ის რაც ჩანს და ის რაც არ ჩანს (ფრედერიკ ბასტია)

382123_10151349706170180_1868537194_n

საზოგადოებრივი სამუშაოები

მსოფლიოში ალბათ ყველაზე გავრცელებული და გავლენიანი იდეა სამთავრობო ხარჯების სარგებლის იდეაა. სამთავრობო ხარჯები წარმოჩინდება, როგორც ნებისმიერი ეკონომიკური დაავადების პანაცეა. კერძო წარმოება გარკვეულ სტაგნაციას განიცდის? ჩვენ შეგვიძლია სიტუაცია მთავრობის ხარჯების მეშვეობით გამოვასწოროთ. უმუშევრობაა? ეს ხომ აშკარად “კერძო სექტორის დაბალი მსყიდველობითი უნარის” გამო ხდება. გამოსავალი აქაც ნათელია: მთავრობამ ფული არ უნდა დაზოგოს არსებული “ხარვეზის” შესავსებად. ყველაფერში, რასაც ჩვენ ვსარგებლობთ (გარდა ბუნების მიერ ნაბოძები უფასო საჩუქრებისა), გარკვეული საფასურის გადახდა გვიწევს. მსოფლიო სავსეა ეგრეთ წოდებული ეკონომისტებით, რომლებიც ამა თუ იმ სიკეთის უფასოდ მიღების სხვადასხვა სქემებს გვთავაზობენ. ისინი გვეუბნებიან, რომ მთავრობას შეუძლია ფული ხარჯოს გადასახადების აკრეფის გარეშე; რომ მას შეუძლია დააგროვოს ვალები და არასოდეს გადაიხადოს ისინი, რადგან ეს ვალები “ჩვენ ჩვენგანვე გვმართებს”. ასეთი მიამიტობა ყოველთვის ქვეყნის გადახდისუუნარობით ან მძიმე ინფლაციით სრულდება.

ნებისმიერი სამთავრობო ხარჯების ანაზღაურება საბოლოოდ გადასახადების მეშვეობით ხდება. ყოველი დახარჯული ლარი მაშინვე ან მოგვიანებით გადასახადებიდან მიღებული ლარით უნდა დაიფაროს. შესაბამისად, თუკი საკითხს ამ კუთხიდან შევხედავთ, საჯარო ხარჯების “სასწაული” სულ სხვა პერსპექტივიდან წარმოგვიდგება: როდესაც სამუშაო ადგილების შექმნა თვითმიზნად იქცევა, ეკონომიკური მიზანშეწონილობა პოლიტიკურ საჭიროებას დაექვემდებარება. საჭირო ხდება დასაქმების ახალი “პროექტების” გამოგონება. იმის მაგივრად, რომ საკითხი დაისვას ასე: სად არის ხიდების აშენება მიზანშეწონილი, მთავრობა იწყებს ფიქრს, სად არის ხიდების აშენება შესაძლებელი. საჯარო ხარჯების სასარგებლოდ ორ არგუმენტს წამოაყენებენ ხოლმე. ერთი მათგანი გამოიყენება სამუშოების წამოწყებამდე, ხოლო მეორე მათი დასრულების შემდეგ. პირველი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ მშენებლობა ისეთ ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, რომლებიც სხვაგვარად არ იარსებებდა. ეს არის ის, რაც ზედაპირზე დევს. მაგრამ თუ ჩვენ ვისწავლით იმის დანახვას, რაც სიღრმეში იმალება, და იმის დანახვას, რომ უშუალო მოსარგებლეების გარდა არსებობენ ისინი, ვისზეც ეს პროექტი ირიბ ზეგავლენას ახდენს, სულ სხვანაირი სურათი წარმოგვიდგება. მართალია, საჯარო ხარჯებით წამოწყებულ მშენებლებაზე კონკრეტული ჯგუფი დასაქმდება და შესაბამის სფეროში მეტი სამუშაო იქნება, ვიდრე სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ გამომდინარე იქეიდან, რომ მშენებლობაზე დახარჯული ყოველი ლარი გადასახადების გადამხდელების მიერ გადახდილი ლარით იქნება კომპენსირებული, აღმოჩნდება გადამხდელები ზუსტად იმდენ ლარს დაკარგავენ, რაც მშენებლობაზე დაიხარჯება. ანუ მათგან ამოღებული იქნება იგივე თანხა, რომელსაც ისინი მათთვის ყველაზე აუცილებელზე დახარჯავდნენ.
შესაბამისად, საჯარო ხარჯებით შექმნილი ყოველი სამუშაო ადგილი, სადღაც სხვაგან პოტენციურ კერძო სამუშაო ადგილს ანადგურებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები საჯარო ხარჯებით წამოწყებულ მშენელობაზე მუშაობენ. მთავრობის მიერ წამოყენებული არგუმენტი (სამუშაო ადგილების შექმნა) თვალსაჩინო და, სავარაუდოდ, უმეტესობისთვის დამაჯერებელი ხდება. მაგრამ არსებობს სხვა მხარეებიც, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, რადგან ისინი რეალობად არ ქცეულა. ეს გადასახადების გადამხდელებისაგან შესაბამისი ლარების ამოღების გამო დაკარგული სამუშაო ადგილებია. ერთადერთი, რაც ჩვენ მივიღეთ (ისიც საუკეთესო შემთხვევაში), სამუშაო ადგილების სხვადასხვა სფეროდან კონცეტრირებულად ერთში გადატანაა. ანუ მეტი ხიდის მშენებელი, ნაკლები ავტომექანიკოსის, რადიოს შემკეთებელის, მკერავის, ფერმერის და სხვა სპეციალისტის მაგივრად. მეორე არგუმენტი იმას გულისხმობს, რომ გაწეული ხარჯი ქვეყნის აღმშენებლობას მოხმარდა და ყველას შეუძლია, რომ მისი შედეგებით ისარგებლოს. აქაც, მთავრობის არგუმენტი საკმაოდ კარგია იმათთვის, ვისაც ფიზიკურად დანახულის მიღმა გახედვა არ შეუძლია. მაგრამ მათ რომ შეეძლოთ პირდაპირ შედეგებთან ერთად ირიბი შედეგების დანახვაც, ცოტაოდენი წარმოსახვა რომ გააჩნდეთ, აუცილებლად დაინახავდნენ იმ შესაძლებლობებს, რომელთაც ამ პროექტმა განხორციელების ყოველგვარი შანსი მოუსპო. ისინი დაინახავდნენ აუშენებელ სახლებს, დაუმზადებელ ავტომობილებს და რადიოებს, შეუკერავ კაბებს და ქურქებს, შესაძლოა გაუყიდავ და არმოყვანილ საკვებს. ასეთი შეუქმნელი რამეების დანახვა გარკვეულ წარმოსახვის უნარს საჭიროებს, უნარს, რომელიც მრავალ ადამიანს არ გააჩნია. ჩვენ შეიძლება ასეთ შეუქმნელ საქონელზე ერთხელ გავიფიქროთ, მაგრამ არ შეგვიძლია მასზე მუდმივად ფიქრი, ისევე, როგორც ვფიქრობთ ხიდზე, რომელსაც ყოველ დილით გადავდივართ სამსახურისაკენ მიმავალნი. არა და რა მივიღეთ საბოლოოდ? არაფერი, გარდა იმისა, რომ ერთი საქონელი მეორეთი შეიცვალა. რაღა თქმა უნდა, იგივე მსჯელობა მართებულია ნებისმიერი სახელმწიფო ხარჯისთვის. მაგალითად, სახელმწიფო სახსრებით დაბალშემოსავლიანი პირებისთვის სახლების აშენების მიმართ. აქაც მხოლოდ და მხოლოდ გადასახადების გადამხდელების ფულით შერჩეული ოჯახების სუბსიდირება ხდება. საჯარო ხარჯების გამამართლებელი ორივე არგუმენტი მცდარია, რადგან არ ითვალისწინებს გადასახადების აკრეფის შედეგად დაკარგულ შესაძლებლობებს. საჯარო ხარჯების მომხრეების ძირითადი ფსიქოლოგიური უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მშენებლობის პროცესს და დასრულებულ ობიექტებს ყველა ხედავს. მშენებლობის განსახორციელებლად აკრეფილი გადასახადების გამო დაკარგულ სამუშაო ადგილებს კი ვერავინ ხედავს; და არც შედეგად დაკარგული საქონელი და მომსახურება ჩანს სადმე.

საჯარო სახსრების განმკარგველები საზოგადოებაში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. პროექტები, რომლის ძირითადი ამოცანა “სამუშაო ადგილების შექმნა” ან “ადამიანების დასაქმება” არის, ყველაზე მეტად იმით გამოირჩევა, რომ მათი ეფექტიანობა ერთობ საკამათოა: რაც უფრო არაეკონომიურია სამუშაო, რაც მეტ მუშახელს მოითხოვს მისი განხორციელება, მით უკეთესად ემსახურება იგი სამუშაო ადგილების შექმნის მიზანს. ასეთ გარემოებებში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბიუროკრატების მიერ გამოგონებული პროექტები თითოეულ გახარჯულ ლარზე იმდენსავე დამატებულ ღირებულებას და სიმდიდრეს შექმნის, რამდენსაც თავად გადასახადების გადამხდელების მიერ განხორციელებული პროექტები, თუკი ამ უკანასკნელთ თავიანთი შეხედულებების და საჭიროებების შესაბამისად ფულის დახარჯვის შესაძლებლობა მიეცემოდათ და სახელმწიფოსათვის ფულის გადახდას არ აიძულებდნენ.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s