ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკი

21548-egalite-hayek

როჯერ გარისონი, იზრაილ ქირზნერი

1. შესავალი

ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკი (1899 – 1992) გახლდათ XX საუკუნის ეკონომიკის ცენტრალური ფიგურა, ავსტრიული ტრადიციის უდიდესი წარმომადგენელი, ეკონომიკის დარგში 1974 წლის ნობელის პრიზის ლაურეატი, წარმატებული ავტორი როგორც ეკონომიკაში, ასევე პოლიტიკურ ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიასა და ეპისტემოლოგიაში.

იგი 1899 წლის 8 მაისს დაიბადა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. პირველ მსოფლიო ომში სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ (სადაც იგი არტილერიის ოფიცერი იყო) მან ვენის უნივერსიტეტში ჩააბარა. აქ იგი ფრიდრიხ ფონ ვიზერის და ოთმარ სპანის ლექციებს ესწრებოდა. აქვე მიიღო დოქტორის ხარისხი სამართალსა და პოლიტიკურ მეცნიერებებში. ნიუ იურკში ერთი წლის გატარების (1923-24) შემდეგ, ჰაიეკი მშობლიურ ვენაში დაბრუნდა და ლუდვიგ ფონ მიზესის მიერ დაარსებულ ცნობილ კერძო სასემინარო ციკლში მსმენელად ჩაერთო.

1927 წელს ჰაიეკი ბიზნეს ციკლების კვლევის ავსტრიული ინსტიტუტის პირველი დირექტორი გახდა. 1931 წელს ლაიონელ რობინსის მიწვევით ლონდონის ეკონომიკის სკოლაში ასწავლიდა, ხოლო შემდეგ თუკეს თავმჯდომარის ადგილი დაიკავა. ჰაიეკი ძალიან მალე – 1930-იან წლებში ინგლისში მოდად ქცეულ დებატების აქტიური მონაწილე გახდა, რომელიც მონეტარიზმს, კაპიტალს და ბიზნესციკლების თეორიას ეხებოდა. ჰაიეკი ეპაექრებოდა ისეთ ცნობილ მეცნიერებს, როგორებიც იყვნენ ჯონ მეინარდ ქეინზი, პიერო სტაფა და ფრანქ ჰ. ნაითი.

გვიანი 1930-იანი და ადრეული 1940-იანი წლების განმავლობაში ჰაიეკი საბაზრო პროცესებში ცოდნის და აღმოჩენების როლს იკვლევდა, ასევე ზრუნავდა ავსტრიული ტრადიციის მეთოდოლოგიურ გამყარებაზე, კერძოდ, სუბიექტივიზმსა და მეთოდოლოგიურ იდივიდუალიზმზე ამახვილებდა ყურადღებას. ამ სფეროებში მისი წვლილი იმ დებატებში მონაწილეობის შედეგი იყო, რომელიც სოციალიზმის ფარგლებში ეკონომიკური გათვლების შესაძლებლობას ეხებოდა.

1950 წელს ჰაიეკი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და ჩიკაგოს უნივერსიტეტში არსებულ სოციალური აზროვნების კომიტეტში დაიწყო მოღვაწეობა. მისმა კვლევებმა აქ უკვე მოიცვა ფართო სოციალური, პოლიტიკური და სამართლებრივი პრობლემები. 1962 წელს ევროპაში დაბრუნდა რადგან დასავლეთ გერმანიაში ფრაიბურგის უნივერსიტეტში მიიღო აკადემიური თანამდებობა, ხოლო შემდეგ, უკვე 1969 წელს ავსტრიის ქალაქ ზალცბურგის უნივერსიტეტში გადავიდა სამუშოდ. 1977 წლიდან ჰაიეკი ფრაიბურგში ცხოვრობდა.

ჰაიეკის სამეცნიერო მონაგარი 6 დეკადაზე მეტ ხანს მოიცავს. 1980-იან წლებში მისი ჯერ კიდევ ზრდის პროცესში მყოფი ბიბლიოგრაფია (გრეი, 1984) უკვე მოიცავდა თვრამეტ წიგნს, ოცდახუთ ბროშურას, მისი რედაქტორობით გამოცემულ თექვსმეტ წიგნს და ორას ოცდათხუთმეტ სტატიას. ამ პუბლიკაციებმა ჰაიეკს რამდენიმე დისციპლინაში საერთაშორისო აღიარება და სახელი მოუტანა.

მისი ღვაწლი სხვა სოციალურ მეცნიერებებში იმავე მნიშვნელობის და ხარისხისაა, როგორიც ეკონომიკის სფეროში მისი განსწავლულობის და მეთოდოლოგიური საფუძვლების ცოდნა. ამ განხილვაში ჩვენ წარმოგიდგენთ ჰაიეკს, როგორც ეკონომისტს, მაგრამ შედარებით ნაკლებად შევეხებით მის კარიერას და მოღვაწეობას.

2. ეკონომიკა, როგორც კოორდინაციის პრობლემა

ჰაიეკის თითქმის ყველა ნაშრომში როგორც დასმული კითხვები, ასევე გაცემული პასუხები ასახავს ეკონომისტის ზოგად კონცეფციას, რომელიც ეკონომიკას კოორდინაციის პრობლემად განიხილავს (O’Driscoll, 1977). თუ საბაზრო ეკონომიკას სიღრმისეულად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ის უფრო რთული და ჩახლართული წესრიგით ხასიათდება, რაც ცალკეულ ადამიანებს შორის ურთიერთკოორდინაციის მიზანმიმართული მცდელობების ახსნისაგან განსხვავებულ ახსნას მოითხოვს. ჰაიეკის მიხედვით (1952, გვ. 39), სწორედ «სპონტანური წესრიგია» ის, რასაც ეკონომიკური მეცნიერებისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია.

საბაზრო ეკონომიკას ბევრად უკეთესი კოორდინირება ახასითებს, ვიდრე ეს შესაძლებელია რომ აღიწეროს. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს, როდესაც ბაზრის მოქმედების შედეგებს ნებისმიერი დონის გეგმური ეკონომიკის შედეგებს ვადარებთ. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ბაზარი მაინც იმაზე ნაკლებად არის კოორდინირებული, ვიდრე ეს შესაძლებელია რომ იყოს, რაც კოორდინირების პრობლემის მოგვარების ამოცანას დღის წესრიგიდან არ ხსნის. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას ერთ მნიშვნელოვან გარემოებას: კოორდინაციის ჩავარდნები, რომლებიც თანამედროვე საბაზრო პროცესის თანმდევი მოვლენაა, კოორდინაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ინტერესს აღვივებს. მაგალითად, რომელიმე საქონლის ჭარბად ან მცირე რაოდენობით მიწოდება იმის აშკარა გამოხატულებაა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებით მწარმოებელთა და მომხმარებელთა გეგმები ერთმანეთთან კარგად არ არის კოორდინირებული. მაგრამ თავად ამგვარი დისკოორდინაცია ორ რამეს განაპირობებს: ერთი მხრივ წარმოაჩენს გეგმების შეუთავსებლობას, ხოლო მეორე მხრივ, წარმოშობს სტიმულს, რომ მწარმოებლებმა და მომხმარებლებმა თავიან გეგმებს სათანადოდ გადახედონ.

მაგრამ, საბაზრო ეკონომიკაში, კოორდინაცია დროდადრო მთელი ეკონომიკის მასშტაბით განიცდის შეფერხებას. ჰაიეკის კვლევების უდიდესი ნაწილის მიზანი იყო, პირდაპირ თუ ირიბად, აღმოეჩინა იმ გარემოებების ნაკრები, უფრო ზუსტად, მოვლენათა თანმიმდევრობა, რომლებიც მსგავს ჩავარდნებს იწვევდა. კერძოდ ის გარემოებები, რასაც ეკონომიკის სრული კრახის გამოწვევა შეეძლო. მისი კვლევის მთავარი საკითხი პერიოდთაშორისი კოორდინაციის მოშლა იყო. ბუნებრივია, მოქმედებათა კოორდინაცია დროის სხვადასხვა მონაკვეთს შორის უფრო რთულ და პრობლემურ პროცესს წარმოადგენს, ვიდრე მოქმედებათა კოორდინაცია დროის მოცემულ მომენტში. მწარმოებლებმა დღეს გადაწყვეტილებები იმ შესაძლო გადაწყვეტილებების გათვალისწინებით უნდა მიიღონ, რომლებსაც სხვა მწარმოებლები და მომხმარებლები მომავალში მიიღებენ. იმ ფაქტს, რომ წარმოება დროს საჭიროებს და უფრო მეტი დროის გამოყენება უფრო მეტად ავითარებს ეკონომიკას, ჰაიეკის თეორიულ მსჯელობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ეს არსებითი დროითი ფაქტორი ზრდის მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას და საინვესტიციო შეცდომების სრულ სურათს იძლევა.

რეალური ან ფულად-საკრედიტო წონასწორობის დარღვევით გამოწვეულმა დროში არაკოორდინირებული ინვესტიციების მოზღვავებამ შეიძლება დასაქმების შესაძლებლობები გაზარდოს და ეკონომიკის ხელოვნური გამოცოცხლება გამოიწვიოს. მაგრამ კოორდინაციის მოშლის გააზრება მისი აღმოფხვრის საჭიროებას წარმოშობს, რაც ეკონომიკურ კრახს ნიშნავს. ავსტრიული თეორია სხვა მაკროეკონომიკური თეორიებისგან განსხვავებით, ყურადღებას საინვესტიციო სექტორში არსებულ პერიოდთაშორისი კოორდინაციის პრობლემაზე ამახვილებს. მაკროეკონომიკური კოორდინაციის პრობლემის მოგვარების სხვა მიდგომები ინვესტიციების ზოგად დონეზე ფოკუსირდება, რომელსაც დანაზოგებისა და დასაქმების დონეს ადარებენ.

ჰაიეკმა ბიზნესციკლების შესასწავლად ორნაწილიანი მიდგომა გამოიყენა. იმ კითხვის წინაპირობა, თუ როგორ შეიძლება კოორდინაციის კრახმა მთელი ეკონომიკა მოიცვას, არის კითხვა – თუ როგორ არის შესაძლებელი საბაზრო ეკონომიკაში ნებისმიერი ხარისხის პერიოდთაშორისი კოორდინაციის მიღწევა. ჰაიეკის ამბობს: “იმის ახსნამდე, თუ რატომ უშვებენ ადამიანები შეცდომებს, ჩვენ ჯერ უნდა ავხსნათ ის, თუ რატომ შეიძლება ადამიანები ოდესმე მაინც იყვნენ მართლები” (1937, გვ 34). უპირველეს ყოვლისა, ის ეხება იმას, თუ როგორ მუშაობს საბაზრო ეკონომიკა იმისთვის, რომ გარკვეული დროის მანძილზე მოქმედებათა კოორდინირება მოახდინოს; შემდგომ იხილავს შესაძლო ჩავარდნების მიზეზებს ეკონომიკური მეცნიერების სხვადასხვა დარგზე დაყრდნობით. კერძოდ, ის ფუნდამენტურ კავშირებს აბამს ფასების, კაპიტალისა და მონეტარულ თეორიებთან. თითოეული ეს დარგი ჯერ კიდევ მაშინ საჭიროებდა შემდგომ სრულყოფას, სანამ ჰაიეკის მეცნიერული კვლევის საგნად გადაიქცეოდა. ფასების თეორია ისე უნდა შეცვლილიყო, რომ ფასების სისტემისთვის, როგორც საკომუნიკაციო ქსელისთვის და როგორც ეკონომიკური ინფორმაციის გამოყენების ყველაზე სწორი საშუალებისთვის გაესვა ხაზი.

კაპიტალის თეორია ისე უნდა დაშიფრულიყო, რომ სარბიელი კაპიტალური სტრუქტურის ინდივიდუალური ელემენტებისთვის მიეცა, რომლებიც წარმოიშობოდნენ სხვადასხვა ხარისხის და ხანგრძლივობის მქონე კაპიტალის მრავალფეროვანი ნაწილებისგან და ერთამანეთთან სხვადასხვა ხარისხის პერიოდთაშორისი ჩანაცვლებადობითა და შემავსებლობით იყვნენ დაკავშირებულნი. და მონეტარული თეორია ისე უნდა გავრცობილიყო, რომ სისტემატური შედარებითი ფასების ეფექტებისთვის იდენტიფიკაციის საშუალება მიეცა, რომლებიც მონეტარული ექსპანსიის ან შემცირების პროცესთან იყვნენ გაიგივებულნი.

მიუხედავად იმისა, რომ ჰაიეკმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თითოეული ამ სფეროს ცალ-ცალკე კვლევაში, მის უმთავრეს მიღწევად მაინც ფასების, კაპიტალის და მონეტარული თეორიების ინტეგრაცია-გაერთიანება მიიჩნევა. ჰაიეკმა ამ სფეროებში არსებული საკუთარი მიღწევები ერთ საერთო ანგარიშში გააერთიანა, რომელიც საბაზრო პროცესებს და ცენტრალური ბანკების პოლიტიკას ეხებოდა. საბაზრო პროცესები პერიოდთაშორისი კოორდინაციისკენ იყო მიდრეკილი. ცენტრალური ბანკების მიერ წარმოებული პოლიტიკა შეიძლება საბაზრო პროცესს დაპირისპირებოდა და ხელოვნური ეკონომიკური გამოცოცხლება გამოეწვია. ამას კი აუცილებლად მოჰყვებოდა ეკონომიკური კრახი.

ჰაიეკის ბიზნესციკლების თეორიამ XIX–XX საუკუნეების ეკონომიკური ისტორიის შეცვლის შესაძლებლობა შექმნა. იგი ალტერნატიული მაკროეკონომიკური თეორიების შედარების საფუძველსაც წარმოადგენდა – განსაკუთრებით კი მათი, რომლებიც ჯონ მეინარდ ქეინზმა შეიმუშავა. და, ბოლოს, ბიზნესციკლების თეორია მხარს უჭერდა ისეთ ინსტიტუციურ რეფორმას, რომელიც თავიდან აგვარიდებდა ან მინიმუმამდე შეამცირებდა პერიოდთაშორის კოორდინაციის დარღვევას.

3. სუბიექტივიზმი და მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმი

ჰაიეკის მიერ გამოყენებული მეთოდოლოგიური ნორმები ზუსტად ასახავს ეკონომისტის მიერ საკვლევი საგნის აღქმას: სპონტანური წესრიგი, როგორც ეკონომიკური ფენომენი. საზოგადოების ფუნდამენტური ინსტიტუტები საკუთარი არსებობისთვის რომელიმე განსაკუთრებულ შემქნელს არ უნდა უმადლოდნენ. ისინი «არა წინასწარი ჩანაფიქრის, არამედ ადამიანის მოქმედების შედეგად წარმოიშვნენ”. სპონტანური წესრიგის ყველაზე ნათელი მაგალითია სამეტყველო ენა, ხოლო ეკონომიკურ ფენომენებს შორის – ფული. ფული, ყველაზე ფართოდ აღიარებული გაცვლის საშუალება, ბაზრის მრავალმა ცალკეულმა მონაწილემ აღიარა, როგორც მრავალი ადამიანის ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგი, რომელთაგან არც ერთს არ ჰქონდა განზრახული ფულის ინსტიტუტის შექმნა. კიდევ ერთი ეკონომიკური ფენომენი – შრომის მარტივი დანაწილებიდან მეურნეობის უფრო ფართო მასშტაბის ორგანიზებამდე – სპონტანური წესრიგის ნიმუშად უნდა ჩაითვალოს.

ჰაიეკი დაობდა, თუ საზოგადოებაში მიზანმიმართულად შექმნილი წესრიგის გარდა სპონტანური წესრიგიც არ იარსებებდა, მაშინ სოციალური მეცნიერების არც ხედვა წარმოიშობოდა და არც მისი საჭიროება გაჩნდებოდა. ამ მეცნიერების მთავარი ამოცანაა მსოფლიოში, რომელიც სპონტანური წესრიგით ხასიათდება, სოციალური წესრიგის სწორედ იმ ასპექტებს მოუყაროს თავი, რომლებიც განზრახ არ შექმნილან. ცენტრალური მეთოდოლოგიური საკითხი, რომელზედაც იგებოდა ჰაიეკის სპონტანური წესრიგის კვლევა, ეფუძნებოდა ეკონომისტის დაჟინებას, რომ სოციალური მეცნიერების ფენომენის მიმართ ფიზიკური მეცნიერების მეთოდების არაკრიტიკული გამოყენება არასწორი იყო.

ჰაიეკი ტერმინს «საინტიზმი» იყენებდა ფიზიკური მეცნიერებების მეთოდების ბრმა იმიტაციაზე მისათითებლად, როცა ფიზიკური და არაფიზიკური რეალობის თანდაყოლილი განსხვავებების მხედველობაში მიღება არ ხდებოდა. საინტიზმი, რომელიც აუცილებლად ყურადღების მიღმა ტოვებდა სოციალური რეალობის სასიცოცხლო ასპექტებს, როგორიცაა შემეცნება, განზრახვა და მოლოდინი, ჰაიეკის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს გამოქვეყნებული ორი დიდი და კრიტიკული სტატიის მთავარი თემა გახდა. ეს ორი სტატია ჰაიეკმა სუბიექტივიზმის და მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმის შემთხვევებით შეავსო, საბოლოოდ კი მათ 1952 წელს გამოსული წიგნის – “მეცნიერების კონტრრევოლუცია: კვლევა გონების ბოროტად გამოყენების შესახებ” – მთავარი არსი და ბირთვი ჩამოაყალიბეს. ჰაიეკი ამბობდა: “არ გავაზვიადებ თუ ვიტყვი, რომ ბოლო ასწლეულის მანძილზე ეკონომიკურ თეორიაში ყოველი მნიშვნელოვანი წინსვლა სუბიექტივიზმის თანმიმდევრულ გამოყენებასთან იყო დაკავშირებული”.

კლასიკოსი ეკონომისტები ყურადღებას ამახვილებდნენ ობიექტებზე, რომლებსაც ღირებულება ენიჭებოდათ და ღირებულების წყაროს გაწეულ შრომასა და წარმოების დანახარჯებში ეძებდნენ. ავსტრიელმა ეკონომისტებმა მენგერმა, მიზესმა და ჰაიეკმა ღირებულების მქონე ობიექტებიდან ყურადღება ღირებულების შექმნაში მონაწილე სუბიექტებზე გადაიტანეს. ჰაიეკი ხაზს უსვამდა, რომ ღირებულება, რომელიც ეკონომიკური მოქმედების სხვადასხვა ობიექტებს ენიჭებათ, შეიძლება აიხსნას მხოლოდ ადამიანური მიზნების გათვალისწინებით და იმით, თუ რა დამოკიდებულება გააჩნიათ ადამიანებს ამ ობიექტების მიმართ. ჰაიეკის მტკიცე სუბიექტივისტური თვალთახედვა და ინდივიდუალიზმის მეთოდოლოგიური შეზღუდვებისადმი ერთგულება ერთმანეთს აძლიერებდა. მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმი არ წარმოდგენს რეცეპტს, თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ ეკონომიკური კვლევა, იგი მხოლოდ იმის ხაზგასმაა, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკურ განმარტებად. იმისთვის, რომ ადამიანის განზრახვის გარეშე წარმოშობილი სპონტანური წესრიგის ასპექტები ავხსნათ, ყურადღება უნდა მივაქციოთ ინდივიდუალური ქმედებების დროს გამოყენებულ ასპექტებს, რომლებიც საბოლოოდ წესრიგს აყალიბებენ. თავად ჰაიეკის სიტყვებით რომ ვთქვათ: “ეს სხვადასხვა ინდივიდების კონცეფციები და შეხედულებებია, რომლებიც ჩვენთვის პირდაპირაა ცნობილი. ისინი აყალიბებენ ელემენტებს, რომელთა გამოყენებითაც, როგორც ხდება ხოლმე, ჩვენ კიდევ უფრო მეტად რთულ ფენომენს ვქმნით». 1952 წელს ჰაიეკის მიერ სუბიექტივიზმისა და მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმისადმი ერთგულების გამოხატვა და საინტიზმის შეცდომების ხაზგასმა, ფაქტობრივად, გვთავაზობს ეკონომისტის იმ მიდგომის გაღრმავებას და არა უარყოფას, რომლის მიხედვით ეკონომიკური თეორია ეკონომიკის ემპირიულ კვლევაზე არ არის დამოკიდებული და არსებითად, მას წინ უსწრებს კიდეც.

4. ფასების სისტემა, როგორც კომუნიკაციათა ქსელი

ჰაიეკის სპონტანური წესრიგის აღიარებიდან მის მიერ ფასების სისტემის, როგორც საკომუნიკაციო ქსელის გაგებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია. ჰაიეკის აზრით, სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში ფასების სისტემის უმთავრესი დამსახურება ბაზრის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში ინფორმაციის გადატანაა. ბუნებრივი კატასტროფების შედეგად გარკვეული რესურსების რაოდენობა მცირდება და მარაგის სიმცირის ფაქტი გაზრდილი ფასების მეშვეობით სწრაფად აღწევს პოტენციურ მომხმარებლებამდე – რაც თავისთავად წარმოშობს ინიციატივას, საზოგადოების სურვილის გათვალისწინებით მოხდეს გარკვეული ნედლეულის დაზოგვა. ასეთი კომუნიკაციის სისტემის საჭიროება მომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ინფორმაცია, რომელიც უნდა გაიცვალოს, საზოგადოების წევრებს შორისაა მიმობნეული. ფასების, როგორც გზამკვლევი ნიშნების, ბუნება ბოლო ათწლეულის განმავლობაში სამართლიანად იქნა ფართოდ აღიარებული და გაზიარებული მრავალ თანამედროვე სახელმძღვანელოში.

ჰაიეკმა მიმართვაში, რომელიც საზოგადოებაში ცოდნის გამოყენებას ეხებოდა, მკვეთრად განასხვავა ორი სახის ცოდნა: (1) მეცნიერული ან თეორიული ცოდნა და (2) დროისა და ადგილის სპეციფიკური გარემოებების ცოდნა. პირველი კატეგორია სწორედ რომ ეკონომისტის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს, ხოლო მეორე უშუალოდ ბაზრის მონაწილეებს ეხებათ. ასეთი სახით “ცოდნის დანაწილების” გაუთვალისწინებლობამ ორი შეცდომიდან ერთთან მაინც შეიძლება მიგვიყვანოს. ვარაუდი იმისა, რომ ეკონომისტებმა შეიძლება ამ ორი ცოდნის შერწყმა მოახდინონ, მიგვიყვანს დასკვნამდე, რომ “რაციონალური დაგეგმვა” შესაძლებელია – ან, როგორც მინიმუმ, შესაძლებელია ბაზრის კოპირება. იმის ვარაუდი, რომ ამ ორი სახის ცოდნის შერწყმა შეიძლება ბაზრის მონაწილეებმა მოახდინონ, აყალიბებს დასკვნას, რომ “რაციონალურ მოლოდინს” შეუძლია მონეტარული მანიპულაციების სისტემატური ეფექტები გააბათილოს.

ჰაიეკმა შეამჩნია და ხაზი გაუსვა იმას, რომ, თუ სრულად მორგებული ფასების სისტემა – რომელიც მიღწეულ წონასწორობას შეესაბამება – იარსებებს იმისთვის, რომ კოორდინირებული და ერთმანეთის გამაძლიერებელი გზამკველვი ნიშნების სისტემა აამუშაოს, მაშინ ასეთი სისტემა საბაზრო აღმოჩენის ადრე უკვე გამოცდილ პროცესზე უნდა იყოს დამყარებული. ჰაიეკი ამ პროცესს საბაზრო კონკურენციის ნაწილად მიიჩნევდა, რასაც ის აიგივებდა არა ე.წ. სრულყოფილ კონკურენციასთან, არამედ საბაზრო აგიტაციის ქაოსურ პროცესთან, რომელიც მოქმედებაში მოდიოდა ბაზარზე მეწარმეების თავისუფლად შესვლისა და კონკურენციის შესაძლებლობის ხარჯზე. ჰაიეკის მტკიცებით, ის, რისი მიღწევაც შეუძლია ასეთი სახის კონკურენტულ პროცესს, მდგომარეობს იმ შესაძლებლობებისა და უპირატესობების აღმოჩენაში, რომელიც დღემდე არავის მიერ არ იყო სათანადოდ გააზრებული (ჰაიეკი, 1968).

ჰაიეკის მიერ ნათლად ჩამოყალიბებული მიდგომები, რომლებიც ცოდნას და აღმოჩენას ეხებოდა, 1930-40-იან წლებში მრავალ გაზეთში დაიბეჭდა. ეს აზრები, ჰაიეკის მიერ იმ დებატებში მონაწილეობის, ნაწილობრივ მიზეზი და ნაწილობრივ შედეგი იყო, რომლებსაც ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში ჰქონდა ადგილი და სოციალისტური სისტემის ფარგლებში ეკონომიკურ გათვლებს ეხებოდა. ჰაიეკმა, მიზესის მიერ სოციალიზმის, ანუ წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრების, სამეურნეო გაცვლებისა და საბაზრო ფასების არარსებობის პირობებში, ეკონომიკური გათვლების შეუძლებლობის შესახებ 1920 წელს წარმოდგენილი არგუმენტი გააღრმავა და დახვეწა. ჰაიეკმა შეამჩნია, რომ საბაზრო პროცესი თავისთავად გადამწყვეტ როლს ასრულებდა იმ კონკრეტული ცოდნის შეძენაში, რომლის ფლობაც საჭირო იქნებოდა ცენტრალიზებულად მაგეგმარებელი ხელისუფლებისთვის იმისთვის, რომ საზოგადოებრივი რესურსების წარმატებული და სწორი განაწილება შეძლებოდა.

ჰაიეკის აზრით, ბაზარი აღმოჩენათა პროცესს წარმოადგენდა. სწორედ ამ აღიარების დამსახურებაა, რომ ავსტრიული პარადიგმის მიმართ ინტერესი კვლავ განახლდა. ავსტრიული კონტრიბუცია უფრო ფორმალური, მათემატიკური თეორიებისგან იმით გამოირჩევა, რომ მეწარმის აღმოჩენებს უსვამს ხაზს, რომელთაც ადგილი აქვთ სისტემატურ საბაზრო პროცესში, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ უმეცრების და დარღვეული წონასწორობის სამყაროში ბაზრის მონაწილეების ორმხრივი კოორდინაციისკენ მიმართული ნებისმიერი შესაძლო ტენდენციის იმედად. ჰაიეკმა დაგვანახა რომ თანამედროვე ეკონომიკა არასწორად განმარტავს საზოგადოების წინაშე მდგარ ეკონომიკურ პრობლემებს და უგულებელყოფს ინფორმაციის განფენის ფაქტიდან მომდინარე პრობლემებს.

იმის წარმოდგენა, რომ სოციალისტური სისტემის მართვა შესაძლებელია ბაზრის სიმულირების და სოციალისტი მენეჯერების მიერ “არასაბაზრო” ფასების დაწესებით (როგორც მიზესის და ჰაიეკის ადრეულმა კრიტიკოსებმა შემოგვთავაზეს), ნიშნავს საბაზრო ფასების (როგორც სამომხმარებლო, ისე წარმოების საშუალებებზე, რაც ეკონომიკის კაპიტალურ სტრუქტურას აყალიბებს) იმ მნიშვნელობის უგულებელყოფას, რომელიც უკვე გამოხატავს სამეწარმეო აღმოჩენების პროცედურის შედეგს, მომდინარეს მიმოფანტული ცოდნიდან.

5. კაპიტალის პერიოდთაშორისი სტრუქტურა

საზოგადოდ აღიარებულია, რომ ჰაიეკის წვლილი კაპიტალის თეორიის განვითარებაში მისი ყველაზე ფუნდამენტური და ნოვატორული მიღწევაა (მახლუფი, 1976). მან კარიერის ადრეულ ეტაპზე (1928) “პერიოდთაშორისი ფასების წონასწორობასა და ფულის ღირებულებაში ცვალებადობაზე” გაამახვილა ყურადღება (ინგლისური თარგმანი ჰაიეკში, 1984). ამით მან შემოგვთავაზა როგორც ბაზისი, ასევე შთაგონება ამ სფეროში მოღვაწეობისთვის, რომელთაგანაც განსაკუთრებით გამოირჩევა ჯონ რ. ჰიქსი. ნაშრომში “ფასები და წარმოება” (1935) ფართოდ აღიარებული, მაგრამ ნაკლებად გაგებული ჰაიეკისეული სამკუთხედია წარმოდგენილი, რითაც მეცნიერმა შემოგვთავაზა მოხერხებული, თანაც ერთობ თვალსაჩინო გზა იმ ცვლილებების ასახსნელად, რომელსაც კაპიტალური სტრუქტურის პერიოდთაშორის მოდელში ჰქონდა ადგილი. “კაპიტალის წმინდა თეორიაში” (1941) შემოგვთავაზა ფორმალური და სრულყოფილი ანალიზი და დეტალურად წარმოაჩინა ადრეული ფორმულირებები. ჰაიეკმა ცენტრალური მნიშვნელობა მიანიჭა “კაპიტალის პრობლემას”, რომელიც ეხებოდა ბაზრის უნარს, მოეხდინა პერიოდთაშორისი კოორდინაცია.

ეკონომიკური წარმოების პროცესში არსებული დროის არსებითი ელემენტი, კაპიტალური სტრუქტურის თანდაყოლილ სირთულეებთან ერთად, პერიოდთაშორის პრობლემას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ცალკეულმა მწარმოებლებმა მოცემულ დროს რესურსები უნდა გამოიყენონ წარმოების გარკვეული გეგმის საფუძველზე. პერიოდთაშორისი კოორდინაცია ყველაზე მკაცრი მნიშვნელობით მოითხოვს ყველა ასეთი გეგმა ურთიერთთავსებადი იყოს და რომ შეთანხმებულად მოქმედებდნენ რესურსების არსებულ რაოდენობასთან დაკავშირებით. თუ რა ხარისხით არსებობს შეთავსებულობა და თანმიმდევრულობა, მხოლოდ იმ საბაზრო პროცესით განისაზღვრება, რომლის ფარგლებშიც თითოეული მწარმოებელი საკუთარი გეგმის განხორციელებას ცდილობს. წარმოების ინდივიდუალური გეგმები იღებენ არასპეციფიკური კაპიტალის (დაუმუშავებელი ნედლეული) ფორმას და სპეციფიკური გამოყენება გააჩნიათ (რაიმე სამუშაო იარაღი, მანქანა). დროის მონაკვეთი და თითოეული მწარმოებლის მცდელობა, დაიცვას ის დამატებითი კაპიტალი, რომელიც მისი საწარმოო გეგმისთვისაა აუცილებელი, გვაჩვენებს, თუ რა ხარისხითაა კაპიტალის სტრუქტურა პერიოდთაშორისად კოორდინირებული ან, პირიქით. დამატებითი დამუშავებული ნედლეულის ფაქტობრივი არსებობა, რომელიც უკვე გამოყენებულ ნედლეულს უნდა დაემატოს, შეიძლება იმაზე ცოტა იყოს, ვიდრე თითოეულ მწარმოებელს სჭირდება საკუთარი გეგმის შესასრულებლად. როცა ამ სახის დისკოორდინაცია ვლინდება (დაუმუშავებული ნედლეულის ფასის ზრდით), საწარმოო გეგმები ხელახლა გადამუშავდება. ჰაიეკის ფორმულირებაში, კაპიტალური საქონელი, რომელიც წარმოების პროცესს წარმოშობს, არც ისეთი სპეციფიკურია, რომ გეგმების გადამუშავება შეუძლებელი იყოს და არც ისეთი არასპეციფიკური, რომ მათ ფასი არ გააჩნდეთ.

“კაპიტალის წმინდა თეორია”-ში ჰაიეკი დეტალურად განიხილავს კაპიტალურ საქონელს კვლავწარმოების, ხანგრძლივობის, სპეციფიკურობის, ჩანაცვლებადობის და შემავსებლობის ფარგლებში. კაპიტალური საქონლის ეს მრავალრიცხოვანი მახასიათებლები და მათ შორის არსებული ურთიერთობა იწვევს იმას, რომ მთლიანი სტრუქტურა შემდგომში ხასიათდება ხანგრძლივი და მოკლე “წარმოების პერიოდებით”, დიდი ან მცირე “ორსაფეხურიანი” წარმოების ხარისხით. ეს უკანასკნელი წარმოების პროცესის რესურსებს დროის განმავლობაში ერთმანეთთან აკავშირებს და განისაზღვრება სარგებლის საბაზრო განაკვეთით – “საბაზრო განაკვეთი”, რომელიც ფართოდაა მიღებული, როგორც აწმყოში და მომავალში არსებულ საქონელს შორის დადგენილი ვაჭრობის პირობები. საბაზრო პროცესი მუშაობს იმისთვის, რომ პერიოდთაშორისი პრიორიტეტები საწარმოო გეგმებად აქციოს. მაგალითად, სარგებლის განაკვეთის კლება გამოხატავს ახლანდელ საქონელზე თავის შეკავებას მომავალი საქონლის სასარგებლოდ, რაც თავისთავად წარმოების პროცესის გაფართოების მოტივაციას ქმნის. ინდივიდუალური კაპიტალური საქონლის ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები და მათ შორის არსებული ურთიერთობა არსებული კაპიტალური სტრუქტურის პერიოდთაშორისი პრიორიტეტების მიმართ ადაპტირებადობის ხარისხს განსაზღვრავს.

6. ფული და მისი ასახვა ფასებზე

ჰაიეკის კონტრიბუცია მონეტარულ თეორიასა და სავაჭრო ციკლების თეორიაში ერთმანეთან არის გადაჯაჭვული და ეს არის გარემოება, რომელიც ამ ორივე სფეროში ეკონომისტის ნამოღვაწარის ბუნებას ასახავს. ჰაიეკის მონეტარული თეორია თავის თავში აერთიანებს ფულს, როგორც გაცვლის საშუალებას და ფასების სისტემას, როგორც საკომუნიკაციო ქსელს. სავაჭრო ციკლების თეორია კი მონეტარულ თეორიას კაპიტალის თეორიასთან აერთებს – აქ ფასების სისტემის განსაკუთრებული ასპექტი, კერძოდ პერიოდთაშორისი ფასების სისტემაა ხაზგასმული.

როგორც მონეტარულ თეორიასა და სავაჭრო ციკლებში, ასევე ფასებსა და წარმოებაში, ჰაიეკი იმ დროს გაბატონებული (და დღესაც აღიარებული) იდეის წინააღმდეგ ილაშქრებს, რომლის მიხედვითაც მონეტარული თეორიის ჭეშმარიტი დანიშნულება ფულის რაოდენობის და ფასების ზოგადი დონის ურთიერთობაში მდგომარეობს. რა თქმა უნდა, ფულის რაოდენობრივი თეორიის სიმართლის მარცვალი არ უნდა იქნეს უარყოფილი, მაგრამ მონეტარული ეკონომიკის წინსვლა გამოწვეული უნდა იყოს უბრალო პროპორციულობისგან თავის დაღწევით, რაც გულისხმობს ფულის ბრუნვის სიჩქარის შედარებით სტაბილურობას.

ჰაიეკის მიხედვით (1935, გვ. 127), მონეტარული თეორიის ჭეშმარიტი მიზანი ფასების განსაზღვრის თეორიის გულდაგულ გადახედვაა, რომელიც ბარტერს ითვალისწინებს და იმ ცვლილებებს იკვლევს, რომლებიც არაპირდაპირი გაცვლების განხორციელების წინაპირობა გახდა. ჰაიეკმა შემოგვთავაზა “ნეიტრალური ფულის” კონცეფცია, ნაწილობრივ, როგორც ფულზე საკუთარი ხედვის უფრო განზოგადებულ ხედვებთან დასაპირისპირებლად. განმარტებით, ნეიტრალური ფული ახასიათებს მონეტარულ სისტემას, სადაც ფული ეკონომიკური აქტივობის კოორდინაციას იმგვარად ახორციელებს, რომ თავად არასდროს ხდება კოორდინაციის დარღვევის წყარო. შედგენილი მიდგომების თანახმად, ფული ნეიტრალურია მანამ, სანამ მისი ღირებულება, რომელიც ფასების ზოგადი დონით იზომება, უცვლელი რჩება. ამგვარად, ეკონომიკური აქტივობის ზრდა ბრუნვაში ფულის რაოდენობის პროპორციულ ზრდას საჭიროებს. ჰაიეკის მიხედვით, მონეტარული ნეიტრალიტეტი “შეღწევის ეფექტების” არარსებობას გულისხმობს. როდესაც ფულის მასა იზრდება, ბრუნვაში ახალი ფული ჩნდება. იგი დროებით ამახინჯებს ფასებს და იწვევს იმას, რომ ფასების სისტემა ავრცელებს მცდარ ინფორმაციას მომხმარებელთა პრიორიტეტების და არსებული რესურსების თაობაზე.

მონეტარული ნეიტრალიტეტის პირობების შესახებ საპირისპირო ხედვებს 1920-იანი წარმატებული წლების დროს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა აშშ-ს მონეტარული პოლიტიკისთვის. ფულის მასის ზრდის ტემპი იმ პერიოდში რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპის შესაბამისი იყო, რამაც ფასების სიმყარე განაპირობა. ფასების ინფლაციის არარსებობა ბევრმა მონეტარულმა ეკონომისტმა მონეტარული სტაბილურობის ნიშნად მიიჩნია. ჰაიეკის საწინააღმდეგო შეფასების მიხედვით (1925), ფასების დონის სტაბილურობის მიუხედავად, საკრედიტო ექსპანსია რესურსების არასწორ გადანაწილებას გამოიწვევდა და მისი წინასწარმეტყველების მიხედვით, ფულის მიერ გამოწვეული ეკონომიკური აღმავლობა საბოლოოდ კრახს გამოიწვევდა.

უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ნაშრომებში, რომელიც მისი კარიერის დასაწყისში და ბოლოს დაიწერა (1933 და 1984) ჰაიეკი მერყეობდა ორ მონეტარულ პოლიტიკას შორის, რომელთაგან ერთი შეღწევის ეფექტების აცილებას ემსახურებოდა (ფულის მასის მიწოდების მუდმივი ზრდა, რეალური ეკონომიკური ზრდის მიუხედავად), ხოლო მეორე – ფასების დეფლაციის აცილებას (ფულის მასის ზრდის ტემპი, შეესაბამება რეალურ ეკონომიკურ ზრდას).

7. სავაჭრო ციკლები, როგორც პერიოდთაშორისი კოორდინაციის მოშლის შედეგი

ჰაიეკის წვლილი სავაჭრო ციკლების თეორიაში ეყდნობა იდეას, რომ მონეტარულ ინიექციებს შეიძლება სისტემატური ეფექტი ჰქონდეთ ფასების პერიოდთაშორის სტრუქტურაზე. სავაჭრო ციკლების ავსტრიული თეორია პირველად მიზესმა (1912) ჩამოაყალიბა. მან აჩვენა, რომ სარგებლის განაკვეთში ფულით გამოწვეული ცვლილებები (როგორც ამას შვედი ეკონომისტი ქნუდ ვიქსელი მოიხსენიებს) კაპიტალის სტრუქტურაზე განსაზღვრულ გავლენას ახდენს (როგორც ამას ეუგენ ფონ ბემ-ბავერკი მოიხსენიებს). ჰაიეკის უმთავრესი დამსახურება (1935) რთული და გრძელვადიანი საწარმოო პროცესის უაღრესად ლაკონური და თვალსაჩინო აღწერაა. “წარმოების სტრუქტურის” შესაბამისი მახასიათებლები გაიგივებული იქნა მართკუთხა სამკუთხედთან. სამკუთხედის ერთი გვერდი გვიჩვენებს წარმოების სტუქტურის დროში განფენას; მეორე სამომხმარებლო საქონლის ფულად ღირებულებას გამოხატავს, რომელიც წარმოების პროცესის დროს წარმოიშობა. დროის ღერძის პერპენდიკულარული მონაკვეთები წარმოების სტადიებს წარმოადგენს. ცალკეული ნაწილების სიმაღლე გამოხატავს ჯერ კიდევ დაუსრულებელი წარმოების პროცესის ფულად ღირებულებას. რესურსები წარმოების სხვადასხვა საფეხურებზეა გადანაწილებული მეწარმეების მიერ, რომლებიც ფასების მიერ მოწოდებული ნიშნებით ხელმძღვანელობენ. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ წარმოების სტრუქტურა დროში ცვალებადია, წარმოების სხვადასხვა სტადიაზე საჭირო რესურსებზე მოთხოვნა-მიწოდება განსხვავებულად რეაგირებს სარგებლის განაკვეთის ცვლილებაზე: მაგალითად, მოთხოვნა ნედლეულის მომპოვებელი წარმოებების პროდუქციაზე განაკვეთის მიმართ უფრო ელასტიკურია, ვიდრე მოთხოვნა მომსახურების სფეროს პროდუქციაზე. სარგებლის განაკვეთის ცვლილებას სისტემატური ეფექტი ექნება ფასებზე, რომელიც რესურსებს წარმოების სხვადასხვა საფეხურისკენ მიმართავს. მაგალითად, განაკვეთის ვარდნა შედარებით გააძლიერებს სარგებლის მიმართ ელასტიკურ მოთხოვნას, რომელიც რესურსებს წარმოების ადრეულ საფეხურზე გადაისვრის.

ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ყალიბდება მომხმარებელთა პერიოდთაშორისი პრიორიტეტების ცვლილებებზე დამოკიდებულ სარგებლის განაკვეთებს და ცენტრალური ბანკის პოლიტიკასთან დაკავშირებულ სარგებლის განაკვეთის ცვლილებებს შორის. უპირველეს ყოვლისა (ჰაიეკი, 1935, გვ. 49-54), მეწარმეთა საქმიანობა და ამის შედეგად შეცვლილი ფასები საშუალებას აძლევს წარმოების სტრუქტურას, მოერგოს მომხმარებელთა პრიორიტეტების ცვლილებებს. მეორე მხრივ (ჰაიეკი, 1935, გვ. 54-62), ფასების მსგავსი ცვლილებები, საკრედიტო ბაზრების მეშვეობით ახალი ფულის მიწოდებით აყალბებს საფასო ნიშნებს, რაც წარმოების საფეხურებს შორის რესურსების მცდარ გადანაწილებას იწვევს. სარგებლის განაკვეთის ხელოვნურად დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს არამდგრადი ეკონომიკური აღმავლობა, რომელსაც წარმოების საწყის ეტაპებზე რესურსების ჭარბი მოხმარება ახასიათებს. ჰაიეკმა გვაჩვენა რომ, საბაზრო პროცესები, რომელიც გამოწვეულია საკრედიტო ბაზრების მეშვეობით ახალი ფულის მიწოდებით, თვითშეფერხებადი პროცესია. ბევრად მეტი საწარმოო პროცესია წამოწყებული, ვიდრე შეიძლება რომ დასრულდეს. შესაბამისი რესურსების სიმწირე ხელოვნურ აღმავლობას კრახით ამთავრებს. ეკონომიკის აღორძინება უნდა მოიცავდეს “მცდარი ინვესტიციების” ლიკვიდაციას და რესურსების გადანაწილებას ფაქტობრივი პერიოდთაშორისი პრიორიტეტებისა და რესურსების ხელმისაწვდომობის მიხედვით.

ჰაიეკმა (1939) შეამჩნია, რომ სარგებლის განაკვეთის მომავალში ცვლილების მოლოდინებს და ფასების პერიოდთაშორის ცვალებადობის შესახებ მეწარმეთა ვარაუდებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ სავაჭრო ციკლის დინამიკაზე. ეს ნიშნავს, რომ ფასები გზამკვლევი ნიშნებია და არა სამხედრო ბრძანებები. მაგრამ ჰაიეკმა, ზოგიერთი თანამედროვე ეკონომისტისგან განსხვავებით, არ დაუშვა, რომ თუ ფულის ჭარბი მოწოდებით გამოწვეულ საფასო ნიშნების გაყალბებას მეწარმეთა “რაციონალური” მოლოდინები დააბალანსებდა, შედეგად ფასების სისტემა დაცული იქნებოდა სიყალბისგან. ამგვარი განტოლება გულისხმობს, რომ ბაზრის მონაწილეებმა ისეთი ცოდნა უნდა გამოიყენონ, რომელიც, შეიძლება, ფაქტობრივად არც კი გააჩნდეთ; იგი გულისხმობს, რომ მათ ფასების სისტემისგან დამოუკიდებლად აქვთ ცოდნა “ნამდვილი” ფაქტორების შესახებ, რომელიც, წესით, სწორედ ფასების მიერ ხორციელდება.

8. ქეინზიანიზმის კრიტიკა

ჰაიეკის კაპიტალის და მონეტარულ თეორიებს მალევე ჰმოყვა მის მიერ ქეინზიანური თეორიის და პოლიტიკის კრიტიკა. ჰაიეკი ამბობდა, რომ ქეინზმა ყურადღება არ გაამახვილა წარმოების პერიოდთაშორის სტრუქტურაზე, კერძოდ იმაზე, რომ წარმოების სტრუქტურა საფეხურებრივია და თანდათან რთულდება. ქეინზმა ვერ მოახერხა, რომ სათანადოდ შეეფასებინა ბაზარი, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს პერიოდთაშორის კოორდინაციას: «ბატონი ქეინზის აგრეგირებული მონაცემები ცვლილების ყველაზე ფუნდამენტურ მექანიზმს ნიღბავს (ჰაიეკი, 1931, გვ 227). მან ფულიდან, როგორც გაცვლის საშუალებიდან, ყურადღება გადაიტანა ფულზე, როგორც ცვალებად აქტივზე და ქეინზმა ვერ შენიშნა ის ზიანი, რომელიც საკრედიტო ბაზრების მეშვეობით ახალი ფულის მიწოდებით ან მათი პირდაპირ, საჯარო პროექტებზე ხარჯვით იყო გამოწვეული.

ჰაიეკმა ხაზი გაუსვა, რომ ფული, როგორც გაცვლის საშუალება, «წარმოადგენს ერთგვარ მოქნილ სახსარს ფასების მექანიზმის თვითგაწონასწორებად აპარატში, რომელიც ვალდებულია შებოჭოს მისი მუშაობა – რაც უფრო მეტად ახერხებს იგი ამას, მით მეტია დატვირთვა სახსარზე». ქეინზიანური თეორია და პოლიტიკა ჰაიეკის კრიტიკის განსაკუთრებულ სამიზნეებს წარმოადგენდა, რაც მის გაფრთხილებაშიც კარგად ჩანს: «ამგვარი მოქნილი სახსრის არსებობა არ გამოდგება მათზე ყურადღების კონცენტრირების გასამართლებლად სხვა დანარჩენი მექანიზმების უგულებელყოფის ხარჯზე, და კიდევ უფრო ნაკლებ შესაძლებლობას ტოვებს, რომ გამოყენებული იყოს მოკლევადიანი თავისუფლება ეკონომიკური საჭიროებებიდან, რასაც სახსრის მოქნილობა უშვებს (ჰაიეკი, 1941, გვ. 408).

ჰაიეკის და ქეინზის დებატების მომდევნო ათწლეულებში ეკონომიკურ თეორიაში ქეინზიანიზმი დომინირებდა და, შესაბამისად, მაკროეკონომიკური პოლიტიკა სწორედ იმ ღონისძიებებისგან შედგებოდა, რომლებთან დაკავშირებითაც ჰაიეკი აფრთხილებდა საზოგადოებას: მონეტარული მანიპულაციები პოლიტიკური სარგებლისთვის. დიდი დეპრესიის დროს განხორციელებულმა მონეტარულმა ექსპანსიამ, რომელიც მთავრობის მხრიდან ეკონომიკის წახალისებისთვის იყო ჩაფიქრებული, მალე გზა დაუთმო უფრო ფართოდ გამოხატულ “მოთხოვნის მიხედვით მართვის” პოლიტიკას. ინფლაციასა და უმუშევრობას შორის არსებული მოკლევადიანი განსხვავება პოლიტიკურ და ზოგ აკადემიურ წრეებშიც განიხილებოდა როგორც სოციალური მენიუ, რომლისგანაც უფლებამოსილ სახელმწიფო მოხელეებს და ამომრჩევლებს შეეძლოთ გემოვნების მიხედვით აერჩიათ; მაკროეკონომიკური “მორგების” პოლიტიკის განხორციელება ცენტრალური ბანკის პასუხისმგებლობად ჩამოყალიბდა ფისკალურ სამსახურებთან მჭირდო თანამშრომლობის გათვალისწინებით.

ჰაიეკმა ქეინზის თეორიის კრიტიკაში და ქეინზიანური პოლიტიკის ფაქტობრივი ეფექტების ანალიზში მკაფიოდ ჩამოაყალიბა მონეტარული სახსრის პოლიტიკური ექსპლუატაციის გარდაუვალი შედეგი: მისწრაფება ინფლაციისკენ. ახლად შექმნილი ფულით შეიძლება დაასაქმო უმუშევარი და პოლიტიკურად პოპულარული პროგრამები დააფინანსო. კომერციული საბანკო სისტემის მეშვეობით მონეტარულ ინიექციებს შეუძლია სტიმული გააჩინოს ეკონომიკაში და შესაბამისად, ხელოვნური ეკონომიკური აღმავლობა გამოიწვიოს. ფულის მასის ზრდა, ხელოვნური აღმავლობის საბოლოო კრახის და ფასების საერთო დონის ზრდის არასასურველი ეფექტები კი მიჩქმალულია და არჩეულ მაღალჩინოსნებთან ირიბადაა გაიგივებული.

პოლიტიკური პროცესი გრძელდება და არჩეული მოხელეები არჩევანის წინაშე დგებიან: მონეტარული პასიურობა, რომელიც ბაზარს საშუალებას მისცემს, წარსული მონეტარული ინიექციებით დარღვეული სისტემის აღდგენის მტკივნეული პროცესი განიცადოს, ან შემდგომი მონეტარული ინიექციები, რომელიც სასურველ ეფექტებს გამოიწვევს მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ შეაჩერებს სისტემის აღდგენას. სწორედ პოლიტიკურ ინტერესებსა და ეკონომიკურ აუცილებლობას შორის დაპირისპირება არის ჰაიეკის მიერ ქეინზიანიზმის კრიტიკის მთავარი თემა. «40 წლის მანძილზე ჰაიეკის მიერ ქეინზიანიზმზე გაკეთებული კომენტარები» სუდჰა შენოიმ 1972 წელს გამოსცა.

9. ფულის დენაციონალიზაცია

ჰაიეკი, როგორც მონეტარული რეფორმატორი, კოორდინაციის რღვევის გამომწვევი ძალის შემცირებითაა დაინტერესებული, რომელიც მონეტარულ მექანიზმებს ახასიათებს და ხელს უშლის პოლიტიკური მიზნებისთვის ფულით მანიპულაციას. იგი დიდი ხანი ეჭვობდა, რომ მთავრობას ან სურვილი გააჩნდა, ან შესაძლებლობა, რომ ფულის მიწოდება საზოგადოებრივი ინტერესის მიხედვით მოეხდინა.

ადრეულ ნაშრომებში ვხედავთ, რომ ჰაიეკი ცენტრალური ბანკის არსებობას ჩვეულებრივ მოვლენად თვლის და ანალიზში ყურადღებას ამახვილებდა სხვადასხვა პოლიტიკური მიზნების შედეგებზე, მაგალითად, ეკონომიკური ზრდის სტიმულირების ან ფასების საერთო დონის სტაბილიზაციის მიზანზე. უკვე გვიანდელ ნაშრომებში მან ფულის მიწოდების მონოპოლიზება მონეტარული რყევების მთავარ მიზეზად აღიარა. 1960 წელს, ჯერ კიდევ “დარწმუნებული იმაში, რომ თანამედროვე საკრედიტო საბანკო სისტემა, ისეთი სახით, როგორადაც ის ჩამოყალიბდა, საჭიროებდა გარკვეულ საზოგადოებრივ ინსტიტუტს, როგორიცაა ცენტრალური ბანკი, (იგი) ეჭვით უყურებდა იმას, აუცილებელი იყო თუ სასურველი, რომ მათ (ან მთავრობებს) ჰქონოდათ მონოპოლია ნებისმიერი სახის ფულის ბეჭდვაზე (1960, გვ. 520).

1970-იანი წლების შუახანებში ჰაიეკი ხელმეორედ დაინტერესდა ფულის დენაციონალიზაციის საკითხით (1976). იმის გათვალისწინებით, რომ მას პოლიტიზებული ინსტიტუტების მეშვეობით მონეტარული სტაბილურობის მიღწევის არ სჯეროდა, იძლეოდა რჩევას, რომელიც, მისივე აზრით, ლამისაა «მწარე ხუმრობად» ჟღერდა – რომ ფულის ბეჭდვა კერძო ხელში უნდა გადასულიყო. მალევე, რაკიღა ამ საკითხს სერიოზულად მოეკიდა, კონკურენტული ვალუტების შესაძლებლობისა და სავარაუდო შედეგების კვლევა დაიწყო.

ჰაიეკის შემოთავაზება ფულის კონკურენტულ ბეჭდვაზე არ წარმოადგენს სტანდარტულ მიდგომას, რომელიც ე.წ. საერთო-წყაროს პრინციპს ეფუძნება. შემოთავაზება არ მდგომარეობს იმაში, რომ ფულის მჭრელებმა რომელიმე საერთო ფულის გამოშვებისას იპაექრონ. ნათელია, რომ ამაზე დაფუძნებული კონკურენცია ფეთქებად ინფლაციას გამოიწვევს. შემოთავაზება გულისხმობს იმას, რომ კონკურენციაში ჩართული თითოეული მონაწილე საკუთარ სავაჭრონიშნიან ვალუტას დაბეჭდავს. ამ შემთხვევაში, თითოეულ ფულის მჭრელს ექნება სტიმული, საკუთარი ვალუტის ღირებულება რაც შეიძლება მყარად შეინარჩუნოს და მინიმუმამდე დაიყვანოს საკუთარი ვალუტის გამოყენების სირთულეები გარემოში, სადაც სხვა ვალუტებიც გამოიყენება.

იმის დაკონკრეტებისას, თუ როგორ მუშაობს ან იმუშავებს ასეთი კონკურენტული ვალუტების სისტემა, ჰაიეკს მკაფიო ხაზი უნდა გაევლო, ერთი მხრივ, კონსტრუქტივიზმის და, მეორე მხრივ, საბაზრო პროცესების ბრმა რწმენას შორის. ამ საბაზრო პროცესის შესაძლო შედეგების მისეული განხილვა არ უნდა იქნეს მიღებული, როგორც რეცეპტი კონკურენტული ვალუტების უზრუნველსაყოფად, არამედ უნდა გახდეს იმის დაჯერების საფუძველი, რომ კონკურენცია კერძო ფულის მჭრელებს შორის შესაძლებელია. ინდივიდებს შეუძლიათ უპირატესობა ერთ რომელიმე ვალუტას მიანიჭონ, რაც დაფუძნებული იქნება ფულის მჭრელის მიერ საკუთარი ვალუტების მსყიდველობითი უნარის სტაბილურობის დემონსტრირებაზე. ჰაიეკის ვარაუდით, მათ არჩევანზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს სპეციფიკურმა ფასების დონემ, რომელიც ვალუტების მართვისას ფულისმჭრელის გზამკვლევად მოქმედებს. ან შეიძლება იყოს ის, რომ ხალხის ნდობა შენარჩუნდეს მხოლოდ იმ ვალუტით, რომელიც მოცემულ საქონელთან ან სამომხმარებლო კალათასთან ფიქსირებულ განაკვეთზე კონვერტირდება. ჰაიეკი ნამდვილად ეჭვობს, რომ მხოლოდ კონკურენციის პროცესის შედეგად კვლავ აღმოცენდება ოქროს სტანდარტი, რადგან ოქროსადმი ნდობა და სტაბილურობა, რომელიც ეფუძნებოდა ხალხის მრწამსს და დამოკიდებულებას, აღარ არსებობს და რთულად აღსადგენია. მაგრამ თუ ოქრო გაბატონდება კონკურენტულ გარემოში, მაშინ მისი უარყოფის საფუძველი აღარ იარსებებს.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჰაიეკის მიერ შეთავაზებული მონეტარული რეფორმა გაგებული იქნეს არა როგორც საქმეში ჩაუხედაობა, არამედ, როგორც ეკონომიკის მისეული ხედვა, რომელიც სრულად თავსებადია სპონტანურ წესრიგთან. ბაზრები მუშაობენ ინდივიდუალური მონაწილეების ქმედებათა კოორდინაციის ხელშესაწყობად. ფულის გამოყენებას, რომელიც ამარტივებს ეკონომიკურ კოორდინაციას, ასევე კორდინაციის მოშლის თანდაყოლილი თვისება გააჩნია. ბაზარზე ფულისთვის მიმდინარე კონკურენცია თავის თავში ატარებს პოტენციალს და საშუალებას აძლევს ბაზრის მონაწილეებს, გამოიყენონ სპონტანური წესრიგის სხვა ელემენტების სრული უპირატესობაც.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s