რა ემუქრება თავისუფლებას XXI საუკუნეში

Todays World_prebal_vybrana.indd

ვაცლავ კლაუსი

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. ჩეხეთის პრემიერმინისტრი 1992-97 წლებში. კლასიკური ლიბერალიზმისა და თავისუფლების იდეებიის დამკვიდრებისთვის უკომპრომისო მებრძოლი. ევროკავშირის მზარდი ცენტრალიზებული ძალაუფლებისა და კონტროლის აქტიური კრიტიკოსი. ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2003 წლიდან

(გამოქვეყნდა 2002 წელს)

ჩემთვის დიდი პატივია ადამ სმითის პრიზის მიღება, განსაკუთრებით ეკონომიკური განათლების ფონდისგან. ჩემი სახელის ისეთ ძვირფას სახელთან დაკავშირება, როგორიც ადამ სმითია, ძალიან დიდი პრივილეგიაა.

დიდი მადლობა!

ადამ სმითი მუდამ ცნობილი და აღიარებული იქნება, როგორც ეკონომიკის, სოციალური მეცნიერების ამ უაღრესად მნიშვნელოვანი და ძლიერი დარგის მამა, რომელსაც პატივს ვცემ და უსიტყვოდ ვეთანხმები. ეკონომიკურმა დისციპლინამ, რომელსაც ოთხ ათეულზე მეტი წლის წინ ვეზიარე, გარე სამყაროს ხედვის ნათელი ორიენტაცია და სახელმძღვანელო პრინციპი მომცა და სასარგებლო და პროდუქტიული გზა მიჩვენა. ეკონომიკამ ცხოვრებაში გამოსადეგი აზროვნების სტილი ჩამომიყალიბა და თვალი ამიხილა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

ეკონომიკის სახით ადამ სმითმა მხოლოდ მეცნიერება კი არ შექმნა, არამედ გაცილებით მეტი. ის ეკონომიკას ეთიკის განუყოფელ ნაწილად განიხილავდა და, ამ თვალსაზრისით, მეტად საჭირო არგუმენტები წამოაყენა მათ წინააღმდეგ, ვისაც ჩვენი გაგება არ სურს და ვინც ჩვენში მხოლოდ უმოწყალო, თითქმის არაადამიანურ, რობოტის მსგავს მაქსიმალისტებს ხედავს. ადამ სმითისთვის, და ჩვენთვისაც, ეკონომიკა ჰუმანური მეცნიერებაა. ჩვენი აზრით, ის უფრო ჰუმანურია და უფრო მეტად არის ადამიანზე ორიენტირებული ვიდრე პოლიტიკურად სწორი, პროგრესული სახელმწიფო ინტელექტუალების ეთიკა, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენზე უკეთესები არიან.

უფრო მეტიც, ადამ სმითმა საბაზრო სისტემის ეთიკურობა და ეფექტიანობა დაგვანახა და, შესაბამისად, სახელმწიფო ჩარევის ამორალურობა და არაეფექტიანობა დაამტკიცა.

უაღრესად დიდმნიშვნელოვანია მის მიერ ჩამოყალიბებული „უხილავი ხელის“ ცნობილი კონცეფცია, ისევე, როგორც მისი თეორია ვიწრო კერძო ინტერესების დაცვიდან გამომდინარე საყოველთაო სიკეთის შესახებ.

მე ვფიქრობ, „ეკონომიკური განათლების ფონდის“ სულისჩამდგმელი ადამ სმითი იყო, რომელიც, ჩემი აზრით, უდიდესი მნიშვნელობის კლასიკური ლიბერალური ინსტიტუტია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში. „ეკონომიკური განათლების ფონდმა“ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და მისი გამოცემების – „თავისუფალი ადამიანი: ფიქრები თავისუფლებაზე” _ წაკითხვამ (რომელსაც ათ წელზე მეტია ვკითხულობ) ძალიან გაამდიდრა ჩემი გონება. ეს პუბლიკაცია ჩემი ბიბლიოთეკის უძვირფასესი ნაწილია. დამერწმუნეთ, ძალიან ყურადღებით ვკითხულობ, სულ ვიყენებ და ხშირად ვახდენ მის ციტირებას ჩემს ნაწერებსა თუ გამოსვლებში.

„თავისუფალი ადამიანის“ უკანასკნელმა მემორიალურმა გამოცემამ შესაძლებლობა მომცა ადრეული წლების კლასიკურ სტატიებს გავცნობოდი. ნამდვილად აღტაცებაში მომიყვანა მათმა ხარისხმა და დროულობამ. ამ პრიზის მიღება „ეკონომიკური განათლების ფონდისგან“ ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. ექვსი წლის წინ პრაღაში მე თვითონ დავაარსე სამეცნიერო წრე – „ეკონომიკისა და პოლიტიკის ცენტრი“, რომელიც იმავე იდეების გატარებას ემსახურება, რასაც ეკონომიკური განათლების ფონდი აქ, შეერთებულ შტატებში. რამდენიმე თვის წინ პატივი გვქონდა ეკონომიკური განათლების ფონდის პრეზიდენტი და ჩემი მეგობარი რიჩარდ ებელინგი გვწვეოდა და მისი საინტერესო და მრავალმხრივ კანონიკური ლექცია მოგვესმინა.

ვშიშობ, ამ საღამოს მე ვერ ვიქნები ასეთი კანონიკური. ვერაფერს ვიტყვი ისეთს, რაც თქვენ არ იცით ან, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ვერაფერს შემოგთავაზებთ ისეთს, რაც თქვენი პუბლიკაციებიდან არ მაქვს ნასწავლი. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს, XXI საუკუნის დამდეგს, თავისუფლებას იგივე საფრთხე ემუქრება, რასაც ადამ სმითი 250 წლის წინ ებრძოდა და „ეკონომიკური განათლების ფონდის“ დამფუძნებლები – ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ. შესაძლოა, თავისუფლების ახლანდელ საფრთხეს სხვა „ქუდი“ ეხუროს, ანუ უკეთ მალავდეს თავის რეალურ ბუნებას და ადრინდელზე უფრო დახვეწილიც იყოს; მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის ურთიერთკავშირის მაღალი ხარისხის გამო, შესაძლოა ამ საფრთხემ იოლად გადაინაცვლოს ერთი ქვეყნიდან მეორეში, მაგრამ ის მაინც საფრთხედვე დარჩება.

როგორც ეკონომიკის მუდმივი მკვლევარი, სულ მისი კანონებისა და პრინციპების დაცვას ვცდილობ. მათ შორის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ადამ სმითის ერთერთი მოსწავლის, XIX საუკუნის ცნობილი პოლიტეკონომისტის, დავიდ რიკარდოს მიერ ჩამოყალიბებული შედარებითი უპირატესობის კანონი. ამ საღამოს მე სამი შედარებითი უპირატესობა მაქვს:

სიცოცხლის უმეტესი ნაწილი კომუნიზმში გავატარე;

ჩემს ქვეყანაში პირადად ვარ აქტიურად ჩართული კომუნისტური სისტემის დემონტაჟსა და თავისუფალი საზოგადოების მშენებლობაში;

ბოლო დროს იმედგაცრუებული ვარ ევროპაში შექმნილი ვითარების, განსაკუთრებით ევროკავშირში განვითარებული მოვლენების გამო.

ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება გაოცდეს, რომ კომუნიზმში ცხოვრებას შედარებით უპირატესობად მივიჩნევ და არა პირიქით.

ჩემი პირადი ბედნიერების ან ჩემი მატერიალური კეთილდღეობის თვალსაზრისით, რასაკვირველია, ეს ნამდვილად არ იყო ბედნიერება, მაგრამ მისი საშუალებით გავიგე თავისუფლების არსი და ყველაფერი მის შესახებ. მაგალითისთვის, სანამ ჯანმრთელად ვართ, ჯანმრთელობას სათანადოდ არ ვაფასებთ. თავისუფლებასთან მიმართებაშიც ასეა. სახიფათოა, თუ მას სათანადოდ არ დავაფასებთ. იმის გამო, რომ თავისუფლება დიდხანს გვაკლდა, ხედვის უნარი გაგვიმახვილდა და მგრძნობელობა გაგვიძლიერდა.

ჩემს ქვეყანაში კომუნიზმის დამხობის შემდეგ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების რადიკალურ რეფორმებში ჩართვამ ის აზრი განმიმტკიცა, რასაც თავისუფლებასა და მის წანამძღვრებზე ვფიქრობდი. შეუძლებელი იქნებოდა ძველი კომუნისტური ინსტიტუტების თავიდან მოცილება, თუ ახალი ინსტიტუტებისა და იმ ქცევის ფორმების თანდათანობით ჩამოყალიბებას დაველოდებოდით, რასაც ისინი მოითხოვენ.

ეს ძალიან ნელი და ძალიან ძვირადღირებული პროცესი იქნებოდა. ვხვდებოდით, რომ თავისუფალი საზოგადოების ინსტიტუტები უნდა აგვეშენებინა და დაგვენერგა.

ქვეყნის გათავისუფლება წარმატებით განვახორციელეთ, მაგრამ ბოლო წლებში ევროკავშირთან მიახლოების და ბოლოს მასში გაწევრიანების საკმაოდ რთული პროცესი გავიარეთ. „ეკონომიკური განათლების ფონდში“ კარგად იციან, რომ ევროკავშირი ეს ის ინსტიტუტია, სადაც თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპს არ წარმოადგენს. ჩემდა სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ წავედით ნაკლებად თავისუფალი, უფრო კონტროლირებადი და მართული ეკონომიკისა და საზოგადოებისკენ.

ამიტომ, გლობალურ დათბობაში მე თავისუფლების საფრთხეს ვერ ვხედავ. მე ამ საფრთხეს ვერ ვხედავ ვერც ნავთობის მარაგის ამოწურვაში, ვერც ჰაერის დაბინძურებაში, ვერც ფრინველის გრიპში და ვერც მთავრობის მიერ სახელმწიფო სკოლების არასაკმარის დაფინანსებაში. როგორც ყოველთვის, თავისუფლების საფრთხეს იდეებში ვხედავ. საფრთხეს ვხედავ ამ იდეებზე აგებულ პოლიტიკაში და ამ იდეებითა და პოლიტიკით გამოწვეულ მოტივირებულ და გამართლებულ საქციელში. ვშიშობ, სწორედ ასეთ იდეებსა და სახელმწიფო პოლიტიკას ებრძოდა და აკრიტიკებდა ადამ სმითი დიდი ხნის წინ.

ასეთ იდეებსა და პოლიტიკას ის განცხადებები და ვარაუდები უდევს საფუძვლად, თითქოს კერძო თვითდაინტერესება ცუდია, ხალხს რაციონალურობა და ეთიკურობა აკლია და კონტროლი, ხელმძღვანელობა და გამოსწორება სჭირდება მათი მხრიდან, ვინც იცის, რა არის მათთვის კარგი. ამგვარად, სახელმწიფო ინტერესების დამცველი ხელისუფლება თავისუფლებას ზღუდავს.

წარსულში ჩვენ ასეთ სისტემაში ვცხოვრობდით, მაგრამ დღეს ევროპაში, გავბედავ და ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაშიც ასეთ სიმპტომებს ვხედავ. დასასრულ, არსებობს კიდევ ერთი საშიშროება: იდეოლოგიას მოკლებული, მაგრამ ძალიან აგრესიული „იზმები“, რაც რეალურად სულ ახალია. ნება მომეცით დაგისახელოთ:

ჩვენ ყველა ვზრუნავთ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ მეშინია მისი „ფორმალიზმის“.

ჩვენ ყველას გვსურს ჯანსაღი გარემო, მაგრამ მე საფრთხეს ვხედავ „ეკოლოგიანიზმში“.

თაყვანს ვცემ საპირისპირო სქესს, მაგრამ მეშინია ფემინიზმის.

სხვა კულტურებმა ჩვენი კულტურა გაამდიდრეს, მაგრამ მეშინია მულტიკულტურალიზმის.

მე მესმის ნებაყოფლობით გაერთიანებათა მნიშვნელობა, მაგრამ მეშინია – „კომუნიზმის“.

1759 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „The Theory of Moral Sentiments“ ადამ სმითი ცდილობდა გაეგო მათი, ვინც ჩვენი თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს. როგორც ის წერდა, მათ სურთ, “დიდი საზოგადოების სხვადასხვა წევრები, ჭადრაკის ფიგურებივით განალაგონ დაფაზე.” ისინი ვერ ხვდებიან, რომ „ჭადრაკის დაფაზე განლაგებული ფიგურები მხოლოდ იმ პრინციპით მოძრაობენ დაფაზე, რა პრინციპითაც ხელი გადააადგილებთ; მაგრამ ადამიანთა საზოგადოებაში ყოველ ცალკეულ ფიგურას „ჭადრაკის დაფაზე“ მოძრაობის საკუთარი პრინციპი აქვს, სრულიად განსხვავებული იმისგან, რის თავსმოხვევასაც შესაძლოაEკანონმდებლობა ცდილობდეს.“

ჩვენი თავისუფლების რეალურ საფრთხედ ახლანდელი ყოვლისმომცველი კანონმდებლობა მესახება, რომელიც ახალი „იზმების“ წარმომადგენელი განსაკუთრებული ინტერესის მქონე ძლევამოსილი ჯგუფების გავლენას განიცდის.

თავისუფლების შესანარჩუნებლად ერთადერთი გზა დაგვრჩენია – კლასიკური ლიბერალიზმის, ადამ სმითის იდეების და „ეკონომიკური განათლების ფონდისკენ“ მიმავალი გზა.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s