისთვის – საძულველ “ბურჟუაზიას”. ჩვენი საზოგადოების ამ ფსიქიკურად დაავადებული ბოშებისთვის, ლიბერალიზმი ბურჟუაზიის იმ სამყაროს განასახიერებდა (ამ სიტყვის გერმანული ანალოგი “Burgertum “ არ შეიცავს უაყოფით, ან ზიზღის მომგვრელ ქვეტექსტს – მთარგმნელის შენიშვნა), რომელიც მათთვის იმაზე უფრო უცხო და ნაკლებად მისაწვდომი იყო, ვიდრე ტიბეტი.

მიუხედავათ ამისა, ისინი, საკუთარი ცინიკური პრაგმატიზმიდან გამომდინარე, შესაძლოა, ლიბერალიზმთან დროებით არშიყსაც არ მორიდებოდნენ, თუკი, ამისგან ელოდნენ რაიმე ეფექტს, რომელიც ხალხის მასებზე გავლენას მოახდენდა. მაგრამ როგორც მასების “სულის ფსიქოლოგიის” უბადლო მცოდნეებმა, რომელსაც ისინი გამომხატდნენ, ძალიან კარგად უწყოდნენ, რომ ლიბერალური აზრების მეშვეობით პიროვნების შემწყნარებლობის, თავისუფლებისა და სამართლის შესახებ, მასასთან გარიგება შეუძლებელია. ხალხის ვნების გაღვივება, მათ ნაციონალისტური და სოციალისტური ლოზუნგებით არჩიეს, რაც მასის სულისკვეთებას უფრო შეესაბამებოდა და რომელთა ნაზავიც მსოფლიოს ამფეთქებელ დინამიტად იქცა. მართლაც, ყოველი მხრიდან გალანძღული ლიბერალიზმის მდგომარეობა, მისი პოლიტიკური გავლენის საყოველთაო დაცემას შეესაბამება.

პრაქტიკულად აღარ არსებობს ქვეყანა, შესაძლოა შვეიცარიის, ბელგიისა და შვედეთის გარდა, სადაც ლიბერალიზმს არ გაუვლია მასობრივი პარტიების ერთგული ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ვნებების წნეხის ქვეშ. ინგლისში, თავის სამშობლოში, ლიბერალებმა, როგორც ორგანიზებულმა პარტიამ, თითქმის საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა. ზოგიერთ ქვეყანაში მას გარკვეული წონა კიდევ შემორჩა, როგორც იმ პირთა გაერთიანებას, რომელთა ნაციონალური პრესტიჟი წარმოადგენს გარკვეულ წილად კომპენსაციას, ამომრჩეველთა კლებადი ხმების სანაცვლოდ. ლიბერალიზმის, როგორც ორგანიზებული პოლიტიკური მოძრაობის, დაღმასვლაზე ბევრად მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ის აღარ განსაზღვრავს თანამედროვე ეპოქის კულტურულ იდეალებს. შინაგანი კრიზისისგან დასუსტებულმა და საკუთარი წარუმატებულობებისაგან თავბრუდახვეულმა ლიბერალიზმმა, საკუთარი მისიის სიმძიმისაგან გონი დაკარგა. იქაც კი, სადაც საკუთარ თავს ჯერ კიდევ ლიბერალებს უწოდებენ, ბოლო ათწლეულების ანტილიბერალურმა პროპაგანდამ, ეს ხალხი იმდენად დააშინა, რომ უმეტესობას, საკუთარი სუფთა ნამუსისა და ტრადიციების დაცვის სიმამაცე აღარ შერჩა. ამიტომაც, ისინი მოწინააღმდეგეებს ერთი მეორის მიყოლებით უთმობენ პოზიციებს.

ასეთია საქმის ვითარება, რომლისთვისაც თვალის გასწორება, ყველაზე მეტად შეეფერება ლიბერალიზმის ტემპერამენტს, როგორც ასეთს, რომელიც მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ფანატიზმს და სიმართლის ნებისმიერ დამახინჯებას. სრულიად აშკარაა ის ჭეშმარიტება, რომ ჩვენი საზოგადოების კრიზისი, ლიბერალიზმის კრიზისს ემთხვევა. რამდენადაც საზოგადოების კრიზისი, რომელიც მთელი ჩვენი კულტურული ტრადიციების ნგრევის ტოლფასია, აღმავლობისა და უკეთესი მომავლის ნაცვლად, მხოლოდ ომს, უბედურებას და მონობას გვჩუქნის. ამიტომ ლიბერალიზმისათვის შეიძლება პატივად ჩავთვალოთ, რომ იგი სამართალთან, მშვიდობასთან, თავისუფლებასთან და კეთილდღეობასთან ერთად, საზოგადოებრივი კრიზისის მსხვერპლი გახდა. ამის გამო უნდა ვაღიაროთ, რომ არ შეგვიძლია გავაკეთოთ რაიმე იმაზე უკეთესი, ვიდრე ლიბერალიზმის დროშის, როგორც ეჭვშეუტანელი სიმართლის, ჩვენი ცივილიზაციის სიკეთეებისა და იდეალების სიმაღლეზე აწევა და მისი ნებისმიერი შეტევისაგან დაცვა. ლიბერალიზმის დაცემა, როგორც სავარაუდო იყო, სამართლის, მშვიდობისა და თავისუფლებისგან განდგომის ტოლფასი იქნებოდა. მაშინ ჩვენ ისღა დაგვრჩებოდა, რომ მის მიერ მიტოვებულ სამლოცველოებთან ხელები გაგვესავსავებინა და მთელი დანაშაული, სხვა ხალხის უგუნურებასა და ბოროტებისათვის დაგვებრალებინა. წმინდა ადამიანური თვალსაზრისით ამდაგვარი საქციელი გასაგებია, მას შეიძლება ეწოდოს, როგორც რაინდული და ვაჟკაცური, ისე თვითნებური და უგუნური. ყოველ შემთხვევაში, ვისაც სურს არსებულ პრობლემებს თვალებში სერიოზულად და საღად ჩახედოს და დღევანდელი სიტუაცია კეთილსინდისიერად შეაფასოს, ამდაგვარი საქციელი დაუშვებელია.

ლიბერალიზმის კრიტიკული შეფასება რეკომენდირებული უნდა იყოს ლიბერალისთვის, რადგან იგი არაფრის მომცემ ჩივილს, ანაცვლებს წახალისებასა და იმედს. საქმე მხოლოდ ხალხის უგნურებასა და ბოროტებაში რომ ყოფილიყო, მაშინ ლიბერალებს, მათ შეცვლაზე უნდა დაემყარებინათ იმედი. მაგრამ თუ ლიბერალები მივლენ დასკვნამდე, რომ მნიშვნელოვანწილად თავადაც არიან დამნაშავეები, მათ აღარ დასჭირდებათ იმედების დამყარება იმაზე, რომ სხვები შეიცვლებიან და საკმარისი იქნება, თუ ისინი თავად გარდაიქმნებიან. გავიხსენოთ რას მოუწოდებს დემოსთენე ათენელებს მესამე ფილიპიკაში: “ის, რაც ჩვენთვის ყველაზე მეტად მავნე იყო წარსულში, მომავალში ყველაზე უფრო სასარგებლო იქნება. რანაირად? რამდენადაც თქვენ არაფერი, აბსოლიტურად არაფერი, გააკეთეთ იქიდან, რისი გაკეთებაც აუცილებელი იყო, ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით ამ სავალალო მდგომარეობაში. თქვენ რომ მაშინ გაგეკეთებიათ ყველაფერი ის, რაც საჭირო იყო და თუ იმ შემთხვევაშიც, ყველაფერი იქნებოდა ისე ცუდად, როგროც ახლაა, მაშინ უკეთესობის არანაირი იმედი არ იქნებოდა.“

სინამდვილეში, ჩვენ ბედნიერებად უნდა ჩავთვალოთ, თუ გაირკვევოდა, რომ ლიბერალიზმი საზოგადოებრივი კრიზისის, არც თუ ისე უცოდველი მსხვერპლი გახდა, რომ იგი მნიშვნელოვან პოსტულატებში შეცდა და მას აქვს კრიზისის დაძლევის უფლება, შეცდომების გამოსწორების გზით. შესაძლოა, რომ ის სულაც არ იყო საზოგადოებრივი კრიზისის მსხვერპლი და თვითონვე უწყობდა ხელს კრიზისის წარმოშობას, საკუთარი შეცდომებით? ეს ასეც რომ იყოს, და თანამედროვე საზოგადოების კრიზისი, ერთდროულად ლიბერალიზმის კრიზისსაც წარმოადგენდეს, მაშინ ხომ არ შეგვიძლია ვიმედოვნებდეთ, რომ ლიბერალიზმის გაწმენდითა და შინაგანი გაახალგაზრდავებით, ხელი შეეწყობოდა მთელი საზოგადოების კრიზისის დაძლევას? ხომ არ ძევს ღრმა აზრი, იმაში, რომ საზოგადოებრივი კრიზისი, ლიბერალიზმის კრიზისს დაემთხვა?

 

ურღვევი ლიბერალიზმის არსი

ახლა, როცა ლიბერალიზმის არსი ამოცნობა და მისი შეცდომების განსაზღვრა გვსურს, დაე გვიხელმძღავანელონ ამ მეტად სერიოზულმა და იმავდროულად იმედის მომცემმა კითხვებმა.

ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ შეგვიძლია წარმოვადგინოთ ლიბერალიზმის მთელი ნაირსახეობა. ძნელი იქნება იმაზე მეტის გაკეთებაც, ვიდრე იმ კურიოზული ფაქტის აღნიშვნა, რომ შვეიცარიის კონსერვატიული პარტია თავისი პოლიტიკური მსოფლმხედველობის განსასაზღვრად, იყენებს იგივე სიტყვას, რასაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის პოლიტიკოსები ხმარობენ, რომელთაც ევროპაში სოციალ-დემოკრატებს ვუწოდებთ. როდესაც ჩვენ თავს ვიზღუდავთ ძირითადი დებულებებით, ჩვენ გვსურს მოვახდინოთ ძალიან მნიშვნელოვანი გამიჯვნა და ლიბერალიზმზე ორმაგი მნიშვნელობით ვისაუბროთ: ერთის მხრივ, როგორც ძალიან ფართო და საერთო იდეაზე, რომელიც აღნიშნავს დასავლეთის კულტურას მთლიანად; ხოლო მეორეს მხრივ, უფრო ვიწრო და სპეციფიური თვალსაზრისით, როგორც გასული საუკუნის სულიერი, პოლიტიკურ და სოციალური მოძღვრებაზე, რომელიც საერთო იდეიდან აღმოცენდა და შეზავებული იყო განსაზღვრული ისტორიული მოვლენებით. პირველი განსაზღვრებით, ლიბერალები ვართ იმდენად, რამდენადაც ვიცავთ იმ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს, რომლებიც ჩვენ შეუცვლელი გვგონია, ისეთ დამანგრეველ ძალებთან დასაპირისპირებლად, როგორებიცაა: კოლექტივიზმი, ტოტალიტარიზმი და ნაციონალ-სოციალიზმი. თუ ავიღებთ სიტყვის მეორე მნიშვნელობას, ჩნდება კითხვა: საერთოდ შეუძლია კი ვინმეს იყოს ლიბერალი? პირველ შემთხვევაში ლიბერალიზმი არის ღირსეული ასაკის ძლიერი ღერძის მქონე ხე, რომლის ტოტების ქვეშაც ყველანი ერთად იმ გრძნობით ვიკრიბებით, რომ რაღაც საერთო გვაქვს დასაცავი. მიუხედავად იმისა რა გვქვია ჩვენ: კონსერვატორები თუ სოციალისტები, დემოკრატები თუ ლიბერალები, პროტესტანტები თუ კათოლიკეები. თუმცა მეორე შემთხვევაში, ლიბერალიზმი ამ ხეზე ყველაზე ახალგაზრდა და ამავდროულად, ყველაზე ძლიერი ყლორტია. დღეს ბევრი ეკითხება საკუთარ თავს – ველური ხომ არ იყო ის ყლორტი? ამ ამაყი ხის მოჭრის სურვილი, ნამდვილად დიდი დანაშაული იქნებოდა, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არ მოგწონს მისი ყლორტი. მიუხედავად იმისა, ამ ბოროტების აღსასრულებლად, მაინც ათასობით ნაჯახი აღიმართა.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ უფრო ფართოდ გაგებული ლიბერალიზმის შესახებ, ყველამ იცის თუ რა იგულისხმება. თითოეული, ვინც ამ ღირებულებებს და იდეალებს იზიარებს, მზადაა დაიცვას ისინი, როგორც ჩვენი კულტურისთვის უკანასკნელი და ყველაზე ღირებული რამ. ის, ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, შეძლებს ერთდროულად პატივი სცეს ამ დედაბოძს, როგორც საუკუნეების სახელოვან ქმნილებას, რომელიც ათასწლეულებზე უფრო საიმედოა. მას ეცოდინება, რომ საუბარია მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც დასავლურ კულტურასთან ერთად წარმოიშვა. მისი საფუძველი შექმნეს არა ფილოსოფოსებმა – განმანათლებლებმა, არამედ კონიკურმა ბერძნებმა, სტოიკოსებმა, ციცერონმა და ანტიკური ხანის დანარჩენმა მოაზროვნეებმა, რომლებმაც გზამკვლევ ვარსკვლავებად საერთო ადამიანურ ცნობიერებასა და ინდივიდის სულის აბსოლუტურობაში წარმოშობილი ადამიანური ღირსება მიიჩნიეს, აგრეთვე დაინახეს ადამიანების განუკითხაობის მიღმა იდეების სამყაროს არსებობა და აღიარეს, სახელმწიფოს მიერ ბუნებრივი წესრიგის ხელშეუხებლობა.[3]. ის, რაც დაიწყეს ამ „animal naturaliter christianal”-ებმა, ქრისტიანობამ დაასრულა და ჩვენ გადმოგვცა, როგორც ქრისტიანობის ბუნებრივი სამართალი. მხოლოდ ქრისტიანობამ განახორციელა გარდატეხა და ხალხი, როგორც ღვთის შვილები, გათავისუფლა სახელმწიფოს კლანჭებისაგან. Gilermo Ferrero-ს სიტყვებით, გაანადგურა ანტიკური სახელმწიფოს „espirit pharaonique” (ფრანგ. – “ფარაონების სული”).

ისევ და ისევ გაკვირვებით ჟღერდა კითხვა, რატომ განსხვავდება ასე ძალიან, ანტიკური ხანის თავისუფლების პოლიტიკური განსაზღვრება, თანამედროვე გაგებისაგან: იქ ადგილი აქვს კოლექტიური თავისუფლების გაგებას, რომელიც გულისხმობს “ხალხის უზენაესობას” და მოგვიანებით კვლავ გვხვდება რუსოს ნაშრომებში, აფუძნებს რა თანამედროვე დემოკრატიზმს, რომლის გაგება არ ეწინააღმდეგებოდა პოლისის მეშვეობით ინდივიდის სულის დამორჩილებას. აქ კი, აშკარად ჩანს დასავლური წარმოდგენა თავისუფლებაზე, როგორც ადამიანის პიროვნულ უფლებაზე, რომელიც სახელმწიფოს ბარიერებს უქმნის და რომლებსაც მივყავართ ინდივიდუუმის, ოჯახის, უმცირესობის, ოპოზიციის და ყველა რელიგიურ დაჯგუფების უფლებებისაკენ. ყველაფერ ამაზე, ისევ და ისევ გვიწევდა პასუხის გაცემა, რომ კედელი, რომელიც ამ შემთხვევაში ანტიკურ ხანას ჩვენგან გამოყოფს, ქრისტიანობაა, რომლის მადლიერნიც უნდა ვიყოთ ფრაზისათვის – “კეისარს-კეისრისა, ღმერთს-ღვთისა.” როცა ჩვენ დავუმატებთ ყველაფერს, რასაც ქრისტიანობა ღმერთს მიაწერს, მაშინ ეს გამოთქმა გამოხატავს იმას, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ, როცა ვლაპარაკობთ ლიბერალიზმის შესახებ, როგორც საერთო და ყოვლისმომცველ აზრზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, საქმე გვაქვს, ანტიკური ხანისა და ქრისტიანობის მემკვიდრეობასთან. ერთიც და მეორეც ლიბერალიზმის ჭეშმარიტი წინამორბედია. ამის მიზეზია ის გარემოება, რომ ისინი წარმოადგენენ სოციალურ ფილოსოფიას, რომელიც ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის დაძაბულობას აწესრიგებენ ყოველი ადამიანისათვის ბოძებული გონების მეშვეობით და საკადრისი სიამაყით აღიარებენ მას მიზნად და არა საშუალებად. ამდაგვარად მიიღწევა სახელმწიფოს ძალაუფლებისა და ინდივიდის თავისუფლების გამიჯვნა. ამ გაგებით, ციცერონის ნაშრომიდან “Corpus Juris” და თომა აქვინელის “შედეგები”-დან, შეიძლება შეადგინო ლიბერალიზმის ანთოლოგია, რომლითაც ხელმძღვანელობა დღესაც შეიძლება. დღემდე ეს ღირსეული მოძღვრება ჩვენამდე აღწევს ყველა იმ ბარიერის გავლით, რომელსაც კათოლიკური ეკლესიის სოციალური სწავლების ყველა დამახინჯება წარმოშობს.

იდეებით აღსავსე სამყაროში, რა თქმა უნდა არსებობს ისეთი ძალა, რომელიც დიალექტიკურ პროცესში, კვლავ და კვლავ ცდილობს, ლიბერალიზმის გამოდევნას საკუთარი ჩარჩოებიდან. ლიბერალიზმისთვის დამახასიათებელი ეს ძალა, გონების მოხმობის გზით ადამიანის თვითგანთავისუფლებაში მდგომარეობს და გულისხმობს  წინააღმდეგობების მოცილებას, ადამიანის ემანსიპაციასა და მისი ავტონომიურობის მიღწევას. ქრისტიანობის ბუნებრივ სამართალში ეს ძალა კიდევ მართვადია, თუმცა სქოლასტიკის ზოგიერთ მიმართულებაში, შეუძლებელია ამბოხის მცდელობები არ შეამჩნიო და ისეთი ადამიანები, როგორიცაა მაგალითად აბაელარდი (Abaelard), ერაზმუსის (Erazmus) წანამორბედად მოგეჩვენოს. შემდგომში ლიბერალიზმი, სულ უფრო სწრაფად და სულ უფრო მეტი გამბედაობით იძენს თანამედროვე ნაკვთებს. ის, სულ უფრო ნაკლებად უხმობს გონიერებას და ეგუება ინდივიდის თავისუფლების მზარდ შეზღუდვებს. შესაბამისად, რაც უფრო შორს მიყვება იგი ამ დინებას, მით უფრო უახლოვდება იმ საშიშ მორევს, რომელიც მას საბოლოოდ შთანთქავს.

განვითარების ამ სარისკო მიმართულებებმა არ უნდა შეგვიქმნას მცდარი შეხედულება, თითქოს ლიბერალიზმის არსი ფაქტების გაზვიადებაში მდგომარეობს. ამის უფრო მკაფიოდ გამოსახატავად, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ლიბერალიზმი არის არა ქრისტიანობის მოღალატე, არამედ მისი კანონიერი, სულიერი მემკვიდრე და მხოლოდ ისტორიული რეტროსპექტივების შემოკლებას შეუძლია მიგვიყვანოს “ლიბერალიზმისა” და “ლიბერტინიზმის” აღრევამდე. სოციალური ფილოსოფიის სფეროში იგი ანსახიერებს ყოველივე საუკეთესოს, რისი შექმნაც მოასწრო დასავლურმა აზროვნებამ სამი ათასი წლის განმავლობაში: ბუნებრივი სამართალი, პიროვნების კულტურა, ყოვლისმომცველობა. ხოლო თუკი ყოველთვის არ ვიცოდით ქრისტიანული მოძღვრების გავლენის მასშტაბი ყველაზე რადიკალურ, გვიანლიბერალურ კრიტიკოსებსა და რაციონალისტებზე, დღეს ეს უკვე ნათლად ჩანს.

მაგრამ ლიბერალიზმი უძრავი დოგმატი არ არის. პირიქით, ის ყოველთვის შემოქმედ ძალას წარმოადგენს, რომელიც ისევ და ისევ იცავს დასავლეთს უძრაობისაგან. ის ყოველთვის ამხელს ტყუილსა და ძალადობას და თავისუფლებასა და შეზღუდულობას შორის ჭიდილს უზრუნველყოფს, რომელიც ჩვენი ცივილიზაციის დიდებასა და საშიშროებას წარმოადგენს. უზრუნველობის ხარისხზე დამოკიდებულებით, რომლითაც ეს ძალა ჩვენზე მოქმედებს, ვიღებთ ლიბერალიზმის იმ ხარისხებს, რომლის ერთ ბოლოშიც ვეჭვობთ, რომ შეიძლება ეს კონსერვატიზმი იყოს, ხოლო მეორე ბოლოში – ანარქიზმი. ლიბერალიზმის ამ მრავალფეროვნებას როცა ვაცნობიერებთ, შესაძლებელია ჩამოვთვალოთ მისი უმთავრესი ნიშნები და ისინი ერთმანეთს დავუკავშიროთ.

რა არის ლიბერალიზმი? ის “ჰუმანურია” იმ გაგებით, რომ ადამიანის იმ ბუნებიდან გამომდინარეობს, რომელსაც სიკეთის კეთება შეუძლია და რომელიც მხოლოდ საზოგადოებაში ვლინდება; ადამიანის დანიშნულებიდან, რომელიც მატერიალურ არსებობაზე მაღლა დგას; პატივისცემიდან, რომელსაც ყოველი ადამიანი თავისი უნიკალურობის გამო იმსახურებს და კრძალავს მის, როგორც “საშუალების” გამოყენებას და დამცირებას. ლიბერალიზმი იმიტომ არის ინდივიდუალისტური, უკეთესად რომ ვთქვათ პერსონიფიცირებული, რომ იგი ესატყვისება ქრისტიანულ მოძღვრებას იმის შესახებ, რომ ყოველი ადამიანის სული უშუალოდ ღმერთს ეკუთვნის და მასვე დაუბრუნდება, როგორც ერთიანი მთელი. ამიტომ უმაღლესი ყოფიერება (Wirkliche) ცალკეული ადამიანია და არა საზოგადოება მთლიანად, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ადამიანი თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მხოლოდ საზოგადოებაში, მის სამსახურსა და თავგანწირვაში ეძებდეს.[4]. ამიტომაა ლიბერალიზმი “ანტი-ავტორიტარული”, ანუ მიუხედავად მზადყოფნისა მისცეს კეისარს-კეისრისა, ის კეთილგონიერად ერიდება საზოგადოების შესახებ ყველა იმ რომანტიკულ შეხედულებას, რომელიც სახელმწიფოს თვალსაჩინო მისტიკურ კულტად, სუპერორგანიზმად ან თუნდაც ღმერთად აქცევს და მამაცად ეწინააღმდეგება მას, როცა იგი იმაზე მეტს მოითხოვს, ვიდრე კეისარს ეკუთვნის.

ამიტომაა ლიბერალიზმი უნივერსალური; ანუ ჰუმანურობასთან და ანტიავტორიტარულობასთან ერთად პატივს სცემს ადამიანის პიროვნებას, როცა იგი სახელმწიფოს გაღმერთებას ეწინააღმდეგება, ის უძალიანდება პატრიოტიზმის ნაციონალიზმად გადაქცევას და ამდაგვარად, მაკიაველიზმად და იმპერიალიზმად. ყველაფერთან ერთად, იგი რაციონალურია იმაშიც რომ, როგორც ჰუმანისტი, ყველა ადამიანს მიაწერს გონებას და როგორც პერსონალისტი, მასში “ადამიანის უდიდეს ძალას” ხედავს. მაგრამ, როგორც ანტიავტორიტარული და უნივერსალური სოციალური ფილოსოფოსი, გონებას აქცევს მოსამართლედ, რომლის წინაშეც ადამიანურმა უგუნურებამ, სიცრუემ და ქილიკმა პასუხი უნდა აგოს. თითქმის ამოუწურავია ის კითხვები, რომლებიც ლიბერალიზმის თითეულ მნიშვნელობასთანაა დაკავშირებული. ჩვენი შემდგომი კვლევებისათვის გვინდა ავიღოთ მხოლოდ ერთერთი მათგანი, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ ნათელი მოვფინოთ ზოგიერთ მცდარ შეხედულებას და განვსაზღვროთ ნათესაური კავშირი ლიბერალიზმსა და დემოკრატიას შორის. როცა ჩვენ ვაჩვენებთ ლიბერალიზმის ანტიავტორიტარიზმის ხარისხს, ამით გვინდა ყოველთვის ბოლომდე გადაულახავი უნდობლობა გამოვხატოთ, რომელსაც ყველა დროში განიცდის ნამდვილი ლიბერალი, ნებისმიერი სახის ძალაუფლების: პოლიტიკურის, სულიერის თუ ეკონომიკურის კონცენტრაციის მიმართ. იაკობ ბურქჰარდტი (Jacob Burckhardt) იმეორებდა შლოსერის (Sclosser) ფრაზას, იმის შესახებ, რომ ძალაუფლება თავისთავად ბოროტებაა, ჭეშმარიტ ლიბერალურ აზრს კი უკიდურესი ფორმით აძლევს განმარტებას. ისეთი კათოლიკე-ლიბერალები, როგორებიცაა ა. დე თოკვილი (A. de Tocqueille) და ლორდი ექთონი (Lord Acton), იგივეს ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით[5] .

აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ საყვედური იმის შესახებ, თითქოს ლიბერალიზმი ზედმეტად ოპტიმისტურადაა განწყობილი ადამიანის ბუნების მიმართ, არასწორია. ლიბერალიზმისთვის არაა დამახასიათებელი რუსოს ოპტიმიზმი, რომელიც მიდის ანტილიბერალურ დასკვნამდე, მაგრამ “პასკალის სკეპტიციზმი” სხვადასხვა ვარიანტის რეალიზაციის საშუალებას იძლევა: „homme n’est ni ange ni bete; et leamlheur veut que qui vent que qui vent fair l’ange fait labete ”[6] . მას, ისევე, როგორც პასკალს სჯერა, როგორც ადამიანის ”gradeur”[7] ასევე ”bassesse”[8] და რადგანაც იგი ანგარიშს უწევს ორივეს და მისი ყველა ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ შეძლებისდაგვარად წაუყენოს ადამიანებს ისეთი პირობები, რომლებიც არ აცდუნებენ მათ, და არც საშუალებას მისცემენ, რომ წინააღმდეგობების გარეშე დაიკმაყოფილონ თავიანთი მიწიერი ვნებები. მას არ სჯერა ისეთი ეკონომიკური და სოციალური სისტემის პრაქტიკულობის, რომელიც წმინდანებსა და გმირებს მოცავს. ეფექტიანია მხოლოდ ის სისტემა, რომელიც ანგარიშს უწევს ჩვეულებრივ ადამიანებს. ის არავითარ შემთხვევაში არ არის მორალისტი, რომელიც ვერ ხედავს, რომ არ შეიძლება ადამიანების ცხოვრების ზედმეტად გართულება და ამგვარად, ლიბერალი სავსებით ეთანხმება მორალური თეოლოგიის პრინციპებს. იგი რეალისტია, რომელსაც არ უკვირს “შავი ბაზრების”, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ ინფლაციის ხელშემწყობი “უგუნური ფინანსური პოლიტიკით” წინასწარ შექმნა ამისათვის პირობები. მას სჯერა, რომ დედამიწა უკეთ ბრუნავს, როცა არ უჩრიან ღერძს, “წისქვილის ქვას, როცა ის ფქვავს” (მოსეს მეხუთე წიგნი 25, 4). ის ხედავს, რომ გარკვეული ინსტიტუტების მეშვეობით, შესაძლებელია ინდივიდუალური ინტერესების კოორდინირება საერთო ინტერესებთან. ერთ ასეთ წარმატებულ ინსტიტუტად მას მიაჩნია საკუთრება, ხოლო მეორედ – კონკურენცია, თუ ისინი მართლაც ახდენენ მოცემულ კოორდინაციას. გარდა ამისა, ასეთივე წარმატებულად მიაჩნიათ, იმ ავტომატურ და უპიროვნო თანხმობისა და  ანაზღაურების სისტემას, რომელიც შეეფერება პასუხისმგებლობაზე, საკუთრებასა და კონკურენციაზე დამყარებულ ეკონომიკას. ლიბერალი თვლის პრაქტიკულად ამ სისტემას არა ოპტიმისტობის, არამედ  რეალისტობის გამო. ფრანგი ფილოსოფოსი წერს: „Tout systeme…social qui contribue a rende necessaries, pour la majorite des homes et dans la conduite ordinaire de leur vie, des vertus essentiellement aristocratiques, s’avere par la malsain”[9]. შეიძლება მან არ იცოდა, რომ ამით ლიბერალური სოციალური ეთიკის ფორმირება უზრუნველყო.

ლიბერალი ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს ძალაუფლების ნებისმიერ კონცენტრაციას, რადგან იცის, რომ ძალაუფლებას, რომელიც არ კონტროლდება საპირისპირო ძალების მეშვეობით, ყოველთვის ბოროტად გამოიყენებენ. იგი ადამიანის თავისუფლების გადარჩენის მხოლოდ ერთ რეალურ საშუალებას ხედავს, რაც დეცენტრალიზაციასა და ხელისუფლების კონკურენციის შექმნაში გამოიხატება. იგი აშენებს ინსტიტუციონალურ ბარიერს იაკობინიზმის საშიშროების წინააღმდეგ, რომელშიც ყოველი ელემენტი ლიბერალიზმის ბეჭდითაა აღნიშნული, რადგანაც ისინი ძალაუფლების მქონე გაერთიანებებისაგან ხალხის დასაცავად მოქმედებენ. აქედან გამომდინარე, ყველაზე ჯანსაღ და ძლიერ დემოკრატიებად ისინი ითვლებიან, ვინც შემდეგ გამაწონასწორებელ და გამაძლიერებელ ინსტიტუტებს ეყრდნობა: პარლამენტის ძალაუფლების შეზღუდვა, სახელმწიფოს ფედერალური მოწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ორპალატიანი სისტემა, ხელისუფლების მკაცრი დანაწილება, საზოგადოების დანაწევრება, მონარქია ან სისტემა პრეზიდენტის ფართო უფლებებით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სამართლებრივი სახელმწიფოს ურღვევი იდეა და ისეთი სული, რომელიც პიროვნულ თავისუფლებას არ გაცვლის თანასწორობის იდეაზე. ესენი ის დემოკრატიები არიან, რომლებმაც თანაბარი მნიშვნელობით აღიარეს დემოკრატიული მიდგომა ხელისუფლების აღსრულების წესზე და ლიბერალური აზრი მისი შინაარსის განსაზღვრის შესახებ.

ხალხის ძალაუფლების და მისი თავისუფლების აღრევა, რომელიც საფუძვლად უდევს იაკობინიზმს, თავის სულიერ მეწყვილეს პოულობს ლიბერალიზმის და დემოკრატიზმის არევაში. ყველაფერი შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ ლიბერალიზმი უსამართლოდ დაადანაშაულონ იმაში, რაც სინამდვილეში დემოკრატიის ბრალია. სამწუხაროდ, სხვა ყველაფერთან ერთად, უამრავი უბედურების მომტანი თანამედროვე ნაციონალიზმი, ლიბერალური აზრის ბუნებრივ შედეგად ითვლება. სინამდვილეში კი, ამ მახინჯი ბავშვის მამობაში დემოკრატია უნდა დავადანაშაულოთ.

თავად ლიბერალებსაც შეუძლიათ შესცოდონ, რაც ჩანს იმ როლში, რომელიც XIX საუკუნის გერმანულმა ლიბერალიზმმა, ანუ იმან, რაც ამ სახელწოდებით ინიღბებოდა, ითამაშა გერმანული ნაციონალიზმის აღმოცენებაში.[10] ლიბერალიზმს ასევე შეიძლება ვუწოდოთ დეცენტრალიზმი, ხოლო მის მოწინააღმდეგე ბანაკს, რომელშიც ნაციონალიზმი, აბსოლუტიზმი და ავტორიტარული კონსერვატიზმი ერთიანდებიან  – ცენტრალიზმი. კარგი იქნებოდა, თუ ამ გასაგებ გამოთქმებს მომავალში უფრო ხშირად გამოვიყენებდით. მაშინ უფრო ადვილი გასაგები იქნებოდა, ყოველი ჩვენგანი, სინამდვილეში რომელ ჯგუფს მიეკუთვნება და ეს გაუგებრობა ტერმინებში, ცოტათი მაინც შემცირდებოდა. აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ ცენტრისტული ლიბერალიზმი საკუთარ თავს უარყოფს.

როდესაც ლიბერალი დეცენტრალიზაციის იდეას ყველა სფეროში წარმოადგენს, იგი მთელი კაცობრიობის გამოცდილებიდან მომდინარე სიბრძნით ხელმძღვანელობს. ამგვარად ის ხდება ხელისუფლების დანაწილების, ფედერალიზმის, ადგილობრივი თვითმმართველობის, თავისუფალ სფეროებში სახელმწიფოს ჩაურევლობის, „corps intermediaries” (Montskuieu), სულიერი თავისუფლების, საკუთრების, როგორც ეკონომიკური არსებობის ნორმალური ფორმის, ეკონომიკური და სოციალური დეცენტრალიზაციის, მცირე და საშუალო მეწარმეობის, ეკონომიკური და სულიერი კონკურენციის, ეკლესიების უნივერსალურობის და სოციალური დიფერენციაციის იდეის დამცველი. ამგვარად, ის ხდება პოლიტიკური, ეკონომიკური და სულიერი ცენტრალიზმის, მონოპოლიის (მათ შორის სახელმწიფოს), კოლექტივიზმის, გიგანტური სისტემების, მასიურობის, მეგაპოლისების, სიმდიდრის დაგროვების და იმპერიალიზმის შეურიგებელი მოწინააღმდეგე.

ასე განისაზღვრება ლიბერალიზმისა და დემოკრატიის ახლონათესაური დამოკიდებულება, რომელიც გარკვეულ დაძაბულობას არ არის მოკლებული და  შეიძლება ღია დაპირისპირებაში გადაიზარდოს მაშინ, როცა მონტესკიეს სიტყვებით, “არსებობს საშიშროება ხალხის ძალაუფლება საკუთარ თავისუფლებაში აგერიოს”[11]. საქმე იმაში კი არ არის, რომ ლიბერალის აზრს ემთხვევა ის, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმურობის ერთადერთ წყაროდ, ის ხალხის თანხმობას მიიჩნევს და ეთანხმება ლინკოლნის სიტყვებს: ”No man is good enough to govern another man without that others’s consent” (“არ არსებობს ადამიანი, რომელიც იმ დონეზე კარგია, რომ მართოს სხვა ადამიანები, მათი თანხმობის გარეშე”). ამ თვალსაზრისით ლიბერალი ამავდროულად დემოკრატიცაა. მაგრამ, რამდენადაც იგი ადამიანის პიროვნებიდან და მისი უფლებებიდან გამოდის, მისთვის მთავარია არა მარტო ის, თუ ვინ იქნება ხელისუფალი, არამედ ისიც, რომ იგი ტირანად არ იქცეს.[12] მმართველობის სხვა ფორმებთან შედარებით, დემოკრატიაში, მას ყველაზე მეტად სწორედ ამის ეშინია. იმის მისტიკური რწმენა და მასების გაბრუება, რომ ხალხს საკუთარი თავის დამონება არ შეუძლია, მარტივად შეიძლება დარჩეს მუხრუჭების გარეშე, რომლებიც სხვა შემთხვევაში ამოქმედდებოდა. შედეგად, სახელმწიფო გარდაიქმნებოდა დაუოკებელ ტირანად საშინაო საკითხებში და შეიარაღებულ ბრბოდ – საგარეო ურთიერთობებში.

ლიბერალი არის მონტესკიეს და არა რუსოს მომხრე, ”Esorit des Lois“ და არა „Contrat Social“, წიგნისა რომელსაც ერთერთმა უდიდესმა ლიბერალმა-მოაზროვნემ ბენჯამინ კონსტანმა (Benjamin Constant) უწოდა “Le plus terrible auxiliaire de tous genres de despotisme“ (ყველაზე საშინელი დამხმარე საშუალება ყველა სახის დესპოტიზმისათვის).[13] რამდენადაც თავის რეალისტურ ანთროპოლოგიაში არ სწამს “ბრძენი და კეთილი ხალხისა” (le people sage et vertueux), რომელიც დემოკრატიული მისტიკის საფუძველია და ეჭვის თვალით უყურებს ძალაუფლების ნებისმიერ კონცენტრაციას, ამიტომ ძალის ნებისმიერი ბოროტი გამოყენება ხალხის სუვერენობით ინიღბება და ტირანულ სახელმწიფოს ყოველთვის შეუძლია წაგვიყენოს დემოკრატიულობის ალიბი.[14] ლიბერალმა იცის, რომ ერთადერთი გამოსავალი საპირისპირო ძალების არსებობა და დეცენტრალიზაციაა.

 

მომავალი ლიბერალიზმის კრიტიკა

ჩვენ მივადექით ლიბერალიზმის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც აუცილებლად უნდა აწუხებდეს მას, ვინც ლიბერალიზმის ამაღლებულ, პარტიებისა და კონფესიების კამათისაგან მოშორებულ იდეებს აღიარებს და ვისაც იგი ჭკუიდან გადაჰყავს ერთი კითხვის გამო, შეუძლია კი მას საერთოდ უწოდოს საკუთარ თავს ლიბერალი? რა მოუვიდათ ამ ტრადიციებს ბოლო ორი ასწლეულის განმავლობაში? რა ყლორტები იზრდებოდნენ ჩვენს ხეზე?

ჩვენ ახლა მოგვიწევს მკაცრად ვისაუბროთ შეცდომების შესახებ და მთლიანად დავრწმუნდეთ იმაში, რომ ლიბერალიზმის დღევანდელი კრიზისი  თანამედროვე საზოგადოების კრიზისია, ნაწილი, რომელშიც ბრალი განვითარების მცდარი გზის გამო ლიბერალიზმსაც მიუძღვის. რადგანაც ჩვენ, ამ პრობლემის გადაჭრისას საკმაოდ კორექტულები უნდა ვიყოთ, საჭიროა სამი პრობლემის მაგალითზე ჩამოვთვალოთ უმთავრესი აზრები. პირველი ეს არის ლიბერალიზმის დამოკიდებლება გონების ფუნქციასთან, მეორე _ დამოკიდებულება საზოგადოებასთან და მესამე – ეკონომიკასთან. ამგვარად, ლიბერალიზმი წარმოგვიდგება შესაბამისად, როგორც რაციონალიზმი, ინდივიდუალიზმი და ეკონომიკური ლიბერალიზმი. ამასთან დაკავშირებით განვიხილოთ, რამდენად დამღუპველი იყო ჭეშმარიტი გზიდან აცდენის შედეგები. რაც შეეხება რაციონალიზმს, მე აღარაფერი მაქვს დასამატებელი იმისათვის, რაც აღვწერე ჩემს წიგნებში “თანამედროვეობის საზოგადოებრივი კრიზისი” და “ჰუმანური საზოგადოება”.

ძალიან იშვიათად ვხვდებით ლიბერალიზმის ასეთ საშიშ გაორებას, როგორც ამ საკითხში. თუმცაღა ეს ძალიან ცოტას თუ მოწმობს რაციონალიზმის, ისევე როგორც ადამიანის ყველა სხვა მისწრაფების წინაამდეგ, საღად აღიქვას ჩვენი ცხოვრების მუდმივი სიძნელეები. თუმცა, სწორედ ამ გაორებას მივყავდით, ბოლო ასწლეულების განმავლობაში, მცდარი შეხედულებებისაკენ, რომლის საშინელ შედეგებსაც მხოლოდ დღეს ვაცნობიერებთ. ლიბერალურ რაციონალიზმს შეუძლია გამოდევნოს ლიბერალიზმის ფუნქციები და გადაიქცეს პროცესად, რომელიც ხრწნის ლიბერალიზმს და საბოლოო ჯამში აუქმებს მას. გონება, “ადამიანის უდიდესი ძალა” წარმოადგენს დასავლური ცივილიზაციის მნათობს, რომელიც აერთიანებს ადამიანებს არა ცხოველურ, არამედ უმაღლესი სულიერების დონეზე და რჩება ყოველთვის ლიბერალიზმის უძვირფასეს ნაწილად. როცა ჩვენ ზედმეტად ვუახლოვდებით ამ მნათობს, გონების გამოყენების დაშვებულ საზღვრებს ვცილდებით და “ფაეტონივით” ვენარცხებით ძირს. მაშინ ლიბერალი იქცევა ისეთ რაციონალისტად, რომელსაც აღარ სწამს არანაირი ობიექტური ნორმების და თავისუფალი გონებით, ეჭვქვეშ აყენებს და ხრწნის მათ. ლიბერალს, როგორც მუდმივ რევოლუციონერს სწამს, რომ ყოველთვის ყველაფერი შეიძლება დაიწყო თავიდან და არაფერი იცის “ღმერთის სიყვარულის შესახებ, რომელიც გონებაზე მაღლა დგას”. მან ისიც არ იცის, რომ ადამიანი დაკავშირებულია ისტორიასთან და ბუნებასთან, რომელიც აუცილებლად ანგარიშგასაწევია, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ადამიანს გააჩნია ტექნიკური აზროვნება და  ფლობს უდიდეს ძალას, თუნდაც ატომური ბომბის სახით, რომელსაც შეუძლია რამდენიმე წამში გაანადგუროს მთელი ცივილიზაცია. იმავდროულად, იგივე რაციონალისტი უგუნურად ეწინააღმდეგება საზოგადოების სულიერ პრობლემებს. ამიტომ ჩვენ მივალთ მოთმინების იმ ფორმამდე, რომელიც აღარ წარმოადგენს უსიტყვო მორჩილებასა და გრძელსულოვნებას. XIX საუკუნის ფრანგი ესეისტი ლ. ვენილოტი სავსებით სამართლიანად დასცინოდა მოთმინების ამდაგვარ ფორმას და ამბობდა: “როცა მე ყველაზე სუსტი ვარ, მოვითხოვ თქვენგან თავისუფლებას იმიტომ, რომ ეს თქვენი პრინციპია, ხოლო გართმევთ მას, როცა მე ყველაზე ძლიერი ვარ, იმიტომ, რომ ეს ჩემი პრინციპია”, და როგორც ერთერთი მოძღვარი ამბობდა “მიმტევებელი ქმარი – ცუდი პატრონია”.

მაშინ ჩვენ მივალთ ისეთ რელატივიზმამდე, რომელიც ანადგურებს ყველა ღირებულებას და ნორმას, თავისი აზროვნებით წარმოაჩენს მხოლოდ საკუთარ თავს; ისეთ მატერიალიზმამდე, რომელიც საუბრობს მატერიალურ საწარმოო ურთიერთობებთან სულიერ შეთანაწყობაზე; ისეთ ფსიქოლოგიზმამდე, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევს იდეების ბინძურ გამოაშკარავებას და ისეთ მოვლენებამდე რომლებსაც ეჭვი ეპარებათ პოზიტივიზმისა – სამართალში, ესთეტიზმისა – ობიექტურ სილამაზეში, პრაგმატიზმისა – ობიექტურ ბოროტებასა და სიკეთეში, იდეოლოგიზმისა – იდეურობაში. მაშინ ჩვენ გადავალთ სამოქალაქო წყობიდან, რომელშიც, ისევე როგორც ევროპის ისტორიის საუკეთესო წლებში, პროგრესული ძალები უნდა გაერთიანდნენ კონსერვატულ ძალებთან, ბურჟუაზიაში, რომელიც ავლენს დეკადენტობის ყველა ნიშანს. ამ დროს დადგება მომენტი, როცა terrible simplificateur საბოლოოდ დაანგრევს შინაგანად გამოფიტულ და რამდენიმე ფრაზით შენარჩუნებულ სამყაროს. ლიბერალური ცივილიზაცია შეიცვლება არალიბერალური ჯოჯოხეთით, რომლის “ბარბაროსობად” წოდება პატიოსანი ველურებისათვისაც კი, შეურაცხმყოფელი იქნებოდა.

ძნელი წარმოსადგენი არაა რა ნაყოფს გამოისხამს ლიბერალიზმი, როცა პოლიტიკურ ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში. მათემატიკურ ლოგიკას არ შესწევს უნარი აღიქვას საზოგადოების ისტორიული გონი და არც მისი გეომეტრიული აღნაგობა. მისი ეს ლოგიკა წარმოშობს რევოლუციურ აზროვნებას, რომელსაც იმ რწმენისაკენ მივყავართ, რომ მანქანისა და ატომური ბომბის გაკეთებასთან ერთად, საზოგადოების ხელოვნურად შექმნაც შეიძლება. ამ შემთხვევაში ადამიანი, როგორც ჰომო ფაბერი, დაგვისაკუთრებს უბრალო მოკვდავებს იმისათვის, რომ გაგვხადოს ეკონომიკური, მორალური და პოლიტიკური ექსპერიმენტებისა და გაგმების ობიექტად, რომლის შედეგებსაც ვინმე თავხედი მიისაკუთრებს და მაშინ გავხდებით ზუსტად იმ საშიში ინდივიდების მსხვერპლნი, რომელნიც ჩვენში მხოლოდ ცხენის ძალას, კატალიზატორს, მოლეკულას, საჯიშე საქონელს ან ვირთხებს ხედავს. ჩვენ ვთხოვთ მათ არ გააკეთონ ეს, თუნდაც იმ ფილოსოფიის ხათრით, რომელსაც თანაბარად შეიძლება ვუწოდოთ, როგორც ჰუმანიზმი, ასევე ქრისტიანობა და ნამდვილი ლიბერალიზმი. რამდენადაც რაციონალისტურ ლოგიკას არ სურს გაიგოს ადამიანური ბედნიერების ეს ძვირფასი პირობები, რომელიც ბუნებასთან, სამსახურთან, საზოგადოებასთან ურთიერთობისას ვლინდება, აქედან გამომდინარეობს ურბანისტული აზროვნების უუნარობა, გაიგოს ბუნებრივი წესრიგის ფორმა და დიდ ქალაქებში, ქარხნებსა და პროლეტარულ მასებში პროგრესის ნიშნებზე და მწარმოებლურობის ზრდის საშუალებებზე მეტი დაინახოს.

ახლა კი ჩვენ დავინახავთ, რომ ასეთი რაციონალიზმი ამახინჯებს ადამიანსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობებს. თუ ჩვენ გავბედავთ და ამ დამახინჯებას ინდივიდუალიზმს ვუწოდებთ, მივხვდებით, რომ მისი ფატალური შეცდომა ორგვარია: პირველ რიგში ის უარყოფს ჭეშმარიტებას, რომელიც შეიძლება ყველაზე ნაკლებად შენიშნოთ ტიონიესის (Tonnies) “საზოგადოების და საზოგადოებრიობის“ ურთიერთდაპირისპირებაში, და ყველაზე მეტად იმ ფაქტის ცნობაში, რომ საზოგადოება არის ცალკეული ნაწილების ჯამისაგან განცალკევებული მთლიანობა; რომ არსებობს სოციალური ინტეგრაციის სტანდარტული აღნიშვნა, მისი ნაწილების შეერთება, რომელიც შეესაბამება ჯანსაღ საზოგადოებას და რომელიც ერთადერთია, ვინც პასუხს აგებს თავისუფლებისა და წესრიგის გაწონასწორებაზე. როცა ლიბერალური ინდივიდუალიზმი ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევდა, ამით ძალიან უწყობდა ხელს თანამედროვე საზოგადოების გახრწნას. ამასთანაა დაკავშირებული სხვა, არანაკლებ დამღუპველი შეცდომა, რომელსაც ჩვენ შევხვდით ლიბერალიზმის პასივის ანგარიშისას და აქ ეს შეცდომა ისევ ჩნდება. საქმე შემდეგში მდგომარეობს: ის, ვინც საზოგადოებას ინდივიდუუმების უბრალო გაერთიანებად თვლის, რომელიც შეიმეცნება ცალკეული პირის ლოგიკური აზროვნებით, აუცილებლად იხიბლება იმით, რომ ჯერ ერთი, საზოგადოებაში არ უნდა იქნეს დაშვებული ყოველივე ის, რაც არ წარმოადგენს ცალკეული ინდივიდის ცნობიერების ნაყოფს, ანუ არაფერს, რაც არაა დაგეგმილი და უამრავი ინდივიდუალური გადაწყვეტილების უნებლიე პროდუქტია, როგორიცაა მაგალითად რკინის ფასი, ვალუტის კურსი ან სესხის პროცენტი; და მეორე, ადამიანის გონებას შეუძლია არამარტო ჩაწვდეს საზოგადოებისა და ეკონომიკის მთლიანობის პირობებს, არამედ ისინი საერთო გეგმის მიხედვით მართოს.[15]

ლიბერალიზმის საფუძველზე წარმოშობილი ინდივიდუალიზმის ამ შედეგს სასწაული რამ დაემართა: ლიბერალიზმმა საკუთარი თავი უარყო და იქცა კოლექტივიზმად. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ ცალკეული პიროვნების და გონის დამცველად გავევლინება, სინამდვილეში ამახინჯებს ლიბერალიზმის ყველა ჭეშმარიტ იდეალს და მიდის მარქსიზმამდე – კოლექტივიზმის ყველაზე გავრცელებულ ფორმამდე, რომელსაც მისმა შემქმნელმა “წითელმა პრუსიელმა”, ისეთი ანტილიბერალური დაღი დაასვა, რომ ამის შემდეგ სოციალიზმის ისტორია, ორი შეურიგებელი პრინციპის ბრძოლაა, მთელი თავისი შეცდომებითა და ტანჯვით. ეს არის იმ ადამიანების ისტორია, რომლებმაც ზუსტად არ იციან ვის მხარეს იმყოფებიან.

ამგვარად, ჩვენ შევეხეთ მესამე პრობლემას: ლიბერალიზმის ეკონომიკურ შედეგებს. აქ შეიძლებოდა გაურკვევლობებისათვის და კამათისათვის მხარი აგვექცია, თუ ყველა მხარე, მათ შორის ლიბერალების ბანაკიც, შეიგნებდა, რომ ე.წ. კლასიკური ლიბერალიზმის იდეალი – თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, არ წარმოადგენს სულიერი და პოლიტიკური ლიბერალიზმის უპირველეს მიზანს. საფონდო ბირჟები, პროცენტი ან თავისუფალი სავალუტო ბაზრები, არ წარმოადგენს იმ მიზანს, რომელთა გულისთვისაც ბარიკადების აღმართვა ღირს. მშვენიერად შეიძლება წარმოვიდგინოთ ისეთი ლიბერალური საზოგადოება, რომელიც ძირითადად არაფრის მომთხოვნი გლეხებისგან შედგება, რომლებმაც არ იციან არც საფონდო ბირჟა, არც ბანკები და არც ვალუტა. შესაძლებელია ასეთი საზოგადოება საუკეთესო ყოფილიყო. შეიძლება ასეთი ხედვა, ზოგიერთ მცდარ შეხედულებას სპობს და გვაჩვენებს, რომ საერთო და ეკონომიკური ლიბერალიზმი – “ლიბერალიზმო” (liberalizmo) და “ლიბერიზმო” (liberizmo) კროსეს ენაში – არ არის ერთი და იგივე და არ არიან აუცილებლად ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ეს არაფერს ცვლის იმასთან მიმართებით რომ, ისეთ მაღალგანვითარებულ ეკონომიკაში, სადაც მოქმედებს შრომის საერთაშორისო დანაწილება, მხოლოდ საბაზრო ეკონომიკას შეუძლია განსაზღვროს ბაზარზე ისეთი წესრიგი, რომელიც დაიცავს სულიერი და პოლიტიკური ლიბერალიზმის იდეალებს. ეს მაშინ, როდესაც კოლექტივიზმი აუცილებლად დაიწყებს სახელმწიფოებრივი, სამართლებრივი და კულტურული ლიბერალური სისტემების ნგრევას მაშინაც კი, როცა იგი არა უგვანო ანტი-ლიბერალი სოციალისტების, არამედ სასიამოვნო შესახედაობის “ლიბერალების”, ანუ ანტიტოტალიტარული ძალის მიერ ხორცილდება. ლიბერალისთვის, ისევე როგორც “ლიბერალი” სოციალისტისათვის, საკითხი ეკონომიკური სისტემის შესახებ, წარმოადგენს მხოლოდ იარაღს საერთო ეკონომიკური მიზნების მისაღწევად. ეჭვგარეშეა ის, რომ ამ კამათში სოციალისტი ლიბერალი ტყუის მანამ, სანამ იმ სოციალისტებისგან, რომელთა გადარწმუნებაც შეუძლებელია, უკეთეს შემთხვევაში – დაპირებებისა, ხოლო უარეს შემთხვევაში ცუდი განწყობის გამოხატვის გარდა არაფერი გვესმის.[16] იმ სოციალისტების რიცხვი, რომლებთანაც საბოლოო მორიგება შესაძლებელია, იქნება იმდენად დიდი, რამდენადაც ლიბერალი დაიწყებს ეკონომიკური ლიბერალიზმის სერიოზული შეცდომების ხაზგასმას. მაგრამ ეს იქნება ლიბერალიზმი, რომელიც მხარს უჭერს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს იმ ფორმით, რომლებიც სადღეისოდ სავსებით უსაფუძვლოა.

ამის მიზანი იქნება სოციალისტებთან გაერთიანება და იმ მდგომარეობის კრიტიკა, რომელიც ასეთი ლიბერალიზმის შედეგია.

ამგვარი მშვიდობის დამყარება ორივე მხარისათვის უფრო იოლი უნდა იყოს, იმის გაგების შემდეგ, რომ ლიბერალებს და ლიბერალ სოციალისტებს ჰყავთ ძალიან ბევრი საერთო სულიერი წინაპარი, რომლებიც ერთად ხელმარჯვეობდნენ იმ ქვეყანის შენებაში, რომელიც შეიძლება დღეს დაინგრეს და ჩაიტანოს თან ყველაფერი ის, რაც ორივე მხარისათვის თანაბრად ძვირფასია. მაგრამ ამასთან ერთად წარმოიშვა ისეთი სიტუაცია, რომ აუცილებელი გახდა საერთო ფრონტში არამარტო ლიბერალი და ლიბერალური სოციალისტი ჩაერთოს, არამედ ყველა, ვინც იზიარებს სეკულარული ლიბერალიზმის იდეებს, მაგრამ არა თავად ტერმინს. თუ ეს ყველაფერი გასაგებია, მაშინ ჩვენ შეიძლება ისეთ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რომელიც ჩვენ ყოველდღიურ კამათზე, გაცვეთილ სახელებსა და იდეოლოგიებზე მაღლა აგვიყვანს. მაგრამ ამ სიმაღლეს ჩვენ მივაღწევთ იმ შემთხვევაში, თუ უმკაცრესი კონტროლის შემდეგ დამამძიმებელ, ზედმეტ ტვირთს მოვიშორებთ და მხოლოდ ღირებულით შემოვიფარგლებით. მაშინ ჩვენ აუცილებლად აღვნიშნავთ, რომ ჩვენმა უმრავლესობამ გადაწყვიტა სულის ასეთი შემოსვა, რომელიც მე აღვწერე და ლიბერალიზმის კულტურული იდეალი ვუწოდე. არასწორია, როდესაც ზოგიერთი მას სხვანაირად უწოდებს.

 

შენიშვნები:

[1] როგორც მაგალითად მის წიგნში “ერეტიკოსები” (ლონდონი, 1905);

[2] ო. შპენგლერი, “ Preussentrum und Sozialismus ” 1920, გვ. 34;

[3] როცა ერნსტ ტროლჩი (Naturrecht und Humanitat in der Weltpolitiik, Weltwirschaftliches Archiv, 1922\3, S.489) ამბობს, რომ ქრისტიანობა იწოვდა ანტიკურ მსოფლხედველობას, როგორც “დამატება იმქვეყნიურ ცხოვრებასა და სამყაროს დასასრულისაკენ მიმართულ ეთიკაზე, უძლურს სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით”, ამიტომ შეიძლება ამის არასწორად გაგება. დიდი ბედნიერება იყო ის, რომ ბიბლია არ შეიცავს ისეთ უძრავ სოციალურ კოდექსს, როგორსაც შეიცავს ყურანი, მისი მადლით ავიცილეთ თავიდან მუსლიმანური სამყაროს თეოკრატიული უძრაობა. სამაგიეროდ ქრისტიანობა არა მარტო “იწოვდა” ანტიკური სოციალური ფილოსოფიის მოძღვრებებს, არამედ კონსერვატულადაც აჩერებდა მათ. ასევე თავისი მოძღვრების მეშვეობით ისინი აბსოლუტურად ახალ და მყარ ფუნდამენტზე დააყენა;

[4] იხილეთ, E. Gassi, Verteidigung des individuaiien Lebens, Bern 1947;

[5] შლოსერისა და ბუხკარტის ფრაზა შეიძლება დაუპირისპიროთ ექთონის სიტყვები powertends to corrupt, and absolut power corrupts absolutly” Historical Esseys and Studies, London 1907, s, 504) (ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად) ეს აზრი იყო გამოხატული სხვა ლიბერალის ფრაზაში The first lesson of history is that liberty depends on the division of power… The danger is not that particular class in unfit to govern-every class is unfit to govern…True liberty multiplicity of checking forces” (მერი დრიუს მიხედვით) ექტონი, გოდსონი და სხვები უკვე ციტირებული (1946,12 დეკემბრის) “Daily Telegraph” “ისტორიის პირველი გაკვეთილი მდგომარეობს იმაში, რომ თავისუფლება ძალაუფლების დანაწილებაზეა ამოკიდებული… საშიშროება არის არა იმაში, რომ გარკვეულ კლასს არ შეუძლია მართოს, – არცერთ კლასს არ შეუძლია მართოს.…                                                                          ჭეშმარიტი თავისუფლება დამოკიდებულია მაკონტროლებელი ძალების სიმრავლეზე”;

[6] “ადამიანი არც ანგელოზია, არც მხეცი, მაგრამ სამწუხაროდ არის ის, ვისაც სურს იყოს ანგელოზიც და მხეციც.” (ფრ.);

[7] “gradeur” – დიდება (ფრ.);

[8] “bassesse”- სიმდაბლე, სიბოროტე (ფრ.);

[9] Gustave Tribon, Diagnstics, არის 1942, გვ. 153;

“მიუღებელი აღმოჩნდება ნებისმიერი სოციალური სისტემა, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ ადამიანთა უმრავლესობის ყოველდღიურ ცხოვებაში აუცილებელი გახადოს ძირითადად არისტოკრატიული სიკეთეები”. (ფრანგ.);

[10] ნაციონალიზმის საწამლავი გერმანიაში გახდა იმიტომ, რომ იქ საფრანგეთის რევოლუციის დემოკატიული იმპულსი ესადაგებოდა რომანტიკის იმპულსს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან ანალიზს იმსახურებს ტროჩკეს (Treischke) შეხედულებების ევოლუცია “Die Freiheit” (თავისუფლება);

[11] comme dans les democraties ie people paraiy a pres faire ce qu’il veut, on a mis la berte daans cec sortes des governments, et on a confudu ia pouvoir du people avec la liberte du people” (Montesquieu, “Esprit des Lois (წიგნი XI, თავი II);

[12] C’est le degree de forse , et non les despositaires de cete force qu’il faut accuser. C’est contre et non contre le bras qu’il faut sevir.II y a des masses trop peantes pour la main des homes” (B. Constan. Oevres politiques,Ed. Louamdre, Paris (1874, გვ.3);

[13] იქვე, გვ. 5;

[14] მხოლოდ ეს დემოკრატიული მისტიკა აღწერს თანამედროვე სოციალიზმის აბსურდულ აზრს, რომ მუშების გამოყოფა, წარმოების საშუალებებისგან შეიძლება მხოლოდ წარმოებების სხელმწიფოს ხელში გადასვლით. ეს ალბათ  უკანასკნელია, რაც შეიძლება მოიფიქრო ამ პრობლემის გადასაჭრელად;

[15] ნახეთ: F. A. Hayek, Individualizm: True and False,Oxford და იგივე ავტორი: The use of knowledge in Sosiety., American Economic Review.September, 1945;

[16] ისეთმა ავტორმაც კი, როგორიც ი. შუმპეტერია (Kapitalizmus, Socializus und Dekratie, Bern 1946) განიცადა წარუმატებლობა სოციალისტური თეზისის გადარჩენის მცდელობისას.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s