ამერიკული კლასიკური ლიბერალიზმი

tumblr_mndljxlHUV1qd33r3o1_500

ლეველინ როქველი
(გამოქვეყნდა 1996 წელს)

შესავალი
ყოველ ოთხ წელიწადში, როცა ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები
ახლოვდება, მე ერთადერთი ოცნება მაქვს, არ მაინტერესებდეს და არ
ვღელავდე, თუ ვის აირჩევენ და ვინ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების
პრეზიდენტი. უფრო მეტიც, არ მჭირდებოდეს, რომ ვიცოდე და ვღელავდე. არ
ვიყო ვალდებული ხმა მივცე, ან რაიმე ყურადღება დავუთმო საარჩევნო
კამპანიის დებატებს. შემეძლოს უგულვებელვყო ყველა საარჩევნო რეკლამა და
ასეთი ქმედებით, არ ვრისკავდე ჩემი ოჯახის, ან ქვეყნის კეთილდღეობით. ჩემი
თავისუფლება და საკუთრება კი იმდენად დაცული იყოს, რომ საერთოდ არ
ჰქონდეს მნიშვნელობა, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. პრეზიდენტის
სახელის ცოდნაც არ უნდა მჭირდებოდეს.
ჩემს ოცნებაში, პრეზიდენტი უფრო მეტად სიმბოლურ დატვირთვას ატარებს
და იგი, ჩემთვის და ჩემი თემისათვის, თითქმის უხილავია. მის
განკარგულებაში არაა საზოგადოებრივი დოვლათი.
იგი არ ხელმძღვანელობს რომელიმე მარეგულირებელ დეპარტამენტს. მას არ
ძალუძს დაგვბეგროს გადასახადებით; გააგზავნოს ჩვენი შვილები უცხო
ქვეყანათა ომებში; თავისი სურვილისამებრ გადაანაწილოს დოვლათი
მდიდრებზე ან ღარიბებზე; მოსამართლეების დანიშვნით, ჩვენი
თვითმმართველობის უფლება წაგვართვას; მართოს ცენტრალური ბანკი,
რომელიც განუსაზღვრელად ზრდის ფულის მიწოდებას და ხელოვნურად
იწვევს საწარმოო აღმავლობებისა და ჩავარდნების ციკლებს; ან საკუთარი
შეხედულებით წამდაუწუმ ცვალოს კანონები, მისთვის სასურველი, საგანგებო
ინტერესთა ჯგუფების წახალისების, ან არასასურველთა – დასჯის მიზნით.
პრეზიდენტის საქმიანობა შტატებს შორის საკამათო საკითხების გადაწყვეტას
თუ არ ჩავთვლით, პრეზიდენტის საქმეს პრაქტიკულად არანაირი ძალაუფლება
არ სჭირდება. მან უბრალოდ ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ერთიციცქნა
მთავრობას. მისი თანამდებობა, ფაქტობრივად, წარმოადგენს მხოლოდ
ერთერთ მუდმივ რგოლს, იმ სახელისუფლებო ჯაჭვიდან, რომელსაც
ექვემდებარებიან სახელმწიფო მოხელეები, როგორც მის ირგვლივ, ისე
ათასობით მოსამსახურე, შტატისა თუ ადგილობრივ დონეზე. იგი იცავს
კანონის მკაცრ მოთხოვნებს, რადგან ყოველთვის ახსოვს, რომ მისი
დაუმორჩილებლობის ან ძალაუფლების გაფართოების ნებისმიერ მცდელობას,
იმპიჩმენტი და მისი კრიმინალად აღიარება მოჰყვება.
მაგრამ იმპიჩმენტი ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან მას და მის სავარძელს,
საფრთხე თითქმის არ ემუქრება. ამასთანავე პრეზიდენტი განასკუთრებული
თვისებების მატარებელი ადამიანია. იგი, საზოგადოების ბუნებრივი ელიტის
პატივისცემით სარგებლობს. ესაა პიროვნება, რომლის პატიოსნებაში ყველა
დარწმუნებულია, ვინც კი მას ოდესმე იცნობდა. ის, ყველაზე კარგად
წარმოაჩენს, თუ რას ნიშნავს იყო ამერიკელი. პრეზიდენტი შეიძლება იყოს
მდიდარი მემკვიდრე, წარმატებული საქმოსანი, უაღრესად განათლებული
ინტელიგენტი, ან ცნობილი ფერმერიც კი. მიუხედავად ყველაფრისა, მისი
ძალაუფლება მინიმალურია. მას მოხელეთა ერთი ციდა ჯგუფი აბარია,
რომელიც ძირითადად ისეთი ოფიციალური საკითხების მოგვარებითაა
დაკავებული, როგორიცაა განკარგულებების ხელმოწერა და შტატების
ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრების დაგეგმვა.
პრეზიდენტობა არაა ის თანამდებობა, რომელზედაც აშკარად დიდი
მოთხოვნაა. ის დროებითია, მაგრამ მაინც ითვლება საპატიოდ. იმისათვის,
რომ ეს მართლაც არ გაცდეს ამ ჩარჩოს, პიროვნება, რომელიც ვიცეპრეზიდენტადაა
არჩეული, წარმოადგენს პრეზიდენტის მთავარ პოლიტიკურ
ოპონენტს. შესაბამისად, იგი ყოველთვის ახსენებს ქვეყნის მეთაურს, რომ მისი
შევცლა ადვილად შეიძლება. აქედან გამომდინარე ვიცე-პრეზიდენტის
სამსახური საკმაოდ ძლიერია, მაგრამ არა ხალხთან მიმართებაში, არამედ
იმით, რომ იგი მუდმივად ზედამხედველობს და ზღუდავს ხელისუფალს.
ჩემნაირი ადამიანებისათვის, რომელთა ინტერესთა სფერო პოლიტიკის მიღმაა,
სულერთია ვინ იქნება პრეზიდენტი. არც იგი და არც ვინმე სხვა, მისი
ქვეშევრდომთაგანი, ჩემს ცხოვრებაზე არანაირ გავლენას არ ახდენს. მისი
ავტორიტეტი ძირითადად საზოგადოა და გამომდინარეობს იქედან, თუ
რამდენად სცემს მას პატივს საზოგადოების ელიტა. მისი ავტორიტეტი ისევე
ადვილად იკარგება, როგორც მოიპოვება. ასე რომ ნაკლებად შესაძლებელია,
რომ ის ბოროტად იქნეს გამოყენებული.
ეს პიროვნება არჩეულია არაპირდაპირი გზით, შტატების რჩეული ხმოსნების
მიერ, რომელთა მიმართ ერთადერთი პირობა არსებობს _ ხმოსანი არ
შეიძლება ფედერალური ბიუროკრატი იყოს. იმ შტატებში, სადაც
მაჟორიტარული წესით აძლევენ ხმას, ყველა მოქალაქეს, ან მცხოვრებს როდი
უნდა შეეძლოს მონაწილეობის მიღება. ის ადამიანები, რომლებიც ხმას
აძლევენ, უნდა შეადგენდნენ მოსახლეობის მცირე ნაწილს, რომლებიც
საზოგადოების სანუკვარი ინტერესებიდან საუკეთესოს გამოხატავენ. ანუ ის
ადამიანები, რომელნიც ფლობენ საკუთრებას, რომლებსაც აქვთ ოჯახები და
მიღებული აქვთ განათლება. ეს ამომრჩევლები ირჩევენ ადამიანს, რომლის
საქმე, მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სტაბილურობასა და
თავისუფლებაზე ფიქრი და ზრუნვაა.

უხილავი მთავრობა
იმ ადამიანების თავისუფლება, ვისაც არც არჩევნებში მიუღია მონაწილეობა
და არც პოლიტიკა აინტერესებს, დაცულია. მათ არ გააჩნიათ რაიმე საგანგებო
უფლებები, თუმცა მათი პროვნების, საკუთრებისა და თვითმმართველობის
უფლებები ეჭვქვეშ არასოდეს დგება. ამის გამო ისევე, როგორც პრაქტიკული
მიზნებისათვის, მათ შეუძლიათ დაივიწყონ პრეზიდენტიც და დანარჩენი
ფედერალური მთავრობაც. მათი არსებობა ხომ, თითქმის შეუმჩნეველია.
ხალხი მათ პირდაპირ გადასახადებს არ უხდის. პრეზიდენტი არ ეუბნება და
არ მიუთითებს მათ, თუ როგორ უნდა წარმართონ თავიანთი ცხოვრება. იგი
მათ საზღვარგარეთ ომებში არ აგზავნის; არ არეგულირებს სკოლებს; არ
უხდის პენსიებს; არ ქირაობს მათ, მათივე თანამოძმეებზე საჯაშუშოდ.
მთავრობა თითქმის სრულიად უხილავია. ის პოლიტიკური განხილვები,
რომლებშიც მე მონაწილეობას ვიღებ, ქალაქის ან შტატის დონეზე
მიმდინარეობს და საგადასახადო, საგანმანათლებლო, კრიმინალურ,
საზოგადოებრივი წარმოების თუ ემიგრაციის საკითხებს მოიცავს. ერთადერთი
გამონაკლისია ეროვნული თავდაცვა, ვინაიდან პრეზიდენტი ქვეყნის
შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია. თუმცა აქაც, ის კონგრესის მიერ
ომის შესახებ განცხადების მიღებაზეა დამოკიდებული. ეს კი უცხოელი
დამპყრობლებისაგან საზღვრების დაცვაზე მეტს არ მოითხოვს, რაც
შედარებით ადვილი ამოცანაა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის
გათვალისწინებით; რაც იმ ოკეანესაც გულისხმობს, რომელიც ჩვენ დანარჩენი
მსოფლიოსაგან და მისი განუწყვეტელი ომებისაგან გვყოფს.
ჩემს ოცნებაში, არსებობს ვაშინგტონის ხელისუფლების წარმომადგენელთა
ორი სახე: _ წარმომადგენელთა პალატის წევრები, ანუ სხვადასხვა შტატების
წარმომადგენელთა მიერ შემდგარი უზარმაზარი თავყრილობა, რომელიც
მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდება და შტატების კანონმდებელთა მიერ
არჩეული სენატი. პალატა არსებობს იმისათვის, რომ ფედერალურ სენატს
მეთვალყურეობა გაუწიოს, ხოლო ფედერალური სენატი იმისათვის მუშაობს,
რომ ქვეყნის აღმასრულებელს მეთვალყურეობდეს.
საზოგადოებაზე საკანონმდებლო ძალაუფლების ზეგავლენა უმნიშვნელოა.
კონგრესმენს მცირე სტიმული გააჩნია, რომ ხელისუფლების ძალაუფლება
გაზარდოს, რადგან თავად ის ჩვეულებრივი მოქალაქეა. ჩემი შტატიდან
არჩეულ წარმომადგენელთა პალატის წევრი, ჩემი სახლიდან სულ რაღაც
ერთი მილის დაშორებით ცხოვრობს. ის ჩემი მეზობელი და მეგობარია. მე არ
ვიცნობ ჩემს ფედერალურ სენატორს და მისი ცნობა არც მჭირდება, რადგან
იგი შტატის იმ კანონმდებლის წინაშეა პასუხისმგებელი, რომელსაც თავის
მხრივ მე ვიცნობ.
აქედან გამომდინარე, ჩემს ოცნებაში, მომავალი საპრეზიდენტო არჩვენებისას
თითქმის არაფრით ვრისკავ. აღარ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ გაიმარჯვებს,
ხელშეუხებელი და დაცული მრჩება ჩემი თავისუფლება და საკუთრება.
უკიდურესი დეცენტრალიზაცია
ამ ქვეყნის პოლიტიკა უკიდურესად დეცენტრალიზებულია, ხოლო
საზოგადოება თავისუფალი ეკონომიკური კავშირებითაა გაერთიანებული. მას
ამთლიანებს ასევე ვაჭრობის სისტემა, რომელიც ორმხრივ სარგებელზეა
დაფუძნებული და ადამიანებს საშუალებას აძლევს, ურთიერთობა სურვილის
მიხედვით დაამყარონ, გამოიგონონ, დააგროვონ დოვლათი და სურვილისამებრ
იმუშაონ. ეკონომიკა არ არის კონტროლირებადი, ან შებოჭილი რომელიმე
ბერკეტით, ან რაიმე ცენტრალიზებული ბრძანების ზეგავლენით.
ხალხი უფლებამოსილია შეინარჩუნოს რასაც გამოიმუშავებს. ამასთან ფული,
რომელსაც საზოგადოება სავაჭროდ იყენებს უნდა იყოს მყარი, ოქროს
საშუალებით უზრუნველყოფილი და სტაბილური მსყიდველობითი უნარის
მქონე. კაპიტალისტებს, საქმიანობის წამოწყება და შეწყვეტა სურვილისამებრ
შეუძლიათ. მშრომელებს აქვთ თავისუფლება, ხელი მოჰკიდონ იმ სამუშაოს,
რომელიც სურთ, ამასთან, ნებისმიერ ასაკში და სასურველი ანაზღაურებით.
საქმოსნებს მხოლოდ ორი მიზანი აქვთ _ მომხმარებელს მოემსახურონ და
მოგება მიიღონ.
ქვეყანაში არ არსებობს დასაქმების კონტროლი, საკანონმდებლო შეღავათები,
სოციალური გადასახადები და სხვა სახის რეგულირებები. ამის გამო ყველა
იწაფება იმაში, რაც მას საუკეთესოდ გამოსდის. საქონლისა და მომსახურების
ნებაყოფილობითი, მშვიდობიანი ურთიერთგაცვლა კი, რაც მთელი ქვეყნის
მასშტაბითაა შესაძლებელი, მუდმივად მზარდ კეთილდღეობას განაპირობებს.
ის, თუ რა გარეგნულ სახეს მიიღებს მეურნეობა – აგროსამრეწველოს,
ინდუსტრიალურს, თუ მაღალ-ტექნოლოგიურს, ფედერალური
მთავრობისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ვაჭრობა უფლებამოსილია
ბუნებრივად და თავისუფლად განვითარდეს და ყველას ესმის, რომ იგი
მესაკუთრეების და არა მოხელეების მიერ უნდა იყოს მართული. ფედერალურ
მთავრობას, რომც უნდოდეს, შიდა გადასახადების შემოღება არ შეუძლია.
მნიშვნელოვნად მცირეა საშემოსავლო გადასახადი და უცხო ერებთან
ვაჭრობა, კონკურენტული და თავისუფალია.
თუკი შემთხვევით, თავისუფლების ეს სისტემა დაცემას დაიწყებს, ჩემს
საკუთარ პოლიტიკურ თემს, იმ შტატს, სადაც მე ვცხოვრობ აქვს არჩევანი: _
ფედერალურ მთავრობას გამოეყოს, ჩამოაყალიბოს ახალი ხელისუფლება და
შეუერთდეს სხვა შტატების მსგავს ქმედებებს. კანონი მიწის შესახებ სწორედ
ასეთი განცალკევების ნებისდამრთველ ნორმას ითვალისწინებს. რადგან
სწორედ ეს მოთხოვნა იყო ერთ-ერთი უმთავრესი იმ გარანტიებიდან,
რომელმაც ფედერაციის დაარსება უზრუნველყო. მართლაც, ხანდახან,
შტატები განცალკევებით იმუქრებიან, რათა ფედერალურ მთავრობას აჩვენონ
თუ ვინ არის უფროსი.
ეს სისტემა იმ ფაქტს ადასტურებს, რომ პრეზიდენტი, ამერიკელი ხალხის
პრეზიდენტი სულაც არ არის, და კიდევ უფრო ნაკლებად მათი მბრძანებელი.
არამედ იგი, უბრალოდ “შეერთებული შტატების” პრეზიდენტია. იგი
მსახურობს მხოლოდ მათი ნებართვით და ისიც მეტადრე, როგორც
პოლიტიკური თემების მიერ შექმნილი ამ ნებაყოფლობითი კავშირის
სიმბოლური თავკაცი. ამ პრეზიდენტს არ შეუძლია შეზღუდოს შტატების
უფლებები, გაცილებით ნაკლებად ლახავს მათ უფლებებს პრაქტიკაში, რადგან
ის ამით სამოხელეო ფიცს დაარღვევს და რისკავს, კისნწისკვრით არ იქნეს
გაძევებული.
ცენტრალიზებული მართვის გარეშე მომქმედ ამ საზოგადოებაში,
დომინანტური სოციალური ავტორიტეტის ფუნქციას, კერძო ასოციაცების
ფართო ქსელი ასრულებს. მაგალითად, რელიგიური საზოგადოებები
საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაზე უზარმაზარ გავლენას ფლობენ ისევე,
როგორც სამოქალაქო ჯგუფები და ნებისმიერი სახის საზოგადოების
ლიდერები. სწორედ ისინი ქმნიან საზოგადოებრივ ურთიერთობათა იმ დიდ და
ნამდვილ ნაირსახეობას, სადაც ყველა ინდივიდი და ჯგუფი პოულობს
ადგილს.
პოლიტიკური დეცენტრალიზაციის, ეკონომიკური თავისუფლების,
თავისუფალი ვაჭრობისა და თვითმმართველობის ასეთი კომბინაცია
დღითიდღე, ყველაზე წარმატებულ, დივერსიფიცირებულ, მშვიდობიან და
სამართლიან საზოგადოებას ქმნის, რაც კი მსოფლიოს ოდესმე სცოდნია.
არანაირი უტოპია
ეს უტოპიაა? არსებითად, ეს მეტი არაფერია, თუ არა შედეგი ჩემი
თავდაპირველი დაშვებისა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ძალაუფლება
იმდენად შეზღუდულია, რომ მნიშვნელოვანი არაა ვიცოდე, ვინ
არის იგი. ეს ნიშნავს თავისუფალ საზოგადოებას, რომელიც ვინმეს მიერ კი არ
იმართება, არამედ იმართება უშუალოდ მისი წევრების – მოქალაქეების,
მშობლების, მშრომელებისა თუ მეწარმეების შესაძლებლობების მიხედვით.
შესაძლებელია თქვენ უკვე მიხვდით, ჩემი ოცნება სწორედ იმ მიზნის მიღწევაა,
რომელიც დამფუძნებელი მამების მიერ, ჩვენი სისტემის შექმნით იყო
დასახული. ის შეერთებული შტატების კონსტიტუციით შეიქმნა. ანდა,
უკიდურეს შემთხვევაში, ეს ის სისტემაა, რომელიც ამერიკელთა უდიდესი
უმრავლესობის რწმენით, შეერთებული შტატების კონსტიტუციის მეშვეობით
იქნა ჩამოყალიბებული. რამდენადაც განსხვავებული არ უნდა იყოს ის დღეს,
წინათ ის მსოფლიოს უდიადესი, თავისუფალი რესპუბლიკა იყო.
ეს იყო ქვეყანა, სადაც ხალხი საკუთარ თავს მართავდა და საკუთარი
მეურნეობის თავადვე დაეგეგმვა შეეძლო. ის ქვეყნის დედაქალაქიდან არ
იგეგმებოდა. პრეზიდენტი არასოდეს იჩენდა ზედმეტ ყურადღებას ამერიკელი
ხალხის ყოფიერი პრობლემების მიმართ, რადგან ფედერალურ მთავრობას ამის
შესახებ არაფერი ჰქონდა სათქმელი. ეს საკითხი თავად ხალხის პოლიტიკური
გაერთიანებების არჩევანს იყო მინდობილი.
სანამ კონსტიტუცია რატიფიცირებულ იქნებოდა, ზოგიერთს მასში ეჭვი
ეპარებოდა. ასეთი მოსაზრების ადამიანებს ანტი-ფედერალისტებს
უწოდებდნენ. ამ უკანასკნელთ არ მოსწონდათ კონფედერაციის მუხლების
უკიდურესი დეცენტრალიზაციის საწინააღმდეგოდ მიმართული ცვლილებები.
მათი შიშის გასაქარვებლად და დასარწმუნებლად, რომ ფედერალური
მთავრობა მკაცრად შეზღუდული იყო, დამფუძნებელმა მამებმა ფედერალური
ძალაუფლება, შემდგომში უფლებათა დეკლარაციით შემოფარგლეს. ამ
დოკუმენტის მიზანი, სულაც არ იყო შტატების უფლებების გაზრდა. ის არც
შეხებია მათ. უფლებათა დეკლარაციამ უბრალოდ, უკიდურესად შეზღუდა
ცენტრალური მთავრობის გავლენა ცალკეულ ინდივიდებზე და მათ
გაერთიანებებზე.
როგორც ალექსის დე ტოკვილმა შენიშნა, 1830 წლამდე ამერიკის შეერთებული
შტატების ცხოვრებაზე დაკვირვების შედეგად, “ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს
ძალაუფლება, რომელიც თუმცა გარკვეულწილად გაუცხოებულია
სოციალური ორგანიზმისაგან, მაგრამ მაინც წარმართვას მას და აიძულებს,
რომ აღმავალი განვითარების გზას მისდიოს. სხვაგან მმართველი ძალა
დაყოფილია ადამიანთა ფენებს შორის. მაგრამ შეერთებულ შტატებში მსგავსი
არაფერი ჩანს. იქ საზოგადოება, საკუთარ თავს თავადვე და თავისივე
შეხედულებით მართავს” და “იშვიათად თუ შეხვდებით პიროვნებას,
რომელიც ფიქრობდეს, ან კიდევ უფრო ნაკლებად, საუბრობდეს” სხვა რომელიმე
სისტემის შესახებ.
თავად პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებ, ტოკვილი აღნიშნავდა, რომ “მისი
ძალაუფლება დროებითი, შეზღუდული და დაქვემდებარებულია” და
“ჯერჯერობით, არც ერთ კანდიდატს არგაუღვიძებია ხალხში სახიფათო
ენთუზიაზმი და ცეცხლოვანი აღფრთოვანება თავის სასარგებლოდ, იმ
მარტივი მიზეზის გამო, რომ მანამ, სანამ ის ხელისუფლებას
ხელმძღვანელობს, მას მხოლოდ შეზღუდული ძალაუფლება აქვს, მცირე
შესაძლებლობები და უმნიშვნელო დიდება, რომლითაც ის საკუთარ
მეგობრებში იამაყებდა. სახელმწიფოში მისი გავლენა ძალიან პატარაა
საიმისოდ, რომ მან ააყვავოს, ან დააქციოს ის სფეროები, რომლებიც მის
ძალაუფლებას სცდება”.
ასეთი ამერიკა არასოდეს შეურიგდება ისეთ ძალმომრეობას, როგორიცაა ე.წ.
“კანონი _ ამერიკელები, შრომისუუნაროთა მხარდამხარ”. ეს არის კანონი,
რომელიც შეერთებული შტატების ყოველი ადგილობრივი, საზოგადოებრივი
შენობის დაპროექტების წესებს განსაზღვრავს. ის ანიჭებს ვეტოს უფლებას
ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დასაქმების საკითხებს ეხება. ის
ავალდებულებს ადამიანებს, არ გაუწიონ ანგარიში სხვა ადამიანების
შესაძლებლობებს ყოველდღიურ სამეურნეო საქმიანობაში. ყოველივე ეს,
მხოლოდ ბიუროკრატების მთელი ჯარის მიერაა თავსმოხვეული, რომელნიც
იურისტებთან მხარდამხარ საქმიანობენ და იციან, თუ როგორ გამდიდრდნენ
სისტემის მანიპულირების შედეგად.
ეს კანონი, ერთი უბრალო მაგალითია იმ ათიათასიდან, რომელიც მოქმედებს.
არადა, ასეთ რამეს მართლაც რომ ვერ წარმოიდგენდნენ დამფუძნებელი
მამები. თუმცა მათი შეხედულება გამოწვეული იყო არა იმით, რომ მათ
ხეიბრები სძულდათ, ან ფიქრობდნენ, რომ ასეთი ადამიანები გამორჩეულად
დაჩაგრულნი, ან წახალისებულნი უნდა ყოფილიყვნენ. არამედ უბრალოდ
დამფუძნებელი მამები იზიარებდნენ ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი
ცხოვრების შესახებ შეხედულებებს, რომელნიც მსგავსი კანონის დაშვებასაც
კი უარყოფენ. თავდაპირველად “ლიბერალიზმიც” სწორედ ამ ფილოსოფიურ
მიმდინარეობას ეწოდა.

ლიბერალიზმი
მე-18 და მე-19 საუკუნეებში, ლიბერალიზმის ცნება საზოგადოდ,
საზოგადოებრივი ცხოვრების ფილოსოფიას ნიშნავდა, რომელსაც შემდეგი
პრინციპი გააჩნდა _ საზოგადოებებს და მათ კომპონენტებს, რაიმე სახის
ცენტრალური მმართველობა და კონტროლი არ სჭირდებათ, რადგან
საზოგადოებები, ჩვეულებრივ, საკუთარ თავს მართავენ, საკუთარ წევრთა
ნებაყოფილობითიდა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გზით. დღეს
ამგვარ ფილოსოფიას ლიბერალიზმს ვერ ვუწოდებთ, ვინაიდან ეს ცნება,
დემოკრატიული ტოტალიტარიზმის მიერ იქნა მითვისებული. იმისათვის, რომ
ეს ფილოსოფია ხელახლა, ჩვენი დროის შესატყვისად წარმოვაჩინოთ, ჩვენ
მას, ახალი სახელი _ “კლასიკური ლიბერალიზმი” უნდა ვუწოდოთ.
კლასიკური ლიბერალიზმი ისეთ საზოგადოებას აღნიშნავს, სადაც ჩემი ოცნება
რეალობაა.
სადაც ჩვენ, პრეზიდენტის სახელის ხსენება სულაც არ გვესაჭიროება. სადაც
არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი არაა, რადგან საზოგადოება კანონების
და არა ადამიანების მიერ იმართება. როდესაც ჩვენ არ გვეშინია ჩვენი
მთავრობის, რადგან მას ჩვენგან, არც არაფერი მიაქვს, და არც – მოაქვს.
არამედ ის გვანებებს, რომ ჩვენი ცხოვრება, საზოგადოებრივი ყოფა და
მომავალი, თავადვე განვსაზღვროთ.
ჩვენს ქვეყანაში, მთავრობასა და საზოგადოებაზე ასეთი წარმოდგენა ისევე
დაინგრა, როგორც უმრავლეს ქვეყნებში. თუმცა ჩვენს შემთხვევაში,
შეერთებული შტატების პრეზიდენტი, არა მხოლოდ დიდი ძალაუფლების მქონე
პირია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ დაწესებულებების
რაოდენობასა და მათში დასაქმებულთა რიცხვს, რომლებსაც ის
ხელმძღვანელობს, არამედ მთელ დედამიწაზე ყველაზე გავლენიანი და
ძლევამოსილი ადამიანიც.

ხელისუფლების საწინააღმდეგო?
ცხადია, ჩემი შენიშვნები შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც ხელისუფლების
საწინააღმდეგო. ჩვენ ხომ ყოველთვის და ყოველდღე გვეუბნებოდნენ, რომ
ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების საწინააღმდეგო აზროვნებას
ამჟღავნებენ, საზოგადოებისათვის საშიშნი არიან. მაგრამ როგორც
ჯეფერსონი კენტუკის რეზოლუციებში წერდა, თავისუფალი ხელისუფლება
დამყარებულია ეჭვზე და არა ნდობაზე. “ძალაუფლების საკითხებში, ადამიანის
მიმართ ნდობის შესახებ მოდით აღარ ვილაპარაკოთ, არამედ კონსტიტუციის
ჯაჭვით შევბოჭოთ ის”. ან, როგორც მედისონმა თქვა, ჟურნალ
ფედერალისტში – “უნდა იყოთ ერთობ ეჭვიანი ყველა ადამიანის მიმართ,
რომელიც ძალაუფლებას ფლობს”. ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფერს
დავუმატოთ, რომ კიდევ უფრო მეტად ეჭვიანი უნდა ვიყოთ იმ მთავრობის
მიმართ, რომელიც ქირაობს სამ მილიონ კბილებამდე შეიარაღებულ ადამიანს.
ეს ის დამოკიდებულებაა, რომელსაც კლასიკური ლიბერალიზმი ნერგავს.
ასეთი აზროვნება თავისუფლებისაკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც
ადამიანს და საზოგადოებას აძლევს შესაძლებლობას, რომ საკუთარი
ცხოვრება განაგოს.
ჩვენ დაუსრულებლად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ დამფუძნებელი მამების
ვითომდა “ანტისახელისუფლო” განცხადებები. სწორედ მათ ჩამოაყალიბეს
კლასიკური ლიბერალიზმის თეორიები საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ.
მაგრამ ეს თეორიები მე-18 საუკუნის შუა და ბოლო პერიოდში, ახალი ტიპის
აბსოლუტიზმის გავლენის ქვეშ მოექცა, რომლის წინასწარმეტყველიც რუსო
გახლდათ. მისი აზრით, დემოკრატიული მთავრობა ხალხის საზოგადო ნებას
გამოხატავდა და ამიტომ ყოველთვის მართალი იყო. შესაბამისად,
ხელისუფლებას აბსოლუტური, ცენტრალიზებული ძალაუფლება უნდა
ჰქონოდა, რომელიც ჭარბად შეიარაღებულ და ერთგვაროვან ეგალიტარულ
ეროვნულ სახელმწიფოებზე გავრცელდებოდა.
მეოცე საუკუნე რუსოს ხანა იყო. ხოლო მარქსისა და კეინსის ეტატისტური
მოძღვრებების მეშვეობით, ის ყველაზე სისხლიან საუკუნედ იქცა ადამიანთა
ისტორიაში. ხელისუფლებაზე ამდროის შეხედულებანი მკვეთრად
უპირისპირდება კლასიკურ ლიბერალურს. მათი მიხედვით საზოგადოებას
საკუთარი თავის მართვა არ შეუძლია. საზოგადო ნების მიუხედავად,
პროლეტარიატის ინტერესები იქნება ეს თუ ადამიანთა ეკონომიკური გეგმები,
ხელისუფლებაში საჭიროა
ერისა და მისი მეთაურის ორგანიზება და განსახიერება. არადა, სწორედ
ასეთი იყო შეხედულება ხელისუფლების შესახებ, რომელსაც დამფუძნებელი
მამები დესპოტურად მიიჩნევდნენ და ცდილობდნენ, რომ აღმოეფხვრათ, სანამ
ის ფესვებს გაიდგამდა.
რა თქმა უნდა, დამფუძნებელ მამებს სრული წარმატება არ მოუპოვებიათ.
ომიანობის ორმა საუკუნემ, ეკონომიკურმა კრიზისებმა, ცუდად გააზრებულმა
საკონსტიტუციო შესწორებებმა, ხელისუფალთა უზურპაციამ, კონგრესის
დათმობებმა, და იურიდიულმა იმპერიალიზმმა, ბიძგი მისცა ხელისუფლების
ისეთი ფორმის ჩამოყალიბებას, რომელიც როგორც დამფუძნებელი მამების
გეგმას, ისე კლასიკურ ლიბერალიზმს მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგებოდა.
დღესდღეობით ფედერალურ ხელისუფლებას, რომელსაც სათავეში
პრეზიდენტი უდგას, პრაქტიკულად განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს,
რომ დააწესოს გადასახადები, არეგულიროს, აკონტროლოს, და ხალხის
ცხოვრებაზე სრულიად დომინირებდეს. არალიბერალური პრეზიდენტი
როდესაც კონსტიტუცია დაიწერა, ქვეყნის დედაქალაქი ვაშინგტონი, ერთ
ბინძურ მდელოს წარმოადგენდა, რამოდენიმე შენობით. ხოლო ამერიკული
საზოგადოება – ყველაზე თავისუფალ საზოგადოებას მსოფლიოში. დღეს იგი
დედამიწის ზურგზე უმდიდრესი დასახლებაა, რადგან მსოფლიოში უდიდეს
ხელისუფლებას მასპინძლობს. ამერიკელთა თავისუფლება კი – სადაო
საკითხი გახდა.
შეერთებული შტატების მთავრობის განკარგულებაში, ყველაზე მეტი ადამიანი,
რესურსები და ძალაუფლებაა. ის გაცილებით მეტს და გაცილებათ უფრო
დეტალურად არეგულირებს ვიდრე, რომელიმე მთავრობა ამ პლანეტაზე.
მსოფლიოს ისტორიაში მისი სამხედრო იმპერია, ყველაზე დიდი და
გავრცობილია. მის წლიურ საგადასახადო შემოსავლებთან შედარებით,
ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთობლივი შემოსავალიც კი ჯუჯად მოსჩანს.
ამერიკული ფედერალიზმი ლამისაა ცარიელ სიტყვად იქცა და რეალობასთან
საერთო თითქმის აღარაფერი დარჩა. დროდადრო, გაისმის განცხადებები
შტატებისათვის ძალაუფლების დაბრუნების შესახებ, ან იმ
უფლებამოსილებების აღკვეთის შესახებ, რომელიც დაფინანსებას
მოკლებულია. მაგრამ ასეთი განცხადებები სერიოზულად არ უნდა მიიღოთ.
სინამდვილეში შტატები ცენტრალური ხელისუფლების დამატებებად იქცა, იმ
უფლებამოსილებების მადლით, რომლის გამოც მათ საშუალება უჩნდებათ
ქრთამებიც აიღონ და სასურველი პროგრამებიც განახორციელონ.
ინდივიდი, ოჯახი, თემი – ეტატისტური დროების წინა საზოგადოების
ძირითადი ელემენტები, ფედერალური მთავრობის ყმებამდე დაკნინდნენ და
მხოლოდ იმის უფლება გააჩნიათ, რასაც მათთვის ხელისუფლება იმეტებს.
ისინი იძულებულნი არიან, საყოველთაო კოლექტივისტური წესრიგის
ფარგლებში იმოქმედონ. სამწუხაროდ ამის შეცვლის სურვილი, ეროვნული
მასშტაბის არც ერთ პოლიტიკურ ფიგურას, ჯერჯერობით არ გასჩენია.
საზოგადოების უკმაყოფილება
მიუხედავად ყველაფრისა, რეალობა ისაა, რომ ხალხი ასეთი მდგომარეობით
უკმაყოფილოა.
ცივი ომის განმავლობაში საზოგადოებას აჯერებდნენ, რომ საკუთარი
თავისუფლების დიდი ნაწილი მსხვერპლად გაეღოთ ისეთი მისიისათვის,
როგორიც კომუნიზმის დამარცხება წარმოადგენდა. მანამდე კი იყო პირველი
მსოფლიო ომი, დეპრესია და მეორე მსოფლიო ომი. ამ საუკუნეში მხოლოდ
ორჯერ გახდა შესაძლებელი, გვეცხოვრა ისეთი კრიზისების გარეშე, რომელთა
დროს ხელისუფლებას, დამფუძნებელი მამების მიერ მოცემული გარანტიების
შეზღუდვის უფ ლება გააჩნდა.
ამის შედეგად, საზოგადოების აზრი ახლა სახელისუფლებო ძალაუფლების
შემცირებას მხარს მხურვალედ უჭერს. პრაქტიკულად, ამ ქვეყანაში ყველა
პოლიტიკოსს, რომელსაც არჩევნებში გაუმარჯვია, ამომრჩევლებისათვის
პირობა აქვს მიცემული, რომ ამ მიმართულებით რაიმეს გააკეთებდა. თუმცაღა
შედეგები, ნაკლებად შთამბეჭდავი იყო. 80-იან წლებში რესპუბლიკური
პარტიის გამარჯვების შემდეგ გადასახადები და ხარჯები გაცილებით
გაიზარდა. გაიზარდა უცხოური დახმარების ბიუჯეტიც. სახელმწიფოს
რეგულირება უფრო ყოვლისმომცველი გახდა, ვიდრე ოდესმე.
რესპუბლიკელების საკანონმდებლო ინიციატივებმა – ფერმების, გაშვილების
თუ სამედიცინო დახმარების შესახებ, ხელისუფლების ძალაუფლება კი არ
შეკვეცა, არამედ გაზარდა.
ყოველივე ამას ბევრი მიზეზი აქვს, მათგან არცთუ უმნიშვნელოა კონგრესის
მმართველთა ორპირობა და მათი მოკავშირე კონსერვატიული პრესის
ნიჭიერება, რომელიც მათ იდეოლოგიურ მხარდაჭერას უწევს. ჯერ, თავად
ახალარჩეული რესპუბლიკელები, რომლებსაც მედია ახასიათებს, როგორც
იდეოლოგიის დამცველებს, იმსახურებენ გაკიცხვას, რადგან მოწინააღმდეგე
მონსტრებთან დასაპირისპირებლად, თანმიმდევრული ფილოსოფიური ლოგიკა
აკლიათ.
მაგალითისთვის განვიხილოთ დაბალანსებული ბიუჯეტის შემთხვევა. ყოველი
პოლიტიკოსი სახელისუფლებო ძალაუფლების შემცირებას ითხოვს.
ახალბედები ირწმუნებიან, რომ მხარს ამასვე დაუჭერენ. მაგრამ მათ საქმეში
დაუყოვნებლივ ცხვირს ყოფენ პოლიტიკური ჯგუფები.
როდესაც ახალბედები გადასახადების შემცირებას მოითხოვენ, ელიტის
წარმომადგენლები დააცხრებიან მათ და მიუთითებენ, რომ ეს საბიუჯეტო
დეფიციტს გაზრდის. შესაბამისად, ახალბედები მაშინვე დგებიან პრობლემის
წინაშე – როგორ შეუსაბამონ თავიანთი ფინანსური კონსერვატიზმი, მათსავე
სურვილებს გადასახადების შემცირების შესახებ?
გაუგებრობა ინტელექტუალური შეცდომისაგანაა გამოწვული. პირველობა
ხელისუფლების შეკვეცას უნდა მიენიჭოს. ეს ნიშნავს, რომ გადასახადები
უნდა შემცირდეს ყველგან, ყოველთვის და რაც შეიძლება მეტად. კლასიკურ
ლიბერალიზმში კარგად განსწავლულებმა იციან, რომ ხელისუფლებებს
შეუძლიათ გამოიყენონ დაბალანსებული ბიუჯეტი და ამავდროულად,
შეინარჩუნონ როგორც საკუთარი აპარატის რიცხოვნული სიდიდე, ისე მზარდი
გავლენა. მაღალი გადასახადები, როგორც წესი დეფიციტს არ ამცირებს და
თუკი მაინც ახერხებს, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ფედერალური ბიუჯეტი
შინამეურნეობის საბუღალტრო ჩანაწერების წიგნი არაა. ის გიგანტური
გადამანაწილებელი მანქანაა.
ეს ფაქტი კლასიკური ლიბერალიზმის ინტელექტუალური ტრადიციის
შორსმჭვრეტელობას წარმოაჩენს. ხელისუფლებას არა აქვს სხვა
ძალაუფლება და სხვა რესურსები გარდა იმისა, რასაც ის უპირველეს
ყოვლისა ხალხისაგან იღებს.
კერძო საწარმოთაგან გასხვავებით, ხელისუფლებას რაიმეს შექმნა არ
შეუძლია. ყველაფერი, რაც მას აქვს, მან კერძო წარმოებიდან უნდა ამოიღოს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მე-18 საუკუნისა და მე-19 საუკუნის უდიდეს
მონაკვეთში კარგად იყო გაგებული, დავიწყებულ იქნა 20 საუკუნეში,
რომელმაც სახელი გაითქვა სოციალიზმით, ეტატიზმით, უძრაობით, ნაციზმით,
კომუნიზმით, ტოტალური ომებით, მუდმივი სოციალური რეფორმიზმით,
რუზველტისეული ე.წ. “ახალი ლიბერალიზმის”, რაც სინამდვილეში კარგად
ნაცნობი “ძველი სოციალიზმი” იყო და საყოველთაო კეთილდღეობის
დამკვიდრების სხვა მცდელობებით.

ნასწავლი გაკვეთილები
ოცდამეერთე საუკუნეს გარიჟრაჟზე, უპრიანია გავარკვიოთ თუ რა გვასწავლა
განვლილმა წლებმა?
სოციალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი უარყოფა, ლუდვიგ ფონ მიზესისაგან
მომდინარეობს. 1922 წელს გამოქვეყნებულმა მისმა თხზულებამ
“სოციალიზმი” კარგი ადამიანები, ცუდი დოქტრინებისაგან შემოაბრუნა. ეს
ნაშრომი არასოდეს უარუყვია იმ ათასობით მარქსისტსა და ეტატისტს,
რომლებიც მას ეცნობოდნენ. ამ წიგნისათვის, მიზესი წინასწარმეტყველად
მოინათლა, თავად იმ სოციალ-დემოკრატების მიერ, რომლებიც წლების
მანძილზე აკრიტიკებდნენ მას.
ურფო ნაკლებად ცნობილია თხზულება, რომელიც სამი წლის შემდეგ
გამოჩნდა. ეს იყო ლუდვიგ ფონ მიზესის წიგნი “ლიბერალიზმი”. ამჯერად,
რაკი მან ერთხელ უკვე შეუტია ეტატიზმს, საჭიროდ ჩათვალა აზრი გამოეთქვა
ალტერნატივების შესახებაც. ეს იყო ყველა თაობის კლასიკური ლიბერალური
პროგრამების პირველი მასშტაბური რეკონსტრუქცია.
თავისი წიგნის წინასატყვაობაში მიზესმა აღნიშნა, რომ მე-18 და მე-19
საუკუნეების ყალიბის ლიბერალიზმმა უდიდესი შეცდომა დაუშვა. იგი
ცდილობდა არამარტო მატერიალურ სამყაროზე, არამედ სულიერ
საკითხებზეც ესაუბრა. მიზესი აღნიშნავდა, რომ ლიბერალებმა, უმრავლეს
შემთხვევაში საკუთარი თავი ეკლესიას დაუპირისპირეს, რისი უარყოფითი შედეგი იყო თავისუფალი ბაზრისა და თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ ეკლესიის განწყობა.
ამგვარი საპირისპირო ეფექტის თავიდან ასაცილებლად, მიზესმა ნათელი
მოჰფინა ლიბერლიზმის განმარტებას. იგი ამბობს, რომ “ლიბერალიზმი “
დოქტრინაა, რომელიც ერთობლიობაში სწავლობს ადამიანთა მიწიერ ყოფას.
ის გარდა გარეგანი წინსვლისა და მატერიალური კეთილდღეობისა,
მხედველობაში არაფერს იღებს. მათ შორის, არც ადამიანთა შიდა, სულიერ
თუ მეტაფიზიკურ მხარეს.
ცხადია ადამიანთა ცხოვრება უფრო მეტია, ვიდრე ჭამა-სმა და რაიმე
მატერიალური ფასეულობების შეძენა. სწორედ ამიტომ ლიბერალიზმს არც
უცდია ცხოვრების სრულყოფილ თეორიად წარმოეჩინა თავი. ამის გამო, ის არ
შეიძლება თეოლოგებისა და კონსერვატების მიერ იყოს გაკენწლილი, მით
უფრო, რომ ის წმინდა, საერო იდეოლოგიაა და მხოლოდ ისეთ საკითხებს
ეხება, რომლებიც ყოფიერ ურთიერთობებს შეესაბამება და სხვას არაფერს.
მიზესის ლიბერალიზმში არაფერია ისეთი, რაც რელიგიური ადამიანისათვის
მიუღებელი იქნებოდა, რადგან მიზესი იზიარებს, რომ საზოგადოების
ყოფიერი კეთილდღეობა მორალურად მიუღებელი არაა.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც მიზესმა ტრადიციული ლიბერალიზმის
დოქტრინაში შეიტანა, ეს იყო ეკონომიკის კაპიტალისტურ წესრიგთან მისი
პირდაპირი დაკავშირება. ძველი ლიბერალიზმი, ძალიან ხშირად ბრწყინვალედ
იცავდა თავისუფალ სიტყვას და თავისუფალ პრესას, მაგრამ თითქმის
სრულებით უგულვებელყოფდა მის ყველა მნიშვნელოვან ეკონომიკურ
შემადგენელს.
მიზესის მიერ ლიბერალიზმისა და კაპიტალიზმის პირდაპირმა დაკავშირებამ,
დიდი წვლილი შეიტანა ლიბერალთა პოზიციის იმ ყალბი ფორმისაგან
გამიჯვნაში, რომელიც ამერიკასა და ევროპაში მანამდე არსებობდა. ეს
ყალთაბანდური ლიბერალიზმი აცხადებდა, რომ სამოქალაქო თავისუფლებები
და სოციალიზმი შესაძლოა თავსებადი ყოფილიყო.
მაგრამ მიზესი ამტკიცებდა, რომ თავისუფლება განუყოფელია. თუ
ხელისუფლება დიდი და საკმარისად ძლევამოსილია, რომ ვაჭრობის
თავისუფლება შეაჩეროს, დაბეჭდოს ფული, ან დააფინანსოს მასობრივი
საზოგადოებრივი სამუშაოები, იქ უკვე ერთი ნაბიჯია დარჩენილი, რომ მან
სიტყვისა და პრესის კონტროლი დაიწყოს და საერთშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტებში ჩაერთოს. საკუთრება
ლუდვიგ ფონ მიზესის ყველაზე ცნობილი ფრაზა, რომელმაც მსოფლიო
ინტელიგენცია ერთდროულად კიდეც გააოგნა და სულიც შთაბერა, იყო: “თუ
ლიბერაზმის პროგრამას ერთი სიტყვით გადმოვცემთ, ეს იქნება – საკუთრება”.
საკუთრებაში, მიზესი გულისხმობდა არა მარტო საზოგადოების ყველა დონეზე
კერძო საკუთრებას, არამედ თავად მესაკუთრეების მიერ მის კონ-
ტროლსაც.
ამ ერთი მოთხოვნით ცხადი ხდება, რომ საკუთრება და მასზე კონტროლი,
კერძო პირების ხელში უნდა იყოს, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ თუ რაოდენ
აუცილებელია, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვნად იყოს შეზღუდული. თუკი
ხელისუფლებას შეუძლია იმუშაოს მხოლოდ იმ რესურსების დახმარებით,
რომელსაც იგი სხვებისაგან იღებს, და თუკი ყველა რესურსი, კერძო პირების
და ჯგუფების საკუთრებასა და განაკრგულებაში იქნება – ხელისუფლება
შეზღუდულია.
თუკი კერძო საკუთრება დაცულია, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ
საზოგადოება ყველა სხვა საკითხში ასევე თავისუფალი და წარმატებულია.
საზოგადოებას არ შეუძლია მართოს საკუთარი თავი, თუკი საკუთრებას,
თავად მისი წევრები არ ფლობენ და განკარგავენ. ამის საპირისპიროდ, თუკი
საკუთრება ხელისუფლების ხელშია, მის მიერ საზოგადოების მართვა
კატასტროფული შედეგებით დამთავრდება.
თუკი კერძო საკუთრება მკაცრადაა დაცულია, ხელისუფლება ვერ
ისარგებლებს სოციალური კრიზისით, რომ გაზარდოს ძალაუფლება, როგორც
ამას იგი აკეთებს ომების, დეპრესიებისა და ბუნებრივი კატასტროფების დროს.
თავისუფლება

ლიბერალური საზოგადოების მეორე ბურჯი, როგორც მიზესი ამბობს, არის
თავისუფლება.
ანუ ადამიანები, არც ერთმანეთის მონები არიან და არც ხელისუფლების.
არამედ ისინი საკუთარ თავს განაგებენ და შეუძლიათ საკუთარი ინტერესების
დაკმაყოფილებას თავისუფლად ესწრაფონ მანამ, სანამ ისინი სხვისი
საკუთრების უფლებებს არ შელახავენ. მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება,
რომ მშრომელებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება, – მათ აქვთ
შესაძლებლობა კონტრაქტი ნებისმიერ დამქირავებელთან გააფორმონ, ან
თავად გახდნენ დამქირავებლები. საკუთრებისა და თავისუფლების შერწყმით, ადამიანებს შესწევთ ძალა და
უნარი, ყველა მნიშვნელოვანი თვისება გამოავლინონ და თავისი საკუთრება
დაიცვან. მე შემიძლია ჩემ საკუთრებასთან ახლოს არ მივუშვა სხვა, ისევე
როგორც მას შეუძლია არ მიმიშვას მე. არავინაა ვალდებული ივაჭროს ჩემთან,
და არც მე ვარ ვალდებული ვივაჭრო სხვასთან. ეს უარის, ანუ განზე
გადგომის უფლებაა და ის ზოგადად ვაჭრობის უფლებასთან ერთად,
სოციალური მშვიდობის გასაღებია. თუკი ჩვენ არ შეგვიძლია შევარჩიოთ ჩვენი
თანამშრომლობის ფორმა, ჩვენ არა ვართ თავისუფალნი.
გაერთიანებების თავისუფლების შეზღუდვამ, განსაკუთრებით ე.წ.
დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონების ფორმით, რისი საუკეთესო
მაგალითია ანტი-ტრესტული კანონმდებლობა, სოციალური წინააღმდეგობების
ზრდა გამოიწვია. ასეთი კანონები საზოგადოების კლასიკურ ლიბერალურ
ხედვას არ შეესაბამება. პროფესიული კავშირების მსგავსი ძალდატანებითი
გაერთიანებები, ასევე არ შეიძლება სასარგებლო იყოს, არც მასში მონაწილე
მხარეებისათვის, არც მთელი საზოგადოებისათვის.
ამ თემის ირგვლივ ყოველი მსჯელობა, აუცილებლად წინ წამოწევს
თანასწორობის საკითხს. აქ კიდევ ერთ გაუმჯობესებას ვხვდებით, რომელიც
მიზესმა, ლიბერალიზმის წინარე მოდელებთან შედარებით შემოიტანა.
ადრეული ლიბერალები ზედმეტად იყვნენ შეყვარებულნი თანასწორობის
იდეაზე, და არა მარტო იურიდიული გაგებით, არამედ რელურად
იმედოვნებდნენ და ძალისხმევას არ აკლებდნენ, რომ შეექმნათ საზოგადოება
კლასების გარეშე, რაც უაზრობად მოსჩანს.
როგორც მიზესმა ბრძანა “კაცობრიობის ყოველი ძალისხმევა, რომელიც
მიმართული იქნება ადამიანების გათანაბრებისაკენ – განწირულია. ადამიანები
არიან და ყოველთვის უთანასწორონი იქნებიან”. მისი მტკიცებით არ
შეიძლება, რომ ადამიანებს ერთნაირი სიმდიდრე, ან თუნდაც ერთნაირი
შესაძლებლობები მიეცეთ გამდიდრებისათვის. ყველაზე საუკეთესო, რაც
საზოგადოებამ თავის წევრებს შეუძლია გაუკეთოს ისაა, რომ დააწესოს
საურთიერთობო წესები, რომლებიც მის საზღვრებში იმოქმედებენ. ეს
კანონები, ხელისუფალთა ჩათვლით არავის გამოარჩევს.
მადლობა ღმერთს ყოველთვის იქნება მდიდარი, და ასევე ყოველთვის იქნება
ღარიბი. ეს მოსაზრებები, რა თქმა უნდა არ შემოიფარგლება, რომელიმე კერძო
საზოგადოებით და გარემოებებით, მაგრამ პოლიტიკის მხრიდან, სავსებით
უგულვებელყოფილია. საერთოდ კი, ადამიანური მოწყალების და არა
მთავრობის საქმეა, რომ იზრუნოს ღარიბებზე, და დაიცავს ისინი დემაგოგიური
პოლიტიკური კამპანიებისაგან, რომლებიც ძირითად თავისუფლებებს
ემუქრებიან. ლიბერალურ საზოგადოებაში ხელისუფლება არ ერევა ინდივიდების
ურთიერთობებში; არ ილტვის, რომ რაიმე ფორმით გადაანაწილოს არსებული
სიმდიდრე; არ ანიჭებს უპირატესობას, რომელიმე ცალკეულ რეგიონს ან
ტექნოლოგიურ ჯგუფს; არ ავლებს ზღვარს მშვიდობიან მანკიერებასა და
სიკეთეს შორის. ცენტრალური ხელისუფლება არანაირად არ მართავს
საზოგადოებას ან ეკონომიკას.

მშვიდობა
კლასიკური ლიბერალიზმის მესამე ბურჯი მშვიდობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ
ომისადმი მხოლოდ სიძულვილი შეიძლება არსებობდეს, და როცა ომი მაინც
იჩენს თავს, ის არ შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც გმირული მოვლენა, ის
ყველასათვის ტრაგიკული ფაქტია. ჩვენ ჯერ კიდევ ვისმენთ, თუ რაოდენ
კარგია ომი ეკონომიკისათვის. რენდოლფ ბურნე ამბობდა, რომ “ომი
სახელმწიფოს ჯანმრთელობაა”. თუმცა, იგი ყველგან და ყოველთვის
ფლანგავს და ანგრევს რესურსებს.
ასევეა იმპერია. ამერიკელები წინააღმდეგობას უწევდნენ გადამთიელი
საბჭოელების გამოჩენას თავიანთ ნახევარსფეროში. მაგრამ ჯერ კიდევ არავინ
დაფიქრებულა, თუ როგორ გრძნობენ იაპონელები თავს იაპონიაში, როდესაც
იქ ამერიკელთა დიდი სამხედრო დანაყოფები იმყოფებიან.
კი მაგრამ ეს ჯგუფები და გემები, თუ თვითმფრინავები და ატომური იარაღი
“იცავს” იაპონიას? ვისგან? არა, ჩვენ, უბრალოდ, ვაგრძელებთ ამ ქვეყნის
ოკუპაციას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
თუ გსურს რომ ადამიანის ნამდვილი ბუნება შეიცნო, დაივიწყე ის, რასაც იგი
საკუთარი თავის შესახებ ამბობს და დაუკვირდი მის დამოკიდებულებას, სხვა
ადამიანების მიმართ. ეს პრინციპი ხელისუფლების შემთხვევაშიც ამართლებს.
ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ მთავრობის განცხადებები, და მარტივად
შევხედოთ თუ როგორ ეპყრობა იგი სხვებს. კლასიკური ლიბერალური
სახელმწიფო ისაა, რომელიც იცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებას
ივაჭრონ უცხო ქვეყნებთან. ის არანაირ საერთაშორისო კონფლიქტს არაა
მოწყურებული. არც იმას მოითხოვს, რომ საკუთარი ქვეყნის წარმატებული
მწარმობლების პროდუქცია, ვინმემ ძალით შეიძინოს.
ნამდვილი ლიბერალური მთავრობის მესვეურნი სხვა ქვეყნის მთვრობებს
დახმარებებს არ უგზავნიან, არ ქრთამავენ, არ ატუსაღებენ, ან კლავენ მათ
მმართველებს. არ აძლევენ მითითებებს სხვა მთავრობებს, თუ როგორი
სახელმწიფო უნდა ჰქონდეთ, ან როგორ ჩაერთონ გლობალურ წესრიგში და
მსოფლიოში თავისი უფლებები გამოხატონ. თუმცა, სწორედ ამ ქმედებებს
მიმართავს აშშ 1930წლიდან მოყოლებული. ჩვენი მმართველები ფიქრობენ,
რომ მათ აუცილებლად უნდა მოქრთამონ, ან დაბომბონ ვინმე, ან ეს ორივე
ერთდროულად გააკეთონ. სხვა შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ღრმა
იზოლაციონიზმში ჩავვარდეთ.
ჯონათან ქვითნიმ, ამერიკის საგარეო პოლიტიკა ასეთნაირად დაახასიათა _
იგი გვთხოვს წარმოვიდგინოთ, რომ ყოველ რამოდენიმე თვეში ჩვენ სეირნობას
ვიწყებთ კორპუსებში და ვაკაკუნებთ ყოველ კარზე. ერთ სახლთან ჩვენ
მეზობელს ვუცხადებთ ”მე შენ მომწონხარ, ინებე 1000 დოლარი”.
შემდეგ კართან, ჩვენ იგივეს ვაკეთებთ. მაგრამ მესამე სახლთან ჩვენ ვამბობთ
”მე შენ არ მომწონხარ, მე შენ არ დაგეხმარები”. შემდეგ ჩვენ მოსაცმელიდან
ვიღებთ იარაღს და მას და მის ოჯახს ვხვრეტთ.
ასე დავუყვებით სახლებს, ყოველ რამოდენიმე თვეში, ვურიგებთ რა ფულს
ზოგიერთს, ზოგიერთს კი – სიკვდილს, ხოლო გადაწყვეტილებებს არა რაიმე
წესის, არამედ იმ დროისათვის ჩვენი ინტერესებისდა მიხედვით ვიღებთ”.
ჩემი აზრით, მაინცადამაინც პოპულარულნი არ უნდა ვიყოთ. შეიძლება
დაფიქრდე იმაზე, რომ შემდეგში შენ შეიძლება ნახო “ანტი-ამერიკული”
გამოსვლა ტელევიზიით. მისი მონაწილე ხალხი შეიძლება იღებდეს კიდეც ჩვენ
დახმარებას, მაგრამ ისინი აგრეთვე შეიძლება ფიქრობდნენ, რომ შეიძლება
აღმოჩნდნენ ჩვენი “გულისხმიერი” ჩარევის მორიგი ობიექტები: ერაყის,
ჰაიტის, სომალის შემდეგ.
კლასიკური ლიბერალიზმისათვის საერთაშორისო პოლიტიკა, სულაც არ არის
უცხო. ის შეიძლება გამოიხატოს ჯორჯ ვაშინგტონის სიტყვებით, “ვაჭრობა
ყველასთან, მაგრამ ძალმომრეობა – არავის მიმართ”.
დაბრუნება ანუ ხელახლა დამკვიდრება
ეს სამი ელემენტი – საკუთრება, თავისუფლება და მშვიდობა – ლიბერალიზმის
პროგრამის საფუძველს წარმოადგენს. ისინი იმ ფილოსოფიის ბირთვს
წარმოადგენენ, რომელმაც შეიძლება, ჩვენი დაკარგული სოციალური
სტაბილურობა და კეთილდღეობა აღადგინოს.
მე, აქ ლიბერალიზმის პროგრამის მხოლოდ ზედაპირული მიმოხილვა
გავაკეთე. ძალიან ბევრია სათქმელი მონეტარულ პოლიტიკაზე, სავაჭრო
ხელშეკრულებებზე, სოციალური დაზღვევის სქემებზე და ასე შემდეგ. მაგრამ
თუკი, ჩვენი პოლიტიკური კლასი გაიგებს თავისუფლების, საკუთრებისა და
მშვიდობის არსს, ჩვენ თავს გაცილებით კარგად ვიგრძნობთ, და მე უფრო
მყარად ვიქნები დარწმუნებული იმაში, რომ შემდეგი თაობა, რომელიც ჩვენი
ქვეყნის დედაქალაქში, ვაშინგტონში მოვა, თვალყურს მიადევნებს და
მოუფრთხილდება ამ ჯილდოს – თავისუფლებას.
“ლიბერალიზმი” _ წერდა მიზესი, “ცდილობს მისცეს ადამიანებს, მხოლოდ
ერთი რამ, მშვიდობიანი, შეუზღუდავი სწრაფვა ყოფიერი კეთილდღეობისაკენ,
დაიცვას ისინი გარე საფრთხისაგან და ტანჯვისაგან, სოციალური
ინსტიტუტებს შესაძლებლობების ფარგლებში. შეამციროს მწუხარება და
გაიზარდოს ბედნიერება, ეს არის მისი მიზანი”.
იმუშავებს კი კლასიკური ლიბერალიზმი ჩვენს დროში? დაფიქრდით
დღევანდელი საზოგადოების საკამათო საკითხებზე. სადღეისოდ ცხოვრების
ნებისმიერი სფერო, რომელშიც ჩართულია ადამიანი, სახელმწიფოს ჩარევის
რომელიმე ფორმითაა შეზღუდული. დღევანდელი კონფლიქტები, ერთადერთი
სურვილის გარშემოა თავმოყრილი, რომ ერთმა, მეორის საკუთრება
რამენაირად ხელში ჩაიგდოს და ამისათვის პოლიტიკური ძალადობრივი
მეთოდები გამოყენოს. იქნება კი ჩვენი საზოგადოება უფრო მშვიდობიანი და
წარმატებული, თუკი იგი ლიბერალურ პროგრამას ამოირჩევს? ეს კითხვა ამ
შემთხვევაში თავისთავს პასუხობს.
ახლა კი უკან მივუბრუნდეთ ჩემს ოცნებას. მე არ ვიცი და არც მაინტერსებს
საპრეზიდენტო პოლიტიკური კამპანიები, რადგან ისინი არაფერს ნიშნავენ.
ჩემი თავისუფლება და საკუთრება იმდენად დაცულია, რომ გულახდილი თუ
ვიქნები, არა აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს. მაგრამ იმისათვის, რომ ამ
მიზანს მივაღწიოთ, არცერთ ჩვენთაგანს არ შეუძლია თავი აარიდოს ჩვენი
დროის პოლიტიკურ, ან ინტელექტუალურ ბატალიებს. ერთხელაც იქნება, ამ
ქვეყანაში კლასიკური ლიბერალიზმის ხედვა ხელახლა დაფუძნდება, მე
მჯერა, ეს შესაძლებელია და ასეც იქნება, ჩვენ არ გვაქვს დასვენების უფლება.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s