სახელმწიფოს ანატომია (ნაწ. III)

Anatomy_Rothbard_300

მიურეი როთბარდი

როგორ ეპყრობიან სახელმწიფოები ერთმანეთს?

ვინაიდან დედამნიწა სხვადასხვა სახელმწიფოებს შორისაა დანაწილებული, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მათი დროისა და ენერგიის უდიდეს ნაწილს უნდა იკავებდეს. სახელმწიფოს ძალაუფლების გაფართოებისკენ ბუნებრივი მიდრეკილება ახასიათებს, ხოლო მისი საზღვრების გაფართოება ტერიტორიების დაპყრობით ხორციელდება. იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ტერიტორია ჯერ კიდევ უპატრონო ან უკაცრიელია, ნებისმიერი მსგავსი გაფართოება სხვადასხვა სახელმწიფოს მმართველებს შორის ინტერესთა გარდაუვალ კონფლიქტს ბადებს. ნებისმიერ მოცემულ ტერიტორიაზე, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში მხოლოდ მმართველთა ერთ ჯგუფს შეუძლია საკუთარი მონოპოლიის გავრცელება: X სახელმწიფოს მიერ გარკვეულ ტერიტორიაზე სრული ძალაუფლების მოპოვება, მხოლოდ Y სახელმწიფოს გაძევებითაა შესაძლებელი. ომი, მიუხედავად იმისა, რომ ძალზე საფრთხილო ღონისძიებაა, ყოველთვის იქნება სახელმწიფოს მისწრაფების საგანი, რომელსაც დროდადრო მშვიდობიანობის მონაკვეთები ჩაენაცვლება და სახელმწიფოებს შორის კავშირების და შეთანხმებების მონაცვლეობა ახასიათებს.
ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფოს შეზღუდვის „საშინაო“ მცდელობებმა, მე-17 საუკუნიდან მე-19 საუკუნის ჩათვლით, ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება კონსტიტუციონალიზმში ჰპოვა. „საგარეო ურთიერთობებში“ შესაბამისი მცდელობების შედეგი „საერთაშორისო სამართლის“ განვითარება იყო, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა „ომის სამართალი“ და „მიუმხრობლობის უფლებები“.37 საერთაშორისო სამართლის საკითხები თავიდან პირწმინდად კერძო განმგებლობაში იყო და იმ მევაჭრეთა და დახლიდართა ინტერესებიდან მომდინარეობდა, რომელთაც საკუთარი უსაფრთხოებისა და ქონების დაცვა და წარმოქმნილი უთანხმოებების სამართლიანი განსჯა სურდათ. ამის მაგალითია „საზღვაო სამართალი“ და „სავაჭრო სამართალი“. საყურადღებოა, რომ წესებს თვით სახელმწიფოებიც ნებაყოფილობით აყალიბებენ და არა რომელიმე ზესახელმწიფოს კარნახით. „ომის კანონის“ საგანი სახლმწიფოთაშორისო ხელყოფისგან თავად სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა და, ასეთი ხერხით, უდანაშაულო „მოხელეთა“ განადგურებისა და სიღატაკისგან გადარჩენა იყო. „მიუმხრობლობის უფლებების“ განვითარების მიზეზი კი, კერძო სამოქალაქო პირების თუნდაც მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან ვაჭრობის ერთ-ერთი მეომარი მხარის მიერ ხელყოფისაგან დაცვა იყო. მაშინ უმნიშვნელოვანესი მიზანი ნებისმიერი საომარი მოქმედებების ასპარეზის შეზღუდვა, კერძოდ კი, ომის გამანადგურებელი ზემოქმედებისაგან მიუმხრობელი და თუნდაც მეომარი ქვეყნების კერძო მოქალაქეების დაცვა იყო.
იურისტი ფ.ჯ.პ. ვიელი სანახაობრივად აღწერს ისეთ „ცივილიზებულ ომს“ რომელიც იტალიაში მე-15 საუკუნის ხანმოკლე მონაკვეთში წარიმართა: „შუასაუკუნეების ისტორიაში მდიდარი მეწარმეები და მოვაჭრეეები ფულის შოვნითა და ცხოვრებით ტკბობით მეტისმეტად იყვნენ გართულნი, რომ სამხედრო სამსახურის სიმძიმეები და საფრთხე თავის თავზე აეღოთ. ამიტომ მათ პრაქტიკაში შემოიღეს მეომართა დაქირავება, რომლებიც მათ სასარგებლოდ იბრძოლებდნენ, ხოლო რამდენადაც ისინი მომჭირნე, საქმიანი ადამიანები იყვნენ, დაქირავებულებს სამსახურის აღსრულებისთანავე ითხოვდნენ. შესაბამისად, ომებს თითოეული შემთხვევისთვის საგანგებოდ დაქირავებული მეომრები აწარმოებდნენ… პირველად მოხდა, რომ სამხედრო სამსახური შემოსავლიან და შედარეით უსაფრთხო პროფესიად იქცა. იმ პერიოდში გენერლები ერთმანეთის პირისპირ მანევრირებდნენ და ხშირად საკმაოდ დახვეწილ ხელოვნებასაც ავლენდნენ, მაგრამ როცა ერთ-ერთი შედარებით უპირატსობას აღწევდა, მეორე ან უკან იხევდა ან ნებდებოდა. აღიარებული წესი გულისხმობდა, რომ ქალაქის გაძარცვა მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, თუკი ის წინააღმდეგობას გასწევდა: ყოველთვის შეიძლებოდა ხელშეუხებლობის გამოსყიდვა… ამის ბუნებრივი შედეგი ის იყო, რომ წინააღმდეგობას არც ერთი ქალაქი აღარ სწევდა. სრულიად ნათელი იყო, რომ ხელისუფლებას, რომელიც სისუსტის გამო ვერ იცავდა თავის მოქალაქეებს, მათი მორჩილებისთვის საფასური უნდა გადაეხადა. სამოქალაქო პირებს ნაკლებად ეშინოდათ იმ საომარი მოქმედებებისგან მომდინარე საფრთხის, რომელშიც მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები იღებდნენ მონაწილეობას“.38
მე-18 საუკუნის ევროპაში, სახელმწიფოს მიერ წარმოებული ომებისგან კერძო მოქალაქის თითქმის სრული განცალკევების მაგალითები წინ ნეფმა წამოსწია:
„ომიანობის ჟამს, დიდი ხნის განმავლობაში საფოსტო კავშირიც კი ვერ იზღუდებოდა წარმატებით. წერილები, ყოველგვარი ცენზურის გარეშე, იმდენად თავისუფლად იგზავნებოდა, რომ მე-20 საუკუნის გონებასაც კი გააოცებდა. დაპირისპირებული ხალხების წარმომადგენლები სადავო საკითხებს ერთმანეთთან მოლაპარაკებებით წყვეტდნენ, ან ურთიერთშეხვედრებისას, ან მიმოწერით, რომელსაც არა მტრული, არამედ მეგობრული განწყობილებით აწამოებდნენ. თანამედროვე შეხედულებას, რომ მეომარი ქვეყნების ქვეშევრდომები ნაწილობრივ მაინც აგებენ პასუხს მათი მმართველების საქციელზე, ნაკლებად თუ ვინმე იზიარებდა. არც მეომარი მხარეების მმართველებს ჰქონდათ რაიმე მყარი საფუძველი, რომ საკუთარი ქვეშევრდომებისთვის მოწინააღმდეგის ქვეშევრდომებთან ურთიერთობები აეკრძალათ. რეალურ ნიადაგზე თვალთვალისა და დევნის ძველი ინკვიზიციური ხერხები უარყოფილ იქნა, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებზე სამართლებრივი მეთვალყურეობის დაწესება წარმოუგენელიც კი გახდა. პასპორტები თავდაპირველად ომიანობის დროს პიროვნების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. მე-18 საუკუნის განმავლობაში, ევროპელი იშვიათად თუ გადადებდა თავის მოგზაურობას იმ უცხო ქვეყანაში, რომელსაც მისი ქვეყანა ეომებოდა“39
ხოლო ვაჭრობას, სულ უფრო და უფრო მეტად აღიარებდნენ, როგორც ორივე მხარისთვის ხელსაყრელ საქმიანობას. მე18 საუკუნის ომები, მეორე მხრივ, „მტრებთან ვაჭრობის“ მნიშვნელოვანი მოცულობებითაა გაწონასწორებული.40
ის, თუ რამდენად შორს მოიტოვეს სახელმწიფოებმა ომების წარმოების ცივილური წესები მე-20 საუკუნეში, აქ განხილვას არ საჭიროებს. ტოტალური ომების თანამედროვე ეპოქაში, საყოველთაო ნგრევის გამომწვევ ტექნოლოგიებთან ერთობლიობაში, სახელმწიფო აპარატის მიერ თვით მოსაზრება ომის შეზღუდვის შესახებ, კიდევ უფრო უცნაურად და მოძველებულად გვეჩვენება, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია თავდაპირველი სახით.
როდესაც სახელმწიფოები არ ომობდნენ, ხშირად უთანხმოების მინიმუმამდე დასაყვანად შეთანხმებების მიღწევაა აუცილებელი. საოცრად დიდი აღიარება „შეთანხმებების უზენაესობის“ ასლს წარმოასდგენს, მაგრამ შეთანხმებასა და ჭეშმარიტ ხელშეკრულებას შორის საერთო არაფერია. ხელშეკრულება კერძო საკუთრებაზე უფლებების ურთიერთგაცვლას გულისხმობს. ვინაიდან ხელისუფლება, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით, არ ფლობს მთელ „თავის“ ტერიტორიას, ვერც ერთი შეთანხმება, რომელსაც ის დადებს, საკუთრბის უფლებას ვერ შეიძენს. მაგალითად, თუ ბატონი ჯონსი ბატონ სმიტს მიწას მიყიდის ან მისცემს, ჯონსის მემკვიდრეები კანონიერად ვერ შეძლებენ დააცხრნენ სმიტის მემკვიდრეებს და ეს მიწა თავის საკუთრებად გამოაცხადონ. საკუთრების უფლება უკვე გადაცემულია. მოხუცი ჯონსის ხელშეკრულება ავტომატურად ვრცელდება ახალგაზრდა ჯონსზე, რადგან მფლობელმა საკუთრება უკვე სხვას გადასცა და ახალგაზრდა ჯონსს, ამიეიდან საკუთრების უფლების მოთხოვნა აღარ შეუძლია. ახალგაზრდა ჯონსს შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ის, რაც მან მემკვიდრეობით მოხუცი ჯონსისგან მიიღო. ხოლო მოხუც ჯონსს შეუძლია უანდერძოს მხოლოდ ის, რასაც ჯერ კიდევ ფლობს. მაგრამ თუ, ერთ მშვენიერ დღეს, მაგალითად რურიტანიის ხელისუფლება იძულებული ან თუნდაც მოსტყიდული იქნება ვალდავიის ხელისუფლების მიერ და მას თავისი ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს დაუთმობს. აბსურდულად ჟღერს, რომ „შეთანხმების უზენაესობის საფუძველზე, ამ ორი სახელმწიფოს მმართველები ან თვით მოსახლეობა ვერასდროს მოითხოვს რურიტანიასთან ხელახალ გაერთიანებას. არც ერთი სახელმწიფო არ ფლობს არც მიწას და არც მასზე მცხოვრებ ხალხს. შესაბამისად, არც ერთი ხელუისუფლება არ შეიძლება, რომ წარსულით იყოს ხელფხშეკრული. ამის მსგავსად, რევოლუციურ ხელისუფლებას, რომელმაც რურიტანიის მეფე ჩამოაგდო, ძნელად თუ მოეთხოვება პასუხისმგებლობა მეფის ქმედებებისა და ვალების გამო, ვინაიდან ხელისუფლება, პირმშოსგან განსხვავებით, თავისი წინამორბედის საკუთრების ჭეშმარიტი „მემკვიდრე“ არ არის.
ისტორია, როგორც სრბოლა სახელმწიფო ძალაუფლებასა და საზოგადოებრივ ძალაუფლებას შორის
ზუსტად ისე, როგორც ადამიანებს შორის ურთიერთობაში იკვეთება ორი ძირითადი და ურთიერთგამომრიცხავი წესი: მშვიდობიანი თანამშრომლობა ან იძულებითი ექსპლუატაცია, წარმოება ან მიტაცება, კაცობრიობის ისტორიაც, განსაკუთრებით მისი ეკონომიკური ისტორიაც, შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას, როგორც ამ ორი წესის დაპირისპირება. ერთი მხრივ, ეს არის ნაყოფიერი წარმოება, მშვიდობიანი საქონელ-გაცვლა და თანამშრომლობა; მეორე მხრივ, იძულება და ყველა საზოგადოებრივ ურთიერთობაზე გავლენის დამყარება. ალბერტ ჯეი ნოკმა ამ დაპირისპირებულ ძალებს მოხერხებულად უწოდა „საზოგადოებრივი ძალაუფლება“ და სახელმწიფო ძალაუფლება“41.
საზოგადოებრივი ძალაუფლება ადამიანების მიერ ბუნებაზე ზემოქმედების ზალაუფლებას გულისხმობს, მათ მიერ ბუნებრივი რესურსების გადამუშავებასა და ბუნების კანონების წვდომას ყველა მონაწილის სასარგებლოდ. საზოგადოებრივი ძალაუფლება ეს არის ბუნებრივი წესრიგი, როდესაც ყოფიერი კეთილდღეობა ადამიანების მიერ ურთიერთსასარგებლო საქონელგაცვლების შედეგად მიიღწევა. სახელმწიფო ძალაუფლება, როგორც ვნახეთ, უკვე შექმნილი დოვლათის ძალადობრივ და პარაზიტულ მიტაცებას გულისხმობს. ის საზოგადოების შრომის ნაყოფს სახელმწიფო არამწარმოებელი (სინამდვილეში წარმოების წინააღმდეგი) მმართველების სასარგებლოდ ისრუტავს. მაშინ, როცა საზოგადოებრივი ძალაუფლება ბუნებაზე ვრცელდება, სახელმწიფო ძალაუფლება ადამიანებაზე ხორციელდება. ისტორიულად, ადამიანების საწარმოო და შემოქმედებითი ძალისხმევა გამუდმებით პოულობს ახალ-ახალ გზებს, რომ ბუნება კაცობრიობის სასარგებლოდ გარდაქმნას. დრო და დრო საზოგადოებრივი ძალაუფლება სახელმწიფო ძალაუფლებას წინ უსწრებდა და სახელმწიფოს მიერ საზოგადოებაზე ზეწოლის ხარისხი ძალზედ მცირე იყო. მაგრამ ყოველთვის, დროის დიდი თუ მცირე შუალდის შემდეგ, სახელმწიფო ახალ ნაბიჯს დგამდა, რათა საზოგადოებრივი ძალაუფლება კიდევ ერთხელ შეელახა და შეევიწროებინა.42 თუ მე-17 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე, დასავლეთის მრავალი ქვეყნისთვის, საზოგადოებრივი ძალაუფლების დაწინაურებისა და შედეგად თავისუფლების, მშვიდობისა და ყოფიერი კეთილდღეობის მოპოვების ჟამი იყო, მე-20 საუკუნე უპირატესად წარმოადგენდა დროებას, როცა სახელმწიფო ძალაუფლება გაძლიერდა, რასაც ლოგიკურად მოჰყვა მონობის, ომისა და ნგრევის დაბრუნება.43
მე-20 საუკუნეში, კაცობრიობა კიდევ ერთხელ დადგა სახელმწიფოს სახიფათო აღზევების წინაშე. სახელმწიფოსი, რომელიც ახლა უკვე ადამიანთა შემოქმედებითი ძალისხმევის ნაყოფითაა შეიარაღებული. მან ის მიითვისა და საკუთარი მიზნების შესაბამისად დაამახინჯა. ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ადამიანები ცდილობდნენ სახელმწიფოსთვის კონსტიტუციური და სხვა შეზღუდვები მოერგოთ, მაგრამ ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. საუკუნეების მანძილზე სახელმწიფო წყობილების ნაირ-სახეობების მრავალჯერადი ცვლის, მიდგომებისა და ინსტიტუტების ურიცხვი რაოდენობით გამოყენების მიუხედავად, ვერც ერთმა ვერ მიაღწია მიზანს სახელმწიფოზე ზედამხედველობის დაწესების თვალსაზრისით. სრულიად ნათელია, რომ სახელმწიფოს საკითხი გადაწყვეტიდან ისე შორსაა, როგორც არასდროს. ალბათ, აუცილებელია გამოსავლის ახალი გზების ძიება, თუკი სახელმწიფო საკითხს საბოლოო და წარმატებული გადაწყვეტა ოდესმე უწერია.44

———
37. ეს თანამედროვე საერთასორისო კანონუისგან უნდა განვასხვავოთ, რომელიც ომს „კოლექტიური უსაფრთხოების“ მომიზეზებით ამართლებს.
38. ფ.ჯ. პ. ვილი, „ბარბაროსობის განვითარება“ (აპლეტონი, ვისკონსინი, ს.ს. ნელსონი, 1953), გვ. 63. პროფესორი ნეფი ამის მსგავს მოლენას მეთვრამეტე საუკუნეში, დონ კარლოსის მიერ ავსტრიის წინააღმდეგ საფრანგეთთან, ესპანეთთან და სარდინიასთან ერთად იტალიაში წარმოებული ომის დროს აღწერს: მილანისა და რამდენიმე კვირის შემდეგ პარმის ალყის დროს… ჯარს ქალაქის გარეთ სასტიკი ბრძოლა მოუხდა. ადგილობრივ მცხოვრებთა სიმპათია რომელიმე მხარის მიმართ არსად შეინიშნებოდა. ერთადერთი რაც მათ აღაშფოთებდათ, როდის დაიწყებდნენ მეომრები ძარცვა-გლეჯას. შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა. პარმასში, მოქალაქეები ქალაქის კედლებიდან ადევნებდნენ თვალს იქვე გაჩაღებულ ბრძოლას (ჯონ უ.ნეფი, „ომი და კაცობრიობის პროგრესი“ (კემბრიჯი, მასაჩუსეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1950), გვ. 158. აგრეთვე, ჰოფმან ნიკერსონი, „შეგვიძლია შევზღუდოთ ომი?“ (ნიუ-იორკი: ფრედერიკ ა. სტოკი, 1934).
39. ნეფი, „ომი და კაცობრიობის პროგრესი“, გვ. 162.
40. იქვე, გვ. 161. ამერიკის რევოლუციის ლიდერების მიერ მტერთან ვაჭრობის შესახებ იხილეთ ჯოსეფ დირფმანი, ეკონომიკური აზროვნება ამერიკის ცივილიზაციაში (ნიუ-იორკი: ვიკინგ პრესა, 1946), ტომი 1, გვ. 210-11.
41. სახელმწიფოსა და საზოგადოების ძალაუფლების კონცეფციის შესახებ იხილეთ ალბერტ ჯ. ნოკის, „სახელმწიფო – ჩვენი მტერი“ (კალდველი, აიდაჰო: კაქსტონ პრინტერს, 1946). აგრეთვე იხილეთ ნოკი, „უსარგებლო ადამიანის მოგონებები“ (ნიუ-იორკი: ჰარპერსი, 1943), და ფრანკ ჩოდოროვი, „საზოგადოების აღმავლობა და ვარდნა“ (ნიუ-იორკი: დევინ-ადაირი, 1959).
42. სახელმწიფო ყოველთვის ცდილობს, რომ ეკონომიკისა და და საზოგადოების „მართვის ბერკეტები“, მათ შორის იძულებასა და საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილებებზე მონოპოლია, კავშირგაბმულობა და სატრანსპორტო არხები (ფოსტა, გზები, მდინარეები, საჰაერო სივრცე), საირიგაციო სისტემები და განათლება – მომავალი მოქალაქეების აზრის დასამუშავებლად – დაიმორჩილოს. თანამედროვე ეკონომიკაში ფული გადამწყვეტი „მართვის ბერკეტებია“.
43. პარაზიტული „დევნა“ კარლ მარქსის მიერ ღიად იქნა მხარდაჭერილი, რომელმაც აღიარა, რომ სოციალიზმის დამყარება კაპიტალიზმის დროს შექმნილი დოვლათის ხელში ჩაგდების გზით უნდა მომხდარიყო.
44. უცილობლად, ასეთი გადაწყვეტილების ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილი ინტელექტუალებისა და სახელმწიფოს კავშირის გაწყვეტაა, ისეთი ინტელექტუალური და საგანმანათლებლო ცენტების შექმნის გზით, რომლებიც სახელმწიფოს ძალაუფლებისგან დამოუკიდებელი იქნება. ქრისტოფერ დაუსონი აღნიშნავს, რომ „რენესანსისა და განმანათლებლობის მიერ გამოწვეული დიდი ინტელექტუალური ძვრები დამკვიდრებული უნივერსიტეტების მიღმა ან წინააღმდეგ იქნა მღწეული. ახალი იდეების აკადემია დამოუკიდებელი მფლობელების მიერ შეიქმნა“. იხილეთ ქრისტოფერ დავსონი, დასავლეთის განათლების კრიზისი (ნიუ-იორკი: შიდი და უარდი, 1961).

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s