რა დამართა მთავრობამ ჩვენს ოჯახებს?

family_a3c62e04e24b7ca250d9d989c9b1e109

ალან კარლსონი

ილიონისის შტატში ქ. როკფორდის ჰოვარდის ცენტრის პრეზიდენტი. მიზესის ინსტიტუტის მოწვეული სწავლული

გამოქვეყნდა 2003 წელს

რას ერჩის მთავრობა ჩვენს ოჯახებს?

ის, რაც შვედურ ოჯახებსა და მათ ბავშვებს დაემართათ, ლუდვიგ ფონ მიზესის ნათქვამის ჭეშმარიტებას ადასტურებს – კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის „არავითარი კომპრომისი“ არ შეიძლება არსებობდეს. ამჯერად გიჩვენებთ, რატომ არის, რომ სახელმწიფო სოცუზრუნველყოფის ზრდა შეიძლება „მარჩენალის“ ფუნქციების მქონე ოჯახის წევრებიდან სახელმწიფო მოხელეებზე გადატანად განვიხილოთ. ეს პროცესი შვედეთში XIX საუკუნეში დაიწყო, როდესაც სახელმწიფომ სავალდებულო სასკოლო განათლების, ბავშვთა შრომისა და ხანდაზმულობის სახელმწიფო პენსიების შესახებ კანონმდებლობების შემოღებით ბავშვები სახელმწიფოს საკუთრებად აქცია. ამ რეფორმებმა ის ტენდენცია წარმოშვა, რომ შვედურ ოჯახს თითოოროლა ბავშვი თუ ჰყავდა და უშვილო ოჯახებიც გახშირდა, რასაც, თავის მხრივ, „მოსახლეობის კრიზისი“ მოჰყვა. ამით ისარგებლეს სოციალდემოკრატებმა გუნარ და ალვა მირდალებმა და 1930-იან წლებში ბავშვთა აღზრდის სრულ სოციალიზაციას დაუჭირეს მხარი. მათი „საოჯახო პოლიტიკის შედეგად“, რომელიც მომდევნო ორმოცი წლის მანძილზე ხორციელდებოდა, შვედური ავტონომიური ოჯახი ფაქტობრივად მოისპო და მას სახელმწიფოზე „დამოკიდებული საზოგადოება“ ჩაენაცვლა, სადაც მოქალაქეები სახელმწიფო მოხელეებზე არიან დამოკიდებული.

ახლა შვედეთი სახელმწიფო შემწეობების ხაფანგიდან თავის დაღწევას ცდილობს, მაგრამ ბავშვების ნაციონალიზაციის მხარდაჭერამ შეერთებულ შტატებში იჩინა თავი.

თავის მოკლე ნაშრომში – „ბიუროკრატია“ – ლუდვიგ ფონ მიზესი აღნიშნავს, რომ თანამედროვე სოციალიზმს „ადამიანი დაბადებიდან სიკვდილამდე მარწუხებში ჰყავს მოქცეული“, ხოლო „ბავშვები და მოზარდები სახელმწიფო კონტროლის ყოვლისმომცველი მექანიზმის საიმედო შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ“. სხვა კონტექსტში ის „კაპიტალზმსა“ და „სოციალიზმს“ ერთმანეთს უპირისპირებს და ასკვნის: „ამ ორ სისტემას შორის კომპრომისი შეუძლებელია. ის გავრცელებული მოსაზრება, თითქოს შუალედური სისტემაც არსებობდეს, მცდარია; ვერავითარი მესამე სისტემა ვერ იქნება მტკიცე სოციალური წყობის მოდელი.“ ჩემი მოსაზრებები ამ თეორიის სამართლიანობას ეხება და იმ დაკვირვებებზეა აგებული, რაც თანამედროვე შვედეთის ტიპურ „შუალედურ“ სახელმწიფოში ოჯახისა და ბავშვების მაგალითზე დავინახე.

ის, რაც შვედეთში გვხვდება ლოიალობის კერის თვალსაზრისით, სახელმწიფოს მთავარი მეტოქის, ოჯახის წინააღმდეგ მიმართული ბიუროკრატიული მანიპულაციის კლასიკური შემთხვევაა. როდესაც სახელმწიფოსა და ოჯახს შორის მეტოქეობაზეა საუბარი, უნდა გვახსოვდეს, რომ „მარჩენალის“ აუცილებლობის საფუძველი ყველა საზოგადოებაში მუდმივად არსებობს. ნებისმიერ საზოგადოებაში არიან ყმაწვილები, ბავშვები, მოხუცებულები, უნარშეზღუდულები და მძიმე ავადმყოფები. ამ ხალხს საკუთარი თავის მოვლა არ შეუძლიათ. სხვების დახმარების გარეშე ისინი ვერ იარსებებენ. ყველა საზოგადოებაში უნდა არსებობდეს მათზე ზრუნვის მექანიზმი. თავისუფალ ქვეყნებში ასეთი „უმწეო“ ადამიანების დაცვასა და მოვლას ოჯახის ბუნებრივი ინსტიტუტი უზრუნველყოფს (თემებისა და ნებაყოფლობითი ორგანიზაციების დახმარებით). უნდა ითქვას, რომ წმინდა სოციალისტური პრინციპი – თითოეულისგან უნარის მიხედვით, თითოეულს მოთხოვნილების მიხედვით – მხოლოდ ავტონომიურ ოჯახში მოქმედებს, ამასთან, მხოლოდ და მხოლოდ ოჯახში.

შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო სოცუზრუნველყოფის ზრდა „მარჩენალის“ ფუნქციის გადაცემაა ოჯახიდან სახელმწიფოზე, სისხლის ნათესავებიდან, ქორწინებით შეკავშირებული ან შვილად აყვანილი ადამიანებიდან სახელმწიფო მოხელეებზე. ეს პროცესი შვედეთში XIX საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო იმ ბიუროკრატიული პროექტების გზით, რომელიც მშობლებსა და ბავშვებს შორის კავშირის მოშლას ემსახურებოდა. ბავშვებზე სახელმწიფო კონტროლის დაწესება 1840-იან წლებში კლასიკური გზით – სავალდებულო სასკოლო განათლების კანონის შემოღებით დაიწყო. მართალია, ამას ცოდნის ამაღლებისა და ხალხის კეთილდღეობისთვის გატარებული ღონისძიების სახელით ამართლებდნენ, მაგრამ უფრო მეტად ბავშვების ნაციონალიზაციისკენ იყო მიმართული იმ მოსაზრებით, რომ სახელმწიფო ფუნქციონერებმა (შვედეთის სამეფო ბიუროკრატიამ) უკეთ იცოდნენ, როდის რა უნდა ეკეთებინათ ბავშვებს და, რომ მშობლები ვერ ან არ დაიცავდნენ შვილებს ექსპლუატაციისგან.

მეორე ნაბიჯი 1912 წლის კანონმდებლობა იყო, რითაც ეფექტიანად აიკრძალა ბავშვების მუშაობა ქარხნებში და, გარკვეულწილად, ფერმებშიც. კვლავ იგულისხმებოდა, რომ სახელმწიფო სოცუზრუნველყოფის მუშაკებმა უკეთ იცოდნენ, როგორ უნდა განაწილებულიყო ბავშვების დრო და ბავშვების მიმართ ისინი უფრო გულმოწყალენი იყვნენ ან იქნებოდნენ, ვიდრე მშობლები.

საბოლოო ნაბიჯი შვედეთის მთავრობის მიერ იმავე პერიოდში ამოქმედებული მოხუცებულობისა და ხანდაზმულობის პენსიების პროგრამები იყო, რაც მალე საყოველთაო გახდა. ამჯერად ეს კიდევ ერთი ფუნქციის, „ღრმა მოხუცებულებისა“ და „უმწეოების“ მარჩენალის ფუნქციის ნაციონალიზაციას გულისხმობდა. საუკუნეების მანძილზე მოხუცებზე ზრუნვა ოჯახის საქმე იყო. ამიერიდან კი ეს სახელმწიფოს საზრუნავი ხდებოდა. ყველა ეს რეფორმა საბოლოოდ ბავშვების ეკონომიკური ღირებულების ნაციონალიზაციას ემსახურებოდა. ოჯახს ნატურალური მეურნეობა და მშობლებს საკუთარი შვილებით სარგებლობის საშუალება მოუსპეს როგორც ოჯახურ საწარმოში მუშაობის, ისე მოხუცებულობის ასაკში „სოციალური უზრუნველყოფის“ თვალსაზრისით. ბავშვების აღზრდის ხარჯები ისევ მშობლების გადასახდელი დარჩა, ის ეკონომიკური მოგება კი, რასაც თვითონ ბავშვი წარმოადგენს, „საზოგადოებამ“, ანუ ბიუროკრატიულმა სახელმწიფომ მიიტაცა. „გარი ბეკერის სკოლის“ ეკონომისტის სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი რეფორმების ფონზე ბავშვების შემცირების ტენდენცია იყო მოსალოდნელი. ასეც მოხდა. 1800-იანი წლების დასასრულიდან შვედეთში შობადობა სწრაფად შემცირდა; 1935 წლისთვის მსოფლიოში ყველაზე დაბალი შობადობის დონე იქ იყო – ნულოვანი ზრდის დონეზე დაბალი (შობადობა სიკვდილიანობაზე ნაკლები იყო), როდესაც თაობების ჩანაცვლება ძლივს ხერხდებოდა.

მოსახლეობის დემოგრაფიული ცვლილების სტანდარტული თეორია დიდი ხანია ამტკიცებს, რომ შობადობის ასეთი კლება თანამედროვე ინდუსტრიალიზაციის გარდაუვალი შედეგია: კაპიტალისტური ეკონომიკა ტრადიციული ოჯახური კავშირების რღვევას იწვევს. მართალია, ტრადიციული ოჯახის სტრუქტურა ინდუსტრიულ საზოგადოებაში ახალი სახის წინააღმდეგობათა წინაშე დგას, მაგრამ უფრო უახლესი თეორია ამტკიცებს, რომ, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ზრდა უფრო დიდ პრობლემას წარმოშობს.

პრინსტონის უნივერსიტეტის დემოგრაფი ნორმან რაიდერი სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების განხილვისას შობადობის კლების მთავარ მიზეზად სახელმწიფო განათლების მასობრივ დანერგვას მიიჩნევს. „განათლება დამღუპველ გავლენას ახდენს ახალგაზრდა თაობაზე,“ ამბობს ის. „პოლიტიკური ორგანიზაციები, მაგალითად, ეკონომიკური ორგანიზაციები, ლოიალობას მოითხოვენ და ცდილობენ ოჯახისადმი განსაკუთრებული ერთგულება ჩაახშონ. ოჯახსა და სახელმწიფოს შორის ბრძოლა მიმდინარეობს ბავშვის გონების დასაპყრობად“. ამ ბრძოლაში „მთავარი იარაღის“ ფუნქციას სავალდებულო სახელმწიფო სკოლა ასრულებს, სადაც „მშობლებისგან მოშორებით, ბავშვებს პირდაპირ მოქალაქეობას ასწავლიან“. რაიდერი ამტკიცებს, რომ შვედეთის მაგალითი საყოველთაო ფაქტია. ის იმასაც ამბობს, რომ მშობლებს სავალდებულო განათლება ბავშვების აღზრდის ხარჯებს უზრდის, მათი შრომის გამოყენების საშუალებას კი ართმევს, რითაც მათ ეკონომიკურ ღირებულებას ამცირებს. გარდა ამისა, სოცუზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემა ოჯახში თაობებს შორის არსებულ ბუნებრივ კავშირებს სხვა გზითაც სპობს, რის შედეგადაც ოჯახის მაგივრად ლოიალობის ახალ და მთავარ კერად სახელმწიფო რჩება.

ეროვნულმა ოჯახურმა სისტემამ დროთა განმავლობაში შესაძლოა რეპროდუქციის ერთიან „ცოლქმრულ“ ბირთვთან დაკავშირებით რეორგანიზაცია განიცადოს; მაშინ დამოუკიდებლობის ეს საფუძველიც თანდათან გაქრება. რაიდერი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ჩარევის შედეგად შობადობა პროგრესულად კლებულობს და მთავრობაზე დამოკიდებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მარტოდმარტო რჩებიან.

სოციალური მოწყობის ასეთი მოდელისთვის დამახასიათებელ წინააღმდეგობაზე შვედეთში 1930-იანი წლების დასაწყისში ალაპარაკდნენ. როდესაც შობადობა ნულოვანი ზრდის დონეზე ქვემოთ ჩამოვიდა, შვედი კონსერვატორები „გადაშენების საფრთხემ“ და ბავშვების „გაუჩინარებამ“ შეაშფოთა. ზოგიერთები ამტკიცებდნენ, რომ მთავარი პრობლემა სულიერი ნგრევა, ანუ ქრისტიანობის დაკნინება და მატერიალურისკენ, პირადი კეთილდღეობისკენ სწრაფვა იყო. ვერავინ, ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ ხედავდა, რომ პრობლემას ბოლო 90 წლის განმავლობაში მოქმედი საგანმანათლებლო და სოციალური კანონმდებლობა ქმნიდა. ამგვარად, როდესაც შვედეთში „მოსახლეობის კრიზისმა“ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, დემაგოგიასა და ექსპლუატაციას გაეხსნა გზა.

ამ ვითარებაში გამოჩნდა ორი ახალგაზრდა შვედი სოციოლოგი – გუნერ მირდალი და მისი ცოლი ალვა მირდალი. ვიდრე იმ საკითხზე გადავიდოდე, თუ როგორ ისარგებლეს მათ შექმნილი ვითარებით და როგორ ბოროტად გამოიყენეს მოსახლეობის კრიზისის საკითხი, ნება მომეცით, ცოტაოდენი რამ მოგითხროთ მათი ბიოგრაფიის შესახებ და იმ მიმდინარეობაზე, რამაც მათ მუშაობაზე მოახდინა გავლენა.

ბიუროკრატიულ პატერნალიზმს შევედეთში დიდი ხნის ისტორია ჰქონდა, რასაც XVI საუკუნის დასაწყისის ვასათა დინასტიის სახელმწიფო აპარატში ჩაეყარა საფუძველი და 1540-იან წლებში პროგრესი განიცადა, როდესაც ნილს დაკეს წარუმატებელი აჯანყების შემდეგ რეგიონული ავტონომია დაემხო. მირდალები ერთგვარ სიახლეს, „თვითონ XX საუკუნეს“ წარმოადგენდნენ. ისინი სოციოლოგები იყვნენ – აკადემიური ინტელექტუალები – და ახალი ტიპის სახელმწიფოს ემსახურებოდნენ. როგორც თვითონ ალვა მირდალი ამბობს: „პოლიტიკა [ახლა]… ლოგიკასა და ტექნოლოგიების ცოდნას ეყრდნობა, ამიტომ, იძულებულია, არსებითად, კონსტრუქციულ სოციალურ ინჟინერიად იქცეს.“

მართალია, ჩვენ, ამერიკელებს გამუდმებით გვესმის კომენტარები „შვედური მოდელის“ კეთილგონივრულობაზე, მაგრამ საინტერესოა აღინიშნოს რამდენად ეყრდნობა ახალი შვედური საყოველთაო სახელმწიფო კეთილდღეობა ამერიკულ ექსპერიმენტებს. მირდალებმა 1929-30 აკადემიური წელი („პროგრესული ეპოქის“ უღიმღამო თვეები) შეერთებულ შტატებში გაატარეს ლორა სპელმან როკფელერის ფონდის დაფინანსებით. ამ პერიოდში ალვა მირდალი ეგრეთ წოდებული „ჩიკაგოს სოციოლოგიური სკოლის“ გავლენის ქვეშ მოექცა. კერძოდ, მასზე დიდი გავლენა მოახდინა უილიამ ოგბურნის მოსაზრებამ, რომ სახელმწიფო და სკოლა აშკარად ოჯახის ხარჯზე გაიზარდა, და რომ ოჯახი „ფუნქციის დაკარგვის“ საფრთხის წინაშე იდგა, რადგან მისი ისტორიული აუცილებლობა პიროვნებისადმი ექსკლუზიურმა დამოკიდებულებამ შეცვალა. ალვა მირდალი დიდ დროს ატარებდა აგრეთვე კოლუმბიის უნივერსიტეტის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტსა და როკფელერის ფონდის გრანტებით დაფინანსებულ ექსპერიმენტულ სკოლამდელ დაწესებულებებსა და ბავშვთა სახლებში, ბავშვთა სოციალური აღზრდის სანიმუშო დაწესებულებებში, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე.

გუნარ მირდალმა კოლუმბიასა და ჩიკაგოს უნივერსიტეტში მუშაობისას გააცნობიერა, რომ შვედეთში „მოსახლეობის კრიზისთან“ დაკავშირებით წარმოშობილ დებატებში უზარმაზარი პოლიტიკური პოტენციალი ჩანდა.

1932 წელს ავანგარდულ შვედურ ჟურნალ „სპექტრუმში“ (შპეკტრუმ) გამოქვეყნებულ სტატიაში – „სოციალური პოლიტიკის დილემა“ – გუნარ მირდალი საჭირო პოლიტიკურ ბერკეტს შეეხო. მან ევროპაში 1914 წლამდე არსებულ „ლიბერალურ სოციალიზმსა“ და „სოციალისტურ ლიბერალიზმს“ შორის კომპრომისის ძიება დაიწყო. ის ამბობდა, რომ ასეთი სტრუქტურების პირობებში XIX საუკუნის ლიბერალიზმმა მალთუზიურ პესიმიზმსა და თავისუფალი ბაზრის დოგმატიზმს თავი ანება და ნაცვლად ამისა, მუშების დასაცავად რეფორმების აუცილებლობაზე ალაპარაკდა; ამ დროს სოციალისტებმა რევოლუციის მიზნებსა და საკუთრების მასიურ ხელახალ გადანაწილებას უკვე თავი ანებეს, რაც გულისხმობდა, რომ მუშათა კლასის დასახმარებლად გადადგმული ნაბიჯებით დაკმაყოფილდნენ.

მაგრამ ეს კომპრომისი მსოფლიო ომმა შეარყია. მირდალი ამბობდა, ახლა კლასიკური ლიბერალიზმი მოკვდა და მისი მომხრეები გაიფანტნენო. ამავე დროს, ის ამტკიცებდა, რომ მუშათა მოძრაობის რერადიკალიზაცია და ახალი ტიპის სოციალური პოლიტიკის ძიება იყო საჭირო. მისი განცხადებით, ძველი კომპრომისის პირობებში სიმპტომებზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა არსებობდა, რაც ღარიბებისა და უმწეოების დახმარებას ემსახურებოდა, ახალი სოციალური პოლიტიკა კი პრევენციული ხასიათის უნდა ყოფილიყო. ახლა, სოციოლოგებს თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიების გამოყენებით სახელმწიფოს საშუალებით შეეძლოთ სოციალური პათოლოგიების თავიდან აცილება. როგორც ის ამბობდა, როდესაც პრევენციული სოციალური პოლიტიკა ადამიანზე ორიენტირებულ ღირებულ მოძღვრებასა და რაციონალურ მეცნიერებას ეყრდნობა, „ბუნებრივად ერთიან“ ტექნიკურად სწორ და პოლიტიკურად რადიკალურ გადაწყვეტილებას ვღებულობთ. კერძოდ, მირდალი აღნიშნავდა, რომ შვედეთის მოსახლეობის კრიზისი რაციონალურ სოციოლოგიურ აზრს ეფექტიანი და რადიკალური იდეების წარმოშობის შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს მხრიდან იძულებითი ცვლილებისთვისო.

მირდალებმა ეს პროგრამა 1934 წლის ბესტსელერში – „Crisis in the Population Question“ – დააკონკრეტეს. ეს არის ბრწყინვალედ არგუმენტირებული გამოცემა, რომელმაც არსებითად შეცვალა შვედეთი. იმ დროს, როდესაც შვედი კონსერვატორები შეშფოთებას გამოთქვამდნენ სექსუალური ამორალობის გამო, მირდალები პირდაპირ მიუთითებდნენ იმ წინააღმდეგობაზე, რასაც სახელმწიფოს არასრულყოფილი სოცუზრუნველყოფა ქმნიდა. მათი თქმით, მთავრობის ადრინდელმა ღონისძიებებმა, მაგალითად, სავალდებულო სასკოლო განათლებამ, ბავშვთა შრომის აკრძალვამ, ხანდაზმულობის სახელმწიფო პენსიამ, მშობლებისთვის ბავშვებს ღირებულება დაუკარგა, მათი აღზრდის ხარჯები კი ისევ ოჯახს დაუტოვა. ამის გამო, სიღატაკის მთავარ მიზეზად ბავშვები იქცნენ. თუ სახელმწიფო სტრატეგიას გავითვალისწინებთ, იმ ადამიანებს, ვისაც ბავშვების სახით ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდა ერის გადარჩენის საქმეში, სიღატაკე, უვარგისი საბინაო პირობები, ცუდი კვება და შეზღუდული შვებულების პრობლემა ელოდა. ახალგაზრდა წყვილები ნებაყოფლობითი არჩევანის წინაშე იდგნენ – ბავშვები ჰყოლოდათ და სიღატაკეში ეცხოვრათ, თუ ბავშვები არ ჰყოლოდათ და უკეთ ეცხოვრათ. სახელმწიფო შემწეობათა სისტემის გამოისობით, მოზრდილ ახალგაზრდებს პენსიონერები და უმწეოებიც უნდა ერჩინათ და ის ბავშვებიც, რომლებსაც თვითონ აჩუქეს სიცოცხლე. ამხელა ტვირთის ზიდვას, მათ ბავშვების რიცხვის შემცირება არჩიეს, რადგან ეს ერთადერთი რამ იყო, რის გაკონტროლებაც თვითონ შეეძლოთ. სწორედ ამის გამო იყო, რომ შვედეთის მოსახლეობა შემცირდა და ერს გადაშენების საფრთხე დაემუქრა.

მირდალების თანახმად, მხოლოდ ორი ალტერნატივა არსებობდა. პირველი, ოჯახის ავტონომიის აღდგენის მიზნით სახელმწიფო სკოლების დაშლას, ბავშვთა შრომის კანონებისა და მოხუცებულობის სახელმწიფო პენსიების გაუქმებას გულისხმობდა, რაზედაც, მათი აზრით, „საუბარიც არ ღირდა”. მეორე და ერთადერთი პრაქტიკული ალტერნატივა კი სახელმწიფო სოცუზრუნველყოფის სრულყოფა და ბავშვების დაბადებისა და აღზრდის თითქმის მთელი ხარჯების ნაციონალიზაცია იყო, რაც მათთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას გადაჭრიდა. რეალურად ისინი ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფოს წინარე ჩარევით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფოს უფრო სრული ჩარევა იყო საჭირო.

ეს კი ახალი სახის შემწეობებს გულისხმობდა: „ეს პრევენციულ სოციალურ პოლიტიკას გულისხმობს, რომლის ძირითადი მიზანი ადამიანური რესურსის ხარისხის გაუმჯობესება და, ამავე დროს, რადიკალური ხელახალი გადანაწილების პოლიტიკის გატარებაა, რაც ბავშვების შენახვის ტვირთს მნიშვნელოვანწილად მთელი საზოგადოების საზრუნავად აქცევს.“ ასეთი უფლება სახელმწიფო ბიუროკრატიას ადრე არასდროს გამოუყენებია. თვითონ სიტყვა „პრევენციული“ პოლიტიკა ისე ჟღერდა, რომ დახმარებებს, უსაფრთხოებასა და კონტროლს ყველა შვედური ოჯახი კარს უღებდა. არავინ იცოდა სად შეიძლებოდა პრობლემა წარმოქმნილიყო: ამიტომ, ბიუროკრატიული ჩარევის უნივერსალური ღონისძიებები უნდა გაეტარებინათ, რომ პრევენცია რეალობად ქცეულიყო.

ამას მირდალები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ: „ამით მოსახლეობის საკითხი საზოგადოების ღრმა და რადიკალური სოციალისტური გარდაქმნის ყველაზე ეფექტიან არგუმნეტად იქცევა.“ სხვაგვარად ერს მხოლოდ გადაშენება ელისო, ამბობდნენ ისინი.

მათი პროგრამა საყოველთაო სახელმწიფო შემწეობებს მოიცავდა, მათ შორის: ბავშვთა ჩაცმადახურვას, ჯანმრთელობის დაცვას, საბავშვო ბაღებს, სახელმწიფო საზაფხულო ბანაკებს, სკოლაში უფასო საუზმეს, სახელმწიფო დაფინანსების საცხოვრებელ სახლებს, ბავშვის დაბადებისას სხვადასხვა ხარჯების დაფარვას, საქორწინო სესხებს, ფეხმძიმეთა და მშობიარეთა სახელმწიფო მომსახურების გაფართოებას, ცენტრალიზებულ ეკონომიკურ დაგეგმვას და ა.შ. სინამდვილეში ეს ყველაფერი ხარჯების ნაციონალიზაციას ისახავდა მიზნად და ყველა ოჯახს რაციონალურად განსაზღვრული, ერთგვაროვანი სახელმწიფო მომსახურებით უზრუნველყოფდა, რასაც სახელმწიფოს მიერ დასაქმებული პირები ემსახურებოდნენ და მდიდრებსა და უშვილოებზე დაკისრებული გადასახადებით ფინანსდებოდა.

მათი პროგრამის შესახებ ხშირად გაისმოდა, რომ ის ოჯახს საფრთხეს უქმნისო, რაზედაც ისინი მათთვის დამახასიათებელ ბუნდოვან პასუხს იძლეოდნენ. „ახლანდელი პატარა ოჯახი ერთგვარ… პათოლოგიურ მოვლენას წარმოადგენს,” ამბობდნენ მირდალები. „ძველი იდეალები იმ თაობასთან ერთად უნდა გაქრეს, რომელიც მათ ეყრდნობოდა.“

თავისუფლებისა და ოჯახური ავტონომიის მოთხოვნამ საყოველთაო მწვავე რეაქცია გამოიწვია. მირდალები აცხადებდნენ, რომ მშობლების „ვერაგული ინდივიდუალლისტური სურვილი”, რომ საკუთარი შვილების აღზრდის „უფლება ჰქონდეთ“, არაჯანსაღიაო: „…მათი უმრავლესობის მოსაწყენი პათოსი, რითაც „პიროვნების თავისუფლებისა“ და „საკუთარ ოჯახზე პასუხისმგებლობის“ იდეას იცავენ, უმეტესად სადისტურ მიზანს ემსახურება, რომ ეს „თავისუფლება“ უსაზღვრო და უკონტროლო უფლებებად აქციონ და სხვებზე იბატონონო.

საერთაშორისო თანამეგობრული საზოგადოებისთვის მომზადებული ბავშვები რომ აღვზარდოთ, „ისინი ჩვენგან შორს უნდა გავუშვათ” და მათი მოვლაპატრონობა სახელმწიფო დიპლომის მქონე სპეციალისტებს უნდა მივანდოთო, აცხადებდნენ ისინი. რასაკვირველია, სახელმწიფო კონტროლირებადი კოლექტიური საბავშვო სახლები უფრო უკეთ ემსახურებოდა სოციალური კლასების აღმოფხვრას და ეკონომიკურ დემოკრატიაზე დაფუძნებული საზოგადოების აშენებას, ვიდრე პათოლოგიურად პატარა ოჯახები.

მირდალების მიერ მომზადებული 1935-1975 წლების მომცველი საშინაო პროგრამა შვედეთის საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა. შვედი ხალხის შეუპოვარი წინააღმდეგობისა და შეზღუდული ბიუჯეტის გამო აღნიშნული გეგმა 1935-38, 1944-48 და 1965-1973 წლებშის წყვეტილ პერიოდებად ხორციელდებოდა და სრულად არ განხორციელებულა.

რა კონკრეტული შედეგები მოჰყვა ამას? რაკი სახელმწიფო დეკრეტმა ოჯახს ყველა ფუნქცია წაართვა – რეპროდუქციის, სოციალური უზრუნველყოფის, შემწეობის და მეტწილად მომხმარებლისაც, ამიტომ, გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, რომ ძალიან ცოტა შვედს თუ სურდა ოჯახში ცხოვრება. ქორწინებათა რაოდენობის დონე თანამედროვე ქვეყნებთან შედარებით რეკორდულად დაბალი იყო, მარტო მცხოვრებ მოზარდთა რიცხვი კი ძალიან მაღალი. მაგალითად, 1980-იანი წლების შუახანებში სტოკჰოლმის მოსახლეობის ორი მესამედი ერთსულიან ოჯახს შეადგენდა. იმის გამო, რომ ბავშვების ხარჯებისა და შემწეობების სრული ნაციონალიზაცია განხორციელდა და იმის გამო, რომ კანონით განზრახ იკრძალებოდა ქორწინებიდან რაიმე ეკონომიკური სარგებელის მიღება, ბავშვების ყოლა ქორწინებასთან აღარ იყო დაკავშირებული: 1990 წლისთვის შვედეთში ახალშობილთა ნახევარზე მეტი ქორწინების გარეშე იბადებოდა.

სახელმწიფო შემწეობის „უფლებით“ ბავშვებიც სარგებლობდნენ, რაც დიდ პაკეტს შეადგენდა: უფასო სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურება; უამრავი იაფი სახელმწიფო ტრანსპორტი, უფასო კვება; უფასო განათლება; უფასო „ბავშვთა ადვოკატებიც“ კი არსებობდნენ, რომ საქმეში ჩარეულიყვნენ, თუკი მშობლები ზღვარს გადააბიჯებდნენ. „ოჯახი“ აღარც ბავშვებს არ სჭირდებოდა – ახლა მათი ნამდვილი მშობელი სახელმწიფო იყო.

რუტგერსის უნივერსიტეტის სოციოლოგი დევიდ პოპონოუ აცხადებს, რომ ცნება „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო“ აღარ შეესაბამება ისეთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანი მთლიანად მთავრობაზეა დამოკიდებული. ამის ნაცვლად ის „მომხმარებელთა საზოგადოებას“ უწოდებს ისეთ ქვეყანას, „სადაც მოქალაქეთა უმრავლესობას სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ემსახურებიან, რომლებიც მათზე მთელი სიცოცხლის მანძილზე ზრუნავენ“.

შვედეთში ხანშიშესული ადამიანები შვილების პოტენციური მარჩენალობისგან „თავისუფლდებიან“; ყმაწვილები, პატარა ბავშვები და თინეიჯერები – მშობლების მოვლაპატრონობისგან, უფროსი ასაკის ადამიანები – ბიოლოგიური მშობლებისა და შვილების მიმართ მოვალეობისგან, ხოლო ქორწინებით შეუღლებული ცოლქმარი ერთმანეთის მიმართ ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ამ “თავისუფლების” სანაცვლოდ ყველა მთლიანად სახელმწიფოზეა დამოკიდებული და ის, რაც ერთ დროს ოჯახური ცხოვრება იყო, თითქმის მთლიანად ბიუროკრატიზაციამ შთანთქა. ფონ მიზესი მართალი იყო, „საშუალო გზა“ მართლაც არ არსებობს. მაგრამ შვედეთი სოციალისტური წყობის უფრო სრულყოფილ და, ამდენად, უფრო ტირანულ ვერსიას წარმოადგენს, რომელმაც თავისი სიღრმით საბჭოთა კავშირსაც კი გაასწრო. მაგრამ თანამედროვე შვედეთის საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო თავისებურ წინააღმდეგობებსა და პრობლემებს შეიცავს, რამაც ახლა იჩინა თავი.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოში „დემოგრაფიული პრობლემები“ იოლად გადასაჭრელი არ არის. გამორჩენაზე ორიენტირებული დემოკრატიული წყობის პირობებში ისინი, ვინც ხმათა მეტ რაოდენობას აკონტროლებენ, მეტ სარგებელს ნახულობენ. შვედეთშიც ასეა, მოხუცებს ხმის უფლება აქვთ, ბავშვებს კი არა. მართალია, „საოჯახო პოლიტიკა“ დამოუკიდებელი ერთეულის – ოჯახის – დანგრევის საქმეში საკმაოდ ეფექტიანი გამოდგა, მაგრამ სახელმწიფო პროგრამებისა და შემოსავლების შედარებით ახალგაზრდებიდან შედარებით ხანდაზმულებისკენ დინება ვერ შეაჩერა.

მეორე, ასეთი ტიპის სახელმწიფო საზოგადოებისთვის საჭირო ყველა საზრუნავის უზრუნველყოფას ვერ შეძლებს, რადგან ეს ძალიან ძვირი დაუჯდება. მაგრამ, ამავე დროს, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოში ოჯახი იმისათვის ისჯება, რომ საკუთარ თავზე თვითონვე ზრუნავს, რადგან ამით ის სახელმწიფო სამსახურით სარგებლობაზე უარს ამბობს და სახელმწიფო სამსახურით მხოლოდ მაშინ სარგებლობს, როდესაც ოჯახი მზრუნველობას შეწყვეტს. დანიის სოცუზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ბენტ ანდერსონი ამ პრობლემას შემდეგნაირად ხსნის:

„რაციონალურ საფუძველზე აგებულ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ერთი წინააღმდეგობა ახასიათებს: თუ მას მისთვის გამიზნული ფუნქციების შესრულება სურს, მისმა მოქალაქეებმა მისი მომსახურებისა და მზრუნველობის სრულმასშტაბიანი სარგებლობისაგან თავი უნდა შეიკავონ, ანუ ისინი ირაციონალურად უნდა იქცეოდნენ და ამას უნდა განსაზღვრავდეს არაოფიციალური სოციალური კონტროლი, რაც, ამავე დროს, კეთილდღეობის ზრდასთან ერთად ქრება.“

ეს წინააღმდეგობა სახელმწიფო შემწეობების წინააღმდეგ მიმართული ბოლოდროინდელი აჯანყების მამოძრავებელი ძალა იყო, აჯანყების, რომელიც (სკანდინავიის ქვეყნებში) დანიასა და ნორვეგიაში ანტისახელმწიფოებრივი „პროგრესის“ პარტიის არჩევნებში გამარჯვებით დაიწყო და, რომელიც ახლა შვედეთსაც მოედო. გასულ თვეში შვედეთის სოციალდემოკრატები ნაციონალურ არჩევნებში დამარცხდნენ და ძალაუფლება ცენტრისტულ მემარჯვენე კოალიციას დარჩა, რომლებსაც ის დაპირება აერთიანებდათ, რომ სახელმწიფო შემწეობებს შეამცირებდნენ. განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია ორი ახალი პარტიის გამოჩენამ, რომლებმაც შვედეთის „რიკსდაგის“ (პარლამენტის) არჩევნებში პირველად გაიმარჯვეს.

პირველი მათგანი ქრისტიანდემოკრატიული პარტია იყო, რომელმაც თავისი პლატფორმის მთავარ საკითხად შვედი ოჯახების სავალალო მდგომარეობა გაიხადა. ისინი ოჯახურ ურთიერთობებში ბიუროკრატული ჩარევის შემცირებას და იმ სახელმწიფო პროგრამების შეჩერებას მოითხოვდნენ, რომელიც ქორწინების გარეშე შობადობის ზრდას ხელს უწყობდა და მშობლებს საკუთარ ბავშვებზე ზრუნვას უშლიდა. მეორე ახალი პარტია, რომელიც ახალი დემოკრატების სახელით გამოჩნდა, ლიბერტარიანულ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, მაგ., გადასახადებისა და შემწეობების მკვეთრი შემცირება და ემიგრაციის შესაჩერებლად გამიზნული უცხოური დახმარებების შეწყვეტა. ეს ორივე ახალი პარტია საპარლამენტო ხელისუფლებას აბალანსებდა. შემწეობა იშვიათად თუ გაუქმებულა რომელიმე თანამედროვე სახელმწიფოში, მაგრამ შვედეთს 1930-იანი წლების შემდეგ პირველად მიეცა შესაძლებლობა რამდენადმე აღედგინა ოჯახური ავტონომია და პიროვნული თავისუფლება.

ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ შვედურ მოდელს, „შუალედურ გზას“, ანუ მესამე შესაძლებლობას, ავტორიტეტი შეერყა. ამავდროულად მეორე გზა, კომუნიზმი სრულიად დაიშალა. სამწუხაროდ, შვედური მოდელი აქ, შეერთებულ შტატებში ცოცხლობს (და შესაძლოა მალე აყვავდეს კიდევაც), სადაც მირდალების 1930-იანი წლების ლოგიკა პოლიტიკური აღმავლობის გზაზეა.

1991 წელს „Basic Books“-ის (საუკეთესო ნეოკონსერვატული საგამომცემლო სახლი) მიერ გამოცემულ ნაშრომში „When the Bough Breaks“ ეკონომისტი სილვია ენ ჰიულეტი წერს: „[თანამედროვე] სამყაროში, გარდა იმისა, რომ მშობლებისთვის ბავშვებს „ღირებულება“ აქვთ დაკარგული, მათ გაზრდას დიდი ხარჯები სჭირდება. სავარაუდოდ, ბავშვის აღზრდის ხარჯები 171000 დოლარიდან 265000 დოლარამდე მერყეობს. ამ ხარჯების სანაცვლოდ „ბავშვისგან სიყვარულს, ღიმილს და ემოციურ კმაყოფილებას ღებულობენ,” მაგრამ არა ფულს ან შრომას.“

„ეს მნიშვნელოვანი ამერიკული დილემის წინაშე გვაყენებს,“ განაგრძობს ის. „სავარაუდოდ, შვილების აღზრდაზე მშობლები ძალიან დიდ თანხებსა და ენერგიას ხარჯავენ, მატერიალურ ნაყოფს კი უმეტესად საზოგადოება იმკის. ხარჯები კერძოა, სარგებელი კი მთელი საზოგადოების… ამჟამად, არარაციონალური მშობლიური თავდადებით ბავშვთა აღზრდის უზრუნველყოფა ძალიან რისკიანი, ავანტიურული და რთული საქმეა. დროა, ჩვენი ბავშვების აღზრდისთვის საჭირო ხარჯებისა და ტვირთის გაზიარებას შევეჩვიოთ. დროა, გარკვეული პასუხისმგებლობა ავიღოთ მომავალ თაობებზე.“

ჰიულეტი სოცუზრუნველყოფის ახალ პროგრამებს ადგენს ამერიკისთვის, რომელიც მოიცავს: დეკრეტულ შვებულებას, დედისა და ბავშვის უფასო სამედიცინო მომსახურებას, მაღალხარისხოვან უფასო ბავშვთა სახლებს, მეტ „საგანმანათლებლო ინვესტიციებს“, ბავშვიანი ოჯახების სოლიდური საბინაო სუბსიდიებით დახმარებას და სხვ.

გვეცნობა, არა? ეს სწორედ ის არგუმენტები და პროგრამებია, რომელიც შვედებს 1934 წელს ალვა და გუნარ მირდალებმა შესთავაზეს, თუმცა უფრო ნაკლებ რადიკალურია და აშკარა სოციალისტურ რიტორიკას მოკლებული. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ „Proctor and Gamble“კომპანიის თავმჯდომარემ (ყოფილმა) ოუენ ბუტლერმა განაცხადა: „აშკარაა, რომ თუ დღეს უფრო ჭკვიანურად არ ჩავდებთ ინვესტიციებს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა და ჩვენს მომავალს საფრთხე დაემუქრება.“ ვაშინგტონის ე.წ. ბავშვთა აღზრდის ახალი პოლიტიკა სწორედ იგივე არგუმენტებს შეიცავს.

ამასთან ერთად, „პრევენციული სოციალური პოლიტიკა“ რეფორმების მომხრე სხვა ამერიკელების ლოზუნგად იქცა. არგუმენტები ნაცნობია: „სახელმწიფო მოხელეების დახმარება ცხოვრების დასაწყისში უფრო ეკონომიური და ეფექტიანია, ვიდრე გვიან; რაც უფრო დიდხანს დაველოდებით სტრესის სიმპტომების გამოჩენას, მით უფრო ძვირად დაგვიჯდება. ადრეული ჩარევა ნიშნავს, რომ ინვესტიციები მთლიანად ბავშვთა აღზრდას უნდა მოვახმაროთ – დივიდენდებს მოგვიანებით მივიღებთ,“ და ა.შ. ეს ყველაფერი თითქოს მართლზომიერად ჟღერს, მაგრამ საბოლოოდ ამერიკაში ბიუროკრატიული მმართველობის კოშმარად იქცევა და, ფაქტობრივად, ოჯახების დაშლით დამთავრდება.

„ბავშვთა მიმართ ძალადობისა და შეურაცხყოფის“ წინააღმდეგ ბრძოლის საკონსულტაციო საბჭოს სექტემბრის მოხსენებაში სწორედ ასეთი ახალი ამერიკული წყობის აჩრდილი მოჩანს. რეიგანისა და ბუშის ადმინისტრაციის მიერ ექსკლუზიურად დანიშნული საბჭოს წევრები ბავშვების მიმართ ძალადობას „ეროვნულ კატასტროფას“ უწოდებენ და აცხადებენ რომ „ასეთი სიძლიერით სხვა ვერც ერთი პრობლემა ვერ გამოიწვევს ან გაამწვავებს სოციალურ მანკიერებებს.“ მოხსენების საბოლოო დასკვნაში ნათქვამია, რომ ფედერალური და სახელმწიფო მთავრობები დიდ დროს კარგავენ ძალადობის სავარაუდო შემთხვევების გამოძიებაზე. მაგრამ, ფედერალურმა მთავრობამ ძალადობისა და შეურაცხყოფის პრევენციაზე მანამდე უნდა გაამახვილოს ყურადღება, სანამ ფაქტი მოხდება.

საბჭო გვირჩევს, რომ ფედერალურმა მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეიმუშაოს ეროვნული პროგრამა, რომელიც პოტენციური მოძალადის გამოსავლენად და ძალადობის მსხვერპლის დასახმარებლად სახელმწიფო ჯანდაცვის მუშაკებისა და სოციოლოგების „კარდაკარ სიარულს“ ითვალისწინებს ყველა ახალშობილისა და მისი მშობლის მოსანახულებლად .

ამასთან ერთად, საბჭომ „ბავშვთა დაცვის ეროვნული პოლიტიკის“ განხორციელება გადაწყვიტა, რაც გულისხმობს, რომ ფედერალური მთავრობა სათანადო საშუალებებს გამოიყენებს ყველა ბავშვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების უზრუნველსაყოფად.

რასაკვირველია, ჰიულეტი სამართალიანად ლაპარაკობს ამერიკის დღევანდელი საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ნაკლოვანებათა შესახებ: „აქ ჩვენ ბავშვების ეკონომიკური ღირებულების ნაციონალიზაცია მოვახდინეთ, მაგრამ მათი ხარჯები ისევ მშობლებს დავუტოვეთ. შედეგად, შეერთებულ შტატებში 1999 წელს, ხოლო შვედეთში 1934 წელს ნამდვილი საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელის არასრული ვერსია მივიღეთ. ჰიულეტი იქაც მართალია, როდესაც ამბობს, რომ ეს ძვირი გვიჯდება: 1980-იან წლებში ქორწინებაში დაბადებულ ამერიკელ ბავშვთა წლიური რაოდენობის სტაგნაცია აღინიშნებოდა, შობადობის ზრდის დონე ნულს ქვემოთ 30 პროცენტი იყო. ამერიკელები საკუთარ დროსა და ფულს ერთ ან ორ ბავშვზე მეტს არ მოახმარენ უმეტესად იმიტომ, რომ მათ ეს არ უღირთ (მართალია, საერთო შობადობის დონემ ერთგვარად აიწია, მაგრამ ეს მთლიანად ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების რაოდენობის მკვეთრი ზრდით იყო განპირობებული, რამაც 1980-1991 წლებში 665 000-დან 1 000 000-ს მიაღწია და გადააჭარბა კიდევაც; როგორც ჩანს, ჩვენი სოცუზრუნველყოფის სისტემა მათ კარგად აფინანსებს).

მაგრამ არსებობს „შვედური მოდელის“ ალტერნატივა, რაზედაც დოქტორი ჰიულეტი არაფერს ამბობს; ეს სწორედ ის ალტერნატივაა, რომელიც სამოცი წლის წინ მირდალებმა „სერიოზული განხილვის ღირსად“ არ მიიჩნიეს. ამ ალტერნატივას „თავისუფალი საზოგადოება“ ჰქვია, რაც გულისხმობს, რომ ბავშვების ბიუროკრატული ხერხებით ხელში ჩაგდებით სახელმწიფო სოცუზრუნველყოფა კი არ უნდა სრულვყოთ, არამედ ისიც უნდა მოვსპოთ, რაც გვაქვს. დღის წესრიგშია მარტივი, რადიკალური და პრაგმატულად ანტიბიუროკრატული საკითხები:

ბოლო უნდა მოეღოს სახელმწიფოსავალდებულო და სახელმწიფო კონტროლირებად განათლებას, შვილების აღზრდაგანათლების საკითხი მშობლებისა და გამზრდელების გადასაწყვეტი უნდა გახდეს;

უნდა გაუქმდეს ბავშვთა შრომის კანონმდებლობა, რადგან მშობლებმა და გამზრდელებმა უკეთ იციან, რა უმჯობესია ბავშვებისთვის, გაცილებით უკეთ ვიდრე ბიუროკრატული სახელმწიფოს რომელიმე ორგანომ;

უნდა დაიშალოს „სოცუზრუნველყოფის“ სისტემა და ადამიანებმა და მათი ოჯახის წევრებმა თვითონვე უნდა იზრუნონ მოხუცებულობის ასაკში საჭირო მოვლაპატრონობაზე.

ამ ღონისძიებების შედეგად მშობლებისთვის ბავშვების ეკონომიკური უპირატესობა აღდგება და ბოლო მოეღება ბავშვების წინააღმდეგ მოქმედ კანონებს, რაც საფუძვლად უდევს სახელმწიფო სოცუზრუნველყოფის არასრულყოფილ სისტემას.

ბევრი იტყვის, რომ თანამედროვე ინდუსტრიულ საზოგადოებაში ასეთი რამ შეუძლებელია და რომ თანამედროვე სამყაროს რეალობის, ანუ მისი კომპლექსურობის გათვალისწინებით, ასეთ რეაქციულ ძალისხმევას უთუოდ ქაოსი მოჰყვება.

მე კი პასუხად ამერიკაში მცხოვრებ სხვადასხვა ჯგუფებზე მივუთითებ, რომლებიც, ზოგიერთი საოცარი ისტორიული შემთხვევითობის ან სხვა პოლიტიკური სასწაულის წყალობით, ისევ ბინადრობენ ჩვენს ერთერთ „თავისუფალ ზონაში“ და ასეთ „შეუძლებელ“ პირობებში არსებობას განაგრძობენ.

ერთერთი ანაზდეული, მაგრამ საინტერესო მაგალითია ამიშების ეთნიკური ჯგუფი. ისინი მთავრობას მათი სპეციფიკური განათლების წესების (კერძოდ, სკოლაში, რომელიც რვა კლასისგან შედგება, მხოლოდ მათივე წევრები ასწავლიან) შეცვლის უფლებას არ აძლევენ, ბავშვთა შრომას იყენებენ და „სოცუზრუნველყოფას“ (აგრეთვე, სახელმწიფოს ეკონომიკურ დახმარებას) თავს არიდებენ. ინდუსტრიულ, საბაზრო გარემოში ამიშებმა არა მარტო გადარჩენა მოახერხეს, არამედ წარმატებებსაც მიაღწიეს. მათი ოჯახები საშუალო ამერიკულ ოჯახზე სამჯერ უფრო დიდია. პატიოსანი კონკურენციის პირობებში მათი ფერმები მოგებას იძლევა „მშვიდობიან დროშიც და ძნელბედობის ჟამსაც“.

მათი დანაზოგების დონე უჩვეულოდ მაღალია, სამეურნეო საქმიანობა კი სანიმუშოა და ყველა ეკოლოგიურ სტანდარტს შეესაბამება, რაც იმის შედეგია, რომ მიწისადმი ერთგული დამოკიდებულება აქვთ და შხამქიმიკატებსა და ხელოვნურ სასუქებს არ იყენებენ.

იმ დროს, როდესაც ამერიკელ ფერმერთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა, ამიშების ფერმები ფართოდ არის გადაშლილი სამხრეთ პენსილვანიიდან ოჰაიოს, ინდიანას, აიოვას, ტენესის, უისკონსინის და მინესოტას შტატამდე.

უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ამერიკელები არჩევანის წინაშე რომ იდგნენ, ცოტა თუ მოისურვებდა მათსავით ეცხოვრა. მაგრამ არავინ იცის როგორი იქნებოდნენ ამერიკელი მოქალაქეები, თუ ისინი ნამდვილად გათავისუფლდებოდნენ ბიუროკრატული მმართველობისგან, რაც მათ ასზე მეტი წლის წინ, სავალდებულო სახელმწიფო სკოლების შემოღების გზით მოახვიეს თავს.

ეჭვი არ მეპარება, რომ ნამდვილი თავისუფლების პირობებში უფრო ძლიერი ოჯახები იქნებოდა, უფრო მეტი ბავშვები ეყოლებოდათ და ხალხიც უფრო ბედნიერი და უფრო კმაყოფილი იქნებოდა. ჩემთვის ეს საკმარისია.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s