ფულის არანეიტრალურობა1

154246

ლუდვიგ ფონ მიზესი

მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე საუკუნის მონეტარისტმა ეკონომისტებმა წარმატებას მიაღწიეს იმდროინდელი პოპულარული ილუზიის გაქარწყლებაში, რომელიც ეხებოდა ფულის შესაძლო სტაბილურობას. ძველი შეცდომა მართალია გაქრა, მაგრამ მის ადგილას ახალი წარმოიქმნა, კერძოდ კი ფულის ნეიტრალურობის ილუზია.
კლასიკური ეკონომიკური სკოლის წარმომადგენლებმა თავისთავად ყველაფერი გააკეთეს ამ შეცდომების გამოსასწორებლად. დევიდ იუმი2, ბრიტანული პოლიტიკური ეკონომიის სკოლის ფუძემდებელი და ჯონ სტიუარტ მილი3, კლასიკური ეკონომიკური სკოლის უკანასკნელი წარმომადგენელი, ორივე საკმაოდ წარმატებულად ებრძოდა ამ პრობლემას4.
აქვე არ უნდა დავივიწყოთ კერნსი5, რომელმაც თავის ნაშრომში გაუფასურების შესახებ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში რეალისტური ხედვა შემოგვთავაზა6. უფრო უკეთ გასაგებად გადადგმული ამ პირველი ნაბიჯების მიუხედავად, თანამედროვე ეკონომისტებმა ფულის ნეიტრალურობის ილუზია თავიანთ სისტემებში დაამკვიდრეს.
თანამედროვე ზღვრული სარგებლიანობის ეკონომიკა ბარტერული გაცვლის ანალიზით იწყება. საქონლის გაცვლის და საბაზრო ოპერაციების მექანიზმი განიხილავს ვარაუდს, რომ მხოლოდ პირდაპირი გაცვლა არის მთავარი. ეკონომისტები აღწერენ წმინდა ჰიპოთეტურ ობიექტს, ბაზარს არაპირდაპირი გაცვლის გარეშე, აგრეთვე გაცვლის საშუალებებისა და ფულის გარეშე. ეჭვგარეშეა, ეს მეთოდი ერთადერთი შესაძლო მეთოდია, რომ ფულის გაქრობა აუცილებელია და რომ ჩვენ არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ ბაზრის, როგორც მხოლოდ პირდაპირი გაცვლის ამ კონცეფციას. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ეს არის მხოლოდ ჰოპოთეტური იდეა, რომელსაც რეალობაში ანალოგი არ აქვს. რეალური ბაზარი აუცილებლად გულისხმობს არაპირდაპირ გაცვლას და ფულად ოპერაციებს.
ფულის გარეშე ბაზრის არსებობის ასეთი დაშვებიდან გამომდინარეობს სწორედაც ფულის ნეიტრალურობის მცდარი მოსაზრება. ეკონომისტებს იმდენად მოეწონათ ამ ჰიპოთეტური კონცეფციის მექანიზმი, რომ მათ გადაჭარბებით შეაფასეს მისი გამოყენების საზღვრები. მათ დაიჯერეს, რომ კატალაქტიციზმის პრობლემების გაანალიზება ამ მცდარი შეხედულებით შეიძლებოდა. ამ მოსაზრების თანახმად, მათ ჩათვალეს, რომ ეკონომიკური ანალიზის მთავარ საქმეს პირდაპირი გაცვლის შესწავლა წარმოადგენდა. ამის შემდეგ ყველაფერი რაც დარჩებოდა იყო ფულადი ფორმების ფორმულების სახით წარმოდგენა. მაგრამ ეს მათი აზრით მეორეხარისხოვანი იყო, რადგანაც, როგორც სწამდათ, ფულადი ფორმების შემოღება არსებით გავლენას არ ახდენდა მათ მიერ აღწერილი მექანიზმის ფუნქციონირებას.
ბაზრის მექანიზმის ფუნქციონირებაზე წმინდა ბარტერის კონცეფციის თანახმად, მონეტარული ფაქტორები არ ახდენენ გავლენას. ცხადია, ეკონომისტებმა იცოდნენ, რომ ფულსა და საქონელს შორის გაცვლითი თანაფარდობა ცვალებადია. მაგრამ სჯეროდათ და სწორედ ეს არის ფულის ნეიტრალურობის მცდარობის არსი, რომ მსყიდველობითი უნარიანობის ცვალებადობა ერთდროულად აისახებოდა მთელ ბაზარზე და ყველა საქონელს ერთნაირად შეეხებოდა. ამ თვალსაზრისის ყველაზე აშკარა გამოვლინებაა ტერმინის „დონე” მეტაფორული გამოყენება ფასებთან მიმართებაში. ფულის მიწოდებისა და მოთხოვნის ცვლილება, სხვა თანაბარ პირობებში, ერთდროულად ზრდის ან ამცირებს ყველა ფასს და ხელფასს. ფულადი ერთეულის მსყიდველობითი უნარი იცვლება, მაგრამ ერთეული საქონლის ფასებს შორის კავშირი არ იცვლება.
ას წელზე მეტია, რაც ეკონომისტებმა მსოფლიოში, სადაც ცალკეული საქონლის ფასებს შორის თანაფარდობა მუდმივად იცვლება, მსყიდველობითუნარიანობის ცვლილების გასაზომად ინდექსების მეთოდი შეიმუშავეს. მაგრამ, ამასთან ერთად, მათ არ უარყვეს მოსაზრება, რომ ფულის მიწოდების ან მოთხოვნის ცვლილების შედეგები არის ფასების პროპორციული და ფასების ერთდროულად შეცვლას განაპირობებს. ინდექსების მეთოდი შემუშავებულ იქნა ფასების ცვლილებების იმ შედეგების ერთმანეთისგან განსხვავებისათვის, რომლებიც გამომდინარეობდა ერთეული საქონლის მოთხოვნიდან ან მიწოდებიდან და აგრეთვე, რომლებიც გამომდინარეობდა ფულის მოთხოვნიდან ან მიწოდებიდან.
ფულის ნეიტრალურობის მცდარი დასკვნა ე.წ. გაცვლის განტოლების ფორმულის შემუშავების ყველა მცდელობის საფუძველს წარმოდგენს. მსგავს განტოლებასთან მიმართებაში მათემატიკოსი ეკონომისტი უშვებს, რომ როცა განტოლების ერთ–ერთი ელემენტი იცვლება, მას მოსდევს სხვა ელემენტების ცვლილებაც. განტოლების ეს ელემენტები არის არა
ცალკეული ეკონომიკის, არამედ ეკონომიკის მთელი სისტემის ელემენტები და შესაბამისად, ცვლილებები ეხება არა ცალკეულს არამედ მთლიან ეკონომიკურ სისტემას.
გამომდინარე აქედან, ეკონომისტები დაუფიქრებლად იყენებენ მონეტარული პრობლემების გადასაჭრელად იმ მეთოდებს, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება თანამედროვე კატალაქტიკური მეთოდისგან. ისინი უბრუნდებიან განსჯის ძველ მეთოდს, რომლითაც ძველი ეკონომისტების ნაშრომები განწირულია წარუმატებლობისათვის. ძველ დროს ფილოსოფოსები
იყენებდნენ უნივერსალურ ცნებებს, როგორიცაა კაცობრიობა და სხვა მსგავსი ცნებები. ისინი სვამდნენ კითხვას, თუ რა არის ოქროს ან რკინის ღირებულება და თავადვე პასუხობდნენ, რომ ეს არის საერთო ღირებულება, ყველა დროს და ყველა ადამიანისთვის. კითხვაზე, თუ რა არის ზოგადად ოქრო და რკინა, ასევე პასუხობდნენ, რომ ეს არის ოქროს და რკინის როგორც შესაძლო მარაგები, ასევე ის, რაც ჯერ არ მოუპოვებიათ. ასეთი მსჯელობით ისინი ხვდებოდნენ გარკვეულ წინააღმდეგობებს, რომელთა გადაწყვეტაც არ შეეძლოთ.
თანამედროვე ეკონომიკური თეორიის წარმატებები უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ჩვენ ვისწავლეთ სხვა გზით სიარული და გავაცნობიერეთ, რომ ბაზარზე მოქმედ ინდივიდებს არასოდეს უწევთ არჩევანი ყველა არსებულ ოქროსა და ყველა არსებულ რკინას შორის. ისინი არ წყვეტენ, კაცობრიობისთვის ოქრო უფრო მნიშვნელოვანია თუ რკინა, მაგრამ მათ უწევთ არჩევანის გაკეთება ორ შეზღუდულ რაოდენობას შორის, რომელთა ერთდროულად ქონა არ
შეუძლიათ. ამ ორი ალტერნატივიდან ისინი ირჩევენ გადაწყვეტილების მიღებისას და არსებულ პირობებში ყველაზე ხელსაყრელს. სწორედ ინდივიდების მიერ მიღებული ეს არჩევანი წარმოადგენს ბაზარზე დამკვიდრებული გაცვლის თანაფარდობის ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზს. ყურადღება არჩევანის ამ ქმედებებს უნდა მიექცეს და არა მეტაფიზიკურ, წმინდა აკადემიურ და უფრო მეტიც, არაფრისმომცემ შეკითხვას, თუ რომელი საქონელი უფრო გამოსადეგია ტრანსცენდენტური თვალსაზრისით.
მონეტარული პრობლემები ეკონომიკური პრობლემებია და ისინი სხვა ეკონომიკური პრობლემების მსგავსად გადაიჭრება. მონეტარისტ ეკონომისტს არ უწევს ისეთ საყოველთაო საკითხებთან შეხება, როგორიცაა ვაჭრობის მოცულობა ვაჭრობის მთლიანი მოცულობის მნიშვნელობით ან ფულის რაოდენობა მთლიან ეკონომიკურ სისტემაში არსებული ფულის
მნიშვნელობით. მან იცის, რომ ისეთი ბუნდოვანი მეტაფორის გამოყენებას, როგორიცაა „ფულის მიმოქცევის სიჩქარე“ ნაკლები სარგებლობა მოაქვს. ადვილი მისახვედრია, რომ ფულზე მოთხოვნას განაპირობებს ბაზარზე ინდივიდების არჩევანი. რადგანაც ყველას სურს გარკვეული რაოდენობის ფულის ქონა, ზოგს მეტის, ზოგსაც ნაკლების, ამიტომაც წარმოიქმნება ფულზე მოთხოვნა. ფული უბრალოდ არასდროს არ არის ეკონომიკურ სისტემაში, ფული უბრალოდ არ მომოიქცევა. ხელმისაწვდომი ფული ყოველთვის ვიღაცის ხელშია. ფულის ყველა ერთეული ყოველდღე, ზოგჯერ ხშირად, ზოგჯერ უფრო იშვიათად, ერთი ადამიანის ხელიდან მეორე ადამიანის ხელში გადადის. მაგრამ დროის ნებისმიერ მომენტში ის ვიღაცას ეკუთვნის.
ინდივიდების გადაწყვეტილებები ფულის ოდენობასთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი ფლობენ, წარმოადგენს მსყიდველობითი უნარის ჩამოყალიბების უმთავრეს ფაქტორს. ნაღდი ფულის ფლობისათვის ფულის რაოდენობის და ფულზე მოთხოვნის ცვლილებები მთლიან ეკონომიკურ სისტემაში არ ხდება, თუ ისინი არ ხდება ინდივიდების შინამეურნეობებში.
ეს ცვლილებები ინდივიდების შინამეურნეობებში, ყველა ინდივიდისთვის არ ხორციელდება ერთდროულად და ერთნნაირად და შესაბამისად ისინი ერთდროულ და ერთნაირ გავლენას ვერ ახდენენ ინდივიდების გადაწყვეტილებებზე. ეს სწორედაც რომ იუმის და მილის დამსახურებაა, რადგანაც ისინი შეეცადნენ აეგოთ ჰიფოთეტური მოდელი, სადაც ფულის რაოდენობის ცვლილებას შეეძლო ყველა ინდივიდზე ისე ემოქმედა, რომ ყველა საქონლის ფასები ერთდროულად და ერთნაირი თანაფარდობით მოიმატებდა ან შემცირდებოდა.
მათი მცდელობების მარცხმა ნეგატიურ მტკიცებამდე მიგვიყვანა, ხოლო თანამედროვე ეკონომისტებმა ამას დადებითი მტკიცება დაუმატეს იმის თაობაზე, რომ სხვადასხვა საქონლის ფასები ერთდროულად და ერთნაირად არ განიცდიან ზეგავლენას. ძველი რაოდენობრივი თეორიის და თანამედროვე მათემატიკური ეკონომისტების უმარტივესი ფორმულა, რომლის თანახმადაც ფასები, რომელიც გულისხმობს ყველა ფასს, იზრდება ან მცირდება ფულის რაოდენობის გაზრდის ან შემცირების პროპორციულად, უარყოფილია.
ანალიზის უფრო მარტივად და მოკლედ გადმოცემისთვის განვიხილოთ მხოლოდ ინფლაციის შემთხვევა. ფულის დამატებითი რაოდენობა მაშინვე არ ხვდება ყველა ინდივიდის ჯიბეში; თითოეული მათგანი არ იღებს ერთიდაიგივე რაოდენობის თანხას და არც ერთნაირად რეაგირებენ ფულის ნამეტ რაოდენობაზე. მათ ვინც პირველმა მიიღო
სარგებელი – ოქროს შემთხვევაში შახტების მეპატრონეები, ხოლო მთავრობის ქაღალდის ფულის შემთხვევაში ხაზინა – ახლა უკვე დამატებითი ფული აქვთ და შესაბამისად ბაზარზე მეტი ფულის დახარჯვა შეუძლიათ სასურველი საქონლის და მომსახურების მისაღებად.
დამატებითი ფული, რომელსაც ისინი ბაზარს სთავაზობენ, იწვევს საქონელზე ფასების და ხელფასების ზრდას. მაგრამ ყველა ფასი და ხელფასი არ იზრდება, ხოლო ის, რომლებიც იზრდება, მათი ზრდის ტემპი განსხვავებულია. თუ დამატებითი ფულადი სახსრები დაიხარჯება სამხედრო მიზნებისათვის, მაშინ გარკვეულ საქონლზე ფასები და გარკვეული სამუშაო ძალის ხელფასები გაიზრდება, ხოლო დანარჩენი უცვლელი დარჩება ან შესაძლებელია დროებით დაეცეს კიდეც. მათი დაცემა შეიძლება გამოწვეული იყოს იმ ფაქტით, რომ ახლა ბაზარზე გაჩნდნენ ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, რომელთა შემოსავლები არ გაზრდილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი იძულებულნი არიან მეტი გადაიხადონ ზოგიერთ საქონელში, ძირითადად ისეთ საქონელში, რომლებზეც მოთხოვნა გაიზარდა იმათი მხრიდან, ვინც პირველმა მიიღო მეტი სარგებელი ინფლაციით. ამგვარად, ინფლაციით პროვოცირებული ფასთა ცვლილება თავდაპირველად ეხება მხოლოდ რამდენიმე საქონელს და მომსახურებას, და შემდგომ მეტ-ნაკლებად ნელა ვრცელდება ერთი ჯგუფიდან სხვა ჯგუფში.
ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ დამატებითი ფულადი სახსრები არ ამოუწურავს ფასთა ცვლილების მიმართ თავის შესაძლებლობებს. მაგრამ ამ პროცესის ბოლოსაც კი სხვადასხვა საქონელი ერთნაირად არ ექცევა გავლენის ქვეშ. პროგრესული გაუფასურების პროცესი ცვლის სხვადასხვა სოციალური ჯგუფების შემოსავლებსა და დოვლათს. გამომდინარე
იქიდან, რომ გაუფასურება ჯერ კიდევ გრძელდება, რომ დამატებითმა ფულადმა სახსრებმა ჯერ კიდევ სრულად არ ამოწურა თავისი შესაძლებლობები ზეგავლენა მოახდინოს ფასებზე, რომ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული ფასები, რომლებიც უცვლელი დარჩა ან ცვლილების პროცესშია, საზოგადოებაში იქნება გარკვეული ჯგუფები, რომლებმაც ამ
პროცესით იხეირეს და ჯგუფები, რომლებმაც დანაკარები განიცადეს. მათ, ვის საქონელზე და მომსახურებაზე ფასები თავდაპირველად გაიზარდა, შეუძლიათ საკუთარი საქონელი თუ მომსახურება გაყიდონ გაზრდილ ფასებში და შეიძინონ სხვა, მათთვის სასურველი საქონელი ძველ, ჯერ კიდევ უცვლელ ფასებში. მეორეს მხრივ, ისინი, ვის საქონელსა და
მომსაურებაზე ფასები უცვლელი დარჩა, თავიანთ საქონელს ძველ ფასად ყიდიან, მაშინ როცა ყიდულობენ სხვა საქონელსა თუ მომსახურებას ახალ, უფრო ძვირ ფასად. პირველები ამ პროცესით გარკვეულ მოგებას იღებენ, ხოლო უკანასკნელნი კი აგებენ. წაგებულთა ჯიბიდან ხორციელდება მოგებულთა ზედმეტი შემოსავლების ფორმირება. რამდენადაც ინფლაცია პროგრესულად ვითარდება, ადგილი აქვს ერთი სოციალური ჯგუფის შემოსავლების და სიმდიდრის მუდმივ მოძრაობას სხვა სოციალურ ჯგუფებში. როდესაც ინფლაცია შეეხება ყველა ფასს, სოციალურ ჯგუფებში სიმდიდრის გადანაწილებაც დამთავრდება. ამ ყველაფრის შედეგი არის ეკონომიკურ სისტემაში სიმდიდრის და შემოსავლების ახალი გადანაწილება და ამ ახალ სოციალურ წესრიგში ინდივიდების მოთხოვნილებები უწინდელთან შედარებით განსხვავებული დონითაა დაკმაყოფილებული. ახალი წესრიგის ფასები უბრალოდ ვერ იქნება წინა ფასების ჯერადი.
ფულის მსყიდველობითუნარიანობის ცვლილების სოციალურ შედეგებს ორმხრივი ხასიათი აქვს: ერთის მხრივ, რადგანაც ფული არის სამომავლო გადახდის სტანდარტული საშუალება, კრედიტორებს და დებიტორებს შორის ურთიერთობები იცვლება. მეორე მხრივ, რადგანაც მსყიდველობითუნარიანობის ცვლილება ერთდროულად და ერთნაირად არ აისახება ყველა ფასზე და ხელფასზე, ადგილი აქვს განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებს შორის სიმდიდრის და შემოსავლების გადანაცვლებას. მსყიდველობითუნარიანობის დაბალანსების მომხრეთა უმთავრესი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ ისინი არ ითვალისწინებდნენ ამ მეორე ფაქტორის შედეგებს. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში ეკონომიკური თეორია საკმარის ყურადებას არ აქცევდა ამ ფაქტორს და მასზე მხოლოდ მინიშნებით შემოიფარგლებოდა, კერძოდ თუ რა გავლენას მოახდენდა საგადამხდელო საშუალების ცვლილება საგარეო ვაჭრობაზე. მაგრამ ეს პრობლემის მხოლოდ სპეციალური განაცხადია, რომელსაც ბევრად უფრო ფართო არეალი გააჩნია.
ეკონომიკური თეორიისათვის ფუნდამენტალურია ის ფაქტი, რომ ფულის რაოდენობის ცვლილებასა და ფასებს შორის არ არსებობს მუდმივი კავშირი. ფულის რაოდენობის ცვლილება განსხვავებულ გავლენას ახდენს ინდივიდუალურ ფასებსა და ხელფასებზე. ტერმინ ფასების საერთო დონის მეტაფორულ გამოყენებას შეცდომაში შევყავართ.
ამის საპირისპიროდ, მცდარი აზრი ეფუძნებოდა შემდეგ განსჯას: მაგალითისთვის განვიხილოთ ორი ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი სტატიკური წონასწორობის სისტემა A და B. ორივე ყველა ასპექტში ერთმანეთის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ A-ში ფულის საერთო რაოდენობა ტოლია M–ის და ყოველი ინდივიდის ფულადი სასხრები M-ის,
მაშინ როცა B-ში შესაბამისად MN და MN-ის. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ B-ში ყველა ფასები და ხელფასები N-ჯერ მეტია ვიდრე A-ში. მაგრამ ეს სწორედ ასეა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენი ჰიპოთეტური დაშვებაა. მაგრამ არავის არ შეუძლია შემოგვთავაზოს გზა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია A-ს ტრანსფორმაცია B-დ. ცხადია, თუ გვსურს
დინამიურ პრობლემასთან მიახლოება, დაუშვებელია სტატიკური წონასწორობით მოქმედება.
გვერდზე რომ გადავდოთ ყველა ეჭვი დინამიური და სტატიკური ტერმინების გამოყენებასთან დაკავშირებით, მსურს ვთქვა, რომ ფული აუცილებლად წარმოადგენს დინამიურ აგენტს და დიდი შეცდომაა მონეტარული პრობლემებთან სტატიკური გზით მიდგომა.
რა თქმა უნდა, სტატიკური წონასწორობის კონცეფციაში ფულს ადგილი არ აქვს. სტატიკური საზოგადოების კონცეფციის ფორმირებისას, ვუშვებთ, რომ რაიმე სახის ცვლილებები არ ხდება. ყველაფერი ძველებურად, უცვლელად მიმდინარეობს. დღევანდელი დღე გავს გუშინდელს, ხოლო ხვალინდელი დღე დღევანდელის მსგავსი იქნება. მაგრამ ასეთ პირობებში ფულადი მარაგები არავის სჭირდება. ფულადი მარაგები მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როცა ინდივიდებმა არ იციან, გაურკვეველ მომავალში რა სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდნენ. თუ ყველამ იცის თუ როდის და რას იყიდის, მაშინ მას არ სჭირდება ფული ჯიბეში და შეუძლია მთელი თავისი ფულადი მარაგები ეროვნულ ბანკში განათავსოს, როგორც ვადიანი ანაბრები და საჭირო დროს საჭირო რაოდენობით გამოიტანოს. რადგანაც ყველა ასე მოიქცევა, ცენტრალურ ბანკს აღარ სჭირდება რეზერვები საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად. ცხადია, რომ ფულის ოდენობა, რასაც ის ყოველდღიურად უხდის მყიდველებს, ტოლია იმ ოდენობის, რასაც ის ყოველდღიურად ანაბრების სახით იღებს გამყიდველებისგან. თუ დავუშვებთ, რომ სტატიკური წონასწორობის სამყაროში, სანამ წონასწორობა დამყარდებოდა, არსებობდა მხოლოდ ლითონის ფული, მაგალითად, ოქრო, უნდა ვივარაუდოთ, რომ წონასწორობის პირობის თანმიმდევრული მიდგომის შემთხვევაში მოქალაქეები უფრო და უფრო მეტ ოქროს ინახავენ ბანკში, ხოლო თავად ბანკი,
რომელსაც არ აქვს მისი ფლობის საჭიროება, ოქროს ყიდდა საიუველირო და სხვა სამრეწველო მოხმარებისათვის. წონასწორობის გაჩენისთანავე აღარ არსებობს ლითონის ფული და საერთოდ ფული, მისი ადგილი დაიკავა არაარსებითმა და არამატერიალურმა საკლირინგო სისტემამ, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ფული ჩვეულებრივი გაგებით.
ის უფრო არის საბუღალტრო აღრიცხვის განუხორციელებელი და წარმოუდგენელი სისტემა, ფული მიმოქცევაში, ისეთი როგორიც უნდა იყოს იდეალური ფული ზოგიერთი ეკონომისტის აზრით. თუ შესაძლებელია რომ მას ვუწოდოთ ფული, მაშინ ის არის ნეიტრალური ფული. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ წონასწორობის მდგომარეობა ჰიპოთეზურია, რომ მსგავსი დასკვნა მხოლოდ ჩვენი გონებრივი სამუშაოს ინსტრუმენტია. რადგანაც სოციალურ მეცნიერებებს არ ძალუძთ ექსპერიმენტების ჩატარება, ისინი მიმართავენ მსგავს საშუალებებს, თუმცა მათი გამოყენებისას დიდი სიფრთხილე გვმართებს. უნდა ვიცოდეთ რომ სტატიკური წონასწორობის მდგომარეობას რეალობაში ვერასდროს მივაღწევთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ ჰიპოთეზურ სახელმწიფოში ინდივიდები არ აკეთებენ არჩევანს, არ მოქმედებენ და არ უწევთ გადაწყვეტილებების მიღება ალტერნატივების პირობებში. შესაბამისად ჰიპოთეზურ სახელმწიფოში ცხოვრებას აკლია მისი ფუნდამენტური ელემენტი. ჰიპოთეზურ სახელმწიფოში, სადაც ადგილი არ აქვს მოქმედებას, ჩვენ თითქმის არ გვაინტერესებს მოქმედების გამომწვევი მიზეზები, რომელსაც ყოველთვის ახლავს ცვლილება. მაგრამ სამყარო ცვლილებების გარეშე მკვდარი სამყაროა. ჩვენ კი მხოლოდ სიკვდილს არ ვეჯახებით, არამედ სიცოცხლეს, მოქმედებას და ცვლილებებს.
რეალურ სამყაროში ადგილი არ აქვს ფულის ნეიტრალურობას.
ფული, რა თქმა უნდა, დინამიური ფაქტორია, და როგორც ასეთი, მისი განხილვა სტატიკური წონასწორობის თვალსაზრისით არ შეიძლება. ახლა ნება მომეცით, მოკლედ ავღნიშნო მთავარი დასკვნებიდან ზოგიერთი, რომლებიც
ფულის არანეიტრალურობის გაგებიდან გამომდინარეობს.
პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ ნეიტრალური ფულის მცდარ კონცეფციაზე უარის თქმა ანადგურებს რაოდენობრივი ეკონომიკის მხარდამჭერთა მთავარ საყრდენს. დიდი ხნის განმავლობაში ეკონომისტებს სჯეროდათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლებელი იქნება ხარისხობრივი ეკონომიკის რაოდენობრივი ეკონომიკით ჩანაცვლება. ამ იმედებს
აბათილებს ის ფაქტი, რომ ეკონომიკურ რაოდენობაში სიდიდეებს შორის არასდროს ვხვდებით მუდმივ თანაფარდობას. ჩვენ ვერასდროს შევადარებთ ეკონომისტის მიერ მიღებულ დასკვნებს მოთხოვნის და ფასების ურთიერთკავშირზე საბუნებისმეტყველო მეცნიერის ნაშრომთან, რომელიც თავის ლაბორატორიაში ექსპერიმენტების საშუალებით ადგენს
მუდმივ ურთიერთკავშირს, მაგალითად, სხვადასხვა ნივთიერებების კუთრ წონას. ეკონომისტის მიერ დადგენილს მხოლოდ ისტორიული ღირებულება აქვს, თავის სტატისკურ კვლევებში იგი ისტორიკოსია და არა ექსპერიმენტატორი. ჰენრი შულცის7 უკანასკნელი ნაშრომი იყო ეკონომიკის ისტორია; მისი კვლევიდან ვგებულობთ, თუ რა მოუვიდა წარსულის
გარკვეულ პერიოდში ზოგიერთ საქონელს ამერიკასა და კანადაში. მაგრამ არაფერს არ გვეუბნება, თუ რა მოუვიდა იგივე საქონელს სხვაგან ან სხვა დროს, ან რა მოუვა მათ მომავალში.
მიუხედავად ამისა, ისევ რჩება რწმენა, რომ ფულთან დაკავშირებით ყველაფერი სხვანაირად არის. მაგალითისთვის, მოვახდენ პროფესორ ფიშერის წიგნიდან ციტირებას ფულის მსყიდველობითუნარიანობის შესახებ, რომელიც ეფუძნება მოსაზრებას, რომ მონეტარული ერთეულის მსყიდველობითუნარიანობა იცვლება ფულის რაოდენობის ცვლილების უკუპროპორციულად8. ჩემი აზრით, ეს ვარაუდი დაუსაბუთებელი და მცდარია.
მეორე დასკვნა, რომელიც უნდა გამოვიტანოთ, არის ყველა ძალისხმევის ამაო მცდელობა, რათა ფული იყოს სტაბილურად მსყიდველობითუნარიანი. ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკის უპირატესობების, აგრეთვე ინფლაციისა და დეფლაციის უარყოფითი მხარეების ახსნა ჩვენი საუბრის თემას სცილდება. მაგრამ ჯანსაღი ფულის პოლიტიკური კონცეფცია და სტაბილური ფულის თეორიული კონცეფცია ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. არ მსურს ამ სტაბილურობის კონცეფციის შიდა წინააღმდეგობების შესახებ საუბარი. ჩვენი თემის შინაარსიდან გამომდინარე, უფრო მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ სტაბილიზაციის ყველა შემოთავაზება, სხვა უარყოფით მხარეებთან ერთად, ეფუძნება ფულის ნეიტრალურობის
იდეას. მათ მიერ შემოთავაზებული ყველა მეთოდის მიხედვით, თუ ადგილი ქონდა ინფლაციის მიერ მსყიდველობითი უნარის ცვლილებას მაშინ უნდა მოვახდინოთ იგივე დონის დეფლაცია და პირიქით. ისინი არ აცნობიერებენ, რომ ასეთი ქმედებით ვერ მოხდება პირველი ცვლილების შედეგად გამოწვეული სოციალური შედეგების განეიტრალება, არამედ პირიქით, მას დაემატება ახალი ცვლილებით გამოწვეული სოციალური შედეგები. თუ ადამიანს მანქანამ გადაურა მისი განკურნების საშუალება ნამდვილად არ არის, რომ იგივე მანქანამ საპირისპირო მიმართულებით გადაუაროს.
სტაბილიზაციის სქემების პოპულარულობა უფრო ფილოსოფიური განსჯის საგანია. ადამიანის გონების საერთო სისუსტეა ის ფაქტი, რომ დასვენების მდგომარეობა და ცვლილებების არარსებობა ბევრად უფრო მისაღებია ვიდრე მოძრაობის მდგომარეობა. სრულიად ნათელია, რომ მცდარი ფილოსოფიური სპეკულაციები ძველი აჩრდილივით ისევ ცოცხლობს
ჩვენში; მისი თანამედროვე სახელწოდებაა სტაბილურობა. მაგრამ სტაბილურობა, ანუ ცვლილებების არარსებობა, ისევ გავიმეორებ, ცხოვრების არარსებობაა.
მესამე დასკვნა, რომელიც უნდა გამოვიტანოთ, არის სტატიკურსა და დინამიურს, აგრეთვე მოკლევადიან და გრძელვადიან ეკონომიკებს შორის განსხვავების ამაოება. გზა, რომლის საშუალებითაც ჩვენ უნდა შევისწავლოთ მონეტარული ცვლილებები, გვაძლევს საუკეთესო დადასტურებას, რომ ყოველი სწორი ეკონომიკური განსჯა უნდა იყოს დინამიური,
ხოლო სტატიკური კონცეფციები – მხოლოდ ხელშემწყობი ინსტრუმენტები. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ ყველა სწორი ეკონომიკური თეორიული მსჯელობა ეტაპობრივი პროგრესია მოკლევადიანი შედეგებიდან გრძელვადიან შედეგებამდე.
მაგრამ ფულის დინამიურობის თეორიის ყველაზე დიდი მნიშვნელობა არის ეკონომიკური ციკლის მონეტარული თეორიის განვითარებაში მისი გამოყენება. ძველი ბრიტანული მონეტარული თეორია, ვიწრო გაგებით, უკვე წარმოადგენდა ციკლის მონეტარული ახსნის საშუალებას. იგი სწავლობდა კრედიტის ექსპანსიის შედეგებს იმ დაშვებით, რომ კრედიტის ექსპანსია ხდება მხოლოდ ერთ ქვეყანაში, მაშინ როცა მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ყველაფერი უცვლელი რჩებოდა. როგორც ჩანს, ეს საკმარისი იყო XIX ს-ის I ნახევრის დიდ ბრიტანეთში ბიზნეს ციკლის ასახსნელად. მაგრამ გარე ზემოქმედების ახსნა არ გავძლევს პასუხს კითხვაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს სრულიად იზოლირებულ ქვეყანაში, ან მთელ მსოფლიოში ერთდროული საკრედიტო ექსპანსიის შემთხვევაში. მაგრამ ამ მეორე შეკითხვაზე ერთადერთი პასუხი შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად მეოცე საუკუნეში შექმნილი პირობების გათვალისწინებით.
ამ მეორე კითხვაზე პასუხი მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი, თუ გავითვალისწინებთ ციკლური ცვლილებების აღმოფხვრის წინადადებებს ეროვნული ეკონომიკის საერთაშორისო ურთიერთობების შესუსტებით ან კრედიტის საერთაშორისო ექსპანსიით, რასაც ბრეტონ ვუდსის შეთანხმება გულისხმობდა. ეკონომიკური ციკლების მონეტარული თეორია ამაყობს იმით, რომ გვაძლევს ამ და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებზე დამაკმაყოფილებელ
პასუხს.
არ მსურს ზედმეტი დრო წაგართვათ და ამიტომ მხოლოდ რამდენიმე კომენტარს დავამატებ, თუ როგორ ესმით პრობლემის მოგვარება ზოგიერთ ახალგაზრდა ეკონომისტს. მე პირადად არ ვიღებ პასუხისმგებლობას ტერმინზე „ნეიტრალური ფული“. მე შევიმუშავე მსყიდველობითუნარიანობის ცვლილებების და მისი სოციალური შედეგების თეორია. ვაჩვენე, რომ ფული არის დინამიური აგენტი, და რომ მტკიცება, თითქოსდა მსყიდველობითუნარიანობის ცვლილება ფულის მიწოდებაზე მოთხოვნის ცვლილების უკუპროპორციულია, არის მცდარი. ტერმინი „ნეიტრალური ფული“ სხვა ავტორებმა მოგვიანებით გამოიგონეს9. არ მსურს ვიმსჯელო, რამდენად შესაფერისია ეს არჩევანი. მაგრამ ვეწინააღმდეგები იმ აზრს, რომ მონეტარული პოლიტიკის მიზანი ნეიტრალური ფულის შექმნაა და ეკონომისტების მოვალეობა მისი შექმნის მეთოდის განსაზღვრაა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თანამედროვე და მუდმივად ცვალებად, მოქმედების სამყაროში, ნეიტრალური ფულის ადგილი არ არის. ფული ან არანეიტრალურია ან ის საერთოდ არ არსებობს.

————-

1 ნაშრომი “ფულის არანეიტრალურობა” (“The Non-Neutrality of Money”) ლექციის სახით იქნა წაკითხული 1938 წელს პარიზში და განმეორებით – 1945 წელს ნიუ–იორკის ეკონომისტთა კლუბში. პირველად გამოქვეყნდა 1982 წელს, კრებულში “ფული, მეთოდი, და საბაზრო პროცესი”.
2 დევიდ იუმი (1711-1776), შოტლანდიელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, ეკონომისტი, განსაკუთრებით ცნობილია თავისი ფილოსოფიური ემპირიზმით და სკეპტიციზმით.
3 ჯონ სტიუარტ მილი (John Stuart Mill, 1806-1873) – ბრიტანელი ფილოსოფოსი. მნიშვნელოვანია მისი წვლილი სოციალურ თეორიაში, პოლიტიკურ თეორიაში, პოლიტიკურ ეკონომიაში. მისი თავისუფლების კონცეფცია მხარს უჭერდა პიროვნების თავისუფლებას და ეწინააღმდეგებოდა შეუზღუდავ სახელმწიფო კონტროლს.
4 David Hume, “On Money,” in Writings on Economics, Eugene Rotwein, ed. (University of Wisconsin Press, Madison, 1970), gv. 33-46; John stuart Mill, Principles of Political Economy, Sir William Ashley, ed. წიგნი 3, თავი 8.
5 ჯონ ელიოტ კერნსი (1823 – 1875) ირლანდიელი ეკონომისტი, კლასიკური ეკონომიკური სკოლის წარმომადგენელი.
6 Hohn E. Cairnes, Essays in Political Economy (London: MacMillan, 1873), გვ. 1-65.
ლუდვიგ ფონ მიზესი. ფულის არანეიტრალურობა 41
7 თავის ტრაქტატში მოთხოვნის თეორია და გაზომვის მეთოდები (Chicago: University of Chicago Press, 1938), მან მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ციკლების თეორიას.
8 Irving Fisher, The Purchasing Power of Money, 2nd ed. (New York: Macmillan, 1920), გვ. 157. „შეუძლებელია გვერდი აუქციო დასკვნას, რომ ფულის რაოდენობის ცვლილება განაპირობებს ფასთა დონის პროპორციულ ცვლილებას”
9 F.A. Hayek, Prices and Production, 2nd. (New York: Augustus M. Kelley, 1935), 31 and 129-31

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s