კაპიტალიზმის დაცვა კაპიტალისტებისგან

3870

(გამოქვეყნდა 1997 წ.)
ჯორჯ რეისმანი

1935 ჯორჯ რეისმანმა სამეცნიერო ხარისხი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ის ლუდვიგ ფონ მიზესის ხელმძღვანელობით სწავლობდა. სადღეისოდ, ის პეპერდინის უნივერსიტეტის პროფესორი და საბაზრო ურთიერთობების მკვლევარია. ნიშანდობლივია, რომ ის აინ რენდის მიერ ჩამოყალიბებულ „ობიექტივისტთა“ ფილოსოფიური წრის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელია.

ფასიანი ქაღალდებითა და უძრავი ქონებით მოვაჭრე მულტიმილიონერმა ჯორჯ სოროსმა 1997 წლის თებერვალში ჟურნალ „The Atlantic Monthly“-ში გამოაქვეყნა ნარკვევი „კაპიტალისტის მუქარა“. ამ ნარკვევის დედააზრი, სოროსის განცხადებით, ის არის, რომ თანამედროვე თავისუფალ საზოგადოებას მთავარი საფრთხე სრულიად თავისუფალი საზოგადოების, ანუ შეუზღუდავი კაპიტალიზმის (laissez faire capitalism) მხრიდან ემუქრება.

შეიძლება სოროსი ამ განცხადების აშკარა წინააღმდეგობრივ ხასიათს ვერ ამჩნევს, რადგან ის „თავისუფალი საზოგადოების“ ნაცვლად ბუნდოვან ფრაზას „ღია საზოგადოებას“ ხმარობს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ „ღია საზოგადოებაში” რაღაც სასურველ რამეს გულისხმობს, აშკარაა, ის თავისუფალ საზოგადოებაზე საუბრობს. მაგალითად, თავად სოროსი წერს: „შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის დეკლარაცია ღია საზოგადოების პრინციპებთან საკმაოდ ახლოს დგას…“

სოროსი თავისი განცხადების დასასაბუთებლად ორსტრიქონიან არგუმენტს გვთავზობს. პირველ სტრიქონს შეიძლება ეპისტემოლოგიური არგუმენტი ეწოდოს, მეორეს კი – ეკონომიკური.

სოროსის ეპისტემოლოგიური არგუმენტი

სოროსის ეპისტემოლოგიური არგუმენტის მიხედვით: შეუზღუდავ კაპიტალიზმს, კომუნიზმსა და ნაციზმს ერთი მნიშვნელოვანი საერთო თვისება გააჩნია. ის წერს: „მართალია, მარქსიზმ-ლენინიზმისა ან ნაციზმის რასობრივი სიწმინდის იდეებისგან განსხვავებით, ჩაურევლობის დოქტრინა ღია საზოგადოების პრინციპებს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ყველა ამ დოქტრინას ერთი მნიშვნელოვანი საერთო თვისება აქვს: თითოეული მათგანი ცდილობს მეცნიერულად დაასაბუთოს, რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ქადაგებს”. სოროსი აცხადებს: „აბსოლუტური ჭეშმარიტება კაცობრიობისთვის მიუწვდომელია და საზოგადოებას იძულებით ახვევენ თავს ყველა ამ იდეოლოგიას [რომელთაც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას უწოდებენ]“.

ჩანს, სოროსს ესმის, რომ „ფაშიზმიც და კომუნიზმიც… სახელმწიფო ძალაუფლებას ადამიანის თავისუფლების ჩასახშობად იყენებდა“. მაგრამ შეუზღუდავი კაპიტალიზმი სახელმწიფოს მხრიდან ფიზიკურ ძალადობას კი არა, არამედ ადამიანის ყოველმხრივ თავისუფლებას გულისხმობს და, საოცარია, რომ მან შეუზღუდავი კაპიტალიზმი ამ დოქტრინათა კატეგორიას მიაკუთვნა. დღევანდელი სახელმწიფო სისტემის მხრიდან ეკონომიკურ ურთიერთობებში ყოველმხრივი ჩარევების სრულიად საპირისპიროდ, შეუზღუდავი კაპიტალიზმი სახელმწიფო საქმედ მხოლოდ ინდივიდის აგრესიისგან დაცვას მიიჩნევს, როგორიცაა მკვლელობა, ყაჩაღობა, გაუპატიურება, თაღლითობა და უცხო სახელმწიფოების თავდასხმა. სახელმწიფომ ამ მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციას არ უნდა გადაუხვიოს. ის არც ადამიანების ეკონომიკურ საქმიანობაში და არც მათი რელიგიური მრწამსისა თუ სქესობრივი ცხოვრების საკითხებში ან სხვა რომელიმე სფეროში არ უნდა ერეოდეს.

სოროსი შეიძლება ერთგვარ უხერხულობას გრძნობს შეუზღუდავი კაპიტალიზმის ამგვარი შეფასების გამო, რადგან შემდეგ, მრავალ ადგილას ცდილობს, ეს გამონათქვამი ცოტათი მაინც შეარბილოს. მნიშვნელოვანი „საერთო მახასიათებლის“ შესახებ ზემოხსენებული მოკრძალებული, უმნიშვნელო შეფასების შემდეგ ის წერს: „მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შეუზღუდავ კაპიტალზმს იმავე კატეგორიას არ მივაკუთვნებ, რასაც ფაშიზმს ან კომუნიზმს. ტოტალიტარული იდეოლოგიები ღია საზოგადოების დანგრევას შეგნებულად ცდილობენ; მაგრამ საფრთხე მას ჩაურევლობის პოლიტიკამაც შეიძლება შეუქმნას, თუმცა მხოლოდ უნებურად“. რამდენიმე ფრაზის შემდეგ კი ის აცხადებს: „და მაინც, იმის გამო, რომ კომუნიზმიც და სოციალიზმიც მთლად დისკრედიტირებულია, ჩემი აზრით, დღეს ჩაურევლობა უფრო საშიშია, ვიდრე ტოტალიტარული იდეოლოგიები“. როგორადაც არ უნდა უარყოფდეს, ამ სიტყვებით ის კიდევ ერთხელ, სრულიად აშკარად მიაკუთვნებს თავისუფალ კაპიტალიზმს იმავე კატეგორიას, რომელსაც ფაშიზმსა და კომუნიზმს. კომუნიზმისა და სოციალიზმის უბრალო დისკრედიტაცია საკმარისი არ არის იმისთვის, რომ შეუზღუდავი კაპიტალიზმი უფრო დიდ საფრთხედ მივიჩნიოთ, ვიდრე ტოტალიტარული იდეოლოგიები, თუკი მას თან მდგომარეობის კიდევ უფრო მეტი გაუარესების პერსპექტივა არ ახლავს. ანალოგიისთვის ჯანმრთელობის სფეროს მაგალითს მივმართოთ. გულისა და კიბოს დაავადების მკურნალობის ან პრევენციის შედეგად შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში სხვა დაავადება განვითარდეს, მაგალითად, ინფარქტი, რომელიც ადამიანისთვის ყველაზე საშიშ დაავადებად ითვლება. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მთავარი ის არის, რომ სიცოცხლის შენარჩუნება პირველმნიშვნელოვანი ამოცანაა, ხოლო ინფარქტი უკიდურესად საზიანოა.

რაც შეეხება ე.წ. ნაკლს, რომელიც, სავარაუდოდ, შეუზღუდავ კაპიტალიზმს ფაშიზმსა და კომუნიზმთან აერთიანებს, სახელდობრ იმას, რომ მათ „აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე აქვთ“ პრეტენზია, სოროსმა, როგორც ჩანს, ის ფაქტი არ იცის, რომ ფაშიზმი და კომუნიზმი ფილოსოფიურად შეუთავსებელია ჭეშმარიტების აბსოლუტურ თუ სხვა სახის დასაბუთებასთან, რადგან ორივე დეტერმინისტული დოქტრინის სხვადასხვა ვარიანტს ეყრდნობა და ლოგიკის უნივერსალურ კანონებზე უარს ამბობს. მარქსიზმის თანახმად, ადამიანის იდეები ტყუილმართალის მისეული განსჯის შედეგად კი არ ყალიბდება, არამედ ავტომატურადაა განსაზღვრული გარკვეული ეკონომიკური კლასის წევრობით და შესაბამისი ეკონომიკური კლასის ინტერესებს გამოხატავს. ამგვარად, პროლეტარებს აშკარა პროლეტარულ ლოგიკაზე აგებული იდეები და კლასობრივი ინტერესები ჰქონდათ, მათ კლასობრივ მტერს, ბურჟუაზიას კი – აშკარა ბურჟუაზიულ ლოგიკაზე აგებული იდეები და ინტერესები. ფაშიზმის თანახმად, „ინტერესებს“ და „ლოგიკას“ რასობრივი წარმომავლობა განაპირობებს და არა ეკონომიკური კლასის წევრობა. ამგვარად, ფაშისტების იდეა არიელობის შესახებ „არიულ ლოგიკას“ და არიული რასის ინტერესებს ეყრდნობოდა, ხოლო მათი მტრების, მაგალითად, ებრაელების იდეები – „ებრაულ ლოგიკას“ და ებრაული რასის ინტერესებს.

აშკარაა, მარქსიზმის მეცნიერებად მიჩნევა რაციონალურ საფუძველს მოკლებულია. პოლილოგიზმისა და კლასობრივი ბრძოლის გარდა, მას საფუძვლად შრომითი ღირებულების თეორია უდევს, რასაც სრულიად აბსურდულ დასკვნებამდე, მათ შორის იმ მოსაზრებამდე მივყავართ, თითქოს, თავად შრომის ღირებულება მისი კვლავწარმოებისთვის საჭირო შრომის რაოდენობით განისაზღვრება, ანუ, შრომის იმ რაოდენობით, რაც მუშახელის ფიზიკური არსებობის შენარჩუნებისთვის არის საჭირო. სწორედ ეს აბსურდული აზრი უდევს საფუძვლად იმ მარქსისტულ მოსაზრებას, რომ მოგების საფუძველი შრომის ექსპლუატაციაა და რომ მასების ეკონომიკური მდგომარეობა კაპიტალიზმის დროს პროგრესულად უარესდება.

ასევე მოკლებულია რაციონალურ საფუძველს ფაშიზმის მეცნიერებად მიჩნევა. ამის მიზეზი მხოლოდ ფაშიზმის პოლილოგიზმი ან რასობრივი და ეროვნული შეუთავსებლობით გამოწვეული კონფლიქტების გარდაუვალობის დოქტრინა კი არ არის, და არც მხოლოდ ის, რომ ფაშიზმი ადამიანთა მოდგმას ცხოველთა მომშენებლის თვალით უყურებს, არამედ, ისიც, რომ მას სოციალიზმისთვის დამახასიათებელი ყველა შეცდომა ახასიათებს (რაც თუნდაც ფასებისა და ხელფასების კონტროლში გამოიხატება), რასაც თან ეკონომიკის ცენტრალიზებული მართვის განხორციელების პრეტენზია ახლავს, ეს კი ეკონომიკური სისტემის მართვაში არც მეტი, არც ნაკლები ყოვლისშემძლე ღვთაებრივი ძალის მონაწილეობას მოითხოვს (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაციზმი Nazional Socialismus (ნაციონალურ სოციალიზმს) უჭერს მხარს.

როგორც ჩანს, სოროსი მარქსიზმისა და ფაშიზმის სერიოზულ, საფუძვლიან კრიტიკას კარგად არ იცნობს. სინამდვილეში, რასობრივი სიწმინდის დოქტრინების ნეგატიურად მოხსენიების გარდა, ის მხოლოდ ერთს ამბობს: „პოპერმა დაამტკიცა, რომ ისეთი თეორია, როგორიც მარქსიზმია, მეცნიერება არ არის“. – თანაც, მისი თქმით, ეს პოპერმა დაამტკიცა და არა მიზესმა და ბემ-ბავერკმა (სოროსი უმთავრესად კარლ პოპერის ფილოსოფიის გავლენას განიცდის).

როგორც ჩანს, სოროსი ადამ სმითისა და დავიდ რიკარდოს შემდგომდროინდელ პროკაპიტალისტურ, ანტისოციალისტურ ეკონომიკურ თეორიებს და პოლიტიკურ ფილოსოფიას თითქმის არ იცნობს. ყველაზე უკეთეს ცოდნას ის ჰაიეკის შესახებ ამჟღავნებს, რომელსაც „ჩაურევლობის პოლიტიკის ერთ-ერთ მომხრეს“ უწოდებს, რაც, სამწუხაროდ, მცდარია, რამდენადაც ჰაიეკი საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ისეთ საკვანძო ასპექტს უჭერს მხარს, როგორიცაა სოციალური უზრუნველყოფა. არსად არ ჩანს, რომ სოროსს XX საუკუნეში შეუზღუდავი კაპიტალიზმის ყველაზე დიდი მომხრეების, ლუდვიგ ფონ მიზესისა და ეინ რენდის ნაშრომები ჰქონდეს წაკითხული. ფაქტია, სოროსი იმ თემას, რაზედაც ნარკვევი დაწერა, კარგად არ იცნობს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ის ვერ ერკვევა შეუზღუდავი კაპიტალიზმის მეცნიერულ საფუძვლებში, რომელსაც სრულიად სამართლიანად ეკონომიკურ თეორიად აღიარებს. ის წერს: „არ შეიძლება საბაზრო ეკონომიკა მარქსისტულ ეკონომიკას შევადაროთ.“ მაგრამ იქვე ისეთ ფრაზას იყენებს, რომ უნებლიედ თვითონვე ახდენს ასეთ შედარებას. „მე ვამტკიცებ, რომ ჩაურევლობის იდეოლოგია იმდენადვე ამახინჯებს მეცნიერულ ჭეშმარიტებას, რამდენდაც მარქსიზმლენინიზმი“.

სოროსი თავის ასეთ უცნაურ განცხადებას იმ მოსაზრებაზე აგებს, რომ ჩაურევლობის იდეოლოგიის საფუძველი ეკონომიკური თეორიაა, რამდენადაც ის წმინდა კონკურენციისა და სრულყოფილი ცოდნის იმ დოქტრინას ეფუძნება, რომელსაც არათუ მხარს უჭერენ, არამედ აბსოლუტურ უაზრობად მიიჩნევენ. მაგალითად, წმინდა კონკურენციის დოქტრინის მთავარი დასკვნა ის არის, რომ მეტოქეობა და კონკურენცია საპირისპირო მოვლენაა (სრული ტექსტი და ამ დოქტრინის კრიტიკა იხ. George Reisman, Capitalism, pp. 425-437).

ის აგრეთვე აცხადებს, რომ შეცდომაა წონასწორობის მდგომარეობას ისე მოვეკიდოთ, თითქოს ნამდვილად არსებობდეს, რასაც, მისი აზრით, ეკონომიკური მეცნიერებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. მან არ იცის ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ 1940 წელს მიზესმა დაამტკიცა, რომ ეკონომიკა წონასწორობის მდგომარეობის რეალურ არსებობაზე დამოკიდებული არ არის და რომ ის მხოლოდ აზროვნების უბრალო ბერკეტია, რაც იმის გაგებაში გვეხმარება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ბაზრის საბაზისო მონაცემების შემდგომი ცვლილების გარეშე, რომლებიც, სინამდვილეში, მუდმივად ცვალებადია.

ამასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული სოროსის განცხადება, რომ ეკონომიკურ თეორიას ის ფაქტი უკარგავს ძალას, რომ ფინანსურ ბაზრებზე დაშვებულმა შეცდომებმა, რაც, სავარაუდოდ, მომავალს არ უწევს ანგარიშს, შეიძლება მომავალი შეცვალოს. მას აზრად არ მოსდის, რომ ეკონომიკური თეორია ასეთი შეცდომების შედეგების გაგების საშუალებას იძლევა (სხვათა შორის, ეს შეცდომები მთავრობის მიერ გამოყოფილი კრედიტების ფართო მასშტაბით გაზრდის შედეგია). მაგალითად, ასეთი შეცდომების შედეგად სხვადასხვა ინვესტორების ქონება და მოგება სხვადასხვა იქნება. სხვადასხვა წარმოების მოცულობა შეიძლება განსხვავებული იყოს, რის შედეგადაც შედარებით მაღალ და შედარებით დაბალ ფასებს მივიღებთ, იმისდა მიხედვით, რა მოჰყვება შეცდომას – გაიზრდება თუ შემცირდება მოთხოვნილება მოცემულ საქონელზე, გაიზრდება თუ შემცირდება მისი მიწოდება. არსებითად, სოროსი ცდილობს, შეუზღუდავი კაპიტალიზმი ღია კარის მტვრევითა და ქარის წისქვილებთან ბრძოლით მოიშოროს თავიდან.

„ღია საზოგადოების“ მსგავსად, „აბსოლუტური ჭეშმარიტებაც“ გაუგებარი ფრაზაა. ამ სიტყვებს სოროსი დამღუპველ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ცოდნასთან მიმართებაშიც, რაც აშკარაა, რადგან ფაქტებსა და ლოგიკაზეა აგებული და იმ დასკვნებთან მიმართებაშიც, რისი აღიარებაც უნებურად, თუმცა იძულებით უწევს, მიუხედავად ფაქტების არსებობისა თუ არარსებობისა. სოროსი, ერთი მხრივ, მეცნიერულად დამტკიცებული შეუზღუდავი კაპიტალიზმის დოქტრინისა და, მეორე მხრივ, ფაშიზმისა და კომუნიზმის ირაციონალური დოქტრინების ერთი ეპისტემოლოგიური ქოლგის ქვეშ მოქცევას მხოლოდ ამ გზით ახერხებს. ის ამას ერთი უბრალო ფრაზით გამოხატავს, როდესაც სამივე დოქტრინის დასახასიათებლად „აბსოლუტურ ჭეშმარიტებას“ იყენებს.

როგორც ჩანს, სოროსს სჯერა, რომ რაციონალური სინამდვილე უბრალოდ შეუძლებელია. ეს მისი თვალსაზრისიდან გამოსჭვივის, როდესაც აცხადებს, რომ „ღია საზოგადოების“ ძირითადი თვისება ადამიანური შეცდომების გაცნობიერებაა – „მე ღია საზოგადოება სრულყოფისკენ მიმავალ საზოგადოებად მესახება. ჩვენ საკუთარ შეცდომებს ვაღიარებთ… ნაცვლად იმისა, რომ ეს პრინციპები [დამოუკიდებლობის დეკლარაციის პრინციპები] თავისთავად აშკარაა, უნდა ვთქვათ, რომ ისინი ჩვენს შეცდომებთან თავსებადნი არიან… შეიძლება ჩვენი ცნობიერების არასრულყოფილების აღიარება ღია საზოგადოების, როგორც სოციალური მოწყობის სასურველი ფორმის დასამკვიდრებლად გამოგვადგეს? საკუთარი შეცდომა იმ დონეზე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამან ბუნებრივად აბსოლუტურ ჭეშმარიტებამდე მიგვიყვანოს“.

ერთ ადგილას სოროსი ისე შორს მიდის, რომ ამბობს: „რატომ ვერავინ აღწევს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას? პასუხი ნათელია: ჩვენ იმ სამყაროში ვცხოვრობთ, რომლის ახსნასაც ვცდილობთ; ჩვენს ცნობიერებას შეუძლია იმ მოვლენებზე მოახდინოს გავლენა, რის მონაწილენიც თვითონ ვართ. ჩვენი ცნობიერება ერთ სამყაროს რომ ეკუთვნოდეს და ჩვენი ცნობიერების კვლევის საგანი მეორეს, ჭეშმარიტება ჩვენს ხელთ იქნებოდა, რადგან ფაქტების შესაბამისი დებულებების ჩამოყალიბება შეგვეძლებოდა. დებულებების უტყუარობის დასადგენად ფაქტები საიმედო კრიტერიუმი იქნებოდა“.

ეს განცხადება, რომელიც პლატონიზმის ელემენტებს შეიცავს, როგორც ჩანს, გულისხმობს, რომ ჩვენ შორეული გალაქტიკის შესწავლის უკეთესი შესაძლებლობები გვაქვს, ვიდრე დედამიწის. იმავე აბზაცში სოროსი აცხადებს, რომ „არსებობს დარგები, სადაც აღნიშნული პირობა [ე.ი. ორი სამყარო, ერთი დამკვირვებლის, მეორე დაკვირვების ობიექტის] დაცულია. ასეთ დარგს ეკუთვნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. მაგრამ… სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებში ჩვენი მოსაზრებანი რეალობის დადგენას უწყობს ხელს. ასეთ ვითარებაში ფაქტები დებულების ჭეშმარიტე ბის დასაბუთების უცილობელ და საიმედო კრიტერიუმებს არ წარმოადგენს“.

ცოტა ქვემოთ ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ ე.წ. სოციალური მეცნიერებები, მაგალითად, ეკონომიკა, ქრონიკულად იმავე მდგომარეობაშია, როგორც ფიზიკის კვანტური მექანიკა, სადაც ჰეისენბერგის გაურკვევლობის პრინციპი მოქმედებს. ის აცხადებს: „სოციალურ მეცნიერებათა თეორიებსა და მათი კვლევის საგანს შორის უკუკავშირი არსებობს, ანუ მათ ისეთი გავლენის მოხდენა შეუძლიათ მოვლენებზე, რაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებას არ შეუძლია“. ჰეისენბერგის ცნობილი გაურკვევლობის პრინციპი გულისხმობს, რომ დაკვირვების წარმოებამ შეიძლება კვანტური ნაწილაკების ქცევაზე ზეგავლენა მოახდინოს; მაგრამ ზეგავლენას დაკვირვება ახდენს და არა თვითონ გაურკვევლობის პრინციპი. სოციალურ სფეროში თეორიას იმ საკითხზე მორგების უნარი შესწევს, რასაც ეხება.

აქ ჭეშმარიტებას წარმოადგენს ის, რომ ეკონომიკა და ყველა სხვა საგანი, რომლის იდეებიც იმ სამყაროზე ახდენს გავლენას, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, მაგალითად, უპირველეს ყოვლისა, ფილოსოფია, თავისი საბაზისო ეპისტემოლოგიით ფიზიკისა და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისგან არაფრით განსხვავდება. ეკონომიკასა და ფილოსოფიას უნარი შესწევს რეალობაზე ადამიანის ზემოქმედების შედეგები და სხვადასხვაგვარი შედეგების გამომწვევი სხვადასხვა გარემოებები დაადგინოს. ანუ მათ შეუძლიათ ადამიანის მიერ დღევანდლამდე შექმნილი სამყარო იმ სამყაროსგან განასხვავონ, რომლის შექმნასაც ადამიანი შეძლებდა, თუ სხვადასხვა შედეგის მომტანი განსხვავებული იდეებით იხელმძღვანელებდა.

ჯანსაღი ეკონომიკა მცდარი იდეების შედეგებს (მაგალითად, ის იდეები, რასაც ეკონომიკური სტაგნაცია, მასობრივი უმუშევრობა, ინფლაცია, ფასების კონტროლი და სოციალიზმი მოსდევს) სწორი იდეების შედეგებისგან (მაგალითად, ის იდეები, რასაც ეკონომიკური პროგრესი, შრომისა და ნაწარმის თავისუფალი ბაზარი, მყარი მსყიდველობითი უნარის მქონე ფული და წარმოების საშუალებების კერძო საკუთრება მოაქვს) განასხვავებს, რაც შესაბამისი მცდარი იდეების შედეგებს აბათილებს. უბრალოდ უაზრობაა იმის მტკიცება, რომ ადამიანს სამყაროს შეცნობაში ხელს ის ფაქტი უშლის, რომ მისი იდეები და ქმედება ცვლის სამყაროს. ის საარსებო გარემო პირობებსა და საკუთარ ნააზრევს შორის განსხვავებებს აკვირდება და მათ გამოცდილებისა და საკუთარი ინტუიციის შერწყმის საფუძველზე ჩამოყალიბებულ პრინციპებთან ლოგიკურად აკავშირებს. ასე, მაგალითად, ეკონომიკაში ამგვარ პრინციპად ის ფაქტი გვევლინება, რომ სხვა პირობების მსგავსების პირობებში, ადამიანებს მაღალი შემოსავალი და დაბალი ფასები ურჩევნიათ, დაბალ შემოსავალსა და მაღალ ფასებს.

ფიზიკასა და, ზოგადად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ერთადერთი რამ, რის საფუძველზეც ცოდნის მიღება შეიძლება, ეს არის ადამიანის ბუნებასთან ურთიერთკავშირი, დაწყებული იქიდან, როცა ბავშვი თავის სკამს კოვზს ურახუნებს და დამთავრებული მის მიერ ჩატარებული ურთულესი ლაბორატორიული ექსპერიმენტით. ადამიანი ცოდნას საკუთარ ქმედებასა და გარე სამყაროზე მის ზემოქმედებას შორის ურთიერთკავშირის აღმოჩენისა და კერძო შემთხვევის საერთო განზოგადების შედეგად იძენს.

ადამიანის ფიზიკური ქმედება ფიზიკის კანონებს არ ცვლის და არც მისი ეკონომიკური საქმიანობა ცვლის ეკონომიკის კანონებს. მაგალითად, ფასების კონტროლი, რაც მიმწოდებელს აიძულებს, რომ საქონელი მოგების გარეშე ან არაკონკურენტუნარიანი დაბალი მოგებით გაყიდოს, ისევე შეუთავსებელია ბუნების კანონთან, როგორც ის საკანონმდებლო მოთხოვნა, რომ მწარმოებლებმა საქონელი ფიზიკურად შეუძლებელი მასალისგან, მაგალითად, ბენზინი ნავთობის ნაცვლად ქვიშისგან, ხოლო შენობები რკინა-ბეტონის ნაცვლად წყლისა და ჰაერისგან შექმნან. ეკონომიკური კანონი გვიჩვენებს, რომ ფასების ასეთი კონტროლით საქონლის მიწოდება თავისთავად ვეღარ მოხერხდება, ისევე, როგორც ფიზიკის კანონის თანახმად, ეს საქონელი ასეთი მასალისგან ვერ იწარმოება.

სოროსის მიდგომის საპირისპიროდ, პიროვნების თავისუფლების საფუძველს სწორედ ადამიანის რაციონალური განსჯის უნარი წარმოადგენს. განსჯის უნარი გონიერების საფუძველია, ამასთანავე, ის ადამიანთა მოდგმის განსხვავებულად შეფასების საფუძველიცაა, რომლის მთავარი თავისებურებაც, რასაკვირველია, მისი განსჯის უნარია. გამომდინარე იქიდან, რომ განსჯის უნარი მხოლოდ ადამიანს აქვს, სწორედ განსჯის საიმედოობაა ის, რაც თითოეული ადამიანის მნიშვნელობასა და კომპეტენტურობას განსაზღვრავს. პიროვნების მნიშვნელობა და კომპეტენტურობა პიროვნული თავისუფლებისთვის ქმნის საფუძველს, რის სიმბოლოსაც ამერიკის რევოლუციის დროშა წარმოადგენს ზედ გამოსახული ჩხრიალა გველით, და ავტოკრატიული მთავრობის გამაფრთხილებელი წარწერით: „არ დამაბიჯო“, რადგან მე, როგორც გონიერი არსება, უმაღლესი მნიშვნელობისა და კომპეტენტურობის მქონე არსება და ანგარიშგასაწევი ძალა ვარ ჩემი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. პრინციპი, რომლის მიხედვით მთავრობამ პიროვნების უფლებებს პატივი უნდა სცეს, რასაკვირველია ხაზს უსვამს, რომ პიროვნება მთავრობის მხრიდან ხელშეუხებელი უნდა იყოს.

გონიერება და განსჯის უნარი ადამიანებს ჭეშმარიტებაში დარწმუნების საშუალებას აძლევთ, რაც თავისუფლებას ამკვიდრებს. ადამიანებს ჭეშმარიტების გაგების საშუალებას გონი აძლევს, ჭეშმარიტების დადგენას ფიზიკური ძალის დახმარება არ სჭირდება. მის მხარეს გონებრივი ძალა დგას. ისტორიის საუკეთესო მაგალითი გალილეო გალილეია, რომელსაც ძალა არ გამოუყენებია იმ ჭეშმარიტების დასადგენად, რომ დედამიწა მზის ირგვლივ ბრუნავს. მან ეს ფაქტებითა და ლოგიკით დაამტკიცა. მაგრამ მათ, ვისაც კვლავ იმ აზრის გატარება სურდათ, რომ მზე დედამიწის ირგვლივ ბრუნავს, მართლაც სჭირდებოდათ ამისთვის ფიზიკური ძალა, რადგან მათ ამ მოსაზრების დამტკიცების სხვა საშუალება არ ჰქონდათ. შეუზღუდავი კაპიტალიზმის მომხრეთა მხრიდან პიროვნების უფლებებისა და თავისუფლებისადმი პატივისცემის განსამტკიცებლად მხოლოდ საკუთარი მოტივის ჭეშმარიტებისადმი რაციონალური რწმენაც საკამარისია. მათი იდეებისა და პროგრამის ხასიათი სწორედ პიროვნების უფლებებისა და თავისუფლებისადმი პატივისცემას მოითხოვს.

სულ ესაა, რაც შეუზღუდავი კაპიტალიზმის წინაღმდეგ სოროსის ეპისტემოლოგიური არგუმენტის შესახებ შემიძლია ვთქვა.

„ღია საზოგადოება“ თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ

ვიდრე საუბარს სოროსის ეკონომიკური არგუმენტის შესახებ დავიწყებდე, მინდა აღვნიშნო, რომ მის მიერ გამოყენებული ცნებები „ცდომილება“ და „აბსოლუტური ჭეშმარიტება“ ეპისტემოლოგიური შეცდომის ნიმუშებია, ანუ ეს ორივე ფრაზა გაცვეთილი, ბანალური სიტყვებია. ორივე მათგანი ჭეშმარიტების უფრო საფუძვლიან გაგებას მოითხოვს, რომელიც ცნობილია, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება. ამ ცნებების გამოყენება ჭეშმარიტების ზოგადი გაგების გარეშე შეუძლებელია მაშინ, როდესაც სოროსი მათ ჭეშმარიტების არსის უარსაყოფად და საწინააღმდეგოდ იყენებს.

ჭეშმარიტება თუ არ გვეცოდინება და მას შეცდომისგან არ განვასხვავებთ, ვერავინ მიხვდება შეცდომას, ანუ ვერ მიხვდება, რომ არასწორია ის, რაც შეცდომით სწორი ჰგონია. მაგალითად, შეიძლება რიცხვების ერთი სვეტი არასწორად შევკრიბო, მაგრამ ვერ მივხვდე ამას. ასეთ შემთხვევაში მე ვცდები, მაგრამ, ალბათ, ერთადერთი საშუალება, რითაც ჩემს შეცდომას მივხვდები, ის არის, რომ მე ამ რიცხვების სწორად შეკრება შემიძლია. მხოლოდ სწორი პასუხის დადგენისა და მიხვედრის შემთხვევაში შეიძლება მივხვდე, რომ წინა პასუხი არასწორი იყო. ხოლო თუ სწორ პასუხს ვერ დავადგენ და ვერ მივხვდები, არასდროს მეცოდინება, როდის დავუშვი შეცდომა. შეცდომის მისახვედრად არანაირი სტანდარტი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ არსებობს ჭეშმარიტება და ადამიანს მისი დადგენის უნარი შესწევს.

სოროსის ცნება „ღია საზოგადოება“ იმავე შეცდომის კიდევ ერთი მაგალითია. ამ ცნების გამოყენებით ზემოხსენებულ განცხადებაში, რომლის მიხედვით თავისუფალი საზოგადოების მთავარ საფრთხეს სრულიად თავისუფალი საზოგადოება წარმოადგენს, სოროსი არა მარტო ურთიერთსაწინააღმდეგოს ამტკიცებს, არამედ ყოველგვარი თავისუფლების უარყოფასაც ცდილობს. ის წერს, რომ ღია საზოგადოებაში „ადამიანები თავისუფლად უნდა ფიქრობდნენ და აზროვნებდნენ და მხოლოდ საერთო ინტერსებიდან გამომდინარე შეზღუდვებს უნდა ემორჩილებოდნენ. შეზღუდვები ცდებისა და შეცდომების შედეგად უნდა განისაზღვროს“ . ამგვარად, ის ღიად აცხადებს, რომ პიროვნების თავისუფლება გაურკვეველი საერთო ინტერესების პატივსაცემად უნდა შეიზღუდოს, რომლის ხასიათიც, მისი ნათქვამიდან გამომდინარე, დანამდვილებით არც არის ცნობილი, ხოლო თავისუფლების შეზღუდვის საზღვრები ცდებისა და შეცდომების შედეგად უნდა დადგინდეს. ცდებისა და შეცდომების პროცესის განსასჯელად სოროსი შემდეგ კრიტერიუმს გვთავაზობს: „სამწუხაროდ, ადამიანის საქმიანობაში ფაქტები ჭეშმარიტების სანდო კრიტერიუმს არ წარმოადგენს, ჩვენ კი ერთგვარი საზოგადოდ მიღებული ნორმები გვჭირდება, რითაც ცდებისა და შეცდომების პროცესის განსჯა შესაძლებელი იქნება. ასეთი ნორმები ყველა კულტურასა და რელიგიას გააჩნია; მათ გარეშე ღია საზოგადოებასაც გაუჭირდება. ღია საზოგადოებაში სიახლეს წარმოადგენს ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა კულტურა და რელიგია წმიდად საკუთარ ღირებულებებს მიიჩნევს, ღია საზოგადოებამ, რომელიც მრავალ კულტურასა და რელიგიას აღიარებს, თავისი საკუთარი საერთო ღირებულებები დებატებისა და არჩევანის გზით უნდა გამოკვეთოს. დებატები რომ შესაძლებელი იყოს, სულ ცოტა, ერთ საკითხზე მაინც უნდა იყოს ერთსულოვნება: ღია საზოგადოება სოციალური მოწყობის სასურველი ფორმა უნდა იყოს“.

აქედან გამოდის, რომ თუკი ჩვენი ცდებისა და შეცდომების პროცესის განსჯის კრიტერიუმი არ დაეყრდნობა იმის აღიარებას, რომ „ღია საზოგადოება სოციალური მოწყობის სასურველ ფორმას წარმოადგენს“, რაც, თავის მხრივ, არვითარ საზომს არ წარმოადგენს, ჩვენთვის არჩევანის პრინციპი უცნობი დარჩება, რადგან ასეთ ნორმებს ის „კულტურები და რელიგიები“ აწესებენ, რომელთა მრავალფეროვანი და საერთო ღირებულებები „დებატებისა და არჩევანის საკითხია“. ეს იმას ნიშნავს, რომ, სოროსის აზრით, „ღია საზოგადოებაში“ პიროვნების თავისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს, თუ ადამიანთა ერთი ნაწილი მოისურვებს განაცხადოს, რომ ამას მათი დაუდგენელი, გაურკვეველი სუბიექტური საერთო ინტერესები მოითხოვს.

სასაცილოა, რომ, როგორც ჩანს, სოროსი პიროვნების თავისუფლების შესაზღუდად იმავე კოლექტივისტური მორალურ-პოლიტიკური პრინციპის გამოყენებას აპირებს, რასაც ფაშიზმი. ფაშიზმის პრინციპი იყო: „Gemeinnutz geht vor Eigennutz (საერთო ინტერესები პირად ინტერესებზე მაღლა დგას)“. არსებითად იდენტურ პრინციპს გულისხმობს სოროსის ნათქვამი: „ჩვენი ახლანდელი სისტემა – რომელიც, მართალია, არასრულყოფილ, მაგრამ მაინც ღია საზოგადოებად იწოდება – დაიშლება, თუ არ აღიარებს, რომ საერთო ინტერესები კერძო ინტერესებზე წინ უნდა იდგეს“.

სოროსის ეკონომიკური არგუმენტები

ახლა სხვა არგუმენტებს მივუბრუნდები, რასაც სოროსი შეუზღუდავი კაპიტალიზმის წინააღმდეგ იყენებს. ეპისტემოლოგიური საკითხების განხილვისას გამოყენებული არგუმენტების, სახელდობრ „სრულყოფილ კონკურენციასთან“, წონასწორობის არარსებობასთან და ფინანსურ ბაზრებზე დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებული არგუმენტების გარდა, კიდევ ოთხ არგუმენტს გამოვყოფდი. ესენია: ე.წ. კონფლიქტი ეკონომიკურ კონკურენციასა და საზოგადოებრივ კოოპერაციას შორის ეკონომიკური უთანასწორობის არსებობის გამო, ქონების ე.წ. ხელახალი გადანაწილების აუცილებლობა, რეკლამა და ფასეულობების ე.წ. გახრწნა ფულის მეშვეობით, და, ბოლოს, ფინანსური კრიზისი.

კონკურენცია

კონკურენციასთან დაკავშირებული არგუმენტი უბრალოდ მთლად უსაფუძვლო მსჯელობაა: „ძალიან მაღალმა კონკურენციამ და ძალიან მცირე კოოპერაციამ შეიძლება აუტანელი უთანასწორობა და არასტაბილურობა გამოიწვიოს“. რასაკვირველია, ეს განცხადება უშუალოდ იმ პრინციპს გულისხმობს, რაც სოროსმა ეპისტემოლოგიური არგუმენტების გამოყენებამდე წამოაყენა, როდესაც განაცხადა, რომ „ღია საზოგადოებას“ მთავარი საფრთხე, ფაშიზმსა და კომუნიზმთან ერთად, შეუზღუდავი კაპიტალიზმისგანაც ემუქრებაო. ამ მოსაზრებას შემდეგნაირად გადმოგვცემს: „მჯერა, რომ ღია საზოგადოებას საპირისპირო მხრიდანაც შეიძლება დაემუქროს საფრთხე – გადაჭარბებული ინდივიდუალიზმისგან“.

როგორც ჩანს, სოროსი ფიქრობს, რომ მისი თვალსაზრისის სიმართლე კონკურენციისა და კოოპერაციის შესახებ, თავისთავად ცხადია, რადგან თანამედროვე ინტელექტუალთა დიდი უმრავლესობის მსგავსად, დასაბუთებულად მიიჩნევს, რომ ეკონომიკურ კონკურენციას არსებითად ისეთივე ხასიათი აქვს, როგორიც ბრძოლას ცხოველთა სამყაროში, სახელდობრ, ჯუნგლების კანონს – ბუნებრივი გადარჩევის გზით უძლიერესის გამარჯვებას. ცოტა ქვემოთ, ხელახალი გადანაწილების შესახებ მსჯელობისას, ის წერს: „ჩაურევლობის პოლიტიკის არგუმენტი შემოსავლების ხელახალი გადანაწილების წინააღმდეგ ბუნებრივი გადარჩევის დოქტრინის შემოღებას განაპირობებს“.

ამ საკითხში ის აშკარად ვერ ერკვევა, რადგან მომდევნო წინადადებაში ბუნებრივ გადარჩევას უკვე დადებითად აფასებს: „[ბუნებრივი] გადარჩევის არგუმენტს ფასს ის ფაქტი უკარგავს, რომ ქონება მემკვიდრეობით გადადის და ხშირად მეორე თაობა ისეთი ძლიერი ვეღარ არის, როგორც პირველი“. რასაკვირველია, აქ იგულისხმება, რომ ბუნებრივი გადარჩევის პრინციპს უარყოფითი მხარეც გააჩნია, რის გამოც ის კარგად ვერ მუშაობს, რადგან მემკვიდრეები სათანადოდ არ ამართლებენ.

თუმცა, მომდევნო წინადადებაში სოროსი ისევ უკან იხევს და აცხადებს: „ყოველ შემთხვევაში არასწორი იქნება, რომ ცივილიზებულმა საზოგადოებამ ბუნებრივი გადარჩევის პრინციპით იხელმძღვანელოს“.

სინამდვილეში, ეკონომიკური კონკურენცია ცხოველთა სამყაროსთვის დამახასიათებელი კონკურენციისგან სრულიად განსხვავდება. უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური კონკურენცია ბუნებისგან ბოძებული მწირი საშუალებების ხელში ჩასაგდებად ბრძოლას არ წარმოადგენს, როგორც ეს ცხოველთა სამყაროში ხდება. არამედ, ეს არის კონკურენცია, რომელიც ახალი და განსხვავებული დოვლათის შექმნას მიზანმიმართულად ემსახურება. ჯუნგლებში ლომებს ბრძოლა ბუნებისგან ბოძებული შეზღუდული საარსებო საშუალებებისთვის, მაგალითად ზებრებისა და სხვა გარეული ცხოველებისთვის უწევთ, რომელთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაზრდაც მათ არ შეუძლიათ. ბიზნესკომპანიებს შორის კი კონკურენცია ახალი და გაუმჯობესებული ნაწარმისა და წარმოების უფრო ეფექტიანი მეთოდების შესაქმნელად მიმდინარეობს. მაგალითად, კომპანია „General Motors“-ი და „Toyota“ ერთმანეთს საავტომობილო ფარეხში მოშენებული, ან საავტომობილო ხეებზე მოსხმული ბუნებისგან ბოძებული არასაკმარისი რაოდენობის ავტომობილების გარკვეული ნაწილის ხელში ჩასაგდებად არ ეჯიბრებიან ერთმანეთს. პირიქით, ისინი ერთმანეთს პროგრესული, უფრო ეფექტიანი მეთოდებით წარმოებული ახალი და უკეთესი ავტომობილების გამოშვებაში ეჯიბრებიან. ამგვარად, მათი საქმიანობა და, საერთოდ, ბიზნესკომპანიების საქმიანობა ნაწარმის წარმოების გაზრდას ემსახურება.

ამჟამად, ეკონომიკური კონკურენცია, თავისი ხასიათის არსიდან გამომდინარე, ბუნებრივი გადარჩევის პროცესი კი არ არის, არამედ პრაქტიკულად ყველას გადარჩენის საფუძველია, მათ შორის მათიც, ვინც წმინდა ბიოლოგიური თვალსაზრისით „უვარგისია“. აბა, წარმოიდგინეთ, რა შედეგებს მოუტანს ფარმაკოლოგიური საწარმოების, სათვალის მწარმოებლებისა და სმენის აპარატების მწარმოებლების კონკურენცია ავადმყოფებს ან იმ ადამიანებს, ვისაც მხედველობა ან სმენა აკლია. წარმოიდგინეთ, რა შედეგებს მოუტანს ფერმერებისა და სამეურნეო იარაღების მწარმოებელთა კონკურენცია მშიერ ადამიანებს და რა შედეგებს მოუტანს სხვადასხვა სახის მანქანა-ავტომატების მწარმოებელთა კონკურენცია იმ ადამიანებს, ვისაც ეს მანქანები რომ არ ჰქონდეს დაიქანცებოდა და დაიტანჯებოდა.

გარდა ამისა, როგორც რიკარდო და ფონ მიზესი ამტკიცებენ, ფარდობითი უპირატესობის კანონის გამო, კაპიტალისტური საზოგადების კონკურენციაში ადგილი ყველასთვის არის, მათ შორის, მათთვისაც, ვისაც ყოვლად უმნიშვნელო სამეწარმეო შესაძლებლობები გააჩნია. ასეთი ხალხისთვის იმ პირობით მოიძებნება ადგილი, თუ იმ სფეროში მოიყრიან თავს, სადაც მათი მცირე შესაძლებლობების ხარისხი ძალიან დაბალია და საშუალებას მისცემენ უფრო შეძლებულ ხალხს თავი მოიყარონ ისეთ სფეროში, სადაც მათი დიდი შესაძლებლობების ხარისხი ძალიან მაღალია.

მაგალითად, ბილ გეითსი ისეთი ნიჭიერია, რომ მსხვილი მრეწველობის გაძღოლისა და განვითარების შესანიშნავი უნარი აქვს. შესაბამისად, ის მრავალი სხვა საქმის კეთებასაც სხვებზე გაცილებით უკეთ შეძლებს. მიუხედავად ამისა, მას სხვა საქმის კეთება არც უცდია. ის მხოლოდ იმ საქმეზე ახდენს კონცენტრირებას, რაშიც მისი საწარმოო უპირატესობა ყველაზე მაღალია. მართალია, ის თავისი ვიცეპრეზიდენტის საქმეს მასზე უკეთ შეასრულებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ „Microsoft“-ის მდივანსა ან დამლაგებელზე, მაგრამ ის არც ერთ ამ საქმეს არ ასრულებს. მას უღირს, რომ ეს საქმე სხვებს დაუთმოს, რადგან ამით მას მეტი დრო რჩება ყველაზე ხელსაყრელი საქმისთვის, რაც მისთვის „Microsoft“ -ის ხელმძღვანელობაა.

ნაკლები შესაძლებლობების მქონე ხალხი, ვინც თავიანთ საქმეს წარმატებით უძღვება, ბილ გეითსს კონკურენციას ფაქტობრივად ვერ გაუწევს – კონკურენციას დამლაგებლის მოვალეობის შესრულებაში მას დამლაგებელიც კი ვერ გაუწევს. ის ფაქტი, რომ იატაკის დასახვეტად მას თავის რომელიმე დამლაგებელთან შედარებით ნახევარი დრო დასჭირდებოდა, უმნიშვნელოა იმ ფაქტთან შედარებით, რომ „Microsoft“-ის ხელმძღვანელობა მას საშუალებას აძლევს რამდენიმე ათასჯერ მეტი შემოსავალი მიიღოს, ვიდრე დამლაგებელმა. სინამდვილეში, დამლაგებელს შეუძლია მოცემულ დროში თავისი საქმის ნახევარი შეასრულოს, მაგრამ იმ თანხად, რაც რამდენიმე ათასჯერ ნაკლებია იმაზე, რასაც ბილ გეითსი მოითხოვდა „Microsoft“ – ის ხელმძღვანელობისთვის. მართალია, დამლაგებელს ორჯერ მეტი დრო სჭირდება თავისი საქმის შესასრულებლად, ვიდრე ბილ გეითსს, მაგრამ ის მას გაცილებით ნაკლებ ფასად ასრულებს და, ამდენად, დამლაგებლის სამუშაოს შესრულებაში ბილ გეითსს კონკურენციას ვერც ის და ვერც ვერავინ ვერანაირად ვერ გაუწევს.

უფრო შორს თუ წავალთ, რადგან ბილ გეითსს და სხვა გენიალურ მეწარმეებს შეუძლიათ სულ ნაწარმის გაუმჯობესებაზე იფიქრონ, მსოფლიოში ყველა დამლაგებელს შესაძლებლობა ექმნება, რომ ისეთი კომპიუტერები და ავტომობილები და პრაქტიკულად ყველა სხვა საქონელი იქონიონ, რაც თანამედროვე ცხოვრების დონეს შეესაბამება, მათ შორის უხვი საკვები, ტანსაცმელი და ბინა.

როგორც მიზესი ამტკიცებს, ეკონომიკური კონკურენცია ზუსტად ის მექანიზმია, რაც საზოგადოებრივი კოოპერაციის სისტემას ქმნის, რამდენადაც ის მასთან არავითარ წინააღმდეგობაში არ არის. ეკონომიკური კონკურენცია ადამიანებისთვის შესაფერისი საქმის შერჩევას და შრომის საზოგადოებრივ დანაწილებას შედარებითი უპირატესობის პრინციპით აწესრიგებს, რაც საზოგადოებრივი კოოპერაციის არსსა და აუცილებლობას წარმოადგენს. ამასთანავე, ის განსაზღვრავს, თუ რომელ ბაზარს რომელი ნაწარმი გამოადგება და წარმოების რომელი მეთოდი მიესადაგება ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებას. აქ „ბუნებრივი გადარჩევის“ ერთადერთ ელემენტს ადამიანთა სიცოცხლისა და კეთილდღეობისთვის საუკეთესო ნაწარმისა და წარმოების საუკეთესო მეთოდების არჩევა წარმოადგენს. ის, ვინც აცხადებს, რომ ეკონომიკური კონკურენცია ჯუნგლების კანონით „ბუნებრივ გადარჩევას“ ჰგავს, ეკონომიკური მეცნიერების უცოდინრობას ამჟღავნებს.

ეკონომიკური უთანასწორობა და ქონების ხელახალი გადანაწილება

სამწუხაროდ, სოროსი ასეთსავე უცოდინრობას ამჟღავნებს, როდესაც ეკონომიკურ უთანასწორობასა და, აქედან გამომდინარე, ქონების ხელახალი გადანაწილების ე.წ. აუცილებლობაზე საუბრობს: „ქონება ერთი პატრონის ხელში გროვდება და თუ მისი ხელახალი გადანაწილების რაიმე მექანიზმი არ გვექნება, ქვეყნად ძალიან დიდი უთანასწორობა იქნება. „ფული ნაკელივითაა – უსარგებლოა, თუ არ მიმოიფანტება“ – ამბობდა ბრძენი ეკონომისტი ფრანსის ბეკონი“.

ვინც ასეთ თვალსაზრისს მხარს უჭერს, მან ის ფაქტი არ იცის, რომ შრომის განაწილების შედეგად კაპიტალისტურ საზოგადოებაში კერძო საკუთრებაში კაპიტალის სახით არსებული ქონებით ყველა, მისი მფლობელიც და არამფლობელიც სარგებლობს. მაგალითად, საავტომობილო ქარხნების ნაწარმის ფიზიკური მოსარგებლე ქარხნის მფლობელი კი არ არის, არამედ ავტომობილის შემძენი. ფაქტობრივად, კერძო საკუთრებაში არსებული ყველა საწარმო, რომელიც ბაზარს ემსახურება, მაგალითად, მაღაზიები, საწყობები, მეურნეობები, მაღაროები და ქარხნები ამ პრინციპით მუშაობენ. მათი პროდუქციით ფიზიკურად მათი შემძენი სარგებლობს, რომლისთვისაც არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ ამისთვის მის მიერ შეძენილი საქონლის მწარმოებელი კომპანიის ერთ აქციას მაინც ფლობდეს. სინამდვილეში, ბიზნესკომპანიების მფლობელების და კრედიტორების, მაგალითად, აქციებისა და ობლიგაციების მფლობელების მოგების, სარგებელის და დივიდენდების ფასად შეძენილი საქონლის რაოდენობა წილობრივად ხელფასებითა და შრომის ანაზღაურებით შეძენილი საქონლის რაოდენობაზე გაცილებით, დაახლოებით ათი პროცენტით ნაკლებია.

კერძო საკუთრებაში არსებული კაპიტალით ნაწარმის შემძენის მსგავსად მუშახელიც სარგებლობს, რომელიც ყველა საავტომობილო ქარხნას და ბიზნესკომპანიას სჭირდება. რაც უფრო დიდია კაპიტალი, მით მეტი მუშახელია საჭირო და მათი საერთო სახელფასო თანხაც მით უფრო დიდია. სხვების საკუთრებაში არსებული კაპიტალით ორჯერ უფრო მეტად ისინი სარგებლობენ, ვინც მათ არ ფლობს: სახელდობრ, მათთვის ასეთი კაპიტალი მათ მიერ შესაძენი ნაწარმის წარმოშობის წყაროსაც წარმოადგენს და მათ მიერ გასაყიდი შრომის მოთხოვნილებასაც წარმოშობს.

როგორც ჩანს, სოროსი და ხელახალი გადანაწილების სხვა მომხრეები კერძო საკუთრებაში არსებულ წარმოების საშუალებებს ისე განიხილავენ, თითქოს სამომხმარებლო საქონელი იყოს, ან თითქოს შრომის საზოგადოებრივი დანაწილების სისტემის გარეშე არსებობდეს. ქონება სხვებისთვის უსარგებლო მხოლოდ მაშინ იქნება, „თუ არ გადანაწილდება“, მაგალითად, თუკი ქონება ერთ გიგანტურ თასში მოთავსებული სპაგეტივით იქნება ან საწარმოები საქონელს არა ბაზრისთვის, არამედ მხოლოდ მათი მფლობელებისა და მათი ნათესავების პირადი მოხმარებისთვის აწარმოებენ. კაპიტალისტურ საზოგადოებაში კაპიტალისტთა ქონების ძალიან დიდი ნაწილი წარმოების საშუალებების სახით არსებობს, რაც ბაზარს ემსახურება. ასეთი ქონების ხელახალი გადანაწილება მხოლოდ კაპიტალის ხარჯვას გამოიწვევს და მის შემდგომ დაგროვებას ხელს შეუშლის, რაც ყველას, მათ შორის, წარმოების საშუალებების არმქონეთა დიდი მასის ინტერესებსაც სერიოზულად ეწინააღმდეგება.

პრაქტიკულად, შემიძლია თავი წარმოების საშუალებების არმქონედ მივიჩნიო იმ თვალსაზრისით, რომ, სინამდვილეში, მთელ ჩემს ხარჯებს ჩემ მიერ გამომუშავებული ხელფასი ანაზღაურებს და არა მოგება, დივიდენდი ან სარგებელი. მართალია, წარმოების საშუალებებს არ ვფლობ, მაგრამ რაც გამაჩნია, ყველაფერს დავკარგავ, თუ მთავრობა გამოაცხადებს, ამიერიდან ყველა მოქალაქე თანასწორი უნდა გახდესო და შეეცდება წარმოების საშუალებების ნაციონალიზაციის გზით მათ მფლობელად მაქციოს. გარდა აბსოლუტური ეკონომიკური ქაოსისა, რასაც აქედან გამომდინარე ფასების სისტემის მოშლა გამოიწვევს, ამიერიდან, მომწოდებლებად უინიციატივო სახელმწიფო მონოპოლისტები და ბიუროკრატები მეყოლება, რის შედეგადაც მოგება-წაგების სტიმულით, თავისუფალი კონკურენციითა და ჩემი მომწოდებლების საქმიანობაში ჩემს სასარგებლოდ მოქმედი ცალკეული ინიციატივებით განპირობებულ სიკეთეს ვეღარ ვიგემებ.

მაშინაც წაგებული დავრჩები, თუ მთავრობა გადასახადებს გაუდიდებს ბიზნესკომპანიებს ან შეძლებულ ადამიანებს, რომლებიც ბიზნესკომპანიებს ეხმარებიან და აფინანსებენ და შემოსულ თანხებს საშუალო მოქალაქეებზე გაანაწილებენ. მაგალითად, თუ მთავრობა გადასახადებს გაზრდის კორპორაციულ მოგებაზე ან პირად შემოსავლებზე, რაც სხვა შემთხვევაში დაიზოგებოდა ან ინვესტიციის სახით ჩაიდებოდა, ვთქვათ, 100 მილიარდი დოლარი წელიწადში, საიდანაც ერთი წლის შემდეგ 1 000 დოლარის რაოდენობით შემხვდებოდა მეც და ყველა დანარჩენ 99 999 999 წარმოების საშუალებების არმქონეს, მე არსებითად წაგებული დავრჩები. რასაკვირველია, იმ 1 000 დოლარიდან, რასაც პირადად მივიღებ, მე რაღაცას ვისარგებლებ, მაგრამ იმ 1 000 დოლარიდან, რომელსაც ყველა ჩვენგანი მიიღებს, ანუ ერთიანად მიღებული 99 999 999 დოლარიდან, ფაქტობრივად ვერაფერს ვისარგებლებ, რადგან ისინიც და მეც მთელ მიღებულ თანხას დავხარჯავთ. ამასთან ერთად, მე ვიზარალებ, როცა 100 მილიარდ დოლარს იმ საწარმოდან ამოიღებენ, რომლის საქონელსაც მე ვყიდულობ და იმ საწარმოდან, სადაც ჩემ შრომაზე მოთხოვილებაა.

ამ ფონდების ამოღება მუშახელზეც და წარმოების საშუალებებზეც მოთხოვნილებას შეამცირებს. მუშახელზე მოთხოვნილების შემცირება გამოიწვევს ან ხელფასების შემცირებას, ან უმუშევრობის ზრდას. წარმოების საშუალებებზე მოთხოვნილების შემცირება და გადანაწილებული ფულის ახალი მესაკუთრეების მიერ ხარჯვა საქონელზე მოთხოვნილების გაზრდას გამოიწვევს. სამომხმარებლო საქონლის მოთხოვნილებასთან შედარებით წარმოების საშუალებებზე მოთხოვნილების კლება კაპიტალის წარმოებას შეამცირებს. ეს კი იმ ტემპს შეამცირებს, რა ტემპითაც ეკონომიკური სისტემა კაპიტალის დაგროვებას შეძლებდა. ამის შემდეგ მუშახელის პროდუქტიულობა შემცირდება და, ამდენად, რეალური ხელფასების ზრდაც, რადგან, თითოეულ მუშახელზე გათვლით, ეს ყველაფერი ძალიან დიდად არის დამოკიდებული წარმოების საშუალებების მიწოდებაზე. ეს შედეგები უფრო გაუარესდება ნაწარმის გაუმჯობესების სტიმული თუ აღარ იქნება, რაც ასეთი გადასახადების პირდაპირი შედეგია. ბოლოს ხელახალი გადანაწილება ეკონომიკური სტაგნაციითა და ეკონომიკური კოლაფსით დამთავრდება. ეს სათესლე მარცვლეულის საკვებად გამოყენებას უდრის.

აი, ასეთია სოროსის არგუმენტები ხელახალი გადანაწილების აუცილებლობის შესახებ იმ თითქოსდა აუტანელი ვითარების გამოსასწორებლად, რომ წარმოების საშუალებების მდიდარ მფლობელებს წარმოების საშუალებათა უქონელ- თათვის უზომო რაოდენობის საქონლის საწარმოებლად და წარმოების საშუალებებს მოკლებულთა დასასაქმებლად ძალიან ბევრი ქონება აქვთ დაბანდებული.

რეკლამა და ფასეულობების ე.წ. გახრწნა ფულის მეშვეობით

სოროსი ამბობს, რომ „რეკლამა, მარკეტინგი და შეფუთვაც კი, ადამიანის უბრალო რეაგირებას კი არ იწვევს, როგორც ჩაურევლობის თეორია ამტკიცებს, არამედ მიზნად მათი არჩევანის განსაზღვრას ისახავს. ადამიანები ვერ გარკვეულან რას ემსახურება რეკლამა და ღირებულების კრიტერიუმად უფრო ფასს მიიჩნევენ. ის, რაც ძვირია, უკეთესი ჰგონიათ. ხელოვნების ნიმუშის ღირებულება შეიძლება იმ ფასით განისაზღვროს, რა ფასადაც ის გაიყიდება. ხალხს პატივს სცემენ სიმდიდრის გამო. ის, რაც ადრე გაცვლის საშუალებად ითვლებოდა, მთავარი ფასეულობა გახდა და ის ურთიერთდამოკიდებულება შეცვალა, რასაც ეკონომიკური თეორია აცხადებს“.

რაც არ უნდა ბევრი ეთანხმებოდეს, სოროსის განცხადება რეკლამის შესახებ ძირფესვიანად მცდარია. მართალია, რეკლამის ავტორს რეკლამირებული ნაწარმის საყიდლად ხალხის წაქეზება სურს, მაგრამ წარმატებული რეკლამისთვის, როგორც წესი, აუცილებელია, მომხმარებელს ნაყიდი ნაწარმი მოეწონოს, კიდევ იყიდოს და სხვებსაც მისი შეძენა ურჩიოს. უეჭველია, ასეთი ნაწარმის რეკლამა ეკონომიკურად მომგებიანია. მაგრამ, თუ მომხმარებელს თავისი ნაყიდი რეკლამირებული ნაწარმი არ მოეწონება, აღარ იყიდის და სხვებსაც არ ურჩევს მის ყიდვას, რაც, ცხადია, ნაწარმის ჩავარდნას გამოიწვევს. სხვა სიტყვებით, წარმატებული რეკლამის საიდუმლო იმაშია, რომ რეკლამა ისეთ ნაწარმს გაუწიოს, რომელიც მომხმარებლის რეალურ მოთხოვნილებასა და საჭიროებას ეფექტიანად დააკმაყოფილებს.

სოროსი, რასაკვირველია მართალია, როდესაც ამბობს, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ვერ გარკვეულა რას მიემხროს. მაგრამ როგორ უნდა გაერკვნენ რამეში, თუკი გამუდმებით კულტურული ბრძოლის ქარცეცხლში არიან ჩაბმული, რასაც სწორედ თავად სოროსის ცდომილებისა და თვითგაურკვევლობის წამყვანი პრინციპი ქადაგებს? ფილოსოფიური და მორალური პრინციპების თვალსაზრისით, რაც არ უნდა ესადაგებოდეს ეს დღეს სიმართალეს, ერთი რამ ცხადია, პიროვნული მატერიალური კმაყოფილების სფეროში ხალხმა თითქმის მუდამ ძალიან კარგად იცის, რა მოსწონს და რა არა. მოშუშული ბოსტნეულის სასარგებლო კულინარული თვისებების ვერანაირი რეკლამა ვერ შეუცვლის გემოვნებას მათ, ვისაც შოკოლადის ფილა ან ნაყინი უფრო უყვარს. ადამიანზე სანთლებისა და ლამპების ვერანაირი რეკლამა ვერ იმოქმედებს ისე, რომ ის ელექტროდენის მოხმარებას შეელიოს. ვერანაირი რეკლამა ვერ დაარწმუნებს ადამიანს, რომ თავის ავტომობილი ცხენზე ან ველოსიპედზე გაცვალოს.

გასაგებია, ხალხი მნიშვნელოვანწილად სცემს პატივს მათ, ვინც მდიდარია და ეს ასეც უნდა იყოს. იმდენად, რამდენადაც ადამიანები საქონლის წარმოებისა და გაცვლის შედეგად მდიდრდებიან, ისინი დოვლათს ფართო მასშტაბით, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვისაც ქმნიან. რასაკვირველია, არის შემთხვევები, როდესაც ფინანსური წარმატების გამო შეიძლება იმდენად დიდი პატივისცემა იყოს, რომ ადამიანმა სხვა თვალში საცემ ნაკლოვანებებს ყურადღება აღარ მიაქციოს. მაგალითად, შეიძლება ხალხმა ბატონი სოროსის მოსაზრებებს ეკონომიკური თეორიისა და პოლიტიკური ფილოსოფიის შესახებ, ამ პიროვნების უდიდესი სიმდიდრის გამო, უფრო შემწყნარებლური, ჩვეულებრივზე რბილი სტანდარტები მიუყენოს.

ფინანსური კრიზისი

სოროსი წერს: „ისტორია გვასწავლის, რომ ფინანსური ბაზრები კრახს განიცდის, რაც ეკონომიკურ დეპრესიასა და საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. ამის გამო ცენტრალური ბანკები და რეგულირების სხვა ფორმები წარმოიშვა. ჩაურევლობის პოლიტიკის იდეოლოგებს იმის მტკიცება უყვართ, რომ ფინანსური ბაზრების კრახი ბაზრის არასტაბილურობამ კი არა, არასწორმა კანონებმა გამოიწვია. მათ არგუმენტში არის ერთგვარი სიმართლე, რადგან, თუ ჩვენი აზროვნება ძირეულად არასრულფასოვანია, კანონებიც არასრულყოფილი გვექნება. მაგრამ მათი არგუმენტი არადამაჯერებლად ჟღერს. პირველ რიგში, ის ვერ ხსნის, თუ რატომ შემოვიღეთ ეს კანონები. ეს არგუმენტი ამ საკითხს მეორე არგუმენტის მოშველიებით უვლის გვერდს, რომელიც ასე ჟღერს: რადგან კანონები მცდარია, თავისუფალი ბაზარი კარგია“.

ამ სიტყვებით სოროსი ამტკიცებს, რომ დეპრესია და მასობრივი უმუშევრობა შეუზღუდავი კაპიტალიზმით არის გამოწვეული და ამას იმ ფაქტის საპასუხოდ ამბობს, რომ მთავრობა ფულისა და ბანკის საქმეებში ერევა. როგორც ჩანს, ის ფიქრობს, რომ თავდაპირველად შეუზღუდავი კაპიტალიზმი არსებობდა, მაგრამ დეპრესია არ აგვცდა, რამაც მთავრობის ჩარევის აუცილებლობა გამოიწვია. საერთოდ, კაპიტალიზმის წინააღმდეგ წამოყენებულ არგუმენტებში, როგორც წესი, მოვლენათა სწორედ ასეთი განვითარებაა წარმოდგენილი. მაგალითად, ქვეყნად სიღატაკეა? – მთავრობა უნდა ჩაერიოს; ხალხი ვერ იხდის ბინის ქირას? – მთავრობამ ბინის ქირაზე კონტროლი უნდა შემოიღოს; ხელფასები დაბალია და სამუშაო საათები ხანგრძლივი? – მთავრობამ შრომისა და სოციალური დაცვის კანონები უნდა შემოიღოს და პროფესიული კავშირების შექმნას შეუწყოს ხელი. ასეთი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება. უცნაურია, რომ სოროსს, რომელიც ხალხის აზრის გავლენაზე საუბრობს იმ სოციალურ რეალობაზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, აზრად არ მოსდის, რომ მთავრობის ჩარევის ნამდვილი მიზეზი თავისთავად პრობლემა კი არ არის, არამედ ხალხის აზრი ამ პრობლემების მიზეზების შესახებ და იმის რწმენა, რომ მთავრობას მათი გადაჭრის უნარი შესწევს.

შეუზღუდავი კაპიტალიზმის მომხრეები მთავრობის ჩარევას ფულისა და საბანკო საქმეებში, ისევე, როგორც საერთოდ ყველფერში, ძირითადად, იმიტომ ეწინააღმდეგებიან, რომ მათ მტკიცედ სწამთ, ადამიანი რეალურად მხოლოდ თავისუფლების დროს შეძლებს საკუთარი მატერიალური ინტერესების დაკმაყოფილებასა და მიზნების მიღწევას. თითოეულ ადამიანს საკუთარი ინტერესები ამოძრავებს და თუკი ის თავისუფალი იქნება, ანუ თუ სხვების ფიზიკური ძალდატანებით, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, მთავრობის ძალდატანებით არ მოუხდება რამის გაკეთება, თავის მიზანს აუცილებლად მიაღწევს. ამასთან, ზუსტად იმიტომ, რომ თავისუფლება ფიზიკურ იძულებას გამორიცხავს, საკუთარი მიზნისკენ სწრაფვისას ადამიანი მათ ინტერესებსაც უნდა უწევდეს ანგარიშს, ვისთანაც თანამშრომლობს, სულერთია ეს მუშახელი იქნება, მიმწოდებელი თუ მომხმარებელი. თავისუფლების დროს ფიზიკური იძულება გამორიცხულია, თანამშრომლობა მხოლოდ ნებაყოფლობითია, ამიტომ ადამიანი მასთან თანამშრომლობას მათთვისაც სასარგებლოს ხდის, მათ მიერ საკუთარი შრომის ან საქონლის გაყიდვის, ან ფულის დახარჯვის ნებისმიერ სხვა შესაძლო არჩევანზე გაცილებით უფრო სასარგებლოს.

მეორე მხრივ, თავისუფლების ხელყოფა ადამიანს იმ საქმის შესრულებაში უშლის ხელს, რაც მისთვისაც და სხვებისთვისაც სასარგებლოა. ამიტომ, თავისუფლების ხელყოფით სასარგებლო საქმე ფერხდება. სწორედ ამის გამო, თავისუფალი ქვეყნები აყვავებულია, ხოლო თავისუფლებასმოკლებული ქვეყნები ღატაკნი ან სიღატაკის ზღვარზე არიან.

შეუზღუდავი კაპიტალიზმის მომხრეთა განცხადება, რომ დეპრესია ეკონომიკური სისტემის რომელიმე თანდაყოლილი თვისებისგან არ მომდინარეობს, სავსებით თავსებადია ზემოხსენებულ ძირითად პრინციპთან. ის კრედიტების გაზრდის, ანუ ახალი სესხის სახით ჰაერიდან მოტანილი დამატებითი ფულის და ბაზარზე მისი დაბანდების შედეგია. ამ პროცესს ბიზნესმენები ფინანსურ არალიკვიდურობამდე მიჰყავს. ისინი იოლად და მომგებიანად ცვლიან სესხების პერსპექტივას ნაღდ ფულზე და როდესაც ნაღდი ფულის კრიზისში აღმოჩნდებიან სჯერათ, რომ რეალიზაციით მიღებული მოგების ზრდა, რასაც ახალი, დამატებითი ფული წარმოშობს, საშუალებას მისცემთ მატერიალური საქონელი ნაღდ ფულად იოლად და მომგებიანად აქციონ, როგორც კი და როდესაც კი აუცილებლობა მოითხოვს. როგორც კი კრედიტების ზრდის პროცესი დასრულდება ან მნიშვნელოვნად შენელდება, ან ისეთი ტემპით ვერ დაჩქარდება, როგორც ბაზარი მოელოდა, „საკრედიტო კრიზისი“ და ლიკვიდურობის კრიზისი იფეთქებს. ეს დეპრესიას წარმოშობს. დეპრესიის დროს ბანკები, რომლებმაც სესხების გაცემის გზით ახალი და დამატებითი ფულის მნიშვნელოვანი მარაგი შექმნეს, მიხვდებიან, რომ სესხების ღირებულება უფრო ნაკლები გახდა, ვიდრე იმ ფულის, რომელიც მათ შექმნეს. როდესაც მათი კლიენტები ამას მიხვდებიან, იწყება ბანკების დაცარიელება და ასეთი ფულის უმეტესი ნაწილი უბრალოდ ქრება.

ისტორიულად, კრედიტების ზრდის პრაქტიკა იმ კერძო ბანკებში წარმოიშვა, რომლებიც ფულს ან მათივე გამოშვებული ქაღალდის ბანკნოტების, ან მათივე გაცემული საჩეკო დეპოზიტების სანაცვლოდ ინახავდნენ. იმდენად, რამდენადაც ბანკები მათ საცავებში აღმოჩენილ ფულს ახალი სესხების გასაცემად, ბანკნოტების გამოსაშვებად ან სესხად გასაცემი საჩეკო დეპოზიტების შესაქმნელად იყენებდნენ, ისინი ფულის შექმნისა და კრედიტების ზრდის პროცესში ჩაერთვნენ. ბანკნოტები და საჩეკო დეპოზიტები, რომლებსაც ისინი ფულის სანაცვლოდ გასცემდნენ, ამ ფულის სრულ ეკვივალენტს წარმოადგენდა და გამოიყენებოდა. შედეგად, მათ მოახერხეს, რომ ფულის ეს სრული ეკვივალენტებიც ეხარჯათ და თვითონ საბაზისო ფულიც, ანუ მიმოქცევაში რეალურ ფულს მისი ეკვივალენტებიც დაემატა, რაც ფულის რაოდენობის ზრდას ნიშნავდა.

შეუზღუდავი კაპიტალიზმის მომხრეები მიიჩნევენ, რომ კრედიტების ზრდა კარგა ხნის წინ მინიმუმამდე შემცირდებოდა, მას ფულის მიმოქცევასა და საბანკო საქმეებში მთავრობის ჩარევის საუკუნოვანი პოლიტიკა რომ არ იცავდეს და ასაზრდოებდეს. ეს ჩარევა ისეთი ზომების გატარებას გულისხმობს, როგორიცაა ბანკებს შორის კონკურენციის შეზღუდვა და ამით კარგად მართვის მქონე, უფრო კონსერვატული ბანკების ზრდისთვის ხელის შეშლა; გადახდისუუნარო ბანკებისთვის გადასახადის გადავადება და ამით მათთვის თავიანთი საქციელის შედეგებიდან თავის დაძვრენის საშუალების მიცემა და, ამდენად, კრედიტების ზრდის პრაქტიკის დანერგვა და ბიძგის მიცემა; კრედიტების ზრდის პრაქტიკის მქონე ბანკების ფინანსური სიმტკიცის ილუზიის შესაქმნელად, მათი პერიოდული შემოწმება და ამით ხალხში ასეთი ბანკებისადმი ნდობის განმტკიცება და მათთვის არსებობის გახანგრძლივება. მოგვიანებით, მთავრობის ჩარევამ სადეპოზიტო დაზღვევის უზრუნველყოფის სახე მიიღო და ამას ცენტრალური საბანკო სისტემის დაარსება მოჰყვა, რასაც ისევ და ისევ საკრედიტო ექსპანსიის შესაძლებლობების შენარჩუნებისა და ამის ხელშესაწყობად საჭირო ფულადი რეზერვების მომარაგების ფუნქცია დაეკისრა. ფაქტობრივად, კრედიტების ზრდის ხელშეწყობა თითქმის ყველა მთავრობის მთავარი პოლიტიკური ამოცანა გახდა მას შემდეგ, რაც მათ ამ შესაძლებლობის შესახებ შეიტყვეს.

ამგვარად, ფინანსური კრიზისები სწორედ მთავრობის ჩარევის ბრალია და ასეთი კრიზისების განმეორება მომავალშიც მოსალოდნელია. ის, რომ სადღეისოდ ახალი დიდი ფინანსური კრიზისების განმეორების თავიდან აცილებას ვახერხებთ, ეს ფულის მარაგის გამუდმებული ინფლაციის ხარჯზე ხდება, რაც მხოლოდ იმის შედეგია, რომ მთავრობა საკუთარი ფულის შექმნის უფლებას ფლობს, რაც მას ეკონომიკური სისტემის მიღმა და მოქალაქეებზე ზემოთ აყენებს. ამ ვითარებამ იმ ილუზიამდე მიგვიყვანა, თითქოს ხალხს ფინანსურად მთავრობა ინახავს, რომელსაც ანაზღაურების გაზრდით და მუქთა პრემიების წვიმებით ყველას აყვავების უნარი შესწევს.

ფინანსური კრიზისები იმ ფაქტს ადასტურებს, რომ აუცილებელია შეუზღუდავი კაპიტალიზმი და არა “შერეული ეკონომიკის” რაიმე ფორმა. სწორედ ფინანსური კრიზისების პრობლემის მთავრობის ჩარევით მოგვარების მცდელობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ მთავრობა უსაშველო ძალაუფლებას, ფულს, ფინანსებს და სხვა ბერკეტებს ფლობს. სწორედ მთავრობის მიერ ჰაერიდან ფულის შექმნის უფლებამოსილებისა და ინფლაციონისტური საბანკო სისტემის მხარდაჭერის შედეგად გაიზარდა უსაშველოდ მთავრობის სიდიდე და ძალაუფლება; ამან მთავრობას სანტა-კლაუსის სამოსში გამოწყობის საშუალება მისცა.

ჩაურევლობის პოლიტიკა და ჩვენი მომავალი

ჩაურევლობის პოლიტიკის იდეოლოგიის ძალისა და გავლენის შესახებ საუბრისას, სოროსის მოსაზრებები, ყოველ შემთხვევაში თავიდან მაინც, დიდ გაოცებას იწვევს. ის ისე აღწერს მას, როგორც ამჟამად არსებულ მთავარ კულტურულ ძალას. მაგალითად, ის წერს: „თუ დღეს ჩვენს საზოგადოებაში რაიმე რწმენას გაბატონებული მდგომარეობა უჭირავს, ეს ბაზრის მაგიურობის რწმენაა. შეუზღუდავი კაპიტალიზმის დოქტრინის თანახმად, საკუთარი მიზნისკენ სწრაფვის შეუფერხებლობა საერთო დოვლათის დაგროვების საუკეთესო შესაძლებლობაა“.

რასაკვირველია, სოროსის აღნიშნული დებულების საპირისპიროდ, სიმართლე ის არის, რომ დღეს ძალიან ცოტა თუ იქნება ისეთი იდეოლოგია, რომელსაც შეუზღუდავი კაპიტალიზმის იდეოლოგიაზე ნაკლები გავლენა ჰქონდეს, რაც აშკარა გახდება, თუ შემდეგ ცნობილ ფაქტებს გადავხედავთ: შეერთებულ შტატებში 19 მილიონზე მეტი სახელმწიფო მოხელეა, რომლებიც დაახლოებით ორმოციათასგვერდიანი ფედერალური კანონების, ათიათასგვერდიანი საშტატო და ადგილობრივი ხელისუფლების კანონების და უთვალავი ტომების მომცველი ფედერალური, საშტატო და ადგილობრივი დადგენილებების გატარებას ემსახურებიან, ყოველწლიურად კი კანონებისა და დებულებების რიცხვი ათასობით გვერდით იზრდება. ბოლო [1997 წლის] მონაცემები გვიჩვენებს, რომ შეერთებული შტატების 6,2 ტრილიონი დოლარის შემოსავლიდან, მთლიანი სახელმწიფო ხარჯები, სოცუზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის დახმარებათა გადარიცხვის ხარჯებიანად, 2,5 ტრილიონ დოლარს შეადგენს, ე.ი. დაახლოებით 40%-ს. ნებისმიერი წარმატებული პიროვნება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ფედერალური და საშტატო გადასახადების სახით, კორპორაციული და პირადი შემოსავლებიდან ჯამში დაახლოებით 70%-ს იხდის. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთავრობას გადასახადების ყოველგვარი გაცხადებული, დადგენილი ზღვრის გარეშე გაზრდის უფლება აქვს, განსაზღვრული თანხის დოლარებში გაფორმებული ყველა გრძელვადიანი კონტრაქტის მსყიდველობითი უნარის დაცემის მასშტაბი ყველასთვის ადვილი მისახვედრი გახდება, შესაბამისად, არც მილიონობით მოქალაქის მოსალოდნელი გაღატაკების დიდი ალბათობაა ძნელი გამოსათვლელი. რასაკვირველია, ასეთი ფაქტები არსებულ ვითარებაზე შეუზღუდავი კაპიტალიზმის იდეოლოგიის ფაქტობრივი ზეგავლენის შესახებ ყოველგვარ საუბარს აშკარად და პირდაპირ ეწინააღმდეგება.

სოროსს, შეუზღუდავი კაპიტალიზმის იდეოლოგიის ზეგავლენასთან დაკავშირებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში შემიძლია გავუგო, თუ დავუშვებ, რომ ის მომავალში მის პოტენციურ ზეგავლენას უფრო გულისხმობს და არა დღევანდელ, ფაქტობრივ ზეგავლენას. ეს მისი სპეკულაციური წარმატების რეკორდი იქნება. ასეთი წარმატებისთვის აუცილებელია, რომ ის არსებითი ფაქტები, რაც მომავალი მოვლენების განვითარების კურსს გვიჩვენებს, ყველაზე ადრე შევიტყოთ. მჯერა, ის არსებითი გარემოებები, რაზედაც სოროსი ამ შემთხვევაში წუხს, მხოლოდ ის კი არ არის, რომ „კომუნიზმი და თუნდაც სოციალიზმი აბსოლუტურად დისკრედიტირებულია“, არამედ ის, რომ ამის შედეგად შეუზღუდავი კაპიტალიზმი სადღეისოდ ერთადერთი ლოგიკური ალტერნატივაა და, ამდენად, მომავლის ტალღას წარმოადგენს. ეს პერსპექტივა მას აშინებს, ხოლო თავისი ნარკვევით მისთვის ხელის შეშალას და სხვა ალტერნატივის პოვნას ცდილობს.

მჯერა, სოროსი მიხვდა, რომ თუ ახლა ხალხი სოციალიზმის ფატალური ხასიათით გამოწვეულ დიდ მარცხს გაითვალისწინებს და იმ ფაქტს, რომ კაპიტალისტურ ქვეყნებში შექმნილი ძირითადი პრობლემები იქ ჩანერგილი სოციალისტური ელემენტებით არის განპირობებული, კარგად გააცნობიერებს, ყოველ მიზეზგარეშე შეუზღუდავი კაპიტალიზმის პატივისცემას დაიწყებს, რადგან ლოგიკურად ეს სწორედ იმ სისტემის საპირისპიროა, რაც დამარცხდა და იმ სისტემის ლოგიკური ანალოგიაა, რომელიც კი ოდესმე ყველაზე წარმატებული ყოფილა და რასაც კაპიტალიზმი ეწოდება.

სოროსის განზრახვის საწინააღმდეგოდ, მისმა ნარკვევმა, და მისადმი შეუზღუდავი კაპიტალიზმის მოწინააღმდეგეთა სიმპათიამ მნიშვნელოვნად განამტკიცა ის ვარაუდი, რომ შეუზღუდავი კაპიტალიზმი მომავლის ტალღაა.

მისმა ნარკვევმა და მის მიმართ გამოხატულმა სიმპათიამ გამოავლინა, რომ შეუზღუდავი კაპიტალიზმის მოწინააღმდეგეებს თავიანთი ოპოზიციური აზრის დასაცავად მნიშვნელოვანი სათქმელი არაფერი აქვთ. ამას თვითონ სოროსის ნარკვევიც ადასტურებს, რომელიც ძალიან უთავბოლოა და მოკლებულია ეფექტიან არგუმენტებს. ამის მიუხედავად, ის პოპულარულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სოროსის ნარკვევით აღფრთოვანებულმა ადამიანებმა შეუზღუდავი კაპიტალიზმის ნამდვილი ბუნების შესახებ სოროსზე ბევრად მეტი არ იციან. მათ ისე ცოტა იციან, რომ სოროსის არგუმენტების მართლა სჯერათ. ამასთან ერთად, ის ფაქტი, რომ სოროსი წარმატებული კაპიტალისტია, მათთვის იმას ნიშნავს, რომ ის იმ ადამიანის ავტორიტეტით ლაპარაკობს, ვინც სისტემას შიგნიდან იცნობს. ამგვარად, თუ კაპიტალიზმის მისეული შეფასება მათსას ემთხვევა, მათ ჰგონიათ, რომ მათეული შეფასება უთუოდ სწორია, რადგან სჯერათ, სოროსმა უთუოდ უნდა იცოდეს შეუზღუდავი კაპიტალიზმის უარყოფითი მხარეები. მათდა სამწუხაროდ, მან ეს არ იცის.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ როდესაც (თუკი) განათლებულ ადამიანთა საკმარისი რაოდენობა გადაწყვეტს, რომ შეუზღუდავი კაპიტალიზმის შესახებ ცოდნა შეიძინოს, მათ წინ ვერაფერი დაუდგება – მით უმეტეს ვერც სოროსის არგუმენტები და ვერც ისინი, ვისაც მისი სჯერა.

რასაკვირველია, ცოდნის შეძენის სასარგებლო არჩევანი ძალიან „სათუოა“. ხალხს, ძალიან განათლებულ ადამიანებსაც კი, აშფოთებს იმ ძალისხმევაზე ფიქრი, რაც მათ ცოდნის შესაძენად სჭირდებათ. ფაქტობრივად, ასეთ უარყოფით დამოკიდებულებას ის ეპისტემოლოგიური არგუმენტი უჭერს მხარს, რომელსაც ბატონი სოროსი ემხრობა. კერძოდ ის, რომ ჩვენი ძირითადი ინტელექტუალური მახასიათებელი ის არის, რომ შეცდომები მოგვდის და ამიტომ, ვერასდროს შევძლებთ სარწმუნო ცოდნამდე საბოლოოდ მიღწევას.

და, მაინც, თუ თვითონ ბატონი სოროსი და ისინი, ვინც მის ნარკვევს ეთანხმება, გამოიჩენენ ძალისხმევას, წაიკითხავენ და შეისწავლიან შეუზღუდავი კაპიტალიზმის მოწინავე დამცველთა ნაშრომებს, შესაძლოა განაცხადონ, რომ მათ შეუზღუდავი კაპიტალიზმის კი აღარ ეშინიათ, არამედ მიესალმებიან მას და შეუზღუდავი კაპიტალიზმის დასამკვიდრებლად ბრძოლაში ჩაერთვებიან კიდეც.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s