გერმანიის ეკონომიკური „სასწაული”

made-in-germany

დევიდ რ. ჰენდერსონი
გამოქვეყნდა 1993 წელს

კალიფორნიის ქ. სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი და ქ. მონტერეიში არსებული უმაღლესი საზღვაო სკოლის ეკონომიკის ასოცირებული პროფესორი. მთავარი ეკონომისტი პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოში. ენციკლოპედიის რედაქტორი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ეკონომიკა პრაქტიკულად დანგრეული იყო. ომმა, ჰიტლერის დედამიწის გადაწვის პოლიტიკის მიხედვით, მთელი შენობების 20 პროცენტი გაანადგურა. 1947 წელს ერთეულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციის რაოდენობა 1938 წლის დონის მხოლოდ 51 პროცენტი იყო. საოკუპაციო ძალების მიერ დაწესებული საკვების ოფიციალური რაციონი შეადგენდა 1,040 და 1,550 კალორიას დღეში. 1947 წელს სამრეწველო წარმოების შედეგები 1938 წლის მაჩვენებლის მხოლოდ მესამედი იყო. გარდა ამისა, შრომისუნარიანი გერმანელი მამაკაცების დიდი ნაწილი დაიხოცა. ექსპერტებს კი მიაჩნდათ, რომ გერმანია აშშს კეთილდღეობის სახელმწიფოს სარჩენი გახდებოდა. მაგრამ, ოცი წლის შემდეგ გერმანიის ეკონომიკა მსოფლიოს უდიდესი ნაწილის შურს იწვევდა. ხოლო ომიდან ათ წელზე უფრო ნაკლები დროის შემდეგ ხალხი უკვე გერმანიის ეკონომიკურ სასწაულზე ლაპარაკობდა.

რამ გამოიწვია ეს ე.წ. სასწაული? ამის მიზეზი ორი ძირითადი ფაქტორი გახდა: სავალუტო რეფორმა და ფასების კონტროლის გაუქმება, ორივე მოხდა 1948 წელს, სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში. შემდეგი ფაქტორი 1948 და 1949 წლებში გადასახადების ზღვრული დონის მნიშვნელოვანი დაწევა იყო.

ცვლილებებამდე

1948 წლამდე, 12 წლის განმავლობაში, გერმანელი ხალხი ფასების კონტროლის პირობებში ცხოვრობდა. ასეთი რეჟიმი მათ 1936 წელს ადოლფ ჰიტლერმა დაუწესა, ამ გზით მის მთავრობას საბრძოლო მასალების ხელოვნურად დაბალ ფასებში შეძენა შეეძლო (რუზველტმა და ჩერჩილმა ასევე დააწესეს ფასებზე კონტროლი). 1945 წლის ნოემბერში მოკავშირეთა საოკუპაციო ადმინისტრაციამ, რომელიც შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის და საბჭოთა კავშირისაგან იყო დაკომპლექტებული, ჰიტლერის მიერ დაწესებული ფასების კონტროლის შენარჩუნება გადაწყვიტა.

ყოველი მოკავშირე სახელმწიფო გერმანიის ტერიტორიის განსაზღვრულ „ზონას” აკონტროლებდა. 1948 წელს შეერთებული შტატების ზონაში კონტროლირებულ ფასებში დათვლილი ცხოვრების ღირებულების ინდექსი 1938 წლის ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ 31 პროცენტი იყო. ჯერ კიდევ 1947 წელს, გერმანიის ეკონომიკაში არსებული ფულის რაოდენობა – ნაღდ ვალუტას დამატებული დანაზოგები მოთხოვნაზე – 1936 წლის მაჩვენებელთან შედარებით ხუთჯერ იყო გაზრდილი. ფულის მასის მკვეთრი ზრდა, ნაწილობრივ გაზრდილ ფასებთან ერთად, დეფიციტის მიზეზი გახდა.

საკვებზე ფასების კონტროლმა წარმოქმნა დეფიციტი, შედეგად ქალაქებში მცხოვრებთა გარკვეულმა ნაწილმა თავად დაიწყო საკვების მოყვანა, ხოლო ნაწილი დასვენების დღეებში სოფლებისკენ მიეშურებოდა, რომ ბარტერული გაცვლის გზით პროდუქტები მოეპოვებინა. იელის უნივერსიტეტის ეკონომისტი ჰენრი ვოლიკი (ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი მმართველი) 1955 წელს გამოცემულ წიგნში სახელწოდებით „გერმანიის აღორძინების მამოძრავებელი ძალები”, წერდა:

„ყოველდღე, განსაკუთრებით კი დასვენების დღეებში, ადამიანების უზარმაზარი ნაკადი მიემართებოდა სოფლებისკენ გლეხებისგან საკვების მოსაპოვებლად ბარტერული გაცვლის გზით. მწყობრიდან ნახევრადგამოსული რკინიგზის ვაგონებში, საიდანაც ყველაფერი კარგა ხნის მოპარული იყო, მშიერი ადამიანები მგზავრობდნენ სახურავებით და გვერდითა საფეხურებითაც, ზოგჯერ გადიოდნენ ასობით მილს იმ ადგილისკენ, სადაც მცირეოდენი საკვების შოვნის იმედი ჰქონდათ. მათ მიჰქონდათ თავიანთი ნივთები: პირადი საგნები, ძველი ტანსაცმელი, ავეჯის ნაწილები, დაბომბილი სახლებიდან გადარჩენილი ნივთები და უკან მცირე რაოდენობის კარტოფილით ბრუნდებოდნენ, რომელიც მათ ერთი ან ორი კვირა უნდა ემყოფინათ.“

ბარტერი ფართოდ იყო გავრცელებული ასევე ბიზნესგარიგებებში და უმეტეს ფირმებში ახალი სამუშაო ადგილიც კი შეიქმნა სახელწოდებით „კომპენსატორი”. კომპენსატორი იყო სპეციალისტი, რომელიც ბარტერით ცვლიდა ფირმის პროდუქტს საჭირო ნედლეულზე და ამის განსახორციელებლად მრავალჯერად გარაგებებში უწევდა ჩაბმა. 1947 წლის სექტემბერში აშშს სამხედრო ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ ბრიტანულამერიკულ ზონაში ყველა ბიზნესგარიგების მესამედიდან ნახევრამდე ბარტერის ფორმით ხორციელდებოდა.

ბარტერი ძალიან არაეფექტური ფორმა იყო პროდუქტის და მომსახურების ფულით პირდაპირ ყიდვასთან შედარებით. გერმანელი ეკონომისტი უოლტერ ოიკენი ამბობდა, რომ ბარტერი და თვითკმარობა შეუთავსებელი იყვო შრომის ექსტენსიურ დანაწილებასთან. ის წერდა: „ეკონომიკური სისტემა დაქვეითებულია პრიმიტიულ დონემდე”. ამას ციფრებიც ადასტურებს. 1948 წლის მარტში ბრიტანულამერიკული ზონის პროდუქცია 1936 წლის ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ 51 პროცენტს შეადგენდა.

დებატები

ოიკენი გერმანიის ფრაიბურგის უნივერსიტეტში დაფუძნებული ეკონომიკური აზროვნების სკოლის ლიდერი იყო. სკოლას „Soziate Marktwirtschaft“, ანუ „სოციალურად პასუხისმგებელი თავისუფალი ბაზარი” (სადღეისოდ უფრო გავრცელებულია ტერმინი „სოციალური საბაზრო ეკონომიკა”. რედ. შენიშ.) ერქვა. ამ სკოლის წარმომადგენლებს სძულდათ ტოტალიტარიზმი და ჰიტლერის რეჟიმის დროს, გარკვეული რისკის ქვეშ, პროპაგანდირებდნენ თავიანთ შეხედულებებს. ჰენრი ვოლიში წერდა: “ნაციზმის პერიოდში სკოლა წარმოადგენდა ინტელექტუალური წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც მოითხოვდა უზარმაზარ პიროვნულ სიძლიერეს ისევე, როგორც აზროვნების დამოუკიდებლობას”. სკოლის წევრებს სჯეროდათ თავისუფალი ბაზრის, საზოგადოების თანხმობით საშემოსავლო გადასახადის უმნიშვნელო ზრდის უმტკივნეულობისა და სახელმწიფოს მიერ მონოპოლიების შეზღუდვის აუცილებლობის (ომამდე კარტელები გერმანიაში აბსოლუტურად ლეგალური იყო). სოციალურად პასუხისმგებელი ბაზრის იდეა ძალიან მოსწონდათ ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენლებსაც, რომლის იმედის მომცემ წევრებს მილთონ ფრიდმენსა და ჯორჯ სტიგლერს ასევე სჯეროდათ თავისუფალი ბაზრის უდიდესი მნიშვნელობის, საგადასახადო სისტემის მეშვეობით სახელმწიფოს მიერ მცირედ გადანაწილებისა და მონოპოლიების აღსაკვეთად ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის აუცილებლობის.

ამ ეკონომიკური სკოლის წევრები იყვნენ ვილჰელმ რიოპკე და ლუდვიგ ერჰარდი. ომის შემდგომი ეკონომიკური ქაოსის აღმოსაფხვრელად რიოპკე ფასებზე კონტროლის გაუქმებასა და ფულად რეფორმას, ანუ ფულის გარკვეული რაოდენობის საქონლის გარკვეულ რაოდენობასთან შესაბამისობის აუცილებლობას ემხრობოდა, იგი ფიქრობდა, რომ ეს ორივე აუცილებელი იყო ინფლაციის აღსაკვეთად. ფულად რეფორმას წერტილი უნდა დაესვა ინფლაციისთვის. ფასების კონტროლის გაუქმებას უნდა დაესრულებინა რეპრესია.

ლუდვიგ ერჰარდი ეთანხმებოდა რიოპკეს. ერჰარდმა თავისი ხედვის დასაფიქსირებლად ჯერ კიდევ ომის დროს დაწერა მემორანდუმი საბაზრო ეკონომიკის შესახებ. მისი მემორანდუმიდან ჩანდა რომ მას ნაცისტების დამარცხება სურდა.

დებატებში მეორე მხარეს სოციალდემოკრატიული პარტია (სდპ) წარმოადგენდა, მას სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურდა. სდპს მთავარმა ეკონომიკურმა იდეოლოგმა დრ. კრეისიგმა, 1948 წლის ივნისში გამოაცხადა, რომ ფასების და ფულის რეფორმა არ იქნებოდა წარმატებული. ის მხარს უჭერდა ცენტრალური ხელისუფლების კურსის ცვლილებას. სდპს ეთანხმებოდნენ ასევე პროფკავშირების ლიდერები, ბრიტანეთის საოკუპაციო ადმინისტრაცია, გერმანელი მწარმოებლების უმრავლესობა და ამერიკული ადმინისტრაციის გარკვეული ნაწილი.

ცვლილებები

დებატებში ლუდვიგ ერჰარდმა გაიმარჯვა. რადგანაც მოკავშირეებს გერმანიის ახალ მთავრობაში არანაცისტების ხილვა სურდათ, ამიტომაც ერჰარდი, რომლის ანტინაცისტური შეხედულებები ცხადი იყო, 1945 წელს ბავარიის ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. 1947 წელს ის გახდა ბრიტანულამერიკული ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი და, შესაბამისად, აშშს ზონის სამხედრო მმართველის, აშშ გენერლის, ლუციუს დ. კლეის მრჩეველი. ერჰარდი ფულად რეფორმასა და ფასების გამოთავისუფლებას უწევდა პროპაგანდას. მას შემდეგ, რაც რუსეთი მოკავშირეთა მაკონტროლებელი საბჭოდან გამოვიდა, კლეიმ, მის ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად, 1948 წლის 20 ივნისს, კვირას, ფულადი რეფორმა გაატარა. ძირითადი იდეა რაიხს მარკის უფრო ცოტა რაოდენობის სხვა ლეგალური ვალუტით შეცვლაში მდგომარეობდა – ახალ ვალუტას გერმანული მარკა ეწოდებოდა. ამის შემდეგ, ფულის მიწოდება მნიშვნელოვნად შეიზღუდებოდა და კონტროლირებული ფასების პირობებშიც კი, გერმანულ მარკებში ნაკლები დეფიციტი იყო მოსალოდნელი. ფულადი რეფორმა უაღრესად კომპლექსური იყო. უამრავ ადამიანს, რომელსაც ის შეეხო, წმინდა აქტივები მნიშვნელოვნად შეუმცირდა. საერთო მასშტაბით ფულის მიწოდება დაახლოებით 93 პროცენტით შეიზღუდა.

იმავე კვირა დღეს გერმანული ბრიტანულამერიკული ეკონომიკის საბჭომ, ლუდვიგ ერჰარდის დაჟინებული თხოვნითა და სოციალდემოკრატების წევრების საწინააღმდეგოდ, ფასების გათავისუფლების დადგენილება გამოსცა. ეს კანონი ერჰარდს ფასებზე კონტროლის გაუქმების უფლებას აძლევდა.

ერჰარდს საკმაოდ „მხიარული” ზაფხული ჰქონდა. ნიუიორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის ეკონომისტი კლოპსტოკი წერდა, 1948 წლის ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე „დადგენილებას მოჰყვა ფასების, რესურსების განაწილებისა და რაციონის რეგულირების გაუქმება.”

ბოსტნეული, ხილი, კვერცხი და თითქმის ყველა სამომხმარებლო პროდუქტი კონტროლისგან სრულიად გათავისუფლდა, ხოლო სხვა პროდუქტებზე საკონტროლო ფასების ზედა ზღვარმა მნიშვნელოვნად აიწია. მალე შემორჩენილი რეგულირებებიც გაუქმდა. ერჰარდის სლოგანი იყო „უსაქმოდ ნუ იჯდები — გააუქმე რამე!”.

ფულად რეფორმასა და ფასების გამოთავისუფლებასთან ერთად, მთავრობამ ასევე საგრძნობლად შეამცირა საგადასახადო განაკვეთი. ახალგაზრდა ეკონომისტმა ვოლტერ ჰელერმა, რომელიც იმ დროს გერმანიაში აშშს სამხედრო შტაბში მუშაობდა, ხოლო შემდეგ პრეზიდენტ კენედის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა, 1949 წლის რეფორმებს სტატია მიუძღვნა. იგი წერდა: ექსტრემალურად მაღალი განაკვეთების დამთრგუნველი ეფექტის აღსაკვეთად, სამხედრო მთავრობის ¹64ე დადგენილებამ, ფულადი რეფორმის პარალელურად, გერმანიაში არსებული გადასახადების დიდი ნაწილი გააუქმა. კორპორატიული საშემოსავლო გადასახადი (მოგების გადასახადი), რომელიც პროგრესული იყო და 35დან 65 პროცენტმდე იცვლებოდა, წრფივი გახდა და 50 პროცენტს გაუტოლდა. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადის უმაღლესი განაკვეთი 95 პროცენტი დარჩა, იგი მხოლოდ 250 000 გერმანული მარკის ზემოთ წლიურ შემოსავალზე ვრცელდებოდა. კონტრასტისთვის, 1946 წელს მოკავშირეებმა 60 000 რაიხს მარკის ზემოთ (დაახლოებით 6 000 გერმანული მარკა) შემოსავლები 95 პროცენტით დაბეგრეს. 1950 წელს საშუალო შემოსავლების მქონე გერმანელისთვის, რომლის წლიური შემოსავალი 2 400 გერმანულ მარკაზე ოდნავ მეტი იყო, ზღვრული საშემოსავლო გადასახადი 18 პროცენტი იყო. იგივე ადამიანი, რომელიც 1948 წელს ეკვივალენტ თანხას რაიხს მარკებში იღებდა, 85 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით იბეგრებოდა.

შემდეგ

ამ ყველაფერმა გერმანიის ეკონომიკაზე კატალიზატორის ეფექტი მოახდინა. ვოლიში წერდა: „ქვეყნის სული უეცრად შეიცვალა. უღიმღამო, მშიერი, მკვდრების მსგავსი ფიგურები, რომლებიც ქუჩაში ლუკმაპურის მოსაპოვებლად მათხოვრობდნენ — ცხოვრებას დაუბრუნდნენ”.

21 ივნისს, ორშაბათს, მაღაზიების დახლები სავსე იყო პროდუქციით და ხალხი მიხვდა რომ ახალ ფულს ბევრად უფრო მეტი ღირებულება გააჩნდა, ვიდრე ძველს. ვოლტერ ჰელერი წერდა: რეფორმებმა „სწრაფად აღადგინეს ფული, როგორც გადახდის უპირატესი საშუალება და სავალუტო სტიმულები, როგორც ეკონომიკური აქტივობის წარმმართველი ძალა”.

აბსენტიზმი (უარის თქმა ვალდებულებების შესრულებაზე – მთარგმნელის შენიშვნა) ასევე დაძლეული იყო. 1948 წლის მაისში მუშები სამსახურს კვირის განმავლობაში საშუალოდ 9,5 საათით აცდენდნენ, რაც ნაწილობრივ იმით იყო გამოწვეული, რომ ისინი მეტად არ აფასებდნენ მათ მიერ გამომუშავებულ ფულს და ნაწილობრივ იმითაც, რომ მათ პროდუქტის საშოვნელად ან ბარტერით გასაცვლელად უწევდათ გასვლა. ოქტომბრისთვის აბსენტიზმმა კვირის განმავლობაში საშუალოდ 4,2 საათამდე დაიწია. 1948 წლის ივნისში ბრიტანულამერიკული ზონის ინდუსტრიული პროდუქციის ინდექსი 1936 წლის ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ 51 პროცენტი იყო. დეკემბრისთვის ინდექსი გაიზარდა 78 პროცენტმდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინდუსტრიული პროდუქცია 50 პროცენტზე მეტით გაიზარდა.

1948 წლის შემდეგ წარმოება განაგრძობდა ნახტომისებურად ზრდას. 1958 წლისთვის სამრეწველო წარმოების წლიური მაჩვენებელი ოთხჯერ გაიზარდა 1948 წელს ჩატარებული ფულის რეფორმამდე ექვსი თვის პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, საწარმოო პროდუქცია ერთ სულ მოსახლეზე სამჯერ გაიზარდა.

რადგან ერჰარდის იდეები მუშაობდა, ახალი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის პირველმა კანცლერმა კონრად ადენაუერმა ის გერმანიის ეკონომიკის მინისტრად დანიშნა. ამ თანამდებობაზე იგი 1963 წლამდე იყო, იქამდე სანამ თავად არ დაიკავა კანცლერის პოსტი, რომელზეც 1966 წლამდე იმყოფებოდა.

მარშალის გეგმა

აღნიშნულ ანგარიშში ჯერ არ იყო ნახსენები მარშალის გეგმა. შეიძლება გერმანიის აღორძინება ძირითადად მას რომ მივაწეროთ? პასუხია – არა. მიზეზი მარტივია: მარშალის გეგმის მიხედვით, გერმანიისთვის გაწეული ფინანსური დახმარება არცთუ ისე დიდი იყო. 1954 წლის ოქტომბრამდე ჯამური დახმარება მარშალის გეგმიდან და სხვა დახმარების პროგრამებიდან 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 1948 და 1949 წლებშიც კი, როცა დახმარებების რაოდენობა პიკს აღწევდა, მარშალის გეგმის დახმარება გერმანიის ნაციონალური შემოსავლის 5 პროცენტზე ნაკლებ თანხას შეადგენდა. სხვა ქვეყნებს, რომლებმაც მარშალის გეგმის მიხედვით დახმარების უფრო დიდი წილი მიიღეს, უფრო დაბალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ, ვიდრე გერმანიას.

გარდა ამისა, როდესაც გერმანია დახმარებებს იღებდა, იგი იხდიდა რეპარაციულ და აღდგენით გადასახდელებს, რომლებიც 1 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენდა. დასასრულ, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მოკავშირეებმა გერმანელებს ყოველწლიურად 7,2 მილიარდი გერმანული მარკის ოდენობით (2,4 მილიარდი დოლარი) გადასახადი დაუწესეს, მათ მიერ გერმანიაში განლაგებული საოკუპაციო ძალების ხარჯის ანაზღაურების სახით (რა თქმა უნდა, ეს საოკუპაციო ხარჯები გულისხმობდა იმას, რომ გერმანიას საკუთარ თავდაცვაზე ხარჯები არ ესაჭიროებოდა).

დასკვნა

ის, რაც ზოგიერთ ექსპერტს სასწაულად მიაჩნია, ნამდვილად არ იყო სასწაული. ასეთ შედეგს ლუდვიგ ერჰარდი და ფრაიბურგის სკოლის სხვა წარმომადგენლებიც ელოდნენ. მათ ესმოდათ, რომ ინფლაციას, ფასების კონტროლსა და მაღალ გადასახადებს დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, ხოლო მაღალი პროდუქტიულობის მიღწევა ინფლაციის შეჩერებით, ფასების კონტროლის აღკვეთით და მაღალი გადასახადების ზღვრული განაკვეთის შემცირებითაა შესაძლებელი.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s