ბუნებრივი ელიტები, ინტელექტუალები და სახელმწიფო

BookCoverImage

ჰანს-ჰერმან ჰოპე

ჰანს-ჰერმან ჰოპემ სახელი გაითქვა, როგორც თანამედროვე ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მოწინავე წარმომადგენელმა და ლიბერტარიანული ანარქოკაპიტალიზმის მედროშემ. გერმანული წარმოშობის ჰოპე საერთაშორისო გაერთიანება „საკუთრების და თავისუფლების საზოგადოებას“ უდგას სათავეში, რომელიც მისი ინიციატივით 2006 წლის მაისში, თურქეთის ქალაქ ბოდრუმში ჩამოყალიბდა. ეს გაერთიანება საბაზრო რადიკალიზმით და სამეცნიერო უკომპრომისობითაა ცნობილი. ჰოპესვე ეკუთვნის მრავალი სტატია და წიგნი, რომელთა შორის გამოირჩევა „დემოკრატია: ღმერთი, რომელიც მოკვდა“, სადაც ის გერმანელი ფილოსოფოსის იურგენ ჰაბერმანსისა და კარლოტო აპელის „განსჯის ეთიკის“ გავლენით ჩამოყალიბებული „დასაბუთების ეთიკის” საფუძველზე დეტალურად აღწერს დემორკატიის დამკვიდრების შედეგად პირადი თავისუფლების და პასუხისმგებლობის დაკნინების პროცესს.

(გამოქვეყნდა 1999 წ.)

სახელმწიფო ტერიტორიულ მონოპოლიას ფლობს ძალადობაზე; მას საშუალება აქვს საკუთრების უფლება მუდმივად ხელყოს ინსტიტუციონალიზებულ საფუძველზე და ქონების ჩამორთმევის, გადასახადების დაკისრებისა და შეზღუდვების დაწესების გზით ექსპლუატაცია გაუწიოს კერძო საკუთრების მფლობელებს.

როგორ წარმოიშვა სახელმწიფო? სახელმწიფოთა წარმოშობის შესახებ ორი თეორია არსებობს. ერთ-ერთი მათგანი ისეთ სახელებს უკავშირდება, როგორიცაა ფრანც ოპენჰეიმერი, ალექსანდრ რუსტოუ და ალბერტ ნოკი. ამ თეორიის თანახმად, სახელმწიფო ადამიანების ერთი ჯგუფის მიერ მეორის შეიარაღებული ძალით დაპყრობის შედეგად წარმოიშვა. ეს სახელმწიფოს წარმოშობის ეგზოგენური (გარეშე ძალების ზემოქმედებით – მთარგმ. შენიშვ.) თეორიაა. მაგრამ ეს მიდგომა ეთნოგრაფებმა და ანთროპოლოგებმა მრავალჯერ გააკრიტიკეს მკაცრად, როგორც ისტორიული, ისე თეორეტიკული თვალსაზრისით (მაგალითად, ვილჰელმ მიჰლმანმა). კრიტიკოსები ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ ყველა სახელმწიფო დაპყრობების შედეგად არ წარმოშობილა. ისინი მცდარს უწოდებენ იმ მოსაზრებას, თითქოს სულ პირველი სახელმწიფო მომთაბარე მესაქონლე ტომების მიერ მკვიდრი მიწათმომქმედების დაპყრობის შედეგად წარმოიშვა. ეს თვალსაზრისი თეორიულ წინააღმდეგობას აწყდება, რადგან დაპყრობა თავისთვად დამპყრობლების სახელმწიფოს მსგავსი ორგანიზაციის არსებობას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ეგზოგენური წარმოშობის თეორია უფრო ფუნდამენტურ, სახელმწიფოს ენდოგენური წარმოშობის თეორიას მოითხოვს.

ასეთი თეორია ბერტრანდ ჯოუვენელმა წარმოადგინა. მისი აზრით, სახელმწიფო ბუნებრივი ელიტის საფუძველზე აღმოცენდა: კერძო მესაკუთრეთა შორის ნებაყოფლობით გაცვლებს უთანასწორობა, იერარქიულობა და ელიტარულობა ბუნებრივად მოჰყვა. ყოველ საზოგადოებაში რამდენიმე ადამიანი თავისი ნიჭის წყალობით, ელიტის სტატუსს იძენდა. ეს ადამიანები სხვებზე მეტ წარმატებას აღწევდნენ და ქონებით, სიბრძნით და სიმამაცით გამოირჩეოდნენ. ამიტომ, ბუნებრივია, ავტორიტეტს იხვეჭდნენ. მათი მოსაზრებები და მსჯელობა ფართო პატივისცემით სარგებლობდა. გარდა ამისა, სელექციური შეწყვილების, ქორწინების და სამოქალაქო და გენეტიკური მემკვიდრეობის კანონების თანახმად, როგორც ჩანს, ბუნებრივი ავტორიტეტი მემკვიდრეობით რამდენიმე კეთილშობილი ოჯახის თაობიდან თაობაზე გადადიოდა. ამ ოჯახთა უფროსებს, რომლებმაც სხვებზე დიდი ხნით ადრე მიაღწიეს დიდ წარმატებას და წინდახედულებითა და სანიმუშო ყოფაქცევით გამოირჩეოდნენ, სხვა ადამიანები თავიანთი პრობლემების მოსაგვარებლად და ერთმანეთზე საჩივლელად მიმართავდნენ. ბუნებრივი ელიტის ლიდერები მსაჯულისა და მშვიდობისმყოფელის ფუნქციას ხშირად უფასოდ ასრულებდნენ. მათ საკუთარი პიროვნული მოვალეობის შეგრძნება ან, სამოქალაქო სამართალზე, როგორც კერძო წარმოების „საზოგადოებრივ სიკეთეზე“, ზრუნვა ამოძრავებდათ.

სწორედ მსაჯულისა და მშვიდობისმყოფელის ფუნქციის მონოპოლიზება იყო სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯი. ერთხელაც, ბუნებრივი ელიტის ერთერთმა წარმომადგენელმა, რომლის ავტორიტეტი საყოველთაოდ იყო აღიარებული, დაჟინებით მოითხოვა, რომ გარკვეულ ტერიტორიაზე ყველა კონფლიქტი მხოლოდ მას განეხილა. სხვების წინააღმდეგობის მიუხედავად, მან თავისი გაიტანა და კონფლიქტურ მხარეებს სხვა მსაჯულისა და მშვიდობისმყოფელის ამორჩევა აეკრძალათ.

მონოპოლიის წარმოშობა

რაკი სახელმწიფო პირვანდელი ბუნებრივი ელიტის იერარქიული წყობისგან აღმოცენდა, გასაგები ხდება, თუ რატომ იყო კაცობრიობის ისტორიაში მონარქიული მმართველობა დემოკრატიულზე უფრო გავრცელებული. რასაკვირველია, იყო გამონაკლისებიც, მაგალითად, ათენის დემოკრატია, რომის რესპუბლიკა ჩვენი წელთაღრიცხვის 31 წლამდე, რესპუბლიკები ვენეციაში, ფლორენციასა და გენუაში რენესანსის დროს, შვეიცარიის კანტონები 1291 წლიდან, ნიდერლანდების გაერთიანებული პროვინციები 1648 წლიდან 1673 წლამდე და ინგლისი კრომველის დროს. მაგრამ ეს იშვიათი შემთხვევითობა იყო და არც ერთი მათგანი ოდნავადაც არ ჰგავდა თანამედროვე დემოკრატიულ სისტემას, რომელიც ყოველი ადამიანისთვის ერთ საარჩევნო ხმის უფლებას ითვალისწინებს. ეს სახელმწიფოები მეტისმეტად ელიტარული იყო. მაგალითად, ათენში არჩევნებში მონაწილეობის და მმართველ თანამდებობაზე არჩევის უფლების მქონე ადამიანთა რიცხვი მოსახლეობის 5%-საც არ შეადგენდა. კაცობრიობამ მონარქიების ხანა მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მოიტოვა უკან.

მონოპოლიური ძალაუფლება

მაშინვე, როგორც კი ბუნებრივი ელიტის ერთმა წევრმა წარმატებით მოახდინა მსაჯულისა და მშვიდობისმყოფელის ფუნქციების მონოპოლიზება, სასამართლო წარმოება და მისი დადგენილების განხორციელება უფრო გაძვირდა. უფასო მომსახურების ან ნებაყოფლობითი გადასახადის ნაცვლად, მასთან დაკავშირებული ხარჯები სავალდებულო გადასახადებით იფარებოდა. მონოპოლიური სასამართლო, რომელსაც კლიენტების დაკარგვის საშიშროება არ ელოდა არსებულ კანონებს თავის სასარგებლოდ ამახინჯებდა, ნაცვლად იმისა, რომ კერძო საკუთრების დამცავი ანტიკური კანონებით ესარგებლა და სამართლის უნივერსალური და უცვლელი პრინციპებით ემოქმედა.

როდის გადადგა პატარა, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯი მეფემ სამართალწარმოებასა და წესრიგის დაცვის უფლებაზე მონოპოლიის განმტკიცებისკენ, რაც, სრულიად აშკარად, ძვირსა და უხარისხო სამართალს ნიშნავდა? რასაკვირველია, ბუნებრივი ელიტის სხვა წევრები ამის წინააღმდეგი იქნებოდნენ. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი მეფე საკუთარ თავს „ხალხთან“, ანუ „ჩვეულებრივ ადამიანებთან“ აიგივებდა. შურიანობის მარადიულ გრძნობებზე თამაშით, მეფეები ხალხს უფრო იაფ და უკეთეს სამართალს ჰპირდებოდნენ, მათთვის გადასახადების შემცირებით და მათ მეტოქეებზე (ე.ი. მეფის მოწინააღმდეგეებზე) უფრო მაღალი გადასახადების დაკისრების ხარჯზე. და, კიდევ, მეფეებს ინტელექტუალების გადაბირების იმედი ჰქონდათ.

ინტელექტუალთა როლი

სავარაუდოა, ცხოვრების დონის ზრდასთან ერთად, მწიგნობრობაზე მოთხოვნა იზრდებოდა, თუმცა, ხალხის უმრავლესობა მიწიერ, ყოველდღიურ ყოფაზე უფრო მეტად ზრუნავდა და ინტელექტუალთა სამსახურს ნაკლებად იყენებდა. ეკლესიის გარდა, მწიგნობრობაზე მოთხოვნა მხოლოდ ბუნებრივი ელიტის წევრებში იყო, მაგალითად, ბავშვების მასწავლებლებზე, პირად მრჩევლებზე, მდივნებსა და ბიბლიოთეკარებზე. ინტელექტუალთა სამსახურზე მოთხოვნა არამყარი, ხოლო ანაზღაურება, როგორც წესი, დაბალი იყო. ამასთან, მართალია, ბუნებრივი ელიტის წევრები თვითონ იშვიათად იყვნენ განსწავლულები (ე.ი. მთელ დროს სწავლას არ ანდომებდნენ), სამაგიეროდ, ისინი მატერიალური წარმოებით იყვნენ დაკავებული და ჭკუით მათ მიერ დასაქმებულ ინტელექტუალებს არ ჩამოუვარდებოდნენ, ამიტომ მათ მიღწევებს დიდად არ აფასებდნენ.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ეს ფაქტი ინტელექტუალთა წყენას იწვევდა, რადგან მათ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდათ. რაოდენ უსამართლო იყო, რომ ბუნებრივი ელიტა, რომლსაც ინტელექტუალები ასწავლიდნენ, ფაქტობრივად, მათზე მაღლა იდგა და კომფორტულად ცხოვრობდა, ხოლო თავად ინტელექტუალები გაცილებით ღარიბნი და ბუნებრივ ელიტაზე დამოკიდებულნი იყვნენ. ადვილი წარმოსადგენია ისიც, რომ, თუკი ინტელექტუალები სამართალზე მონოპოლიის ხელში ჩაგდებას მოინდომებდნენ, მეფე მათ იოლად აჯობებდა. მონარქიული მმართველობის იდეოლოგიური მხარდაჭერის სანაცვლოდ, მეფეს შეეძლო მათთვის არა მარტო უკეთესი და მაღალი წოდების სამსახური შეეთავაზებინა, არამედ ამით მათთვის, როგორც სამეფო კარის ინტელექტუალებისთვის, შესაძლებლობა მიეცა, რომ ბოლოს და ბოლოს ბუნებრივი ელიტისათვის სამაგიერო გადაეხადათ მათდამი უპატივცემულო დამოკიდებულების გამო.

მაგრამ, ინტელექტუალთა მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა. მონარქიული მმართველობის დროს მმართველსა (მეფე) და მართულს შორის აშკარა განსხვავება იყო და მართულმა იცოდა, რომ ის მმართველი ვერასდროს გახდებოდა. ამიტომ, მეფის ძალაუფლების ზრდას დიდად ეწინააღმდეგებოდა როგორც ბუნებრივი ელიტა, ისე ჩვეულებრივი მოსახლეობა. შესაბამისად, მეფისთვის იოლი არ იყო გადასახადების გაზრდა და ინტელექტუალთა დასაქმების შესაძლებლობა ისევ ძალიან შეზღუდული რჩებოდა. ამასთან, რაკი მეფე უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, ის ინტელიგენციას ბუნებრივ ელიტაზე ბევრად უკეთ არ ეპყრობდა. და, თუ გავითვალისწინებთ, რომ მეფე უფრო დიდ ტერიტორიას აკონტროლებდა, ვიდრე ბუნებრივი ელიტის რომელიმე წარმომადგენელი, მასთან უსიამოვნება კიდევ უფრო სახიფათო იყო და ეს ინტელექტუალთა მდგომარეობას კიდევ უფრო საჩოთიროს ხდიდა.

ამას მოწმობს ცნობილ განათლებულ ადამიანთა ბიოგრაფიები – შექსპირიდან გოეთემდე, დეკარტედან ლოკამდე, მარქსიდან სპენსერამდე. თითქმის XIX საუკუნემდე მათ საქმიანობას კერძო დონორები, ბუნებრივი ელიტის წარმომადგენლები, პრინცები ან მეფეები აფინანსებდნენ. სპონსორთან უსიამოვნების გამო ისინი ხშირად იცვლიდნენ სამუშაოს და ზოგჯერ ადგილმდებარეობასაც კი. მართალია, ამით უმეტეს შემთხვევაში ფინანსურ უზრუნველყოფას კარგავდნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ეს არა მარტო მათ უნიკალურ კოსმოპოლიტურობას უწყობდა ხელს (რასაც მრავალი ენის ცოდნა მოწმობს), არამედ მათ არაჩვეულებრივ ინტელექტუალურ დამოუკიდებლობასაც. რომელიმე დონორი ან სპონსორი თუ აღარ დაეხმარებოდათ, მრავალი სხვა არსებობდა, ვინც სიამოვნებით ენაცვლებოდა მათ. უნდა ითქვას, რომ ინტელექტუალური და კულტურული ცხოვრება უმეტესწილად ყვაოდა, მაგრამ ინტელექტუალები ყველაზე მეტი დამოუკიდებლობით იქ სარგებლობდნენ, სადაც მეფის პოზიცია, ანუ ცენტრალური მმართველობა შედარებით სუსტი იყო, ბუნებრივი ელიტა კი ძლიერი.

დემოკრატიის განვითარება

სახელმწიფოს, ბუნებრივ ელიტასა და ინტელექტუალებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ძირეული ცვლილება მხოლოდ მონარქიული მმართველობის დემოკრატიულზე გადასვლისას მოხდა. ისტორიულად, მონარქიის წინააღმდეგ ბრძოლას მართლმსაჯულების მზარდი ფასები და მეფეების მიერ (როგორც მონოპოლისტი მოსამართლეების და მშვიდობისმყოფელების) ანტიკური კანონების დამახინჯება განაპირობებდა. თუმცა ამ მოვლენის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით დიდი გაურკვევლობა არსებობდა. იყვნენ ისეთები, ვინც სწორად ხვდებოდნენ, რომ პრობლემას მონოპოლია ქმნიდა და არა ელიტა ან აზნაურობა. თუმცა, მათზე გაცილებით მეტნი იყვნენ ისინი, ვინც ამ პრობლემაში ელიტარული მმართველობის ხასიათს შეცდომით ადანაშაულებდა; იყვნენ ისეთებიც, ვინც მხარს უჭერდა სამართლისა და კანონების გატარების მონოპოლიას და ისეთებიც, ვინც უბრალოდ მეფისა და მეტისმეტად თვალში საცემი სამეფო პომპეზურობის „ხალხითა” და წესიერი „ჩვეულებრივი ადამიანებით“ ჩანაცვლებას მოითხოვდა. აქედან დაიწყო დემოკრატიის ისტორიული სვლა.

ბედის ირონიაა, რომ მონარქიზმი იმავე სოციალურმა ძალებმა დაანგრიეს, რომელთა წაქეზებასა და გადაბირებასაც ერთ დროს მეფეები ცდილობდნენ, როდესაც მოსამართლეობიდან კონკურენტი ბუნებრივი ავტორიტეტების ჩამოშორება დაიწყეს. ეს იყო უბრალო ადამიანთა შური მათ ზემდგომთა მიმართ და ინტელექტუალთა სწრაფვა საზოგადოებაში ე.წ. დამსახურებული ადგილის დასაკავებლად. როდესაც მეფის დაპირებები უკეთესი და უფრო იაფი მართლმსაჯულების შესახებ ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა, ინტელექტუალებმა ის ეგალიტარული მოსაზრებანი, რითაც ადრე მათ მეფეები ატყუებდნენ, თავად მონარქიული მმართველობის წინააღმდეგ შეატრიალეს. აქედან გამომდინარე, ლოგიკური აღმოჩნდა, რომ მეფეც უნდა ჩამოეგდოთ და ის ეგალიტარული პოლიტიკა, რომელიც მონარქებმა მოიგონეს, საბოლოოდ განეხორციელებინათ, ანუ სამართალზე მონოპოლია უბრალო ხალხისთვის გადაეცათ. ინტელექტუალთა აზრით, ეს ფუნქცია მათ თვითონ უნდა შეესრულებინათ, რადგანაც ისინი ხალხის სახელით ლაპარაკობდნენ.

როგორც ელემენტარული ეკონომიკური თეორია წინასწარმეტყველებდა, მონარქიული მმართველობის გადასვლამ საყოველთაო საარჩევნო უფლებაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ მმართველობაზე და მეფის ხალხით შეცვლამ საქმე გააუარესა. მართლმსაჯულების ფასი ასტრონომიულად გაიზარდა და სამართლის ხარისხი სულ უფრო გაუარესდა. ამ გარდაქმნამ მმართველობაზე კერძო საკუთრების სისტემა, ანუ კერძო მონოპოლია, მმართველობაზე საზოგადოებრივი საკუთრების სისტემით – საზოგადოებრივი მონოპოლიით შეცვალა.

ამით დაიწყო „საზიარო საკუთრების ტრაგედია“. ახლა მხოლოდ მეფე კი არა, არამედ ყველა დანარჩენიც სხვისი ქონების მიტაცებას ცდილობდა. ამან: მთავრობის მხრიდან გადასახადების სახით მეტი ექსპლუატაცია გამოიწვია; სამართალი იმ დონემდე დაკნინდა, რომ სამართლის უნივერსალური და უცვლელი პრინციპების არსებობის რწმენა გაქრა და ის სამართალშემოქმედების იდეამ ჩაანაცვლა (მიკვლეული და სამარადჟამოდ „დადგენილი“ სამართლის იდეა, დადგენილი და შეთანხმებული სამართლის იდეამ შეცვალა); გაიზარდა დროებითი უპირატესობის მქონეთა სოციალური დონე (გაიზარდა მედროვეობა).

მეფე ფლობდა ტერიტორიას და შეეძლო ის თავისი ვაჟისთვის გადაეცა, ამიტომ, ის მის ღირებულებას უფრთხილდებოდა. დემოკრატიული მმართველი იყო და არის დროებითი ხელმძღვანელი და, ამიტომ, ის ძირითადი კაპიტალის ხარჯზე ყველა სახის სახელმწიფო მიმდინარე შემოსავლის მაქსიმალურ გაზრდას ცდილობს და ფლანგავს მას.

აი, ზოგიერთი ფაქტი: მონარქიულ ხანაში პირველ მსოფლიო ომამდე სამთავრობო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით 5%-ზე მაღალი არ იყო. მას შემდეგ ის 50 %-მდე გაიზარდა. პირველ მსოფლიო ომამდე სახელმწიფო დასაქმება მთელი დასაქმების 3%-ზე ნაკლები იყო. მას შემდეგ 15-20 %-მდე გაიზარდა. მონარქიულ ეპოქაში ფულის ფუნქციას საქონელი (ოქრო) ასრულებდა და ფულის მსყიდველობითი უნარი თანდათან იზრდებოდა. დემოკრატიული ეპოქა კი ქაღალდის ფულის ეპოქაა, რომლის მსყიდველობითი უნარი თანდათან მცირდება.

მეფეები სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდნენ ვალებში, მაგრამ მშვიდობიან დროს ისინი თავიანთ ვალებს, ჩვეულებრივ, ცოტათი ამცირებდნენ. დემოკრატიულ ეპოქაში ჩვენი მთავრობის ვალები ომის დროსაც წარმოუდგენლად იზრდება და მშვიდობის დროსაც. მონარქიულ ეპოქაში რეალური საპროცენტო განაკვეთი თანდათან მცირდებოდა, დაახლოებით 2.5%-მდე. მას შემდეგ რეალური საპროცენტო განაკვეთი (ნომინალური განაკვეთი ინფლაციის მიხედვით) დაახლოებით 5%-მდე გაიზარდა – XV საუკუნის დონეს გაუტოლდა. კანონმდებლობა, ფაქტობრივად, XIX საუკუნის ბოლომდე არ არსებობდა. დღეს ერთ წელიწადში ათიათასობით კანონსა და დადგენილებას იღებენ. შემოსავლების ზრდასთან ერთად, დანაზოგების დონე კი არ იზრდება, მცირდება და ოჯახების დაშლისა და დანაშაულებათა მაჩვენებლები სულ ზევით და ზევით მიიწევს.

ბუნებრივი ელიტის ხვედრი

რა ბედი ეწია ბუნებრივ ელიტას და ინტელექტუალებს მაშინ, როდესაც დემოკრატიული მმართველობის პირობებში სახელმწიფოს მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო „ხალხის“ მდგომარეობა, რომელმაც საკუთარი თავის მართვა „თავადვე“ დაიწყო, მკვეთრად გაუარესდა? დემოკრატიზაციამ განსაკუთრებულ წარმატებას იქ მიაღწია, სადაც მას თავად მეფეებმა დაახვედრეს ნოყიერი ნიადაგი: სრულიად გაანადგურეს რა ბუნებრივი ელიტა და თავადაზნაურობა. დიდგვაროვანი ოჯახების ქონება მათ სიცოცხლეშივე და მათი გარდაცვალების შემდეგ საგადასახადო კონფისკაციის გზით განიავდა. ამ ოჯახების ეკონომიკური დამოუკიდებლობის ტრადიციები, გონივრული წინდახედულება, ზნეობრივი და სულიერი წინამძღოლობის სულისკვეთება ერთავად დაიკარგა და დავიწყებას მიეცა.

მდიდარი ადამიანები დღესაც არსებობენ, მაგრამ ხშირად მათ თავიანთი ქონება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, სახელმწიფოს წყალობით აქვთ ნაშოვნი. ამდენად, ისინი ხშირად სახელმწიფოს მუდმივ დახმარებაზე უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი, ვიდრე ნაკლები ქონების მეპატრონეები.

ისინი უკვე არა დიდი ხნის წინ დამკვიდრებული მოწინავე ოჯახების წინამძღოლები, არამედ, „მდიდარი მეტიჩრები“ არიან. მათ ქცევას სიძლიერე, სიბრძნე, ღირსება ან გემოვნება კი არ ეტყობა, არამედ მედროვეობა, რაც იმავე პროლეტარული კულტმასობრივი ოპორტუნიზმის, ჰედონიზმის გამოხატულებაა, რაც თანამედროვე მდიდარ და ცნობილ ადამიანებს ყველა დანარჩენს ამსაგავსებს. ამიტომ, – მადლობა ღმერთს! – საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე გავლენის თვალსაზრისით, მათ აზრს სხვების აზრზე უფრო მეტი წონა აღარ აქვს.

დემოკრატიამ შეძლო „რანტიეთა (პირი, რომელიც გასესხებული კაპიტალის სარგებლით ცხოვრობს) კლასის ევთანაზია“ (უმტკივნეული სიკვდილი), ანუ ის, რაზედაც კეინზი მხოლოდ ოცნებობდა. კეინზის განცხადება, „გარკვეული ხნის შემდეგ ყველა ჩვენგანი მოკვდებაო“, ჩვენი დროის დემოკრატიულ სულისკვეთებას – ჰედონისტურ მედროვეობას – ზუსტად გამოხატავს. ასეთი განსჯა ტიპური გახდა, თუმცა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრიც არასწორია. დემოკრატიამ, ნაცვლად იმისა, რომ პროლეტარიატი გაეკეთილშობილებინა, ელიტა გააპროლეტარიატა და ხალხის მასების აზროვნებასა და განსჯის უნარს სისტემატურად ამახინჯებს.

ინტელექტუალთა ხვედრი

მეორე მხრივ, იმ დროს, როდესაც ბუნებრივ ელიტას ანადგურებდნენ, ინტელექტუალებს საზოგადოებაში უფრო შესამჩნევი და ძლიერი პოზიცია ეჭირათ. უნდა ითქვას, რომ მათ მნიშვნელოვანწილად მიაღწიეს კიდეც მიზანს და იმ მმართველ კლასად ჩამოყალიბდნენ, რომელიც სახელმწიფოს მართავდა და მოსამართლის უფლებამოსილებას მონოპოლიურად ასრულებდა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ დემოკრატიულად არჩეული პოლიტიკოსები ყველა ინტელექტუალია (თუმცა, რასაკვირველია, დღეს პრეზიდენტობას მეფეებთან შედარებით უფრო მეტად განათლებული ადამიანები აღწევენ). და, მაინც, მწიგნობარს განსხვავებული უნარი და ნიჭი სჭირდება, ვიდრე იმ ადამიანს, რომლესაც მასების მობილიზება ან დონორებიდან თანხების მოზიდვა ეხერხება. თუმცა, უწიგნურებიც საბიუჯეტო სკოლებისა და უნივერსიტეტების, აგრეთვე, ინტელექტუალი საჯარო მოხელეებისა და მათი მრჩევლების მიერ არიან გონებაარეული და თითქმის ყველა ერთ წუმპეშია ამოგანგლული.

ბუნებრივი ელიტის კერძო სამსახურში არც ერთი რიგიანი ეკონომისტი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი თუ სოციალურ მეცნიერებათა თეორეტიკოსი არ დგას. ძველი ელიტიდან შემორჩენილ რამდენიმე წარმომადგენელს კი, ვისაც მათი სამსახური შეიძლება სჭირდებოდეს, ფინანსური შესაძლებლობა აღარ აქვს. ამიტომ, თანამედროვე ინტელექტუალები მასიურად დგანან სახელმწიფო სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულება ან ფონდი, სადაც ისინი მუშაობენ, ნომინალურად კერძოა. ისინი თავს ჭირვეული მომხმარებლის მოთხოვნილებისგან თითქმის მთლიანად დაცულად გრძნობენ („მუდმივი სამუშაო ადგილი“). მათი რიცხვი დრამატულად იზრდება, ხოლო მათი საშუალო ანაზღაურება კი რეალურ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მაღალია. ამასთანავე, მათი გონებრივი პროდუქტის ხარისხი გამუდმებით უარესდება. ის, რასაც ჩვენ ვაწყდებით, უმეტესად შეუსაბამობა და გაუგებრობაა. უფრო უარესი ის არის, რომ რამდენადაც დღეს გონებრივი პროდუქტი მთლად შეუსაბამო და გაუგებარია, ის საოცრად ეტატისტურია. არსებობს გამონაკლისები, მაგრამ თუ პრაქტიკულად ყველა ინტელექტუალი სახელმწიფოს მრავალრიცხოვან ორგანოებშია დასაქმებული, მაშინ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მათი ყველაზე დიდი მიღწევა, უპირველეს ყოვლისა, ეტატიზმის პროპაგანდა იქნება. დღეს დემოკრატიულ მმართველობას უფრო მეტი პროპაგანდისტი ჰყავს, ვიდრე კაცობრიობის ისტორიაში ოდესმე რომელიმე მონარქისტულ მმართველობას ჰყოლია.

ეტატიზმისკენ ეს, ერთი შეხედვით, შეუჩერებელი სვლა ე.წ. „ჩიკაგოს სკოლის“ წარმომადგენელთა, კერძოდ, მილთონ ფრიდმენის, მის წინამორბედთა და მის მიმდევართა მაგალითზე ჩანს კარგად. 1930-1940-იან წლებში „ჩიკაგოს სკოლას“ ჯერ კიდევ მემარცხენე ფრთას მიაკუთვნებდნენ და, ეს სამართლიანიც იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ, მაგალითად, ფრიდმენი ოქროს სტანდარტის ნაცვლად ცენტრალური ბანკების არსებობას და ქაღალდის ფულს უჭერდა მხარს. განუსაზღვრელი მინიმალური შემოსავლის გარანტირების აუცილებლობის შესახებ გამოთქმული მოსაზრებით (ნეგატიური საშემოსავლო გადასახადი), ფრიდმენი საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპს გულწრფელად უჭერდა მხარს. ის მხარს ეგალიტარული მიზნით შემოღებულ პროგრესულად მზარდ საშემოსავლო გადასახადებს უჭერდა (და გადასახადების ამოღებაში პირადადაც ეხმარებოდა). ფრიდმენი იზიარებდა იმ მოსაზრებასაც, რომ სახელმწიფოს ყველა იმ საქოლის წარმოების დასაფინანსებლად უნდა შეეძლოს გადასახადების დაწესება, რასაც, მისი აზრით, გარემოზე დადებითი გავლენა აქვს ან ექნება. რასაკვირველია, ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის არ არსებობს არაფერი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვერ დაფინანსდება!

ამასთან, ფრიდმენი და მისი მიმდევრები ზედაპირულ ფილოსოფიებს შორის ყველაზე ზედაპირულს: ეთიკურ და ეპისტემოლოგიურ რელატივიზმს უჭერდნენ მხარს. სრული მორალური ჭეშმარიტება არ არსებობს და მთელი ჩვენი რეალური, ემპირიული ცოდნა კი, საუკეთესო შემთხვევში, ჰიპოთეზური ჭეშმარიტებაა. თუმცა მათ ეჭვი არასდროს შეპარვიათ, რომ სახელმწიფო უნდა არსებობდეს და თან ეს სახელმწიფო დემოკრატიული უნდა იყოს.

დღეს, ნახევარი საუკუნის შემდეგ, „ჩიკაგოს ფრიდმენისეული სკოლა“, რომელსაც თავისი პოზიციები არსებითად არ შეუცვლია, მემარჯვენე ფრთად და თავისუფალი ბაზრის მომხრედ ითვლება. უნდა ითქვას, რომ ეს სკოლა პოლიტიკური მემარჯვენეებისთვის მისაღები თვალსაზრისის ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას, რომელთანაც დაპირისპირება ექსტრემისტობას ნიშნავს. აი, ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა საზოგადოებრივმა აზრმა, რაც სახელმწიფო მოხელეების დამსახურებაა.

ინტელექტუალთა წყალობით გამოწვეულ ეტატისტურ დამახინჯებათა სხვა შემთხვევებიც ყურადღებას იმსახურებს. თუ საარჩევნო სტატისტიკას გადავხედავთ, მეტ-ნაკლებად შემდეგ სურათს წავაწყდებით: რაც უფრო მეტ დროს ატარებს ადამიანი სასწავლო დაწესებულებაში, მაგალითად, მეცნიერებათა დოქტორი (Ph.D.) ბაკალავრთან შედარებით (B.A), უფრო სავარაუდოა, რომ ეს ადამიანი იდეოლოგიურად ეტატისტი იქნება და ხმას დემოკრატებს მისცემს. ამასთან, რაც უფრო დიდია იმ თანხების მოცულობა, რომელიც საგანმანათლებლო სისტემის დასაფინანსებლად საგადასახადო შემოსავლებიდან გამოიყოფა, მით უფრო დაბალია აკადემიური გამოცდებისა და ცოდნის შემოწმების სხვა ტესტების შედეგები. ვფიქრობ, შემდგომში ზნეობრივი ყოფაქცევისა და სამოქალაქო ღირსებისადმი მოთხოვნები კიდევ უფრო დაიწევს.

კიდევ ერთ მაგალითად შემდეგი მოვლენა გამოდგება: 1994 წელს „გადატრიალებად“ მოინათლა წარმომადგენლობითი პალატის სპიკერ ნიუთ გინგრიჩის ე.წ. „რევოლუციური“ გამოსვლა, რომლის დროსაც მან სოციალური დაზღვევის ახალ კურსს დაუჭირა მხარი და სამოქალაქო უფლებათა კანონმდებლობა მოიწონა, რომელიც უპირატესი უფლებების მინიჭებასა და სავალდებულო ინტეგრაციას ითვალისწინებს, რაც, სინამდვილეში, კერძო საკუთრების უფლების გაუქმებას, გაერთიანებების, განცალკევებისა და გარიგებების თავისუფლებას ხელყოფს. განა შეიძლება რევოლუციად მოვიხსენიოთ მოვლენა, სადაც რევოლუციონერები ამჟამინდელი უბედურების ეტატისტურ წანამძღვრებსა და მიზეზებს გულწრფელად ეთანხმებიან? ცხადია, ასეთ მოვლენას რევოლუცია მხოლოდ ისეთ გარემოში შეიძლება ეწოდოს, რომელიც საფუძველშივე ეტატისტურია.

ისტორია და იდეები

მდგომარეობა გამოუვალი ჩანს, მაგრამ ეს ასე არ არის. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ვითარება საუკუნოდ არ გაგრძელდება. დემოკრატიული ეპოქა „ისტორიის დასასრული“ ვერ იქნება, როგორც ნეოკონსერვატორებს სურთ დაგვარწმუნონ, რადგან ამ პროცესს თავისი ეკონომიკური მხარეც გააჩნია.

საბაზრო ურთიერთობებში ჩარევა აუცილებლად უფრო მეტ წინააღმდეგობას გამოიწვევს, ვიდრე მოველით. ეს კი, სახელმწიფოს მხრიდან, უფრო და უფრო მეტი კონტროლისა და რეგულირებისკენ გვიბიძგებს, რაც იქამდე გაგრძელდება, სანამ საბოლოოდ განვითარებულ სოციალიზმს არ მივაღწევთ. ახლანდელი ტენდენცია თუ გაგრძელდება, შეგვიძლია უშეცდომოდ ვიწინასწარმეტყველოთ, რომ დასავლური ტიპის საყოველთაო კეთილდღეობის დემოკრატიული სახელმწიფო საბოლოოდ ისევე დაინგრევა, როგორც აღმოსავლეთის „სახალხო რესპუბლიკები“ დაინგრა 1980-იან წლებში. ათობით წელია, რაც დასავლეთში რეალური შემოსავალი ერთ ადგილს ტკეპნის და ბევრ შემთხვევაში შემცირდა კიდეც. სახელმწიფო გადასახადებმა და „სოციალური დაზღვევის“ პროგრამების ღირებულებამ ეკონომიკური კრახის პერსპექტივა წარმოშვა. ამავე დროს, სოციალურმა დაძაბულობამ საშიშ ზღვარს მიაღწია.

იქნებ ეკონომიკურ კრახს უნდა დაველოდოთ, რომ ახლანდელი ეტატისტური ტენდენცია შეიცვალოს. მაგრამ თუნდაც ასეთ შემთხვევაში კიდევ ბევრი რამ არის საჭირო. კრახი ავტომატურად ქვეყნის მდგომარეობის გამოსწორებას არ გამოიწვევს. შეიძლება საქმე გაუარესდეს კიდეც.

ფაქტობრივად, დასავლეთის ბოლოდროინდელ ისტორიაში ორი აშკარა შემთხვევა იყო, როდესაც კატასტროფის შედეგად ცენტრალური მთავრობის ძალაუფლება, თუნდაც დროებით, ფაქტობრივად შემცირდა: მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში, ლუდვიგ ერჰარდის დროს და ჩილეში, გენერალ პინოჩეტის დროს. კრიზისის გარდა, საჭიროა იდეები – სწორი იდეები და ის ადამიანები, ვისაც უნარი შესწევთ, რომ მათ ჩაწვდნენ და შესაძლებლობის გაჩენისთანავე განახორციელონ.

თუ ისტორიის სვლა გარდაუვალია, მაგრამ ეს ასე არ არის, მაშინ კატასტროფა არც აუცილებელია და არც გარდაუვალი. ბოლოს და ბოლოს, ისტორიას ჭეშმარიტი და მცდარი იდეები, და ამ იდეებით მოქმედი და შეპყრობილი ადამიანები განსაზღვრავს. კრახი მხოლოდ მაშინაა გარდაუვალი, როდესაც მართვაში მცდარი იდეები გამოიყენება. მეორე მხრივ, თუ სწორი იდეებით იხელმძღვანელებენ და საზოგადოებრივ აზრშიც საღი აზრი გაბატონდება, ამასთან, სწორი იდეების არსობრივი გაზიარება მყისვე გახდება შესაძლებელი – კატასტროფა აღარ მოხდება.

ინტელექტუალების როლი

ყოველივე ამან იმაზე დამაფიქრა, თუ რა როლი უნდა შეასრულონ საზოგადოებრივი აზრის რადიკალურად და ძირეულად შესაცვლელად ინტელექტუალებმა, ბუნებრივმა ელიტამ და ყველა დანარჩენმა. ორივე მხარეს ბევრი რამ მოეთხოვება, თანაც, რამდენიც არ უნდა მოეთხოვებოდეთ, კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, ანუ მისგან თავის დასაღწევად ეს მოთხოვნები ორივე მხარემ უნდა მიიღოს, როგორც საკუთარი ბუნებრივი მოთხოვნილება.

ინტელექტუალთა უმეტესობა კორუმპირებული რომც იყოს და შექმნილ სავალალო მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მათ კისერზე იყოს, მათი მხარდაჭერის გარეშე რაიმე იდეოლოგიური რევოლუცია მაინც შეუძლებელი იქნებოდა. სახელმწიფოში გაბატონებულ ინტელექტუალთა მმართველობა მხოლოდ მწიგნობრობის მოწინააღმდეგე ინტელექტუალებმა შეიძლება დაამსხვრიონ. საბედნიეროდ, პიროვნული თვითმყოფადობის იდეები, კერძო საკუთრება, გაერთიანებებისა და გარიგებების თავისუფლება, პირადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც სახელმწიფო ძალაუფლება, როგორც თავისუფლებისა და კერძო საკუთრების უპირველესი მტერი, არ მოისპობა მანამ, სანამ ადამიანთა მოდგმა არსებობს და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტებას წარმოადგენს, ჭეშმარიტება კი საკუთარ თავს თვითონვე იცავს. ამასთან, არც ადრინდელ ფილოსოფოსთა შრომები გაქრება, სადაც ეს იდეებია ასახული. მაგრამ აგრეთვე აუცილებელია, რომ ამჟამადაც არსებობდნენ მოაზროვნეები, რომლებიც ამ ნაშრომებს წაიკითხავენ, შეისწავლიან, გაიხსენებენ, გადაამუშავებენ, დახვეწენ და ხელახლა გაავრცელებენ, და, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა ექნება, საკუთარ აზრს გამოთქვამს და თავის კოლეგებს ღიად დაუპირისპირდება, შეებრძოლება და დაამარცხებს მათ.

ორი აუცილებელი მოთხოვნიდან – სამეცნიერო კომპეტენცია და რეპუტაცია – მეორე უფრო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენს დროში. წმინდა სამეცნიერო თვალსაზრისით, საკითხი უფრო მარტივად დგას. ეტატისტთა დღევანდელი არგუმენტების უმეტესობა, რაც ყოველდღიურად გვესმის, იოლი გასაბათილებელია, რადგან უაზრობაა როგორც მორალური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. არც იმ ინტელექტუალთა მოძებნაა იშვიათობა, რომლებსაც პირადად არ სჯერათ ის, რასაც საზოგადოებაში დიდი რიხით აცხადებენ. ისინი შეცდომას კი არ უშვებენ, არამედ განზრახ ამბობენ და წერენ იმას, რაც თვითონვე იციან რომ არასწორია. მათ ინტელექტი კი არ აკლიათ, არამედ ზნეობა. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ არა მარტო სიცრუეს უნდა ვებრძოლოთ, არამედ ბოროტებასაც, რაც გაცილებით რთულია და გაბედულებას მოითხოვს.

ქრთამი შეიძლება ანტიინტელექტუალურ ინტელექტუალებსაც შესთავაზონ და, საოცარია, თუ რა იოლად შეიძლება ზოგიერთი მათგანის გარყვნა: რამდენიმე ასეული დოლარი, კარგი მოგზაურობა, ძლიერ და ძლევამოსილ პიროვნებასთან ერთად ფოტოს გადაღება ხშირად სრულიად საკმარისია, რომ კაცი გაიყიდოს. აუცილებელია ასეთი ვერაგული ცდუნებების უარყოფა. გარდა ამისა, ბოროტებასთან მებრძოლი შეგუებული უნდა იყოს იმ აზრთან, რომ შეიძლება „წარმატებას“ ვერასდროს მიაღწიოს; სიმდიდრეს, დაწინაურებასა და პროფესიულ აღიარებას ვერ ეღირსოს. სინამდვილეში, მეცნიერული „დიდება“ შეიძლება მიუღწეველი აღმოჩნდეს.

უნდა ითქვას, რომ არა მარტო იმ აზრს უნდა შევეგუოთ, რომ აკადემიური დაწესებულებიდან გაგვდევნიან, არამედ იმ აზრსაც, რომ კოლეგები თითქმის ყველაფერს იღონებენ ჩვენს გასანადგურებლად. აბა, გაიხსენეთ ლუდვიგ ფონ მიზესი და მარი ნ. როთბარდი. XX საუკუნის ამ ორ უდიდეს ეკონომისტს და მეცნიერს აკადემიურ დაწესებულებებში არსებითად არ ღებულობდნენ და მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. მაგრამ ისინი მთელი სიცოცხლის მანძილზე ოდნავადაც არ დანებებულან, არასდროს დაუკარგავთ საკუთარი ღირსება და არც პესიმიზმში გადავარდნილან. პირიქით, გამუდმებული უსიამოვნებების მიუხედავად, შეუპოვრობას განაგრძობდნენ და კარგ განწყობილებას ინარჩუნებდნენ. წარმოუდგენლად ნაყოფიერად მუშაობდნენ და იმითაც კმაყოფილი იყვნენ, რომ ჭეშმარიტებას ემსახურებოდნენ, მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტებას.

ბუნებრივი ელიტის როლი

ბუნებრივმა ელიტამ სწორედ ახლა უნდა იმოქმედოს. მათ გარეშე ლუდვიგ ფონ მიზესისა და მარი როთბარდის მსგავსი ჭეშმარიტი მეცნიერები თავიანთ საქმეში ვერაფერს გახდებიან. დაბრკოლებათა მიუხედავად, მიზესმა და როთბარდმა თავიანთი სიტყვა თქვეს. ისინი არ გაჩუმებულან. სწავლებას და წიგნების გამოქვეყნებას არ წყვეტდნენ. ისევ აუდიტორიას მიმართავდნენ და ხალხს საკუთარ შეხედულებებსა და იდეებს შთააგონებდნენ. ეს ყველაფერი სხვა ადამიანების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. მიზესს ლოურენს ფერტიგისა და უილიამ ვოლკერის ფონდი უხდიდა ხელფასს ნიუიორკის უნივერსიტეტში, როთბარდს კი ლუდვიგ ფონ მიზესის სახელობის ინსტიტუტი დაეხმარა თავისი წიგნების გამოცემა-გავრცელებაში და ისეთი გარემო შეუქმნა, რაც საშუალებას აძლევდა ის ეთქვა და დაეწერა, რაც უნდოდა, რის გაკეთებაც აკადემიურ დაწესებულებებსა და ოფიციალურ, ეტატისტურ მედიაში უკვე შეუძლებელი იყო.

ოდესღაც, დემოკრატიამდელ ეპოქაში, როდესაც ეგალიტარულ სულისკვეთებას დამოუკიდებელი სიმდიდრის, თავისუფალი აზროვნებისა და განსჯის უნარის მქონე უმრავლესობა ჯერ არ ჰყავდა განადგურებული, არაპოპულარული ინტელექტუალების მხარდაჭერა ცალკეულმა ადამიანებმა იკისრეს. მაგრამ დღეს ვის აქვს შესაძლებლობა, რომ ინტელექტუალი მარტოდმარტომ, საკუთარ ხარჯზე დაასაქმოს თუნდაც მდივნად, მრჩევლად ან თავისი ბავშვების აღმზრდელად? ისინი, ვისაც ამის შესაძლებლობა გააჩნია, თითქმის ყველა ღრმადაა ჩაფლული დიდი მთავრობისა და დიდი ბიზნესის არნახულ კორუფციულ ალიანსში და ისევ იმ გონებასუსტ ინტელექტუალებს უწყობენ ხელს, რომლებიც ეტატისტურ უმაღლეს სასწავლებლებში ბატონობენ. ამის მაგალითად როკფელერი და კისინჯერიც გამოდგება.

ამიტომ, მხოლოდ ერთობლივად, რესურსების გაერთიანებით შეგვიძლია შევასრულოთ ის ამოცანა, რომ დავიცვათ და გადავარჩინოთ ჭეშმარიტება – კერძო საკუთრება, გარიგებების, გაერთიანებებისა და განცალკევების თავისუფლება, პირადი პასუხისმგებლობა, და ვებრძოლოთ სიყალბეს, სიცრუეს, ეტატიზმის სიბოროტეს, რელატივიზმს, ზნეობრივ მანკიერებას და უპასუხისმგებლობას. ამისთვის ისეთ ინსტიტუტებს უნდა დავუჭიროთ მხარი, როგორიც, მაგალითად, მიზესის სახელობის ინსტიტუტია, რომლებიც ხელისუფლებისგან ფიზიკურადაც შორს მდგომ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, უკომპრომისობით გამოირჩევიან და იმ ღირებულებებს ემსახურებიან, რაც დასავლურ ცივილიზაციას უდევს საფუძვლად. მათი სამეცნიერო, სასწავლო, საგამომცემლო და საკონფერენციო პროგრამები მეტი არაფერია, თუ არა ზნეობრივი და ინტელექტუალური სიკეთის კუნძული მანკიერებათა ზღვაში.

რასაკვირველია, ნებისმიერი ღირსეული პიროვნების უპირველესი მოვალეობა საკუთარ თავსა და საკუთარ ოჯახზე ზრუნვაა. მან რაც შეიძლება მეტი ფული უნდა იშოვოს თავისუფალ ბაზარზე, რადგან, რაც უფრო მეტ ფულს იშოვის, მით უფრო მეტ სარგებლობას მოუტანს თავის ახლობლებს.

მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ინტელექტუალი ადამიანი ჭეშმარიტებას უნდა ემსახუროს, მიუხედავად იმისა, ეს მას მეყსეულ შემოსავალს აძლევს თუ არა.

რაც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ ისინი ბიზნესსა თუ სხვა სფეროში, და რაც უფრო მეტი აღიარებს მათ წარმატებას, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ მათ კარგი მაგალითი მოგვცენ: მათ ზნეობრივი ყოფაქცევის ყველაზე მაღალი ნორმები უნდა დაიცვან. ეს გულისხმობს, რომ საკუთარ, უაღრესად კეთილშობილურ მოვალეობად მიაჩნდეთ იმ ღირებულებების ღიად, ამაყად და, რაც შეიძლება, გულუხვად მხარდაჭერა, რაც, მათი აზრით, სწორი და ჭეშმარიტია.

სამაგიეროდ, ისინი სამეცნიერო შთაგონებას, მხარდაჭერას და ძალას იგრძნობენ, აგრეთვე დარწმუნებული იქნებიან, რომ მათი, როგორც სხვებისგან გამორჩეული და განუმეორებელი პიროვნებების, სახელი სამუდამოდ დარჩება ისტორიაში, რადგანაც მათ კაცობრიობას დაუვიწყარი სამსახური გაუწიეს.

ლუდვიგ ფონ მიზესის სახელობის ინსტიტუტის მსგავსი ორგანიზაციები შეიძლება ძლევამოსილი დაწესებულებები გახდეს, განათლების აღორძინების, პედაგოგიკისა და მეცნიერების ნამდვილ კერებად ჩამოყალიბდეს. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, როცა რაღაც მიზეზების გამო ჩვენივე იდეების ტრიუმფს ვერ მოვესწრებით, მაინც გვეცოდინება და ვიამაყებთ, რომ მათ განხორციელებას ყველაფერი შევწირეთ; ისე მოვიქეცით, როგორც ყველა პატიოსანი და კეთილშობილი ადამიანი მოიქცეოდა.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s