მილთონ ფრიდმენის პრაგმატული ლიბერტარიანიზმი

milton-friedman-quotes-sayings-society-freedom-wise

ედუარდ იუნკისი

მილთონ ფრიდმენი (1912-2006) არის თავგამოდებული ლიბერტარიანელი და მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეკონომისტი. მან ჩამოაყალიბა პიროვნული თავისუფლების ზრდის და მთავრობის კონტროლის შემცირების იდეის როგორც აკადემიური, ისე ყველასთვის ხელმისაწვდომი არგუმენტები. სამყაროს წინსვლის საქმეში მას გულწრფელად სწამს პროგრესის მარადიული ძალის და სამყაროში ეკონომიკური პროგრესით მიღებული პოზიტიური შედეგების მიმართ გასაოცარ ენთუზიაზმს ავლენს.

ფრიდმენმა თავის გავლენას, როგორც ეკონომისტმა და პოლიტიკურმა კომენტატორმა, ტექნიკურ ეკონომიკაში პირველი შეუდარებელი დიპლომის მიღებით მიაღწია. რამდენადაც ფულის თეორიაში მეტად გაწაფულ და აღიარებულ მეცნიერს მტკიცე მდგომარეობა ეჭირა აკადემიურ სამყაროში, ის საკმარისად დამოუკიდებელი იყო, რომ ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისი თავისუფლად გაევრცელებინა. მას ჰქონდა თავისუფალი ნება და სიმამაცე, რომ განსხვავებული პოზიცია დაეჭირა და დაპირისპირებოდა პროფესიულ წრეებსა და საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ შეხედულებებს.

მონეტარიზმის მამამთავარმა და ჩიკაგოს ეკონომიკური სკოლის ლიდერმა დამატებით გავლენას მიაღწია თავისი წიგნების, პუბლიცისტური სტატიების, ლექციების, ყოველკვირეული საგაზეთო სვეტების, კონგრესის წინაშე განცხადებების და სატელევიზიო გადაცემების მეშვეობით. მისი გულმოდგინე შრომის შედეგად ფრიდმენის ეკონომიკურმა იდეებმა და საჯარო პოლიტიკის წინადადებებმა დროის მოკლე პერიოდში მოიპოვა საყოველთაო აღიარება.

ფრიდმენმა ამჯობინა, რომ არ გამხდარიყო თეორიული სისტემის მშენებელი და უპირატესობა მიანიჭა მკაცრ, ისტორიულ, ემპირიულ, რაოდენობრივ და გაწონასწორებულ ანალიზს და კვლევებს, რომ მხარი დაეჭირა საკუთარი იდეებისთვის, ემპირიულად გამოეცადა ისინი და დაპირისპირებოდა ქეინზიანურ მოდელს. მას სწამს, რომ პოზიტიური ეკონომიკა ფასდაუდებელი, მეცნიერული და არსებითია. მას შეუძლია უზრუნველყოს განზოგადებების სისტემა, რაც შესაძლებელს გახდის სწორი პროგნოზების გაკეთებას ვითარების ცვლილებების შედეგებზე. ეს ზუსტი პროგნოზები მიიღება მარტივი დაშვებებით. ფრიდმენი აგებს მოდელებს მარტივი ჰიპოტეზების ჩართვით, რათა მიაღწიოს, მისი რწმენით, საღ, მძლავრ, პროგნოზირებად და პრაგმატულ დასკვნებს. იგი ამტკიცებს, რომ თეორია, რომელიც ინდივიდებს საშუალებას აძლევს, გააკეთონ საკუთარი საიმედო პროგნოზები, კარგი თეორიაა, რადგან შეფასებითი განსჯისგან თავისუფალი მეცნიერების მიზანი ერთმნიშვნელოვნად პროგნოზირების უნარია. ავსტრიული ეკონომიკური სკოლის იდეის საპირისპიროდ, რომლის მიხედვით საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებები კვლევის სხვადასხვა მეთოდებს საჭიროებენ, ფრიდმენი ამტკიცებს, რომ ეკონომიკური მოდელი უნდა იყოს განხილული მხოლოდ მისი გამოყენებითი პროგნოზირების უნარის მიხედვით.

ფრიდმენის უმაღლესი ეთიკური პრინციპია ინდივიდებს შორის ძალადობის არარსებობა. აქედან გამომდინარე, იგი ავითარებს საზოგადოების იმ მორალურ იდეას, რომლის ფარგლებშიც ადამიანები თავისუფალნი არიან არჩევანში. ამგვარი საზოგადოება ინდივიდებისგან მოითხოვს თავისუფლებას, რათა მათ შეძლონ რესურსების თავის ნებაზე გამოყენება. ფრიდმენი ამბობს, რომ ინდივიდის თავისუფლების არსი მდგომარეობს ადამიანების უნარში, მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები ისე, რომ ხელი არ შეუშალონ სხვებს იმავე საქმეში. ის განსაზღვრავს, რომ ეკონომიკური თავისუფლება არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა პოლიტიკური თავისუფლებისთვის. ეკონომიკურ და პოლიტიკურ თავისუფლებას ფრიდმენმა დაუმატა საზოგადოებრივი (სამოქალაქო) თავისუფლების ცნება, რაც გულისხმობს თავისუფალი შეკრების, აზრის გამოხატვის შესაძლებლობას და სხვა. მისი აზრით, პიროვნული თავისუფლება არის ის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს კომპლექსურ საზოგადოებას. რადგან ადამიანებმა ყველაზე უკეთ იციან რა უნდა გააკეთონ, მათ უნდა მიეცეთ საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლის საშუალება. ფრიდმენი საზოგადოებრივ ჯგუფებს უყურებს, როგორც იმ კონტრაქტების შედეგებს, რომლებსაც ადამიანები ხელს აწერენ თავიანთი მიზნების მისაღწევად.

ნებაყოფლობითი გაცვლის და ასოციაციების მორალური ღირებულებები უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზების ყველაზე ნაკლებად ძალადობრივი აპარატის არსებობას. ის ამბობს, რომ ლიბერალიზმის უმაღლესი მიზანია ეთიკური პრობლემების გადაჭრის ინდივიდებისთვის მინდობა. მართლაც მნიშვნელოვანი ეთიკური პრობლემა ეხება იმას, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ინდივიდებმა თავისუფლება. პოლიტიკა უბრალოდ უზრუნველყოფს ამ თავისუფლების გამოვლენის გარემო პირობებს.

ფრიდმენის თანახმად, სოციალური პოლიტიკის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ინდივიდს მისცეს საკუთარი ინტერესების მაქსიმალური რეალიზაციის საშუალება. ის ამბობს, რომ მას სურს რაც შეიძლება მცირე და ნაკლებ აბეზარი მთავრობა, რომელიც თავსებადია ოპტიმალურ თავისუფლებასთან, რომ თითოეულმა პიროვნებამ შეძლოს თავისი პროექტების განხორციელება და ღირებულებების ერთგულება მანამ, სანამ იგი არ ზღუდავს სხვა პიროვნების თავისუფლებას. ფრიდმენი ხსნის, რომ არ არსებობს ის საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც რომელიმე ჩვენგანს შეუძლია განსაჯოს სხვისი არჩევანი. აქედან გამომდინარეობს, რომ მთავრობა არ უნდა ცდილობდეს თავისი აზრის მოხვევას თავისუფალი ადამიანებისთვის. ის ამბობს რომ ამგვარი მარეგულირებელი და საყოველთაო კეთილდღეობის უზრუნველმყოფი სახელმწიფოს მცდელობები არა მარტო ზღუდავს თავისუფლებას, არამედ განზრახულის შესრულებაში კატასტროფულ მარცხს განიცდის. მთავრობის მცდელობების შედეგად პრობლემები ან წარმოიქმნება, ან უფრო მეტად მძიმდება. ფრიდმენი ასევე ამტკიცებს, რომ საყოველთაო კეთილდღეობის, საზოგადო ინტერესის და სოციალური სამართლიანობის გაბატონებულ წარმოდგენებში არ ძევს მნიშვნელოვანი შინაარსი.

ფრიდმენი აცხადებს, რომ მთავრობის ძირითადი ფუნქცია მდგომარეობს შემდეგში: 1. დაიცვას ერი გარეშე ძალადობისგან და დაიცვას ინდივიდები ურთიერთძალადობისგან სახელმწიფოს შიგნით. 2 შეუწყოს ხელი თავისუფალი ბაზრის შექმნას გაცვლის კანონების მიღებით და უზრუნველყოს გაცვლის საშუალების არსებობა. 3. რეაგირება მოახდინოს თანმდევ შედეგებზე. იგი ამბობს, რომ მთავრობამ უნდა გააკეთოს მარტო ის, რისი გაკეთებაც არ შეუძლია ბაზარს. უნდა დაადგინოს “თამაშის წესები”. უფრო კონკრეტულად კი, მთავრობამ უნდა მიიღოს კანონები და გაატაროს ძალადობის აღმოსაფხვრელი პოლიტიკა; დაიცვას მშვიდობა და უზრუნველყოს ხალხის უსაფრთხოება; მოაგვაროს დავები და ხელი შეუწყოს ნებაყოფლობით დადებული კონტრაქტების განხორციელებას; განსაზღვროს საკუთრებაზე უფლების მნიშვნელობა და უზრუნველყოს მისი დანერგვის საშუალებები; ასევე დაადგინოს თამაშის სხვა წესებიც, როგორიცაა სავალუტო სისტემის პრინციპები, საბაზრო კონკურენციის წამახალისებელი პირობები და ტექნიკური მონოპოლიების შეზღუდვა. მიიღოს ზომები ეკონომიკური საქმიანობის ისეთი შედეგების წინააღმდეგ, რომლებიც სხვა პროცესებზე ზემოქმედებს (მაგ., გარემოს დაბინძურება). ფრიდმენი განმარტავს, რომ, როცა ერთი პიროვნების ქცევა აზიანებს მეორეს და როცა შესაძლებელია მიყენებული ზიანის ღირებულების და მასშტაბის გაკონტროლება და განსაზღვრა, ინციდენტის სუბიექტებმა ან პასუხი უნდა აგონ მომხდარზე, ან მიიღონ სათანადო სარგებელი ან კომპენსაცია.

ფრიდმენი არის მეცნიერი, რომელიც ახლოს იცნობდა ქეინზის სისტემას და ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ მის დასკვნებს. იგი იყო ის, ვინც გამოიყენა ქეინზის ენა და მეთოდები იმისთვის, რომ დაემტკიცებინა მისი მცდარობა. ფრიდმენი მუშაობდა ქეინზის სისტემაში და თამამად იყენებდა სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის საკუთარ ნიჭს, რათა გამოეკვლია ქეინზიანელობის ავკარგიანობა. მან ფაქტობრივად შიგნიდან დაანგრია ქეინზიანიზმი, როცა აჩვენა რომ ქეინზის სამომხმარებლო ფუნქცია არ შეესაბამებოდა ისტორიულ მონაცემებს. ფრიდმენის მიზანი იყო ქეინზიანელობის თავისი მონეტარული მოდელით ჩანაცვლება.

ფულის თეორია

ფრიდმენი იყენებდა ემპირიულ ჭეშმარიტებას, რათა იერიში მიეტანა სამომხმარებლო ფუნქციებზე, ხარჯების მულტიპლიკატორზე, მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელობაზე, ფილიპსის მრუდსა და სხვებზე. მან აჩვენა, რომ ქეინზის მოსაზრება საოჯახო მეურნეობების შესახებ იყო მცდარი და რომ მთავრობის დანახარჯებით მიღებული სარგებელი, მულტიპლიკატორის გამო, იმაზე გაცილებით ნაკლებია ვიდრე ის ამტკიცებდა. ფრიდმენის ხედვა, მუდმივი შემოსავლის ჰიპოთეზის შესახებ გულისხმობს, რომ საოჯახო მეურნეობები თავიანთ დანახარჯებს არეგულირებენ მხოლოდ მუდმივი შემოსავლის მიმართ ცხადი ცვლილებების გათვალისწინებით გრძელვადიან პერსპექტივაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან დაგვანახა რომ შემოსავლების წუთიერი თუ დროებითი ცვლილება მცირე გავლენას ახდენს სამომხმარებლო ხარჯებზე. ფრიდმენმა ასევე ცხადყო, რომ ფისკალურ პოლიტიკაზე გაცილებით მნიშვნელოვანია ის, თუ რა მოსდის ფულის რაოდენობას და რომ ფილიპსის მრუდის ჰიპოთეზა მცდარია, როცა გვთავაზობს, რომ ფასების ინფლაციის განაკვეთსა და უმუშევრობის დონეს შორის სტაბილური და მყარი ფუნქციონალური და ინვერსიული დამოკიდებულება არსებობს. მან განმარტა, რომ გრძელვადიან პერიოდში უმუშევრობა უბრუნდება თავის ნორმალურ დონეს, მიუხედავად მოკლევადიან პერიოდში ინფლაციის დონისა. ინფლაციასა და უმუშევრობას შორის არის ინვერსიული დამოკიდებულება, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ეს დამოკიდებულება ქრება. მოდით ახლა განვიხილოთ ფრიდმენის შეხედულებების სპეციფიკურობა.

“1867-1960 წწ. შეერთებული შტატების მონეტარული პოლიტიკის ისტორიაში”, რომელიც ანა შვარცის თანაავტორობით დაიწერა, ფრიდმენმა იერიში მიიტანა ქეინზიანურ მონეტარულ პოლიტიკაზე და ფულის რაოდენობრივი კლასიკური თეორია განამტკიცა. მან აჩვენა, რომ მონეტარული პოლიტიკა შესაძლოა იყოს ეფექტიანი როგორც ექსპანსიის, ისე შეზღუდვის შემთხვევაშიც. ფრიდმენმა გააღრმავა ადამიანების წარმოდგენა მოვლენების მსვლელობის განსაზღვრაში ფულის გადამწყვეტი როლის შესახებ და უზრუნველყო იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ ფედერალური მთავრობის დეფიციტს არ აქვს მასტიმულირებელი ეფექტი. მისი რეკომენდაცია მოიცავდა ფისკალური პოლიტიკის როლის შემცირებას ან საერთოდ გაუქმებას და მხარი არ დაუჭირა ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის ბიუჯეტის დეფიციტის შენარჩუნებას. მეორე მხრივ მან განმარტა ის, თუ რა ზეგავლენას ახდენს ფულის მიწოდების ცვლილება ეკონომიკაზე. ფრიდმენის მონეტარიზმი ემხრობოდა იმ აზრს, რომ ბიზნესის ციკლის გასაკონტროლებლად ფულის მიწოდებას და სარგებლის განაკვეთს იმაზე გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია ვიდრე ფისკალურ პოლიტიკას. მან ასევე აჩვენა, რომ არასწორად გამოყენების შემთხვევაში, მონეტარულ პოლიტიკას შეიძლება ახლდეს დამანგრეველი შედეგები.

ფრიდმენის მიხედვით, 1929 წელს საფონდო ბირჟის კოლაფსი იყო არა ფედერალური სარეზერვო სისტემის, არამედ მთავრობის მიერ დაშვებული თანმიმდევრული შეცდომების ბრალი. ამ შეცდომებმა გამოიწვია დეპრესია, რომელიც შემდეგ დიდ დეპრესიაში გადაიზარდა. მისი მტკიცებით დიდი დეპრესიის გამომწვევი მიზეზი იყო ცუდი მონეტარული პოლიტიკა. 1920-იანი წლების მიწურულს შეუსაბამობა არსებობდა კომპანიების რეალურ აქტივებსა და საფონდო ბირჟებზე მათი აქციების ფასებს შორის, რადგანაც ისინი არ ასახავდნენ ამ კომპანიების რეალურ მოგებას, რითიც უნდა შეფასებულიყო აქციები. 1929 წელს ეს კვანძი გაწყდა და მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეერთებული შტატების საფონდო ბირჟაზე აქციების ფასებმა 80%-იანი ვარდნა განიცადა. ფრიდმენი განმარტავს, რომ 1930 წლისთვის ბაზარმა თითქმის მოახერხა ფეხზე წამოდგომა წინა წლის ოქტომბრის კოლაფსის შემდგომ და ფედერალური სარეზერვო სისტემა რომ იაფი ფულის სწორ პოლიტიკას მიჰყოლოდა, ბაზრის ჩაძირვა მოხდებოდა 1930 ან 1931 წლებში და არა 1933 წელს. მას სწამს, რომ დიდი დეპრესია გამოწვეული იყო დეფლაციით – მიმოქცევაში არსებული ფულის მკვეთრი შემცირებით. ფედერალური სარეზერვო სისტემის ფულის მიწოდების მკვეთრ შემცირებაში დადანაშაულების გარდა, ის ასევე აკრიტიკებდა სარგებლის განაკვეთების ზრდას 1931 წელს და იმ ფაქტს, რომ კომერციულ ბანკებს გაბანკროტების საშუალება მისცეს.

რეალურად, 1928 წელს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შემაკავებელი მონეტარული პოლიტიკის გატარება დაიწყო სპეკულაციების მოთოკვის მიზნით, რადგანაც საფონდო ბირჟაზე ბუმი იყო. ამან გამოიწვია ეკონომიკის შენელება და ადამიანებს შეახსენა, რომ ეკონომიკა კრიზისს უახლოვდებოდა. მიუხედავად ამისა, 1929 წლის ოქტომბრის საბაზრო კრიზის დროს, ბანკებში პანიკა არ იყო და ბანკის დეპოზიტების თანაფარდობა მიმოქცევაში არსებულ ვალუტასთან მიმართებაში შედარებით მაღალი რჩებოდა თვეების განმავლობაში. სამწუხაროდ, შემდგომ, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გაატარა მცდარი პოლიტიკა, რის შედეგდაც 1929-33 წწ. ფულის მასა ერთი მესამედით შემცირდა, რაც საბანკო სისტემის მარცხსა და დანაზოგების განადგურებაში გამოიხატა. 1929-დან 1933 წლებში დაახლოებით 10 000 ბანკმა ვერ შეძლო ფულის მიწოდების შემცირებისთვის ალღოს აღება და გაკოტრების თავიდან აცილება. აქედან გამომდინარე, ამ წლებში მაღალი იყო უმუშევრობა, ფასების კლება და ეკონომიკური ვარდნა.

ფრიდმენმა ახსნა, რომ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ეკონომიკური ვარდნა დიდ დეპრესიად გადააქცია, როცა ფულის მიწოდება შეაფერხა და საბანკო კრიზისის დროს არ მოახდინა ბანკების ლიკვიდურობის უზრუნველყოფა. ფედერალურ სარეზერვო სისტემას რომ თავისი საქმე გაეკეთებინა, მაშინ შედეგი მხოლოდ გარკვეული საწარმოო კრიზისი იქნებოდა და არა დეპრესია. ფულის მიწოდება მკვეთრად დაეცა მაშინ, როცა ფედერალურ სარეზერვო სისტემას დამატებითი მარაგები უნდა გადაექაჩა სისტემაში დეფლაცია რომ შეეჩერებინა და ბანკები გადაერჩინა. 1930-იანი წლების განმავლობაში ფულის მიწოდება რომ გაზრდილიყო, კეთილდღეობას საფრთხე არ დაემუქრებოდა.

1930 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ამერიკის შეერთებული შტატების ბანკი ნიუ-იორკში გაკოტრდა და სხვა ბანკების მდგომარეობაზე იქონია გავლენა. დეპოზიტების პანიკური გატანის მოლოდინში ბანკებმა სესხები შეამცირეს, რითაც კიდევ უფრო შეამცირეს ფულის მიწოდება. ამას თან დაერთო სასოფლო-სამეურნეო ფასების დაცემა და ფერმების გაკოტრება, რამაც თავისი წვლილი შეიტანა საბანკო კრიზისში, რის შედეგადაც ხალხმა ზურგი შეაქცია დეპოზიტებს და ნაღდ ფულს მიუბრუნდა. მთავრობის არაკომპეტენტურობამ რეცესია საუკუნის საშინელ დეპრესიად აქცია. ფედერალურ სარეზერვო სისტემას შეეძლო თავიდან აეცილებინა ფულის მასის შემცირება დეპრესიის დროს და შეეძლო ფულის საჭირო რაოდენობა მიეწოდებინა ეკონომიკისთვის.

ფრიდმენი განმარტავს, რომ ბიზნესციკლები მთავრობის მიერაა სტიმულირებული და რომ მონეტარული სტაბილურობა არის ეკონომიკური სტაბილურობის წინაპირობა. მან აჩვენა, რომ შეერთებულ შტატებში მონეტარული პოლიტიკის შედეგები ეკონომიკურ საქმიანობაზე სისტემურად აისახება. მონეტარული პოლიტიკა უფრო მეტად ზემოქმედებს ეკონომიკურ საქმიანობაზე ვიდრე ფისკალური პოლიტიკა. სინამდვილეში, მის ნაშრომს გასდევს ეჭვი რეცესიების ან ინფლაციის მოგერიებაში ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. მისი დაკვირვებით, ფედერალური სარეზერვო სისტემა ძალიან დიდ ძალაუფლებას ანიჭებს რამდენიმე ადამიანს. ფრიდმენი გვაფრთხილებს, რომ აქტიური მონეტარული პოლიტიკა არის არასტაბილურობის წყარო. ამიტომ იგი გვირჩევს, რომ მონეტარული პოლიტიკა უნდა განხორციელდეს კანონის ფარგლებში და არა მთავრობის მოხელეების დისკრეციული ძალაუფლების ქვეშ. ფრიდმენს ნათქვამი აქვს, რომ მიესალმება ფედერალური სარეზერვო სისტემის გაუქმებას, მაგრამ მისი შრომები ამ სისტემის არსებობის შემთხვევაში ასევე მოიცავს მისი ფუნქციონირების სასურველ მახასიათებლებს.

ფრიდმენი აცხადებს, რომ ინფლაცია ყველგან და ყოველთვის არის მონეტარული ფენომენი და განმარტავს, რომ ფულის მიწოდების ზრდის სტაბილურობა გადამწყვეტია ინფლაციის და რეცესიის კონტროლისთვის. ფულის რაოდენობა მონეტარული პოლიტიკით კონტროლდება, ამიტომ მას სურს შეამციროს ფედერალური სარეზერვო სისტემის გავლენა ფულის მიწოდებაზე. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ მთელი ყურადღება საქონელსა და მომსახურებაზე შედარებით სტაბილური ფასის დონის შენარჩუნებას უნდა დაუთმოს. ფრიდმენი უპირატესობას ანიჭებს მონეტარული პოლიტიკის შედარებით ავტომატურ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ფულის მასის თანაბარზომიერ ზრდას, გააკონტროლებს ინფლაციის დონეს და მიგვიყვანს მტკიცე ეკონომიკურ ზრდასთან. მთავრობა შეზღუდული უნდა იყოს ფულის მასის ზრდაში. ფრიდმენი ამბობს, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის შეცვლა შეიძლება კომპიუტერით, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილური მონეტარული პოლიტიკის გატარებას, რაც ფულის მიწოდების ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური დონის შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს და ფულის მასის ყოველწლიურად 3-დან 5 პროცენტამდე ზრდის უზრუნველყოფას ნიშნავს. ფულის მიწოდება შეიძლება თანაბარზომიერად გაიზარდოს რეგულარულად, დღეების, კვირების და წლების განმავლობაში. ფრიდმენს ინფლაციის ალაგმვა ფულის მიწოდებაში გეგმაზომიერებისდამკვიდრებით სურს.

ფრიდმენი აღნიშნავს, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის საქმე ზოგადად ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა და არა საფონდო ბირჟის ფასების კონტროლი. ფედერალური სარეზერვო სისტემა არასდროს არ აკონტროლებდა საფონდო ბირჟას, მაგრამ მას აქვს მთლიანად ეკონომიკაზე კონტროლის საშუალება ეკონომიკაში ფულის მასის რეგულირებით. ფრიდმენის მიხედვით, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ არ უნდა დაუშვას, რომ მის მონეტარულ პოლიტიკას საფონდო ბირჟა განსაზღვრავდეს. ის დასძენს, რომ ცენტრალური ბანკები არ უნდა ზრუნავდნენ სარგებლის განაკვეთებზე. ის მხარს უჭერს მოთხოვნამდე დეპოზიტების 100 პროცენტიანი რეზერვირების დაკანონებას. საბოლოოდ, ის კარგად ორგანიზებულ ე.წ. ქაღალდის ფულის სისტემას ანიჭებს უპირატესობას ისეთი სასაქონლო სტანდარტის სისტემასთან შედარებით, როგორიცაა ოქრო, რომლის ფასი, მისი თქმით, არამყარი და ძვირია. ის ამბობს, რომ შეიძლება მოხდეს ოქროს ციებ-ცხელება და\ან “სარდაფებში” მისი მომარაგება, რაზეც თვალყურის დევნება ძალის ფუჭი ხარჯვაა. რა თქმა უნდა, ის აფასებდა კლასიკური ოქროს საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც 1900-იან წლებში დროდადრო ფუნქციონირებდა და ასკვნის, რომ დიდი დეპრესიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა ოქროს კლასიკური სტანდარტის სისტემა რომ არსებულიყო.

ეკონომიკური პოლიტიკა

ფრიდმენმა ეკონომიკური პოლიტიკის დებატებში ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ძირითადი წვლილი შეიტანა. ესენია მისი ნაშრომები ფულის რაოდენობრივი თეორიის და ფილიფსის მრუდის შესახებ. ამ სფერობეში მისი დაუცხრომელი ემპირიზმი ინტერვენციონისტებსა და კოლექტივისტებთან პოლიტიკურ დავაში უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელი იყო.

კლასიკური ფულის რაოდენობრივი თეორია დაფუძნებული იყო ირვინ ფიშერის თანაბარი გაცვლის თეორიაზე, რომელიც ამტკიცებს, რომ MV=Pთ, სადაც: M არის მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა; V – ამ ფულის მიმოქცევის სიჩქარე; P – ფასების საშუალო დონე; ხოლო თ – განხორციელებული ტრანსაქციების რაოდენობა. კლასიკოსი ეკონომისტები დაობდნენ, რომ ფულის მიმოქცევის შემოსავლების სიჩქარე (V) იყო მუდმივი, რომ ნამდვილ შემოსავალს არ ეხებოდა ცვლილებები ფულის მიწოდებაში (M) და რომ ამის გამო ფულის მიწოდების ცვლილება პირდაპირ გავლენას მოახდენდა ფასების დონეზე (P). კლასიკოსი თეორეტიკოსების აზრით, თუ V იქნება შედარებით სტაბილური, მაშინ თ ყოველთვის მიისწრაფის სრული დასაქმებისკენ.

ქეინზიანელებს სწამდათ და ამტკიცებდნენ, რომ V არის არა მუდმივი, არამედ ძალიან ცვალებადი და ახასიათებს, თავისი ქმედებებით ჩაახშოს ფულის მიწოდების ნებისმიერი ცვლილება, ახდენს ის ზეგავლენას რეალურ გამოშვებასა თუ ფასების დონეზე.

ფრიდმენმა მათ რაოდენობრივი თეორიის შემდგომი აღდგენით და განვითარებით უპასუხა და აღმოაჩინა, რომ V აღარ შეიძლებოდა ყოფილიყო მუდმივი, რადგან სხვადასხვა ცვლადების სტაბილურ ფუნქციას წარმოადგენდა. მან ახსნა, რომ V მონეტარულ ექსპანსიას პასუხობს მოკლევადიან პერიოდში ტოლობის მარჯვენა მხარეს მონეტარული ექსპანსიის გავლენის გაძლიერებით, შემსუბუქების
ნაცვლად. მან დაასკვნა, რომ V და თ გრძელვადიან პერიოდში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განისაზღვრება და, მაშასადამე, ფულის მიწოდების ცვლილება გამოიწვევს ფასების დონის ცვლილებას. თუ ფულის მიწოდება წარმოების დონეზე უფრო სწრაფად გაიზრდება ეს გამოიწვევს ინფლაციას.

ფილიპსის მრუდი არის გრაფა, რომელიც ასახავს ვერტიკალურ ღერძზე ინფლაციის და ჰორიზონტალურ ღერძზე უმუშევრობის დონეებს შორის დამოკიდებულებას. ფილიპსმა 1958 წელს აღმოაჩინა, რომ დიდ ბრიტანეთში 1861 და 1957 წლებში ინფლაციის და უმუშევრობის დონეებს შორის არსებობდა მჭიდრო ნეგატიური ან ინვერსიული დამოკიდებულება. ეს მიუთითებს ინფლაციის და უმუშევრობის დონეებს შორის არჩევანის საშუალებაზე. მაგრამ ფილიპსის მრუდი პრობლემის წინაშე 1970 წელს აღმოჩნდა, როცა უმუშევრობა და ინფლაცია ერთდროულად გაიზარდა (სტაგფლაცია).

ფრიდმენი ამტკიცებდა რომ ინფლაცია და უმუშევრობა გრძელვადიან პერიოდში ერთი მიმართულებით მოძრაობს. მისი აზრით, მთავრობა მუდმივად ვერ გააკეთებდა ინფლაციას და უმუშევრობას შორის არჩევანს იმიტომ, რომ რაციონალური და კარგად ინფორმირებული მუშაკები და მომუშავეები ყურადღებას აქცევენ რეალურ ხელფასებს. ფრიდმენი განმარტავს, რომ ე.წ. “ფულის ილუზიისგან” ადამიანები მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში დაზარალდებიან, როცა ისინი აღიქვამენ მხოლოდ ნომინალური ხელფასების ზრდას, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ამჩნევენ ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ზრდას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი მიისწრაფიან უფრო მეტი სამუშაოს მიწოდებისკენ და უმუშევრობის დონე მცირდება. დროთა განმავლობაში ისინი აცნობიერებენ რეალობას და ახალ მოლოდინებს, რის შედეგადაც სუფთა ხარჯები და შრომის მიწოდება უბრუნდება საწყის დონეებს და, შედეგად ტოვებს მხოლოდ ინფლაციის მაღალ დონეს. რეალური სახელფასო განაკვეთები უბრუნდება ადრინდელ დონეს, უმუშევრობის დონე კი ბუნებრივს. სამწუხაროდ, ინფლაცია, რომელიც მოჰყვება ექსპანსიურ პოლიტიკას, კიდევ უფრო გაიზრდება. ფრიდმენმა ამგვარად განავითარა ფილიპსის მრუდის “მოლოდინების ზრდის” იდეა, რომელიც უშვებს, რომ ადამიანები არ იტანჯებიან “ფულის ილუზიისგან” და რომ ისინი წინასწარ განჭვრეტენ და ელოდებიან ფასების და ხელფასების მატებას. შესაბამისად, ის იხილავდა ფილიფსის მრუდის სხვადასხვა შესაძლებლობებს მოსალოდნელი ინფლაციის დონეების მიხედვით.

როცა მთავრობა გადაწყვეტს უმუშევრობის დონის შემცირებას, ის ექსპანსიონისტური, ფისკალური თუ მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით გაზრდის ერთობლივ მოთხოვნას. საქონელსა და მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნა უკვალოდ გაქრება, როდესაც ადამიანები აღმოაჩენენ, რომ არ არსებობს ერთობლივი მოთხოვნის რეალური ზრდა. კომპანიები დაითხოვენ თანამშრომლებს და უმუშევრობის დონე საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება. როდესაც შემდგომ მთავრობა კიდევ შეეცდება ეკონომიკის სტიმულირებას, ადამიანებს კვლავ გაუჩნდებათ ინფლაციური მოლოდინი. ფრიდმენი აღნიშნავს, მოჩვენებითი არჩევანი ინფლაციისა და უმუშევრობას შორის მახეა, სადაც უმუშევრობის შემცირება მცირე ხნით ხდება, სანამ წინა დონეს არ დაუბრუნდება ისევ.

გაზრდილი ინფალიციის დონე ამცირებს უმუშევრობას, მაგრამ მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში. ფრიდმენი შეეცადა აეხსნა, რომ უმუშევრობის ბუნებრივ დონეზე დაბლა ჩამოსვლა მხოლოდ ინფლაციის ზრდით არის შესაძლებელი. 1967 წელს ფრიდმენმა უმუშევრობის ბუნებრივი დონის კონცეფცია წარადგინა. უმუშევრობის ბუნებრივი დონე უცვლელ სიდიდეს არ წარმოადგენს და იცვლება ეკონომიკის შემადგენელი პარამეტრების ცვლილებასთან ერთად. ის დამახასიათებელია იდეალურად კონკურენტული შრომითი ბაზრისთვის. ეკონომიკაში აგენტებს სწორედ უმუშევრობის დონე აძლევს საჭირო ინფორმაციას ფასებზე და მათ ინფლაციურ მოლოდინს განსაზღვრავს. ის ამბობს, რომ უმუშევრობის მხოლოდ ბუნებრივი დონეა შეთავსებადი სტაბილურ ინფლაციასთან.

ფრიდმენმა წარმოადგინა, რომ ფილიპსის მრუდი არასტაბილურია უმუშევრობის ბუნებრივი დონის პირობებში. ეკონომიკაში არსებული ტრადიციების, ინსტიტუტების და სამოქალაქო კანონების არსებობის პირობებში, უმუშევრობის დონის გარკვეულ დონეზე უფრო მაღალი ზრდა გამოიწვევს დეფლაციას და ადგილი ექნება რეცესიას, სანამ ხელფასები არ მიაღწევს ისეთ დონეს, რაც დამსაქმებლებს დასაქმების გაზრდის სტიმულს არ მისცემს. მსგავსადვე, უმუშევრობის დონის გარკვეულ დონეზე უფრო დაბალი დაწევა გამოიწვევს ინფლაციას და რეცესიას მანამ, სანამ უმუშევრობა ბუნებრივ დონეს არ დაუბრუნდება.

ფრიდმენის თანახმად, უმუშევრობის დონის ბუნებრივზე უფრო დაბლა დაწევა ინფლაციას იწვევს. როცა მუშაკებს აქვთ მაღალი ინფლაციური მოლოდინი, ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. რეალური სახელფასო განაკვეთი უცვლელი რჩება, როცა მოსალოდნელი ინფლაციის ნებისმიერ ზრდას სახელფასო ინფლაცია უპირისპირდება. რეალური სახელფასო განაკვეთის უცვლელობის პირობებში უმუშევრობის დონე მუდმივია. აქედან გამომდინარე ფრიდმენი ასკვნის, რომ მხოლოდ მოულოდნელი ინფლაცია იწვევს უმუშევრობის ბუნებრივ დონესთან შედარებით დაკლებას. მაშასადამე, გრძელვადიან პერიოდში ინფლაცია სრულიად მოსალოდნელია და ინფლაციასა და უმუშევრობას შორის არ არსებობს არჩევანი. გრძელვადიანი პერიოდის ფილიპსის მრუდი წარმოადგენს ვერტიკალურ ხაზს უმუშვერობის ბუნებრივ დონეზე. როდესაც უმუშევრობა ბუნებრივ დონეს მიუახლოვდება, თუ არ ჩავთვლით მოკლევადიან პერიოდებს, ექსპანსიონისტური პოლიტიკა მას ამ დონეზე ქვემოთ ვერ დასწევს. თუ მთვარობა ჭრაბი ფულის გამოყრით შეეცდება ასწიოს უმუშევრობის დონე ბუნებრივზე მაღლა, მოკლევადიან პერიოდში ინფლაციასა და უმუშევრობას შორის არჩევანი ინფლაციის და უმუშევრობის დონეების ზრდასთან ერთად განმეორდება. დამატებით კი, რაც უფრო მალე მოხდება ინფლაციური მოლოდინისთვის ალღოს აღება, მით უფრო სწრაფად დაუბრუნდება უმუშევრობა ბუნებრივ დონეს და ნაკლებ წარმატებული აღმოჩნდება უმუშევრობის შემცირებისკენ მიმართული მთავრობის ფისკალური თუ მონეტარული პოლიტიკა. ფრიდმენმა დაადგინა, რომ ნომინალურ შემოსავალზე ფისკალური დეფიციტის გავლენა მოკლევადიანია და დროის ამ მონაკვეთის გასვლის შემდეგ, ფულის მიწოდების ზრდის გაზრდილ განაკვეთს ინფლაციის განაკვეთზე გრძელვადიანი ეფექტი აქვს. მან აჩვენა, რომ დამატებითი მონეტარული ზრდა ზემოქმედებას ახდენს მხოლოდ ინფლაციის განაკვეთზე და არანაირი არსებითი გავლენის მოხდენა არ შეუძლია რეალური წარმოების ზრდის განაკვეთზე.

კორპორაციების სოციალური პასუხისმგებლობა

მილთონ ფრიდმენმა ჟურნალ ნიუ-იორკ თაიმსის 1970 წლის 13 სექტემბრის გამოშვებაში დაწერა რომ “ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა გაზრდის მოგებას”. ეს და მისი მომდევნო სტატიები მოიცავდა ფრიდმენის შეხედულებებს კორპორაციების არსის და მასში მონაწილე მხარეების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

ფრიდმენი განმარტავს, რომ კორპორაციები არ არსებობს ფიზიკურ რეალობაში, რომ მხოლოდ ადმიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ პასუხისმგებლობები, და რომ ბიზნესს, როგორც ასეთს, პასუხისმგებლობა არ გააჩნია. იგი ამტკიცებს, რომ არსებობს ბიზნესის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სოციალური პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს სახსრების გამოყენებას და საქმიანობის მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით წარმართვას, ისე, რომ მათი მოქმედება თამაშის წესებს არ გასცდეს. მოგების მიღება წარმოადგენს კორპორაციების მიზანს, რომლის მიღწევაც უნდა მოხდეს ღია და თავისუფალი კონკურენციის პირობებში ღალატის და თაღლითობის გარეშე. ფრიდმენი ასევე ამტკიცებს, რომ კორპორაციებს არ აქვთ და ვერ ექნებათ ძალაუფლების არასასურველი ხარისხი, გარდა იმ ძალაუფლებისა, რომელიც მათ მინიჭებული აქვთ მთავრობის მხრიდან. ის ამბობს, რომ არსებობს მთავრობის ძალაუფლების გავლენის შემცირების საჭიროება, რომლის გამოყენებასაც მოპაექრე დაინტერესებული ჯგუფები თავიანთ სასარგებლოდ ვარაუდობენ. ის არ ადანაშაულებს ბიზნესმენს, რომელიც ვაშინგტონში მიდის კონკრეტული პრივილეგიების მისაღებად (თამაშის წესების ფარგლებში), მაგრამ ადანაშაულებს იმ მოქალაქეებს და კანონმდებლებს, რომლებიც იღებენ თამაშის იმგვარ წესებს, რომელიც ამგვარ გამოვლინებას უწყობს ხელს. ის ამბობს, რომ აღმასრულებელი დირექტორი არის ფირმის მეპატრონის თანამშრომელი და რომ დამოკიდებულება აქციონერსა და მენეჯერს შორის არის, როგორც მესაკუთრე-დაქირავებული ან პატრონი-ნდობით აღჭურვლი პირი. მეპატრონის პირდაპირი პასუხისმგებლობა თავისი თანამშრომლების წინაშე არის მათ სურვილებთან შესაბამისობაში ბიზნესის წარმართვა. კანონიერი კონტრაქტის მიხედვით, კორპორაციის აღმასრულებლებს დაკისრებული აქვთ პასუხისმგებლობა ფირმის აქციონერების წინაშე, მათ აქვთ მინიჭებული მოვალეობები და უფლებები, გამოიყენონ კორპორაციის რესურსები აქციონერთა შემოსავლების გასაზრდელად მიღებული მოგების ხარჯზე. კონტრაქტის თანახმად, მათ არ აქვთ თავიანთი შეხედულებებისამებრ მოქმედების უფლება ფირმის რესურსების განკარგვის მიზნით დისკრეციული გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით, რომ მიაღწიონ იმ სოციალურ მიზნებს, რომლებიც არ არის პირდაპირ კავშირში მოგების მიღებასა და მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობასთან. მენეჯერებმა უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა ფულის დასაბანდებლად, რათა მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი აქციონერების ქონება. მათ არ შეუძლიათ აქციონერთა მოგების განკარგვა თუ ამას პირდაპირი სარგებელი არ მოაქვს კორპორაციისთვის. სადავო საკითხია, უკვე შემდგომ ამა თუ იმ მოქმედებასთან პროექტი რამდენად აკმაყოფილებს კორპორაციის ინტერესებს გაწეულ ხარჯებთან მიმართებაში.

ფრიდმენის თანახმად, თუ კორპორაცია ეწევა ქველმოქმედებას, ამას რეალურად მენეჯერები აკეთებენ, რომლებიც იღებენ აქციონერების კუთვნილ თანხას. ისინი განაგრძობენ სხვისი ფულის ხარჯვას მანამ, სანამ აქციონერები არ გამოთქვამენ შესაწირის გაღების სურვილს. ის განმარტავს რომ მენეჯერებმა არ უნდა შეუნაცვლონ თავიანთი შეხედულებები აქციონერებისას. ფრიდმენი განაგრძობს, რომ კიდევ ერთი მიზეზი, რომ იყო მენეჯერების წინააღმდეგი, რომლებიც სოციალურ საქმიანობაზე ხარჯავენ კაპიტალს, არის ის, რომ ეს იწვევს სამომხმარებლო ფასების ზრდას და ისინი ეფექტურად ხარჯავენ მომხმარებლების ფულს. ამის მსგავსად, როცა ასეთი ქმედებები იწვევს ხელფასების შემცირებას, ის მათ ფულს ფლანგავს. აღმასრულებელი დირექტორები, როცა სამსახურეობრივი მოვალეობების ფარგლებში მოქმედებენ და არა როგორც კერძო პირები, კორპორაციის აქციონერების წარმომადგენლები არიან. ფრიდმენი განმარტავს, რომ კორპორაციის აღმასრულებელი ასევე არის პიროვნება თავისი უფლებებით და, კერძო პირის მსგავსად, მასაც შეუძლია ნებაყოფლობით აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და მთელი მისი ფული, დრო და ენერგია მათ აღსრულებას დაუთმოს. ბევრი, კორპორაციის სოციალურ პასუხისმგებლობად შერაცხული, ქმედება სინამდვილეში მენეჯერების პირადი ინტერესების შენიღბული სახეა, სადაც ისინი სწირავენ კორპორაციის თანხას იმ სკოლებს, საავადმყოფოებს, საზოგადო ორგანიზაციებს ან კულტურულ ასოციაციებს, რომელთა მიმართაც პირადად არიან კეთილგანწყობილნი. ფრიდმენი აღნიშნავს, რომ კორპორაციის მოგების გაზრდით აღმასრულებლები მეტ დახმარებას უწევენ “სოციალურ კეთილდღეობას, ვიდრე აქციონერების ფულის ხარჯვით გაუწევდნენ მათ, ვისაც ჯილდოს ღირსად მიიჩნევენ. იგი ასევე ამბობს, რომ საგადასახადო რეგულირებამ არ უნდა დაუშვას კორპორაციული შეწირულობების შემცირება და უნდა მოხდეს კაპიტალის ნამეტზე გადასახადის გაუქმება.

ფრიდმენი განმარტავს, რომ უკეთესი იქნება ფული მეპატრონეებს დაუბრუნდეთ დივიდენდების სახით, რაც მათ საშუალებას მისცემს, თვითონ გადაწყვიტონ, რომელ საქველმოქმედო საზოგადოებას დაეხმარონ. ის გამოდის ყველა კორპორაციული გადასახადის გაუქმების და მთელი კორპორაციული მოგების აქციონერებისთვის დაბრუნების მხარდამჭერად, რომ შემდგომ მათ, როგორც ინდივიდებმა, გადაწყვიტონ როგორ გამოიყენონ საკუთარ ფული. შესაძლებელია, ინდივიდები უშუალოდ დაიბეგრონ როგორც განაწილებულ, ისე გაუნაწლებელ შემოსავალზე და უკვე შემდგომ გადაწყვიტონ მოახდინონ თუ არა თავიანთი შემოსავალის რეინვესტირება იმავე კომპანიაში ალტერნატიული კაპიტალდაბანდებისგან მისაღები მოსალოდნელი მოგების გათვალისწინებით. ფრიდმენის მიხედვით, ბიზნესმენები ძირს უთხრიან თავისუფალი საზოგადოების საფუძვლებს, როცა აღიარებენ კორპორაციის სოციალურ პასუხისმგებლობას. ის განმარტავს, რომ ბევრი აღმასრულებელი სარგებლობს და მხარს უჭერს პირად სოციალურ მიზნებს, რათა იმ ინდივიდების და ჯგუფების გული მოიგოს, რომლებსაც სწამთ, რომ კორპორაციებს აკისრიათ სოციალური პასუხისმგებლობა და, შესაბამისად, უნდა დასახონ სოციალური მიზნები. ფრიდმენი ამბობს, რომ ერთადერთი კანონიერი გზა სოციალური პრობლემების მოგვარებში ბიზნესმენების ნებაყოფლობითი დახმარებისა, არის იმ კანონიერი ჩარჩოების შექმნა, რომლებიც ბიზნესმენებს საშუალებას მისცემს, სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფით სარგებელი მიიღონ.

ფრიდმენის ფუნდამენტური თეორია სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ იუწყება, რომ კორპორაციებს ისღა დარჩენიათ სარგებელი კანონის ფარგლებში მიიღონ. ის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას ხედავს, როგორც დამანგრეველ დოქტრინას და როგორც ზიანის მომტან მოსაზრებას, რომელიც გამოწვეულია თავისუფალი საზოგადოების ხასიათის და ბუნების არსის გააზრებაში დაშვებული ფუნდამენტური ხარვეზებით და მისი ფუძემდებლური პრინციპების გაყალბებით.

ფრიდმენის ხედვა კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა უფრო მტკიცე ყოფილიყო მას რომ ინდივიდუალური უფლებების თეორია გამოეყენებინა. მას შეეძლო ეთქვა, რომ დირექტორების, მენეჯერების და სხვა თანამშრომლების მეშვეობით კორპორაციის სოციალური პასუხისმგებლობა სხვა არაფერია თუ არა უბრალოდ ცალკეული პიროვნებების უფლებების პატივისცემა. კორპორაციაში ინდივიდებს აქვთ კანონიერი პასუხისმგებლობა და მოვალეობა, პატივი სცენ სხვების მორალურ საქმიანობას, სივრცეს და დამოუკიდებლობას. ეს მოიცავს ძალის არგამოყენების ძირითად პრინციპს და გულისხმობს: ვალდებულებას, პატივი სცე კორპორაციის კონტრაქტებს მენეჯერებთან, თანამშრომლებთან, კლიენტებთან, მომწოდებლებსა და სხვებთან მიმართებაში, არ დაკავდე თვალთმაქცობით, თაღლითობით, ძალადობით, მუქარით, ყაჩაღობით ან სხვების ძალდატანებით, ასევე პასუხისმგებლობას, პატივისცემით მოეკიდო ადგილობრივი საზოგადოების შეხედულებებს. ჩამოთვლილის გარეთ კორპორაციები და მათი მენეჯერები არ არიან ეთიკურად ვალდებულნი, იყვნენ სოციალურად პასუხისმგებელნი. თუ მენეჯერები, როგორც აქციონერების წარმომადგენლები, დაარღვევენ მათთან მოგების გაზრდის შეთანხმებას იმ მიზნით, რომ ერთ ან მეტ ჯგუფს იმაზე მეტი სარგებელი მოუტანონ, ვიდრე იყო შეთანხმებული, ისინი ამით დაარღვევენ მფლობელების უფლებებს. მენეჯერებმა არ უნდა გამოიყენონ კორპორაციის კაპიტალი სხვა მიზნებისთვის. რა თქმა უნდა იმ მოსაზრებას, რომ კორპორაციებმა პატივი უნდა სცენ უფლებებს, მივყავართ დასკვნებისკენ, რომლის მიღწევასაც ცდილობდა ფრიდმენი.

საჯარო პოლიტიკა

ფრიდმენი მეტწილად უარყოფს პროგრამებს, რომლებიც დაფუძნებულია პატერნალიზმზე, რადგან ისინი აიძულებენ გადასახადების გადამხდელებს, უზრუნველყონ დახმარება და შეზღუდონ დახმარების ადრესატების მოქმედების არჩევანი. ის ყურადღებას ამახვილებს ბაზარზე არსებულ პრობლემებსა და შეუსაბამობებზე, რომლებიც თან ახლავს სამთავრობო პროგრამებს და ამტკიცებს, რომ მთავრობის მიერ ჩარევა ერთადერთი მაშინ არის გამართლებული, როცა ბაზარი ვერ ასრულებს მის ფუნქციას. ფრიდმენი აცხადებს, რომ ბაზარი ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების მთავარი ინსტრუმენტია, თუმცა აქვე დასძენს, რომ არსებობს სფეროები, რომლებსაც ბაზარი ვერ უმკლავდება ან მათი ორგანიზების დანახარჯები კერძო სექტორისთვის ძალიან მაღალია და პოლიტიკური მიდგომა უფრო ხელსაყრელი შეიძლება იყოს. მას ურჩევნია, რომ ყველას მიეცეს საკუთარი რესურსების ეფექტიანად გამოყენების საშუალება, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ღირებულებები სხვის საქმეებში ჩარევის გარეშე. საბოლოოდ მას სურს, რომ ეთიკური სახის პრობლემები ინდივიდებს დაუტოვოს გადასაჭრელად. ფრიდმენის პოლიტიკური რეცეპტები გადაწყვეტილებების მიმღები ცენტრების შემცირებას გამოიწვევს ბიუროკრატიული და პოლიტიკური სააგენტოების გაუქმების შედეგად.

ფრიდმენმა საჯარო პოლიტიკის იდეების მთელი წყება შემოგვთავაზა, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება: სოციალური კეთილდღეობის პროგრამებით, გადასახადებით (მოიცავს ნეგატიურ საშემოსავლო გადასახადს), განათლებით, სოციალური უსაფრთხოებით, საკვების და წამლის სააგენტოთი, ნარკოტიკების კანონმდებლობით, სავაჭრო ბარიერებით, დერეგულაციებით და პრივატიზაციით, დისკრიმანციით, პროფესიული და სამედიცინო დაზღვევით, მონოპოლიებით და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით, ხელფასების და ფასების კონტროლით, გაცვლის ფიქსირებული განაკვეთებით, პროფესიული კავშირებით, მარკირებით, გარემოს დაბინძურებით, მოხალისე არმიით და შავი ბაზრით. ქვემოთ რამდენიმე მათგანთან მიმართებაში მის პოზიციებს გავეცნობით.

ფრიდმენი მომხრეა წრფივი საშემოსავლო გადასახადის, სავარაუდოდ, კონკრეტული გადასახადებისგან გათავისუფლების შემთხვევების დაშვებისაც, მაგრამ არა დამატებითი საგადასახადო შეღავათებისა თუ სხვა გადასახადებისგან თავის დასაღწევი ხვრელების. მას სჯერა რომ ამ სისტემის შიგნით ნაკლები იქნება პირად განზრახვებში ჩარევა და ასეთი სისტემა უფრო ეფექტიანი და მიუკერძოებული იქნება. საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ 1941-43 წლებში ფრიდმენი ხაზინის თანამშრომელი იყო და ჩართული იყო ორმაგი დაბეგვრის სისტემის შემუშავებაში, რითაც მთავრობის უფლებამოსილებების ზრდაში გარკვეული წილი შეიტანა. რა თქმა უნდა, დღესდღეობით ის ისურვებდა მისი გაუქმების რამენაირი გზა რომ მოძებნილიყო. ფრიდმენის თანახმად, საგადასახადო კოდექსი შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირობითი კეთილდღეობისგან გათავისუფლების მიზნით იმისთვის, რომ გამომუშვებული შემოსავლით იცხოვრო და, იმავე დროს, გააუქმო ბიუროკრატია. ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ სიღარბის დაძლევა ნეგატიური საშემოსავლო გადასახის საშულებით შეიძლება, უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნული გადასახადით გამოთავისუფლებული ფული პირდაპირ ღარიბებთან მივიდოდა უფრო მარტივი ფორმულით და სამუშაოს მოტივაციაზე ნაკლები გვერდითი მოვლენების ასახვით. ფრიდმენი ნეგატიურ საშემოსავლო გადასახადში დღევანდელი სოციალური დაცვის სისტემის ალტერნატივას ხედავს. მისი წინადადება სოციალური დახმარების, შრომისუუნარობისა და უმუშევრობის პროგრამების შესახებ, რომლებსაც არაეფექტიანი და ძვირი ადმინისტრაცია ახასიათებთ, ე.წ მინიმალური საშემოსავლო დონის უზრუნველმყოფი საგადასახადო სისტემით შეცვლას ეხება. იარსებებს მინიმუმი, რომლის ქვემოთაც ვერ ჩამოვა შემოსავალი ე.ი. გარანტირებული შემოსავალი. “საჯარო შემწეობა” შემოსავლის მიხედვით გადანაწილდება წინასწარ დადგენილი მაქსიმუმის პირობით, აღკვეთს ბიუროკრატიულ მექანიზმებს, მისი გაუქმება ხმათა უმრავლესობით იქნება შესაძლებელი და გაიცემა ნაღდ ფულზე. ისინი, ვინც მუშაობენ, ყოველ გამომუშავებულ დოლარზე დაკარგავენ მხოლოდ ნაჩუქარი ფულის ტოლ წილს და შესაბამისად, მათი მოტივაცია გაიზრდება. ნეგატიური საშემოსავლო გასახადის არსებობისას ღარიბები შეავსებენ საშემოსავლო გადასახადის ფორმებს და, თუ ოჯახის შემოსავალი წინასწარ განსაზღვრულზე ნაკლებია, შეერთებული შტატების ხაზინა შემოსავლის მინიმუმამდე შესავსებად საჭირო ჩეკს გამოწერს. ფრიდმენის იდეამ გარკვეული სახით რეალიზება პოვა 1975 წლის გადასახადების შემცირების დადგენილებაში, რაც გულისხმობდა დაბალშემოსავლიანი გადამხდელებისთვის საგადასახადო კრედიტის შეთავაზებას. მისი ნეგატიური საშემოსავლო გადასახადის იდეა განსახიერებულია საშემოსავლო გადასახადის შეღავათებში.

ფრიდმენი საჯარო განათლებას დაწყებითი და საშუალო სკოლების დონეზე განიხილავს, როგორც ერთ დიდ სოციალისტურ საწარმოს, რომელიც სოციალისტურ ღირებულებებს ასწავლის. მას სურს სავალდებულო განათლების გაუქმება, რომ მშობლებმა გადაწყვიტონ უნდა იარონ თუ არა მათმა შვილებმა სკოლებში, ამავე დროს, როდის და სად იარონ. ფრიდმენი ვერცერთ გამამართლებელ მიზეზს ვერ ხედავს ნაციონალიზებული სკოლების არსებობაში, როდესაც მშობლები იზღუდებიან სასწავლებლის არჩევანის თავისუფლებასა და იმაში, თუ როგორ უნდა დახარჯონ ეს ფული. საჯარო განათლება ეფექტიანობისა და იმ უპირატესობებისგან განცალკევებით მდგომი მონოპოლიაა, რომელიც თავისუფალ კონკურენციას ახასიათებს. ის ამტკიცებს, რომ კონკურენცია გააუმჯობესებს სკოლებს და თან მოიტანს მრავალფეროვნებასა და მოქნილობას. მას სურს, რომ, ერთხელაც, საბაზრო მოთხოვნის შესაბამისი მასწავლებელთა ხელფასები იხილოს. ფრიდმენი მოუწოდებს მეწარმეებს, მხარი არ დაუჭირონ საჯარო სკოლებს, რადგანაც ისინი პირველები ზარალდებიან დაბალხარისხიანი საჯარო განათლების სისტემისგან. ამის სანაცვლოდ, მათ მხარი კერძო სკოლებს და კერძო განათლების სისტემას უნდა დაუჭირონ.

ფრიდმენი იმას ჩივის, რომ მშობელს, რომელსაც შვილი საჯარო სკოლაში შეჰყავს, ორჯერ უწევს გადახდა, პირველად გადასახადების გადახდით და მეორედ სწავლის საფასურის სახით. ის გვთავაზობს მშობლებს დაურიგდეთ საგანმანათლებლო ვაუჩერები, რომელთა გადახდაც ყველა სკოლაში შეეძლებათ და არა მხოლოდ საჯარო სკოლების მონოპოლისტურ სისტემაში. ფრიდმენი თავისუფალი არჩევანის, როგორც სტუდენტების და სკოლების გაუმჯობესების საშუალების, დაუცხრომელი დამცველია. ვაუჩერის სისტემის გამოყენება შეიძლებოდა სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებისთვის თითო ბავშვზე სწავლის საფასურის გამოსყიდვადი სერტიფიკატების გადაცემისთვის, რომელიც გარკვეული რაოდენობის დოლარის ღირებულებისაა. ის დარწმუნებულია, რომ ზოგადად მშობლები შვილებისთვის კარგ განათლებას აირჩევენ. ფრიდმენი ვაუჩერის სისტემას უყურებს, როგორც კერძო საგანმანათლებლო სისტემაზე გადასვლის მნიშვნელოვან ნაბიჯს. ის მიიჩნევს, რომ ვაუჩერის სისტემა სახელმწიფო სისტემისგან გათავისუფლების კარგი, ნაწილობრივი და ხელმისაწვდომი გამოსავალია. ფრიდმენი, რა თქმა უნდა, ისურვებდა, რომ სახელმწიფო საერთოდ არ ჩარეულიყო განათლებაში, მაგრამ ვაუჩერებს სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამს. დღესდღეობით, საქველმოქმედო სკოლები წარმოადგენს ფრიდმენის იდეის ხორცშესხმას.

სახელმწიფოს სოციალური უსაფრთხოების პროგრამაში იძულებითი მონაწილეობის ნაცვლად, ფრიდმენი მოუწოდებს საპენსიო ფონდების სახელმწიფოსგან გამოყოფას და სურს, რომ ადამიანებმა თვითონვე შეიძინონ დაზღვევა კერძო ფირმებში. მას მეტად აფიქრებს ახალგაზრდიდან მოხუცამდე ფულის განაწილება და ის ფაქტი, რომ ღარიბები თავიანთი შემოსავლის უფრო დიდ ნაწილს იხდიან, ვიდრე მდიდრები. ის სოციალური უსაფრთხოების სისტემას აკრიტიკებს იმისთვის, რომ ის ზღუდავს ადამინების უნარს, თავად გადაწყვიტონ რამდენი და როგორ დაზოგონ პენსიაზე გასვლისთვის. ფრიდმენი განმარტავს, რომ ინდივიდის შემოსავლის ნაწილი, რომელიც საკმარისია საპენსიო დაზოგვებისთვის, დამოკიდებულია ამ ინდივიდის ღირებულებებსა და გარემოებებზე. ყველა თავისი თავის უკეთესი ბატონია.

ფრიდმენს სურს, რომ გაუქმდეს საკვების და წამლის სააგენტო (იგულისხმება FDA. რედ. შენიშვ.). ის ამბობს, რომ ფარმაცევტული კომპანიების პირად ინტერესს წარმოადგენს არ აწარმოონ ჯანმრთელობისთვის მავნე წამლები და ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსიც გაუმკლავდება არსებულ პრობლემებს. ფრიდმენი აღნიშნავს, რომ ადამიანები ვერ ხედავენ სააგენტოს სიზანტის შედეგად დაკარგულ სიცოცხლეებს, როცა ისინი ტყუილუბრალოდ დროს ხარჯავენ წამლის დამტკიცებაზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, სასიკეთო აღმოჩნდება. მან გამოიკვლია, რომ სააგენტოს დაგვიანებებში რაღაც ინტერესი იკვეთებოდა. თუ აღმოჩნდება, რომ სააგენტომ მავნე წამალი დაამტკიცა, მას პრობლემები შეექმნება, მაგრამ ასევეა, თუ მან უარყო სასარგებლო წამალი, რომელიც ვარგისი გვიან აღმოჩნდება, მაშინ კომპანიები აკრიტიკებენ მას. ფრიდმენის აზრით, ცხადია, სააგენტოს მიერ წამლების დაგვიანებულ დამტკიცებას იმაზე მეტი სიცოცხლე შეეწირა, ვიდრე მის მიერ თავისდროულად დამტკიცებულმა წამლებმა გადაარჩინეს.

ფრიდმენს სურს ნარკოტიკების ლეგალიზება. ის ამტკიცებს, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ მიმართული ომი ამორალურია, რადგან შინ და გარეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ნარკოტიკების აკრძალვა შინ სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას იწვევს და ბევრ ერს გაუცრუა იმედი. ამ ომის მსხვერპლებს შორის არიან ბევრი არასრულწლოვნები, რომლებსაც ნარკოტიკების წინააღმდეგ მიმართულ მსუბუქ დანაშაულებებში მიუძღვით ბრალი. ფრიდმენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები პოლიციურ სახელმწიფოდ გადაიქცა, რომელიც ყოველწლიურად მილიონნახევარ ადამიანს ნარკოტიკების წინააღმდეგ მიმართული მსუბუქი დანაშაულის ბრალდებით აკავებს. ის წუხს სოციალურ ტრაგედიაზე, რომელიც იმიტომ წარმოიშვა, რომ სურდათ ადამიანები შეეზღუდათ სუბსტანციების ცხრილიდან ე.წ. “არალეგალური ნარკოტიკების” ინიექციის გაკეთებისგან. ფრიდმენის მიხედვით, ნარკოტიკებთან ბრძოლის რეალურ ხარჯებს წარმოადგენს ჩვენი სამოქალაქო უფლებები და სასამართლო სისტემა. ის ასკვნის, რომ ამერიკამ გაანადგურა კოლუმბია და ეს ცხადყოფს, რომ სათანადოდ ვერ მოქმედებს გარკვეული სუბსტანციების მოხმარების ამკრძალავი რეგულირებანი. ფრიდმენი ამბობს, რომ ამკრძალავი კანონების გაძლიერებას შეიძლება მოჰყვეს ნარკოტიკების მიწოდების დროებითი შემცირება, რაც გამოიწვევს მათზე ფასების მომატებას. მაღალი ფასები კი, თავის მხრივ, გზას უხსნის მიწოდების ახალ, უმეტესწილად არალეგალურ არხებს და ახლი ტიპის ნარკოტიკების გამოჩენას, რაც თავისთავად უფრო დიდ მიწოდებაში აისახება. ის ამტკიცებს, რომ ადამიანებს არ აქვთ ნარკოტიკების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებების ჩადენის დიდი სტიმული, რომელიც მსუბუქ დანაშაულად ითვლება თავდასხმას, მკვლელობასა და ქურდობასთან შედარებით. როცა მყიდველი და გამყიდველი ნარკოტიკით ნებაყოფლობით ვაჭრობენ, არ არსებობს რეალური მიზეზი იმის ჩასათვლელად, რომ ეს დანაშაულია. ფრიდმენი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ნარკოტიკების აკრძალვა არაეთიკურია და რომ თინეიჯერებს ნარკოტიკებში, უმეტეს შემთხვევაში, მათი არაკანონიერება იზიდავთ. ლეგალიზებისგან ყველაზე მეტ სარგებელს ნარკომანები ნახავენ, რომლებსაც გარანტია ექნებათ, რომ ხარისხიანი ნარკოტიკის საშოვნელად არ მოუწევთ კრიმინალში ჩაბმა. ფრიდმენს არ სურს, რომ ადამიანები ციხეში ისხდნენ სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის განხორცილების წარუმატებელი მცდელობის გამო.

ფრიდმენის თანახმად, მთავრობამ უკან უნდა დაიხიოს მთელ რიგ სფეროში არასწორი ჩარევის გამო. ის ამბობს, რომ ტარიფები და სხვა სავაჭრო ბარიერები ზიანს გვაყენებს და შეერთებულმა შტატებმა მაინც უნდა გადადგას თავისუფალი ვაჭრობისკენ ცალმხრივი ნაბიჯი თუ მისი სავაჭრო პარტნიორები ამას არ აკეთებენ. ამის გაკეთება გაცვლის მცურავი კურსით ბევრად მარტივი იქნება, რადგან ისინი ჩქარი, ავტომატური და ეფექტურია და არ საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას. საერთაშორისო პოლიტიკამ უნდა შეწყვიტოს ფიქსირებული გაცვლის კურსის შენარჩუნების პოლიტიკა და სანაცვლოდ ბაზარს დაუთმოს უცხოურ ვალუტაზე ფასის განსაზღვრა. კერძო ბაზარზე ერთი ადამიანი მხოლოდ მაშინ ხეირობს, როცა მეორეც მოგებულია. მეორე მხრივ, სახელმწიფო ბაზარზე ადამიანს თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილება მხოლოდ სხვის ხარჯზე შეუძლია. აქედან გამომდინარეობს, რომ ფრიდმენი მხარ უჭერს ავიახაზების, რკინიგზის, სარგებლის განაკვეთების, ბენზინის მრეწველობის და სხვათა დერეგულაციას.

მას ასევე სურს კონკურენციასთან მიმართებაში სახელმწიფო მხარდაჭერა ჩამოაცილოს ბევრ სამედიცინო, იურიდიულ და პროფესიულ შეზღუდვებს. ფრიდმენის თანახმად, პროფესიული და სამედიცინო დაზღვევა და სერტიფიცირება ხელს უშლის ინდივიდების უფლებებს, ნებაყოფლობით აირჩიონ პროფესია და იმოღვაწეონ არჩეულ სფეროში. სამედიცინო სფეროში ექიმების რაოდენობის შეზღუდვა ადამიანებს აიძულებს, არადამაკმაყოფილებელ მომსახურებაში მეტი გადაიხადონ. შედარებით იაფი სამედიცინო მომსახურებაც გამოჩნდებოდა, რომ არ არსებობდეს მონოპოლია. ის ამბობს რომ, რადგანაც მხოლოდ საუკეთესო ქირურგები დაიშვებიან, ბევრი ადამიანი ექიმის მკურნალობის გარეშე რჩება. ის აქვე ამატებს, რომ კერძო ბაზრებს სახელმწიფო ბაზრებზე უკეთესად შეუძლიათ იზრუნონ პროფესიული სერტიფიკაციის ნებისმიერ საჭიროებებზე. ის ასევე მხარს უჭერს კერძო მარკირებას, თუ კლიენტებს მართლა აინტერესებთ პროდუქტის შემადგენელი ნაწილები, მწამოებელი კომპანიის პირად ინტერესში შედის ამ ინფორმაციის შეფუთვაზე ასახვა. მისთვის გაუგებარია, როგორ იციან ვაშინგტონში, ე.წ. ექსპერტებმა თუ რისი ნახვა სურთ შეფუთვაზე კლიენტებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი რეფორმა იქნება გრადუალური, ზოგი სწრაფი და რადიკალური, დერეგულაციის შედეგი იქნება გავრცელებული და გაზრდილი კონკურენცია და შემცირებული ფასები.

ფრიდმენის აზრით, უნდა განხორციელდეს ბევრი საჯარო საკუთრებაში არსებული საწარმოს პრივატიზება. ეს მოიცავს გადასახადებით დაფინანსებული საჯარო სექტორისგან საქონლის და მომსახურების გადაცემას, ჩამორთმევას ან გამოთავისუფლებას კერძო სექტორის კონკურენტული ბაზრების სასარგებლოდ. მთელ რიგ შემთხვევებში საბაზრო წესრიგი უფრო ეფექტიანია, ვიდრე ბრძანებებს ან რეგულირებაზე დაფუძნეული ეკონომიკა. ის ამბობს, რომ კერძო მონოპოლიაც კი ბევრად სჯობს სახელმწიფო მონოპოლიას ან რეგულირებას. ის აპროტესტებს მთავრობის მიერ მრეწველობის დარგების ფლობას ან კონტროლს იმ შემთხვევების გარდა, სადაც არსებობენ მონოპოლიები, რომლებიც სოციალურ და კერძო ხარჯებს შორის დიდ სხვაობას იწვევენ. ამ შემთხვევაში კი მთავრობის მხრიდან ჩარევა გარკვეულწილად გამართლებულია. თუ კერძო რისკმა არ გაამართლა, ის წყვეტს არსებობას, მაგრამ თუ მთავრობის რისკი არ გამართლდა, მისი შედეგები შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს.

ფრიდმენი განმარტავს, რომ საჯარო სექტორის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან რასაც მთავრობა ახლა აკეთებს, მის დიდ ნაწილს კერძო კომპანიები გააკეთებდნენ. ის აღნიშნავს, რომ ინტერესთა ჯგუფებისა და რენტის მაძიებლობის პრობლემების მოგვარება მთავრობის პოლიტიკისა და პროგრამების ცვლილების კვალობაზე არის შესაძლებელი. პრივატიზაციის განხორციელება ყველა დონის მთავრობაში შეიძლება. ეროვნულ დონეზე სოციალური უზრუნველყოფის სისტემის, ეროვნული პარკების, საავიაციო ტრანსპორტის კონტროლის სისტემის, რკინიგზის, ჭარბი სამხედრო ბაზების, საჯარო საავადმყოფოების, შეერთებული შტატების ფოსტის, შლაგბაუმების და სხვათა პრივატიზაცია. შტატების დონეზე კი ციხეების მენეჯმენტი და კომუნალური დაწესებულებები კარგი მაგალითია. მუნიციპალიტეტის დონეზე კი მსგავსი მაგალითია ნაგვის მომგროვებლები, ქუჩების მრეცხავები, წყალსადინარების მწმენდავები, მეხანძრეები, პოლიციელები, პარკინგის მეთვალყურეები, სატუსაღოების მომწყობები, თოვლის მწმენდავები და სხვ. ცხადია, პრივატიზაციის შესახებ ფრიდმენის იდეებს ადგილობრივ მთავრობებთან მიმართებაში დიდი ზეგავლენა ჰქონდა შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში.

პირდაპირი რეგულირებისგან განსხვავებით, ფრიდმენი მხარს უჭერდა გარემოს დაბინძურების დიფერენცირებულ დაბეგვრას წყლის და ჰაერის დასუფთავებისთვის საბაზრო სტიმულის შექმნის მიზნით. ის ფიქრობდა ნარჩენების გარკვეული რაოდენობის დაშვებისთვის ფასის დაწესებასა და, შესაბამისად, ნარჩენებზე უფლებების ბაზრის ჩამოყალიბებაზე.

ფრიდმენი წინააღმდეგია ხელფასების და ფასების კონტროლის, სოფლის მეურნეობის სუბსიდირების, რენტის კონტროლის, მინიმალური ხელფასისა და მაქსიმალური ფასის კონტროლის, სამთავრობო სააგენტოების მიერ რადიოს და ტელევიზიის კონტროლის და იმ კანონების, რომლებიც პროფესიულ კავშირებს სახელფასო განაკვეთების ხელოვნურად გაზრდის მიღწევის საშუალებას აძლევენ. ფრიდმენი ამბობს, რომ ის ფრთხილობს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გავლენასთან მიმართებაში, რადგანაც საბაზრო კონკურენციის რეალური არეალი სათუთი საკითხია, რომელიც საჭიროებს ემპირიულ ანალიზს მომწოდებელთა საბაზრო წილის, მომხმარებელთა ნამატისა და სხვა მეთოდების საშუალებით. ფრიდმენი ჩრდილოვან ეკონომიკას იმის კარგ მაგალითად განიხილავს, თუ როგორ შეიძლება სამთავრობო რეგულირებისთვის გვერდის ავლა და, ამგვარად, თავისუფალი ბაზრის მუშაობისთვის საშულების მიცემა ორმხრივმომგებიანი გაცვლების გზით. ის ბაზარს იცავს ასევე, როგორც დისკრიმინაციის ჩახშობის საშუალებას. გარდა ამისა, ფრიდმენი ცნობილია, როგორც დაქირავებული მოხალისეებისგან დაკომპლექტებული არმიის ინტელექტუალური ნათლია.

მეთოდოლოგია

ფრიდმენი ამბობს, რომ ეკონომისტები აყალიბებენ და იყენებენ თეორიებს, რომ განჭვრიტონ და აკონტროლონ მოვლენები მომავალში და რომ თეორიები მაშინაა გამოსადეგი თუ მათ შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ და აკონტროლონ ამგვარი მოვლენები. ის ამბობს, რომ პოზიტიური ეკონომიკის ძირითადი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ზუსტი წინასწარმეტყველებების გაკეთება. მისი მეთოდოლოგიური პოზიცია დამყარებულია მეცნიერების ფილოსოფიაზე, რომელიც ცნობილია, როგორც ინსტრუმენტალიზმი. თუ თეორიას შეუძლია ზუსტი პროგნოზების გაკეთება ე.ი. ეს კარგი თეორიაა. წინასწარგანჭვრეტის ძალა არის კარგი თეორიის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი. ფრიდმენი მიიჩნევს, რომ თეორიები უნდა იყოს მარტივი, მაგრამ უნდა შეეძლოს მომავალი მოვლენების წინასწარ განჭვრეტა. ის ამბობს რომ ზუსტი პროგნოზების მიღება შესაძლებელია მარტივი ვარაუდებისგან, და რომ ყველაზე მნიშვნელოვან და საყურადღებო ჰოპოთეზებს ისეთ ვარაუდებში შეხვდებით, რომლებიც რეალობის არაზუსტი აღწერილობითი გამოხატულებანია და, ზოგადად, რაც უფრო მრავლისმეტყველია თეორია, მით უფრო არარეალურია მისი ვარაუდები.

ფრიდმენი ამბობს, რომ პროგნოზები ნათელ ჰიპოთეზებზე დაფუძნებულ თეორიებზე უნდა ეყრდნობოდეს და მუდმივად უნდა ხდებოდეს მათი ემპირიული შემოწმება. მან ფოკუსირება გააკეთა იმ პრობლემის გადაჭრაზე, უნდა იყოს თუ არა წამოყენებული ჰიპოთეზები და თეორიები წინასწარ აღიარებული, როგორც სისტემატიზებული ეკონომიკური ცოდნის ნაწილი. ფრიდმენისთვის ვარაუდები ხელსაყრელია, როგორც თეორიების წინაპირობის სტატუსის განსაზღვრის და გამოხატვის ეკონომიკური მეთოდი, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს პროგნოზებისთვის ემპირიული საფუძველი. ვარაუდების საშუალებით დგინდება ის გარემოებები, რომლებზეც, სავარაუდოდ, უნდა გავრცელდეს თეორია. ფრიდმენი ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ ეკონომიკა აკმაყოფილებს პოზიტივიზმის სტანდარტებს. ის ამტკიცებს, რომ არ არსებობს თეორიის შემოწმების კრიტერიუმი იმის გასარკვევად არის თუ არა მისი ვარაუდები რეალისტური და ხსნის, რომ ვარაუდების სიმცდარე ნაკლებად მნიშვნელოვანია მანამ, სანამ ეს სიმცდარე არ ზღუდავს თეორიის უნარს, წინასწარ განჭვრიტოს მოვლენები. მისი თეზისია ის, რომ ვარაუდების ჭეშმარიტება არ შეესაბამება თეორიის მიღებას მისი პროგნოზების გამართლების შემთხვევაში. ფრიდმენი ასევე მიუთითებს ისეთ შემთხვევებზე, სადაც წინაპირობების შეცვლით იმ მიზნით, რომ ის გაეხადათ უფრო რეალური, შედეგად შემცირდა თეორიების სარგებელი (ე.ი. მათი პროგნოზირების უნარი). პოპერის ფალსიფიკაციის კრიტერიუმზე დაყრდნობით ფრიდმენი ამტკიცებს, რომ მოსაზრების დამტკიცება არ ნიშნავს იმის შესაძლებლობას, რომ ის ჭეშმარიტია. ის ამბობს, რომ ჩვენ არ გვაქვს ინდუქციური ლოგიკა და გვთავაზობს ჰიპოთეზების მიღების ალტერნატივებს, როგორც მეთოდოლოგიური ანალიზის საფუძველს და როგორც პოზიტიურ მტკიცებას, რომელიც აღიარებული უნდა იყოს ემპირიულ ჭეშმარიტებებზე დაყრდნობით. ფრიდმენი ამბობს, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ შევძლებთ თეორიის დამტკიცებას – ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის ის, რომ არ უარვყოთ იგი. პროცესი არის ახალი თეორიების გავრცელება და შემდეგ მათი პროგნოზირების უნარის შემოწმება. ემპირიული პროცესი არის იმ თეორიების გამორიცხვა, რომლებიც ვერ ახდენენ მომავლის პროგნოზირებას ან სხვებზე ნაკლებ სარწმუნოდ აკეთებენ ამას. ფრიდმენი გმობს იმ თეორეტიკოსებს, რომელთა მიზანი იმ ვარაუდების დადგენაა, რომლებიც უფრო მეტად რეალისტურია. ის უარყოფს თვითანალიზსა და რეალიზმს, ანუ თეორიის შეფასების ვარაუდების დამაჯერებლობის აუცილებლობას. ის ამტკიცებს, რომ ვარაუდები თეორიული მსჯელობისთვის უნდა იყოს მიღებული დაკვირვების და არა თვითანალიზის გზით. ფრიდმენი ხსნის, რომ თვითდაკვირვებისთვის ანგარიშის გაწევით რეალისტური ვარაუდები საჭიროა იმისთვის, რომ დავადგინოთ (მისაღები) ეკონომიკური თეორიები და რომ ისეთი ვარაუდები ვერ მიიღება ჭეშმარიტი ინდუქციური პროცესის გამორიცხვით. ფრიდმენის მიხედვით, არარეალურობის გამორიცხვის მცდელობები წმინდა ტავტოლოგიაში გადადის, რაც რეალობასთან კავშირს აქრობს და გამომრიცხავ ჰიპოთეზას, როგორც კვლევის ძირითად ინსტრუმენტს, შეუძლებელს ხდის. იგი ასევე გვაფრთხილებს, რომ იმ ეკონომისტ თეორეტიკოსებს, რომლებიც ვარაუდების რეალურობას აფასებენ, რაღაცნაირად მოუწევთ ნებისმიერი ახალი მოვლენის თეორიად ჩამოყალიბება. მაგრამ ამგვარად თეორია გადაიქცევა მომხდარი მოვლენის აღწერად და არა პროგნოზირების საშუალებად.

უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკაში ფრიდმენი კამათობს რეალიზმზე დაყრდნობით ან ვარაუდების საფუძველზე. ის ახდენს ფაქტების და ჰიპოთეზების აკუმულირებას, რომ ახსნას ისინი, აკეთებს პროგნოზებს, ადარებს პროგნოზებს ფაქტებს, განიხილავს თავის ვარაუდებს და ჰიპოთეზებს ემპირიული შემოწმების შედეგებთან მიმართებაში და თავიდან იმეორებს იმავეს. მიუხედავად მისი აზრისა, რომ რომ ვარაუდებს შემოწმება არ სჭირდება, ის თავადვე ცვლის მცდარ ვარაუდს, როცა აღმოაჩენს, რომ ცდებოდა. იმის მხედველობაში მიღებით, რომ აბსურდულმა წინაპირობებმა შეიძლება მიგვიყვანოს სწორ დასკვნებამდე, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს ასე მოხდება. თავდაჯერებულობა ეკონომიკაში დაფუძნებულია რეალისტური ვარაუდების პირდაპირ და მიზეზობრივ მტკიცებულებებზე. ფრიდმენის აღიარებულმა მოსაზრებამ ეკონომისტები შეიძლება სასაცილო თეორეტიკულ მოსაზრებებზე დაფუძნებული რჩევების გაცემამდე მიიყვანოს. აქედან გამომდინარეობს, რომ მან ხაზი უნდა გაუსვას ურთიერთგაგებას, ისევე, როგორც პროგნოზირებას, როგორც მეცნიერული ჭეშმარიტების საზომს. ფრიდმენის მოდელები არის მთელი ეკონომიკის გამარტივებული გამოხატულება და მისი ეკონომიკური კონცეფცია ეფუძნება აგრეგირებულ და გასაშუალოებულ სიდიდეებს. მისი ეკონომიკური მიდგომა მდგომარეობს სანიმუშო პროგნოზირების გზით პროცესებისადმი თვალყურის მიდევნებაში. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს აგრეგირებული სიდიდეები წარმოადგენს ინდივიდუალური ადამიანური ქცევების მრავალგვარობის შედეგს.

დასკვნა

მილთონ ფრიდმენმა უდიდესი წვლილი შეიტანა მაკროეკონომიკაში, მეთოდოლოგიაში, ეკონომიკურ თეორიასა და საჯარო პოლიტიკის არეების გამრავალფეროვნებაში. ვერავინ ვერ მოახერხა ქეინზიანური ეკონომიკის და საყოველთაო სოციალური გარანტიების უზრუნველმყოფი სახელმწიფოს მოდელის ამგვარად გაშიშვლება. ფრიდმენმა გამოიყენა ქეინზის ენა და მეთოდები მისი მცდარობის დასამტკიცებლად. პარადოქსულია ის, რომ ეს ლიბერტარიანელი ეკონომისტი, რომელიც იზიარებს ნეოკლასიკური სოციალური ინჟინერიის მეცნიერულ პარადიგმებს, ცდილობს, მხარი დაუჭიროს რაც შეიძლება მეტად ლიბერტარიანულ პოლიტიკას, თუმცა ზოგჯერ წინააღმდეგობაში მოდის თავისუფლების პრინციპებთან. ის ცნობილი იყო იმით, რომ სახელმწიფოს ეხმარებოდა იმ ამოცანების უფრო ეფეტიანად გადაჭრაში, რომლებიც სახელმწიფოს არ უნდა ეკისრა. ფრიდმენმა იცის რა არის ლიბერტარიანიზმის იდეალი, მაგრამ ის მიისწრაფის მხედველობის არეალში იქონიოს ნაკლებად იდეალური ცვლილებები, რადგან ისინი სწორ მიმართულებას აჩვენებენ. ის ხაზავს განსხვავებას თავის უმაღლეს მიზნებსა და ინტერვენციონისტულ რეფორმებს შორის, რაც, მისი რწმენით, სწორ გზაზე დაგვაყენებს. იგი ეყრდნობა ემპირიულ ჭეშმარიტებას, რომ მხოლოდ კონკურენტულ ბაზარს შეუძლია მოიყვანოს ჰარმონიაში კომპლექსური საზოგადოების მრავალფეროვანი ელემენტები. ფრიდმენი თავის ლიბერალიზმს ემპირიზმის გარშემო აგებს იმ მცდელობით, რომ უკუაგდოს ინტერვენციონისტების განცხადებები. სამწუხაროდ, ემპირიულ ცდებს მხოლოდ იმის დემონსტრირება შეუძლია, რომ ინტერვენციონისტების პოლიტიკამ გარემოებებიდან გამომდინარე მარცხი განიცადა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცალკეული ინტერვენციონისტული ღონისძიების მარცხი აუცილებლად არ იწვევს მოთხოვნის შემცირებას უფრო მეტ და განსხვავებულ ინტერვენციონისტულ ღონისძიებაზე. ფრიდმენის პოზიტივიზმის და პრაგმატიზმის წყალობით, თავისუფალი საზოგადოებისთვის ბრძოლა მთელი რიგი ზრდადი წარმატებებით ხასიათდებოდა, მაგრამ ომის მოსაგებად უფრო ფილოსოფიური და მორალური მიდგომაა საჭირო.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s