საკუთრების წამყვანი როლი ლიბერალური კონსტიტუციური წყობის პირობებში: გაკვეთილები ჩინეთისთვის

images

ჯეიმს ა. დორნი

კატონის სახელობის ინსტიტუტის აკადემიურ საქმეთა ვიცე-პრეზიდენტი, ამავე ინსტიტუტის ჟურნალისა და ყოველწლიური მონეტარული კონფერენციის დირექტორია. მისი კვლევის ინტერესებში შედის: ვაჭრობა და ადამიანის უფლებები, ჩინეთის ეკონომიკური რეფორმები და ფულის მომავლის კვლევა. დორნი უძღვებოდა ,,კატონის“-ს სამოქალაქო საზოგადობის პროექტს და თეთრი სახლის საპრეზდენტო მეცნიერთა კომისიაში მუშაობდა. დორნი ათი მონოგრაფიისა და მრავალი სტატიის ავტორია. კითხულობდა ლექციებს ესტონეთში, გერმანიაში, ჰონკონგში, რუსეთსა და შვეიცარიაში. იგი მიწვეული იყო პრაღის ცენტრალური ევროპის და შანხაის ფუდანის უნივერსიტეტებში. ამჟამად, მერილენდში ტოუსონის უნივერიტეტში ეკონომიკის პროფესორია.

გამოქვეყნდა 2003 წელს

ჩინეთის სვლა საბაზრო ეკონომიკის მიმართულებით, რომელიც 1978 წელს დაიწყო, ნელი, მაგრამ სტაბილური ხასიათის იყო. 1980 წელს ჩინეთმა მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით (EFW) საკმაოდ დაბალი შეფასება დაიმსახურა: 10-დან მხოლოდ 3,7 ქულა, მაშინ როდესაც ჰონ-კონგი 8,7 ქულით მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა. მას შემდეგ ჰონ-კონგი მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ტიტულს ინარჩუნებს. 2000 წელს ამ ქვეყნის შეფასება 8,8 ქულა იყო, ხოლო ჩინეთმა კი ამ დროისთვის უკვე 5,3 ქულა დაიმსახურა (Gwartney and Lawson 2002, 83, 110). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი საკმაოდ დიდი ქვეყანაა და მის სანაპირო ზოლთან არსებული დინამიურად მზარდი ტერიტორიები, რომლებიც ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკაზე არიან, ცალკე შეფასებისას, ეკონომიკური თავისუფლების გაცილებით მაღალ დონეს აფიქსირებენ, ვიდრე მთლიანი ქვეყანა (Fan,Wang, and Zhang 2001).

საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციამ ხელი ჩინეთის წარმოების გარდაქმნას შეუწყო. ქვეყანა სრულიად ახალი იდეებით წარმოჩინდა და მისი ნაწარმი ახალ ბაზრებზე გამოჩნდა. ჩინეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკურ რეფორმებს და ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.

ეკონომიკური თავისუფლება მრავალი ასპექტისაგან შედგება. მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მისი ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია: ,,პირადი არჩევანის უფლება, თავისუფალი გაცვლა, თავისუფალი კონკურენცია და ადამიანის და მისი საკუთრების დაცვა“ (Gwartney and Lawson 2002, 5). ის ფაქტი, რომ ეკონომიკის თავისუფლების კუთხით ჩინეთი 123 ქვეყნიდან 101-ე ადგილზე იმყოფება, ადასტურებს, რომ ქვეყანაში კერძო საკუთრება სათანადო დონეზე დაცული არაა და ეკონომიკურ პროცესებში სახელმწიფო ზედმეტად ერევა.

მომავალში ჩინეთმა კონსტიტუციური და ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა მოახდინოს, რომ საკუთრებითი ურთიერთობების სათანადო დონეზე დაცვა და სახელმწიფოს საქმიანობის შეზღუდვა მოახერხოს, რათა ქვეყანამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნების შესრულება შეძლოს და კაპიტალის რეალური ბაზრები შექმნას. ჩინეთმა შეიძლება ჰონ-კონგის წარმატებული გაკვეთილები გამოიყენოს. თუ ჩინეთი შესძლებს ჰონ-კონგის კონსტიტუციური წყობის მოდელი გადაიღოს, რომელიც ეკონომიკურ თავისუფლებას ხელს მაქსიმალურად უწყობს, მისი მომავალი უდაოდ ბრწყინვალე იქნება.

ამ სტატიაში მე ყურადღებას თავისუფალი საზოგადოებაში საკუთრების უფლებების წამყვან როლზე გავამახვილებ. როგორც მილტონ ფრიდმანი აღნიშნავს, ,,საკუთრებითი უფლებები არა მხოლოდ ეკონომიკური თავისუფლების, არამედ პოლიტიკური თავისუფლების წყაროცაა“ (2002,xvii). დასაწყისში მე საკუთრებით უფლებებს განვსაზღვრავ და ლიბერალური კონსტიტუციური წყობის პირობებში მათ მორალურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას ვაჩვენებ. სახელმწიფოს ლეგიტიმური როლი საკუთრების დაცვასა და აქედან გამომდინარე, სამართლიანობის უზრუნველყოფაში მდგომარეობს. როდესაც პიროვნებებსა და მათი საკუთრებას კანონის უზენაესობა იცავს, ლიბერალურსაბაზრო წესრიგი ყალიბდება, რომელიც თავის მხრივ ეკონომიკურ აქტივობას და კეთილდღეობის ზრდას განაპირობებს. მე ვაჩვენებ, რომ სპონტანური წესრიგის იდეა, რომელიც ლიბერალური კონსტიტუციური წესრიგის გულს წარმოადგენს, ყოველმხრივ შეესაბამება ჩინეთის უძველეს კულტურას და კერძოდ, ლაო ძის შეხედულებებს. ჩინეთმა ,,საბაზრო სოციალიზმი“ ,,საბაზრო ტაოიზმით“ უნდა შეცვალოს. კონსტიტუციური დიქტატის სისტემიდან კი, ნაბიჯები კონსტიტუციური თავისუფლებისკენ უნდა გადადგას. სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნის მომავლისთვის საკუთრებითი უფლებების დაცვა და შეკვეცილი უფლებამოსილებების მთავრობა ძალიან მნიშვნელოვანია.

საკუთრება, თავისუფლება და სამართალი

საკუთრების შესახებ მსჯელობისას ჩვეულებრივ ფიზიკურ მხარეს გულისხმობენ, თუმცა ამგვარი კონცეფცია საკმაოდ მცდარია. საკუთრების უფრო ზუსტი განსაზღვრება შემდეგნაირია: უფლებების ერთობლიობა და შესაბამისი ვალდებულებები, რომლებიც ინდივიდუალურ თავისუფლებასთანაა კავშირში. მართლაც, ამერიკის კონსტიტუციის მთავარი არქიტექტორის – ჯეიმს მედისონის მიხედვით ,,საკუთრება ფართო გაგებით მოიცავს და გულისხმობს ყველაფერს, რაც ადამიანისთვის შესაძლოა ღირებული იყოს და რაზეც მას უფლება აქვს, ხოლო ყველა დანარჩენს კი, მსგავს შესაძლებლობას არ უკარგავს“ ([1792] 1906, 101). საკუთრების ქვეშ მედისონი ,,ადამიანების კუთვნილ მიწას, საქონელს, ან ფულს“ გულისხმობდა. აგრეთვე პიროვნების ქონებრივ უფლებებს ,,საკუთარი შეხედულებების ქონასა და მათ გამოხატვაზე“; განსაკუთრებით, ადამიანის უფლებას ,,რელიგიური აღმსარებლობის, და შესაბამისი პროფესიისა და საქმიანობის სახის ნებაყოფლობით არჩევაზე“. გარდა ამისა, პიროვნებას ,,საკუთრების უსაფრთხოებისა და პირად თავისუფლების უფლება აქვს“, ისევე როგორც ,,საკუთარი ნიჭით სარგებლობისა და მისი გამოყენების მიმართულების არჩევანის თავისუფლება“. მოკლედ, რამდენადაც შეიძლება ითქვას, რომ ,,ადამიანს საკუთრების უფლება გააჩნია, იმდენად შეიძლება ითქვას, რომ ის მისივე უფლებების მფლობელიც არის“ ([1792] 1906, 101).

მედისონი ფაქტიურად დიდი ლიბერალი მოაზროვნის – ჯონ ლოკის კვალს მიყვებოდა.

1690 წელს გამოქვეყნებულ თავის მეორე ტრაქტატში ლოკმა საკუთრება განმარტა, როგორც ,,სიცოცხლე, თავისუფლება და ქონება“ (§ 123). იგი მეფეების ეგრეთწოდებულ ღვთისგან ბოძებულ უფლებებს კითხვის ქვეშ აყენებდა და ამტკიცებდა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტალური უფლებაა – მორალური ანუ ,,ბუნებრივი უფლება“, რომელიც სახელმწიფოზე უფრო ადრე არსებობდა. ყველა პიროვნებას აგრესორებისგან საკუთრების დაცვის უფლება და იმავდროულად სხვებისადმი ზიანის მიყენებისგან თავი შეკავების ვალდებულება გააჩნია, თავდაცვის აუცილებლობით გამოწვეული კანონიერი შემთხვევების გარდა. შესაბამისად, ბედნიერებისკენ სწრაფვის თანაბარი უფლება ყველას აქვს, იმ პირობით, რომ ჩაურევლობის ძირითადი პრინციპი ყველას მიერ დაცული იქნება.

მედისონის მიხედვით სახელმწიფოს პირველადი ფუნქცია ,,ყველა სახის საკუთრების, მათ შორის სხვადასხვა პირების უფლებების დაცვაა. სახელმწიფოს უმთავრეს მიზანს სწორედ ეს წარმოადგენს, ამდენად სამართლიანი მხოლოდ ის მმართველობაა, რომელიც განურჩევლად ყოველი ადამიანის საკუთრების უსაფრთხოების უზრუნველყოფს, მიუხედავად იმისა თუ რას წარმოადგენს თავად მესაკუთრე“ ([1792] 1906, 102). აქედან გამომდინარე, რამდენადაც თავისუფლება საკუთრებაზე მორალურ უფლებას ეფუძნება, გლობალური მიდგომის პირობებში სამართლიანობა დამოკიდებულია, როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური ძალმომრეობის შეზღუდვაზე, სიცოცხლის, თავისუფლებისა და ქონების უსაფრთხოების მიზნით. სამართლიანობა დაკავშირებულია წესებთან და არა შედეგებთან: წესები სამართლიანი რომ იყოს, ისინი ყველაზე ერთნაირად უნდა ვრცელდებოდეს და ჩაურევლობის ძირითად უფლებას არ ეწინააღმდეგებოდეს.

ლიბერალური კონსტიტუციური წყობის პირობებში სამართლიანობის განსაზღვრა ძალიან ადვილია: ის უბრალოდ იმ უსამართლობის არარსებობას ნიშნავს, რასაც სიცოცხლის, თავისუფლების ან ქონების ხელყოფა ქვია.

როგორც გენიალურმა ფრანგმა ლიბერალმა ფრედერიკ ბასტიამ 1850 წელს დაწერა, როდესაც კანონი და ძალაუფლება ადამიანს სამართლის ბორკილებს ადებს, ეს მისი მხრიდან მხოლოდ უარყოფას იწვევს. ისინი ადამიანს მხოლოდ სხვისთვის ზიანის მიყენებისგან თავის შეკავების ვალდებულებას უწესებენ, მაგრამ მის პიროვნულ თვითმყოფადობას, თავისუფლებას ან საკუთრებას არანაირად არ ზღუდავენ. ეს შეზღუდვები უბრალოდ სხვების თვითმყოფადობას, თავისუფლებას და საკუთრებას იცავს. შეზღუდვებს დაცვითი ფუნქცია აქვთ, ისინი თითოეული პიროვნების თანასწორუფლებიანობის სადარაჟოზე დგანან. შეზღუდვები ასრულებენ მისიას, რომლის უვნებლობა ნათელია, სარგებლიანობა თვალსაჩინო, ხოლო კანონიერება კი – უდაო 1964, 65).

უნდა აღინიშნოს, რომ ლიბერალური კონსტიტუციური წყობის პირობებში საკუთრება, თავისუფლება და სამართლიანობა განუყოფელი მცნებებია: საკუთრების უფლებების შეზღუდვა ფაქტიურად ზარალს პიროვნულ თავისუფლებასა და სამართალსაც აყენებს.

კერძო საკუთრების უფლება, ეკონომიკური
თავისუფლება და კეთილდღეობა

ეკონომიკური თავისუფლება მნიშვნელოვანწილად კერძო საკუთრების უფლების არსებობაზეა დამოკიდებული, რაც კანონიერ საკუთრებაში არსებული ქონების თავისუფლად გამოყენების, გაყიდვის, ან სათანდო ქონებრივი უფლებების დანაწილების უფლებამოსილებას გულისხმობს. თავისუფალი ბაზრები კარგად განსაზღვრულ საკუთრებით უფლებებზეა დამოკიდებული, რაც გულისხმობს, რომ სამართლებრივი სისტემა კანონის უზენაესობას და მთავრობისთვის უფლებამოსილებების შეზღუდვის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს (Niskanen 2002).

პრივატიზაციის (ანუ კერძო საკუთრებითი უფლებების თავისუფალი ვაჭრობის) გარეშე რეალურად კონკურენტული ბაზრების არსებობა შეუძლებელია. არმენ ალჩიანი, სამართლისა და ეკონომიკის პიონერი ხაზს უსვავს: გასაყიდი ნაწარმის ვარგისიანობა სამომავლო შედეგების ამჟამინდელ ფასებში კაპიტალიზაციას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, გასაყიდ ნაწარმთან დაკავშირებული სამომავლო შედეგები მის ამჟამინდელ მფლობელს უბრუნდება. სწორედ ამიტომ მესაკუთრე გრძელვადიან შედეგებს ითვალისწინებს და თავის გადაწყვეტილებებს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება, რასაც არ გააკეთებდა, თუკი უფლებებით ვაჭრობა შეუძლებელი იქნებოდა“ (1967, 12).

კერძო საკუთრების (მაგალითად მიწა, ობლიგაციები და სხვა სახის კაპიტალური აქტივები) სავაჭრო მომხიბვლელობა ანუ ვარგისიანობა გულისხმობს, რომ მესაკუთრეებს შეუძლიათ მომავალში მოსალოდნელი შემოსავლების ნაკადების ამჟამინდელი (კაპიტალური) ღირებულება დაადგინონ. ამჟამინდელი ღირებულების კალკულაცია შესაძლებელია, რადგან ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები შეიძლება მომავალი შემოსავლების ამჟამინდელი ღირებულებაში დისკონტირებისთვის იქნან გამოყენებული, რაც აქტივების ფასებში აისხება. დაცული საკუთრებით უფლებების მქონე კონკურენტული ბაზრების არარსებობის პირობებში, კაპიტალის სწორად განთავსებას და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებას ვერავინ შესძლებს. კაპიტალის რეალური ბაზრების არარსებობის დროს, ინვესტორთა გადაწყვეტილებების პოლიტიზირება ხდება, როგორც ეს ჩინეთში ხდება.

საკუთრებითი უფლებების შეზღუდვა ამ უფლებების საბაზრო ფასს და პიროვნულ თავისუფლებას ამცირებს (Alchian 1977; Jensen and Meckling 1985). თუკი ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი პიროვნული თავისუფლების ზრდაა, მაშინ საკუთრებითი უფლებების ყოველგვარი შეზღუდვა ეკონომიკურ თავისუფლებას და საზოგადოების განვითარებას ამცირებს.

პიტერ ბაუერი, ადამ სმითისა და სხვა კლასიკური ლიბერალების მსგავსად, არჩევანის თავისუფლებას, როგორც განვითარების წინაპირობას, წამყვან როლს ანიჭებს: ,,მე ყურადღებს ვამახვილებ არჩევანის გაფართოებაზე, ეს ხალხისთვის ხელმისაწვდომი ეფექტური ალტერნატივების რაოდენობას ზრდის და ეკონომიკური განვითარების პრინციპულ კრიტერიუმს წარმოადგენს” (1957, 113-14).

ამგვარ განვითარების კონცეფციას გულისხმობდა ბასტია, როდესაც წერდა: ,,პროგრესის საუკეთესო შანსი სამართლიანობასა და თავისუფლებაშია” (1964, 137). თავის ცნობილ თხზულებაში ,,კანონი”, იგი ხაზს დაცულ საკუთრებით ურთიერთობებს, სახელმწიფოს უფლებამოსილებების შეზღუდვას, პიროვნული და ეკონომიკური განვითარებისთვის ეკონომიკური თავისუფლების მნიშვნელობას უსვავს. ,,ყოველი ადამიანი მიისწრაფვის რათა შესაბამის კეთილდღეობასა და სტატუსს მიაღწიოს. პროგრესის დახმარებით, კანონიერებაზე დამყარებული სამართლის, საკუთრების უფლების უზენაესობის, თავისუფლების გავლენის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და პასუხისგებლობის პირობებში, კაცობრიობა ამ მიზანს ყოველგვარი ეჭვის გარეშე, თუმცა ნელი და მოწესრიგებული ნაბიჯებით მიაღწევს“. (1964, 94).ბასტია პროგრესს ხედავდა, როგორც ევოლუციურ პროცესს, სადაც პიროვნებები ცდებისა და შეცდომების მეთოდით სწავლობენ. პროცესი მიმდინარეობს თავისუფალი საბაზრო სისტემის პირობებში, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება კერძო საკუთრების უფლებას. მას ესმოდა საბაზრო სისტემის ინსტიტუციური ინფრასტრუქტურა და ის ფაქტი, რომ კონკურენცია ხელს ადამიანებს ახალი ინფორმაციის აღმოჩენასა და შეცდომებიდან გაკვეთილების მიღებაში უწყობს. ამგვარად, ჰაიეკის მსგავსად ბასტია კონკურენციას და შეჯიბრს უყურებდა, როგორც აღმოჩენების პროცესს. იგი აგრეთვე უჩვენებს, რომ თავისუფლება ხელს სოციალურ განვითარებას უწყობს: ,,სოციალური ორგანოებიც იმგვარად არიან მოწყობილნი, რომ თავისუფლების ღია ჰაერზე უფრო ჰარმონიულად ვითარდებიან“ (1964, 95).

ისტორია გვიჩვენებს, რომ ქვეყნები სადაც კერძო საკუთრება მკაცრად არის დაცული და ეკონომიკური თავისუფლება დიდია, ცხოვრების დონის საკმაოდ მაღალი სტანდარტებით ხასიათდებიან. 150 ქვეყნის ინფორმაციის საფუძველზე განხორციელებულმა კვლევამ (ლი ჰოსკინსი და ანა ეირასი, 2002) გამოვლინდა, რომ ქვეყნები, სადაც კერძო საკუთრებითი უფლებები დაცულია, მეტ დოვლათს ქმნიან (მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე), იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც მსგავსი უფლებები გარანტირებული არაა და კორუფციის მაღალი დონეა. ჯეიმს გვარტნი და რობერტ ლოუსონი ასაბუთებენ ძლიერ კორელაციურ კავშირს ეკონომიკურ თავისუფლებასა (გაზომილი მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით) და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებს, ეკონომიკურ ზრდასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის. მსგავსი კვლევები გვიჩვენებს, რომ კერძო საკუთრებითი უფლებების დაცვა და სახელმწიფოს როლის შესუსტება აუცილებელია არამხოლოდ სამართლიანი საზოგადოების შექმნისათვის, როგორც ამას მედისონი მიიჩნევდა, არამედ სიღარიბის დასაძლევადაც.

თავისუფლების კანონი და სპონტანური წესრიგი

მაშინ როდესაც პიროვნებებისა და მათი საკუთრების დაცვა მთავრობის მთავარი ამოცანაა, ხოლო ხალხს არჩევანის თავისუფლებაერთმანეთის უფლებების პატივისცემის საფუძველზე გააჩნია, ეკონომიკური გადაწყვეტილებების კოორდინირებას თავად ბაზრები ახდენენ და გაცვლები მრავალმხრივ მომგებიან ხასიათს იძენს.

მსგავსი ნებაყოფლობითი ან სპონტანური წესრიგი მხოლოდ ლიბერალური კონსტიტუციური წყობით უზრუნველყოფილი თავისუფლების პირობებში შეიძლება დამყარდეს: რასაც ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი ,,თავისუფლების კონსტიტუციას“ უწოდებდა. თავისუფლების კანონით უზრუნველყოფილი თანაბარუფლებიანობა ლიბერალიზმის მთავარი სახასიათო ნიშანია. ,,თავისუფალი საზოგადოება” წერს როჯერ პილონი, ეს თანაბარი უფლებების საზოგადოებაა. მეტიც, ეს თანაბარი თავისუფლების საზოგადოებაა, ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე მაინც, რამდენადაც ეს ტერმინი თანასწორუფლებიანობის პირობებში გარეგანი ჩარევისგან დაცულობის განცდას იძლევა. (1983, 175, emphasis in original)

იდეა, რომ ჰარმონილი ეკონომიკური და სოციალური წესრიგი შეიძლება პიროვნების ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად სპონტანურად ჩამოყალიბდეს, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო მხოლოდ სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებებს უზრუნველმყოფ წესებსა და კანონებს იცავს, თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ლიბერალიზმისთვის, ისე შეზღუდული უფლებამოსილების ხელისუფლების შემთხვევაში. ჰაიეკის მიხედვით, ,,სამართლებრივი მმართველობის უნივერსალური წესების დაცულობის პირობებში, როდესაც ცალკეული პიროვნებების კერძო სამფლობელოები ხელშეუხებელია, ადამიანთა საქმიანობის სპონტანური წესრიგი გაცილებით უფრო ადვილად მყარდება, ვიდრე კარგად გათვლილი გეგმით. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო სწორედ ამ წესებისა და კანონების დაცვით უნდა შეიზღუდოს“ (1967, 162).

ჩინეთის ლიდერებმა სპონტანური წესრიგის იდეა უნდა გაითავისონ. ქაოსის შიში, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია ავრცელებს, სრულებით გაუმართლებელია. მათ არ უნდათ დაინახონ, რომ კანონის ჩარჩოებით შეზღუდული თავისუფლება, როგორც შეუზღუდავი თავისუფლების, ისე შეუზღუდავი ხელისუფლების ალტერნატივას წარმოადგენს. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნება სწორედ ქაოსის შესახებ არგუმენტებს მოშველიებით ხერხდება.

ჩინეთის ლიდერებმა სპონტანური წესრიგის შესახებ შესაძლოა ძალიან ბევრი ადამ სმითის ნაშრომების, ან მათი თანამემამულის ლაო ძის ნააზრევის გაცნობით ისწავლონ, რომელმაც ადამ სმითამდე გაცილებით ადრე მიაკვლია სპონტანური წესრიგის იდეას.

ადამ სმითის ტაოიზმი

1776-ში სმითი ამტკიცებდა, რომ ,,თუკი ყველა ამკრძალველი ან წამახალისებელი სისტემა გაუქმდებოდა, მაშინ თავისთავად ბუნებრივი თავისუფლების მარტივი სისტემა წარმოიქმნებოდა. ამ შემთხვევაში ყოველ პიროვნებას ,,თავისი ინტერესების გამოხატვისა და მათი განხორციელების, ისევე როგორც საკუთარი ნაწარმისა და კაპიტალის საერთო კონკურენციაში ჩართვის საშუალება იქნებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ იგი კანონს არ დაარღვევდა“ ([1776] 1937, 651).

სმითის ბუნებრივი თავისუფლების სისტემაში მთავრობას ვალდებულება აღარ ექნება, რომ ,,საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე კერძო მეწარმეობასა და უმუშევრობაზე იზრუნოს”, რაც თავის მხრივ ადამინისთვის შეუძლებელი ამოცანაა, რადგან ,,სათანადო დონეზე შესრულების ნიჭიცა და უნარიც ჯერჯერობით არცერთ ადამიანს არ აღმოაჩნდა“ ([1776] 1937, 651).

სმითის ლიბერალური საბაზრო რეჟიმის პირობებში ხელისუფლება კი არ გაქრებოდა, არამედ მისი მოქმედების არეალი სამ ძირითად ფუნქციამდე დავიდოდა: 1) სხვა დამოუკიდებელი საზოგადოებების მხრიდან ძალადობისა და დაპყრობისგან საზოგადოების დაცვის ვალდებულება; 2) შესაძლებლობების ფარგლებში საზოგადოების ყოველი წევრის უსამართლობისგან და სხვა წევრების მხრიდან ჩაგვრისგან დაცვა; და 3) გარკვეული საზოგადოებრივი სამუშაოების ჩატარებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნის ვალდებულება“ ([1776] 1937, 651).

სმითი ამტკიცებდა, რომ თავისუფალი საბაზრო სისტემის პირობებში ადამიანები სხვებისთვის მომსახურების გაწევისა და მათი კერძო საკუთრებითი უფლებების პატივისცემის ხარჟზე მდიდრდებიან. აქედან გამომდინარე ბუნებრივი თავისუფლების სისტემას გააჩნია როგორც მორალური, ასევე წმინდა პრაქტიკული ფუნდამენტი. კერძო საკუთრება და თავისუფალი ბაზრები ადამიანებში პასუხისგებლობისა და გულისხმიერების გაღვივებას უწყობს ხელს. საბაზრო ლიბერალიზმმა ყველგან, სადაც იგი ადამიანების თავისუფლების დაცვის მიზნით გამოიყენებოდა, ხელი სიმდიდრის დაგროვებას შეუწყო, რაც მათ საშუალება ეძლეოდათ, რომ ვაჭრობის დროს საკუთარი შედარებითი უპირატესობა გამოეყენებინათ. ამის საუკეთესო მაგალითი ჰონ-კონგია.

ჰონ-კონგის ეკონომიკური სასწაულის მთავარი არქიტექტორი სერ ჯონ ქაუფერთვაითი იყო, შოტლანდიელი, რომელიც პატივს ადამ სმითისა და სხვა კლასიკოსი ლიბერალების ნაშრომებს სცემდა.

1961-1971 წლებში ჰონ-კონგის ფინანსურ მდივნად მუშაობისას, ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ამ ტერიტორიაზე მთავრობის ძალაუფლების მასშტაბების ზრდას არ დაეშვა.

სმითის მსგავსად, ის მიიჩნევდა, რომ თავისუფალი კერძო ბაზრები ხელს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას უწყობენ, შეზღუდული რესურსების ათვისებისას დაშვებული შეცდომებზე საზღაურის დაწესებისა და სწორი გადაწყვეტილებების დაჯილდოების გზით. მას ესმოდა, რომ უნაკლო სისტემა არ არსებობს, მაგრამ ყველა ცნობილ ეკონომიკურ სისტემას შორის საბაზრო ფასების სისტემა საუკეთესო შედეგს იძლევა, რადგან ის ავტომატური უკუკავშირის პრინციპს ეფუძნება: ,,საბოლოო ჯამში თავისუფალი ეკონომიკის პირობებში მეწარმეების მიერ მიღებული თუნდაც მცდარი გადაწყვეტილებები ნაკლებად საზიანოა, ვიდრე მთავრობის მიერ ცენტრალიზებული გზით მიღებული მცდარი გადაწყვეტილებები, რომელთა შედეგად მიღებული ზიანის აღმოფხვრას ყველაფერთან ერთად მეტი დროც სჭირდება“ (qtd. In N. Smith1997, A14).

მოსაზრება, რომ საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვაში თავისუფალ ადამიანებს თავიანთი მდგომარეობის ავტონომიურად გაუმჯობესების უნარი გააჩნიათ და შეხედულება, რომ laissez-faire-ის ანუ ჩაურევლობის პრინციპის შედეგი ჰარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბება იქნება, თუ სახელმწიფო პიროვნებებისა და მათ საკუთრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, დასავლური საბაზრო ლიბერალური წესრიგის საფუძველს წარმოადგენს; იმავდროულად, თვითრეგულირების შესახებ მსგავსი ხედვა ძველი ჩინური ტაოისტური მოძღვრებისთვისაცაა დამახასიათებელი, რომელსაც ჩვენ ,,საბაზრო ტაოიზმი” შეგვიძლია ვუწოდოთ (Dorn 1997, 1998).

ტაოისტური, ისევე როგორც სმითისეული სისტემა ბუნებრივი თავისუფლების შესახებ, მორალურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას ატარებს: მორალური, ვინაიდან იგი დიდსულოვნებას ეფუძვნება და პრაქტიკული, ვინაიდან მას კეთილდღეობისკენ მივყავართ. მთავრობის როლის შემცირებისა და ბაზრის როლის გაზრდის ხარჯზე, ჩინეთმა საბაზრო სოციალიზმზე უარი უნდა თქვას და საბაზრო ტაოიზმი შემოიღოს, რაც საბოლოო ჯამში ხელს სამოქალაქო საზოგადოების გაჟანსაღებას შეუწყობს.

ლაო ძი და ვუ ვეის პრინციპი

დასავლური საბაზრო ლიბერალიზმის ტრადიციების თავზე მოხვევის შიშით, ჩინეთი საბაზრო სოციალიზმით არ უნდა შემოიფარგლოს, ვინაიდან ბაზრის ფორმირების პროცესი უნივერსალურია.

თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, როგორც ვაცლავ ჰაველი აღნიშნავდა, ,,ერთადერთი ბუნებრივი ეკონომიკაა, ერთადერთი, რომელსაც აქვს აზრი, ერთადერთი, რომელიც კეთილდღეობამდე მიგვიყვანს, ვინაიდან იგი ერთადერთია, რომელიც ცხოვრების ჩვეულებრივ, ბუნებრივ მხარეებს ასახავს“ (1992, 62). 1978 წლიდან საბაზრო ლიბერალიზმმა მილიონობით ჩინელის ცხოვრების დონე გააუმჯობესა, რის შემდეგაც პიროვნებებმა კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის შესახებ თავიანთი შეხედულებების ღიად გამოხატვა დაიწყეს. M. Pei-ს მიხედვით ,,1993 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რომელშიც ექვსი პროვინციაში მცხოვრები 5,455 რესპოდენტი მონაწილეობდა, გამოკითხულთა 78 პროცენტი კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას აღიარებდა“ (1998b, 76).

შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე ჩინეთის მმართველებმა საკუთარ ძველ კულტურას უნდა გადახედონ, რომ სპონტანური წესრიგის პრინციპი, რომელსაც ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი ჯეიმს ბიუქენენი ,,ეკონომიკის მთავარ და უმნიშვნელოვანეს პრინციპს უწოდებდა“ (1979, 81-82) ხელახლა აღმოაჩინონ. ლაო ძი თავის ნაშრომში Tau Te Ching-ი, რომელიც ადამ სმიტის ,,ხალხთა სიმდიდრეზე“ ორი ათასი წლით ადრე დაიწერა, მმართველს ვუ ვეის ანუ ჩაურევლობის პრინციპის მიღებას ურჩევს, როგორც ბედნიერებისა და კეთილდღეობის მიღწევის საუკეთესო გზას:

„იმპერია ხალახის საქმიანობაში ჩარევის გარეშე მართეთ. რაც უფრო მეტი ტაბუ და აკრძალვა იქნება ქვეყნად, მით უფრო მეტად ღარიბი იქნება ხალხი. რაც უფრო მეტი კანონი და ბრძანებულება იქნება, მით მეტი ქურდი და მძარცველი იქნება. აქედან გამომდინარე მმართველი ამბობს: მე არაფერს არ მოვიმოქმედებ და ხალხი თვითონ გარდაიქმნება. მე მათ საქმიანობაში არ ჩავერევი და კეთილდღეობას ადამიანები თვითონვე მიაღწევენ.“ (Chan 1963, 166-67)

მოყვანილი მაგალითი ცხადყოფს, რომ რაც უფრო მეტად ჩაერევა მთავრობა ყოველდღიურ საქმიანობაში, მით მეტი იქნება კორუფციის დონე; და პირიქით, თუ ადამიანებს საკუთარი ბედნიერებისკენ სწრაფვაში თავისუფლებას მივანიჭებთ, საბაზრო წესრიგი თვით დამყარდება, რაც საბოლოო ჯამში ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობის წინაპირობაა. ლაო ძის მსგავსად ჩინეთის მმართველებმა უნდა გაითავისონ, რომ კორუფცია არა თავისუფლების, არამედ მთავრობის მიერ მისი ხელყოფის შედეგია. ნობელის პრემიის ლაურეატი გარი ბეკერი აღნიშნავს, რომ ,,ბაზრები მთავრობისგან დამოუკიდებლად ფართოვდებიან, თუ პიროვნებებს თავისუფლებას მივანიჭებთ, ეს ხელს ბაზრებზე ისეთი საქონლის გაჩენას შეუწყობს, რომელსაც მანამდე ვერავინ წარმოიდგენდა” (1996, 75).

ვუ ვეის პრინციპი ისეთივე ძირეულია ტაოიზმისთვის, როგორც სპონტანური წესრიგი – ეკონომიკური ლიბერა ლიზმისთვის. საუკეთესო მმართველობა – მინიმალური მმართველობაა, ანუ მდგომარეობა როდესაც მმართველები ,,არაბუნებრივად არ მოქმედებენ”. მთავრობის შეზღუდვა ხელს ისეთი გარემოს შექმნას უწყობს, რომელშიც ადამიანებს ბედნიერებისა და კეთილდღეობის მიღწევის საშუალება აქვთ. ლაო ძი თავის Tau Te Ching-ში წერს: მოქმედება არ ხდება და მიუხედავად ამისა გაუკეთებელი არაფერი რჩება. იმპერიაში ხშირადაა შესაძლებელი, რომ წესრიგი უმოქმედობით დამყარდეს“ (Chan 1963, 162).

ჩინეთში თავისუფალი ბაზრის გაფართოებაა აუცილებელი და შესაბამისად, მისი მხარდაჭერისთვის საჭირო ინსტიტუციონალური ინფრასტრუქტურის შექმნა (Friedman 1990, 5). გამოსავალი საბაზრო სოციალიზმზე უარის თქმასა და მის ნაცვლად საბაზრო ტაოიზმის აღორძინებაში მდგომარეობს. როგორც გაო შანხუანი, ეკონომიკის რესტრუქტურირების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეობის პერიოდში ამტკიცებდა, მიმდინარე მიზანს სახელმწიფოს ხელთ არსებული საწარმოების ,,საბაზრო ეკონომიკის ოკეანეში გადასროლა“ წარმოადგენს (qtd. In Chang 1997, 15).

საბაზრო სოციალიზმიდან საბაზრო ტაოიზმისკენ

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა შთამბეჭდავი პროგრესი უჩვენა საბაზრო ეკონომიკისკენ გადადგმულ ნაბიჯებში, კერძო საკუთრებასა და თავისუფალ კონტაქტებზე დაფუძნებული ეკონომიკის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი. თავისუფალი საბაზრო სისტემის ჩამოყალიბებისთვის სახელმწიფო საწარმოების არსებობა ჯერ კიდევ სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს. ლინმა, კაიმ და ლიმ ყურადღება იმ ,,ინსტიტუციურ შეუსაბამობაზე” გაამახვილეს, რომელიც გეგმასა და ბაზარს შორის არსებობს და განაცხადეს რომ: ,,ჩინეთის ეკონომიკის შემდგომი წინსვლისთვის აუცილებელი საკანონმდებლო სისტემის გამჭვირვალეობის მიღწევაა, რომელიც საკუთრებით ურთიერთობებს დაიცავს და ამასთან ერთად ქვეყანაში ინოვაციებს, ტექნიკურ პროგრესს, შიდა და გარე ინვესტიციებს მოზიდვას წაახალისებს” (1996, 226).

ჩინეთს ისეთი კონსტიტუციური ცვლილებები ესაჭიროება, რომლებიც თავისუფლების პრინციპებს განმტკიცებას ეკონომიკური ცხოვრების დეპოლიტიზირებით მოახდენს. ამ შემთხევაში რეალური კაპიტალის ბაზრების წარმოქმნა შესაძლებელი გახდება, რაც ინვესტიციების ცენტრალიზებულ დაგეგმარებას და ფულად ნაკადებზე სახელმწიფო კონტროლს ჩაენაცვლება. ბაზრისგან მთავრობის ჩამოშორება ინსტიტუციური შეუთავსებლობის პრობლემასაც გადაჭრის და კორუფციასაც შეამცირებს.

თავისუფლების კონსტიტუცია ჩინეთისთვის

ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები განუყოფელია. ეკონომიკური ცხოვრების დეპოლიტიზირებისთვის ჩინეთმა კონსტიტუცია რომელიც ჩინეთის კომუნისტურ პარტიას განადიდებს, უნდა შეცვალოს, კონსტიტუციით, რომელიც პიროვნებასა და მის ქონებას იცავს. შედეგად, ახალი აზროვნების (xinsi wei) საჭიროება გაჩნდება: დაგეგმარების აუცილებლობის მხარდამჭერა ადგილს კანონის ფარგლებში მოქცეული თავისუფლების იდეას დაუთმობს. ეს იდეა არც დასავლეთის და არც ჩინეთისთვის ახალი არაა. როგორც ჩიხუან ხუ წერს: ,,მინიმალური შეზღუდვების არსებობა და ადამიანებისთვის თავისუფალი საქმიანობის ხელისშეწყობა საშუალებას მოგვცემს, რომ კონკრეტული დიზაინის არქონის პირობებშიც კი, უკეთესი საზოგადოება მივიღოთ. ეს იდეა ახალი არაა, ეს კანონიერების, კონსტიტუციურობის იდეაა. რეალური კონსტიტუციური მთავრობა უნაკლოდ მოწყობილ საზოგადოებაზე ოცნების ალტერნატივაა… ეს იდეა თვითორგანიზების პრინციპებს ეფუძნება” (1991, 44).

ამჟამად ჩინეთის კონსტიტუციის მე-11 მუხლში შესული შესწორება, რომელიც არასახელმწიფო სექტორის მნიშვნელობას ეხება, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ამასთან ერთად თავისუფალი საზოგადოებისკენ ტრანსფორმირების გასაგრძელებლად ჩინეთმა დანარჩენ მსოფლიოს თავისი ბაზრები უნდა გაუხსნას და საერთაშორისო სამართალი აღიაროს. პილონის სიტყვით, ჩინეთს ,,კანონის და არა ადამიანების ძალით გამყარებული კონსტიტუცია; თავისუფლების კონსტიტუცია“ ესაჭიროება (1998, 352).

თუმცაღა ამ იდეის გაზიარება ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თვითმყოფადი წესრიგისა და ვუ ვეის, ანუ ჩაურევლობის პრინციპის გაზიარებას ნიშნავს. ჩინეთის მმართველებმა და ხალხმა შეიძლება, რომ ლაო ძის ნაშრომები გამოიყენონ:

როდესაც გადასახადები ძალიან მაღალია – ხალხი შიმშილობს.

როდესაც მთავრობა აქტიურია – ხალხი თვითმყოფადობს კარგავს.

იმოქმედეთ ხალხის კეთილდღეობისათვის.

ენდეთ მათ და მიუშვით საკუთარ ნებაზე. (Mitchell 1991, 75)

დენ ქსიაო პინგი ფაქტიურად ეხმაურება ლაო ძის მოსაზრებებს, როდესაც წერს, რომ „ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა, რომელსაც ჩვენ არ მოველოდით, დიდი რაოდენობით საწარმოების სოფლების მეშვეობით მართვა იყო. ეს იყო ახალი ძალა, რომელიც თავისით გაჩნდა. ცენტრალური კომიტეტის მხრიდან ერთადერთი დახმარება, ეკონომიკის წახალისების მხარდამჭერი სწორი პოლიტიკის წარმართვა იყო. მიღებული მშვენიერი შედეგები ცხადყოფს, რომ არჩევანი სწორი აღმოჩნდა. ეს შედეგები განსხვავდებოდა იმისაგან, რასაც მე და ჩემი მეგობრები ვწინასწარმეტყველებდით.“ (1987, 189)

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს შეუძლია თავისუფლების თავისივე ხედვას ლაო ძის აზრების გამოყენებისა და გაფართოების მეშვეობით დაუბრუნდეს, საბაზრო ტაოიზმის ხელის შეწყობა შესაძლებელია კლასიკური ლიბერალური ეკონომიკური აზროვნების უკეთ გაცნობით და თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტების შესწავლით. გეგმაზე დამოკიდებულებისგან გონებრივ განთავისუფლებაში ჩინეთს საკუთარი კულტურა და დასავლეთის გაკვეთილები დაეხმარება.

ჩინეთში რეალური კაპიტალის ბაზრების შექმნა

ქმედითუნარიანი სოციალისტური კაპიტალის ბაზრების შექმნის მიზანი ილუზიაა (Nutter 1968). თანამედროვე გლობალური კაპიტალის ბაზრები ავტომატურად გამჭვირვალე საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობას გულისხმობს, რომელიც კერძო საკუთრებას იცავს და ინფორმაციის თავისუფლად მიღების საშუალებას იძლევა. აქტივების ფასები ამ შემთხვევაში გამოხატავენ მომავალი შემოსავლების კაპიტალიზირებულ ფასს. ორგანიზებულ ბაზრებზე წილების თავისუფალი ყიდვისა და გაყიდვის უფლებების გარეშე, კონკურენციის პირობებში დადგენილი საპროცენტო განაკვეთების გარეშე, რეალური კაპიტალის ბაზრების არსებობა გამორიცხულია და აქტივების რეალური ფასების დადგენის შესაძლებლობა არ არსებობს.

ჰერნანდო დე სოტო, ,,The Mystery of Capital“-ის ავტორი აცხადებს, რომ ,,კაპიტალი არის ღირებულება, ის ზედმეტი ღირებულება, რომელიც სწორი განსაზღვრებების გამოყენების შემთხვევაში წარმოიქმნება; …კაპიტალი იმავდროულად კანონიცაა” (qtd. In Fetting 2001, 23, 26). ქვეყნები სიღარიბეში რჩებიან, როდესაც მათი ლიდერები პრივატიზაციას ეწინააღმდეგებიან და თავს კანონის უზენაესობას არიდებენ. ჰონ-კონგი მდიდარია იმის გამო, რომ იგი კანონის უზენაესობას მტკიცედ იცავს და ბაზრის ხელისშემწყობი სტრუქტურები გააჩნია; და არა იმიტომ, რომ მას ფიზიკურად მსხვილი კაპიტალი გააჩნია.

რაც უფრო მეტადაა გარანტირებული და დაცული უფლებები მომავალ შემოსავალზე, პიროვნებებს მომავლის მით უფრო მეტი რწმენა გააჩნიათ, მით მეტადაა განვითარებული კაპიტალის ბაზრები, მით უფრო მეტია ლიკვიდურობა. ასევე აღსანიშნავია, რომ კერძო საკუთრებითი ურთიერთობების (მათ შორის საკუთრების გამოყენების, გაყიდვის ან დანაწილების უფლებებისა) ყოველგვარი შევიწროვება ან შეზღუდვა ნდობის ნაკლებობას, ნაკლებ ლიკვიდურობასა და კეთილდღეობის შემცირებას იწვევს.

საკუთრების მოხმარებასა და სათანადო რისკის გაწევაში ჩინელი მეწარმეების დახელოვნების თავისუფლების შეზღუდვა მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოქმნის და მათთვის ხელსაყრელი საბაზრო ინფრასტრუქტურების მშენებლობას აფერხებს. სანამ სახელმწიფოს მფლობელობაში საწარმოების უდიდესი წილი რჩება, საინვესტიციო გადაწყვეტილებებიცა და მენეჯერული დანიშნვებიც პოლიტიზირებული დარჩება.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩინეთის გაწევრიანებამ მისი ფსევდო კაპიტალის ბაზრების უცხოელებს გაუხსნა. ხუთ წელიწადში უცხოურ ბანკებს ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე სრულყოფილი მოქმედების საშუალება გაუჩნდებათ. უცხოელების მიერ ქონების ფლობაზე აკრძალვების უმეტესი ნაწილი გაუქმდება და დასავლეთის იურიდიულ და აუდიტორულ კომპანიებს ბაზარზე შეღწევის საშუალება გაეზრდებათ. უცხოურ სადაზღვევო კომპანიებზე გეოგრაფიული ლიმიტები გაუქმდება და ისინი მომსახურებათა ფართო სპექტრის, მათ შორის საპენსიო და სადაზღვევო მომსხურებას შეთავაზებას შესძლებენ.

ლიბერალიზაციისკენ მიმართული სხვა ზომებს შორის აღსანიშნავია უცხოური ფირმებისთვის ჩინეთის ტერიტორიაზე პირდაპირი ვაჭრობის უფლების მიცემა, რაც კონკურენციას განაღრმავებს და არასახელმწიფო სექტორის ზრდას გამოიწვევს (Groombridge 2000, 6-7).

რეალური კაპიტალის ბაზრების შესაქმნელად ჩინეთმა პოლიტიკური რეფორმები უნდა გაატაროს. სახელმწიფომ კაპიტალის მესაკუთრედ თავის მაგივრად კერძო პირები უნდა გამოიყვანოს და მათ საშუალება მისცეს, რომ აქტივები პოლიტიკური კონტროლის გარეშე საკუთარი სურვილის მიხედვით განათავსონ.

ეს ტრანსფორმირების პროცესი ჩინეთში საკუთრებითი უფლებების ახლებურ გააზრებას და სოციალისტური საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუციურ ინფრასტრუქტურაში დიდ ცვლილებებს მოითხოვს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ამმხრივ ჩინეთს საჭირო მიმართულებთ ბიძგს მისცემს.

პეკინმა სახელმწიფოს ხელში არსებული საწარმოები დაყო და აქტივების განმკარგავი კომპანიები შექმნა, რომ ამ გზით სახელმწიფო ბანკების უიმედო სესხების დაბრუნებაზე ეზრუნა. თუმცაღა ეს ზომები ჩინეთის საკუთრებით სისტემაში არსებული პრობლემების დასაძლევად საკმარისი არაა. ძალზედ არაეფექტური სახელმწიფო საწარმოები კერძო კომპანიებს კაპიტალის დეფიციტის პირობებში ამყოფებენ. კაპიტალის მთავარ მფლობელად მთავრობა, ანუ ჩინეთის კომუნისტური პარტია რჩება და ის იღებს გადაწყვეტილებებს იმაზე, თუ რომელ ფირმებს გააჩნიათ უფლება, რომ თავიანთი აქტივები საფონდო ბირჟაზე განათავსონ. სახელმწიფო ბანკების გადარჩენის მცდელობები ყოველგვარ აზრს მოკლებულიაა, თუ ისინი კვლავაც სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ კომპანიებზე სესხების გაცემას გააგრძელებენ, იმ პირობებში, რომ მათ მთავრობის პოლიტიკური ნება და არა ბაზარი მართავს.

თუ ჩინეთი გეგმავს საკუთარი ფირმები და ბანკები გამოაცოცხლოს და ფინანსური კატასტროფა თავიდან აიცილოს, მან თავისი კაპიტალის ბაზრები უნდა გახსნას და მომაკვდავ ინსტიტუტებში ზედმეტი ინვესტიციების აღარ განახორციელოს. კერძო მფლობელებს, რომლებსაც საწამოს მოგებაზე ექსკლუზიური უფლება და საკუთარი წილების გაყიდვის თავისუფლება გააჩნიათ, კაპიტალზე ხელი უფრო ადვილად უნდა მიუწვდებოდეთ. ჩინეთის მმართველები უნდა მიხვდნენ, რომ სამომავლოდ ჩინეთი თანამედროვე ფინანსურ ცენტრად მხოლოდ სათანდადო ნდობის მოპოვების შემთხვევაში გადაიქცევა. უცხოელი და შიდა ინვესტორები საწარმოს მოგებაზე მკაცრად განსაზღვრულ უფლებებს უნდა ფლობდნენ და საინვესტიციო გადაწყვეტილებებს კონკურენციის პირობებში იღებდნენ.

პოლიტიკური თვალსაზრისით საჭიროა ის, რასაც ჩინეთის კომუნისტური პარტია ჟერჟერობით, მცირე გამონაკლისების გარდა, არ ეთანხმება. კერძოდ, სამეურნეო საქმიანობიდან მთავრობის ჩამოშორებას და ეფექტური კერძო მესაკუთრეობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

მესაკუთრეობაში დახელოვნებისა და სათანადო რისკების გაწევის შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე, რისკისა და მოგების უამრავ შესაძლო კომბინაციას შორის არჩევანის პირობებში აქტივების გამოყენების თავისუფლება სიმდიდრის შექმნის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს (Alchian 1977, chap. 5). გამდიდრებულ კერძო პირებს სურვილი გაუჩნდებათ, რომ თავიანთი ქონება სახელმწიფოს ხელყოფისგან დაიცვან. რანაირად შეიძლება, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია ხალხის ინტერესებს ემსახურებოდეს, თუკი იგი კერძო საკუთრების ფართოდ გავრცელებას შეეწინააღმდეგება? საკმაოდ ძნელია, რომ ჩინეთის მმართველები კერძო საკუთრების, როგორც ნორმის და არა, როგორც გამონაკლისის აღიარებით დააინტერესო. კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც კერძო მესაკუთრეობას განამტკიცებდა, კარგი ნიშანი იქნებოდა ქვეყნიდან კაპიტალის გაჟონვის შესაჩერებლად და პირიქით, ახალი ინვესტიციების მოსაზიდად. პეკინის უნივერსიტეტის ეკონომისტის ჯონგ ვეის განცხადებით „კაპიტალის გადინებების შეჩერების აუცილებლობამ კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის უზრუნველმყოფი კონსტიტუციური ცვლილებების მიღების საკითხი საკმაოდ მწვავე გახადა“ (qtd. In Jia 2002, 5).

გაკვეთილები ჩინეთისთვის

სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური წესრიგი შეიძლება იძულებას ან თანხმობას ემყარებოდეს. თავისუფლების ლიბერალურმა კონსტიტუციურმა წესრიგმა მსოფლიოს მშვიდობისა და კეთილდღეობის დამკვიდრებაში სათანადო სამსახური გაუწია. ცენტრალური დაგეგმარებისა და კომუნიზმის კრახმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და საბჭოთა კავშირში, საზოგადოებრივი თანამშრომლობის პრობლემის მოგვარებაზე სახელმწიფო კონტროლის იდეის დისკრედიტაცია მოახდინა. ბასტია სამართლიანად ამტკიცებდა: ,,სოციალური პრობლემის გადაჭრის გასაღები თავისუფლებაა” (1964, 94).

1978 წლიდან ჩინეთის მიერ საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობამ ეთიკური პრაქტიკა მნიშვნელოვნად შეცვალა: ნებაყოფლობითმა გაცვლებმა შეცვალეს სახელმწიფო კონტროლი და ხალხი სპონტანური წესრიგისა და ბაზრის პირობებში ცხოვრებასთან შეგუება დაიწყო. კულტურული ტრანსფორმაცია ადვილი შესამჩნევია, განსაკუთრებით სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიებზე. როგორც ჟიანინგ ჟა წერს, ,,ეკონომიკურმა რეფორმებმა ახალი შესაძლებლობები წარმოაჩინა, ახალი ოცნებები, და გარკვეულწილად ახალი ატმოსფერო და ახალი აზროვნება. ძველი კონტროლის სისტემა მრავალ სფეროში შესუსტდა, განსაკუთრებით კი ეკონომიკასა და ცხოვრების წესებთან მიმართებაში. მზარდი პიროვნული თავისუფლების შეგრძნება ცხადი გახდა“ (1995, 202).

იანგ შუგუანგი, პეკინის უნირულის ინსტიტუტის (ჩინეთის ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი) ეკონომისტი წერს, ,,გეგმიური ეკონომიკა და საბაზრო ეკონომიკა, როგორც იდეოლოგიურად, ასევე ეთიკურად განსხვავდებიან.… გეგმიური ეკონომიკა ემყარება იდეალური საზოგადოებისა და მშვენიერი ოცნების იდეას, მაგრამ მისი განხორციელების ერთადერთი შესაძლებლობა ძალდატანებას ემყარებოდა. ამ სისტემის პირობებში პიროვნება დიდ სახელმწიფო მექანიზმში მხოლოდ ჭანჭიკია და კარგავს თავის თვითმყოფადობასა და შემოქმედებითობას. ძირითადი მოთხოვნა ასეთი სისტემის პირობებში მორჩილებაა. საბაზრო სისტემის პირობებში კი, რომელიც თანასწორუფლებიანი გაცვლებისა და შრომის დანაწილების განვითარების შედეგია, ძირეული როლი თანასწორუფლებიანობასა და პიროვნებების თანასწორ სტატუსს ენიჭება. აქედან გამომდინარე საბაზრო სისტემის პირობებში ძირითადია ურთიერთპატივისცემა, ურთიერთსარგებლიანობა და ურთიერთნდობა (1996, 5). ამ განსხვავებების გააზრება საბაზრო სოციალიზმიდან საბაზრო ტაოიზმისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმის ტოლფასია და კონსტიტუციური დიქტატიდან კონსტიტუციური თავისუფლებისკენ გრძელი გზის დასაწყისი“.

თავიანთ წიგნში ,,ჩინეთის ახალი პოლიტიკური ეკონომია“ სუსუმი იაბუკი და სტივენ ჰარნერი ამტკიცებენ, რომ ,,მშპ-ს ძლიერი ზრდის ტენდენცია არასახელმწიფო მფლობელობის საწარმოების ხვედრითი წილის ზრდის პირდაპირპროპორციულია“ (1999, 100). პროვინციები, სადაც ეკონომიკური თავისუფლების დონე უფრო მაღალი იყო უფრო სწრაფად განვითარდნენ, ვიდრე ისინი, სადაც თავისუფლების დონე ნაკლები იყო. მაგალითად ფუჯიანი, გუანგდონგი, ჯეჯიანგი (პროვინციები, სადაც სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი საწარმოების ხვედრითი წილი 30 პროცენტზე ნაკლები იყო) წელიწადში დაახლოებით 20 პროცენტიანი ზრდის ტემპით ხასიათდებოდნენ 1990-დან 1995 წლამდე. რაც შეეხება ქინგჰაის, ჰეილონგჯიანგსა და ნინგქსიას ავტონომიურ რაიონს, სადაც ძირითადად სახელმწიფოს საწარმოებია, ზრდის ტემპი მხოლოდ წლიური 7-8 პროცენტით შემოიფარგლებოდა (Yabuki and Harner 1999, 99-100).

უცხოელების დაფინანსებული საწარმოებისა და საგარეო ვაჭრობის როლის მნიშვნელობის შეფასებლობა შეუძლებელია. ჩინეთმა სახელმწიფო საწარმოებისთვის ალტერნატივების შექმნის ხარჯზე მოიგო. ექსპერიმენტირება არასახელმწიფო საკუთრების ფორმებზე ძალზედ შედეგიანი აღმოჩნდა. მთავრობამ დოვლათის შექმნაში კერძო საკუთრების უმნიშვნელოვანესი როლი დაინახა. როგორც, ფიფლზ დეილი იუწყება ,,იანგ დეჯიანგმა, ჯეჯიანგის პროვინციის კომუნისტური პარტიის კომიტეტის მდივანმა განაცხადა, რომ “კერძო სექტორის მიერ შეტანილი წვლილი მხარის ეკონომიკურ აღმავლობაში არ შეიძლება, რომ შეფასებელი დარჩეს” (,,Chinese Private Economy” 2002).

ამჟამად, უფრო მეტი თავისუფლების დაშვების დროა და აუცილებელია, რომ კერძო საკუთრება აღიარებული იქნეს არა მხოლოდ, როგორც ხელსაყრელი, არამედ, როგორც ადამიანის ძირეული უფლება. ამის მიმანიშნებელია ფიფლზ დეილის სტატია ,,ახალი მოხსენება ჩინეთის მომავალი სოციალური სტრატეგიის შესახებ, რომელიც ჩინეთის სოციალური მეცნიერებების აკადემიაში გაკეთდა ამტკიცებს, რომ კერძო საკუთრება სოციალისტური საზოგადოების ეკონომიკური საფუძვლებისა და საერთო კეთილდღეობის შექმნაში ისეთივე როლს ითამაშებს, როგორსაც სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი საკუთრება ასრულებს“ (,,Chinese Private Economy” 2002). ერთი შეხედვით ეს მტკიცებულება აბსურდულია: კერძო და სახელმწიფო საკუთრება დიამტრალურად საწინააღმდეგო ხასიათისაა, პირველი ეყრდნობა პიროვნების თავისუფლებას და უფლებას აძლევს მას განკარგოს მის ხელთ არსებული საკუთრებითი უფლებები, ხოლო მეორე კი სახელმწიფოს და მისი აპარატის ხელში აქცევს ყველაფერს და პიროვნებებს თავისუფლად გადაცემად უფლებებს არ უტოვებს; მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ სტრიქონებს შორის წაკითხვას შევეცდებით, მაშინ შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩინეთი შეიძლება კერძო საკუთრებითი უფლებების განსამტკიცებლად კიდევ უფრო მზად იყოს და ამით კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური თავისუფლება დაუშვას. მართლაც, ჩინეთის კომუნისტური პარტიის 16-ე კონგრესზე, 2002 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა ძიან ძემინმა განაცხადა: ჩვენ გვჭირდება… გავაუმჯობესოთ საკანონმდებლო სისტემა, რომ უკეთესად დავიცვათ კერძო საკუთრება“ (qtd. In McGregor and Kynge 2002, 3).

საბაზრო სოციალიზმიდან საბაზრო ტაოიზმისაკენ ჩინეთის ტრანსფორმაციის პერიოდში საჭიროა შემდეგი ხუთი გაკვეთილის გაცნობიერება:

– კერძო საკუთრება, თავისუფლება და სამართალი განუყოფელია;

– სამართალი მოითხოვს სახელმწიფოს უფლებამოსილებების პიროვნებებისა და მათი საკუთრების დაცვით შემოფარგვლას;

– ძალის გამოყენების მინიმიზირება სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების დაცვისას თავისუფლებას ზრდის და სპონტანურ საბაზრო-ლიბერალურ წესრიგს ქმნის;

– კერძო თავისუფალი ბაზრები არა მარტო მორალურად სრულყოფილნი არიან, არამედ ხელს დოვლათის წარმოებასაც საუკეთესო უწყობენ, ახალი აღმოჩენების წახალისებისა და ალტერნატიული შესაძლებლობების ზრდის ხარჯზე;

– მთავრობა საუკეთესოდ მართავს მაშინ, როდესაც კანონის უზენაესობისა და ჩაურევლობის პრინციპის მიხედვით მოქმედებს (ვუ ვეის პრინციპი).

ჩინეთის ბედნიერი მომავლის გასაღები უკეთეს სახელმწიფო დაგეგმარებისა და მეტ უცხოურ დახმარებაში კი არ იმალება, არამედ კონსტიტუციაში, რომელიც პიროვნებას და საკუთრებას მთავრობის ძალმომრეობისგან იცავს და კანონის უზენაესობით დაცული მშვიდობიანობის პრინციპზეა აგებული. ესაა ჰონ კონგის მემკვიდრეობა და ჩინეთის მიზანი.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s