თავისუფლება „სახელმწიფო პოლიტიკა“ არ არის

247627_576406755726143_878568840_n

ლეველინ ჰ. როქუელი,
უმცროსი 1944

(გამოქვეყნდა 2002 წ.)

ცნობილი ამერიკელი ლიბერტარიანელი მიმომხილველი და გამომცემელი, ლუდვიგ ფონ მიზესის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დამფუძნებელი პრეზიდენტი, ლიბერტარიანული კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, აგრეთვე მთელი რიგი ინტერნეტგამოცემების, მათ შორის http://www.lewrockwell.com-ის რედაქტორი. მისი მსოფლმხედველობა კლასიკური ლიბერალიზმის, ავსტრიული ეკონომიკური სკოლის, დეცენტრალიზმის, კულტურული კონსერვატიზმისა და პალეოლიბერტარიანიზმის მემკვიდრეობას ეყრდნობა.

თავისუფალი ბაზრის მომხრე ინტელექტუალების კიდევ ერთი უდიდესი შეცდომა იმის დაშვება იყო, რომ მათი იდეები ძირითად მახასიათებლებში „სახელმწიფო პოლიტიკის“ ერთ-ერთ შესაძლებლობად ყოფილიყო მიჩნეული. ეს იმის აღიარებას გულისხმობს, რომ სახელმწიფოს – მისი მმართველებისა და ხელდასმული ინტელექტუალების – გადასაწყვეტია, თუ როგორ, როდის და სად დაუშვან თავისუფლება. გარდა ამისა, ეს გულისხმობს, რომ თავისუფლების, კერძო საკუთრებისა და საბაზრო მოტივაციების საბოლოო მიზანი საზოგადოების სრულყოფილი მმართველობაა, რაც ახლანდელი რეჟიმისთვის უფრო ეფექტიანი მუშაობის საშუალების მიცემას ნიშნავს.

ერთ ხანს საზოგადოებაში სწორედ ასეთი მოსაზრება ტრიალებდა. ჯერ კიდევ 1950-იან წლებში მარი როთბარდი აღნიშნავდა, რომ ის ეკონომისტებიც კი, ვინც საბაზრო ეკონომიკას უჭერდნენ მხარს, „სახელმწიფოს ეფექტიანობის ექსპერტები“ გახდნენ. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს ერთი პატარა ნაბიჯიღა რჩება გადასადგმელი, რომ თავისუფალი ბაზარი რიტორიკულ ნიღბად გამოიყენოს და თავის ნებაზე იმოქმედოს, რაც უთუოდ უკიდურესი კომპრომისია.

„რეიგანის რევოლუცია“ სწორედ ასეთ საფუძველზე იყო აგებული – გადასახადების შემცირება შემოსავლის გაზრდის ბერკეტად პირველად მაშინ გამოიყენეს. ვინ თქვა, რომ თავისუფლების მიზანი სახელმწიფოს უფრო უხვი დაფინანსების მიღწევაა? და რა მოხდება, თუ დაფინანსება არ გაიზრდება? ეს იმის ნიშანი იქნება, რომ გადასახადების შემცირებამ არ გაამართლა? ოცი წლის შემდეგ დავინახეთ, რომ ეს სტრატეგია დამღუპველი იყო, რადგან აღმოჩნდა, რომ სხვა, გაცილებით უფრო საიმედო გზა არსებობს: უფრო მეტი შემოსავლის მიღება.

ზემოხსენებული უხეირო დაშვების მაგალითები დღევანდელობაშიც მრავლად მოიძებნება. პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები სიტყვა პრივატიზაციას სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების გარკვეული ნაწილიდან მთავრობის გამოდევნის ჭრილში კი არ ხმარობს, არამედ, უმეტესწილად, ეტატისტური ამოცანების პოლიტიკური კავშირების მქონე კერძო მეწარმეებზე გადაბარების თვალსაზრისით.

ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ცნობილ მაგალითებად სასკოლო ვაუჩერები და სოციალური უზრუნველყოფის „პრივატიზაცია“ გამოდგება. მთავრობის მიერ, როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ დონეზე, მოგების მიზნით დადებული ნებისმიერი კონტრაქტი „პრივატიზაციად“ მოიაზრება. ვაშინგტონის სამეცნიერო ცენტრმა ახლახან ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) შესთავაზა, რომ შეეძლო ცენტრს გამოყოფოდა და უფრო ეფექტიანი გამხდარიყო.

საფრთხეს სწორედ ის ქმნის, რომ გასარკვევია, რამდენად სწორად გვესმის თავისუფლების მნიშვნელობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. თავისუფლება არსებული სტრუქტურის სასარგებლო ბერკეტად მიგვაჩნია თუ ახლანდელი პოლიტიკური სისტემის ალტერნატივად? საქმე თავისუფლების მომხრე მოკინკლავე ჯგუფებს კი არ ეხება, არამედ თავად თავისუფალი ბაზრის იდეის სამომავლო პერსპექტივას.

რეფორმის ნაკლები შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ, როგორც კი ეს შესაძლებლობა გაჩნდება, თავისუფლების მხარდამჭერნი მხოლოდ ძირეული რეფორმის მოთხოვნით კი არ უნდა გამოვიდნენ, არამედ ნარჩენი მოვლენების მომაკვდინებელ საშიშროებაზეც უნდა მიუთითონ. ჩვენი მხრიდან უდიდესი შეცდომა იქნება, თუკი ჩვენს იდეებს სახელმწიფო მიზნების უკეთ მიღწევის საშუალებად მივიჩნევთ. თუმცა ჩვენშიც გავრცელდა ასეთი მიდგომა – სახელმწიფო მიზნების მიღწევის საუკეთესო პოლიტიკურ ალტერნატივად საბაზრო ეკონომიკის გამოცხადება.

რეალურ სამყაროში ასეთ მიდგომას, როგორც წესი, რეფორმატორები კალიფორნიის ენერგოსისტემის „დერეგულირების“ ფიასკოს მსგავს სამწუხარო შედეგებამდე მიჰყავს. ასეთი ნაწილობრივი რეფორმების შედეგად, თავისუფალი მეწარმეობის ზნეობრივი სახის დაკნინებასთან ერთად, რეფორმამდელზე უარესი სისტემა შეიძლება შეგვრჩეს ხელში. ნაწილობრივი რეფორმის წინააღმდეგ შენიშვნები ლუდვიგ ფონ მიზესსაც ჰქონდა: „ყველა სახის სახელმწიფო ძალაუფლებას ახასიათებს ტენდენცია, რომ თავის ქმედებას არანაირი ზღვარი არ დაუდოს და თავისი ბატონობის სფერო რაც შეიძლება მეტად გაზარდოს. ფარულად ყოველი მმართველი ცდილობს ყველაფერი აკონტროლოს, არ დაუშვას, რომ რამე თავისით, ხელისუფლების ჩარევის გარეშე მოხდეს. ამ პრობლემისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალებაა, არ დავუშვათ სახელმწიფოს ჩარევა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკაში“.

რეფორმების არასწორად გატარებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა პოლონეთის ტრაგედიის თემა. კომუნიზმის დანგრევის შემდეგ უცაბედად საბაზრო ეკონომიკის იდეით გატაცებამ იფეთქა. მაგრამ „ნიუიორკ ტაიმსის“ თანახმად, მაისის თვეში, როდესაც ბანკებმა წამგებიანი ბიზნესის დახმარება შეწყვიტეს და ხელფასების გაცემა შეწყდა, შცეჩინის (პოლონეთი) გემთსაშენი ქარხნის ხელახალი ნაციონალიზაცია მოხდა, რადგან მუშების მღელვარების საფრთხე წარმოიშვა. სოციალიზმის დაშლის შემდეგ ეს პირველი ხელახალი ნაციონალიზაცია იყო პოლონეთში, რაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში გარკვეულ სამეწარმეო წარუმატებლობებს მოჰყვა. უფრო უარესი ის იყო, რომ ამის მერე ქვეყანას მემარცხენე ხელისუფლება აკონტროლებდა. თუ „ნიუ-იორკ ტაიმსს“ დავუჯერებთ, ქვეყნად კაპიტალიზმის მიმართ გულგატეხილობა იგრძნობოდა. ისევ დაბრუნდება ტოტალიტარული სოციალიზმი? ეს შიში შეიძლება გადაჭარბებული იყოს, მაგრამ პოლიტიკაში არ შეიძლება იმის დაჯერება, რომ უარესი აღარ მოხდება.

1989 წლის შემდეგ პოლონეთმა სერიოზული ეკონომიკური რეფორმა განიცადა. მოხდა ქარხნების პრივატიზაცია, 100000-ზე მეტი მუნიციპალური კომპანია გადავიდა კერძო ადამიანების ხელში, ვალუტა დასტაბილურდა, ფასები გათავისუფლდა. მთავრობამ ყველა სახის მეწარმეობა წაახალისა, რასაც საოცარი შედეგი მოჰყვა: უცხოური ინვესტიციების მოზღვავებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის ათწლეული. და, მაინც, ისევე, როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, პრივატიზაცია სრულყოფილად არც აქ ჩატარდა. კომუნიკაციების პრივატიზაცია მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა. ჯანმრთელობის სექტორი მოწესრიგდა, მაგრამ ძირითადად სახელმწიფოს ხელში დარჩა. პროფესიულმა კავშირებმა უზარმაზარი პრივილეგიების შენარჩუნება მოახერხეს და კორპორაციების კონტროლქვეშ არც ერთი აქტიური ბაზარი აღარ დარჩა. გადასახადები ძალიან მაღალი იყო (30%). მუშახელის ერთი მეოთხედი ისევ სახელმწიფო სექტორში დარჩა დასაქმებული, თუმცა ბოლო დროს მისი კლების ტენდენცია შეინიშნება.

სამწუხაროა, რომ პოლონეთის მსოფლმხედველობა სათანადო სიმაღლემდე ვერ ავიდა. პოლიტიკური წრეები შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მაგალითებს შეჰყურებდა და, ამიტომ, თავისუფალ მეწარმეობას მთელი რიგი დაბრკოლებები შეუნარჩუნდა ან შეექმნა, მათ შორის ანტიმონოპოლისტური კანონმდებლობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კანონების, გარემოს დაცვისა და შრომის ნორმების სახით. მართალია, ეს კანონები ისე მკაცრი არ არის, როგორც აშშ-სა და ევროპაში, მაგრამ კომუნიზმისგან გაღატაკებული პოლონეთი ძლივს აუდის ამდენ უაზრო შეზღუდვებს.

მრავალ დიდ ქარხანას პრივატიზაცია არც შეხებია იმის შიშით, რომ, თუ თავისუფალ ბაზარზე მოუწევდათ კონკურენცია, ისინი უბრალოდ დაიხურებოდნენ. ასეთი პერსპექტივის პირობებში ერთადერთი გამოსავალი მათი გაკოტრებაა, რადგან უაზრობაა ფულის გადაყრა იმ საწარმოთა სუბსიდირებაზე, რომელიც ეკონომიკურად უნიათოა. გემთმშენებლობის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მთავრობამ სათანადო სიმკაცრე არ გამოიჩინა; გაკოტრების საშუალება არ მისცა ქარხნებს, რომლებსაც კონკურენციის გაწევა აღარ შეეძლოთ. ამის მიზეზი პროფკავშირების შიში იყო.

წარუმატებელი საწარმოების გადასარჩენად მთავრობის ჩარევა თვითონ ამ საწარმოებისთვისვეა ცუდი. ფაქტობრივად, ასეთი ჩარევა ბიზნესს არაფერს არ არგებს. ის მხოლოდ გადაავადებს იმ დღეს, როდესაც საწარმო, „ტენესის ველის სამმართველოს“ მსგავსად, სრულ სახელმწიფო ერთეულად უნდა გადაიქცეს ან გაკოტრდეს.

პოლონეთში მთავარ პრობლემას თვითონ სიტყვა „პრივატიზაცია“ წარმოადგენდა. პრივატიზაცია გულისხმობს, რომ ყველა და ყველაფერი ზუსტად ისევე რჩება, როგორც იყო, ოღონდ საკუთრება საზოგადოების ნაცვლად კერძო ხელში გადადის. ბოლოს და ბოლოს, კერძო მეწარმეთა მმართველობის შემთხვევაში სოციალიზმიც კი შესაძლებელია!

იგივე გაუგებრობაა აშშ-ში. ზოგი ამბობს, თუ სკოლების „პრივატიზაციას“ ვაუჩერებით ან სხვა მაქინაციებით მოვახდენთ, ისინი იაფი შესანახი გახდება და ტესტების შედეგებზეც უკეთ იმოქმედებს. იმასაც ამბობენ, რომ სოციალური უზრუნველყოფის „პრივატიზაცია“ ხანშიშესულებს დიდ მოგებას მისცემს. თავისუფალი პოლიტიკის მომხრეები ხშირად აცხადებენ, რომ, ბოლოს და ბოლოს, სოციალიზმი შესაძლებელია იმ პირობით, თუ მას კერძო მეწარმეობა უდგას სათავეში!

ფაქტობრივად, განათლების სექტორი რომ მთლიანად კერძო ხელში იყოს, ახლანდელის მსგავსი განათლების სისტემა აღარ იარსებებს. სასკოლო სისტემის ხელმძღვენელთა უმრავლესობა უმუშევარი დარჩება. თავად სკოლები შეიძლება სავაჭრო ცენტრებად გადაკეთდეს. განათლება რადიკალურად დეცენტრალიზებული გახდება და კერძო საწარმოებს დაემსგავსება. სკოლები ხან გაიხსნება, ხან დაიხურება. მასწავლებელთა ხელფასები ალბათ შემცირდება, სახელმწიფოს ხარჯზე განათლების მიღების უფლება კი არავის ექნება. სახელმწიფოს შეეძლება მოითხოვოს, მაგრამ განათლების შედეგებზე პირდაპირი გავლენა ვეღარ ექნება.

განათლების სისტემის უამრავი ალტერნატივა გაჩნდება, მაგრამ მათ შორის იშვიათობა იქნება თანამედროვე მეგასკოლების სისტემა, რომელიც ათასობით ბავშვს იტევს. რასაკვირველია, ჩვენ წინასწარ ვერ გვეცოდინება როგორი იქნება ეს სისტემა, როგორ ფორმას მიიღებს ის მომავალში, მაგრამ სწორედ ამაშია საქმე. ვაუჩერები და საკონტრაქტო სქემები თავისუფალ ბაზარს იმის შესაძლებლობასაც კი არ აძლევს, რომ თავიანთი შესაძლებლობები დაგვანახონ. უბრალოდ, მათი სახით უკვე არსებულ სოციალისტურ სისტემას სახელმწიფო ხარჯებისა და სახელმწიფო გარანტიების კიდევ ერთი ფენა დაემატება.

იგივე ითქმის სოციალურ უზრუნველყოფაზე. ისინი, ვინც ამბობენ, რომ პრივატიზაცია სურთ, ისეთივე სისტემას გვთავაზობენ, რომელიც სულ არ განსხვავდება არსებულისგან. ჩვენს ფულს ისევ სახელმწიფო მოიპარავს. პენსიები ისევ სახელმწიფოს ხელში იქნება. შეიძლება ორმაგი გადახდითაც დასრულდეს საქმე, ერთი მიმდინარე პენსიის სასარგებლოდ და ერთიც, საკუთარი „კერძო“ დაფინანსებისთვის. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ თანხის ნაწილი კერძო კომპანიების ხელში იქნება, რაც მათ ნაწილობრივ საზოგადოების სუბსიდიებზე დამოკიდებულს გახდის. ასი წლის წინ ვინმეს ასეთი სისტემის იდეა რომ წამოეყენებინა, სოციალისტობას დასწამებდნენ. დღეს კი ასეთ ადამიანებს „თავისუფლების მომხრე სახელმწიფო პოლიტიკის ექსპერტებად“ მიიჩნევენ. თუ მართლა გვსურს თავისუფალი საბაზრო რეფორმა, ნუ დავარქმევთ მას პრივატიზაციას. ბოლო უნდა მოვუღოთ არსებულ თაღლითობას. რეალური საბაზრო რეფორმების პირობებში არავინ არ უნდა იძარცვებოდეს და არავის არაფრის გარანტიები არ უნდა ეძლეოდეს. დევიზი ასეთი უნდა იყოს: „შეწყვიტეთ ქურდობა!“ პოლონეთში დიდი ქარხნების „პრივატიზაცია“ არ უნდა მომხდარიყო. უბრალოდ, სახელმწიფოს ეს ქარხნები აუქციონზე აქტივების უმაღლეს ფასად გაყიდვით უნდა მოეშორებინა თავიდან ან მუშებისა და მენეჯერებისთვის გადაეცა და ახალი მფლობელებისთვის ნება მიეცა, თავის ნებაზე ემუშავათ. შეერთებულ შტატებში სახელმწიფო სკოლებისა და სოციალური უზრუნველყოფის პრივატიზაცია კი არ უნდა მოხდეს, არამედ მათ თავი უნდა დავანებოთ და სრული თავისუფლება მივცეთ. სხვა სიტყვებით, ბაზრის ინსტიტუტები „სახელმწიფო პოლიტიკის“ ბერკეტებად კი არ უნდა იქცეს, არამედ, თავისუფალი საზოგადოების დე ფაქტო რეალობად უნდა წარმოჩინდეს.

ჩემს თეზისებში ერთი წინააღმდეგობა არსებობს. ბოლოს და ბოლოს, ნაწილობრივ ღონისძიებებს სწორი მიმართულებით მაინც ხომ მივყავართ. ნაწილობრივ თავისუფალი სისტემა ხომ მაინც უფრო უკეთესია ვიდრე მთლად სოციალისტური. მაგრამ ნაწილობრივი გამარჯვება მყარი არ არის. ის იოლად გადადის ეტატიზმში. ფაქტობრივად, აშშ სკოლებისა და პენსიების შემთხვევაში ასეთი საპრივატიზაციო სქემები არსებულ სისტემას დიდად არ ათავისუფლებს, რადგან ვაუჩერებისა და კერძო ანგარიშების ახალი ხარჯების დასაფარად ახალ თანხებს მოითხოვს. ბაზარზე ორიენტირებული რეფორმის პერიოდში კაპიტალიზმი ისეთ მექანიზმად მოიაზრებოდა, რომელიც წარუმატებელი სექტორებისთვის შესაძლებელს გახდიდა ისევ ის ეკეთებინათ, რასაც მუდამ აკეთებდნენ. უნდა ითქვას, რომ თავისუფალი ბაზრის რეფორმები გაცილებით მეტს ნიშნავს.

თავისუფალი ბაზარი მხოლოდ მოგებას და ნაყოფიერებას არ გულისხმობს, მხოლოდ სიახლეებსა და კონკურენციას არ წარმოშობს. ეტატიზმიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა სრულ გადატრიალებას ახდენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რის შედეგადაც იმ სისტემას, სადაც სახელმწიფო და მისი ინტერესები ბატონობს, მეორე სისტემაზე ცვლის, სადაც სახელმწიფო ძალაუფლება არავითარ როლს არ ასრულებს. თავისუფლება არ არის სახელმწიფო პოლიტიკის ალტერნატივა. ეს არის თვითონ სახელმწიფო პოლიტიკის დასასრული. დროა შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ და ამას სწორედ ეს სახელი დავარქვათ.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s