საკუთრების შესახებ

locke1

ჯონ ლოკი (1632-1704)
გამოჩენილი ინგლისელი მოზროვნე, რომლის სახელი მჭიდროდაა ასოცირებული განმანათლებლობასთან. ხშირად მას ლიბერალიზმის ფუძემდებლადაც მიიჩნევენ. ლოკისეულ ცნებებს ,,მმართველობა მორთულთა მიერ“ და ,,ადამიანის ბუნებითი უფლებები – სიცოცხლის, თავისუფლების და ქონების“, პოლიტიკური ფილოსოფიის შემდგომ განვითარებაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა. მისმა იდეებმა აშშ-ს სამართლის ჩამოყალიბებასა და კოლონისტების რევოლუციურ მოძრაობაზე გადამწყვეტი როლი ითამაშეს. ლოკს იმ მოაზროვნეთა გუნდში განიხილავენ, რომელთაც ,,ბრიტანელ ემპირიკოსებს“ უწოდებენ. ამ ჯგუფში პირველ რიგში დევიდ იუმი და ჯორჯ ბერკლი მოიაზრებიან. ჯონ ლოკის ძირითადი ნაშრომია: ,,ორი ტრაქტატი ხელისუფლების შესახებ“.

გამოქვეყნდა 1690 წელს
(იბეჭდება შემოკლებით)

ნაწილი 27. დედამიწა ადამიანისა და მასზე დაბლა მდგომი ყველა ქმნილებისთვის საერთოა, თუმცა არსებითია ის გარემოება, რომ ადამიანი საკუთარ თავს განაგებს, ანუ საკუთარი თავი მას ეკუთვნის და არც ერთ სხვა ადამიანს მასზე უფლება არ გააჩნია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის სხეულის ძალით და მისი ხელით შექმნილი ნივთები მის დამსახურებულ საკუთრებას წარმოადგენენ. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ადამიანი ბუნებიდან იღებს ან რასაც მასში დებს, რაშიც თავის შრომას აქსოვს და ან ამატებს იმას, რაც უკვე მისია და ამ გზით თავის საკუთრებად გარდაქმნის, მისი კანონიერი კუთვნილებაა. ადამიანის მიერ მანამდე ხელუხლებელი ბუნების საკუთარი შრომით გარდაქმნის შედეგებზე სხვა ადამიანების ზოგადი უფლებები იზღუდება: ნაშრომი უდავოდ და უპირობოდ იმ ადამიანის საკუთრებას წარმოადგენს, რომელმაც მასში თავისი შრომა ჩააქსოვა, ხოლო სხვა ადამიანების საკუთრება იმაზე ვრცელდება, რის მოპოვებასა ან შექმნაზე ისინი თავად ირჯებოდნენ.

ნაწილი 29. ადამიანი, რომელიც ტყეში რკოთი ან ველური ვაშლით ნაყრდება, უდაოდ ითვისებს მათ. ვერავინ უარყოფს, რომ ეს საკვები მის საკუთრებაა. მაშინ იბადება კითხვა, როდის გახდა ეს რკო და ვაშლი მისი საკუთრება? როდესაც მან ისინი დააგემოვნა? თუ როდესაც მოხარშა? თუ მაშინ, როდესაც სახლში მიიტანა? ან იქნებ მაშინ, როდესაც აკრიფა? ნათელია, რომ თუ თავად აკრეფის ფაქტი არ წარმოშობს ქონებრვ უფლებას, მაშინ ამას ვერაფერი სხვა ვეღარ განაპირობებს. მას ამ საკვებზე სხვებისგან გამორჩეული უფლებები აკრეფაში დახარჟული შრომის შედეგად გაუჩნდა. ადამიანმა ეს საკვების საკუთარი ძალისხმევით მოიპოვა ბუნებაში, რომელიც თავის მხრივ ყველაფრის დასაბამია და შესაბამისად, ეს რკო და ვაშილი მისი საკუთრება გახდა. ვინმეს შეუძლია განაცხადოს, რომ ამ ადამიანს არა აქვს უფლება ფლობდეს რკოს ან ვაშლს, რომელიც მან მიითვისა, იმიტომ რომ მან მთელი კაცობრიობისგან წინასწარ ნებართვა არ მიიღო ამ რკოსა და ვაშლის დაკრეფაზე? შეიძლება, რომ ეს ქმედება საერთო მფლობელობის ქონების დატაცების ტოლფასად იქნეს განხილული? წინასწარ ნებართვის აღება სავალდებულო რომ ყოფილიყო, ეს ადამიანი შიმშილით მოკვდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა მას რკო და ვაშლი საკმაოდ უხვად უბოძა. შეიძლება ითქვას, რომ ქონებრივი უფლება საერთო სარგებლობის საგნის მითვისებისა და მისი ბუნებრივი მდგომარეობის შეცვლისთანავე წარმოიშვება. ამ უფლების გარეშე საერთო მფლობელობაში მყოფი საგანი უსარგებლოა. ხოლო მისი ამა თუ იმ ნაწილის მითვისება არ არის დამოკიდებული სხვების თანხმობაზე. შესაბამისად ბალახი, რომელიც ჩემმა ცხენმა მოძოვა, ტორფი, რომელიც ჩემმა მოსამსახურემ მოჭრა და მადანი, რომელიც მე მოვიძიე ნაკვეთზე, რომლითაც სარგებლობის უფლება სხვებთან ერთად მეც მქონდა, ახლა ჩემს საკუთრებას წარმოადგენს, ვისიმე გაფრთხილებისა ან თანხმობის გარეშე. ჩემმა გაწეულმა შრომამ, რომელიც მათ მოსაპოვებლად დავხარჯე, მათზე საკუთრების უფლება მომიტანა.

ნაწილი 32. საკუთრების ძირითად წყაროს არა მიწის ნაკვეთი ან მისი მობინადრე ცხოველები წარმოადგენენ, არამედ თავად დედამიწა, რომელიც ყოველივე დანარჩენის დასაბამს და თავშესაფარს წარმოადგენს. ვფიქრობ ცხადია, რომ მიწაზე საკუთრება უკვე განხილული შემთხვევების მსგავსად უნდა განისაზღვროს. ანუ, მიწა ადამიანის საკუთრება იმდენადაა, რამდენადაც იგი ხნავს, თესავს, ანოყიერებს, ამუშავებს და ნაყოფს იმკის. ის თავისი შრომით ითვისებს მიწას. …როდესაც ღმერთმა ადამიანებს დედამიწა საერთო სარგებლობაში უბოძა, პირობად მისი დამუშავება დაუდო. ღვთის ნებით, ადამიანმა სარჩო მიწის დამუშავებით უნდა მოიპოვოს და ცხოვრების პირობები გაიუმჟობესოს. შესაბამისად, ადამიანი ღვთის ნებას დაემორჩილა: გარკვეული მიწა სახნავ-სათესად დაიკავა და საკუთარი შრომით აითვისა ისე, რომ არც არავის უფლებები დაურღვევია და არც არავინ დაუზიანებია.

ნაწილი 95. ყველა ადამიანი ბუნებით თანასწორი, თავისუფალი და დამოუკიდებელია. არავის არა აქვს უფლება ხელყოს მისი საკუთრება და მასზე პოლიტიკური ზეწოლა განახორციელოს მისი თანხმობის გარეშე. ერთადერთი მისაღები გზა იმისათვის, რომ ადამიანმა ბუნებით მინიჭებულ თავისუფლებაზე უარი თქვას და საზოგადოებრივი ვალდებულებები იტვირთოს, მის მიერ სხვა ადამიანების მოსაზრების საკუთარი ნებით გაზიარება, მათთან მშვიდობიანი თანაარსებობის, საკუთარების უფლების უზრუნველყოფისა და დაცვის მიზნით გაერთიანებაა. ეს გზა შესაძლოა ადამიანების ნებისმიერმა რიცხვმა აირჩიოს, რადგან ეს სხვების თავისუფლებას არ ხელყოფს, ანუ ადამიანების დანარჩენი ნაწილი თავისუფალია დარჩეს პირველქმნილ გარემოში. როდესაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფი შეთანხმდება გაერთიანდეს ერთ თემად ან სახელმწიფოდ, ისინი ერთ პოლიტიკურ ორგანიზმად გადაიქცევიან, რომლის ფარგლებშიც უმრავლესობას მოქმედებისა და სხვების დაყოლიების უფლება აქვს.

ნაწილი 96. როდესაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, თითოეული მონაწილის თანხმობით, თემს ქმნის, ის ამ თემს იმგვარ ერთობად აქცევს, რომელიც უმრავლესობის ნებისა და გადაწყვეტილებების მიხედვით მომქმედი ერთიანი ორგანიზმივით იქცევა. შესაბამისად, მთელი თემის სახელით სამოქმედოდ და ერთი გეზის ასარჩევად, ამ თემის ცალკეული წევრების თანხმობაა საჭირო. ხოლო იმისთვის, რომ თემმა ერთი ორგანიზმივით იმოქმედოს, საჭიროა, რომ იმ მიმართულებით იმოძრაოს, რომელსაც უმრავლესობა ეთანხმება. წინააღმდეგ შემთხევაში, ერთი ორგანიზმივით მოქმედება შეუძლებელი ხდება. ამიტომაც, ჩვენ ხშირად მოწმენი ვართ, რომ პოზიტიური კანონების საფუძველზე უფლებამოსილი კრებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უმრავლესობის თვალსაზრისს წარმოადგენს, რომელიც საერთო აზრად აღიქმება.

ნაწილი 123. თუ ადამიანი ბუნებით თავისუფალია, თუ იგი საკუთარი თავის და ქონების სრული ბატონ-პატრონია, თუ იგი თანასწორია და არავის არ ექვემდებარება, მაშინ რატომ იტყვის იგი უარს თავისუფლებაზე? რატომ იტყვის უარს სამფლობელოზე, რომლის ბატონ-პატრონი თავად არის და სხვას რატომ დაექვემდებარება? ამ კითხვაზე ნათელი პასუხი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ბუნებით აქვს მინიჭებული ეს უფლება, მას უჭირს მისი სათანადოდ გამოყენება, რადგანაც მუდმივად სხვების ხელყოფისგან დაცვა უხდება: ყველა, მის მსგავსად, თავისი თავის მეფეა და ამ თვალსაზრისით ყველა მისი თანასწორია, მაგრამ ყველა ერთნაირად როდი იცავს მიუკერძოებლობას და სამართლიანობას, ასეთ ვითარებაში კი, საკუთარი ქონებით სარგებლობისას თავს ძალიან დაუცველად გრძნობს. ეს განაპირობებს, რომ ადამიანი მზადაა უარი თქვას ყოფაზე, რომელშიც ის მართალია თავისუფალია, მაგრამ მუდმივად შიშსა და საფრთხეს გრძნობს. ამდენად, შემთხვევითი არაა, რომ ის თანახმაა შეუერთდეს სხვებს, ვინც უკვე გაერთიანდა, ან გეგმავს, რომ გაერთიანდეს თავიანთი სიცოცხლის, თავისუფლებისა და ქონების დაცვის მიზნით, რასაც მე ზოგადად საკუთრებას ვუწოდებ.

ნაწილი 124. პირველი და უმთავრესი მიზანი, რაც ადამიანებს გაერთიანებისკენ და სახელმწიფოს დაქვემდებარებაში შესვლისკენ უბიძგებთ, თავიანთი საკუთრების დაცვის სურვილია, რადგან ბუნებრივ პირობებში ადამიანს ამ ამოცანის გადასაწვეტად მრავალი რამ აკლია. უპირველეს ყოვლისა მათ სჭირდებათ ნათელი, გაცხადებული კანონები, რომლებიც საერთო შეთანხმების საფუძველზე შემუშავდება და მიიღება, როგორც მტყუან-მართლის გარჩევის საფუძველი, რასაც თავის მხრივ ყველა აღიარებს, როგორც მათ შორის სავარაუდო დაპირისპირებების მოგვარების გზას: მიუხედავად იმისა, რომ ბუნების კანონები ნათელი და ყველა გონიერი არსებისთვის გასაგებია, ადამიანი, რომელსაც საკუთარი ინტერესები ყოველთვის მიკერძოებისკენ უბიძგებს და მიდრეკილია მათი უგულვებელყოფისკენ, არ არის მზად აღიაროს, რომ იგივე კანონი მასზეც ვრცელდება.

ნაწილი 125. მეორე, ბუნებრივ პირობებში ცნობილი და მიუკერძოებელი მსაჯულის საჭიროება არსებობს, რომელიც უფლებამოსილია რომ ცალკეული საკითხები არსებული კანონის მოთხოვნების დაცვით განსაჯოს: ასეთ ვითარებაში, თითოეული ბუნების კანონების მიხედვით მოქმედი მსაჯული და აღმასრულებლიცაა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი ყოველთვის მიკერძოებულია, ვნებებმა და შურისძიების წყურვილმა შესაძლოა ან ზღვარგადასული ქმედებები ჩაადენინოს ან გულგრილობა გამოავლენინოს და სხვა ადამიანებს ავნოს.

ნაწილი 126. მესამე, რაც ბუნებრივ პირობებში ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, ეს არის განაჩენის სამართლიანობის უზრუნველყოფა და დაცვა, აგრეთვე მისი აღსრულება. ისინი ვინც სხვათა ქმედების შედეგად დაზარალდნენ, უსამართლობის გამოსწორებას შურისძიებით ცდილობენ, რის გამოც მათი უკუქმედება სასტიკი და საკმაოდ ხშირად, მათთვისვე სახიფათოა.

ნაწილი 127. მიუხედავად იმ პრივილეგიებისა, რომლებიც კაცობრიობას ბუნებით აქვს მინიჭებული და რომლებსაც იგი სათანადოდ ვერ იყენებს, ის საზოგადოებად ჩამოყალიბებას ესწრაფვის. სწორედ ამის გამო ძალიან იშვიათია, რომ ადამიანები პირველქმნილ პირობებში დარჩენას ლამობდნენ. ასეთ პირობებში უხერხულობანი, რომლებიც დაკავშირებულია სხვების მხრიდან თავდასხმის მოგერიებასთან, ადამიანს ხელისუფლების შემოღებული კანონების მორჩილებისკენ უბიძგებს, რაც საკუთრების დაცვას საშუალებაა. ეს არის ძირითადი მიზეზი ადამიანების მზადყოფნისა, რომ უარი თქვან დამნაშავის უშუალო დასჯაზე და ეს უფლებამოსილება გარკვეულ პირებს მიანიჭონ, რომელთაც თავად ირჩევენ იმ წესებისა და კანონების შესაბამისად, რომელსაც მოცემული თემი, ამ მისი უფლებამოსილი პირები მიზანშეწონილად მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს, როგორც ძირეული უფლებები, ისე მზარდი საპარლამენტო და აღმასრულებელი ძალაუფლება, ისევე როგორც თავად ხელისუფლება და საზოგადოებები.

ნაწილი 131. შესაბამისად, როდესაც ადამიანები საზოგადოების სახით ჩამოყალიბებას არჩევენ, ისინი უარს ამბობენ იმ თანასწორობაზე, თავისუფლებაზე და აღმასრულებელ ძალაუფლებაზე, რომელიც მათ ბუნებამ მიანიჭა. უფლებამოსილების გადაცემის ეს აქტი ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ ადამიანებს საკუთარი სიცოცხლისა და ქონების უკეთ დაცვის სურვილი ამოძრავებთ (რადგანაც არც ერთი რაციონალური არსება არ იქნება თანახმა, რომ თავისი ნებით დათმოს მდგომარეობა, რომელშიც იგი იმყოფება და უფრო უარეს დაეთანხმოს). იმავდროულად იგულისხმება, რომ საზოგადოების ძალუფლება, ანუ საზოგადოების მიერ არჩეული აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების სფერო, მხოლოდ საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვით შემოიფარგლება. რაც ნიშნავს, რომ ის ვალდებულია საზოგადოების ყველა წევრის საკუთრება დაიცვას ზემოთ ხსენებული სამი უარყოფითი მოვლენისგან, რომლებიც ბუნებრივი გარემოს სახიფათოსა და რთულს ხდის. შესაბამისად, ის ვინც თანამეგობრობაში საკანონმდებლო ან უმაღლეს ძალაუფლებას ფლობს, ვალდებულია ხელისუფლება ხალხისთვის ცნობილი კანონების შესაბამისად და არა თვითნებური გადაწყვეტილებებით განახორციელოს. მიუკერძოებელმა და სამართლიანმა მოსამართლეებმა დავები ამ კანონების მიხედვით უნდა გადაწყვიტონ და ქვეყნის შიგნით ძალა მხოლოდ ამ კანონების აღსრულებისთვის, ან თემზე უცხოელთა შემოსევისგან თავის არიდებისა და მოგერიების მიზნით გამოიყენონ. ყოველივე ეს კი, მხოლოდ მშვიდობის, უსაფრთხოების და ხალხის საზოგადოებრივი კეთილდღეობის დაცვის მიზნით უნდა იყოს გამოყენებული.

ნაწილი 134. ადამიანის საზოგადოებაში შესვლის ძირითადი მიზანი საკუთრი ქონებით, მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში სარგებლობაა, ხოლო ყოველივე ამისანხორციელების უზრუნველყოფის ხერხი და საშუალება საზოგადოების მიერ შემუშავებული კანონებია. საზოგადოების მიერ შექმნილი ერთერთი უპირველესი და ძირეული კანონი საკანონმდებლო ხელისუფლების ჩამოყალიბებას ეხებოდა, მაშინ როდესაც ბუნების უპირველესი და ძირეული კანონი, რომელიც თავად საკანონმდებლო ხელისუფლებას მართავს, საზოგადოების და (საზოგადოებრივი კეთილდღეობის მოთხოვნების შესაბამისად) მისი ყოველი წევრის დაცვას ემსახურება. საკანონმდებლო ხელისუფლება არა მხოლოდ თანამეგობრობის უმაღლესი ძალაუფლებაა, ის წმინდა და ხელშეუხებელია მათთვისაც, ვისაც იგი საზოგადოებამ ერთხელ ჩააბარა. არც ერთ დადგენილებას, ვისიც არ უნდა იყოს ის, რასაც არ უნდა ეხებოდეს და რა ძალაც არ უნდა უჭერდეს მხარს, კანონის ძალა და უფლებამოსილი არ იქნება, თუ იგი იმ საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ არ იქნება მხარდაჭერილი, რომელიც საზოგადოებამ აირჩია და დანიშნა: ამის გარეშე კანონს არ ექნება ის, რაც აუცილებლად საჭიროა, რომ ის კანონად, საზოგადოებრივ შეთანხმებად იქცეს,1 რისი გვერდის ავლითაც კანონების მიღების უფლება არავის აქვს, თუ არა ისევ და ისევ საზოგადოების თანხმობითა და მის მიერ მინიჭებული უფლებით. შესაბამისად, ყველა ქვეშევრომი, ერთის მხრივ ზღუდავს უზენაეს ძალაუფლებას, მეორე მხრივ ემორჩილება იმ კანონებს, რომელსაც ის იღებს. საზოგადოების რომელიმე წევრის კანონების მორჩილებისგან განთავისუფლება და თავის ნებაზე მიშვება, არც უცხო ქვეყნის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და არც ქვეყნის შიგნით რომელიმე ქვემდგომ ორგანოს შეუძლია. ამავდროულად, არც არავის შეუძლია, რომ მას მომქმედი კანონების საწინააღმდეგო მოქმედება, ან იმაზე უფრო მეტის გაკეთება მოსთხოვოს, ვიდრე კანონები ავალდებულებენ. წარმოუდგენელია დავუშვათ, რომ ადამიანი ვალდებული იყოს ისეთ საზოგადოებრივ ძალაუფლებას დაემორჩილოს, რომელიც უზენაესი არაა.

ნაწილი 135. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება შესაძლებელია ერთი ან მეტი ორგანოსგან შედგებოდეს, მუდმივად ან გარკვეულ ინტერვალებში მოქმედებდეს, მას მაინც უმაღლესი ძალაუფლება ექნება ნებისმიერ თანამეგობრობაში. თუმცა, ის არ არის და ვერც იქნება სავსებით თავისუფალი ადამიანთა სიცოცხლესა და ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რადგანაც საკანონმდებლო ხელისუფლების, ან მისი წევრის უფლებამოსილებას საზოგადოების თითოეული წევრი განსაზღვრავს. ეს უფებამოსილება ვერ იქნება უფრო ფართო, ვიდრე ის, რომელიც საზოგადოების წარმომადგენლებს პირველქმნილ გარემოში გააჩნდათ, ანუ იქამდე, სანამ საზოგადოების წევრები გახდებოდნენ. ეს იმიტომ, რომ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია, რომ სხვა ადამიანს უფრო მეტი უფლებამოსილება გადასცეს, ვიდრე მას თავად გააჩნია. არც ერთი ადამიანი არ სარგებლობს ყოვლისმოცველი ძალაუფლებით, როგორც საკუთარ თავზე, ისე სხვა ადამიანებზე, რომ ზიანი მიაყენოს თავის სიცოცხლეს, ან სხვა ადამიანების სიცოცხლესა ან ქონებას. ადამიანს, როგორც დამტკიცდა, არ შეუძლია, რომ საკუთარი თავი სხვის განუკითხაობას დაუქვემდებაროს და რომ თავისი ძალაუფლება სხვის სიცოცხლეზე, თავისუფლებასა და ქონებებაზე გაავრცელოს. ადამიანს მხოლოდ იმდენი უფლებამოსილება გააჩნია, რაც ბუნების კანონებით აქვს მინიჭებული და აუცილებელია მისი და სხვა ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ეს არის ის, რაც ადამიანს გააჩნია და შეუძლია თანამეგობრობას და შესაბამისად, საკანონმდებლო ხელისუფლებას შესთავაზოს, რომელიც თავის მხრივ მხოლოდ ამგვარ ნებართვას თუ დაეყრდნობა. ამ უკანასკნელს არ შეიძლება გააჩნდეს მეტი ძალაუფლება, ვიდრე მას ადამიანმა გადასცა. საკანონმდებლო ხელისუფლების უფლებამოსილების ზღვარი საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის ფარგლებით განისაზღვრება. ამ უფლებამოსილების ძირითადი მიზანი ადამიანთა გადარჩენისა და დაცვის უზრუნველყოფაა. შესაბამისად, ამ უფლებამოსილების გამოყენება ქვეშევრდომების განადგურების, დამონების ან წინასწარი განზრახვით გაკოტრების და წართმევის მიზნით ყოველნაირად2 დაუშვებელია. ბუნების კანონების მოქმედება საზოგადოების ჩამოყალიბებასთან ერთად კი არ წყდება, არამედ მრავალ შემთხვევაში პირიქით უფრო თვალსაჩინო ხდება, რადგან მათ დაცვას ადამიანების მიერ მიღებული კანონებით გათვალისწინებული სასჯელი ეხმარება. შესაბამისად, ბუნების კანონები თითოეული ადამიანის, მათ შორის კანონმდებელების მარადიული სახელმძღვანელოა. წესები, რომლებითაც კანონმდებლები სხვა ადამიანების, ისევე როგორც საკუთარ ქმედებებს აწესრიგებენ, ბუნების კანონებს უნდა შეესაბამებოდნენ, ანუ ღმერთის ნებას, რომლის გაცხადებასაც ისინი წარმოადგენენ. ხოლო რადგანაც ბუნების ფუძემდებლური კანონის არსი და მიზანი კაცობრიობის არსებობის შენარჩუნებაა, ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვერც მათზე უკეთესი იქნება და ვერც მის საწინააღმდეგოდ გამოდგება.

ნაწილი 136. მეორე:3 საკანონმდებლო ანუ უზენაეს ხელისუფლებას თვითნებური გაუთვლელი დადგენილებებით მართვის უფლება არა აქვს. მისი გადაწყვეტილებები სამართლიანი, კანონების შესაბამისი და აღიარებული მოსამართლეების გამოტანილი უნდა იყოს. ბუნების კანონები დაუწერელია და მხოლოდ ადამიანების გონებაში არსებობენ. ადამიანები, რომლებიც მიდრეკილი არიან, რომ თავიანთი ვნებების და ინტერესების გამო მცდარი ახსნა ან არასწორი გამოყენება მოუძებნონ დაუწერელ კანონებს, ძნელად დარწმუნდებიან თავიან შეცდომაში თუ მათ გამოცდილი მოსამართლეები არ განსჯიან. როდესაც არ არსებობს მოსამართლე, რომელიც ადგენს სიმართლეს და იცავს მოსახლეთა ქონებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსამართლე, მოპასუხე და ჯალათიც ყველა ერთდროულადაა, ადამიანები მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგრამ ადამიანს, როდესაც იგი დამოუკიდებლად მოქმედებს, საკუთარი თავის დაცვის ან დამნაშავეთა დასჯის შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, რაც პირველყოფილ პირობებში ადამიანის საკუთრებას საფრთხეს უქმნის, ადამიანები საზოგადოებებში ერთიანდებიან, რომ ერთიანი ძალით მაინც დაიცვან თავიანთი საკუთრება და ისეთი წესები შემოიღონ, რომელთა მეშვეობით საზოგადოების ყველა წევრს ეცოდინება თუ რა ეკუთვნის მას. ადამიანები ბუნებით მინიჭებულ უფლებებს საზოგადოებას სწორედ ამ მიზნით გადასცემენ, ხოლო თემი თვითონ წყვეტს თუ ვის ჩააბაროს საკანონმდებლო ძალუფლება, იმ იმედით, რომ მათი მმართველობა არსებული კანონების შესაბამისი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი უსაფრთხოება, სიმშვიდე და საკუთრება კვლავ საფრთხეში აღმოჩნდება, ისევე როგორც პირველყოფილ გარემოში.

ნაწილი 137. სრულიად თვითნებურია ძალაუფლება ან მმართველობა, რომელიც არ ეყრდნობა მყარ კანონებს, არ შეესაბამება საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს. ასეთ შემთხვევაში ადამიანებიც არ დათანხმდებოდნენ, რომ უარი ეთქვათ ბუნებით მინიჭებულ თავისუფლებაზე და გაერთიანებულიყვნენ ისეთი სახით, რომ მათი ცხოვრება, თავისუფლება და ქონება დაუცველი დარჩენილიყო. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ადამიანი დათანხმდეს მის სიცოცხლესა და საკუთრებაზე სრული განმგებლობის უფლების ვინმესთვის მინიჭებს, თან ისეთი მოსამართლის მინდობას, რომელსაც მისი ბედ-იღბალი საკუთარი ნებასურვილით შეიძლია გადაწყვიტოს. ასეთი ქმედება იმის ტოლფასია, რომ ადამიანმა საკუთარი თავი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააყენოს, ვიდრე ის პირველქმნილ პირობებში იყო, როდესაც მას სხვების ხელყოფისგან თავდაცვის უფლება მაინც ჰქონდა და სადაც იგი თანაბრად უფლებამოსილი იყო თავი დაეცვა, როგორც ერთი, ისე მრავალი ადამიანის მუქარისგან. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი თავისი ნებით დათმობს თავისუფლებას და საკუთარ ბედს თვითნება კანონმდებლებს ანდობს, იგი საკუთარ თავს დაუცველს დატოვებს და ხელისუფალს შეეძლება საკუთარი ნებასურვილით გადაწყვიტოს მისი ბედი. ადამიანი, რომელმაც თავისი ბედი ერთ თვითნება ხელისუფალს ჩააბარა, რომელიც თავის მხრივ 100,000 ადამიანს განაგებს, ბევრად უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე მაშინ, როდესაც 100,000 ადამიანს მარტოდმარტო უპირისპირდებოდა. ვერავინ იგრძნობს თავს დაზღვეულად, რომ ასეთი თვითნება მმართველის განზრახვები უკეთესი იქნება, ვიდრე სხვების, რომელთა ძალა 100,000-ჯერ აღემატება მის ძალას. შესაბამისად, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ჩამოყალიბებული თანამეგობრობა, მმართველი ხელისუფლება გაცხადებული და მიღებული კანონების საფუძველზე უნდა მოქმედებდეს და არა დროებითი დადგენილებებითა ან ბუნდოვანი განცხადებებით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანუ თუ ადამიანები ერთ ან რამოდენიმე პირს მიანიჭებდნენ ყოვლისმომცველ ძალაუფლებას, კაცობრიობა ბევრად უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, ვიდრე ბუნებრივ საარსებო გარემოში, რადგანაც ადამიანები საკუთარ თავს ერთპიროვნულ მმართველობას დაუქვემდებარებდნენ და იძულებული იქნებოდნენ დამორჩილებოდნენ ასეთი მმართველის შეუზღუდავ ძალაუფლებას, მისი ნებასურვილისა და ხასიათის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებებს. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებას არ ექნებოდა მექანიზმები, რომლებიც ამ შეუზღუდავ ძალაუფლებას წინ აღუდგებოდა. სახელისუფლო ძალაუფლება მხოლოდ საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფას უნდა ისახავდეს მიზნად და შესაბამისად, არ უნდა იყოს მიკერძოებული, თვითნებური და ეყრდნობოდეს წინასწარ განსაზღვრულ კანონებს. საზოგადოებასაც კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული მასზე დაკისრებული მოვალეობები და საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე კანონმორჩილი უნდა იყოს. გარდა ამისა, თავად ხელისუფლებაც მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მოქმედებდეს და მინიჭებულმა ძალაუფლებამ არ უნდა აცდუნოს.

ნაწილი 138. მესამე, უზენაეს ხელისუფლებას ადამიანისთვის საკუთრების ან მისი ნაწილის ჩამორთმევის უფლება, მისგან შესაბამისი თანხმობის გარეშე, არ უნდა ჰქონდეს. საკუთრების დაცვის უზრუნველყოფა მთავრობის ძირითადი პასუხისმგებლობაა და ადამიანი საზოგადოებას სწორედ ამ მიზნით უერთდება. იმთავითვე იგულისხმება, რომ ადამიანებს საკუთრება უნდა ჰქონდეთ, რადგანაც ისინი საზოგადოებას მისი დაცვის მიზნით უერთდებიან. შესაბამისად, ადამიანს უფლება უნდა ჰქონდეს გააჩნდეს საკუთრება, რომელიც ამ საზოგადოებაში მიღებული კანონების შესაბამისად მის საკუთრებად მოიაზრება და ამ საკუთრების, ან მისი ნაწილის ჩამორთმევის უფლება, ადამიანის თანხმობის გარეშე, არავის არ გააჩნია. ასეთი კანონების გარეშე, ადამიანს ვერანაირი საკუთრების ვერ ექნება, რადგანაც ქონება, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს სხვა ადამიანმა დაუსჟელად წამართვას, ჩემს ნამდვილ საკუთრებად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, მცდარი იქნებოდა გვეფიქრა, რომ უზენაეს ძალაუფლებას, ანუ საკანონმდებლო ხელისუფლებას უფლება აქვს, რომ ქვეშევრდომების საკუთრება ნებელობით განაგოს ან მისი ნაწილი საკუთარი სურვილისამებრ ჩამოართვას. ეს საფრთხე არ ემუქრება ისეთი სახელმწიფოების ქვეშევრდომებს, სადაც საკანონმდებლო ორგანო, მთლიანად ან ნაწილობრივ საკრებულოს სახით არსებობს, რომლის შემადგენლობა იცვლება და ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა მის წევრებზეც ისევე ვრცელდება, როგორც საზოგადოების ნებისმიერ სხვა წარმომადგენელზე. მაგრამ ისეთ სახელმწიფოებში, სადაც საკანონდებლო ხელისუფლებას ერთი და უცვლელი შემადგენლობის საკრებულო, ან ერთი ხელისუფალი ანხორციელებს, როგორც მაგალითად აბსოლუტური მონარქიის შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ ამ ორგანომ ან ადამიანმა გადაწყვიტოს, რომ მისი ინტერესები საზოგადოების ინტერესებისგან განსხვავდება და ხალხის ქონებისა და ძალაუფლების მოხვეჭის სურვილი დაეუფლოს. ასეთ შემთხვევაში ადამიანთა საკუთრება სრულიად დაუცველია მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ერთი შეხედვით სამართლიანი კანონები მოქმედებს, რომლებიც ნათლად განსაზღვრავენ ურთიერთობებს მასსა და საზოგადოების დანარჩენ წევრებს შორის, რადგანაც ხელისუფალს, რომელსაც ძალაუფლება გააჩნია შეუძლია ერთპიროვნულად განაგოს ქვეშევრდომების ბედი, ხოლო მათი საკუთრება ისე გამოიყენოს, როგორც თავად საჭიროდ ჩათვლის.

ნაწილი 141. მეოთხე, საკანონმდებლო ორგანოს არ გააჩნია უფლება, რომ კანონშემოქმედების პასუხისმგებლობა სხვა ორგანოს გადასცეს, რადგანაც ეს უფლებამოსილება მას საზოგადოებამ მიანიჭა. მხოლოდ, საზოგადოებას შეუძლია განსაზღვროს თანამეგობრობის სტრუქტურა და გადაწყვიტოს, თუ ვის მიენიჭება ეს უფლებამოსილება. როდესაც ადამიანები თანხმობას გამოთქვამენ, რომ ასეთი ორგანოს წარმომადგენელი ადამიანების შემუშავებულ კანონებს დაემორჩილონ, ვერავინ იტყვის, რომ სხვებსაც აქვს ასეთი უფლება. მათ მიერ უფლებამოსილი ორგანოს მიღებული კანონების გარდა სხვა კანონებით არც არავინ უნდა იხელმძღვანელოს. საკანონმდებლო ძალაუფლება, როგორც ადამიანების მიერ ნებაყოფილობით ჩამოყალიბებული დაწესებულება, შექმნის პირობებისგან განსხვავებულად ვერ იმოქმედებს: მისი მიზანია კანონების უშუალოდ შემუშავება და არა ამ უფლებამოსილების სხვა პირებზე გადაკისრება. საკანონმდებლო ხელისუფლებას მისი უფლებამოსილების სხვებზე გადაცემის უფლება არ გაჩნია.

ნაწილი 142. ნებისმიერ თანამეგობრობაში და ნებისმიერი ფორმით ჩამოყალიბებული მთავრობის პირობებში, საკანონმდებლო ხელისუფლება საზოგადოებრივი ნდობის, ღვთისა და ბუნების კანონების საფუძველზე უნდა ყალიბდებოდეს. უპირველეს ყოვლისა საკანონმდებლო ხელისუფლება მის მიერ მიღებული კანონებით უნდა ხელმძღვანელობდეს და ამ კანონების გამოყენება გამონაკლისების დაშვების გარეშე უნდა უზრუნველყოს. ანუ ერთი და იგივე კანონი უნდა ვრცელდებოდეს როგორც მდიდარზე, ასევე ღარიბზე; როგორც მოსამართლეზე, ასევე გლეხზე; მეორე: კანონები მიზნად მხოლოდ საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფას უნდა ისახავდნენ; მესამე: საზოგადოების წარმომადგენლების ან უფლებამოსილი პირების მეშვეობით გამოხატული თანხმობის გარეშე, ხალხის ქონებაზე გადასახადების მომატება დაუშვებელია. ეს უფრო ისეთი ხელისუფლების შემთხვევაშია მართებული, რომელსაც უცვლელი შემადგენლობის საკანონმდებლო ორგანო ყავს, ან რომლის საკანონმდებლო ხელისუფლებაში ხალხის წარმომადგენლებს არა აქვთ გამოყოფილი ადგილები, რომელთა დასაკავებლად დროდარო არჩევნები ტარდება; მეოთხე: საკანონმდებლო ხელისუფლებას კანონშემოქმედებითი პასუხისმგებლობის გადაცემის უფლება არ გააჩნია, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ამას მიზანშეწონილად თავად საზოგადოება მიიჩნევს.

ნაწილი 199. უზურპირება სხვისი ძალაუფლების მითვისებას წარმოადგენს, ხოლო ტირანია უფლებამოსილების გადაჭარბებაა, რისი უფლებაც არავის არ შეუძლია, რომ ჰქონდეს. ანუ, ეს სხვისი უფლებამოსილების მითვისებაა, არა ქვეშევრდომთა სასიკეთოდ, არამედ პირადი გამორჩენის მიზნით. როდესაც ნებისმიერი უფლებამოსილების მმართველი არა კანონით, არამედ საკუთარი ნებასურვილით ხელმძღვანელობს, მისი ქმედებები არა სხვათა კეთილდღეობისა და საკუთრების დაცვას, არამედ ამ ადამიანის ამბიციებს, შურისძიების წყურვილს, სიხარბეს და სხვა ვნებებს ემსახურება.

ნაწილი 211. ის ვინც ხელისუფლების დამხობაზე მეტნაკლები სიმწვავით საუბრობს, უპირველეს ყოვლისა ერთმანეთისგან ნათლად უნდა ანსხვავებდეს საზოგადოების დამხობასა და ხელისუფლების დამხობას. ის, რაც საზოგადოებას ქმნის, ადამიანები პირველქმნილი პირობებიდან გამოყავს და ერთიან პოლიტიკურ საზოგადოებაში აწევრიანებს, არის შეთანხმება შეკავშირების, ერთიანი ქმედებისა და თანამეგობრობის ჩამოყალიბების შესახებ, რომელსაც თითოეული ადამიანი სხვებთან დებს. ასეთი კავშირის დარღვევის ყველაზე ხშირი და თითქმის ერთადერთი მიზეზი, გარეშე ძალის მიერ მისი დაპყრობაა. ასეთ შემთხვევაში (რადგანაც ასეთ თანამეგობრობის წევრებს აღარ შეუძლიათ ურთიერთმხარდაჭერა და ერთიანი და დამოუკიდებელი ორგანიზმის სახით არსებობის გააგრძელება) კავშირი აუცილებლად წყვეტს არსებობას და მისი თითოეული წევრი იმ პირველქმნილ მდგომარეობას უბრუნდება, რომელშიც გაერთიანებამდე იმყოფებოდნენ, სათანდო თავისუფლებითა და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობით. როდესაც საზოგადოება იშლება, ნათელია, რომ ვერ ამ საზოგადოების ხელისუფლება შენარჩუნდება. ამგვარად, დამპყრობელთა იარაღით იძირკვება მთავრობები და იშლება საზოგადოებები. ადამიანთა დიდი რაოდენობა შეზღუდული და დაუცველი რჩება, რადგანაც ისინი დამოკიდებული იყვნენ იმ საზოგადოებაზე და მთავრობაზე, რომელსაც ისინი ამ ძალადობისგან უნდა დაეცვა. მსოფლიოში კარგად არის ცნობილი, რომ საზოგადოების დაშლას ხელისუფლების გაუქმება მოსდევს, რადგანაც შეუძლებელია სახლის მთლიანობის შენარჩუნება, თუ ქარბორბალამ მისი ნაწილები აქეთ-იქით მიმოფანტა ან მიწისძვრამ ერთ გროვად აქცია.

ნაწილი 212. გარდა გარეშე ძალებისა, ხელისუფლების გადაყენება შიდა ძალების მიერადაცაა შესაძლებელი. უპირველეს ყოვლისა ეს მაშინ ხდება, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლება იცვლება. სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის მშვიდობა სუფევს. მათ შორის ომი გამორიცხულია საკანონმდებლო შეთანხმების საფუძველზე, რაც აგრეთვე ნიშნავს, რომ თანამეგობრობის წევრები ერთიანი ორგანიზმის ჩამოსაყალიბებლად გაერთიანდნენ და შეხმატკბილდნენ. თანამეგობრობის არსი სწორედ ეს არის და მას სახეს, სიცოცხლისუნარიანობასა და ერთობას აძლევს. სწორედ ამიტომაა, რომ მის გარკვეულ წევრებს ერთობლივი გავლენა, ურთიერთსიმპათია და კავშირები აქვთ. შესაბამისად, საკანონმდებლო ხელისუფლების დაშლას ყველა სხვა სფერს რღვევა მოსდევს. საზოგადოების არსი და ერთობა საერთო ნების გამომხატველი საკანონმდებლო ორგანოს არსებობაშია, რომელიც მას შემდეგ რაც უმრავლესობის მიერ შეიქმნა, ამ ნებას გამოხატავს და იცავს. საზოგადოების პირველ და უმთავრეს გადაწყვეტილებას კონსტიტუციის შექმნა წარმოადგენს, რისი მეშვეობითაც საფუძველი ექმნება მათ კავშირს, რომელსაც პიროვნებების ნება და იმ კანონების ძალა მართავს, რომელთაც ხალხის რჩეულები იღებენ. ხალხის თანხმობისა და მათი წარმომადგენლების გარეშე არავის ააქვს უფლება, რომ მიიღოს კანონები, რომლებიც ყველა სხვაზე გავრცელდება. როდესაც ვინმე ან პირთა ჯგუფი, ვისთვისაც საზოგადოებას სათანადო უფლებამოსილება არ მიუნიჭებია, კანონების შემოღებას შეეცდება, ასეთ კანონებს ის ძალა არ ექნება, რომელიც მათ ადამიანებისთვის სავალდებულოს გახდის. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს შეუძლია გავიდნენ მათი დაქვემდებარებიდან და ახალი საკანონმდებლო ხელისუფლება საკუთარი შეხედულებებისამებრ ჩამოყალიბონ, რადგან ისინი სრულიად თავისუფალნი არიან, რომ არ დაემორჩილონ იმ ჟგუფს, რომელმაც შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გადაწყვიტა, მათზე საკუთარი მოსაზრებები მოხვევა. ამგვარად, თუკი ისინი, ვისაც საზოგადოებამ საკუთარი ნების გამოხატვის უფლებამოსილება მიანიჭა, მას განუდგებიან და ხელისუფლების უზურპირებას მოახდენენ, სათანადო უფლებამოსილებისა და რწმუნებების გარეშე, მაშინ საზოგადოების ყველა წევრს აქვს თავისუფლება, რომ საკუთარი ნებასურვილით იმოქმედოს.

ნაწილი 220. ზემოთ აღწერილ და მსგავს შემთხვევებში, როდესაც ხელისუფლება იშლება, ადამიანები თავად იღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა სახის და შემადგენლობის ახალი საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა ჩამოაყალიბონ ძველის სანაცვლოდ, თავიანთივე უსაფრთოხებისა და სიკეთისთვის. იმისათვის, რომ საზოგადოებამ არასოდეს არ დაკარგოს ეს სისხლხორცეული და ძირეული უფლება, მან საკუთარი თავი უნდა დაიცვას, რაც მხოლოდ მყარი საკანონმდებლო ხელისუფლების და მის მიერ მიღებული კანონების სამართლიანი და მიუკერძოებელი შესრულების პირობებშია შესაძლებელი. ადამიანების ყოფა არც თუ ისე უხეიროა, რომ მათ კარგად არ ესმოდეთ ამგვარი ქმედების აუცილებლობა და ვითარების დროულად გამოსწორების მნიშვნელობა. ამდენად, თუ ადამიანებს ეუბნებით, რომ აუცილებელია ახალი საკანონმდებლო ხელისუფლების ჩამოყალიბება, რადგან ჩაგვრის, უკანონობისა თუ გარეშე ძალის ზემოქმედების შედეგად მანამდე არსებული ხელისუფლება დაიშალა, ეს იგივეა, რომ ადამიანს უთხრა, რომ ეშველება მაშინ, როდესაც დაავადებამ ღრმად გაიდგა ფესვები, ანუ როცა უკვე ძალიან გვიანია. ეს იგივეა, რომ ადამიანები აიძულო, რომ ჯერ მონები გახდნენ და შემდგომ იბრძოლონ თავისუფლების მოსაპოვებლად. უაზროა ადამიანებს უთხრა, რომ თავისუფალი ადამიანივით უნდა იმოქმედონ, როდესაც ისინი ბორკილებს ატარებენ. ეს ალბათ უფრო დაცინვაა, ვიდრე შველა. ადამიანი ვერასოდეს ვერ დააღწევს თავს ტირანიას, თუ იგი თანახმაა მას დაექვემდებაროს და არ ააქვს მისი უკუგდების სურვილი და შესაძლებლობა. ადამიანს გააჩნია ტირანიისგან თავის დაღწევის უფლება ისევე, როგორც ტირანიის თავიდან არიდების უფლება.

ნაწილი 221. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც მთავრობა იშლება. ეს მაშინ ხდება, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლება ან მმართველი, ან ორივე ერთად იმ ნდობას არ ამართლებენ, ან იმ უფლებამოსილების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, რომლითაც ისინი საზოგადოებამ აღჭურვა. საკანონმდებლო ხელისუფლება მაშინ კარგავს ნდობას, როდესაც იგი მის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტების საკუთრებას ხელყოფს და ცდილობს საკუთარი თავისთვის ან რომელიმე პიროვნებისთვის უფრო მეტი ძალაუფლება მოიპოვოს, ან მიკერძოებულად და ერთპიროვნულად განაგებს ადამიანთა სიცოცხლეს, თავისუფლებას და ქონებას.

ნაწილი 222. ადამიანები საზოგადოებას თავისი საკუთრების უკეთ დაცვის მიზნით უერთდებიან. ისინი თავისი უფლებების დელეგირებას საკანონმდებლო ხელისუფლებაზე იმიტომ ახდენენ, რომ ამ უკანასკნელმა კანონები საზოგადოების წევრებისა და მათი ქონების დაცვის უზრუნველყოფისა და მმართველებზე ზედამხედველობის დაწესების მიზნით შეიმუშაოს. საზოგადოება საკანონმდებლო ხელისუფლებას იმისთვის არ აყალიბებს, რომ მან გაანადგუროს ან საფრთხე შეუქმნას მათ ქონებას. როდესაც კანონმდებლები ცდილობენ მიისაკუთრონ ან გაანადგურონ ადამიანების საკუთრება ან მონებად აქციონ ადამიანები, ისინი ამით საზოგადოებას ომს უცხადებენ. ასეთ შემთხვევაში ადამიანები აღარ თვლიან თავს ვალდებულად დაემორჩილონ კანონმდებლებს და ძალადობისგან ხსნას ღმერთში ეძებენ. როდესაც კანონმდებლები უგულებელყოფენ საზოგადოების ძირეულ წესებს და პატივმოყვარეობის, შიშის, წინდაუხედაობის თუ გარყვნილების მიზეზით ცდილობენ, რომ მეტი ძალაუფლება მიითვისონ ან ვიმნეს მიაკუთვნონ და ამ გზით განაგონ ადამიანთა სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება, ისინი იმ საზოგადოების ნდობას კარგავენ, რომელმაც ისინი სათანადო უფლებამოსილებით სულ სხვა მიზნით აღჭურვა. ასეთ შემთხვევაში ადამიანები იბრუნებენ უფლებას თავად განსაზღვრონ, თუ რა სახის საკანონმდებლო ხელისუფლება სჭირდებათ, რომ საკუთარი ინტერესები და უსაფრთხოება დაიცვან. ის, რაც ზოგადად საკანონმდებლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით აღვნიშნე, ასევე მართებულია უმაღლეს აღმასრულებელი პირის მიმართაც, რომელიც ორმაგი ნდობით არის აღჭურვილი, რადგანაც იგი ერთდროულად მონაწილეობს, როგორც კანონშემოქმედებაში, ისე კანონების აღსრულებაში. ის ამ ორივე სფეროს წინააღმდეგ გამოდის იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებრივი წესებისა და კანონების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. იგი საზოგადოების ნდობის წინააღმდეგ მოქმედებს, როდესაც მოქმედებს ძალისმიერი მეთოდებით, ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას, ეყრდნობა ხელისუფლების კორუმპირებულ წარმომადგენლებს და იყენებს მათ საკუთარ მიზნებში, ამომრჩევლებს გარიგეგების ან მუქარით თავს მისთვის სასურველ პირებს ახვევს და მათთვის ხმის მიცემას აიძულებს. როდესაც აღმასრულებელი ასეთ ხერხებს იყენებს არჩევნების განმავლობაში, ყალიბდება არჩევნების ჩატარების მანკიერი მოდელი, რომელიც ძირს უთხრის ხელისუფლებას და წამლავს საზოგადოებას. ადამიანებს თავისი რჩეულები ჰყავთ, რომლებსაც ისინი ენდობიან. ამ ნდობის გამართლება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ამ პირებს ნამდვილად აირჩევენ და ისინი თავისუფლები იქნებიან, რომ თანამეგობრობისა და საზოგადოების ინტერესებში იმოქმედონ. ამ ადამიანებს კამათში მონაწილეობისა და მოსაზრებების ჩამოყალიბების საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ ამის საფუძველზე მათ გადაწყვეტილებები მიიღონ და თავად განსაჟონ, თუ რა ურჩევნიათ. თუ ადამიანები წინასწარ მისცემენ ხმას ვინმეს, ამ მოსაზრებების მოსმენის გარეშე, მათი გადაწყვეტილებები არ იქნება მართებული და შეჟერებული. თუ აღმასრულებელი ცდილობს სახელმწიფო ორგანოები ისეთი გზით დააკომპლექტოს, რომ მათ შემადგენლობაში მისთვის სასურველი პირები მოხვდნენ, ეს საზოგადოებრივი ნდობის ბოროტად გამოყენება და პრაქტიკულად ხელისუფლების დაშლის მცდელობაა. კანონის არასწორი განმარტება და გამოყენება უდავოდ ნდობის დაკარგვას და ხელისუფლების დაშლას გამოიწვევს. ძალიან ადვილია იმის დადგენა, თუ რა ძალაუფლება უნდა ჰქონდეთ იმათ, ვინც საზოგადოების ნდობა ვერ გაამართლა და მის წინააღმდეგ მოქმედებს. ცხადია, რომ იმან, ვინც ასეთი რამ ერთხელ მაინც სცადა, საზოგადოების ნდობას ვერასოდეს ვერ დაიბრუნებს.

ნაწილი 223. ამასთან დაკავშირებით არგუმენტის სახით შეიძლება ვინმემ განაცხადოს, რომ ადამიანები უვიცები და ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილოები არიან, რის გამოც მათი აზრი ხელისუფლების შესახებ ყოველთვის სხვადასხვაგვარია. ასეთ პირობებში ვერც ერთი მთავრობა ვერ გაძლებს დიდხანს, რადგანაც ადამიანები თუკი უკმაყოფილოები იქნებიან მოცემული მთავრობის რომელიმე ქმედებით, ყოველთვის მოისურვებენ ახალი მთავრობის შექმნას. ამასთან, დაკავშირებით მე სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრება მაქვს. ადამიანი ასე ადვილად არ ამბობს უარს მისთვის ჩვეულ პირობებზე, როგორც ზოგს ჰგონია. ძნელი სავარაუდოა, რომ ადამიანებმა ადვილად დასძლიონ ნაკლოვანებები, რომლებსაც ისინი ხედავენ ან ვითარების შეცვლა სცადონ. ზოგი ნაკლოვანება კორუფციითა და იმთავითვე არასწორი გადაწყვეტილებებითაა განპირობებული, მაგრამ ნამდვილად არ არის ადვილი ამასთან ბრძოლა და ვითარების შეცვლა მაშინაც კი, როდესაც ყველასთვის ნათელია, თუ რა ვითარებაა. ადამიანები ძალიან ნელა და უხალისოდ ამბობენ უარს თავიანთ ჩვეულ კონსტიტუციაზე. მრავალმა რევოლუციამ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა დაგვანახა, რომ მიუხედავად მრავალი მცდელობისა, რომ რამე შეცვლილიყო, ადრე თუ გვიან ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტში ბრუნდებოდა, ანუ კვლავ მონარქიას, ლორდთა და თემთა პალატას ვუბრუნდებოდით. მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით მოხდა ზოგი გვირგვინოსნის თავიდან გვირგინის მოხსნა, არასოდეს არ განვითარებულა მოვლენები ისე, რომ რაღაც სულ ახალი შემოეთავაზებინათ.

ნაწილი 229. ხელისუფლების დანიშნულებაა იზრუნოს საზოგადოების კეთილდღეობაზე. მაგრამ რა არის საზოგადოებისთვის სასაკეთო, დაექვემდებაროს შეუზღუდავ ტირანიას, თუ შეეწინააღმდეგოს მას, როდესაც მისი ძალაუფლება უსაზღვროდ იზრდება და გამოიყენება არა საკუთარი ხალხის სიცოცხლისა და საკუთრების დასაცავად, არამედ მათ გასანადგურებლად?

ნაწილი 232. ის, ვინც უკანონოდ გამოიყენებს ძალას, ომს უცხადებს იმ ადამიანებს, ვის წინააღმდეგაც მან იგი გამოიყენა. ასეთ პირობებში ყველა მანამდე არსებული კავშირი ირღვევა, უფლებები წყვეტენ არსებობას და ყველას გააჩნია უფლება დაიცვას საკუთარი თავი და წინააღმდეგობა გაუწიოს მომხდურს. ეს იმდენად ნათელია, რომ თავად ბარკლიმ, ადამიანმა, რომელიც ამკვიდრებდა და ამტკიცებდა მეფეების ძალაუფლებას, აღიარა, რომ ზოგ შემთხვევაში აუცილებელია მეფის ნების წინააღმდეგ წასვლა. ეს მან იმ თავში აღნიშნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ღვთის კანონები ადამიანს ნებისმიერ ჯანყს და წინააღმდეგობას უკრძალავენ. შესაბამისად ცხადია, რომ თუკი მის მოძღვრებას გავიაზრებთ, დავასკვნით, რომ თუ ადამიანს ზოგ შემთხვევაში შეუძლია, რომ წინააღმდეგობა გასწიოს, მაშინ მეფის წინააღმდეგ ყოველგვარი გამოსვლა აჯანყება როდია.

ნაწილი 240. იბადება ზოგადი ხასიათის შეკითხვა, ვინ უნდა დაინიშნოს იმის განსასჯელად, თუ ვინ იმოქმედა საზოგადოების ნდობის წინააღმდეგ, მეფემ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებამ? შესაძლებელია, რომ ეს იყოს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი ადამიანი, რომელიც მაშინაც გააკრიტიკებს მეფეს, როდესაც იგი მისი უფლებამოსილებების შესაბამისად მოქმედებს. ამაზე მე ვუპასუხებდი, რომ ადამიანებმა უნდა განსაჯონ. ვინ უნდა განსაჯოს, თუ რამდენად ამართლებს მის ნდობას ესა თუ ის პირი, გარდა იმ ადამიანისა, რომელმაც ნდობა გამოუცხადა მას? თუ ეს მართებულია კერძო პირების მიმართ, რატომ უნდა იყოს სხვაგვარად იმ დროს, როდესაც მილიონების ბედი წყდება და ბოროტებას უნდა აღუდგე და საფრთხე აირიდო?

ნაწილი 241. იგივე შეკითხვა (თუ ვინ უნდა განსაჯოს) არ გულისხმობს, რომ მოსამართლე საერთოდ არ უნდა არსებობდეს. როდესაც არ არსებობს სასამართლო, რომელმაც ადამიანთა შორის წინააღმდეგობები უნდა მოარიგოს, ღმერთი წარმოადგენს მოსამართლეს. ის ერთადერთი და საბოლოო მოსამართლეა. იგი განსჯის თუ რა არის მართალი. იმავდროულად ყოველი ადამიანი საკუთარი თავის მოსამართლეს წარმოადგენს და თავად განსჯის, თუ ვინ გამოუცხადა მას ომი და უნდა მიმართოს უზენაეს მოსამართლეს თუ არა.

ნაწილი 242. თუ წინააღმდეგობა მეფესა და ადამიანების ჯგუფს შორის წარმოიშვება და მიზეზი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული, მიუხედავად იმისა, რომ შედეგები შესაძლებელია საკამოდ მძიმე იყოს, მე მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში საზოგადოებამ უნდა განსაჯოს. თუ მმართველი ნდობით არის აღჭურვილი და იგი ამ ნდობის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ან თავის უფლებამოსილებას გადაამეტებს, მაშინ ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ (იმათ, ვინც ამ ნდობით აღჭურვა) თუ რამდენად გადააჭარბა მან თავის უფლებამოსილებას. მაგრამ თუ ხელისუფალი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მაშინ ერთადერთი ვისაც შეუძლია განსაჯოს – ღმერთია. თუ ორი ძალა, ანუ ორი მმართველი არსებობს, რომლებიც ერთმანეთს ებრძვის და დედამიწაზე მათზე ზემდგომი ხელისუფლება არ არსებობს, მაშინ დაზარალებულს ისღა დარჩენია, რომ მხოლოდ ღმერთს მიმართოს და მის ნებას მიენდოს.

ნაწილი 243. დასკვნის სახით: ძალაუფლება, რომელიც ყოველმა პიროვნებამა საზოგადოებას გადასცა, როდესაც მას შეუერთდა, ვერასოდეს დაუბრუნდება ამ ადამიანს მანამ, სანამ ეს საზოგადოება არსებობს, თუმცა ყოველთვის დარჩება ამ საზოგადოებაში, რადგანაც ამის გარეშე საზოგადოება, ანუ თანამეგობრობა ვერ იარსებებს. როდესაც საზოგადოება საკანონმდებლო უფლებამოსილებას რომელიმე ორგანოს მიანიჭებს და ეს უფლებამოსილება ამ ორგანოს სამართალმემკვიდრეს გადაეცემა, საკანონმდებლო ძალაუფლება ვერასოდეს დაუბრუნდება ადამიანებს მანამ, სანამ ეს ხელისუფლება არსებობს, რადგანაც ადამიანებმა თავად გადასცეს პოლიტიკური უფლება ამ ორგანოს და ვერ დაიბრუნებენ მას. მაგრამ თუ საზოგადოებამ ამ უფლებამოსილების ვადა განსაზღვრა ან იგი დროებითია, მაშინ ამ ვადის დასრულების შემდეგ, ან ხელისუფლების მცდარი ქმედებების შედეგად, ამ უფლებამოსილების დაბრუნება შესაძლებელი ხდება. საზოგადოებას აქვს უფლება განსაჯოს და გადაწყვეტილება მიიღოს იმის თაობაზე, თუ ვის გადასცეს ეს უფლებამოსილება არსებული წყობის შიგნით ან როგორ გარდაქმნას ის.

_____________________________

1 კანონების შემუშავებისა და მიღების უფლებამოსილების მინიჭების მიზანი ადამიანთა საზოგადოების კანონიერი მართვის უზრუნველყოფაა. თუ რომელიმე ადამიანი ამ დედამიწაზე განაცხადებს, რომ მას ღვთის მიერ ან თავად საზოგადოების თანხმობით აქვს მინიჭებული იგივე უზენაესი უფლებამოსილება და კანონების განსაზღვრისა და მათი შესრულების უზრუნველყოფის უფლება გააჩნია, ეს ტირანიის ტოლფასი იქნება. კანონად ვერ ჩაითვლება ის, რაც საზოგადოებასთან შეთანხმებული და მის მიერ მოწონებული არ არის (ჰუკერი, ნაწილი 10). შესაბამისად, ამ ადამიანებს ჩვენი თანხმობის გარეშე ადამიანთა საზოგადოების პოლიტიკური მართვის უფლება არ გააჩნიათ. ამ შემთხვევაში ჩვენ ყოველგვარი კანონიერების მიღმა შეიძლება აღმოვჩნდეთ. იმისთვის, რომ გვმართონ, ჩვენი თანხმობაა საჭირო და როდესაც საზოგადოება, რომლის წევრი ვართ, ასეთ თანხმობას გამოხატავს, იგი შეუცვლელი მანამდე იქნება, სანამ სათანადო ცვლილებას ასევე არ დავადასტურებთ. მაშასადამე, კანონები ადამიანების თანხმობის საფუძველზე მიიღება);

2 ადამიანის მიერ შემუშავებული კანონები იმგვარად არიან ჩამოყალიბებული, რომ პატივი იმ ადამიანებს უნდა სცენ, რომლებიც მართავენ. მიუხედავად ამგვარი დამოკიდებულებისა, კიდევ უფრო უზენაესი კანონები არსებობენ, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია. ეს შემდეგი ორი კანონია: ღვთის რჯული და ბუნების კანონი. შესაბამისად, ადამიანთა მიერ შემუშავებული კანონები ბუნების კანონებს უნდა შეესაბამებოდნენ და წმინდა წიგნების უზენაეს კანონებს არ ეწინააღმდეგებოდნენ, სხვა შემთხვევაში ეს კანონები ნაკლული იქნება. (ჰუკერი, III, ნაწილი 9). ადამიანის იძულება აკეთოს ის, რაც მისთვის მიუღებელია, გონივრული არ არის (იქვე. ნაწილი 10)

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s