მოჩვენებითი ცოდნა

friedrich-hayek

(მიეძღვნა ალფრედ ნობელის ხსოვნას. წაკითხული იქნა 1958 წ.)

ფრიდრიხ ა. ფონ ჰაიეკი

ამ ლექციის თემა მისი განსაკუთრებულობისა და იმ მნიშვნელოვანი პრაქტიკული პრობლემის გამო ავირჩიე, რაც დღეს ეკონომისტების წინაშე დგას. ერთი მხრივ, სულ ახლახან, ეკონომიკურ მეცნიერებაში ნობელის პრიზის შემოღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რითაც საზოგადოებრივმა აზრმა ეკონომიკას ფიზიკურ მეცნიერებათა ღირსება და პრესტიჟი მოუტანა. მეორე მხრივ, ახლა ეკონომისტებს თავისუფალი სამყაროს სწრაფი ინფლაციის საშიშროებიდან გამოყვანა ეკისრებათ, რაც, უნდა ვაღიაროთ, იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც ეკონომისტთა უმრავლესობა ურჩევდა მთავრობას და გაატარებინა კიდევაც. ამჟამად, ეკონომისტებს სიამაყის მიზეზი მართლაც არ გვაქვს, რადგან ყველაფერი ჩვენ თვითონ ავურდავურიეთ.

ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ეკონომისტებმა პოლიტიკის უფრო წარმატებულად წარმართვა ვერ მოახერხეს, იმ ტენდენციამ განაპირობა, რომ ისინი ზუსტად ბაძავენ ფიზიკური მეცნიერების განსაკუთრებულად წარმატებულ მეთოდებს – ამ ტენდენციამ შეიძლება ჩვენი დარგი აშკარა შეცდომამდე მიიყვანოს. ასეთ მიდგომას „მეცნიერულს“ უწოდებენ, მაგრამ მე ჯერ კიდევ ოცდაათიოდე წლის წინ განვაცხადე, რომ ეს მიდგომა „უდავოდ არამეცნიერულია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან ის აზროვნების ნირის მექანიკურ და ბრმად გამოყენებას გულისხმობს იმ დარგისგან სრულიად განსხვავებულ სფეროში, სადაც ის ჩამოყალიბდა“1. დღეს საუბარი იმის ახსნით მინდა დავიწყო, თუ რატომ არის ბოლოდროინდელი ეკონომიკური პოლიტიკის ზოგიერთი უმძიმესი შეცდომა ამ მეცნიერული შეცდომის უშუალო შედეგი.

თეორია, რითაც ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე სავალუტო და ფინანსური პოლიტიკა ხელმძღვანელობს და რომელიც, ჩემი აზრით, უმთავრესად გარკვეული სამეცნიერო მეთოდიკის მცდარად გაგების შედეგია, ამტკიცებს, რომ სრულ დასაქმებასა და საქონელზე მთლიან მოთხოვნას შორის უშუალოდ გამოხატული კორელაცია არსებობს; ეს გულისხმობს, რომ მიმოქცევაში არსებული ფულის სწორად ხარჯვის შედეგად მუდმივად შეგვიძლია სრული დასაქმების უზრუნველყოფა. მასობრივი უმუშევრობის ფაქტის ასახსნელად წამოყენებულ სხვადასხვა თეორიებს შორის, ალბათ ეს ერთადერთი თეორიაა, რომლის დასასაბუთებლადაც მტკიცე რიცხობრივი არგუმენტების მოყვანა შეიძლება. ამის მიუხედავად, ეს თეორია მე არსებითად არასწორად მიმაჩნია, მის თანახმად მოქმედება კი, რაც ახლა ხდება, ძალიან საზიანოდ.

კრიტიკულ საკითხს მივადექით. ფიზიკური მეცნიერებისგან განსხვავებით, მოვლენათა ის ასპექტები, რომელიც ეკონომიკამ და კომპლექსურ მოვლენებთან დაკავშირებულმა სხვა დისციპლინებმა უნდა ახსნას, რაოდენობრივი მონაცემების მხრივ შეზღუდულია და შეიძლება მნიშვნელოვან მონაცემებს არც შეიცავდეს. ფიზიკურ მეცნიერებაში საერთოდ დაშვებულია, და ალბათ სამართლიანადაც, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დაკვირვების ობიექტს განსაზღვრავს, თვითონვე დაკვირვებას ექვემდებარება და იზომება. მაგრამ ისეთი კომპლექსური ფენომენის კვლევისას როგორიც ბაზარია, რომელიც მრავალი ადამიანის მოქმედებაზეა დამოკიდებული, ყველა იმ გარემოების სრულად გამოკვლევა და გაზომვა, რამაც შედეგი უნდა განსაზღვროს, ძნელია, იმ მიზეზების გამო, რასაც მოგვიანებით აგიხსნით. ფიზიკურ მეცნიერებაში მკვლევარს შეუძლია გაზომოს ის, რაც prima facie თეორიის საფუძველზე მნიშვნელოვნად მიაჩნია, ხოლო სოციალურ მეცნიერებაში ხშირად მნიშვნელოვნად ის მიაჩნიათ, რის გაზომვაც შეუძლიათ. ამის გამო ზოგჯერ მოითხოვენ, რომ ჩვენი თეორიები მხოლოდ გაზომვადი სიდიდეების აღმნიშვნელი ტერმინებით ჩამოყალიბდეს.

ვერ უარვყოფთ, რომ ასეთი მოთხოვნა საკმაოდ ხელოვნურად ზღუდავს იმ ფაქტორებს, რაც რეალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენათა შესაძლო მიზეზებად უნდა დავუშვათ. ამ თვალსაზრისს ერთობ პარადოქსული შედეგები მოსდევს. ხშირად საკმაოდ გულუბრყვილოდ მიიჩნევენ, თითქოს ამას სამეცნიერო პროცედურა მოითხოვდეს. რასაკვირველია, ბაზარსა და სხვა სოციალურ სტრუქტურებთან მიმართებაში ძალიან ბევრი ისეთი ფაქტორია, რის გაზომვაც არ შეგვიძლია და რაზედაც მართლაც ძალიან გაურკვეველი და ზოგადი ინფორმაცია გაგვაჩნია. რაკი ამ ფაქტორების შედეგები ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში რაოდენობრივი ფაქტებით არ დასტურდება, მათ უბრალოდ უგულებელყოფენ ისინი, ვისაც დასაშვებად მხოლოდ ის მიაჩნიათ, რასაც მეცნიერულ ფაქტორად განიხილავენ. შესაბამისად, იმ ილუზიამდე მიდიან, რომ ერთადერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რის გაზომვაც შეუძლიათ.

მაგალითად, ერთობლივ მოთხოვნასა და სრულ დასაქმებას შორის თანაფარდობა შეიძლება მხოლოდ მიახლოებითი იყოს, მაგრამ რადგან ეს ერთადერთი თანაფარდობაა, რომლის რიცხობრივი მონაცემებიც გაგვაჩნია, მას ერთადერთ მნიშვნელოვან მიზეზობრივ კავშირად მიიჩნევენ. ამ სტანდარტებით შეიძლება მცდარი თეორიისთვის უფრო უკეთესი „მეცნიერული“ ფაქტები არსებობდეს და ის უფრო „მეცნიერულად“ მიიჩნიონ, ხოლო სამართლიანი ახსნა უკუაგდონ იმის გამო, რომ საკმარისი რიცხობრივი მონაცემები არ არსებობს.

მოკლედ აგიხსნით, თუ რა მიმაჩნია მასობრივი უმუშევრობის ნამდვილ მიზეზად და რატომ ვერ აღმოიფხვრება ის ამჟამად მოდური ახალი თეორიით რეკომენდებული ინფლაციური პოლიტიკით. მე ვფიქრობ, ნამდვილ ახნას ის განსხვავება გვაჩვენებს, რაც სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნილების განაწილებასა და მუშახელისა და სხვა რესურსების ამ პროდუქციის წარმოებაში განაწილებას შორის არსებობს. ჩვენ საკმაოდ კარგი „ხარისხობრივი“ ინფორმაცია გაგვაჩნია იმ ძალების შესახებ, რითაც ეკონომიკური სისტემის სხვადასხვა სექტორში მოთხოვნა-მიწოდებას შორის შესაბამისობა მყარდება, აგრეთვე იმ პირობების შესახებ, რა პირობებშიც ის მიიღწევა და იმ ფაქტორების შესახებ, რომელიც თითქოს ამას უშლის ხელს. ამ პროცესის აღწერაში თითოეული საფეხური ყოველდღიურ გამოცდილებაზეა აგებული და ცოტა თუ შეეცდება, რომ ამ არგუმენტების სარწმუნოდ ფაქტობრივი ვარაუდების სამართლიანობა ან მათგან მიღებული დასკვნების ლოგიკურობა იკითხოს. საფუძველი გვაქვს დავიჯეროთ – უმუშევრობა მართლა იმაზე მიუთითებს, რომ ფარდობითი ფასებისა და ხელფასების სტრუქტურა დაირღვა (ჩვეულებრივ, მონოპოლისტური ან მთავრობის ფიქსირებული ფასებით) და ყველა სექტორში მუშახელის მოთხოვნა-მიწოდების წონასწორობის აღსადგენად ფარდობითი ფასების ცვლილება და მუშახელის გადანაწილებაა საჭირო.

მაგრამ, როდესაც ფასებისა და ხელფასების კონკრეტული სტრუქტურები შეთავაზებული პროდუქციისა და მომსახურების ერთგვაროვანი უწყვეტი გასაღების უზრუნველსაყოფად რაოდენობრივ მონაცემებს გვთხოვს, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ასეთ ინფორმაციას არ ვფლობთ. სხვა სიტყვებით, ჩვენ ზოგადად ვიცით ის პირობები, რაშიც თავისით წარმოიქმნება ის მდგომარეობა, რასაც მცდარად წონასწორობას ვუწოდებთ: მაგრამ თუ ასეთ წონასწორობას ბაზარი განაპირობებს, ფასებისა და ხელფასების კონკრეტული განაკვეთები ვერ გვეცოდინება. მხოლოდ იმის თქმას შევძლებთ, თუ რა პირობებში შეიძლება ბაზარზე იმ ფასებისა და ხელფასების დამკვიდრებას ველოდოთ, რაზედაც მოთხოვნილება მიწოდებას გაუტოლდება. მაგრამ იმ სტატისტიკურ მონაცემებს ვერ გამოვიყვანთ, რომელიც აჩვენებს, აწეული ფასები რამდენად არის გადახრილი იმ ფასებისგან, რასაც არსებული მუშახელის ერთგვაროვანი უწყვეტი გასაღების უზრუნველყოფა შეუძლია. უმუშევრობის მიზეზების ასეთი ახსნა ემპირიულ თეორიას წარმოადგენს იმ გაგებით, რომ ის შეიძლება არასწორი აღმოჩნდეს, მაგ., თუ ფულის მუდმივი მიწოდების შედეგად ხელფასების საერთო დონის ზრდამ უმუშევრობა არ გამოიწვია, რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს თეორია ხელფასების დონის ზუსტი სიდიდის განსაზღვრაში ან მუშახელის მოსალოდნელ განაწილებასთან მიმართებაში პროგნოზის მისაღებად გამოგვადგება.

მაგრამ ეკონომიკაში რატომ უნდა ვითხოვდეთ ისეთი ფაქტების იგნორირებას, რის შესახებაც ფიზიკაში მეცნიერისგან უთუოდ ზუსტ ინფორმაციას მოელიან? ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ისინი, ვინც ფიზიკური მეცნიერების მაგალითით არიან მოხიბლული, ამ მდგომარეობას ძალიან არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ და მტკიცებულების იმ სტანდარტებს მოითხოვენ, რასაც იქ ხედავენ. საქმის ასეთ ვითარებას ის ფაქტი განაპირობებს, რომ, როგორც უკვე მოკლედ აღვნიშნე, სოციალური მეცნიერებები, ბიოლოგიის მსგავსად, მაგრამ ფიზიკურ მეცნიერებათა უმრავლესობისგან განსხვავებით, მნიშვნელოვან კომპლექსურ სტრუქტურებს ეხება, ე.ი., იმ სტრუქტურებს, რომელთა დამახასიათებელი თვისებები შეიძლება მხოლოდ იმ მოდელებით გამოვლინდეს, რომელიც ცვლადების დიდ რიცხვებთან მიმართებაშია აგებული. მაგალითად, კონკურენცია ისეთი პროცესია, რომელიც კონკრეტულ შედეგებს მხოლოდ მაშინ იძლევა, თუ მასში ადამიანთა საკმაოდ დიდი რაოდენობა მონაწილეობს.

ზოგიერთ სფეროში, კერძოდ ფიზიკაში, სადაც მსგავსი პრობლემები წარმოიშობა, ცალკეული ელემენტის შესახებ სპეციფიკური ინფორმაციის ნაცვლად ფარდობითი სიხშირის ან ალბათობის მონაცემების გამოყენებით სირთულეების აღმოფხვრა შესაძლებელია. მაგრამ ეს მხოლოდ იქ გამოდგება, სადაც „კომპლექსური არაორგანიზებულობის ფენომენთან“ გვაქვს საქმე, როგორც დოქტორ უორენ უივერდმა (როკფელერის ფონდი) უწოდა „ორგანიზებული კომპლექსის ფენომენისგან“ განსასხვავებლად, რასაც სოციალურ მცნიერებებში ვხვდებით2. კომპლექსური ორგანიზებულობა გულისხმობს, რომ სტრუქტურათა ხასიათი არა მარტო მისი შემადგენელი ცალკეული ელემენტების თვისებების იმ სიხშირეზეა დამოკიდებული, რა სიხშირითაც ის ხდება, არამედ იმაზეც, თუ როგორ არის ცალკეული ელემენტები ერთმანეთთან დაკავშირებული. ამიტომ, თუ ჩვენს თეორიას კონკრეტული პროგნოზისთვის გამოვიყენებთ, შეგვიძლია თითოეული მოვლენის შემთხვევაში ასეთი სტრუქტურების მუშაობის აღწერისას ინფორმაცია ცალკეული ელემენტების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით კი არ შევცვალოთ, არამედ თითოეული ელემენტის შესახებ სრული ინფორმაცია მოვითხოვოთ. ასეთი სპეციფიკური ინფორმაციის გარეშე მხოლოდ იმ პროგნოზებით ვიქნებით შემოზღუდული, რასაც სხვა შემთხვევაში, უბრალოდ მოდელურ პროგნოზებს დავარქმევდი – პროგნოზებს ზოგიერთი ზოგადი მახასიათებლის შესახებ, რაც თავისით წარმოიშობა, მაგრამ სტრუქტურის შემადგენელი ცალკეული ელემენტების შესახებ სპეციფიკურ მონაცემებს არ შეიცავს3.

ეს ჭეშმარიტად აისახება კონკრეტულად ჩვენს თეორიებში, რომელიც იმ ფარდობითი ფასებისა და ხელფასების სისტემის განსაზღვრას ითვალისწინებს, რაც კარგად ფუნქციონირებად ბაზარზე თავისით წარმოიშობა. ფასებისა და ხელფასების განსაზღვრაზე ის კონკრეტული ინფორმაცია ახდენს გავლენას, რასაც საბაზრო პროცესის ყველა მონაწილე ფლობს (ზოგიერთი ფაქტი, რაც შეიძლება მეცნიერ-დამკვირვებლის ან სხვა რომელიმე მოაზროვნისთვის ნაცნობი არ იყოს). საბაზრო სისტემის უპირატესობის საფუძველი და იმის მიზეზი, თუ მუდამ ის რატომ ცვლის სხვა ტიპის სისტემას, როდესაც მთავრობის ძალაუფლება ვერ ახშობს მას, ის არის, რომ აქ რესურსების განაწილების შედეგად კონკრეტული ფაქტების შესახებ ხალხში გაფანტული ინფორმაციის უმეტესი ნაწილის გამოყენება მანამდე ხდება, ვიდრე რომელიმე ადამიანი დაეუფლება. ამის გამო, ჩვენ, თეორეტიკოს მეცნიერებს, ასეთი სისტემის ყველა დეტერმინანტი ვერ გვეცოდინება და, შესაბამისად, ვერც ის, თუ ფასებისა და ხელფასების რომელ კონკრეტულ სტრუქტურაზე გაუტოლდება მოთხოვნა მიწოდებას. ამიტომ, ვერც ამ სისტემის ცვალებადობის გაზომვას შევძლებთ და ვერც სტატისტიკური მონაცემებით დავამტკიცებთ ჩვენს თეორიას, რომ ფასებისა და ხელფასების „წონასწორობის“ სისტემიდან გადახრის გამო შეუძლებელი ხდება ზოგიერთი პროდუქციისა და მომსახურების იმ ფასად გაყიდვა, რა ფასადაც სთავაზობენ.

ვიდრე ჩემს უშუალო თემაზე საუბარს გავაგრძელებდე, ანუ ყველაფერ იმაზე, რაც ახლანდელი დასაქმების პოლიტიკაზე ახდენს ზეგავლენას, უფლება მომეცით უფრო კონკრეტულად განვმარტო ჩვენი ციფრობრივი სიდიდეების ცოდნისთვის დამახასიათებელი არასრულყოფილება, რასაც ასე ხშირად უგულებელყოფენ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ისეთი შთაბეჭდილება არ მოვახდინო, თითქოს საერთოდ უარს ვამბობდე ეკონომიკაში მათემატიკური მეთოდის გამოყენებაზე. სინამდვილეში, უაღრესად ხელსაყრელად მიმაჩნია, რომ მათემატიკური ტექნიკა ალგებრული განტოლებებით იმ მოდელების ზოგადი ხასიათის აღწერის საშუალებასაც კი იძლევა, რომელთა დამახასიათებელი ციფრობრივი სიდიდეები უცნობია. ამ ალგებრული ტექნიკის გარეშე ალბათ ვერ მივაღწევდით ბაზრის სხვადასხვა მოვლენათა ურთიერთდამოკიდებულების სრული სურათის დანახვას. მაგრამ ამან ის ილუზია შეგვიქმნა, რომ შეგვიძლია ეს ტექნიკა ამ სიდიდეების რიცხვითი მნიშვნელობების დასადგენად და პროგნოზისთვის გამოვიყენოთ, რამაც რაოდენობრივ და რიცხობრივ მუდმივათა ამაო ძიება დაგვაწყებინა. ეს იმ ფაქტის მიუხედავად მოხდა, რომ მათემატიკური ეკონომიკის თანამედროვე ფუძემდებლებს ასეთი ილუზია არ ჰქონიათ. უნდა ითქვას, რომ მათი განტოლებათა სისტემები, რომელიც ბაზრის წონასწორობის მოდელს აღწერს, ისეა შედგენილი, რომ აბსტრაქტული ფორმულის ყოველი ცარიელი ადგილის შევსება რომ შეგვეძლოს, ე.ი., იმ განტოლებათა ყველა პარამეტრი რომ ვიცოდეთ, ყველა გასაყიდი საქონლისა და მომსახურების გამოთვლას შევძლებდით. მაგრამ, როგორც ამ თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ვილფრედო პარეტო ამტკიცებს, არ შეიძლება ამ თეორიის მიზანი „ფასების ციფრობრივ გამოთვლამდე დავიდეს“, რადგან, როგორც ის ამბობს, „აბსურდი“ იქნება დავუშვათ, რომ ჩვენ ყველა მონაცემის დადგენას შევძლებთ4. ფაქტობრივად, თანამედროვე მათემატიკური ეკონომიკის შესანიშნავი წინამორბედები, მეთექვსმეტე საუკუნის სწავლულები უკვე ხედავდნენ სწორ მოსაზრებას. ისინი ყურადღებას იმაზე ამახვილებდნენ, რომ ის, რასაც ისინი მათემატიკურ ფასს pretium mathematicum-ს უწოდებდნენ, იმდენ კონკრეტულ გარემოებაზე იყო დამოკიდებული, რომ ღმერთის გარდა ვერავინ გაიგებდა5. ხშირად ვნატრობ, რომ ჩვენი მათემატიკოს-ეკონომისტები ამ საკითხს სერიოზულად მოეკიდნენ. უნდა ვაღიარო, მაინც ვეჭვობ, რომ გაზომვადი სიდიდეების ძიებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკური ფენომენის თეორიულ გაგებაში. იმ გამართლებას ვერ დავეთანხმები, რომ კვლევის ეს სფერო ჯერ ძალიან ახალგაზრდაა: სერ უილიამ პეტი, ეკონომეტრიკის ფუძემდებელი, ბოლოს და ბოლოს სერ ისააკ ნიუტონის უფროსი კოლეგა იყო სამეფო სამეცნიერო საზოგადოებაში!

შეიძლება, ისეთი შემთხვევა ბევრი არ ყოფილა, რომ ეკონომიკის სფეროში რეალური ზიანი მოეტანოს იმ უსაფუძვლო რწმენას, თითქოს მხოლოდ გაზომვადი სიდიდეებია მნიშვნელოვანი, მაგრამ ამჟამინდელი ინფლაციიის და უმუშევრობის პრობლემა ძალიან სერიოზული რამ არის. ამის შედეგი იყო, რომ ეკონომისტთა მეცნიერულად განწყობილმა უმრავლესობამ უგულებელყო ის, რაც, ალბათ, მასიური უმუშევრობის ნამდვილი მიზეზია, რადგან გაზომვად სიდიდეებს შორის ურთიერთდამოკიდებულება პირდაპირ ხილული ფაქტებით ვერ დადასტურდა და მხოლოდ და მხოლოდ რაოდენობრივად გაზომვად ზედაპირულ მოვლენებზე ყურადღების გამახვილებამ ისეთი პოლიტიკა წარმოშვა, რამაც საქმე გააუარესა.

რასაკვირველია, უნდა ვაღიაროთ, რომ ის თეორია, რაც მე უმუშევრობის ჭეშმარიტ ახსნად მიმაჩნია, ერთგვარად შეზღუდულია, რადგან ისეთი მოვლენების მხოლოდ ძალიან ზოგადი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომელსაც მოცემულ ვითარებაში უნდა მოველოდეთ. მაგრამ უფრო ამბიციურ კონსტრუქციებს პოლიტიკაზე სახარბიელო გავლენა არ მოუხდენია და, უნდა ვაღიარო, რომ ჭეშმარიტი, მაგრამ არასრულყოფილი ცოდნა მირჩევნია, თუნდაც ის ბევრ რამეს გაურკვეველს და არაპროგნოზირებადს ტოვებდეს, ვიდრე ერთი შეხედვით ზუსტი, მაგრამ მცდარი ცოდნა. როგორც ახლანდელი შემთხვევა გვიჩვენებს, ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ მცდარი თეორიების აღიარებულ სამეცნიერო სტანდარტებთან აშკარა შეთავსებადობის დაჯერებას, შეიძლება, სამწუხარო შედეგები მოჰყვეს.

ფაქტობრივად, განხილულ შემთხვევაში სწორედ ის საზომი, რაც გაბატონებულმა „მაკროეკონომიკურმა“ თეორიამ უმუშევრობის რეცეპტად შემოგვთავაზა, სახელდობრ, მთლიანი მოთხოვნილების გაზრდა, რესურსების დიდი უთანასწორო განაწილების მიზეზი გახდა, რაც, ალბათ, მოგვიანებით გარდაუვალს გახდის ფართომასშტაბიან უმუშევრობას. ეკონომიკური სისტემის წერტილებში დამატებითი რაოდენობის ფულის უწყვეტი შეტანა, სადაც ის დროებით მოთხოვნას წარმოშობს, მაშინვე შეწყდება, როგორც კი ფულის რაოდენობის ზრდა შეჩერდება ან შენელდება. ამავე დროს, ფასების უწყვეტი ზრდის მოლოდინს მუშახელი და სხვა რესურსები ისეთი სამუშაოსკენ მიჰყავს, რაც მხოლოდ იმდენ ხანს გრძელდება, რამდენ ხანსაც ფულის რაოდენობის ზრდა – ან შეიძლება იმდენ ხანს, სანამ ზრდის ტემპი არ აჩქარდება. ამ პოლიტიკამ ისეთი დასაქმების დონე კი არ წარმოშვა, რაც სხვა გზით ვერ მოხერხდებოდა, არამედ დასაქმების ისეთი განაწილება მოახდინა, რასაც უსასრულოდ ვერ შევინარჩუნებთ და, რაც ცოტა ხანში მხოლოდ ინფლაციის ისეთი დონით შენარჩუნდება, რასაც მთელი ეკონომიკური საქმიანობის სწრაფი რღვევა მოჰყვება. ფაქტია, მცდარმა თეორიულმა თვალსაზრისმა ისეთ უიმედო მდგომარეობაში ჩაგვაგდო, რომ მასიური უმუშევრობის ხელახლა გაჩენას თავიდან ვერ ავიცილებთ; უმუშევრობა განზრახ კი არ არის გამოწვეული ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით, როგორც ხშირად არასწორად ქადაგებენ, არამედ წარსულის მცდარი პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია, რომელიც მაშინვე დაიწყება, როგორც კი ინფლაციის ზრდა შენელდება.

ახლა თავი დავანებოთ ამ უშუალოდ პრაქტიკული მნიშვნელობის პრობლემებს, რაც უმთავრესად იმ მნიშვნელოვანი შედეგების საილუსტრაციოდ გაგაცანით, რაც ფილოსოფიური მეცნიერების აბსტრაქტულ პრობლემებთან დაკავშირებულ შეცდომებს შეიძლება მოჰყვეს. ხანგრძლივ საშიშროებათა წარმოშობის ასეთივე შემაშფოთებელი საფუძველი არსებობს უფრო დიდ სფეროში იმ მტკიცებულებებზე ბრმად დათანხმებით, რომელიც გარეგნულად მეცნიერული ჩანს, ისევე, როგორც იმ პრობლემებთან მიმართებაში იყო, რაზედაც ახლა ვისაუბრე. ის, რაც ამ მწვავე მაგალითით მსურდა მეჩვენებინა, რასაკვირველია, ჩემს სფეროს ეხება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ზოგადად მეცნიერებაშიც ხშირად უკიდურესად არამეცნიერულია ის, რაც გარეგნულად მეცნიერული მეთოდების უმრავლესობას ჰგავს. ამას გარდა, ამ სფეროებში არსებობს აშკარა საზღვრები, რის მიღწევასაც ამ მეცნიერებისგან მოველით. ეს იმას ნიშნავს, რომ მეცნიერებას თუ იმაზე მეტს მივანდობთ ვიდრე მეცნიერული მეთოდით მიიღწევა, მაგ., მეცნიერულ პრინციპებზე აგებული საგანგებო ზედამხედველობის სისტემის დამკვიდრებას, ეს შეიძლება სამწუხარო შედეგებით დასრულდეს. დღეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პროგრესმა იმდენად გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, რომ, რასაკვირველია, დაუჯერებელი იქნება ნებისმიერი მოსაზრება რაიმე საზღვრის არსებობის შესახებ. ასეთ მოსაზრებას განსაკუთრებით ისინი გაუწევენ წინააღმდეგობას, ვინც იმედოვნებს, რომ საზოგადოებრივ პროცესებში გამოყენებული პროგნოზირებისა და კონტროლის მზარდი შესაძლებლობა, რომელიც ზოგადად მეცნიერების წინსვლის დამახასიათებელ შედეგად განიხილება, მალე შესაძლებლობას მოგვცემს საზოგადოება მთლიანად ჩვენი სურვილისამებრ ჩამოვაყალიბოთ. უნდა ითქვას, რომ ფიზიკის აღმოჩენები აღტაცებას იწვევს, ხოლო ის, რასაც საზოგადოების შესწავლით ვიგებთ, უმეტესად საპირისპიროდ მოქმედებს ჩვენს მისწრაფებებზე; და, ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი პროფესიის ახალგაზრდა იმპულსური წარმომადგენლები ხშირად ამას ვერ ეგუებიან. მაგრამ მეცნიერების შეუზღუდავი შესაძლებლობებისადმი რწმენა ძალიან ხშირად იმ ცრურწმენას ეყრდნობა, რომ მეცნიერული მეთოდი მზა მეთოდოლოგიის გამოყენებას გულისხმობს, და თითქოს ყველა სოციალური პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ რაიმე სამზარეულო რეცეპტის დაცვა იყოს საჭირო. ზოგჯერ გვეჩვენება, თითქოს მეცნიერული ტექნოლოგია უფრო იოლად ისწავლება, ვიდრე აზროვნება, რაც გვიჩვენებს, რა პრობლემები არსებობს და როგორ მივუდგეთ მათ.

საზოგადოებაში არსებული განწყობილება იმის შესახებ, რასაც ის მეცნიერების მიღწევებისგან მოელის, მეცნიერების რეალურ შესაძლებლობებს ეწინააღმდეგება, რაც სერიოზულ საკითხს წარმოადგენს, რადგან, შეიძლება ჭეშმარიტი მეცნიერები იმ ზღვრებს აღიარებდნენ, რის მიღწევაც მათ შეუძლიათ ადამიანთა საქმიანობის სფეროში. მაგრამ, საზოგადოება უფრო მეტს მოელის, და ამიტომ, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც თავს მოაჩვენებს თითქოს სჯერა (ან, შეიძლება მართლაც სჯერა), რომ იმაზე მეტის გაკეთება შეუძლია ხალხის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ვიდრე რეალურად არის შესაძლებელი. ხშირად საკმაოდ ძნელია ექსპერტისთვის და, რასაკვირველია, მრავალ შემთხვევაში არაპროფესიონალისთვისაც, მეცნიერების სახელით წამოყენებულ კანონიერ და არაკანონიერ განცხადებას შორის განსხვავების დანახვა. ერთგვარ შეშფოთებას იწვევს ის მოსალოდნელი ზიანი, რაც შეიძლება მეცნიერების პრესტიჟს მიაყენოს იმ ფაქტმა, რომ ახლახან მეცნიერების სახელით მედიამ უზარმაზარი რეკლამა გაუწია რეპორტაჟს „ეკონომიკური ზრდის საზღვრები“ და იმავე მედიამ ხმა არ ამოიღო იმ უსაშველო კრიტიკაზე, რაც ამ რეპორტაჟმა დაიმსახურა კომპეტენტური ექსპერტების მხრიდან6. მაგრამ არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ ადამიანის საქმიანობის სხვა მეცნიერული მიმართულებების სახელითაც გაისმის შორს გამიზნული განცხადებები და სპონტანური პროცესების „ადამიანის შეგნებული მართვის პროცესებით“ შეცვლის სურვილი. თუ არ ვცდები, ფსიქოლოგიის, ფსიქიატრიის და სოციოლოგიის სხვა დარგებისთვის, ე.წ. ფილოსოფიის ისტორიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კიდევ უფრო მეტად არის დამახასიათებელი მეცნიერული ცრურწმენები, როგორც მე ვუწოდე, და არასწორი განცხადებები მეცნიერების შესაძლებლობების შესახებ.7

მეცნიერების რეპუტაცია რომ დავიცვათ და ხელი შევუშალოთ ფიზიკასთან გარეგნულ მსგავსებაზე დაფუძნებული ცოდნის მითვისებას, დიდი ძალისხმევა უნდა მივმართოთ იქით, რომ ასეთი ფაქტები გამოვააშკარაოთ, რაც ახლა ზოგიერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერესის საგნად იქცა. არ შეიძლება მადლიერი არ ვიყოთ ისეთი თანამედროვე ფილოსოფოსის, როგორიც კარლ პოპერია, იმის გამო, რომ მან ტესტი მოგვაწოდა, რაც საშუალებას იძლევა განვასხვავოთ, თუ რა შეიძლება მივიღოთ მეცნიერებად და რა არა – ტესტი, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი ფართოდ აღიარებული დოქტრინა ვერ გაივლის. მაგრამ არსებობს ზოგიერთი განსაკუთრებული პრობლემა იმ არსებითად კომპლექსურ მოვლენებთან მიმართებაში, რომელთაგან სოციალური სტრუქტურები ასე მნიშვნელოვანია, რამაც სურვილი აღმიძრა დასკვნაში კიდევ ერთხელ, უფრო ზოგადი ცნებებით ჩამოვაყალიბო არა მარტო ამ დარგების სპეციფიკური მოვლენების პროგნოზირებისას არსებული განსაკუთრებული დაბრკოლებების მიზეზები, არამედ ისიც, თუ რა საჭიროა ისეთი მოქმედება, თითქოს ჩვენი მეცნიერული ცოდნა ამ დაბრკოლებების გადალახვის საშუალებას გვაძლევდეს, რაც შეიძლება თვითონვე იქცეს ადამიანის ინტელექტის განვითარების სერიოზულ დაბრკოლებად.

მთავარია, გვახსოვდეს, რომ ფიზიკის სწრაფი წინსვლა ისეთი მიმართულებით მოხდა, სადაც შესაძლებელი გახდა ახსნა და პროგნოზი იმ კანონებზე დამყარებულიყო, რომელიც დასაკვირვებელ მოვლენას ხსნიდა, როგორც შედარებით მცირე ცვლადების ფუნქციას (ან კონკრეტული ფაქტები, ან მოვლენათა ფარდობითი სიხშირე). ეს შეიძლება საგანგებო მიზეზიც კი იყოს იმისა, თუ რატომ გამოვყოფთ ამ სფეროს, როგორც „ფიზიკურს“ უფრო მაღალორგანიზებული სტრუქტურების საპირისპიროდ, რომელსაც მე, არსებითად, კომპლექსური ფენომენი ვუწოდე. არ არსებობს არავითარი საფუძველი, რატომ უნდა იყოს ამ უკანასკნელში იგივე მდგომარეობა, როგორც წინაში. ამ მოვლენების ასახსნელად თეორიების ჩამოყალიბება სირთულეს არ წარმოადგენს, როგორც ეს შეიძლება თავიდან მოგვეჩვენოს, თუმცა ისინიც განსაკუთრებულ სირთულეებს უქმნიან შემოთავაზებული თეორიების ტესტირებას და, ამდენად, ცუდი თეორიების გამორიცხვის შესაძლებლობასაც. ეს კი იმ მთავარი პრობლემით არის განპირობებული, რომელიც ჩვენი თეორიების რეალურ სამყაროში გამოყენებისას ნებისმიერ კონკრეტულ ვითარებაში წარმოიშობა. არსებითად, კომპლექსური ფენომენის თეორია კონკრეტული ფაქტების დიდ რაოდენობას უნდა ეხებოდეს; მისგან პროგნოზის მისაღებად ან მისი ტესტირებისთვის კი, ყველა ეს კონკრეტული ფაქტი უნდა შევაფასოთ. როდესაც ამას შევასრულებთ, რთული არ იქნება ტესტირებადი პროგნოზების მიღება – თანამედროვე კომპიუტერების დახმარებით ამ მონაცემების შეტანა თეორეტიკული დოქტრინისნებისმიერ შესაბამის ფორმულარზე და პროგნოზირება საკმაოდ იოლია. რეალური სირთულე, რომლის გადაჭრაშიც მეცნიერებას ნაკლები წვლილი მიუძღვის, და რომელთა გადაჭრაც ზოგჯერ მართლაც შეუძლებელია, კონკრეტული ფაქტების შეფასებაში მდგომარეობს.

ამ სირთულის ხასიათს ერთი მარტივი მაგალითი დაგვანახვებს. დავუშვათ, რამდენიმე, დაახლოებით ერთნაირი უნარის მქონე ადამიანი ბურთს თამაშობს. თუ თითოეული მოთამაშის უნარის შესახებ ინფორმაციის გარდა, დამატებით რამდენიმე კონკრეტული ფაქტი გვეცოდინება, მაგალითად, მათი ყურადღებიანობა, გამჭრიახობა და გულის, ფილტვების, კუნთების და ა.შ. მდგომარეობა თამაშის ყოველ მომენტში, მაშინ, ალბათ, შედეგების პროგნოზირებასაც შევძლებთ. მართლაც, თუ ჩვენთვის ნაცნობი იქნება თამაშიც და გუნდებიც, ალბათ გონივრული წარმოდგენა გვექნება იმის შესახებ, რაზედაც შედეგი იქნება დამოკიდებული. მაგრამ, რასაკვირველია, ჩვენ იმ ფაქტების შეფასებას ვერ შევძლებთ და, აქედან გამომდინარე, თამაშის შედეგი მეცნიერული პროგნოზირების ფარგლებს მიღმა დარჩება, რაც არ უნდა კარგად ვიცოდეთ, თუ რა გავლენას მოახდენს თამაშის შედეგზე კონკრეტული მოვლენები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავითარი პროგნოზი არ გვექნება თამაშის მიმდინარეობის შესახებ. თუ თამაშის სხვა წესები გვეცოდინება, ძალიან მალე მივხვდებით, თუ რა სახის თამაშია, რა მოქმდებებს უნდა მოველოდეთ და რას არა. მაგრამ ჩვენი პროგნოზირების უნარი მოსალოდნელი მოვლენების ასეთი ზოგადი მახასიათებლებით შემოიფარგლება და რომლიმე კონკრეტული მოვლენის პროგნოზირების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

ეს პროგნოზირების უბრალო მოდელს შეესაბამება, რაზედაც დიდად ვართ მიჯაჭვული, რადგან ისეთი სფეროდან ვაღწევთ, სადაც მთელ რიგ მოვლენათა შორის შედარებით მარტივი კანონები ჭარბობს, რომელთა შორის კომპლექსური ორგანიზება გამოირჩევა. რაც უფრო წინ მივიწევთ, უფრო ხშირად აღმოვაჩენთ, რომ, ფაქტობრივად, ყველა კონკრეტული გარემოების დადგენა კი არ შეგვიძლია, რაც მოცემული პროცესის შედეგს განსაზღვრავს, არამედ მხოლოდ ზოგიერთის; შესაბამისად, მოსალოდნელი შედეგის ყველა თვისების განვჭვრეტას კი ვერ შევძლებთ, არამედ მხოლოდ ზოგიერთის. ხშირად აღმოჩნდება, რომ ყველაფერი, რის პროგნოზირებაც შეგვიძლია, მხოლოდ ამ მოდელის ერთგვარი აბსტრაქტული მახასიათებელია – ურთიერთდამოკიდებულება სხვადასხვა ელემენტებს შორის, რომელთა შესახებაც კონკრეტულად ძალიან ცოტა რამ ვიცით. მაგრამ, მსურს კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მაინც მივიღებთ ისეთ პროგნოზებს, რის გაყალბებაც შესაძლებელია და ამიტომ ემპირიული მნიშვნელობისაა.

რასაკვირველია, ისეთ ზუსტ პროგნოზებთან შედარებით, რასაც ფიზიკამ შეგვაჩვია, ასეთი მარტივი სახის პროგნოზები ვერ დაგვაკმაყოფილებს. მაგრამ მინდა იმ საშიშროების შესახებ გაგაფრთხილოთ, რაც სწორედ იმ მოსაზრებას მოსდევს, რომ მეცნიერების პრეტენზია მხოლოდ მეტის მიღწევით შეიძლება გვქონდეს. ეს თაღლითური სიცრუეა და უარესიც. ალბათ დიდი ზიანის მომტანი იქნება იმ რწმენის საფუძველზე ქმედება, თითქოს ისეთ ცოდნას და შესაძლებლობებს ვფლობდეთ, რომ საზოგადოებრივი პროცესების მთლიანად ჩვენი სურვილისამებრ ჩამოყალიბების საშუალება გვქონდეს, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ფიზიკაში შეუძლებელის გაკეთების მცდელობას შეიძლება ნაკლები წინააღმდეგობა ჰქონდეს; იქნებ, ხელი არც უნდა შევუშალოთ ზედმეტად თავდაჯერებულ ადამიანებს, რადგან შეიძლება ბოლოს და ბოლოს მათმა ექსპერიმენტმა რაიმე ახალი თვალსაზრისი წარმოშვას. მაგრამ სოციალურ სფეროში ზოგიერთი შესაძლებლობის გამოყენების სასარგებლო შედეგების შესახებ მცდარი რწმენა, ალბათ ახალი სახის ძალაუფლებამდე მიგვიყვანს, რომელიც ადამიანებს, უფლებამოსილების მისთვის გადაცემას აიძულებს. თუნდაც ასეთი შესაძლებლობა თავისთავად ცუდი არ იყოს, მისი გამოყენება ალბათ ხელს შეუშლის იმ სპონტანური მარეგულირებელი ძალების მოქმედებას, რაც გაცნობიერების გარეშეც ადამიანს მიზნების მიღწევაში დიდ ფაქტობრივ დახმარებას უწევს. მხოლოდ ახლა ვიწყებთ ჩვენ იმის გაგებას, თუ მოწინავე სამრეწველო საზოგადოების მუშაობა რა ფარულ საკომუნიკაციო სისტემას ეყრდნობა – საკომუნიკაციო სისტემას, რომელსაც ჩვენ ბაზარს ვუწოდებთ და რომელიც უფრო ეფექტიანი მექანიზმი აღმოჩნდა გაფანტული ინფორმაციის სისტემატიზაციისთვის, ვიდრე ოდესმე ადამიანს წინასწარ დაუგეგმავს. თუ არ გვინდა, რომ სოციალური წყობის გაუმჯობესების მცდელობამ ზიანი უფრო მეტი მოიტანოს, ვიდრე სიკეთე, უნდა გავიგოთ, რომ ამ და ყველა სხვა სფეროში, სადაც კომპლექსური ორგანიზებულობა ჭარბობს, ვერ შევძლებთ ისეთი სრულყოფილი ცოდნის შეძენას, რაც მოვლენებზე გავლენას შესაძლებელს გახდის. ამიტომ, ის ცოდნა, რის შეძენასაც შევძლებთ, იმისთვის კი არ უნდა გამოვიყენოთ, რომ შედეგები ხელოსნის ნაკეთობასავით ჩამოვაყალიბოთ, არამედ შესაფერისი გარემო უნდა შევქმნათ განვითარებისთვის ისე, როგორც მებაღე ზრუნავს თავის მცენარეებზე. არსებობს შესაძლებლობის ზრდის გადაჭარბებულად შეფასების საშიშროება, რამაც ფიზიკური მეცნიერების წინსვლას საფრთხე შეუქმნა, და რაც, ადრინდელი კომუნიზმისთვის დამახასიათებელი ფრაზა რომ ვიხმაროთ, „წარმატებისგან გაბრუებულ“ ადამიანს სურვილს აღუძრავს, რომ არა მარტო ბუნება დაიმორჩილოს, არამედ ადამიანიც თავის ნებას დაუქვემდებაროს. სინამდვილეში, მკვლევარს მისი ცოდნის საზღვრების გაცნობიერება საზოგადოების გაკვეთილის მორჩილებას უნდა ასწავლიდეს, რამაც ის იმისაგან უნდა დაიცვას, რომ საზოგადოების კონტროლისადმი ფატალური მისწრაფების თანამონაწილე არ გახდეს – იმ მისწრაფების, რაც მას არა მარტო თავისი მეგობრების ტირანად აქცევს, არამედ, შეიძლება, იმ ცივილიზაციის გამანადგურებლადაც აქციოს, რომელიც არც ერთ გონებას არ დაუგეგმავს, მაგრამ, რომელიც მილიონობით ადამიანის თავისუფალმა ნებამ წარმოშვა.

______________________

1. „Scientism and the Study of Society“, Economica, vol. IX, no. 35, August 1942, reprint: The Counter-Revolution of Science, Glencoe, Ill., 1952,. 15.

2. Warren Weaver, „A Quarter Century in the Natural Sciences“, The Rockefeller Foundation Annual Report 1958, chapter I, „Science and Complexity“.

3. F. A. Hayek. „The Theory of Complex Phenomena“. The Critical Approach to Science and Philosophy. Essays in Honor of K.R. Popper, ed. M. Bunge, New York 1964, reprint: Studies in Philosophy, Politics and Economics, London and Chicago 1967.

4. V. Pareto, Manuel d’économie politique, 2nd. ed., Paris 1927, pp. 223-4.

5. იხ. Luis Molina, De iustitia et iure, Cologne 1596-1600, tom. II, disp. 347, no. 3, da Johannes de Lugo, Disputationum de iustitia et iure tomus secundus, Lyon 1642, disp. 26, sect. 4, no. 40.

6. იხ. The Limits to Growth: A Report of the Club of Rome’s Project on the Predicament of Mankind, New York 1972; cf. Wilfred Beckerman, In Defence of Economic Growth, London 1974; Gottfried Haberler, Economic Growth and Stability, Los Angeles 1974..

7. F. A. Hayek. Die Irrtümer des Konstruktivismus und die Grundlagen legitimer Kritik gesellschaftlicher Gebilde, Munich 1970.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s