საკუთრებითი უფლებების პარადიგმა

Private-Property-No-Trespassing-Label

არმენ ა. ალჩიანი (1914 -)

,,კალიფორნიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის კათედრის საპატიო პროფესორი. ამერიკის ეკონომისტთა ასოციაციის გამოჩენილი წევრი. ალჩიანი ცნობილია, როგორც ,,კალიფორნიის უნივერსიტეტის” ტრადიციის მიმდვარი, რომელიც ყურადღებას ეკონომიკაში ადამიანის ინდივიდუალურ თვითდამკვიდრებასა და რაციონალობაზე ამახვილებს. ალჩიანი განსაკუთრებით ცნობილია მისი სალექციო კურსებით მაკროეკონომიკაში, რამაც მრავალ თაობაზე მოახდინა გავლენა. მის მოწაფეთა შორის ყველაზე ცნობილია უილიამ ფ. შარფი, რომელმაც 1990 წელს ფინანსებზე დაწერილი შრომისთვის ეკონომიკაში ნობელის პრემია დაიმსახურა.

ჰაროლდ დემსეცი (1930 -)

ამერიკის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის არჩეული წევრი, მონ პერელინის საზოგადოების ყოფილი დირექტორი და დასავლური ეკონომიკის ასოციაციის ინტერნაციონალის პრეზიდენტი. ის ნორთუესტერნისა და ფრანსისკო მაროკინის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორია. დამსეცის ყველაზე ცნობილი ნაშრომებია: ,,ეკონომიკის პრიმატი: სოცილურ მეცნიერებაში ეკონომიკის შედარებითი წარმატების გამოკვლევა“, ,,ფირმის ეკონომიკა: შვიდი კრიტიკული კომენტარი“.

(გამოქვეყნდა 1973 წელს)

შესავალი

ეკონომიკურ სახელმძღვანელოებში მუდმივად იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ არჩევანზე საუბრობენ, რაც ყველა საზოგადოებამ შემდეგ სამ კითხვაზე პასუხის გაცემით უნდა გააკეთოს: რა საქონელი უნდა იწარმოოს? როგორ უნდა იწარმოოს? ვინ უნდა მიიღოს ის, რაც იწარმოება? სოციალური არჩევანის პრობლემების ასეთი სახით ჩამოყალიბებას შეცდომაში შევყავართ. სხვადასხვა ეკონომიკური წეს-წყობილება ამ კითხვებზე განსხვავებულ პასუხებს სცემს, მაგრამ უაღრესად ცენტრალიზებულ საზოგადოებებსაც კი, ამ შეკითხვებზე წინასწარი და დეტალური პასუხი არ გააჩნიათ და ვერც ექნებათ. ალბათ უფრო ხელსაყრელი და ჭეშმარიტებასთან ახლოს იქნებოდა, რომ სოციალური სისტემა იმის მიხედვით განგვეხილა, თუ რა ხერხებით, წესებით და მეთოდებით აგვარებს იგი იმ წინააღმდეგობებს, რომლებიც მწირი რესურსების სარგებლობასთან დაკავშირებით წარმოიშვება, ვიდრე იმის მოლოდინი, რომ ესა თუ ის საზოგადოება ზედმიწევნით ზუსტად გაგვცემს პასუხს იმაზე, თუ რომელი რესურსი რა დანიშნულებით იქნება გამოყენებული. გამომდინარე იქედან, რომ ერთი და იგივე რესურსი ერთდროულად ვერ გამოიყენება ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, წარმოქმნილი ინტერესთა კონფლიქტი, რაღაც საშუალებით უნდა გადაწყდეს. ადამინების გამოცდილება ასეთ საშუალებათა მთელ გამას სცნობს, მათ შორისაა ომები, გაფიცვები, არჩევნები, საეკლესიო მამების გადაწყვეტილებები, სასამართლო გარჩევები, სავაჭრო გარიგებები, აზარტული თამაშები და ა.შ. ყველა საზოგადოება ამ ზემოთაღნიშნული საშუალებების სხვადასხვა ნაკრებს იყენებს და სხვადასხვა სოციალურ წეს-წყობილებას შორის განსხვავება ძირითადად იმაში ვლინდება, თუ რა მეთოდებს ენიჭება უპირატესობა, რესურსების სიმწირით გამოწვეული სოციალური წინააღმდეგობების მოგვარებისას.

კაპიტალიზმის პირობებში მსგავსი დაპირისპირებების გადაწყვეტა ბაზარსა და კერძო საკუთრებით უფლებებზე დაყრდნობით ხდება. ეკონომიკური აზროვნების გაბატონებული მიმართულებების მიმდევრებმა, იდეალიზირებული კაპიტალიზმის ეს მახასიათებელი უდავო ჭეშმარიტებად აღიარეს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა, როგორც დისციპლინა დასავლური კაპიტალიზმის კვალდაკვალ ვითარდებოდა. ამიტომ მათი უყურადღებობის გამო, კაპიტალიზმის ამ საფუძვლების შესწავლა, სამწუხაროდ მისი მემარცხენე კრიტიკოსების ერგოთ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები ყურადღების ცენტრში მოექცა და სოციალური წინააღმდეგობების კვლევისას, ამჟამად უფრო განსხვავებული მიდგომები გამოიყენება. არსებული ლიტერატურა ძირითადად სამ კითხვას წამოჭრის:

(1) როგორია საზოგადოების საკუთრებითი უფლებების სტრუქტურა დროის გარკვეულ მონაკვეთში?

(2) რა სოციალურ შედეგებს იწვევს საკუთრებითი უფლებების მოცემული სტრუქტურა?

(3) როგორ ჩამოყალიბდა საკუთრებითი უფლებების მოცემული სტრუქტურა?

ეკონომიკის ისტორიკოსებს ამ კითხვებზე პასუხის გაცემით ჩვენი უცოდინარობის აღმოფხვრაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ და ჩვენი მიზანია, რომ ამ ისტორიულ კვლევას ხელი კითხვების არსის უფრო ნათლად წარმოჩენის გზით შევუწყოთ.

უფლებების სტრუქტურა

ზოგადი საუბრების დროს, ჩვენ ხშირად ვახსენებთ, რომ მავანი მიწას, სახლს ან ფასიან ქაღალდებს ფლობს. ცხადია, ამგვარი გამოთქმა სასაუბროდ მოხერხებულია, მაგრამ მის მიღმა საკუთრებითი ურთიერთობის მთელი მრავალფეროვნება და სირთულე არ ჩანს. ის რასაც ვფლობთ, ეს რესურსებით სარგებლობის უფლებაა, რომელთა შორის ჩვენი საკუთარი სხეული და გონებაც მოიაზრება. ამასთან, ეს უფლებები ყოველთვის განსაზღვრულია, მეტწილად, გარკვეული ქმედებების აკრძალვის გზით. ,,ფლობდე მიწას“ ჩვეულებრივ ნიშნავს, გქონდეს უფლება, რომ მიწა დაამუშავო (ან არ დაამუშავო), გათხარო, ან მასზე სათანადო უფლებები გასაყიდად გაიტანო და ა.შ. მაგრამ არ იმას, რომ მიწა გამვლელს ესროლო, მდინარის კალაპოტი გადახერგო, ან ვინმეს მისი ყიდვა აიძულო. ის რასაც ვფლობთ, ეს არის უფლება სოციალურად მისაღები ქმედებებზე.

ის, თუ რაოდენ უზრუნველყოფილია უფლებების განხორციელება, შეიძლება იმის მიხედვით განისაზღვროს, თუ რამდენად გადამწყვეტია მესაკუთრის აზრი მოცემული რესურსის სარგებლობასთან დაკავშირებით. თუ ალბათობა არის ,,1“, ეს ნიშნავს, რომ მესაკუთრის არჩევანი განაპირობებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც რესურსის რეალურ სარგებლობას განსაზღვრავს. შეიძლება ითქვას, რომ მესაკუთრე მოცემულ შემთხვევაში განსაზღვრული უფლებების აბსოლუტური მფლობელია. მაგალითად, ადამიანს შესაძლოა ხიდან ვაშლების დაკრეფის აბსოლუტური უფლება გააჩნდეს, მაგრამ არ ქონდეს ხის შესხვლის უფლება.

შესაძლებელია, რომ რესურსის სხვადასხვაგვარი გამოყენების უფლება, რამოდენიმე ადამიანზე გადანაწილდეს. ერთსა და იმავე რესურსის მესაკუთრეობაზე გარკვეულ პრეტენზია შეიძლება ერთზე მეტ მხარეს გააჩნდეს. ერთ მხარეს შეიძლება მიწის დამუშავების უფლება ჰქონდეს, მეორე მხარეს კი, რომელიც შეიძლება სახელმწიფო იყოს, ამ მიწაზე გავლის ან მისი სხვა დანიშნულებით გამოყენების უფლება გააჩნდეს. ანუ საკუთრების საგანს თავად რესურსი კი არ წარმოადგენს, არამედ ამ რესურსის გამოყენების უფლებების კრებული ან მათი ნაწილი. თავისი თავდაპირველი მნიშვნელობით საკუთრება განიხილებოდა, როგორც უფლება, ამდენად რესურსები ვერ გაიგივდება საკუთრებასთან სხვაგვარად, ვიდრე უფლება ამ რესურსებზე.

რესურსის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გარკვეული პროცესის შედეგად მიიღება. გარკვეული უფლებითს სარგებლობა შეიძლება დამოკიდებული იყოს მრავალი ადამიანის თანამონაწილობაზე და მაგალითად, ხმათა უმრავლესობით იყოს მიღებული. ხმის მიცემა შეიძლება ინდივიდუალურად და ფარულადაც ხდებოდეს, მაგრამ გადაწყვეტილება მოცემულ რესურსზე უფლების გამოყენების გზების შესახებ, ხმების გარკვეული რაოდენობის საფუძველზე მიიღება.

საზოგადოებაში საკუთრებითი უფლებების სტრუქტურასთან დაკავშირებით ორი კითხვა იბადება. პირველი არკვევს, თუ საკუთრების როგორი უფლებები არსებობს. შესაძლებელია საზოგადოებაში უფლების გამოყენების ისეთი სახე არსებობდეს, რომელიც არც მანამდე არსებობდა და არც სხვა საზოგადოებებში არსებობს. მაგალითად, რადიოს განვითარების ადრეულ ეტაპზე, სამაუწყებლო სიხშირეების მოსარგებლეებს საზოგადოების სხვა წევრებისთვის იგივე სიხშირით სარგებლობის აკრძალვის უფლება არ ჰქონდათ. თითოეულ ადამიანს, სურვილის შემთხვევაში, გადაცემებისთვის ნებისმიერი სიხშირით სარგებლობა შეეძლო. გარკვეულ რადიო სიხშირეებთან დაკავშირებით ეს წესი დღესაც მოქმედებს. შეერთებულ შტატებში ჰეროინის ღია ბაზარზე გაყიდვის უფლება არ არსებობს, იმ სახით, როგორც ეს ზოგ სხვა ქვეყანაშია შესაძლებელი. გარკვეული პოლიტიკური მოძღვრებების ღია მხარდაჭერის უფლება შეერთებულ შტატებში უფრო მეტად არსებობს, ვიდრე რუსეთში. (აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური მოძღვრებების მხარდაჭერის უფლება რესურსების გამოყენების უფლებას გულისხმობს, რადგანაც შეუძლებელია ამ უფლების განხორციელება შესაფერისი ადგილისა და სხვა ხელშემწყობი პირობების გარეშე).

მეორე კითხვა იმ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომ უფლებას სხვადასხვა მესაკუთრე შეიძლება ყავდეს. შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება მესაკუთრის თვალსაზრისით სახელმწიფოსა (საზოგადოების) და კერძო მესაკუთრეობას შორისაა. სხვის მიწაზე გავლის უფლება შეიძლება კერძო, ან სახელმწიფოს საკუთრებაში იყოს, მაშინ როდესაც პირველი კატეგორიის კორესპონდენციის გაგზავნის უფლება მხოლოდ სახელმწიფოს გააჩნია. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ სოციალური სისტემების კლასიფიკაცია ცენტრალიზაციის დონის მიხედვით, მჭიდროდ უკავშირდება სახელმწიფოს მიერ საკუთრების უფლების ფლობის ექსკლუზიურობის ხარისხს.

საკითხი რესურსის სახელმწიფო ან კერძო მესაკუთრეობის შესახებ, გარკვეულ ბუნდოვანებას იწვევს, რადგანაც რესურსთან დაკავშირებული საკუთრებითი უფლებების კრებული დაყოფას ექვემდებარება. საკმაოდ ხშირად (და ასე არის კიდეც) შეიძლება ნათელი არც იყოს, თუ ვინ ფლობს მოცემულ რესურსს, კერძო მესაკუთრე თუ სახელმწიფო. რესურსის გარკვეული სახით გამოყენების უფლებები შესაძლოა სახელმწიფოს ეკუთვნოდეს, ხოლო სხვა უფლებები კერძო მფლობელობაში იყოს. მართალია, კერძო კონტროლი იზრდება, როდესაც კერძო მესაკუთრეს რესურსით სარგებლობის დამატებითი უფლებები ენიჭება, მაგრამ ის თუ როდის ხდება რესურსი კერძო, შეიძლება საკმაოდ მიკერძოებულად შეფასდეს.

სახელმწიფო და კერძო საკუთრების მიხედვით დახარისხების გარდა, კლასიფიკაცია შეიძლება კიდევ სხვა ნიშნებითაც განხორციელდეს. უფლებების სტრუქტურამ შეიძლება რესურსის გადანაწილებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.

უფლებების სტრუქტურის სოციალური შედეგები

რამდენად მნიშვნელოვანია ის, თუ რა სახის უფლებები არსებობს უფრო ნათელი საწინააღმდეგო ვითარებების შედარებისას გახდება, რომელთაგან ზოგიერთში გათვალისწინებულია, ხოლო სხვებში არ არის გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა. ჩვენ ვისარგებლებთ ტერმინით ,,საზიარო უფლებები“, რომ განვმარტოთ უფლებების კრებული, რომელიც მწირი რესურსებით გამოყენების უფლებებს გულისხმობს, მაგრამ არ ითვალისწინებს ,,იმ პირის უფლებას, რომელიც არ არის წარმოდგენილი“ და რომელსაც ამ რესურსის გამოყენებისგან სხვა ადამიანების ჩამოშორება არ შეუძლია. ცხოვრებაში ეს ნიშნავს, რომ მოცემული მწირი რესურსით სარგებლობის უფლება დადგენილია “პირველი მიხვედი, პირველმა ისარგებლე“ პრინციპით და მოქმედებს მანამდე, სანამ პიროვნება ამ რესურსით სარგებლობას აგრძელებს.

,,საზოგადოებრივი“ ქუჩით ან საქალაქო ტროტუარით სარგებლობა ყველასთვის ხელმისაწვდომია. ხშირად, მიწათმოქმედება ან მონადირეობაც უფლებათა ამ რიგს მიეკუთვნება. ხშირად საზიარო მესაკუთრეობა ტექნიკურად სახელმწიფო მესაკუთრეობასთანაა გაიგივებული, როგორც მაგალითად, საზოგადოებრივი პარკების შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს საკმარისი ტექნიკური საშუალებები აქვს, რომ ადამიანის მიერ ამგვარი საკუთრებით სარგებლობა არ დაუშვას. თუ სახელმწიფო, როგორც ერთადერთი ძალისმიერი ინსტიტუტი, ხშირად იყენებს ამ უფლებას, მაშინ საკუთრებითი უფლებები სახელმწიფოსმესაკუთრეობასთან იგივდება. მაგრამ თუ არდაშვების უფლება სახელმწიფოს მიერ იშვიათად გამოიყენება, როგორც ეს საზოგადოებრივი პარკების ან გზებისა და ქუჩების შემთხვევაშია, მაშინ მომხმარებლები ამ რესურსს უბრალოდ საზოგადოებრივ რესურსად აღიქვამენ. საზიარო უფლებები გულისხმობს, რომ რესურსით სარგებლობის შესახებ სამუშაო შეთანხმებას იმგვარი სახე აქვს, რომ არც სახელმწიფოს და არც ცალკეულ მოქალაქეებს არა აქვთ უფლება სხვებს ამ რესურსით სარგებლობა შეუზღუდონ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მავანი მას უკვე იყენებდა და კვლავ იყენებს. მძღოლი, რომელიც საზოგადოებრივ გზაზე პირველი მგზავრობს, ამ გზით სარგებლობს მანამდე, სანამდე ესაჭიროება. მომდევნო მძღოლს გზით სარგებლობა ასევე შეუძლია, მაგრამ პირველი მძღოლის შეზღუდვა ან მისი გზიდან ჩამოშორება – არა.

საზიარო უფლებასთან დაკავშირებული სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ის არ იძლევა ცალკეული ადამიანების მიერ რესურსის გამოყენების ზუსტი დანახარჯების დათვლის საშუალებას. ის ადამიანები, რომლებიც საზიარო უფლებით სარგებლობენ, როგორც წესი ამ უფლებას იმგვარად იყენებენ, რომ საკუთარი ქმედებების ყველა შესაძლო შედეგს არც კი ითვალისწინებენ. მაგალითად, იშვიათ ცხოველებზე განურჩეველმა ნადირობამ მათი სრული გადაშენება შეიძლება გამოიწვიოს. ეს გარემოება მხოლოდ მაშინ იქნება გათვალისწინებული, როდესაც ამ ცხოველების რაოდენობის შენარჩუნებით ვინმე დაინტერესდება. ეს ინტერესი კი მაშინ იარსებებს, როდესაც ვინმეს მნიშვნელოვანი სარგებელი ექნება იმისგან, რომ ამ ცხოველების არსებული რაოდენობა შენარჩუნდება ან გაიზრდება და ამის გამო ნადირობას შეზღუდავს. საზოგადოებრივი უფლებების სისტემაში იხეირებს არა ის ვინც ნადირობისგან თავს შეიკავებს, არამედ ის, ვინც ნადირობის საზიარო უფლებით სარგებლობას აგრძელებს. შესაბამისად, ყოველ ადამიანი მიდრეკილი იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი ინადიროს, ხოლო შედეგად ცხოველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

ხშირად, საზიარო უფლებებით სარგებლობა ადამიანს ისეთი საქციელისკენ უბიძგებს, რომელიც უზნეოდ ითვლება. 1970 წელს გაზეთებში დაიბეჭდა ცნობა იმის თაობაზე, რომ პრინც ედუარდის კუნძულისა და წმინდა ლოურენსის ყურის მახლობლად მოცურავე ყინულებზე ყოველწლიურად ბარბაროსულად ანადგურებდნენ ჩვილ სელაპებს. კანადის მთავრობა მხოლოდ 50,000 სელაპის რეწვის უფლებას გასცემდა. შესაბამისად, მონადირეები ცდილობდნენ, რომ კანონით დადგენილი რაოდენობის სელაპი, სხვებზე სწრაფად მოენადირებინათ. ისინი მოტივტივე ყინულის ლოდებს შეესეოდნენ ხოლმე და ჩვილ სელაპებს თავში ხელკეტის დარტყმით კლავდნენ. კანადის მთავრობა ბევრ საჩივარს იღებდა იმის თაობაზე, რომ ცხოველებს ბარბაროსულად კლავდნენ და ხშირად ცოცხლადაც კი ატყავებდნენ. თევზის რეწვის მინისტრმა მეთევზეები გააფრთხილა, რომ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად სელაპებზე ნადირობას აკრძალავდნენ თუკი ისინი უფრო ჰუმანურ მეთოდებს არ გამოიყენებდნენ. ნათელია, რომ ის რაც ხდებოდა, მხოლოდ მონადირეებისა და მეთევზეების ბრალი არ იყო. მათ ქმედებას სელაპებზე ნადირობის ის წესი განაპირობებდა, რომელიც პირველი 50,000 სელაპის რეწვის საზიარო უფლებას იძლეოდა. პირველი 50,000 სელაპის რეწვის უფლება უფასოდ ეძლეოდა იმას, ვინც ამას პირველი მოახერხებდა, ,,პირველი მიხვედი, პირველმა ისარგებლე“ პრინციპით. ეს იყო ქვოტების სისტემა, რომელიც ცხოველებზე უმოწყალო ნადირობას უწყობდა ხელს და წარმატების მისაღწევად მონადირეებს დაუნდობელი ხერხების გამოყენებისკენ უბიძგებდა.

საზიარო უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ უფრო ნათელი გახდება, თუ გარემოს დაბინძურების მიზეზებს განვიხილავთ. გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფომ მოქალაქეებს წყლის რესურსების, ტბებისა და წყალსაცავების იმგვარი მოხმარებისკენ უბიძგა, თითქოს საქმე უფასო დოვლათს ეხებოდეს, ანუ გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფომ ამ რესურსებით სარგებლობის საზიარო უფლების გამოყენებისგან პიროვნებების შეკავება ვერ შესძლო, ამ რესურსების უმრავლესობა ჭარბად გამოიყენებოდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ დაბინძურების ხარისხი მათ ნაყოფიერად გამოყენებას აფერხებს.

უფლებების იმგვარი შეზღუდვა, რომელიც საბაზრო ფასებით ვაჭრობას კრძალავს, ასევე ახდენს გავლენას რესურსების გადანაწილებაზე. ადამიანებს განსხვავებული და მრავალფეროვანი მიზნები აქვთ. თუ ფასებზე დაწესებული შეზღუდვები მესაკუთრეებს საკუთარი მოთხოვნილებების სრულყოფილად დაკმაყოფილების საშუალებას არ აძლევთ, მაშინ ისინი სასურველი მოგების მისაღებად სხვა გზას ირჩევენ. მაგალითად, ბინის ქირის ოდენობაზე მკაცრი სახელისუფლო შეზღუდვების დაწესება, ბინათმფლობელებს უბიძგებს, რომ ბინები უშვილო ადამიანებს მიაქირავონ, რადგან ასეთ შემთხვევაში საცხოვრებელი ფართის დაზიანების ნაკლები ალბათობაა. ბინის ქირის მკაცრი შეზღუდვა იმის აუცილებლობასაც აჩენს, რომ დამქირავებელი ბინათმფლობელის პირადი კეთილგანწყობით სარგებლობდეს. ჩიკაგოს ერთ-ერთ გაზეთში იმ განცხადებების პროცენტული რაოდენობა, სადაც მითითებული იყო, რომ ბინა მხოლოდ გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მაგალითად ავეჯის შეძენის პირობით იქნებოდა გაქირავებული, 10%-დან 90%-მდე გაიზარდა, მას შემდეგ რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქირის ოდენობაზე დაწესებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა, დაქირავების მსურველთა რიგები წარმოქმნა, ხოლო გაქირავების მსურველთა რიცხვი შეამცირა. საბაზრო ფასად ვაჭრობისა და გაქირავების უფლების შეზღუდვამ, ადვილად შესაძლებელია, რომ უპირატესობა გარკვეული რასისა ან პირადი თვისებების ადამიანებს მიანიჭოს.

რესურსების გადანაწილება იმ პირობებში, როცა მათზე ხელი ნებისმიერ მსურველს მიუწვდება და საბაზრო ფასებით ვაჭრობა შეუძლებელია, საკუთრებითი უფლებების კრებულში სათანადო ცვლილებების გამო, გარიგებების ღირებულებას ზრდის. კანონები, რომლებიც ფასებს აწესებენ, რესურსების გადანაწილების ღირებულებას, საფასო მექანიზმებით დაგენილთან შედარებით მკვეთრად ზრდიან და შესაბამისად, გარიგების მხარეებს განაწილების არასაფასო საშუალებების ძიებას აიძულებენ. ყოველივე ეს ერთობ თვალსაჩინოა, მაგრამ ხშირად ასეთივე ნათელი სულაც არ არის ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს გარიგების ღირებულებას მაშინ, როდესაც რესურსით სარგებლობის უფლებები შეუზღუდავია.

მოდით გარკვეულ საათებში გზატკეცილებით სარგებლობისას წარმოქმნილი საავტომობილო საცობების პრობლემა განვიხილოთ. პიკის საათებში მძღოლებისთვის გზატკეცილებით სარგებლობის აკრძალვის უფლება არავის აქვს. გზატკეცილებით სარგებლობის უფლება საზიარო უფლებაა. მაგრამ მძღოლებს, რომლებსაც უნდათ, რომ ეს გზები ნაკლებად დატვირთული იყოს, კანონით არ ეკრძალებათ სხვა მძღოლებისთვის ფულის გადახდა იმის სანაცვლოდ, რომ მათ სხვა გზებით ისარგებლონ. თუმცა, საზიარო უფლებების სისტემა ხელს უწყობს იმას, რომ მძღოლები ამ საფასურის გადახდის ვალდებულების ვინმე სხვაზე გადაკისრებას შეეცდებიან, რადგანაც ყველასთვის გასაგებია, რომ მძღოლები, რომლებიც გადახდას არ მოისურვებენ, არსებული სისტემის პირობებში კვლავ შეინარჩუნებენ გზატკეცილებით სარგებლობის უფლებას. საზიარო უფლებების სისტემა ზრდის გარიგების ღირებულებას, რადგანაც ე.წ. ,,უბილეთო მგზავრის“ პრობლემას წამოჭრის. უფრო მეტიც, მაშინაც კი, როცა გაწეული ხარჟების შედეგად საცობები დროებით შემცირდება, გზატკეცილით სარგებლობის სურვილი სათანადო უფლებით აღჭურვილ სხვა მრავალ ადამიანსაც გაუჩნდება, რადგანაც ისინი აღმოაჩენენ, რომ ის წინანდებურად დატვირთული აღარ არის. შესაბამისად, გზატკეცილზე დატვირთვების შემცირება, საზიარო უფლებების სისტემაში აუცილებლად გამოიწვევს მასზე მოთხოვნის ზრდას, რადგანაც ახალ მოსარგებლეებს ამ უფლებას ვერავინ შეუზღუდავს. მაშინ ამ ახალ მძღოლებსაც უნდა გადაუხადონ, რომ მათ სხვა გზით ისარგებლონ, რის გამოც ამ გარიგების ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება. უფლებების ისეთი სისტემა, რომელიც არგადამხდელებისთვის უფლების გამოყენებაზე უარის თქმას გულისხმობს, როგორიცაა ფასიან გზატკეცილების სისტემა, გარიგებების ღირებულების ზრდის ამ ორივე შემთხვევას გამორიცხავს. ადამიანები ასეთი გზებით მხოლოდ მაშინ ისარგებლებენ, როდესაც მათთვის მგზავრობას იმდენად დიდი მნიშვნელობა ექნება, რომ მზად იქნებიან შესაბამისი ხარჟი გაიღონ. ასეთ შემთხვევაში ფასიანი გზის მესაკუთრე არ იქნება შეზღუდული ,,უბილეთო მგზავრებზე“ ფიქრით.

უფლებების კუთვნილებიდან გამომდინარე სოციალურ შედეგებს ასევე შეუძლია რესურსის გადანაწილებაზე ზეგავლენის მოხდენა. ნათელია, რომ ხელისუფლება – პოლიტიკურს, ხოლო კერძო მესაკუთრეები – საბაზრო ნიშნებს უფრო აქცევენ ყურადღებას, რაც როგორც წესი რესურსების სხვადასხვაგვარ გამოყენებას იწვევს. თუმცა, რესურსების გადანაწილებასა და სათანადო უფლებების კუთვნილებას შორის კავშირის დანახვა, განსაკუთრებით კერძო მესაკუთრეებთან მიმართებაში, არც თუ ისე ცხადია. ერთი შეხედვით, ყველა კერძო მესაკუთრე დაახლოებით ერთნაირად რეაგირებს საბაზრო ნიშნებზე, რის გამოც ცალკეული მესაკუთრე რესურსით სარგებლობის წესს არსებითად არ ცვლის. ყველა კერძო მესაკუთრე ძალზედ მოწადინებულია, რომ საკუთრებითი უფლებები, რაც შეიძლება სარფიანად გამოიყენოს. გარკვეულ პირობებში ეს კანონზომიერება შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს. მოცემულ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება ისაა, რომ გარიგების ღირებულება ძალიან მცირეა; კერძოდ, იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ რესურსის უფრო ღირებული გამოყენების უნარი გააჩნიათ, შეუძლიათ, რომ რესურსის ამჟამინდელ მესაკუთრეს უფრო ადვილად დაუკავშირდნენ და მოელაპარაკონ. თუ გარიგების ღირებულება არ არის დაბალი, მაშინ მესაკუთრის შეცვლას შესაძლებელია რესურსზე უფლებების შემდგომი დაყოფა მოჰყვეს, რადგანაც გარიგების ღირებულების გამო შესაძლებელია რესურსით სარგებლობის უფლება ერთ ხელში ვეღარ დარჩეს. ინსტიტუციური ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, სწორედ გარიგებების ღირებულების ცვლილებაა. ასე მაგალითად, მოქმედებებმა, რომლებიც რესურსით სარგებლობის უფლების აღიარებისკენაა მიმართული, შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს გარიგების ღირებულება მათთვის, ვისაც ამ რესურსით სარგებლობის სურვილი გააჩნია და მზადაა, რომ უფრო ღირებული გამოყენება მოუძებნოს. შესაძლოა, რესურსით სარგებლობის უფლების აღიარებისკენ მიმართული მოქმედებების სხვა შედეგები გარიგებების ღირებულების შემდგომი კვლევების დროს გამოვლინდეს.

საკუთრების უფლების სტრუქტურების განვითარება

საზიარო სარგებლობის უფლების სისტემაში, თითოეულ პიროვნებას აქვს პირადი უფლება ისარგებლოს რესურსით, რომელსაც ხელში ჩაიგდებს, მაგრამ მანამდე, ამ რესურსზე საერთო სარგებლობის უფლება უნდა გავრცელდეს. საკუთრების უფლებების ამგვარი ხასიათი, ადამიანებს რესურსების მოხმარებისკენ უბიძგებთ, რადგან ისინი ცდილობენ, რომ თავიანთი უფლებები ყველაზე მეტად ღირებული სახით განახორციელონ; შესაბამისად, საზიარო რესურსების მისაკუთრებას შეეცდებიან, ანუ ისინი იმიტომ ინადირებენ, რომ ამ გზით ცხოველებზე კერძო უფლებები მიიღონ. ამ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ საზიარო უფლების კერძო უფლებად გარდაქმნის გზით შეიძლება და ასეთ შემთხვევაში, ცხოველებზე ნადირობა მათზე პირადი უფლებების გაცხადების მიზნით საჭირო აღარ გახდება. სხვა შემთხვევაში, ადამიანების მისწრაფება, რომ საზიარო უფლებები კერძო უფლებებად აქციონ, შეიძლება კანონებით შეიზღუდოს.

წესრიგი, რომელიც გარკვეული რესურსზე საზიარო საკუთრების უფლების განხორციელებისას ერთ სახეს იღებს, ხოლო მასზე კერძო უფლებების განხორციელებისას – სხვას, იმთავითვე არამყარია. ასეთ შემთხვევაში, კერძო უფლებები საბოლოო ანგარიშში საზიარო უფლებებს განდევნის. ამას თავის მხრივ მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საკუთრებიდან კერძო საკუთრებაში გადასვლა დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, თუ დაღდაუსმელი ცხოველები საზიარო საკუთრებაშია, ხოლო დაღდასმული – კერძო საკუთრებაში, მაშინ ყველა იჩქარებს, რომ რაც შეიძლება მეტ ცხოველს დაასვას დაღი. ეს ძალიან ძვირი არ იქნება, თანაც დაღის დასმა აუცილებელი იქნება ამ ცხოველების ამოსაცნობად. ამ ცხოველების მოკვლა იმისთვის, რომ მათზე კერძო უფლებები გავრცელდეს საჭირო აღარ იქნება. შესაბამისად, ამ ცხოველების მოშენება შესაძლებელი გახდება. თუკი იმისთვის, რომ ცხოველი კერძო საკუთრებაში გადავიდეს, მისი მოკვლაა საჭირო, მაშინ სოციალური დანახარჯები ბევრად უფრო იზრდება, რადგანაც ცხოველების განადგურების გამო, მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.

თუ საზიარო და კერძო უფლებებს შორის სოციალური შეუთავსებლობის მოწესრიგებას კერძო უფლების გაუქმების გზით გადაწყვეტენ, მაშინ ერთი პრობლემის ნაცვლად მეორე პრობლემა გაჩნდება: კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თავად მუშაობის მოტივაცია. თუ ვივარაუდებთ, რომ ნადირობაზე საზიარო უფლების გარდა, მოკლული ცხოველებიც არა მონადირეს, არამედ ყველას საზიაროდ ეკუთვნის, მაშინ მონადირეობის მსურველთა რიცხვი დაიკლებს. ამის შედეგად ჭარბი ნადირობა შეწყდება, მაგრამ თავს მეორე პრობლემა იჩენს: არასაკმარისი ნადირობა, რადგანაც ყველა გადაწყვეტს, რომ იქნებ სხვამ ინადიროს, ხოლო შედეგებით მაინც ყველა ვისარგებლებთო. არასაკმარისი ნადირობის პრობლემის შესამსუბუქებლად, ისეთ საზოგადოებაში, სადაც კერძო მესაკუთრეობა დაშვებული არ არის, აუცილებელია ისეთი სოციალური ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომელშიც ადამიანების ქცევას ან უშუალოდ სახელმწიფო მართვას, ან კულტურულ-იდეოლოგიურ ზეგავლენას უქვემდებარებს. არჩევანი, თავად გადაწყვიტოს ინადიროს თუ არა, არ შეიძლება მიენდოს ადამიანს, რომელსაც არა აქვს შესაძლებლობა ნადირობის შედეგებით ისარგებლოს და ამიტომ საქმის თავიდან აცილებას ცდილობს. პირიქით, სახელმწიფო თანდათან აღმოაჩენს იმის მზარდ აუცილებლობას, რომ სანადიროდ წასვლის ბრძანება თავად გასცეს და ყველას მონაწილეობა მოსთხოვოს, ამასთან ნანადირევის განაწილებაზე მკაცრი ზედამხედველობა დაამყაროს. ან, შესაძლოა, თემმა კულტურულ-იდეოლოგიური ზეგავლენის ხერხებს მიმართოს, რომ ადამიანებს ნადირობის სურვილი გაუჩნდეთ. ეს სწორედ ის გზაა, რომელიც მრავალ პრიმიტიულ ხალხში გამოიყენებოდა. ნადირი ყველასთვის ,,უფასო“ იყო ,,პირველი მიხვედი, პირველმა ისარგებლე“ წესის საფუძველზე, მაგრამ ნანადირევი კარგად გააზრებული რიტუალური პროცედურების შესაბამისად ნაწილდებოდა და ადამიანები თავად არ წყვეტდნენ, უნდა ენადირათ თუ არა. სიმწირით გამოწვეული პრობლემების კერძო უფლებების შეზღუდვის გზით გადაწყვეტის მცდელობას, აუცილებლად კიდევ უფრო მკაცრად მართული და იდეოლოგიზირებული საზოგადოების ჩამოყალიბება მოჰყვება. ეს პროცესი რომ შენიშნოთ, საკმარისია გარშემო მიმოვიხედოთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი (იგულისხმება ა.შ.შ. რედ. შენიშვ.) საზოგადოებრივი სკოლები იქ სწავლის ,,უფასო’ უფლებას გვთავაზობენ. კარგი სკოლები სტუდენტების დიდ რაოდენობას იზიდავს, რის გამოც თემმა ან ამ სკოლების დაფინანსება უნდა გაზარდოს, ან სტუდენტების მოზღვავება მოაწესრიგოს. ასეთ თემებში ადამიანთა ჩასახლების შეზღუდვის მიზნით, ხშირად ზონირების ან სამშენებლო სტანდარტები გამოიყენება.

თუკი კერძო უფლებების დაცვა იოლად შეიძლება, მიზანშეწონილია, რომ პრობლემა საზიარო საკუთრების კერძო საკუთრებით ჩანაცვლების გზით გადაწყდეს.1 ზოგიერთი გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, შეიძლება ითქვას, რომ კერძო უფლებები შეიძლება სოციალურად სასარგებლო იყოს, რადგან ისინი ადამიანს სოციალური ხარჟების გათვალისწინებისკენ უბიძგებენ. კერძო უფლებების ანტისოციალურ ყოფა-ქცევასთან გაიგივება იმდენადვე მცდარი, რამდენადაც გავრცელებული აზრია.

საზიარო უფლებების სისტემის არამდგრადობა კიდევ უფრო მწვავედ იგრძნობა, როდესაც ტექნოლოგიური ცვლილებებისა თუ რესურსზე არსებული მოთხოვნის ზეგავლენით, საზიარო საკუთრებაში არსებული რესურსი უფრო ღირებული ხდება. ასეთ ცვლილებებს შეიძლება, როგორც საზიანო, ისე სასარგებლო შედეგები მოყვეს, რაც შეიძლება გაიზომოს საკუთრების უფლების არსებულ სტრუქტურაში გარიგებების მაღალი ღირებულების გათვალისწინებით. ასეთ ვითარებაში საკუთრების უფლების სტრუქტურაში ცვლილებები ხდება, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევთ, რომ ახალი ვითარების უპირატესობა და სარგებლიანობა უკეთ და ზედმიწევნით გაითვალისწინონ. ახალ კონტინენტზე ბეწვეულით ვაჭრობის გავრცელებას ორი შედეგი ჰქონდა: ინდიელებისთვის ბეწვეულის ღირებულება გაიზარდა, ისევე როგორც სამონადირეო სივრცე. ბეწვეულით ვაჭრობის განვითარებამდე ინდიელების სოციალური წყობა ნადირობის თავისუფლებას ითვალისწინებდა, მაგრამ იმდენად მცირე მოცულობის იყო, რომ ცხოველების პოპულაციას არსებით ზიანს არ აყენებდა. ბეწვეულით ვაჭრობის განვითარების შემდეგ ნადირობის მოცულობების დადგენა აუცილებელი გახდა. ამ მიზნით კონტინენტის ჩრდილოდასავლეთში მცხოვრებმა ინდიელებმა სამონადირეო მიწებზე თავისუფალი შესვლის ნაცვლად კერძო უფლებების სისტემა შემოიღეს. გამომდინარე იქედან, რომ ინდიელთა ოჯახებს გარკვეულ მიწებზე სხვების არდაშვების უფლება მიეცათ, მათ ცხოველების მომრავლების მეტი მიზეზი გაუჩნდათ. ნადირობის თავისუფლების პირობებში, მომრავლებულ ცხოველებზე სხვებიც ინადირებდნენ და მათი რაოდენობა არსებითად შემცირდებოდა. კერძო უფლებების დაშვების შემთხვევაში კი, ცხოველთა რაოდენობა იმ დონეზე ნარჩუნდება, რომ ცხოველების განადგურებას ბაზარზე მზარდი მოთხოვნის პირობებშიც კი არ იწვევს.

პროფესორი ნორთიც აღნიშნავდა, რომ მეთორმეტე საუკუნის ინგლისში მიწის ღირებულების გაზრდა აღინიშნა, რის გამოც საკუთრების უფლების არსებული სისტემის ნაცვლად მიწის კერძო მესაკუთრეობისა და ვაჭრობის2 სისტემა დაინერგა. მეცამეტე საუკუნის ინგლისში მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით მრავალი საკანონმდებლო აქტი შემუშავდა, მათ შორის სათემო მიწების გამოყოფისა და მიწის ჩამორთმევის წესები და სხვა. აღსანიშნავია, რომ კონტინენტზეც მსგავსი ვითარება იყო.

ევროპის ქვეყნებს შორის რადიოსიგნალების გადაცემა კიდევ ერთი საინტერესო მაგალითია იმისა, თუ რამდენად გარდაიქმნა საკუთრების უფლებები ტექნოლოგიური განვითარების შედეგად. 1926 წელს ჰოლანდიის სატელეფონო კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ჰოლანდიის ტერიტორიის გარედან შემოსული რადიოპროგრამების მიღების უფლებას ჰოლანდიელი აბონენტები გარკვეული ღირებულების გადახდის შემდეგ მიიღებდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამების უმეტესობა ინგლისიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან გადმოიცემოდა და ჰოლანდიის სატელეფონო კომპანია მათ საავტორო უფლებების ღირებულებას არ უნაზღაურებდა. იმ გარემოებამ, რომ ერთ ქვეყანაში წარმოებული გარკვეული რესურსი, მეორე ქვეყანაში იყო ხელმისაწვდომი, გარკვეული იურიდიული პრობლემა წარმოშვა, რის გამოც მწვავე კამათი გაიმართა და 1928 წელს ბერნის კონვენციის შემუშავებით მოწესრიგდა. ამ კონფერენციაზე რადიოთი გადაცემულ მასალებზე საავტორო უფლებები განისაზღვრა და მათი მოქმედება ყველა ხელმომწერმა ქვეყანამ აღიარა. 1938 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალური რადიო კომისია შეიქმნა, რომელმაც უკანონო რადიომაუწყებლობაზე მეთვალყურეობა დააწესა.

ჩვენ საკუთრების უფლების განვითარების მხოლოდ რამოდენიმე მაგალითს შევეხეთ. რასაკვირველია, საკუთრების უფლების მრავალი სახესხვაობა არსებობს, რომლებიც ასევე იმსახურებენ ყურადღებას. თუნდაც კორპორაციების კაპიტალის სტრუქტურა. საყოველთაოდ ცნობილი მოდილიანი-მილერის თეორემის შესაბამისად, კაპიტალის სტრუქტურა საწარმოს ღირებულებაში არ უნდა იყოს გათვალისწინებული, რადგანაც გარიგების ღირებულება ნულის ტოლი უნდა იყოს. საწარმოს სხვადასხვა აქტივების ღირებულება საწარმოს მიმდინარე ღირებულებას ასახავს და ეს აქტივები ნათლად უნდა იყოს გამიჯნული და ნულოვანი ღირებულებით გარიგების საშუალებას იძლეოდეს. შემდომში, ისინი ისეთი გზით უნდა იყოს გადაცემული ან გაცვლილი, რომ მესაკუთრეს, რაც შეიძლება მეტი მოგება მოუტანონ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული უფლებების კრებული გადაიცემა ან დაიყოფა ხარჟების გარეშე არ ხდება. ამგვარად, იბადენა შეკითხვა, უფლებების რა კრებულის შეთავაზებაა უფრო მომგებიანი საწარმოსთვის: ობლიგაციების, ჩვეულებრივი აქციების, პრივილეგირებული აქციების, კონვერტირებადი აქციების თუ დივიდენდების? არსებობს კი ისეთი ფაქტორები, რომლებიც გარიგების ღირებულებისა და უფლებების კრებულის გათვალისწინებით ახსნიდნენ შეთავაზებულ წინადადებებს? თავად ის გარემოება, რომ სხვადასხვა ინვესტორებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ საწარმოს შესაძლებლობებთან დაკავშირებით, იმთავითვე სხვადასხვა შეფასებას განაპირობებს. საწარმო, რომელსაც საკუთრების უფლებების ნაწილის გაყიდვის გზით თავისი კაპიტალის გაზრდა სურს, მოწადინებული იქნება, რომ მყიდველებს უფლებების სხვადასხვა კრებული შესთავაზოს. მაგალითად, დივიდენდები – ოპტიმისტურად განწყობილი ინვესტორებისთვის, ობლიგაციები კი, პესიმისტი ინვესტორებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე მუქთი არაფერია. მუქთი რომ იყოს, სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის საჭირო აღარ იქნება. ასეთ შემთხვევაში ფინანსური შუამავლები ფირმის მიერ გამოშვებულ ნებისმიერ ფინანსურ ინსტრუმენტებს იმგვარი ნარევის სახით ჩამოაყალიბებენ, რომ ოპტიმისტი და პესიმისტი ინვესტორისთვის, რომლებსაც კომპანიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოლოდინი აქვთ, კმაყოფილები იქნებიან.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლებაზე და გარიგებების ღირებულებაზე სულ უფრო მეტი სტატია ჩნდება, ისინი ძირითადად თეორიულ ხასიათს ატარებენ. ემპირიული კვლევების ძალიან მცირე რაოდენობა არსებობს და ისიც მეტწილად ისტორიული ასპექტებს ეხება. ეკონომიკის ისტორიკოსებს მეტი წვლილის შეტანა შეუძლიათ ამ კვლევების სახით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენმა ნაშრომმა თქვენში ინტერესი გააღვივა და ქვემოთ დართული ბიბლიოგრაფიის გაცნობის სურვილი გაგიჩნდებათ.

ბიბლიოგრაფია

1. ა.ა. ალჩიანი, „უმუშევრობა და ინფორმაციის ღირებულება“, Western Economic Journal, VII (1969), გვ. 109-128.

2. ა.ა. ალჩიანი, „საკუთრების უფლების ეკონომიკა“ il Politico XXX (1965), გვ. 816-829.

3. ა. ა. ალჩიანი და ჰ. დემსეცი, „წარმოება, ინფორმაციის ღირებულება და ეკონომიკური ორგანიზაცია“, American Economic Rewiev LXII (1972 წლის დეკემბერი).

4. ა. ბოთომლი, „მიწაზე საზიარო საკუთრების შედეგი რესუსრების განაწილებაზე ტრიპოლიტანიაში“ Land Economics (1963 წლის თებერვალი), გვ. 91-95.

5. კ. ბრუნერი და ა. მელცერი, „მონეტარული პოლიტიკის კვლევა“ Journal of Finance (1964 წლის მაისი).

6. ს. შეინგი, ,,არენდის პოლიტიკის თეორია“ (ჩიკაგოს უნივერსიტეტი, 1969).

7. რ. ჰ. კოუზი ,,ფირმის არსი“, ხელმეორედ დაიბეჭდა ნაშრომში ,,ფასების თეორიაზე“, სტიგლერი და ბილდინგი, 1952, გვ. 331-351.

8. რ. ჰ. კოუზი, ,,სოციალური ღირებულების პრობლემა“, Journal of Law and Economics, III (1960 წლის ოქტომბერი), გვ 1-40.

9. თ. დ. ქროქერი, ,,გარეშე ფაქტორები, საკუთრების უფლება და გარიგებების ღირებულება“, Journal of Law and Economics, XIV (1971 წლის ოქტომბერი, გვ. 451-464.

10. ჰ. დემსეცი, ,,საკუთრების უფლების თეორიისკენ“, AEA Papers and Proceedings 1967 წლის მაისი, გვ. 253-257.

11. ჰ. დემსეცი, ,,როდისაა მნიშვნელოვანი კანონი ვალდებულებების შესახებ“? Journal of Legal studies,, I (1972 წლის იანვარი), გვ 13-28.

12. ჰ. დემსეცი, ..საზოგადოებრივი საქონელის კერძო წარმოება“ Journal of Law and Economics, XIII, (1970 წლის ოქტომბერი), გვ 293-306.

13. ჰ. დემსეცი, ,,გარიგებების ღირებულება“, Qarterly Journal of Economics, LXXXII (1968 წლის თებერვალი), გვ 33-53.

14. ა. ს დივეინი, რ.დ. ეკერტი, ს.ჟ. მეიერსი, დ.ჟ. ო’ჰარა და რ.ს. სკოტი ,,ელექტრომაგნიტური სპექტრის ბაზრის გადანაწილება: იურიდიული და ეკონომიკური კვლევა“, Stanford Law Rewiev, XXX (1969 წლის ივნისი), გვ 1499-1561.

15. ი. ფურუბოტნი და ს. პეიოვიჩი „საკუთრების უფლება და ფირმის ქცევის მოდელი სოციალისტურ სახელმწიფოში“, Zeitschrift für Nazionalikonomie, XXX (1970), გვ. 431-454.

16. ს. მაკკოული, ,,არა-საკონტრაქტო ურთიერთობები ბიზნესში: საწყისი კვლევა“, American Sosiological Rewiev, XXVIII (1963 წლის თებერვალი), გვ 55-67.

17. რ.ნ. მაკკინი ,,პროდუქტთან დაკავშირებული ვალდებულებები: საკუთრების უფლების შეცვლის ზეგავლენა”, Qarterly Journal of Economics, LXXXII (1970 წლის ნოემბერი), გვ 611-626.

18. დ. ნორდი და რ. თომასი „საადგილმამულო სისტემის განვითარება და რღვევა: თეორიული მოდელი”, Journal of Economic History, XXXI (1971 წლის დეკემბერი), გვ 777-803.

19. ს. პეიოვიჩი, ,,ლიბერმანის რეფორმები და საკუთრების უფლება საბჭოთა კავშირში”, Journal of Law and Economics, XII, (1969 წლის სექტემბერი), გვ 193-200.

20. ს. პეიოვიჩი, ,,ფირმა, მონეტარული პოლიტიკა და საკუთრების უფლება გეგმიურ ეკონომიკაში“, Western Economic Journal, VII, (1969 წლის სექტემბერი), გვ 193-200.

21. ს. როტენბერგი, ,,საკუთრება პრაქტიკაში“, Industrial LaborRelations Rewiev, II, (1962 წლის აპრილი), გვ 2402-05.

________________________

1. საზიარო საკუთრების უფლება შეიძლება სახელმწიფო საკუთრების უფლების სახით ჩამოყალიბდეს და სახელმწიფო, სხვადასხვა მექანიზმებით, მათ შორის ფასების მექანიზმის გამოყენებით, სხვების სარგებლობის უფლების შეზღუდვას ცდილობს. შესაბამისად, სახელმწიფო კერძო მესაკუთრეობის წინააღმდეგ გამოდის..

2. დ. ნორდი და რ. თომასი „საადგილ-მამულო სისტემის განვითარება და ნგრევა: თეორიული მოდელი“, ჟურნალი ეკონომიკის ისტორია, XXXI (1971 წლის დეკემბერი), გვ. 777-803

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s