ოქრო და ეკონომიკური თავისუფლება1

alan

ალან გრინსპენი

ოქროს სტანდარტის მიმართ თითქმის ისტერიული აგრესია არის საკითხი, რომელიც აერთიანებს ყველა მრწამსის სახელმწიფო ჩარევების მომხრეს, ჩაურევლობის (laissez-faire) ბევრი თანმიმდევრული დამცველისგან განსხვავებით. ამ უკანასკნელისათვის ოქრო და ეკონომიკური თავისუფლება ერთმანეთისაგან განუყოფელია და ოქროს სტანდარტი წარმოადგენს ჩაურევლობის პოლიტიკის ინსტრუმენტს. ამ ორ მიმართულებას შორის ანტაგონიზმის მიზეზის ასახსნელად, უპირველესად საჭიროა გავიგოთ თავისუფალ საზოგადოებაში ოქროს როლი.
ფული ყველა ეკონომიკური გარიგების საერთო მნიშვნელია. ფული წარმოადგენს საქონელს რომელსაც აქვს გაცვლის ფუნქცია, რომელიც ყველა მონაწილესათვის საყოველთაოდ მისაღებია და გამოიყენება საქონლისა და მომსახურების საფასურის გადახდისთვის. ფული შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საბაზრო ღირებულების სტანდარტი, მას აქვს ღირებულება როგორც დაგროვების საშუალებას, ანუ დაზოგვის ფუნქცია.
ასეთი საქონლის არსებობა წარმოადგენს შრომის განაწილების წინაპირობას. თუ ადამიანს არ აქვს ობიექტური ღირებულების საქონელი, რომელიც ზოგადად მისაღებია, როგორც ფული, იგი იძულებულია მიმართოს პრიმიტიულ ბარტერს, ან იძულებული ხდება იარსებოს თვითკმარ მეურნეობებში და უარყოს სპეციალიზაციის შეუფასებელი უპირატესობა.
თუ ადამიანისთვის არ აქვს მნიშვნელობა დაგროვებას, ანუ დაზოგვას, მაშინ არც გრძელვადიანი დაგეგმვა და არც გაცვლა არ იქნება შესაძლებელი. ეკონომიკაში ყველა მონაწილისათვის მისაღები გაცვლის საშუალებები თვითნებურად არ არის დადგენილი. უპირველესად, გაცვლის საშუალება უნდა იყოს მყარი. დაბალშემოსავლიან პრიმიტიულ საზოგადოებაში ხორბალი შესაძლოა საკმარისად მყარი გაცვლის საშუალება აღმოჩნდეს, რადგან ყველა სახის გაცვლა-გამოცვლა მხოლოდ მოსავლის აღებისას ან დაუყოვნებლივ მის შემდეგ შესაძლებელია განხორციელდეს. ასეთ შემთხვევაში, შესანახად ნამეტი ღირებულება არ რჩება. მაგრამ იმ საზოგადოებაში, სადაც შენახვის ღირებულება მნიშვნელოვანია, კერძოდ, უფრო მდიდარ, უფრო ცივილიზებულ საზოგადოებებში გაცვლის საშუალებად გამოიყენება უფრო მყარი საქონელი, როგორც წესი,
ლითონის. ლითონი არჩეულ იქნა იმიტომ, რომ იგი წარმოადგენს ერთგვაროვანს და ჯერადს: მისი შემადგენელი ყოველი ერთეული არის იგივე, როგორც ყველა სხვა, და იგი შეიძლება შერეულ იქნას ან ჩამოყალიბდეს ნებისმიერი რაოდენობით. შედარებისათვის, მაგალითად ძვირფასი სამკაულები არც ერთგვაროვანია და არც ჯერადი.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გასაცვლელად არჩეული საქონელი უნდა იყოს ფუფუნების საგანი. ფუფუნებაზე ადამიანის სურვილები შეუზღუდავია და ამიტომ, ფუფუნების საქონელზე მუდამ მოთხოვნაა და მუდამ იქნება ყველასათვის მისაღები.
ხორბალი ფუფუნებაა ღარიბი, გამოუკვებავი ცივილიზაციებისთვის, მაგრამ არა აყვავებული საზოგადოებისათვის. სიგარეტი, ჩვეულებრივ, ვერ მოგვემსახურება, როგორც ფული, მაგრამ მეორე მსოფლიო ომისშემდგომ ევროპაში იგი განიხილებოდა როგორც ფუფუნების საგანი. ტერმინი “ფუფუნების საქონელი” გულისხმობს დეფიციტს და ერთეულის მაღალ ღირებულებას. ერთეულის მაღალი ღირებულების ქონის გარდა, ასეთი საქონელი ადვილად გადასატანია; მაგალითად, ერთი უნცია ოქრო ღირს ნახევარი ტონა
რკინის სადნობი.
ფულადი ეკონომიკის განვითარების ადრეულ სტადიებზე, გაცვლის რამდენიმე საშუალება შეიძლება იქნეს გამოყენებული, რადგან საქონლის ფართო სპექტრმა შეიძლება შეასრულოს ზემოაღნიშნული პირობები. თუმცა, ერთ-ერთი საქონელი თანდათანობით ჩაანაცვლებს სხვებს, რომელიც უფრო ფართოდ მისაღები იქნება გაცვლისათვის. ჩანაცვლება პროგრესს განიცდის და თანდათან საქონელი ერთპიროვნული გაცვლის საშუალება
ხდება. ერთი გაცვლის საშუალების გამოყენება უფრო მომგებიანია იმ მიზეზით, რომ ფულადი ეკონომიკა აღემატება ბარტერულ ეკონომიკას: იგი გაცვლებს შესაძლებელს ხდის უფრო ფართო მასშტაბით.
გაცვლის საშუალებად ოქროს, ვერცხლის, ზღვის ნიჟარების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ან თამბაქოს გამოყენება დამოკიდებულია კონტექსტზე და მოცემული ეკონომიკის განვითარებაზე. ფაქტიურად, როგორც გაცვლის საშუალება, სხვადასხვა დროს შესაძლოა ყველა იქნეს გამოყენებული. ამ საუკუნეში, ორი მთავარი საქონელი, ოქრო და ვერცხლი, გამოყენებულ იქნა, როგორც საერთაშორისო გაცვლის საშუალება. ოქროს
უფრო დომინანტური ადგილი უკავია, რადგან მას აქვს როგორც მხატვრული, ასევე ფუნქციური გამოყენება, ამასთან შედარებით იშიათად მოიპოვება და ყოველთვის ითვლებოდა ფუფუნების საგნად. იგი არის გამძლე, ადვილად გადასატანი, ერთგვაროვანი, ჯერადი, და, შესაბამისად, აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობები გაცვლის ყველა სხვა საშუალებასთან შედარებით. პირველ მსოფლიო ომამდე იგი პრაქტიკულად წარმოადგენდა
გაცვლის ერთადერთ საერთაშორისო სტანდარტს.
თუ ყველა საქონელის და სერვისის გადახდა ოქროთი უნდა განხორციელდეს, მსხვილი გადახდების შესრულება რთული იქნება, და ეს, როგორც წესი, ზღუდავს შრომისა და სპეციალიზაციის საზოგადოების დანაწილების ხარისხს. ამიტომ გაცვლის საშუალების შექმნის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს საბანკო სისტემისა და საკრედიტო ინსტრუმენტების (ბანკნოტები და ანაბრები) განვითარება, რომლებიც მოქმედებენ, როგორც
შემცვლელები, მაგრამ ოქროთი განაღდებადი.
ოქროზე დაფუძნებულ თავისუფალ საბანკო სისტემას შეუძლია გააფართოვოს კრედიტი და ამისთვის გამოუშვას ბანკნოტები და გახსნას ანაბრები, ეკონომიკაში წარმოების მოთხოვნილებების შესაბამისად. ოქროს ინდივიდუალური მფლობელები დაინტერესებულნი იქნებიან, სარგებლის გადახდის გამო, საკუთარი ოქრო ჩააბარონ ბანკს. მაგრამ ყველა მეანაბრე ერთი და იგივე დროს არ ითხოვს ოქროს. ბანკირი ცდილობს ოქროში რეზერვის სახით შეინარჩუნოს ანაბრების საერთო მოცულობის მხოლოდ ნაწილი და გასცეს კრედიტები მეტი ოდენობით, ვიდრე მის ხელთ არსებული ოქროს მარაგის მოცულობაა (ანუ ოქროზე მოთხოვნა აღემატება ბანკისათვის სესხად მიბარებულ ოქროს). მაგრამ სესხების მოცულობა ხელაღებით არ დგინდება: მის დასადგენად ბანკი იყენებს რეზერვებისა და საინვესტიციო მდგომარეობის შეფასებას.
როდესაც ბანკი სესხად გასცემს თანხას პროდუქტიული და მომგებიანი საწარმოების დასაფინანსებლად, სესხის გადახდა ხდება სწრაფად და სესხის გაცემა ისევ შესაძლებელია. მაგრამ როდესაც ბანკის კრედიტებით ფინანსდება ნაკლებად მომგებიანი კომერციული საწარმოები და დავალიანების გადახდა შენელებული ტემპით მიმდინარეობს, ბანკირები მალე აღმოაჩენენ, რომ მათ მიერ გაცემული სესხები მათ ოქროს მარაგს აჭარბებს, და ისინი იწყებენ ახალი სესხების გაცემის შემცირებას, ჩვეულებრივ, მაღალი სარგებელის დაწესებით. აღნიშნული, როგორც წესი, ზღუდავს ახალი საწარმოების დაფინანსებას და არსებული მსესხებლებისგან მოითხოვს მათი მომგებიანობის ამაღლებას, ვიდრე შემდგომი გაფართოებისთვის კრედიტს აიღებდნენ. ამდენად, ოქროს სტანდარტის დროს, თავისუფალი საბანკო სისტემა წარმოადგენს ეკონომიკის დაბალანსებული ზრდის დამცველს.
როდესაც ოქრო, როგორც გაცვლის საშუალება, მიღებულია უმრავლეს ან ყველა ქვეყანაში, შეუზღუდავი, თავისუფალი საერთაშორისო ოქროს სტანდარტი ხელს შეუწყობს მსოფლიოს მასშტაბით შრომის დანაწილებას და ფართო საერთაშორისო ვაჭრობას. მიუხედავად იმისა, რომ გაცვლის ერთეულები (დოლარი, ფუნტი, ფრანკი, და ა.შ.) განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც ყველაფერი ოქროთი არის განსაზღვრული სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკები მოქმედებენ, როგორც ერთიანი – სანამ არ არსებობს
შეზღუდვები ვაჭრობის ან კაპიტალის გადაადგილების თვალსაზრისით. კრედიტებს, სარგებლებს და ფასებს აქვთ ტენდენცია მიჰყვნენ სხვა ქვეყნების ანალოგიურ ტენდენციებს.
მაგალითად, თუ ბანკები ერთ ქვეყანაში კრედიტებს ძალიან ლიბერალურად გასცემენ, ასეთ ქვეყნებში სარგებლის განაკვეთს აქვს ვარდნის ტენდენცია, რის გამოც მეანაბრეები ცდილობენ თავიანთი ოქრო გადაიტანონ სხვა ქვეყნების მაღალი განაკვეთის მქონე ბანკებში. ეს კი, დაუყოვნებლივ გამოიწვევს საბანკო რეზერვების დეფიციტს “იოლი ფულის” ქვეყნებში, რაც თავის მხრივ, გაამკაცრებს კრედიტების გაცემის სტანდარტებს და კიდევ ერთხელ დააბრუნებს კონკურენტულ ან უფრო მაღალ სარგებლებს.
სრულად თავისუფალი საბანკო სისტემა და ოქროს სტანდარტთან სრულად შესაბამისი სისტემა ჯერჯერობით არსად არ არის მიღწეული. მაგრამ პირველ მსოფლიო ომამდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში (და მსოფლიოს ბევრ ქვეყნებში) საბანკო სისტემა დაფუძნებული იყო ოქროზე, და მიუხედავად იმისა, რომ მთავრობები ზოგჯერ ახორციელებდნენ ჩარევებს, ბანკები უფრო თავისუფალნი იყვნენ, ვიდრე კონტროლირებადი. პერიოდულად, კრედიტების სწრაფი გაფართოების შედეგად, ბანკები სესხებს გასცემდნენ თავიანთი ოქროს რეზერვების ლიმიტის დონემდე, ახალი კრედიტები წყდებოდა, რაც განაპირობებდა სარგებლების მკვეთრ ზრდას და ეკონომიკა შედიოდა მწვავე, მაგრამ მოკლე რეცესიაში (1920 და 1932 წლების დეპრესიებთან შედარებით, პირველ მსოფლიო ომამდე წარმოების ვარდნები ზომიერ ხასიათს ატარებდა). იგი შეზღუდული იყო ოქროს მარაგის არსებობით, რაც აკავებდა წარმოების აქტივობის გაუწონასწორებელ გაფართოებას. გარდაქმნის პერიოდები ხანმოკლე იყო და ეკონომიკა სწრაფად აღადგენდა გაფართოების განახლების
საიმედო საფუძველს.
მაგრამ მკურნალობის პროცესი შეცდომით იყო დიაგნოსტირებული, როგორც დაავადება: თუ საბანკო რეზერვების უკმარისობა განაპირობებს ბიზნესის კლებას ეკონომიკური ინტერვენციონისტების მტკიცებით – რატომ არ უნდა იპოვონ საბანკო რეზერვების გაზრდის ისეთი საშუალება, რომ ისინი არასოდეს იყოს არასაკმარისი! თუ ბანკს შეეძლება განუსაზღვრელი ვადით გააგრძელოს სესხის გაცემა, მაშინ ბიზნესში
არასოდეს არ უნდა შეინიშნებოდეს დაქვეითება. ამიტომ 1913 წელს შეიქმნა ფედერალური სარეზერვო სისტემა. იგი შედგებოდა თორმეტი რეგიონული ფედერალური სარეზერვო ბანკებისგან, რომლებიც ნომინალურად ეკუთვნოდა კერძო ბანკირებს, მაგრამ ფაქტიურად მთავრობა აფინანსებდა, აკონტროლებდა და მხარს უჭერდა. ამ ბანკების მიერ გაცემული კრედიტები პრაქტიკულად (თუმცა არაიურიდიულად) მხარდაჭერილი იყო ფედერალური მთავრობის საგადასახადო ორგანოების მიერ. ტექნიკურად, ისევ რჩებოდა
ოქროს სტანდარტი; ფიზიკური პირები კვლავ თავისუფალად ფლობდნენ ოქროს, ოქრო კი ისევ გამოიყენებოდა საბანკო რეზერვების სახით. მაგრამ ახლა, ოქროს დამატებით, ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გაცემული კრედიტები ხდებოდა მეანაბრეების გადახდის იურიდიული საშუალება.
როდესაც 1927 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებამ მსუბუქი ვარდნა განიცადა, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შექმნა დიდი ქაღალდის ფულის მარაგი, ბანკების ნებისმიერი შესაძლო სარეზერვო დეფიციტის აღმოსაფხვრელად. თუმცა, უფრო კატასტროფული იყო ფედერალური სარეზერვო სისტემის მცდელობა დახმარებოდა დიდ ბრიტანეთს, რომელმაც ჩვენ ოქრო დაგვიკარგა, რადგან ინგლისის ბანკმა უარი თქვა სარგებლის გაზრდაზე, რასაც საბაზრო ძალები კარნახობდნენ (ეს იყო პოლიტიკურად მიუღებელი). ხელისუფლების ჩართულობა გამომდინარეობდა შემდეგი მიზეზებით: თუ ფედერალური სარეზერვო სისტემა შეიტანდა ამერიკის ბანკებში დამატებით ქაღალდის მარაგს, აშშ-ში სარგებლები დაეცემოდა დიდი ბრიტანეთის დონემდე. ეს შეაჩერებდა ბრიტანეთის მიერ ოქროს დაკარგვას და თავიდან აიცილებდა სარგებელის ამაღლებასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ არეულობებს.
ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ თავისას მიაღწია: მან შეაჩერა ოქროს დაკარგვა, მაგრამ მან თითქმის დაანგრია მსოფლიო ეკონომიკა. ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ გაცემული ჭარბი კრედიტი შევიდა საფონდო ბაზარზე, რამაც გამოიწვია ფანტასტიური სპეკულაციური აურზაური. მოგვიანებით, ფედერალური სარეზერვო სისტემის ოფიციალური პირები შეეცადნენ შეეწოვათ ჭარბი რეზერვები და საბოლოოდ შეძლეს
პროცესის დამუხრუჭება. მაგრამ ეს იყო ძალიან გვიან: 1929 წელს სპეკულაციური დისბალანსი იმდენად დაუძლეველი გახდა, რომ წარმოებისადმი ნდობის დემორალიზება განაპირობა. შედეგად, ამერიკული ეკონომიკა ჩამოინგრა. დიდ ბრიტანეთს უფრო უარესი დაემართა, და იმის მაგივრად, რომ სწორად აღექვა ჩადენილი სისულელეებით გამოწვეული შედეგები, 1931 წელს საერთოდ უარყო ოქროს სტანდარტი, რითაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი მსოფლიო მასშტაბით ბანკების გაკოტრებას. მსოფლიო ეკონომიკა 1930-იანი წლების
დიდ დეპრესიაში ჩაინთქა.
სახელმწიფო ჩარევების მომხრენი ამტკიცებდნენ, რომ საკრედიტო ფიასკოში დამნაშავე იყო ოქროს სტანდარტი , რომელმაც გამოიწვია დიდი დეპრესია. ოქროს სტანდარტი, რომ არ არსებულიყო, ამტკიცებდნენ ისინი, 1931 წელს ბრიტანეთის მიერ ოქროთი გადახდაზე უარის თქმა არ გამოიწვევდა ბანკების გაბანკროტებას მთელ მსოფლიოში. (ირონია ის იყო, რომ 1913 წლიდან, ჩვენ ვიყავით არა ოქროს სტანდარტში, არამედ თუ შეიძლება ასე ეწოდოს “შერეულ ოქროს სტანდარტში”; თუმცა ეს ის ოქროა, რომელმაც თავის თავზე აიღო
ბრალდება.)
მაგრამ ნებისმიერი ფორმით ოქროს სტანდარტის მიმართ ნეგატიური ოპოზიცია და ამასთან ერთად საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს მომხრეების მზარდი რაოდენობა ნაკარნახევი იყო ბევრად უფრო ფაქიზი მიზეზებით, კერძოდ იმ ფაქტის გაცნობიერებით, რომ ოქროს სტანდარტი შეუთავსებელია ხარჯების ქრონიკულ დეფიციტთან. კეთილდღეობის სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა მექანიზმი, რომლის მეშვეობით
მთავრობები ახდენენ საზოგადოების პროდუქტიული წევრების სიმდიდრის კონფისკაციას ფართო სოციალური პროგრამების მხარდაჭერის მიზნით. კონფისკაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ხორციელდება დაბეგვრის მეშვეობით. მაგრამ, კეთილდღეობის სახელმწიფო ჩარევების მომხრეებმა სწრაფად გაიაზრეს, რომ თუ მათ სურთ შეინარჩუნონ პოლიტიკური ძალა, დაბეგვრა უნდა შეეზღუდათ, და ისინი იძულებული გახდნენ შემოეღოთ დეფიციტური პროგრამები, ანუ მათ უნდა ესესხათ თანხა, მთავრობის მიერ გამოშვებული ობლიგაციების მეშვეობით, ფართომასშტაბიანი სოციალური პროგრამების დანახარჯების დასაფინანსებლად.
ოქროს სტანდარტის თანახმად, კრედიტის ოდენობა, რომელიც შესაძლებელია ეკონომიკის მხარდასაჭერად, განისაზღვრება ეკონომიკის მატერიალური აქტივებით, რადგან ყველა საკრედიტო ინსტრუმენტი, საბოლოო ჯამში მოთხოვნაა ზოგიერთ მატერიალურ აქტივზე. მაგრამ სახელისუფლებო ობლიგაციები არ არის გამყარებული მატერიალური სიმდიდრით, იგი მხოლოდ ხელისუფლების დაპირებაა გადაიხადოს მომავალში შემოსული საგადასახადო შემოსავლებით და ასე მარტივად ვერ შეიწოვება ფინანსური ბაზრების მიერ.
ახალი სახელმწიფო ობლიგაციების დიდი მოცულობა შეიძლება გაიყიდოს მხოლოდ პროგრესულად
მაღალი სარგებელით. ამგვარად, მთავრობის ბიუჯეტის დეფიციტი ოქროს სტანდარტის პირობებში მკაცრად შეზღუდულია.
ოქროს სტანდარტის უარყოფამ სახელმწიფო ჩარევების მხარდამჭერებს შესაძლებლობა მისცათ გამოეყენებინათ საბანკო სისტემა, როგორც კრედიტის შეუზღუდავად გაფართოების საშუალება. მათ შექმნეს ქაღალდის რეზერვები სამთავრობო ობლიგაციების სახით, რომლებსაც მათ მიერ გადადგმული კომპლექსური ნაბიჯების შედეგად ბანკები მატერიალური აქტივების სახით ღებულობენ, თითქოს ისინი რეალურ ანაბარს წარმოადგენდეს, ანუ, იმის ექვივალენტი, რაც ადრე ოქროს ანაბარი იყო. სახელმწიფო ობლიგაციების
ან ბანკის ანაბრების, რომლებიც შექმნილია ქაღალდის რეზერვებისგან, მფლობელს მიაჩნია, რომ მას რეალურ აქტივზე აქვს ვალიდური თამასუქი. მაგრამ ფაქტია, რომ ამჟამად უფრო მეტი თამასუქებია, ვიდრე რეალური აქტივები.
მოთხოვნა-მიწოდების კანონმა არ შეიძლება მოგვატყუოს. თუ ფულის მიწოდება იზრდება ეკონომიკაში მატერიალური აქტივების მიწოდების შესაბამისად, ფასებმა საბოლოო ჯამში უნდა მოიმატოს. ამგვარად, საზოგადოების პროდუქტიული წევრების მიერ შენახული შემოსავლები კარგავს ღირებულებას საქონლის თვალსაზრისით. ერთნი თვლიან, რომ ღირებულების დანაკარგი წარმოადგენს საქონელს, რომელსაც ყიდულობს
ხელისუფლება კეთილდღეობისათვის ან სხვა მიზნით იმ ფულით, რომელიც მას შემოსდის სამთავრობო ობლიგაციების გაყიდვებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, ფინანსდება საბანკო კრედიტის გაფართოებით.
ოქროს სტანდარტის არარსებობს შემთხვევაში, არ არსებობს საშუალება, რომელიც დაიცავს დანაზოგს ინფლაციის შედეგად კონფისკაციისგან. არ არსებობს ფულის უსაფრთხო დანაზოგი. იმისათვის, რომ ეს არსებობდეს, ხელისუფლებამ იგი უკანონოდ უნდა განახორციელოს, როგორც ეს ოქროს შემთხვევაში გაკეთდა. მაგალითად, თუ ყველამ გადაწყვიტა, რომ გადაცვალოს ყველა მისი საბანკო ანაბრები ვერცხლში, ან სპილენძში ან ნებისმიერ სხვა ძვირფას ლითონში, და შემდგომში უარი თქვას საბანკო ქვითრებით ანაზღაურებაზე, როგორც საქონლის გადახდის საშუალებაზე, საბანკო ანაბრები დაკარგავენ მსყიდველობით უნარს და მთავრობის მიერ შექმნილი საბანკო კრედიტი იქნება უსარგებლო.
კეთილდღეობის სახელმწიფოს ფინანსური პოლიტიკა მოითხოვს, რომ სიმდიდრის მფლობელებს საკუთარი თავის დასაცავად არ დარჩეთ არანაირი გზა. ეს გახლავთ კეთილდღეობის სახელმწიფოს მომხრეთა გაცვეთილი საიდუმლო ოქროს წინააღმდეგ. დეფიციტური ხარჯვა სიმდიდრის “ფარული” ჩამორთმევის მარტივ სქემას
წარმოადგენს. ამ მზაკვრული პროცესის გზაზე დგას ოქრო, როგორც საკუთრების უფლების დამცველი. თუ თითოეული ჩვენგანი ჩახვდება ამ მზაკვრულ გეგმას, მას არ გაუჭირდება წარმოიდგინოს სახელმწიფო ჩარევების მომხრეთა აგრესია ოქროს სტანდარტის მიმართ.

————————
1.

ნაშრომი გამოქვეყნდა 1967 წელს ეინ რენდის წიგნში “კაპიტალიზმი, უცნობი იდეალი”, როგორც ალან გრინსპენის დამატებითი სტატია.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s