„უფასო“ სწავლა-განათლება

self-education

ბარი დინ სიმფსონი

ბარი დინ სიმფსონმა სამეცნიერო ხარისხი ალაბამის შტატში, ქ.ოუბურნის უნივერსიტეტში დაიცვა, ამჯამად, სამხრეთ ალაბამის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი და ქ. ოუბურნში, ლუდვიგ ფონ მიზესის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელია.

(გამოქვეყნდა 2004 წ.)

„სახელმწიფო უნივერსიტეტები მმართველ პარტიას ემორჩილება. ხელისუფლება ცდილობს, იქ მხოლოდ ის პროფესორები დანიშნოს, რომლებიც მზად არიან მისი მოსაწონი იდეები იქადაგონ”.

ლუდვიგ ფონ მიზესი, „ადამიანის მოღვაწეობა“

ზოგადად, „უფასო“, ანუ სახელმწიფო სწავლების მომხრეთა აზრით, თუ განათლების სისტემა ძირითადად ფასიანი იქნება, ბევრ ბავშვს განათლების გარეშე დატოვებს, რის გამოც ამ უკანასკნელის დონე დაეცემა, ხოლო ამერიკა მკვეთრად დაეშვება ძირს – ეკონომიკური აღმავლობის შენელებისა და სტაგნაციისკენ. ის, რომ განათლება ეკონომიკური ზრდის განუყოფელი ნაწილია, ამ სტატიის განხილვის საგანი არ არის, მაგრამ, თუ ამერიკისა და ინგლისის განათლების ისტორიას გადავხედავთ, სუსტი მოგვეჩვენება ის ბრალდება, რომ გაუნათლებლობის მიზეზი ფასიანი, ანუ კერძო სწავლების სისტემაა.

1870 წლამდე ინგლისის განათლების სისტემა მთლად „უფასო“ არ ყოფილა, მაგრამ ასობით წლის მანძილზე სწავლა-განათლება აღმავლობის გზაზე იყო. 1640 წელს ლონდონში მამაკაცთა 50%-ზე მეტმა იცოდა წერა-კითხვა, სოფლად კი – 33%-ზე მეტმა და ამ დონეს კერძო მესაკუთრეების მიერ მართული ფასიანი საგანმანათლებლო სისტემის პირობებში მიაღწიეს. „სამრეწველო რევოლუციის“ დროს, განათლების მსურველთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, მომხმარებელთა მოთხოვნილება კერძო სკოლებმა უფრო მეტად დააკმაყოფილა. 1818 წლისთვის, გარკვეული პერიოდის მანძილზე, სკოლაში ყოველი მეთოთხმეტე ადამიანი დადიოდა. სულ რაღაც ათი წლის შემდეგ კი მოსწავლეთა რაოდენობა კიდევ ორჯერ გაიზარდა. 1833 წლის სახელმწიფო ანგარიშის მიხედვით (რომელსაც მონაცემთა შეკვეცის გამო აკრიტიკებენ), აღმოჩნდა, რომ 1818-1833 წლებში სკოლის მოსწავლეების რაოდენობა 73%-ით გაიზარდა. 1833 წელს მოსწავლეთა 58% სწავლების სრულ საფასურს იხდიდა და დახმარებას მხოლოდ 27% იღებდა.

ინგლისში განათლების კერძო სისტემა ზრდას განაგრძობდა. 1851 წლისთვის დღის სკოლებში სწავლების დონემ ისე აიწია, რომ ყოველი 8.36 მოსახლიდან ერთი მოსწავლე იყო, 1861 წელს კი ყოველი 7.7-დან – ერთი. 1870 წლის „განათლების კანონით” მთელი მოსახლეობისთვის „უფასო“ სკოლები გაიხსნა. მაგრამ 1975 წელს, „უფასო” სკოლების შემოღებიდან ას წელზე მეტი ხნის შემდეგ, ეს ციფრი მხოლოდ 6.4-ზე ჩამოვიდა. თუ გარემოებებს გავითვალისწინებთ, ინგლისში „განათლების კანონის” გამოცემამდე განათლებაში ჩადებული კერძო ინვესტიცია ფენომენალური იყო. მაგრამ საშუალო ოჯახის ბიუჯეტში ბავშვების განათლებისთვის გაწეული ხარჯების წილმა მაინც მნიშვნელოვანი თანხა შეადგინა. ედი უესტის შეფასებით, 1833 წელს მხოლოდ დღის სკოლებში სუფთა ეროვნული შემოსავლის ზუსტად ერთი პროცენტი იხარჯებოდა განათლებაზე. ეს ციფრი ჭარბობს ამერიკის 1860 წლის მონაცემებს, აგრეთვე, გერმანიის 1860 და საფრანგეთის 1880 წლის მონაცემებს, სადაც განათლება უფასო და სავალდებულო იყო. დასავლეთში ამტკიცებენ, რომ მოსახლეობის 100%-იანი განათლების მიღწევა შეუძლებელია. მაგრამ, თუ საყოველთაო განათლება მოსახლეობის 90%-ის სწავლებას გულისხმობს, ინგლისში კერძო სისტემამ ჯერ კიდევ 1860 წელს მიაღწია მას – მთელი ათი წლით ადრე, ვიდრე განათლება „უფასო“ გახდებოდა.

ამერიკაში დაახლოებით იგივე ვითარება იყო, რაც ინგლისში. 1650 წელს ამერიკაში წერა-კითხვა მამაკაცთა 60%-მა იცოდა. 1800-1840 წლებში – 75%-დან 90%-მდე გაიზარდა ჩრდილოეთ შტატებში, სამხრეთ შტატებში კი 75%-დან 81%-მდე. ეს ზრდა გრძელდებოდა მანამ, სანამ ცნობილი „საზოგადო სასკოლო მოძრაობა” დაიწყებოდა ჰორეს მანის ხელმძღვანელობით. 1850 წელს, 1852 წლის სახელმწიფო სავალდებულო განათლების კანონის გამოსვლამდე, მასაჩუსეტსში წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვმა 98%-ს მიაღწია. 1880-იან წლებში კი სენატორ კენედის კაბინეტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მასაჩუსეტსის შტატში განათლებულ მოქალაქეთა რიცხვი 91% იყო.

შეიძლება ზოგისთვის მთლად გასაგები არ არის, თუ სწავლების როგორი დონე იყო XIX საუკუნის დასაწყისში, მაგრამ ცალკეული ფაქტები მოსახლეობის განათლებულობასა და დახვეწილობაზე მიუთითებს. შელდონ რიჩმანი თავის წიგნში „სახელმწიფოსა და სკოლის განცალკევება“ (Separating School and State) მრავალფეროვან მაგალითებს გვთავაზობს ამერიკელი მკითხველის რთული ხასიათის შესახებ. სამ მილიონიან მოსახლეობაში ტომას პეინის წიგნის – „საღი აზრის“ (Common Sense) 120 000 ეგზემპლარი გაიყიდა, 1990-იანი წლებისთვის ეს იგივეა, რაც 10 მილიონი ეგზემპლარი. 1818 წელს ნოე ვებსტერის წიგნის – „შეჯიბრი მართლწერაში“ (Spelling Bee) – ხუთ მილიონამდე ეგზემპლარი გაიყიდა ოც მილიონიან მოსახლეობაში. 1813-1823 წლებში ამავე რაოდენობის უოლტერ სკოტის რომანები გაიყიდა, 1990-იანი წლებისთვის ეს იგივეა, რაც 60 მილიონი ეგზემპლარი. ჯეიმს ფენიმორ კუპერის „უკანასკნელი მოჰიკანიც“ მილიონობით გაიყიდა. რასაკვირველია, სკოტი და კუპერი დღევანდელი მეოთხეკლასელი მკითხველის დონეზე არ წერდნენ. ამერიკელთა განათლება იმდროინდელ მოგზაურებს ალექსის დე ტოკევილსა და პიერ დიუ პონტსაც აოცებდათ. ვიქტორიანული პერიოდის ინგლისის მკითხველი საზოგადოება ისე კარგად არის ცნობილი, რომ ამ საკითხს მრავალი წიგნი და სასწავლო ლიტერატურა ეძღვნება. საზოგადოების დასამშვიდებლად ინგლისი, ფაქტობრივად, თანდათან გადავიდა ფულად გადასახადზე, რაც ლიდერებს ძალიან ჭკვიანურად მიაჩნდათ.

ფასიანი სწავლების სისტემის წარმატების მიზეზი ეკონომიკის ფაკულტეტის ნებისმიერი სტუდენტისთვის მარტივად გასაგებია: კერძო ბიზნესი მომხმარებელზეა ორიენტირებული. მეწარმეს მოგებაწაგებას შორის უკუკავშირი უჩვენებს, თუ როდის აკმაყოფილებს ან როდის ვერ აკმაყოფილებს ის მომხმარებლის მოთხოვნილებას. მეწარმე, რომელიც სულ ზარალს განიცდის, საბოლოოდ შეწყვეტს მეწარმეობას. მოგება კი, პირიქით, წამახალისებელი ჯილდოა იმ მეწარმისთვის, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნილებას სწორად განჭვრეტს. ამ ფაქტს იმდროინდელი კერძო სკოლების ერთი თვალის გადავლებაც ადასტურებს. კერძო სკოლებში მოსწავლეებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობდნენ. სახელმწიფო სკოლებში მხოლოდ წერაკითხვა და არითმეტიკა ისწავლებოდა, კერძო სკოლებში კი გეოგრაფია, ბუღალტერია, გეომეტრია, ტრიგონომეტრია, გეოდეზია, ფრანგული, გერმანული, ისტორია და ზოგჯერ ცეკვაც. მომხმარებელთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად პროფესიული და საღამოს სკოლებიც გაიხსნა. ამერიკის რევოლუციის შემდეგ, მრავალ შტატში სკოლების ადგილობრივი სახელისუფლო დაფინანსება შემცირდა, კერძო განათლება კი აყვავდა.

მაშ, რატომ გააჩაღეს ბატონმა მანმა და სხვა ე.წ. რეფორმატორებმა კამპანია, რომლის მიხედვით, ბავშვებისთვის ყველა სკოლა სახელმწიფო და უფასო უნდა ყოფილიყო? ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მომხმარებელს კერძო სკოლების ხარისხი უფრო მოსწონდა. 1830-1840 წლებში მოსწავლეთა საერთო რიცხვი არ შემცირებულა, მაგრამ სახელმწიფო სკოლების დამსწრეთა წილი სულ უფრო და უფრო კლებულობდა. მანი და მისი მიმდევრები, რომლებიც სახელმწიფო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციის ინტერესებს იცავდნენ, კერძო სკოლების წინააღმდეგ მრავალ არგუმენტს იყენებდნენ. ასეთი არგუმენტები იყო „ცუდი მშობლები, რომლებსაც თავიანთი შვილებისთვის განათლების მიცემა არ სურდათ“, და კერძო სკოლების „არადემოკრატიულობა“. ე.წ. რეფორმატორები სახელმწიფო სკოლების პოზიციების გასამყარებლად ეკონომიკურ არგუმენტებსაც იშველიებდნენ, რასაც ეკონომიკის აღმავლობას, დამნაშავეობის კლებას და განათლებულ ამომრჩეველთა ზრდას უკავშირებდნენ. მანის თაოსნობით განათლების მუშაკებმა და ადმინისტრაციამ ლობისტთა ძლიერი წრე შექმნეს და საკუთარი ხედვა სახელმწიფო მანქანას მოახვიეს თავს, ეს კი კერძო განათლების სისტემისთვის ლახვრის ჩაცემას ნიშნავდა. საქმე ისაა, რომ სწავლა-განათლებაში ორმაგის გადახდა ყველას არ შეუძლია, ჯერ სწავლის საფასურის და მერე საგადასახადო სანქციის სახით.

ახლა ბევრი ხვდება სახელმწიფო სკოლების უუნარობას, მათ შორიც ისინიც კი, ვინც ამ ცუდი სისტემის შესაცვლელად მხოლოდ მისი რეორგანიზაციის გზებს ეძებენ. მშობლები, რასაკვირველია, აანალიზებენ ამ სინამდვილეს, რადგან, სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემის აშკარა დეფექტის გამო, კერძო და საშინაო სკოლები კვლავ აღმავლობის გზაზეა. აშკარაა, ბევრს ურჩევნია სწავლაგანათლებაში ორმაგი გადაიხადოს, ვიდრე უცოდინარი დარჩეს. ეკონომიკური თეორია გვასწავლის, რომ კერძო ბიზნესი სხვადასხვაგვარი მომხმარებლის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას გაცილებით უკეთ უზრუნველყოფს, ვიდრე ბიუროკრატია. ისტორია გვასწავლის, რომ განათლების კერძო სისტემა ვარგისია და, თუ მას დავუჯერებთ, მალე დავრწმუნდებით, რომ მასობრივი სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემის მოსპობით, განათლება არ დაზარალდება და ნაკლებად შეძლებული ფენები მათთვის საჭირო განათლებას მაინც მიიღებენ.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s