რა დაემართა შვედეთს?

swedish-flag-290x215

ნილსერიკ სენდბერგი
გამოქვეყნდა 1997 წელს

შვედეთის ყოველდღიური წამყვანი გაზეთის „Dagens Nyheter” სარედაქციო წერილების ავტორი და ეკონომიკური საკითხებისადმი მიძღვნილი ოცამდე წიგნის თანაავტორი.

ერთ დროს ორი, ერთმანეთის მსგავსი, ძალიან პატარა ქვეყანა არსებობდა. ორივე ქვეყანა ორივე მსოფლიო ომს გადაურჩა; მრავალი საუკუნის მანძილზე ორივე დამოუკიდებელი იყო; ორივეს ერთნაირი, სხვა ქვეყნებისგან გამორჩეული, სამრეწველო სტრუქტურა ჰქონდა და იქ განლაგებული კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიები მხოლოდ მაღალხარისხოვან პროდუქციას უშვებდნენ.

ამ ორ ქვეყანას შორის ერთადერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ბუნებრივი სიმდიდრეები იყო. ერთი მადნეულის საბადოებს, ხეტყისა და ჰიდროენერგორესურსების დიდ მარაგს ფლობდა, მეორეს კი პატარა, სულ რამდენიმე ძროხის სამყოფი საძოვრის გარდა არაფერი გააჩნდა, მოსახლეობას მხოლოდ ბეჯითი შრომითა და გამჭრიახობით გაჰქონდა თავი.

შვედეთისა და შვეიცარიის შედარებიდან აშკარად ჩანს, რომ 1970 წლიდან შვედეთის ეკონომიკაში რაღაც შეიცვალა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ორივე ქვეყანა მშვენიერ მდგომარეობაში იყო. ორივემ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა იმ თვალსაზრისით, რომ საომარ მოქმედებებში უშუალოდ არ ჩართულან და მეომარ მხარეებთან აქტიურ ვაჭრობას აწარმოებდნენ. 1945 წელს შვედეთისა და შვეიცარიის სამრეწველო სტრუქტურები სრულ წესრიგში იყო და დანგრეული ევროპის რეკონსტრუქციისთვის მარშალის გეგმით გამოყოფილი თანხით შექმნილი ხელსაყრელი ბაზრის ასათვისებლად ემზადებოდნენ. ბუნებრივი სიმდიდრის გამო შვედეთს აშკარა უპირატესობა გააჩნდა.

ორივე ქვეყანას მრეწველობის თითქმის ერთნაირი სტრუქტურა ჰქონდა _ დიდი საერთაშორისო კომპანიების საკმაოდ ფართო ქსელი. განსხვავება ის იყო, რომ შვედეთის მრეწველობა უმეტესად წარმოების ისეთ საშუალებებზე ამახვილებდა ყურადღებას, რომელიც ევროპის ქვეყნების აღორძინებას ესაჭიროებოდა. შვედეთის ეკონომიკას არასდროს ჰქონია ისეთი ბრწყინვალე სასტარტო პირობები, როგორც 1945 წელს.

ომის შემდეგ შვეიცარიული ფრანკის ღირებულება 0.9 შვედურ კრონას უდრიდა. დღეს კი (1997 წლის ივნისი) მისი ღირებულება 5.65 შვედური კრონაა. 1970 წელს შვედეთი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების რეიტინგულ სიაში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მესამე ადგილზე იყო, შვეიცარია კი მეორეზე და ახლაც იმავე ადგილზეა, მაგრამ შვედეთი მე-17 ადგილზე ჩამოქვეითდა. შვეიცარიის მიმდინარე ანგარიშები ყოველწლიურად დადებითი სალდოთი ხასიათდება, შევედეთის კი 1965 წლიდან განუხრელად დეფიციტურია.

კორპორაცია ABB-ს ეკონომისტებმა ამ ორი ქვეყნის მიერ ბოლო 25 წლის მანძილზე წარმოებული თითო კილოგრამი ექსპორტის ფასები შეადარეს. ხვედრითი ღირებულება ასე განისაზღვრა: ერთი კილოგრამი ჯართი ღირს 0.5 შვედური კრონა, ერთი კილოგრამი საჰაერო ხომალდი 10 000 შვედური კრონა. ბოლო 25 წლის მანძილზე შვეიცარიის საექსპორტო ფასები ისე გაიზარდა, რომ ექსპორტის 90 პროცენტმა წინა საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბა. შევედური ექსპორტის საფასო სტრუქტურა კი არსებითად უცვლელი დარჩა, გარდა ორი მნიშვნელოვანი გამონაკლისისა: ერიქსონის მობილური ტელეფონები და ასტრას მედიკამენტები.

შვეიცარიას ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს დასავლეთ ევროპაში, შვედეთს კი ერთერთი ყველაზე მაღალი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1985 წელს საპროცენტო განაკვეთის კონტროლი გაუქმდა.

სამოციანი წლებიდან გადასახადები და სახელმწიფო ხარჯები შვედეთში უფრო სწრაფად გაიზარდა ვიდრე სადმე სხვაგან. ახლა გადასახადები მშპს 55 პროცენტს შეადგენს, სახელმწიფო ხარჯები კი 65 პროცენტს ასცდა. იგივე მონაცემები შვეიცარიაში შესაბამისად 33 და 37 პროცენტია.

1973-77 წლებში შვედეთი ევროკავშირის სავალუტო სისტემის მონაწილე იყო. იქ რამდენჯერმე მოხდა დევალვაცია და 1976 წლის შემდეგ შვედური კრონა თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა. შვეიცარიას მცოცავი სავალუტო კურსი აქვს და მისი ვალუტა სხვა ქვეყნების ვალუტასთან მიმართებაში გამუდმებით მყარდება. 1963-95 წლებში შვეიცარიიის ინფლაცია შვედეთის ინფლაციის 40 პროცენტს შეადგენდა.

მაგრამ შვეიცარიას ისეთი ხელსაყრელი პირობები არ აქვს, როგორც შვედეთს. პირიქით, შვედეთს უფრო ერთგვაროვანი მოსახლეობა ჰყავს და, რაც მთავარია, დიდძალი ბუნებრივი სიმდიდრე და გრძელი სანაპირო ზოლი გააჩნია (საზღვაო ფრახტი უფრო იაფია ვიდრე სახმელეთო).

თუ ძლიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და დიდი სახელმწიფო სექტორი რაიმე უპირატესობას ნიშნავს, შვედეთი უაღრესად მდიდარი უნდა იყოს, შვეიცარია კი ჩამორჩენილი, რადგან 1521 წლიდან მოყოლებული (მას შემდეგ, რაც ძალაუფლება გუსტავ ვასამ აიღო ხელში) შვედეთს მუდმივად უაღრესად ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლება ჰყავდა და დროთა განმავლობაში იქ გაცილებით დიდი სახელმწიფო სექტორი ჩამოყალიბდა ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანაში. მეორე მხრივ, შვეიცარიას ძალიან სუსტი ცენტრალური მთავრობა და მცირე სახელმწიფო სექტორი გააჩნია. რეფერენდუმის სისტემა უმცირესობათა დაცვას უზრუნველყოფს და ადგილობრივთა აზრს ითვალისწინებს.

შვედეთისა და შვეიცარიის შედარება ცხადყოფს, რომ სამოციანი წლების ბოლოდან შვედეთის ეკონომიკამ (შვედეთის პოლიტიკამაც) სერიოზული ცვლილება განიცადა. ამ სტატიაში შევეცდებით ავხსნათ რა მოხდა და რატომ.

II. დაწყება დაგვაგვიანდა

„შუალედური გზა” – მშვენიერი კომპრომისი საბჭოურ ცენტრალიზებულ მმართველობასა და ამერიკულ კაპიტალიზმს შორის – ასე დაახასიათა შვედეთი ამერიკელმა ჟურნალისტმა მარკის ჩაილდსმა 1936 წელს გამოქვეყნებულ ამავე სახელწოდების წიგნში. თუმცა ეს დახასიათება არც შვედეთის ინდუსტრიალიზაციის დასაწყისს შეესაბამება და არც 1970-იანი წლების შემდგომ პერიოდს.

მრეწველობის განვითარება შვედეთში გვიან დაიწყო. მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებიდან ერთობლივი სააქციო საზოგადოებების, მეწარმეობის სრული თავისუფლებისა და თავისუფალი საკრედიტო ბაზრის შესახებ მთელი რიგი კანონები მიიღეს, რასაც მრეწველობის განვითარება მოჰყვა. შვედების გამჭრიახობისა და რაციონალურობის საფუძველზე მთელი რიგი საწარმოები გაიხსნა. ეს იყო მეწარმეობის აყვავების ხანა. 1892-1911 წლებში კერძო პირების მიერ გახსნილი თერთმეტი საწარმო მოგვიანებით მსხვილ საერთაშორისო კორპორაციებად იქცა: Sandvik, Nobel, Atlas Copco, SCA, Ericsson, Alfa Laval, Munksjö, Facit, Bahco, SKF, AGA, ASEA, Electrolux, STAB, SAAB.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შვედეთში მხოლოდ ოთხი დიდი კომპანია დაარსდა: IKEA, TetraPak, Gambro და Hennes & Mauritz.. ამ სამი ნოვატორული კომპანიიდან ორი შვედეთიდან წავიდა. ნოვატორული კომპანიები სწრაფად გაიზარდა და მალე საერთაშორისო კომპანიებად იქცა. ეს, რასაკვირველია, იმით იყო განპირობებული, რომ შვედეთის ბაზარი ძალიან პატარა იყო, რადგან საშუალო ოჯახური შემოსავალი მსოფლიოს სხვა ქვეყნებისას ვერ შეედრებოდა. მასშტაბური ეკონომიკიდან სრული მოგების მისაღებად კომპანიებს ექსპორტი უნდა ეწარმოებინათ. 1876 წელს დაარსებულმა ერიქსონმა 1900 წელს თავისი პროდუქციის 90 პროცენტი საზღვარგარეთ გაიტანა.

ამავე ფაქტორის გამო სხვა კომპანიებმაც დაიწყეს საზღვარგარეთ სავაჭრო ქსელის შექმნა, მერე კი საწარმოფილიალებიც დააარსეს. დიდი შვედური კორპორაციები მალე საერთაშორისო კომპანიებად იქცნენ, 50 წლით ადრე ვიდრე საერთაშორისო მიმომხილველნი ამ ტერმინს (მულტინატიონალ) გაიგონებდნენ და მის გაგებას (ამაოდ) შეეცდებოდნენ. ამას პარადოქსული, მაგრამ ლოგიკური ახსნა აქვს: შვედეთი ძალიან პატარა იყო და თუ კომპანიებს გაფართოება და მზარდი საერთაშორისო კონკურენციის პირობებში თავის გადარჩენა სურდათ, საზღვარგარეთ უნდა დამკვიდრებულიყვნენ.

მაგრამ საკითხავია, საუკუნეების გასაყარზე რამ გამოიწვია შვედეთში ახალი კომპანიების ასეთი დიდი ნაკადის წარმოშობა? შვედეთს არ გააჩნდა ისეთი უპირატესობანი, როგორიც მაღალგანვითარებული საკრედიტო ბაზარი ან მოწინავე საგანმანათლებლო სისტემაა. პირიქით, იქ სხვა ქვეყნებზე გვიან დაიწყო განვითარება. გარკვეული ტექნიკის იმპორტი, რომლის საშუალებაც მაშინ იყო (თუმცა იმ დროს ამდაგვარ იმპორტს ძალიან მცირე მასშტაბი ჰქონდა), კომპანიების ზრდაგანვითარების მთავარ მიზეზად ვერ გამოდგება.

ამის მიზეზი ნაწილობრივ საგადასახადო სისტემა იყო. პირველ მსოფლიო ომამდე საგადასახადო ტვირთი დაახლოებით 8 პროცენტს უდრიდა. გადასახადებმა ომის დაწყების შემდეგ აიწია, მაგრამ 1920-იან წლებში ის მაინც შემოსავლის მხოლოდ 12-13 პროცენტს შეადგენდა, რაც დღევანდელი ფასებით 4-5 მილიონ შვედურ კრონამდე აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ წარმატებულ საწარმოს შეეძლო თავისი შემოსავლების უდიდესი ნაწილი შეენარჩუნებინა და საკუთრი შეხედულებისამებრ განეკარგა. სხვა სიტყვებით, კომპანიების გახსნის, მუშაობისა და ინვესტირების ძლიერი ეკონომიკური სტიმული არსებობდა.

მეორე მიზეზი ინდუსტრიალიზაციის დაწყება იყო. ახალი ტექნოლოგიების განვითარება ნულიდან იწყებოდა და შედარებით ნელა ვრცელდებოდა. ამიტომ, ადამიანს, რომელსაც იდეა მოუვიდოდა და მას კომერციული მიზნით გამოიყენებდა, დროებით მონოპოლია ჰქონდა მასზე და დიდ ფულს შოულობდა.

ასი წლის მანძილზე, 1870-დან 1970 წლამდე, შვედეთს ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა ვიდრე სხვა ინდუსტრიულ ქვეყნებს. რატომ? ამასთან დაკავშირებით ოთხი ფაქტორი შეიძლება გამოიყოს:

ა) შვედეთში მრეწველობის განვითარება გვიან დაიწყო, ამიტომ, ტექნიკის და, რაც მთავარია, კაპიტალის იმპორტის შესაძლებლობა არსებობდა;

ბ) გამოგონებათა და ნოვატორული იდეების ნაკადი ახლად აღმოჩენილ ენერგიის წყაროს – ელექტროენერგიას უკავშირდებოდა. ბუნებრივი რესურსების, მაგალითად, ჰიდროენერგიის, გამოყენება ახალ ტექნოლოგიებს წარმოშობდა, მათ შორის ერთერთი იყო შვედური სამრეწველო კომპანიის „ASEA”-ს მიერ გამოშვებული მაღალძაბვიანი მუდმივი დენის გადამცემი;

გ) უაღრესად ლიბერალურმა ეკონომიკამ დაბალშემოსავლიანი სოფლის მეურნეობიდან მუშახელის მრეწველობისა და მომსახურების მაღალანაზღაურებად სფეროში მიგრაცია გამოიწვია, რამაც დიდი მანძილებისა და მეჩხერი მოსახლეობის მიუხედავად, მშენებლობასა და ინფრასტრუქტურაში საკმაოდ დიდი ინვესტიციები მიმართა;

დ) შიდა ბაზრის სიმცირის გამო აუცილებელი გახდა ექსპორტის წარმოება და უცხოური კომპანიების გახსნაგაფართოება. მრეწველობის განვითარებამ შვედებს სწრაფად ჩამოუყალიბა სისტემატური აზროვნების სტილი და დიდი, მოქნილი ორგანიზაციების მართვის უნარი, რაც მათი კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვან იარაღად იქცა. მაგალითად, ავიღოთ ოთხი ქვეყანა – შვედეთი, აშშ, საფრანგეთი და (შესაძლოა) რუსეთი; აქედან შვედეთი ყველაზე პატარა ქვეყანაა იმისთვის, რომ საკუთარი სამხედრო ავიაცია განავითაროს.

გარდა ამისა, ორმოცდაათიანსამოციან წლებში დასავლეთ ევროპას შვედეთის მრეწველობა ძირითადად რეკონსტრუქციისთვის საჭირო წარმოების საშუალებებს აწვდიდა. საექსპორტო სექტორი შვედეთში, მოგვიანებით, 1949 წლის აგვისტოში გაიზარდა, ბრიტანეთის მსგავსად, ხოლო შვედურმა კრონამ დოლართან მიმართებაში 30 პროცენტიანი დევალვაცია განიცადა. ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში დევალვაციის საშუალო დონე 15 პროცენტს შეადგენდა. სამრეწველო საქონლის საგარეო ვაჭრობა 1950იანი წლებიდან ყოველწლიურად 8 პროცენტით იზრდებოდა.

III. 1970 წლიდან “შუალედური გზა” დაღმა დაეშვა

1950-იან წლებში შვედეთის საშუალო ზრდის ტემპი 3,4 პროცენტი იყო. 1960-იან წლებში 4,6 პროცენტი, 1970-იან წლებში 2 პროცენტი, 80-იან წლებში კი კიდევ უფრო მცირე.

რატომ?

ალბათ იმიტომ, რომ დასავლეთ ევროპის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის დასრულების გამო შვედეთმა სახარბიელო მდგომარეობა დაკარგა სავაჭრო ბაზარზე. შვედეთმა 1974 და 1980 წლებში ორი ნავთობკრიზისი გამოიარა, თუმცა მათი ზეგავლენა ისე მძიმე არ იყო, როგორც სხვა ქვეყნებში, იაფი ჰიდროენერგიის შედარებით დიდი ხვედრითი წილის გამო.

1970 წლამდე შვედეთი მსოფლიოს სხვა ქვეყნებს თითქმის ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. ის ბრეტონ ვუდსის სავალუტო სისტემის წევრი იყო. მაგრამ 1973 წლიდან, მას შემდეგ, რაც ბრეტონ ვუდსის ხელშეკრულება საბოლოოდ გაუქმდა, შვედეთმა ხელახალი კრიზისი განიცადა. ექვსი წლის მანძილზე, 1976-82 წლებში, ხუთმაგი დევალვაცია მოხდა, რის შედეგადაც კრონას ღირებულება დაახლოებით 45 პროცენტით შემცირდა. მაგრამ შვედეთში ფასები უფრო მკვეთრად იზრდებოდა ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

ბოლოს, 1989 წელს, შვედეთმა ვალუტაზე კონტროლი გააუქმა. საპროცენტო განაკვეთი ახლა საერთაშორისო დონეზე განისაზღვრებოდა, რამაც, ბუნებრივია, საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი რყევა გამოიწვია, რადგან შინ და გარეთ უკვე ყველამ იცოდა, რომ შვედეთში ფასების კრიზისი მაშინვე დევალვაციას გამოიწვევდა. 1992 წელს „რიკსბანკმა” (შვედეთის ცენტრალური ბანკი) ერთი დღით 500 პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთის დაწესებით უიმედო თავდაცვითი ღონისძიებების გატარება სცადა, მაგრამ კრონას სავალუტო კურსის შენარჩუნება ვერ შეძლო. სავალუტო კურსი თავის ნებაზე მიუშვეს და მან მაშინვე 30 პროცენტით დაიწია.

მთლიანად დასავლეთ ევროპამ 1990-იანი წლების დასაწყისში ნამდვილი შოკი განიცადა. ინფლაცია შემცირდა, მაგრამ საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა, ნაწილობრივ გერმანული საპროცენტო განაკვეთის ზრდის გამო, რასაც კვლავ უნიფიცირება მოჰყვა. ისეთ მდიდარ ქვეყანასაც კი, როგორიც დასავლეთ გერმანია იყო, უზარმაზარი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მიერთების შემდეგ სოციალისტური დიქტატურის მიერ განადგურებული მეურნეობისთვის სული შთაებერა.

მაგრამ საპროცენტო განაკვეთი შვედეთში უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რამაც ქონებისა და ფულის ბაზრის გაცილებით მძიმე კრახი გამოიწვია ვიდრე საზღვარგარეთ. ხუთმაგი გაკოტრება მოხდა. უმუშევრობამ მკვეთრად იმატა – დაახლოებით 8 პროცენტამდე. უმუშევრობის შემწეობათა დასაფარად სახელმწიფო ფულს სესხულობდა. ამან სახელმწიფო სექტორის დავალიანების წარმოშობა (ბიუჯეტის დეფიციტი) გამოიწვია, რამაც მშპ-ს 10 პროცენტზე მეტი შეადგინა. ოთხ წელიწადში ეროვნული ვალი გაოთხმაგდა.

შიდა კრიზისი

1970-იანი წლების დასაწყისშიP შვედეთის სახელფასო ხარჯებმა მკვეთრად იმატა. 1973-76 წლებში სამრეწველო ხელფასები 59 პროცენტით გაიზარდა. იმავე პერიოდში რიკსდაგმა, შვედეთის პარლამენტმა სახელფასო ფონდის დაბეგვრა 109 პროცენტით გაზარდა. ამის შემდეგ პრემიერმინისტრმა ოლოფ პალმემ გამოაცხადა, რომ სახელფასო ფონდის დაბეგვრით რიკსდაგმა „საგადასახადო შემოსავლის ახალი წყარო” აღმოაჩინა, მაგრამ ახალი რეფორმებისთვის რიკსდაგს უფრო მეტი ფული სჭირდებოდა.

სამ წელიწადში სახელფასო ხარჯები 80 პროცენტით გაიზარდა. ამ ხარჯებს ფირმები ფასების ზრდით ვერ ინაზღაურებდნენ, რადგან საექსპორტო ფასებს მსოფლიო ბაზარი განსაზღვრავდა, შვედურ კომპანიებს კი ფასების რეგულირებაში წამყვანი როლი არ ჰქონდათ. ამგვარად, კორპორაციული მოგების წყარო გაქრა.

1973 წელს, ბრეტონ ვუდსის ხელშეკრულების საბოლოოდ გაუქმებისას, შვედეთი ევროკავშირის იმდროინდელი წევრი ქვეყნების სავალუტო სისტემის „სნეიკის” ასოცირებული წევრი გახდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ შვედეთს ვალუტის ფიქსირებული კურსი უნდა შეენარჩუნებინა გერმანულ მარკასთან მიმართებაში. სხვა სიტყვებით, პროდუქტიულობის ზრდის მიზნით აწეული სახელფასო ხარჯები შვედეთში უფრო მაღალი არ უნდა ყოფილიყო ვიდრე დასავლეთ გერმანიაში.

საკითხავია, შვედი პოლიტიკოსები ან კომპანიის მმართველები, ან პროფკავშირები თუ ხედავდნენ ამ შეზღუდვის შედეგებს?

1976-81 წლებში შვედეთმა ოთხჯერ მოახდინა დევალვაცია სულ 30 პროცენტით. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მისი საექსპორტო მრეწველობა კვლავ კარგავდა ხვედრით წილს ბაზარზე.

შვედეთის სოცუზრუნველყოფისა და დახმარების პროგრამები ძალიან დიდია, რაც მთლიანად სახელმწიფო შემოსავლიდან ფინანსდება. როდესაც კომპანიები, რომლებიც გადასახადებს ვეღარ იხდიდნენ, წარმოებას ხურავდნენ და მუშებს სამსახურიდან ითხოვდნენ, გადასახადებით მიღებული შემოსავლების არაადეკვატურად იზრდებოდა სახელმწიფო ხარჯები. 1976-81 წლებში სახელმწიფო ხარჯები მშპ 50 პროცენტიდან 60 პროცენტამდე გაიზარდა. მსოფლიო ომში ჩაბმულ ქვეყნებსაც კი არ განუცდიათ სახელმწიფო ხარჯების ასეთი ზრდა.

1970-იანი წლების შუა ხანებში შვედეთის მთავრობამ უცხოური სესხების აღება დაიწყო. ეს ახალი არ იყო. შვედეთი ფულს საზღვარგარეთ XIX საუკუნის ბოლოსაც სესხულობდა, ძირითადად იმისათვის, რომ რკინიგზის მშენებლობა დაეფინანსებინა.

1970-იანი წლების შუა ხანებიდან შვედეთის მთავრობამ დაახლოებით 600 000 მილიონი შვედური კრონა ისესხა საზღვარგარეთ. ეს სესხი რომ ინვესტიციებისთვის ყოფილიყო გამიზნული, როგორც XIX საუკუნეში, მაშინ შვედეთში ინვესტიცია მნიშვნელოვნად დიდი იქნებოდა და შესაბამისად, მისი შედეგიც. მაგრამ, სახელმწიფოს უცხოური ვალების ზრდის კვალობაზე, საინვესტიციო კოეფიციენტი მცირდებოდა: 1975-61 წლების საინვესტიციო კოეფიციენტმა 21-დან 14 პროცენტამდე დაიწია.

კაპიტალის იმპორტისა და ინვესტიციის დაბალი კოეფიციენტები გვაფიქრებინებს, რომ შვედეთის ეკონომიკაში ყველაფერი რიგზე არ იყო. ზრდაგანვითარების ხელშემწყობი მექანიზმი აღარ მოქმედებდა.

ნასესხები 600 მილიონი შვედური მარკა სახელმწიფომ სამი წლის განმავლობაში დახარჯა. მაგრამ შედეგი ის იყო, რომ უმუშევრობა გაიზარდა, ინვესტიციები კი შემცირდა. ერთ მეხუთედზე მეტი შრომისუნარიანი ადამიანი შრომის ბაზრიდან განიდევნა – ზოგი აშკარად უმუშევარი დარჩა, ზოგი დასაქმების სხვადასხვა პროგრამებში ჩაერთო „შრომის ბაზრით გამოწვეული” უმუშევრობის პროგრამის ფარგლებში, ზოგი კი – როგორც ლტოლვილი. ამგვარად, ნამდვილმა უმუშევრობამ, თუ შეიძლება ასე ითქვას, 20 პროცენტს გადააჭარბა.

რა მექანიზმები იწვევს განვითარებული სახელმწიფოს საწარმოო ბაზის ასეთ შესუსტებას?

IV. რას ნიშნავდა სოციალიზმი?

1. პოლიტიკის პრეროგატივა

1932 წელს შვედეთმა სოციალდემოკრატიული მთავრობა აირჩია. მას შემდეგ (1991-94 წლების გარდა) სოციალდემოკრატიული პოლიტიკა განაგებს ქვეყანას და მას თავისი კვალიც დააჩნია. ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შვედეთში პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაზე.

ა) სოციალდემოკრატიული პარტია პროფკავშირულ მოძრაობასთან თანაარსებობს. ორივე ორგანიზაციას არსებითად ერთი და იგივე წევრები ჰყავს და ერთობლივი ინტერესებისთვის იბრძვიან როგორც რიკსდაგში (პარლამენტი), ისე მის გარეთ. პროფკავშირები ფინანსურად უჭერენ მხარს მმართველ პარტიას და საარჩევნო კამპანიის დროს მათი საარჩევნო მექანიზმის ფუნქციას ასრულებენ. სამაგიეროდ, პარტიამ კანონმდემლობის გამოყენებით პროფკავშირებს ყველაზე პრივილეგირებული მნიშვნელობა მიანიჭა. პროფკავშირების მოთხოვნით მმართველმა პარტიამ შემოიღო კანონი, რომელიც დამსაქმებლებთან მიმართებაში პროფკავშირების პოზიციას ამყარებს. საქმე ეხება შვედეთის შრომის კანონმდებლობას. პროფკავშირების აქტიური ქმედების თითქმის უსაზღვრო უფლებები ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილის სახით არის კონსტიტუციაში შეტანილი.

ამ სიმბიოზმა პროფკავშირთა კონფედერაციისა და სოციალდემოკრატიული პარტიის თანავარსკვლავედი (LO-SAP) შექმნა, რომელიც შვედეთის პოლიტიკაში გაბატონებული ძალაა. მეწარმეობა, რომელიც პროფკავშირებთან ვერ რიგდება, შესაძლოა მთავრობასაც დაუპირისპირდეს;

ბ) სოციალდემოკრატიულ პარტიას თითქმის მონოპოლია აქვს საკანონმდებლო ხელისუფლებაზე. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, სოციალდემოკრატებს მკაფიოდ აქვთ წარმოდგენილი როგორი უნდა იყოს საზოგადოება ყოველი მოქალაქისთვის. ლიბერალიზმს პოპერისა და ჰაიეკის თეორიებზე აგებული ღია საზოგადოება სურს, სოციალიზმს კი უკიდურესად ობიექტური განვითარება და ერთხელ და სამუდამოდ გამოკვეთილი და ჩამოყალიბებული საზოგადოება. ფართოდ ჩარევის გზით სოციალდემოკრატიული პარტია თავისი მიზნების შესაბამის ინსტიტუტებს ქმნის ქვეყანაში. ყველა ხვდება, რომ, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, სოციალდემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრობენ;

გ) სოციალდემოკრატია ათწლეულების მანძილზე მონოპოლიას ახორციელებდა, როდესაც ეკონომიკის დაჩქარებული ზრდა მიმდინარეობდა და, მასთან ერთად, ცხოვრების დონისაც. ყოველივე ამის შემდეგ ამ პარტიის პოლიტიკის გამართლება ძალიან ძნელია. 30-იან წლებში შვედური მრეწველობის ასეთი წარმატებით გაფართოების მიზეზი 20-იან წლებში განხორციელებული სწორი რაციონალიზაცია იყო, რომელმაც მას საშუალება მისცა საერთო დეპრესიას ევროპის ყველაზე ეფექტიანი საწარმოო მექანიზმით დახვედროდა. ამას დაემატა მცირე დევალვაცია და 1931 წელს შვედეთის ოქროს სტანდარტის სისტემიდან სხვა ქვეყნებზე ადრე გამოსვლა.

1950-60-იან წლებში შვედეთის ეკონომიკა წარმატებით ვითარდებოდა, რასაც ხელი შეუწყო დასავლეთ ევროპაში საწარმოო საშუალებების ექსპორტმა და მუშახელის სოფლის მეურნეობიდან მრეწველობაში გადასვლით გამოწვეულმა საწარმოო მოგებამ.

მაგრამ, დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის გამო, სოციალდემოკრატია სისტემატურად იწერდა ქულებს. განვითარებას მუდამ მმართველ პარტიას უკავშირებდნენ. აი, ეს არის სოციალდემოკრატიის გაბატონებისა და პოლიტიკური კულტურის ერთგვაროვნების ერთერთი მთავარი მიზეზი. პარტიამ „პრობლემის ფორმულირების პრეროგატივა” მოიპოვა და, რაც მთავარია, პრობლემების გადაჭრის მონოპოლიაც. საარჩევნო დებატებიდან დაწყებული, სასწავლო სახელმძღვანელოებით დამთავრებული, ყველაფერში იგრძნობოდა, რომ საზოგადოების თითქმის ყველა მთავარი პრობლემა პოლიტიკური სექტორის ჩარევით წყდებოდა.

დროთა განმავლობაში ასეთი მენტალიტეტი პარტიის ზოგიერთი ოპონენტისთვისაც მისაღები გახდა. სახელმწიფო სექტორის გაფართოებას შიგადაშიგ წინააღმდეგობა ხვდებოდა. ზოგიერთმა „ოპოზიციურმა” პარტიამ სოციალდემოკრატებს გაასწრო, როდესაც სისტემატურად ითხოვდა ახალი ვალდებულების აღებას „საზოგადოებისგან”, რაშიც ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის უფლებამოსილებების გაზრდა იგულისხმებოდა.

როდესაც სოციალდემოკრატიამ თანასწორობის რადიკალური იდეა წამოაყენა, ოპოზიციამ ყველა მატერიალური სტიმულის გაუქმების ეკონომიკური შედეგები გააკრიტიკა, მაგრამ თვითონ თანასწორობის იდეას, რაც ამ პრინციპს ედო საფუძვლად, ინტელექტუალურად ვერ დაუპირისპირდა.

სოციალდემოკრატიამ შვედეთში პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაზე გავლენის მოხდენა მოახერხა და ყველა პრობლემის გადაჭრის პოლიტიკურ ბერკეტებს დაეუფლა.

2. მარქსის მემკვიდრეობა

სოციალდემოკრატია მარქსის ქმნილებაა. მართალია, თავად რევოლუცია პარტიამ მალევე დაგმო, მაგრამ წარმოების საშუალებების ნაციონალიზაცია დიდხანს რჩებოდა მის მთავარ იდეად, ბოლოს და ბოლოს იდეოლოგიურად მაინც. განახლებულ პროგრამაში, რომელიც პარტიის 1920 წლის კონგრესზე მიიღეს, ნათქვამია „წარმოების საშუალებების კერძოკაპიტალისტური საკუთრების გაუქმების, მასზე საზოგადოებრივი კონტროლის დაწესებისა და მისი საზოგადოების კუთვნილებად გამოცხადების შესახებ, აგრეთვე, არსებული დაუგეგმავი წარმოების საზოგადოების რეალური მოთხოვნილების მიხედვით დაგეგმილი და გაფართოებული პერსპექტიული სოციალისტური წარმოებით შეცვლის” შესახებ.

მაგრამ პარტიამ მალე უკუაგდო სწრაფი ნაციონალიზაციის მოთხოვნა. ამას ორი მიზეზი ჰქონდა, ორივე პრაგმატული.

პარტიაშივე ბევრი თვლიდა, რომ ნაციონალიზაციის განხორციელება იოლი არ იყო.

პარტიას არ ჰქონდა მზა გეგმა, რაც უჩვენებდა, რომ სახელმწიფო ან პროფკავშირები, ან ახალი „საწარმოო საბჭოები” როგორ უნდა გაძღოლოდნენ ბიზნესს და როგორ უნდა დაეგეგმათ წარმოება.

პარტიის შიდა დებატების ერთერთი მთავარი ფიგურა, პარნილს კარლები, მესაკუთრის სხვადასხვა ფუნქციის თანდათან „საზოგადოებაზე” გადატანას მოითხოვდა.

ოფიციალური ნაციონალიზაცია სახიფათო და უადგილო იყო. კანონმდებლობით კაპიტალისტების განიარაღება და მათი საკუთრების ნაწილის დაბეგვრის გზით ჩამორთმევაც შეიძლებოდა. პრაგმატულმა პოლიტიკამ აჯობა. პარტიამ, წმინდა პრაგმატული მიზეზების გამო, უკან წაიღო სრული ნაციონალიზაციის მოთხოვნა. არავითარი პირდაპირი და აშკარა კავშირი სახელმწიფო საკუთრებასა და მაღალ შემოსავლებს შორის არ არსებობდა. თუმცა, ნაციონალიზაციის კონცეფცია იდეოლოგიურად მაინც განაგრძობდა არსებობას.

მაგრამ პრაქტიკული ამოცანები მტკიცე იყო. პარტიის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა წარმოების ისე გაფართოება უახლოეს მომავალში, რომ მუშათა კლასის შემოსავლები გაზრდილიყო. ინდუსტრიალიზაციის პირველ დეკადაში შემოსავალები უკიდურესად არათანაბრად ნაწილდებოდა. მართალია, ხალხის სოფლის მეურნეობიდან მრეწველობაში გადასვლით მათი შემოსავლები გაიზარდა, მაგრამ ახალი საწარმოო გაერთიანებების მიერ წარმოქმნილი დოვლათი საწარმოს მფლობელთა ხელში რჩებოდა. ეს ხელს უწყობდა გაფართოებას, რადგან მდიდრების რეინვესტირება ხდებოდა. მაგრამ შემოსავლები რომ უფრო თანაბრად განაწილებულიყო, მოხმარება ინვესტიციების ხარჯზე გაიზრდებოდა და დღევანდელ თაობას ცხოვრების უფრო დაბალი დონე ექნებოდა.

საუკუნის მიჯნაზე ათეული წლების მანძილზე გრძელდებოდა შემოსავლების არათანაბარი განაწილება, მაგრამ ამ ასპექტზე პოსტფაქტო კრიტიკოსები დუმდნენ.

3. შვედი სუპერკეინზიანელები

შვედების შედარებით უვნებლად გამოსვლას 30იანი წლების დეპრესიიდან ახალი სოციალდემოკრატიული პოლიტიკის დიდ წარმატებად, ანუ კეინზიანური იდეების სწრაფ დანერგვად მიიჩნევენ. ეს არის პოსტფაქტო კონსტრუქცია. 1931 წლის სექტემბერში შვედებმა პირველებმა თქვეს უარი ოქროს სტანდარტზე. ამის შედეგად მათი ვალუტა გაუფასურდა. ოფიციალურმა დისკონტმა („რიკსბანკის” საპროცენტო განაკვეთი) 1933 წელს 8 პროცენტიდან 2.5 პროცენტმდე დაიწია. სრულიად შემთხვევით, 1933 წლის გაზაფხულზე სტერლინგთან მიმართებაში შვედური კრონის უკიდურესად დაბალი კურსი ჩამოყალიბდა. კრონა ძალიან გაუფასურდა, რასაც საექსპორტო მრეწველობაში შეკვეთების, მოგების და დასაქმების ზრდა მოჰყვა. აი, ეს იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც შვედეთმა დეპრესიას უფრო სწრაფად დააღწია თავი ვიდრე სხვა ქვეყნებმა. გადასახადებისა და სახელმწიფო ხარჯების პირობებში ეკონომიკური პოლიტიკა ძალიან ცოტას ნიშნავდა. პირიქით, 1930-იანი წლების შუა ხანებში სახელმწიფო ხარჯები მშპს პროცენტების მიხედვით ოდნავ შემცირდა, მაგრამ პარტიას ეკონომიკის ნაციოლიზაციის ან, სულ ცოტა, გაკონტროლების ამბიცია მაინც ისევ ჰქონდა. ამის გამო იყო, რომ შვედეთმა სხვა ქვეყნებზე უფრო უკეთ შეითვისა ეკონომიკის ფლუქტუაციის კონტროლის კეინზისეული რეცეპტი.

1930-იან წლებში ყველა ეკონომისტი ფიქრობდა იმაზე, თუ რა გზით შეეძლო სახელმწიფოს უმუშევრობის მოსპობა და ეკონომიკის კვლავ აღორძინება, მაგრამ ფიქრი სულ არ იყო საჭირო. მილთონ ფრიდმენი და ანა შვარცი (A Monetary History of the United States) ამტკიცებენ, რომ 1930-33 წწ. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ფულის მარაგი ერთი მესამედით შეამცირა; დეპრესიის ძირითადი მიზეზი სწორედ ეს იყო. მეორე მთავარი მიზეზი ფართოდ გავრცელებული პროტექციონიზმი გახლდათ. 1930 წელს კონგრესმა სმუტჰოლის აქტი დაამტკიცა, რაც 25 000 დასახელების საქონელზე სავაჭრო შეზღუდვების ნებას იძლეოდა. პროტექციონიზმი სწრაფად გავრცელდა. ამის გამო, 1930-33 წლებში მსოფლიო სავაჭრო ფასი ერთი მესამედით შემცირდა და მრავალმა ქვეყანამ საექსპორტო მრეწველობის დიდი ნაწილი დაკარგა.

ამგვარად, დეპრესია ძირითადად პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან მომდინარეობდა და არა შრომის ბაზრის პოლიტიკის გამო.

შვედეთმა უკიდურესი კეინზიანური კურსი აირჩია. ეს ნაწილობრივ იმის გამო მოხდა, რომ შვედი ეკონომისტების ერთი თაობა, ე.წ. სტოკჰოლმის სკოლა, უმთავრესად კეინზის რეცეპტში მოცემულ სახელმწიფო სტიმულის იდეას უწევდა რეკომენდაციას. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ის იყო, რომ კეინზი სოციალდემოკრატიას ეკონომიკური კონტროლის ახალ არგუმენტს სთავაზობდა, რაც პარტიის მთავარი საზრუნავი იყო.

შემდეგ ომი ატყდა და შვედეთმა თავისი ეკონომიკა ომის საჭიროებებზე ააგო, თან ძლიერი ცენტრალიზებული კონტროლი არ შეუწყვეტია. ომის შემდეგ პერიოდული ფლუქტუაცია განახლდა და, მასთან ერთად, კეინზისეული კონტროლის ეკონომიკურ არგუმენტებსაც ახალი ასპარეზი მიეცა. მაგრამ, ნებსით თუ უნებლიეთ, ყველამ დაივიწყა, რომ კეინზის სტაბილიზაციის რეცეპტი არსებითად იზოლირებული ეკონომიკისთვის იყო დაწერილი, სახელმწიფო სტიმულის შედეგები ქვეყნის ფარგლებს არ უნდა გასცილებოდა. კეინზმა თავის რეცეპტში იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი გააერთიანა.

ისეთ პატარა და ღია ქვეყანაში, როგორიც შვედეთია, სადაც მთელი სიმძიმე საგარეო ვაჭრობაზე მოდის, კეინზის პოლიტიკამ ცუდად იმუშავა. როდესაც ასეთი ქვეყანა საგარეო ვაჭრობას იმისთვის გამოიყენებს, რომ სახელმწიფომ ეკონომიკური ფლუქტუაცია აკონტროლოს, საგარეო ვაჭრობის დაკარგვით იმდენს იზარალებს, რასაც შიდა, უფრო სტაბილური ბაზარი ვერ აანაზღაურებს. განვიხილოთ შემდეგი მაგალითი.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სამთამადნო კომპანიას თავისი რკინის მადნის 90 პროცენტი საექსპორტოდ გააქვს. დავუშვათ, საერთაშორისო მოთხოვნილება რკინის მადანზე შემცირდა. ეს საგარეო ვაჭრობის დეფიციტს გამოიწვევს. დავუშვათ, შვედეთის მთავრობამ ბავშვთა შემწეობების გაზრდით ეკონომიკაში საერთო მოთხოვნის ზრდა წაახალისა. მაგრამ ამას რკინის მადნის მოხმარება შესაძლოა არ მოჰყვეს, რადგან შვედი მშობლები ადგილობრივი წარმოების რკინის მადნისგან დამზადებული საქონლის მოხმარების გაფართოების ნაცვლად, სავარაუდოდ, იაპონურ ტელევიზორებს უფრო დიდი ხალისით შეიძენენ, რაც საგარეო ვაჭრობის დეფიციტს კიდევ უფრო გაზრდის.

4. მირდალის მიერ დაგეგმილი ეკონომიკა

სოციალ-დემოკრატებმა ფუნდამენტური ნაციონალიზაციისა და რეგულირების ამბიციები 1944 წელს კიდევ ერთხელ გამოავლინეს.

პირველი მსოფლიო ომის მაგალითზე თეორიულად მოსალოდნელი იყო, რომ მეორე მსოფლიო ომსაც დეპრესია მოჰყვებოდა. დეპრესიის თავიდან ასაცილებლად სოციალდემოკრატიული პარტიის კომისიამ ომის შემდგომი ღონისძიებების პროგრამა შეადგინა. პროგრამა ითვალისწინებდა ეკონომიკის სახელმწიფო კონტროლის მეთოდების გამოყენებას: დაზღვევის ნაციონალიზაციას, საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკის სხვა სფეროების ნაციონალიზაციას, ინვესტიციების სახელმწიფო დაგეგმვას, ფასების კონტროლის გაგრძელებას, ვალუტისა და საგარეო ვაჭრობის კონტროლს.

მაგრამ საყურადღებოა, რომ ეს ღონისძიებები მხოლოდ დეპრესიის აღმოსაფხვრელად კი არ იყო გათვალისწინებული, არამედ მუდმივი ხასიათი ექნებოდა.

მოსაზრებათა უმეტესობას ნაკლები კავშირი ჰქონდა იმ სირთულეებთან, რაც შეიძლებოდა მოსალოდნელ დეპრესიას მოჰყოლოდა. ომის შემდგომი სოციალდემოკრატიული პროგრამა მხოლოდ სოციალისტურ პერსპექტივაში განხილვის შემთხვევაში იყო გონივრული. მართალია, პარტიამ ქვეყნის საერთო ნაციონალიზაციაზე უარი თქვა, მაგრამ საკვანძო სექტორების ნაციონალიზაცია და მთელი ეკონომიკის კონტროლი კვლავ ფაქტად რჩებოდა. 1948 წელს საარჩევნო დებატები უმთავრესად ეკონომიკის დაგეგმვაზე ამახვილებდა ყურადღებას. სოციალდემოკრატებს არჩევნების წაგება ემუქრებოდათ, რის გამოც უარი თქვეს თავიანთ პროგრამაზე. 1950 წლის შემდეგ შვედეთის მრეწველობაზე საერთაშორისო მოთხოვნა არსებობდა. ამგვარად, სახელმწიფო კონტროლის პრაგმატული არგუმენტი გამოირიცხა.

5. მეიდნერის ფონდები

1975 წელს პროფკავშირების (LO) კომისიამ, რომელსაც მისი მთავარი ეკონომიკური მრჩეველი რუდოლფ მეიდნერი ხელმძღვანელობდა, მრეწველთა პროფკავშირების საშუალებით ნაციონალიზაციის წინადადება წამოაყენა. მოკლედ, ასეთი სქემა იყო: მოგებაზე მომუშავე ყველა კომპანიას ყოველწლიურად პროფკავშირის ფონდში ახლად გამოშვებული აქციების საფასური უნდა გადაერიცხა, რაც მათი მოგების 20 პროცენტს შეადგენდა. ეს გეგმა თუ განხორციელდებოდა, პროფკავშირების ფონდი მალე შვედეთის მომგებიან საწარმოთა უმეტესობის საკონტროლო პაკეტს მოიპოვებდა. ამით შვედეთმა უნიკალური ეკონომიკური სისტემა მიიღო: კერძო საკუთრებას ის ფონდები ჩამოართმევდნენ, რომელიც ერთდროულად პროფკავშირების, დამსაქმებელთა – კომპანიის მმართველთა და მეპატრონეთა ფუნქციას შეასრულებდა. ამის შედეგად მოხდებოდა ძალაუფლებისა და საკუთრების გაერთიანება და სულ მალე ქვეყნის ყველა მომგებიანი კონცერნი ერთადერთი ორგანიზაციის ხელში აღმოჩნდებოდა.

ფონდის შექმნის წინადადება 1976 წლის საარჩევნო დებატების მთავარი თემა იყო, რამაც სოციალდემოკრატებს ერთპიროვნული ძალაუფლება დააკარგვინა. 1982 წელს ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ პარტიამ სრულიად განსხვავებული სახის ფონდი შემოიღო, რომელსაც უშუალოდ ნაციონალიზაციის ფუნქცია არ ეკისრებოდა.

მაგრამ მეიდნერის სქემა საინტერესოა და სერიოზული, რადგან პროფკავშირული მოძრაობისა და მმართველი პარტიის უმთავრეს მოტივს ასახავს. პროფკავშირების (LO) მთავარი ეკონომიკური მრჩეველი მთელი სერიოზულობით აცხადებდა, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით პროფკავშირებმა ქვეყნის ყველა ბიზნესსაწარმოს კონფისკაცია უნდა მოახდინოსო. ასეთი წინადადება ვერ გავიდოდა ხალხის ძირითადი მასის მხარდაჭერის გარეშე, რომელიც კერძო საკუთრებას არ სწყალობდა და საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტური წესების არაფერი გაეგებოდა.

სოციალდემოკრატებს რომ უფრო ძლიერი ელექტორატი ჰყოლოდათ – დავუშვათ 55 პროცენტი – მეიდნერის წინადადება გავიდოდა, ფირმებს ფონდები დაეპატრონებოდა და პროფკავშირები გააკონტროლებდა. სოციალისტური ქვეყნების ეკონომიკის მაგალითზე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა დღე დაადგებოდა შვედეთის ეკონომიკას. ალბათ, ზოგიერთი ძლიერი მეპატრონის მომგებიანი ფირმა, რაუზინგების მსგავსად, ქვეყნიდან წავიდოდა.

6. შემოსავლების ნაციონალიზაცია

შვედმა სოციალდემოკრატებმა უკან წაიღეს თავიანთი მოთხოვნა საწარმოთა ნაციონალიზაციის შესახებ. ალბათ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დიდი კორპორაციები უმთავრესად საერთაშორისო დონის იყო. აბა როგორ მოახერხებდა შვედეთის მთავრობა უცხოური ფილიალების ნაციონალიზაციას?

მეორე მხრივ, სოციალდემოკრატებმა შემოსავლების ნაციონალიზაცია მოახდინეს. შვედეთში 1970 წლიდან გადასახადებმა მკვეთრად აიწია. საგადასახადო რეფორმამ გადასახადები შეუმცირა მცირეშემოსავლიან სფეროს, სამაგიეროდ უფრო პროგრესული გახადა: ანუ გადასახადების მასშტაბი უფრო გაფართოვდა. გაიზარდა გადასახადების ზღვარიც. მცირეშემოსავლიან სფეროშიც კი, გადასახადების გამო ხელფასის ზრდა არც კი იგრძნობოდა.

შვედეთში საშუალო დონის სამრეწველო საწარმოს მუშა უშუალო შემოსავლის 28 პროცენტს გადასახადებში იხდის. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შესაბამისი საშუალო მაჩვენებელი 16 პროცენტია. შესაბამისად, ორჯერ მეტი შემოსავლის მქონე მუშამოსამსახურეების გადასახადები 39 და 24 პროცენტია. ამას ემატება არაპირდაპირი გადასახადები. სახელმწიფო 1970-იანი წლების შემდეგ ერთავად ზრდიდა ეგრეთ წოდებულ „დამსაქმებელთა შეწირულობას,” თუმცა უფრო სწორი იქნება თუ მას სახელფასო გადასახადს დავარქმევთ – ანუ სახელფასო ფონდის გადასახადს. გარდა ამისა, სახელმწიფო სამომხმარებლო გადასახადსაც ზრდიდა, განსაკუთრებით ენერგოგადასახადებს და ყველაზე მეტად კი დღგს. სპეციფიკური გადასახადები და დღგ არასდროს არ აისახება შვედეთის ფასებში, ამიტომ, მომხმარებელმა არ იცის ფასები რამდენ გადასახადს შეიცავს. იმ მრავალ მიზეზთაგან, რის გამოც შვედეთში გადასახადის გადამხდელები ასეთ დიდ ზეწოლას ურიგდებიან, ერთერთი მიზეზი ის არის, რომ ისინი გადასახადებს ვერ ხედავენ. ხელფასის უწყისსა და გადასახადის ქვითარზე ისინი მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს ხედავენ, მაგრამ ეს მთლიანი გადასახადის მხოლოდ 40 პროცენტია.

წარმომადგენლობითი დემოკრატიისას პარლამენტის წევრები და მინისტრები მოქალაქეთა მმართველნი კი არ არიან, არამედ მათ ინტერესებს ემსახურებიან. მთავარი ფიგურა მოქალაქეა. მაგრამ გადასახადების გამჭვირვალობისგან თავის არიდებით წარმომადგენლები ხალხის დეზინფორმაციას ახდენენ. შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაში ასეთი რამ წარმოუდგენელია.

უხეშად რომ ვთქვათ, დაბალხელფასიანთა შემოსავლის დაახლოებით 60 პროცენტი და უკეთესი ანაზღაურების მქონეთა შემოსავლის 65 პროცენტი გადასახადებს მიაქვს.

ოფიციალურად „დამსაქმებელთა შეწირულობა“ სოცუზრუნველყოფის ნაწილს აფინანსებს, მაგ., პენსიებს, უმუშევართა შემწეობას და ჯანმრთელობის დაზღვევას. მაგრამ შეწირულობასა და მიღებულ დახმარებებს შორის ძალიან მცირე კავშირია.

7. კოლექტივიზმი

დაახლოებით 1970-იანი წლებიდან შვედეთი სულ უფრო და უფრო მიმართავდა პრობლემების კოლექტიური მოგვარების გზას პირად ცხოვრებაშიც კი. ეგრეთ წოდებული „სოცუზრუნველყოფა”, რომელიც უმუშევრობისა და ავადმყოფობის დროს, აგრეთვე მოხუცებულობის ასაკში შემოსავალს უზრუნველყოფდა, ძირითადად სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კოლექტიური სისტემის სახით იყო აწყობილი და ნაკლები კავშირი ჰქონდა გადახდილ გადასახადებთან/შეწირულობებთან და სადაზღვევო დახმარებებთან.

ა) სახელმწიფო პენსიები

დასაბამიდან, 1913 წლიდან, შვედეთის საპენსიო სისტემას მთლიანად სახელმწიფო მართავდა. გაფართოებული სისტემაც, რომელიც 1960 წელს შემოიღეს, მთლიანად სამთავრობო იყო და წმინდად რედისტრიბუციულ ბაზაზე აგებული. საპენსიო შეწირულობა, უსასრულო „წმინდა წერილების“ ქსელის მსგავსად, მომავალ პენსიებს აფინანსებდა. საპენსიო სისტემის დაპირებების საფუძველზე პირადი დანაზოგებიდან ჩამოჭრის გზით გარკვეული ნაწილის კონსოლიდაცია სახელმწიფო ფონდში ხდებოდა. ამგვარი გზით საპენსიო სისტემა კოლექტიური დანაზოგების ნაწილი გახდა.

ახლა საპენსიო სისტემამ მცირეოდენი რეფორმა განიცადა. საპენსიოდ დაკავებული ხელფასის 11 პროცენტი ინდივიდუალური საპენსიო დანაზოგის პროგრამაში გადაირიცხება მუდმივი სადაზღვევო მოსაკრებელის სახით. მაგრამ ეს ძალიან მცირე პროცენტია იმ თანხის, რაც კერძო საპენსიო თანხებთან ერთად სახელმწიფო ანგარიშზე ჩაირიცხება და ეროვნული ბიუჯეტის კრედიტში შედის. მმართველ პარტიასთან ასოცირებული ორგანიზაციები მკაცრად ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ ინდივიდუალურ საპენსიო დანაზოგს.

ბ) ბავშვთა მუნიციპალური სოცუზრუნველყოფა

1960-იან წლებში შვედეთის სახელმწიფომ და მუნიციპალიტეტმა ბავშვთა სახელმწიფო სოცუზრუნველყოფის სისტემა შეიმუშავა. ეს სისტემა მიზნად ისახავს სამუშაო პირობების შექმნას ყველა მშობლისთვის, ნებისმიერი ასაკისა და ნებისიერი რაოდენობის ბავშვების მშობლებისთვის. კანონით მუნიციპალიტეტი ვალდებულია ბავშვებზე იზრუნოს, თუ მშობლებს ხელსაყრელი სამსახური აქვთ. ბავშვთა მუნიციპალური სოცუზრუნველყოფა უკიდურესად ძვირია. პირდაპირი გადასახადი, რომელსაც მშობელი იხდის, ნამდვილი ღირებულების მხოლოდ 10-20 პროცენტს უდრის. დანარჩენს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი გადასახადების გადამხდელებისგან იღებენ. დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ, 1991-94 წლებში ხელისუფლებაში მოსულმა არასოციალისტურმა მთავრობამ მშობლებისთვის მცირე სოცუზრუნველყოფის შემწეობა შემოიღო, რაც მშობლებს საშუალებას აძლევდა თვითონვე გადაეწყვიტათ როგორ მოუვლიდნენ საკუთარ ბავშვებს. ეს შემწეობა სოციალდემოკრატებმა გააკრიტიკეს, ძირითადად იმის გამო, რომ ბავშვები სხვადასხვა ოჯახში სხვადასხვაგვარად გაიზრდებოდნენ. 1994 წელს ხელისუფლებაში დაბრუნებისას სოციალდემოკრატებმა გააუქმეს ეს შემწეობა. ბავშვთა მუნიციპალურ სოცუზრუნველყოფას საფუძვლად ედო ის აზრი, რომ ყველა ბავშვზე მუნიციპალიტეტს უნდა ეზრუნა და არა მათ მშობლებს. ამიტომ, ბავშვების სოცუზრუნველყოფის შემწეობამ მშობლების გრანტის ნაცვლად დიდი სუბსიდიების მქონე მუნიციპალური საბავშვო ბაღების სახე მიიღო. ორივე მშობელს შეუძლია სამუშაოდ წასვლა და გადასახადის გადამხდელის სახით სახელმწიფო სექტორში თავისი წვლილის შეტანა. გადასახადებში გადახდილი შემოსავლის წილი იმდენად დიდია, რომ ნორმალური შემოსავლის მქონე მშობლებს შესაძლებლობა არ აქვთ სახლში დარჩნენ თავის ბავშვებთან ან ძიძა დაიქირაონ. პოლიტიკოსები მშობლებს ირიბად ეუბნებიან, რომ საზოგადოებრივი თვალსაზრისით ბავშვებზე ზრუნვა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს ვერ ანდობენ. ეს პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა დიდი წინააღმდეგია, რომ მშობლებმა მიიღონ გრანტი და საკუთარ ბავშვზე თვითონვე იზრუნონ. ისინი ამტკიცებენ, რომ მუნიციპალური საბავშვო ბაღები ბავშვებს საზოგადოებისთვის ამზადებენ, მოკლედ, კარგ მოქალაქეებად ზრდიან. ამას უფროსი თაობის პოლიტიკოსები ამბობენ, რომლებსაც თვითონ არ უვლიათ მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში, ამიტომ, ამ მოწოდებით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობენ!

გ) სახელმწიფო სოცუზრუნველყოფა

ყველა ქვეყანაში ადამიანს უბედური შემთხვევის მიმართ დაზღვევა სჭირდება, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და უმუშევრობის მიმართ. გარდა ამისა, ყველას სჭირდება საპენსიო დანაზოგი. ავადმყოფობისა და უმუშევრობისგან განსხვავებით, მოხუცებულობის წინასწარ გათვალისწინება, რასაკვირველია, შესაძლებელია.

ამგვარ დაზღვევას შვედეთში კოლექტიურად აგვარებენ. პენსიებს ძირითადად სახელმწიფო შემოწირულობებიდან არიგებენ, კერძო საპენსიო დანაზოგების პირობებს კი მთავრობა სისტემატურად აუარესებს: თუ ვინმე დადგენილი დაბალი გადასახადის გარდა, დამატებით თანხას შეიტანს კერძო საპენსიო ფონდში, მას ამ თანხაზე ორჯერ მეტი საშემოსავლო გადასახადი ეკისრება.

ჯანმრთელობის დაცვა ძირითადად მუნიციპალური გადასახადიდან ფინანსდება. ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც უმუშევრობასაც ფარავს, მთლიანად სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია. მას ფაქტობრივად სოცუზრუნველყოფა ჰქვია, მაგრამ რიკსდაგმა გასაცემი დახმარებების ოდენობა შეამცირა და „შემოწირულობათა” დიდი ნაწილი დახმარებების გარდა სხვა რამეებსაც აფინანსებს, ამიტომ, ეს შემოწირულობა კი არა წმინდა გადასახადია.

უმუშევრობის დაზღვევა პროფკავშირულ მოძრაობას უკავშირდება. 1930-იან წლებში ძლიერ მუსირებდა აზრი უმუშევრობის უნივერსალური დაზღვევის შესახებ. სოციალდემოკრატიული მთავრობის გადაწყვეტილებით უმუშევრობის დაზღვევა პროფკავშირებს უნდა მოეგვარებინა და პროფკავშირების წევრობასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყველა იძულებული იქნებოდა პროფკავშირის წევრი გამხდარიყო. პროფკავშირებში ამგვარად გაწევრიანებული ადამიანები კოლექტიურად გახდებოდნენ სოციალდემოკრატიული პარტიის წევრები და მათი საწევრო გადასახადი პარტიის ხაზინას აავსებდა.

შვედეთში უმუშევრობის დაზღვევა კვლავ ამ პრინციპზეა აგებული. ახლა უმუშევრობის დაზღვევის თანხის მიღება პროფკავშირების რიგების დატოვების შემთხვევაშიც შეიძლება, მაგრამ ამ უფლებით ძალიან ცოტა სარგებლობს. უმუშევრობის დაზღვევის საწევრო გადასახადი ძალიან დაბალია და უმუშევრობის დაზღვევის თანხების 95-98 პროცენტი ეროვნული ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეგრეთ წოდებული „უმუშევრობის დაზღვევა” ფაქტობრივად შემწეობაა, რომლის 98 პროცენტი გადასახადებით ფინანსდება.

8. თანასწორობის დამყარება

1960-იანი წლების დასასრულს პროფკავშირებმა (LO) თანასწორობისთვის გააჩაღა ბრძოლა, რაც ანაზღაურებათა შორის განსხვავების მოსპობას ისახავდა მიზნად.

კამპანიამ მედიის მასიური მხარდაჭერა მოიპოვა. ერთი მხრივ ეს იმით აიხსნება, რომ იმ დროს ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებს მარქსიზმით შთაგონებული ახალგაზრდობის აჯანყებები მოედო. მალე თანასწორობა პოლიტიკოსების, განსაკუთრებით კი მედიის, მთავარი საზრუნავი გახდა. ყველა მოვლენას, ყველა პრობლემას თანასწორობის ჭრილში აღწერდნენ და განიხილავდნენ.

პოლიტიკა და დებატები ურთიერთმხარდამჭერი და ურთიერთგამომდინარე გახლდათ. ყველა სტატიის, ყველა სატელევიზიო პროგრამის განსახილველი უმნიშვნელოვანესი თემა თანასწორობის ასპექტი იყო. ხშირ შემთხვევაში უგუნურების დასაფარად რთული ურთიერთდამოკიდებულების გაანალიზების ნაცვლად „მეტი თანასწორობის” მარტივი მოთხოვნა გაისმოდა.

შვედეთში თანასწორობის კონცეფცია მხოლოდ არათანაბარ ანაზღაურებას ან „უსამართლობას” კი არ ებრძოდა, არამედ ყოველგვარი განსხვავებულობის შეუწყნარებლობაში გადაიზარდა. „სერიოზული” პრესა უჭერს მხარს ყოველგვარი განსხვავების აღმოფხვრას და „უთანასწორობის” ყოველგვარ გამოვლინებას აკრიტიკებს. ეს საბინაო სტანდარტებსაც კი ეხება, თუნდაც ამ განსხვავებას სხვადასხვა არჩევანი განაპირობებდეს, მაგალითად, ახალგაზრდებს უფრო იაფი ბინა ურჩევიათ, რომ სწავლა და მოგზაურობა შეძლონ, ბავშვებიანი ოჯახები კი უფრო ფართო სივრცეს ანიჭებენ უპირატესობას.

ახლა შვედეთის მთავრობა კანონის შემოღებას აპირებს მოკლე სამუშაო დღის შესახებ. ამ საკითხზე პასუხისმგებელი მინისტრის მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ყველას თანაბარი სამუშაო საათები უნდა ჰქონდეს. თანასწორობის კონცეფცია იქამდე მივიდა, რომ დაჟინებით მოითხოვენ ყველაფერი ერთნაირი იყოს, რაც სრულიად სპობს ადრე არსებულ სხვადასხვა ინდივიდუალური არჩევანის შესაძლებლობას.

პროფკავშირების წყალობით (LO) ხელფასები გადასახადების გადახდამდე და გადახდის შემდეგ თანაბარია. სახელფასო სტრუქტურაში ძირითადი სახელფასო ნიხრისა და „მინიმალური ხელფასების ზრდის” ანგარიშები ერთმანეთს შეერწყა. ყველა პროფკავშირული ორგანიზაცია ანაზღაურების იმავე გზას დაადგა. ყოველი შეთანხმების შემდეგ ხელფასების ზრდისთვის გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი მინიმალური ხელფასის ჩარჩოებში ექცეოდა. თავდაპირველად, გარკვეული სამუშაოსთვის შესაბამისი ანაზღაურება იყო გამიზნული, მაგრამ მალე ყველას თანაბარი ანაზღაურება ჰქონდა, იმისდა მიუხედავად თუ რა სახის სამუშაოს ასრულებდა.

დაბალკვალიფიციურ და მაღალკვალიფიციურ სამუშაოთა ანაზღაურებას შორის სხვაობა შემცირდა. საკვალიფიკაციო პრემია – ანუ ერთწლიანი გადამზადების ან უმაღლესი განათლების გამო მიცემული დამატებითი ანაზღაურება – 1960-იანი წლების შემდეგ განახევრდა. ამას დაემატა პროგრესულად ზრდადი გადასახადები და ინფლაცია. 1971 წლიდან გადასახადების პროგრესული ზრდა გაძლიერდა. ინფლაციის დონემაც მაშინვე აიწია. ინფლაციას ხელფასებიც მიჰყვა. პრობლემა ის იყო, რომ გადასახადების მასშტაბები ინფლაციასთან შესაბამისობაში არ იყო – თუ შემოსავალს ინფლაციის კვალდაკვალ გაზრდიდნენ, გადასახადი შემოსავლის პროპორციულად იმატებდა. ფიქსირებული თანხის შემთხვევაში შემოსავალი უცვლელი რჩებოდა, მაგრამ გადასახადი ამ შემთხვევაშიც იზრდებოდა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემების თანახმად, შვედეთს ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მკაცრად გათანაბრებული შემოსავლები აქვს. მინიმალურ შემოსავალზედაც კი შვედეთის გადასახადის მაჩვენებელი 50 პროცენტს მაინც შეადგენს. ამავე დროს, სოცუზრუნველყოფის სისტემიდან მიღებული გადარიცხვები და სოციალური დახმარებები ძალიან დიდია. ეს კი მუშაობისა და ინვესტიციების სტიმულის მოსპობას ნიშნავს.

9. ქვეყანა, რომელიც არ ზოგავს

საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, ინვესტიციების კოეფიციენტი – ანუ ინვესტიცია, როგორც მშპს პროცენტი – შვედეთში გამუდმებით ზევით მიიწევდა. 1960-იანი წლებიდან კი კლება დაიწყო და 24 პროცენტიდან დღეისთვის უკვე 14 პროცენტამდე ჩამოვიდა. ინვესტიციების დიდი ნაწილი მოძველებული კაპიტალის შეცვლაზე მოდის. ძირითად კაპიტალზე დაბანდებული და, შესაბამისად, წარმოებაში ჩადებული ახალი ინვესტიციები 1970 წელს მშპს 16 პროცენტს შეადგენდა, 1998 წელს კი 2 პროცენტამდე ჩამოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შვედეთის კეთილდღეობა მცირდება. დიდი ხნის მანძილზე ოჯახის დანაზოგი შვედეთში სხვა ქვეყნებთან შედარებით საშუალოზე დაბალი იყო და 1970-1990 წლებში არსებული შემოსავლის 34 პროცენტს შეადგენდა. და ნაზოგის დაბალი დონე მრეწველობისა და ბინათმშენებლობისთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან მშენებლობა და წარმოება გარკვეული რაოდენობის საკუთარ კაპიტალს მოითხოვს. რაც უფრო მცირეა დანაზოგი, მით უფრო რთული ხდება ბიზნესის წამოწყება. მინიმალური დანაზოგით ბევრი ოჯახი ვერ შეძლებს საკუთარი სახლის შეძენას.

მინიმალური დანაზოგები ლოგიკური შედეგია, რადგან შვედეთმა დანაზოგის სტიმულიც მოსპო და შესაძლებლობაც. პენსიებიც და სოციალური დაზღვევაც სახელმწიფოს ხელშია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს პენსიას, ავადმყოფობისა და უმუშევრობის შემწეობას და ა.შ. არავის აღარ სჭირდება შავი დღისთვის რამის გადანახვა.

მაღალი გადასახადები იმ თანხების კონფისკაციას ახდენს, რაც ოჯახს შეეძლო დაეზოგა. ამიტომ, დანაზოგებს შემოსავლის იმ ნაწილიდან ინახავენ, რაც აუცილებელი ხარჯების დაფარვის შემდეგ რჩება, ანუ შემოსავლის უკიდურეს ნაწილს. ამ შემოსავალს შვედეთის მაღალი გადასახადი ემუქრება, რომელიც ადრე 70-80 პროცენტი იყო, ახლა კი დაახლოებით 60 პროცენტია.

სახლის შეძენას დანაზოგი სჭირდება. ომის შემდეგ სახელმწიფო დიდი სესხებით ეხმარებოდა ბინათმშენებლობას. ადამიანებს სახლის ყიდვისას დიდი დანაზოგები არ სჭირდებოდათ, რადგან ინფლაციის დროს მათი ვალები ავტომატურად ჩამოიწერებოდა. ამიტომ, ფულის სესხება იოლი იყო და ოჯახს არც შეეძლო და არც სჭირდებოდა ფულის დაზოგვა.

მაგრამ ახლა ინფლაცია აღარ არის. ვალები ავტომატურად არ ჩამოიწერება. ბანკები პირად დანაზოგებს მოითხოვს და რადგან შვედებს მნიშვნელოვანი დანაზოგები არ აქვთ, ბინათმშენებლობამ იკლო – 1997 წლის პირველ კვარტალში მეოცე საუკუნის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა.

სოციალდემოკრატიული მთავრობები სისტემატურად ცდილობდნენ კერძო დანაზოგების შემცირებას და მის ნაცვლად კოლექტიური დანაზოგების გაზრდას. 1960 წლის საპენსიო რეფორმა არსებითად დანაზოგთა კოლექტივიზაციას ნიშნავდა. გადასახადების ზრდამ 1970 წლიდან სრულიად მოსპო კერძო დანაზოგის შესაძლებლობა. პირადი საპენსიო დანაზოგისთვის პირობები გაუარესდა. ალბათ შვედეთი ერთადერთი სამრეწველო ქვეყანაა, რომლის მთავრობა თავის მოქალაქეებს მოხუცებულობისთვის დანაზოგის შენახვის საშუალებას არ აძლევს.

10. საჯარიმო გადასახადები აქციებზე

შვედეთში სააქციო დანაზოგებზე მუდამ გაცილებით უფრო მაღალ გადასახადს ახდევინებდნენ, ვიდრე სხვა ფორმის დანაზოგებსა და შემოსავლებზე. 1991 წელს დივიდენდების წილს ორმაგი დაბეგვრა მოუწია: პირველი კომპანიას, ხოლო მეორე აქციონერებს დაეკისრა. მთლიანმა გადასახადმა განაწილებულ მოგებაზე 85-92 პროცენტი შეადგინა. ეს ორმაგი გადასახადი 1993 წელს არასოციალისტურმა მთავრობამ გააუქმა, მაგრამ 1994 წელს სოციალდემოკრატიულმა მთავრობამ ისევ შემოიღო. სააქციო საზოგადოებები გაცილებით უფრო მძიმედ იბეგრება ვიდრე სხვა აქტივები.

ასეთი საჯარიმო გადასახადების დაკისრება საწარმოო დანაზოგებზე მხოლოდ და მხოლოდ იმით აიხსნება, რომ შვედეთის სოციალ-დემოკრატიული მთავრობა ვერასდროს ვერ ურიგდებოდა კერძო საკუთრების არსებობას. სოციალდემოკრატთა ორივე ძლიერი იდეოლოგი – ნილს კარლბი და ვილჰელმ ლანდშტედტი – კერძო საკუთრების მნიშვნელობასთან დაკავშირებულ არგუმენტებს უარყოფს. ორივე ეგრეთ წოდებულ ფუნქციონალურ ნაციონალიზაციას მოითხოვს. ისინი საკუთრებას რამდენიმე ფუნქციად, ანუ საკუთრების სხვადასხვა უფლებად ყოფენ და ამ ფუნქციების ნაციონალიზაციას მოთხოვენ. აქედან გამომდინარე, საკუთრების თავდაპირველი მფლობელი ამ საკუთრების სრულფასოვანი გამოყენებისა და მისი შემოსავლით სარგებლობის ყველა შესაძლებლობას კარგავს. მას თავისი საკუთრება მხოლოდ ფინანსური გადასახადების ვალდებულებასა და ზარალსღა მოუტანს.

ფუნქციონალური ნაციონალიზაცია ძირითადად კერძო სახლების რენტისთვის გამოიყენება. ის არ შეიძლება სრულად შეეხოს დიდ კორპორაციებს, რადგან მათ უცხოეთში გადასვლა შეუძლიათ.

კორპორაციული მოგების 90პროცენტიანმა კონფისკაციურმა დაბეგვრამ ბიზნესის მომგებიანობას წერტილი დაუსვა, რადგან მიღებული მოგებიდან აქციონერებს შემოსავალი აღარ რჩებოდათ. შესაბამისად, მოგება კომპანიაში რჩებოდა, რაც გულისხმობდა, რომ ინვესტიციები ისტორიულად მომგებიან ფირმებში იყრიდა თავს.

მაგრამ ისტორიული მომგებიანობა ავტომატურად ვერ მიგვიყვანს მომავალ მოგებამდე. ეკონომიკაში მოგება ბაზარზე უნდა დაგროვდეს და მისი ხელახალი ინვესტირება იმ სექტორებში, ფირმებსა და პროექტებში უნდა მოხდეს, რომლებიც უმაღლეს მოგებას მოიტანენ. მაგრამ შვედეთის საგადასახადო სისტემა ამას შეუძლებელს ხდის. მოგება ძველ ფირმებს დარჩა, მათი მომავალი კი გაურკვეველია.

სააქციო დივიდენდების კონფისკატორული დაბეგვრა შვედური სამრეწველო სტრუქტურის დაკონსერვებას უწყობს ხელს. მრეწველობა, რომელიც სპეციალურ განათლებას მოითხოვს, მაგ., ფარმაცევტიკა და ელექტრონიკა, კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებით ეს მხოლოდ მრეწველობის მცირე ნაწილს შეადგენს. ამის მიზეზი ის არის, რომ დაბეგვრა მოგების ძველი მრეწველობიდან ახალზე გადატანას შეუძლებელს ხდის. ეს გადასახადები მესაკუთრეობის, კერძოდ, აქციონერებისადმი მტრულად განწყობის შედეგია, რამაც შესაბამისი სამრეწველო სტრუქტურა ჩამოაყალიბა. დისტრიბუციული პოლიტიკით ნაკარნახევი აქციონერების საწინააღმდეგო კამპანია მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელი გახდა.

11. ძალაუფლების კონსტიტუციური კონცენტრაცია

1970 წლიდან შვედეთს ერთპალატიანი პარლამენტი – რიკსდაგი – ჰყავს. ყველა საკითხი უბრალო უმრავლესობით წყდება. უმცირესობის კონსტიტუციური უსაფრთხოება ძალიან სუსტია. ფორმალურად საკუთრების უფლებებს კანონი იცავს, მაგრამ ის ისე ბუნდოვნად არის დაწერილი, რომ საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია კერძო საკუთრებას როგორც მოესურვება ისე მოექცეს.

საპარლამენტო უმრავლესობის 51 პროცენტით მთავრობას შეუძლია თავისი სურვილისამებრ იმოქმედოს. შვედეთის საპარლამენტო სისტემაში კონტროლისა და ბალანსის მექანიზმი არ არსებობს. უმრავლესობის 51 პროცენტი ყველაფერს წყვეტს. შვედებს კონსტიტუციური სასამართლო არ გააჩნიათ. მთავრობის ხელში უზომოდ დიდი ძალაუფლებაა თავმოყრილი.

სხვა ქვეყნებს ლობირების სისტემები აქვთ, რითაც პარლამენტზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. სტუდენტებს ასწავლიან, რომ შვედეთში ლობისტები არ არსებობენ, მაგრამ, სინამდვილეში, ლობისტებმა თავად პარლამენტში გადაინაცვლეს. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა ალიანსი შექმნეს სოციალდემოკრატებთან და ამ გზით თავიანთი წარმომადგენლები გაიჩინეს პარლამენტში. დიდი ხნის მანძილზე მიღებული იყო, რომ სოფლის მეურნეობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე ფერმერი უნდა ყოფილიყო და მშენებელთა პროფკავშირების თავმჯდომარე – ბინათმშენებლობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე.

მმართველი პარტიის, სოციალდემოკრატიული პარტიის მთავარი დამფინანსებელი შვედეთის პროფკავშირებია. ფორმალურად პროფკავშირის ყველა წევრი კოლექტიურად მიიღეს პარტიაში (და საწევრო გადასახადებს იხდიან). ახლა პროფკავშირის წევრები პარტიის წევრებიც არიან, მაგრამ პარტია შემოსავლის დიდ ნაწილს პროფკავშირებიდან ღებულობს.

ისინი დროულად და სრულად იხდიან თანხას, სამაგიეროდ კი სხვა სარგებლობას ელიან. ეს გულისხმობს იმ კანონებს, რაც მათ მრავალ უფლებას ანიჭებს, მაგ., პატარა ფირმების დაჩაგვრის, სახელფასო ხელშეკრულებებით ფასწარმოქმნის მონოპოლიის, კომპანიის მიერ მუშახელისთვის პრივილეგიების მიცემაზე ვეტოს დადების უფლებას და სხვ.

შვედეთის კონსტიტუცია საკუთრების უფლებას ნაკლებად იცავს. კონსტიტუციური აქტის მე-2 თავის მე-14 სექციაში ამ უფლებას ასეთი ფორმულირება აქვს:

„ყოველი მოქალქის საკუთრების უფლება უზრუნველყოფილია იმდენად, რამდენადაც დაუშვებელია საკუთრების იძულებით გასხვისება ექსპროპრიაციის გზით ან სხვა მსგავსი წესით; დაუშვებელია მიწის ან შენობით სარგებლობის შეზღუდვა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სახელმწიფო ინტერესების დაცვის აუცილებლობა მოითხოვს.

იძულებითი ექსპროპრიაციით ან სხვა წესით ჩამორთმეული ქონება შესაბამისი საფასურით ანაზღაურდება… საფასური დადგინდება კანონით განსაზღვრული წესით”.

აქ ორი რამ სრულიად გაუგებარია.

კონსტიტუცია არ განმარტავს რას გულისხმობს „სახელმწიფო ინტერესების დაცვის აუცილებლობა”, რაც ინდივიდის პირად საკუთრებაში ჩარევის უფლებას იძლევა.

კომპენსაციის კანონში ნათქვამი არ არის, რომ ინდივიდს სრული ღირებულება უნდა გადაუხადონ. პირიქით, დადგენილებებში უამრავ მიზეზს ასახელებენ, თუ რატომ არ იძლევა კანონი საკუთრების საბაზრო ღირებულების კომპენსაციის გარანტიას.

გამოთქმა ,,კერძო საკუთრება” კონსტიტუციის ტექსტში არსად არ გვხვდება.

უფრო მეტიც, კონსტიტუცია გადასახადების ზღვარს არ აწესებს. საპარლამენტო უმრავლესობას არაფერი არ აბრკოლებს, რომ გადასახადები თუნდაც შემოსავლის 100 პროცენტამდე ან უფრო ზევით ასწიოს (დღესაც კი, შვედეთში უამრავი მდიდარი ადამიანი გადასახადებში იმაზე მეტს იხდის, ვიდრე შემოსავალი აქვს). ამ გზით გადასახადებს საკუთრების უფლების დასუსტება შეუძლია.

საკუთრების დაცვა კერძო ინვესტიციების ძირითადი პრერეკვიზიტია. ამგვარი საიმედო დაცვის გარეშე ვერავინ გაბედავს ინვესტირებას.

V. უმუშევრობა პერმანენტული გახდა

– შრომისუნარიანი მოსახლეობის 20 პროცენტი, ანუ ერთი მილიონი ადამიანი არ მუშაობს ან, ყოველ შემთხვევაში, შრომის ბაზრიდან არის გაძევებული, რაც მძიმე ტვირთად აწევს მშრომელ ხალხს.

რატომ?

უმუშევრობის შემცირებაში შვედეთს სამი ფაქტორი უშლის ხელს:

1. მაღალი მინიმალური ხელფასები. პროფკავშირებმა სახელფასო ფასწარმოქმნის მონოპოლია აიღეს ხელში და ათწლეულების მანძილზე მინიმალურ ხელფასს ზრდიდნენ და მაქსიმალურს ზღუდავდნენ. ამის გამო, მინიმალური ხელფასები ძალიან გაიზარდა („დამსაქმებელთა შემოწირულობებით” რიკსდაგმა მუშახელის სახელფასო ხარჯები კიდევ უფრო გაზარდა). პროფკავშირები და რიკსდაგი ისეთ პოლიტიკას ატარებენ, რომ მრავალ ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, სამუშაოს შოვნის შესაძლებლობა არ აქვს. მათი შრომის სუფთა ღირებულება გაცილებით დაბალია იმაზე, რაც დამსაქმებელს მათი დასაქმება დაუჯდება. ამასთან ერთად, ყოველგვარ მომსახურებაზე 25 პროცენტიანი დღგს დაწესებამ საგადასახადო ვექტორი კიდევ უფრო მეტად გადახარა, ანუ უფრო დიდი განსხვავებაა კლიენტის მიერ გადახდილ თანხასა და მუშების ანაზღაურებას შორის;

2. მინიმალურ შემოსავლებზე იმდენად მაღალი გადასახადებია, რომ ასეთი ხელფასების ფარგლებში ხალხი ვერც კი გაიგებს ხელფასი რომ შეუმცირონ;

3. ძირითადი ხელფასები ძალიან მაღალია. ისინი, ვინც სამუშაოს ვერ შოულობენ ან დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობა არ სურთ, სახელმწიფო დახმარებებით არსებობენ, რაც სამუშაოს ძებნის სტიმულს უკარგავთ.

VI. ზრდის სტიმული შესუსტდა

შვედეთის ეკონომიკის ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ზრდა შემცირდა, და ეკონომიკამ მოქნილობა დაკარგა. მიუხედავად სახელმწიფო სესხის საყოველთაო ხელმისაწვდომობისა, უმუშევრობა მაინც 20 პროცენტს შეადგენს. 1921-22 წლებში შვედეთმა შოკი განიცადა. ომისდროინდელი აყვავების პერიოდი მოულოდნელად დასრულდა. წარმოება, დასაქმება და ხელფასები 15-20 პროცენტით შემცირდა. ეკონომიკას ძირი გამოეცალა.

მაგრამ 1923 წლიდან ყველაფერი წაღმა შეტრიალდა. 1920-იანი წლების დასასრულს ყოველწლიური ზრდა 5-10 პროცენტს შეადგენდა. ძველი გაკოტრებული ფირმები ახლებმა შეცვალა. ამის ერთერთი მიზეზი ის იყო, რომ საგადასახადო კოეფიციენტი 10 პროცენტს შეადგენდა, საშემოსავლო გადასახადის მაქსიმალური დონე კი 17 პროცენტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი კომპანიის გახსნა ხელსაყრელი იყო.

საკითხავია, 1922 წელს საგადასახადო ტვირთი 70 პროცენტი რომ ყოფილიყო, რამდენი ახალი ფირმა გაიხსნებოდა?

კონკურენციისა და ტექნოლოგიების ინტერნაციონალიზაცია მკაცრად აყენებს ცვლილებებისა და შესწორებების აუცილებლობის საკითხს. შვედეთს პატარა, ღია ეკონომიკა აქვს, რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული საგარეო ვაჭრობასთან. ამიტომ, კონკურენციას რომ გაუძლოს, რეგულირების კარგი მექანიზმები უნდა ჰქონდეს. პრობლემა ის არის, რომ საგადასახადო და საერთო პროტექციონისტულმა კანონმდებლობამ ისეთი მტკიცე ბარიერები შექმნა, რომ მისი შეცვლა ძნელია.

თუ საქმე წახდება, შვედებმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.

ცხრილები
1

2

3

4

5

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s