ლათინური ამერიკა: დღის წესრიგშია თავისუფლება

2310919434_498499ec95

ხოსე მარია აზნარი

ესპანეთის პრემიერმინისტრი 1996-2004 წლებში. 2004 წლიდან საზოგადოებრივ მეცნიერებათა კვლევის ფონდის თავმჯდომარე. News corporation-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

გამოქვეყნდა 2002 წელს

გამოსვლა ფონდ – ჰერითიჯში

ყველაფერი, რასაც ფონდი „ჰერითიჯი“ აკეთებს, თავისუფლებას ემსახურება – თავისუფალი ვაჭრობისა და უფრო ფართო ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებებისთვის ბრძოლიდან დაწყებული და თავისუფლების მოწოდებით დამთავრებული.

დღეს ჩვენი სტუმარია თავისუფლების საერთაშორისო კამპანიის ერთერთი უდიდესი მხარდამჭერი, ესპანეთის ყოფილი პრეზიდენტი ხოსე მარია აზნარი.

თავის კლასიკურ ნაწარმოებში, „ანა კარენინაში“ ტოლსტოი ამბობს: „ყოველი ბედნიერი ოჯახი ერთნაირად ბედნიერია, მაგრამ ყოველი უბედური ოჯახი თავისებურად უბედურია“. ყველა დიდებული ლიდერიც ასევე თავისებურად „დიდებულია“, მაგრამ ორი რამ ყველას საერთო აქვს: გამბედაობა და თავისი საქმისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა.

პრემიერი აზნარი ისეთ პასუხისმგებლობას გრძნობდა თავისი საქმისადმი, რომ კვლევითი ცენტრის იდილიური ცხოვრება მიატოვა და პოლიტიკაში გადავიდა. თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე ის მგზნებარედ ილტვოდა არა მარტო არჩევნების მოსაგებად, არამედ თავისი ქვეყნის და მთელი მსოფლიოს უკეთესობისკენ შესაცვლელად.

რაც შეეხება მის სიმამაცეს, შემიძლია ფაქტები დავასახელო, რომ იმ საქმის დასაცავად, რისიც მას სწამდა, ტერორისტებსაც კი უშიშრად ხვდებოდა. მას პოლიტიკური გამბედაობაც ეყო და ერაყის ომის დაწყებისას შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკა გააკრიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ მის ქვეყანაში ეს პოლიტიკურად არაპოპულარული იყო.

მისი ასეთი პოლიტიკური გამბედაობა მარგარეტ ტეტჩერსა და რონალდ რეიგანს მაგონებს, იმ ორ ლიდერს, რომლებიც კრიტიკის მიუხედავად წინ მიიწევდნენ, იმიტომ რომ თავისუფლებაზე ოცნებობდნენ და ძალაც შესწევდათ მის დასაცავად.

ტეტჩერისა და რეიგანის მსგავსად, პრემიერმა აზნარმა რეალურ შედეგებს მიაღწია. 1996 წელს, როდესაც ის ესპანეთის პრემიერი გახდა, უმუშევრობისგან პარალიზებული ეკონომიკა და მშპ-ს 6%-ანი დეფიციტი მიიღო მემკვიდრეობად. მის მიერ განახორციელებული რეფორმის შემდეგ, რაც გადასახადების შემცირებასაც გულისხმობდა, ეკონომიკა წინ წავიდა.

მისი პრემიერობის რვა წლის მანძილზე 5 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მშპ 68 პროცენტით გაიზარდა და დეფიციტი თანდათან შემცირდა. 2002 წელს მან ბიუჯეტის დაბალანსება შეძლო და ესპანეთის ეკონომიკამ მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკათა შორის რიგით მერვე ადგილი დაიკავა. მან „თავისუფალი ბაზრის რევოლუციონერის” სახელი მოიპოვა მსოფლიოში და ხალხის ახლობელ და საყვარელ ადამიანად იქცა. მას შემდეგ, რაც 2004 წელს პრემიერმა აზნარმა პოსტი დატოვა, გლობალური თავისუფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნა საკუთარი მოღვაწეობა და სამუშაოდ დაბრუნდა თავისივე დაარსებულ სამეცნიერო ცენტრში – „სოციალური კვლევისა და ანალიზის ფონდში”, რომელიც თავისუფალი ბაზრის იდეის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. იქ მუშაობის პროცესში პრემიერმა აზნარმა მთელი რიგი სტრატეგიული გეგმები შეიმუშავა მსოფლიოში თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად.

ერთერთი მათგანი ნატოს ალიანსის გაძლიერებას და „ატლანტიკის თავისუფალი სივრცის” შექმნას ითვალისწინებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობისთვის. მთელი რიგი სხვა გეგმებია შეერთებულ შტატებსა და ლათინურ ამერიკას შორის ბარიერების მოსახსნელად.

პრემიერ აზნარს სჯერა, და მეც მასთან ერთად, რომ ლათინური ამერიკა ცალკე რეგიონად კი არ უნდა განიხილებოდეს, არამედ დასავლეთის შემადგენელ ნაწილად. დასავლეთი მხოლოდ გეოგრაფიული ცნება კი არ არის, არამედ უფრო მეტი. ეს არის თავისუფლების პრინციპებზე აგებული საერთო ღირებულებებისა და საერთო პრინციპების სისტემა.

პრემიერი აზნარი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დამსახურებული მეცნიერია, სადაც ის თანამედროვე ევროპის პოლიტიკის კურსს კითხულობს და თვითონაც აქტიურად არის ჩაბმული პოლიტიკაში. ის არის ქრისტიანულ-დემოკრატიული ინტერნაციონალის თავმჯდომარე, აგრეთვე ესპანეთის სახალხო პარტიის (Partido Popular) პრეზიდენტი.

– ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ ხოსე მარია აზნარს.

პროფესორი კიმ რ. ჰოლმზი. ფონდის ვიცეპრეზიდენტი

ბატონებო და ქალბატონებო,

გადაწყვეტილი მაქვს ერთ მშვენიერ დღეს ჩემი მემუარები გამოვაქვეყნო. დღეს ბევრს ვერაფერს გეტყვით მის შესახებ (იმედი მაქვს რამდენიმე ეგზემპლარი გაიყიდება), მაგრამ როდესაც ეს დღე დადგება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩემს მემუარებში აუცილებლად შეხვდებით ფონდი „ჰერითიჯის“ სახელს.

1989 წელს, როდესაც „სოციალური კვლევისა და ანალიზის ფონდი” დავაარსეთ, მოდელი „ჰერითიჯის“ ფონდიდან ავიღეთ. იმ ადამიანების შთაგონების წყარო, ვინც არჩევნების სისტემის დაგეგმვაში დამეხმარა, ამ ფონდის მიერ გამოცემული ნაშრომი „ლიდერის მანდატი“ იყო. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მმართველობის რვა წლის მანძილზე, არ დაგვვიწყებია, რომ მილიონობით ესპანელის უკეთესი მომავლის იმედი არ უნდა გაგვეცრუებინა.

მადლობელი ვარ, რომ „ჰერითიჯის“ ფონდმა დღეს აქ, თქვენთან მომიწვია. ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს საჯაროდ გამოვთქვა აღტაცება და მადლიერება ამ ფონდის მიმართ მის მიერ თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეებისა და ღირებულებების დასაცადად გაწეული მუშაობისთვის.

დღეს ჩვენ აქ ინტენსიური მუშაობის შედეგად შექმნილი ნაშრომის პრეზენტაციაზე შევიკრიბეთ. ეს ნაშრომი ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს მცხოვრები მრავალი ადამიანისა და ინსტიტუტის თანამშრომლობის შედეგია, იმ ხალხის თანამშრომლობის შედეგი, ვისაც ჩვენსავით სწამს, რომ პროგრესი თავისუფლებას მოაქვს. ყველა ეს ადამიანი თავისუფლებასა და დასავლურ პრინციპებსა და ღირებულებებს ემსახურება.

რატომ წარმოადგინა „სოციალური კვლევისა და ანალიზის ფონდმა“ მოხსენება ლათინური ამერიკის შესახებ მაინცდამაინც ახლა და მაინცდამაინც აქ, ფილადელფიაში, სადაც ჩვენი მეგობრები ფონდი „ჰერითიჯის“ 30-ე ყოველწლიურ შეკრებაზე (რესურს ბანკი), მოვიდნენ? შევეცდები მოკლედ აგიხსნათ.

ჩვენ გვწამს დასავლური ღირებულებების. ეს უნივერსალური ღირებულებებია, რომელიც პიროვნების, როგორც თავისუფალი და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის, სპეციფიკურ გაგებას ეყრდნობა. მისი ღირსება და ფუნდამენტური უფლებები ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემაზე მაღლა დგას. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და პიროვნების თავისუფლება ეს ის პრინციპებია, რასაც დასავლეთი ეყრდნობა. დასავლეთის ფესვები შორს – ბერძნულრომაულ, იუდეურქრისტიანულ მემკვიდრეობამდე მიდის. დასავლეთმა შვა განმანათლებლობა და ახლა საბაზრო ეკონომიკის წყალობით ყვავის. დასავლეთი მხოლოდ გეოგრაფიული ცნება კი არ არის, არამედ ღირებულებების სისტემა. ეს ღირებულებები დასავლეთში იშვა, მაგრამ უნივერსალურია, რადგან ადამიანურ ღირსებას ეყრდნობა.

ჩვენ გვჯერა კანონის წინაშე თანასწორობის. ამიტომაც ვაკრიტიკებთ დისკრიმინაციას. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ქალებს ისეთივე უფლებები აქვთ, როგორიც მამაკაცებს, ამიტომ ვიცავთ მათ უფლებებს ყველა ქვეყანაში, განურჩევლად იმისა თუ რომელ რელიგიას აღიარებენ ისინი. ჩვენი აზრით, კორუფცია მიუღებელია ჩვენ ქვეყნებში.

ამიტომ, მას ლათინურ ამერიკაშიც უნდა ვებრძოლოთ, რადგან ის სიღატაკის ერთერთი მიზეზია. ფილადელფიაში, ლონდონსა თუ მადრიდში ჩვენ დამოუკიდებელი სასამართლოთი, სიტყვისა და რელიგიის თავისუფლებით ვსარგებლობთ. ჩვენ ეს თავისუფლება კარაკასსა და ჰავანაშიც უნდა დავიცვათ და ხელი შევუწყოთ. კუბაზე საუბრისას უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ნახევარსფეროზე კუბა ანომალიას წარმოადგენს. ამიტომ, არასდროს არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა კუბელების გასათავისუფლებლად და არასდროს არ უნდა დავივიწყოთ ის ადამიანები, რომლებიც ამ კუნძულზე თავისუფლებისთვის იბრძვიან.

ჩვენ დემოკრატიული გარდაქმნა გვსურს და არა ტირანიის გაგრძელება. მე კუბისთვის იგივე მსურს, რაც ჩემი ქვეყნისთვის: თავისუფლება, დემოკრატია და პროგრესი.

ბერლინის კედელი რონალდ რეიგანის, მარგარეტ ტეტჩერის, პაპი იოანე პავლე მეორის მსგავსი ადამიანების გამბედაობის, სიმტკიცისა და მსოფლმხედველობის წყალობით დაინგრა. კუბაშიც იგივე მოხდება.

ჩემი დღევანდელი გამოსვლის ძირითადი თემებია:

ლათინურმა ამერიკამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს: მან ან ღია სამყაროსკენ, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისკენ მიმავალი გზა უნდა აირჩიოს, ან ღია, თავისუფალი და პერსპექტიული საზოგადოების ნაცვლად XXI საუკუნის სოციალიზის გზას დაადგეს.

დროა, ლათინურმა ამერიკამ იდეური იარაღი გამოიყენოს და პირველ გზას დაადგეს, კეთილდღეობის, თვისუფლების და დემოკრატიისკენ მიმავალ გზას.

დღევანდელი მსოფლიოს გადასახედიდან ჩვენი ღირებულებებისა და თავისუფლების გადასარჩენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლათინური ამერიკის მჭიდროდ დაკავშირებას დასავლეთთან.

ვაჭრობა თავისუფლებისა და პროგრესის მშვენიერი იარაღია. დროა, ამერიკასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის „ატლანტიკის თავისუფალი სივრცე“ შეიქმნას, რომელიც ყველასთვის ღია იქნება.

დასავლური ფესვები

ეს ნაშრომი – „ლათინური ამერიკა: დღის წესრიგშია თავისუფლება” – ერთადერთ ნათელ წანამძღვარს ეყრდნობა: ლათინური ამერიკა დასავლეთის განუყოფელი ნაწილია.

დღეს ამ ჭეშმარიტებას ღია და თავისუფალი საზოგადოების მტრები უარყოფენ. არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ მთელი ეს რეგიონი პროგრესულ მსოფლიოს მოსწყვიტონ და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს დაუპირისპირონ. ზოგიერთები ევროპასა და შეერთებულ შტატებშიც უარყოფენ ლათინური ამერიკის დასავლურ ფესვებს. ეს საშიში ტენდენციაა და მას უნდა ვებრძოლოთ.

ამავე დროს, ჩვენ გვჯერა, რომ იდეას დიდი მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვართ, რომ თავისუფლების იდეა შედეგს გამოიღებს. ნაშრომი „ლათინური ამერიკა: დღის წესრიგშია თავისუფლება“ რამდენიმე იდეას გვთავაზობს იმ მთავარ პრობლემებთან საბრძოლველად, რაც ამ რეგიონს ემუქრება და რაც მის განვითარებას აფერხებს.

ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიის ძალმოსილებით ლათინური ამერიკა შეძლებს თავისი ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს წამყვან დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყნებს შორის.

თანამედროვე გადასახედიდან ჩვენი ღირებულებებისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლათინური ამერიკის მჭიდროდ დაკავშირებას დასავლეთთან.

ეს ევროპისა და შეერთებული შტატების საერთო ინტერესებში უნდა შედიოდეს და საერთო მიზანს უნდა წარმოადგენდეს.

რამდენად ეფექტიანი იქნება ლათინური ამერიკის დაკავშირება დასავლეთთან, უპირველეს ყოვლისა, თვით ლათინოამერიკელი ხალხის ნებაზეა დამოკიდებული. თუმცა, ლათინური ამერიკის მოწინავე დემოკრატიულ ქვეყანათა ჯგუფში გაერთიანებისთვის მთავარი მოკავშირეებისა და პარტნიორების აქტიურ მუშაობასაც არანაკლები მნიშვნელობა აქვს.

პერსპექტიული გზის არჩევა

ისტორია მოწმობს, რომ ლათინურ ამერიკას უნარი შესწევს კეთილდღეობისა და თავისუფლების ისეთ დონეს მიაღწიოს, რაც განვითარებული ქვეყნების უმრავლესობას ახასიათებს. დღეს ლათინურმა ამერიკამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მას ორი გზა აქვს ხსნილი და ორივე საპირისპირო მიმართულებით მიდის.

ერთი გზა ღია სამყაროსაკენ, დემოკრატიის, თავისუფლების და კანონის უზენაესობისკენ მიდის. ეს ის გზაა, რომელიც წარმატებულმა ქვეყნებმა გაიარეს. ეს არის ინვესტიციების მოზიდვის, ბიზნესის განვითარების, სამუშაო ადგილების შექმნის და სიღარიბის დაძლევის გზა. ეს გზა ხალხს კარგ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს ჰპირდება. მოკლედ ეს გზა წარმატების, პროგრესის, დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ მიდის.

მეორე გზა ღია, დემოკრატიულ, თავისუფალ და აყვავებულ საზოგადოებას სცილდება. ისტორიამ საკმაოდ ბევრჯერ დაგვანახა და ვიცით, საითაც მიდის ის. ისინი, ვინც ამ გზას უჭერენ მხარს, იმ ძველ იდეებს იზიარებენ, რომელმაც XX საუკუნეში ტანჯვა და უბედურება მოიტანა. მათ სურთ „XXI საუკუნის სოციალიზმი“ დაამყარონ, სწორედ იმ სოციალიზმის მემკვიდრე, რომელმაც XX საუკუნეში ჩაგვრა და უბედურება მოიტანა.

ეს იდეა კიდევ ერთხელ ამოტივტივდა ლათინურ ამერიკაში, თანაც არჩევნების პროცესში.

მე მჯერა, რომ დროა, ლათინურ ამერიკაში იდეური იარაღი გამოვიყენოთ პირველი გზის ასარჩევად, იმ გზის ასარჩევად, რომელიც წარმატების, თავისუფლების და დემოკრატიისკენ მიდის.

მყარი ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა

ლათინურ ამერიკას სტაბილურ ფუნდამენტზე აგებული სტაბილური დემოკრატია სჭირდება. ამით ის სხვა ქვეყნებისგან არ განსხვავდება: თავისუფალი და აყვავებული ქვეყნების პროგრესი თანხმობას ეყრდნობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობს. თავისუფლებისა და კეთილდღეობის გარანტია ძლიერი, მყარი ინსტიტუტების სისტემაში ძევს, რაც ადამიანებისთვის იოლი ხელმისწვდომია. ასეთი ინსტიტუტების შესაქმნელად თანხმობა და მკაფიო, სტაბილური კანონებია საჭირო. ხელისუფლება სწორედ ამ კანონების პროდუქტი უნდა იყოს და არა პირიქით.

დროთა განმავლობაში მხოლოდ ის ქვეყნები აღწევენ ეკონომიკურ ზრდას და მტკიცე განვითარებას, რომლებსაც ჯანსაღი ინსტიტუტები აქვთ. არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ უნდა შეიძლებოდეს ამის მიღწევა ლათინურ ამერიკაშიც, რომელიც, მართალია, ღარიბი, მაგრამ ძლიერი სახელმწიფოა და უნარი შესწევს თავისი მთავარი ამოცანა შეასრულოს: ლათინოამერიკელ მოქალაქეებს უფლებებისა და თავისუფლების გარანტიები მისცეს.

ლათინურ ამერიკაში სიღარიბის დაძლევა იოლად შეიძლება. ეს ქვეყანა ისტორიულად დაწყევლილი არ არის, რომ დოვლათი და შემოსავალი ან კიდევ სამართალი არასდროს არ ეღირსოს.

მტკიცე ეკონომიკურ განვითარებას ძლიერი მაკროეკონომიკა სჭირდება. ამჟამად ლათინურ ამერიკაში არის ასეთი ვითარება, მაგრამ ეს წარმატების მხოლოდ ნაწილია.

საჭიროა სხვა ასეთივე ან უფრო მნიშვნელოვანი პირობების შესრულებაც. საჭიროა კანონმდებლობა, რომელიც საკუთრების უფლების გარანტიებსა და კონტრაქტების პატივისცემას დანერგავს.

ლათინური ამერიკის ქვეყნების ეკონომიკამ კარი უნდა გაუღოს მსოფლიოს, რაც კონკურენციას, სიახლეებს და ეფექტიანობას მოიტანს.

იურიდიული უსაფრთხოება კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა. ყველა მოქალაქესა და ბიზნესმენს საკუთრების უფლების გარანტიები უნდა ჰქონდეს და ხელმოწერილი კონტრაქტები უნდა სრულდებოდეს.

სახელმწიფო ექსპროპრიაცია დიდ წინააღმდეგობაშია ინვესტიციებთან. თუ ხალხს უფლებების გარანტია არ ექნება, ისინი თავიანთ დანაზოგებს არ დააბანდებენ ისეთ ქვეყანაში, სადაც წარსულში მათი ან სხვების ქონების ექსპროპრიაცია მოხდა. ნდობა განვითარების აუცილებელი პირობაა.

კონსტიტუციონალური რეფორმები იდეალური ვარიანტია, რაც გულისხმობს, რომ თვითონ კანონშივე („მაგნა კარტაშივე“) იქნება ჩადებული საკუთრების უფლებისა და კონტრაქტების პატივისცემის ეფექტიანი მექანიზმები.

ბრძოლა ნათელი მომავლისთვის

ლათინური ამერიკის მომავალი უდავოდ თვითონ ლათინოამერიკელების ხელშია. მათ მეგობარ ქვეყნებთან ერთად უნდა იღვაწონ ნათელი მომავლისთვის. დღეს ჩვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ერთერთი მთავარი ამოცანა ეს გახლავთ.

ზოგს ავიწყდება, რომ სამოქალაქო საზოგადოება – დემოკრატიული ქვეყნის იდეალი – ლათინური ამერიკის ყველა ქვეყნის იდეალიცაა. ეს ის პრინციპია, რომელიც მთელ დასავლურ სამყაროს აერთიანებს.

ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ლათინურმა ამერიკამ კიდევ უფრო ახლო კავშირი უნდა დაამყაროს შეერთებულ შტატებთან. მე აგრეთვე მხარს ვუჭერ ევროპასა და ამერიკას შორის თავისუფალ ვაჭრობას „ატლანტიკის თავისუფალ სივრცეში“, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ღია იქნება.

ვაჭრობა თავისუფლებისა და პროგრესის შესანიშნავი გზაა. მე მივესალმები პრეზიდენტ ბუშის ძალისხმევას ლათინურ ამერიკასთან კომერციული კავშირების გაფართოების მიმართულებით.

ლათინურ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა ეს ისეთი პოლიტიკაა, სადაც ღირს კაპიტალის დაბანდება. თავისუფალ ვაჭრობას ლათინოამერიკელი პოპულისტები და შეერთებული შტატებისა და ევროპის მემარცხენეები ეწინაღმდეგებიან. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თავისუფალი ვაჭრობა სწორი გზაა. თავისუფალი არჩევანის გზით მას პროგრესი მოაქვს. შეერთებული შტატები მთავარი პარტნიორი უნდა იყოს და რეგიონის ეკონომიკური და დემოკრატიული წინსვლის გარანტი. ლათინურ ამერიკაში თავისუფლების, დემოკრატიისა და თავისუფალი ვაჭრობის განვითარება შეერთებული შტატების ორმხრივი პოლიტიკის საგანი უნდა იყოს.

წარმატებული პოლიტიკა წარმატებულ იდეას უნდა ეყრდნობოდეს. თავისუფლებაზე უკეთესი პოლიტიკური იდეა მე არ მეგულება.

იდეას ზურგს უნდა უმაგრებდეს ეფექტიანი პოლიტიკა: პოლიტიკა და თავისუფლების იდეა, დასავლური ღირებულებები, ამერიკის ქრისტიანული ფესვები, განვითარების გზით სიღატაკის დაძლევა და, რაც მთავარია, შეუპოვარი ბრძოლა იმისათვის, რომ დემოკრატიულმა საზოგადოებამ პოპულიზმს სძლიოს.

„XXI საუკუნის სოციალიზმის“ წინააღმდეგ მიმართული დღის წესრიგის საერთო ამოცანა პასუხისმგებლობის გრძნობას მოითხოვს. მთავარია ის, რაც გაგვაერთიანებს და არა ის, რაც დაგვაცალკევებს.

ლათინური ამერიკის პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ამ პრინციპებს იზიარებენ, ამ რეგიონის ქვეყნებს ახალი ტიპის თანამშრომლობისა და გაფართოებული ინტეგრაციის გზები და მიმზიდველი დემოკრატიული ალტერნატივები უნდა გადაუშალონ.

თუ ლათინური ამერიკა დასავლეთის ნაწილია, თავს იმის უფლებას ვერ მივცემთ, რომ ეს რეგიონი ტოტალიტარული რეჟიმის ქვეშ დავტოვოთ. ძალები უნდა გავაერთიანოთ მათ წინააღმდეგ სამოქმედოდ, ვისაც თავისუფალი საზოგადოების იდეა არ სწამს. ევროპელებს და ამერიკელებს მორალური ვალდებულება აკისრიათ მხარი დაუჭირონ ყველა ინიციატივას, რაც დემოკრატიის საუკეთესო მხარეს წარმოაჩენს.

კოლუმბიის მაგალითზე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა საფრთხე ემუქრება ლათინურ ამერიკას. კოლუმბია დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც ღირსეული მთავრობა ჰყავს. კოლუმბიიის დემოკრატიას საფრთხე ემუქრება როგორც ტერორისტული დაჯგუფებების, ისე ნარკომაფიის მხრიდან. კოლუმბიას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ეს ჩვენი მორალური ვალიც არის და ჩვენს ინტერესებშიც შედის, თუკი თავისუფლება გვინდა.

მარგარეტ ტეტჩერის და რონალდ რეიგანის ტრანსატლანტიკური სივრცის იდეა, რომელიც მთელი კაცობრიობის თავისუფლებას ემსახურება, კვლავ აქტუალურია. ამ იდეამ სიმხნევე უნდა შეგვმატოს და ლათინური ამერიკა არ უნდა დავივიწყოთ.

ეს რეგიონი მუდმივი საფრთხისა და რისკის ქვეშ არის და მისი უყურადღებოდ დატოვება ძალიან დიდი შეცდომა იქნება. ლათინური ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დახმარება ისეთი ქსელის შექმნაში, რომელიც იმ პოლიტიკურ ინსტიტუტებს, პარტიებსა და ადამიანებს გააერთიანებს, ვისთვისაც თავისუფლება უდიდესი ღირებულებაა.

თუ ამ ამოცანის შესრულებას შევძლებთ, წარმატებას უთუოდ მივაღწევთ. ისტორია მოწმობს, რომ ის, ვისაც ჭეშმარიტად სწამს თავისუფლების და ამ მიმართულებით სათანადო ნაბიჯებსაც გადადგამს, აუცილებლად შეძლებს მიზნის მიღწევას.

ლათინურ ამერიკას არაფერი არ უშლის ხელს. ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. წარმატების მისაღწევად მოკლე გზა არ არსებობს. ისიც ვიცით, რომ მთელი ლათინური ამერიკის თავისუფლება და პროგრესი შესაძლებელია და თუ ჩვენს მუშაობას ღია იდეოლოგიის, დემოკრატიის და თავისუფლებისკენ წარვმართავთ, წარმატებას მივაღწევთ. დარწმუნებული ვართ, რომ ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია. ამ პატარა წიგნში ჩვენი გეგმებია მოცემული.

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ფონდში“ კარგად იციან, რომ იდეების განხორციელებას და შედეგის მიღწევას თავდადებული ადამიანები სჭირდება. ამიტომ, გადავწყვიტეთ ლათინურ ამერიკაში, და ამ რეგიონის ფარგლებს გარეთაც, ჩვენს მეგობრებთან ერთად ვიმუშაოთ, განსაკუთრებით კი „ჰერითიჯის“ ფონდთან ერთად, რომ თავისუფლების, დემოკრატიის და სამართლიანობის იდეამ იზეიმოს ამერიკის მთელ კონტინენტზე.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s