თავისუფლების შესახებ

JohnStuartMill

ჯონ სტიუარტ მილი (1806-1875)

ინგლისელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი, ,,აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის“ ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი (1865-1868), ჯონ სტიუარტ მილის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს მამამ – ჯეიმს მილმა და ჯერემი ბენთამმა, რომლებიც უტილიტარისტული ფილოსოფიის მიმდევრები იყვნენ. თუმცა, ჯონ სტიუარტ მილი არ მოექცა არც მათი გავლენის და არც მათი სახელების ჩრდილ ქვეშ. მან, საკუთარი შეხედულებების სრულყოფის მიზნით სხვა პოლიტკური და ეკონომიკური მოძღვრებებიც შეისწავლა, რის შედეგადაც 1843 წელს გამოსცა ნაშრომი ,,ლოგიკის სისტემა.“ 1848 წელს ამას მოჰყვა ნაშრომი ,,პოლიტიკური ეკონომიკის პრინციპები.“ რომლითაც მან უტილიტარიზმს ჰუმანიტარული ელფერი შესძინა, ხოლო მას – სახელი და პატივისცემა მოუხვეჭა. უტილიტარიზმის თემას ის კიდევ ერთხელ დაუბრუნდა, როცა 1861 წელს ამავე სახელწოდების ნაშრომი გამოაქვეყნა. ჯონ სტიუარტ მილი აგრეთვე ცნობილია, როგორც 19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პუბლიცისტი, რომელიც ინტერესს ლოგიკისა და ეთიკური თეორიისადმი იჩენდა. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია ნარკვევი ,,თავისუფლების შესახებ“ (1859), რომლის მიმართ ინტერესი დღემდე არ განელებულა, რადგან ყურადღება გამახვილებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სახალხო ხელისუფლების ტირანიაში გადაზრდის საფრთხე და ილაშქრებდა გაბატონებული აზრის ტირანიის წინააღმდეგ. ნიშანდობლივია, რომ მისი სხვა ნაშრომები უფრო სამართლიანი განაწილებისა და სხვა სოციალისტური იდეებისადმი თანაგრძნობითაა გამსჭვალული, რამაც გარკვეული ნიადაგი შეუქმნა ლიბერალური ინტელექტუალების თანდათანობით დაახლოებას სოციალისტებთან და ლიბერალური სოციალიზმის იდეების ჩამოყალიბებას. მის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: http://www.utilitarianism.com/jsmill.htm; http://www.utm.edu/research/iep/m/milljs.htm

თავი პირველი, შესავალი ნაწილი

ამ ნარკვევის თემა სულაც არ გახლავთ ე.წ. ნების თავისუფლება, რომელსაც სამწუხაროდ ,,ფილოსოფიური საჭიროების“ დამახინჯებულად წარმოდგენილ დოქტრინას უპირისპირებენ. ნარკვევი ეხება სამოქალაქო, ანუ საზოგადოებრივ თავისუფლებას; იმ ძალაუფლების ხასიათს და საზღვრებს, რომელსაც იშვიათად აღნიშნავენ და ზოგადი სახით კიდევ უფრო იშვიათად განიხილავენ. თავისი ფარული არსებობით ეს საკითხი უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენ დროში მიმდინარე დისკუსიებზე და მას უახლოეს მომავალში აღიარებენ, როგორც მომავლის უმნიშვნელოვანე საკითხს. ეს სულაც არ გახლავთ ახალი თემა. გარკვეულწილად, ის უხსოვარი დროიდან მოსდევდა კაცობრიობას. დღეს, როდესაც გაცილებით ცივილიზებული არსებები განვითარების გზას ადგანან, საკითხი სრულიად ახალი ფორმით, ახალი პირობებით წარმოჩინდება და უფრო განსხვავებულ და საფუძვლინ მიდგომას ითხოვს.

თავისუფლებასა და ძალაუფლებას შორის ბრძოლა, იმ ისტორიული სინამდვილის ყველაზე ნათლად გამოხატული თვისებაა, რომელსაც ადრეული ეტაპიდან ვიცნობთ; განსაკუთრებით, საბერძნეთში, რომსა და ინგლისში. მაგრამ ეს დაპირისპირება სუბიექტებს, ან სუბიექტების გარკვეულ კლასებსა და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობდა. თავისუფლებაში იგულისხმებოდა პოლიტიკური მმართველების ტირანიისაგან დაცვა. მიიჩნეოდა, რომ ხელისუფალნი უსათუოდ (საბერძნეთის ზოგიერთი სახალხო მმართველობის გარდა) დაპირისპირებული იყვნენ იმ ხალხთან, რომელსაც მართავდნენ. ხელისუფლებას წარმოადგენდა ან უბრალოდ ერთი მმართველი, ან მმართველი კლანი, ან კასტა, რომელმაც მართვის უფლება ბრძოლით ან მემკვიდრეობით მოიპოვა. მათი ხელმწიფება არ გამომდინარეობდა მართულთა სურვილიდან, მაგრამ ხალხი ვერ ბედავდა, რომ ეჭვი შეეტანა მათ უზენაესობაში, შესაძლოა, დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით. ხელისუფალთა ძალაუფლება აღიქმებოდა, როგორც უაღრესად საჭირო, მაგრამ ასევე ძალიან სახიფათო რამ. ის იყო იარაღი რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა როგორც გარეშე მტრის, ისე თვით მართული სუბიექტების წინააღმდეგ. უამრავი მტაცებლის თავდასხმისაგან საზოგადოების შედარებით სუსტი წევრების დასაცავად, საჭირო იყო უფრო ძლიერი მტაცებელი, რომელსაც დანარჩენი მტაცებლების ალაგმვა ევალებოდა: რამდენადავ მტაცებლების მეფე არანაკლებ ძარცვავდა ხალხს, ვიდრე სხვა წვრილფეხა მხეცები, აუცილებელი ხდებოდა მისი ბრჭყალებისაგან დაცვა, სწორედ ამიტომ პატრიოტებმა მიზნად დაისახეს საზოგადოებაზე მმართველის ძალაუფლების შეზღუდვა. თავისუფლებაში ისინი სწორედ ამ შეზღუდვას გულისხმობდნენ. ამ მიზნით მათ ორ ხერხს მიმართეს. პირველი მოიპოვეს გარკვეული პრივილეგიების აღიარება. დავარქვათ ამას პოლიტიკური თავისუფლება ან უფლებები, რომელთა დარღვევა მმართველის მიერ აღიქმებოდა, როგორც მისი ვალდებულების დარღვევა და ამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში გარკვეული წინააღმდეგობა, ან საერთოდ ამბოხება უკვე გამართლებულად ითვლებოდა. მეორე, რომელსაც უფრო მოგვიანებით მიმართეს, იყო კონსტიტუციური საზღვრების დაწესება, რომლის მიხედვითაც საზოგადოების, ან მათი ინტერესების გამომხატველი სხვა რომელიმე საზოგადოებრივი ინსტიტუტის თანხმობა აუცილებელი პირობა გახდა, მმართველი ძალაუფლების შედარებით მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად. ამ ორი მეთოდიდან პირველი შედარებით ეფექტური გამოდგა: მმართველი ძალაუფლება ევროპის უმრავლეს ქვეყანაში მეტ-ნაკლებად იძულებული გახდა დაეთმო. მაგრამ ასე არ მოხდა მეორე მეთოდის შემთხვევაში. ამ ამოცანის შესრულება, ან უფრო მეტის მიღწევა, გარკვეული წარმატებების მოპოვების შემთხვევაში, თავისუფლების მოტრფიალეთა პრინციპული მიზანი გახდა. ამდენად, ადამიანებს აკმაყოფილებდა ერთ მტერთან მეორის საშუალებით ბრძოლა და უფლებას აძლევდნენ ყოფილიყვნენ მართულნი მმართველის მიერ იმ პირობით, რომ მისი ტირანიისაგან მეტ-ნაკლებად ეფექტურად იქნებოდნენ დაცული, მაგრამ მათი მისწრაფებები ამ წერტილს დიდად არ გასცდენია.

თუმცა ადამიანთა ურთიერთობების განვითარების კვალდაკვალ დადგა დრო, როდესაც ადამიანებმა შეწყვიტეს ფიქრი იმაზე, რომ ბუნების გარდაუვალობის გამო ხელისუფლება დამოუკიდებელი ძალა უნდა ყოფილიყო და მათივე ინტერესებს დაპირისპირებოდა. უფრო მისაღები აღმოჩნდა ის აზრი, რომ სახელმწიფო მოხელეები მხოლოდ დროებითი მმართველები, ანუ დელეგატები ყოფილიყვნენ და რომელთაც საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიწვევდნენ. მიიჩნეოდა, რომ მხოლოდ ამ გზით იყო შესაძლებელი, მიღწეულიყო სრული უსაფრთხოება, მათი ინტერესების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების დროს. თანდათანობით მმართველების დროებითობა და სახალხო პარტიების არჩევითობა, სადაც კი ეს პარტია არსებობდა, მთავარ ამოცანად გადაიქცა და გარკვეული ხარისხით, ხელისუფალთა ძალაუფლების შეზღუდვის შესახებ მოთხოვნას ჩაენაცვლა. ძალაუფლების შეზღუდვის მოთხოვნა, ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა, რამდენადაც ბრძოლა იმისთვის გაგრძელდა, რომ ხელისუფლება ხალხის პერიოდულ არჩევანზე გამხდარიყო დამოკიდებული. ეს უკვე ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ხერხი იყო, რომელთა ინტერესებიც, როგორც წესი, ხალხის ინტერესებს უპირისპირდებოდა. ახალი მოთხოვნების თანახმად, მმართველები ხალხთან უნდა ყოფილიყვნენ გაიგივებული და მათი ინტერესები და ნება, ხალხის ინტერესების და ნების გამომხატველი უნდა ყოფილიყო. ამ შემთხვევაში ერს მისივე ნებისაგან დაცვა აღარ დასჭირდებოდა. ტირანის საფრთხე აღარ იარსებებდა, თუკი ხალხის წინაშე ხელისუფალთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა და ხალხს, განსაზღვრულ ვადაში, მმართველთა გათავისუფლების უფლება ექნებოდათ. ასეთ შემთხვევაში ხალხს უკვე შეეძლო გარკვეულწილად ნდობა გამოეცხადებინა საკუთარი ხელისუფლებისადმი და ეკარნახა, თუ როგორ გამოეყენებინა მათ მიერ მინიჭებული ძალაუფლება. მმართველთა ძალაუფლება სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა თავად ხალხის კონცენტრირებული ძალაუფლება, წარმოდგენილი ყველაზე ხელსაყრელი ფორმით. საკითხისადმი ასეთი მიდგომა გავრცელდა და ის, ევროპელი ლიბერალების უკანასკნელი თაობისთვისაც კი მისაღები აღმოჩნდა. კონტინენტურ ნაწილში, ეს აზრი ჯერ კიდევ დომინირებს. ისინი, ვინც აღიარებენ ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვის აუცილებლობა, ბრწყინვალე გამონაკლისებს წარმოადგენენ ევროპის პოლიტიკურ მოაზროვნეებს შორის, თუ არ ჩავთვლით იმ ფილოსოფოსებს, რომლებიც თვლიან, რომ ხელისუფლება საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მსგავსი აზროვნება შეიძლება ჩვანთანაც მისაღები გამხდარიყო, შესაბამისი პროცესები რომ ჩვენს ქვეყანაშიც უცვლელად გაგრძელებულიყო.

პოლიტიკურ და ფილოსოფიურ თეორიებში, ისევე როგორც ადამიანებში, წარმატებას წინა პლანზე ის ნაკლოვანებები და სუსტი მხარეები გამოაქვს, რომლებიც წარუმატებლობის შემთხვევაში შეუმჩნეველი რჩება. ის მოსაზრება, რომ სულაც არ არის საჭირო ხალხის ძალაუფლების მათ მიერვე შეზღუდვა, აქსიომატური ჩანდა იმ პირობებში, როდესაც ხალხის მმართველობა მხოლოდ ოცნების სფეროს განეკუთვნებოდა, ან აღიქმებოდა, როგორც წარსულის შორეული პერიოდის კუთვნილება. ისეთმა ხანმოკლე გადახვევებმა, როგორიც იყო, მაგალითად, საფრანგეთის რევოლუცია, ამ მოსაზრებაზე არ იმოქმედა. ამ რევოლუციის ყველაზე უარყოფითი მხარე ის იყო, რომ ამბოხება სახალხო ორგანიზაციების ძალისხმევის შედეგი კი არ იყო, არამედ სპონტანური და კონვულსიური ამბოხი, მონარქიული და არისტოკრატიული დესპოტიზმის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ადრეულ პერიოდში დემოკრატიული რეპუბლიკების ტიპმა, მსოფლიოს უდიდესი ნაწილი დაიკავა და საერთაშორისო საზოგადოების ყველაზე გავლენიანი წევრის სახელი დაიმკვიდრა, რის გამოც არჩევითი და პასუხისმგებელი ხელისუფლება, დაკვირვებისა და კრიტიკის ობიექტად იქცა. ისეთი ფრაზები, როგორიცაა ,,თვითმართველობა“ და ,,ხალხის ძალაუფლება საკუთარ თავზე“ საქმის არსს ზუსტად აღარ ასახავდა. ,,ხალხი“, რომელსაც ხელთ ეპყრა ძალაუფლება, ყოველთვის არ წარმოადგენდა იმათ, ვის მიმართაც ეს ძალაუფლება იყო გამოყენებული. ყბადაღებული ,,თვითმმართველობა“ გულისხმობდა, არა თითოეულის მმართველობას ყველა დანარჩენის მიერ. მეტიც, ,,ხალხის ნება“ პრაქტიკულად ნიშნავს რიცხვითი უმრავლესობის, ან უფრო აქტიური ნაწილის ნებას. უმრავლესობამ, ანუ იმ ნაწილმა, რომელმაც მოიპოვა დანარჩენებისგან უმრავლესობად ცნობის უფლება. საკუთარი რიცხოვნული უპირატესობის გამო, შეიძლება მოინდომოს სხვების შეზღუდვა. ამიტომაც, უსაფრთხოების ზომების მიღება ამ ძალადობის წინააღმდეგ, ისევე აუცილებელია, როგორც უფლებამოსილების გადამეტების ნებისმიერი სხვა ფორმის წინააღმდეგ. ამდენად, მთავრობის ინდივიდებზე ძალაუფლების შეზღუდვა, სულაც არ კარგავს თავის მნიშვნელობას, როდესაც ხელისუფალნი საზოგადეოების წინაშე, ანუ სზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილის წინაშე მუდმივად პასუხისმგებელნი არიან. ამ თვალთახედვამ ადვილად დაიმკვიდრა ადგილი და თანაბრად მისაღები აღმოჩნდა მოაზროვნეებისათვის და ევროპული საზოგადოების იმ მნიშვნელოვანი ნაწილისათვის, რომელთა რეალურ, ან წარმოსახვით ინტერესებს დემოკრატია უპირისპირდებოდა. პოლიტიკურ აზროვნებაში ,,უმრავლესობის ტირანია“ ერთ-ერთია იმ საფრთხეთაგან, რომლის წინააღმდეგაც საზოგადოება მუდმივად სადარაჯოზე უნდა დადგეს.

სხვა სახის ტირანიების მსგავსად, უმრავლესობის ტირანიაც საკმაოდ სახიფათოა და უმთავრესად, საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიერ განხორციელებულ ქმედებებში გამოიხატება. გონებაგახსნილმა პიროვნებებმა გაათვითცნობიერეს, რომ ცალკეული ინდივიდებისაგან კოლექტიურად შემდგარი ტირანული საზოგადოების მიერ გამოყენებული რეპრესიული მეთოდები, ყოველთვის არ ემთხვევა ძალმომრეობის იმ მეთოდებს, რომლებიც საზოგადოებამ მისივე პოლიტიკურ ფუნქციონერთა ხელით შეიძლება გამოიყენოს. საზოგადოებას შეუძლია და იძლევა კიდეც საკუთარ განკარგულებებს. თუ ის იძლევა მცდარ, არასწორ ან ისეთ განკარგულებას, რომლის უფლებაც არ აქვს, მაშინ ადგილი აქვს ისეთ სოციალურ ტირანიას, რომელიც პოლიტკური ზეწოლის ბევრ სხვა სახეზე უფრო სახიფათოა. ამდენად, ტირანია გადარჩენის ძალიან ცოტა შანსს ტოვებს. ის, კიდევ უფრო ღრმად აღწევს ადამიანთა ცხოვრების სიღრმეებში და იმონებს მათ. ამიტომაც, მხოლოდ ხელისუფალთა ტირანიისაგან დაცვა, საკმარისი აღარ არის. საჭიროა ასევე დომინირებული აზრისა და გრძნობის ტირანიისაგან დაცვა; გარკვეული ზომების მიღება საზოგადოების იმ ტენდენციის წინააღმდეგ, რომელიც განსხვავებული აზრის მქონე საზოგადოების ნაწილზე, საკუთარი აზრებისა და ქმედებების მოხვევას და ამ ქმედებების ქცევის ნორმებად დაკანონებას გულისხმობს; ასევე, აუცილებელია არ იქნეს დაშვებული, რომ ტირანულმა საზოგადოებამ შესძლოს მასთან დაპირისპირებული პიროვნებების ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელის შეშლა; საზოგადოების თითოეულ წევრზე ზეწოლა, რათა მათ მიიღონ ტირანული საზოგადოების მოდელი. არსებობს გარკვეული ზღვარი, რომელიც განსაზღვრავს კოლექტიური აზრის ინდივიდუალურ თავისუფლებაში შეჭრის კანონიერებას და ამ საზღვრის მიგნება და მისი გამოყენება აგრესიის წინააღმდეგ, ადამიანთა ურთიერთობების აუცილებელი პირობაა, რაც პოლიტიკური დესპოტიზმისაგან დაცვას გულისხმობს.

ზოგადად, ეს მოსაზრება ნაკლებად საკამათოა, თუმცა, ჩნდება პრაქტიკული კითხვა: სად გადის ეს ზღვარი, როგორ უნდა შეთავსდეს ინდივიდის თავისუფლება საზოგადოებრივ კონტროლთან? ეს ის სფეროა, რომელიც დეტალურ ანალიზს მოითხოვს. სხვა ადამიანთა ქმედებებზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება ადამიანთა ცხოვრების ღირებულებებს განსაზღვრავს. შესაბამისად,, ზოგიერთი შეზღუდვა უპირველეს ყოვლისა კანონის მიერ უნდა განისაზღვროს, ხოლო იმ საკითხებში, რომლის დარეგულირებაც კანონის მიერ არ ხდება, აზროვნებას უნდა მიეცეს გასაქანი. რას უნდა წარმოადგენდეს ეს წესები? აღნიშნული საკითხი ადამიანთა ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესია. ზოგიერთი იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ პრობლემის გადაწყვეტისათვის ძალიან ცოტა თუ გაკეთებულა.

ყველა ქვეყანამ ყველა საუკუნეში, აღნიშნული საკითხი სხვადასხვანაირად გადაწყვიტა. ერთ საუკუნეში მიღებული გადაწყვეტილება, ან ერთ ქვეყანაში მიღებული გადაწყვეტილება, მეორისათვის სრულიად განსხვავებული და გასაკვირია. და მაინც, ნებისმიერი ქვეყნის, ან ეპოქის ხალხი, მას რაიმე განსაკუთრებულ პრობლემად არასოდეს მიიჩნევდა. თითქოს ამ საკითხზე, კაცობრიობა დიდი ხანია შეთანხმდა. საკუთარი თავისთვის დაწესებული ქცევის ნორმები მათთვის აქსიომატური და თვითგამამართლებელი ჩანს. ეს ყოვლისმომცველი ილუზია, რომ ადამიანების მიერ საკუთარი თავისთვის დადგენილი ქცევის ნორმების დაცვის შემთხვევაში, ადამიანები უბედურებას თავიდან აიცილებენ, ტრადიციის ეფექტია. ადამიანები, წეს-ჩვეულებების რაიმე მოტივით ახსნას საჭიროდ არ თვლიან.

ხალხი მიჩვეულია, რომ სჯეროდეს და უდრტვინველად იწამოს ფილოსოფოსობისკენ მისწრაფული ადამიანების, რომ მათი წინათგრძნობები, ამ სახის მოვლენებზე, გონებით განსჯაზე უმჯობესია და გონების მოხმობა საჭირო არ არის. ადამიანთა ქცევების შესახებ მათ მოსაზრებას, თითოეული პიროვნების გონებაში არსებული შეხედულება განსაზღვრავს – ყველა მის მსგავსად უნდა მოიქცეს. სინამდვილეში არავინ აღიარებს, რომ მისეული შეფასების სტანდარტი, მხოლოდ მისი საკუთარი პოზიციაა. დასაბუთების გარეშე, შეხედულება ქცევის ნორმების შესახებ, მხოლოდ ერთი პიროვნების პროირიტეტად შეიძლება ჩაითვალოს და თუ ამ შეხედულებას სხვა ადამიანებიც იზიარებენ, მაშინ ეს უკვე ერთის ნაცვლად, ბევრი ადამიანის შეხედულებად აღიქმება. თუმცა, ჩვეულებრივი ადამიანისთვის, მისი პირადი პრიორიტეტი არა მარტო სრულიად საკმარისი, არამედ ერთადერთი მოტივაციაა, რომელიც განსაზღვრავს მის წარმოდგენას მორალის, გემოვნების, ქცევის შესახებ, რაც ნათლად არ არის გამოხატული მის რელიგიურ კრედოში; პირადი პრიორიტეტი, თვით რელიგიური კრედოს მისეულ შემეცნებაშიც მთავარი მეგზურია.

ადამიანის მოსაზრებების ჩამოყალიბებაზე, იმისდამიხედვით, თუ რა არის მოსაწონი და გასაკიცხი, სხვადასხვა მიზეზი ზემოქმედებს, რომლებიც, თავის მხრივ, ადამიანების სურვილებზე ახდენს გავლენას. ეს მიზეზი იმდენად მრავალრიცხოვანია, რამდენადაც ადამიანები, რომლებიც თავიანთ სურვილებს განსაზღვრავენ. მიზეზებში შეიძლება იგულისხმებოდეს მათი ცრურწმენები და სტერეოტიპები, მათი სოციალური და არც თუ იშვიათად, მათი ანტისოციალური პრიორიტეტები, შური და ეჭვი, ქედმაღლობა და ამპარტავნება. უფრო ხშირად, მათი სურვილები და შიშები, კანონიერი ან უკანონო ინტერესები. ქვეყნის მორალის ძირითადი პრინციპები მმართველი კლასის ინტერესებიდან და მათი კლასის უპირატესობის შეგრძნებიდან გამომდინარეობს. იქ, სადაც მმართველი კლასია, სპარტელებსა და ჰელიოტებს, პლანტატორებსა და ზანგებს, მმართველებსა და ხელქვეითებს, კეთილშობილებსა და მდაბიოებს, მამაკაცებსა და ქალებს შორის განსხვავებულმა მორალმა აღნიშნული კლასების ინტერესები და შეხედულებები წარმოშვა. ის დამოკიდებულება, რომელიც ამგვარად წარმოიშვა, თავის მხრივ, უპირატესი კლასის წევრების მორალურ შეხედულებებსა და მათ ურთიერთდამოკიდებულებაზე რეაგირებს. მეორე მხრივ, იქ, სადაც მმართველმა კლასმა დაკარგა გავლენა, ან სადაც ამ კლასის მმართველობა არაპოპულარულია (მიუღებელია სხვა კლასისთვის), ყველაზე მეტად გავრცელებული მორალური შეხედულებები, ხშირად მმართველი კლასის უპირატესობის მიმართ სიძულვილის შთაბეჭდილებას ტოვებს. კიდევ ერთი უდიდესი პრინციპი, რომელიც ქცევის, ქმედებისა თუ უმოქმედობის ნორმებს განსაზღვრავს და რომელიც ცხობრებაში დამკვიდრდა კანონების თუ შეხედულებების საშუალებით, გულისხმობს კაცობრიობის მორჩილებას იმ შეხედულებების საშუალებით, გულისხმობს კაცობრიობის მორჩილებას იმ შეხედულებების მიმართ, რაც მათ დროებით მმართველებს თუ სარწმუნოებას მიაჩნია მისაღებად ან მიუღებლად. ეს მორჩილება მოჩვენებითი სულაც არაა. სწორედ მან დაუდო სათავე სრულიად გამორჩეულ სიძულვილის გრძნობას და აიძულა ადამიანები ცეცხლზე დაეწვათ ჯადოქრები და ერეტიკოსები. საზოგადოების ძირითად და აშკარა ინტერესებს, მორალური შეხედულების ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდ ნაწილი მიუძღოდა: ადამიანებს გაუჩნდათ სიმპათიები და ანტიპათიები. ამ სიმპათიებსა და ანტიპათიებს, არავითარი კავშირი არ ჰქონდათ საზოგადოების ინტერესებთან. თუმცა, სწორედ ისინი იქცნენ უდიდეს ნაწილად მორალის ჩამოყალიბებაში.

საზოგადოების, ან მისი უმეტესი ნაწილის შეხედულებების ქცევის წესების მმართველობის შესახებ, პრაქტიკულად გვევლინება იმ კანონების ან ნორმების განმსაზღვრელად, რომლის დაცვა ზოგადად დასჯის შიშით ან რწმენით ხდება. საზოგადოების მოწინავე ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პრინციპი უტყუარია. თუმცა, ისინი წინააღმდეგობაში მოდიან მის გარკვეილ დეტალებთან. მათ დაიწყეს იმის ძიება, თუ რა უნდა მოსწონდეს საზოგადოებად და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ იმის დადგენას, რამდენას საჭიროა ინდივიდებისათვის კანონად იქცეს ის, რაც საზოგადოებისთვის მისაღებია. ისინი უფრო პრიორიტეტულად მიიჩნევენ გარკვეული საკითხების მიმართ კაცობრიობის შეხედულებების შეცვლისაკენ სწრაფვას, ვიდრე გაერთიანებას თავისუფლების დასაცავად.

რელიგიური მრწამსი აღმოჩნდა ერთადერთი საკითხი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა მიენიჭა და თანმიმდევრულად იქნა განხილული. ეს იყო საკითხი, რომელიც საინტერესოა მრავალი კუთხით და არანაკლებ საინტერესო ამ თვალსაზრისით, რომ ის წარმოადგენს ყველაზე თვალშისაცემ მაგალითს იმ ცდომილებისა, რომელსაც ზნეობას უწოდებენ: რადგანაც რელიგიური სიძულვილი თავგამოდებულ მორწმუნე ადამიანებში არის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიოდ გამოხატული ზნეობრივი შეგრძნების მაგალითი. მათ, ვინც პირველად დაამსხვრია უნივერსალური ეკლესიის უღელი, იმდენად მცირე სურვილი გააჩნდათ დაეშვათ რელიგიურ აზრთა განსხვავებები, რამდენადაც თავად ეკლესიას. მაგრამ, როდესაც კონფლიქტი დასრულდა ისე, რომ მოგებული არც ერთი მხარე არ დარჩენილა და თითოეული ეკელსია თუ სექტა იძულებული გახდა გამოთხოვებოდა, მათ მიერ უკვე დაკავებული მიწების სამუდამოდ შენარჩუნების იმედს. უმცირესობა მიხვდა, რომ უმრავლესობად გახდომის არანაირი შანსი აღარ ჰქონდა და იძულებული გახდა მათთვის, ვისი მოქცევაც თავად ვერ შეძლეს, განსხვავებული რელიგიური მიმართულების განვითარებისთვის უფლება გამოეთხოვა. შესაბამისად, ინდივიდის უფლებები საზოგადოების წინააღმდეგ დაცული აღმოჩნდა, ხოლო საზოგადოების მოთხოვნა, რომ ძალა ყოფილიყო გამოყენებული განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების წინააღმდეგ, აშკარად დაუპირისპირდა ამ პრინციპებს. დიდ მწერლები, რომლებთანაც ქვეყნიერება ვალშია რელიგიური თავისუფლების მოპოვებისთვის, ყურადღებას ძირითადად ამახვილებდნენ სინდისის თავისუფლებაზე, როგორც განუყოფელ უფლებაზე და სულიერად უარყოფდნენ პიროვნების ანგარიშვალდებულებას სხვების მიმართ, რელიგიური რწმენის საკითხებში. აზრთა სხვადასხვაობა რწმენის მნიშვნელოვან საკითხებში იმდენად ბუნებრივია, რომ პრაქტიკულად რელიგიური თავისუფლება არ არსებობს, გარდა იმ შემთხვევისა, სადაც რელიგიური გულგრილობა ზეობს და თეოლოგიური დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებენ, თითქმის ყველა მორწმუნე ადამიანის აზრით, ყველაზე ტოლერანტულ ქვეყნებშიც კი შემწყნარებლობა საკმარისი არ არის. პიროვნება შეიძლაბა არ ეთანხმებოდეს ეკლესიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ უსიტყვოდ ეთანხმებოდეს მის დოგმას. ზოგიერთს, პაპისტისა და უნიტარიანელის გარდა, ყველა ადამიანის მიმართ შეუძლია რომ შემწყნარებლობა გამოიჩინოს. ზოგიერთს კი, ვინც აღიარებული რელიგიის მიმდევარია, შეუძლია შემწყნარებლური დამოკიდებულება ყველა ადამიანის მიმართ ჰქონდეს. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ დიდსულოვანი და ქველმოქმედია. თუმცა, მათთვის ღმერთისა და მომავალი ცხოვრების რწმენა სრულიად საკმარისია.

სადაც კი უმრავლესობის განწყობა კვლავ ნამდვილი და მყარი იყო, უმცირესობების დაქვემდებარების სურვილი არსად განელებულა ინგლისში, სხვა ევროპელ სახელმწიფოებთან შედარებით, ჩვენი პოლიტიკური ისტორიის თავისებურებებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი აზრის უღელი გაცილებით მძიმეა, ხოლო კანონის – უფრო მსუბუქი. საზოგადოებაში არსებობს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ინდივიდების ავტონომიაში ჩარევის ეჭვი, მაგრამ ეს არ არის ინდივიდის დამოუკიდებლობისადმი საღი მიდგომის შედეგი. ეს საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარად გამჯდარი აზროვნების შედეგია, რომლის მიხედვითაც ხელსუფლება საზოგადოების საპირისპირო ინტერესებს გამოხატავს. უმრავლესობამ ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა, რომ ხელისუფლება მათი ძალაუფლებაა, ან ხელისუფლების აზრი მათი აზრია. აქედან გამომდინარე, ინდივიდუალურ თავისუფლებას ხელისუფლების მხრიდან ჩარევის, ისეთივე საფრთხე ემუქრება, როგორსაც მას საზოგადოებრივი აზრი უქმნიდა. თუმცა, საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ხარისხით არსებობს გრძნობა, შეეწინააღმდეგოს კანონის მიერ კონტროლის დაწესების ნებისმიერ მცდელობას იმ სფეროში, რომელშიც კანონს უწინ არ შეუზღუდავს. საზოგადოებას ნაკლებად სურს გაანალიზოს, ესა თუ ის საკითხი, ჯდება თუ არა ის კანონიერი კონტროლის საზღვრებში. ამდენად შეხედულება, რომელიც მთლიანობაში უაღრესად სასარგებლოა, ამ შემთხვავაში იმდენად უადგილო ხდება, რამდენადაც უაღრესად საჭირო ზოგიერთ შემთხვევაში.

ფაქტობრივად, არ არსებობს აღიარებული პრინციპი, რომელიც განსაზღვრავდა მთავრობის მიერ პიროვნების ავტონომიაში ჩარევის მიზანშეწონილობას, ან მიზანშეუწონლობას. ხალხი აღნიშნულ საკითხს, როგორც წესი, საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით წყვეტს. ზოგიერთი ადამიანი, ამ მოვალეობად დიდი სიამოვნებით დააკისრებდა ხელისუფლებას, ხედავდა რა სიკეთის ქმნის, ან ბოროტების აღმოფხვრის საჭიროებას. ზოგიერთს კი, ურჩევნია თვითონ ზიდოს საზოგადოებრივი მანკიერების ნებისმიერი სიმძიმის ტვირთი და ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, რომელიმე ადამიანთა ინტერესების დამცველ სამსახურს, კიდევ ერთი საქმე არ დაუმატოს. ამდენად, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, ადამიანები დგებიან რომელიმე მხარეს, მათი შეხედულების ზოგადი მიმართულების და საკითხისადმი ინტერესის ხარისხის მიხედვით. ზოგიერთის აზრით, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია. ზოგის აზრით კი, არ არის ხელისუფლების გადასაწყვეტი, რამდენადაც ის სათანადო ფორმით გადაწყვეტას ვერ შეძლებს. მე კი მეჩვენება, რომ ამ პრინციპის, ან წესის არარსებობის პირობებში, ერთი მხარე ისეთივე მცდარია, როგორც მეორე. თითქმის თანაბარი ხარისხით. ხალხი მთავრობის დახმარებას არასათანადოდ იხმობს და ასევე, არასათანადოდ უარყოფს.

აღნიშნული ნარკვევის მიზანია, მარტივი პრინციპის დამკვიდრება, რომელიც სრულიად განსაზღვრავს საზოგადოების ინდივიდთან მიმართებას, იძულებისა და კონტროლის პირობებში. პრინციპის არსს ის წარმოადგენს, რომ თავდაცვა ის ერთადერთი საბოლოო წერტილია, რომელიც ადამიანების მიერ, ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად, თავისუფლებაში ჩარევას ამართლებს. სხვა ადამიანების დაცვა. საფრთხისაგან, წარმოადგენს ერთადერთ მიზანს, რომლისთვისაც ცივილიზებული საზოგადოების წევრზე, მისი ნების გარეშე ძალაუფლების გამოყენება დასაშვებია. საკითხის შესახებ მისეული აზრი, იქნება ეს ფიზიკური თუ მორალური სიკეთე, საკმარის საბუთს არ წარმოადგენს. არ იქნება სამართლიანი, თუ მას ვაიძულებთ რაიმე გააკეთოს, ან არ გააკეთოს, მხოლოდ იმის გამო, რომ სხვების აზრით მისთვის ასე მოქცევა უკეთესია, რადგან მას ბედნიერს გახდის ან უფრო გონივრული და მართებული იქნება. ეს ყველაფერი საკმარისი საბუთია იმისთვის, რომ ადამიანი დავარწმუნოთ, დავიყოლიოთ, ვთხოვოთ, დავითანხმოთ, მაგრამ არ ვაიძულოთ, ან დავსაჯოთ, თუ სხვაგვარად მოიქცევა. ადამიანი, საკუთარი საქციელით საზოგადოების წინაშე იმდენად არის პასუხისმგებელი, რამდენადაც მისი საქციელი საზოგადოების სხვა წევრებს ეხება. ქცევის იმ ნაწილში, რომელიც მის პიროვნებას ეხება, ადამიანის დამოუკიდებლობა აბსოლუტურია. ინდივიდი სუვერენულია და მისი ავტონომია ხელშეუხებელია, როდესაც საქმე პირადად მას, მის სხეულსა და გონებას ეხება.

ალბათ საჭიროება აღარ მოითხოვს აღვნიშნო, რომ ეს დოქტრინა იმ ადამიანებს შეეხება, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების სიმწიფეს განიცდიან. ჩვენ არ ვსაუბრობთ ბავშვებზე, ან ახალგაზრდებზე, რომელთაც ქალური, ან მამაკაცური სიმწიფისკენ ზღვარი შეიძლება კანონმა დაუდგინოს. ისინი, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდებათ სხვების მზრუნველობა, დაცული უნდა იყვნენ არა მარტო გარეშე საფრთხისაგან, არამედ საკუთარი ქმედებებისაგანაც.

ამავე მიზეზის გამო, არ შევეხებით საოგადოების იმ ფენებს, რომლებშიც თვით ადამიანები შეიძლება იქნას აღქმული, როგორც მოუმწიფებელი მასა. სპონტანური პროგრესის გზაზე იმდენი ბარიერია, რომ მათი გადალახვის ბარიერი ძალზედ მცირეა. ამდენად, განვითარების მოსურნე მმართველს ნებადართული აქვს მიზნის მისაღწევად, ისეთი საშუალებები გამოიყენოს, როს გარეშეც, სავარაუდოდ, მიზანი მიუღწეველი დარჩებოდა. ხელისუფლების დესპოტიზმი ველურებთან მიმართებაში იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ ის საბოლოო ჯამში მიზნად მათ გამოსწორებას ისახავს. ხოლო თუ გამოყენებული საშუალებები საბოლოო შედეგზე რეალურ გავლენას მოახდენს, თავისუფლების, როგორც პრინციპის, გამოყენებას აზრი არ აქვს იმ დრომდე, სანამ კაცობრიობა განვითარების ისეთ სტადიას მიაღწევს, როდესაც თავისუფალი და თანაბარი დისკუსიები ადამიანების გაკეთილშობილებას დაიწყებენ. მანამდე კი მათ მეტი გზა არ დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ დაემორჩილონ Acbar an Charlemange (დიდება შარლ-დიადს). თუ, რა თქმა უნდა, გაუმართლა და ასეთი იპოვეს. მაგრამ, როგორც კი კაცობრიობა ამ სტადიას მიაღწევს, როდესაც განვითარების გზაზე წინ წარუძღვებათ მყარი რწმენა და დამაჯერებელი არგუმენტები, (სტადია, რომელიც ყველა ქვემოთ ხსენებულმა ერმა დიდი ხანია მიაღწია) იძულება, როგორც მისი პირდაპირი სახით, ისე დაუმორჩილებლობის საპასუხოდ, სასჯელითა და წამებით გამოხატული, დაუშვებელი ხდება, როგორც მისი სიკეთის დამთრგუნველი მეთოდი და მხოლოდ, სხვა ადამიანების უსაფრთხოების მიზეზითაა გამართლებული.

მე განვიხილავ სარგებლიანობას, როგორც საბოლოო ინსტანციას ყველა ეთიკური საკითხის გადაწყვეტისას. მაგრამ ის სარგებლიანი, ფართო გაგებით უნდა იყოს, რომელიც ადამიანის, როგორც პროგრესული არსების მარადიულ ინტერესებს დაეფუძნება. ჩემი აზრით, ეს ინტერესები ლეგიტიმურს ხდიან ხელისუფლების ცდას, პიროვნული სტაბილურობა გარე კონტროლს დაუქვენდებარონ, მხოლოდ იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც სხვა ადამიანების ინტერესებს შეეხება. თუ ვინმეს ქმედება ვინმესთვის ზიანის მომტანია, ეს უპირობოდ იძლევა პირდაპირი ჩარევის საფუძველს, მის დასასჯელად კანონის ფარგლებში,, ან საზოგადოების მიერ დაგმობას, თუ კანონი ამგვარი გადაცდენისათვის სასჯელს არ ითვალისწინებს.

უმრავლეს შემთხვევაში, საზოგადოებას შეუძლია ინდივიდი აიძულოდ მისთვის სასარგებლოდ იმსახუროს, თან სრულიად სამართლიანადაც. მაგალითად, სასამართლოში მისცეს ჩვენება; საერთო თავდაცვაში შეიტანოს თავისი წვლილი; საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ, ნებისმიერ საერთო სამეში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მის დაცვას უზრუნველყოფს და ამასთან ერთად სიკეთეც აკეთოს. მაგალითად, ახალგაზრდა შემოქმედი იხსნას სიკვდილისგან, მიუსაფარი დაიცვას, ან სრულიად სამართლიანად, პასუხისმგებელი იყოს საზოგადოების წინაშე იმ ქმედებებზე, რაც უდავოდ წარმოადგენს ადამიანის მოვალეობებს. ადამიანმა შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვებს, არა მარტო თავისი ქმედებებით, არამედ თავისი უმოქმედობითაც. თუმცა ადამიანი არასოდეს აგებს პასუხს, მისი უმოქმედობით გამოწვეული ზიანის გამო. მეორე შემთხვევა კი, პირველისაგან განსხვავებით, იძულების უფრო ფრთხილად გამოყენებას გულისხმობს, პასუხისმგებლობა გამონაკლისს წარმოადგენს. ჯერ კიდევ უამრავი მძიმე და აშკარა მაგალითი არსებობს, რომელიც ამ გამონაკლისს ამართლებს. გარემოსამყაროსთან ურთიერთობების ყველა სფეროში, პიროვნება იურიდიულად აგებს პასუხს მათ წინაშე, ვის ინტერესსაც ეხება და თუ საჭიროა, თავადაც საზოგადოების დამცველად უნდა წარსდგეს. ხშირად პასუხისმგებლობის არიდებისათვის ეს კარგი მიზეზია, მაგრამ ეს მიზეზები იმ შემთხვევების სპეციფიკიდან გამომდინარეობს, რომლებზედაც ვსაუბრობთ. თუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც პიროვნება ჩარევის გარეშე უკეთესად მოქმედებს, ვიდრე სხვისი კონტროლის ქვეშ, თუ კონტროლი უფრო დიდ ბოროტებას წარმოშობდა, ვიდრე მის გარეშე იქნებოდა. როდესაც დასჯას ასეთი მიზეზი აფერხებს, თავდ პიროვნების სინდისმა უნდა მოახდინოს საკუთარი საქციელის განსჯა; დაიცვას მისაფართა ინტერესები და საკუთარი თავის მიმართ მიდგომა გაამკაცროს, რადგან მას სხვები ვერ გაასამართლებენ.

მიუხედავად ამისა, არსებობს მოქმედების სფერო, რომელშიც საზოგადოებას, ინდივიდისაგან განსხვავებით, მხოლოდ არაპიდაპირი ინტერესები გააჩნია. ეს იმას გულისხმობს, რომ პიროვნების ცხოვრების გარკვეულმა ნაწილმა, ან მისმა ქცევამ შეიძლაბ თავად იმ პიროვნებაზე იქონიოს. იმ შემთხვევაში, თუ პიროვნების ქცევა გავლენას სხვა ადამიანებზე მოახდენს, ეს ზეგავლენა მათი მხრიდან ნებაყოფლობით იქნება მიღებული. ყველა მისაღები საშუალებით იქნება ეს პრაქტიკული, თეორიული, მორალური თუ თეოლოგიური; სინდისის, ფიქრის, აზრისა და დამოკიდებულების, აბსოლუტუტი თავისუფლების მოთხოვნა ყველა საკითხთან მიმართებაში – პიროვნების თავისუფლებაში, პირველ რიგში, შეგნების ფლობა იგულისხმება.

აზრის გამოხატვისა და გამოქვეყნების თავისუფლება, შეიძლება ცალკე პრინციპის სფეროდ განვიხილოთ, რამდენადაც იგი ინდივიდის ქცევის ნაწილია, რომელიც სხვა ადამიანებს შეეხება. წარმოადგენს რა ისეთივე ღირებულებას, როგორიცაა თვით აზროვნების თავისუფლება და უმეტესწილად, ეფუძნება რა იმევა პირველსაწყისს, ფაქტობრივად თავისუფლების განუყოფელი ნაწილი ხდება. მეორეც – ეს პრინციპი გემოვნების, სურვილების და მისწრაფეფების თავისუფლებასაც გულისხმობს. ჩვენი ცხოვრების ჩვენივე საქციელთან შეჯერებას, სურვილების და ქცევის თავისუფლებას, იმ დრომდე ვიდრე ჩენი ქმედება სხვებს ზიანს არ აყენებს, თუნდაც სხვებამა ჩვენი საქციელი სულელურად, გარყვნილად ან მცდარად შეაფასონ. მესამე – ეს პრინციპი, თითოეული ინდივიდის თავისუფლებიდან გამომდინარეობს ინდივიდების ნებისმიერი მიზნისთვის გაერთიანების უფლებე, რომელსაც სხვა ადამიანებისათვის ზიანი არ მოაქვს. რა თქმა უნდა, თუ აღნიშნული ინდივიდები სრულფასოვანნი არიან და ძალდატანების, ან მოტყუების შედეგად არ ერთიანდებიან.

საზოგადოება, რომელიც ზემოაღნიშნული თავისუფლების პრინციპებს არ იცავს და პატივს არ სცემს, არ წარმოადგენს თავისუფალ საზოგადოებას, როგორი მმართველობის ფორმაც არ უნდა ჰქონდეს მას. საზოგადოება, სადაც თავისუფლების პრინციპების დაცვა არ წარმოადგენს უპირობო და აბსოლუტურ ღირებულებას, სრულყოფილად თავისუფალ საზოგადოებად ვერ ჩაითვლება. თავისუფლება ისაა, როცა ჩვენი ქონების მართვა, ჩვენივე შეხედულებებითაა შესაძლებალი და არ ვცდილობთ ის სხვებს ჩამოვართვათ, ან მის შეძენაში ხელი შევუშალოთ. ყოველი ადამიანი თავისი, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური და სულიერი ჯანმრთელობის საუკეთესო დამცველია. იმის ნაცვლად, რომ სხვების ნებას დაჰყვნენ, ადამიანები საუკეთესოდ სწავლობენ სხვათა დარწმუნებით იცხოვრონ ისე, როგორც თავად სურთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დოქტირნა ახალი სულაც არ გახლავთ და ზოგიერთისთვის ტრუიზმის მაგალითს წარმოადგენს, დამკვიდრებული შეხედულების საყოველთაო ტენდენციას მხოლოდ ის უპირისპირდება. საზოგადოებამ, იმის მცდელობას, რომ ხალხი იძულებული გაეხადა მის შეხედულებებს მორგებოდა, იმდენივე ძალისხმევა მოახმარა, რამდენიც სოციალურ სრულყოფილებას. ანტიკური ქვეყნები, საზოგადოებრივი ძალაუფლების პიროვნების ავტონომიაში დასაშვებად იმ მიზეზით მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოსთვის, თითოეული მოქალაქის ფიზიკური და გონებრივი დისციპლინა ღირებულებას წარმოადგენდა. ძლიერი მტრებით გარშემორტყმული პატარა რესპუბლიკებისათვის, რომლებიც შიდა არეულობისა თუ გარეშე მტრის თავდასხმის, მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან და მათთვის ძალების ოდნავი მოდუნებაც კი შეიძლაბა საბედისწერო აღმოჩნდეს, ასეთი სახის აზროვნება შეიძლაბა მისაღებიც გახდეს. ამდენად, საკუთარ თავს იმის ნებას ვერ მისცემენ, რომ იმ დრომდე დაიცადონ, სანამ თავისუფლება მათ თავად იხსნის. თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკური ხელისუფლების გაცილებით დიდმა მასშტაბებმა, და, უპირველეს ყოვლისა, სულიერი და მიწიერი ძალაუფლების დიფერენციაციამ, რომლებიც სხვადასხვა ფორმით წარმართავენ ადამიანის ცნობიერებას, პირად ცხოვრებაში ჩარევა მნიშვნელოვნად შეზღუდა. თუმცა, გაბატონებული აზრისაგან გადახვევა რომ არ მომხდარიყო, საზოგადოებას მყარად ეჭირა მორალური ზეწოლის ბერკეტები. რელიგიას, რომელმაც მორალური შეგნების ჩამოყალიბებაზე ყველზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, თითქმის ყოველთვის მართავდა პურიტანიზმის სული, ან იერარქიული ამბიცია, რომელიც ადამიანთა ქცევის ყველა ასპექტის გაკონტროლებას ცდილობდა. ზოგიერთ თანამედროვე რეფორმატორს, რომლებსაც თავი რელიგიების მოწინააღმდეგეებად მოაქვთ, სულიერი დომინაციის უფლებას, ეკლესიასა და სექტებზე არანაკლები მონდომებით ქადაგებენ. კერძოდ, მ. კომტეს ნაშრომში (Traite de Politique Positive) სოციალური მოწყობის სისტემა, მიზნად ისახავს საზოგადოების მიერ ინდივიდზე დესპოტური ძალაუფლების დამკვიდრებას, რაც ანტიკურ ფილოსოფოსებს შორის, ყველაზე თავგამოდებულ მომხრესაც კი არ მოუვიდოდა თავში.

გარდა ცალკეული მოაზროვნეების ზემოთხსენებული დოგმებისა, მსოფლიოში შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ინდივიდზე გავლენის ზრდის ყოვლად გაუმართლებელი ტენდენცია. ეს საზოგადოების შეხედულებებზე ძალდატანებისა და თვით კანონმდებლობის გზით ხორციელდება. ამიტომ, რამდენადაც მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები, ინდივიდის ძალაუფლების შეზღუდვის ხარჯზე აძლიერებს საზოგადოებას, აღნიშნული აგრესიის ფორმის უკვალოდ გაქრობა ნაკლებად სავარაუდოა. პირიქით, ეს აგრესია უფრო და უფრო საშიში ხდება. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნებიან ისინი, მმართველები თუ ჩვეულებრივი მოქალაქეები, ადამიანის ბუნებისათვის დამახასიათებელი დადებითი თუ უარყოფითი თვისებები ასაზრდოებს მათ სურვილს – სხვებს მოახვიონ თავზე საკუთარი შეხედულებები ქცევის ნორმების შესახებ. ძალაუფლებისაკენ სწრფვა ამ სურვილებს კიდევ უფრო აძლიერებს. ქვეყნად კი ხელისუფლება არა თუ მცირდება, არამედ იზრდება კიდეც და თუ მორალური მრწამსის ძლიერი ბარიერით არ შევაჩერეთ, არსებულ პირობებში ის ზრდას გააგრძელებს.

არგუმენტებისათვის უპრიანი იქნება, ზოგად თეზისზე პირდაპირ გადასვლის ნაცვლად, პირველ რიგში, მის ცალკეულ სფეროებს თუ განვიხილავთ. უპირველეს ყოვლისა, მსურს გამოვყო ფიქრის თავისუფლება, რომელშიც წერისა და საუბრის თავისუფლების მონათესავე სფეროებს ვერ დავაცალკევებთ. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების ეს სფეროები, რელიგიური შემწყნარებლობისა და თავისუფალი ინსტიტუტების მქონე ყველა ქვეყნის პოლიტიკური მორალის ნაწილს წარმოადგენს, მისი ფილოსოფიური და პრაქტიკული საფუძვლები ალბათ ნაკლებად ცნობილია და მოსალოდნელზე ნაკლებად დაფასებულია. სათანადოდ გაანალიზებული საფუძვლები, მათი შედარებით ფართო გამოყენების საშუალებას იძლევა და საკითხის დეტალური შესწავლა საუკეთესო მეგზური იქნება თეორიის უკეთესად გასაგებად. იმედია, მკითხველები მომიტევებენ თუ ჩემს თეორიაში ახალს ვერაფერს აღმოაჩენენ. ვბედავ და გთავაზობთ კიდევ ერთ დისკუსიას იმ საკითხზე, რომელიც უკანასკნელი სამი საუკუნის განმავლობაში ასე ხშირად იქნა განხილული

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s