საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი

46396_460597900663386_737060286_n

ჯეიმს მ. ბიუქენენი (1919 – 2013)

ეკონომიკაში ნობელის პრიზის მფლობელი და ,,საზოგადეოებრივი არჩევნის თეორიის“ ავტორი. მისმა ნაშრომებმა, რომელშიც წარმოდგენილია პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის ეკონომიკური ანალიზი, კარი გაუღო კვლევებს იმის შესახებ, თუ როგორ ზემოქმედებს პოლიტიკოსთა კერძო ინტერესები სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკაზე. მისმა ნააზრევმა მნიშვნელოვნად განაპირობა მთელი რიგი ქვეყნების სახელმწიფო აპარატის რეფორმა, დაქირავებული სახელმწიფო მოხელეების შრომის საბაზრო პრინციპით მოტივირების თვალსაზრისით. გარდაცვალებამდე ის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ,,საზოგადოებრივი არჩევნის კვლევის ცენტრის“ მრჩეველთა საბჭოს დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

გამოქვეყნდა 1993 წელს

წინასიტყვაობა

წინამდებარე წიგნში განხილული საკითხები სოციალური და იურიდიული სფეროს ფილოსოფოსების განსჯის საგანი მრავალი საუკუნის განმავლობაში არაერთგზის გამხდარა. მე ამ ნაშრომების უმეტესობას კარგად ვიცნობ. მე არ ვცდილობდი, რომ ჩემი მოსაზრებები იმ ავტორების მოსაზრებებთან დამეკავშირებინა, რომლებმაც ჩემზე უფრო ადრე განიხილეს ეს საკითხები და არც ვთვლიდი, რომ ჩემს კომპეტენციაში ლიტერატურაში არსებული პარალელების ან საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოვლენა და მათი განხილვა შედიოდა. მკითხველმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ეს წიგნი იმაზე მეტს წარმოადგენს, ვიდრე იმის მცდელობა, რომ ჩემს ნაშრომებში აღწერილი კონსტიტუციური წყობის თვალთახედვიდან გამომდინარე თავისუფლებასა და საკუთრებას შორის არსებული კავშირები განზოგადებული კუთხით განმეხილა. ჩემი აზრით სწორედ ეს იყო ის ამოცანა, რომელიც ჩემს წინაშე იდგა, როდესაც ჩემმა გამომცემელმა მოცემულ წიგნზე მუშაობა შემომთავაზა.

I. შესავალი ნაწილი

ისტორიულად, ლინგვისტურად და იურიდიულად მცნებაში ,,საერთო ან საზოგადოებრივი“ საზიარო საკუთრება იგულისხმება. ეს ნიშნავს, რომ პოტენციალურად ღირებული რესურსი რამოდენიმე (ბევრი) ადამიანის (ოჯახის) თანამფლობელობაშია. პრივატიზაცია ამ რესურსის სხვადასხვა მოსარგებლეთა შორის დანაწილებას და საზღვრების დადგენას გულისხმობს. რესურსით სარგებლობის სტიმული იზრდება და შედეგად, პროდუქტის ღირებულება იზრდება. ეს მარტივი და ნათელი მოსაზრება ალბათ ისეთივე ძველია, როგორც არისტოტელეს ფილოსოფია და იგი ეკონომიკის საფუძვლების შესწავლის ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს.

ამ წიგნში ჩამოყალიბებული ძირითადი თეზისი იმაში მდგომარეობს, რომ ეს მარტივი და ნათელი მოსაზრება, რომელსაც შეგვიძლია არისტოტელესეული მოსაზრება დავარქვათ, კატეგორიულად განსხვავდება კერძო საკუთრების დაცვის ალტერნატიული მოსაზრებისგან, რომელიც აქამდე ეკონომისტებისა და იურიდიულ-პოლიტიკური სფეროს ფილოსოფოსების მიერ სათანადოდ გააზრებული არც იყო. ამ ალტერნატიული არგუმენტის მიხედვით, რესურსის გამოყენების ეფექტურობას ან პროდუქტიულობას დომინანტური და მნიშვნელოვანი როლი აღარ ენიჭება. ეფექტურობის ნაცვლად საკვანძო მნიშვნელობას თავისუფლება იძენს, თუმცა უმეტეს შემთხვევებში ეს ორივე ასპექტი ურთიერთშემავსებელია.

ადამიანი მის კეთილდღეობაზე სხვათა ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანას ცდილობს, დამოუკიდებლად იმისა, ეს ზეგავლენა პირდაპირია თუ არაპირდაპირი. სხვა ადამიანების ყოფაქცევის შედეგების ზეგავლენისგან დამოუკიდებლობა ადამიანების სურვილი და მიზანია. ანუ, ადამიანებს უნდათ ,,თავისუფალი არჩევანის’ შესაძლებლობა ჰქონდეთ და მათ არ უნდათ, რომ მათი არჩევანი სხვა ადამიანების ინდივიდუალური თუ კოლექტიური ქცევის შედეგად შეიზღუდოს. აქ შეიძლება ითქვას, რომ შესაძლო ურთიერთკავშირების მთელი სპექტრი არსებობს, დაწყებული სრული ურთიერთდამოკიდებულებისგან და დამთავრებული სრული დამოუკიდებლობით.

ადამიანი, როგორც საზოგადოების მონაწილე, პიროვნული თვალსაზრისით უაღრესად დამოკიდებულია სხვებზე. ერთობლივად წარმოებული პროდუქტის წილის ღირებულება იმ ჟგუფის ყველა წევრის ქცევაზეა დამოკიდებული, რომელმაც ეს პროდუქტი შექმნა და ცალკეული პიროვნების ქცევა პროდუქტის ღირებულებაზე იმის შესაბამისად ახდენს გავლენას, თუ რამდენი წევრისგან შედგება ეს ჯგუფი. საზიარო მფლობელობაში მყოფი რესურსის კერძო და ცალკეულ სფეროებად განაწილება, ცალკეული პიროვნების სხვა ადამიანების ყოფა-ქცევაზე დამოკიდებულებას ამცირებს და მოტივაციის გაზრდის შედეგად, პროდუქტის უფრო მაღალი ღირებულების წარმოების მიზეზი ხდება. ცალკეული პიროვნების თავისუფლების ხარისხი იზრდება, თუ თავისუფლებას განვიხილავთ, როგორც ცალკეული პიროვნების კეთილდღეობის უკუპროპორციულ დამოკიდებულებას სხვა ადამიანების ყოფა-ქცევაზე.

მაქსიმალური დამოუკიდებლობა მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ ადამიანი სოციალური კავშირებიდან გარიდებული იცხოვრებს და მისი არსებობა ისეთ ნებაყოფლობითი კავშირების და ურთიერთობების არსებობასაც გამორიცხავს, როგორიცაა ვაჭრობა ან გაცვლებია. მეტაფორულად რომ გამოვხატოთ, მაქსიმალური დამოუკიდებლობა შეიძლება წარმოდგენილი იქნას, როგორც თვითკმარი განცალკევებული საოჟახო მეურნეობა, რომელიც თავის ყველა საჭიროებებს დამოუკიდებლად იკმაყოფილებს. შესაბამისად, ერთობის წევრობა და სამეურნეო თვითკმარობა წარმოადგენენ იმ სპექტრის ორ საწინააღმდეგო წერტილს, რომელზეც საუბარი ზემოთ გვქონდა.

კერძო ან ჯგუფური საკუთრების ეფექტურობა, ნაყოფიერებისა და თავისუფლების განზომილებების გათვალისწინებით, ღრმა ანალიზისა და მსჟელობის საგანი უნდა გახდეს. ზემოთხსენებული განზომილებიდან მეორეს განხილვა, ისეთ საკითხების მრავალფეროვნებას წარმოაჩენს, რომლებიც შედარებით ინსტიტუციონალურ კვლევას მოითხოვენ და რომელთა გარეშე, მხოლოდ ეფექტურობის განზომილებაზე ყურადღების გამახვილება საკმარისი არ იქნებოდა. პირველი ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას, ეს სტანდარტულ ან დამკვიდრებულ მიდგომაში იმგვარი სიცხადის შეტანაა, რომელიც ხელს შემდგომ შედარებით კვლევას შეუწყობს. II თავში სწორედ ეს ნაბიჟია გადადგმული. კერძოდ, ეფექტურობის სტანდარტული ლოგიკის მეშვეობით, ,,საზიაროობის ტრაგედიის“ აღმოფხვრისა და ,,ჰობსისეული ჯუნგლებიდან“ თავის დაღწევის საშუალებებს განიხილავს, თუმცა განმარტავს, როგორც საბაზისო საკონტრაქტო ჩარჩოებს. III თავში აღწერილია თავისუფლების განზომილება და ისეთი გარემო, სადაც მაქსიმალური დამოუკიდებლობის მიღწევაა შესაძლებელი. IV თავში ეკონომიკური მიდგომების ხელახალი გააზრება ხდება, რაც მიზნად ურთიერთდამოკიდებული მდგომარეობიდან საბაზრო ურთიერთდამოკიდებულების მოდელზე გადასვლის რაციონალური და ლოგიკური საფუძვლის ჩამოყალიბებას ისახავს. V თავში განხილულია ბაზრის დამოკიდებულება მისი ცალკეული მონაწილეების ყოფა-ქცევაზე, მათ შორის მესაკუთრეობაზე, რაც ანალიტიკურად წარმოჩენილია VI თავში. VII თავში განხილულია სავაჭრო გაცვლების ზოგი დინამიური თვისება და ინფორმაცია ამ პროცესის მონაწილეთა დამოკიდებული სტატუსის თაობაზე. VIII თავში განხილულია კონკურენტული პროცესის მოდელი, სადაც მრავალი ალტერნატიული ბაზრის არსებობა და თავისუფალი შესვლის და გასვლის უფლება, გაცვლის პროცესის მონაწილეებს გარკვეული დამოუკიდებლობის შენარჩუნების საშუალებას აძლევს, მაგრამ მათი დამოუკიდებლობა არც იმდენად მყარ საფუძველზე დგას, ვიდრე ეს საკუთრებითი უფლების შემთხვევაშია შესაძლებელი. IX თავში მოყვანილია ჩემი მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ბაზრის ცალკეულ მონაწილეებს სრულად არა აქვთ გააზრებული თუ რას ნიშნავს ეკონომისტების მიერ ეგზომ იდეალიზირებულად წარმოჩენილი ბაზრისგან დამოუკიდებლობა, რაც მესაკუთრეობის არც თუ ეფექტური მოდელისადმი უპირატესობის მინიჭებიდან ჩანს. X თავში აღწერილია მესაკუთრეობის სხვადასხვა მოდელი, კერძოდ კი გრძელვადიანი სარგებლობის საგნების საკუთრება და მისი ზეგავლენა ბაზარზე ცალკეული პირების მდგომარეობაზე. XI თავში ყურადღება გამახვილებულია არა თავად მომსახურეობაზე, არამედ ისეთი აქტივების კერძო საკუთრებაზე, რომლებიც ფულადი შემოსავლების მიღების საშუალებას იძლევა. XII თავში განხილულია კერძო საკუთრება იმ აქტივებზე, რომელთა ღირებულება დროთა განმავლობაში იზრდება, ხოლო XIII თავში განხილულია ურთიერთკავშირი მესაკუთრეობის ფორმასა და ინფლაციას შორის. XIV თავში ყურადღება გამახვილებულია მესაკუთრეობის სოციალისტური ფორმის ორგანიზაციულ ხასიათზე და თავისუფლებასთან დაკავშირებული ასპექტებზე. XV თავში განხილულია 1893 წლამდე გაბატონებული მოსაზრებები, რომლებიც კერძო მესაკუთრეობაზე სოციალიზმის დამანგრველ ზეგავლენაზე ეხება და რომლებიც პაპ ლეო XIII-ის ენციკლიკეშია მოყვანილი. XVI თავში კაპიტალიზმის მარქსისტული ვერსია და მისი საკუთრებისა და თავისუფლებისადმი დამოკიდებულებაა აღწერილი; XVII თავში დასკვნითი მოსაზრებებია წარმოდგენილი, ხოლო XVIII თავში ჩამოყალიბებულია ნაშრომში მოყვანილი მსჯელობების პოლიტიკურ-კონსტიტუციური განხორციელების გზები.

II. ჰობსისეული ჯუნგლები; ტრაგიკული ერთობა

ალბათ მიზანშეწონილი იქნებოდა ანალიზი თომას ჰობსის მიერ ბუნებაში არსებული ვითარების თაობაზე წარმოდგენების განხილვიდან დაგვეწყო, სადაც მისი აზრით არ არსებობს ისეთი მცნება, როგორიცაა ,,ჩემი ან შენი“, არ არსებობს ადამიანის მიერ დადგენილი და აღიარებული საზღვრები, კანონები ან შეთანხმებები. ამ წარმოსახვით ვითარებაში ნებისმიერი ადამიანის არსებობა შეიძლება შემდეგი სიტყვებით აღგვეწერა: ,,უბადრუკი, მარტოსული, უნიათო, მდაბიო და დღემოკლე“. ჰობსმა (1651) ანარქიული ჯუნგლების ამგვარი აღწერა გამოიყენა, რომ თავისი საკმაოდ დამაჯერებელი მსჟელობისთვის საფუძველი გაემყარებინა. მისი აზრით, ადამიანები იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ უსაფრთხოებას, რომ მზად არიან დაექვემდებარონ იმ მმართველს, რომელიც მათ სათანადო დაცვას შეპირდება.

თუმცა, არც ერთი ადამიანი ნებაყოფლობით არ აღიარებს და არ დაექვემდებარება მმართველს ან საზოგადოებრივ წყობას, თუ მისი მდგომარეობა უფრო უარესი იქნება, ვიდრე ის მდგომარეობა, რომელშიც ეს ადამიანი ანარქიული ჯუნგლების პირობებში იმყოფებოდა. ჰობსისეული ჯუნგლების ,,ბუნებრივი წონასწორობა“ იმ ამოსავალ წერტილს წარმოადგენს, რომლის გათვალისწინებითაც მმართველსა და ინდივიდს შორის შეთანხმების პირობები განისაზღვრება და რაც ამ შეთანხმების ძალაში შესვლაზე და მის შემდგომ განხორციელებაზე გავლენას ახდენს.1

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიდგომის მიხედვით, ადამიანი მმართველთან შეთანხმებამდე და მისგან დამოუკიდებლად არსებობდა, თუმცა მისი ყოფა შესაძლოა ნაკლებად სასიამოვნო ყოფილიყო, ვიდრე მმართველთან შეთანხმების შედეგად უზრუნველყოფილი ცხოვრება. მმართველის მიერ უზრუნველყოფილი წყობის პირობებში მიღწეულ კეთილდღეობასა და ანარქიულ ჯუნგლებში ცხოვრების პირობებს შორის განსხვავება თავად მმართველის ,,შედეგიანობაზეა“ დამოკიდებული და ამ განსხვავებას, გარკვეული დაშვებით, შეიძლება ,,სოციალური რენტა“ ეწოდოს.

ჰობსისეული მიდგომა ვარაუდებს და ისტორიულ განზოგადებებს ეყდნობა. ის არც წარსულს აღწერდა და არც აწმყოს ასახავს. უფრო სარწმუნოა, რომ ადამიანები არასოდეს არ არსებობდნენ, რაღაც კოლექტიური ერთეულისგან, ოჯახისგან, ტომისგან ან მომთაბარე ჟგუფისგან სრულიად დამოუკიდებლად. ჰობსმა უბრალოდ რედუქციონისტულ ხერხს მიმართა და განყენებული პიროვნება წარმოიდგინა, რათა ჩვენ შესაძლებლობა გვქონოდა მისი ქცევა რაციონალური არჩევანის კრიტერიუმის გამოყენებით განგვეხილა. ასეთი ნაბიჯის მიზანია იმგვარი განხილვის ხელის შეწყობაა, რომელიც მსჯელობისას მნიშვნელოვან ხარვეზებს გამორიცხავს.

თანამედროვე საზოგადოებრივი მეცნიერებისთვის ბევრად უფრო გასაგები საწყისი წერტილი ადამიანების ე.წ. ტრაგიკული ერთობაა, ვიდრე ჰობსისეული ჯუნგლები. ამ ორი მიდგომის მონაწილეების ურთიერთობების ფორმალური სტრუქტურა დაახლოებით ერთგვაროვანია. ალბათ ყველაზე უკეთ ეს სტრუქტურა პატიმრების დილემის სახელით ცნობილ კლასიკურ მაგალითში შეიძლება იყოს შეჯამებული, სადაც მონაწილეები, რომლებიც ინდივიდუალურად დომინატურ სტრატეგიას არჩევენ ისეთ შედეგებს იღებენ, რომლებიც ბევრად უფრო ნაკლებად სასურველი ან მისაღებია ყველა მხარისთვის, ვიდრე ის შედეგები, რომლებიც სტრატეგიების კომბინირების შემთხვევაში მიიღებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად მათი სტრუქტურული მსგავსებისა, სოციალური ურთიერთთანამშრომლობის ორივე მოდელი კერძო და ჯგუფური საკუთრების, როგორც ინსტიტუტის მნიშვნელობას განსხვავებულად აღიქვამს და იხილავს.

მოდით განვიხილოთ საზიაროობის ტრაგედია. ვთქვათ, არსებობს ღირებული რესურსი, რომელიც საზიაროა ყველა წევრისთვის, რომელთაგან თითოეული ხეირს ეძებს და მოწადინებულია, რომ ამ რესურსით პირადი სარგებლობის მოცულობა გასცდეს იმ საზღვრებს, რომლებიც ერთობლივი მოხმარების დროს მათი კუთვნილი წილით განისაზღვრება. კერძო არჩევანისა და საზიაორო მოხმარებას შემთხვევაში, რესურსები ჭარბად მოიხმარება. ყოველი მონაწილე რესურსს ზღვრული დატვირთვით მოიხმარს და ასეთი ყოფა-ქცევა ერთობის ყველა წევრის კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის. არადა, ყველა მონაწილეს შეუძლია გაიუმჟობესოს ყოფა, თუ მათ კერძო არჩევანზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდებოდა, რომლებსაც ეს კოლექტივი მიზანშეწონილად მიიჩნევდა. ამ ხელოვნურ მაგალითში გარეშე ფაქტორების ჩართვის გზა საზიარო სარგებლობის ნაცვლად კერძო და დანაწევრებული სარგებლობის აღიარება და რესურსის ყველა მონაწილეებზე გადანაწილებაა. ეს ნაბიჯი რესურსების ათვისებისას ყოველგვარი საზიარო სარგებლობის გაუქმებას და კერძო სარგებლობის დაშვებას გულისხმობს. მოცემულ ხელოვნურ გარემოში, პრივატიზაციის შემდგომ, ადამიანს რესურსის ჭარბი მოხმარების მიზეზი აღარ გააჩნია. კერძო მესაკუთრეობის პირობებში, ადამიანს რესურსის მაქსიმიზაციის სურვილი მართვას, ანუ მას უნდა, რომ ამ რესურსით ,,ოპტიმალურად“ და ,,ეფექტურად“ ისარგებლოს, რადგანაც შესაძლებლობების გამოუყენებლობით მიღებული ზარალის ანაზღაურება თავადვე მოუწევს.

კერძო მესაკუთრეობის და საზიარო სარგებლობის პირობებში წარმოებული პროდუქტების ღირებულებებს შორის განსხვავებას შეიძლება ,,სოციალური რენტა“ ეწოდოს, რაც კერძო საკუთრების ინსტიტუციონალიზაციის შედეგს წარმოადგენს. ფორმალური თვასაზრისით ,,რენტა“ იმავე ხასიათის ურთიერთობებს ასახავს, რომელიც ჰობსისეული მაგალითში ადამიანსა და მმართველს შორის შეთანხმებით არის გათვალისიწნებული. რენტა, ერთ მხრივ კერძო მესაკუთრეობის ინსტიტუტის, ხოლო მეორე მხრივ – მმართველის ინსტიტუტის შედეგიანი საქმიანობის საზომს წარმოადგენს.

თუმცა, ამ ორი მაგალითის შედარების პროცესში თავს ვითომდა წინააღმდეგობრივი ვითარება იჩენს. საზიარო რესურსის პრივატიზაცია გულისხმობს, რომ ცვლილება ინდივიდების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდისკენ არის (ანუ ურთიერთდამოკიდებულება შემცირებაზეა) მიმართული, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული პიროვნებების შეთანხმება ჰობსისეულ ხელისუფალთან ხელშეკრულების დადებაზე მიუთითებს, სათანადო ცვლილებები ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებას ზრდის, რადგანაც ისინი საერთო სახელისუფლო ინსტიტუტის წევრები ხდებიან. ამ ორ მიდგომებს შორის არსებული ზემოთხსენებული აშკარა შეუსაბამობა იმითია განპირობებული, რომ ისინი სხვადასხვა საფუძველს ეყრდნობიან. საზიაროს ტრაგედიის მეტაფორის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის ყურადღებას ცალკეული პიროვნების დამოუკიდებელი კერძო წილის უარის თქმის უფლებაზე ამახვილებს. ეს მეტაფორა უკვე აღიარებულ კერძო უფლებებზე ზემოქმედების სიძნელეების უგულვებელყოფის მიზეზია. ასეთ შემთხვევაში პირადი უფლებების დაკანონება გათვალისწინებული არ არის. შედარებისათვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანარქიული ჯუნგლების პირობებში ყურადღება იმ პირადი უფლებების დაკანონებისა და დაცვისკენაა მიმართული, რომლებიც სავარაუდოდ მანამდე არსებული ,,ბუნებრივი წონასწორობის“ პირობებში ჩამოყალიბდა. კუთვნილების განსაზღვრის პრობლემა, როგორც ასეთი, კონცეპტუალურად ხელისუფალთან დადებული ხელშეკრულებისგან დამოუკიდებლად არსებობს და მხოლოდ საკუთრებითი უფლების დაცვის დროს წარმოქმნილ რენტასთან მიმართებაში განიხილება.

ამ ორ მოდელს შორის არსებული განსხვავება უაღრესად მნიშვნელოვანია, მათი განხილვისა და ნორმატიული პოტენციალის განსაზღვრის დროს. ჰობსისეული მიდგომა უფრო თანმიმდევრულია, რადგანაც ის იძულებაზე დამყარებული იმგვარი პოლიტიკურ-საკანონმდებლო წყობის კანონიერებას აღიარებს, რომელიც ადამიანთა შეთანხმების საფუძველზე ყალიბდება. იმავდროულად ამ მოდელის პირობებში მმართველი ან ხელისუფლებაც გარკვეულწილად შეზღუდულია სარგებლობის უფლების გადანაწილებაში იმ პრეტენზიებით, რომლებიც ამ საზოგადოებას მიერთებულ ინდივიდებს გარკვეულ საკუთრებასთან დაკავშირებით მანამდე გააჩნდათ. ამ მოდელთან შედარებით საზიარო საკუთრების მოდელი ნაკლებად თანმიმდევრული და მისაღებია. ამ მოდელის პირობებში კერძო მესაკუთრეობის უფლების დაცვა მხოლოდ ეფექტურობის კრიტერიუმზეა დამოკიდებული და საერთოდ არ არის გათვალისწინებული საკუთრების უფლების დაკანონება. შესაბამისად, ალბათ არ არის გასაკვირი, რომ ეს მოდელი უფრო ახლოა საზოგადოებრივი კეთილდღეობის მქადაგებელი თანამედროვე ეკონომისტებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ პოლიტიკური ხელისუფლება საზოგადოების კეთილდღეობისთვის და მისი ინტერესებიდან გამოდინარე იღწვის. აღნიშნულ ორ მოდელს შორის განსხვავება მეტად მნიშვნელოვანია, როგორც შინაარსობრივი, ისე ნორმატიული შესაძლებლობების თვალსაზრისით. ჰობსისეული მოდელი უფრო დამაჯერებელია, როდესაც ძალადობრივ პოლიტიკურ-იურიდიული სისტემას ცალკეული მონაწილეების შეთანხმებაზე დაფუძნებულ სამართლებრივ მოდელზე აფუძნებს. ამავდროულად, ეს მოდელი ასევე მიუთითებს, რომ უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლება მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში იმ უფლებებით არის შეზღუდული, რომლებიც პიროვნებებს ხელშეკრულების დადებამდე ჰქონდათ. შედარებისთვის ინდა აღინიშნოს, რომ საზიარო მოდელი ნაკლებად დამაჯერებელია შინაარსობრივი თვალსაზრისით. ამ მოდელში, კერძო საკუთრების დაცვა ერთთავად ეფექტურობას ეფუძნება და მისი დაცვის აუცილებლობაზე ყურადღებას არ ამახვილებს. შესაძლოა მოულოდნელიც არ არის, რომ ეს მოდელი ეხმიანება კეთილდღეობის სახელმწიფოს მომხრე თანამედროვე ეკონომისტების იმ ჯგუფს, რომლებსაც ძალიან სურთ წარმოაჩინონ, რომ თითქოს პოლიტიკური ხელისუფლება კეთილგანზრახულად მოქმედებს.

საზიარო საკუთრების მოდელი ვერ განმარტავას თუ როგორია ცალკეული პიროვნების წილი საზიარო საკუთრებაში და აქედან გამომდინარე, თუ რას უნდა დაეყრდნოს ერთობლივი გადაწყვეტილება, ნებისმიერი რამის განაწილების შესახებ. ანუ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მოდელში წილის მიკუთვნება, მიკერძოებულად, ერთობლივად მიღებული ნებაყოფილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება. უნდა ითქვას, რომ ამ მოდელით მოხიბლული ადამიანები, მზად არიან ირწმუნონ, რომ ,,საკუთრებით უფლებებს სახელმწიფო განსაზღვრავს“. საზიაროობის ტრაგედიიდან მომდინარე სახელშეკრულებო საშუალებების უფრო დაწვრილებითი განხილვის შემთხვევაში ზოგი წინააღმდეგობრივი ასპექტი, რომელიც ზემოთ განვიხილეთ უფრო ნათლად წარმოჩნდება. მაგრამ სწორედ ამ ელემენტების უქონლობა მიუთითებს იმაზე, რომ კერძო საკუთრებითი უფლებების არასახელშეკრულებო მოდელი უფრო ლოგიკური და თანმიმდევრულია, ვიდრე სახელშეკრულებო.

III. საზიარო საკუთრებაში არსებული რესურსის დანაწილება; კანონის უზენაესობა და საზღვრების გამიჯვნა.

I თავში ვახსენეთ, რომ წინამდებარე წიგნის ცენტრალური თემა იმაში მდგომარეობს, რომ კერძო საკუთრების იდეის დაცვის კლასიკური არისტოტელესეული მიდგომა ორგანზომილებიანი ნორმატიული ინტერპრეტაციის მხოლოდ ერთ ასპექს ეხება და შესაბამისად, საჭიროა, რომ კერძო საკუთრებისა და პროდუქტიულობის გარდა კერძო საკუთრებასა და თავისუფლებას შორის ურთიერთკავშირები იქნას განხილული. II თავში შეჯამებული სახით წარმოდგენილია ის ორი მეტაფორიული გარემო, რომელსაც კარგად ვიცნობთ და რომლებიც საკუთრების ლოგიკის გაანალიზებაში დაგვეხმარება. ანუ, ჩვენ უკეთ გავიგებთ თუ, როგორ და რატომ ხდება კერძო საკუთრება ადამიანთა რაციონალური არჩევანის საგანი. ამ თავში ასევე განხილული იქნება ურთიერთკავშირი საკუთრებასა და დამოუკიდებლობას, ანუ თავისუფლებას შორის.

ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობიდან ნათელია, რომ ყველა ვინც კი გაუნაწილებელი საზიარო რესურსით სარგებლობს ან ანარქიული ჯუნგლების პირობებში ცხოვრობს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მოზიარეებთან ამ რესურსით სარგებლობის, განაწილების ან პრივატიზების პირობებზე გარკვეული შეთანხმება დადოს. შედეგად, რესურსის გარკვეული წილს ყველა მიიღებს, მაგრამ მის გამოყენებას მკაცრად განსაზღვრული ჩარჩოები ექნება. აქ სქემის ცალკეულ მონაწილეებს შორის შეთანხმებაზე გვინდა ყურადღების გამახვილება და დროებით უგულველვყოფთ თითოეულ მათგანისა და ხელისუფალს შორის ერთდროულად დადებულ შეთანხმებას. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მე მინდა შეთანხმების ლოკისეული და არა ჰობსისეული გარემოპირობების განხილვა. თავდაპირველი შეთანხმების საფუძველზე დანაწილებულ საკუთრებას შორის საზღვრების გამიჯვნაა გათვალისწინებული. იმისთვის, რომ განხილვა უფრო მოსახერხებელი იყოს და ლოგიკის სტრუქტურაც შევინარჩუნოთ, მოდით ვივარაუდოთ, რომ თავდაპირველი შეთანხმების შედეგად, თითოეული პიროვნება საკუთრების გარკვეულ წილს მიიღებს, ანუ მას სარგებლობაში გარკვეული ფიზიკური სივრცე გადაეცემა. თავდაპირველი შეთანხმება საკუთრების კანონს ადგენდა და ამ კანონის დარღვევების შემთხვევებს განსაზღვრავდა.

გარდა ამისა, მოდით ვივარაუდოთ, რომ საკუთრების პირველი დანაწილების შემდგომ ეტაპზე გარკვეულ პროდუქტს ან სპეციალიზაციას უპირატესობები არ მიენიჭება. თავისი საკუთრების ფარგლებში ყველა ადამიანს (ან ოჯახს) შესაძლებლობა აქვს თავისი შრომა ნებისმიერი საქონლის წარმოებაზე მიმართოს, რომელზედაც მოთხოვნა არსებობს და თანაც ეს იმდენად ეფექტურად უნდა გააკეთოს, როგორც ეს პროდუქტიულობის და გაცვლის პირობებშია სასურველი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ თვითკმარი ადგილ-მამულის მოდელს მივიღებთ და ყოველი ამგვარი ადგილ-მამული სოციალური კავშრებისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. გარდა ამისა, შესაბამისი საკანონმდებლო სტრუქტურის მიღების შედეგად ადგილ-მამული, ისევე როგორც მის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, დაცული არიან ტერიტორიაზე შეჭრისგან და უფლებების ხელყოფისგან.

ზემოთ აღწერილ გარემოში ცალკეული პიროვნება (ან შიდამეურნეობა) მაქსიმალურად დამოუკიდებელია და იმავდროულად არსებულ რესურსს მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს. საზიარო რესურსის გადანაწილების შედეგად, ყველა ერთეული დაინტერესებული ხდება, რომ საკუთარი სარგებლის გაზრდის შესაძლებლობების ძიებაში რესურსის შეძლებისდაგვარად ოპტიმალურად გამოიყენოს. ეკონომიკური ავთარკიის პირობებში ურთიერთდამოკიდებულების ისეთი სახეები, როგორებიცაა სპეციალიზაცია, ვაჭრობა და გაცვლა არარსებობს. ადამიანის კეთილდღეობა მთლიანად მისსავე ხელშია და სხვა ადამიანების ყოფაქცევაზე დამოკიდებული არაა. სამომხმარებლო საქონლის რაოდენობა და ხარისხი დამოკიდებულია ხარჯთან, რომლის გაღების ნება-სურვილიც გააჩნია ცალკეულ პიროვნებას. მარტივად, რომ ითქვას, ყველა ადამიანი აკეთებს იმას, რისი კეთებაც უნდა და საზოგადოების სხვა წევრებზე არანაირ გავლენას არ ახდენს. შეიძლება ითქვას, რომ თემი, როგორც ასეთი, პრაქტიკულად არ არსებობს და მის ნაცვლად არსებობს წევრობის პრინციპი, სადაც ყოველი წევრი თავდაპირველი შეთანხმების პროცესში ჩამოყალიბებულ საკუთრების კანონს ექვემდებარება. ამ ხელოვნურ გარემოს ორი განმასხვავებელი თვისება ახასიათებს: პირველი: ადამიანები ერთმანეთისგან გამიჯნულები არიან საკუთრების კანონის საფუძველზე; და მეორე: არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმ საკანონმდებლო სტრუქტურის მონაწილეები არიან, რომელიც განკერძოებულ საკუთრებას აკანონებს და მის გარეთ დარჩენილი ადამიანები ან უცხოელები.

მე გთავაზობთ, რომ ამ ეტაპზე საკანონმდებლო სივრცეში ამყოფ ადამიანებსა და მის გარეთ მყოფ ადამიანებს შორის არსებული ურთიერთობები არ განვიხილოთ. ანალიზის გამარტივების მიზნით მოდით ვივარაუდოთ, რომ საკანონმდებლო სივრცის მიღმა არავინაა დარჩენილი. ყველანი იმ თავდაპირველი შეთანხმების მონაწილეები არიან, რომლითაც კერძო საკუთრების უფლება იყო დაკანონებული და რასაც ეფუძნება მომქმედი საკუთრების კანონი. რასაკვირველია იმისთვის, რომ ანალიზი ლოგიკური და თანმიმდევრული იყოს, კანონის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების უგულებელყოფა არ შეიძლება. დადგენილისაზღვრების დარღვევა სავსებით მოსალოდნელია, მაშინაც კი, როდესაც საკუთრება მკვეთრად განსაზღვრულია, რადგანაც მაინც იარსებებენ ისეთი ადამიანები, რომლებიც რესურსის დადგენილი საზღვრების დარღვევას მოისურვებენ იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებს შესაბამისი სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კანონის შესრულების უზრუნველყოფაზე. თავდაპირველი კონტრაქტის შესრულების კვალდაკვალ უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული დებულებები, რომლებიც საზღვრების დაცვაზე პასუხისმგებელ სამართალდამცავი ორგანოს არსებობას გაითვალისწინებს (პოლიცია). ეს სტრუქტურა იმ ადამიანთა გამოვლენაზე და დასჟაზე იქნება პასუხისმგებელი, რომლებმაც სხვისი საკუთრების უფლებები დაარღვიეს.

გამომდინარე იქედან, რომ სამართალდამცავი ფუნქციები ტექნოლოგიებს ვერ დაკისრება, თავს ჰობსისეული გარემოს ელემენტები იჩენენ. საკუთრების კანონის შესრულების უზრუნველყოფა სამართალდამცავი ორგანოს არსებობას გულისხმობს. ანუ ეს არის ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც შეთანხმების მონაწილეთა შორის ან მათ მიღმა იქნებიან არჩეული და მათ საკუთრების საზღვრების დაცვის ფუნქცია მიენიჭებათ. ამ ვითარებაში ვარაუდი სპეციალიზაციის არარსებობის შესახებ, არადამაჯერებელია. შესაბამისად, თუ სამართალდამცავ ორგანოს კანონის დამრღვევების გამოვლენისა და დასჯის უფლებამოსილებას მივანიჭებთ, მაშინ ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რომ ულფებამოსილების ფარგლები არ იქნას გადამეტებული? ანუ, ვინ იქნება დარაჯის დარაჯი?

ფუნქციონალისტებმა შეიძლება პასუხად, დასავლეთის ზოგიერთ ქვეყნის გამოცდილების მაგალითზე, კანონის უზენაესობის ევოლუცია მოიყვანონ: კანონის დამცველები თავად ექვემდებარებიან იმავე კანონებს, რომლის შესრულებას სხვას სთხოვენ, ხოლო ძალაუფლების გადამეტების შემთხვევები მკაცრად ისჯებიან. ინსტიტუციური მრავალგვარობას, რაც მოიცავს სახელისუფლებო უფლებამოსილების გამიჯვნას, მრავალსაფეხურიან ხელისუფლებას, ურთიერთგადამფარავ იურისდიქციას, ასევე დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და ნაფიც მსაჯულებს – თავისი არსებობის ლოგიკური გამართლება აქვს. კანონის უზენაესობის ეფექტური უზრუნველყოფის შემთხვევაში, ადამიანი პოლიტიკურ-სამართლებრივი ხელისუფლების მიერ თავისი უფლებამოსილების მიკერძოებულად გამოყენებისგან დაცულია. მოცემული მოდელით გათვალისწინებულ პირობით გარემოში, პიროვნებების დამოუკიდებლობა ან თავისუფლება სამართალდამცავი სტრუქტურების აუცილებელ ჩარევას არ საჭიროებს. ამ გამორჩეულ გარემოში „სახელმწიფოს“ მხოლოდ დამცავი ფუნქცია გააჩნია და ამ მიზნით არსებობს, ანუ იგი სხვა არაფერია თუ არა ღამის ან დღის გუშაგი. მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ უკიდურეს მოდელში იმის აუცილებლობა არ არის, რომ ადამიანთა შორის დადებული შეთანხმებების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები განისაზღვროს, რადგანაც ასეთი შეთანხმებები დაუწერელი ხასიათისაა. წინამდებარე თავში განხილული პირობითი მოდელი დამატებით განხილვას საჭიროებს. როგორც უკვე აღინიშნა, ურთიერთობებს, რომელიც ინდივიდის ან ოჯახის დონეს არ სცდება, მიზანშეწონილი არ არის, რომ „ეკონომიკა“ ვუწოდოთ, რადგანაც სტრუქტურულად თითოეული და ყოველი პიროვნება ან შიდამეურნეობა თვითკმარია და სხვა ერთეულებთან არ ვაჭრობს. ჩვენი ადრინდელი განმარტებით რომ ვიხელმძღვანელოთ, ყოველი პიროვნება ან შიდამეურნეობა მაქსიმალურად დამოუკიდებელია იმავე საზოგადოების სხვა ერთეულებისგან. სხვების არჩევანს არავითარი ზეგავლენა არა აქვს ამ ერთეულის არსებობაზე, რადგანაც ამ ერთეულებს მხოლოდ საერთო წესი, ანუ საკუთრების კანონი აკავშირებთ. ასეთი დამოუკიდებლობა წყდება მაშინ, როდესაც საკუთრების კანონი ირღვევა ან როდესაც თავად ხელისუფლება ხელყოფს საზღვრებს, აჭარბებს რა უფლებამოსილებებს.

ხელისუფლების წინაშე არსებული პრობლემები სხვა ნაშრომებში არაერთგზის განმიხილავს (ბიუქენენი, 1975). აქ მინდა თქვენი ყურადღება პირობითი მოდელის იმ მახასიათებლებზე შევაჩერო, რომლებიც საკუთრების მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში შესაძლებელია უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს. რამდენად შესაძლებელია, თუნდაც ვარაუდის დონეზე, რომ მთლიანად თვითკმარი ეკონომიკა არსებობდეს? აქ ალბათ უნდა წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტური კონსტრუქცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმუშავებდა ასეთი ეკონომიკა. ანუ კონსტრუქცია, რომელიც ასეთ ეკონომიკას სათანადო ფუნქციონირების საშუალებას მისცემს და რომელიც თავის მხრივ ცალკეული ერთეულების არჩევანის კლასიფიკაციას და დეფინიციას მოახდენს. ყურადღება გამახვილებულია ისეთ ბიოლოგიურ მოთხოვნილებებზე, როგორებიცაა: საკვები, თავშესაფარი, ტანსაცმელი. ჩვენ ძირითადში ვიცით, რომ აღნიშნული საყოველთაო მოთხოვნილების „საქონელი“ „ხეზე არ იზრდება?. ანუ, ეს საქონელი ბუნებაში ისეთი სახით და მოცულობით, რომ არსებული მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, უბრალოდ არ არსებობს. სხვა სიტყვებით, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამგვარი საქონლის სიმწირე არჩევანს განაპირობებს. პიროვნება ან ოჯახი სავარაუდოდ ვერ იარსებებს, თუკი საქონელს მეტნაკლები საჭიროების მიხედვით არ დაახარისხებს. ჩვენი წარმოსახვა პოსტედემური პერიოდის ადამიანს გვიხატავს, რომელიც იძულებულია იშრომოს იმისთვის, რომ გადარჩეს.

რასაკვირველია, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ საქონლის საყოველთაო სიმწირე უბრალოდ ფაქტია და სულ არ არის საჭირო მდიდარი წარმოსახვის პატრონი იყოთ იმისთვის, რომ ეს კერძო გარემოება განაზოგადოთ. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ნამდვილად მდიდარი წარმოსახვაა საჭირო, რომ წარმოიდგინოთ ვითარება, როდესაც კავშირი შრომასა და სამომხმარებლო საგნების ხელმისაწვდომობას შორის მნიშვნელოვნად შესუსტებულია.

ყველაფრის მიუხედავად მინდა გავცდე საქონლის სიმწირესთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელიც ეკონომიურად თვითკმარი პირობითი ერთეულის წინაშე დგას და მისი საქმიანობა აღვწეროთ. როგორც წესი, ასეთ შემთხევაში ყველაზე თვალსაჩინო მიწათმოქმედების მაგალითია, როდესაც თვითკმარი ერთეულის წევრები მიწაზე მუშაობენ, რომ საარსებო ლუკმა იშოვონ. ეკონომისტების ენაზე, თვითკმარი მიწათმოქმედება წარმოების ორი ფაქტორით – შრომითა და მიწით წარმოადგენილი მოდელია. ადამიანი დოვლათს მიწის დამუშავებითა და ბუნების შემწეობით იღებს. ეს შედარება მიუთითებს, რომ თვითკმარი, დამოუკიდებელი ერთეული, რომელიც მხოლოდ საკუთარ ნაწარმს მოიხმარს, გარკვეულ ადგილთან არის დაკავშირებული. ეს მახასიათებელი საკუთრების შესახებ კანონის ჩამოყალიბების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია და ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით.

უნდა აღინიშნოს, რომ მიწათმოქმედების მაგალითი შეგვეძლო არც კი მოგვეყვანა. ბუნებას თავადაც შეუძლია ცალკეული პიროვნების უხვად დააჯილდოვება, თუკი ის უარს იტყვის მისთვის ესოდენ სასიამოვნო უმოქმედობაზე და გამოიყენებს იმას, რასაც ბუნება სთავაზობს. გაიხსენეთ ბიზონებით სავსე პრერიებში მობინადრე ამერიკელი ინდიელები. ასეთ პირობებში თვითკმარობა გარკვეულ ადგილთან მკვიდრ კავშირს არ გულისხმობდა და არც მიწის რესურსი იყო მწირი.

IV. მიწის მისაკუთრება გარიგების საფუძველზე: საბაზრო ურთიერთდამოკიდებულების ჩამოყალიბება

წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს მრავალი თვითკმარი მეურნეობა განსაზღვრული მდებარეობით, მიწაზე კერძო საკუთრებით და ეფექტური სამართლებრივი სტრუქტურით. ამჯერად მინდა, რომ თვითკმარი წარმოების ეფექტურობის ვარაუდზე უარი ვთქვათ. მოდით დავუშვათ, რომ სპეციალიზაცია ბევრად უფრო ეფექტურია; უფრო მეტი იწარმოება თუკი, საწარმოო ძალისხმევა სპეციალიზირებულია. განცალკევებული ეკონომიკური ერთეულებისთვის უფრო მეტ მოგების მიღება შეუძლებელი ხდება. შემდგომში ვივარაუდოთ, რომ ამგვარი ვითარების არსი ყველა მონაწილისთვის ნათელია.

ასეთ ვითარებაში, მაქსიმალური დამოუკიდებლობა, რომელსაც თვითკმარი მეურნეობა ესწრაფვის, მხოლოდ გარკვეული შესაძლებლობების დაკარგვის ხარჯზე მიიღწევა. ეკონომიკური დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, ინდივიდს ან ოჯახს სხვადასხვა საქონლის დანაზოგები უნდა გააჩნდეს, რაც სავარაუდოდ, საწარმოო სპეციალიზაციითა და შემდგომი გაცვლებით უფრო მიიღწევა. ერთეულების ეკონომიკური დამოუკიდებლობა რესურსის სრული გამოყენების საშუალებას არ იძლევა და მას ეკონომიკური დანაკარგები მოჰყვება. შესაბამისად, პიროვნებამ ან ოჟახმა ასევე უნდა გააცნობიეროს, რომ სპეციალიზაციისა და თანმდევი გაცვლების შედეგად რესურსის სარგებლიანობისა და ღირებულების ზრდას, თან დამოუკიდებლობის დაკარგვით გამოწვეული ზარალიც ახლავს.

თუ დავუშვებთ, რომ სპეციალიზაციას უპირატესობები გააჩნია, რესურსის მომგებიანობის მაქსიმიზაცია გულისხმობს, რომ ეს უპირატესობები გარკვეულწილად გამოყენებული იქნება. გაცვლებისადმი ადამიანის ბუნებრივ მიდრეკილებაზე, საიდანაც თავის მხრივ სავაჭრო ურთიერთობები ვითარდებიან, ჯერ კიდევ ადამ სმითი მიუთითებდა. მაგრამ თანამედროვე ეკონომისტები მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ, რომ უძველეს ტენდენციებზე ისაუბრონ და სპეციალიზაციისა და სასაქონლო გაცვლების აღმოცენებას მეურნეთა ანგარიშიანობით ხსნიან. მიუხედავად ამისა უნდა აღინიშნოს, რომ რესურსით სარგებლობის მაქსიმიზაციის ნორმები ვერ განსაზღვრავს თუ რა მოცულობის უნდა იყოს სპეციალიზაცია, რადგანაც ცალკეული პიროვნებებისთვის დამოუკიდებლობა ასევე ძალზედ ფასეულია. რაციონალური არჩევანის პრინციპი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ისეთი უკიდურესი არჩევანი, როგორიცაა ეკონომიკური დამოუკიდებლობა, მოცემულ პირობებში ქცევის თავისებურებებს ვერ აღწერს. პიროვნების ან ოჯახისგან შემდგარ ეკონომიკურ ერთეულს სხვადასხვა საწარმოო და გაცვლით ურთიერთობებში შესვლა იმგვარად შეუძლია, რომ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებლობის მთელი სპექტრი მოიცავს, მინიმალურიდან მაქსიმალურამდე.

განხილვისთვის უფრო მიზანშეწონილი იქნება თუ ამ პროცესს საფეხურებრივად განვიხილავთ. დემონსტრირების გამარტივების მიზნით, კვლავ ვივარაუდოთ, რომ თვითკმარი ეკონომიკური ერთეული თავის სამუშაო დროს N სხვადასხვა საქმიანობაზე ანაწილებს, რომლებიც საბოლოო სამომხმარებლო საქონლით განისაზღვრება. მაგალითად, ხორბლის კულტივაციით, შეშის შეგროვებით, გარეულ ცხოველებზე ნადირობით, ტყავის დამუშავებით, სადგომების მშენებლობით და სხვა. ანალიზის გამარტივების მიზნით წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ამ საქმიანობაზე დაახლოებით ერთნაირი დროა გამოყოფილი. ადამიანები გააცნობიერებენ რა, რომ წარმოების მოგების გაზრდა შეიძლება, მოცემულ ტერიტორიაზე არსებული დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც საკუთრების კანონს აღიარებენ, შეთანხმებას აღწევენ და საბაზრო ურთიერთობებისკენ პირველ ნაბიჟებს დგამენ. ყოველი ერთეული წარმოების გარკვეულ სფეროს ირჩევს. N საქონელს ისეთი რაოდენობით აწარმოებს, რომ მანამდე მის მოხმარების დონეს ბევრად აჭარბებს. ვთქვათ, F1 ერთეული X1-ის წარმოებაში სპეციალიზაციას გადაწყვეტს და ამ საქონლის წარმოებას იგი 2/N, ანუ ორმჟერ მეტ დროს დაუთმობს. ამგვარად, იგი აწარმოებს სამ ერთეულს, მაშინ როდესაც დამოუკიდებლობის პირობებში მხოლოდ ერთ ერთეულს აწარმოებდა. მინიმალური სპეციალიზაციის ამ საფეხურზე, ეკონომიკურ ერთეულს შეუძლია, რომ წარმოებული N საქონელი მთლიანად თვითონ მოიხმაროს; X1-ის საწარმოებლად საჭირო დამატებითი დრო კი, შეიძლება სხვა საქონლის წარმოებისთვის დახარჟულ დროს ჩამოეჭრას.

ჭარბი საქონელი ბაზარზე გატანა იმ ვარაუდით ხდება, რომ სხვა ეკონომიკური ერთეულებიც თავის ჭარბ საქონელს ბაზარზე გამოიტანენ და ხელს ურთიერთ სასარგებლო ვაჭრობას შეუწყობენ. ამ ურთიერთობების მოსალოდნელი შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ პიროვნებასა ან ოჯახს მოხმარების ხარისხის გაზრდა შეუძლია, რაც გამოიხატება საქონლის, როგორც ცალკეული ერთეულის, ისე სხვადასხვა ერთეულების მოხმრების ზრდაში, იმაზე მეტი შრომის დახარჟვის გარეშე, რაც თვითკმარობის პირობებში იყო საჭირო. ჩემს მიზნებში არ შედის ჰიპოთეტიური ბაზრების ჩამოყალიბების აღწერა. ამის აღწერას შუა საუკუნეების ისტორიკოსებს მივანდობ. ჩემი მიზანია განვიხილო გაცვლის ურთიერთობების ჩამოყალიბების ზეგავლენა საკუთრების უფლებაზე, თუნდაც ასეთი ურთიერთობები მინიმალურ დონეზე იყოს განვითარებული. ვივარაუდოთ, რომ საკანონმდებლო სტრუქტურა ადამიანებს შორის დადებულ ნებაყოფლობით გარიგებებზეც ვრცელდება და ვაჭრობაში თაღლითობისგანაც იცავს.

ისეთ პირობებში, როდესაც ეკონომიკური ერთეული მოელის, რომ მის მიერ წარმოებული ჭარბი საქონელი შეიძლება სხვა საქონელზე გაცვალოს, ეს ერთეული აუცილებლად დაექვემდებარება ,,ბაზრის უხილავი ძალების“ ზეგავლენას და სხვა ადამიანთა არჩევანის შედეგებს, რომელზედაც მოცემულ ერთეულს პირდაპირი ზეგავლენის დამყარების შესაძლებლობა არ გააჩნია. დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის სახით არსებობის პერიოდისგან გასხვავებით, როდესაც ეს ერთეული მხოლოდ თავის არჩევანსა და ბუნებრივ ძალებზე იყო დამოკიდებული, ახალ ვითარებაში სხვა ერთეულების ქცევაზე ხდება დამოკიდებული; რაც თავის მხრივსაკუთრებითი კანონებისა და გარიგებების მეშვეობით ხელისუფლების ზეგავლენას არ ექვემდებარება.

აღსანიშნავია, რომ ასეთ გარემოში სპეციალიზირებული ურთიერთობების მქონე ჟგუფში გაერთიანება ამ ერთეულის ნებაყოფლობითი და დამოუკიდებლი გადაწყვეტილებაა. ინდივიდი ან შიდამეურნეობა ,,ბაზარზე“ გამოდის იმ მოლოდინით, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქციისგან უფრო მაღალ ამონაგებს მიღეებს, ხოლო დამოუკიდებელი, ანუ ავტონომიური არსებობა, რომლის პირობებში ერთეული თავის მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს მისთვის ძირითად დასაყრდენს წარმოადგენს. ანუ, იმ პირობებში, როდესაც ადამიანი ან შიდამეურნეობა საბაზრო ურთიერთობებში იწყებს მონაწილეობის მიღებას, რაც მის სხვებზე დამოკიდებულებას ზრდის, იგი თავისუფლებას არ კარგავს, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ თავისუფლებას უარყოფითი დებულების სახით განვსაზღვრავთ, ანუ სხვების მიერ ძალდატანების არ არსებობას. ასეთ ეკონომიკურ ურთიერთობებში შესვლა ადამიანის არჩევანს აფართოებს.

ასეთი გაფართოებული არჩევანის პირობებში ადამიანი აღმოაჩენს, რომ გაურკვეველ ვითარებაში იმყოფება. ანუ, საბაზრო ურთიერთობებში შესვლის დროს ადამიანს არა აქვს შესაძლებლობა აარჩიოს პარამეტრულად განსაზღვრული მენიუდან ის, რისი გაკეთებაც მას სურს, რაც განსხვავებით საბაზრო ურთიერთობებისგან მას შეეძლო გაეკეთებინა დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის სახით არსებობის პირობებში. ინდივიდს ან შიდამეურნეობას არა აქვს საშუალება ცალმხრივად გადაწყვიტოს ან აირჩიოს ის პირობები, რომელზედაც გაცვლა (ვაჭრობა) უნდა განხორციელდეს და ამის გამო მას არა აქვს შესაძლებლობა თავად განსაზღვროს თუ რა მოცულობით უნდა გაიზარდოს მის მიერ წარმოებული პროდუქციის ღირებულება საბაზრო პირობებში.

ანუ, როგორც ჩვენი მსჟელობიდან ხდება ნათელი, ადგილმდებარეობასთან მიბმულ ერთეულს შეუძლია დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულების პირობებში ისე იარსებოს, რომ ბევრი არაფერი დაკარგოს და არც დიდი მოლოდინი გააჩნდეს შეზღუდული სპეციალიზაციის გარემოში შესვლასთან დაკავშირებით. სავარაუდოა, რომ ეს მოდელი ეკონომისტების წარმოსახვაში საბაზისო მოდელს წარმოადგენს და ისინი ამ მოდელზე დაყრდნობით ასაბუთებენ სავაჭრო ურთიერთობებში შესვლის უპირატესობებს. გარდა ამისა, ეს მოდელი საკუთრების ინსტიტუტის მიწის მფლობელობასთან კავშირზე აკეთებს აქცენტს. თუ ამ მოდელს გავცდებით და ვივარაუდებთ, რომ დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის სახით არსებობა სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა ინდივიდებისა და შიდა მეურნეობებისთვის, მაშინ ურთიერთობები საკუთრებასა და თავისუფლებას შორის სხვა ჭრილში უნდა განვიხილოთ.

V . ბაზარზე დამოკიდებულება, ექსპლუატაცია და სამართლიანობა

როგორც IV თავში ავღნიშნეთ, ადამიანი, რომელიც სპეციალიზაციის მოდელზე გადადის, ჭარბი საქონლის წარმოებას იწყებს და საბაზრო ურთიერთობებში შედის, ამას ნებაყოფლობით აკეთებს და მისი მიზანია გაზარდოს კონტროლი იმ საქონელზე, რომელსაც იგი აწარმოებს და რომელზე მოთხოვნილება არსებობს. იმავდროულად მას ესმის, რომ ასეთ ურთიერთობებში შესვლასთან დაკავშირებით მას გარკვეული მსხვერპლის გაღება მოუწევს და დამოუკიდებლობას დაკარგავს. ანუ, ეს ნიშნავს, რომ ასეთ ურთიერთობებში შესვლა გარდაუვლად გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დამოკიდებული იქნება სხვა ადამიანთა ქცევაზე. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ არის რაიმე ძალდატანება, ადამიანის კეთილდღეობა შეიძლება შეიცვალოს სხვების ქცევის შედეგად. გარეშე ადამიანთა ქცევა ცვალებადია და იგი ინდივიდზე სხვადასხვა ზეგავლენას ახდენს. ანუ, სხვა ადამიანების ქცევა კრიტიკის, კონტროლის და მანიპულაციის საგანი გახდება. ადამიანი „დაინტერესებულია“ სხვების ქცევაში, რადგანაც მათი ქცევა გავლენას მოახდენს მის პროდუქტზე საბაზრო ურთიერთობების მეშვეობით. ადამიანის „დაინტერესება“ სხვების ქცევაში განსხვავდება იმ დაინტერესებისგან, რომელსაც ადამიანი ბუნების ისეთი ძალებისადმი იჩენდა, როგორიცაა ამინდი და სხვა. გაცვლით ანუ საბაზრო ურთიერთობებში მონაწილე პირის ეს დამოკიდებულება მაშინაც კი ნარჩუნდება, როდესაც „სხვა“ პირი არ ახდენს ბაზარზე ზეგავლენას. მაგრამ იმ უბრალო გარემოების გამო, რომ ნებისმიერმა გამყიდველმა ერთ მყიდველთან უნდა მოახდინოს სასაქონლო გაცვლა და პირიქით, საბოლოოდ მაინც გულისხმობს, რომ ბაზრის მონაწილეები საბაზრო ძალებზე ზეგავლენას სხვა პირებს მიაწერენ, თუნდაც ეს ზეგავლენა ძალიან უმნიშვნელო იყოს ან საერთოდ არ არსებობდეს.

შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ანალიზის პროცესში გაცვლის პირობების შეფასება ,,სამართლიანი“ ან ,,უსამართლო“ კატეგორიებით ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგი მონაწილე შეიძლება სხვისი ექსპლუატაციის ქვეშ მოექცეს. ანუ, თავად ეს დამოკიდებული ურთიერთობები ქმნიან ექსპლუატაციის შესაძლებლობას, რაც საბაზრო ურთიერთობების შედეგად მიღებული მოგების არათანაბარი ან დაუბალანსებელი განაწილების სახით გამოიხატება.

მოდით კიდევ ერთხელ განვიხილოთ ის საწყისი ეტაპი, როდესაც ადამიანი დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის სახით არსებობიდან საბაზრო ურთიერთობებში, ანუ დამოკიდებულ ურთიერთობებში შედის. ვთქვათ ფერმერმა ჭარბი რაოდენობით აწარმოა კვერცხი, რომელიც კარტოფილზე უნდა რომ გაცვალოს, რადგანაც მას ცოტა კარტოფილი აქვს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი რესურსები კვერცხის წარმოებაზე იყო კონცენტრირებული. გაცვლის პირობები იმ მწარმოებლებზეა დამოკიდებული, რომლებიც როგორც კვერცხს, ასევე კარტოფილს აწარმოებენ, ისევე როგორც ამ წარმოების მოცულობებზე. თუ ფერმერი შემთხვევით აღმოაჩენს, რომ ძალიან ბევრი ფერმერი აწარმოებს კვერცხს, და მხოლოდ ერთი ფერმერი აწარმოებს კარტოფილს ისეთი რაოდენობით, რომ გაცვლით ურთიერთობებში შევიდეს, მაშინ ამ ფერმერისთვის გარიგების პირობები უაღრესად არახელსაყრელი იქნება. შესაბამისად, იგი გადაწყვეტს, რომ მონოპოლისტი მას უსამართლოდ მოექცა და იგი ექსპლუატირებულია.

რასაკვირველია, საბაზრო ურთიერთობებში შესვლის პირობებში ნებისმიერ ადამიანს ესმის, რომ იგი დაუცველია და სპეციალიზაციასთან ერთად, რომელიც შესაძლებლობების გაზრდას პირდება, ფერმერი ცდილობს შეინარჩუნოს ისეთი პირობები, რაც მას ბაზრიდან გასვლის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენს მიერ მოყვანილ მაგალითში ფერმერს თავისი მიწა აქვს, სადაც იგი თავისი შრომით წარმოებული სხვადასხვა პროდუქციით თავს იცავს შესაძლებელი ექსპლუატაციისგან, რომელსაც ვაჭრობის არასასურველი პირობების შედეგად შეიძლება დაექვემდებაროს. თუ ფერმერის ყველა რესურსი კვერცხის წარმოებაზე იქნება მიმართული, მაშინ ზემოთხსენებულ არახელსაყრელ საბაზრო პირობებში ფერმერი შესაძლებელია ბევრად უარეს ვითარებაში აღმოჩნდეს, ვიდრე მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის სახით არსებობდა და საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე იყო ორიენტირებული. ასეთი ვითარების თავიდან ასაცილებლად ფერმერმა შესაძლოა ამჟობინოს რესურსების ნაწილი კარტოფილის წარმოებაზე წარმართოს. იმისთვის, რომ ადამიანმა ასეთი ნაბიჯები გადადგას, მან წარმოების რესურსებზე კონტროლი უნდა შეინარჩუნოს. მას საშუალება უნდა ჰქონდეს თავისი შრომა და მიწა იმ დანიშნულებით გამოიყენოს, რასაც მიზანშეწონილად თავად მიიჩნევს. კერძო მფლობელობა სპეციალიზაციისა და ვაჭრობის საშუალებას იძლევა, მაგრამ იმავდროულად იგი ფერმერს საშუალებას აძლევს, რომ თავი ბაზრის „უხილავი ძალებისგან“ დაიცვას.

კერძო საკუთრების ეს მეორე ფუნქცია, რომელსაც წინამდებარე ნაშრომში არაერთგზის დავუბრუნდებით, ხშირად უგულებელყოფილია ეკონომისტების მიერ, რადგანაც მათ ყურადღება მეტწილად ეფექტურობაზე აქვთ გადატანილი. ამ ფუნქციას განვითარებული საბაზრო ურთიერთობების მონაწილეებიც ივიწყებენ, რის გამოც ბაზრიდან გასვლის შესაძლებლობა მხოლოდ მათ ძალიან მცირე რაოდენობას გააჩნია. უაღრესად მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საბაზრო ქსელებისა (მათ შორის მომავალი ბაზრების ჩამოყალიბება) და საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარებასთან ერთად, ასევე ამ სტრუქტურის უკეთ გააზრებასა და გაგებასთან ერთად ბაზრის ინდივიდუალურ მონაწილეებს უკეთესი შესაძლებლობები აქვთ გამოიყენონ სპეციალიზაციის უპირატესობები და იმავდროულად საჭიროების შემთხვევაში, დანაკარგების გარეშე შეძლონ ბაზრიდან გასვლა. ასეთი შედეგების მიღწევა იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ეკონომიკა კონკურენტუნარიანია და ყველა ღირებულების შექმნაზე ორიენტირებულ საქმიანობას ბაზარზე თავისუფალი შესვლის და გასვლის შესაძლებლობა აქვს. ამასთან, ბაზარი საკმარისი ზომისაა იმისთვის, რომ მასზე მრავალი ეკონომიკური ერთეულის არსებობა იყოს შესაძლებელი, რომლებიც ნებისმიერ მათთვის სასურველ ბაზარზე, როგორც წარმოების, ისე შესყიდვის პროცესში მონაწილეობენ. ეკონომისტების მიერ აღწერილი მოდელის პირობებში ყოველ ადამიანს, რომელიც ბაზარზე მყიდველის და/ან გამყიდველის სახით იღებს მონაწილეობას, რამდენიმე ობიექტური არჩევანის შესაძლებლობა აქვს, რომელიც მას ისეთი ქცევის საშუალებას მისცემს, თითქოს დამოკიდებული კავშირები არ არსებობდეს.

VI. ანალიტიკური ილუსტრაცია

მეხუთე თავში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება ანალიტიკური ილუსტრაციის სახით წარმოვადგინოთ, რომელიც ეკონომისტებს თუ ამის სურვილი ექნებათ შეუძლიათ არ განიხილონ. მოდით კიდევ ერთხელ წარმოვიდგინოთ იდეალიზირებული შიდა მეურნეობა, რომელიც ყველა თავის მოთხოვნილებებს თვითონ იკმაყოფილებს და თანაც ორი სახის პროდუქტს აწარმოებს, რომლებზეც დიდი მოთხოვნილება არსებობს, ეს არის კარტოფილი და კვერცხი. მოდით ვივარაუდოთ, რომ ეს პროდუქტები ოჯახის ბიუჯეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგანაც დაახლოებით მის ნახევარს შეადგენს. მოდით ასევე ვივარაუდოთ, რომ ამ პროდუქტებიდან ამონაგები ბევრად უფრო აღემატება მის წარმოებაში დაბანდებულ რესურსებს, ამ შემთხვევაში რესურსის საზომი მის წარმოებაზე ერთი საათის განმავლობაში დახარჯული შრომა იქნება. ასევე ვივარაუდოთ, რომ ორივე პროდუქტი სრულიად სიმეტრიულია, ანუ წარმოების დანიშნულება (ფუნქცია) ერთნაირია. I დიაგრამაზე იზოლირებული არსებობის პირობებში ეკონომიკური ერთეულის მიერ წარმოებული პროდუქტის მოცულობა PP მრუდით არის გამოხატული თუ დავუშვებთ, რომ ჩადებული სიმძლავრეები ფიქსირებულია. რადგანაც ორივე პროდუქტი, ანუ კარტოფილი და კვერცხი საქონელს წარმოადგენს და მათი მნიშვნელობა დაახლოებით ერთნაირია, ეკონომიკური ერთეულის სარგებელის მაქსიმალიზაცია E წერტილზე მოდის, ანუ ეკონომიკური ერთეული ერთნაირი რაოდენობის პროდუქციას აწარმოებს და მოიხმარს. მიუხედავად იმისა, რომ ამონაგები იზრდება, ეკონომიკურ ერთეულს მხოლოდ E პოზიციის შენარჩუნება შეუძლია და ამაზე უფრო არ ვითარდება.

აღსანიშნავია, რომ E დონის მიღწევას შიდა მეურნეობა მხოლოდ საკუთარი ძალებით და თავისი სურვილით ახერხებს (თავისი არჩევანის შესაბამისად) იმ გარემო პირობებში, რომლებიც ხშირად მის შემზღუდველ ფაქტორს წარმოადგენენ. სხვა პირების საქმიანობა საერთოდ არ ახდენს ზეგავლენას ამ შიდა მეურნეობის საქმიანობაზე ან მდგომარეობაზე, ანუ არ არსებობს ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებული კავშირები.

ამ ილუსტრაციაზე შეგვიძლია მეორე ეკონომიკური ერთეულიც ავსახოთ. ანუ, ეს არის მეორე შიდა მეურნეობა, რომელიც ყველა თავისი მახასიათებლით პირველის იდენტურია. მეორე ერთეულსაც იგივე წარმოების ფუნქციები გააჩნია, რაც პირველს. ასეთ გარემოში ნათელი ხდება, თუ რა უპირატესობები გააჩნია სპეციალიზაციას და გაცვლას (რეალიზაციას). მოდით ვივარაუდოთ, რომ ორივე ეკონომიკური ერთეული ამ ორი პროდუქტიდან რომელიმე ერთის წარმოებაზეა სპეციალიზირებული. ერთი შიდა მეურნეობა მთელ თავის რესურსებს კარტოფილის წარმოებაზე წარმართავს, ხოლო მეორე კი კვერცხის წარმოებაზე. ორივე შიდა მეურნეობა იგივე სიმძლავრეებს დებს ამ პროდუქტების წარმოებაში.

TavdasakuT9

ასეთ პირობებში I დიაგრამაზე მთლიანი წარმოება M-ით არის გამოხატული, ხოლო H-ით მთლიანი პროდუქტი იზომება, რომელსაც ოროვე შიდა მეურნეობა იზოლირებულად აწარმოებს და ვაჭრობაში არ მონაწილეობს. თუ ეკონომიკური ერთეული სპეციალიზირებულია პროდუქტის წარმოებაში მისი რეალიზაციის მიზნით, მაშინ ყოველ ერთეულს შეუძლია მიაღწიოს EE-დონეს, რომელიც ბევრად აღემატება EE-დონეს. ზემოთხსენებული ილუსტრაცია

იმ მიზნით მოვიყვანეთ, რომ ელემენტარული ეკონომიკური აპსექტები აგვესახა, რომლებსაც ეკონომისტები ხშირად იგნორირებას უკეთებენ. ყოველი ეკონომიკური ერთეული, რომელიც სპეციალიზირებულია და პროდუქტის რეალიზაციაში იღებს მონაწილეობას, თავისი წარმოებიდან ბევრად უფრო მეტ ამონაგებს იღებს, ვიდრე იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკური ერთეული დამოუკიდებელია, მაგრამ იმავდროულად იგი უფრო დაუცველია, რადგანაც სხვა ადამიანების ქცევაზეა დამოკიდებული, რომელსაც იგი ვერ აკონტროლებს. ეკონომიკური დამოუკიდებლობის ვითარებაში ილუსტრაციაზე ნაჩვენები იზოლირებული ეკონომიკური ერთეული PP ზღვარზეა და იგი არჩევანის წინაშე დგას მასთან დაკავშირებით, თუ ამ ორი პროდუქტის წარმოების და მოხმარების რა დონეს უნდა მიაღწიოს. სპეციალიზაციისა და სავაჭრო ურთიერთობების პირობებში დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეული PP ზღვარზე არ დგას და მას საშუალება აქვს, რომ ორივე პროდუქტის საბოლოო მოცულობა განსაზღვროს. თუ შიდა მეურნეობა კვერცხის წარმოებაზეა სპეციალიზირებული, მაშინ ამ ოჯახს მხოლოდ კვერცხის გარკვეული რაოდენობა გააჩნია პროდუქტის სახით. ეს შიდა მეურნეობა დამოკიდებულია სხვების საქციელზე, მაგალითად იმათი, ვინც კარტოფილის წარმოებაზეა სპეციალიზირებული.

ორი ეკონომიკური ერთეულის არსებობის პირობებში ყოველი ერთეული ორმხრივი მონოპოლიის პირობებში აღმოჩნდება და მისი წარმოების საბოლოო პროდუქტის ღირებულება მისი მფლობელის გარიგებაში შესვლის უნარზე იქნება დამოკიდებული. ამ „გარიგებაში შესვლის თამაშში“ დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის წარმოების ზღვარი, იმავდროულად ამ ეკონომიკური ერთეულის სუსტი მხარეების მაჩვენებელია. თუ მეორე ერთეულს გარიგებაში შესვლის უკეთესი უნარი აქვს, მაშინ პირველი, ანუ ნაკლებად წარმატებული ერთეული დამოუკიდებელი ერთეულის სახით არსებობას არჩევს და პროდუქტს საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებს და მას გარანტირებულად ექნება ამონაგების E-დონე.

ორი ბილატერალური მონოპოლისტის არსებობის პირობებში ეკონომიკის მასშტაბის ზრდასთან და წარმოებისა და რეალიზაციის ქსელის განვითარებასთან ერთად გაურკვევლობა, ანუ დაუცველობა მცირდება. ყოველი ეკონომიკური ერთეული, რომელიც რომელიმე ერთი პროდუქტის წარმოებაზეა სპეციალიზირებული ისეთ ეკონომიკურ ურთიერთობებში შედის, სადაც სხვა საქონლის ერთზე მეტი მწარმოებელია და ცალკეული ერთეულების დაუცველობა მცირდება. როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა რეალიზაციის ქსელის გაფართოებასთან ერთად ყველა ბაზარზე მყიდველებისა და მწარმოებლების მეტი რაოდენობაა წარმოდგენილი და ინდივიდუალურ ერთეულს საშუალება აქვს ისე მოიქცეს, თითქოს იგი ობიექტური გაცვლის პირობებშია, ანუ PP ზღვარზეა.

რასაკვირველია, რეალურ გარემოში ამ მოდელის ობიექტურობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდეს. მოდით წარმოვიდგინოთ რომ ერთი ადამიანი, მაგალითად კვერცხების გამყიდველი ბაზარზე გამოდის. I დიაგრამაზე PP-თი ნაჩვენები სავარაუდო ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოთხოვნა არსებობს კვერცხებზე იმისთვის, რომ საბაზრო ფასი სტაბილური იყოს და ასევე იმაზე, რომ კვერცხების მომწოდებელთა რაოდენობა საკმარისი იყოს და არა ჭარბი, რადგანაც ასეთ შემთხვევაში მოწოდებაც ჭარბი იქნება. საუკეთესო შემთხვევაში ფასს, რომლის მიხედვითაც ერთ გამყიდველს საქონლის მიწოდებაში კორექტივები შეაქვს მოსალოდნელი (მისაღები) ფასის ფარგლებში უნდა იყოს, რადგანაც საქონლის საბოლოო რეალიზაცია პირდაპირ არის დამოკიდებული ბაზრის ორივე სეგმენტის მონაწილეთა, ანუ მყიდველებისა და გამყიდველების აგრეგირებულ ქცევაზე. როგორც ისტორიულმა გამოცდილებამ გვაჩვენა იმ ბაზრებზე, სადაც კონკურენციის მოდელები რეალურად შეესაბამება არსებულ ეკონომიკურ მოდელებს, შესაძლებელია შედარებით მოკლე პერიოდში ფასების უაღრესად მნიშვნელოვან ცვალებადობას ჰქონდეს ადგილი. ბაზრის ყველა მონაწილე სპეციალიზირებულია და წარმოდგენილია ან მყიდველი-მომხმარებლის ან მწარმოებელი-მომწოდებელის სახით და ისინი ბევრი სხვა ადამიანის ქცევაზე არიან დამოკიდებული, ანუ იმ ქცევაზე, რომელიც ინდივიდუალური მონაწილისთვის ნამდვილად „ბრმა ძალას“ წარმოადგენს.

VII. სწავლა მოქმედების გზით; დავიწყება – უმოქმედობით.

მეექვსე თავში განხილულ უაღრესად აბსტრაგირებულ და გამარტივებულ ილუსტრაციაში წარმოება-გაცვლის ურთიერთობების მონაწილეთა დაუცველობა შედარებით შეზღუდულია, რადგანაც მათ ბაზრიდან გასვლის და სხვა სფეროში დასაქმების, ანუ დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის პირობებში დაბრუნების შესაძლებლობა გააჩნიათ. ამ არჩევანის არსებობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაშვებულია კერძო საკუთრება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს საკუთარი ნებით დატოვონ ბაზარი, ანუ ნაწილობრივ ან მთლიანად აღარ მიიღონ მონაწილეობა გაცვლით ურთიერთობებში.

ის დიფერენციალი, რომელიც მიიღწევა დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის არსებობის პირობებში ან სპეციალიზაციისა და გაცვლის ურთიერთობების პირობებში იმავდროულად დამოუკიდებლობის ფასს გვაჩვენებს, ანუ პირიქით რომ შევაფასოთ, საბაზრო დამოუკიდებლობის უპირატესობებს გვაჩვენებს. აქ უპრიანი იქნებოდა განგვეხილა ზოგი ფაქტორი, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ ამ დიფერენციალზე. როგორც მეექვსე თავში აღინიშნა, სპეციალიზაციისა და გაცვლისგან მოსალოდნელი სარგებელი (მოგება) ძირითადად ამონაგების ზრდის ხარჯზე მიიღწევა. ჩვენ არ განგვიხილია ის სარგებელი, რომელიც ისეთი დიფერენციალური ფაქტორების შედეგად მიიღწევა, როგორიცაა ინდივიდუალური ნიჭი, უნარჩვევები და შესაძლებლობები. მოგების ზრდა იმის ხარჯზე მიიღწევა, რომ ჩადებული სიმძლავრეები ბევრად უფრო მორგებულია ამონაგების გაზრდაზე. ეს ურთიერთკავშირი ბევრად უფრო გამოკვეთილი გახდება თუ სტატიკური მოდელიდან დინამიურ მოდელზე გადავალთ. რადგანაც წარმოება ისეა ორგანიზებული, რომ ჩადებული სიმძლავრეების სპეციალიზაციას მოითხოვს, ამ პროცესის მონაწილეები კეთების, ანუ მუშაობის პროცესში სწავლობენ და დროთა განმავლობაში, როდესაც ადამიანები უფრო გამოცდილები ხდებიან, ჩადებული სიმძლავრეების უფრო მაღალ ამონაგებად გარდაქმნა ხდება შესაძლებელი.

ეკონომისტები აღიარებენ, რომ სწავლა პრაქტიკული გამოცდილების შეძენის გზით ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორია, მაგრამ ჩემი აზრით მათ თავიანთ მოდელებში არსებული უკუკავშირები სრული სახით მაინც არა აქვთ გათვალისწინებული. მონაწილე, რომელიც გარკვეულ სფეროში სპეციალიზდება, პრაქტიკული გამოცდილების შეძენის გზით სწავლობს და იგი უაღრესად დახელოვნებული და წარმატებული ხდება მოცემულ სფეროში, მაგრამ იმავდროულად ამ ადამიანს ავიწყდება ის, რასაც აღარ აკეთებს. ანუ, ადამიანი ნაკლებად შედეგიანი ხდება იმ სფეროებში, სადაც თავის რესურსებს აღარ აბანდებს, რადგანაც მისი ძალისხმევა კონკრეტულ სფეროში დახელოვნებაზეა მიმართული. ეს ეფექტი შეგვიძლია I დიაგრამაზე გეომეტრიულად ავსახოთ. ანუ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეკონომიკური ერთეული დროის გარკვეულ პერიოდში, რომელიმე სფეროში სპეციალიზირდება, ანუ სწავლობს პრაქტიკული გამოცდილების შეძენის გზით და ავიწყდება ის რასაც აღარ აკეთებს, მაშინ ბაზრის გარეშე არსებობის შესაძლებლობის ზღვარი PP მრუდის შიგნით გადაინაცვლებს. დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეული ბაზრის ძალებზე ხდება უფრო მეტად დამოკიდებული და შესაბამისად, ნაკლებად დაცულია ამ ძალების წინაშე, რომლებიც მისი კონტროლის ფარგლებს გარეთაა. დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის სახით არსებობისა და სპეციალიზაციის პირობებში შესაძლებელი სარგებლის დონეში განსხვავება სულ უფრო იზრდება, ხოლო ბაზრიდან გასვლა მონაწილეს ძალიან ძვირად დაუჯდება.

ამ დინამიური კავშირების მაქსიმალური ზღვარი მაშინ მიიღწევა, როდესაც დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეული არაკომპეტენტური ხდება ყველა სხვა სფეროში გარდა იმ სფეროსი, სადაც იგი სპეციალიზირებული იყო. ჩვენს მოდელში განხილული შიდა მეურნეობის მაგალითს რომ დავუბრუდეთ, იგი კვერცხის წარმოებაზეა სპეციალიზირებული და თანდათან ავიწყდება, თუ როგორ უნდა აწარმოოს კარტოფილი. ასეთ ვითარებაში ბაზრის გარეშე არსებობის არჩევანი სხვა ფორმას იღებს. I დიაგრამას თუ დავუბრუნდებით, ბაზრის გარეთ წარმოების შესაძლებლობის ზღვარი P-ეების შიგნით ჰორიზონტალური და ვერტიკალური ღერძების შიგნით არსებულ ორდინატას წარმოადგენს. დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის სახით არსებობის შემთხვევაში საჭირო გახდება რომელიმე ორი პროდუქტიდან ერთი პროდუქტის წარმოებაში მუდმივი სპეციალიზაცია, რომელიც ამ შემთხვევაში მხოლოდ შიდა მოხმარების დანიშნულება ექნება. სარგებლის ეს დონე საარსებო დონის დასაკმაყოფილებლად შეიძლება საკმარისი არ იყოს, მით უფრო რომ სიმძლავრეები იმ საქონლის წარმოებაზეა მიმართული, რომელიც ფართო მოხმარების საქონელს არ წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეული მთლიანად დამოკიდებული ხდება ბაზრის მსყიდველობით უნარიანობაზე, რადგანაც ეს ერთადერთი პროდუქტია, რომლის მიწოდება ამ ერთეულს შეუძლია.

VIII. კერძო საკუთრება, საბაზარო კონკურენცია, ბაზარზე თავისუფალი შესვლა და გასვლა.

წინა თავებში ანალიზის გამარტივების მიზნით აღწერილი შეზღუდული მონაწილეობის მოდელი შესაძლებელია უფრო რთული თანამედროვე ეკონომიკის მონაწილეებზეც გავრცელდეს, სადაც სპეციალიზაცია ისეთ დონემდეა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს, ან ძალიან მცირეა იმ შიდა მეურნეობების რაოდენობა, რომლებსაც ბაზრის გარეშე არსებობა შეუძლიათ. თანამედროვე ეკონომიკის პირობებში ყოველი მონაწილე ან ერთეული ამ სისტემაში არსებული სხვა პირების ან ერთეულების ქცევაზეა დამოკიდებული დამოუკიდებლად იმისა, ეს სისტემა ბაზრის თუ რაიმე სხვა ფორმით არის ორგანიზებული. ეს დამოკიდებულება მიწოდებისა და მოთხოვნის მხარეებსაც ეხება, ანუ მომხმარებლის მხარესაც, რომელიც მიწოდებულ საქონელს ან მომსახურეობას შეიძენს. თუ ასეთ პირობებში ბაზრის გარეშე არსებობა არ არის რეალისტური, მაშინ კანონით გარანტირებული საკუთრების უფლება რა გზით არის დაცული შესაძლებელი ექსპლუატაციისგან? მოდით განვიხილოთ გარემო, სადაც ყველა ადამიანს საკუთრება, ანუ აქტივი გააჩნია თავისი თავის სახით. (აქ არ ვითვალისწინებთ არაადამიანურ აქტივებს). ასეთ გარემოში არ არსებობენ მონები და ყველა ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში და თავად წყვეტს, თუ რა საქონელი ან მომსახურეობა უნდა შესთავაზოს სხვა ადამიანებს. ანუ, ეს ორმხრივი ნებაყოფლობითი შეთანხმებების ასპარეზია. თუ დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის სახით არსებობის შესაძლებლობა აღარ არის, მაშინ რა ღირებულება გააჩნია საკუთრების უფლებას?

მხოლოდ ერთი პოტენციალური მყიდველის არსებობის შემთხვევაში მონოპოლისტურ ურთიერთობასთან გვაქვს საქმე და ასეთ შემთხვევაში საკუთრების უფლების ღირებულება შედარებით მცირეა. იმისთვის, რომ იარსებოს, ადამიანს რამენაირად ხელი საარსებოდ აუცილებელ საბოლოო პროდუქტზე უნდა მიუწვდებოდეს. ხოლო მისი მომსახურეობის ან საქონლის მონოპოლისტ შემსყიდველს შეუძლია, რომ ისინი მისთვის არახელსაყრელ პირობებზე შეიძინოს. შესაბამისად, ინდივიდუალური მონაწილე არ უნდა მოექცეს ისეთ ვითარებაში, სადაც მხოლოდ ინდივიდუალური მყიდველი იარსებებს და ბაზარი კონკურენციის პრინციპით უნდა იყოს ორგანიზებული, რომ მასზე მრავალი მყიდველი და გამყიდველი იყოს წარმოდგენილი, რომლებიც სხვადასხვა სახის საქონელს და მომსახურეობას აწვდიან. ასეთ ვითარებაში საკუთრების ღირებულება უფრო მაღალია, რადგანაც ადამიანს არჩევანი გააჩნია და იგი რამოდენიმე ალტერნატიულ მყიდველს შორის ირჩევს, რის გამოც მისი საქონლის ღირებულება მომხმარებლის მსყიდველობით უნარზეა დამოკიდებული.

(თუ კონკურენტულ საბაზრო მოდელს სოციალისტური რეჟიმის მოდელს შევადარებთ, ამ უკანასკნელის პირობებში წარმოების საშუალებები კოლექტიურ მფლობელობაშია და ყველა პირის მიერ წარმოებულ და მიწოდებულ საქონელს თუ მომსახურეობას მხოლოდ ერთი მყიდველი შეიძენს, ანუ კოლექტივი, რის გამოც არ არსებობს ალტერნატიული მყიდველი, ხოლო საკუთრება, რომელიც თუნდაც ნომინალურად ადამიანის მფლობელობაში არის, პრაქტიკულად კარგავს თავის ღირებულებას).

შედარებით უფრო ადვილია ისეთი საბაზრო ვითარების აღწერა, სადაც ყოველ მონაწილეს მრავალი ალტერნატივა გააჩნია (მყიდველი-გამყიდველის ურთიერთობები), რის შედეგადაც ადამიანის საკუთრების უფლებას მაღალი ღირებულება გააჩნია, რადგანაც ადამიანს ამ უფლების გამოყენების შესაძლებლობა აქვს. აღსანიშნავია, რომ უფრო ძნელია იმ ინსტიტუციონალური წესების აღწერა, რომლებიც კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს. მოდით წარმოვიდგინოთ, რომ მოცემულ ეკონომიკაში ყველა ადამიანს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა აქვს. რისი მეშვეობით ხდება ამ მრავალი არჩევანის არსებობის უზრუნველყოფა? კონკურენტული საბაზრო გარემოს ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისთვის ადამიანს გარიგებებში შესვლისუფლება უნდა მიეცეს, ანუ წარმოების მიზნით ფირმის ან სხვა სახით გაერთიანების უფლება. თავის მხრივ ამ ფირმებსაც უნდა შეეძლოთ ერთმანეთთან გარიგებაში შესვლა გაცვლის, ანუ რეალიზაციის მიზნით. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს არა მხოლოდ გამყიდველი-მიმწოდებლის სტატუსით მოქმედებისა უფლება უნდა მივცეთ, არამედ მათ „სავაჭრო პროცესის მონაწილეთა~ სტატუსი უნდა ჰქოდეთ ამ სიტყვის უფრო ფართო მნიშვნელობით, ანუ მათ ორგანიზაციული ერთეულის სახით მონაწილეობის, საქონლის და მომსახურეობის მიწოდებისა და შეძენის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

მომსახურეობის და საქონლის მიმწოდებლის ეკონომიკური პოზიცია დაცულია, რადგანაც მას ორივე ეკონომიკური უფლების განხორციელების შესაძლებლობა აქვს. მისი ინდივიდუალური არჩევანის უფლება საშუალებას აძლევს ალტერნატიულ მყიდველებს შორის აარჩიოს. ასეთი ვითარება ასევე საშუალებას აძლევს, რომ ყველა მონაწილე მყიდველი გახდეს. ეს უფლებები ერთად ისე ფუნქციონირებენ, რომ საკმოდ მკაცრ შეზღუდვებს აწესებენ ადამიანის ექსპლუატაციის შესაძლებლობაზე ვაჭრობისთვის არახელსაყრელი პირობების შექმნის გზით. ინდივიდუალურ მიმწოდებელს უფლება აქვს გაწყვიტოს ურთიერთობები ისეთ მყიდველთან, რომელიც მას არ აწყობს, ხოლო ნებისმიერ სხვა ინდივიდს ამ მიმწოდებელთან გარიგებაში შესვლის უფლება კვლავ რჩება.

ბაზარზე თავისუფალი შესვლის და გასვლის უფლების გარდა, კონკურეტული საბაზრო გარემოს შესანარჩუნებლად კიდევ ერთი დამატებითი პირობაა საჭირო. ეს არის ბაზრის ზომა, რომელიც საკმარისად დიდი უნდა იყოს იმისთვის, რომ მრავალი მყიდველისა და გამყიდველის ერთდროული არსებობა უზრუნველყოს. ეს პირობა მეტწილად დაკმაყოფილებულია იმ შემთხვევაში, თუ არსებული წესები ხელს უწყობენ ბაზრის მისაწვდომობას ყველა პოტენციალური უცხოელისთვის. ანუ, ღია ბაზრის პირობებში. ისეთ ბაზრებზეც კი, რომლებიც შედარებით პატარაა გეოგრაფიული გარემოებებისა და პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ღია ბაზარი ხელს შეუწყობს მყიდველებისა და/ან გამყიდველების მიერ არსებული წესების დაცვას და შეაფერხებს საბაზრო ძალების ბოროტად გამოყენებას.

როგორც უკვე აღვნიშნე, რთული თანამედროვე ეკონომიკის პირობებში ძალიან მცირე რაოდენობის მონაწილეს შეუძლია იარსებოს დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის სახით. მანამდე მოყვანილი ანალიტიკური ილუსტრაციიდან ჩანს, რომ ყველა მონაწილეს ტენდეცია აქვს ვიწრო სფეროში იყოს სპეციალიზირებული და ისინი ერთი ან ორი პროდუქტის ან მომსახურეობის წარმოებაზე აკეთებენ აქცენტს. რასაკვირველია დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის არსებობა ასეთი ვიწრო სპეციალიზაციის გარეშეც შეიძლება შეწყდეს. ინდივიდუალური მონაწილე შესაძლებელია, რომ რომელიმე ბაზარზე მის მიერ წარმოებული პროდუქტის ან მომსახურეობის რეალიზაციის პროცესზე მთლიანად დამოკიდებული იყოს, მაგრამ იმავდროულად სავალდებულო არ არის, რომ იგი მხოლოდ ამ ვიწრო სპეციალიობით საქმიანობით იყოს დაკავებული. წარმოების ჩანაცვლებადობა შესაძლებლობას მისცემს ამ ინდივიდს გამოვიდეს კონკურენტულ ბაზარზე და მაშინ ბაზრის პირობები მისთვის ნაკლებად შემზღუდველი იქნება, ვიდრე მანამდე განხილულ ვითარებაში. ყველა ინდივიდს საშუალება აქვს გაწყვიტოს ურთიერთობა ერთ მყიდველთან და თავისი საქმიანობა სხვა საქმიანობით ჩაანაცვლოს, ანუ შეცვალოს წარმოების და დასაქმების სფერო თუ ადგილმდებარეობა. როდესაც არჩევანის შესაძლებლობები უფრო ფართოა, ადამიანს უფლება აქვს, რომ ერთი სფეროდან გავიდეს და თავისი ადამიანური კაპიტალი სხვა სფეროში სპეციალიზაციას მოახმაროს, რომელიც უფრო უკეთესი დონის მიღწევაში დაეხმარება და თანაც წარმოების სისტემის მოქნილობის უფრო მაღალ მაჩვენებლებს მიაღწევს.

კონკურენტული სისტემისადმი მინიმალური მოთხოვნების განხილვის დროს ავღნიშნეთ, რომ ადამიანის პირად თავისუფლებას უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა ენიჭება. მსჯელობის პროცესში მე ძირითადად ყურადღება ადამიანის მიერ ბაზარში ჩადებული წვლილის, ანუ მიწოდების მხარეზე გავამახვილე. ადამიანი გაცვლით ურთიერთობებში მის მიერ წარმოებული საქონლის ფულზე გაცვლის მიზნით შედის, რომლითაც მას საკუთარი მოხმარებისთვის საჭირო საბოლოო პროდუქტის შეძენა სურს. ადამიანის დაცვა ვაჭრობის პირობებით მანიპულაციის სახით გამოხატული ექსპლუატაციისგან იმითია უზრუნველყოფილი, რომ ადამიანს რამოდენიმე ალტერნატიულ შემსყიდველს შორის არჩევის შესაძლებლობა აქვს. გარდა ამისა თავად კონკურენტული გარემო უზრუნველყოფს, რომ ბაზარზე ალტერნატიული შემსყიდველები არსებობდნენ და შესაძლებელია უფრო მისაღები წინადადების გამოვლენა უფრო დაბალი დანახარჯების ჩადებით.

ინდივიდი, როგორც საბოლოო პროდუქტის მყიდველი ვაჭრობის პირობებით მანიპულაციისგან დაუცველია, თუ მას არა აქვს ალტერნატიულ გამყიდველებს შორის არჩევის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ბაზრის ამ სეგმენტში ექსპლუატაციის შესაძლებლობას სათანადო ყურადღება არ ეთმობა და ალბათ ეს გასაგებიცაა, რადგანაც მოხმარების სფეროში სპეციალიზაცია იშვიათად სცდება წარმოების სფეროში არსებული სპეციალიზაციის საზღვრებს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ინდივიდს სხვადასხვა პროფესიული თუ ინდუსტრიული სფეროსთვის შესაფერისი მომსახურეობის შეთავაზების საშუალება აქვს, მას შემდეგ, როდესაც არჩევანი გაკეთებულია, ეს ინდივიდი თავის მომსახურეობას, ანუ ჩასადებ სიმძლავრეებს მხოლოდ ერთ მყიდველს სთავაზობს. ძალიან იშვიათად თუ ვნახავთ ადამიანს, რომელიც ნახევარ განაკვეთზე დურგლად მუშაობს, ხოლო ნახევარ განაკვეთზე კი ეკონომიკის პროფესორად. რაც შეეხება მოთხოვნის მხარეს, მოხმარების ეს მოდელი სტანდარტულ ქცევას წარმოადგენს. ადამიანი თავის შემოსავალს სხვადასხვა სახის საქონლის ან მომსახურეობის შეძენაზე ხარჟავს, ხოლო რამოდენიმე სახის საქონელი ერთდროულად მოიხმარება და ურთიერთშემავსებელია. ადამიანი ნაკლებად დამოკიდებულია ბაზრის მიწოდების სტრუქტურაზე იმ პროდუქტთან ან მომსახურეობასთან დაკავშირებით, რომელსაც იგი თავად აწარმოებს ან აწვდის იმისთვის, რომ შემოსავალი მიიღოს. განსხვავება ბაზრის ორივე სეგმენტში მონაწილე ადამიანის დაუცველობას შორის, როდესაც იგი მიწოდების ან მოხმარების პროცესში მონაწილეობს, არ ნიშნავს რომ საქონლის მოხმარების სფეროში ეფექტური კონკურენციის შენარჩუნება არ არის მნიშვნელოვანი. ანუ, ეს განსხვავება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ადამიანს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა აქვს და იგი საქონლის ან მომსახურეობის ალტერნატიულ გამყიდველებს შორის მისაღებს არჩევს, რაც უფრო ეფექტურია მოთხოვნის სეგმენტში, რადგანაც საბოლოო პროდუქტის დიდი არჩევანის პირობებში იგი ადვილად ჩანაცვლებადია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინსტიტუციური თუ სტრუქტურული მოთხოვნები, რომლებიც არჩევანის თავისუფლების უზრუნველყოფაზეა მიმართული შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მიწოდების მხარესთან დაკავშირებული მოთხოვნები. მარტივი და გასაგები მაგალითის სახით შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი: აკადემიის მონოპოლიური კონტროლი ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაზე უფრო საზიანოა, ვიდრე მონოპოლიური კონტროლი პურის ყველა მიმწოდებელზე. უფრო ადვილია ხორბლიდან პარკოსნების წარმოებაზე გადასვლა, ვიდრე პროფესორობიდან დურგლის პროფესიაზე გადასვლა.

IX. ბაზრების პროფესიონალური და კერძო იმიჯი.

კონკურენტული საბაზრო ეკონომიკის ლოგიკური სტრუქტურის სრულად გააზრების შემდეგ, მისმა ესთეტიკურმა მიმზიდველობამ შესაძლებელია მისი მიუკერძოებლად შეფასების უნარი დაგვაკარგინოს. ბაზრის იდეალიზაცია, ანუ ისეთი გარემოს იდეალიზაცია, სადაც ადამიანები უაღრესად დამოკიდებული არიან ერთმანეთზე და მაინც არც ერთ ადამიანს არა აქვს სხვა პირზე საკუთარი ნებასურვილის თავზე მოხვევის შესაძლებლობა, ზეგავლენას ახდენს ჩვენს მიერ იმ გარემოს ახსნაზე, რომელსაც ვაფასებთ. ასეთი რომანტიკული ინტერპრეტაციის შედეგები შესაძლებელია სხვა შეფასებებისგან განსხვავდებოდეს. ამიტომაც, მიზანშეწონილია შევქმნათ თავისუფალი ინტელექტუალური სივრცე პროფესიონალი ეკონომისტების მიერ შემოთავაზებულ კონკურენტულ გარემოს მოდელსა და იმ მოდელს შორის, რომელიც ინდივიდების კერძო საკუთრებისთვის უპირატესობის მინიჭების შედეგად ყალიბდება.

როგორც წინამდებარე ნაშრომის ზემოთ მოყვანილ თავებში აღინიშნა, კერძო საკუთრება ადამიანთა თავისუფლებას იცავს, რადგანაც მათ საშუალება აქვთ დატოვონ ბაზარი ან თავი აარიდონ მას და შესაბამისად, პოტენციურად ექსპლუატაციური ხასიათის ეკონომიკურ ურთიერთობებში შესვლას. მანამდე, სანამ ალტერნატივების არსებობის შედეგად, ინდივიდს „თავისუფალი არჩევანი“ გააჩნია იმის საფრთხე არ არის, რომ ადამიანი საბაზრო ურთიერთობების დამყარების პროცესში ბევრი სხვა ადამიანის ქცევაზე დამოკიდებული გახდეს. კონკურენტული საბაზრო ეკონომიკის ამ რომანტიზირებულ ხედვაში, კერძო საკუთრების გარდა, თითქოს არც ერთი არგუმენტი აღარაა საჭირო. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ იდეალიზირებული კონკურენტული სტრუქტურის მქონე მოდელის პირობებში, თავისუფლების გარდა რაიმე დამატებითი არგუმენტის საჭიროება აღარ ჩანს.

ამ მოდელის ამსახველი თეორიის შესაბამისად, ადამიანური აქტივის გარდა სხვა აქტივების მფლობელობა პრინციპში საჭირო არ არის, რადგანაც ამ პროცესში ასეთი აქტივების ლიზინგია გათვალისწინებული და ამ ორ სხვადასხვა ინსტიტუციონალურ ალტერნატივას შორის არჩევანის არსებობის პირობებში რაციონალური გადაწყვეტილება ფასების შედარების საფუძველზე მიიღება. ბაზარი სწორედ იმიტომ არსებობს, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ ალტერნატივების დაახლოებით ერთნაირი ღირებულება. ბაზარზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენა რასაკვირველია ზოგი ალტერნატივისადმი არაერთგვაროვან (მიკერძოებულ) დამოკიდებულებას გამოიწვევს (მაგალითად, საგადასახადო შეღავათების მინიჭება). იდეალიზირებული კონკურენტული ბაზრის პირობებში არაადამიანური კაპიტალის აქტივების ინდივიდუალური მფლობელობა უაღრესად გაბნეულია, რაც კონკურენტული გარემოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის მიზანშეწონილი არ არის. ასე მაგალითად, სანამ გასაქირავებელი სახლების მფლობელებს შორის ეფექტური კონკურენცია არსებობს, ისეთი არგუმენტი, რომელიც სახლების კერძო მფლობელობის აუცილებლობას გაამართლებდა არ წარმოიშვება. იგივე მართებულია კერძო მფლობელობაში არსებულ სატრანსოპრტო საშუალებებთან და გრძელვადიანი სარგებლობის საგნებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ეკონომისტების მიერ შეთხზულ კონკურენტული ბაზრის მოდელსა და რეალური ბაზრების მუშაობას შორის გარკვეული შეუსაბამობები არსებობს, რაც ინდივიდუალური მონაწილეების ქცევით არის გამოწვეული. ადამიანებს არ სჯერათ, რომ ბაზარი მათ ბევრ სხვადასხვა სიტუაციასთან დაკავშირებით ეფექტურ ალტერნატივას სთავაზობს და ბაზრის მიერ დადგენილი ვაჭრობის პირობებზე დამოკიდებულება მათთვის მისაღები არ არის. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პოლიტიკურ ჩარევას, რომელიც ალტერნატივების არჩევაზე ზეგავლენას ახდენს, ადგილი არ ექნება, ადამიანები უპირატესობას კერძო მფლობელობას ანიჭებენ და არა საქონლის ან პროდუქტის იჯარაში ან ლიზინგში აღებას. ადამიანებს ურჩევნიათ სახლებს თავად ფლობდნენ. მათ უნდათ, რომ საკუთარი მანქანები ჰქონდეთ, დამოუკიდებლად იმისა, თუ რამდენად კონკურენტულია სალიზინგო ბაზარი. ჩემი აზრით ადამიანები ლიზინგს კერძო მფლობელობას ამჯობინებენ მაშინაც კი, როდესაც დანახარჟებში სხვაობა მნიშვნელოვანია. ანუ, თუ იგივე ხარისხის მანქანის იჟარაში აღება თვეში 100 დოლარად შეიძლება, რაც ბევრად ნაკლებია ვიდრე საკუთარ მანქანაზე ერთი თვის განმავლობაში გაწეული დანახარჟები, ადამიანები მაინც საკუთარ მანქანას ამჯობინებენ. ბაზარზე დამოკიდებულების გაზრდის შემთხვევაში პროდუქტიულობის ზრდის შედეგად მიღებული სარგებელი არ არის საკმარისი კომპენსაცია იმ ზარალისა, რომელსაც ისინი დამოუკიდებლობის დაკარგვის შედეგად ნახავენ. როდესაც ადამიანების ქცევას ვაკვირდებით ნათელი ხდება, რომ ისინი უაღრესად აფასებენ საბაზრო ურთიერთობებიდან გასვლის იმ შესაძლებლობას, რომელსაც მათ კერძო საკუთრება ანიჭებთ და ეს პოზიტიური შეფასება მაინც იარსებებს დამოუკიდებლად იმისა, თუ რამდენად კონკურენტულია რომელიმე კონკრეტული ბაზარი.

X. კერძო მფლობელობა, როგორც თვითწარმოება

კაპიტალური აქტივების კერძო მფლობელობის ერთ-ერთი ინტერპრეტაციის შესაბამისად, ეს ინსტიტუტი ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ მათი მეშვეობით საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის საჭირო პროდუქტი აწარმოონ, ჩვენს მიერ კვერცხისა და კარტოფილის მწარმოებელი ფერმერების მაგალითის მსგავსად. შიდა მეურნეობა, რომელსაც საკუთარი მიწა და სახლი აქვს და თავისი წარმოება გააჩნია, ანუ თავის საჭიროებებს იკმაყოფილებს, ბაზრის მომწოდებლებთან და მონაწილეებთან ურთიერთობებში შესვლას არ საჭიროებს. ადამიანი, რომელსაც მანქანა აქვს, დროდადრო საჭიროების მიხედვით იყენებს მას.

კერძო საკუთრება საშუალებას აძლევს ადამიანს საბაზრო ურთიერთობებიდან გავიდეს და საკუთარი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. საკუთარი წარმოება პირდაპირი სახით ამცირებს დამოკიდებულებას სხვა მონაწილეებზე და ინდივიდს ბაზარზე მონაწილეობა გარკვეული პროდუქციისა ან მომსახურეობის მყიდველის სახით აღარ უწევს. ამ თვალსაზრისით საკუთარი წარმოება, რაც შესაძლებელი ხდება შესაბამისი აქტივების ფლობის შემთხვევაში, არ განსხვავდება იმ წარმოებისგან, როდესაც ჩასადები სიმძლავრეები ბაზრის გარეშე მოიპოვება (მაგალითად, ბოსტნეული საკუთარი მიწიდან). ბევრი სხვადასხვა აქტივის (სახლი, მანქანა, ავეჯი, ტექნიკა, საქონელი, ხილის ხეები და სხვა) კერძო მფლობელობა გულისხმობს, რომ ამ აქტივების შედეგად წარმოებული პროდუქტი ასევე ამცირებს მათი მფლობელის დამოკიდებულებას ბაზრის ფუნქციონირებაზე, რადგანაც ამ პროდუქციის ფულად შემოსავლებზე გაცვლაა შესაძლებელი.

ეს ასპექტი უფრო დეტალურ განხილვას საჭიროებს. მოდით განვიხილოთ შემოსავლების ბრუნვის ელემენტარული II დიაგრამა. A პირი ბაზარზე გადის და საკუთარ მომსახურეობას სთავაზობს. ანუ გამყიდველიმიმწოდებლის როლში გამოდის.

TavdasakuT10

იმავდროულად A პირი ბაზარზე გარკვეული მომსახურეობისა და საქონლის მყიდველის სახითაც მონაწილეობს. ისეთი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სადაც ყველა ბაზარზეა დამოკიდებული, ადამიანი, როგორც მიმწოდებლის, ასევე მყიდველის როლში სხვების ქცევაზეა დამოკიდებული. ურთიერთობების ამ სტრუქტურაზე ზემოთაც გვქონდა საუბარი. თუ A პირს ბაზრიდან გასვლის შესაძლებლობა ექნება საკუთარი წარმოების ორგანიზების ხარჯზე, მაშინ მოთხოვნის მხარეს შემოსავლების ნაკადის მოცულობა შემცირდება. (სახლის მფლობელობასთან ერთად ადამიანს აღარ უწევს ბინის ყოველთვიური ქირის გადახდა). თუ ინდივიდს (შიდა მეურნეობას) ნაკლები შემოსავლები დასჭირდება საქონლის და მომსახურეობის შესაძენად, მაშინ მიმწოდებლის (გამყიდველის) შემოსავლების ნაკადიც შემცირდება.

საკუთარი წარმოება, რომელიც საკუთრების მფლობელობის პირობებშია შესაძლებელი, ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ინდივიდის, როგორც გამყიდველის დამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით, ვიდრე მყიდველის დამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით. ადამიანებმა შესაძლებელია ჩათვალონ, რომ ისინი უფრო დაუცველები არიან თუ მიწოდების მხარეს აღმოჩნდებიან, რადგანაც ამ შემთხვევაში სპეციალიზაციის ხარისხი უფრო მაღალია და გარიგების დანახარჯები უფრო მაღალია ალტერნატიული მყიდველების არსებობის პირობებში, თანაც ეს დანახარჯები ადგილმდებარეობის მიხედვით კორექტირებას საჭიროებენ. წარმოიდგინეთ იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელიც საბაზრო ძალების ზეგავლენის შედეგად უმუშევარი რჩება. თუ ეს ადამიანი სახლს, მანქანას, ავეჯს და ტექნიკას ფლობს, მაშინ მისი დაუცველობა ბაზრის შედეგად გამოწვეული შოკით უფრო ნაკლები ხარისხისაა. ამ აქტივების ფლობის შედეგად საკუთარი წარმოების ორგანიზება მას საშუალებას აძლევს არსებობისთვის აუცილებელი სახსრები მოიპოვოს, რაც ამ საკუთრების გარეშე შეუძლებელი გახდებოდა. ჩემი აზრით, ეკონომისტებმა უნდა აღიარონ, რომ კერძო საკუთრების ინსტიტუტი გარკვეულწილად პარადოქსულია იმ გაგებით, რომ ის საბაზრო ურთიერთდამოკიდებულებებში ,,ეფექტურობის“ უპირატესი მნიშვნელობის მიუხედავად არსებობს. იდეალიზირებული ფუნქციონირების პირობებში ბაზარმა უფრო მეტი მომსახურეობა უნდა შესთავაზოს იგივე დანახარჯების სანაცვლოდ, ან მეტი მომსახურეობა ნაკლები დანახარჯებით, ვიდრე კერძო საკუთრების საფუძველზე არსებული წარმოების შედეგად მიიღება. თუ ეკონომიკის მასშტაბებს ერთმანეთს შევადარებთ იდეალურმა საბინაო ბაზარმა იგივე ხარისხის სახლის უზრუნველყოფა ნაკლები დანახარჟებით უნდა შეძლოს. (რატომ უნდა ჰქონდეს გარეუბნის სახლის ყველა პატრონს საკუთარი გაზონების საჭრელი?)

სტანდარტულ ანალიტიკურ მაგალითებში საბაზრო პირობებში ადამიანის დაუცველობა გათვალისწინებული არ არის და ნავარაუდევია, რომ მოდელები იდეალურად მუშაობენ. მაგრამ შესაძლებლობა თავისუფალი იყო ბაზრის ზეგავლენისა და შოკისგან მნიშვნელოვანი არგუმენტია საკუთრების სასარგებლო ფუნქციის დასამტკიცებლად. საკუთარი წარმოება, რის საშუალებასაც კერძო საკუთრება იძლევა, უფრო ,,ეფექტური“ ფუნქციაა ვიდრე ბაზრის პირობებში შემოთავაზებული შესაძლო სარგებელი.

XI. კერძო საკუთრება ისეთი აქტივების სახით, რომელიც ფულად შემოსავლებს იძლევიან.

კერძო საკუთრების ეფექტურობა, რომელიც ადამიანებს საბაზრო შოკისგან იცავს, აქამდე მხოლოდ იმ აქტივებთან დაკავშირებით განიხილებოდა, რომლებიც საქონელს და მომსახურეობას პირდაპირი სახით აწვდიან, ანუ აქტივების მფლობელი პირდაპირ მოგებას იღებს. ასევე მოხსენებული იყო საბინაო მომსახურეობა (გაქირავება) და გრძელვადიანი მოხმარების საგნები. აქამდე იმ აქტივების კერძო მფლობელობაზე, რომლებსაც ფულადი შემოსავლები მოაქვთ, არ ვსაუბრობდით. მიაქციეთ ყუარდღება, რომ აქ მატერიალურ აქტივებსა (უძრავი ქონება) და ფინანსურ აქტივებს შორის განსხვავებაზე საუბარი არაა, რადგანაც ზოგ მატერიალურ აქტივებსაც ფულადი და არა სხვა სახის შემოსავლები მოაქვთ. ფინანსურ აქტივებს ფულადი შემოსავლები მოაქვს, რაც თავად მათი დასახელებიდანაც ნათელია.

ფინანსური აქტივების მფლობელი, მაგალითად ობლიგაციების მფლობელი განსხვავებით ბინათმფლობელისგან, რომელიც მომსახურეობას სთავაზობს, არაფერს არ აწარმოებს. რასაკვირველია ის გარემოება, რომ ადამიანს გარკვეული ფულადი შემოსავლები ეკუთვნის არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არ მონაწილეობს ბაზარზე. ეს ადამიანი ფლობს აქტივებს, რომლებსაც ფულადი შემოსავლები მოაქვს, მაგრამ იგი იხდის ბინის ქირას, მანქანისა და ტელევიზორის ქირას (თუ იჯარითა აქვს აღებული). ის, რომ ამ ადამიანს გარკვეული ფულადი შემოსავლები აქვს, მასზე, როგორც საბოლოო პროდუქციის მყიდველზე გავლენას არ ახდენს. ანუ, ამ შემთხვევაში ბაზრის შოკის წინაშე დაუცველობა გაცვლის პირობების გამო მასზე არ ვრცელდება. მაგრამ რაც შეეხება შემოსავლების ბრუნვის მიწოდების მხარეს, აქტივების მფლობელის მიერ თანხის გატანის მოთხოვნა ამცირებს რეალიზაციას, რადგანაც საქონლის მოხმარების დაფინანსებაა საჭირო. ადამიანს, რომელიც თვეში 100 დოლარს იღებს ობლიგაციებიდან საპროცენტო შემოსავლების სახით, საქონლის მოხმარებაზე თავისი შრომის რეალიზაციის შედეგად მიღებული მიმდინარე შემოსავლებიდან 100 დოლარით ნაკლები ეხარჯება. ანუ, აქტივების მფლობელი იღებს შემოსავალს, რომელიც ხელს უწყობს, რომ მან უფრო ძვირი სამომხმარებლო კალათით ისარგებლოს და იმავდროულად საკუთარი შრომით უფრო ნაკლები წვლილი შეაქვს ბაზარზე. მაგრამ შემოსავალი ორივე შემთხვევაში ბაზრის მეშვეობით ბრუნავს. ამ ვითარებისგან განსხვავებით იმ აქტივების მფლობელი, რომელიც პირდაპირ მომსახურეობას უზრუნველყოფს, ბაზრის წარმადობაზე დამოკიდებულებისა და გაცვლითი ურთიერთობებისგან განთავისუფლებულია.

კერძო მფლობელობაში არსებულ აქტივებს შორის, რომლებსაც ფულადი შემოსავლები მოაქვთ და იმ აქტივებს შორის, რომლებიც მომსახურეობას აწარმოებენ და რეალიზაციის შემთხვევაში მფლობელებისთვის ფულადი შემოსავლები მოაქვთ, სხვა განსხვავებაც არსებობს. ორივე შემთხვევაში მფლობელს ფულადი შემოსავლები აქვს, რის გამოც მისი დამოკიდებულება ბაზარზე ნაკლებია და მას ნაკლები წვლილი შეაქვს ბაზარზე პროდუქციის სახით. მაგრამ გასხვავებაა დაუცველობის თვალსაზრისით იმ ძალების წინაშე, რომლებიც აქტივების მფლობელის კონტროლის ფარგლებს გარეთ არიან. იმ შემთხვევაში, როდესაც უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მფლობელი ფულად შემოსავლებს იღებს, იგი იგივე აქტივზე ბაზრის ცვალებადობის წინაშე დაუცველია. მეორე შემთხვევაში, როდესაც მფლობელი თავისი აქტივებიდან პირდაპირ ფულად შემოსავლებს იღებს, მფლობელი ზოგადად საქონლისა და ფულადი ნაკადების მოძრაობაში ცვლილებების თვალსაზრისით დაუცველია. ეს დაუცველობა მაქსიმალურია, როდესაც კერძო საკუთრება ფულად ფორმას იღებს, ან ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც ფულად ერთეულში გამოხატული მოგების გარანტიას იძლევა. მაგრამ ფულად ვალდებულებებსა და კერძო საკუთრებას შორის საუბრისგან ეხლა თავს შევიკავებთ და ეს საკითხი დეტალურად XIII თავში იქნება განხილული.

XII. კერძო საკუთრება და დრო: დაგროვება მფლობელობის შედეგად.

აქამდე არ გვისაუბრია კერძო საკუთრების როლზე იმ ასპექტში, რომ დროთა განმავლობაში იგი ადამიანს ხელს უწყობს შემოსავლების ნაკადების დარეგულირებაში, დამოუკიდებლად იმისა, თუ რა სახის საკუთრებაა ეს. ფინანსურ ნაკადებში, როგორც შემოსავლები ასევე დანახარჯები იგულისხმება, რომლებიც აქტივების არსებობის ციკლის განმავლობაში ბაზრის მეშვეობითაა გენერირებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ანალიზი ძირითადად საკუთრების დამცავი როლით შემოიფარგლებოდა, რაც იდეალური ბაზრის პირობებში საჭირო არ უნდა იყოს. ნათელია, რომ ანალიზის პროცესში განხილული იყო კერძო საკუთრების მოდელი, რომლის დროსაც ეკონომიკური ურთიერთობების ყველა მონაწილე მუდმიავდ არსებობს და ყოველთვის წარმოადგენს მიწოდების ან მოთხოვნის მხარეს. თუ ამ მოდელში დროის ფაქტორსაც შევიტანთ, ნათელი ხდება, რომ ადამიანთა ცხოვრების განმავლობაში შემოსავლებისა და დანახარჟების მოცულობებში კორექტივების შეტანა საჭირო ხდება, რის გამოც აუცილებელია არსებობდეს ინსტიტუტი, რომელიც განსაზღვრავს კერძო საკუთრების ღირებულებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ის გარემოება, რომ ადამიანი თავისი შესაძლებლობების სრული მფლობელია ადამიანური კაპიტალის აკუმულაციის საშუალებას იძლევა, მაგრამ გარდა ამისა საჭიროა დამატებითი ფაქტორი კაპიტალური აქტივების სახით.

აქ პრობლემატურ საკითხად მესახება ურთიერთკავშირი კერძო საკუთრებას და კაპიტალის აკუმულაციის ტემპებს შორის და აქედან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპებს შორის. აქ რა თქმა უნდა არ ვგულისხმობთ, რომ საკუთრების ინსტიტუტები სიცოცხლისუნარიანი ან მნიშვნელოვანი არ არის ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის, რაც ნამდვილად მისაღები და სწორი აზრია. ჩემი წიგნის მიზანია კერძო საკუთრება განვიხილო, როგორც ადამიანთა თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფის ინსტიტუტი და არა მხოლოდ როგორც ეკონომიკური ზრდისა და ეფექტურობის მექანიზმი.

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, კერძო საკუთრება, დამოუკიდებლად იმისა, აქტივები დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ იძლევიან მოგებას თუ პირდაპირი სახით, საშუალებას აძლევს მის მფლობელს დროებით გავიდეს საბაზრო ურთიერთობებიდან. ადამიანს, რომელსაც თავისი აქტივებიდან აქვს შემოსავალი, ან ისეთი აქტივი აქვს, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს, მისი არჩევანის შესაბამისად საშუალება აქვს ან გაზარდოს საქონლის წარმოებაზე დაბანდებული კაპიტალი ან შეამციროს იგი და შესაბამისად, ბაზარზე საქონლის რეალიზაციის მოცულობა შეამციროს. ორივე შემთხვევაში გარკვეული ღირებულების მქონე აქტივების მფლობელობა ადამიანს რამოდენიმე სხვადასხვა არჩევანის შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, აქტივების მფლობელს ბაზრიდან გასვლის შესაძლებლობაც აქვს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია დამოუკიდებლად იმისა, იგი ამ შესაძლებლობით ისარგებლებს თუ არა. გარკვეული ღირებულების მქონე აქტივების მფლობელი „თავისუფალია თავის არჩევანში“, თუ ამ აქტივის ღირებულება არ მცირდება. როგორც სემიუელ ჯონსონმა აღნიშნა, ადამიანი ყველაზე უფრო მაშინ არის თავისუფალი, როდესაც იგი მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე აქტივების მფლობელია, რომელთა ღირებულება არ იკლებს. (Boswell, 1946).

კერძო საკუთრების როლი შემოსავლებისა და ხარჯების ნაკადებში დროებითი კორექტივების შეტანის საშუალებას იძლევა, მაგრამ იგი არ არის პირდაპირ დამოკიდებული კონკურენტული საბაზრო ძალების ზემოქმედებაზე. ამაზე ზემოთაც გვქონდა საუბარი, როდესაც საკუთრების დაცვით და პრევენციულ ფუნქციაზე ვსაუბრობდით. მაშინაც კი, როდესაც კონკურენციის პროცესები ისეთია, რომ ადამიანს დროის ყველა მონაკვეთზე მრავალ სხვადასხვა ალტერნატივას სთავაზობს სხვადასხვა ბაზარზე, კერძო საკუთრების ღირებულება მაინც უმნიშვნელოვანესია და იგი რეალური ცხოვრების უმოწყალო ძალებისაგან დაცვის საშუალებას იძლევა. ადამიანი, რომელიც ნაკლებად ექვემდებარება „ბაზრის ბრმა ძალების“ ზემოქმედებას და კლასიკური ლიბერალების კვალდაკვალ კონკურენტული გარემოსმხარდამჭერია, მაინც დაინტერესებულია, რომ აქტივებს კერძო საკუთრების სახით ფლობდეს.

საკუთრების (აქტივების) ყველაზე მიზანშეწონილი ფორმა ადამიანთა სხვადასხვა მოტივაციაზეა დამოკიდებული. იმ ადამიანისთვის, რომელიც კონკურენტული საბაზრო პროცესების მხარდამჭერია და რომლის ძირითადი და ერთადერთი მოტივაცია იმაში მდგომარეობს, რომ მას თავის შემოსავლებსა და ხარჯებში დროებითი კორექტივების შეტანის შესაძლებლობა უნდა რომ გააჩნდეს, აქტივების ყველაზე მიზანშეწონილი ფორმა ის იქნება, რომელიც ყველაზე უფრო ადვილად გარდაიქმნება სხვა აქტივად, ანუ ნაღდ ფულად. თუ ამჯერად არ გავითვალისწინებთ საკუთრების პრევენციულ დანიშნულებას, ფულადი სახსრები ან ფასიანი ქაღალდები აკუმულაციის ყველაზე მიზანშეწონილ ფორმას წარმოადგენენ. ადამიანი, რომელიც არ ხედავს საკუთარი წარმოების უპირატესობებს, რომლის საშუალებასაც კერძო საკუთრების ფლობა იძლევა, ბუნებრივია თავის არჩევანს ფინანსურ აქტივებზე გააჩერებს და გამონთავისუფლებული სახსრებით ასეთ აქტივებს შეიძენს.

XIII. კერძო საკუთრება ფულის სახით: ინფლაცია და ღირებულების დაკარგვა.

ურთიერთკავშირი ინფლაციასა და კერძო საკუთრების უფლების დაცვაზე მიმართულ არგუმენტებს შორის უფრო ღრმა განხილვას საჭიროებს. როგორც უკვე აღინიშნა ადამიანი, რომელიც საბაზრო ძალების ზეგავლენას არ განიცდის და საბაზრო შოკისგან თავს დაუცველად არ გრძნობს, საკუთრების ფლობაში მაინც იქნება დაინტერესებული, თავის შემოსავლებსა და ხარჯებში დროებითი კორექტივების შეტანის შესაძლებლობის გამო. იდეალურ შემთხვევაში ეს ადამიანი ისეთ საკუთრებას ამჯობინებს, როგორიცაა ფულადი სახსრები ან ფასიანი ქაღალდები. მაგრამ იმისთვის, რომ ასეთი იდეალიზირებული გარემო რეალურად შესაძლებელი გახდეს, აუცილებელია არა მხოლოდ ყველა ბაზარზე რეალური კონკურენციის უზრუნველყოფა, არამედ ასევე იმის უზრუნველყოფა, რომ ფულად სახსრებისა და საქონლის ღირებულების თვალსაზრისით არანაირ შოკს არ ექნება ადგილი. შესაბამისად, საჭირო გარკვეული დამცავი მექანიზმების დანერგვა გახდება. ეს პირობა არ არის ერთადერთი, რაც შესაძლებელია, რომ რეალურ გარემოში საჭირო გახდეს.

შესაძლებელია შევქმნათ ისეთი ანალიტიკური მოდელი, სადაც ფული მოხმარების საგნის, ან მოხმარების საგნების პაკეტის ფორმით იქნება წარმოდგენილი. ასეთ შემთხვევაში კონკურეტული ბაზრის ფუნქციონირება სტაბილური უნდა იყოს. მაგრამ თუ ეკონომიკას დავაკვირდებით, დავინახავთ რომ ფული არ არის ის საქონელი, რომელიც ბაზრის მეშვეობით იწარმოება ან გაიყიდება. ფული სახელმწიფოს, ანუ პოლიტიკური ერთეულის ქმნილებას წარმოადგენს და მისი მასა მისი წარმოების ღირებულებასთან უმნიშვნელოდ, ან სრულიად არ არის დაკავშირებული. იმ ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს თავისი საკუთრება ფულადი სახსრების ან ფულადი ვალდებულებების სახით იქონიოს, დაინტერესებულია, რომ თავისი აქტივები სახელმწიფოს, რაიმე კოლექტიური სტრუქტურის, ან იგივე ბაზრის მხრიდან ექსპლუატაციისგან დაიცვას.

ზემოთ განხილულ ორ გარემოში, პოტენციურად შესაძლებელი კონფისკაციისგან დაცვის მექანიზმები ფსიქოლოგიურად ერთმანეთისგან სრულიად გასხვავდება. ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია „ბაზრის ბრმა ძალების“ ზემოქმედებისგან დამცავი მექანიზმების არსებობაში იდენტიფიცირებული პირების ან პირთა ჯგუფების მაქინაციებისა არ უნდა ეშინოდეს. იგი ამ შემთხვევაში დაცვას მყიდველებისა და გამყიდველების დიდი მასის აგრეგირებული ქცევისგან მოითხოვს, ანუ ისეთი ქცევისგან, რომელსაც ზეგავლენა აქვს ბაზრის ფასებზე, როგორც წარმოების, ასევე მოთხოვნის თვალსაზრისით. ასეთი ხასიათის დამცავი მექანიზმები ყოველთვის დაკავშირებულია იმ ფაქტორთან, რომელსაც საბაზრო პროცესების „ნდობა“ შეიძლება ვუწოდოთ. „ნდობა“ დამოკიდებულია იმ რაციონალურ მიზეზზე, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ეკონომიკური ინტერესები აქვს და მოგებაშია დაინტერესებული. გასხვავებით ზემოთხსენებულისგან, იმ პირს, რომელიც საქონლისა და ფულის სავაჭრო პირობებით გამოწვეული შოკისგან დამცავი მექანიზმების მოძებნას ცდილობს, ბაზრის მიმწოდებლებისა და მყიდველების ქცევის არ უნდა ეშინოდეს, არამედ მისთვის საფრთხეს პოლიტიკური ერთეული წარმოადგენს. დიდი რიცხვების შესახებ კანონის შესაბამისად, ბევრი ადამიანის ჯამური ქცევა ბაზარს უფრო პროგნოზირებადს ხდის იმ პირობით, რომ სხვა ასპექტები უცვლელი რჩება, ცალკეული პირებისა და სახელმწიფოს ქცევისგან განსხვავებით.

ალბათ ძალიან მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც არ ესმით სახელმწიფოს მხრიდან ექსპლუატაციის შესაძლებლობა, ანუ ბიუროკრატთა მიერ ფულადი და სასაქონლო აქტივებით მანიპულაცია საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებში. ისტორიულ მაგალითებზე ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლეთ. ის პირები, რომლებსაც საკუთრების შეძენა მხოლოდ იმ მიზეზით უნდათ, რომ შემოსავლებისა და ხარჯების კორექტირება მოახდინონ, ასეთი პოტენციალური ექსპლუატაციისგან თავის დაცვის და მისი პრევენციის მიზნით თავიანთ საქციელში ცვლილებებს შეიტანენ. ასეთ შემთხვევაში ისინი უპირატესობას მიანიჭებენ მატერიალურ და არა ფინანსურ აქტივებს. მატერიალური აქტივები მათ იმ მიზნით არ სჭირდებათ, რომ მათი მეშვეობით რაღაც მომსახურეობა აწარმოონ ან მოგება მიიღონ, არამედ იმიტომ, რომ ამ აქტივების ღირებულება იზრდება და ისინი დაცულები იქნებიან იმ შემთხვევაში, თუ ვაჭრობის პირობები ფულადი სახსრებისთვის არახელსაყრელი იქნება. პოლიტიკური ერთეულისადმი ნდობის ნაკლებობა კერძო საკუთრების სფეროსთვის გარკვეულწილად შემზღუდველი ფაქტორია თუ მას ადამიანთა თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით შევაფასებთ.

ფულადი სქემების განხილვის დროს ხშირად საკუთრების შეძენის სქემა არ არის გათვალისწინებული. ეკონომისტები ამ ასპექტთან დაკავშირებითაც უფრო ფულადი ერთეულის ღირებულების პროგნოზირების ეფექტურობის გაზრდაზე მიმართულ მახასიათებლებზე საუბრობენ. რასაკვირველია ასეთი მახასიათებლები უაღრესად მნიშვნელოვანია. სხვადასხვა სახის საკონტრაქტო ურთიერთობები უაღრესად გამარტივებულია ისეთ გარემოში, რომელიც პროგნოზირებადია. მაგრამ ეკონომისტებს ძირითადად მხოლოდ ეს კარგად ნაცნობი არგუმენტი მოჰყავთ ეფექტურ მონეტარულ სქემასთან დაკავშირებით, მაგრამ გარდა ამისა არსებობს ადამიანები და მათი კერძო საკუთრება, რომელიც ამ საკონტრაქტო ურთიერთობებისგან დამოუკიდებლად არსებობს და იმ გარემოში, რომელიც პროგნოზირებადია ფულადსასაქონლო გაცვლის თვალსაზრისით, დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო იზრდება, ვიდრე არაპროგნოზირებად გარემოში. როდესაც ადამიანს ფულადი სახსრების ან ფულადი ვალდებულებების ფლობა შეუძლია, იგი დაცულია ბაზრის ფლუქტუაციისგან, როგორც მიწოდების ისე მოთხოვნის სეგმენტში.

ქვეტექსტი ნათელია. რეJიმი, რომელიც კერძო საკუთრებას (მიწას) საკანონმდებლო გზით იცავს უფრო შეზღუდულია ეფექტურობის თვალსაზრისით თუ ფულადსასაქონლო გაცვლა არ არის პროგნოზირებადი, ხოლო რეჟიმი, რომელიც ჩვეულებრივ აქტივების (სასაქონლო გაცვლის საგნებს) პრივატიზაციაშია დაინტერესებული იმავდროულად პროგნიზირებადი გარემოს შექმნაშიცაა დაინტერესებული, რათა მისდამი ნდობა გაიზარდოს. მანამდე, სანამ პოლიტიკურ ხელისუფლებას საკუთრების კონფისკაციის უფლებამოსილება გააჩნია, საკანონმდებლო სტრუქტურა, რომელიც ადამიანს საკუთრების უფლებას ანიჭებს არ იქნება ეფექტური. ანუ. კერძო საკუთრების ინსტიტუტის პოტენციალური შესაძლებლობები სრულად არ იქნება გამოყენებული.

XIV. სოციალიზმი, კერძო საკუთრება და თავისუფლება.

კერძო მესაკუთრეობის მიერ თავისუფლების გაფართოების შესაძლებლოებებზე კონცენტრირება, აუცილებლობის შემთხვევაში თავისუფლების შეზღუდვის ფორმებთან დაკავშირებით უფრო მეტ პასუხს იძლევა, ვიდრე სოციალიზმი, როგორც ორგანიზაციული სტრუქტურა. სოციალიზმი კლასიკური დეფინიციის შესაბამისად კერძო საკუთრების კოლექტიური საკუთრებით ჩანაცვლებას გულისხმობს. სოციალიზმის ზეგავლენის სფეროს გაფართოებასთან ერთად კერძო საკუთრების ზეგავლენის სფერო მცირდება. სოციალისტური ორგანიზაცია არ არის სრულიად ტოტალიტარული იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ უკრძალავდეს ადამიანს აქტივების ფლობას, მათ შორის საკუთარი თავის და შესაძლებლობების განკარგვის უფლებას. ყველაზე ტოტალიტარული რეჟიმიც კი, გარკვეული აქტივების კერძო მფლობელობის de facto უფლებას იძლევა, მაგალითად ძვირფასი ლითონები და ნაკეთობები.

მაგრამ წარმოიდგინეთ ადამიანის მდგომარეობა სოციალისტური რეჟიმის პირობებში, სადაც ყველა წარმოების საშუალება კოლექტიური ხელისუფლების მფლობელობისა და გამგებლობის ქვეშ არის, მათ შორის ისეთი აქტივები, როგორიცა ადამიანის პირადი კაპიტალი, ანუ შესაძლებლობებია. ადამიანი გარკვეულ პროფესიულ ამოცანას წყვეტს, მაგალითად მას წარმოების პროცესში გარკვეული წვლილი შეაქვს და სანაცვლოდ ამ წარმოების შედეგის გარკვეული წილი ეკუთვნის. რაც შეეხება საბოლოო პროდუქციას, ამასაც ხელისუფლება წყვეტს თუ რა სახის უნდა იყოს იგი.

ასეთ გარემოში სოციალისტური სისტემის მონაწილე მაქსიმალურად დამოკიდებულია სხვების გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად, მაქსიმალურად დაუცველია. ექსპლუატაციის წინააღმდეგ ისეთი სისტემური გარანტია, როგორიც კონკურენტული საბაზრო სისტემის პირობებში მოქმედებს, არ არსებობს. ანუ ინდივიდს იმისთვის, რომ საარსებო სახსრები მოიპოვოს ურთიერთობა უწევს მომსახურეობის მონოპოლისტ „შემსყიდველთან” და საქონლის მონოპილისტ „გამყიდველთან”. სხვა არჩევანი არ არსებობს, რადგანაც ადამიანს არა აქვს კერძო აქტივების ფლობის საშუალება მას საკუთარი წარმოების წამოწყება არ შეუძლია, ამიტომ მისი არჩევანი შეზღუდულია.

იმ შემთხვევაშიც კი (ანალიტიკური და ემპირიული გამოცდილების საწინააღდმეგოდ) სოციალისტური რეJიმი რომ „ეფექტური” იყოს, ამ სიტყვის სრული მნიშნელობით, ადამიანის დამოუკიდებლობის ან თავისუფლების გამოხატულების ფუნქცია საერთოდ არ იარსებებდა. იდეალიზირებულ სოციალისტურ გარემოშიც კი, სისტემის მონაწილეების უმეტესობა თანახმა იქნებოდა, რომ პროდუქტიული პოტენციალის ნაწილი კოლექტიური ხელისუფლების მხრიდან ექსპლუატაციისგან დაცვის სანაცვლოდ დაეთმო. რასაკვირველია რეალურ გარემოში ამ ასპექტებს შორის კომპრომისის მიღწევა შეუძლებელია. პირიქით, ლოგიკური ანალიზი და ისტორიული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ „ეკონომიკა” კოლექტივიზაციის სფეროს გაზრდასთან ერთად ნაკლებად პროდუქტიული ხდება და არა უფრო „პროდუქტიული”, როგორც ვარაუდობდნენ. ეკონომიკის ეფექტურობის ზრდა მხოლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი, თუ აქტივების კერძო მფლობელობის მოცულობა იზრდება და კოლექტიური კონტროლის საზღვრები მცირდება. გარდა ამისა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ადამიანები, რომლებიც პოზიტიურად აფასებენ შეზღუდულ დამოუკიდებლობას, რომელიც კერძო საკუთრებიდან ასეთ გადანაცვლებას მოსდევს, უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ეფექტურობისა და პროდუქტიულობის ზრდას.

1990-იანი წლების დასაწყისის გადმოსახედიდან სოციალისტური მოდელის ნაკლოვანებები პოლიტიკურ-ეკონომიკურ რეალობაში ალბათ ბევრად უფრო ადვილი დასანახია. და პირიქით, ჩვენთვის, ვინც სოციალიზმის რღვევის მოწმეები გავხდით, საკმაოდ ძნელია როგორც იდეის, ასევე პრაქტიკულ დონეზე გავიაზროთ თუ რაში მდგომარეობდა სოციალისტურ-კოლექტივისტური მოდელის უპირატესობა და მიმზიდველობა იმ ეპოქის ბევრი მოაზროვნისთვის. ჩვენ არ გვესმის, თუ რატომ აფასებდნენ ისინი თავიანთ კვლევებსა და ნორმატიულ-კომპარატიულ შეფასებებში საკუთრების ამ ფორმას პოზიტიურად. ფ. ა. ჰაიეკი ნამდვილად მართალი იყო, როდესაც ვარაუდობდა, რომ დიდი მოთხოვნა იქნება იმ მეცნიერების შრომებზე, რომლებიც შეეცდებიან გაარკვიონ თუ რატომ მოხდა, რომ ისეთი „ფატალურად თავდაჯერებული” იდეა, როგორც სოციალიზმი იყო ამდენი ხნის განმავლობაში მართავდა ადამიანების გონებას და ასეთ ინტელექტუალურ სიმაღლეებს მიაღწია. (ჰაიეკი, 1988).

ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ადამიანებს ასეთი ფატალური შეცდომა მოუვიდათ იმაში მდგომარეობს, რომ ეკონომისტები ყურადღებას მხოლოდ სოციალური ორგანიზაციის მოდელის ეფექტურობაზე და პროდუქტიულობაზე ამახვილებდნენ და თავისუფლების განზომილებას საერთოდ არ ითვალისწინებდნენ. თუ ვივარაუდებთ, რომ ეფექტურობა ყველაზე მნიშვნელოვანი საბოლოო მიზანია, მაშინ შესაძლებელია სამეცნიერო შეცდომების მთელი წყება დავუშვათ, რომელიც სოციალისტური საუკუნის ისტორიულ ჩანაწერებშიც აისახება. რეტროსპექტივაში ჩვენ ამ ისტორიული ჩანაწერების ინტერპრეტაცია შეგვიძლია და მას იმ ჰიპოთეზის ფალსიფიკაციას დავარქმევდით, რომლის მიხედვითაც წარმოების საშუალებების კოლექტიური მფლობელობის და კონტროლის პირობებში გენერირებული პროდუქტის ღირებულება იგივეა ან აღემატება კერძო მფლობელობის პირობებში გენერირებული პროდუქტის ღირებულებას. მაგრამ 1950-60-იან წლებამდე ეს ჰიპოთეზა არ იყო მიჩნეული ყალბად. მოდით ამის საწინააღმდეგოდ განვიხილოთ ჰიპოთეზა, რომელიც ინსტიტუციურ-ორგანიზაციული სქემის კომპარატიული ანალიზის დასაყრდენი უნდა გამხდარიყო, მაგრამ არ გახდა. ეს ჰიპოთეზა თავისუფლების განზომილებასაც ითვალისწინებს. ის მოსაზრება, რომ კოლექტიური მფლობელობა და კონტროლი ადამიანთა თავისუფლების გაზრდას გულისხმობს, თუნდაც საწყისი ჰიპოთეზის სახით არავის არ წამოუყენებია. სოციალისტური ორგანიზაციის ნებისმიერ მოდელს, დიდს თუ მცირეს, თანმიმდევრულს თუ ფრაგმენტარულს, გარდაუვლად ახასიათებს თავისუფლების შეზღუდვა, რასაც ამ ექსპერიმენტების დამკვირვებლები იმთავითვე აღიარებდნენ.

XV. Rerum Novarum.

სოციალისტური საუკუნისადმი მიძღვნილი მსჯელობის პროცესში ავღნიშნეთ, რომ საკითხები მხოლოდ ეფექტურობისა და პროდუქტიულობის კუთხით არ უნდა განხილულიყო. კერძო საკუთრებიდან კოლექტიური საკუთრებისკენ გადანაცვლების ზეგავლენა ადამიანის თავისუფლებაზე სოციალისტური რეჟიმის კრიტიკის ცალკე მიზეზი გახდა. ეს კრიტიკა არ ითვალისწინებდა არც ეფექტურობის არგუმენტს და არც კონკურენტული საბაზრო პროცესების მნიშვნელობას. მე აქ ვგულისხმობს პაპ ლეო XIII-ის საჯარო წერილს, რომელიც 1893 წელს გამოქვეყნდა და კარგად არის ცნობილი თავისი ლათუნური სახელით Rerum Novarum (1939).2

„…სოციალიზმი ემყარება რა ღარიბი ადამიანის შურს მდიდარი ადამიანისადმი, ცდილობს დაანგრიოს კერძო საკუთრება და ამტკიცებს, რომ კერძო მფლობელობაში მყოფი საგნები საერთო საკუთრებაში უნდა გადავიდეს, ხოლო მის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ან მუნიციპალურ ორგანოებს უნდა დაეკისროს. მათ მიაჩნიათ, რომ საკუთრების კერძო პირებიდან საზოგადოებისთვის გადაცემის გზით არსებული უსამართლობა გამოსწორდება და ყველა მოქალაქეს თანაბარი წილი ექნება ყველაფერში, რაც იწარმოება და იარსებებს. მათი ძალისხმევა უშედეგოა ყველა პრაქტიკული თვალსაზრისით, რადგანაც ყოველივე ზემოთაღნიშნული რომ განხორციელდეს თავად მუშა იქნება ის, ვინც ყველაზე უფრო იზარალებს. გარდა ამისა, ისინი იმთავითვე უსამართლოები არიან, რადგანაც ისინი კანონიერ მფლობელს ძარცვავენ, სახელმწიფო შემოჰყავთ იმ სფეროში, რომელიც მის დანიშნულებას არ წარმოადგენს და საზოგადოებაში სრული აღრევა შეაქვთ.

კერძო მფლობელობა

უდავოა, რომ როდესაც ადამიანი ანაზღაურებად საქმეს აკეთებს, მისი მუშაობის ძირითადი მიზეზი და მოტივი ფულის შოვნა და კერძო საკუთრების შეძენაა. თუ ერთი ადამიანი მეორეს მიაქირავებს თავის ძალას ან ენერგიას, იგი ამას იმ მიზნით აკეთებს, რომ სანაცვლოდ მისთვის საარსებოდ საჭირო საკვები და საგნები შეიძინოს. ანუ, ამით იგი მოელის, რომ მისი შრომის სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებაზე და მის განკარგვაზე სრული უფლება ექნებაა. ამგვარად, თუ ეს ადამიანი ეკონომიურად იცხოვრებს, ფულს დააგროვებს და შედმეგ თავის დანაზოგს დააბანდებს და მიწას შეიძენს, ეს მიწა ასეთ შემთხვევაში მის მიერ გამომუშავებული სიმდიდრის ახლებურ სახეს წარმოადგენს და შესაბამისად, მუშა ადამიანის პატარა მამული მთლიანად მის განკარგულებაშია, ისევე როგორც ის ანაზღაურება, რომელსაც იგი თავისი შრომისთვის იღებს. მფლობელობა სწორედ განკარგვის უფლებაში მდგომარეობს, იქნება ეს მიწა თუ მოძრავი ქონება. სოციალისტები ცდილობენ ადამიანების საკუთრება საზოგადოებას გადასცენ, რაც ანაზღაურებისთვის მომუშავე ყველა ადამიანის ინტერესებზე დარტყმას წარმოადგენს, რადგანაც ასეთი გზით სოციალისტები ადამიანს თავისი ანაზღაურების განკარგვის უფლებას ართმევენ და ამასთან ყველა იმედს და შესაძლებლობას გაზარდოს თავისი დანაზოგი და გააუმჯობესოს თავისი ცხოვრების დონე. (გვ 2-3).

…ადამიანს უფლება უნდა გააჩნდეს, რომ ნივთები არა დროებით და ან მიმდინარე სარგებლობაში, არამედ ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანს მუდმივ საკუთრებაში ჰქონდეს. მას უნდა გააჩნდეს არა მხოლოდ ის საგნები, რომლებიც ხმარების პროცესში თავდება, არამედ ის საგნებიც, რომლებიც მიუხედავად სარგებლობისა მაინც რჩება და გამოიყენება მომავალი სარგებლობისთვის, (გვ 3).

როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთმა დედამიწა ადამიანთა რასას სარგებლობისა და სიამოვნებისთვის გადასცა, ეს ნიშნავს, რომ კერძო საკუთრების უფლება დაშვებულია. ღმერთმა დედამიწა ზოგადად კაცობრიობას გადასცა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს შეუძლია ისე მოექცეს მას, როგორც თავად უნდა, არამედ იგულისხმება, რომ დედამიწის არც ერთი ნაწილი არ არის გადაცემული უშუალოდ რომელიმე ადამიანზე და რომ კერძო საკუთრების ზღვარი თავად ადამიანის შრომის და ადამიანთა მიერ მიღებული კანონების საფუძველზე უნდა განისაზღვროს. (გვ 4).

…ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანებს უფლება აქვთ გამოიყენონ მიწა, მათ მიწაზე მოყვანილი ხილი, მაგრამ ვამბობთ, რომ უსამართლოა ამ ადამიანს ჰქონდეს საკუთრებაში ის მიწა, რომელზეც სახლი ააშენა და რომელსაც ამუშავებს. ისინი, ვინც ამას ამტკიცებენ ადამიანს ართმევენ იმას, რაც მან თავისი შრომის შედეგად შექმნა, რადგანაც ნიადაგი, რომელსაც ადამიანი თავისი შრომით ამუშავებს თავის პირვანდელ სახეს იცვლის. იგი მანამდე ყამირი იყო, მაგრამ ეხლა მასზე ყველაფერი ჭარბად ხარობს. ის ადამიანი, რომელმაც ეს მიწა მოხნა და დაამუშავა, ეს მიწა თავის ნაწილად გახადა, შესაბამისად მიწაც ნამდვილად მისგან განუყოფელ ნაწილად იქცევა. ეს სამართლიანობაა, როდესაც ერთი ადამიანის შრომით და ოფლით მოყვანილი ხილით სხვა ადამიანმა უნდა ისიამოვნოს?

გულუბრყვილობა იქნებოდა, Rerum Novarum -იდან მოყვანილი გამონათქვამები იმის უბრალო კონსტატაციად მივიჩნიოთ, რომ ადამიანს ბუნებით საკუთრების უფლება აქვს მინიჭებული, ის უფლება, რომელიც კერძო თუ სახელმწიფო მფლობელობის სქემის პროდუქტიულობისა და ეფექტურობის შეფასებისგან დამოუკიდებლად არსებობს. თუ უფრო ფრთხილად გავეცნობით წერილს დავინახავთ, რომ ამ პარაგრაფების ავტორს კარგად ესმოდა კერძო საკუთრებასა და თავისუფლებას შორის არსებული ურთიერთკავშირები. ემპირიული ვარაუდი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი კერძო საკუთრების ფლობისკენ იმიტომ ილტვის, რომ რესურსების განკარგვაზე თავისუფლების შენარჩუნება უნდა, რომლის გარეშე მას თავისი ცხოვრების დონის გაუმჯობესების არანაირი იმედი არ ექნება. ყურადსაღებია, რომ მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი ინდივიდუალურია. ანუ, ადამიანმა თუ მას რეჟიმი საკუთრების უფლებას რთავს დროთა განმავლობაში შეიძლება თავისი შრომითა და ძალისხმევით გაზარდოს თავისი საკუთრების ღირებულება და თავისი მდგომარეობა ნებისმიერი კოლექტიური ქმედების დამოუკიდებლად გააუმჟობესოს. აღსანიშნავია, რომ კოლექტიური მფლობელობის შემთხვევაში ადამიანს თავისი მდგომარეობის გაუმჯობესების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. Rerum Novarum-ი იცავს კერძო საკუთრების უფლებას და აღიარებს იმას, თუ რამდენად ძვირფასია ადამიანებისთვის თავისუფლება, რაც მხოლოდ კერძო საკუთრების რეჟიმის პირობებშია შესაძლებელი.

XVI. მარქსისტული პროლეტარიატი და მალთუსიანური წინასწარმეტყველება.

მე-15 თავში Rerum Novarum მოყვანილი ფრაგმენტები ნათლად აჩვენებენ, რომ საკუთრების უფლება ეს ის მექანიზმია, რომელიც მშრომელ ადამიანებს თავისი ცხოვრების დონის გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. ამ დისკუსიის საწინააღმდეგოდ ეკონომიკის კლასიკოსები წარმოების ღირებულების თეორიით გამოდიან. იმისთვის, რომ საკუთრების შეძენა მუშათა კლასისთვის მისაღწევი მიზანი გახდეს, მათი ანაზღაურების მოცულობა ბევრად უფრო მაღალი უნდა იყოს იმ მოცულობაზე, რომელიც მათი მინიმალური საარსებო საჭიროებების დაკმაყოფილებისთვისაა საჭირო. ამ გზით ისინი კვლავწარმოებას შეძლებენ. ეკონომიკის კლასიკოსების ნააზრევის მარქსისტული გაგრძელების შესაბამისად, მუშას შესაძლებლობა არა აქვს, რომ ის მინიმალური თავისუფლება მოიპოვოს, რასაც საკუთრების ფლობა აძლევს. მუშები სამრეწველო პროლეტარიატის ხაფანგში მომწყვდეულები რჩებიან და კაპიტალისტური წარმოების პროცესის უმოწყალო ჩაგვრის ქვეშ არიან, რომლის პირობებში მთელი ჭარბი მოგება კაპიტალისტს რჩება. მუშები მაქსიმალურად დაუცველები არიან „ბრმა საბაზრო ძალების“ ზემოქმედებისგან, რომლებიც მათ ექსპლუატაციას უწყობენ ხელს. მარქსისტული მოდელის შესაბამისად, სამრეწველო კაპიტალიზმის პირობებში მუშებს იმ კერძო საკუთრების შეძენის საშუალება არა აქვთ, რომელიც მათ ამ ეკონომიკური ურთიერთობებიდან თავის დაღწევის თუნდაც ნაწილობრივ საშუალებას მისცემდა. გარდა ამისა, მათ არა აქვთ თავისი შრომის პროდუქტის ალტერნარიული მყიდველის პოვნის შესაძლებლობა, რადგანაც ექსპლუატაცია არა მხოლოდ კონკრეტული დამქირავებელს, არამედ მთელი ეკონომიკას ახასიათებს.

მარქსი დისტრიბუციის კლასიკური თეორიის ინტელექტუალურ მოსათვინიერებელ პერანგს ვერ გასცდა, რომლის შესაბამისად მეწარმეები მოგებას შრომის წარმოების ღირებულებასა და ანაზღაურების დონეს შორის სხვაობისგან იღებენ. მას რომ ესმოდეს კონკურენტული საბაზრო პროცესები, იგი მიხვდებოდა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მალთუსის წინასწარმეტყველება მოსახლეობის ზრდის ტემპებთან დაკავშირებით სწორი გამოდგებოდა, მუშები მაინც შეძლებდნენ კერძო საკუთრების შეძენას. მიუხედავად ამისა მალთუსის დემონი მაინც იმოქმედებდა და დროთა განმავლობაში მუშების თავისუფლება, რომელსაც ისინი საკუთრების საფუძველზე მიიღებდნენ მაინც შეიზღუდებოდა. ანუ, მუშები სულ უფრო მეტად მიუახლოვდებონდენ იმ პირობებს, როდესაც მხოლოდ საარსებო მინიმუმისთვის იმუშავებდნენ.

ეკონომიკის განვითარების კლასიკური მარქსისტული მოდელი სათანადოდ ვერ აფასებს ნოვატორობის პოტენციალს, რესურსების პროდუქტიულობის ზრდას, შემოსავლების ზრდის პოტენციალს, რის შედეგადაც მალთუსის მიერ ნაწინასწარმეტყველევი ძალების ზემოქმედება გაქარწყლდებოდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ზრდას ნამდვილად ჰქონდა ადგილი მრეწველობის განვითარების ადრეულ ეტაპებზე და კაპიტალისტური წარმოების ადრეული მოდელების შედეგად ურბანულ კონცენტრაციას ადგილი ნამდვილად ჰქონდა, რის გამოც ამ პროცესების მონაწილეებისთვის ცალკე ერთეულების სახით არსებობა არაპრაქტიკული ხდებოდა. ამ წიგნის ანალიზიდან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ იმ ეტაპზე საკუთრების შედეგად გარანტირებული თავისუფლება შესუსტდა და შესაბამისად, უფრო ეფექტური საბაზრო კონკურენცია გარკვეულწილად უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ეს დასკვნა მართებულია მიუხედავად იმისა, რომ როგორც ემპირიულმა გამოცდილებამ გვაჩვენა მალთუსიანური წინასწარმეტყველება მცდარი გამოდგა და მის გარეშე კი, მთელი მარქსისტული კლასიკური მოდელი აზრს კარგავს.

თავის ბოლო წიგნში ფ.ა. ჰაიეკი ხაზს იმ ურთიერთკავშირს უსვამს, რომელიც საბაზრო ეკონომიკის წარმოების ეფექტურობასა და მოსახლეობის იმ რაოდენობას შორის, რომელიც ამ მოდელის პირობებში უნდა არსებობდეს (1988). იგი ვარაუდობს, რომ ნებისმიერი რევოლუციური გადანაცვლება საბაზრო ეკონომიკიდან საბოლოოდ მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს. მაგრამ ჰაიეკს არ ესმოდა ის ურთიერთკავშირები, რომლებიც საბაზრო ურთიერთობების გაფართოებასა და მონაწილეების ზრდას შორის არსებობს, რის ფონზეც მონაწილეების მზარდ რაოდენობას სულ უფრო უძნელდებათ საკუთრების შეძენა თავისუფლების უზრუნველყოფის დანიშნულებით. თანამედროვე ადამიანს მოსწონს საბაზრო ურთიერთობები, მაგრამ იმავდროულად ის უაღრესად დამოკიდებული ხდება სხვა ადამიანების ქცევაზე, რაც მისი პირადი კონტროლის ფარგლებს გარეთაა.

ამ თვალსაზრისით ვითარება პოსტინდუსტრიული ეკონომიკური წყობისკენ გადანაცვლებით უმჯობესდება, ანუ ეს არის მომსახურეობის ეკონომიკა, რომელსაც თან სდევს კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების რევოლუცია. ასეთ პირობებში ეკონომიკური ღირებულების წარმოებისთვის სივრცითი კონცენტრაცია ნაკლებად საჭიროა. თანამედროვე სოციალური პრობლემები მარქსისტული პროლეტარიატის პრობლემები არაა, ანუ არ არის ისეთი ვითარება, რომ როდესაც მონაწილეებს საკუთრება არ გააჩნიათ და ისინი კაპიტალისტურ ექსპლუატაციას ექვემდებარებიან. საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს თანამედროვე სოციალური პრობლემები სრულიად განსხვავებული ხასიათისაა და პრაქტიკულად იმ პრობლემებისა სრულიად საწინააღმდეგოა, რომელზეც მარქსი საუბრობდა. თანამედროვეურბანული მუშათა კლასი საარსებო მინიმუმის გამომუშავების ზღვარზე არ დგას. თანამედროვე ქვედა ფენები ღირებულებას საერთოდ არ აწარმოებს, ანუ მისი არსებობის წყარო შემწეობა და არა გამომუშავებაა. ეკონომიკური პროცესების მონაწილეები ისეთ ანაზღაურებაზე არ თანხმდებიან, რომელიც საშუალებას აძლევს პირებს, რომლებიც წარმოების პროცესში არ მონაწილეობენ, მოგება მიიღონ და საკუთრება დააგროვონ, რის შედეგადაც ისინი გარკვეულწილად დამოკიდებული სტატუსისგან განთავისუფლდებიან. ურბანული ქვედა ფენები ასეთი სახელმწიფოს ეკონომიკაში მომხმარებლების სახით მონაწილეობენ. ამ კლასის წევრები თავად ხდებიან ექსპლუატატორები და არა ექსპლუატირებულები, ისინი იღებენ ჭარბ მოგებას და სარგებლობენ იმ ღირებულებით, რაც თავად არ უწარმოებიათ.

XVII. დასკვნითი მოსაზრებები.

კარლ მარქსს არ ესმოდა კაპიტალისტური ეკონომიკური წყობის არც სტატიკა და არც დინამიკა, რომელსაც იგი ასე თავდაჯერებულად აკრიტიკებდა. იმის გამო, რომ მისთვის ეს წყობა გაუგებარი იყო, მას მიაჩნდა, რომ აუცილებელია საბაზრო ეკონომიკის რაიმე კოლექტივისტური ალტერნატივით ჩანაცვლება, რომელიც მას კიდევ უფრო ნაკლებად ესმოდა. მიუხედავად ამისა მარქსის ინტერპრეტაცია შემდეგნაირადაც შეიძლება: მას სჯეროდა, რომ საბაზრო-გაცვლითი ურთიერთობებისკენ გადანაცვლების შედეგად ადამიანები დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეულის სახით არსებობაზე უარს ამბობენ და თავისუფლებას კარგავენ და იგი დამოუკიდებლობას მცირე კომუნის სახით არსებობაში ხედავდა. ამ თვალსაზრისით მარქსი კალსიკური პოლიტიკური ფილოსოფიის მიმდევრების – თომას ჯეფერსონის და ამ საუკუნის ხალხოსნების კვალდაკვალ წავიდა. ყველა მათგანი ეჭვის ქვეშ აყენებდა თავისუფალი საზოგადოების არსებობის შესაძლებლობას თუ გლეხებს საკუთრების მფლობელობის უფლება არ ექნებოდათ ამ სიტყვის ფართო გაგებით.

1992 წლის გადმოსახედიდან გვესმის, რომ კერძო საკუთრება ეკონომიკური ღირებულების წარმოების აუცილებელი პირობაა. ჩვენ ასევე გვესმის, რომ ინტენსიური სპეციალიზაცია აუცილებელია იმისთვის, რომ ეკონომიკის მასშტაბურობა იყოს მიღწეული. ადამიანებმა თავისი შესაძლებლობების კონცენტრაცია უნდა მოახდინონ მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ისინი სხვებზე უფრო დამოკიდებული ხდებიან და სხვების ქცევის კონტროლი მათი შესაძლებლობების ფარგლებს გარეთ გადის. მაგრამ თანამდეროვე კომპლექსური ეკონომიკის პირობებშიც კი, სპეციალიზაცია ტოტალური არ უნდა იყოს. კერძო საკუთრების მეშვეობით ადამიანები თავისი ბაზარზე დამოკიდებულების მნიშვნელოვნად შემცირებას შეძლებენ. გრძელვადიანი სარგებლობის საგნების, მათ შორის სახლების მფლობელობა, ადამიანებს საშუალებას მისცემს საკუთარ თავს მოემსახურონ, რის შედეგადაც ბაზარზე ყიდვის საჭიროება შემცირდება. გარდა ამისა, შემოსავლების მომტანი აქტივების წარმოება მათ დროთა განმავლობაში მოხმარების სქემაში ცვლილებების შეტანის საშუალებას მისცემს. თანამედროვე დასავლეთის ეკონომიკის კერძო საკუთრების ეს ასპექტები მნიშვნელობას იმ შემთხვევაშიც ინარჩუნებენ, როდესაც მათ სათანადოდ არც კი ითვალისწინებენ. საკუთრების მნიშვნელობა თავისუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით მხოლოდ 1989 წლამდე არსებულ სოციალისტურ რეჟიმთან შედარების პროცესში წარმოჩინდებოდა ხოლმე.

მიუხედავად დამოკიდებულების იმ რთული ქსელისა, რომელიც ამერიკის, იაპონიისა და დასავლეთ ევროპის თანამედროვე ეკონომიკებს ახასიათებთ, ეს რეჯიმი ბევრად უფრო წინ წავიდა საშუალო ფერმერის დამოუკიდებლობასთან შედარებით, რომელიც ჯეფერსონის იდეალიზირებულ რესპუბლიკაში არსებობდა. შესაძლებელია კი რაიმე ზომების შემოთავაზება, რომლებიც შეინარჩუნებენ ან გაზრდიან სპეციალიზაციის შედეგად შესაძლებელი პროდუქტიულობის ღირებულებას და იმავდროულად დამოუკიდებელი არსებობის იმ მახასიათებლების არსებობას უზრუნველყოფენ, რომლებიც საყოველთაოდ სასურველი და ღირებულია?

ამ თვალსაზრისით არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ მონეტარული სტაბილიზაციის მნიშვნელობა. დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკებშიც კი, ფულადი და სასაქონლო გაცვლის კურსზე მთავრობების ზეგავლენა მოქალაქეების დაცვის პოტენციალს მნიშვნელოვნად ამცირებს. მონეტარული ინფლაციის შედეგად შესაძლოა ფულადმა აქტივებმა დაკარგოს ღირებულება და მაშინ უპირატესობა უძრავ ქონებას მიენიჭება. ეფექტური ფულადი პოლიტიკა (რომელიც პრაქტიკულად არსად მსოფლიოში არ არსებობს) მონეტარული ერთეულის სტაბილურობის გარანტიას უნდა იძლეოდეს, რაც ნამდვილად საოცრებებს მოახდენდა, როგორც თავისუფლების, ასევე ეფექტურობის კრიტერიუმით შეფასების შემთხვევაშიც.

მონეტარული სტაბილურობა ასევე უზრუნველყოფდა იმას, რომ 1930-იანი წლების მსგავსი კრიზისი არ მოხდებოდა. მაკროეკონომიკური წყაროებიდან წარმოქმნილი უმუშევრობა აღმოფხვრილი იქნებოდა და შესაბამისად, ყველა მონაწილის ბაზრისადმი დამოკიდებულება შემცირდებოდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილება, რომელიც ყურადსაღებია ეს არის ეკონომიკური ცხოვრების პოლიტიზირებული სექტორის მოცულობა. ადამიანი გარკვეულწილად იძულებულია გადაიხადოს გადასახადები, რომლებიდანაც თავის მხრივ სამთავრობო პროგრამები ფინანსდება და თანხების გარკვეული წილი სხვა სარგებლის სახით უბრუნდება გადამხდელს. თავისუფლების არგუმენტიდან გამომდინარე იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეკონომიკის პოლიტიკური სექტორის მოცულობა ოპტიმალურია, დამოუკიდებლობის მოსაზრებების გათვალისწინებით, სახელმწიფო სექტორის ზომის შემცირება მიზანშეწონილი იქნება.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ალტერნატიული მყიდველებისა და გამყიდველების არსებობა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, როდესაც თვითკმარი ეკონომიკური ერთეული დამოკიდებული ბაზარზე მიმდინარე გაცვლით ურთიერთობებზე ხდება. ბაზარზე არსებული კონკურენცია ადამიანს ექსპლუატაციისგან მაშინაც კი იცავს, როდესაც საკუთრების (მიწის) შეძენის შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს. მაგრამ ინსტიტუციონალური სტრუქტურები შეიძლება უკეთ იყოს მორგებული და ხელი მეტი არჩევანის არსებობას შეუწყოს. ბაზარზე არსებული არჩევანის მობილურობა შეიძლება სხვადასხვა გზით გაიზარდოს.

ანუ, ზოგადი დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი კერძო საკუთრების ფლობის შესაძლებლობას, რომელიც მას „კერძო სფეროში” მოღვაწეობის უფლებას აძლევს მაშინაც კი აფასებს, როდესაც გარემო უაღრესად ურთიერთდამოკიდებულია. ის ადამიანიც კი, რომელიც უაღრესად სპეციალიზირებულ მომსახურეობას უზრუნველყოფს და რომლის შემოსავლები ბაზარზეა დამოკიდებული, თავის არჩევანში თავისუფალია, რადგანაც მყიდველების ალტერნატივა არსებობს. თანამედროვე კონკურენტული ეკონომიკის პირობებში ბაზრიდან გასვლის შესაძლებლობაც არის. ეს შესაძლებლობები ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ჯეფერსონის საშუალო ფერმერს გააჩნდა. მაგრამ საბაზრო კონკურენციასა და ინდივიდუალურ თავისუფლებას შორის კავშირების კრიტიკული მნიშვნელობა, შესაძლებელია იმ ადამიანებს, რომლებიც აქტივების მფლობელობას ამჟობინებენ ჯერ კიდევ სრულად არ ესმით, მაშინაც კი, როდესაც ვაჭრობის პირობები არახელსაყრელია. საბაზრო ძალებს რამოდენიმე მიზეზით არ უნდა ვენდოთ, მით უმეტეს თუ სათანადოდ არ გვესმის თუ როგორ მუშაობენ ეს ძალები. გარდა ამისა, ბაზრები არ არის დაცული პოლიტიკოსების ზეგავლენისგან. ჩაურევლობის პოლიტიკა უფრო მიზანშეწონილი და სანდოა. ადამიანები, რომლებიც ბაზარზე ძალიან დამოკიდებული არიან, საკუთრების მფლობელობის გზით ცდილობენ თავის დაცვას. მაგრამ თანამედროვე სამართალი მთავრობის კანონიერი ინტერესებისგან საკუთრების უფლების დაცვას, როგორც წესი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდეს.

XVIII. შემაჯამებელი ნაწილი.

რედაქტორი დაჯინებით ითხოვდა, რომ ზემოთხსენებული ანალიზის პოლიტიკურ ორგანიზაციასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ზეგავლენაზე მესაუბრა. ძირითადი მოსაზრება იმაში მდგომარეობს, რომ კერძო საკუთრება თავისუფლების გარანტია დამოუკიდებლად იმისა, თუ როგორ მიიღება პოლიტიკური თუ კოლექტიური გადაწყვეტილებები. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ აუცილებელია ეფექტური კონსტიტუციური ზღვრის დადგენა, რომელიც პოლიტიკური ინსტიტუტების საკუთრების უფლებებში და საკუთრების გადაცემასთან დაკავშირებულ საკონტრაქტო გარიგებებში ჩარევას ეფექტურად შეზღუდავდა. თუ ინდივიდუალური თავისუფლება დაცული უნდა იქნას, ასეთი კონსტიტუციური ზღვარი მანამდე უნდა დადგინდეს, სანამ დემოკრატიული მართვა განხორციელდება.

ამ თვალსაზრისით აუცილებელია პრიორიტეტების განსაზღვრა და უმრავლესობის პრინციპით მომქმედ საკანონმდებლო სისტემისთვის კონსტიტუციური ფარგლების დადგენა, ისევე, როგორც პოტენციალური მონეტარული და ფისკალური ექსპლოატაციის შეზღუდვა. გარდა ამისა, აუცილებელია „კონფისკაციის“ შესაძლებლობის შეზღუდვა, რომელსაც ყველა გმობს.

დასავლურ დამოკიდებულებაზე ზეგავლენას გავრცელებული მცდარი მოსაზრებები ახდენს, რის გამოც შესაძლოა სათანადოდ გამოყენებული არ იქნას ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ახალი პოსტსოციალისტური საზოგადოებების ამოქმედების სახით არსებობს. სამწუხაროდ საზოგადოებას არ ესმის, რომ „კონსტიტუციური“ „დემოკრატიულის“ წინ უნდა დადგეს თუ გვინდა, რომ ადამიანების პოლიტიკური თანასწორობა რეალურ ავტონომიად და თავისუფლებად გადავაქციოთ. უმრავლესობის ტირანია ისევე რეალურია, როგორც ნებისმიერი სხვა ტირანია და უფრო საშიშია, რადგანაც იგი იმ იდეალისტური ილუზიით ხელმძღვანელობს, რომ მონაწილეობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის.

ლიტერატურა:

ჯ. ბოსუელი (1946), ჰიბრიდის კუნძულებზე მოგზაურობა სამუელ ჟონსონთან, ლონდონი: Everyman,s edition;.

ჯ. მ. ბიუქენენი (1975), თავისუფლების ზღვარი, ჩიკაგო: University of Cicago Press;

ვ. ბუში (1972), ინდივიდუალური კეთილდღეობა ანარქიის პირობებში, ანარქიის თეორიის შესწავლა, Public Choct Society Book და Monograph Series, Blacksburg, University Publications, გვ. 5-18;.

ფ.ა. ჰაიეკი (1988) ფატალური თავდაჟერებულობა: სოციალიზმის შეცდომები, ჩიკაგო: University of Chicago Press;

პაპი ლეო XIII (1939), ხუთი საჟარო წერილი შრომის საკითხებზე, Treacy, New York, Paulist Press, გვ. 1-36, (Rerum Novarum);

გ. ტულოკი (1972), ანარქიის თეორიის შესწავლა, Public Choice Society Book და Monograph Series, Blacksburg, University Publications;

გ. ტულოკი (1974), სოციალისტური დილემა: ომისა და რევოლუციის ეკონომიკა. Public Choice Society Book და Monograph Series, Blacksburg, University Publications

___________________

1 ეს არგუმენტი მანამდე არსებულ ნაშრომებში საკმაოდ დეტალურადაა განხილული. ჩემი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ ბიუქენენი (1975); ბუში (1972) და ტალოკი (1972, 1974).

2 ამ წერილისადმი ჩემი ყურადღება პირველად ამერიკის მეწარმეობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა მაიქლ ნოვაკმა მიაპყრო.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s