სიღარიბის ხაფანგი

k7943

დუგლას ს. ნორთი

ნობელის პრიზის მფლობელი ეკონომიკაში 1993 წელს. აშშ-ში,
ქ. ვაშინგტონის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი

გამოქვეყნდა 2002 წელს

ორმა უკანასკნელმა დეკადამ ორი დიდი მასშტაბის ექსპერიმენტის მოწმე გაგვხადა. ესაა, ერთი მხრივ, ცენტრალური დაგეგმვის მეურნეობების (როგორიცაა ყოფილი საბჭოთა კავშირი) და ასევე მაღალი დონის ცენტრალური დაგეგმვის მქონე საბაზრო ეკონომიკის განვითარებადი ქვეყნების (როგორსაც თქვენ იპოვიდით ლათინურ ამერიკაში 1950-80 წლებში) ტრანსფორმაცია ეფექტიანი ბაზრების მქონე ეკონომიკის ქვეყნებად. უმრავლესობის გასაკვირად, ამ ექსპერიმენტების საბოლოო შედეგები ეკონომიკური ზრდით არ გვახალისებს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ეკონომიკა ათუხთუხდა, აქოშინდა და 1998 წელს კრიზისში აღმოჩნდა. ლათინური ამერიკის მეურნეობები ოდნავ უკეთესად მოქმედებდა, ჩილეს გამოკლებით. უმეტეს ქვეყნებს ჰქონდა მძლავრი ზრდა, რასაც ასეთივე მძლავრი ჩავარდნები მოჰყვა, რომელთა შორის არგენტინის ფიასკო ერთერთი მაგალითია. მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებლები ლათინური ამერიკის ქვეყნებში იმავეს გვეუბნება: შემოსავალი ერთ მოსახლეზე გადაანგარიშებით რეალურ ფასებში 2002 წელს იმავე დონეზე დარჩა, რაც 1980 წელს იყო.

ძნელი ქორწინება: მთავრობა და ბაზარი

ამ ჩავარდნების ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ბაზარზე დაფუძნებული პოლიტიკის სქემა – ეგრეთ წოდებული ვაშინგტონის კონსენსუსი, რომელიც ამყარებდა რუსეთისა და ლათინური ამერიკის ექსპერიმენტებს – შეიცავდა ფატალურ ნაკლს: იგი უშვებდა, რომ შესაძლებელია ეფექტიანი ბაზრების შესაქმნელად გატარდეს საბაზრო რეფორმები პოლიტიკური ინსტიტუტების თანამდევი რეფორმების გარეშე, რომელიც ზღუდავს მთავრობას და ახდენს საკუთრების უფლებებისა და ინდივიდუალური თავისუფლების გარანტირებას.

ამ დაშვების გაუმართლებლობის მიზეზი ის არის, რომ არ არსებობს პოლიტიკისაგან დამოუკიდებლად ისეთი რამ, როგორიცაა „თავისუფალი ბაზარი”. ბაზრის ეფექტიანი ფუნქციობა მოითხოვს, რომ ზოგი ინდივიდი ან ორგანიზაცია უზრუნველყოფდეს ხელშეკრულებებისა და საკუთრების უფლებების იძულებით შესრულებას. ასეთი მაიძულებელის გარეშე გარიგებები ყველასთვის თავისუფალია: ნებისმიერმა იცის, რომ სხვა ნებისმიერს შეუძლია ოპორტუნისტული წესით მოიქცეს; შესაბამისად ყველა ოპორტუნისტულად იქცევა. გარდაუვალი შედეგი, როგორც თომას ჰობსი გვაფრთხილებდა „ლევიათანში“, არის გარიგებების დაბალი დონე. უფრო მეტიც, სანდო რომ იყოს, პირს ან ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულებითი და საკუთრებითი უფლებების დაცვას, უნდა შეეძლოს აიძულოს ხალხი, რომ საკუთარი გადაწყვეტილებების ერთგულნი დარჩნენ. ეს აუცილებლად ნიშნავს იმას, რომ ეს მაიძულებელი მთავრობა უნდა იყოს. ფაქტი ასეთია: მსოფლიოს ისტორია არ გვთავაზობს კარგად განვითარებული საბაზრო სისტემის მაგალითს, სადაც ეს კარგად განვითარებული პოლიტიკური სისტემით არ იყო გამყარებული.

მთავრობისა და ბაზრის აუცილებელი კავშირი ეკლიან პრობლემას წარმოშობს. მთავრობის არსებობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგანაც იგი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო და საკუთრებით უფლებებს. ამავე დროს, ნებისმიერი მთავრობა, რომელიც საკმარისად ძლიერია საკუთრებითი უფლებების უზრუნველსაყოფად, ასევე ძლიერია იმდენად, რომ გააუქმოს ისინი თავის სასარგებლოდ, დაუფარავი ექსპროპრიაციის ან კერძო საკუთრებით მიღებული მთლიანი მოგების დაბეგვრის გზით. მთავრობებს, სინამდვილეში, მძლავრი სტიმულები აქვთ, რათა ეს ასე გააკეთონ. პირველი, მთავრობას სჭირდება შემოსავალი მისი საკუთარი პოლიტიკური გადარჩენისთვის. მან უნდა გაიღოს ხარჯები პოლიტიკური მხარდაჭერის მისაღებად, დაიცვას თავი გარე და შიდა მტრებისაგან. მეორე, საზოგადოების პოლიტიკურად მნიშვნელოვანი შემადგენლები, როგორც წესი, მოითხოვენ, რომ მთავრობამ გამოიყენოს თავისი ძალა, რათა ისინი უზრუნველყოს სარგებლით. ხშირად ეს სარგებლები მიიღება სხვა ეკონომიკური აგენტების საკუთრებითი უფლებების ხარჯზე. მათ შეიძლება მოითხოვონ, მაგალითად, რომ მთავრობამ დაბეგროს მათი კონკურენტების მთლიანი მოგება და უზრუნველყონ ისინი მონოპოლიური უფლებებით კონკურენციისგან დაცვით ან სხვა პრივილეგიებით.

ამრიგად, ადამიანებს აქვთ ორი ბუნებრივი ტენდენცია: ადამ სმითის შესაბამისად, მათ აქვთ საქონლის ბარტერული გაცვლის, სხვა გაცვლისა და ვაჭრობის მიდრეკილება. მეორე, თომას ჰობსის მიხედვით, მათ აქვთ თანასწორად ბუნებრივი მიდრეკილება – გამოიყენონ პოლიტიკა, რათა აიძულონ სხვები გადასცენ მათ საკუთარი სიმდიდრე და ღირებულების წყაროები.

ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტური პრობლემაა, გამოინახოს საშუალებები მთავრობის საქმიანობისთვის ისეთი კალაპოტის მისაცემად, რომ მან მხარი დაუჭიროს და არა მტაცებლურად დაესხას თავს ბაზარს.

ერთი მიდგომა ამ ფუნდამენტური პრობლემის გადასაწყვეტად ისეთი პოლიტიკური ლიდერების მოძებნაა, რომელთაც სწორი ფასეულობები და ხედვები ექნებოდათ. ამ მიდგომის პრობლემა არის ის დაშვება, რომ პოლიტიკური მოთამაშეების უნარი – მიიღონ კარგი გადაწყვეტილებები, უფრო მათი პირადი თვისებიდან მოდის, ვიდრე პოლიტიკური სტიმულებიდან, რომელსაც ისინი იღებენ. უდავოა, ბევრ ქვეყანაში არსებობენ ექსტრაორდინარული ინდივიდები, რომლებიც მძიმე გადაწყვეტილებებს იღებენ და მათს უკან დგანან იმის მიუხედავად, რა შედეგები მოჰყვება მათთვის ამას. თუმცა, განვითარებული დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკური წარმატება სხვა ქვეყნებთან შედარებით, მრავალი საუკუნის გამოცდილების მიხედვითაც, არ შეიძლება მიეწეროს იმ ფაქტს, რომ მათ ჰყავდათ ექსტრაორდინარული ინდივიდების უფრო დიდი რაოდენობა.

ეკონომიკის განვითარების ამ ფუნდამენტური პრობლემის გადასაწყვეტად სხვა მიდგომა არის – დავაშოროთ პოლიტიკური ლიდერები ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისაგან. ეს მიდგომა დიდი დოზით დევს ვაშინგტონის კონსენსუსის შინაარსის მიღმა. ამ მიდგომის პრობლემა ისაა, რომ მასში ორივე მხარისთვის – პოლიტიკოსებისა და მოქალაქეებისთვის – მძლავრი სტიმულები ძევს პოლიტიკის განსაზღვრის პროცესის პოლიტიზებისთვის. ფაქტობრივად, არასოდეს ყოფილა მსოფლიოს ისტორიაში, რომ პოლიტიკურ ლიდერებს გადამწყვეტი როლი არ ეთამაშათ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს ხედვა, შესაბამისად, უტოპიურია და არარეალისტური.

ეს დაკვირვებები ნიშნავს, რომ ამ პრობლემის დიაგნოზი ეკონომიკური ლიტერატურისა და ვაშინგტონის კონსენსუსის მიხედვით – სახელდობრ, რომ განვითარება მოითხოვს პოლიტიკის დაშორებას ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისგან – არასწორია. ნებისმიერი ცდა, დავაშოროთ პოლიტიკა გადაწყვეტილებების მიღებისგან, გარდაუვლად დამთავრდება ეკონომიკური ჩავარდნით.

სიცოცხლისუნარიან ბაზარს სჭირდება მთავრობა, მაგრამ არა ნებისმიერი. საჭიროა ინსტიტუტები, რომლებიც შეზღუდავენ მთავრობას, რათა იგი მტაცებლურად არ დაესხას თავს ბაზარს. ამრიგად, განვითარების პრობლემის გადაწყვეტა მოითხოვს პოლიტიკური ინსტიტუტების ისეთ მოწყობას, რომ მთავრობისა და მთავრობის შიგნით ინდივიდების თავისუფლება და ძალაუფლება შეიზღუდოს. ეს აუცილებლად მოითხოვს ინდივიდუალური თავისუფლების დაცვას. როგორც ფრიდრიხ ჰაიეკი, თავისუფლების ერთერთი მოწინავე სწავლული დააკვირდა: „არსებობს მხოლოდ ერთი ასეთი პრინციპი, რომელსაც შეუძლია დაიცვას თავისუფალი საზოგადოება: სახელდობრ, ყველა იძულების მკაცრი პრევენცია, გარდა ზოგადი აბსტრაქტული წესების იძულებითი უზრუნველყოფისა, რომელიც ყველას თანაბრად ეხება.“

პრობლემა განვითარებად მსოფლიოში ისევეა მართვის პრობლემა, როგორც იმ ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემა, რომელიც მხარს უჭერს ბაზარს. თქმა არ უნდა, ფუნდამეტური პრობლემა განვითარებად მსოფლიოში არის არა ის, რომ იქ საკუთრების დაცვა არ არის, არამედ ის, რომ მთავრობას შეუძლია დაიცვას ზოგიერთი პირის საკუთრება, როდესაც იმავდროულად აუქმებს ან ამცირებს სხვების საკუთრებით უფლებებს. საკმაოდ ხშირად ხდება, რომ განვითარებადი ქვეყნების მთავრობები თვითნებურად ახდენენ ზოგიერთი ინდივიდის საკუთრებითი უფლებების გადანაწილებას სხვა ინდივიდებისთვის, რომლებიც ამ მთავრობის კარგ ანგარიშზე არიან. მთავრობებს ასევე შეუძლიათ ეკონომიკური პოლიტიკა ისეთი გზით წაიყვანონ, რომ გაზარდონ შერჩეული ჯგუფების საკუთრებითი უფლებები (მაგალითად, მისცენ საგადასახადო შეღავათები ან დააჯილდოვონ ისინი საზოგადოებრივი რესურსების ექსპლუატაციის კონცესიებით).

არის პერიოდები, როდესაც მთავრობას, გამომდინარე მისი პოლიტიკური შესაძლებლობებიდან, შეუძლია აღნიშნული უფლებების ჩამორთმევა და ამის საკუთარ ფისკალურ სარგებლად გადაქცევა. განვიხილოთ, მაგალითად, მექსიკის 1990-იანი წლების დასაწყისის საბანკო პრივატიზების გამოცდილება. როდესაც მექსიკის მთავრობამ მოახდინა ბანკების პრივატიზება, მან შექმნა ძლიერ კონცენტრირებული საბანკო სისტემა. ბანკების შემსყიდველთა თვალსაზრისით, ეს მიმზიდველი იყო. მათ არ უნდა გაეწიათ ერთმანეთისთვის კონკურენცია. ასეთი სიტუაცია მთავრობისთვისაც მიმზიდველი იყო: ამას შეეძლო მეტი შემოსავალი მოეტანა, ვიდრე სხვა შემთხვევაში, რადგანაც ინვესტორები ოლიგოპოლიაში მეტს გადაიხდიდნენ, ვიდრე იმ ფირმაში, რომელსაც მოუწევდა ძლიერ კონკურენციასთან შეჯახება. რჩებოდა ერთადერთი პრობლემა – მთავრობის შემოსავლის მაქსიმიზება ნიშნავდა იმას, რომ საბანკო სისტემის უდიდესი კაპიტალი ბანკების შესაძენად უნდა წასულიყო; ცოტა რჩებოდა რეზერვების უზრუნველსაყოფად, თავი რომ დაეცვათ ეკონომიკური მერყეობებისაგან. შედეგი ტრაგიკული იყო: პრივატიზებიდან ოთხი წლის შემდეგ პესოს დევალვაციის წნეხის ქვეშ საბანკო სისტემა დაინგრა. ამ რისკის შედეგი მექსიკელი გადასახადის გადამხდელს 100 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა, რაც მექსიკის წლიური მშპს დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს.

სანქციები და სტიმულები

ეკონომიკური განვითარებისთვის შეზღუდული მთავრობა, აქედან გამომდინარე, აუცილებელია. მაგრამ კითხვა იმაში მდგომარეობს, როგორ შევქმნათ იგი ეკლიანი. ამ კითხვას ყველაზე ადრე ორმა დიდმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა უპასუხა მეჩვიდმეტე საუკუნეში, თომას ჰობსმა და ჯონ ლოკმა. ეს კითხვა ასევე ისმებოდა აშშ-ს კონსტიტუციის წერის დროსაც. უდავოდ, ეს მთავარი თემა იყო „ფედერალისტთა ფურცლებზე“. უფრო ახლო წარსულში იგივე საკითხს შეეხნენ გავლენიანი ეკონომისტები — ფრიდრიხ ჰაიეკი და ჯეიმს ბიუქენენი.

არ არსებობს შეზღუდული მთავრობის მარტივი რეცეპტი. ორი პრინციპი გარკვეულია. პირველი, ქვეყანამ უნდა შექმნას მექანიზმები და სტიმულები ხელისუფლების სხვადასხვა შტოებისა და დონეებისთვის, მათ მიერ ერთმანეთის მიმართ სანქციების განსახორციელებლად, თუ რომელიმე მათგანი გადააჭარბებს კანონით მისთვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებას. მეორე, ეს სანქციები არ შეიძლება განხორციელდეს თვითნებურად ან ად ჰოც წესით – სანქციის მექანიზმები, თავის მხრივ, კანონით უნდა იყოს შეზღუდული. ეს არ ნიშნავს, რომ სანქციები არ უნდა იყოს მკაცრი (ჭეშმარიტად, თუ სანქცია მკაცრი არ არის, იგი სანდო არ არის).

ასეთი სანქციების მექანიზმებისა და სტიმულების შესაქმნელად, არსებითად, ორი წესი არსებობს. ერთი არის შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა, რომელიც ზღუდავს მძლავრ ცენტრალურ ხელისუფლებას. ასეთ სისტემაში, პოლიტიკური კონკურენცია ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მოთამაშეთა შორის აჩენს სტიმულს ამ მოთამაშეთა მიერ ერთმანეთის მოქმედების კონტროლისთვის. საფრანგეთი კარგი მაგალითია ასეთი სისტემისთვის.

მეორე გზა ხელისუფლების შეზღუდვისთვის არის ფედერალიზმი, რომელშიც ერთმანეთს ზღუდავენ ხელისუფლების სხვადასხვა დონეები. აქ სტიმულები ერთმანეთის გასაკონტროლებლად ჩნდება ხელისუფლების თითოეული დონის საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე. წარმოიდგინეთ, მაგალითად, რომ ადგილობრივი შტატისა და ფედერალური მთავრობა, ყველა ცალცალკე ბეგრავს კონკრეტულ მეწარმეს. თითოეულმა იცის, რომ გადასახადის გაზრდა არ ახალისებს ამ მეწარმეს დამატებითი პროდუქტიული ინვესტიციისთვის (ისევე, როგორც ახალი ეკონომიკური წინააღმდეგობის შექმნა), რაც საბოლოოდ ამცირებს გადასახადის თანხას, რომელსაც ხელისუფლების კონკრეტული დონე გეგმავს მიიღოს ამ ფირმიდან. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების თითოეულ დონეს აქვს ძლიერი სტიმული, შეამციროს ამ ფირმის გადასახადი, რომელსაც იღებს ხელისუფლების სხვა დონე. ამის თანამდევად, ხელისუფლების ერთი დონის მოქმედება, რომელიც ამცირებს ფირმის საკუთრებით უფლებებს, შესაბამისად ამცირებს გადასახადის ოდენობას, რომელიც შეიძლება შეაგროვოს ხელისუფლების სხვა ნებისმიერმა დონემ. ამის შედეგად ვიღებთ მდგომარეობას, რომელშიც ხელისუფლების თითოეული დონე არსებითად აბალანსებს სხვა დონეებს (შეკავებისა და გაწონასწორების საჭიროების გარეშეც ცენტრალურ მთავრობაში). ასეთი სისტემის კარგი მაგალითია კანადა.

შეერთებული შტატები არის ორივე სისტემის არაჩვეულებრივი კომბინაცია – ის შეიცავს შეკავებისა და გაწონასწორების სისტემას ეროვნულ მთავრობაში, ასევე მძლავრ ფედერალურ სისტემას. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტს მრავალ ორგანიზაციასთან უწევს ურთიერთობა, რომელიც აკავებს მის თვითნებურ საქმიანობას – ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს, დამოუკიდებელი სასამართლოს, შტატებისა და ადგილობრივი მთავრობების და აღმასრულებელი ფედერალური სააგენტოების პროფესიული სამოქალაქო მოსამსახურეების ჩათვლით. ძალაუფლების შეზღუდვის ორივე მეთოდის კომბინაცია საკუთრების უფლების არაჩვეულებრივად მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

განვითარებადი მსოფლიოს პრობლემა ის არის, რომ ამ ქვეყნებს არც ერთი ეს სისტემა არ აქვთ. ფედერალიზმი და შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა ხშირად არსებობს ქაღალდზე – როგორც მექსიკასა და არგენტინაში – მაგრამ, სინამდვილეში, ისინი ვერ მუშაობენ. ძალაუფლება ძალიან კონცენტრირებულია ორი თვალსაზრისით: ცენტრალურ მთავრობას გააჩნია ზედმეტად დიდი ძალაუფლება ფედერალურ სისტემაზე და ფედერალურ მთავრობაში, პრეზიდენტს აქვს ზედმეტი ძალაუფლება. ეს სისტემა მას ნებას რთავს თავის ნებაზე მოიქცეს, აჩერებს განვითარებას.

ეს არ ნიშნავს, რომ ეკონომიკურ განვითარებას მხოლოდ მთავრობის შემზღუდავი კონსტიტუცია სჭირდება – თუნდაც ორივე, შეკავებისა და გაწონასწორების და ფედერალური სისტემები. ფაქტობრივად არსებობს ქვეყნები, რომლებმაც არსებითად მიბაძეს აშშს კონსტიტუციას (ლიბერია ამის მაგალითია), მაგრამ, რომელთაც არ აქვთ არც შეზღუდული მთავრობა და არც ეკონომიკური ზრდა. იმისათვის, რომ კონსტიტუციებმა და კანონებმა პრაქტიკულად იმუშაოს, საჭიროა სხვა რამეც – განათლებული ხალხი, სამოქალაქო ვალდებულების გრძნობით.

მაგრამ არანაირი ცდა ეკონომიკური რეფორმის წარმატებისთვის არ გაამართლებს, თუ ის იგნორირებას უკეთებს პოლიტიკური რეფორმის თანამდევ საჭიროებას. პოლიტიკური საფუძვლებისთვის ყურადღების მიქცევის გარეშე ბაზრები ვერ აყვავდება. აქედან გამომდინარე, დონორი ორგანიზაციები ყურადღებას უნდა აქცევდნენ ბაზრების პოლიტიკურ უსაფრთხოებას ისევე, როგორც ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც მათ ქმნის.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s