სახელმწიფოს ანატომია* (ნაწ. I)

Anatomy_Rothbard_300

მიურეი როთბარდი (1926-1995)

რა არის სახელმწიფო?

სახელმწიფო თითქმის საყოვლთაოდ აღიარებული საზოგადოებრივი სამსახურის ინსტიტუტია. ზოგიერთი თეორეტიკოსი სახელმწიფოს პატივს მიაგებს, როგორც საზოგადოების მწვერვალს: სხვები მასში კეთილგანწყობილ, თუმცა საზოგადოებრივი მიზნების მიღწევისათვის ხშირად შეუსაბამო ორგანიზაციას ხედავენ; მაგრამ თითქმის ყველა მიიჩნევს, რომ ის კაცობრიობის კეთილდღეობის მისაღწევად აუცილებელი საშუალებაა. საშუალება, რომელიც „კერძო სექტორის“ წინააღმდეგ და სასიცოცხლო სახსების მოსაპოვებლად, კონკურენციაში მის დასამარცხებლად უნდა იყოს მიმართული. დემოკრატიის აღზევებასთან ერთად, სახელმწიფოს გაიგივება საზოგადოებასთან იქამდე გაიზარდა, ვიდრე ჩვეულებრივ მოვლენად არ იქცა ყველა კეთილგონიერი მოძღვრებისა და საღი აზრის შეურაცხმყოფელი ისეთი შეხედულებების მოსმენა, როგორიცაა „ხელისუფლება ჩვენ ვართ“. ხელსაყრელ კრებით ტერმინს „ჩვენ“ შესაძლობლობა მიეცა, რომ პოლიტიკური ცხოვრების სინამდვილე იდეოლოგიურ საბურველში გაეხვია. თუკი „ხელისუფლება ჩვენ ვართ“, მაშინ ყველაფერი, რასაც ხელისუფლება ცალკეულ პიროვნებას უკეთებს, არა მხოლოდ ძალდაუტანებელი და სამართლიანია, არამედ სათანადნო პიროვნების თვალსაზრისით „ნებაყოფილობის“ გამოვლენაცაა. თუკი ხელისუფლება ეფლობა უზარმაზარ ვალში, რომელიც ერთი ჯგუფის სასარგებლოდ მეორის დაბეგვრის გზით უნდა იქნეს გადახდილი, მაშინ ამგვარი დამთრგუნველი მდგომარეობა ინიღბება გამონათქვამით, რომ „ჩვენ ჩვენთვისვე ვსესხულობთ“; თუკი ხელისუფლება მამაკაცს სავალდებულო სამხედრო სამსახურში იწვევს, ან განსხვავებული შეხედულებების გამო ციხეში ამწესებს, მაშინ ის „ამას მისთვისვე აკეთებს“ და ამიტომაც ითვლება, რომ შეუსაბამო არაფერი მომხდარა. ასეთი მიდგომით, ნებისმიერი ებრაელი, რომელიც ნაცისტური მთავრობის მიერ იქნა მოკლული, სინამდვილეში არ მოუკლავთ; პირიქით, როგორც ჩანს მათ „თვითმკვლელობა ჩაუდენიათ“, რამდენადაც ისინი ხელისუფლებას თავადვე წარმოადგენდნენ (რომელიც დემოკრატიულად იყო არჩეული) და შესაბამისად, ყველაფერი, რაც ხელისუფლებამ მათ მიმართ გააკეთა, ნებაყოფილებით იქნა მიღებული. მავანი შეიძლება არც თვლიდეს, რომ ამ საკითხის დაჟინება აუცილებელია და ხალხის უდიდესი ნაწილი ამ მცდარ მიდგომას მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც იზიარებს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება იმას უნდა მივაქციოთ, რომ „ჩვენ“ ხელისუფლება არ ვართ და ხელისუფლება „ჩვენ“ არ არის. ხელისუფლება არც ერთ შემთხვევაში არ „წარმოადგენს“ ხალხის უმრავლესობას.1 მაგრამ თუნდაც წარმოადგენდეს და ამასთან, ხალხის 70%-მა დანარჩენი 30%-ის მოკვდინება გადაწყვიტოს, ეს კვლავ მკვლელობა იქნება და არა გაჟლეტილი უმცირესობის ნებაყოფილობითი თვითმკვლელობა.2 ამ არსებითი ჭეშმარიტების მისაჩქმალად, არანაირი მექანიკური მეტაფორა, ამ საქმესთან არანაირი კავშირის მქონე გაცვეთილი გამოთქმა, რომ „ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ“, არ უნდა იყოს დაშვებული.
თუკი სახელმწიფო არ შედგება „ჩვენგან“, თუ ის არ არის „საზოგადოებრივი ოჯახი“, რომელიც საერთო პრობლემებს ერთობლივად წყვეტს, თუ ის არ არის მასონების თავშეყრის ადგილი ან სასოფლო კლუბი, აბა რა არის ის? ძალიან მოკლედ, სახელმწიფო საზოგადოებაში არსებული ის ორგანიზაციაა, რომელიც მოცემული ტერიტორიის ფარგლებში იძულებისა და ძალმომრეობის გამოყენების მონოპოლიის შენარჩუნებას ცდილობს; კერძოდ, ეს ერთადერთი ორგანიზაციაა საზოგადოებაში, რომელიც თავის შემოსავალს იღებს არა ნაბაყოფილობითი შემოწირულებობებით ან მის მიერ უკვე გაწეული მომსახურეობის საფასურის ანაზღაურებით, არამედ ძალდატანებით. მაშინ, როცა სხვა პიროვნებები ან ინსტიტუტები შემოსავლის მისაღებად დოვლათსა და მომსახურებას აწარმოებენ და ძალდატანებულად და ნებაყოფილობით ყიდიან სხვებზე, სახელმწიფო თავის შემოსავალს ძალადობის გამოყენებით იღებს; ანუ ციხეში ჩასმისა და იარაღით დაშინების გზით.3იყენებს რა იძულებასა და ძალმომრეობას შემოსავლის მისაღებად, სახელმწიფო, როგოც წესი, თავისი ქვეშევრომების სხვა ქმედებებზე ზემოქმედებისა და მართვისაკენ დგამს ნაბიჯს. მავანმა შეიძლება იფიქროს, რომ ამის დასამტკიცებლად მთელი ისტორიის მანძილზე და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველა სახელმწიფოზე უბრალო დაკვირვებაც საკმარისი იქნებოდა; მაგრამ სახელმწიფოს საქმიანობას მითების იმდენად მხუთავი საბურველი აკრავს, რომ გარკვეული დაზუსტება აუცილებელია.
რა არის სახელმწიფო?

ადამიანი სამყაროს შიშველი ევლინება და მას გონება სჭირდება, რომ ბუნებისგან ბოძებული ძღვენის გამოყენება ისწავლოს და ამასთან, იმ სახით, იმ ხერხით და იმ ადგილას გადაამუშაოს, რომელიც მისი სურვილების დაკმაყოფილებისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის საუკეთესო იქნება. ერთადერთი გზა, რომლითაც ადამიანს შეუძლია ეს აკეთოს, საკუთარი გონებისა და ენერგიის გამოყენებაა, საარსებო სახსრების გადამუშავებისა (წარმოება) და სხვების მიერ შექმნილ ნაწარმზე გაცვლის (ვაჭრობა) მიზნით. ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ერთმანეთში ნებაყოფილობითი საქონელ-გაცვლების შემთხვევაში ნაყოფიერება და აქედან გამომდინარე, საქონელგაცვლების ყველა მონაწილის ცხოვრების დონე შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ადამიანისთვის ერთადერთი „ბუნებრივი“ გამოსავალი იმისთვის, რომ გადარჩეს და ყოფიერ კეთილდღეობას მიაღწიოს, მთელი მისი გონიერებისა და ენერგიის წარმოებისა და საქონელგაცვლითი ურთიერთობებისკენ მიმართვაში მდგომარეობს. უპირველეს ყვლისა, ის ამ მიზანს ბუნებრივი სახსრების მოპოვებით აღწევს, ხოლო შემდეგ მათი გადამუშავებით (მათში „საკუთარი შრომის ჩადებით“, როგორც ამას ლოკი აღნიშნავს), რათა ისინი თავის კერძო საკუთრებად აქციოს და სხვების მიერ ასეთივე ხერხებით მოპოვებულ საკუთრებაზე გაცვალოს. შესაბამისად, ადამიანს შინაგანი მოთხოვნილებებით ნაკარნახევი საზოგადოებრივი გზა, „საკუთრების უფლებებისა“ და ამ უფლებების გაჩუქებისა ან გაცვლისთვის „თავისუფალი ბაზრის“ ჩამოყალიბების გზაა. ადამიანებმა სწორედ ამ გზაზე ისწავლეს, თუ როგორ არიდებოდნენ შეზღუდული საარსებო სახსრებისათვის „ჯუნგლების“ ხერხით ბრძოლას, როდესაც ერთ ადამიანს მხოლოდ მეორეს ხარჯზე შეუძლია რამე მოიპოვოს და სანაცვლოდ, მშვიდობიანი და ჰარმონიული წარმოებისა და საქონელგაცვლის პირობებში, ამ საარსებო სახსრების გამრავალფეროვნების გზები აღმოაჩინეს.
უდიდესი გერმანელი სოციოლოგი ფრანც ოპენჰაიმერი მიუთითებდა, რომ სიმდიდრის მოსაპოვებლად ორი ურთიერთგამომრიცხავი გზა არსებობს. პირველს, ზემოთხსენებული წარმოებისა და საქონელგაცვლის გზას, ის „ეკონომიკურ ხერხს“ უწოდებდა. მეორე გზა კი უფრო მარტივია, რადგან ის არ მოითხოვს წარმოებას; ეს სხვისი დოვლათისა და მომსახურების იძულებითა და ძალმომრეობით მიტაცების გზაა. ეს არის ცალმხრივი მითვისებისა და სხვისი საკუთრების ქურდობის ხერხი, რომელსაც ოპენჰაიმერი გამდიდრების „პოლიტიკურ საშუალებას“ უწოდებდა. გასაგები უნდა იყოს ის, რომ წარმოების მიზნით გონებისა და ენერგიის მშვიდობიანი გამოყენება ადამიანისთვის „ბუნებრივი“ გზაა: დედამიწაზე კაცობრიობის გადარჩენისა და აყვავების აუცილებელი წინაპირობა. ასევე ცხადი უნდა იყოს ის, რომ ძალადობრივი, ექსპლუატატორული საშუალებები ბუნებრივ კანონს ეწინააღმდეგება; ეს სხვა არაფერია თუ არა პარაზიტობა, რადგან ნაცვლად იმისა, რომ წარმოებას რამეს მატებდეს, მისგან თავად ისრუტავს. „პოლიტიკური ხერხების“ გამოყენებით დოვლათი პარაზიტი და დესტრუქციული პიროვნებებისკენ ან მათი ჯგუფისკენ გადანაწილდება, რაც არამარტო შექმნილი ნაწარმის ნაწილის მიტაცებას გულისხმობს, არამედ ამასთან ერთად ამცირებს მწარმოებლის მონდომებას გამოუშვას იმაზე მეტი, ვიდრე საკუთარი თავის სარჩენად სჭირდება. საბოლოო ჯამში, ქურდი თავის ყოფას იმ წყაროს ამოხაპვითა და ამოყორვით ანადგურებს, საიდანაც ეს რესურსი მოდის. თუმცა, გარდა ამისა, დროის მოკლე მონაკვეთებშიც კი მტაცებელი საკუთარი ადამიანური არსების წინააღმდეგ მოქმედებს.
ახლა, ჩვენ შეგვიძლია უფრო სრულყოფილად გავცეთ პასუხი კითხვას – რა არის სახელმწიფო? სახელმწიფო, ოპენჰაიმერის სიტყვებით „პოლიტიკურ საშუალებათა ორგანიზაციაა“; იგი მოცემულ ტერიტორიაზე მიტაცების პროცესის სიტემატიზაციას წარმოადგენს.4 დანაშაული, საუკეთესო შემთხვევაში გამოყენებული და შემთხვევითია, ხოლო პარაზიტობა – წარმავალი; მოძალადეობრივი, პარაზიტული ცხოვრება ნებისმიერ დროს მსხვერპლის წინააღმდეგობის შედეგად შეიძლება აღიკვეთოს. სახელმწიფო კი კერძო საკუთრების დატაცების დაკანონებულ, ორგანიზებულ და სისტემატიზებურ არხს წარმოადგენს; ის საზოგადოების პარაზიტული კასტისთვის სრულიად გარკვეულ, უსაფრთხო და შედარებით მშვიდობიან საცხოვრისს უზრუნველყოფს.5 ვინაიდან მიტაცებას ყოელთვის თავისუფალი ბაზარი უძღვის წინ. სახელმწიფო „საზოგადოებრივი კონტრაქტის საფუძველზე“ არასოდეს შექმნილა; ის ყოველთვის დაპყრობისა და ექსპლუატაციის შედეგად ჩნდებოდა. ამის კლასიკური მაგალითი დამპყრობელი ტომის მოქმედებაა, რომელიც დაპყობილი ხალხის ძარცვისა და განადგურების საუკუნეებით გამოცდილი ხერხის გამოყენებისაგან თავს იკავებს, ვინაიდან აცნობიერებს, რომ ძარცვის დროში განვრცობა უფრო გრძელვადიანი და უსაფრთხო ბატონობის საშუალებას იძლევა, ხოლო საერთო მდგომარეობა უფრო ასატანი გახდება, თუკი დაპყრობილ ტომებს ცხოვრებისა და წარმოების საშუალება დამპყრობლებთან თანაცხოვრების პირობებში მიეცემათ, ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ ყოველწლიური ბეგარის გადახდის საფასურად.6 სახელმწიფოს შექმნის ერთი ხერხი შეიძლება შემდეგნაირად აღიწეროს: ყაჩაღების ჯგუფმა ძალის გამოყენებით სამხრეთ „რურიტანიის“ გარკვეული ნაწნილის დამორჩილება და გარკვეული დროის მანძილზე ამ ძალაუფლების შენარჩუნება შეძლო. ამასთან, ყაჩაღების ბელადმა თავი „სუვერენული და დამოუკიდებელი „სამხრეთ რურუტანიის“ სახელმწიფოს მეფედ“ გამოაცხადა; მაშასადამე, თუკი ის და მისი მემკვიდრეები შეძლებენ თავიანთი განმგებლობის შენარჩუნებას, დროთა განმავლობაში, ახალი სახელმწიფო „ეროვნებათა ოჯახს“ შეუერთდება და ყაჩაღთა ყოფილი ხელმძღვანელები კანონიერ დიდგვაროვნებად გარდაიქმნებიან.
როგორ ინარჩუნებს სახელმწიფო თავსის თავს?
სახელმწიფოს დაარსებიდანვე მმართველი ჯგუფის ანუ „კასტის“ მთავარი საზრუნავი თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნება ხდება.7 ვინაიდან ძალმომრეობა მათი modus operandi ანუ მოქმედების წესია, მათთვის ყველაზე მთავარ და მუდმივ საზრუნავს იდეოლოგია წამოადგენს. მმათველობის შენარჩუნებისათვის ნებისმიერ ხელისუფლბას (არა მხოლოდ „დემოკრატიულ“ ხელისუფლებას) თავისი ქვეშევდომების უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. აღსანიშნავია, რომ აუცილებელი არ არის, ამას აქტიური ენთუზიაზმის სახე ჰქონდეს; სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ბუნებრივი გარდაუვალობის წინაშე პასიურ დათმობას დაემსგავსოს. მაშასადამე, მხარდაჭერა გარკვეული აღიარების სახით აუცილებელია; წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო მოხელეთა უმცირესობას, საბოლოო ჯამში საზოგადოების უმეტესობის აქტიური წინააღმდეგობა გადაწონის. ვინაიდან მიტაცება მხოლოდ წარმოების ნამატიდან არის შესაძლებელი, შეუვალი ჭეშმარიტებაა, რომ სახელმწიფოს შემადგენელი კლასები – დაქირავებული ბიუროკრატია (და დიდგვაროვანნი) – ქვეყნის მოსახლეობის უმცირესობას უნდა წარმოადგენდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ მოსახლეობის მნიშვნელოვან ჯგუფებში უამრავი მომხრე შეიძინონ. ამიტომ, მმართველთა უმთავრეს ამოცანას მოსახლეობის უმრავლესობის ქმედითი მხარდაჭერის ან მორჩილების მუდმივი უზრუნველყოფა წარმოადგენს.8. 9
რა თქმა უნდა, მხარდაჭერის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ხერხი კანონიერი ეკონომიკური ინტერესების შექმნაში მდგომარეობს,. შესაბამისად, მეფე მარტო ვერ შეძლებს მართვას; მას მოხელეთა მნიშვნელოვანი ჯგუფი უნდა ჰყავდეს, რომელიც ისარგებლებს ამ კანონების პირობებით. მაგალითად, სახელმწიფო აპარატის წევრები, როგორიცაა დაქირავებული ბიუროკრატია ან გაძლიერებული დიდგვაროვნები.10 თუმცა, ეს ხერხი მხოლოდ სამეფო ტახტის ყველაზე თავდადბული მომხრეების უმცირესობას უზრუნველყოფს, ხოლო უმრავლესობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად უხვი სუბსიდიებისა და პრივილეგიების გაცემაც კი არასაკმარისია. ხელისუფლების მნიშვნელობის აღიარებისათვის, უმრავლეობა იდეოლოგიურად დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი ხელისუფლება კარგი, გონიერი და, უკიდურეს შემთხვევაში, გარდაუვალია. ამასთან, უდავოდ, უკეთესია ვიდრე ყველა სხვა სავარაუდო ალტერნატივა. ხალხში ამ იდეოლოგიის გავრცელება „ინტელექტუალთა“ სასიცოცხლო საზოგადოებრივი ამოცანაა. ადამიანთა მასები სხვებისგან დამოუკიდებლად, ვერც საკუთარ იდეებს აყალიბებენ და ვერც მათ ჭეშმარიტ არსს ჭვრეტენ. ისინი მორჩილად მიყვებიან იმ იდეებს, რომლებიც ინტლექტუალთა გარკვეული წრის მიერ ყალიბდება და ვრცელდება. შესაბამისად, საზოგადოებრივ აზრს ინტელექტუალები აყალიბებენ. ხოლო რამდენადაც ეს არის სწორედ ის მოსაზრება, რომელიც სახელმწიფოს ყველაზე მეტად სჭირდება, სახელმწიფოსა და ინტელექტუალებს შორის ძირძველი კავშირის საფუძველი ცხადი ხდება.
აშკარაა, რომ სახელმწიფოს ინტელექტუალები ესაჭიროება. თუმცა არც ისე ცხადია, თუ რისთვის სჭირდებათ სახელმწიფო ინტელექტუალებს. სიმარტივისთვის, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თავისუფალ ბაზარზე ინტელექტუალების საარსებო წყარო სათანადოდ დაცული არასოდეს არ არის. ასეთ შემთხვევაში ისინი ხალხის მასების ღირებულებებსა და არჩევანზე უნდა იყვნენ დამოკიდებული, ხოლო მასებს სწორედ ის ახასიათებთ, რომ საზოგადოდ მათი დაინტერესება ინტელექტუალური საკითხებით ძალიან დაბალია. მეორე მხრივ, სახელმწიფო ინტელექტუალებს სახელმწიფო აპარატში დაცულ და მუდმივ სამსახურს სთავაზობს, რაც მათ შემოსავლებითა და პრესტიჟით უზრუნველყოფს. ასეთ შემთხვევაში, სამოხელეო აპარატის შემადგენელ ნაწილად გადაქცეული ინტელექტუალები, ხელისუფალთა სამსახურისთვის ღირსეულად დაჯილდოვდებიან.11
სახელმწიფოსა და ინტელექტუალებს შორის ალიანსი სიმბოლურად მე-19 საუკუნეში ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორების დაუოკებელ სურვილში წარმოჩინდა, რაც „ჰოჰენცოლერის სამეფო სახლის ინტელექტუალური დაცვის“ ჩამოყალიბებას გულისხმობდა. სადღეისოდ, ნება მოგვეცით, მარქსისტული მიმდინარეობის გამოჩენილი მეცნიერის მიერ, პროფესორ ვითფოგელის ძველი აღმოსავლური დესპოტიზმის შესახებ გამოქვეყნებული კრიტიკული შრომის მიმართ ბრალდებას მივაქციოთ ყურადღება: „ცივილიზაია, რომელსაც ვიტფოგელი ასე მწვავედ ესხმის თავს, იყო ის, რომელსაც შეეძლო პოეტებისა და მეცნიერების ოფიციალურ პირებად გადაქცევა“12 უამრავი მაგალითიდან სახელმწიფოს თანამედროვე სტრატეგიის გამოყოფა შეგვიძლია, რომლიც „ცნიერების“ ხელისუფლების ძალადობის იარაღად, სამხედრო სამსახურის „პატივცემულ“ ლაქიად გადაქცევისკენაა მიმართული.13 ოფიციალური, ანუ „კარის“ ისტორიკოსობა აგრეთვე იქცა „საპატიო“ თანამდებობად. მისი დანიშნულება ხელისუფალთა შეხედულებების გავრცელებაა, როგორც საკუთარი, ისე წინაპრების ქმედებების შესახებ.14
სახელმწიფოსა და მის ინტელექტუალებს უამრავი სხვადასხვა არგუმენტი ჰქონდათ, რომ ქვეშევრდომები მათი მმართველობისადმი მორჩილებაში დაერწმუნებინათ. ძირითადად არგუმენტები შეიძლება შემდეგნაირად დაჯამდეს; ა) სახელმწიფოს მმართველები დიდებული და ბრძენი ადამიანები არიან (ისინი „ღვთის ნებით განაგებენ“, ისინი ხალხთა შორის „რჩეულნი“ არიან, ისინი „სამეცნიერო ექსპერტები“ არიან), გაცილებით უფო დიადნი და გონიერნი, ვიდრე ღირსეულნი, თუმცა საკმაოდ ზერელე ქვეშევრდომები; ბ) ხელისუფლების განსაზღვრული მმართველობა გარდაუვალი, სრულიად აუცილებელი და გაცილებით უკეთესია, ვიდრე ენით აუწერელი ბოროტება, რომელიც მის დამხობას მოყვება. კავშირი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ერთობ წარმატებული იდეოლოგიური მეთოდი იყო. მმართველი ან ღვთის მიერ იყო კურთხეული ან, როგორც აღმოსავლური დესპოტიებში ერთპიროვნული მმართველობის უამრავ შემთხვევაში – თავად იყო ღმერთი და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი წინააღმეგობა მისი მმართველობის მიმართ ღვთისგმობად მიიჩნეოდა. სახემწიფო საქმეებში სასულიერო პირების მონაწილეობის ინტელექტუალური დანიშნულება ხალხის მხარდაჭერისა და თაყვანიცემის მოპოვებ იყო.15
კიდევ ერთი წარმატებული ხერხი, ნებისმიერი განსხვავებული მმართველობისა თუ უმთავრობობის სისტემების მიმართ შიშის ჩანერგვა იყო. ისე იყო მოწყობილი, რომ მოქმედი მმართველები მოქალაქეებს იმ სასიცოცხლო მომსახურებთ უზრუნველყოფდნენ, რისთვისაც ისინი ყველაზე უფრო მადლიერნი უნდა დარჩენილიყვნენ: ცალკეული დამნაშავეებისა და მკვლელებისგან დაცვა-მიტაცებაზე საკუთარი მონოპოლიის შესანარჩუნებლად, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა კერძო და უსისტემო დამნაშავეობის მინიმალური დონის შესანარჩუნებლად. სახელმწიფო თავისი უსაფრთხოების მიმართ ყოველთვის ყურადღებიანი იყო. გასულ საუკუნეებში, სახელმწიფო განსაკუთრებული წარმატებით „სხვა“ სახელმწიფოების მმართველებისადმი შიშის ჩანერგვას ახერხებდა. ვინაიდან დედამიწა სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის იყო დანაწილებული, სახელმწიფო მცდელობა მიმართული იყო საკუთარი თავის იმ ტერიტორიასთან გაიგივებისკენ, რომელსაც თავად მართავდა. ვინაიდან, ადამიანთა უმეტესობას საკუთარი სამშობლო უყვარს, შესაბამისი მიწისა და იქ მცხოვრები ხალხის სახელმწიფოსთან გაიგივება ბუნებრივი პატრიოტიზმის სახელმწიფოს სასაგებლოდ ასამოქმედებელი საშუალება იყო. თუკი „რურიტანიას“ თავს „ვოლდავია“ დაესხმებოდა, სახელმწიფოსა და მის ინტელექტუალთა პირველი ამოცანა „რურიტანელთა“ დარწმუნება იყო, რომ ეს თავდასხმა მთლიანად ხალხის და არა მხოლოდ მმართველი კასტის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ გზით, მმართველებს შორის დაპირისპირება იმ ხალხებს შორის ომად გადაიქცა, რომლებიც საკუთარი მმართველობის დასაცავად იმ მცდარი რწმენით გამოდიოდნენ, რომ თითქოს ხელისუფალნი იცავდნენ მათ. დასავლურ ცივილიზაციაში „ნაციონალიზმის“ამგვარი მექანიზმის წარმატება მხოლოდ გასულ საუკუნეებში გამოიკვეთა; არც თუ დიდი ხნის წინ კი, ქვეშევრდომთა უმრავლესობა ომებს დიდებულთა შორის უსარგებლო კინკლაობად მიიჩნევდა.
იდეოლოგიური იარაღი, რომლითაც საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფო სარგებლობდა მრავალფეროვანი და დახვეწილი იყო. ერთ-ერთი საუკეთესო იარაღი ტრადიცია იყო. რაც უფრო დიდხანს ინარჩუნებდა თავს სახელმწიფო წყობილება, მით უფრო ძლიერი იყო ეს იარაღი. აქედან გამომდინარე, საუკუნეების განმავლობაში, X დინასტია ან Y სახელმწიფო მათი ტრადიციების საფუძველზე ფასდებოდა.16 წინაპართა ზოგადი თაყვანისცემა, წარსულის მავან მმართველთა არც თუ ისე დახვეწილ თაყვანისცემაში გადაიზარდა. სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე დამოუკიდებელი ინტელექტუალური კრიტიკაა. არ არსებობს უფრო უკეთესი მეთოდი კრიტიკის ჩასახშობად, ვიდრე თავდასხმა ყოველ განსხვავებულ აზრზე და ყოველ პიროვნებაზე, რომელიც ახალ ეჭვს გამოთქვამს, იმ მოტივით, რომ თითქოს ის მკრეხელურად ხელყოფს მისსავე წინაპართა სიბრძნეს. კიდევ ერთი ქმედითი იდეოლოგიური იარაღი, პიროვნების დათრგუნვა და საზოგდოებაში კოლექტივიზმის აღზევებაა. რამდენადაც ნებისმიერი წესი საჭიროებს უმრავლესობის აღიარებას, ნებისმიერი იდეოლოგიური საფრთხე, რომელიც შეიძლება ამ წესს დაემუქროს, აუცილებლად ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნებისაგან აღმოცენდება. ახალი იდეა, მით უმეტეს ახალი კრიტიკული იდეა, აუცილებლად უმცირესობის შეხედულებიდან ვითარდება; ამიტომ სახელმწიფომ ნებისმიერი ახალი იდეა, რომელსაც შეუძლია მიიპყროს მასების ყურადღება, ჩანაახშივე უნდა გააქილიკოს და მოსპოს. ისეთი გამონათქვამები, როგორნიცაა „უსმინეთ მხოლოდ თქვენს ძმებს“ ან „ანგარიში გაუწიეთ საზოგადოებას“ პიროვნული თვითმყოფადობის ჩახშობის იარაღად იქცა.17 ამ გზით, მასები ნაბიჯს ვერასოდეს გადადგამენ, თავიანთი ბატონების ნების გარეშე.18სახელმწიფოსთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი მმართველობა გარდაუვალ აუცილებლობად წარმოაჩინოს; იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ხელისუფლების მმართველობა მოსაწონი არააა, მის მიმართ მხოლოდ პასიური კრიტიკა ისმის, იმ ცნობილი აზრის დასტურად, რომ „სიკვდილი და გადასახადები“ გარდაუვალია. ამის ერთ-ერთი ხერხი, პიროვნული თავისუფლების საპირისპიროდ ისტორიული დეტერმინიზმის გამოყენებაა. თუ ჩვენ X დინასტია გვმართავს, ეს ისტორიის ულმობელი კანონების (ან ღვთის ნების, ან უზენაესის, ან მატერიალური საწარმოო ძალების) შედეგია და არც ერთ უსუსურ ინდივიდს არ ძალუძს შეცვალოს ეს შეუვალი განკარგულება. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ ქვეშევრდომებს „ისტორიული შეთქმულებების თეორიების“, ისევ როგორც თავად „შეთქმულბისა“ და მათი მიზეზების ძიებისადმი და ისტორიულ დანაშაულებებზე პასუხისმგებელი პირების გამორკვევისადმი ზიზღი ჩაუნერგოს. თუკი რამენაირად, სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ნებისმიერი ტირანია, ან მოღალატეობა, ან დაპყრობითი ომები, გამოწვეული იყო არა სახელმწიფო მმართველობით, არამედ საიდუმლო და უხილავი „საზოგადოებრივი ძალებით“, ან სამყაროს უკუღმართობით, და როგორღაც მიმდინარე მოვლენებზე ყველა პასუხისმგებელის („ჩვენ ყველა მკვლელები ვართ“ ღაღადებს ერთ-ერთი ლოზუნგი), მაშინ ხალხის შეშფოთებასა და დანაშაულისადმი შეწინააღმდეგებას არავითარი აზრი არ აქვს. გარდა ამისა, „შეთქმულების თეორიებზე“ თავდასხმა ნიშნავს, რომ ქვეშევრდომები უფრო ადვილად ირწმუნებენ მოსაზრებებს „საყოველთაო კეთილდღეობის“ შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ყოველთვის წინ წამოწევს, როცა თავის ძალადობრივ ქმედებებში მათი ჩარევა სურს. „შეთქმულების თეორიას“ შეუძლია, რომ სხელმწიფოს იდეოლოგიური პროპაგანდის მიმართ მოსახლეობის ეჭვი გამოიწვიოს და სისტემა მწყობრიდან გამოიყვანოს.
სახელმწიფოს ნება-სურვილისადმი ქვეშევრდომების დამორჩილების კიდევ ერთი ნაცადი და გამოცდილი ხერხი, მათში დანაშაულის შეგრძნების გაღვიძებაა. პირადი კეთილდღეობის ნებისმიერ ზრდას თავს ესხმიან, როგორც „უსაზღვო სიძუნწეს“, „მატერიალიზმს“, ან „მეტისმეტ სიმდიდრეს“; მოგების ძიებას უპირისპირდებიან, როგორც „ექსპლუატაციას“ და „მევახშეობას“; ურთიერთსასარგებლო საქონელგაცვლები ფასდება, როგორც „ეგოიზმი“. ასეა თუ ისე, დასკვნა ყოველთვის გულისხმობს, რომ კერძოდან „საზოგადოებრივ სექტორში“ სულ უფრო მეტი სასიცოცხლო სახსრები უნდა გადაიქაჩოს. დანაშაულის შეგრძნება საზოგადოებას სწორედ ასეთ ქცევას აიძულებს. ამდენად, როცა პიროვნებები „ეგოისტურ სიძუნწეს“ ავლენენ, ივარაუდება, რომ საქონელგაცვლებში სახელმწიფო მმართველთა ტლანქი ჩარევა, მათი მხრიდან ამაღლებული და უფრო კეთილშობილური მიზნებისადმი ერთგულებაზე მიუთითებს. თითქოს პარაზიტული მტაცებლობა, მშვიდობიან და ნაყოფიერ საქმიანობასთან შედარებით, უფრო მორალური და ესთეტიკურად ამაღლებული საქციელია.
დღევანდელ სეკულარულ დროში, სახელმწიფოსადმი ღვთისგან ბოძებულ უფლებებს ახალი ღმერთის – მეცნიერეიბისადმი ვედრებაც დაემატა. სახელმწიფო ამჯერად ექსპერტების მიერ უმაღლეს სამეცნიერო დონეზე გათვლილ ქმნილებად გამოცხადდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ გასულ საუკუნესთან შედარებით „გონებას“ თითქოს უფრო ხშირად უხმობენ, სინამდვილეში ეს პიროვნებათა ჭეშმარიტი შესაძლებლობებისა და მათი თავისუფალი ნების გამოვლენისკენ მოწოდებას როდი წარმოადგენს. არამედ ისევ და ისევ კოლექტივიზმისა და დეტერმინიზმის სახესხვაობაა, რომელიც კვლავ კრებით მაჩვენებლებს იყენებს და ხელისუფალთა მიერ პასიურ ქვეშევრდომთა ძალადობრივ მანიპულირებას გულისხმობს.
სამეცნიერო ცნებების მზარდმა გამოყენებამ, სახელმწიფოს სამსახურში მდგომ ინტელექტუალებს სახელმწიფო მმართველობის განდიდების არქაული გზა გაუხსნა, რაც ხალხში მხოლოდ ირონიას იწვევდა. ქურდი, რომელიც თავის საქციელს მსხვერპლის ქმედითი დახმარების სურვილით ამართლებდა, რაც ნაქურდალის საცალო ვაჭრობის გამოსაცოცხლებლად გამოყენებას გულისხმობს, ცოტას თუ დაარწმუნებს. მაგრამ თუკი თეორია კეინსიანური განტოლებათა სისტემითა და „მულტიპლიკაციის ეფექტის“ შთამბეჭდავი განმარტებებით ინიღბება, სამწუხაროდ მას დამაჯერებლობა ემატება. შედეგად, საღი აზრი ისევ და ისევ ითრგუნება. ასე რომ ეს ამოცანა ყველა დროში თავისებურად წყდება.
ამრიგად, იდეოლოგიურ მხარდაჭერას სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სახელმწფო მუდმივად უნდა ეცადოს, რომ სზოგადოება თავის „ლეგიტიმურობაში“ დაარწმუნოს და საკუთარი საქმიანობა ჩვეულებრივი ყაჩაღების მოქმედებისაგან გამოარჩიოს. მისი გაუნელებელი თავდასხმები „საღ აზრზე“ შემთხვევითი არაა, რის შესახებაც ბატონი მენკენი ნათლად მიგვანიშნებდა:
„საშუალო ადამიანი, მიუხედავად თავისი მრავალი შეცდომისა, სულ მცირე, თვალნათლივ, იმას მაინც ხედავს, რომ ხელისუფლება არის რაღაც, რაც მისგან და მისი მსგავსი ადამიანებისგან განცალკევებით არსებობს; ამასთან, ეს არის განცალკევებული, დამოუკიდებელი და მტრული ძალა, რომელიც მის კონტროლს მხოლოდ ნაწილობრივ ექვემდებარება და მისთვის დიდი უბედურების მოტანა შეუძლია. არის თუ არა მისი უმნიშვნელობის დასაბუთება, რომ ყველგან, სახელმწიფოს გაძარცვა უფრო ნაკლები მნიშვნელობის დნაშაულად მიიჩნევა, ვიდრე ცალკეული ადამიანის ან თუნდაც კორპორაციის გაქურდვა? ის, რაც ყოველივე ამის უკან ძევს, ჩემი აზრით, ხელისუფლებასა და მის მიერ მართულ ადამიანთა შორის ღრმა ანტაგონიზმის შეგრძნებაა. მას აღიქვამენ არა როგორც სამოქალაქო კომიტეტს, რომელსაც ირჩევენ, რომ მთელი მოსახლეობის კომუნალური მომსახურება უზრუნვლყოს, არამედ როგორც განცალკევებულ და დამოუკიდებელ კორპორაციას, რომელიც ძირითადად თავისი წევრების სასარგებლოდ დანარჩენი მოსახლეობის ექსპლუატაციისთვის არის განკუთვნილი… როდესაც კერძო მოქალაქე იძარცვება, ღირსეული ადამიანი თავისივე შრომისა და რუდუნების ნაყოფს კარგავს. როცა სახელმწიფო იძარცვება, ყველაზე უარესი, რაც ამ დროს ხდება ის არის, რომ ზოგიერთ თაღლითსა და უსაქმურს გართობისათვის უფრო ცოტა ფული რჩება, ვიდრე მანამდე ჰქონდა. თვალსაზრისი, რომ ეს ფული გამომუშავებული ჰქონდათ, არასოდეს ყოფილა გაზიაებული. გონიერი ადამიანების უმრავლესობისათვის ეს სასაცილოცაა“19

——–
* მარი ნ. როტბარდი, „ეგალიტარიანიზმი, როგორც ამბოხი ბუნების წინააღმდეგ და სხვა ნარკვევები“ (ოუბურნი, ალაბამი, აშშ., მიზესის ინსტიტუტი, 2000 (1974), გვ. 55-88.
1. ამ თავში შეუძლებელია „დემოკრატიის“ წინააღმდეგობივი ხასიათისა და შეცდომების განხილვა. საკმარისია მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ ინდივიდის ნამდვილი „წარმომადგენელი“ ყოველთვის მის ბრძანებებს ექვემდებარება, ნებისმიერ დროს შეიძლება მისი დათხოვა და ის ხელმძღვანელის ინტერესებსა და სურვილებს ვერ შეეწინააღმდეგება. ნათელია, რომ დემოკრატიის პირობებში „წარმომადგენელი“ ვერასდროს შეითავსებს ასეთ მოვალეობებს და ეს მხოლოდ ლიბერტარიანულ საზოგადოებაშია შესაძლებელი.
2. სოციალ-დემოკრატები ხშირად არ ეთანხმებიან იმას, რომ დემოკრატია, ანუ მმართველობის უმრავლესობით არჩევა, ლოგიკურად გულისხმობს უმრავლესობის მიერ უმცირესობისთვის გარკვეული თავისუფლების მინიჭებას, იმ მიზეზით, რომ უმცირესობა ერთ მშვნიერ დღეს შეიძლება უმრავლესობა გახდეს. ეს არგუმენტი განსაკუთრებით უადგილოა იქ, სადაც უმცირესობა ვერასდროს შესძლებს გახდეს უმრავლესობა, მაგალითად, როცა ის განსხვავებულ რასობივ ან ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენს.
3. იოსებ ა. შუმპტერი, „კაპიტალიზმი, სოციალიზმი და დემოკრატია“ (ნიუ-იორკი: ჰარპერი და ძმები, 1942), გვ. 198. კერძო და სახელმწიფო სფეროებს შორის დაპირისპირება სინამდვილეში იმიტომ გაღრმავდა, რომ სახელმწიფოს შემოსავლის წყარო კერძო სექტორში კერძო მიზნებისთვის შექმნილი დოვლათი იყო და პოლიტიკური ძალების მიერ მათი ამ მიზნებისგან ჩამოშორება ხდებოდა. იმ მოძღვრების არსებობა, რომელიც გადასახადებს საკლუბო საწევროს ან მომსახურების საფასურს ადარებს, ადასტურებს, რომ სოციალური მეცნიერების ეს მაწილი გონივრულ მეცნიერულ მიდგომებს მნიშვნელოვნად დასცილდა; აგრეთვე იხილეთ მარი ნ. როტბარდი, „საზოგადოებრივი სექტორის შეცდომები“, „ახალი ინდივიდუალისტური მიმოხილვა“ (შემოდგომა, 1961).

4. ფრანც ოპენჰეიმერი, „სახელმწიფო“ (ნიუ-იორკი: ვანგარდის გამომცემლობა) გვ. 24-27. არსებობს ორი ძირეულად განსხვავებული გზა, რომ ადამიანმა თავისი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს: შრომა და ძარცვა, ანუ საკუთარი შრომის შედეგების მოხმარება და სხვების ნაშრომის იძულებითი მითვისება… პირველს ვუწოდოთ „ეკონომიკური საშუალებები“, ხოლო მეორეს „პოლიტიკური საშუალებები“… სახელმწიფო არის პოლიტიკური საშუალებების ორგანიზაცია, შესაბამისად, ვერანაირი სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდება მანამ, სანამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ის ეკონომიკური საშუალებები არ შეიქმნება, რომლებიც ძარცვის შედეგად შეიძლება იქნეს მითვისებული.

5. ალბერტ ჯეი ნოკი გარკვევით ასაბუთებდა, რომ „სახელმწიფო ითხოვს და ახორციელებს მონოპოლიურ უფლებებს დანაშაულზე… იგი სჯის კერძო პირთა ჩადენილ მკვლელობებს, მაგრამ ამავდროულად თავად შთამბეჭდავ მასშტაბებში ახდენს მკვლელობების ორგანიზებას. ის სჯის კერძო პირთა მიერ ჩადენილ ქურდობას, მაგრამ თვითონვე არაკეთილსინდისიერად ხელყოფს მოქალაქეების ან უცხოელების საკუთრებას. ა.ჯ ნოკი, „სწორი საქმის კეთების შესახებ და ხვა ნარკვევები“ (ნიუ-იორკი: ჰარპერი და ძმები, 1929), გვ. 143; მოყვანილია ჯეკ შვარცმანში, „ალბერტ ჯეი ნოკი – არასასურველი ადამიანი,“ „რწმენა და თავისუფლება“ (დეკემბერი, 1953): 11.

6. ოპენჰეიმერი, „სახელმწიფო“, გვ. 15: „მაშ რაში მგომარეობს სახელმწიფოს სოციოლოგიური გაგება? სახელმწიფო, მთელი თავისი წარ ომავლობით… არის გამარჯვებულთა ჯგუფების მიერ შექმნილი სოციალური ინსტიტუტი, რომლის ძირითადი მიზანია დამარცხებული ჯგუფების წარმომადგენლებზე გაბატონება, აგრეთვე საკუთარი დაცვა შიდა ამბოხისა და გარეშე თავდასხმისგან. მას არა აქვს სხვა დანიშნულება, გამარჯვებულთა მიერ დამარცხებულების ეკონომიკური ექსპლუატაციის გარდა. დე ჟუვენელი წერდა: „სახელმწიფო არსებითად მძარცველთა მიერ მიღწეული წარმატებების შედეგს წარმოადგენს, რომლებმაც საკუთარი მმართველობა მცირე და დამოუკიდებელ საზოგადოებებს მოახვიეს.“ ბერტნარდ დე იუვენილი, ძალაუფლებაზე“. (ნიუ-იორკი: გამომცემლობა ვიკინგი, 1949), გვ. 100-01.

7. „სახელმწიფოს მიერ იძულებით დადგენილი ან საგანგებოდ მინიჭებული პრივილეგიების შედეგად შექმნილ „კასტებსა“ და „კლასობრივი“ საზოგადოების მარქსისტულ კონცეფციას შორის განსხვავებების შესახებ, იხილეთ ლუდვიგ ვან მიზესი, „თეორია და ისტორია“ (ნიუ-ჰევენი, იელის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1957, გვ. 112.
8. მსგავსი განსაზღვრება, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, რომ სახელმწიფო მმართველობა „ნებაყოფილობით“ იქნა აღიარებული; უმრავლესობის ქმედითი და თანმიმდევრული მხარდაჭერის მიუხედავად, ის მაინც ვერ იქნება ერთსულოვანი.

9. ის, რომ ყოველი ხელისუფლება, რაგინდ „დიქტატორულიც არ უნდა იყოს ცალკეული პიროვნებების მიმართ, საჭიროებს ასეთ მხარდაჭერას, დაასაბუთეს ისეთმა მწვავე პოლიტიკურმა თეორეტიკოსებმა, როგორებიცაა ეტიენ დე ლა ბოეტიე, დევიდ ჰუმი და ლუდვიგ ფონ მიზესი. ამრიგად, დევიდ ჰუმი, „მთავრობის პირველადი პრინციპები“, „ნარკვევები, ლიტერატურა, ზნეობა და პოლიტიკა“ (ლონდონი: უარდი, ლოკი და ტეილორი), გვ. 23; ეტიენ დე ლა ბოეტიე, „ანტი-დიქტატორი“ (ნიუ-იორკი: კოლუმბიის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1942), გვ.188. სახელმწიფოს კვლევაში ეტიენ დე ლა ბოეტიეს ღვაწლის შესახებ იხილეთ ოსკარ ჯაზი და ჯონ დ. ლევისი, „ტირანის წინააღმდეგ“ (გლენკო, III: თავისუფალი პრესა 1957), გვ. 55-57.

10. ეტიენ დე ლა ბოეტიე, „ანტი-დიქტატორი“, გვ. 42-44. როცა კანონმდებელი დიქტატორი ხდება… მის ირგვლივ ყველა ამბიციური, ხარბი და გარყვნილი ადამიანი იკრიბება და მხარდაჭერას უცხადებს, რომ მისი შემოსავლიდან წილი მიიღონ და დიდი ტირანის მფარველობის ქვეშ წვრილმან მმართველებად იქცნენ.

11. ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ ყველა ინ ტელექტუალი სახელმწიფოს მოკავშირეა. ინტელექტუალებისა და სახელმწიფოს ალიანსის ასპექტების შესახებ იხილეთ ბერტნარდ დე ჯუვენელი, „საბაზრო საზოგადოების მიმართ ინტელექტუალების დამოკიდებულება,“ „ბუ“ (იანვარი, 1951): 19-27; იქვე, „კონტინენტალური ინტელექტუალების მიერ კაპიტალიზმის შემუშავება,“ ფ.ა. ჰაიეკი, „კაპიტალიზმი და ისტორიკოსები“ (ჩიკაგო: ჩიკაგოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1954), გვ. 93-123; ხლახლა გამოსცა ჯორჯ ბ. დე ჰუზცარმა, „ინტელექტუალები“ (გლენკო, III: თავისუფალი პრესა, 1960), გვ. 385-99; და შუმპეტერი, „იმპერიალიზმი და სოციალური კლასები“ (ნიუ -იორკი: მერიდიანის წიგნები, 1975), გვ. 143-55.

12. ჯოზეფ ნიდჰემი, „კარლ ა. ვიტფოგელის მიმოხილვა, „აღმოსავლური დესპოტიზმი“, „მეცნიერება და საზოგადოება“ (1958): 65. ნიდმანი აგრეთვე წერს, რომ (ჩინეთში) წარმატებულ იმპერატორებს ყველა დროში და ღრმად ჰუმანური და მიუკერძოებელი სწავლულების უდიდესი ჯგუფი ემსახურებოდნენ“, გვ. 61. ვიტფოგელი ყურადღებას კონფუცის დოქტრინაზე ამახვილებს, რომელიც მმართველი კლასის დიდებულების საყრდენად სწავლულ ბიუროკრატიას მიიჩნევს, რომელიც მოწოდებულია მოსახლეობის მასების კეთილგონიერი მმართველობისთვის. კარლ ა. ვიტფოგელი, „აღმოსავლური დესპოტიზმი“ (ნიუ ჰევენი, კონეკტიკუტი, იელის უნივერსიფტეტის გამომცემლობა, 1957), გვ. 320-21 და ყველგან. ნიდმანისგან განსხვავებული დამოკიდებულების შესახებ იხილეთ ჯონ ლუკასი, „ინტელექტუალური კლასი თუ ინტელექტუალური პროფესია?“ ჯორჯ ბ. დე ჰუზცარი, „ინტელექტუალები“, გვ. 521-22.
13. ჯენი რიბსი, „ომის მწარმოებლები“, „ლიბერაციონი“ (აგვისტო, 1961): 13. სტრატეგიული მგეგმავები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ მათი საქმიანობა იმსახურებს „სამხედრო სამსახურების ტოლფას პატივისცემას“ აგრეთვე იხილეთ მარკუს რასკინი, „ინტელექტუალი მეგამკვლელები“, „წიგნების ნიუ-იორკული მიმოხილვა“ (ნოემბერი 14, 1963): 6-7.

14. ისტორიკოსი კონიერს რიდი, თავის საპრეზიდენტო მიმართვაში, „დემოკრატიული“ და ეროვნული ღირებულებებისთვის იტორიული მონაცემების გაყალბებას უჭერდა მხარს. რიდი აცხადებდა, რომ „ტოტალური ომი, მიუხედავად იმისა „ცხელია“ თუ „ცივი“ ყველას თავისი ვალის მოსახდელად უხმობს და თითოეულს მის მონაწილედ აქცევს. ფიზიკოსების მსგავსად არც ისტორიკოსები არიან თავისუფალნი ამ ვალდებულებებიდან.“ რიდი, „ისტორიკოსების სოციალური პასუხისმგებლობა,“ „ამერიკული ისტორიული მიმოხილვა“ (1951): 283. რიდისადმი კრიტიკული მიდგომის და ისტორიის სხვა საკითხების შესახებ იხილეთ ჰოვარდ კ. ბილი, „პროფესიონალი ისტორიკოსი: მისი თეორია და პრაქტიკა,“ (აგვისტო, 1953): 227-55. აგრეთვე, ჰერბერტ ბატერფილდი, „ოფიციალური ისტორია: მის მიერ დაგებული ხაფანგი და კრიტერიუმები,“ „ისტორია და ადამიანური ურთიერთობები“ (ნიუ-იორკი: მაკმილანი, 1952) გვ.182-224; და ჰარი ელმერ ბარნესი, „კარის ისტორიკოსები რევოლუციონიზმის წინააღმდეგ“ გვ.2

15. ვიტფოგელი, „აღმოსავლური დესპოტიზმი“, გვ. 87-100. სახელმწიფოსთან მიმართებაში რელიგიის როლის შესახებ ჩინეთსა და იაპონიაში, იხილეთ ნორმან ჯაკობსი, „თანამედროვე კაპიტალიზმის საფუძვლები და აღმოსავლეთ აზია“ (ჰონგ-კონგი; ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის გამომემლობა, 1958), გვ. 161-94.

16. დე ჟიუვენელი, ძალაუფლებაზე, გვ. 22: „მორჩილების ძირითადი მიზეზი მისი ჩვევად ქცევაა… ძალაუფლების არსებობა ჩვენთვის ბუნებრივი მოვლენაა. ის უძველესი დროიდან ახასიათებს კაცობრიობას… საზოგადოების მმართველები მემკვიდრეებისათვის პრივილეგიების გადალცვისა და ადამიანთა გონებაში კვალის დატოვების გარეშე არ გადაგვარებულან. საუკუნეების განმავლობაში, ყოველი მომდევნო მმართველობა კიდევ უფრო ზღუდავდა საზოგადოებას, რაც ნიშნავს, რომ მთავრობა მუდმივად ფართოვდება“.

17. ჩინეთში რელიგიის მსგავსი გამოყენების შესახებ, იხილეთ ნორმან ჯაკობსის ზემოთხსენებულ შრომა.

18. ჰ.ლ. მენკენი, „მენკენის ქრესტომათია“ (ნიუ-იორკი: კნოფი, 1949), გვ. 145: „ნებისმიერი მთავრობისთვის ყველაზე საშიში ადამიანი არის კაცი, რომელსაც ყოველგვარი ცრურწმენებისა და ტაბუს გარეშე შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება, ამასთან თითქმის დაუბრკოლებლად ხვდება, რომ მისი მთავრობა უსამართლო, უგუნური და აუტანელია, ხოლო რომანტიკოსების შემთხვევაში, მის შეცვლას ცდილობს, მაშინაც კი, როდესაც რომანტიკოსი არაა, ის მუდამ მზადაა, რომ უკმაყოფილება დათესოს კმაყოფილთა შორისაც კი“.
19. იქვე, გვ. 146-47.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s