სახელმწიფოს დამოკიდებულება პიროვნებისადმი

BookCoverImage (1)

ბენჯამინ თაკერი (1854-1936)

ბენჯამინ თაკერი, გამოჩენილი ანარქისტი და რეფორმისტი აშშ-ში, სამხრთ დარმოუთში, მასაჩუსეტსის შტატში დაიბადა. 1870-73 წლებში ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა, თუმცა თანდათან სოციალური რეფორმების საჭიროების კვლევას უფრო დიდი ყურადღება დაუთმო და გამოკვეთილ ინდივიდუალისტ ანარქისტად ჩამოყალიბდა. მან მიატოვა სკოლა, საფრანგეთს გაემგზავრა და ფრანგ ანარქო-სოციალისტ პიერ ჟოზე პრუდონთან განაგრძო მუშაობა, რომელიც თაკერისთვის ავტორიტეტად იყო ქცეული. 1876 წელს მან საკუთარი ხარჯებით გამოსცა პრუდონისათვის მიძღვნილი შრომა, სათაურით „რა არის საკუთრება?“ თაკერმა 1877 წელს ჟურნალი „რადიკალური მიმოხილვა“ დაარსა. თუმცა მის მიერ გამოცემული ყველაზე უფრო ცნობილი ჟურნალი „თავისუფლბა“ გახლდათ, რომელიც 1881-1908 წლებში რგულარულად გმოიცემოდა.

თაკერმა, როგორც ბრწყინვალე პოლემისტმა მრავალი შრომა მიუძღვნა თავისუფლების სკითხს, როდესაც იგი 1877 წელს „ბოსტონ გლობში მუშაობდა“ და შემდომში, როდესაც „ნიუ იორკის საინჟინრო ჟურნალს“ გამოსცემდა.

ნაწყვეტი წიგნიდან „პიროვნული თავისუფლება საზოგადოებისგან“

    ნოემბერი, 1890 წელი

    ქვემოთ მოცემულია სიტყვა, რომელიც ბენჯამინ თაკერმა სალემში (მასაჩუსეტსის შტატი) უნიტარულ ღვთისმსახურთა ინსტიტუტში ჩატარებულ ყოველწლიურ სხდომაზე 1890 წლის 14 ოქტომბერს წარმოთქვა. იმის გამო, რომ მასში ზუსტად და ზედმიწევნითაა განხილული საგანი, ის უსათუოდ მიიპყრობს ნებისმიერი სტუდენტის ყურადღებას, რომელიც ანარქიას ეცნობა.

ქალბატონებო და ბატონებო,

პატივი, რომელიც მომაგეთ იმით, რომ მომიწვიეთ და დღეს თქვენს წინაშე გამოსვლის უფლება მომეცით, რათა ვისაუბრო ,,სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე პიროვნებისადმი“, შესაძლოა დაკავშირებულია იმასთან, რომ გარკვეულმა გარემოებებმა თანამედროვე ანარქიზმის აშკარა მიმდევრად მაქციეს. აღნიშნული თეორია კი სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების აღწერის საკმაოდ გამოსადეგ საფუძველს ქმნის. შესაბამისად, ვაპირებ, რომ ამ თეორიიდან გამომდინარე გესაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც საფუძვლად უდევს ან მჭიდროდ უკავშირდება ამ თაობის წინაშე მდგარ თითქმის ყველა ყოფით პრობლემას. ბაჟის, გადასახადების, ფინანსების, საკუთრების, ქალის, ქორწინების, ოჯახის, საარჩევნო უფლების, განათლების, გამოგონებების, მწერლობის, მეცნირების ხელოვნების, პირადი ქცევებისა და ხასითის, რელიგიისა და ეთიკის მომავალი დამოკიდებული იქნება კაცობრიობის მიერ გამოტანილ დასკვნებზე, იმის შესახებ თუ რატომ და რამდნად არის ვალდებული პიროვნება, რომ სახელმწიფოს ემორჩილებოდეს.

ამ საკითხების განხილვისათავის ანარქიზმი, უპირველეს ყოვლისა, ცნებების განმარტების აუცილებლობას ხედავს. პოლიტიკური ცნებების გავრცელებული მნიშვნელობები საფუძვლიანი მეცნიერული კვლევებისათვის გამოუსადგარია. რასაკვირველია, ცნებების მიღებულ მნიშვნელობაზე უარის თქმას ის საშიშროება ახლავს, რომ შესაძლოა ახალი განმარტებები უმრავლესობამ არასწორად გაიგოს, რადგან, ჩვეულებრივ, ის მათ ჯიუტად ვერ ამჩნევს. გარდა ამისა, კომპეტენტური პირების თვალსაზრისით ახალი განმარტებები შეიძლება კიდევ უფრო უარესი გამოსავალი აღმოჩნდეს, რადგან შესატყვისის არამართებული ინტერპრეტაციის გამო გაუგებრობებს იწვევს. მაგალითად, ავიღოთ ცნება „სახელმწიფო“, რომელიც ჩვენი დღევანდელი განხილვის ძირითადი საგანია. ეს სიტყვა ყველას პირზე აკერია. მაგრამ რამდენმა იცის მისი ზუსტი მნიშვნელობა? ხოლო იმათ შორის, ვისაც ამ სიტყვის შინაარსი ესმის, რამდენად განსხვავებულია მისი ინტერპრეტაცია? ცნებით „სახელმწიფო“ ერთდროულად მოვიხსენიებთ ინსტიტუტებს, რომლებიც ემსახურებიან აბსოლუტიზმს მის უკიდურეს გამოვლინებაში და ინტიტუტებს, რომლებიც მეტ-ნაკლები ძალადობის გარდა არაფერს იყენებენ ან ინსტიტუტებს, რომლებიც, ამასთან ერთად, გარკვეულ წილად მფარველობენ და იცავენ. მაგრამ იმაზე, თუ რომელია სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია: იძულება თუ დაცვა, ნაკლებად ვინმემ თუ იცის ან დარდობს. სახელმწიფოს ზოგიერთი მომხრე ძალადობას მის ძირითად ნიშან-თვისებად მიიჩნევს, თუმცა „ადმინიტრირების“ ნებით ნიღბავს და სურს, რომ ეს ყველა შესაძლებელ ცხოვრებისეულ შემთხვევაზე გაავრცელოს. სხვები, პირიქით, მთავარ დანიშნულებად დაცვას ასახელებენ და სურთ, რომ ის პოლიციური მოვალეობებით შემოფარგლოს. მესამენი თვლიან, რომ ეს ცნება ამ ორივე მახასიათებლის, ძალადობისა და დაცვის სხვადასხვა ზომით შერწყმას გულისხმობს, რაც ყოველი კერძო შემთხვევიდან გამომდინარე საჭიროებას ან ძალაუფლებით აღჭურილი პირების ახირებას უნდა მიესადაგოს.

ანარქისტებს, რომლებიც განსხვავებული შეხედულებების პირისპირ აღმოჩნდნენ და რომელთა დანიშნულება ძალადობისა და მისგან გამომდინარე ბოროტების აღმოფხვრაა, თავის მოვალეობად თვლიან, რომ ცნებებს, რომელთა გამოყენება სჭირდებათ და, განსაკუთრებით, სიტყვებს „სახელმწიფო“ და „მთავრობა“ ზუსტი და საყოელთაოდ გასაგები მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ. მიზანმიმართული მცდელობების შედეგად, ყველა იმ ინსტიტუტს, რომელიც „სახელმწიფოდ“ მოიხსენიებოდა, მათ ორი საერთო ნიშანი მოუძებნეს: პირველი – ძალადობა, ხოლო მეორე, გარკვეულ ტერიტორიაზე, ისევე როგორც ყველაფერზე, რაც მის ფარგლებში არსებობს, სრული ძალუფლების განხორიელებისაკენ სწრაფვა. ძალადობას ორმაგი დანიშნულება აქვს: ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ თავის ქვეშევრდომებზე ყოვლისმომცველი ბატონობა, ხოლო მეორე მხრივ საზღვრების გაფართოება. ის, რომ მეორე პრინციპი საერთოა ყველა სახელმწიფოსთვის, ჩემი აზრით, უარყოფილი ვერ იქნება, ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცნობ არც ერთ სახელმწიფოს, რომელიც თავის ფარგლებში მოწინააღმდეგე სახელმწიფოს მოქმედებას მოითმენდა; ხოლო ქვეყანა, რომელიც ამას უშვებს, წყვეტს არსებობას და სახელმწიფოდ ვეღარ ჩაითვლება. ერთსა და იმავე სივრცეზე ორი სახელმწიფოს მიერ ძალაუფლების განხორციელება თავისთავად შეუთავსებელია. მაგრამ ის, რომ პირველი ელემენტი ანუ იძულება ყველა სახლმწიფოსთვის საერთო ნიშანი იყო და არის სავარაუდოდ გაზიარებული იქნება. მიუხედვად იმისა, მე არ ვეცდები, რომ თავს სპენსერის დაკვნა მოგახვიოთ, რომელიც ყოველდღიურად სულ უფრო მეტ მხარდაჭერას იძენს და იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო ძალადობით წარმოიშვა და მას შემდეგ არსებობს ძალადობის ინსტიტუტი. მის მიერ თავდაცვითი მოვალეობების შესრულება, მოგვიანებით, აუცილებლობამ გამოიწვია, ხოლო მათი სახელმწიფოს დანიშნულებად აღიარებამ, მიუხედავად იმისა, რომ უეჭველად სახელმწიფოს გაძლიერებას ისახავდა მიზნად, სინამდვილეში და პრინციპში სახელმწიფოს ნგრევა გამოიწვია. მისი მნიშვნელობის ზრდა სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფოს გაუქმებისაკენ მიმარული მოძრაობა. ამის გამო, ანარქისტები ასკვნიან, რომ თავდაცვა ძალადობისგან განსხვავებით სახელმწიფოს არსებითი დანიშნულება არ არის.

ახლა პასუხი გავცეთ კითხვას, რა არის ძალადობა? ძალადობა, უბრალოდ, ხელისუფლების განსხვავებული სახელია. ძალადობა, დაპყრობა, ხელისუფლება – ურთიერთჩანაცვლებადი ცნებებია. ხელისუფლების არსი კონტროლში ან კონტროლის მცდელობაში მდგომარეობს. ის ვისაც სხვისი კონტროლი სურს, მმართველი, მოძალადე ან დამპყრობელია. მოვლენის არსი უცვლელია მაშინაც, როდესაც ერთი მეორეზე კრიმინალურ თავდასხმას ანხორციელებს; მაშინაც, როცა ერთი, ყველა დანარჩენს თანამედროვე დემოკრატიის პირობებში ხელმძღვანელობს. მეორე მხრივ, ის, ვინც სხვა ადამიანის მიერ მასზე გაბატონების მცდელობებისგან თავს იცავს, არის არა მოძალადე, ან მმართველი, არამედ, უბრალოდ, საკუთარი თავის დამცველი. ხოლო ამგვარი წინააღმდეგობის ბუნება არ იცვლება არც მაშინ, როდესაც ერთი მეორეს კრიმინალური თავდასხმისაგან იცავს, არც მაშინ, როდესაც მავანი თავს ყველა დანარჩენისაგან იცავს, არ ემორჩილება რა დამამცირებელ კანონებს და არც მაშინ, როდესაც ყველა ერთს უპირისპიდება, როგორც მგალითად, დესპოტის წინააღმდეგ აჯანყების დროს, ან როდესაც თემის წევრები ნებაყოფილობით ერთიანდებიან, რომ კრიმინალს ებრძოლონ.

ეს განსხვავება ძალადობასა და წინააღმდეგობის გაწევას, მართვასა და თავდაცვას შორის არსებითია. მის გარეშე ვარგისი პოლიტიკური ფილოსოფია არ შეიძლბა, რომ არსებობდეს. ანარქისტები საჭირო განმარტებებს სწორედ ამ განსხვავებიდან და სხვა აწ უკვე განხილული საკითხებიდან გამომდინარე აყალიბებენ. მაშასადამე, ანარქისტებისათვის ხელისუფლება მშვიდობიანი პიროვნების გარეშე ნებისადმი მორჩილებაა. ხოლო სახელმწიფოს ანარქისტული განმარტება შემდეგნაირია: ცალკეულ პიროვნებაზე ან პიროვნებათა ჯგუფზე გაბატონება მოცემულ მიწა-წყალზე მათი ხელმძღვანელობის პატივმოყვარე განზრახვით.

განხილულ საკითხთან მიმართებაში, არის კიდევ ერთი ცნება, რომლის მნიშვნელობაც განმარტებას მოითხოვს. ეს არის სიტყვა „პიროვნება“. ჩემი აზრით, აქ გარკვეული სირთულეები გვხვდება. თუმცა, თუ მხედველობაში მეტაფიზიკოსების გარკვეულ ეშმაკურ გააზრებებს არ მივიღებთ, მავანთ შეუძლიათ, რომ ეს ცნება ყოველგვარი გაუგებრობის გარეშე გამოიყენონ.

საზოგადოდ, ის თუ რამდენად მისაღებია ზემოთმოცემული განმარტებები ამჟამად ნაკლებად მნიშვნელოვანია. მინდა აღვნიშნო, რომ ეს განმარტებები მიღებულია მეცნიერული კვლვის შედეგად და მოსაზრების ნათლად გადაცემას ემსახურება. ანარქისტები, რომლბიც ზრუნავდნენ, რომ ნათლად გადმოეცათ საკუთარი მოსაზრებები, სწორედ ამგვარად განმარტებული ცნებების მეშვეობით მოითხოვდნენ საკუთარი შეხედულებების განსჯას.

ამასთან დაკავშირებით ისმის სრულიად სამართლიანი კითხვა იმის თაობაზე, თუ რა კავშირი უნდა არსებობდეს სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის? ზოგადი ხერხი, რომელიც ამ კავშირის დადგენაში გამოიყენება, ეთიკის თეორიის იმ ნაწილის გამოყენებაა, რომელიც ზნეობრივი ვალდებულებების საფუძველს მოიცავს. ამ ხერხს ანარქისტები არ ენდობიან. ისინი პირწმიდად უარყოფენ მოსაზრებას დაბადებით ბოძებული უფლებებითა და მოვალეობებით განპირობებული ზნეობრივი ვალდებულების არსებობის შესახებ. ისინი ყველა ვალდებულებას განიხილავენ არა როგორც ზნეობრივ, არამედ როგორც საზოგადოებრივ ვალდებულებას და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პიროვნება მათ შეგნებულად და ნებაყოფილობით აღიარებს. თუ ადამინი სხვა ადმიანებთან ხელშკრულებას დებს, მაშინ ეს უკანასკნელნი უფლებამოსილნი არიან, რომ მას პირობის შესრულება მოსთხოვონ. მაგრამ რამდენადაც ანარქისტებს ეს ესმით, ასეთი ხელშეკრულების გარეშე, ღვთის ან ნებისმიერი სხვა სახის ძალუფლების წინაშე არც ერთ ადამიანს არ აკისრია რაიმე ვალდებულება. ანარქისტები არა მარტო უტილიტარისტები, არამედ ეგოისტებიც არიან, ამ სიტყვის ყველაზე ფართო და ყოვლისმომცველი მნიშვნელობით.

თუკი უფლებები წინასწარ არის განსაზღვრული, მაშინ საქმე მხოლოდ მათ განხორციელებაშია. ნებიმიერ პიროვნებას, სახელად ბილ სიქსს თუ ალექსანდრე რომანოვს, ისევე როგორც ადამიანების ნებისმიერ ჯგუფს, თუნდაც ჩინელ მეაბრეშუმეებს ან ამერიკელ კონგრესმენებს, სათანადო ძალაუფლბის შემთხვევაში აქვთ უფლება, რომ მოაკვდინონ ან დაიმორჩილონ სხვა ადამიანები და მთელი სამყარო საკუთარ მიზნებს დაუქვემდებარონ. საზოგადოების უფლება დაიმონოს პიროვნება და პიროვნების უფლება დაიმონოს საზოგადოება მხოლოდ ძალაუფლების უთანაბრობით განსხვავდება. ეს მიდგომა ერთნაირად უთხრის ძირს რელიგიისა თუ ზნეობის ყველა სისტემას, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი იმთავითვე აღიარებას მოიპოვებს საზოგადოებაში, რომლის წინაშე გამოვდივარ დღეს და არც ჩემს ხელთ არსებული დრო მაძლევს საშუალებას, რომ მისი სიცოცხლისუნარიანობა ძირფესვიანად ან თუნდაც ზერელედ შევამოწმო ეთიკის საფუძვლების დაწვრილებითი განხილვის გზით. მათ, ვისაც სურთ, რომ უკეთ გაეცნონ ამ საკითხს, ვურჩევ წაიკითხონ ღრმადმეცნიერული ნაშრომი გერმანულ ენაზე ,,Der Einzige und sein Eigenthum”, რომელიც წლების წინ ნაკლებად ცნობილი ავტორის, კასპარ შმიდტის მიერ დაიწერა. მისი ფსევდონიმი მაქს შტირნერი იყო. ამ წიგნმა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე მეცნიერმა წაიკითხა, ვერ ჰპოვა სათანადო აღიარება, მაგრამ იგი იმსახურებს ხელახალ აღმოჩენას, რასაც შესაძლოა ეპოქალური მნიშვნელობა ჰქონდეს.

ეს რომ უფლების საკითხი ყოფილიყო, ანარქისტების შეხედულებით, მხოლოდ ძალის საკითხი იქნებოდა. მაგრამ, საბედნიეროდ, ეს უფლების საკითხი არ არის: ეს არის მიზანშეწონილობის, ცოდნისა და მეცნიერების საკითხი; ეს არის საზოგადოებაში თანაცხოვრების მეცნიერება. კაცობრიობის იმ ჭეშმარიტების ხანგრძლივი და თანდათანობით გააზრებაა, სადაც ადამიანი საზოგადოებისაგან მოგებული ზუსტად იმდენად რჩება, რამდენადაც თავისუფალია თავად საზოგადოება. აგრეთვე მნიშვნელოვანია იმ კანონზომიერების აღმოჩენაც, რომ საზოგადობის მარადიულობისა და შეხმატკბილების პირობა პიროვნული თავისუფლების მაღალი ხარისხის და თავისუფლებაში თნასწორობის შეთვისებაა. ყოველი მომდევნო თაობის პიროვნება თავის წინამორბედზე უფრო ნათლად აცნობიერებდა, რომ მეზობელი მისთვის არა მტერი, არამედ მეგობარი იყო, თუკი ეს ერთობლივად იქნებოდა აღიარებული. მათ შეეძლოთ ერთმანეთს დახმარებოდნენ, რომ უფრო უკეთესი, სრულყოფილი, ბედნიერი ცხოვრება მოეწყოთ, ხოლო ეს ურთიერთმომსახურების შესაძლებლობა გაიზრდებოდა, თუკი ერთმანეთის შეზღუდვა, ხელის შეშლა და ჩაგვრა შეწყდებოდა. მაშ რატომ ვერ უნდა მომხდარიყო ურთიერთშეთანხმება, რომ ყველას ერთმანეთისათვის საკუთარი ცხოვრებით არსებობის საშუალება მიეცათ, თუკი არც ერთი ადამიანი არ შეეცდებოდა, რომ ის ზღვარი გადაელახა, რომელიც მათ თვითმყოფადობას განაპირობებდა?“ სწორედ ამგვარი განსჯის შედეგია, რომ კაცობრიობა ქმედითი საზოგადოებრივი ხელშეკრულების დადებას ესწრაფვის, რომელიც წარმოადგენს არა საზოგადოებრივი გამოცდილების შედეგს, მისი წინდაუხედაობისა და შეცდომების ნაყოფს. აშკარაა, რომ ეს ხელშეკრულება, ეს საზოგადოებრივი კანონი, სრულყოფილებამდე განვითარების შემთხვევაში, გამორიცხავს ყოველგვარ ძალადობას, თავისუფლებაში თანასწორობის ხელყოფას, ნებისმიერი სახის ბატონობას. ამ ხელშეკრულების სახელმწიფოში, როგორც ძალადობის განსახიერების ანარქისტულ განსაზღვრებასთან მიმართებით განხილვის შემთხვევაში, ჩვენ დავინახავთ, რომ სახელმწიფო უპირისპირდება საზოგადოებას, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება პიროვნების არსებობისა და განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, თავისთავად დავასკვნით, რომ სახელმწიფოსა და პიროვნებას, ისევე როგოროც პიროვნებასა და სახელმწიფოს ექნებათ დაპირისპირება მანამ, სანამ სახელმწიფო იარსებებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ანარქისტებს უეჭვლად დაუსვამენ კითხვას „მაგრამ რა უნდა ვუყოთ იმ პიროვნებებს, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა, ჯიუტად უგულვებელყოფენ საზოგადოებრივ კანონს და მეზობლებზე გაბატონებას ცდილობენ?“ ანარქისტების პასუხი იქნებოდა, რომ სახელმწიფოს გაუქმების შედეგად ისეთი თავდცვითი გაერთიანებები წარმოიშვებოდნენ, რომლებიც არა იძულების წესით, არამედ ნებაყოფილობით იარსებებდნენ და მოძალადეებისგან თავდასაცავად ნებისმიერ აუცილებელ საშუალებას გამოიყენებდნენ. „მაგრამ ეგ ხომ სწორედ ისაა, რაც უკვე გვაქვს,“ შეეპასუხებიან ანარქისტებს, „გამოდის, რომ სინამდვილეში თქვენ მხოლოდ სახელწოდების შეცვლა გსურთ?“ მაგრამ ასე გულუბრყვილონი ნუ იქნებით, გეთაყვა. შეიძლება კი, თუნდაც ერთი წამით მოვიტყუოთ თავი და ჩავთვალოთ, რომ სახელმწიფო თუნდაც ისეთი, როგორიც ამჟამად ამერიკაში არსებობს, მხოლოდ თავდაცვითი ინსტიტუტია? რასაკვირველია არა, მიუხედავდ იმისა, რომ ხშირად სეხელმწიფოს აღიქვამენ მხოლოდ მისი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებით: პოლიციელით ქუჩის კუთხეში. ამ მტკიცებულების ნაკლის გამოვლენა დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. თუნდაც იმიტომ, რომ სახელმწიფოს პირველივე ქმედება სავალდებულო გადასახადების დაწესებისა და აკრეფის შესახებ, თავისთავად უკვე იძულებაა, თავისუფლებაში თანასწორობის ხელყოფაა და როგორც ასეთი, განაპირობებს ყოველ მომდევნო ქმედებას, თუნდაც ისეთს, რომელსაც წმინდა თავდაცვითი ხასიათი აქვს, ხაზინაში ნებაყოფილობით შეტანილი თანხებით რომ ანაზღაურდება. თავისუფლებისას, თანასწორობის კანონის მიხედვით, როგორ შეიძლება გამართლებულ იქნას პიროვნების მიერ საკუთარი შრომით მიღებული შემოსავლების ნაწილის ჩამორთმევა მისივე დაცვის უზრუნველსაყოფად, რომელიც მას არც კი უთხოვია და შესაძლოა არც სჭირდება? ხოლო თუკი ეს უხეში ძალმომრეობის შედეგია, რა უნდა ეწოდოს იმგვარ კონფისკაციას, როდესაც დაზარალებული პურის მაგივრად ქვას, ხოლო დაცვის მაგივრად ჩაგვრას იღებს? ადამიანის იძულება, გადაიხადოს გადასახადი მისივე თავისუფლების შეზღუდვისათვის, ყველა სიკეთესთან ერთად დაცინვაცაა. მაგრამ სახელმწიფო სწორედ ამას აკეთებს. წაიკითხეთ „კონგრესის ჩანაწერები“, გადახედეთ არსებულ კანონმდებლობას, შეისწავლეთ ჩვენი სამართლებრივი წიგნები, გააანალიზეთ თითოეული კანონი ცალ-ცალკე და გაარკვიეთ რამდენად შეესაბამებიან ისინი თავისუფლებაში თანასწორობის მოთხოვნას, შედეგად თქვენ აღმოაჩენთ, რომ კანონმდებლობის თითქმის ცხრა მეათედი, მიზნად ისახავს არა ძირითადი საზოგადოებრივი კანონის აღსრულებას, არამედ პიროვნებების პირადი უნარ-ჩვევების შეზღუდვას ან კიდევ უარესი, ქმნის და ასულდგმულებს სავაჭრო, სამრეწველო, ფინანსურ ან მესაკუთრულ მონოპოლიებს, რომლებიც მშრომელებს თავიანთი ნაშრომის იმ მნიშვნელოვან ნაწილს ართმევენ, რომელიც მათ ჭეშმარიტად თავისუფალ ბაზარზე ერგებათ. „იყო მართული“, ამბობს პრუდონი, „ნიშნავს გაკვირდებოდნენ, შეგისწავლიდნენ, გითვალთვალებდნენ, მიმართულებას გაძლევდნენ, კანონმორჩილებას გთხოვდნენ, გზღუდავდნენ, გამოწმებდნენ, შთაგაგონებდნენ, დაგმოძღვრავდნენ, გაფასებდნენ, გზომავდნენ, გკიცხავდნენ და გიძღოდნენ ისეთი არსებები, რომელთაც სათანადო არც ნებართვა, არც ცოდნა და არც ღირსება გააჩნიათ. იყო მართული ნიშნავს, რომ ყველა მოქმედება, ყველა საქონელგაცვლა გაგაცხადებინონ, აღგანუსხინონ, აღგარიცხვინონ, დაგითვალონ, დაგიდამღონ, გაგიზომონ, დაგინომრონ, შეგიფასონ, ნებართვა მოგაპოვებინონ, დაგიწუნონ, დაუშვან, მიგითითონ, და გაზღვევინონ, გადააკეთონ, სახე უცვალონ, შეასწორონ. იყო მართული საზოგადოებრივი სარგებლიანობისა და საზოგადო ინტერესების მომიზეზებით ნიშნავს, რომ ცხოვრობდე სამოწყალოდ, ჩაგჩიჩინებდნენ, გყვლეფდნენ, გჩაგრავდნენ, გბატონობდნენ, გაცუცურაკებდნენ, გფიტავდნენ, გძარცვავდნენ, ხოლო უმცირსი წინააღმდეგობის გაწევისას პირველივე ჩივილზე დაგჩაგრონ, დაგაჯარიმონ, დაგამცირონ, გაგაწბილონ, დაგაჩოქონ, აქეთ-იქეთ გათრიონ, გცემონ, განგაიარაღონ, შეგბოჭონ, დაგატუსაღონ, გესროლონ, დაგვხვრიტონ, განგსაჯონ, გაგასამართლონ, დაგგმონ, გადაგასახლონ, მსხვერპლად შეგწირონ, გაგყიდონ, დაგაღლატონ და რაც ყველაზე მთავარია, გაგამასხარაონ, გაგაბიაბურონ წყობიდან გამოგიყვანონ, პატივი აგყარონ“. ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ იმ მომქმედ კანონებზე მითითება არ დამჭირდება, რომლებიც პრუდონის ყველა ზემოთმოყვანილ ბრალდებას ადასტურებენ. ყოველივე ამის შემდეგ, რამდენად გაუაზრებელი იქნება იმის მტკიცება, რომ არსებულ პოლიტიკურ წყობას პირწმინდად თავდაცვითი ხასიათი აქვს და, შესაბამისად, არაფერი აერთიანებს მოძალადე სახელმწიფოსთან, რისი გაუქმებაც ანარქისტებს სურთ.

ზემოთქმულს სხვა მოსაზრებამდე მივყავართ, რომელიც პიროვნული ძალადობის უმნიშვნელოვანეს საკითხს ეხება, რაც თავის მხრივ სამხილია ანარქისტების მოწინააღმდეგეებისათვის. მაგრამ ამ სავალალო მოვლენის წინაპირობა განა სწორედ რომ ზემოთქმული მიდგომა არ არის?

მე სადღაც გამიგონია თუ წამიკითხავს, რომ ერთ-ერთ საქველმოქმედო დაწესებულებაში შემდეგი წარწერა ყოფილა: „ეს საავადმყოფო კეთილმორწმუნე ადამიანმა ააშენა, მაგრამ მან გააღარიბა ისინი, ვისაც ეს საავადმყოფო დასჭირდა“.

იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს სატუსაღოებზე: ისინი სავსეა კრიმინალებით, რომელთა დამნაშავეებად ჩამოყალიბება ჩვენმა „უბიწო“ სახელმწიფომ თავისი უსამართლო კანონებით, ყოვლისმთქვლეფავი მონოპოლიებით და ყოველივე ამის გამო წარმოქმნილი შემაძრწუნებელი საზოგადოებრივი პირობებით განაპირობა. ჩვენ მრავალ კანონს ვქმნით, რომელიც დამიანების კრიმინალებად ქცევას უწყობს ხელს, ხოლო შემდეგ იმ უმცირესობას აყალიბებს, რომელიც მათ სჯის. გადაჭარბებული იქნება მოელოდეთ, რომ ახალი საზოგადოებრივი პირობები, რომელიც წარმოებასა და დოვლათის გადანაწილებაში ყოველგვარი ჩარევის შეწყვეტის შემდეგ წარმოიშობა, ადამიანის ჩვევებსა და მიდრეკილებებს იმდენად შეცვლის, რომ ჩვენი სატუსაღოები და საპყრობილეები, პოლიციები და ჯარისკაცები, ერთი სიტყვით ყველაფერი რაც ემსახურება ჩვენს თავდაცვას ზედმეტი გახდება? ეს არის ის, რისაც ანარქისტებს განსაკუთრებით სჯერათ. მიუხედავად იმისა, რომ უტოპიუად ჟღერს ყოველივე ეს მყარ ეკონომიკურ საფუძველს ეყრდნობა. თუმცა დღეს დრო არ გვეყოფა, რომ განვიხილოთ ანარქისტების მოსაზრებები მევახშეობასთან დამოკიდებულებაში და აქედან გამომდინარე სიღარიბეზე, ისევე როგორც მონოპოლისტურ, განსაკუთრებით საბანკო პრივილეგიებზე. დრო არც იმის წარმოჩენას ეყოფა, თუ როგორ აპირებს ანარქიზმის პრინციპებზე აღზრდილი ინტელიგენტი უმცირესობა, გამოიყენოს უფლება არ დაემორჩილოს სახლმწიფოს (რაც თავის მხრივ სპენსერის ნაშრომში „სოციალური უძრაობა“ ასე ნიჭიერად და დამაჯერებლად არის დასაბუთებული). ეროვნული და სახელმწიფო ბანკების შეზღუდვების მიმართ აღზრდილი ზიზღის შეგრძნებით დააფუძნოს ურთიერთდახმარების ბანკი, არსებული მონოპოლიებისათვის კონკურირების გაწევის მიზნით, რაც, შესაძლოა, პირველი მძლავრი ნაბიჯი აღმოჩნდეს მევახშეობისა და სახელმწიფს გაუქმებისაკენ. ეს ნაბიჯი, რაოდენ მარტივიც არ უნდა ჩანდეს, ყველა დანარჩენს მისცემს დასაბამს.

ნახევარი საათი ძალიან ცოტა დროა სახელმწიფოსა და პიროვნების დამოკიდებულების განსახილველად. აქვე მინდა მოგიბოდიშოთ, რომ მხოლოდ მოკლედ შევეხე საკითხებს, რომელთა განხილვასაც მთელი ნარკვევები სჭირდება. თუკი მოვახერხე, რომ გასაგებად ჩამომეყალიბებინა მტკიცებულებები – ჩემი მიზანი აღსრულებულია. მაგრამ დასასრულისათვის, იმ იმედით, რომ მოსაზრება ჭეშმარიტი საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ უფრო ნათლად ჩაიბეჭდება თქვენს გონებაში, თავს უფლებას მივცემ და პრუდონის შრომიდან კიდევ ერთ ამონარიდს წაგიკითხავთ. აქვე აღვნიშნავ, რომ სწორედ პრუდონს უნდა ვუმადლოდე იმას რაც ვიცი ან ვფიქრობ ამ საკითხთთან დაკავშირებთ. უპირისპირებდა რა ძალაუფლებას თავისუფალ შეთანხმებასთან, მან თავის ნაშრომში „ზოგადი მოსაზრებები რევოლუციის შესახებ მე-19 საუკუნეში“ აღნიშნა:

„ამ ორ წყობილებას შორის არსებული სხვაობის გასარკვევად, შეგვიძლია მათი მოქმედების ხერხები განვიხილოთ“.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ძალაუფლების წესის დამკვიდრებაში იყო ათი მცნების ქადაგება. ანგელოზის ხმა სინას მთის ძირას განრთხმულ ადამიანს უბრძანებს:

„მე ვარ უფალი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე“;

„არა ჰქმნა თავისა შენისა კერპი… არა თაყვანისცე მათ, არცა მსახურებდე მათ“;

„მოიხსენე დღე იგი შაბათი წმინდა ჰყავ იგი… დღე იგი… არს უფლისა ღმერთისა შენისა“;

„პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა…“

„არა კაც-ჰკლა“;

„არა იმრუშო“;

„არა იპარო“;

„არა ცილი-სწამო..“;

„არა გული გითქმოდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა…“.

„რადგან უფალი განაგებს და სწორედ მან შეგქმნა ისეთი, როგორიც ხარ. უფალი არის ერთადერთი სუვერენი, ერთადერთი ბრძენი, ერთადეთი უზენაესი. უფალი გსჯის და გწყალობს. მისი ნებაა მოგანიჭოს ბედნიერება და უბედურება“.

„ყველა კანონმდებლობამ მიიღო შესაბამისი სახე: ყველა ვინც ადამიანს მიმართავს, უზენაესის მიდგომას იყენებს. ივრითი მომავალ დროში მიმართავს, ლათინური ბრძანებითში, ბერძნული განუსაზღვრელ დროში. განსხვავებულად არც თანამედროვენი იქცევიან. საპარლამენტო ტრიბუნა ისევე შეუცდომელი და დამთრგუნველია, როგორც მოსე სინას მთაზე. როგორიც არ უნდა იყოს კანონი, ვისი ბაგედანაც არ უნდა მოდიოდეს ის, იგი წმინდაა, რამდენადაც ის წინასწარმტყველის მიერ იქნა გაცხადებული, რაც ჩვენთვის სადღეისო უმრავლესობას ნიშნავს“.

„არ შეიკრიბოთ“.

„არ დაბეჭდოთ“.

„არ იკითხოთ“.

„პატივი ეცით თქვენს წარმომადგენლებს და მოხელეებს, რომლებიც ბრმა კენჭისყრამ ან სახელმწიფომ გარგუნათ“.

„შეასრულეთ კანონები, რომლებიც მათი სიბრძნითაა შექმნილი“.

„პატიოსნად გადაიხადეთ გადასახადები“.

„გიყვარდეთ ხელისუფლება, თქვენი მეუფე და ღმერთი მთელი გულით, სულითა და გონებით, რადგან ხელისუფლებამ თქვენზე უკეთ იცის რას წარმოადგენთ, რად ღირხართ, რა არის თქვენთვის უკეთესი. ამასთან, იმიტომაც გიყვარდეთ, რომ მას ურჩების დასჯისთვის, ხოლო მორჩილთა მეოთხე თაობამდე დაჯილოვებისათვის საჭირო ძალაუფლება აქვს“.

„რევოლუციასთან დაკავშირებით სულ სხვა საკითხია“.

„პირველადი და საბოლოო მიზეზების ძიების ამოცანა – ეკონომიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან ამოღებული იქნა“.

„წინსვლის იდეა ფილოსოფიაში უზენაესის იდეამ ჩაანაცვლა“.

„რევოლუციას გამოცხადება მოჰყვება.“

„გონება, რომელსაც გამოცდილება უწყობს ხელს, ბუნებისა და საზოგადოების კანონებს ადამიანისთვის ნათელს ხდის, ხოლო შემდეგ უსაბუთებს, რომ ეს კანონები თავისთავად აუცილებლობაა. ისინი ადამიანს არც შეუქმნია და ვერც თავს მოვახვევთ. მათი აღმოჩენა თანდათანობით მოხდა და მე ვარსებობ, რათა ისინი დავადასტურო“.

„თუ დაიცავთ სამართლიანი და კეთილი იქნებით“.

„თუ დაარღვევთ,ბოროტი და ცოდვიანი იქნებით“.

„სხვა მიზეზს არ გთავაზობთ“.

„თქვენს მიმდევრებში უკვე რამდენიმემ აღიარა, რომ ყველასთვის და თითოეულისთვის კანონიერება უმჯობესია, ვიდრე უკანონობა: ისინი შეთანხმდნენ ერთმანეთთან რომ ერთად დაიცვან რწმენა და უფლებები, – რაც გულისხმობს ისეთ წესრიგს, რომელსაც საგანთა ბუნება კარნახობს მათ და რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მათი კეთილდღეობა, უსაფრთხოება და მშვიდობა“.

„გსურთ თუ არა შეუერთდეთ მათ შეთანხმებას და მათი საზოგადოების წევრი გახდეთ?“

„გვპირდები თუ არა, რომ პატივს მიაგებ შენი ძმების ღირსებასა და დოვლათს?“

„გვპირდები თუ არა, რომ არ მიითვისებ სხვისი შრომის შედეგებსა და ქონებას ძალადობის, სიცრუის, მევახშეობის ან სპეკულაციის გზით?“

„გვპირდები თუ არა, რომ არასდროს იცრუებთ სასამართლოში, მეურნეობაში ან ნებისმიერ სხვა საქმეში?“

„შეგიძლიათ მიიღოთ ან უარყოთ ეს პირობები?“

„თუ უარყოფით – ველურად ჩაითვლებით, ადამიანთა მოდგმას ჩამოშორდებით და ეჭვის საგანი გახდებით. არაფერი დაგიცავთ. ოდნავი შეურაცხყოფისთვისაც კი პირველივე გამვლელმა შეიძლება თქვენს წინააღმდეგ ყოველგვარი საბაბის გარეშე ხელი ისეთი სისასტიკით აღმართოს, თითქოს ამას ცხოველის წინაამდეგ აკეთებს“.

„ამის საპირისპიროდ, თუკი ხელშეკრულებას შეუერთდებით, თავისუფალ ადამიანთა ნაწილი გახდებით. ყველა ძმურ ურთიერთობაში შემოვა, ერთგულებას, მეგობრობას, დახმარებას სამსახურს და მომსახურებას დაგპირდება. მათი ან თქვენი მიზეზით, გულგრილობის, ვნების ან ბოროტი განზრახვის გამო ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, თქვენ ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებელნი ხართ ზიანზე ისევე, როგორც უთანხმოებებზე და საშიშროებაზე, რომელიც თქვენი ქმედების შედეგად წარმოიშვა. ეს პასუხისმგებლობა შეიძლება ჩადენილი საქციელის სიმძიმის მიხედვით გაიზარდოს და დანაშაულის განმეორებისას, ხშირად იზოლირებით ან სიკვდილით ისჯება“.

„კანონი ნათელია, კიდევ უფრო ნათელია სასჯელი მისი შეუსრულებლობისათვის. სამი მუხლი, რომელიც ერთ მთლიანს შეადგენს არის საზოგადოებრივი ხელშეკრულება. იმის მაგივრად, რომ ერთგულება უფალსა და მის რჩეულს შეჰფიცონ, მოქალაქე ფიცს დებს სინდისის, საკუთარი ძმებისა და კაცობრიობის წინაშე. ამ ორ ფიცს შორის იგივე სხვაობაა, როგორც მონობასა და თავისუფლებას რწმენასა და მეცნიერებას, სასამართლოსა და სამართალს, მევახშეობასა და შრომას, მთავრობასა და ეკონომიკას, ყოფნასა და არყოფნას, ღმერთსა და ადამიანს შორის“.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s