რამდენად დაცულია საკუთრებითი უფლებები?

private-property-destroyed1

ტერი ლ. ანდერსენი (1947 -)

საკუთრებისა და გარემოს კვლევის ცენტრის დირექტორია. მისი ორი უახლესი ნაშრომია: ,,არც თუ ისე ველური ველური დასავლეთი: საკუთრების უფლება მოსაზღვრე ტერიტორიებზე“ და ,,უნდა ვაღიაროთ რომ უკეთესობაა: ეკონომიკური კეთილდღეობიდან გარემოს დაცვის ხარისხამდე“. თავის ნაშრომებში თავისუფალ საბაზრო ეკონომიკისა და გარემოს მოხმარების კონკრეტული მაგალითების შესწავლას ეხება. მისი ინტერესების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ წყლის ბაზარი, საჯარო მიწების მართვა და საკუთრების უფლების ეკონომიკა. აგრეთვე იკვლევდა ამერიკელი ინდიელების ეკონომიკური განვითარების პროცესებს.

თავი წიგნიდან ,,საკუთრებითი უფლებები“,

(გამოქვეყნდა 1995 წელს)

    იქ, სადაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენაა, საკუთრების ყველანაირი ფორმა მოკლებულია სათანადო პატივისცემას. არავინაა დაცული გამოთქვას თავისი მოსაზრებები, იყოს პიროვნულად ხელშეუხებელი, გამოამჟღავნოს უნარჩვევები და ფლობდეს ქონებას.

    ჯეიმს მედისონი, ფედერალისტური ნარკვევები

წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი საჩუქრით თამაშობს, ხოლო მეორე ონავარი მას ამ ნივთს ართმევს. უმრავლესობა ამას ქურდობად განიხილავს, რადგანაც ონავარს ამ სათამაშოს აღების უფლება არა აქვს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ძიძამ, რომელიც მშობლების მიერ ბავშვების მომვლელად და მათი დავების მომრიგებლად იქნა დაქირავებული, პირადი კეთილგანწყობიდან გამომდინარე, ერთი ბავშვის კუთვნილი სათამაშო, მეორეს გადასცეს. იმის გამო, რომ ძიძა ძლიერია და სათანადო უფლებამოსილებასაც ფლობს, მას გარკვეული უფლებების გადაცემა ძალუძს და ბავშვიც, სულ მცირე მშობლების სახლში დაბრუნებამდე მაინც, იძულებულია, რომ მდგომარეობას დაემორჩილოს. მშობლების მოსვლის შემდეგ კი, ბავშვს შეუძლია, რომ გადაწყვეტილების შესაცვლელად მათ შესჩივლოს. უფლებების მომავალი გადანაწილებისგან თავის დასაზღვევად, ბავშვმა შეიძლება მშობლებს სთხოვოს, რომ სხვა ძიძა იპოვონ და ყველა მათთაგანს აუხსნან, რომ მათი მოქმედებები სამართლიანი უნდა იყოს.

ასეთივე სირთულეები თავს ხელისუფლების მიერ იძულების უფლების გამოყენებისას იჩენს. საკუთრების უფლების უზრუნველსაყოფად და დავების განსასჯელად, მოქალაქეები ისეთი ხელისუფლების შესაქმნელად ერთიანდებიან, რომელსაც კანონის უზენაესობის დაცვისთვის საკმარისი ძალაუფლება ექნება. ცალკეულ პიროვნებებს შეუძლიათ თავიანთი საკუთრებითი უფლებები კერძო გაერთიანებში გაწევრიანებით ან საკუთარი ძალისხმევითაც (კლიტეები, ღობეები, სიგნალიზაცია) დაიცვან. მაგრამ კერძო პირების შესაძლებლობები და ძალისხმევა შეზღუდულია, რაც გონივრულ საფუძველს იძლევა, რომ სხვა მოქალაქეებისა და ან სხვა ქვეყნების მხრიდან მათი საკუთრებითი უფლებების ხელყოფის აღკვეთის უფლებამოსილება ხელისუფლებას მიანიჭონ.

შემდგომი სირთულე, ხელისუფლების უფლებების იმგვარ შეზღუდვაში მდგომარეობს, რომ მან მინიჭებული ძალაუფლება ბოროტად არ გამოიყენოს და ამით, საკუთრების გადანაწილებაზე არ იმოქმედოს.

ამ სირთულეებს თავისუფალი საზოგადოების ხუროთმოძღვრები, ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამებიც აღიარებდნენ. კერძოდ ჯეიმს მედისონი, ცენტრალიზებული ძალაუფლების მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებასა და პიროვნული უფლებების ხელშეუხებლობაზე წუხდა. 1829 წლის 1 დეკემბრის, ვირჟინიის შტატის კონსტიტუციურ კონვენტზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ,,ხელისუფლების არსი ძალაუფლებაა, ხოლო ადამიანი ყოველთვის მიდრეკილია, რომ მის ხელთ არსებული ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოს“. მედისონი ხშირად გამოხატავდა შეშფოთებას ,,უმრავლესობის ტირანიის“ გამო, რადგან შიშობდა, რომ დემოკრატიის პირობებში უმრავლესობის კოალიციებს უმცირესობების მშრალზე დატოვება უბრალო ხმის მიცემით შეეძლოთ.

წინამდებარე ნაშრომში, ჩვენ ჯეიმს მედისონის ეჭვებს განვიხილავთ და მათი გაქარვების გზებს დავსახავთ. იმისთვის, რომ საკუთრებითი უფლებების დაცულობის დონე განვსაზღვროთ, უპრიანია კერძო ძალისხმევის შედეგად საკუთრებითი უფლებების უზრუნველყოფის შინაგან წყობას და შედეგებს დავაკვირდეთ და შევადაროთ თუ რა შედეგები მოაქვს მათ ცენტრალიზებულ უზრუნველყოფას. იმის შემდეგ, რაც აღმოვაჩენთ, რომ ხელისუფლების მიერ საკუთრებითი უფლებების განსაზღვრასა და უზრუნველყოფას დიდი დანახარჯები შეიძლება ჰქონდეს, ყურადღებას პოლიტიკური ეკონომიის ძირეულ წინააღმდეგობაზე გავამახვილებთ, რომელიც მოითხოვს პასუხს იმაზე, თუ როგორ ,,ამოვდოთ ლაგამი“ სახელისუფლებო იძულებას, რათა საკუთრებითი უფლებები, სახელისუფლებო ძალაუფლების გამოყენებით, უფლებების ერთი ინდივიდიდან ან ჟგუფიდან, სხებზე გადაცემის გარეშე დავიცვათ.

კერძო იძულება სახელისუფლო იძულების წინააღმდეგ

მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი საკუთრებითი უფლებების დაცვა ცალკეულ პიროვნებებსაც შეუძლიათ, ამ მიდგომას თვალსაჩინო ხარვეზები აქვს. ყველაზე ცხადი წინააღმდეგობა, რომელიც საკუთრებითი უფლებების უზრუნველყოფისთვის გაწეულ კერძო ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, იმაში მდგომარეობს, რომ თუკი მისი მეშვეობით უფლებების დადგენა მოხდება, ამან შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს, რომელიც ღირებულ რესურსებს შთანთქავს და ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობებს გაანადგურებს.

საკუთრებითი უფლებების უზრუნველყოფაზე გაწეულ კერძო ძალისხმევასთან დაკავშირებული მეორე წინააღმდეგობა იმაში მდგომარეობს, რომ მასშტაბის ეკონომიას შეუძლია კოლექტიური მოქმედება უფრო იაფი და შედეგიანი გახადოს.

სპეციალიზაციასა და მასშტაბის ეკონომიას შეუძლია, რომ ავტომობილების წარმოების დანახარჯები შეამციროს, მაგრამ შესაძლებელია, რომ ამავე გზით საკუთრებითი უფლებების უზრუნველყოფის დანახარჯები შემცირდეს? ზოგადად, დიდ არმიებს პატარა არმიების დაამარცხება შეუძლიათ, ეს თვალსაზრისი გვეხმარება იმის ახსნაში, თუ რატომ გვაქვს ეროვნული სახელმწიფოები.

საკუთრებითი უფლებების უზრუნველყოფისთვის გაწეულ კერძო ძალისხმევასთან დაკავშირებული მესამე წინააღმდეგობა ე.წ. ,,უბილეთო მგზავრის“ პრობლემას უკავშირდება. ის თავს იჩენს მაშინ, როდესაც გარკვეული მოქმედებების შედეგად ისეთებიც სარგებლობენ, რომლებსაც ვერ ვაიძულებთ, რომ ამის საფასური გადაიხადონ. როდესაც ადამიანთა დიდ ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველყოფისას, საქმე მასშტაბის ეკონომიასთან გვაქვს, ძნელია დავიცვათ მხოლოდ ისინი, ვინც საკუთარი უსაფრთხოებისთვის გადაიხადა და ისინი არ დავიცვათ, ვინც მათ ახლომახლო ცხოვრობს, მაგრამ არ გადაუხდია. საკეტი სახლის კარებზე მხოლოდ ამ სახლს იცავს და მაშასადამე, ,,უბილეთო მგზავრის“ პრობლემას არ წარმოშობს; მაგრამ ,,სამეზობლო ურთიერთმეთვალყურეობის პროგრამა“1 განსხვავებულად მოქმედებს და ყველა სახლს ფარავს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეზობელი ამ პროგრამაში საერთოდ არ მონაწილეობს.

,,უბილეთო მგზავრის“ პრობლემა კიდევ უფრო თვალსაჩინო ქვეყნის საზღვრის შემთხვევაშია, რომელიც მის შიგნით ყველა მცხოვრებს იცავს, მიუხედავად იმისა ისინი ამ მომსახურების საფასურს ანაზღაურებენ თუ არა.

იმის გამო, რომ საკუთრებითი უფლებების უზრუნველყოფისთვის გაწეული კერძო ძალისხმევა შესაძლოა ძვირი და ნაკლებად შედეგიანი იყოს, ცალკეული პიროვნებები ხელისუფლებებს აყალიბებენ. ეს ემსახურება, როგორც სათანადო დანახარჟების შემცირებას და ,,უბილეთო მგზავრობის“ შეზღუდვას, ისე საკუთრებითი უფლებების უფრო მკაფიოდ განსაზღვრასა და მათი დაცვის ამოცანის გადაწყვეტას. ამ მიზნით მოქალაქეები ხელისუფლებას ნებას რთავენ, რომ იმ ერთადერთ დაწესებულებას წარმოადგენდეს, რომელიც საკუთრებითი უფლებების უზრუნველსაყოფად იძულების უფლებით ისარგებლებს.

ამასთან დაკავშირებით დეივიდ ფრიდმენი წერს: ხელისუფლება იძულების უფლებით აღჭურვილი დაწესებულებაა. გამორჩეული თვისება, რითაც ხელისუფლება იძულებაზე დაფუძნებული სხვა დაწესებულებებიდან განსხვავდება (როგორიცაა მაგალითად, ჩვეულებრივი დამნაშავეთა ჯგუფები) ის არის, რომ ადამიანთა უმრავლესობა ხელისუფლების მხრიდან იძულების გამოყენებას აღიქვამს, როგორც ბუნებრივს და სწორს. ერთიდაიგივე ქმედება აღიქმება, როგორც ძალადობა, თუკი მას კარძო პირი ჩაიდენს, ხოლო სრულიად კანონიერად, თუკი მას ხელისუფლების წარმომადგენლი მოიმოქმედებს. (1973, 152-154)

სხვა სიტყვებით, ცალკეული პიროვნებები იმ ჩარჩო-პირობებზე თანხმებიან, რომელიც ადგილობრივი, შტატისა თუ ეროვნული ხელისუფლების მიერ, მათი ან სხვების მიმართ იძულების გამოყენების უფლებამოსილებას განსაზღვრავს, რისი მიზანიც საზოგადოებრივად სასიკეთო კანონიერებისა და წესრიგის უზრუნველყოფაა. მოქალაქეები ხელისუფლებას უფლებამოსილს ხდიან, რომ მან ძალა გამოიყენოს, თუკი ეს საზოგადოებრივი კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული.

საკუთრებითი უფლებების უზრუნველყოფისთვის, იძულების გამოყენებაზე კანონით მინიჭებული მონოპოლიური უფლებამოსილების მეშვეობით, ხელისუფლებას პოტენციურად იმ პრობლემების გადალახვა შეუძლია, რომელიც საკუთრებითი უფლებების განსაზღვრისა და უზრუნველყოფისთვის გაწეული კერძო ძალისხმევის დროს წარმოიშობა. პირველ რიგში, ხელისუფლებას პოტენციურად შეუძლია მოქალაქეთა შორის მშვიდობის დაამყარება, მრავალი კერძო ჯგუფის მიერ თავიანთი საკუთრებითი უფლებების დაცვის მიზნით გამოყენებული ძალადობის დათრგუნვის გზით. ისეთ მოძალადე ჯგუფებს შორის კონკურენციას, როგორიც მაგალითად მაფიაა, შეუძლია ჰობსისეულ2 ,,ჯუნგლებამდე“ მიყვანა. შესაბამისად, ქვეყნები, რომლებიც ჩრდილო ირლანდიასა და სომალის მსგავსად სამოქალაქო ომების მიზეზით არიან გაჩანაგებული, ნათელყოფენ, თუ რა შეიძლება მოხდეს თუკი წესებს დაპირისპირებული პირები ან დაჟგუფებები ადგენენ. ამ დაპირისპირებაში მონაწილე ყველა მხარე შეიარაღებულია და თავიანთი უფლებების დასამკვიდრებლად დიდ ენერგიას ხარჯავს. იძულების უფლება-მოსილებით კოლექტიურად აღჭურვილ ერთ დაწესებულებას შეუძლია, რომ ეს შეურიგებელი დაპირისპირება გააუქმოს და იგი კანონიერებითა და წესრიგით შეცვალოს. ხოლო, როდესაც მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ მათი უფლებების დაცვის საკითხში ხელისუფლებას დაეყრდნონ, ისინი საკუთარ ძალისხმევას შეიარაღებული დაპირისპირებაზე უფრო ნაყოფიერი საქმიანობისკენ მიმართავენ.

მეორე, ხელისუფლებას შეუძლია პოლიციის ან შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების აუცილებელი მინიმუმი გამოიყენოს და შეუძლია, მასშტაბის ეკონომიის უპირატესობით ისარგებლოს, იქ სადაც კი ეს მოხერხდება. ადგილობრივი თვითმმართველობების შემთხვევაში, პატარა ერთეულებს შეუძლიათ პატრულირება და ქურდობის წინააღმდეგ ზომების მიღება. როდესაც უფლებამოსილებები აღემატება პატარა ერთეულის შესაძლებლობებს, დავებს უფრო დიდ ერთეულები წყვეტენ. მაგალითად, საგრაფოების ხელისუფლებებს შეუძლიათ მეზობელ ქალაქებს შორის წარმოქმნილი დავები მოაგვარონ, შტატის ხელისუფლებამ კი, საგრაფოებს შორის არსებული საკამათო საკითხები გადაწყვიტოს, ხოლო ეროვნულ დონეზე, მოქალაქეებს გარეშე საფრთხეებისგან კიდევ უფრო მძლავრი შეიარაღებული ძალა იცავს.

და ბოლოს, ხელისუფლებებს შეუძლიათ შეამცირონ ,,უბილეთო მგზავრების“ არსებობით გამოწვეული წანააღმდეგობები, რომლებიც თავს საკუთრებითი უფლებების უზრუნველყოფისას იჩენს. გადასახადების დაწესების უფლებამოსილება საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, რომ პოტენციურ ,,უბილეთოებს“ კანონიერების უზრუნველყოფასა და თავდაცვაში მონაწილეობა მიაღებინონ და იმ რესურსების ნაკლებობა დაძლიონ, რომლებიც საკუთრებითი უფლებების უზრუნველმყოფ ნებაყოფლობით ჯგუფებს შეიძლება ჰქონოდათ.

ხელისუფლებასთან დაკავშირებული თავსატეხი

მიუხედვად იმისა, რომ ხელისუფლების მიერ საკუთრების უფლებების განსაზღვრასა და უზრუნველყოფას გარკვეული სარგებელი აქვს, მას დანახარჯებიც ახლავს. ერთ-ერთი ნიშანდობლივი წინააღმდეგობა, რომელსაც ხელისუფლება მოქალაქეებზე გარკვეული ღირებულების მქონე საკუთრებითი უფლებების გადანაწილების მცდელობისას აწყდება, იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები ამ საკუთრებითი უფლებების მოსაპოვებლად სხვადასხვა შემოვლით გზებს პოულობენ. (ახალ ზელანდიაში ასეთი სახის კონკურენციას ,,ლოლი სქრემბლ“3 დაარქვეს, რაც საბავშვო ზეიმების დროს გავრცელებულ ერთ-ერთ თამაშს უკავშირდება, რომლის დროსაც ბავშვები იატაკზე მიმოფანტული კანფეტებისთვის იბრძვიან.)

მაგალითისთვის მიწის ნაკვეთების დასაკუთრებისთვის გამართული რბოლა განვიხილოთ. როდესაც ფედერალურმა ხელისუფლებამ დასავლეთ სანაპიროს მიწების ათვისება პირველივე მსურველისთვის გახადა შესაძლებელი, ,,პირველი მიხვედი, პირველმა მიირთვი“ წესით, ხალხს არ შეეძლო დაცდა, ვიდრე მიწით სარგებლობა და მისი ნაყოფით ვაჭრობა მომგებიანი გახდებოდა; თუკი ისინი დააყოვნებდნენ, მათ ვინმე სხვა დაასწრებდა. ამიტომ ისინი ერთმანეთს ეჟიბრებოდნენ, რომ მიწაზე საკუთრებითი უფლებები მოეპოვებინათ, ამისთვის მათ დიდ მანძილებზე გადაადგილება, შიმშილისა და გაჭირვების მოთმენა უწევდათ. ამით აიხსნება ის მრავალრიცხოვანი წარუმატებლობები, რომლებიც მიწების ათვისებას ახლდა თან.

რბოლა, რომელიც 1893 წელს ოკლაჰომის შტატის მიწებზე საკუთრების მოსაპოვებლად გაიმართა, გვაძლევს ყველაზე სახასიათო მაგალითს იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც მიწაზე საკუთრებითი უფლებების გაცემას სახელმწიფო ცდილობს. 16 სექტემბრის დილას, როდესაც ჩიროკის დაბლობი მიწის დასაკუთრების მსურველებისთვის უნდა გახსნილიყო, 100000-დან 150000-მდე ადამიანი ელოდებოდა, რომ მიწისთვის რბოლაში მიეღო მონაწილეობა. ყოველ 600 ნაბიჟზე შეიარაღებული ჯარისკაცი იყო გამწკრივებული, რომ ,,სრულსწრაფებისთვის“ საგანგებო ნიშნის მიცემამდე გამგზავრება დაეშალათ. როდესაც სათანადო ნიშანი გაიცა, ბედლამის4 მსგავსი საგიჟეთი დაიწყო: ცხენები ფეხებს იმტვრევდნენ, დროგები ყირავდებოდნენ და მათი შიგთავსი პრერიაში იფანტებოდა. ხოლო ადამიანები, რომლებიც გზას ფეხით დაადგნენ, ცხენებმა და დროგებმა გადათელეს.

ასეთ რბოლები ისევ განმეორდება, თუკი ხელისუფლება ღირებული საკუთრებითი უფლებების გაჩუქებას შეეცდება. როდესაც სახელმწიფო მიწებზე ნავთობისა ან სხვა წიაღისეულის მოპოვების შესაძლებლობა ჩნდება, კომპანიები თავიანთი უფლებების დამკვიდრებას საძიებო სამუშაოების წარმოების გზით ესწრაფვიან.

1930 წელს, როდესაც ამერიკის შერთებული შტატების ხელისუფლებამ რადიო სიხშირეების განაწილება სცადა, ადამიანები შესაბამის სიხშირეებზე მაუწყებლობის წამოწყებაში პირველობისთვის რბოლაში ჩაებნენ და ამრიგად, სათანადო ლიცენზიებზე უფლებები წამოაყენეს. ასეთი აღტკინებას განაპირობებდა ის გარემოება, რომ სიხშირეები განსაზღვრული ვადით ნაწილდებოდა და ეყრდნობოდა წესს – ,,პირველი მივიდა, პირველმა ისარგებლა”. შესაბამისად, სიხშირეების ფლობის საჭიროების გააზრება მხოლოდ ზედაპირულად ხდებოდა (ქოუზი, 1962, 40).

ალასკაში, სადაც თევზჭერა მხოლოდ რამოდენიმე დღით არის ნებადართული, მეთევზეები ყიდულობენ დიდ, მძლავრ გემებს, რათა თევზჭერისთვის საუკეთესო ადგილებამდე სხვებზე ადრე მიაღწიონ და მათთვის გამოყოფილ მოკლე დროში, რაც შეიძლება მეტი თევზი დაიჭირონ.

უფრო მეტიც, თუკი კონკურენცია ხელისუფლების მიერ გაჩუქებული ღირებული რესურსებისთვის რბოლის სახეს არ იღებს, ის მაინც ახალისებს ძალისხმევას, რომელიც ხელისუფლების მიერ საკუთრებითი უფლებების განაწილების წესზე ზემოქმედებისკენ არის მიმართული. ტექნიკური ტერმინი, რომლითაც ეკონომისტები საკუთრებითი უფლებებისთვის პოლიტიკურ კონკურენციას აღწერენ ,,რენტის ძიებაა“, სადაც რენტა იმ აქტივის ღირებულებაა, რომლის მოსახვეჭადაც პოლიტიკურ ასპარეზზე იბრძვიან.

მაგალითად, როდესაც ფედერალური სააგენტო სახელმწიფო მიწების გამოყენების უფლებას განაწილებას ცდილობს, რენტა, რომელიც ამ მიწების განაწილებიდან მიიღება, იმ ინტერესჯგუფებიდან იკრიბება, რომლებიც განაწილებაზე ზემოქმედებას ცდილობენ. იელოუსთოუნის ეროვნულ პარკში ციგურებიანი თოვლმავლის დაშვების საკითხი, სწორედ ამის მაგალითია. ცხადია, თოვლმავლების მეპატრონეებს სურთ, რომ პარკში საკუთარი მანქანების გამოიყენების უფლება შეინარჩუნონ და ამ ბრძოლაში მათ გვერდით თოვლმავლების მწარმოებლები დგანან. მეორე მხრიდან არიან ბუნების მოყვარულები, რომლებსაც სიამოვნების მიღების მიზნით პარკში სიმშვიდისა და სიწყნარის დაიცვა უნდათ.

ორივე მხარე დროსა და ფულს ხარჯავს, რომ შესაბამისი უწყებები და კონგრესი მათი საჩივრების უპირატესობაში დაარწმუნონ.

ზონირება და მშენებლობების რეგულირება წარმოადგენენ მაგალითებს იმისა, თუ როგორ შეიძლება, რომ პოლიტიკურმა ვითარებებმა საკუთრებითი უფლებები შელახონ.

მესაკუთრე, რომელიც საკუთარი ქონების სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებაში იზღუდება, შედეგად, ამ ქონების ღირებულების შემცირების ფაქტის წინაშე აღმოჩნდება და ზონირებისგან თავდასაცავად იბრძოლებს. მაგრამ მისი მეზობელი, რომლის საკუთრებაც ზონირების შედეგად გაძვირდება, ზონირების შენარჩუნებას შეეცდება. საკუთრებითი უფლებებისთვის კონკურენცია ,,რბოლებისგან” ცოტათი თუ განსხვავდება; ზონირების შესახებ მიმდინარე განხილვებში მხარეები ერთმანეთს საკუთარი მიდგომების დამკვიდრებაში ეცილებიან.

მოხერხებული პოლიტიკოსები რენტის ძიებისკენ მიმართული ძალისხმევის მათთვის სასარგებლოდ შემობრუნებას შეეცდებიან. კორუფცია ამის ერთ-ერთი გზაა, თუმცა ის შეერთებულ შტატებში მიღებული არ არის. თუმცა, საარჩევნო კამპანიებისთვის გაღებული შემოწირულობები და სხვა ლობისტური ხრიკები ამის ლეგიტიმურ ალტერნატივას წარმოადგენენ.

ხალხს, რომელსაც სურს, რომ პოლიტიკურად განაწილებული „ნაზუქის“ მეტი წილი მიიღოს, ან უკვე მიღებული წილი დაკარგვისგან დაიცვან, გარკვეული სტიმული აქვს, რომ პოლიტიკოსებზე გავლენა მოახდინონ, მათი საარჩევნო კამპანიების სასარგებლოდ შეწირულობების გაკეთების გზით. ასეთი გზით პოლიტიკოსებს ფულის შოვნა ,,არაფრისგან“ შეუძლიათ (მაკჩესნი 1997). რამდენადაც პოლიტიკური პროცესის შედეგად საკუთრებითი უფლებები გაიცემა და გადანაწილდება, საარჩევნო კამპანიების ფინანსირების რეფორმას ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ნამდვილი წარმატებები მოყვეს.

ჩამორთმევის ძალაუფლება

ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რასაც ხელისუფლების მიერ საკუთრებითი უფლებების უზრუნველყოფა წარმოშობს, სავარაუდოდ, ხელისუფლების მიერ საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობაში მდგომარეობს. შესაბამისად, ხელისუფლების ჩამოყალიბების მთავარი სირთულე ძალაუფლების იმგვარ შებოჭვაში მდგომარეობს, რომ მისი მეშვეობით საკუთრების დაცვა, სათანადო უფლებების ერთი ადამიანის ან ჟგუფისგან სხვებზე გადანაწილების გარეშე განხორციელდეს.

ჩამორთმევა სამხედრო ძალის გამოყენებით

მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში ინდიელთა მიწების თეთრკანიანებისთვის გადაცემა, ნათელყოფს თუ როგორ იქნა გამოყენებული ხელისუფლების უხეში ძალა საკუთრებითი უფლებების გადასაცემად (ანდერსონი და მაკჩესნი 1994). მანამდე, გავრცელებული შეხედულებების საწინააღმდეგოდ, ინდიელებსა და თეთრკანიანებს შორის მიწებთან დაკავშირებული საკითხები უფრო მეტად სავაჭრო გარიგებებით გვარდებოდა, ვიდრე ურთიერთძალადობით. შეერთებული შტატების აღმოსავლეთ მესამედ ნაწილში, ინდიელებს შედარებით კარგად ჰქონდათ განაწილებული მიწები ოჯახებსა და კლანებს შორის, რომელთა საკუთრებითი უფლებები მიწებზე, რომლებსაც ამუშავებდნენ დაცული იყო. პოლიტიკურ წონასწორობისა და ძალის ზომიერ გამოყენებასთან ერთად, ასეთი მდგომარეობა ჯამში ვაჭრობისთვის კარგ პირობებს ქმნიდა.

მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში, როდესაც ახალმოსახლეთა ტალღამ დასავლეთს მიაშურა, შექმნილმა პირობებმა საკუთრების მიტაცება წაახალისა.

უპირველეს ყოვლისა ამას იწვევდა ის, რომ დაბლობებში მცხოვრები მომთაბარე ტომების უფლებები მიწასთან დაკავშირებით ნაკლებად იყო ჩამოყალიბებული და დაცული, ხოლო იმ პიროვნებებისა და ოჯახების რიცხვი, რომლებიც მიწებს ფლობდნენ, შედარებით მცირე იყო. იმის გამო, რომ ინდიელები ბიზონების ჯოგების გადაადგილებაზე იყვნენ დამოკიდებული, მიწაზე კერძო პირების საკუთრებას აზრი თითქმის არ ჰქონდა.

მეორე გარემოება მექსიკა-ამერიკის ომის დროს, შეერთებული შტატების მიერ 1848 წელს მუდმივი ჯარის შექმნასთან იყო დაკავშირებული, რამაც ქონების ხელყოფის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაზარდა. განსაკუთრებით სამოქალაქო ომის შემდეგ, როდესაც უამრავი ჯარისკაცი უქმად დარჩა. შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, საკუთრებითი უფლებების ხელყოფის დანახარჟი მკვეთრად შემცირდა და მიწაზე საკუთრებითი უფლებებისთვის დაპირისპირებების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, იმის კვალდაკვალ, რაც ინდიელთა მიმართ ამერიკულ პოლიტიკაში ვაჭრობა მიტაცებამ ჩაანაცვლა.

თანამედროვე მსოფლიოში, საკუთრების ხელყოფის პოტენციალი კვლავ არღვევს ქონებრივ უფლებებს. ეს წინააღმდეგობა ზიმბაბვეში ნათლად ჩანს, სადაც რობერტ მუგაბეს ხელისუფლებამ 1990 წლების ბოლოს მიწის რეფორმის პროგრამა დაიწყო, რომელიც მიწაზე საკუთრებითი უფლებების შავკანიან მოსახლეობაზე იძულებით გადანაწილებას გულისხმობდა. შავკანიან მოქალაქეებს კერძო საკუთრებაში არსებული მიწების თვითნებური დაკავებისა და მისაკუთრების უფლება მიეცათ.

მუგაბეს საკმარისი სამხედრო ძალა გააჩნდა, რომ თეთრკანიანი მოსახლეობა მათი მიწებიდან აეყარა, ხოლო უმაღლეს სასამართლოში საკუთარი მომხრეების მეშვეობით, ქონების ხელყოფის საკონსტიტუციო შეზღუდვებისთვის გვერდი აევლო. არ არის საკვირველი, რომ ზიმბაბვემ შედეგად სისხლისღვრა მიიღო და საკუთრებითი უფლებების გაურკვევლობამ ამ ქვეყნის მეურნეობა სრულიად გააჩანაგა. საკუთრებითი უფლებების განუსაზღვრელობით გამოწვეული მსგავსი მოვლენები განვითარებადი სამყაროს სენია, რასაც შემდეგი ფორმულირება შეიძლება მივცეთ: ,,უმრავლესობის მიერ უმცირესობისთვის ქონების ჩამორთმევის საარჩევნო უპირატესობა, როგორც ფედერალისტური ნარკვევების მე-10 ტომში ამას მედისონი გვაფრთხილებდა“ (იხ. მაკჩესნი 2003).

სახელმწიფოს განუყოფელი უფლება კერძო საკუთრების ჩამორთმევაზე ზარალის ანაზღაურებით როგორ შეგვიძლია, რომ აღმოვფხვრათ მოკერძოება და არ დავუშვათ სახელისუფლო ძალაუფლების გამოყენება საკუთრებითი უფლებების ძალადობრივი გადანაწილებისთვის? ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის შემქმნელები უმრავლესობის ტირანიასთან დაკავშირებულ წინააღმდეგობებში კარგად ერკვეოდნენ. კერძოდ, ჯეიმს მედისონი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ დემოკრატიაში, სადაც უმრავლესობა მართავს, უმცირესობების დაჯგუფებებს საფრთხე თითქმის არ ემუქრება, მაგრამ ის დემოკრატიული უმრავლესობის მიერ უმცირესობის უფლებების ხელყოფის შესაძლებლობაზე წუხდა.

რასაკვირველია, რომ მისი ეჭვები საფუძვლიანი იყო, მაგრამ დღევანდელი ყოვლისმომცველი ხელისუფლების პირობებში, ინტერესთა ჯგუფების გავლენა გადანაწილებაზე ასევე უნდა გახდეს განხილვის საგანი. ამერიკის შეერთებული შტატების მსგავს რთულ სახელმწიფო წარმონაქმნში, ამომრჩევლები მათ მიერვე დემოკრატიულად არჩეულ წარმომადგენელთა საქმიანობას თვალს სრულფასოვნად ვერ ადევნებენ. სენატორების ან კონგრესმენების მიერ მიღებულ ცალკეულ გადაწყვეტილებებზე მეთვალყურეობის დაწესება საკმაოდ ძვირია. გარდა ამისა, რამდენადაც პროგრამების უმრავლესობას სარგებელი გარკვეული ჯგუფებისთვის მოაქვს, ხოლო შესაბამისი ხარჯები მთელ მოსახლეობაზეა გადანაწილებული, თითოეულ პროგრამაზე გაწეული ხარჯის ოდენობას არავის ატყობინებენ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსებს ხელეწიფებათ, რომ უმცირესობაში მყოფ საგანგებო ინტრესების მქონე ჯგუფებს დოვლათის გადანაწილების გზით მოემსახურონ.

იმისათვის, რომ საკუთრებითი უფლებების მნიშვნელობა კარგად გავიგოთ, კერძო საკუთრების ჩამორთმევაზე სახელმწიფოს განუყოფელი უფლება განვიხილოთ, რაც კანონებით დადგენილი წესით და სათანადო ზარალის ანაზღაურების გზით, კერძო საკუთრების საზოგადოებრივი მოხმარებისთვის ჩამორთმევის შესაძლებლობას გულისხმობს. ასეთი შემთხვევების ცნობილი მაგალითებია მიწების ჩამორთმევა სკოლების, პარკების, გზების, გზატკეცილების, გვირაბების, საზოგადოებრივი შენობების, სახანძრო და საპოლიციო სადგურების ასაშენებლად. მოვლენის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლებას შეუძლია საკუთრება ძალის გამოყენებით ჩამოართვას მეპატრონეს მაშინაც კი, როდესაც მას გაყიდვა არ სურს.

როდესაც ხელისუფლებას მიწის ხელში ჩაგდება სურს, ის ისევ როგორც ნებისმიერი სხვა მხარე, თავისუფალ ბაზარს მიმართავს. მაგრამ გამყიდველებმა შეიძლება საბაზროზე მაღალი საფასური მოითხოვონ და დაემუქრონ, რომ საკუთრებას არ დათმობენ. ვთქვათ, ხელისუფლებას გზატკეცილის ასაშენებლად მიწის შეძენა სურს. თუ ჩაფიქრებულმა გზატკეცილმა მრავალი მესაკუთრის მიწა უნდა გადაკვეთოს, ყოველ მათგანს კუთვნილი მიწის გაყიდვაზე უარის თქმა შეუძლია, თუკი საბაზარო ღირებულებაზე მაღალ საფასურს არ გადაუხდიან. სწორედ ამ სახის დაუმორჩილებლობა წარმოშობს კერძო საკუთრების ჩამორთმევაზე სახელმწიფოს განუყოფელი უფლების გამოყენების საფუძველს (იხ. ეპშთეინი 2003).

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მეხუთე შესწორების მიუხედავად, რომელიც ჩამორთმევის პირობებს განსაზღვრავს, კერძო საკუთრების ჩამორთმევაზე სახელმწიფოს განუყოფელი უფლების ბოროტად გამოყენება მაინც შესაძლებელია, რადგან საზოგადოებრივი მოხმარება საკმაოდ ბუნდოვანი ცნებაა. სასამართლოების მიერ ცნება “საზოგადოებრივი მოხმარება“ მრავალგვარად განიმარტება. იმისთვის, რომ გეგმა საზოგადოებრივი მოხმარების საგნად იქნეს მიჩნეული, საჭირო არ არის მისი საჯაროობა. ამის ნაცვლად, მას მხოლოდ საზოგადოებრივი სარგებელი მოეთხოვება. დავუშვათ, მაგალითად, რომ ქალაქის თვითმმართველობა საკუთარ ,,ემინენთ დომეინის“ (ხელისუფლბის სუვერენული უფლება ქონების კონფისკაციაზე – რედ. შენიშვნა) ძალაუფლებას იყენებს, რომ განვითარების სახელით საკუთრება ერთი სახის წარმოებას ჩამოართვას და სხვას გადასცეს. არის ეს კანონიერი და საზოგადოებრივად სასარგებლო ნაბიჯი, თუ უბრალოდ, საკუთრების ერთი მესაკუთრიდან მეორეზე გადაცემა?

უამრავი ასეთი მაგალითი თავმოყრილია ,,ციხე-დარბაზთა კავშირის“ (www.castlecoalition.org) მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც ,,სახელისუფლებო ყაჩაღობა: კერძო საკუთრების ჩამორთმევაზე სახელმწიფოს განუყოფელი უფლების 10 ყველაზე ხშირი ბოროტად გამოყენების შემთხვევა, 1998-2002” ეწოდება. საბუთები ქონექთიქუთის შტატის ქალაქ ნიუ ლანდენის მაგალითსაც მოიცავენ, სადაც კერძო განვითარების ორგანიზაციამ, კერძო საკუთრების ჩამორთმევაზე სახელმწიფოს განუყოფელი უფლებების საფუძველზე სახელისუფლებო ძალის გამოყენებით, ოცამდე მესაკუთრე, მათ შორის 82 წლის ქალი გაასახლა და ავტოსადგომი ააშენა. ქანზასის შტატი ქალაქ მარუმში, ქალაქის თვითმმართველობამ მანქანების ერთი დილერის საკუთრება მეორე დილერს გადასცა, ამ უკანასკნელის საქმიანობის გაფართოვების მიზნით. რივერა ბიჩის საქალაქო თვითმმართველობამ, ფლორიდის შტატში, კერძო საკუთრების ჩამორთმევაზე სახელმწიფოს განუყოფელი უფლების მთელი გავლენა 5000-მდე მოსახლის წინააღმდეგ იმისათვის გამოიყენა, რომ ხელი სავაჭრო და საწარმოო დაწესებულებების განვითარებისთვის შეეწყო.

უფრო ,,ბრწყინვალე” დასასრული კალიფორნიის შტატის ქალაქ ლანქასთერში მომხდარ ამბავს ახლდა. ,,ქოსთქოს” მაღაზიისთვის გაფართოების საშუალების მიცემის მიზნით, ქალაქის საბჭომ მაღაზია ,,მხოლოდ 99 ცენტის” მიერ სავაჭრო ცენტრში დაკავებული ფართის ჩამორთმევას მისცა ხმა. სავაჭრო ცნტრში ,,ქოსთქო ვჰოლსეილ ქორფორეიშნმა”5 საქმიანობა ერთი დეკადით უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ,,მხოლოდ 99 ცენტმა“, რომელიც მხოლოდ 1998 წელს გაიხსნა. „მხოლოდ 99 ცენტის“ გახსნისთანავე, ,,ქოსთქომ“ ქალაქის საბჭოს აცნობა, რომ მას გაფართოვების მიზნით ,,მხოლოდ 99 ცენტის“ მიერ სავაჭრო ცენტრში დაკავებული ფართი სჭირდებოდა და თუ არ მიიღებდა, მაშინ ქალაქს დატოვებდა. 2000 წლის ივნისში, ქალაქის მესვეურებმა მხარი ,,მხოლოდ 99 ცენტისთვის“ სავაჭრო ფართის ჩამოართმევას დაუჭირეს. ,,მხოლოდ 99 ცენტის“ მფლობელებმა იჩივლეს იმ მოტივით, რომ ქალაქის საბჭომ მეხუთე ცვლილებით განსაზღვრული მათი უფლება დაარღვია. მათ ეს საქმე მას შემდეგ მოიგეს, რაც აშშ საოლქო სასამართლოს მოსამართლე სთივენ ვ. უილსონმა ნებისმიერი სამომავლო ცდა აღკვეთა, რომ ,,მხოლოდ 99 ცენტს“ სავაჭრო ფართი კერძო მიზნებისთვის ჩამორთმეოდა; დადგენილებაში მოსამართლე წერდა: ,,ამ საქმის განხილვიდან ცხადი გახდა, რომ ლანქასთერის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილება სხვა არაფერი იყო, თუ არა ერთი კერძო პირის ქონების მეორისთვის გადაცემის სრულიად აშკარა მცდელობა. ასეთი მოქმედება, რამდენადაც ის ერთმნიშვნელოვნად კერძო მიზნებს ემსახურება, არაკონსტიტუციურ ჩამორთმევას მოიცავს.“ ამ შემთხვევაში საკუთრებითი უფლებების გადაცემა შეჩერდა, მაგრამ ,,მხოლოდ 99 ცენტისთვის“ ამას უდანახარჯოდ არ ჩაუვლია.

საკუთრების ჩამორთმევის გარეშედაც კი, ქონების ღირებულებას თვით რეგულირების შესაძლებლობაც ამცირებს. მაშ შემდეგ, რაც თაჰოს რეგიონულმა საგეგმო უწყებამ (შემდგომში თრსუ) ე.წ. ზონირების წესები დააწესა, რითიც ბერნარდინ სუითუმის მიერ საკუთარ მიწაზე მშენებლობა შეაფერხა, თაჰოში ძვირადღირებული ქონების ფასი დაეცა. ქალბატონ სუითუმს უზენაეს სასამართლომდე უდიდესი გზის გავლა მოუწია, რომ საგეგმო უწყებისთვის დავა მოეგო. თრსუ-მა კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის ანაზღაურებისთვის გვერდის ავლა ქ-ნ სუითუმისთვის ,,განვითარების გარდამავალი უფლებების“ შეთავაზებით სცადა, რადგან ვარაუდობდა, რომ ის მათ მესამე პირებზე საბაზრო ფასად გაყიდდა. ქ-ნ სუითუმს ამ რთულ ურთიერთობებში ჩაბმა არ სურდა; უფრო ზუსტად, მას საჭიროდ მიაჩნდა, რომ თრსუ-ს საკუთარი ვალდებულებები პატიოსნად აღესრულებინა და მისთვის, მოთხოვნის შესაბამისად, ზარალი აენაზღაურებინა. ,,ქ-ნ სუითუმი – თაჰუს რეგიონული საგეგმო უწყების წინააღმდეგ, 520 USA 725 (1997)“ საქმის ექვს წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, აშშ უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქ-ნ სუითუმს სასამართლოში მოსმენის და საკუთრების ჩამორთმევით მიყენებული ზარალის სრული ანაზღაურების უფლება ჰქონდა. მართალია სასამართლომ ქ-ნ სუითუმის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ამ შემთხვევამ ისინიც გამოაფხიზლა, ვინც თავს ხელშეუხებლად მიიჩნევდა.

რიჩარდ ეპშტეინი (2003) სახელისუფლებო მიწებს შორის მოქცეული კერძო მიწების ჩამორთმევის შესაძლებლობას იკვლევს. მფლობელებმა შეიძლება ადვილად დაკარგონ მათი საკუთრების ღირებულების ნაწილი, თუკი სახელისუფლებო უწყება, რომელიც გარშემო არსებულ მიწებს ზედამხედველობს, გზებს გადაკეტავს. ასეთი ხელყოფისგან თავდაცვის გარკვეულ საშუალებას სხვისი მიწის დროებით და განსაზღვრული სახით გამოყენების უფლება იძლევა, მაგრამ პოლიტიკური უკუღმართობების შედეგად, ასეთი უფლებები შეიძლება ,,ორ მეომარ ტომს შორის არასრული შეთანხმებით” დამთავრდეს (ეფშთეინი, 2003). კერძო მფლობელის მიერ მთავრობის საკუთრებაში არსებული ტალახიანი გზის გამოყენების უფლება, ბევრ ძირეულ კითხვას წარმოშობს. მაგალითად, თუ როგორი ტიპის ავტომობილები შეიძლება დაიშვას ამ გზაზე სამოძრაოდ, ან შეიძლება თუ არა, რომ მფლობელმა გზა შეაკეთოს, და თუ შეუძლია, როგორი სახელისუფლებო მეთვალურეობის ქვეშ. როგორც გარშემო მიწების მესაკუთრეს, ხელისუფლებას შეუძლია, რომ მფლობელის საკუთრების ღირებულების ნაწილი მიითვისოს.

მფლობელის უფლებების არასაიმედოობა ხელისუფლების მიერ მიწის მესაკუთრეობიდან მომდინარე საფრთხეებს გვაჩვენებს. საკუთრებასთან დაკავშირებული ასეთი ვითარება ბევრჟერ აღინიშნა დასავლეთის შტატებში, სადაც მრავალი კერძო სამფლობელოა სახელისუფლებო მიწებს შორის მოქცეული და სადაც დამატებითი მიწების შეძენის მიზნით, ხელისუფლებაზე ზეწოლას ბევრი ბუნებისდამცველი ჯგუფი ახდენს. როდესაც შეძენები იზრდება, საჯარო და კერძო მესაკუთრეების დაპირისპირება იზრდება, ისევე როგორც იმის ალბათობა, რომ ეს ძალადობა დაჯგუფებების იმგვარი ტირანიით დამთავრდება, რომელიც მედისონს აფრთხობდა.

ზარალის სამართლიანი ანაზღაურების დადგენის სირთულე, რაც მიწების არაერთგვაროვნებით არის გამოწვეული, ჩამორთმევის საკითხს კიდევ უფრო ართულებს. ზარალის ანაზღაურების მიზანი მესაკუთრის ,,იმგვარად უზრუნველყოფაა, რომ თითქოს მისი ქონება ჩამორთმეული არც იყო” (ოლსენი შეერთებული შტატების წინააღმდეგ 292 US 264, 1934). თუ კერძო საკუთრების ჩამორთმევაზე სახელმწიფოს განუყოფელი უფლების შემადგენელი წესები სწორად მოქმედებენ, კერძო მესაკუთრის ზარალის საზღაური მის მიერ მიწის ფლობის სურვილს აწონასწორებს. იმ კანონის განმარტებები კი, რომლებიც ჩამორთმევის პირობებს ადგენენ, ამ ძირეულ კანონზომიერებას უგულვებელყოფენ, რადგან ხელისუფლების მიერ მიყენებული ზარალის სრულფასოვან ანაზღაურებაზე უარს ამბობენ. ეფშთეინის (2003) მიხედვით ,,ამას განაწილების მნიშვნელოვან დარღვევებამდე მივყავართ: ხელისუფლების ქმედებებით გამოწვეული დაბალი ფასები ჩამორთმევების რიცხვს ზრდის, რაც თავისი მხრივ ხელისუფლების საჭიროზე მეტად გაფართოებას იწვევს და შედეგად, საზოგადოებრივსა და კერძო ზედამხედველობას შორის წონასწორობას არღვევს.”

დასკვნა

კერძო საკუთრებითი უფლებების განსაზღვრისა და მათი უზრუნველყოფისთვის ხელისუფლებას დადებითი როლის შეასრულება შეუძლია. მას, საკუთრებითი უფლებების უზრუნველყობისთვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის დაცვა, სათანადო ხარჯების შემცირება და ,,უფასო მგზავრობის” აღმოფხვრა ძალუძს. ხოლო ყოველივე ამის აღსრულება ხელისუფლებისგან ძალის გამოიყენებას მოითხოვს, რაც ,,ორლესური მახვილივით“ მოქმედებს.

იგივე ძალაუფლება, რომელიც კერძო საკუთრებას იცავს, შესაძლებელია მის ჩამოსართმევადაც იქნეს გამოყენებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს საზოგადოების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სახელით კეთდება. როგორც მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის შესავალში (ფრეიზერის ინსტიტუტი 1996) იქნა განმარტებული:

ხელისუფლების ძირეულ მოვალეობა კერძო საკუთრების დაცვა და ნებაყოფლობითი საქონელგაცვლებისთვის მდგრადი გარემოპირობების უზრუნველყოფა წარმოადგენს. როდესაც სახელმწიფო კერძო საკუთრებას ვერ იცავს, ქონებას სრული ანაზღაურების გარეშე ართმევს, ან ნებაყოფლობითი საქონელგაცვლებისთვის შეზღუდვებს აწესებს, ის მისივე მოქალაქეების ეკონომიკურ თავისუფლებას არღვევს.

დარღვევების შესაძლებლობა სავარაუდოდ შემცირდებოდა, ხელისუფლებას არანაირი საკუთრების შეძენის უფლება რომ არ ქონდეს, მაგრამ ეს იმ სარგებელზე უარის თქმას მოითხოვოს, რომელიც შესაძლოა სახელისუფლებო მფლობელობას მოყვეს. მაგალითი შეიძლება იყოს სამხედრო ქონება, ან საუწყებო შენობები, ისტორიული ძეგლები, რომელთაც შეიძლება მნიშვნელოვანი ღირებულება ჰქონდეთ, ისევე როგორც საზოგადოებრივი საავტომობილო გზები იმ ადგილებში, სადაც კერძო ფასიანი გზები დაუშვებელია. თუმცა, ხელისუფლების მიერ ქონების შეძენის მიზნების უფრო მკვეთრად შემოფარგვლით, აუნაზღაურებელი და არასრულად ანაზღაურებული ჩამორთმევების შესაძლებლობა სავარაუდოდ შემცირდებოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის ქონების ჩამორთმევის წესების განსაზღვრელი მუხლების უფრო მკაცრი განმარტება ხელისუფლების მიერ კერძო საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობის შეზღუდვის სხვა გზებს იძლევა. როგორც ჯეიმს მედისონმა განჭვრიტა, სასამართლო განხილვას შეუძლია ,,კანონმდებლისა და აღმასრულებლის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ შეუვალი კედელი აღმართოს“ (კონგრესის ანალები, 457, 1789). თუმცა, როგორც წლების განმავლობაში წარმოჩინდა, რომ ერთია მტკიცება, რომ სასამართლო განხილვების აღმართავს შეუვალ კედელს, ხოლო მეორე – სასამართლოს მიერ ჩამორთმევის შესახებ მუხლების მკაცრი განმარტება.

დარჩენილი კითხვა, არის ის თუ რამდენად შესაძლებელია ქონებრვი უფლებების უზრუნველყოფა ხანგრძლივი ეკონომიკური აღმასვლის ხელშეწყობისთვის. თანამედროვე მოძრაობა საკუთრებითი უფლებებისთვის განმსჭვალულია იმ რწმენით, რომ საკუთრებითი უფლებები შეერთებულ შტატებში საკანონმდებლო და საზედამხედველო მეთვალყურეობის გაიოლების სასარგებლოდაა შესუსტებული.

თუ ეს ასეა, რა პერსპექტივები არსებობს კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის აღსადგენად ადამიანის თავისუფლების, აგრეთვე კეთილდღეობისა და წინსვლის მუდმივი სრულყოფის უზრუნველსაყოფად?

_________________________

1 აშშ-ში მომქმედი სამეზობლო უსაფრთხოების პროგრამა ძარცვისადა ქურდობის თავიდან აცილების მიზნით (მთარგმნელისგან).

2 ბრიტანელი მეცნიერი (რედაქტორის შენიშვნა)

3 Lolly Scremble – ბრძოლა კარამელისთვის ინგ.

4 ბედლამი (Baldam) – ლონდონში განლაგებული წმინდა მარიამ ბეთლემელის სახელობის საგიჟეთის სახელწოდება.

5 ქოსთქოს საბითუმო კორპორაცია.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s