სახელმწიფოს ანატომია (ნაწ. II)

Anatomy_Rothbard_300

მიურეი როთბარდი

როგორ აჭარბებს სახელმწიფო თავის უფლებამოსილებებს?

როგორც ბერტრან დე ჟუვენელმა გონივრულად აღნიშნა, საუკუნეთა მანძილზე ადამიანები სახელმწიფო მმართველობაზე თვალყურის დევნებასა და მისთვის უფლებამოსილების საზღვრების დადგენის მიზნით მრავალგვარ კონცეფციას აყალიბებდნენ. ხოლო სახელმწიფო, თავის ინტელექტუალი მოკავშირეების მეშვეობით, ერთიმეორის მიყოლებით ახერხებდა ამ კონცეფციების თავისი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების ლეგიტიმურობისა და ღვთისმოსაობის დასადასტურებლად გამოეყენებინა. თავდაპირველად, დასავლეთ ევროპაში ღვთით ბოძებული სუვერენიტეტის კონცეფცია ამყარებდა შეხედულებას, რომ მეფეებს მხოლოდ ღვთიური კანონის თანახმად შეუძლიათ მართონ. მეფეებმა ეს კონცეფცია გამოიყენეს მათი ნებისმიერი ქმედების ღვთისგან მომდინარეობის დასადასტურებლად. საპარლამენტო დემოკრატიის კონცეფცია ჩაისახა, როგორც აბსოლუტურ მონარქიაზე სახალხო მეთვალყურეობის ხერხი, ხოლო დასრულდა პარლამენტით, რომელიც სახელმწიფოს შემადგენელ მნიშვნელოვან ნაწილად იქცა და რომლის ყველა გადაწყვეტილება სავსებით სუვერენულია. როგორც ბერტრან დე ჟუვენელი ასკვნის:
სახელმწიფოს უფლებამოსილების შეზღუდვის ესა თუ ის ხერხი სახელმწიფო სუვერენიტეტის მოძღვრების არაერთ ავტორს აქვს დამუშავებული. მაგრამ საბოლოოდ, ყველა ასეთმა მოძღვრებამ, ადრე თუ გვიან, თავისი საწყისი მნიშვნელობა დაკარგა და ხელისუფლების დამხმარე მძლავრ ბერკეტად გადაიქცა.20
ყველა სხვა მოძღვრების მსგავსად: ჯონ ლოკთან და ადამიანის უფლებების დეკლარაციაში ასახული პიროვნების „ბუნებითი უფლებები“, გადაიქცა რიგით მოთხოვნად „მუშაობის უფლებებზე“; უტილიტარიზმმი თავისუფლების მხარდაჭერას განზე გაუდგა და სახელმწიფოს მხრიდან თავისუფლების ხელყოფისადმი წინააღმდეგობის გაწევის უაზრობის დასაბუთება მიჰყო ხელი და ა.შ.
რა თქმა უნდა, ყველაზე პატივმოყვარე მცდელობა, რომ ხელისუფლება შეეზღუდათ და რაღაც საზღვრებში მოექციათ, ადამიანის უფლებების დკლარაცია და ამერიკის კონსტიტუციის სხვა შემზღუდველი მონაკვეთები იყო. მათში წერილობით დადგენილი სახელისუფლო საზღვრები ძირეულ კანონად გადაიქცა, რომელთა ინტერპრეტაციის უფლება სასამართლოს მიენიჭა, ხელისუფლების ყველა სხვა განშტოებებისგან დამოუკიდებლად. ყველა ამერიკელისათვის ცნობილია, რომ გასული საუკუნის განმავლობაში კონსტიტუციური შეზღუდვები განუწყვეტლივ მცირდებოდა. მაგრამ პროფესორ ჩარლზ ბლეკის მსგავსი გამჭრიახობა ცოტას თუ აღმოაჩნდა, რომ ამ პროცესში დაენახა, თუ როგორ შეძლო სახელმწიფომ, თავად სამართლის შემზღუდველი ბუნების საკუთარი მოქმედებების ლეგიტიმურობის მინიჭების ხერხად გადაქცევა. თუკი სამართლებრივი გადაწყვეტილება „არაკონსტიტუციურობის“ შესახებ შეიძლება ხელისუფლების ძალუფლების შესაზღუდად იქნეს გამოყენებული, „კონსტიტუციურობის“ შესახებ აშკარა თუ ფარული განჩინება, წარმოადგენს უძლიერეს იარაღს მოსახლეობის დასარწმუნებლად, რომ კიდევ უფრო გაძლიერებული სახელმწიფო ძალაუფლება აღიარონ.
პროფესორი ბლეკი თავის ანალიზს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის „ლეგიტიმურობის“ გადამწყვეტ მნიშვნელობაზე მითითებით იწყებს. ლეგიტიმურობა გადამწყვეტი უმრავლესობის მიერ ხელისუფლებისა და მისი ქმედებების აღიარებას ნიშნავს.21 ლეგიტიმურობის აღიარება მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკს შეერთებული შტატებია, სადაც ,,ქმედითი შეზღუდვები ჩანერგილია იმ თეორიაში, რომელსაც სახელმწიფიო ეფუძნება“. ის, რაც აუცილებელია ამატებს ბლეიკი, არის საშუალებები, რითაც ხელისუფლება მოსახლეობის დარწმუნებას შესძლებს, რომ მისი მზარდი ძალაუფლება ჭეშმარიტად „კონსტიტუციურია“ და ბლეიკის დასკვნით, სამართლებრივი ზედამხედვ ელობის მთავარი ისტორიული დაიშნულება სწორედ ეს იყო.
ნება დავრთოთ ბლეიკს, რომ საკითხი თავად წარმოგვიდგინოს:
„მთავრობისათვის უდიდესი რისკი ნდობის დაკარგვა და მოსახლეობაში დამცირების გრძნობის ფართოდ გავრცელებაა, ხოლო ხელისუფლების მიერ ზნეობრივი ძალაუფლების დაკარგვა, როგორც ასეთი, შესაძლებელია ძალდატანების, ინერციის ან მიმზიდველი და დროული ალტერნატივის არარსებობის გამო დიდხანს შენარჩუნდეს. შეზღუდული ძალაუფლების მქონე ხელისუფლების პირობებში მცხოვრები თითქმის ყველა ადამიანი, ადრე თუ გვიან, ხელისუფლების გარკვეულ ზემოქმედებას განიცდის, რასაც პირადი შეხედულებით აფასებს, როგორც ხელისუფლების მიერ ძალაუფლების გადამეტებას ან მთავრობის უშუალო შეზღუდვების დარღვევას. ადამიანს სამხედრო სავალდებულო სამსახურში იწვევენ, თუმცა კონსტიტუციაში სამხედრო ვალდებულების შესახებ არაფერი მოიპოვება… ფერმერს ეუბნებიან, თუ რამდენი ხორბლის მოყვანა შეუძლია; მას სჯერა და ხედავს, რომ მასთან ერთად, ზოგიერთ პატივსაცემ ადვოკატსაც სწამს, რომ ხელისუფლებას არ აქვს უფლება უთხრას მას, თუ რამდენი ხორბლის მოყვანა შეუძლია, ისევე როგორც ვერ მიუთითებს, თუ ვისზე დააქორწინოს თავისი ქალიშვილი. ფედერალურ ციხეში ადამიანს თავისი სათქმელის გამო ამწესებენ, რომელიც თავის საკანში ბოლთას სცემს და იმეორებს… „კონგრესმა არ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას“… მეწარმეს ეუბნებიან, თუ რა საკითხი შეუძლია ან ვალდებულია, რომ წამოჭრას კარაქის თქვეფის შესახებ. საკმაოდ რეალურია საფრთხე, რომ ყველა (და ვინ მიეკუთვნება მათ რიცხვს?) ხელისუფლების შეზღუდვის კონცეფციას ამავე შეზღუდვების ზრდის მაჩვენებელ ყოველდღიურობას (როგორც თვითონ ხედავს) დაუპირისპირებს და ცალსახად წამოჭრის საკითხს ხლისუფლების სტატუსის ლეგიტიმურობის შესახებ“.22
ამ საფრთხის თავიდან აცილება ჩაფიქრებულია სახელმწიფოს მიერ განსახილველად წარმოგენილი იმ მოძღვრებით, რომ კონსტიტუციისადმი შესაბამისობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებას მხოლოდ ერთი უწყება უნდა ფლობდეს და ეს უწყება, საბოლოოდ, ფედერალური ხელისუფლების ნაწილი უნდა იყოს.23 ფედერალური მართლმსაჯულების მოჩვენებითი დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს, რომ ხალხის უმრავლსობისათვის მისი საქმიანობა „წმინდა წერილის“ გამოცხადების ტოლფასია. გარდა ამისა, არანაკლები სიმართლეა ის, რომ მართლმსაჯულება ხელისუფლების აპარატის ნაწილი და მისივე აღმასრულებელი და საკანონმდებლო განშტოებების მიერ შეკოწიწებული უწყებაა. ბლეკი ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს მიერ საკუთარი თავის მოსამართლედ აღზევება, მისსავე კეთილდღეობას ემსახურება და ხელყოფს მართლმსაჯულების ძირეულ პრინციპს, რისი მიზანიც სამართლიანი გადაწყვტილების მიღებაა. ამასთან, უხეშად უარყოფს ნებისმიერ ალტერნატიულ შესაძლებლობას.24
„შემდგომი პრობლემა ისაა“, ამატებს ბლეკი, „რომ მოიძებნოს სახელისუფლო გადაწყვეტილებების მიღების ისეთი ბერკეტები, რომლებიც შესაძლო მინიმუმამდე შეამცირრებს უკმაყოფილებას იმ ფაქტისადმი, რომ მთავრობა თვითონაა თავისივე ქმედებების მოსამართლე. ამ მიღწევის შემდეგაც, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ იმედი იქონიოთ, რომ თეორიულად ჯერ კიდევ საფუძვლიანი უკმაყოფილება ძალას დაკარგავს და მართლმსაჯულება აღიარებას მოიპოვებს“25.
საბოლოოდ ბლეკი ასკვნის, რომ სახელმწიფოს მიერ თავისივე საკეთილდღეოდ განხორციელებული მართლმსაჯულების შედეგად სამართლიანობის და კანონიერების მიღწევა „რაღაც ჯადოსნობაა“.26
როდესაც ამ მოსაზრებას, უზენაესი სასამართლოსა და „ახალი მიდგომის“ მომხრეებს შორის ცნობილ დაპირისპირებასთან დაკავშირებით იყენებს, პროფესორი ბლეკი „ახალი მიდგომის“ მომხრე კოლეგებს სასამართლო წინააღმდეგობის აუცილებლობის ძაგებისას არაშორსმჭვრეტელობაში ადანაშაულებს:
„უზენაესი სასამართლოსა და „ახალი მიდგომის“ შესახებ გავრცელებულ შეხედულებას, მიუხედავად იმისა, რომ საქმის ვითარებას სათანადოდ გადმოსცემს, ყურადღება მთავარიდან განზე გადააქვს… ის წინ არსებულ სიძნელეებს წამოსწევს; სრულებით ივიწყებს იმას, თუ როგორ შემოტრიალდა ყველაფერი ასე სავალალოდ. ამ ყველაფრის შედეგი იყო (რასაც ხაზი მინდა გავუსვა) ის, რომ ოცდაოთხი თვის წინააღმდგობის შემდეგ… უზენაესმა სასამართლომ, კანონში ყოველგვარი ცვლილებების შეტანის გარეშე, თნხმობა გასცა „ახალი მიდგომის“ განხორციელებასა და ამერიკის მთელი ხელისუფლების ახლებურ მოწყობაზე“.27
ამ გზით, უზენაესმა სასამართლომ ამერიკელთა დიდ ნაწილს, რომელთაც ჰქონდათ საფუძვლიანი კონსტიტუციური სამხილები „ახალი მიდგომის“ მიმართ, წინააღმდგობის ყოველგვარი საფუძველი მოუსპო:
„რა თქმა უნდა, ყველა არ იყო კმაყოფილი. ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობის (laissezfaire) შესახებ ბონი პრინც ჩარლის კონსტიტუციური მოთხოვნები, მეოცნებე ფანატიკოსების გულებს ისევ აღელვებს და დამთრგუნველი გაურკვევლობის სამფლობელოში აბრუნებს. თუმცა საზოგადოების მნიშვნელოვან ანგარიშგასაწევ ნაწილს ეჭვი უკვე აღარ ეპარება, რომ კონგრესის კონსტიტუციური უფლება იყო ემოქმედა ისე, როგორც ეს მან ეროვნული ეკონომიკის მიმართ გააკეთა. ჩვენ არ გვქონდა სხვა საშუალება, უზენაესი სასამართლოს გარდა, რომ „ახალი მიდგომისთვის“კანონიერება მიგვენიჭებინა“.28
ბლეკის აღიარებით, ერთერთი მთავარი პოლიტიკური თეორეტიკოსი, რომელმაც მეტწილად წინასწარვე გააცნობიერა ხელისუფლების კონსტიტუციური შეზღუდვების იდეაში ბზარის არსებობა, ჯონ ს. კალჰოუნი იყო. კალჰოუნი კი არ დაკმაყოფილდა „სასწაულით“, არამედ კონსტიტუციური პრობლემის ძირფესვიან განხილვას შეეცადა. თავის გამოკვლევაში, კალჰოუნმა მსგავსი კონსტიტუციური შეზღუდვების დარღვევის სახელმწიფოსთვის სახასიათო მიდრეკილება წარმოაჩინა:
„მიღებულ კონსტიტუციას ნამდვილად მრავალი და გასათვალისწინებელი უპირატესობა აქვს, მაგრამ დიდი შეცდომაა იმის ვარაუდი, რომ ხელსუფლების ძალაუფლების განმსაზღვრელი და შემზღუდველი დებულებების უბრალო დაწესება, მათი აღსრულების იმედით, იმის გარკვევის გარეშე, თუ ვის დასაცავად არიან ისინი შემოღებულნი, საკმარისი იქნება მთავარი, ან გაბატონებული ჯგუფის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად. ხელისუფლებაში მოსული ჯგუფები, იმ კონსტიტუციაზე დაყრდნობით, რომელიც სახელმწიფოს მიერ საზოგადოების დაცვას აუცილებელს ხდის, მხარს დაუჭერენ კონსტიტუციის მიერ მათთვის მეტი ძალაუფლების მინიჭებას და შეეწინააღმდეგებიან მათთვის რაიმე შეზღუდვების დაწესებას… მცირე ზომის, ან უფრო სუსტი ჯგუფი ამის საწინააღმდეგნო მიმართულებას აირჩევს და შეზღუდვების შემოღებას, გაბატონებული ჯგუფებისგან თავის დასაცავ აუცილებელ საშუალებად მიიჩნევს… მაგრამ სინამდვილეში არანაირი საშუალება არ არსებობს, რომლითაც ისინი მმართველ ჯგუფს შეზღუდვების დაცვას აიძულებენ, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რომელიც მათ რჩებათ კონსტიტუციის გამკაცრებაა… გაბატონებული ჯგუფი ამას ლიბერალურ კონსტიტუციას დაუპირისპირებს… ეს იქნება კონსტრუქცია კონსტრუქციის წინააღმდეგ – ერთი ხელისუფების ძალაუფლების საზღვრებს დააწესებს , მეორე კი, უსაზღვროდ გააფართოვებს მათ. მაგრამ რა სავარაუდო სარგებელი მოაქვს სუსტი ჯგუფისთვის მკაცრ შეზღუდვებს, გაბატონებული ჯგუფის ლიბერალურ მიდგომასთან შედარებით, როცა ამ უკანასკნელს ექნება სრული ძალაუფლება საკუთარი მიდგომა განახორციელოს, ხოლო სუსტი კი, ყველანაირად მოკლებული იქნება ამგვარ შესაძლებლობას? ასეთი უთანასწორო დავის შედეგი საეჭვო არაა. შეზღუდვების მომხრე ჯგუფი ზემაღალ ძალაუფლებას მიიღებს… ყველაფერი კი კონსტიტუციის უარყოფით დამთავრდება… შეზღუდვები გაუქმდება და ხელისუფლება უსაზღვრო ძალაუფლებას მოიპოვებს“.29
ერთ-ერთი პოლიტიკური მეცნიერი, რომელსაც კონსტიტუციის კალჰოუნისეული კვლევა მოსწონდა პროფესორი ჯ. ალენ სმიტი გახლდათ. სმიტი შენიშნავდა, რომ კონსტიტუცია ხელისუფლების ყოველგვარ ძალაუფლებაზე თვალყურის დევნებისა და გაწონასწორების მიზნით იყო შექმნილი და უზენაესი სასამართლო, როდესაც კანონის ინტერპრეტირების მონოპოლიური უფლება მიენიჭა, მხოლოდ მოგვიანებით შეიქმნა. თუკი, ფედერალური ხელისუფლება პიროვნების უფლებებში ცალკეული შტატების ჩარევის აღსაკვეთად შეიქმნა, თავად ფედერალური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ვინღა აღკვეთს? სმიტი აღნიშნავდა, რომ კონსტიტუცია ყველა სახელისუფლო შტოზე თვალყურის მისადევნებლად და მათ გასაწონასწორებლად შეიქმნა, თითოელი მათგანის ძალაუფლების შეზღუდვის მიზნით, რათა საბოლოო ინტერპრეტაციის უფლება არც ერთ მათგანს არ ჰქონოდა: „ხალხი თვლიდა, რომ ახალ ხელისუფლებას თავისი უფლებამოსილების განსაზღვრა არ უნდა შეძლებოდა, რადგან ეს მას კონსტიტუციის ზემოთ დააყენებდა.“30
კალჰოუნის მიერ მოწოდებული გამოსავალი, რომელიც შემდგომ, მე-20 საუკუნეში, სმიტის მიერ იყო გამეორებული, რა თქმა უნდა, „პარალელური უმრავლესობის“ ცნობილ მოძღვრებას გულისხმობდა. თუკი ქვეყანაში ნებისმიერი თვალსაჩინო უმცირესობა, მით უმეტეს შტატების მთავრობები, დარწმუნდებოდნენ, რომ ფედერალური მთავრობა უფლებამოსილებას აჭარბებდა და უმცირეობის უფლებებში ერეოდა, უმცირესობას შეეძლებოდა ძალაუფლების ამგვარი გამოყენება არაკონსტიტუციურობის გამო აეკრძალა. ეს თეორია სახელმწიფო ხელისუფლებასთან მიმართებაში, შტატების იურისდიქციის ფარგლებში, ფედერალური კანონისა და მმართველობის „ნულიფიკაციას“ გულისხმობდა.
თეორიულად, ამგვარ კონსტიტუციურ წყობას უნდა უზრუნველყო, რომ ფედერალური ხელისუფლება შეაკავებდა შტატების მთავრობების მიერ ადამიანების პიროვნული უფლებების ნებისმიერ ხელყოფას, ხოლო თავის მხრივ შტატები, ფედერალური ძალაუფლების გადამეტებიდან დაიცავდნენ პიროვნებებს. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეზღუდვები არსებულზე უეჭველად უფრო შედეგიანი იქნება, კალჰოუნის მიერ შემოთავაზებულ გამოსავალში კვლავ უამრავი სირთულე და წინააღმდეგობაა. მართლაც, თუ კი ქვემდებარე ინსტიტუტს ვეტოს კანონიერი უფლება ექნება, მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაშინ რატომ უნდა შევჩერდეთ შტატებზე? რატომ არ უნდა მივანიჭოთ ვეტოს უფლება სოფლებს, ქალაქებს, ოლქებს? უფრო მეტიც, საკუთარი მოთხოვნები არა მხოლოდ კერძო პირებს, არამედ პროფესიულ, საზოგადოებრივ და სხვა მრავლ გაერთიანებას აქვს. რა ბედი ეწვევა ხაბაზის, მძღოლის და ნებისმიერ სხვა პროფესიის პირის მოთხოვნებს? მათ არ უნდა შეეძლოთ, რომ საკუთარ ცხოვრებაში სხვების ჩარევაზე უარი განაცხადონ? ყოველივე ამას ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე მივყავართ: „ნულიფიკაციის“ თეორია სინამდვილეში მხოლოდ თავად სახელმწიფო დაწესებულებების უფლებამოსილებების დადგენას გულისხმობს. მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ ფედერალური და შტატების ხელისუფლება, ისევე როგორც მათი განყოფილებები, კვლავ სახელმწიფოს წარმოადგენენ და, შესაბამისად, კვლავ სახელმწიფოს და არა ცალკეული მოქალაქეების საჭიროებებით ხელმძღვანელობენ. რა დაიცავს კალჰოუნის სისტემას იმგვარი უკუქმედბისგან, როცა შტატები, მორჩილად ითმენენ ფედერალურ ხელისუფლების ძალმომრეობას? ან რა შეაკავებს ფედერალურ და შტატების ხელისუფლებებს, მოსახლეობის ერთობლივი ექსპლუატაციის მიზნით, ერთმანეთთან ურთიერთმომგებიანი კავშირების ჩამოყალიბებისგან? ხოლო თუ კერძო პროფესიულ ჯგუფებს ხელისუფლებაში გარკვეული „ფუნქციონალური“ წარმომადგენლობა ეყოლებათ, რა შეუშლის მათ ხელს, რომ თავიანთი მდგომარეობა გარკვეული სუბსიდიებისა და განსაკუთრებული პრივილეგიების მოსაპოვებლად ან საკუთარი წევრების კარტელებში იძულებით გასაწევრიანებლად არ გამოიყენონ?
მოკლედ, კალჰოუნი თავის მოსაზრებას პარალელიზმის შესახებ სკმარისად ღრმად არ განავრცობს: მას ის ცალკეული პიროვნებების დონემდე არ დაყავს. თუკი ყოველივე ამის მიზანია, რომ პიროვნების უფლებები იყოს დაცული, მაშინ კონკრეტული „პარალელიზმის თეორია“ ვეტოს უფლებას თითოეულ პიროვნებას უნდა ანიჭებდეს: ანუ, „ერთსულოვნების პრინციპი“-ს გარკვეულ სახესხვაობად აქცევდეს. კალჰოუნი ალბათ თვისდაუნებურად სწორედ ამას გულისხმობდა, როცა წერდა, რომ „ხელისუფლბის ამოქმედება ან მისი ქმედითუნარიანობის შენარჩუნება საყოველთაო ერთსულოვანი თანხმობის გარეშე შეუძლებელია“31 მაგრამ ამგვარ მსჯელობას განსახილველი საგნიდან შორს მივყავართ. მით უმეტეს, რომ ამის მიღმა ისეთი პოლიტიკური წესწყობილება დგას, რომელსაც „სახელმწიფო“ ძნელად თუ შეიძლება ეწოდოს.32 ერთი მხრივ, რამდენადაც შტატთან მიმართებაში „ნულიფიკაცია“ უნდა გულისხმობდეს თითოეული ადამიანის უფლებას გამოეყოს იმ შტატს, რომელშიც ცხოვრობს.33
ამრიგად, სახლმწიფომ, ყოველგვარი შეზღუდვების მიუხედავად, თავისი უფლებამოსილების ფარგლების გაფართოების განსაცვიფრებელი უნარი გამოავლინა. რამდენადაც სახელმწიფო კერძო კაპიტალის იძულებითი მითვისების ხარჯზე არსებობს, და რამდენადაც მისი გაფართოება აუცილებლად გამოიწვევს კერძო პირებისა და კერძო კორპორაციების ცხოვრებაში ზღვარგადაცილებულ შეჭრას, თამამად უნდა ვთქვათ, რომ სახელომწიფო სიღრმისეულად და არსებითად ანტიკაპიტალისტური ინსტიტუტია. გარკვეულწილად, ჩვენი მიდგომა იმ მარქსისტულ შეხედულებებს ეწინააღმდეგება, რომელიც სახელმწიფოს, დღევანდელი მმართველი კლასის, სავარაუდოდ, კაპიტალისტების „აღმასრულებელ კომიტეტად“ მიიჩნევს. არადა, სახელმწიფო, ანუ პოლიტიკური საშუალებების გაერთიანება, მმართველი კლასის (ანუ მმართველი კასტის) შექმნის პირველწყააროს თავადვე წარმოადგენს და ყოველთვის ჭეშმარიტი კერძო კაპიტალის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ შეგვიძლია, რომ იგივე ჟუვენელის სიტყვები გავიმეოროთ:
„ისეთ წამოწყებებს, როგორიცაა ნაციონალიზაცია, საშემოსავლო გადასახადი და ა.შ., მხოლოდ ისინი მიიჩნევენ გარკვეული მოძღვრების ბუნებრივ ნაყოფად, ვისაც საკუთარი თავის გარდა არაფერი ახსოვთ და არაფერი უწყიან იმაზე, თუ როგორ ვლინდებოდა ძალაუფლება ათასწლეულების მანძილზე. სინამდვილეში, ეს ხელისუფლების სრულიად ჩვეულებრივი გამოვლინებაა და თავისი არსით ჰენრი VIII-ს მიერ მონასტრების კონფისკაციისგან სრულებით არ განსხვავდება. ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე პრინციპი მუშაობს: ხელისუფლების წყურვილი და სიმდიდრისკენ სწრაფვა. ამასთან, ყველა ამგვარ ქმედებას ერთი და იგივე რამ ახასიათებს: ნადავლის გამანაწიულებელთა სწრაფი მატება. მიუხედავად იმისა, სოციალისტურია თუ არა, ძალაუფლება მუდამ უნდა ებრძოდეს კაპიტალისტურ ძალებს და ძარცვავდეს მათ მიერ დაგროვებულ დოვლათს; ამგვარი ქმედებით ის თავისივე ბუნების კანონს აღასრულებს“. 34

რისი ეშინია სახელმწიფოს?
ის, რისიც სახელმწიფოს უპირველეს ყოვლისა ეშინია, მისი საკუთარი ძალაუფლებისა და არსებობის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საფუძვლიანი მუქარაა. სახელმწიფოს დასასრულის დადგომა ორი მთავარი გზითაა შესაძლებელი: ა) სხვა სახელმწიფოს მიერ რევოლუციური გადატრიალების მოწყობით – მოკლედ, ომით ან რევოლუციით. ომი და რევოლუცია, როგორც ორი ძირითადი საფრთხე, სახელმწიფოს მმართველებს მუდმივად სრული ძალისხმევის გამოვლენისა და მოსახლეობაში მაქსიმალურიი პროპაგანდის გაწევისკენ უბიძგებთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახელმწიფოს დასაცავად ხალხის მობილიზების ნებისმიერი ხერხი ისე უნდა იქნას გამოყენებული, რომ მათ ყოველთვის სწამდეთ, თითქოს საკუთარ თავს იცავენ. ამ იდეის სიყალბე ნათელი ხდება მაშინ, როცა სამხედრო ვალდებულების აღსრულება მოეთხოვებათ იმათ, ვინც საკუთარი თავის „დაცვაზე“ უარს ამბობს, მაგრამ ამის მიუხედავად, იძულებული არიან შეუერთდნენ სახელმწიფოს შეიარაღებულ დაჯგუფებას: ზედმეტია იმის დამტკიცება, რომ საკუთარი სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი იძულებისგან არანაირი „თავდაცვა“ არ დაიშვება.
ომში სახელმწიფოს ძალაუფლება თავის უმაღლეს მწვერვალს აღწევს, ხოლო „თავდაცვის აუცილებლობასა“ და „საგანგებო მდგომარეობის“ მომიზეზებით, მას შეუძლია მოსახლეობას იმგვარი ტირანია მოახვიოს, რომელიც მშვიდობიან დროს აუცილებლად ღია დაპირისპირებას გამოიწვევდა. ამრიგად, ომს ხელისუფლებისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს. მართლაც, ყველა თანამედროვე ომმა დაპირისპირებულ ხალხებს მემკვიდრეობად გაზრდილი სახელმწიფო ტვირთი დაუტოვა. გარდა ამისა, ომი სახელმწიფოს აძლევს გარკვეული სამოქმედო სივრცეების დაპყრობის თავბრუდამხვევ საშუალებას, სადაც ის მონოპოლიურ უფლებამოსილებებს ახორციელებს. რენდოლფ ბერნი უეჭველად მართალი იყო, როდესაც წერდა, რომ „ომი სახელმწიფოს ჯანმრთელობაა“, მაგრამ ომმა ნებისმიერ ცალკეულ სახელმწიფოს, ან ჯანმრთელობა, ან სასიკვდილო ზიანი შეიძლება მოუტანოს.35
ვარაუდი, რომ სახლმწიფო უფრო მეტად საკუთარი და არა თავისი ქვეშევრდომების თავდაცვითაა დაკავებული, ჩვენ შეგვიძლია შემდეგი კითხვის დასმით გამოვცადოთ: რომელ დანაშაულს დევნის და სჯის სახელმწიფო უფრო მეტი მონდომებით – იმას, რომელიც კერძო პირების წინააღმდეგ არის მიმართული თუ იმას, რომელიც სახელმწფოს აზიანებს? სახლმწიფოს ლექსიკონში ყველაზე მძიმე დანაშაულებებად თითქმის ყოველთვის მოიხსენიება არა კერძო პირების ან მათი საკუთრების ხელყოფა, არამედ ის ქმედებები, რომლებიც თავად სახელმწიფოს კეთილდღეობას უქმნიან საფრთხეს. მაგალითად: ღალატი, დეზერტირობა, შეთქმულება, გადატრიალება, სახელმწიფო მოღვაწეების მკვლელობა და ისეთი ეკონომიკური დანაშაულებები სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორიცაა ყალბი ფულის გამოშვება ან შემოსავლის დაბეგვრისაგან თვის არიდება.
ან შევადაროთ ის მონდომება, რომლითაც სახელმწიფო პოლიციელზე თავდამსხმელს ეძებს, იმ ძალისხმევას, რომელსაც სახელმწიფო ჩვეულებრივ მოქალაქეზე თავდამსხმელის პოვნას უთმობს.
მეტიც, ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო ღიად ანიჭებს უპირატესობას საკუთარ თავდაცვას, როდესაც საჯარო გაფიცვის ორიოდე მონაწილეს „გონივრული საფუძველის“ (raison d`etre) არ ქონის მომიზეზებით უწევს წინააღმდეგობას.36

——
20. დე ჟუვენალი, „ძალაუფლებაზე“, გვ. 27.
21. ჩარლზ ლ. ბეიკი უმცროსი, „ხალხი და სასამართლოი“ (ნიუ-იორკი: მაკმილანი, 1960), გვ. 35.
22. იქვე, გვ. 42-43.
23. იქვე, ფვ. 52; (უზენაესი) სასამართლოს უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულებაა ნებართვის მიცემა და არა გაუქმება. ის, რაც შეზღუდული უფლებების მთავრობას ჰუმანური გზებით ძალაუფლების შენარჩუნებისათვის სჭირდება, ხალხის ზოგიერთი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა. ეს მისი კანონიერობის წინაპირობაა, ხოლო კანონიერება, თავის მხრივ, მისი ხანგრძლივი არსებობის წინაპირობად რჩება. სასამართლო, თავისი ისტორიის მანძილზე, მმართველობის კანონიერებას ადგენდა.
24. ბლეიკისთვის ეს „გამოსავალი, პარადოქსულობის მიუხედავად, თავისთავად ნათელია: სახელმწიფოს ძალაუფლება უნდა შეჩერდეს იქ, სადაც ამას კანონი მოითხოვს. თუმცა ვინ უნდა დააწესოს ზღვარი, და ვინ შეაჩერებს ყველაზე ძლევამოსილ ხელისუფლებას? თავად სახელმწიფო რატომ უნდა ემორჩილებოდეს თავის მსაჯულებსა და კანონებს. ვინ იქნება ზომიერთა ზედამხედველი? ვინ იქადაგებს სიბრძნეს?“ (იქვე, გვ. 32-33) და: „ყოველი ეროვნული ხელისუფლება, თუკი ის ხელისუფლებას წარმოადგენს, საკუთარი ძალაუფლების შესახებ საბოლოო სიტყვა უნდა ეთქმოდეს.“ (იქვე, გვ.48-49).
25. იქვე, გვ. 49.
26. ხელისუფლებისთვის ჯადოსნური თვისებების მიწერა, მოგვიანებით ჯეიმს ბერნჰამის მიერ მისტიკისა და ირაციონალურობის გამოყენებით ხელისუფლების არსებობის გამართლებას წააგვს: ძველ დროში, სანამ მეცნიერული ილუზიები ტრადიციულ სიბრძნეს გარყვნიდნენ, ქალაქების დამფუძნებლები ღმერთებად მიიჩნეოდნენ… არც ხელისუფლების წყაროს და არც მისი კანონიერების განმარტებები არ ეტევა გონიერების ჩარჩოებში… რატომ უნდა ვაღიაროთ ლეგიტიმურობის დამადასტურებელი მემკვიდრეობითი, დემოკრატიული ან ნებისმიერი სხვა წესი? რატომ უნდა ამართლებდეს კანონი ადამიანის ჩემზე მმართველობას?… მე ვაღიარე კანონი, რადგან… ასე მსურდა, იმიტომ, რომ ეს ასეა და ასე იყო კიდევაც. ჯეიმს ბერნჰამი, „კონგრესი და ამერიკული ტრადიცია (ჩიკაგო: რეგნერი, 1959), გვ. 3-8. მაგრამ რა მოხდება, თუკი ვინმე არ აღიარებს კანონს? მაშინ რაღა იქნება „გამოსავალი“?
27. ბლეკი, „ხალხი და სასამართლო“, გვ. 64.
28. იქვე, გვ.65.
29. ჯონ ს. კალჰოუნი, „ხელისუფლების გამოკვლევა“ (ნიუ-იორკი: ლიბერალური ხელოვნების გამომცემლობა, 1953), გვ. 25-27. აგრეთვე, მარი ნ. როტბარდი, „კონსერვატიზმი და თავისუფლება: ლიბერტარიანული შენიშვნა, „თანამედროვეობა“ (გაზაფხული, 1961): 219.
30. ჯ. ალენ სმიტი, „კონსტიტუციური მმართველობის აღმავლობა და დაცემა“ (ნიუ-იორკი: ჰენრი ჰოლტი, 1930), გვ. 88; სმიტმა დაამატა: აშკარა იყო, რომ იქ სადაც კონსტიტუცია ხელისუფლების შესაზღუდად შეიქმნა, მისი ნულიფიკაცია ადვილი იქნება, თუკი ხელისუფლებას მისი ინტერპრეტაციისა და აღსრულების უფლება დარჩება. მოვლენის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მმართველმა ორგანომ თავისი ძალაუფლების განსაზღვრა ვერ უნდა სძლოს. ნათელია, „საზოგადო აზრი“ და „საოცრებები“ ხელისუფლების შესახებ სხვადასხვა ხედვის ჩამოყალიბებას განაპირობებენ (გვ. 87).
31. კალჰოუნი, „ხელისუფლების გამოკვლევა., გვ. 20-21.
32. ჯეიმს ბუკანენი და გორდონ ტულოკი, თანხმობის გამოთვლა (ანა არბორი: მიჩიგანის უნივერსიტეტის პრესა, 1962).
33. ჰერბერტ სპენსერი, „სახელმწიფოს უგულვებელყოფის უფლება,“ „სოციალური სტატისტიკა“ (ნიუ-იორკი: დ. აპლეტონი, 1890), 229-39.
34. დე ჟუვენელი, „ძალაუფლება“, გვ. 171.
35. ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფოსთვის ინტელექტუალების მხარდაჭერა არსებითია, რაც თავის მხრივ ორ მწვავე მუქარისგან დაცვას გულისხმობს. ამერიკელი ინტელექტუალები როლის შესახებ პირველ მსოფლიო ომში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვის თაობაზე იხილეთ რანდოლფ ბოურნი, „ომი და ინტელექტუალები,“ „ლიტერატურული რადიკალისა და სხვა გაზეთების ისტორია“ (ნიუ-იორკი: ს.ა. რასელი, 1956), გვ. 205-22. როგორც ბოურნი აცხადებს, სახელმწიფოს ქმედებების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ინტელექტუალების ძირითადი საშუალება სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებზე დგომა და ნებისმიერი საფუძვლიანი კრიტიკის უარყოფაა.
36. როგორც მენეკენი თავისი შეუდარებელი ხერხით აღნიშნავს: ეს ბანდა (ექსპლუატატორები, რომლებიც ხელისუფლებას ქმნიან“) თითქმის დაუსჯელები არიან. (მენკენი, მენკენის ქრესტომათია“, გვ. 147-48) „ხელისუფალთა“ მიერ პიროვნების თავისუფლებაში ჩარევის წინააღმდეგ უფრო ნათელი განმარტებებისთვის იხილეთ ჰ. ლ. მენკენი, თავისუფლების ბუნება,“ „რჩეული“ (ნიუ-იორკი: საკოლექციო წიგნები 1958), გვ. 134-43.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s