თავისუფლება და საკუთრება

7694_10152737059890515_830985811_n

ლუდვიგ ფონ მიზესი

გამოქვეყნდა 1958 წელს

მეთვრამეტე საუკუნის დასასრულისთვის თავისუფლების შესახებ ორი თვალსაზრისი გაბატონდა. ამასთან, თითოეული მათგანი ძალიან განსხვავდებოდა იმისაგან, რასაც დღეს ჩვენ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ვუწოდებთ.

ამ მოსაზრებებიდან პირველი, წმინდად მეცნიერული იყო და პოლიტიკურ ვითარებას არ მიესადაგებოდა. ეს იყო იდეა, რომელიც იმ ანტიკური ავტორების თხზულებებიდან მოდინარეობდა, რომელთა შესწავლა მაშინდელი უმაღლესი განათლების მიზანსა და არსს წარმოადგენდა. ამ ბერძენი და რომაელი ავტორების თვალსაზრისით თავისუფლება ყველა ადამიანისთვის როდი უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ეს უმცირესობის უპირატესი უფლება იყო, რომელიც მას უმრავლესობიდან გამოარჩევდა. ის, რასაც ბერძნები დემოკრატიას უწოდებდნენ, ამ ტერმინის დღევანდელი მნიშვნელობით, წარმოადგენდა არა სახალხო მმართველობას, როგორც ამას ლინკოლნი მოიხსენიებდა, არამედ ოლიგარქიას – სრულუფლებიანი მოქალაქეების უზენაესობას, საზოგადოებაში, სადაც უმრავლესობას მონები შეადგენდნენ. ეს ერთობ შეზღუდული თავისუფლებაც კი, ხელსაყრელ კონსტიტუციურ ინსტიტუტად ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნის შემდომი ფილოსოფოსების, ისტორიკოსებისა და ორატორების მიერადაც კი აღარ განიხილებოდა. მათი შეხედულებით, ეს უიმედოდ დაკარგული წარსულის სახასითო თავისებურება იყო. ისინი ამ გარდასულ ოქროს ხანას მისტიროდნენ, მაგრამ იქ დასაბრუნებლად არცერთი გზა არ იცოდნენ.

თავისუფლების შესახებ მეორე მოსაზრება არანაკლებ ოლიგარქიული ხასიათისა იყო, თუმცა იგი ლიტერატურული შთაგონების შედეგს არ წარმოადგენდა. ეს უფრო წარჩინებულ მიწათმფლობელთა, აგრეთვე ქალაქებში მცხოვრებ დიდგვაროვანთა პატივმოყვარული ჩანაფიქრი იყო, რომ სამეფო ერთმმართველობის მზარდი ძალაუფლებისგან საკუთარი პრივილეგიები დაეცვათ. კონტინენტური ევროპის უდიდეს ნაწილში, ამგვარ დაპირისპირებებში გამარჯვებებს მეფეებმა მიაღწიეს. წვრილმა მიწათმფლობელმა თავადაზნაურობამ და ქალაქელმა დიდგვაროვნებმა მეფეთა თვითმმართველობის დამარცხება მხოლოდ ინგლისსა და ნიდერლანდებში მოახერხეს. მაგრამ ის, რაც მათ მოიპოვეს, გულისხმობდა არა საყოველთაო თავისუფლებას, არამედ თავისუფლებას მხოლოდ რჩეულთათვის, ანუ ხალხის მცირე ნაწილისთვის.

ჩვენ ფარისევლებად არ უნდა შევრაცხოთ ისინი, ვინც იმ დროებაში თავისუფლებას ხოტბას ასხამდა, თუმცა იმავდროულად მრავალი ადამიანის სამართლებრივ უუფლებობას, ხშირად კი ბატონყმობასა და მონობასაც კი იცავდა. მათ წინაშე იმგვარი წინააღმდეგობა იდგა, რომლის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტის გზა მათ არ იცოდნენ. წარმოების იმ ხანად დამკვიდრებული სისტემა მუდმივად მზარდ მოსახლეობას ვერ აკმაყოფილებდა. იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც სოფლის მეურნეობისა და ხელოსნობის წინაკაპიტალისტური ხერხები ვერ ასაქმებდა და ასაზრდოებდა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იზრდებოდა. მოსახლეობის ამ ჭარბ ნაწილს შიმშილის ზღვარზე მყოფი ღატაკები შეადგენდნენ. ისინი იმჟამად არსებული საზოგადოებრივი წესწყობილებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ და საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, არც არავის შეეძლო წარმოედგინა განსხვავებული წესწყობილება, ანუ ვითარება, რომელშიც ამ უიღბლო ღატაკების გამოკვება მოხერხდებოდა. ასეთ ვითარებაში საკითხიც კი არ შეიძლებოდა დასმულიყო იმაზე, რომ ამ ადამიანებს სრული სამოქალაქო უფლებები მინიჭებოდათ, მით უფრო იმაზე, რომ ისინი სახელმწიფო მმართველობაში ჩაერთოთ. იმდროინდელი მმართველები მათ დასაშოშმინებლად მხოლოდ ძალისმიერი ხერხების მიზანშეწონილობს სცნობდნენ.

II

წარმოების წინაკაპიტალისტური სისტემა შემზღუდველი იყო. ამის ისტორიულ საფუძველს სამხედრო დაპყრობები შეადგენდა. გამარჯვებული მეფეები მიწებს თავიანთ წარჩინებულებს ურიგებდნენ. ეს დიდგვაროვნები მართლაც რომ ბატონები იყვნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგანაც ისინი მომხმარებლების მიერ ბაზარზე ყიდვა-არყიდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებით გამოხატულ კეთილგანწყობილებაზე დამოკიდებული არ იყვნენ. მეორეს მხრივ, ისინი თავად იყვნენ გადამამუშავებელი მრეწველობის ძირითადი მომხმარებლები, რომელსაც ამქრების პირობებში, კორპორატიული ხასიათის შინაგანი წყობა ქონდა. ეს წყობა კი ყოველგვარ სიახლეს ეწინააღმდეგებოდა და წარმოების დამკვიდრებული ხერხებიდან გადახვევას არ უშვებდა. ხალხის რაოდენობა, რომლებისთვისაც სამუშაო ადგილები თუნდაც სოფლის მეურნეობაში, ანდა ხელოვნებასა და ხელოსნობაში მოიძებნებოდა, უაღრესად მცირე იყო. მალთუსის სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთ პირობებში, ბევრს მოუხდა აღმოჩენა, რომ ,,თავისუფალი ადგილები ბუნების ამ დიდებულ ნადიმზე მათთვის არ მოიძებნებოდა“ და რომ ,,ის მათ გაცლას ურჩევდა“.1 მიუხედავად ამისა, ამ გარიყულთა გარკვეული ნაწილი მაინც ახერხებდა გადარჩენას, ბავშვების გაჩენას და ღატაკთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.

შემდეგ კაპიტალიზმის ხანა დადგა. სრულიად თვალნათელია კაპიტალიზმის მიერ დანერგილი ძირეული სიახლეები, რაც არქაული და ნაკლებად მწარმოებლური სახელოსნოების მანქანებით აღჭურვილი ქარხნებით ჩანაცვლებაში გამოიხატა. ეს რასაკვირველია ზედაპირულ შეფასებას წარმოადგენს. კაპიტალიზმის სახასიათო თვისება, რომლითაც იგი წინაკაპიტალისტური წარმოებისგან განსხვავდება, ვაჭრობის ახალი წესების დანერგვაში მდგომარეობს. კაპიტალიზმი არა უბრალოდ მასობრივი წარმოებაა, არამედ ესაა მასობრივი წარმოება მასების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით. ძველი, ,,კეთილი“ დროების ხელოვნება და ხელოსნობა თითქმის ერთთავად შეძლებულთა სურვილებზე იყო მორგებული, მაშინ როდესაც ქარხნებში ჩვეულებრივი ადამიანების უდიდესი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი საქონელი იწარმოებოდა. ყველა ახალამოქმედებული ქარხანა მასების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე იყო მიმართული, რომელთა უმრავლესობა თავის მხრივ იმავე საზოგადოებრივ ფენას მიეკუთვნებოდა, რომელსაც თავად ქარხნების მუშებიც ეკუთვნოდნენ. ქარხნები მასებს ემსახურებოდნენ უშუალოდ ან ირიბად – ექსპოტის გზით და ამგვარად, მათ უცხოური საკვებითა და ნედლეულით უზრუნველყოფდნენ. მომარაგების ეს წესი ისევე ახასიათებდა ადრეულ კაპიტალიზმის, როგორც დღევანდელს. დაქირავებულები თავად მოიხმარენ წარმოებული დოვლათის უდიდეს ნაწილს. სწორედ ისინი არიან ის ყოვლისშემძლე მომხმარებელები, რომლებიც ,,ყოველთვის მართლები არიან“. მათი გადაწყვეტილებები შეიძინონ ან თავი შეიკავონ შეძენისგან განსაზღვრავს იმას თუ რა უნდა იწარმოოს, რა რაოდენობით და რა ხარისხით. იმის შეძენით, რაც მათ მოთხოვნილებების საუკეთესოდ აკმაყოფილებს, მომხმარებლები საწარმოთა გარკვეულ ნაწილს შემოსავლებით და გაფართოების საშუალებებით უზრუნველყოფენ, ხოლო სხვებს ფულს აკარგვინებენ და აკოტრებენ. შესაბამისად, საწარმოო ფაქტორებზე კონტროლის საშუალებებს ისინი მუდმივად იმ მეწარმეებისკენ მიმართავენ, რომლებიც მათ სურვილებს ყველაზე უკეთ აკმაყოფილებენ. კაპიტალიზმის პირობებში საწარმოო ფაქტორების კერძო საკუთრება სოციალურ ფუნქციას ატარებს. მეწარმეებს, კაპიტალისტებს და მიწის მფლობელებს მომხმარებლებისგან ნდობის სიგელი აქვთ მინიჭებული და იგი შეიძლება გამუქმებულიც იქნეს კიდეც. იმისთვის, რომ მდიდარი იყო, კაპიტალის ერთხელ დაგროვება და დაზოგვა საკმარისი აღარ არის. აუცილებელია მისი განუწყვეტლივ დაბანდება იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია მომხმარებლების მოთხოვნილებების ყველაზე სრულყოფილად დაკმაყოფილება. საბაზრო პროცესი ყოველდღიური პლებისციტია, რომელიც წარმატებულთა რიგებიდან აუცილებლად განდევნის იმათ, ვინც თავის საკუთრებას საზოგადოებრივი დაკვეთის შესაბამისად არ იყენებს. შესაბამისად, მეწარმეობა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველა თანამედროვე ხელისუფლებისა და თვითმარქვია ინტელექტუალების ფანატიკური სიძულვილის საგანია, სწორედ იმიტომ ფლობს და ინარჩუნებს მნიშვნელობას, რომ იგი მასებს ემსახურება. საამქროები, რომლებიც მხოლოდ შეძლებული ადამიანებისთვის განკუთვნილ ფუფუნების საგნებს აწარმოებენ, ვერასოდეს გაფართოვდებიან. მეცხრამეტე საუკუნის ისტორიკოსებისა და ფილოსოფოსების შეცდომა იმის დაუნახაობა იყო, რომ მუშები სამრეწველო ნაწარმის მთავარი მომხმარებლები იყვნენ. მათი თვალსაზრისით, მოჯამაგირე მხოლოდ პარაზიტულად მცხოვრებ მუქთახორათა კლასის სახეიროდ მშრომელი ადამიანი იყო. ისინი შეცდომაში შედიოდნენ, როცა ფიქრობდნენ, რომ ქარხნები მუშების ფიზიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებენ. მათ რომ ყურადღებით შეესწავლათ სტატისტიკა, ისინი ადვილად მიხვდებოდნენ საკუთარი შეხედულებების უსაფუძვლობას. სინამდვილეში, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ისევე, როგორც მოსახლეობის რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო საშუალო ადამიანმა იმ სიკეთეებით დაიწყო სარგებლობა, რომელთა შესახებ წინა საუკუნეებში უაღრესად შეძლებულებიც კი ვერ იოცნებებდნენ.

ნიშანდობლივია, რომ მასების ასეთი უმაგალითო გამდიდრება სამრეწველო გადატრიალების თანამდევი შედეგი იყო. მისი მთავარი მიღწევა ეკონომიკური ურთიერთობებში წამყვან პოზიციებზე მიწათმფლობელების მაგივრად მოსახლეობის ფართო მასების წამოწევა იყო. უბრალო ადამიანი აღარ წარმოადგენდა მძიმე შრომისთვის განკუთვნილ იარღს, რომელიც მდიდრების ნასუფრალით უნდა დაკმაყოფილებულიყო. წინაკაპიტალისტური საზოგადოებისთვის დამახასიათებლი სამი გარიყული კასტა, რომლებიც მონების, მსახურების და XVI-XIX საუკუნეების საეკლესიო მამების, სწავლულ-სქოლასტიკოსებისა და ბრიტანელი კანონმდებლობის მიერ მოხსენიებულ უქონელთაგან შედგებოდა, ერთთავად გაუჩინარდა. ახალ სამეურნეო პირობებში, მათი შთამომავლები არა მხოლოდ თავისუფალი მშრომელები, არამედ მომხმარებლებიც გახდნენ. ეს ძირეული ცვლილება წარმოების მიერ ბაზრისთვის მნიშვნელობის მინიჭებაში გამოიხატა. ის რაც წარმოებას უპირველეს ყოვლისა ჭირდება არის ბაზრები და ისევ ბაზრები. ეს კაპიტალისტური მეურნეობის ნიშან-სვეტს წარმოადგენს. ბაზრები, რაც ნიშნავს მუშტრებს, მყიდველებს, მომხამრებლებს. კაპიტალიზმის პირობებში გამდიდრების მხოლოდ ერთ გზა არსებობს: მომხმარებელს მოემსახურო უფრო უკეთესად და უფრო იაფად ვიდრე ამას სხვები ახერხებენ.

საამქროებში და ქარხნებში მესაკუთრე, ხოლო კორპორაციების შემთხვევაში კი აქციონერების წარმომადგენელი, პრეზიდენტია უფროსი. თუმცა ეს პირველობა ზედაპირული და პირობითია, რადგანაც ის მომხმარებლების უზენაესობაზეა დამოკიდებული. მეფე – მომხმარებელია, ისაა ნამდვილი ხელმძღვანელი, ხოლო მწარმოებელი ვერ იარსებებს, თუკი ის თავის კონკურენტებს მუშტრის მომსახურებაში არ აჯობებს.

ეს უდიდესი ეკონომიკური გარდაქმნა იყო, რომელმაც მსოფლიოს სახე უცვალა. მისი მეშვეობით პოლიტიკური ძალაუფლება ძალიან მალე პრივილეგირებული უმცირესობიდან ხალხის ხელში გადავიდა. სამეურნეო თავისუფლებას საყოველთაო საარჩევნო უფლებების აღიარება მოჰყვა. უბრალო ადამიანმა, რომელსაც საბაზრო სამეურნეო ურთიერთობებმა მწარმოებელისა და კაპიტალისტის არჩევს უფლებამოსილება მიანიჭა, მსგავსი უფლება სახელისუფლებო საკითხებშიც მოიპოვა. ის ამომრჩეველი გახდა.

მრავალმა გამოჩენილმა ეკონომისტმა, რომელთა შორის პირველობა ვფიქრობ ფრენქ ფათერს ეკუთვნის, აღნიშნა, რომ ბაზარი დემოკრატიაა, რომლის პირობებში ყოველი პენსი ხმის მიცემის უფლებას იძლევა. უფრო სწორი იქნება იმის თქმა, რომ ხალხის მიერ წარმომადგენლობითი ხელისუფლების შექმნა, კონსტიტუციური საკითხების საბაზრო კანონზომიერებებზე დაფუძნების მცდელობას წარმოადგენს, მაგრამ სრულყოფილი სახით ამის განხორციელდება ვერასოდეს მოხერხდება. პოლიტიკურ ურთიერთობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა უმრავლესობის ნებას აქვს და უმცირესობა მას უნდა დაემორჩილოს. თუმცა ის უმცირესობაც ემსახურება, თუკი ის იმდენად მცირე არ არის, რომ შესაძლებელია მისი უგულვებელყოფა. მსუბუქი მრეწველობა ტანსაცმელს არა მხოლოდ ჩვეულებრივი ზომის ადამიანების, არამედ მსუქნებისთვისაც აწარმოებს, ხოლო გამომცემლები არა მხოლოდ მასაზე გათვლილ ვესტერნებს და დეტექტივებს ბეჭდავენ, არამედ უფრო დახვეწილ მკითხველებზე გათვლილ წიგნებსაც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება შემდეგში მდგომარეობს: პოლიტიკურ საკითხებში ცალკეულ პიროვნებას ან ადამიანთა მცირე ჯგუფს არა აქვს საშუალება, რომ უმრავლესობის ნება-სურვილს არ დაემორჩილოს. მაშინ როდესაც ინტელექტუალურ სარბიელზე კერძო საკუთრება წინააღმდეგობას შესაძლებელს ხდის. ამბოხებულმა თავისი დამოუკიდებელობის საფასური უნდა გადაიხადოს; ამ ქვეყანად მსხვერპლის გარეშე ჯილდოს მიღება შეუძლებელია. მაგრამ თუ ადამიანი თანახმაა ეს საფასური გაიღოს, მაშინ მას მმართველი რეჟიმისგან თავის დაღწევა შეუძლია. რა ბედი ელოდათ სოციალისტურ თანამეგობრობაში ისეთ ერეტიკოსებს, როგორებიც იყვნენ კირკეგაარდი, შოპენჰაუერი, ვებლენი ან ფროიდი, ან მანე, კურბე, უოლტ უიტმენი, რილკე და კაფკა? ყველა დროებაში, ახლებური აზროვნებისა და ქმედებების გზამკვლევებს მხოლოდ კერძო საკუთრება აძლევდათ საშუალებას, რომ გაეკიცხათ უმრავლესობის მოსაზრებები. ამგვარი მეამბოხეების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო ეკონომიკურად უზრუნველყოფილი იმდენად, რომ უმრავლესობის აზრის გამომხატველ მთავრობას წინ აღდგომოდა, მაგრამ ისინი თავისუფალ სამეურენო გარემოში მოღვაწეობდნენ და ადამიანების ნაწილი მზად იყო, რომ მათთვის დახმარება და მხარდაჭერა აღმოეჩინათ. რას მიაღწევდა მარქსი მისი მფარველის, მეწარმე ფრიდრიხ ენგელსის გარეშე?

III.

სოციალისტების მიერ კაპიტალიზმის ეკონომიკურ კრიტიკას ერთთავად ის გარემოება აქარწყლებს, რომ მათ საბაზრო მეურნეობაში მომხმარებლის უზენაესობა ვერ გააცნობიერეს. ისინი მხოლოდ სხვადასხვა საწარმოების და პროექტების ორაგნიზაციულ იერარქიას ხედავენ და არ ესმით, რომ მოგებაზე ორიენტირებული სისტემა ბიზნესს მომხამრებლის მოემსახურებას აიძულებს. დამქირავებლებთან ურთიერთობებში პროფკავშირები ისე იქცევიან, თითქოს მენეჯმენტის ბოროტგანზრახულობისა და სიხარბის გამოა, რომ მუშებს უფრო მაღალი ანაზღაურება არა აქვთ. ისინი იმდენად შეზღუდულები იყვნენ აზროვნებაში, რომ ქარხნის კარებს მიღმა ვერაფერს ხედავდნენ. ისინი და მათი მომხრეები ეკონომიკური ძალაუფლების კონცენტარციაზე საუბრობენ, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ, რომ ეკონომიკური ძალაუფლება საბოლოო ჯამში იმ მყიდველების ხელშია, რომელთა უდიდეს ნაწილს თავად დაქირავებულები წარმოადგენენ. მათ მიერ მოვლენების ურთიერთდაკავშირების უუნარობა ისეთ მეტაფორებშია აისახება, როგორებიცაა მრეწველობის მეფე და ბარონი. ისინი იმდენად უმეცრები არიან, რომ ვერ ხვდებიან რა განსხვავებაა ერთი მხრივ თვითმყრობელ მეფესა ან ბარონს, რომელთაც სამფლობელოებს უფრო ძლევამოსილი დამყრობი თუ წაართმევს, ხოლო მეორე მხრივ ,,შოკოლადის მეფეს“ შორის, რომელიც მაშინვე დაკარგავს თავის ,,სამეფოს“, როგორც კი მომხმარებელები მის მაგივრად სხვა მომწოდებელს ამჯობინებენ. სწორედ ამგვარი უზუსტობა უდევს საფუძვლად ყოველგვარ სოციალისტურ გეგმას. რომელიმე სოციალისტ ბელადს თავის რჩენა ჰოთ-დოგების გაყიდვით რომ ეცადა, იგი მალე მიხვდებოდა თუ რას ნიშნავს მომხმარებლების უზენაესობა. მაგრამ ისინი პროფესიონალი რევოლუციონერები იყვნენ და მათი ერთადერთი საქმე სამოქალაქო ომების გაჩაღება იყო. ლენინი ოცნებობდა, რომ ქვეყანაში წარმოება ფოსტის მსგავსად მოეწყო, რომლის ორგანიზაცია მომხმარებელზე დამოკიდებული არ არის, რადგან დეფიციტი სავალდებულო გადასახადებიდან იფარება. ლენინის განცხადებით: ,,მთელი საზოგადოება ერთ დაწესებულებად და საწარმოდ უნდა გადაქცეულიყო“.2 მან ვერ განჭვრიტა, რომ დაწესებულებისა და საწარმოს ხასიათი ძირფესვიანად იცვლება, როდესაც ის მთელ მსოფლიოში ერთადერთ გაბატონებულ მდგომარეობას იკავებს და ხალხს საშუალებას აღარ აძლევს, რომ სხვადასხვა საწარმოების გამოშვებული საქონელი ან მომსახურეობა თავადვე აარჩიოს. სიბეცის გამო მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა იმის დანახვა თუ, რა დანიშნულება აქვს კაპიტალიზმის პირობებში ბაზარსა და მომხმარებლებს. მან ვერ შეძლო თავისუფლებასა და მონობას შორის განხვავების დანახვა. გამომდინარე იქედან, რომ მისთვის მუშები მხოლოდ მხოლოდ მუშები იყვნენ და არა მომხმარებლებიც, მას სწამდა, რომ კაპიტალიზმის პირობებში ისინი უკვე ისედაც მონები იყვნენ და რომ მავანის მიერ ყველა საწარმოსა და დუქნის ნაციონალიზაცია მათ მდგომარეობას არ შეცვლიდა. სოციალიზმი მომხმარებელთა უზენაესობას დიქტატორის, ან დიქტატორების კომიტეტის უზენაესობით ანაცვლებს. მოქალაქეების ეკონომიკურ უზენაესობის დაკნინების კვალობაზე მათი პოლიტიკური უზენაესობაც უჩინარდება. ერთიანი საწარმოო გეგმა, რაც მთლიანად გამორიცხავს სამომხმარებლო არჩევანს, კონსტუტუციურ საკითხებში ერთპარტიული მმართველობის დანერგვას შეეფარდება, რომელიც მოქალაქეებს სახელწმიფოს მართვაში მონაწილეობის ყოველგვარ შესაძლებლობას ართმევს.

თავისუფლება განუყოფელია. იმას, ვისაც საკვების ან საპონის სხვადასხვა სახეობებს შორის არჩევანის უფლება არა აქვს, ასევე მოკლებულია სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა და პროგრამებს შორის არჩევანის გაკეთებისა და ხელისუფალთა არჩევის შესაძლებლობას. ის ადამიანი აღარ არის, არამედ პაიკი – მთავარი სოციალური ინჟინრის ხელში. ევგენიკა მათ საკუთარი შთამომავლობის აღზრდის თავისუფლებასაც ართმევს. რასაკვირველია, სოციალისტი ლიდერები დროგამოშვებით გვარწმუნებენ, რომ დიქტატორული ტირანია მხოლოდ კაპიტალიზმიდან და წარმომადგენლობითი მმართველობიდან სოციალიზმის ათასწლეულში გარდამავალი პერიოდით შემოიფარგლება, რომლის დადგომის შემდეგ თითოეულის მოთხოვნილებები და სურვილები სრულად იქნება დაკმაყოფილებული.3 იმ დროისთვის, როდესაც სოციალისტური რეჟიმი ,,საკმარისად მოძლიერდება იმისთვის, რომ კრიტიკას გაუძლოს“, ,,დამოუკიდებელი ფილარმონიული საზოგადოებების არსებობაც კი დაშვებული იქნება“, – გვპირდება ქალბატონი ჯოან რობინსონი, ბრიტანული კემბრიჯის სკოლის ახალიმიმართულების გამოჩენილი წარმომადგენელი.4 ამგვარად, ყველა მოწინააღმდეგის განადგურება უზრუნველყოფს იმას, რასაც კომუნისტები თავისუფლებას უწოდებენ. ამ თვალსაზრისით ნათელია, თუ რას გულისხმობდა კიდევ ერთი გამოჩენილი ინგლისელი, ბატონი ჯ. გ. ქროუთერი, როდესაც ინკვიზიციას, როგორც ,,აჯანყებული კლასების დაცვის მეცნიერულად სასარგებლო გზას“5 იწონებდა. ყოველივე ამის შინაარსი სრულიად ნათელია. როდესაც დიქტატორის წინაშე ყველა მორჩილად მოიხრის ქედს, არც ერთი მოწინააღმდეგე აღარ იარსებებს, რომ მისი განადგურება იყოს საჭირო. კალიგულა, თორქემადა, რობესპიერი ასეთ გადაწყვეტას იოლად დაეთანხმებოდნენ.

ტერმინების მნიშვნელობებისთვის საწინააღმდეგო აზრის მინიჭების გზით, სოციალსიტებმა სემანტიკური რევოლუცია წამოიწყეს. ჯორჯ ორუელის მიხედვით, მათ ,,ახალთქმათა“ ლექსიკონში, გამოიყენება ტერმინი ,,ერთპარტიული პრინციპი“. თავისი არსით სიტყვა ,,პარტია“ არსებით სახელ ,,ნაწილისგან“ არის წარმოებული. თუ სხვა ნაწილი არ არსებობს, ეს სიტყვა მისი ანტონიმისგან, ანუ მთლიანისგან აღარ განსხვავდება. შესაბამისად, პარტია ნაწილი აღარ არის, ხოლო ,,ერთპარტიული პრინციპი“ სინამდვილეში ერთიანობას ნიშნავს. ეს ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობას გულისხმობს.

თავისუფლება თანხმობის და უარყოფის უფლებას გულისხმობს. მაგრამ ,,ახალთქმათა“ ენაზე ეს უპირობო თანხმობის ვალდებულებას და ნებისმიერი უარყოფის დაუშვებლობას ნიშნავს. პოლიტიკური ტერმინოლოგიის ტრადიციული მნიშვნელობის ამდაგვარი გაუკუღმართება მხოლოდ რუს კომუნისტებს და მათ ფაშისტ და ნაცისტ მიმდევრების როდი ახასიათებთ. ისეთი საზოგადოებრივი წყობილება, რომელიც კერძო საკუთრების გაუქმებით მომხმარებლების თვითმმართველობასა და დამოუკიდებლობას ართმევს, ხოლო თითოეული ადმიანის ბედს ცენტრალური საგეგმო კომიტეტის მიკერძოებული გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს, მასების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, თუკი თავის ნამდვილ განზრახვას სათანადოდ არ შენიღბავს. სოციალისტები ამომრჩევლებს ვერასოდეს გაასულელებდნენ თუკი ღიად ეტყოდნენ, რომ თავიანთ საბოლოო მიზნად მათ დამონებას ისახავდნენ. საჯარო საუბრებში ისინი იძულებული იყვნენ, რომ თავისუფლების ტრადიციული გაგებისთვის არაგულწრფელი ხოტბა შეესხათ.

IV

შეთქმულების მონაწილე ვიწრო წრეების უაღრესად გასიდუმლოებული ვითარებაში მიმდინარე შიდა საუბრები განსხვავებული შინაარსის იყო. საქმეში ჩახედული პირები იქ არ ფარავდნენ თავიანთ შეხედულებებს თავისუფლებასთან დაკავშირებით. მათი აზრით თავისუფლება უდაოდ სასარგებლო იყო წარსულში, ბურჟუაზიული საზოგადოების პირობებში, რადგანაც ეს თავად მათ თავიანთი გეგმების განხორციელების საშუალებას აძლევდათ. მაგრამ სოციალიზმის დამკვიდრებასთან ერთად, თავისუფალი აზროვნებისა და ცალკეული პიროვნების თვითმყოფადი მოქმედებების საჭიროება აღარ იქნებოდა. ნებისმიერი შემდგომი ცვლილება სოციალისტურ განცხრომაში მყოფი კაცობრიობის ჭეშმარიტი გზიდან გადაცდომას გამოიწვევდა. ასეთ ვითარებაში განსხვავებული აზრის დაშვება უბრალოდ უგუნურება იქნებოდა.

ბოლშევიკების მტკიცებით, თავისუფლება ბურჟუაზიული ცრურწმენაა. უბრალო ადამიანს არ გააჩნია საკუთარი აზრები, იგი არ წერს წიგნებს, არ ანვითარებს ერეტიკულ აზრებს, არ ნერგავს წარმოების ახალ ხერხებს. მას მხოლოდ ის სურს, რომ ცხოვრებით დატკბეს. მას არაფერი ესაქმება ინტელექტუალების კლასობრივ ინტერესებთან, რომლებიც თავს აღმოჩენებითა და დისიდენტური საქმიანობით ირჩენენ.

ეს მიდგომა ჩვეულებრივი მოქალაქისადმი უკიდურესად ქედმაღლური ზიზღითაა განმსჭვალული. ამის დასაბუთება საჭირო არაა. საქმე იმაში კი არ არის, შეუძლია თუ არა უბრალო ადამიანს დამოუკიდებელი აზროვნება, საუბარი და წიგნების წერა; არამედ იმაში, შეუძლია თუ არა ზანტ და მოუხერხებელ ადამიანს იმ თავისუფლებით ხეირი მიიღოს, რომელიც იმათ მიენიჭათ, ვინც მას აზროვნების უნარსა და ნებისყოფას უბინდავს. შესაძლოა, უბრალო ადამიანი უფრო დახვეწილი ადამიანების საქმიანობას გულგრილად და დამცინავადაც კი უყურებდეს. მაგრამ იგი ხალისით ისარგებლებს ყველა იმ სიკეთით, რასაც გამომგონებლების ძალისხმევა მის განკარგულებაში აქცევს. მას უმნიშვნელოდ ეჩვენება საკითხები, რომლებზედაც წარმოდგენა არა აქვს. მაგრამ, როგორც კი ეს მოსაზრებები და მიდგომები რომელიმე გონებამახვილი მეწარმის მიერ უბრალო ადამიანის ფარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის იქნება გამოყენებული, იგი სასწრაფოდ ეცდება შეიძინოს მათი მეშვეობით დამზადებული ახალი ნაწარმი. თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების მთავრი მომხმარებელი უდავოდ უბრალო ადამიანია. მართალია, რომ საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანი მრეწველობას ვერ გაუძღვება. მაგრამ უპირატესობა, რომელსაც მას ბაზარი სამეურნეო ურთიერთოებებში ანიჭებს, ტექნოლოგებსა და მეწარმეებს მეცნიერული მიღწევების მის სასარგებლოდ გამოყენებისკენ უბიძგებს. ამას მხოლოდ ის ადამიანები ვერ ხვდებიან, რომელთა თვალსაწიერი საწარმოს შიდა მოწყობის საკითხებს ვერ სცდება და რომლებიც ვერ აცნობიერებენ, თუ რა ამოძრავებს მეწარმეს.

საბჭოთა სისტემის მხარდამჭერები კვლავ და კვლავ ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ თავისუფლება პირველმნიშვნელოვანი საკითხი არ არის. ის „უსარგებლოა“, თუკი თავის თავში სიღატაკეს გულისხმობს. მათი აზრით სრულიად გამართლებულია, რომ თავისუფლება მასების კეთილდღეობას შეეწიროს. მათი აზრით, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა, რომლებიც ვერ ეგუებიან არსებულ წყობას, რუსეთის ყველა მოქალაქე ბედნიერია. შესაძლებელია უპასუხოდ დარჩეს, რამდენად დაეთანხმებოდა ამ აზრს მილიონობით უკრაინელი გლეხი, რომლებიც შიმშილისგან დაიღუპნენ, ან შრომითი ბანაკების ტუსაღები, ან მარქსისტი ლიდერები, რომლებიც ე.წ. წმენდებში მოყვნენ. ვერც იმ ფაქტს ვუარყოფთ, რომ ცხოვრების დონე დასავლეთის ქვეყნებში ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე კომუნისტურ აღმოსავლეთში. რუსებმა ცუდი არჩევანი გააკეთეს, როდესაც კეთილდღეობის მიღწევის სანაცვლოდ თავისუფლებაზე უარი თქვეს. ეხლა მათ არც ერთი აქვთ და არც მეორე.

V

რომანტიკული ფილოსოფია ილუზიით იყო მოცული, როდესაც მიიჩნევდა, რომ ადრეულ საუკუნეებში ადამიანი თავისუფალი იყო და რომ მან ეს ბუნებით მინიჭებული თავისუფლება ისტორიული ევოლუციის კვალდაკვალ დაკარგა. როგორც ჟან ჟაკ რუსო თვლიდა, ბუნებამ ადამიანს თავისუფლება მიანიჭა, ხოლო საზოგადოებამ კი წაართვა. სინამდვილეში პირველყოფილი ადამიანი ყველა იმ თანატომელის გულმოწყალეობაზე იყო დამოკიდებული, რომელიც მასზე ძლიერი იყო და მაშასადამე, მისთვის მწირი საარსებო საშუალებების წართმევა შეეძლო. ბუნებაში ისეთი რამ, რასაც შეიძლება თავისუფლება ეწოდოს არ არსებობს. თავისუფლების კონცეფცია ყოველთვის ადამიანებს შორის საზოგადოებრივ ურთიერთობებს გულისხმობს. სრული სიმართლეა, რომ საზოგადოებას არ შეუძლია ცალკეული პიროვნების სრული თავისუფლების შესახებ ილუზორული კონცეფციის განხორციელება. საზოგადოებაში ყველა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გაიმეტებენ სხვა ადამიანები მის საკეთილდღეოდ, მათ კეთილდღეობაში მის მიერ შეტანილი წვლილის სანაცვლოდ. საზოგადოება არსებითად ურთიერთმომსახურებას გულისხმობს. სანამ ადამიანებს არჩევანის შესაძლებლობა აქვთ, ისინი თავისუფლები არიან. თუკი ისინი გაცვლის შეთავაზებულ პირობებს იძულებით ან იძულების მუქარით დაეთანხმებიან, მაშინ მიუხედავად იმისა თუ როგორ აღიქვამენ ისინი ამას, ისინი თავისუფლებას დაკარგავენ. მონა თავისუფალი სწორედ იმიტომ არ არის, რომ მას ბატონი ეუბნება თუ რა უნდა გააკეთოს და რას მიიღებს ამის სანაცვლოდ.

რაც შეეხება რეპრესიისა და ძალდატანების საზოგადოებრივ აპარატს, ანუ ხელისუფლებას, აქ თავისუფლების შესახებ საკითხიც დასმაც შეუძლებელია. ხელისუფლება თავისი არსით თავისუფლების უარყოფას წარმოადგენს. იგი იძულებას ან იძულების მუქარას მიმართავს, რომ თითოეული ადამიანი თავის ნებას დაუქვემდებაროს, მოსწონთ ეს მათ, თუ არა. რამდენადაც ხელისუფლების უფლებამოსილება იზრდება, ეს ძალმომრეობაა და არა თავისუფლება. ხელისუფლება აუცილებელი დაწესებულებაა, საშუალება, რომელიც საზოგადოებრივი თანამშრომლობის სისტემის მუდმივ ქმედითუნარიანობას უზრუნველყოფს, შიდა თუ გარეშე წარმოშობის დაჯგუფებების წინააღმდეგობების მიუხედავად. ხელისუფლება აუცილებელი ბოროტება არ არის, როგორც ამას ზოგიერთები ქადაგებენ. ის საერთოდ არ არის ბოროტება, არამედ საშუალება, ერთადერთი ხელმისაწვდომი საშუალება იმისთვის, რომ ადამიანთა მშვიდობიანი თანაარსებობა შესაძლებელი გახდეს. მაგრამ ის თავისუფლებას ეწინააღმდეგება. ის სცემს, აპატიმრებს, სახრჩობელაზე უშვებს. რასაც არ უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, ის შეიარაღებული პოლიციელების ქმედითი მხარდაჭერით სარგებლობს. თუ ხელისუფლება საავადმყოფოებსა და სკოლებს მფარველობს, სათანადო სახსრები საგადასახადო შემოსავლებიდან, ე.ი. მოქალაქეებიდან ამღებული თანხებით გროვდება.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ადამიანთა ბუნებიდან გამომდინარე, ქმედითი სახელისუფლებო დაწესებულებების გარეშე არც ცივილიზაცია იქნებოდა და არც მშვიდობა, შეიძლება ხელისუფლება ყველაზე სასარგებლო საკაცობრიო დაწესებულებად აღვიქვათ. მაგრამ ხელისუფლება, რომ ძალმომრეობაა და არა თავისუფლება, ურყევ ჭეშმარიტებად რჩება. თავისუფლება მხოლოდ იმ სამოქმედო სივრცეებში მოიძებნება, რომლებშიც ხელისუფლება არ ერევა. თავისუფლება ყოველთვის ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობაა. ეს არის ხელისუფლების ჩარევის შეზღუდვა. ის მხოლოდ იქ ვლინდება, სადაც ადამიანებს იმ გეზის არჩევის შესაძლებლობა აქვთ, რომელსაც თავად სურთ რომ გაყვნენ. სამოქალაქო უფლებები არის კანონები, სადაც ზუსტად არის განსაზღვრული ის სფეროები, რომლებშიც ადამიანების შექმნილ სახელმწიფოს პიროვნებათა თავისუფლების შეზღუდვის უფლება გააჩნია.

საბოლოო შედეგი, რა მიზნითაც ადამიანმა ხელისუფლება შექმნა, გარკვეული საზოგადოებრივი თანამშრომლობის სისტემაში შრომის დანაწილების პრინციპის დანერგვაა. თუ სოციალიზმი (კომუნიზმი, გეგმიური ეკონომიკა) წარმოადგენს სოციალურ სისტემას, რომლის დამკვიდრება ადამიანებს სურთ, მაშინ თავისუფლებისთვის ასპარეზი აღარ რჩება. ნებისმიერ შემთხვევაში ყოველი მოქალაქე სახელისუფლებო ბრძანებას ექვემდებარება. სახელმწიფო ყოვლისმომცველია, ხოლო რეჟიმი ტოტალიტარულია. ხელისუფლება თავად გეგმავს და ყველას აიძულებს, რომ ამ ერთიანი გეგმით იმოქმედოს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ადამიანები სოციალური თანამშრომლობაში ჩართვის გზების არჩევანში თავისუფალი არიან. საბაზრო ურთიერთობების ასპარეზის გაფართოვების კვალობაზე, პიროვნებებს სპონტანური ქმედებების უფრო დიდი ასპარეზი უჩნდებათ. ე.წ. laissez-faire (ფრან. ჩაურევლობა. რედ. შენიშ.) სისტემის პირობებში, რომელსაც ფერდინანდ ლასალმა ღამის გუშაგი სახელმწიფო უწოდა, არსებობს სამოქმედო სივრცეები, სადაც ადამიანები საკუთარი გეგმებში თავისუფლები არიან.

სოციალისტებმა უნდა აღიარონ, რომ სოციალისტური სისტემის პირობებში არანაირი თავისუფლება არ არსებობს. ამის ნაცვლად ისინი დამმონებელ სახელმწიფოსა და ეკონომიკურ თავისუფლებას შორის განსხვავების გააქარწყლებას იმით ცდილობენ, რომ ბაზარზე საქონლისა და მომსახურების ურთიერგაცვლის თავისუფლებას უარყოფენ. პროსოციალისტი სამართალმცოდნეების თანახმად, ყველა საბაზრო გაცვლა „სხვა ადამიანების თავისუფლების ძალადობრივი ხელყოფაა“. მათი აზრით ერთი მხრივ ადამიანის მიერ გადასახადისა თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმის გადახდასა და მეორე მხრივ, გაზეთის ან კინოთეატრის ბილეთის ყიდვას შორის განსხვავება არ არსებობს. ყოველ ზემოთაღნიშნულ შემთხვევაში ადამიანი გარკვეულ წარმმართველ ძალას ემორჩილება. იგი თავისუფალი არ არის, რადგან როგორც პროფესორ ჰეილს მიაჩნია, ადამიანის თავისუფლება „მატერიალური ფასეულობების სარგებლობის პროცესში დაბრკოლებების არარსებობას“6 ნიშნავს. ეს გულისხმობს, რომ მე თავისუფალი არ ვარ, რადგანაც ქალმა, რომელმაც თავის ქმარს დაბადების დღისთვის საჩუქრად სვიტრი მოუქსოვა, მე ამ სვიტრის გამოყენება შემიზღუდა. მე თავად ვზღუდავ სხვა ადამიანების თავისუფლებას, რადგანაც მე არ ვაძლევ მათ ჩემი ჯაგრისით სარგებლობის უფლებას. ამ მოძღვრების მიხედვით, მე თავად ვსარგებლობ პირადი სახელისუფლებო ძალაუფლებით, რაც იმ ძალაუფლების მსგავსია, რომელსაც ხელისუფლება იყენებს, როდესაც ადამიანს სინგ-სინგის საპყრობილეში ატყვევებს.

ამ გამაოგნებელი მოძღვრების მქადაგებლები ასკვნიან, რომ თავისუფლება არსად არ არსებობს. ისინი მიიჩნევენ, რომ ის, რასაც ისინი ეკონომიკურ ზეწოლას უწოდებენ, არსებითად არ განსხვავდება ბატონის მიერ თავისი მონების მიმართ განხორციელებული ზეწოლისგან. ისინი გმობენ იმას, რასაც პირად სახელისუფლო ძალაუფლებას უწოდებენ, თუმცა სახელწიფო ხელისუფლების მიერ თავისუფლების შეზღუდვას არ ეწინააღმდეგებიან. მათ სურთ, რომ მხოლოდ ხელისუფლების ხელში იყოს თავმოყრილი ყოველივე, რაც თავისუფლების შეზღუდვას ეხება. მათ იერიში მიაქვთ კერძო საკუთრების ინსტიტუტზე და იმ კანონებზე, რომლებიც მათი თქმით მოწოდებული არიან „საკუთრებითი უფლებების დასამკვიდრებლად, ანუ თითოეული ადამიანის თავისუფლების შესაზღუდად“.7

ერთი თაობით წინ დიასახლისები წვნიანს იმ რეცეპტის მიხედვით ამზადებდნენ, რომელსაც დედისგან იღებდნენ მემკვიდრეობით ან სამზარეულო წიგნებში კითხულობდნენ. დღეს დიასახლისების უმეტესობა დაკონსერვებულ მზა წვნიანის ყიდვას ამჯობინებს, რომელსაც მხოლოდ შეთბობა სჭირდება. მაგრამ, აცხადებენ ჩვენი სწავლულ მეცნიერები, თუნუქის ქილებზე ფასის დაწესებით, საკონსერვო მრეწველობას შეუძლია დიასახლისს ამ წვნიანით სარგებლობის თავისუფლება შეუზღუდოს. ხალხი, რომელსაც ამ ცნობილ მეცნიერთა მოწაფეობის პატივი არ ჰქონდა, იტყოდა, რომ კონსერვების დამზადებით ქარხანამ მომხმარებელს ქილების არ ქონით გამოწვეული მრავალი უხერხულობა მოუხსნა. საქონლი ვერავის ვერ დააკმაყოფილებს, სანამ ის არ დამზადდება. მაგრამ სწავლულები ამბობენ, რომ ისინი ცდებიან. მათ მიაჩნიათ, რომ კორპორაცია დომინირებს დიასახლისზე, ანადგურებს რა მას, მისი პირადი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ძალაუფლების მეშვეობით. შესაბამისად, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა – ასეთი მძიმე დანაშაულის აღკვეთა. პროფესორ ბერლეს მიაჩნია, რომ ფორდის ფონდი და მისი მსგავსები, ხელისუფლების ზედამხედველობას უნდა დაექვემდებარონ.8

რატომ ურჩევნია დიასახლისს კონსერვირებული საკვების შეძენა და არა დედის ან ბებიის რეცეპტებით მომზადება? უეჭველია, იმიტომ რომ ეს ხერხი მისთვის უფრო მოსახერხებელია, ვიდრე აქამდე არსებული. მისთვის არავის დაუძალებია. უბრალოდ არსებობდა ხალხი, მათ მოჯამაგირეებს, პრომოუტერებს, კაპიტალისტებს, სპეკულიანტებს ან საფონდო ბირჟის მაკლერებს უწოდებენ, რომლებსაც საკონსერვო მრეწველობაში ინვეტიციების დაბანდების გზით, მილიონობით დიასახლისის ფარული სურვილის დააკმაყოფილება მოუვიდათ აზრად. იქვე ასევე იყვნენ სხვა ეგოისტი კაპიტალისტებიც, რომლებიც ასობით კორპორაციის მეშვეობით, მრავალ ადამიანს სხვა საგნებით ამარაგებენ. რაც უფრო უკეთესად ემსახურება კორპორაცია საზოგადოებას, მით უფრო მეტი მომხმარებელი ყავს და სწრაფადაც იზრდება. მიბრძანდით საშუალო ამერიკელის ოჯახში და დარწმუნდებით, თუ ვისთვის ტრიალებს ათასობით დანადგარის ბორბლები და ჭანჭიკები.

თავისუფალ ქვეყანაში არავინ იზღუდება, რომ მომხმარებლების უკეთ მომსახურების გზით გამდიდრდეს. ის, რაც ადამიანს ესაჭიროება – გონიერება და შრომისმოყვარეობაა. გამოჩენილ ბრიტანელ ეკონომისტებში ყველაზე ახალგაზრდა ედვინ ქენანმა განაცხადა, რომ „თანამედროვე ცივილიზაცია, ისევე როგორც თითქმის მთელი ცივილიზაცია ეფუძნება პრინციპს, რომელიც გულისხმობს იმათ თაყვანისცემას, ვისაც ბაზარისთვის სარგებელი მოაქვს და პატივს არ მიაგებს იმათ, ვინც ამას ვერ ხერხებს“.9

ყოველგვარი საუბრები ეკონომიკური ძალაუფლების კონცენტარციაზე უსაგნოა. რაც უფრო დიდია კორპორაცია, მით უფრო მეტ ადამიანს ემსახურება, მით უფრო დამოკიდებულია მომხმარებლების, მრავალი ადამიანის, მასების კეთილგანწყობაზე. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეკონომიკური ძალაუფლება მომხმარებლების ხელშია.

კაპიტალისტური წარმოება ერთხელ მიღწეულის შენარჩუნებას არ ნიშნავს. ეს განუწყვეტელი განახლებაა; ყოველდღიური მცდელობა, რომ მომხმარებლი უფრო ახალი, უკეთესი და შედარებით იაფი საქონლით მომარაგდეს. წარმოება მუდმივად გარდამავალ მდგომარეობაშია. არსებობს მუდმივი სწრაფვა, რომ ის რაც უკვე მიღწეულია, შეიცვალოს იმით, რაც მომხმარებელს უკეთესად მოემსახურება. შესაბამისად, კაპიტალიზმის პირობებში ელიტის მუდმივი განახლება ხდება. ადამიანს, რომელსაც მავანი მრეწველობის მეფედ მოიხსენიებს, მხოლოდ სიახლეებისკენ სწრაფვისა და მათი განხორციელების უნარი შეუნარჩუნებს ამ მდგომარეობას. რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს კორპორაცია, იგი განწირულია, თუკი მას არ ექნება ყოველდღიური მცდელობა, განაახლოს მომხმარებელთა დაკმაყოფილების ხერხები. მაგრამ პოლიტიკოსები და ვაირეფორმატორები მრეწველობის მხოლოდ დღევანდელ სტრუქტურას ხედავენ. მათ ჰგონიათ, რომ სამარისად მოხერხებულები არიან და მეწარმეებს ქარხნებზე ზედამხედველობას წაგლეჟენ, რომ ისინი უკვე ჩვევად ქცეული ხერხებით მართონ. მაშინ, როდესაც ახალბედა პატივმოყვარე მეწარმე, რომელიც ხვალ მაგნატობას ლამობს, უკვე ჯერარნახულ სიმაღლეების დაპრობას გეგმავს, ამ ადამიანებს არაფერი არ მოსდით აზრად გარდა იმისა, რომ სხვების მიერ ერთხელ უკვე გატკეპნილი გზით იარონ. არ არსებობს მაგალითი იმისა, რომ ბიუროკრატებს რომელიმე ტექნოლოგიური სიახლე დაენერგათ. თუკი მავანს უძრაობაში ჩარჩენა არ სურს, თავის გამოჩენის თავისუფლება უნდა მისცეს დღესდღეისობით ჯერ კიდევ უცნობ ახალგაზრდებს, რომელთა მახვილგონიერება კაცობრიობას უფრო უკეთესი ყოფისკენ წაუძღვება. ამ პრობლემის მოგვარება, ქვეყნის ეკონომიკური მმართველობის ძირითადი საკითხია.

საწარმოო ფაქტორებზე კერძო საკუთრება არ ზღუდავს ყველა სხვა ადამიანის თავისუფლებას მისთვის ხელსაყრელი არჩევანი გააკეთოს. პირიქით, იგი საშუალებას იძლევა, რომ უბრალო ადამიანმა, როგორც მყიდველმა, თავად მართოს ეკონომიკური ვითარება. ეს არის საშუალება, რომელიც ერის ყველაზე საქმიან ადამიანებს უბიძგებს, რომ თავიანთი უნარ-ჩვევები სხვა ადამიანების სამსახურში საუკეთესო გზით გამოიყენონ.

VI

რაც არ უნდა იყოს, მავანი სრულად ვერ აღწერს ცვლილებებს, რომლებიც კაპიტალიზმმა უბრალო ადამიანის ცხოვრებაში გამოიწვია, თუკი მხოლოდ ბაზარზე მომხმარებლის უზენაესობას, სახელმწიფო საქმეებში საარჩევნო ხმის მოპოვებას და ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას აღწერს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კაპიტალიზმმა ადამიანს საშუალება მისცა დაეზოგა, კაპიტალი დაეგროვებინა და დაებანდებინა კიდეც. უფსკრული, რომელიც წინაკაპიტალისტურ წყობასა და კასტურ საზოგადოებაში მესაკუთრეთა და უქონელთა შორის არსებობდა, მნიშვნელოვნად შემცირდა. ძველ დროში ხელოსანს იმდენად დაბალი ანაზღაურება ჰქონდა, რომ იგი ძნელად თუ დაზოგავდა რამეს და თუკი მაინც მოახერხებდა ამას, მხოლოდ რამოდენიმე გროშის გადანახვით გზით. კაპიტალიზმის პირობებში კი, მატერიალური მდგომარეობა მას ფულის დაგროვების შესაძლებლობას აძლევს და არსებობს ინსტიტუტები, რომლებიც მას დაეხმარებიან, რომ დანაზოგი წარმოებაში დააბანდოს. ამერიკის სამრეწველო კაპიტალის არც თუ ისე უმნიშველო ნაწილი დაქირავებული თანამშრომლების დანაზოგებისგან შედგება. შემნახველი ანაბრების, სადაზღვევო პოლისების და სხვადასხვაგვარი ფასიანი ქაღალდების შეძენით, მოჯამაგირეები და თანამშრომლები თავად იღებენ პროცენტებს და დივიდენდებს, შესაბამისად, მარქსისტული ტერმინოლოგიით – მჩაგვრელები არიან. უბრალო ადამიანი წარმოების აყვავებით უშუალოდაა დაინტერესებული, არა მხოლოდ, როგორც მომხმარებელი და დაქირავებული, არამედ როგორც ინვესტორიც. დღეს საწარმოო ფაქტორების მფლობელებსა და სხვა ადამიანებს შორის განსხვავების შემცირების გარკვეული ტენდენცია გამოიკვეთა. მაგრამ ეს ტენდენცია, რასაკვირველია მხოლოდ მაშინ გაგრძელდება, თუკი საბაზრო ეკონომიკას ე.წ. სოციალური პოლიტიკა არ შეაფერხებს. საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო ,,ფულის იოლად შოვნის“ ხერხებით – საკრედიტო ექსპანსიით და დაუფარავი ინფლაციით განუწვეტლივ ითვისებს ყველა იმ ვალდებულების ნაწილს, რომელიც ადგილობრივი საგადამხდელო საშუალებით იფარება.

უბრალო ადამიანების თვითმარქვია დამცველები კვლავ იმ დრომოჭმული მოსაზრებით ხელმძღვანელობენ, რომლის მიხედვითაც მოვალეების მხარდაჭერა კრედიტორების ხარჯზე ხალხის უმეტესობისთვის ხელსაყრელი პოლიტიკაა. საბაზრო ეკონომიკის ძირითად კანონზომიერებებში ჩაუხედაობა, იმ სრულიად ნათელი მოვლენის შეუმჩნევლობაშიც ვლინდება, რომ უბრალო ადამიანები, რომელთა დაცვასაც ისინი ასე ცდილობენ, თავად არიან კრედიტორები, როგორც დანაზოგების, სადაზღვევო პოლისებისა და ფასიანი ქაღალდების მფლობელები.

VII

დასავლეთის სოციალური ფილოსოფიის გამორჩეული პრინციპი ინდივიდუალიზმია. იგი მიზნად ისახავს ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ცალკეულ პიროვნებას თავისუფალი აზროვნების, არჩევისა და მოქმედების უფლება აქვს, ძალმომრეობის და ჩაგვრის საზოგადოებრივი დაწესებულების – სახელწიფოს გარეშე. დასავლური ცივილიზაციის ყველა სულიერი და მატერიალური მიღწევა, თავისუფლების შესახებ ამგვარი მოსაზრების განხორციელების შედეგს წარმოადგენს.

ინდივიდუალიზმისა და კაპიტალიზმის მოძღვრება და პოლიტიკა, მათი ქმედითუნარიანობა ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებაში, დაცვასა და პროპაგანდას არ საჭიროებს. მიღწევები ისედაც თვალსაჩინოა.

კაპიტალიზმისა და კერძო საკუთრების პირობებში, სხვა საკითხებისგან გარდა, წარმოების ნაყოფიერებაა შეუდარებლად მაღალია. სწორედ ეს განაპირობებს, რომ კაპიტალისტურ მეურნეობას სულ უფრო მზარდი მოსახლეობის უზრუნველყოფა შეუძლია, მათი ცხოვრების პირობების მუდმივი გაუმჯობესების გზით. მასების კეთილდღეობის ზრდა ისეთ სოციალურ გარემოს ქმნის, სადაც განსაკუთრებით ნიჭიერ პიროვნებებს საშუალება აქვთ თანამოქალაქეებს მთელი საკუთარი შესაძლებლობებით მოემსახურონ. კერძო საკუთრებასა და შეზღუდულ მმართველობაზე დაფუძნებული სოციალური სისტემა ერთადერთია, რომელიც ყველა იმ პიროვნებას უხსნის საზოგადოებაში დასაბრუნებელ კარს, ვისაც პირადი თვითდამკვიდრების თანდაყოლილი უნარი გააჩნია.

ამაოა კაპიტალიზმის მატერიალური მიღწევების დაკნინების მცდელობა და იმის განცხადება, რომ კაცობრიობისთვის უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს, ვიდრე დიდი და სწრაფი მანქანები, ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი სახლები, ჰაერის კონდიცირება, მაცივრები, სარეცხი მანქანები, ტელევიზორები და სხვა. რასაკვირველია, არსებობს უფრო მაღალი და წმინდა მიზნები. მაგრამ ისინი სწორედ იმიტომ არიან მაღალი და წმინდა, რომ არ არიან შთაგონებული გარეშე ძალისხმევით, არამედ ადამიანის პირადი გადაწყვეტილების და ძალისხმევის შედეგს წარმოადგენენ. ისინი, ვინც კაპიტალიზმს ბრალს უყენებენ, მხოლოდ მოუმწიფებელი და მატერიალისტური შეხედულებებით ხელმძღვანელობენ, ვარაუდობენ რა, რომ მორალური და სულიერი კულტურა მხოლოდ ხელისუფლების მხარდაჭერით და წარმოების მართვის გზით ვითარდება. ყველა ეს გარეშე ფაქტორი, მხოლოდ პიროვნებების თვითგანვითარებასა და დახვეწას უწყობს ხელს. კაპიტალიზმის ბრალი არ არის, რომ მასებს სოფოკლეს ანტიგონეზე მეტად კრივის ყურება უფრო ურჩევნიათ, ჯაზი უფრო მოსწონთ, ვიდრე ბეთჰოვენის სიმფონიები, ამასთან კითხულობენ კომიქსებს და არა პოეზიას. თუმცა ისიც ცხადია, რომ წინაკაპიტალისტურ პირობებში, რასაც მსოფლიოს უმეტესმა ნაწილმა თავი ჯერჯერობით ვერ დააღწია, ყოველივე ეს მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილისთვისაა ხელმისაწვდომი. კაპიტალიზმი კი, ყველა პირობას ქმნის, რომ მასებმა ამ მდომარეობას თავი დააღწიონ.

კაპიტალიზმი მავანმა რა კუთხითაც არ უნდა განიხილოს, ხელშესახები მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გასცქეროდეს მავანი წარსულს ნოსტალგიით არ არსებობს. კიდევ უფრო ნაკლები მიზეზია, რომ ელტვოდე ტოტალიტარულ უტოპიას, მიუხედავად ნაცისტურია ის თუ საბჭოური.

დღეს მონ პელერინის საზოგადოების მეცხრე შეხვედრა გაიმართება. ასეთ შეხვედრებზე საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოითქმება, რაც მხოლოდ თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი, რაც დასავლეთის ცივილიზაციის უდავო მიღწევას წარმოადგენს. მოდით იმედი ვიქონიოთ, რომ განსხვავებული აზრის ქონის უფლება ყოველთვის იარსებებს.

_____________________________

1. თომას რ. მალთუსი, ნაშრომი მოსახლეობის პრინციპზე, მეორე გამოცემა, ლონდონი, 1803 წელი, გვ 531.

2. ლენინი, რევოლუციური მდგომარეობა, ნიუ-იორკი, საერთაშორისო გამომცემლობა, გვერდი 84.

3 კარლ მარქსი, Sur Kritik des Sozialdemokratischen Programs von Gotha, კრაიბიხი (რაიხენბერგი, 1920), გვ 23.

4. ჯოან რობინსონი, კერძო საწარმოები და სახელმწიფო კონტროლი, გამოქვეყნდა ინგლისის საუნივერსიტეტო პრესის მიერ მოქალაქეთა განათლების ასოციაციისთვის, გვ. 13-14.

5. ჯ. გ. ქროუთერი, სოციალური ურთოერთობები და მეცნიერება, ლონდონი, 1941, გვ. 333.

6. რობერტ ლ. ჰეილი, თავისუფლება კანონის მეშვეობით, სახელმწიფო კონტროლი და თავისუფალი საზოგადოება, კორპორაციის თაობაზე დისკუსია, ნიუ იორკი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, 1952 გვ 4.

7. იქვე. გვ 5.

8. ა.ა. ბერლი, თავისუფალი საზოგადოება და ეკონომიკური ძალაუფლება, დისკუსია კორპორაციის თაობაზე, ნიუ იორკი, რესპუბლიკის ფონდი, 1954.

9. ედვინ ქენანი, ეკონომისტის პროტესტი, ლონდონი, 1928.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s