თავისუფლება – სიღარიბის საუკეთესო წამალი

Berlin Wall Freedom_0.preview

ოტო გრაფ ლამსდორფი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი ჰელმუტ კოლის მთავრობაში, თავისუფალი დემოკრატების პარტიის ერთერთი ლიდერი. ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე

(გამოქვეყნდა 2002 წელს)

    „სიმდიდრის განმაპირობებელი ძირითადი ეკონომიკური პრინციპების გააზრების აუცილებლობა გულწრფელად და თითქმის საყოველთაოდ უარყოფილია“ (ფ. ჯ. ო’რურკი)

სიღარიბე, როგორც გამოწვევა

მასიური სიღარიბე კვლავ რჩება მსოფლიო თანამეგობრობის პრობლემად. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1988 წელს 1,2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა აბსოლუტურ სიღარიბეში, ანუ მათი შემოსავალი 1 დოლარზე ნაკლები იყო დღეში. მათგან თითქმის ნახევარს სამხრეთ აზიის მოსახლეობა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ წარსული წლების განმავლობაში სიღარიბის მაჩვენებლები გარკვეულწილად შემცირდა, იგი მაინც კაცობრიობის ყველაზე დიდ პრობლემად რჩება.

სიღარიბის შედეგები იმდენად დამღუპველია, რომ საჭიროა მათი კიდევ ერთხელ ჩამოთვლა. პირველ რიგში ის დეჰუმანიზებას იწვევს, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურად შიმშილისგან ტანჯვას ანიჭებს და მათ აიძულებთ, გამუდმებით ინერვიულონ მიზნის მისაღწევად ყველაზე მარტივ მისწრაფებებშიც კი. სიღარიბე ადამიანის გაბოროტებას უწყობს ხელს და არა მხოლოდ უბიძგებს ზოგიერთ მათგანს ძალადობისკენ, არამედ აუარესებს ადამიანთა ურთიერთობებს, განსაკუთრებით ოჯახში. როგორც კი ღარიბთა მდგომარეობა უკეთესდება, მაგალითად, სამხრეთ აზიელი ქალების მტკიცებით, ცვლილების ერთერთი ყველაზე აშკარა ნიშანი ოჯახებში თანხმობის ზრდა და, შესაბამისად, ოჯახური ძალადობის შემცირებაა.

სიღარიბე ადამიანებს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას არ აძლევთ. განათლების გარეშე ღარიბი ადამიანები მოკლებულნი არიან თვიანთი ნიჭისა და უნარების განვითარებისა და შრომის მწარმოებლურობის გაზრდის შესაძლებლობას. ჩვენს საუკუნეში, როდესაც ამდენს და ასე ლამაზად საუბრობენ განათლების მნიშვნელობასა და ადამიანის ნიჭისა და უნარების განვითარებაზე, მილიარდ ადამიანს ამის საშუალება არ გააჩნია, რის გამოც ფლანგავენ საკუთარ პოტენციალს და არ მოაქვთ სარგებელი არც საკუთარი თავის და არც საზოგადოებისთვის. ბევრი ადამიანი არ აცნობიერებს აღნიშნული ფაქტის მთელ სერიოზულობას, მთავარ პრობლემად პლანეტის ჭარბმოსახლეობას მიიჩნევენ და, უპირველეს ყოვლისა, ამაზე შფოთავენ. ამგვარად, მასობრივი სიღატაკე თავად ღარიბების ბრალი ხდება – ნამდვილად ცინიკური მიდგომაა, რომელიც ძლიერ უპირისპირდება როგორც ისტორიულ გამოცდილებას, ასევე ეკონომიკურ თეორიას. არც ერთი ქვეყანა არ ღარიბდება შობადობის გაზრდის შედეგად და ეკონომიკური ზრდაც ყოველთვის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში შეიმჩნევა და არა მცირე სასოფლო დასახლებებში. ეკონომიკურ თეორიაში ნაციონალური შემოსავლის შექმნა და განაწილება ბევრ ცვლადზე დამოკიდებულ დინამიკურ პროცესად წარმოდგება, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ მისი ერთერთი შემადგენელი კომპონენტია. თუ დავეთანხმებით იმას, რომ ყოველ ადამიანს პოტენციურად შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა სოციალურეკონომიკურ განვითარებაში, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობის რაოდენობას დადებითი გავლენა აქვს მასზე. მხოლოდ ფუნქციებმოშლილი ეკონომიკური სისტემების მქონე საზოგადოებებში, რომლებიც დინამიზმის ხელშეწყობის მაგიერ უძრაობაში იხრჩობიან და ხალხს საკუთარი პოტენციალის გამოვლინების საშუალებას არ აძლევენ, იქცევა პრობლემად მოსახლეობის ზრდა. ასეთ პირობებში მხოლოდ იგი მძაფრდება, ღარიბები დიდი ოჯახების შესაქმნელად დამატებით დამახინჯებულ სტიმულებს იღებენ, როგორც გარანტირებულად უზრუნველი სიღარიბისა და ოჯახის მარგინალური შემოსავლის ზრდის, დამატებითი სამუშაო ძალის გარანტიის ერთერთ ფორმას.

სიღარიბის პოლიტიკური შედეგებიც არანაკლებად მნიშვნელოვანია. ის ადამიანებს არათანაბარ ურთიერთობებში ითრევს, რაც მათ თავისუფლებას მკვეთრად ზღუდავს და სხვების მტაცებლობის დაუცველ ობიექტად ხდის. ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის ღარიბებს საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში დამოუკიდებელი მონაწილეობისთვის დროსა და სივრცეს არ უტოვებს. მათი ინტერესები საზოგადოებაში წარმოდგენილი არ არის და ამიტომაც, ისინი იგნორირებულნი არიან. ჩვეულებრივ, ღარიბები იძულებულნი არიან მფარველებს შეეკედლონ, იქნება ეს სოფლის „დიდი ადამიანი”, ქოხმახების მფლობელი თუ მეიჯარე. მათ არ გააჩნიათ სხვა არჩევანი თუ არა ის, რომ მიჰყიდონ თავისი პოლიტიკური უფლებები ასეთ მფარველს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სანაცვლოდ. ეს სიტუაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, რადგან საზოგადოებები მხოლოდ მაშინ ხდებიან რეალურად დემოკრატიულები, როცა სიღარიბის დონე კლებულობს, ხოლო საზოგადოებაში კლიენტიპატრონის ურთიერთობები აღარ ბატონობს.

ამგვარად, სიღარიბე ლიბერალებისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს როგორც კაცობრიობაზე, ასევე სამართლიან ლიბერალურ საზოგადოებაზე მათი შეხედულებებიდან გამომდინარე. ლიბერალებს პიროვნული თავისუფლების პრინციპისა და ადამიანის უფლებების ხელშეუხებლობის სწამთ. უკიდურესი სიღარიბე გამუდმებით ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებას სიცოცხლეზე, ამიტომაც ლიბერალები ვერ შეეგუებიან მას. მით უმეტეს ადამიანს, რომელიც ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვის, პრაქტიკულად პირადი თავისუფლების რეალიზაციის შესაძლებლობა არ გააჩნია. საზოგადოების ყველა წევრის ინდივიდუალური თავისუფლების განხორციელება მასობრივი სიღატაკის შემცირების გარეშე შეუძლებელია.

სამწუხაროდ, ლიბერალები ვერ ახერხებენ აღნიშნულ მომენტზე აქცენტირებას. ხშირად მათ ავიწყდებათ ლიბერალური მოძრაობის სათავეები, როდესაც ის ფეოდალური მმართველობის წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგანაც ფეოდალიზმი არა მარტო პოლიტიკური, რელიგიური და კულტურული, არამედ ეკონომიკური თავისუფლებების რეალიზებასაც უშლიდა ხელს და ასევე, როგორც დრომ აჩვენა, ის მასობრივი სიღატაკის მიზეზიც იყო. ჯერ კიდევ ბევრ განვითარებად ქვეყანაში არსებობს კვაზიფეოდალური მმართველობის მსგავსი სტრუქტურები, თუმცა ფეოდალური ლორდები ისეთები აღარ არიან, როგორც ადრე: ისინი უკვე აღარ არიან არისტოკრატიული ოჯახების შთამომავლები, არამედ სოციალისტი ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების პარაზიტული კლასია, რომლებიც თავიანთ შემოსავალს ზემაღალი კონტროლითა და კორუფციით ანდა ნაციონალიზებული მრეწველობისა და ბანკების უზარმაზარი იმპერიების მართვით იღებენ. ბევრ განვითარებად ქვეყანაში ლიბერალიზმი ნამდვილად რევოლუციური მოძრაობა შეიძლებოდა გამხდარიყო, რომელიც ღარიბების იმედებსა და მოლოდინს გამოხატავდა, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიბერალები მათ ენაზე საუბარს ისწავლიან და რეფორმების კონცეფციებს მათ მოთხოვნებს მოარგებენ.

სიღარიბეზე ლიბერალების რეაქცია გაძნელებულია კიდევ იმიტომაც, რომ ის გარკვეულწილად არაინტუიციურია. სიღარიბეზე ადამიანის ბუნებრივი რეაქცია ღარიბის დახმარების მცდელობაა. ამის ნაცვლად ლიბერალები საუბრობენ თავისუფლებაზე, როგორც საშუალებაზე და მიზანზე. ბევრისთვის მათი მოსაზრება ზედმეტად აბსტრაქტულად ჟღერს. ამის უკან იმალება ლიბერალური იდეოლოგიის ღრმა დილემა. რადგან ეჭვგარეშეა, რომ ყველაზე მინიმალური დახმარება იმ ადამიანებს უნდა გაეწიოთ, რომლებიც ზედმეტად დათრგუნულები არიან იმისთვის, რომ სიღატაკე დამოუკიდებლად დაძლიონ. მაგრამ დახმარებას რეგულარული სახე არ უნდა მიეცეს, რომ ადამიანები მასზედ დამოკიდებულები არ გახდნენ.

ხშირად ჩვენ ვივიწყებთ ბევრად უფრო მნიშვნელოვან ასპექტს: წარსულში ადამიანები სიღარიბეს საკუთარი ძალებით უმკლავდებოდნენ – მძიმე შრომით, მომჭირნეობით, ინვესტიციებით განათლებაში, უკეთესი შესაძლებლობის საძიებლად სხვადასხვა მოგზაურობაში წასვლის მზადყოფნით, რისკის აღების უნარით, მათ შორის სამუშაო ადგილის შეცვლის მზაობით. როგორც ლორდ ბაუერი ამბობდა, სიღარიბის შემცირებისთვის გარეშე პირთა დახმარება აუცილებელი რომ ყოფილიყო, დღეს ჩვენ ჯერ ისევ ქვის ხანაში ვიცხოვრებდითო. რა თქმა უნდა არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმდენად დათრგუნულნი არიან, რომ აღარ შესწევთ უნარი დაეხმარონ საკუთარ თავს, მაგრამ ეს ღარიბთა უმეტესობას არ ეხება. მათ ესაჭიროებათ არა პირდაპირი დახმარება, არამედ შესაძლებლობებისა და სამართლებრივი დაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობა, რათა თავიდან აიცილონ იმ ძალაუფლების მქონე ჯგუფების ან ცალკეული ადამიანების ბატონობა, რომლებსაც მათი ძალისხმევის შედეგების მითვისება სურთ.

ლიბერალიზმის მუდმივად განსაკუთრებული ყურადღება კერძო საკუთრების სტაბილურობისაკენ შემთხვევითი არასოდეს ყოფილა, კერძო საკუთრება ხომ პიროვნული თავისუფლების სადარაჯოზე დგას. არაერთხელ თქმულა, რომ კერძო საკუთრებაზე ლიბერალების ზრუნვა მხოლოდ მქონებელთა კლასის ინტერესებს ასახავს, მაგრამ ეს მხოლოდ სიმართლის მცირე ნაწილია. ღარიბს მდიდარზე არანაკლებ ესაჭიროება თავისი საკუთრების დაცვა, რადგან ყველაზე ხშირად მათ საკუთრებით უფლებებს ზუსტად კანონი არ აღიარებს და/ან სასამართლო არ იცავს.

კერძო საკუთრებაზე ლიბერალების ზრუნვა უნდა განიხილოს, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის მიზანი: სახელმწიფომ საშუალება უნდა მისცეს ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ღარიბებს, რომ კერძო საკუთრება იქონიონ და გააფართოონ. ბოლო მოსაზრება არა მარტო არსებითად განსხვავდება, არამედ საწინააღმდეგოა სოციალისტების სტრატეგიისა, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს მიერ კერძო საკუთრების შეზღუდვის ან კონფისკაციისაკენ, მოსახლეობისთვის სხვადასხვა უსასყიდლო სოციალური დახმარებისაკენ. ლიბერალები სკეპტიკურად არიან განწყობილნი მსგავსი პრაქტიკისადმი, რადგან მას ადამიანის დამოკიდებულებისაკენ მივყავართ, მაშინ, როდესაც საკუთრების ფლობა მის ფინანსურ დამოუკიდებლობას ზრდის და, ამასთან, პირად თავისუფლებას ამტკიცებს.

რა თქმა უნდა, არსებობს აუცილებელი სოციალური გადასახადების მაგალითებიც, მაგალითად, ისეთი პროგრამების რეალიზაციისას, როგორიცაა „საკვები სამუშაოსთვის”, ეფექტურად აღკვეთენ შიმშილს, განსაკუთრების სტიქიური უბედურებების შემდეგ.

ასეთი უსასყიდლო სოციალური გადასახდელები ბევრად უკეთესია, ვიდრე, მაგალითად, საკვები პროდუქტების ფასების კონტროლი, რომლებიც ხშირად ღარიბების მხარდასაჭერად წესდება, მაგრამ, ეკონომიკური სტიმულების დამახინჯების გამო, მძიმე შედეგებით მთავრდება. საკვებ პროდუქტებზე ხელოვნურად დაწეულ ფასებს შეუძლია ფერმერებისთვის დიდი ზიანის მოტანა და სოფლის მეურნეობისთვის ზარალის მიყენება შეუძლია, რადგან შედეგად მცირდება სოფელში მცხოვრებ ღარიბთა დასაქმების შესაძლებლობა. არადა მსოფლიოში ღარიბების ძირითადი მასა სწორედ სოფლებში ცხოვრობს.

ლიბერალურმა სოციალურმა პოლიტიკამ შეძლებისდაგვარად უნდა მოიძიოს ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც გამოიხატებოდა არა ახალი კომპენსაციების შეთავაზებაში, არამედ ღარიბებს დაეხმარებოდა საკუთრების შეძენაში. და თუ იძულება გარდაუვალია, ჯობია ლიბერალებმა დააძალონ ადამიანებს მოახდინონ ფულის ეკონომია ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე, სამედიცინო ან უმუშევრობის დაზღვევის გზით, ვიდრე სოციალისტებმა დააძალონ უფრო მაღალი გადასახადების გადახდა, რომლებიც იმ ხალხს შორის გადანაწილდება, რომელთაც ძალაუფლება გააჩნიათ. იძულებითი დაგროვებისა და დაზღვევის გზა მოქმედების საშუალებას აძლევს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ ეფექტურ კერძო დაწესებულებებს, რომლებსაც შეუძლიათ ასევე გადაზღვევის მოთხოვნებიც შეასრულონ. რესურსების გადანაწილების მიზნით დამატებითი გადასახადების ამოღებას კი სოციალური უზრუნველყოფის სფეროში უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატის ჩამოყალიბებისკენ მივყავართ, რომელიც დაგროვებული რესურსის მნიშვნელოვან ნაწილს შთანთქავს. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში სახელმწიფო თავის თავზე იღებს ეკონომიკური რისკებისგან ადამიანების დაცვის ვალდებულებას, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებულ ინსტრუმენტტებს იყენებს. დაგროვებისა და დაზღვევის გზა არა მარტო უფრო იაფი, არამედ უფრო ეფექტურიცაა. ის ასევე ხელს უწყობს დანაზოგების შექმნას, რაც კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირების შემთხვევაში, შეიძლება ეკონომიკაში დაბანდდეს. ეს დამატებითი კაპიტალდაბანდებები ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას მაშინ, როდესაც სოციალური უზრუნველყოფის სისტემის შედეგად ამოღებული მატერიალური სიკეთეების გადამანაწილებელი ბიუროკრატია მხოლოდ ზრდის ეკონომიკურ დანაკარგებს, რომლებსაც ძირითადად ღარიბები იხდიან.

შესაძლებელია საწინააღმდეგო აზრის არსებობაც, რომლის მიხედვითაც დანაზოგის და დაზღვევის სქემების იდეა ღარიბების უმეტესობისა და „მესამე სამყაროს“ ქვეყნებისთვის შეუფერებელია. ეს აბსოლუტურად არასწორია. უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ ღარიბებს გასაკვირად მაღალი დანაზოგების ნორმა გააჩნიათ, მაგრამ მათ ფინანსურ ინსტრუმენტებზე არ მიუწვდებათ ხელი. ბევრ ქვეყანაში ფინანსური სისტემები ნაციონალიზებულია, რის გამოც თავს იჩენს სიძნელეები, რომელსაც წერაკითხვის უცოდინარი ღარიბი მეანაბრე აწყდება. ხოლო როდესაც ისეთი პროფესიონალური ინსტიტუტები, როგორიცაა, მაგალითად, გრამინ ბანკი (Grameen Bank) ბანგლადეშში, საგანგებოდ ღარიბებს ემსახურება, მაშინ მათი დანაზოგები მნიშვნელოვან თანხებს აღწევს. მსგავსი წარმატებები ღარიბების დაზღვევის სქემების განვითარებაშიც შეინიშნება. ეს არცაა გასაკვირი: მცირე სადეპოზიტო და საკრედიტო კოოპერატივებმა დასავლეთის ისტორიაში უდიდესი როლი ითამაშა. ჩვენ მხოლოდ თავიდან აღმოვაჩინეთ ის, რაც უკვე არსებობდა, მას შემდეგ, რაც ბევრმა (თუ უმეტესობამ არა) განვითარებადმა ქვეყანამ ამ გამოცდილი გზიდან კაპიტალის სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტების მიერ მართვის გზაზე გადაუხვია. სახელმწიფო ინსტიტუტები კი ღარიბთა სასარგებლოდ არ მოქმედებენ, ძირითადად სოფლის მცხოვრებთა დანაზოგების ქალაქებში გადაქაჩვით არიან დაკავებულნი და ამ თანხებს დაუძლურებულ სახელმწიფო საწარმოებში ან ისეთი კაპიტალისტების თაღლითურ სქემებში მიმართავენ, რომელთაც პოლიტიკურ წრეებში გააჩნიათ კავშირები. სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში მსგავსი დამახინჯებული პროცესები კვლავაც გრძელდება. თანამედროვეობის მოთხოვნაა, სახელმწიფოს ჩამოერთვას ფინანსური დაწესებულებების მართვის უფლება, ვაიძულოთ იგი კონცენტრირება მოახდინოს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოების შექმნაზე კერძო ბანკებისა და ნებისმიერი ზომის სადაზღვევო კომპანიების მუშაობისთვის, განსაკუთრებით სასოფლო რაიონებში არსებულ უბრალო ფინანსური დაწესებულებებისთვის. ასევე აუცილებელია ეფექტური ინსტიტუტების შექმნა ბანკებსა და სადაზღვევო ორგანიზაციებზე ზედამხედველობისთვის, რომლებიც პოლიტიკური ჩარევისაგან უნდა იქნენ დაცულნი.

სამწუხაროდ, სოციალისტებმა, როგორც ჩანს, შეძლეს მოსახლეობის უმრავლესობის დარწმუნება იმაში, რომ სიღარიბის დონის დაძლევისთვის სოციალური უზრუნველყოფის სფეროში უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატის შექმნა ერთადერთ გამართლებულ საშუალებას წარმოადგენს. გრძნობებით მუდმივი თამაში ეფექტურ ალტერნატიულ ვარიანტებზე არგუმენტირებულ საუბარს ხელს უშლის. ეს ვნებს ღარიბებს, რასაც განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების მაგალითები ადასტურებს.

განათლება და სოციალური მობილურობა

ეჭვგარეშეა, განათლება სიღარიბესთან ბრძოლის საქმეში გადამწყვეტ ელემენტს წარმოადგენს. ის აძლევს ადამიანებს კონკურენტუნარიან ცოდნასა და უნარჩვევებს, რომლებიც ეხმარებიან, რომ მათ მშობლებზე უკეთესი სამსახური იპოვონ და, შესაბამისად, სოციალური სტატუსი აიმაღლონ. საყოველთაო განათლება ქალების დისკრიმინაციას ამცირებს. გოგონების განათლება საგრძნობლად ამცირებს შობადობის პროცენტს, რადგან განათლებული ქალები უფრო გვიან თხოვდებიან, იციან კონტრაცეფციის შესახებ და ესმით თუ როგორ იზრუნონ უკეთესად ოჯახის და განსაკუთრებით შვილების ჯანმრთელობაზე, რაც, თავის მხრივ, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას უწყობს ხელს. განათლება ადამიანებს აძლევს ინფორმაციის, მათ შორის პოლიტიკურის, აღქმის საშუალებას, რომელიც განხილვებისაკენ უბიძგებს და, საბოლოო ჯამში, დემოკრატიასა და თავისუფლებას ამყარებს.

თუ განათლების მიზანი სოციალური მობილურობის გაუმჯობესებაა, მაშინ ღარიბების განათლების ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ „უნდა ექცეოდეს“, რადგან, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბევრი რეფორმატორი, რომლებიც ღარიბების ინტერესების გამოხატვისთვის იბრძვიან, უფრო დიდ ყურადღებას განათლების რაოდენობრივ ასპექტებს უთმობენ: მათ სურთ, რომ დიპლომები რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცენ და, ამასთან, თითქმის არ აინტერესებთ აღნიშნული დიპლომების ხარისხი. შედეგად სოციალური ნაპრალი მხოლოდ იზრდება. საინტერესოა, რომ მსგავსი პროცესები როგორც გერმანიის მსგავს განვითარებულ ქვეყნებში, ისე ბევრ განვითარებად ქვეყანაში შეიმჩნევა.

ასეთი დამახინჯების ერთერთი მიზეზი ის ფაქტია, რომ განათლების უზრუნველყოფა სახელმწიფოს, ხშირ შემთხვევაში ცენტრალიზებულ ბიუროკრატიას აქვს დავალებული. მის მიერ განათლების პროცესის მართვის შესაძლებლობა საკამათოც კი არ ხდება. როგორც ჩანს, ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანების უმეტესობა, ბევრი ლიბერალის ჩათვლით, თვლის, რომ საყოველთაო განათლების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალია. თუ ჩვენ მაინც დავთანხმდებით ამ მოსაზრებას, ლოგიკურად აქედან სულაც არ გამომდინარეობს, რომ ამ ვალდებულების შესრულება სახელმწიფო ბიუროკრატიულ აპარატს უნდა დაეკისროს. თუმცაღა ბიუროკრატიისთვის დამახასიათებელი ზრდისა და გამრავლების თვისება ხელს უწყობს ამ მიდგომის საყოველთაო გავრცელებას. ბიუროკრატიულ იმპერიალიზმში ნებისმიერი ეჭვის შეტანა საყოველთაო განათლების ხელმისაწვდომობის დანგრევის მცდელობად ითვლება – ეს კი ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში მომაკვდინებელი ბრალდებაა.

ასეთი მიდგომის შედეგები ხშირ შემთხვევაში საკმაოდ საშიშია. მაგალითად, სამხრეთ აზიის ქვეყნების უმეტესობაში სახელმწიფო სკოლებში სწავლება იმდენად ცუდია, რომ მოსახლეობა უზარმაზარ ფინანსურ დანახარჯებზე მიდის, რათა თავისი შვილი კერძო სკოლებში გაუშვას, რომელთა განათლების დონე საკმაოდ მაღალია: ხშირად სწავლება მათში ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. თუმცა რაიონებში მსგავსი კერძო სკოლები საკმაო იშვიათობაა, ასე რომ, ქალაქის ღარიბები და სოფლის ღარიბთა უმეტესობა საკმაოდ დაბალი ხარისხის მქონე სახელმწიფო სკოლებით კმაყოფილდებიან ან განათლებას საერთოდ არ იღებენ. ინდოეთში, ბანგლადეშსა და პაკისტანში განათლებაზე საბიუჯეტო სახსრების სულ მცირე 40 პროცენტი იხარჯება უნივერსიტეტებზე, რომელშიც ძირითადად საშუალო კლასის წარმომადგენლები სწავლობენ. ამასთან, დაწყებით სკოლებს ყველა ბავშვისთვის წერაკითხვის საფუძვლების შესასწავლადაც კი არ ჰყოფნით სახსრები.

განათლების სისტემის მოდერნიზაციაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოსახლეობისთვის ადგილობრივ სკოლებზე მეტი კონტროლის მინიჭება იქნებოდა. ეს შესაძლებელია განათლებაზე პასუხისმგებლობის ცენტრალური სამინისტროდან მუნიციპალიტეტებსა და სოფლებზე გადაცემით. ცენტრალურ მთავრობას შეუძლია კონცენტრირება მოახდინოს საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავებასა და დანერგვაზე. ვალდებულებების მსგავსი გადანაწილება სასკოლო დანახარჯების გამჭვირვალობას გაზრდიდა, რადგან მშობლებს მუნიციპალურ და სასოფლო დონეზე არსებული პროცესების კონტროლი უფრო გაუმარტივდებოდათ. სტანდარტების დამდგენი ორგანიზაციისა და აღმასრულებელი ორგანოს განცალკევება ასევე გაზრდიდა სწავლების ხარისხს. მასში ასევე შეიძლებოდა კონკურენციის ელემენტის შეტანა, სხვადასხვა სკოლების მოსწრების გამოქვეყნების, კარგი სკოლების დასაჩუქრებისა და ცუდი სკოლების დასჯის გზით. ყოველგვარი რეფორმა აღნიშნულ სფეროში, სხვადასხვა წარმატებით, უკვე გამოცდილი უნდა იყოს.

უფრო რადიკალური იქნებოდა უბრალოდ რეალობის აღიარება: ღარიბებს, ყოველ შემთხვევაში ქალაქებში, პრაქტიკულად არ შეუძლიათ განათლების განვითარებულ ბაზარზე გასვლა. სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს ღარიბებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა, მათი ბავშვების სასკოლო ხარჯების ანაზღაურებითა და მათთვის სკოლის არჩევის უფლების მინიჭებით, მაგალითად, ვაუჩერების სისტემის მეშვეობით. სახელმწიფო სტანდარტებს და განათლების მიზნებს დააწესებდა და კონცენტრირებას მოახდენდა მათ დანერგვასა და კონტროლზე. სახელმწიფო სკოლები აღარ მიიღებდნენ თანხებს ბიუჯეტიდან და თვითონ დააფინანსებდნენ საკუთარ თავს უფრო ხარისხიანი განათლების შეთავაზებით მოსწავლეების მოზიდვის გზით. ასეთი სისტემა სკოლებს შორის ჯანსაღი კონკურენციის არსებობას შეუწყობდა ხელს. მშობლები სკოლას შემოთავაზებული განათლების ხარისხის მიხედვით აირჩევდნენ, ხოლო ვაუჩერების სისტემა მათ საშუალებას არ მისცემდა, რომ ფული სხვა მიზნებზე დაეხარჯათ. თავის მხრივ, სკოლები იძულებულნი იქნებოდნენ, ხარისხიანი განათლების შემოთავაზებისთვის, ხარჯების თავალსაზრისით, ყველაზე ეფექტური გზა მოეძებნათ. სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც მსხვერპლად გაიღებდნენ ხარისხს, დაკარგავდნენ მოსწავლეებს, ხოლო რომლებიც არ გააკონტროლებდნენ დანახარჯებს – გაკოტრდებოდნენ. განათლების კონკურენტული ბაზრის შექმნა მშობლებს შესაძლებლობას მისცემდა, რომ თავიანთი შვილებისთვის განათლების სახეები აერჩიათ. შედეგად, იარსებებდა სკოლები, რომელთაც მხარს დაუჭერდნენ განსხვავებული რელიგიური ორგანიზაციები. რა თქმა უნდა, ეს გაამწვავებდა პოტენციურ კონფლიქტს დადგენილ სახელმწიფო პროგრამებსა და ამ სკოლებში პროპაგანდირებულ რელიგიურ ღირებულებებს შორის, მაგრამ კომპრომისი, ღარიბების ინტერესებიდან გამომდინარე, მიღწევადია. ნებისმიერი, რომელმაც ნახა თუ რამდენად მაღალია განათლების ხარისხი კერძო, როგორც წესი, კათოლიკურ სკოლებში, ამერიკის ქალაქურ გეტოებში არსებულ სახელმწიფო სკოლებთან შედარებით, დათანხმდებოდა იმას, რომ კომპრომისი ნამდვილად საპოვნელია. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო დიდი იმედების მომცემი ექსპერიმენტების ჩატარება. არაა გასაკვირი, რომ სახელმწიფო ბიუროკრატიას სძულს მსგავსი იდეები და მთელი ძალით ეწინააღმდეგება მათ, ისევე, როგორც იგი ეწინააღმდეგება მის მიერ მოწოდებული განათლების ხარისხის შეფასებას. სანამ განათლების ხარისხი არ გახდება მისი რეფორმის უმთავრესი მიზანი, ღარიბები მოკლებულნი იქნებიან სოციალური მობილურობის უმთავრეს ინსტრუმენტს, ხოლო საზოგადოება — იმ პოტენციალს, რომელიც აღმოუჩენელი დარჩება ღარიბთა ბავშვებში. ფასი, რომელსაც ჩვენ ამისთვის ბიუროკრატებს ვუხდით, სამარცხვინოდ დიდია.

ჯანდაცვა

ყოველივე ზემოთქმული ასევე ეხება ჯანდაცვასაც. ღარიბები ბევრად უფრო რისკავენ თავისი ჯანმრთელობით. ხარისხიანი სამედიცინო დახმარების არარსებობას მძიმე სნეულებებამდე და ნაადრევ სიკვდილამდე მივყავართ. როგორც ცალკეული ადამიანი, ისე საზოგადოება მთლიანობაში ამაში ზედმეტად მაღალ ფასს იხდის. საზოგადოდ მიღებულია, რომ სახელმწიფო ვალდებულია მოსახლეობა ძირითადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს. ამიტომ სახელმწიფო ბევრ განვითარებად ქვეყანაში უფასო საყოველთაო სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს და, თითქმის ყოველთვის ამას ძალიან უხარისხოდ ასრულებს. ისევე, როგორც განათლების შემთხვევაში, ამ მსხვილმა და წინასწარ განჭვრეტადმა შეცდომამ კერძო სამედიცინო დახმარების მზარდი ბაზარი წარმოქმნა. მას მიმართავს ყველა, ვისაც კი ამის საშუალება აქვს. ღარიბები ასევე იძულებულნი არიან რომ კერძო სამედიცინო მომსახურებაზე ბევრი ფული დახარჯონ, რადგან უფასო სახელმწიფო დახმარება ან არ არსებობს, ან გამოუსადეგარია, ან მხოლოდ სოლიდური თანხის გადახდის შემდეგ არის ხელმისაწვდომი. ისევე, როგორც განათლების შემთხვევაშია, სახელმწიფოს გააჩნია დიდი შესაძლებლობები ღარიბების სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის სხვა ხერხებიც მოსინჯოს. ესაა სამედიცინო ვაუჩერები, კერძო სამედიცინო მომსახურების დაზღვევის სქემების მხარდაჭერა, ბოლოს და ბოლოს, პასუხისმგებლობის და ბიუჯეტის დეცენტრალიზაცია! – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის მისი გადაცემის გზით.

სამწუხაროა, რომ განათლების და ჯანდაცვის სფეროს ამგვარი რეფორმა ძალიან იშვიათად ხდება. ამის მიზეზი არა არარეალურობაში, არამედ მსგავსი რეფორმების საწინააღმდეგოდ განწყობილი მცირე, მაგრამ ძლევამოსილი დაინტერესებული წრეების არსებობაშია. რეფორმების მოწინააღმდეგეებს მიეკუთვნებიან ცენტრალური ბიუროკრატიული აპარატი, რომელსაც შედეგად შემცირება ან გაუქმება ემუქრება, ასევე პოლიტიკოსები, როლებიც პატრონაჟულკლიენტურ სისტემას იყენებენ. ისინი გარდაქმნების ყოველგვარი შემოთავაზების წინააღმდეგ გამოდიან, იმის შიშს ავრცელებენ, რომ გარდაქმნების შედეგად ღარიბთათვის მომსახურების ფასები აიწევს. ჯერჯერობით ლიბერალიზმის რაციონალურ სხივს ემოციების ჩამოწოლილი კვამლის ფენის გარღვევა არ ძალუძს.

ცოტაოდენი ეკონომიკური ზრდის აუცილებლობის შესახებ

ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც მოგვარებას საჭიროებს, ღარიბებისთვის თანამედროვე ეკონომიკის შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. უპირველეს ყოვლისა, ამისთვის დინამიკურად მზარდი ეკონომიკაა საჭირო. თუმცა, სოციალისტების კიდევ ერთი უგუნურობა იმაში მდგომარეობს, რომ სიღარიბის დონის შემცირების პრობლემის განხილვისას ისინი უგულვებელყოფენ ან აკნინებენ ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობას. ეს მხოლოდ იმით აიხსნება, რომ მემარცხენეები ზედმეტად არიან დაკავებულნი საბიუჯეტო ხარჯების საკითხებით და ბიუროკრატიის საყოველთაო გავრცელებით. ასევე მემარცხენეებისთვის იმ არასასიამოვნო ფაქტით, რომ ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობა, ბევრად უფრო წარმატებულია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის შექმნაში, ვიდრე სახელმწიფო ჩარევის პოლიტიკა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გარემოს დამცველები ლიბერალიზმს და განსაკუთრებით ვაჭრობას, ზედმეტად დიდი ეკონომიკური ზრდისთვის უტევენ.

საქმე ისაა, რომ კლასიკური ლიბერალიზმი ითვალისწინებს თავისუფალი ვაჭრობის განვითარებას – ყველაზე წარმატებულ ეკონომიკურ სტრატეგიას მსოფლიო ისტორიაში. XIX საუკუნეში მან ევროპაში შიმშილს მოუღო ბოლო, რაც მანამდე კაცობრიობის გარდაუვალ განაჩენად მიიჩნეოდა. ჩვენ ხშირად გვავიწყდება რომ, მაგალითად, XVIII საუკუნეში საფრანგეთს შიმშილიანობის ცხრა ტალღამ გადაუარა, რომელმაც მოსახლეობის 5 პროცენტზე მეტის სიცოცხლე შეიწირა. დღეს შიმშილის პრობლემა მხოლოდ არაკაპიტალისტურ, არალიბერალურ და თავისუფალი ბაზრის გარეთ არსებულ დიქტატორულ ქვეყნებშია აქტუალური, მაგალითად, ისეთებში, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა. თავისუფალი ვაჭრობის ეპოქამ XIX საუკუნეში, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, სიმდიდრე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. ეჭვგარეშეა ისიც, რომ თავისუფალი ბაზარი დღესაც სიმდიდრის წყაროს წარმოადგენს, რაც ემპირიული მონაცემებით არის დამტკიცებული.

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი დაახლოებით 52 თანაგამომცემელთან ერთად მონაწილეობს ყოველწლიურ გამოკვლევაში „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“, რომელიც თავდაპირველად ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატის მილთონ ფრიდმენის მიერ იყო ჩაფიქრებული. ამ გამოკვლევის მიზანი 123 ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების დონის გაზომვა და შედარებაა. ყოველი ქვეყნის ადგილის განსასაზღვრად აღნიშნულ შედარებით სიაში ისეთი გაზომვადი მაჩვენებლები გამოიყენება, როგორიც საგადასახადო ტვირთი, სახელმწიფოს წილი მშპში და სავაჭრო შეზღუდვების რაოდენობაა. გამოკვლევა მხოლოდ აკადემიურ ხასიათს არ ატარებს. მასში თვალნათლივაა ნაჩვენები დამოკიდებულება ეკონომიკურ თავისუფლებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის. სხვა სიტყვებით, რაც მეტია სახელმწიფოს ზეწოლა ადამიანზე, მით მეტი უძრაობა შეიმჩნევა ეკონომიკაში. ეს არ აკვირვებს ლიბერალურ ეკონომისტებს, რომლებიც ყოველთვის თვლიდნენ, რომ ეკონომიკური დინამიკა პირად ინიციატივაზე, შემოქმედებითობასა და გარისკვის უნარზეა დამოკიდებული, ხოლო ეს თვისებები ყოველი ინდივიდუუმის თავისუფალ განვითარებას ითხოვს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეკონომიკური პოლიტიკის შემმუშავებლები ყოველთვის საღი გონებით არ ხელმძღვანელობენ.

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ გამოკვლევის შედეგების შედარება ცხოვრების დონის სხვა კრიტერიუმებთან, და არა მხოლოდ ზრდის ტემპებთან, ასევე აჩვენებს, რომ მსოფლიოს ყველაზე უფრო თავისუფალ ქვეყნებში სიღარიბის და გაუნათლებლობის პროცენტი უფრო დაბალია, ნაკლებადაა განვითარებული კორუფცია და უფრო მაღალია სიცოცხლის ხანგრძლივობა. საღი აზროვნება გვაიძულებს ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკური ზრდა ქმნის რესურსებს, რომლებიც საჭიროა კაცობრიობის ყველაზე ყოფითი პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ კვლავაც ძლიერია მითი იმის შესახებ, რომ ღარიბები აღნიშნული ზრდისაგან ვერ იღებენ მოგებას. ალბათ გაგახსენდებათ ძველი ანდაზა იმის შესახებ, რომ მდიდარი მდიდრდება, ღარიბი კი ღარიბდება. ეს მოსაზრება აშკარად მცდარია, რასაც ადასტურებს ისტორიული გამოცდილება და ფაქტები. მაგრამ დამკვიდრებული შეხედულებები, როგორც ჩანს, ფაქტებს არ ითვალისწინებს. არადა ეკონომიკა არ არის თამაში ნულოვანი შედეგით, ერთის ეკონომიკური ზრდა მეორის ზარალს სულაც არ ნიშნავს და გულისხმობს, ხოლო თავისუფალი და ნებაყოფლობითი ეკონომიკური გაცვლისაგან ორივე მხარე იგებს. სხვა სიტყვებით, შესაძლებელია, რომ ყველა ერთად გამდიდრდეს, ოღონდ სხვადასხვა სისწრაფით.

რას გვიჩვენებს ჩვენი კვლევა „ჩამორჩენილების“ შესახებ? ჩვენ გამუდმებით გვესმის ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის უფსკრულის ზრდის შესახებ. ეს სიმართლეა. „მესამე სამყაროში“ არსებობს ქვეყნები ნულოვანი ან უარყოფითი ზრდის ტემპებით, ამ დროს უმეტეს ქვეყნებში ეკონომიკა მცირედ, მაგრამ მაინც იზრდება. კვლავ შევადაროთ ზრდის ტემპები ეკონომიკური თავისუფლების დონესთან, ჩვენ მივხვდებით, რომ ეკონომიკურად ყველაზე ღარიბი და ყველაზე ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოები თავიანთ ეკონომიკას თითქმის არ ხსნიან და თავისი ხალხის თავისუფლებას გამუდმებით ზღუდავენ. დიახ, „ჩამორჩენილი“ ერები არსებობენ, მაგრამ ისინი თავისუფალი ვაჭრობის ან გლობალიზაციის მსხვერპლნი კი არ არიან, არამედ თავიანთი ქვეყნების მმართველების მსხვერპლნი.

შეიძლებოდა გვემტკიცებინა, რომ საერთო ზრდის ტემპები ქვეყნის შიგნით სიმდიდრის გადანაწილებას თითქმის არ ასახავს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიხედვით, ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის ლიბერალიზაციას ახალი სამუშაო ადგილების შექმნა კი შეუძლია, მაგრამ ეს ადგილები მხოლოდ არაკვალიფიციური მუშებისთვისაა განკუთვნილი – მეცნიერები ასეთ სამუშაო ადგილებს „McJobs“ უწოდებენ, რომ თავიანთ მოსაზრებებს ჩვეული ანტიამერიკული ელფერი შესძინონ. „ღარიბი მუშაკები“ ახალი სტერეოტიპია, რომელიც, სავარაუდოდ, გლობალიზაციის და თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ მებრძოლებს გარკვეულ რიტორიკულ იარაღს მისცემს როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე იდეოლოგიური პოზიციებიდან. ეს მართალიც რომ ყოფილიყო, ეს გზა მაინც უკეთესია, ვიდრე ყველაზე არაკვალიფიციური მუშების შრომის ბაზარზე დაუშვებლობა, რასაც ფართოდ იყენებენ ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სისტემების მქონე ევროპის ქვეყნები. მაგრამ ხშირად ეს ისეთი სახით არის წარმოდგენილი, რომ მას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ახალი ტექნოლოგიები, გარდა იმისა, რომ არ ანადგურებს სამუშაო ადგილებს, ახალსა და უკეთესსაც ქმნის.

ისეთ ქვეყნებში, სადაც ბაზრები ასე თუ ისე ღია იყო, აღინიშნებოდა მზარდი მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ და დაბალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელზე. აშშში 1983-96 წლებში შექმნილი ყველა სამუშაო ადგილის 55 პროცენტი განკუთვნილი იყო მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის, დაახლოებით 32 პროცენტისთვის საჭირო იყო საშუალო კვალიფიკაცია და მხოლოდ 18 პროცენტი იყო განკუთვნილი დაბალკვალიფიციური მუშაკებისთვის. ქვეყნებს შიგნით შემოსავლების გადანაწილებას რომ გადავხედოთ, ყველაზე ღარიბ და არათავისუფალ ქვეყნებში შეიმჩნევა შემოსავლების მეტი უთანაბრობა, ვიდრე ეკონომიკურად თავისუფლებში. ზოგჯერ საჭიროა უბრალოდ ციფრებს შეხედოთ იმის მისახვედრად, თუ რა იმალება ეკონომიკური თავისუფლებისა და გლობალური ბაზრების საერთო სტერეოტიპებს შორის. ამიტომ, როგორც ამტკიცებს თავის სტატიაში – „ღარიბის საუკეთესო იმედი“ – სავაჭრო საკითხებში წამყვანი სპეციალისტი პროფესორი ჯაგდიშ ბჰაგვატი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელშეწყობით, მსოფლიო მასშტაბით უნდა იქნეს აღიარებული ბაზრების ინტენსიური და მრავალმხრივი ლიბერალიზაციის გაგრძელების აუცილებლობა. ის მკვეთრად აკრიტიკებს განვითარებადი ქვეყნების მთავრობებს მათ უუნარობაში, დაინახონ ის ზიანი, რომელიც ეკონომიკისთვის პროტექციონიზმის პოლიტიკას მოაქვს და მათგან ბევრის მცდარ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მდიდარი ქვეყნების პროტექციონიზმი მათ მიერ იგივე პოლიტიკის გამოყენებას ამართლებს. არადა, ამით ისინი საკუთარ თავს ორმაგად აზიანებენ.

ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება ისეთი ინსტიტუტების შექმნაა, რომლებიც პროდუქტისა და წარმოების ფაქტორების ეფექტური ბაზრების ფორმირებას შეუწყობდნენ ხელს. აღნიშნული პრობლემის მოგვარების ძირითად ფაქტორებს სასამართლოები, სამართლებრივი სისტემა, სამართლიანი აღმასრულებელი მექანიზმი და საკუთრებითი უფლებების დაცვის ეფექტური სისტემა წარმოადგენს. თუ როგორ ეხება ეს ზომები უშუალოდ ღარიბებს, ქვემოთ იქნება ნაჩვენები. აუცილებელია, ამგვარი ბაზრების ფორმირების კიდევ ერთი მთავარი ასპექტი ვახსენოთ – ინფრასტრუქტურის შექმნა და მოვლა. მთელ მსოფლიოში სიღარიბის კვლევა აჩვენებს, რომ ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა, მაგალითად გზების და ელექტროენერგიის, ამცირებს სიღარიბის დონეს შესაბამის რეგიონებში. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ბაზრებს აკავშირებს და სოფლის მოსახლეობას ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს უხსნის, რომ მათ ისეთი მომგებიანი საქონლის წარმოება შეძლონ, როგორიცაა, მაგალითად, ბოსტნეული საქალაქო ბაზრებისთვის. ელექტროენერგია პატარა სარემონტო და საწარმოო საამქროების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ასეთი ინფრასტრუქტურის გარეშე ეკონომიკური ზრდა მხოლოდ საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებულ სასაზღვრო რეგიონებში იქნება შესამჩნევი, იმ დროს, როდესაც ქვეყნის შუაგულში განლაგებულ რეგიონებში უძრაობა გაგრძელდება. ამის მტკიცებულებას ინდოეთი და ჩინეთი წარმოადგენს.

ღარიბებს სამართლებრივი რევოლუცია ესაჭიროებათ

მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას, ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის დონის შემცირებას შორის პოზიტიური ემპირიული კავშირი დადგენილია, როდესაც ადამიანები ღარიბთა რეალურ განცდებს აწყდებიან, უმეტესობას ეჩვენება, რომ შემოთავაზებული მაკროეკონომიკური რეფორმები ზედმეტად აბსტრაქტულია და ხელმოკლეთა ფენის ცხოვრებისაგან ძალიან შორსაა. მსგავსი მსჯელობები ცვლილებების განხორციელებისთვის პოლიტიკურ ბარიერს წარმოადგენს იმიტომ, რომ ისინი ხელს არ უწყობენ, ღარიბებმა ხმა ლიბერალურ პოლიტიკურ მოძრაობას რომ მისცენ.

არსებობს ეთიკური თვალსაზრისით გასაგები და შექების ღირსი სტიმული – ღარიბების უშუალოდ დასახმარებლად გააკეთო რამე, სულ ერთია ზუსტად რა, ქველმოქმედების ან კეთილდღეობის სახელმწიფოს ინსტრუმენტების გამოყენებით. შემდეგ, როგორც კი პატერნალისტურ-პატრონაჟულ ურთიერთობათა სისტემაში ჩართვის საშუალებას დაინახავს, მსგავსი მოთხოვნები ბევრ სხვა ღარიბსაც უჩნდება. მაგრამ ამ მორალური იმპულსის უკან ხშირად დაფარულია კითხვა: ნამდვილად აღკვეთს კი ამგვარი მიდგომა სიღარიბის ძირეულ მიზეზებს, თუ ისინი მხოლოდ მის სიმპტომებს ამსუბუქებენ და იმავდროულად ღარიბთა დამოკიდებულებასა და მათი ინიციატივების ჩახშობას უწყობენ ხელს? ამის გათვითცნობიერების შემდეგ დახმარების გამწევი ორგანიზაციები თავის ერთერთ ამოცანად ცალკეული პიროვნებების დამოუკიდებელი ინიციატივის იდეის გავრცელებას დაისახავდნენ. ამგვარად, ბოლოს და ბოლოს აღიარებულ იქნა, რომ ღარიბები არა უმწეო არსებები, არამედ ბუნებრივად დიდი პოტენციალის მქონე ადამიანები არიან. მაგრამ ადრე, როცა დასავლეთის ხალხი სიღარიბიდან თავის დაღწევის გრძელ გზას დაადგა, უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები ხომ უბრალოდ არ არსებობდა. ამიტომ ჩნდება მარტივი კითხვა: რატომ საჭიროებენ ღარიბები საკუთარი თავის დასახმარებლად მხარდაჭერას სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან, რომელთა ნაწილი ხშირად უცხოურია?

მსგავსი კითხვების უმეტესობაზე პასუხები პერუელი ეკონომისტის, ერნარდო დე სოტოს ორ ბრწყინვალე წიგნში შეგიძლიათ იპოვოთ. აღნიშნული კვლევის საწყისი წერტილია ის ეკონომიკური სისტემა, რომელშიც ღარიბები ცხოვრობენ. ის მიუთითებს, რომ ღარიბებს არ მიუწვდებათ ხელი იმ სამართლებრივ ინსტრუმენტებსა და ინსტიტუტებთან, რომლებიც თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის ეფექტურობას უწყობენ ხელს: კერძოდ, ხელშეკრულებების დაცვისა და შესრულების სამართლებრივი ნორმები, სტაბილური და გარანტირებული საკუთრების უფლებები, მარტივი, მაგრამ ეფექტური საბაზრო რეგულირება. ამის ნაცვლად, ისინი გაძნელებულ და არაეფექტურ იურიდიულ სისტემას აწყდებიან. მაშინაც კი, როდესაც სასამართლოები დამოუკიდებელი და პროფესიონალურია, საქმეები წლები გრძელდება. სახელმწიფო ნორმატიული აქტები ძალიან რთული და ყოვლისმწვდომია, ამიტომ ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა უამრავი სანქციისა და ბეჭდების დამოკიდებულების ქვეშ ექცევა. ღარიბ ადამიანებს შეეძლოთ ამ სისტემაში ჰქონოდათ კაპიტალი, მაგალითად მიწის პატარა ნაკვეთი, მაგრამ ეს კაპიტალი მათ სახელზე კანონიერი გზით დარეგისტრირებული ვერ იქნებოდა.

დე სოტომ და მისმა ჯგუფმა ჩაატრეს ექსპერიმენტი: ისინი უბრალოდ შეეცადნენ, რომ ყველა საჭირო წესისა და ნორმის დაცვით, ქრთამის მიცემის გარეშე შეექმნათ ერთი პირის საწარმო, რომელიც ფართლეულის გამოშვებით დაკავდებოდა. ამას თითქმის ერთი წელი დასჭირდა და დასკვნა კი ძალიან შემაშფოთებელი იყო: ნებისმიერი წვრილი მეწარმისთვის კანონის დაცვა აშკარად შეუძლებელია. დიდი არაფორმალური ბაზრის არსებობის ერთერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ამაში მდგომარეობს.

ამკრძალავი ნორმები და წესები ასევე ეხება ღარიბთა დამოუკიდებელ ეკონომიკურ ინიციატივებს: ბევრ ქვეყანაში ისინი პრაქტიკულად უკანონოა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მცირე სესხების აღებასთან არის დაკავშირებული. თეორიულად ეს ნორმები და წესები ღარიბთა ექსპლუატაციისაგან დაცვას ითვალისწინებს. მაგრამ, რეალურად, ისინი პოლიციისა და ჩინოვნიკების მიერ მათ ექსპლუატაციას უწყობენ ხელს, რადგან უმარტივესი ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლადაც კი მათი მოქრთამვის საჭიროებას აჩენენ. მიუხედავად იმისა, ღარიბები გარემოვაჭრეებად, რიქშებად თუ მიკროავტობუსების მძღოლებად მუშაობენ, მათ მთავრობას, პოლიციისა და ჩინოვნიკების სახით, ქრთამი უნდა გადაუხადონ.

უცხოური საქველმოქმედო ორგანიზაციები გავლენას ახდენენ სახელმწიფოზე და მის ბიუროკრატიულ აპარატს არწმუნებენ, რომ ისინი პირადი ინიციატივის წარმოჩენას არ აფერხებდნენ. თუმცა, როგორც წესი, ეს უხალისოდ კეთდებოდა. განვითარებად ქვეყნებში მზარდი კერძო ინიციატივის დაცვის ხელშეწყობა სახელმწიფო აპარატის მცდელობებისაგან – წარმოქმნის სტადიაზევე ჩაახშონ იგი, უცხოური ორგანიზაციების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომლის აღიარება იშვიათად ხდება.

თუმცა ყველაზე სერიოზული პრობლემა საკუთრებითი უფლებების დაცვაა. სამხრეთის ქვეყნების უმეტესობაში საკუთრებითი უფლებები ან ცუდადაა განსაზღვრული, ან ცუდადაა დაცული, ანდა მათი სხვა პირებზე გადაცემაა ძნელი. ამ ქვეყნებში საკუთრებითი უფლებების სისტემა ზედმეტად გართულებულია, არ ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ღარიბები ცხოვრობენ და აბსოლუტურად არაეფექტიანად იმართება. ბევრი ღარიბი ქოხმახებში ცხოვრობს, რომელთა საკუთრების უფლება სადავოა. საკუთრების ბაზრის არაეფექტიანობას იმისკენ მივყავართ, რომ ქალაქებისაკენ მიგრირებად ადამიანთა მზარდ რიცხვს აღარ ყოფნის მიწა და სახლები. ამიტომ ისინი, როგორც წესი, მიწას მის მფლობელს – მთავრობას ართმევენ, რომელმაც არ იცის რა უყოს მას და როგორ დაიცვას იგი. მიწის ამგვარი მითვისებების ორგანიზება ქოხმახების მფლობელი ე.წ. „არაფორმალური მეწარმეების“ მიერ ხდება. ისინი არაკანონიერი დასახლებების პოლიტიკურ და ფიზიკურ დაცვას უზრუნველყოფენ. ასეთ ახალ ქოხმახებში მცხოვრები ღარიბები მათ ქირას უხდიან, არჩევნებზე თავიანთი ხმების გამოყენების უფლებას აძლევენ და პოლიტიკური ღონისძიებების დროს გარკვეული რაოდენობის მასას ქმნიან. ეს დემოკრატიას და ეკონომიკურ ზრდას, რა თქმა უნდა, ზიანს აყენებს, მაგრამ ღარიბებს სხვა არჩევანი არ გააჩნიათ.

აღწერილი მდგომარეობის ეკონომიკური შედეგები უკიდურესად სერიოზულია. ისეთი ქონება, როგორიცაა სახლები, ქოხები ან მიწა, რომელზე საკუთრების უფლება გაურკვეველი ან საკამათოა, ვერ გადაიქცევა კაპიტალად. როგორც კი საკუთრების მფლობელი ნათლად არის განსაზღვრული და კანონით არის დაცული, ხოლო ქონების გადაცემა უსაფრთხო და ეფექტური ხდება, საკუთრება შეიძლება შემოსავლის ზრდის დამატებითი წყარო გახდეს. ამგვარად, ქონება, მისი კაპიტალად ქცევის სახით, მეორე, ვირტუალურ ცხოვრებას იძენს. ღარიბები, ჩვეულებრივ, აღნიშნულ უფლებას არიან მოკლებულნი: ისინი ფლობენ ქონებას, მაგრამ არ მიუწვდებათ ხელი იმ სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, რომლებიც მათ ქონებას საკუთრებად და, მაშასადამე, კაპიტალად აქცევენ. დე სოტო წერს, რომ სამხრეთულ ქვეყნებში არაეფექტური საკუთრებითი უფლებების შედეგად ფორმირებული გამოუყენებელი ან „მკვდარი“ კაპიტალის ჯამური ღირებულება, რომლის დიდი ნაწილი ღარიბებს ეკუთვნის, ცხრა ტრილიონ დოლარს აღემატება. კაპიტალის ფორმირების ასეთ პოტენციალს ვერც ერთი უცხოური დახმარება ვერ შეედრება. გარდა ამისა, ამ გზით ღარიბები ფიქსირებული სიმდიდრის გაცილებით მეტ წილს მიიღებდნენ.

აქ ჩვენ ვუბრუნდებით იმ აზრს, რომლითაც ეს სტატია იწყებოდა: სიღარიბის დაძლევის საუკეთესო გზაა – ღარიბებს საკუთრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში დაეხმარო. თურმე, უმეტეს შემთხვევაში, ეს შეიძლება ხარჯების გარეშე გაკეთდეს: საჭიროა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე იმის აღიარება, რაც ისედაც რეალობას წარმოადგენს, კერძოდ – ქონების ფლობის უფლება. ქოხმახებში მცხოვრებმა ღარიბებმა უკვე იციან ვინც „ფლობს“ მათ საკუთრებას. ერთადერთი, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს – ეს ფაქტი დაარეგისტრიროს და „ახალი მფლობელების“ ეფექტური სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს. დე სოტოს სიტყვებით, ამგვარი კანონის მიღება შეიძლება განიხილოს, როგორც რეალობის გამოაშკარავება. ამ პროცესში აშკარა გახდება მრავალფეროვანი ნორმატიული აქტების საჭიროება. მაგალითად, მიწა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში კოლექტიურად ფლობენ ტომები, შეიძლება ინტეგრირდეს ინდივიდუალური საკუთრების უფლებების ფორმალურ სისტემაში, თუ იგი დარეგისტრირდება არა მარტო ფიზიკურ, არამედ იურიდიულ პირებზეც, მაგალითად, კოოპერატივებზე ან სააქციო საზოგადოებებზე. ევროპაში უკვე არის მსგავსი მაგალითები, ისეთები, როგორც მონასტრები, რომლებშიც ბერები ან მონაზვნები კოლექტიურად ფლობენ მიწას და ამგვარად საბაზრო აგენტები ხდებიან. თუ ტომს თავისი მიწის კოლექტიური ფლობის ძველი პრაქტიკის გაგრძელება სურს, მაშინ სამართლებრივი აქტებით ისინი საბაზრო ეკონომიკის სისტემაში ერთიანი მფლობელის სახით უნდა ჩართონ. ღარიბების საკუთრებითი უფლებების აღიარება და მათი დაცვა – არა მარტო პრაქტიკული, არამედ პოლიტიკური ამოცანაცაა. ძალიან დიდი დროის განმავლობაში ღარიბთა დამცველები მათი საკუთრებითი უფლებებით იგნორირებას ახდენდნენ. ჩრდილოეთის ქვეყნებში ეს ფატალური შეცდომა გახდა. იქ მდიდრები ღარიბებზე ნაკლებად საჭიროებენ თავიანთი საკუთრების უფლებების დაცვას. სინამდვილეში, სწორედ ცუდად განსაზღვრული და ხშირად დაუცველ ღარიბთა საკუთრების უფლებები ხდება მდიდართა მხრიდან თავდასხმისა და ხელყოფის ობიექტი. ამას ნათლად გვაჩვენებს ბანგლადეშის მაგალითი: ერთმა ქალმა სცადა სიღარიბისთვის დაეღწია თავი და გრამინ ბანკში სესხი აიღო. ფულის ეფექტურად დაბანდებისა და ბევრი მუშაობის შედეგად მან მცირე კაპიტალი დააგროვა და პატარა სახერხის გახსნა გადაწყვიტა. ამის გაგებისას ადგილობრივმა კონკურენტმა – პოლიტიკური კავშირების მქონე ბიზნესმენმა, მასთან თავისი ვასალები გააგზავნა, რომლებიც მას გაუპატიურებით და ფიზიკური გასწორებით დაემუქრნენ, თუ იგი თავის იდეაზე უარს არ იტყოდა. მას ესმოდა რომ პოლიცია ადგილობრივი ელიტის მხარეზე იქნებოდა, ხოლო საქმე სასამართლოში წლების განმავლობაში გაიწელებოდა, ამიტომ მას თავის იდეაზე უარის თქმამ მოუწია. მსგავსი ისტორიები სამხრეთში არცთუ ისე იშვიათია. დაელაპარაკეთ მეწარმეს თავისი ქარხნის გადატანაზე ანდა ახლის მშენებლობაზე და თქვენ ნახავთ, რომ ის ვერ ბედავს სხვის ტერიტორიაზე შესვლას. ეს იმიტომ ხდება, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს კანონიერების დაცვას და მის ადგილს ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები იკავებენ, რომლებიც ღარიბი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ხარჯზე ცხოვრობენ. მსგავსი მოვლენები აღმავლობის გზაზე სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს და ღარიბთა ეკონომიკური აქტივობისთვის გადაულახავ ბარიერებს ქმნის. ზემოთ ხსენებული გრამინ ბანკისადმი მიძღვნილ ზოგიერთ გამოკვლევაში გამოხატული იყო გაკვირვება, თუ რატომ ვერ ახერხებენ მისი კრედიტორები, რომ თავიანთი არსებობის შესანარჩუნებლად საჭირო ელემენტარულ რესურსზე მეტი იშოვონ. პასუხი კი შემდეგია: სტაბილური საკუთრების უფლებების, უფრო ფართოდ – კანონიერების არარსებობა, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში, რაც შეამსუბუქებდა ღარიბთა გადასვლას ჩრდილოვანიდან ფორმალურ ეკონომიკაში. ნათლად გაწერილი კერძო საკუთრების უფლების არარსებობა ასევე ხდება ადამიანების ფართოდ გავრცელებული უბედურებების მიზეზი, რომლებსაც ასახლებენ მათ მიერ ოდიდგანვე დასახლებული ტერიტორიიდან ე.წ. „განვითარების პროექტების“ განხორციელებისას, მაგალითად, დიდი კაშხლების მშენებლობისას. ინდოეთმა ფაქტობრივად აკრძალა საკუთრების კონსტიტუციური უფლება, რომელიც ითვალისწინებდა აბსოლუტურ კომპენსაციას სახელმწიფოს მიერ საკუთრების ექსპროპრიაციის დროს, უბრალოდ იმიტომ, რომ აღნიშნული პროექტების გაიაფება სურდა. ამ დროს ამბობდნენ, რომ ეს ზომები მიმართული იყო მსხვილი მიწათმფლობელების საწინააღმდეგოდ. სინამდვილეში, ამან იქამდე მიიყვანა, რომ ათობით ათასი ღარიბი საცხოვრებელის და შესაბამისი კომპენსაციის გარეშე დარჩა, რადგან არ გააჩნდათ საკუთრებით განსაზღვრული უფლებები, რომელთა დაცვაც სასამართლოში იქნებოდა შესაძლებელი. ტრაგიკულია, რომ ინდოეთში კაშხლის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა უმრავლესობამ პრობლემა საკუთრების უფლებების თვალსაზრისით ვერ გააცნობიერა. აღწერილი მდგომარეობის შეცვლა პოლიტიკური პროცესია. გარანტიას ის უნდა იძლეოდეს, რომ საკუთრების უფლებების უფრო სტაბილურ და ეფექტურ სისტემაზე გადასვლისას ღარიბებს არ გამოდევნიან ისეთი ძლევამოსილი მოთამაშეები, როგორებიცაა, მაგალითად, ქოხმახების ფაქტობრივი მფლობელები. ეს საშიშროება, ცხადია, კვლავ იარსებებს თუ ეკონომიკურ პროცესებს შემდგომშიც მხოლოდ ჩინოვნიკები და ტექნოკრატები დაარეგულირებენ, რომლებიც, როგორც წესი, ყოველი მოცემული მომენტისთვის ყველაზე გავლენიან ძალებს ემსახურებიან. შესაბამისად, ლიბერალური რევოლუცია აუცილებელია – და აქ გასახსენებლად ღირს ის, რომ ზუსტად ეს მოხდა დასავლეთის ისტორიაში. ამგვარად, ჩვენ მიერ დასმული ამოცანა არ ითვალისწინებს ღარიბების სასარგებლოდ სიმდიდრის გადანაწილების ახალი და უკეთესი მეთოდების გამოგონებას. ის მდგომარეობს იმაში, რომ აღიარებულ იქნეს ეკონომიკურ ცხოვრებაში ღარიბთა მონაწილეობის უფლებები, შემუშავდეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტები და შეიქმნას ინსტიტუტები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, დატოვონ ჩრდილოვანი სექტორი და ფორმალური საბაზრო ურთიერთობების მონაწილეები გახდნენ. ეს სწორედ ის ბუნებრივი უფლებაა, რომელსაც ისინი ზედმეტად დიდხანს იყვნენ მოკლებულნი.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s