სახელმწიფო სკოლების შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა

Seven_Deadly_Sins_3573

მარკ ჰარისონი

მარკ ჰარისონის ინტერესის ძირითადი საგანი განათლების ეკონომიკაა და ცდილობს, სახელმწიფო, ანუ ე.წ. უფასო საგანმანათლებლო სისტემის ნაკლოვანებები წარმოაჩინოს და ახსნას. მისი აზრით, საგანმანათლებლო დაწესებულებები კერძო სამეურნეო სუბიექტები უნდა იყოს და მომხმარებლებს ისე მოემსახურონ, როგორც ამას მოთხოვნა-მიწოდების კანონი და სამეურნეო მოგების მიღების ლოგიკა მოითხოვს.

(გამოქვეყნდა 2005 წ.)

შეერთებული შტატების სახელმწიფო სკოლების მონოპოლიას შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა ედება ბრალად: რესურსების ფლანგვა, კარგი სწავლების დათრგუნვა, მშობლების შეზღუდვა, ინფორმაციის ჩახშობა, ახალი მეთოდების შეფერხება, კონფლიქტურობა და ღარიბებისთვის ზიანის მიყენება.

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა ადამიანურ სისუსტეებს უკავშირდება. სახელმწიფო განათლების ცოდვები კი არსებულ სისტემას მიეწერება, რადგან განათლებას მთავრობა აკონტროლებს, მართავს და აფინანსებს. პოლიტიკოსებს და ბიუროკრატებს, ვისაც სახელმწიფო სკოლების კონტროლი ევალება, მომხმარებლის დასაკმაყოფილებლად, ფასების კონტროლისა და კარგი სწავლების ხელშესაწყობად არც ძლიერი მოტივი და არც ცოდნა არ გააჩნიათ. არსებული სისტემის პირობებში არ არსებობს საფასო ნიშნები მომხმარებელთა არჩევანის გამოსავლენად და ღირებულების დასადგენად ან შესაბამისი ღონისძიების გასატარებლად. ამ სისტემას მარტივი და პირდაპირი რეაგირების მექანიზმი აკლია, რაც ბიზნესში გადაწყვეტილების სისწორის საზომია. მთავრობა ვერ ამჩნევს, სწორ განათლებას იძლევა თუ არა და თანაც როგორი დოზით. პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყველაფერს ან არაფერს ნიშნავს. ერთი გადაწყვეტილება ყველა შემთხვევას ეხება და მრავალფეროვნების შესაძლებლობა არ არსებობს. ცვლილება ძვირი ჯდება, როდესაც მთელი სისტემა ან ერთი, ან მეორე მიმართულებით გადაიხრება. მცდარი ცვლილებები დამღუპველია.

სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სკოლები, იმის ნაცვლად, რომ მომხმარებელზე ზრუნავდეს, საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდეს და გაჭირვებულებს ეხმარებოდეს, ხშირად მასწავლებელთა კავშირების მსგავსი პოლიტიკურად ძლიერი, საგანგებო, მიზნობრივი ჯგუფების ინტერესებს ემსახურება.

არსებული საგანმანათლებლო სისტემა ვერც ვერაფერს უხერხებს ცუდ სკოლებს და ვერც ხურავს, ამგვარად, მათი გაუმჯობესების მცდელობის მიუხედავად, ათწლეულების მანძილზე ყველაფერი უცვლელად რჩება. ეს სისტემა კონკურენციასაც უშლის ხელს, რაც ჩამორჩენილ სკოლებს იცავს და მათ გარდაქმნას აფერხებს.

სახელმწიფო სკოლების დაბალი დონე ყველაზე მეტად ღარიბ ხალხს ვნებს. ღარიბებს ყველაზე ცუდ სკოლებში უწევთ სწავლა. მდიდარ მშობლებს შეუძლიათ სადაც მოისურვებენ იქ იცხოვრონ. ეს მათ სკოლის არჩევანის საშუალებას აძლევს. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მდიდრებს კერძო სკოლაში სწავლის შესაძლებლობაც გააჩნიათ. მდიდარი ოჯახებით დასახლებულ რაიონებში მოსწავლეების მიერ ცუდი სკოლების მიტოვების საფრთხე არსებობს, რაც სახელმწიფო სკოლებზე კონკურენტულ ზეწოლას ზრდის. ღარიბებს ძალიან მცირე ალტერნატივა აქვთ და მათი უმრავლესობისთვის სკოლების ფართო არჩევანი მომგებიანია. ამასთან ერთად, მოუწესრიგებელი ოჯახის ბავშვები, რომლებიც აკადემიურ ცოდნას სახლში ვერ ეუფლებიან, უფრო სკოლაში სწავლას ეყრდნობიან!

საგანმანათლებლო სისტემის გამოსწორების საშუალება პოლიტიზებული სახელმწიფო სასკოლო სისტემიდან დეცენტრალიზებულ კონკურენტუნარიან საბაზრო სისტემაზე გადასვლაა. კონკურენციაში ჩაბმული და პირდაპირ მშობლების წინაშე ანგარიშვალდებული სკოლა უკეთ მუშაობს, ვიდრე მისი ბიუროკრატიული ალტერნატივა.

საბაზრო პროცესები ეფექტიანობისა და ნაირფეროვნების სტიმულს იძლევა და სიახლეების დანერგვას უწყობს ხელს. მფლობელს დიდი სტიმული ეძლევა, რომ ინვესტიცია ჩადოს და ხარჯები შეამციროს ან აქტივები უფრო ეფექტიანად გამოიყენოს, რითაც ჯილდოს მოიმკის. კონკურენცია გამუდმებით აუმჯობესებს ხარისხსა და მომსახურებას. სკოლებს ექსპერიმენტის ჩატარების, ახალი მეთოდების შემოღების და არაეფექტიანი მეთოდების ახლით შეცვლის სტიმული ეძლევა.

კონკურენტულ გარემოში სკოლის ხელმძღვანელობას და მომსახურე პერსონალს სტიმული ეძლევა ცვლილება შეიტანონ სკოლაში უკეთესი შედეგების მისაღწევად და კონკურენციას გაუძლონ ან წარმატების შედეგად მიღებული წილის მოზიარენი გახდნენ. არსებული სისტემის პირობებში არც მასწავლებლები და არც ხელმძღვანელობა დიდი მიღწევებისგან არანაირ სარგებლობას არ ღებულობენ. აქ მთავარი საზრუნავი ეფექტიანობა კი არა, არამედ დანაწილებაა – ხარჯების რაოდენობა და მასში მასწავლებლების წილი. ხშირად ჩამორჩენილობა დამატებითი რესურსების გამოყენებას იწვევს.

კიდევ ერთი სარგებლობა, რაც არჩევანის საშუალებას მოაქვს, ეს არის ბავშვის აღზრდაში მშობლების უფრო მეტი მონაწილეობა და, საერთოდ, ოჯახის გაძლიერებული როლი. მშობლების ჩარევით ბავშვი უკეთეს შედეგებს აღწევს და დაბალი დონის განათლებისა და დაბალი შემოსავლის მქონე მშობლების ჩარევას ისეთივე დიდი სარგებლობა მოაქვს ბავშვისთვის, როგორც უფრო მეტი განათლებისა და მეტი შემოსავლის მქონე მშობლების შემთხვევაში.

არჩევანის საკითხი მხოლოდ ტესტის ქულებისა და შედეგების გაუმჯობესებას არ ნიშნავს. არჩევანის დროს უფლებამოსილება მთავრობიდან მშობლებზე გადადის და ოჯახს განამტკიცებს. სკოლის არჩევანისას მშობლის პასუხისმგებლობა, თავდაჯერებულობა, დამოუკიდებლობა და ინიციატივა უფრო მეტია, ვიდრე მაშინ, როდესაც თავისი კანონიერი როლის ძალით მოპოვება უხდება. არჩევანი მშობელს ბავშვის საკუთარი ღირებულებებით აღზრდის საშუალებას აძლევს. ამ დროს მშობელი არაკომპეტენტურად კი აღარ მიიჩნევს თავს, არამედ თავისი შვილისთვის რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს. მშობელს რეალური უფლება, რეალური თავისუფლება და რეალური პასუხისმგებლობა ეძლევა საკუთარი გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც მასზეც და ბავშვზეც დიდ გავლენას ახდენს.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s