პოპულისტური პოლიტიკა – გზა სოციალიზმისკენ

2940015695014_p0_v1_s260x420

ლუდვიგ ფონ მიზესი (1881-1973)

კარლ მენგერისა და ეუგენ ბემ-ბავერკის მიმდევარი „ავსტრიული ეკონომიკური სკოლის“ მეორე ტალღის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ლუდვიგ ფონ მიზესი განსაკუთრებული პიროვნებაა ეკონომიკისა და სოციალური ფილოსოფიის ისტორიაში.

დაბადებით ავსტრიის იმპერიის მოქალაქეს, ფაშიზმისა და ყოველგვარი ტოტალიტარიზმის უკომპომისო მოწინააღმდეგეს, ცხოვრების ნახევარზე მეტის გატერება უცხოეთში, ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში მოუწია.

მისმა გენიალურმა და მრავალმხრივმა შრომებმა – ადამიანის მოღვაწეობის საფუძვლებისა და ლოგიკის, ფულად-საკრედიტო სისტემის, სავაჭრო ციკლების, ლიბერალიზმის, ეკონომიკური ისტორიისა და თეორიების, ბიუროკრატიიის ფუნქცინირების, სახელმწიფოს ეკონომიკური როლის და სხვა მრავალი მომიჯნავე საკითხის შესახებ, რომლებიც რაციონალისტურ და უტილიტარულ კონტინენტურ ტრდიციას ეფუძნებოდნენ, გარდატეხა შეიტანეს მე-20 საუკუნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ აზროვნებაში.

მისი საკვანძო შრომებია „ფულისა და კრედიტის თეორია“ (1912), „ერი, სახელმწიფო და ეკონომიკა (1919), „სოციალიზმი“ (1927), „ადამიანის მოღვაწეობა“, რომელიც ჯერ 1940 წელს გერმანულად, ხოლო შემდეგ 1949 წელს ინგლისურად გამოიცა, „დაგეგმილი ქაოსი“ (1947) და სხვა მრავალი.

ფასდაუდებლია მისი, როგორც პედაგოგის მოღვაწეობა, მის ლექცია-სემინარებს ესწრებოდა მე-20 საუკუნის მრავალი გამოჩენილი ეკონომისტი და პოლიტიკური მოღვაწე.

განსაკუთრებულია მისი წვლილი მრავალსახოვანი სოციალიზმის ეკონომიკური უნიადაგობისა და ანტიჰუმანური არსის მხილებაში.

გამოქვეყნდა 1950 წელს

შესავალი

ყველა ნაირსახეობის სოციალიზმისა და კომუნიზმის ძირითადი არსი გულისხმობს, რომ საბაზრო ეკონომიკა ანუ კაპიტალიზმი წარმოადგენს წეს-წყობილებას, რომელიც ხალხის უდიდესი უმრავლესობის სასიცოცხლო ინტერესებს სასტიკი ინდივიდუალისტების უმცირესობის სასარგებლოდ ხელყოფს, ხოლო მასებს სულ უფრო მზარდი სიღატაკისთვის სწირავს; შესაბამისად, მშრომელთა გაღარიბებას, დამონებას, შევიწროებას, დაკნინებას და ექსპლუატაციას იწვევს, მაშინ როდესაც უსაქმური და გამოუსადეგარი მუქთამჭამელების კლასს ამდიდრებს.

ეს მოძღვრება კარლ მარქსის ქმნილება არ გახლდათ. ის მარქსის ასპარეზზე გამოჩენამდე ბევრად ადრე წარმოიშვა. მისი ყველაზე შედეგიანი გამავრცელებლები არა მარქსისტი ავტორები, არამედ ისეთი პიროვნებები იყვნენ, როგორებიცაა კარლლაილი და რუსკინი, ბრიტანელი ფაბიანელები, გერმანელი პროფესორები და ამერიკელი ინსტიტუციონალისტები. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ეჭვი ამ მოძღვრების სისწორეში, მხოლოდ რამოდენიმე ეკონომისტმა შეიტანა, რომლებიც ძალიან მალე გააჩუმეს და უნივერსიტეტების, პრესის პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელობის, აგრეთვე პირველ რიგში, სახელმწიფო სამსახურის მიღმა დატოვეს. საზოგადოებრივმა აზრმა კაპიტალიზმისადმი უარყოფითი განაჩენი ყველანაირი პირობის გარეშე მთელი სიგრძე-სიგანით მიიღო.

1. სოციალიზმი

მაგრამ პრაქტიკული, პოლიტიკური დასკვნები, რომლებსაც ხალხი ამ მოძღვრებიდან იღებდა, რა თქმა უნდა ერთგვაროვანი არ იყო. ერთი ჯგუფი აცხადებდა, რომ კაპიტალიზმის უკეთურობებიდან თავის დასაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს, კერძოდ, მისი სრული ამოძირკვა. ისინი წარმოების საშუალებებზე კერძო მფლობელობის საზოგადოებრივი მფლობელობით ჩანაცვლებას უჭერდნენ მხარს. მიზნად ისახავენ განახორციელონ ის, რასაც სოციალიზმს, კომუნიზმს, დაგეგმარებას, ან სახელმწიფო კაპიტალიზმს უწოდებენ. არადა, ყველა ეს ტერმინი, ერთსა და იმავეს ნიშნავს: მომხმარებელი, თავის გადაწყვეტილებით შეიძინოს თუ თავი შეიკავოს, ვეღარ განსაზღვრავს თუ რა უნდა აწარმოოს, რა რაოდენობით და რა ხარისხით. ამიერიდან, მთელი სამეწარმეო საქმიანობა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ერთპიროვნულად უნდა წარმართოს.

2. ინტერვენციონიზმი

მეორე ჯგუფი ნაკლებად რადიკალურია. ისინი სიტყვით სოციალიზმს კაპიტალიზმზე არანაკლებ უარყოფენ. უპირატესბას კი მესამე წეს-წყობილებას ანიჭებენ, რომელიც მათივე განცხადებით, ისევე შორსაა კაპიტალიზმისგან, როგორც სოციალიზმისგან, ხოლო როგორც საზოგადოების ეკონომიკური მოწყობის მესამე გზა, ამ ორი სისტემის შორის გადის. ამასთან, ორივე მათგანის უპირატესობის შერწყმის მცდელობისას, თითოეულის უარყოფით მხარეებს გვერდს უვლის. ეს მესამე წეს-წყობილება ცნობილია, როგორც ინტერვენციონიზმი. ამერიკულ პოლიტიკურ ტერმინებში ის უფრო მეტად პოპულისტურ პოლიტიკად მოიხსენიება. ის, რაც ამ მესამე წეს-წყობილებას ხალხის უმრავლესობაში პოპულარულს ხდის, რთული პრობლემების ხედვის უჩვეულო მდგომარეობაში მდგომარეობს. როგორც ისინი მიიჩნევენ ორი კლასი, ერთი მხრივ, კაპიტალისტები და მეწარმეები, ხოლო მეორე მხრივ მოჯამაგირეები, კაპიტალისტური მოგებისა და სამეწარმეო საქმიანობის შედეგების გადანაწილებაზე დავობენ. ორივე მხარე თავისთვის მთელ წილს ითხოვს. ახლა, ეს შუამავლები გვირჩევენ, ნება მოგვეცით, ორკლასს შორის სადავო სიმდიდრის თანაბარი განაწილებით, მშვიდობა დავამყაროთო. სახელმწიფო, როგორც მიუკერძოებელი მსაჯული, უნდა ჩაერიოს, კაპიტალისტების სიხარბე ალაგმოს და მოგების ნაწილი მშრომელ კლასებს გაუნაწილოს. ამრიგად, გაუმაძღარი კაპიტალიზმის დამხობა შესაძლებელი იქნება, ამოუპირავი ტოტალიტარული სოციალიზმის აღზევების გარეშე.

თუმცა, საკითხისადმი ამგვარი მიდგომა მთლიანად მცდარია. კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის ნადავლის განაწილების შესახებ დაპირისპირება უთანხმოების შედეგი არ არის. საკამათოა ის, რომ საზოგადოების ეკონომიკუი მოწყობის ორი მონახაზიდან, რომელი – კაპიტალიზმი თუ სოციალიზმი, შეეფერება უფრო უკეთესად იმ შედეგების მიღწევის ამოცანას, რაც საერთო აზრით, ე.წ. ეკონომიკური საქმიანობის საბოლოო მიზანს წარმოადგენს და მოხმარების საგნებითა და მომსახურებით საუკეთესო ხარისხით უზრუნველყოფას გულისხმობს.

კაპიტალიზმს ამ მიზნების მიღწევა კერძო მეწარმეობით და ინიციატივით სურს, რაც საზოგადოების მიერ შეძენისაგან თავის შეკავების შესახებ ბაზარზე მიღებული გადაწყვეტილების უზენაესობას ექვემდებარება.

სოციალისტებს ცალკეული პიროვნებების გეგმების ცენტრალური ხელისუფლების ყოვლისმომცველი გეგმით ჩანაცვლება სურთ. მათ უნდათ, რომ ხელისუფლების განსაკუთრებული მონოპოლიით შეცვალონ ის, რასაც მარქსი „წარმოების ანარქიას“ უწოდებდა. დაპირისპირება არსებული დოვლათის გადანაწილების ხერხს როდი ეხება. ის ყოველივე იმის წარმოების ხერხს გულისხმობს, რაც ხალხს სიამოვნებას ანიჭებს.

ეს ორი მიდგომა შეუთავსებელია და მორიგების საშუალებას არ იძლევა. დაპირისპირების შეკავება შეუძლებელია. როგორც ითქვა, ან მომხმარბლის საბაზრო მოთხოვნა გადაწყვეტს, თუ რა მიზნით და როგორ უნდა მოხდეს წარმოების ფაქტორების გამოყენება, ან ამ საკითხებზე ხელისუფლება იზრუნებს. ამ ორი საწინააღმდეგო მიდგომის დაპირისპირებას ვერაფერი შეამსუბუქებს. ისინი ერთმანთს გამორიცხავენ. ინტერვენციონიზმი კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის ოქროს შუალედი არ არის. ის საზოგადოების ეკონომიკური წყობის მესამე სისტემის მონახაზს წარმოადგენს და სათანადოდაც უნდა შეფასდეს.

3. როგორ მუშაობს ინტერვენციონიზმი

მოცემული მსჯელობის ამოცანა კაპიტალიზმისა და სოციალიზმის ღირსებების განხილვა არ არის. ამჯერად მხოლოდ ინტერვენციონიზმს შევეხები. ამასთან, არ ვაპირებ ინტერვენციონიზმის უნებურ შეფასებას, რომელიმე წინასწარ აკვიატებული მიდგომით. ჩემი ერთადერთი სურვილია ვაჩვენო, თუ როგორ მუშაობს ინტერვენციონიზმი და შესაძლებელია თუ არა, რომ საზოგადოების ეკონომიკური მოწყობის სამაგალითო წეს-წყობილებად იქნეს განხილული.

ინტერვენციონისტები ხაზს უსვამენ, რომ ისინი წარმოების სშუალებებზე კერძო მფლობელობის, მეწარმეობის და საბაზრო გაცვლების შენარჩუნებას გეგმავენ. მაგრამ მათივე მომდევნო განცხადებით, აუცილებელია ამ კაპიტალისტური ინსტიტუტების შეზღუდვა, რომ მათ ვერ შეძლონ პანიკის გავრცელება და ადამიანების უმრავლესობის არასამართლიანი ექსპლუატაცია. ხელისუფლების მოვალეობაა მესაკუთრეების სიხარბე მითითებებითა და აკრძალვებით შეზღუდოს, რათა მათი მომხვეჭელობით უქონელთა კლასები არ დაზარალდნენ. შეუზღუდავი (laissez-faire) კაპიტალიზმი ბოროტებაა, მაგრამ მისი უკეთურობების აღსაკვეთად კაპიტალიზმის სრული ამოძირკვა საჭირო არ არის. შესაძლებელია, რომ კაპიტალისტური წეს-წყობილება კაპიტალისტებისა და მეწარმეების საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევით გაუმჯობესდეს. ხელისუფლების მხრიდან წარმოების ამგვარი მოწესრიგება, ტოტალიტარული სოცილიზმისგან თავდაცვისა და კაპიტალიზმის იმ შესაძლებლობების გადარჩენის ერთადერთი ხერხია, რომელთა შენარჩუნებაც ღირს. იმ ფილოსოფიის საფუძველზე, ინტერვენციონისტები სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავენ. მოდით, ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ, ფასების კონტროლის მეტად გავრცელბული საკითხი ავირჩიოთ.

4. როგორ მიგვიძღვის ფასების კონტროლი სოციალიზმისკენ

ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ გარკვეული ნაწარმის, ვთქვათ, რძის ფასი ძალიან მაღალია. მას სურს შესაძლებელი გახადოს, რომ ღარიბმა თავის ბავშვებს მეტი რძე მისცეს. ამიტომ ფასის ზედა ზღვარს ადგენს და რძის ფასს თავისუფალ ბაზარზე არსებულ განაკვეთზე დაბლა აწესებს. შედეგი არის ის, რომ რძის „ზღვრული“ მწარმოებლები, რომლებიც რძეს ყველაზე მაღალი ხარჯებით აწარმოებდნენ, ახლა უკვე ზარალსაც განიცდიან. რამდენადაც, ვერც ერთი ფერმერი თუ ბიზნესმენი ვერ შეძლებს ზარალიანი წარმოების გაგრძელებას, ისინი წარმოებას წყვეტენ და ბაზარზე რძეს აღარ ყიდიან. თავიანთ ძროხებს და საკუთარ უნარ-ჩვევებს კი უფრო ხელსაყრელი დანიშნულებით გამოიყენებენ. მაგალითად, კარაქის, ყველის ან ხორცის წარმოებას მიჰყოფენ ხელს. მომხმარებლის განკარგულებაში კი, უფრო ნაკლები რძე აღმოჩნდება და არა მეტი, როგორც ჩაფიქრებული იყო. ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიზნებს ეწინააღმდეგება. მას სურდა, რომ გარკვეული ადამიანებისათვის რძე უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა. მაგრამ, ჩარევის შედეგად, რძის წარმოება შემცირდა. ცხადია, რომ ხელისუფლებისა და მისი მხურვალე მხარდამჭერების შეხედულებამ წარუმატებლობა განიცადა. შექმნილი ვითარება, იმავე ხელისუფლების აზრით, კიდევ უფრო ნაკლებად სასურველია ვიდრე მისი წინამორბედი, რომლის გაუმჯობესებაც იყო გათვალისწინეული.

ახლა, ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას. მას შეუძლია თავისივე დადგენილების გაუქმება და რძის ფასის გაკონტროლების შემდგომი მცდელობებისაგან თავის შეკავება. მაგრამ თუ კი ის მაინც შეეცდება, რომ შეინარჩუნოს რძის ფასი იმაზე დაბლა, ვიდრე ამას თავისუფალი ბაზარი დააწესებდა და მიუხედავად ყველაფრისა სურს, რომ თავიდან აიცილოს რძის წარმოების შემცირება, მან იმ მიზეზების აღმოფხვრა უნდა სცადოს, რომლებიც „ზღვრული“ მეწარმეების საქმიანობას არამომგებიანს ხდის. მან პირველ დადგენილებას, რომელიც მხოლოდ რძის ფასს ეხებოდა, მეორე დადგენილება უნდა მიამატოს, რომელიც რძის წარმოებისათვის საჭირო საწარმოო ფაქტორებზე ისეთ დაბალ ფასებს დააწესებს, რომ რძის „ზღვრული“ მწარმოებლები ზარალისაგან აღარ გაიტანჯებიან და ამიტომ წარმოების გაფართოებიდან თავს აღარ შეიკავებენ. მაგრამ ამჯერად ისტორია კიდევ მცირდება, ხოლო ამის უკან ისევ ხელისუფლება დგას. თუკი მას მარცხის აღიარება და ფასწარმოქმნაში ნებისმიერი ჩარევისაგან თავის შეკავება არ სურს, ის კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეს და იმ საწარმოო ფაქტორების საწარმოებლადაა საჭირო. ამრიგად, ხელისუფლება იძულებულია სულ უფრო შორს წავიდეს და ნაბიჯ-ნაბიჯ დააწესოს ფასები ყველა სამომხმარებლო საქონელსა და საწარმოო ფაქტორზე, მათ შორის სამუშაო ძალაზე, ისევე როგორც ნედლეულზე, ხოლო ყოველი მეწარმე და ყოველი მუშა დაავალდებულოს, რომ იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებითა და ხელფასებით. ვერც ერთი სამეურნეო დარგი ვერ დაუსხლტება ფასების და ხელფასების ყოველისმწვდომ კონტროლს და იმ ვალდებულებას, რომ მხოლოდ წარმოება იმ მოცულობებით შეზღუდოს, რომლის ხილვაც ხელისუფლებას სურს. თუკი რომელიმე დარგი შეზღუდვების მიღმა აღმოჩნდება, მხოლოდ იმის გამო, რომ იქ არასასიცოცხლო მნიშვნელობის ან სულაც ფუფუნების საგნებს აწარმოებენ, კაპიტალი და მუშახელი თანდათან იქეთ გადაინაცვლებს. ამით კი იმ საქონლის წარმოება შემცირდება, რომელზედაც ხელისუფლებამ დაბალი ფასები საგანგებოდ დააწესა, რადგან მიიჩნევდა, რომ მასების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მაგრამ, როგორც კი წარმოების კონტროლი ყოვლისმომცველი გახდება, საბაზრო ეკონომიკის შესახებ შეკითხვები აღარ უნდა დაისვას. მოქალაქეები, მათ მიერ შეძენისა ან შეძენისგან თავის შეკავების შესახებ ბაზარზე მიღებული გადაწყვეტილებებით ვეღარ საზღვრავენ თუ რა უნდა იქნეს წარმოებული და როგორ. ამ საკითხების მოგვარების უფლება ხელისუფლებას გადაეცემა. ეს კაპიტალიზმი აღარ არის; ეს ხელისუფლების მიერ ყოვლისმომცველი დაგეგმარებაა, ეს სოციალიზმია.

5. Zwangswirtschaft ყაიდის სოციალიზმი

რა თქმა უნდა სიმართლეა, რომ ამ ყაიდის სოციალიზმი კაპიტალიზმის ნიშნებს და გარეგნულ სახეს ინარჩუნებს. ის, ერთი შეხედვით, საწარმოო საშუალებებზე კერძო საკუთრებას, ფასებს, ხელფასებს, საპროცენტო განაკვეთებს და მოგებას თითქოს არც კი ეხება. თუმცა, სინამდვილეში, ხელისუფლების შეუზღუდავი თვითნებური მითითებების გარდა, ანგარიში არაფერს ეწევა. ხელისუფლება მეწარმეებს და კაპიტალისტებს მიუთითებს, თუ რა უნდა აწარმოონ და რა რაოდენობისა და ხარისხის, რა ფასად იყიდონ და ვისგან, რა ფასად გაყიდონ და ვის მიყიდონ. ის მშომელებს უსაზღვრავს, თუ რა ანაზღაურება მიიღონ და სად იმუშაონ. საბაზრო გაცვლა მხოლოდ თვალმაქცობა ხდება. ფასი, ხელფასი და საპროცენტო განაკვეთები ხელისუფლების მიერ განისაზღვრება, ამიტომ ისინი თავიანთ სახელს მხოლოდ გარეგნულად ამართლებენ; სინამდვილეში ისინი, უბრალოდ, რაოდენობრივად ასახავენ ხელისუფლების მითითებებს. წარმოებას არა მომხმარებელი, არამედ ხელისუფლება წარმართავს. თითოეული მოქალაქის შემოსავალს ხელისუფლება განსაზღვრავს, ის თითოეულს მიუთითებს ადგილს, რომელზედაც ვალდებულია, რომ იმუშაოს. ეს კაპიტალიზმის გარეგნული ნიშნებით შენიღბული სოციალიზმია. ასეთია. Zwangswirtschaft-ი ჰიტლერის გერმანულ სახელმწიფოში და გეგმიური ეკონომიკა დიდ ბრიტანეთში.

6. გერმანული და ბრიტანული გამოცდილება

ჩემს მიერ წარმოდგენილი სოციალური ტრანსფორმაციის მონახაზი მხოლოდ თეორიული განზოგადება არ გახლავთ. ის თანმიმდევრულად ასახავს იმ მოვლენებს, რომლებმაც გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში სოციალიზმი დაამკვიდრა.

გერმანელებმა, პირველი მსოფლიო ომის დროს, მომხმარებლისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საგნების მცირე ჯგუფზე ფასის განსაზღვრით დაიწყეს. ამ ღონისძიებების გარდაუვალმა ჩავარდნამ ისინი აიძულა, რომ უფრო და უფო შორს წასულიყვნენ იქამდე, ვიდრე ომის მეორე ნახევარში ე.წ. ჰინდერბურგის გეგმას შექმნიდნენ. ჰინდერბურგის გეგმის შინაარსში კი მომხმარებლების არჩევანის თავისუფლება და მეწარმეთა ინიციატივა გათვალისწინებული არანაირად აღარ იყო. ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა უპირობოდ ექვემდებარებოდა ხელისუფლების უშუალო განმგებლობას. ომში კაიზერის სრულ კრახთან ერთად, იმპერიული ადმინისტრაციის მთელი აპარატი და ეს გრანდიოზული გეგმაც გაცამტვერდა. მაგრამ, როდესაც 1931 წელს გერმანიის კანცლერი ბრიუნინგი ფასების კონტროლის პოლიტიკას დაუბრუნდა და მისი მემკვიდრეები, უპირველეს ყოვლისა ჰიტლერი, ჯიუტად აგრძელებდნენ მას, ყველაფერი ისევე განმეორდა. დიდი ბრიტანეთი და ყველა სხვა ქვეყანა, რომლებმაც პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ფასების კონტროლი შემოიღეს, მსგავსი წარუმატებლობის წინაშე აღმოჩნდნენ. ისინიც იძულებული იყვნენ, სულ უფრო და უფრო შორს წასულიყვნენ მცდელობაში, რომ პირველადი გადაწყვეტილება აემოქმედებინათ. მაგრამ ისინი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე იმყოფებოდნენ, როცა ომში გამარჯვებამ და საზოგადოების წინააღმდეგობამ ფასების კონტროლის ყველა მცდელობა შეაჩერა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ყველაფერი სხვანაირად წარიმართა. დიდმა ბრიტანეთმა ზოგიერთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაწარმზე ზღვრული ფასები ისევ დააწესა და იძულებული იყო ეს გეზი შეენარჩუნებია მანამ, სანამ ეკონომიკური თავისუფლება ქვეყნის მთელი ეკონომიკის სრული კონტროლით არ შეიცვალა. როცა ომი დასრულდა დიდი ბრიტანეთი სოციალისტური თანამეგობრობა გახლდათ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ბრიტანული სოციალიზმი არა ბატონი ათლის ლეიბორისტული მთავრობის, არამედ უინსტონ ჩერჩილის ომისდროინდელი კონსერვატიული მთავრობის მიღწევა იყო. ის, რაც ლეიბორისტულმა პარტიამ წამატებით გააკეთა, თავისუფალ ქვეყანაში სოციალზმის დამკვიდრება კი არა, არამედ ომის დროს და მის შემდეგ უკვე ჩამოყალიბებული სოციალიზმის შენარჩუნება იყო. ეს ყოველივე ინგლისის ბანკის, ნახშირის საბადოების დ სხვა წარმოებების ნაციონალიზაციით გმოწვეულმა სენსაციამ დაჩრდილა. თუმცა, დიდ ბრიტანეთს სოციალისტური ქვეყანა უნდა ეწოდოს, არა ზოგიერთი წარმოების ესპროპრიაციისა და ნაციონალიზირების გამო, არამედ იმიტომ, რომ ყველა მოქალაქის ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა ხელისუფლებისა და მისი უწყებების სრული კონტროლის საგანი გახდა. ხელისუფლება სმეურნეო დარგებს შორის კაპიტალისა და სამუშაო ძალის გადანაწილებას ხელმძღვანელობს. ის განსაზღვრავს თუ რა უნდა იწარმოოს. ყველა სამეურნეო სქმიანობის მიმართ ხელისუფლების უზენაესობა საგანგებოდაა დაკანონებული. ხალხი კი მეურვის მდგომარეობამდე იქნა დაკნინებული და ბრძანებებს უდრტვინველად ემორჩილება. ბიზნესმენებს, ყოფილ მეწარმეებს მხოლოდ მეორეხარისხოვანი მოვალეობები შემორჩათ. ის, რისი გაკეთებაც მათ თავისუფლად შეუძლიათ, სახელისუფლო უწყებების გადაწყვეტილებების განხოციელებაზე ზრუნვაა, ისიც მკაცრად განსაზღვრულ სამოქმედო ფარგლებში.

ის, რისი გაცნობიერებაც სავალდებულოა, მდგომარეობს იმაში, რომ ზღვრული ფასების დაწესებით, თუნდაც ზოგიერთ ნაწარმზე, ჩაფიქრებული მიზანი ვერ მიიღწევა. პირიქით, ამით მიიღება შედეგები, რომლებიც ხელისუფლების თვალსაზრისით კიდევ უფრო უარესია იმათზე, რომელთა შეცვლაც უნდოდა. თუკი ხელისუფლება გარდაუვალი, მაგრამ არასასურველი შედეგების ასაცილებლდ აღებულ გეზს უფრო და უფრო გაყვება, ის კაპიტალიზმის და თავისუფალი მეწარმეობის წეს-წყობილებას საბოლოოდ ჰინდერბურგის ყაიდის სოციალისტურ წეს-წყობილებად გარდაქმნის.

7. კრიზისი და უმუშევრობა

იგივე ითქმის საბაზრო მოვლენებში ნებისმიერი სხვა სახის ჩარევის შემთხვევებზეც.

მინიმალურ სახელფასო განაკვეთებს, მიუხდავად იმისა, სახელისუფლებო დადგენილებითა და ძალისხმევითაა დაწესებული, თუ მშრომელთა კავშირების ზეწოლითა და მოძალეობით, შედეგად მოსდევს მასიური უმუშევრობა, რომელიც გრძელდება წლიდან-წლამდე მანამ, სანამ ხელფასების თავისუფალი ბაზრის განაკვეთზე ზემოთ დაწესების მცდელობები გრძელდება.

სიმართლეა, რომ საპროცენტო განაკვეთის დაქვეითების მცდელობა, კრედიტის გაფართოებით, ხელს უწყობს სამეურნეო სქმიანობის გარკვეულ გამოცოცხლებას. მაგრამ, ამგვარად მიღწეული კეთილდღეობა მხოლოდ ხელოვნური ქმნილებაა და გარდაუვალ ეკონომიკურ დაცემას და დეპრესიას განაპირობებს. კრედიტის გაფართოებითა და ინფლაციით ნაშოვნი იოლი ფულით მოწყობილი ორგიის რამდენიმე წელიწადი ხალხს ძვირად დაუჯდება.

უმეცარი ხალხის თვალში, დეპრესიისა და მასიური უმუშევრობის პერიოდების მონაცვლეობამ კაპიტალიზმს სახელი გაუტეხა. თუმცა ეს მოვლენები თავისუფალი ბაზრის მოქმედების შედეგი არ არის. პირიქით, ის ხელისუფლების კეთილი განზრახვების, მაგრამ უგუნური ჩარევის შედეგებია. სახელფასო განაკვეთების გასაზრდელად და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, მოსახლეობის ზრდასთან შედარებით კაპიტალის დაგროვების დაჩქარების გარდა სხვა საშუალება არ არსებობს. ხელფასების გაზრდის ერთადერთი საშუალება კი საწარმოს პროდუქტიულობის ერთ სულ მოსახლეზე ინვენსტიციების ზრდის ხარჯზე ამაღლებაა. იმას, რომ ამერიკაში სახელფასო განაკვეთი ევროპისა და აზიის სახელფასო განაკვეთებს ბევრად აღემატება, განაპირობებს ის, რომ ამერიკელი მშრომელების მძიმე შრომა და ძალისხმევა მეტი და უკეთესი ხელშეწყობითაა შემსუბუქებული. ერთადერთი, რაც კარგ ხელისუფლებას ხალხის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად შეუძლია გააკეთოს არის ის, რომ დააწესოს და შეინარჩუნოს ინსტიტუციონალური წყობა, სადაც წარმოების ტექნოლოგიური მეთოდების გაუმჯობესებისათვის ახალი კაპიტალის დაგროვების არანაირი შეზღუდვა არ იარსებებს. კაპიტალიზმმა ამას წარსულშიც მიაღწია და მომავალშიც კვლავ მიაღწევს, თუკი უვარგისი პოლიტიკა ხელს არ შეუშლის.

8. ორი გზა სოციალიზმისაკენ

ინტერვენციონიზმი ვერ იქნება განხილული ეკონომიკურ წეს-წყობილებად, რომელიც დიდხანს იარსებებს. ის მხოლოდ რამოდენიმე წარმატებული ნაბიჯის მეშვეობით კაპიტალიზმის სოციალიზმად გარდაქმნის გზაა. სწორედ ეს განასხვავებს მას კომუნისტების მცდელობისგან, სოციალიზმს ერთი ნახტომით მიუახლოვდნენ. ეს განსხვავება ეხება არა პოლიტიკური მოძრაობის საბოლოო მიზანს, არამედ ტაქტიკას, რომელიც აუცილებელია იმ მიზნის მისაღწევად, რომლისკენაც ორივე ჯგუფი ილტვის.

კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი წარმატებით გვთავაზობდნენ სოციალიზმის განხორციელების ამ ორივე გზას.

1848 წელს, კომუნისტურ მანიფესტში, მათ ჩამოაყალიბეს კაპიტალიზმის სოციალიზმად გარდაქმნის ეტაპობრივი გეგმა. პროლეტარიატი უნდა ამაღლებულიყო მმართველი კლასის მდგომარეობამდე და გამოეყენებინა თავისი პოლიტიკური უპირატესობა „რათა ბურჟუაზიისგან მთელი კაპიტალი გამოეგლიჯა“. ეს, ამბობდნენ ისინი, „საკუთარი უფლებებისა და ბურჟუაზიული წარმოების წესის დაუნდობელი ხელყოფის გარეშე ვერ მოხდება; შესაბამისად, ისეთი სამოქმედო საშუალებები უნდა იყოს გამოყენებული, რომლებიც ერთი შეხედვით ეკონომიკურად შეუსაბამო და გამოუსადეგარი სჩანან, მაგრამ მოქმედებაში საკუთარ თავს აჭარბებენ“. ამ განწყობილებით ისინი ათი გადაუდებელი ღონისძიების მაგალითს განიხილავენ.

მოგვიანებით მარქსმა და ენგელსმა აზრი შიცვალეს. თავის მთავარ ტრაქტატში, „Das Capital” (კაპიტალი), რომელიც პირველად გამოქვეყნდა 1867 წელს, მოვლენებს სხვაგვარად უყურებდა. სოციალიზმი „ბუნების შეუვალი კანონის“ ძალით დამკვიდრდება, მაგრამ ვერ გამოვლინდება, ვიდრე კაპიტალიზმი სრულ სიმწიფეს არ მიაღწევს. კაპიტალიზმის განადგურების ერთადერთი გზა, თავად კაპიტალიზმის დაჩქარებული ევოლუციაა. მშრომელთა კლასის უდიდესი აჯანყება, მხოლოდ ამის შემდეგ მიაყენებს მას საბოლოო დარტყმას და მარადიულ კეთილდღეობას დაამკვიდრებს.

მარქსის ეს გვიანი მოძღვრება და მარქსიზმის ორთოდოქსული სკოლა ყოველგვარ პოლიტიკას უარყოფს, რომელიც ცდილოს შეზღუდოს, მოაწესრიგოს და გააუმჯობესოს კაპიტალიზმი. ასეთი პოლიტიკა, მათი განცხადებით, არა მარტო უსარგებლოა, არამედ მავნებელიც. მათ ურჩევნიათ არ შეაჩერონ კაპიტალიზმის პერიოდის დადგომა, მისი მომწიფება, ხოლო შედეგად მისი დანგრევაც. ამიტომაც, ისინი არიან არა პროგრესის მომხრეები, არამედ მისი მოწინააღმდეგეები. ამ მოსაზრებამ განაპირობა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ ბისმარკის სოციალური დაცვის დაკანონების წინააღმდეგ ხმის მიცემა და გრმანიის თამბაქოს ინდუსტრიის ნაციონალიზაციის ბისმარკისეული გეგმის ჩაშლა. იგივე მიდგომის მიხედვით, ამერიკული „ახალი მიდგომა“ კომუნისტებმა მონათლეს, როგორც მუშების ჭეშმარიტი ინტერესებისათვის მეტად საზიანო.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დაპირისპირება ინტერვენციონისტებსა და კომუნისტებს შორის მარქისის მიერ ადრეულ ასაკში და შემდეგ მოგვიანებით ჩამოყალიბებულ მოძღვრებებს შორის შეურიგებლობის გამოხატულებაა. ეს არის კონფლიქტი 1848 წლის მარქსს, – როგორც კომუნისტური მანიფესტის ავტორს და 1867 წლის მარქსს, – როგორც კაპიტალის ავტორს შორის. და მართლაც, პარადოქსულია ის, რომ დოკუმენტს, სადაც მარქსი მხარს უჭერდა თანამედროვე ვითომდა ანტიკომუნისტების პოლიტიკას, ეწოდება კომუნისტური მანიფესტი.

კაპიტალიზმის სოციალიზმად გარდაქმნის ორი გზა არსებობს.

პირველი ეს არის ფერმების, ქარხნების, მაღაზიების კონფისკაცია და მათი ხელისუფლების ბიუროკრატიული აპარატით მართვა. „მთლიანი საზოგადოება“ , ამბობს ლენინი, ხდება „ერთი სამსახური და ერთი ქარხანა თანაბარი სამუშაოთი და ანაზღაურებით,“ მთელი ეკონომიკა იმუშავებს „როგორც ფოსტა“ და ყოველ „მზარეულს იოლად შეეძლება მისი მართვა“.

მეორე გზა ჰინდენბურგის გეგმის მიდგომას ეყრდნობა და ის საყოველთაო კეთილდთღეობის სახელმწიფოსა და დაგეგმარების ჭეშმარიტად გერმანული სახესხვაობაა. ის ყველა საწარმოს და პიროვნებას აიძულებას, რომ წარმოების მართვის მთავარ სახელისუფლო საბჭოს მკაცრ მითითებებს დაემორჩილოს. სწორედ ასეთი იყო ეროვნული მრეწველობის აღორძინების შესახებ კანონის განზრახვა, რომელმაც 1933 წელს მეწარმეობას შინაარსი გამოაცალა, ხოლო უზენაესი სასამართლო არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. ასეთია მოსაზრება, რომელიც კეძო მეწარმეობის დაგეგმარებით ჩანაცვლების მცდელობაში იგულისხმება.

9. უცხოური ვალუტის კონტროლი

გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მსგავს ინდუსტრიულ ქვეყნებში მეორე სახესხვაობის სოციალიზმის განხორციელების მთავარ ხერხს უცხოური ვალუტის კონტოლი წარმოადგენს. ეს ქვეყნები ვერ ახერხებენ, რომ თავიანთი ხალხი მხოლოდ შიდა რესურსებით გამოკვებონ და შემოსონ. მათ დიდი რაოდენობით საკვები და ნედლეული უცხოეთიდან უნდა შემოიტანონ. სათანადო ხარჯების ანაზღაურებისთვის კი სრულიად გარდაუვალი აუცილებლობაა გარკვეული ნაწარმის უცხოეთში გაყიდვა, რომელიც თავის მხრივ უმეტესად უცხოური ნედლეულისგან მზადდება. ასეთ ქვეყნებში თითქმის ყველა სამეურნეო გარიგება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, განპირობებულია ექსპორტით ან იმპორტით, ან ორივეთი ერთად. შესაბამისად, უცხოური ვალუტის ყიდვა- გაყიდვაზე ხელისუფლების მონოპოლია, ნებისმიერ სამეუერნეო საქმიანობას დამოკიდებულს ხდის იმ სააგენტოს კეთილგონიერებაზე, რომელსაც უცხოური ვალუტის კონტროლი აქვს დვალებული.

ამერიკის შეერთებული შტატების მდგომარეობა სხვა ქვეყნებთან შედარებით განსხვავებულია. საგარეო ვაჭრობის მოცულობა ქვეყნის ვაჭრობის მთელ მოცულობასთან შედარებით მცირეა. უცხოური ვალუტის კონტროლი ამერიკული ბიზნესის უდიდეს ნაწილზე მხოლოდ უმნიშვნლოდ იმოქმედებს. ამიტომაც, ჩვენი დამგეგმარებლების მონახაზებში საკითხი უცხოური ვალუტის კონტროლის შესახებ ძნელად თუ მოიძებნება. მათი ძალისხმევა ფასების, ხელფასების, საპროცენტო განაკვეთებისა და ინვესტიციების კონტროლისკენ, აგრეთვე შემოსავლებისა და მოგების შეზღუდვებისკენ არის მიმართული.

10. პროგრესული გადასახადები

თუკი, ფედერალური საშემოსავლო გადასახადის განაკვეთების ევოლუციას გადავხედავთ, 1913 წელს, მისი დაწესებიდან დღემდე, ძნელად თუ ვინმე ივარაუდებს, რომ ეს გადასახადი საშუალო ამომრჩევლის შემოსავლის ნამატის 100 პროცენტს ერთხელაც არ შთანთქავს. მარქსი და ენგელსი სწორედ ამას გულისხმობდნენ, როცა „კომუნისტურ მანიფესტში“ „სწრაფად პროგრესირებადი ანუ საფეხურებრივი გადასახადების“ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.

„კომუნისტურ მანიფესტში“ გამოთქმული კიდევ ერთი აზრი „მემკვიდრეობის ყველა უფლებების გაუქმებას“ ეხებოდა. ამ დროისათვის, არც დიდ ბრიტნეთში და არც ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონები ამ დონემდე არ გაუარესებულა. მაგრამ ისევ და ისევ, თუკი მემკვიდრეობაზე დაწესებული გადასახადების ისტორიას გადავხედავთ, იძულებული ვიქნებით გავაცნობიეროთ, რომ ისინი სულ უფრო და უფრო ეხმიანებიან მარქსის დასახულ მიზანს. მემკვიდრეობის გადასახადები, რომლებიც დაწესებულია ფუფუნების საგნებზე, გადასახადად აღარ უნდა ჩაითვალოს. ისინი კონფისკაციის საშუალებებად უნდა შეფასდეს.

ფილოსოფია, რომელიც პროგრესული საგადასახადო განაკვეთების სისტემის საფუძველში ძევს, გულისხმობს, რომ შეძლებული კლასების შემოსავლებისა და ავლა-დიდების ხელყოფა უსასრულოდ არის შესაძლებელი. ის რის გაცნობიერებასაც ამ გადასახადების მომხრეები ვერ ახერხებენ, არის ის, რომ საშემოსავლო გადასახადებისგან გადარჩენილი უდიდესი ნაწილი კი არ დაიხარჯება, არამედ დაზოგილი და დაბანდებული იქნება. სინამდვილეში, ეს საგადასახადო პოლიტიკა არა მხოლოდ კაპიტალის შემდგომ დაგროვებას აბრკოლებს, არამედ არსებული კაპიტალის გაფლანგვასაც იწვევს. სადღეისოდ დიდ ბრიტნეთში საქმის ვითარება სწორედ ასეთია.

11. გეზი სოციალიზმისკენ

უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში თანმიმდევრულად თუმცა გარკვეული წყვეტილობებით, მიმდინარეობს ბრიტანული და გერმანული ყაიდის სოციალიზმის დმკვიდრება. შეერთებული შტატები, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიასთან შედარებით, გვიან ჩაეფლო ამ წუმპეში და ბოლომდე გასვრილი დღესაც არ არის. მაგრამ თუკი პოლიტიკის გეზი არ შეიცვლება, საბოლოო შედეგი მხოლოდ უმნიშვნელოდ იქნება განსხვავებული იმისგან, რაც ბატონი ათლის ინგლისსა და ჰიტლერის გერმანიაში მოხდა. პოპულისტურ პოლიტიკას არ ძალუძს მყარი ეკონომიკური სისტემის შექმნა. ის სოციალიზმის ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელების ხერხია.

12. სოციალიზმის დამკვიდრება გარდაუვალი

რა თქმა უნდა, ეს შედეგი გარდაუვალი არ არის. შესაძლებელია გეზი ისევე შეიცვალოს, როგორც ეს ისტორიის მრავალ სხვა შემთხვევაში მომხდარა. მარქსისტული სწავლების მიხედვით სოციალიზმის „ბუნების შეუვალი კანონის“ ძალით დამკვიდრება, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოთქმული უნებლიე ეჭვია. მაგრამ პრესტიჟი, რომლითაც ეს თვითკმაყოფილი წინასწარმეტყველი ტკბება, არა მხოლოდ მარქსისტებთან, არამედ უამრავ ვითომდა არა-მარქსისტებთან ერთად, სოციალიზმის დამკვიდრების ძირითად საშუალებას წარმოადგენს. ის დამარცხებულის სულისკვეთებას იმათ შორისაც ავრცელებს, ვინც სხვა შემთხვევაში სოციალისტურ მუქარას ღირსეულად შეებძოლებოდა. საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდი მოკავშირე არის სწავლება იმის შესახებ, რომ „მომავლის ტალღა“ მიგვიძღვის სოციალიზმისკენ და ამიტომაც „კეთილგონივრულია“, რომ თანაგრძნობით მოვეკიდოთ ყველა ღონისძიებას, რომელიც საბაზრო ეკონომიკის მოქმედებას სულ უფრო და უფრო შეზღუდავს.

ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, რომელიც „მკაცრი ინდივიდუალიზმის“ საუკუნეს უნდა უმადლოდეს ცხოვრების ამ ახალ დონეს, რომლისთვისაც როდესმე რომელიმე ერს მიუღწევია, საზოგადოებრივი აზრი ჩაურევლობის (Iaissez-faire) პოლიტიკას უარყოფითად აფასებს. ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში, კაპიტალიზმის დასადანაშაულებლად და რადიკალური ინტერვენციონიზმის, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოსა და სოციალიზმის მხარდასაჭერად ათასობით წიგნი გამოიცა. რამოდენიმე წიგნი, რომელიც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის კანონზომიერების სათანადოდ ახსნას შეეცადა, საზოგადოების ყურადღების არეში ძნელად თუ მოექცა. მათი ავტორები ჩრდილში დარჩნენ, მაშინ, როცა ისეთი ავტორები, როგორებიც არიან ვებლენი, კომონსი, ჯონ დივი და ლასკი გულუხვად დაჯილდოვდნენ. ასევე ცნობილი ჭშმარიტებაა, რომ კანონმდებლობა ისევე, როგორც ჰოლივუდის კინოწაარმოება, არანაკლებ კრიტიკულია თავისუფალი მეწარმეობის მიმართ, ვიდრე მხატვრული ლიტერატურის უმრავლესი ნიმუში. ამ ქვეყანაში მრავლადაა გამოცემები, რომლებიც ეკონომიკურ თავისუფლებას თავს გააფთრებით ესხმიან. ამასთან, ნაკლებად თუ მოიძებნება ჟურნალი, სადაც იმ კაპიტალისტურ წეს-ყობილებას დაიცავენ, რომელიც ხალხის უმრვლესობას აწვდის ჯანსაღ საკვებს და თავშესაფარს, ავტომობილებს, მაცივრებს, რადიო-მიმღებებს და მრავალ სხვა ნივთს, რომლებსაც სხვა ქვეყნების მოქალაქეები ფუფუნების საგნებად მოიხსენიებენ.

საქმის ასეთი ვითარება გამოწვეულია იმით, რომ კერძო მეწარმეობის სისტემის მოფრთხილებისთვის, ძალიან მცირე რამ გაკეთდა. ისინი, ვინც წარმატებას ზეიმობდნენ, როცა ცოტა ხნით მაინც გადაავადეს „განსაკუთრებით დამღუპველი ზომების მიღება“, ანუ სინამდვილეში კაპიტალიზმის შებოჭვა გაახანგრძლივეს, პოპულისტური პოლიტიკის მომხრეები არიან. ისინი ყოველთვის უკან იხევენ და დღეს იმ საშუალებებს მიმართავენ, რომლებსაც ათი-ოცი წლის წინ მიუღებლად ჩათვლიდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ კი, ისინი მდუმარედ უარყოფენ იმ საშუალებებს, რომლებიც ახლა მათთვის ეჭვგარშეა. მხოლოდ იდეოლოგიის ძირეული შეცვლა შეუშლის ხელს ტოტალიტარული სოციალიზმის დამკვიდრებას. ჩვენ არ გვჭირდება არც ანტი-სოციალიზმი და არც ანტი-კომუნიზმი. საჭიროა იმ სისტემის ღია და გამოკვეთილი მხარდაჭერა, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ იმ სიმდიდრეს, რომელიც ჩვენს დროებას, შედარებით, შეზღუდულ პირობებში განვლილი საუკუნეებისგან გამოარჩევს.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s