ფულის ადგილი ეკონომიკურ საქონელს შორის1

lm

ლუდვიგ ფონ მიზესი

კარლ ნიზი2 გვთავაზობს, რომ საქონლის ტრადიციული დაყოფა სამომხმარებლო და საწარმოო საქონლად შევცვალოთ სამდონიანი კლასიფიკაციით: სამომხმარებლო საქონელი, საწარმოო საქონელი და გაცვლის საშუალებები. მაგრამ ამგვარი ტერმინოლოგიური საკითხების განხილვისას უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ტერმინების სამეცნიერო საქმიანობაში გამოსადეგობით; განსაზღვრებები, კონცეფციები და მოვლენათა ტაქსონომია ფასდება მათზე დაფუძნებული სამეცნიერო კვლევების შედეგებით. თუ ამ მოთხოვნას მივუყენებთ
ნიზის მიერ შემოთავაზებულ კლასიფიკაციასა და ტერმინოლოგიას, ისინი საოცრად სასარგებლო აღმოჩნდება. მართლაც, ამ ცნებებს იყენებს კატალაქტიკის მეცნიერების ყველა მიმართულება. ფულის ღირებულების ამ თეორიისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო, მას გამორჩეულ ადგილს ანიჭებენ სამომხმარებლო და სამეწარმეო საქონლის ფასწარმოქმნის ასახსნელად, თუმცა, ის ფასისა და ღირებულების ერთიანი თეორიის ნაწილია. ამ თეორიაში ყველა მნიშვნელოვანი განხილვა მთლიანად გაჯერებულია ნიზის აღნიშნული კონცეფციებით, მაშინაც კი, როცა ამ ტერმინილოგიის გამოყენება განზრახ დასახულ მიზანს არ წარმოადგენს.
მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკურ საქონელს შორის ფულის როლი გადაჭარბებით არის ხაზგასმული. ფულის მსყიდველობითი უნარის განსაზღვრის საკითხები ისე განიხილება, თითქოს მათ არაფერი, ან თითქმის არაფერი ჰქონდეთ საერთო არამონეტარული გაცვლების საკითხებთან. ასეთი მოპყრობით მონატერულმა თეორიამ განყენებული სტატუსი მიიღო, რამაც ეკონომიკური აზროვნება დააზარალა. დღემდე ხშირად წააწყდებით მონეტარული თეორიის ზოგიერთი არარსებული თავისებურების დასაბუთების
მცდელობას.
როშერს3 ეკუთვნის პოპულარული გამოთქმა, რომ „ფულის არასწორი განსაზღვრებები შეგვიძლია ორ ძირითად ჯგუფად დავყოთ: ერთნი ცდებიან, როცა ამბობენ, რომ ფული ბევრად მეტია, ვიდრე ყველაზე გაყიდვადი საქონელი, ხოლო მეორენი – რომ ის ბევრად ნაკლებია”. ეს ეხება არა მარტო ფულის განსაზღვრებას. ბევრი მათგანიც კი, ვინც ფულის თეორიას კატალაქტიკის ნაწილად სამართლიანად მიიჩნევს, ფულის განსაკუთრებული როლის დასაბუთებაში ძალიან შორს მიდის. ფულის თეორია ისედაც მრავალ სირთულეს
გვთავაზობს და დამატებითი ხელოვნური პრობლემების შექმნა არ არის აუცილებელი.

I . მონეტარული ფუნქცია და ფულის ღირებულება
ცხადია, უბრალო მოკვდავის მიამიტურ თვალსაზრისს, რომ საგნებს შნაგანი, ანუ თანდაყოლილი ღირებულება აქვთ, ძალაუნებურად მივყავართ იმ მიდგომამდე, რომლის მიხედვით ფულსა და ფულის შემცვლელებს შორის გამყოფი ხაზი სხვაგან გადის, ვიდრე იმ მიდგომის შემთხვევაში, რომლის მიხედვით, საგნების ღირებულებას მათი სარგებლიანობა განსაზღვრავს. ვინც ღირებულებას ნივთების თანდაყოლილ თვისებად მიიჩნევს, მოუწევთ
განასხვავონ ნივთიერად ღირებული ფული გაცვლის იმ ინსტრუმენტებისგან, რომლებიც მხოლოდ მონეტარულ ფუნქციას ასრულებენ და საკუთარი ნივთიერი ღირებულება არ გააჩნიათ. ასეთი მიდგომის გარდაუვალი შედეგი ნორმალური ფულის ცუდ და არანორმალურ ფულთან დაპირისპირებაა, რომელსაც, არსებითად, ფულად აღარც მიიჩნევენ.
მაგრამ ამ თეორიის განსჯა დღეს უკვე აღარ არის საჭირო. ეს საკითხი დიდი ხანია გადაწყვეტილია. ღირებულების სუბიექტური თეორიის ფარგლებში დღეს ღიად აღარავინ გამოთქვამს მოსაზრებას ვითომ ღირებულებისა და ფასის თეორია, ან თუნდაც მისი ერთი ნაწილი, ეფუძნებოდეს ნივთების თანდაყოლილ ღირებულებას და არა ადამიანის სუბიექტურ აღქმას. ამ უკანასკნელ მოსაზრებასთან დათანხმება კი იმავდროულად ნიშნავს ღირებულების სუბიექტური თეორიის ფუნდამენტური პრინციპის გაზიარებასაც, რომელსაც ზღვრული სარგებლიანობის თეორია წარმოადგენს.
რაც შეეხება წინარემეცნიერული ეპოქის ეკონომისტების, ანუ ფიზიოკრატებისა და კლასიკოსი ეკონომისტების წინამორბედების მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ფულის ღირებულების თეორიის ინტეგრირება დანარჩენი საქონლის ღირებულების თეორიასთან. საკუთარი მოუქნელი მატერიალისტური გადმოსახედიდან ღირებულების წყაროს ისინი საქონლის „ობიექტურ” სარგებლიანობაში ხედავდნენ. ამ პოზიციიდან ადვილი
ასახსნელია პურის ან ქსოვილის ღირებულება, რადგან პირველი შველის შიმშილს, მეორე კი სიცივეს. მაგრამ როგორ ახსნის ეს თეორია ისეთი რამის ღირებულებას, რომელიც ვერც დაგვაპურებს და ვერც გაგვათბობს? ამ კითხვაზე ზოგი პასუხობდა, რომ ფულის ღირებულება „პირობითია”; სხვები კი ამბობდნენ, რომ ფულის ღირებულება საერთოდ „წარმოსახვითია”.
ამ მოსაზრებების მცდარობა დიდი ხანია ცნობილია. ყველაზე ლაკონურად ეს ჯონ ლომ4 აჩვენა. თუ ნებისმიერი საგნის ღირებულების წყარო მისი სარგებლიანობაა, მაშინ იმის ჭეშმარიტების მტკიცებაც შეიძლება, რომ კეთილშობილი ლითონების გაცვლის საშუალებებად გამოყენება მათ ღირებულებას უნდა განაპირობებდეს. თუკი ვინმეს სურს, რომ ფულად გამოყენებული კეთილშობილი ლითონის ღირებულებას წარმოსახვითი
უწოდოს, რამდენადაც ის მონეტარული გამოყენებიდან მომდინარეობს, მაშინ მან ყველა დანარჩენი საგნის ღირებულების წარმოსახვითობა უნდა აღიაროს.
„ნივთის ღირებულება გამომდინარეობს იქიდან, თუ როგორ ვიყენებთ მას და რას მოველით მისგან, ასეთი ნივთების რაოდენობის გათვალისწინებით”5. ამ სიტყვებით ლომ იწინასწარმეტყველა ღირებულების სუბიექტური თეორია, რითაც დამსახურებული ადგილი დაიკავა მეცნიერების ისტორიაში. მისი იდეის მნიშვნელობას ჩრდილს ვერ აყენებს ვერც ის, რომ მან ამ ფუნდამენტალური იდეის განვრცობა ვერ შეძლო და ვერც ის, რომ ცხოვრებაში შეცდომები, ან იქნებ უმძიმესი დანაშაულიც6, კი ჩაიდინა.
ლოს მიერ ასე მკაფიოდ ჩამოყალიბებული ძირითადი იდეის სრული გაშლა ვერც მომდევნო ეპოქების მკვლევარებმა მოახერხეს. უზუსტობებს დღესაც წააწყდებით შემდეგი სამი მიმართულებით: პირველ უზუსტობას უშვებენ ის ავტორები, ვინც კატეგორიულად უარყოფენ, რომ ფულით გაწეული მომსახურება ქმნის ღირებულებას. სამწუხაროდ, ისინი არ გვიხსნიან, მაინც რით განსხვავდება ფულით გაწეული მომსახურება საკვების ან ტანსაცმელის მიერ გაწეული მომსახურებისგან. „ქაღალდის ფულის” ღირებულების ახსნის სირთულეს ეს ავტორები გვერდს უვლიან განცხადებით, რომ ქაღალდის ფული, თურმე, წარმოადგენს უბრალო
თამასუქს, რომლის უკან დგას ნამდვილი, ანუ „ნივთიერი” ღირებულების მქონე ლითონის ფული7. «ქაღალდის ფულის» გაცვლის კურსის8 ცვალებადობა აიხსნება ძვირფას ლითონებში განაღდების ალბათობის ცვლილებით9. ამ მოსაზრების კრიტიკა ზედმეტად მიმაჩნია ბოლო ათწლეულებში მონეტარული თეორიის მიღწევების ფონზე. მე ემპირიულად დავასაბუთე მისი მცდარობა და ვერ წავაწყდი შესამჩნევ წინააღმდეგობას10.
პირველ უზუსტობას გარკვეულწილად უკავშირდება მეორე: თურმე შეუძლებელია არსებობდეს ფული, რომლის „არსი” მდგომარეობს მხოლოდ მონეტარული სამსახურის გაწევაში, და არა სხვა რაიმე სარგებლის მოტანაში. ეს ავტორები, როგორც წესი, აღიარებენ, მონეტარული მომსახურების, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სერვისების შედეგად ღირებულების წარმოქმნის შესაძლებლობას. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა დავეთანხმოთ ნიზს, რომ „ოქრო და ვერცხლი ისეთივე უვარგისი იქნებოდა ფულის ფუნქციის შესასრულებლად, როგორც ნებისმიერი სხვა საქონელი, მათ რომ მანამდე – ფულად დამკვიდრებამდე
– არ ჰქონოდათ ადამიანის „ზოგადი”, ანუ ფართოდ გავრცელებული და მუდმივი, ეკონომიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილების ფუნქცია”11. მაგრამ ნიზი შეცდომით განაგრძობს: „არ კმარა, რომ კეთილშობილი ლითონების ეს პირველადი ფუნქცია უბრალოდ წინ უძღოდეს ლითონების ფულად დამკვიდრებას. ლითონმა უნდა შიენარჩუნოს ეს პირველადი ფუნქცია, რომ მისგან დამზადებული მონეტები არ გადაიქცეს მონეტარული თვალსაზრისით უსარგებლო ლითონის ნაჭრებად… თუ ადამიანები აღარ გამოიყენებენ
ოქროსა და ვერცხლს სამკაულსა და მორთულობაზე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, მაშინ კეთილშობილი ლითონების სხვა გამოყენება, ანუ მათი ფულის როლში გამოყენება დასრულდება”12. ნიზმა არ დაასაბუთა ეს უკანასკნელი მოსაზრება. არადა დასაბუთების გარეშე სულაც არ არის ცხადი, რატომ უნდა დაკარგოს ფართოდ გამოყენებადმა გაცვლის საშუალებამ თავისი ფულადი სტატუსი მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სხვა გამოყენება
ნელნელა უქმდება.
საქონლის გაცვლის საშუალებად დამკვირდრებამდე მას მართლაც სხვა სასარგებლო ფუნქციები უნდა ჰქონდეს; ამის მიზეზი ის არის, რომ საქონელზე, როგორც გაცვლის საშუალებაზე, მოთხოვნა დამოკიდებულია ამ საქონლის გაცვლის ობიექტური კურსის არსებობაზე. გაცვლის ამ საწყის კურსზე შემდგომში გავლენას მოახდენს საქონელზე გაჩენილი დამატებითი მოთხოვნა, უკვე გაცვლის საშუალების როლში. მაგრამ საწყის ეტაპზე გაცვლის კურსი დამოკიდებული იქნება საქონლის „სხვა”, არაფულად გამოყენებაზე.
მაგრამ როგორც კი სამეურნეო საქონელი ფულად დამკვიდრდება, მასზე მოთხოვნა მაშინვე ფულსა და ბაზარზე არსებული სხვა საქონლის შორის გაცვლითი ურთიერთოებებით განისაზღვრება, თუნდაც საწყისი მოთხოვნა ფულზე, როგორც სხვა გამოყენების მქონე საქონელზე, ნელნელა გაქრეს. ადამიანის გონებამ ძალიან ნელა, დიდი სირთულით დააღწია თავი მოუქნელ მატერიალისტურ აზროვნებას და მიხვდა, რომ საქონლის გაცვლის ინსტრუმენტად გამოყენება, როგორც ნებისმიერი სხვა გამოყენება, წარმოშობს მოთხოვნას ამ საქონელზე, რაც განსაზღვრავს კიდეც მის ფასს და ამ ფასის ცვლილებასაც. თუ საგნის მიერ ადამიანის მოთხოვნილების დაკმაყოფილების თვისება, ისევე როგორც ამ თვისების გააზრება, მიჩნეული იქნება საგნის საქონლად აღიარების წინაპირობად, მაშინ ერთი ნაბიჯი რჩება ეკონომიკური მოქმედების ობიექტების „ნამდვილი” და „არა-ნამდვილი” საქონლად დაყოფამდე. როგორც კი ეკონომისტი ამ გზას დაადგება, მას მაშინვე ფეხი
დაუცდება და ძალაუნებურად აღმოჩნდება მეცნიერული ობიექტურობის ჩარჩოებს მიღმა; ის შეაბიჯებს ეთიკური ღირებულებების, მორალისა და პრინციპების სამყაროში.
ამ სამყაროში ის ერთმანეთს ადარებს „ობიექტურად სასარგებლო” და „მოჩვენებითად სასარგებლო” ნივთებს. ის შეისწავლის მოჩვენებითად სასარგებლო ნივთების რეალურ სარგებლიანობას. როცა ეკონომისტი აქამდე მივა, ლოგიკურად უნდა დასვას კითხვა, საქონლის მიერ დაკმაყოფილებული მოთხოვნილება ნამდვილია თუ წარმოსახვითი. საბოლოოდ ამ გზამ შეიძლება იგი მიიყვანოს შეხედულებამდე, რომ კეთილშობილი ლითონების
ღირებულება (რომლებიც ტლანქი მატერიალისტური თვალსაზრისით „მხოლოდ” სამკაულზე მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და არა ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას, როგორც საჭმელი ან ტანსაცმელი) მთლიანად წარმოსახვითია და მომდინარეობს საზოგადოებაში გამეფებული მანკიერი ნორმებიდან და ყალბი თავმომწონეობიდან. მეორე მხრივ, შეიძლება მივიდეთ საწინააღმდეგო შეხედულებამდეც, რომლის მიხედვითაც
კეთილშობილი ლითონების ღირებულება კანონიერად ჩაითვლება, თუ თავად სამკაულზე მოთხოვნილება ჩაითვლება „კანონიერად” და „მართებულად”. ამ უკანასკნელი მოსაზრების ფარგლებში კეთილშობილი ლითონების ობიექტური სარგებლიანობა აღიარებულია; სამაგიეროდ მთლიანად ფულის საჭიროება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან საზოგადოება ოდესღაც ფულის გარეშე არსებობდა, ან ასეთი საზოგადოების არსებობა შეიძლება ვივარაუდოთ მაინც. ურყევია რწმენა, რომ ნივთის „საქონლად აღიარების წინაპირობა” უნდა იყოს „ბუნებრივი” სარგებლიანობა, რომელიც ვერ იქნება დამოკიდებული კონკრეტული სოციალური წყობის თავისებურებებზე.
მაგრამ კიდევ უფრო უხეში მატერიალიზმის მაგალითია მესამე უზუსტობა, რომლის მიხედვით საქონლის ფულად გამოყენებას არ შეუძლია ამ საქონლისთვის ღირებულების მინიჭება, რადგან ფულის როლში აღმოჩენილი საქონელი იმავდროულად ძველი დანიშნულებითაც გამოიყენება; სხვა სიტყვებით, საქონლის მონეტარულმა გამოყენებამ ვერ გააუქმა ამ საქონლის „არსი”.
ვინც უარყოფდა, რომ საქონლის მონეტარულ მოხმარებას შეუძლია ამ საქონლის გაცვლითი კურსის განსაზღვრა, ვერ აცნობიერებდნენ, რომ მოთხოვნა ერთადერთი გადამწყვეტი პირობაა. ყველაზე გაყიდვად საქონელზე, რომელზეც სხვა საქონლის გაცვლის სურვილი არსებობს, ანუ ფულზე მოთხოვნის არსებობა უკვე ნიშნავს, რომ მონეტარულ ფუნქციას შეუძლია ღირებულების წარმოქმნა.

II. ფულის მარაგი და ფულზე მოთხოვნა: ფულის „მიმოქცევის სიჩქარე”
მონეტარული თეორიის პირდაპირი გაცვლის თეორიიდან ყველაზე სავალალო და გაუმართლებელ გადახვევას წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ფულის ღირებულების ფუნდამენტური საკითხის ანალიზი არ დაეფუძნა ფულის მარაგსა და ცალკეული ეკონომიკური აგენტების მასზე მოთხოვნას შორის დამოკიდებულებას, ანუ ბაზარზე ფულის მიწოდებასა და მასზე მოთხოვნას შორის დამოკიდებულებას. ამის ნაცვლად ანალიზის ამოსავალი წერტილი გახდა ფულადი ერთეულის ობიექტური სარგებლიანობა მთელი ეკონომიკისთვის,
რის გასაზომადაც შემოიღეს ფულის მიმოქცევის სიჩქარის ცნება, რომელიც ფულის მარაგზე გადამრავლებით უნდა გატოლებოდა ფულადი ტრანზაქციების ჯამურ ღირებულებას.
ძნელი ამოსაძირკვი აღმოჩნდა კამერალისტებისაგან გადმოღებული ძველი ტენდენცია, რომელიც ეფუძნება „ეროვნული ეკონომიკის” „მთლიანი” ეკონომიკური პრობლემების ანალიზს და არა ცალკეული ადამიანების მოქმედებას. სუბიექტური ეკონომიკის მკვლევარების მიერ გაკეთებული მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, ამ დაავადების განმეორებითი შემოტევები განუწყვეტლივ შეინიშნება. იგი ერთ-ერთი მცირე ბოროტებაა იმ
სიავეთა შორის, რომლებიც მეცნიერული ობიექტურობის სამოსით ინიღბებიან. მაგალითად, პროდუქტიული საქმიანობა (ანუ კრიტიკოსის მიერ ინიცირებული სოციალისტურ საზოგადოებაში განხორციელებული საქმიანობა) დაპირისპირებულია მოგებაზე ორიენტირებულ საქმიანობასთან (ანუ ადამიანთა საქმიანობასთან საზოგადობაში, რომელიც წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრებას ეფუძნება). ამათგან პირველი განიხილება, როგორც წარმოების „სამართლიანი” გზა, ხოლო უკანასკნელი – როგორც „უსამართლო”.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ თუ აზროვნების ერთეულად მთლიან ეკონომიკას ავიღებთ, ვერასოდეს ავხსნით კერძო საკუთრების პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოების მუშაობის კანონზომიერებებს. არასწორია ახირება, რომ კოლექტიური მეთოდი თითქოს აუცილებელია, რადგან ცალკეული ინდივიდის მოქმედების გააზრება შესაძლებელია მხოლოდ ამ ინდივიდის გარემოს გააზრებით. არასწორია, რადგან ეკონომიკური
ანალიზისათვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ეკონომიკური მოქმედების ცოდნას, და არა ამ მოქმედების ფსიქოლოგიური მოტივების ანალიზს. პურის, ტანსაცმლის, წიგნების, ზარბაზნებისა და რელიგიური ნივთების ბაზარზე არსებული მოთხოვნის მიზეზების დადგენა არ არის კატალაქტიკის ამოცანა; მნიშვნელოვანია მხოლოდ განსაზღვრული მოთხოვნის არსებობა. ბაზრის მუშაობის პრინციპი და, შესაბამისად, კაპიტალისტური ეკონომიკის კანონზომიერებები, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია გავიაზროთ, თუ გააზრებას დავიწყებთ
ბაზარზე მოქმედი ძალების შესწავლით. მაგრამ ბაზარზე არსებობენ ინდივიდუალური მყიდველები და გამყიდველები, და არასოდეს – „მთლიანობა”. ეკონომიკურ თეორიაში მთლიანობა შეიძლება გავიგოთ მხოლოდ, როგორც ეკონომიკური ერთობა, რომელშიც წარმოების საშუალებები არ მიეკუთვნება გაცვლის სფეროს და მაშასადამე ვერ გაიყიდება ფულზე. მაგრამ ასეთ გარემოში ადგილი აღარ რჩება არც ფასის და არც ფულის თეორიისთვის. თუკი გვსურს კოლექტიური ეკონომიკის ღირებულებების საკითხების შესწავლა, ერთადერთი გამოსადეგი მეთოდია – რაგინდ პარადოქსულად უნდა ჟღერდეს – ეგრეთ წოდებული „ინდივიდუალისტური მეთოდი”.
ბაზრის ელემენტების ნაცვლად მთლიან ეკონომიკაზე დაყრდნობით ფულის ღირებულების საკითხის გადაწყვეტის მცდელობა დაგვირგვინდა ყოველგვარ ინფორმატიულობას მოკლებული ტრივიალური ტოლობის13 შექმნით. მხოლოდ იმ თეორიას შეიძლება დამსახურებულად ეწოდოს ფულის ღირებულების თეორია, რომელიც აჩვენებს თუ როგორ ახდენენ გაცვლის განტოლების ცვლადები გავლენას მყიდველებისა და გამყიდვლების მიერ ღირებულების სუბიექტურ შეფასებაზე.
ბაზარზე მოქმედი მყიდველები და გამყიდველები არასოდეს ინტერესდებიან გაცვლის განტოლებაში შემავალი ცვლადებით, რომელთაგან ორი – მიმოქცევის სიჩქარე და საშუალო ფასი – არც კი არის განსაზღვრული საბაზრო ტრანზაქციის დასრულებამდე, ხოლო დანარჩენი ორი – ფულის რაოდენობა და ტრანზაქციების ჯამური რაოდენობა ვერ იქნება ცნობილი საბაზრო ტრანზაქციის მონაწილეებისათვის. ფულისა და საქონლის გაცვლით კურს განსაზღვრავს ის მნიშვნელობა, რომელსაც ბაზარზე მოქმედი მოთამაშეები ანიჭებენ, ერთი მხრივ, ხელზე ფულის გარკვეული ნაშთის შენარჩუნებას, ხოლო მეორე მხრივ, განსაზღვრული საქონლის ფლობას.
ფულის მიმოქცევის სიჩქარის ცნებასთან დაკავშირებულია წარმოდგენა, რომ ვითომ ფულის სარგებლიანობა წარმოიქმნება მხოლოდ საბაზრო გარიგების მომენტში, ხოლო დანარჩენ დროს ფული „უმოქმედო” და უსარგებლოა. მოქმედ და უმოქმედო ფულს შორის განსხვავება იკვეთება მაშინაც, როდესაც ლაპარაკია ფულის დაგროვებაზე და ხდება „დაგროვილი” ფულის მასის შედარება ფულის იმ მასასთან, რომლის მიმოქცევაში ყოფნა საჭიროდ მიიჩნევა; სხვაობა ამ ორ მიდგომას შორის მხოლოდ იმაშია, თუ სად გაივლება ხაზი
მოქმედ და უმოქმედო ფულს შორის. ფულის კატეგორიად დაყოფის ორივე მცდელობა უნდა უარვყოთ.
ფულის მიერ გაწეული სამსახური მხოლოდ სავაჭრო გარიგებებით არ შემოიფარგლება. ფული საკუთარ მოვალეობას მხოლოდ ხელიდან ხელში გადასვლისას როდი ასრულებს. სალაროში შენახული ფულიც ასრულებს საკუთარ მოვალეობას მომავალი გამოყენების მოლოდინში. ცალკეული ადამიანების და მთლიანი ეკონომიკის მოთხოვნას ფულზე განსაზღვრავს ხელზე ფულადი ნაშთის შენარჩუნების სურვილი, და არა დროის მონაკვეთში
შესასრულებელი ტრანზაქციების საერთო რაოდენობა14.
თვითნებობაა ფულის კატეგორიებად ასე დაყოფა: ერთი, რომელმაც უნდა შეასრულოს ფულის რეალური ფუნქცია, და მეორე, რომელიც მხოლოდ დაგროვების საგანია. რა თქმა უნდა, არაფერი დაშავდება, თუ ფულზე მოთხოვნას გავყოფთ დაგროვების მოთხოვნად და საკუთრივ მონეტარული მომსახურების მოთხოვნად. მაგრამ უნდა დავიწუნოთ ფორმულა, რომელიც ასახავს და გადაწყვეტს საკითხის ერთ, თვითნებურად გამოყოფილ ნაწილს, მაშინ როდესაც შეგვიძლია ვიპოვოთ ისეთი ფორმულა, რომელიც ერთიანი მიდგომით
აღწერს და გადაწყვეტს მთლიან პრობლემას.

III. ფულის ღირებულების რყევა
ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენა მონეტარული თეორიის ისტორიაში არის ფულის რაოდენობრივი თეორიისთვის გაწეული ჯიუტი წინააღმდეგობა. ამ თეორიის ზოგიერთი მიმდევრის მიერ გაკეთებული არასწორი ფორმულირებები უცილობლად აჩენდა ოპონენტებს, რომელთაგან ბევრს – მაგალითად, ბენჯამინ ანდერსონს15 – თეორია ტრადიციული ინტერპრეტაციისაგან სრულიად განსხვავებულად ესმოდა16. ამის შედეგად ოპონენტები რაოდენობრივი თეორიის ნაცვლად მის სხვა ვარიანტს აკრიტიკებდნენ. ეს არც
არის განსაკუთრებულად გასაკვირი. მაგრამ გასაკვირი ნამდვილად არის წარსულში ფართოდ გავრცელებული და დღესაც შემორჩენილი მოსაზრება, რომ ფულის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის თანაფარდობის შეცვლას არ შეუძლია ფულადი ერთეულის მსყიდველობითი უნარის შეცვლა. ამ მოსაზრების ასახსნელად არ კმარა ინფლაციონისტების, სახელმწიფო ჩარევების მომხრეების, ანუ ეტატისტების, სოციალისტების, საჯარო
მოხელეებისა და პოლიტიკოსების ინტერესების მომიზეზება და იმაზე აპელირება, რომ მონეტარული პოლიტიკის ცოდნის ფართო გავრცელება მათი მდგომარეობისთვის საზიანო იქნებოდა.
ჩვენ ვერასოდეს ვერ მივიღეთ პასუხს ისტორიულ-რეალისტურ სკოლაზე დაყრდნობით, რომელიც (მარქსის მაგალითის კვალდაკვალ) ყველა იდეის ახსნას იდეოლოგიის საფუძველზე ცდილობს. ადვილი მისახვედრია, თუ რატომ უჭერს მხარს და ავითარებს რაიმე კონკრეტულ იდეოლოგიას რომელიმე კონკრეტული სოციალური ფენა, რომლის წარმომადგენლებსაც სჯერათ, რომ ამ იდეოლოგიიდან პირდაპირ სარგებელს მიიღებენ (მაშინაც კი,
როცა პირდაპირი სარგებელი ბევრად აღემატება არაპირდაპირ არახელსაყრელ პირობებს).
სამაგიეროდ, ჯერ კიდევ ახსნას საჭიროებს თუ როგორ წარმოიშვება არასწორი თეორიები და რატომ ჩნდებიან მათი მიმდევრები. როგორ ხდება, რომ უამრავი ადამიანი, ყოველგვარი გამართლების გარეშე, იჯერებს რომელიმე სოციალური პოლიტიკის მომგებიანობას მთელი საზოგადოების, ან თუნდაც საზოგადოების რამდენიმე ჯგუფისათვის? თუმცა, ფულის თეორია, როგორც ასეთი, არ არის დაინტერესებული ფსიქოლოგიური ასპექტებით, რომლებიც გვიხსნის რაოდენობრივი თეორიის არაპოპულარობის მიზეზებს
და ფულის ღირებულების განსხვავებული ახსნების მიღებით. ამის სანაცვლოდ ფულის თეორიას აინტერესებს პასუხი კითხვაზე: რა სასარგებლო ელემენტების ამოკრეფა შეიძლება რაოდენობრივი თეორიის მოწინააღმდეგე დოქტრინებიდან? რადგან მიწოდებაში ცვლილების გავლენის აღიარება გაცვლითი კურსის წარმოქმნაზე არაპირდაპირი გაცვლის შემთხვევაშიც ისევე მიუღებელი იყო, როგორც პირდაპირი გაცვლის შემთხვევაში, რაოდენობრივი თეორიის უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ მის ზოგად ჭეშმარიტებაზე დათანხმებით, და შენიშვნით, რომ ამ თეორიის ზოგადი ჭეშმარიტების მიუხედავად, რომელიღაც სხვა პრინციპი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გააბათილებს თეორიის ეფექტურობას. ასეთი მცდელობა განახორციელა საბანკო სკოლამ, რომელმაც სახელი გაითქვა დანაზოგების თეორიითა და მისი დანამატით, ეგრეთ წოდებული „ფულის შემცვლელების მიმოქცევის ფართოდ გაგებულ ფულზე არსებულ მოთხოვნაზე ავტომატური მორგების თეორიით”. დღეს ორივე ეს თეორია უარყოფილია.
ისევე როგორც ბევრ სხვა თეორიას, რაოდენობრივ თეორიასაც საკუთარმა დამცველებმა მეტი ზიანი მიაყენეს, ვიდრე მოწინააღმდეგეებმა. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმ არასწორ ინტერპრეტაციებზე, რომლებიც ფულის მიმოქცევის სიჩქარის ცნებას უკავშირდება.
არანაკლებ მცდარია რაოდენობრივი თეორიის სხვაგვარი გაგებაც, რომ თითქოს ფულის მასის ცვლილება იწვევდეს საქონლის ფასების პირდაპირპროპორციულ ცვლილებას. ასეთი ინტერპრეტაცია არ ითვალისწინებს ფაქტს, რომ ფულის მიწოდებასა და მასზე მოთხოვნას შორის თანაფარდობის ნებისმიერ ცვლილებას აუცილებლად მოჰყვება ქონებისა და შემოსავლის გადანაწილება. სწორედ ამ მიზეზით პროპორციულად და ერთდროულად ვერ შეიცვლება სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ფასები.
საბაზრო ფაქტორების გავლენის ანალიზის ნაცვლად მექანიკიდან გადმოღებული ფორმულებით მანიპულირებამ ყველაზე დიდი ზიანი სწორედ ამ შემთხვევაში მოიტანა. ეკონომისტები იყენებდნენ გაცვლის განტოლებას, მაგრამ არ ითვალისწინებდნენ ფულის რაოდენობისა და ფულზე მოთხოვნის ცვლილების ბუნებას: პირველ ეტაპზე იცვლება ეკონომიკური პროცესების მხოლოდ რამდენიმე მონაწილის შეფასებები და, შესაბამისად,
მოქმედება, რის გამოც ფულადი ერთეულის მსყიდველობითი უნარის ცვლილება ეკონომიკაში ნაბიჯ-ნაბიჯ ვრცელდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფულის ღირებულების ცვლილების საკითხის განხილვა ხდებოდა „სახელმწიფო ჩარევების მხარდამჭერების” მეთოდით, მაშინ როდესაც საკითხის დინამიურ ბუნებაში ეჭვის შეტანის მიზეზი არასოდეს ყოფილა.

IV. ფულის შემცვლელები
ფულის შემცვლელების საკითხი მონეტარული თეორიის ყველაზე რთული და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ფულის მიწოდებისა და მასზე მოთხოვნის აღწერის მცდელობისას მონეტარული თეორიის სპეციალისტებს მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნის ის ფაქტი, რომ ფული შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოთხოვნისთანავე განაღდებადი ვალდებულებებით, რომლებიც ფულითაა გამყარებული. ამ სირთულეების დასაძლევად აუცილებელია ფულის შემცვლელების მკაფიო განმარტება და მათი დახარისხება ფულის
სერტიფიკატებად (ნიშნებად) და ფიდუციალური გაცვლის საშუალებებად (თამასუქებად), რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ შევაფასოთ თუ რა განსხვავებაა ფიდუციალური გაცვლის საშუალებებით გაცემულ კრედიტებსა და კრედიტის ყველა სხვა ფორმებს შორის.
სესხები, რომლებიც არ გულისხმობს ფიდუციალური გაცვლის საშუალების გამოშვებას (ანუ ისეთი ბანკნოტებისა და ანაბრების გამოშვებას, რომლებიც ფულით არ არის გამყარებული) ფულის მასაზე გავლენას არ ახდენენ. ფულზე არსებულ მოთხოვნაზე სესხებმა შეიძლება ისეთივე გავლენა იქონიოს, როგორც სხვა ნებისმიერმა ეკონომიკურმა პროცესმა.
კონკრეტული შემთხვევის დეტალების ცოდნის გარეშე შეუძლებელია ამ გავლენის მიმართულების გამოცნობა. არასწორია გავრცელებული მოსაზრება, რომ კრედიტის გაზრდას აუცილებლად მოჰყვება ფულზე მოთხოვნის შემცირება. მაგალითად, თუ საკრედიტო კონტრაქტების უმეტესობა ითვალისწინებს სესხის მნიშვნელოვანი ნაწილის დაბრუნებას ერთიდაიგივე დღეს (მაგალითად, კვარტალის ან თვის ბოლოს), მაშინ ფულზე მოთხოვნა
კი არ შემცირდება, არამედ გაიზრდება. ფულზე მოთხოვნის ეს ზრდა აისახებოდა ფასების ცვლილებაში, რომ არა ერთი მხრივ საკლირინგო ოპერაციები და, მეორე მხრივ, ბანკების მიერ კრიტიკულ დღეებში ფიდუციარული ფულის მასის ზრდის ტრადიცია. ამ გაუგებრობების დასაძლევად აუცილებელია ფულისა და ფულის შემცვლელების ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯვნა, ხოლო თავად ფულის შემცვლელებს შორის კი უნდა გაიმიჯნოს ფულადი სერთიფიკატები და ფიდუციარული გაცვლის საშუალებები. ეს პირველ რიგში
ტერმინოლოგიის მოწესრიგების საკითხია. მაგრამ სწორი ტერმინოლოგია დამატებით მნიშვნელობას იძენს საკითხის სირთულისა და კომპლექსურობის გამო. ფასების, ხელფასებისა და სარგებლების რყევას, რის ახსნასაც საბანკო თეორია ცდილობს, იწვევს არა „კრედიტის გაცემა”, როგორც დღემდე ამტკიცებენ, არამედ გაცვლის ფიდუციარული საშუალებები. ამიტომ აზრს მოკლებული არ იქნებოდა, საბანკო თეორიისთვის გვეწოდებინა თეორია გაცვლის ფიდუციარული საშუალებების შესახებ.

V. ეკონომიკური გათვლები და „ღირებულების მუდმივობის” პრობლემა
ფასისა და ღირებულების გასაზომად ფულის გამოყენების უძველესი და ფართოდ გავრცელებული ტრადიცია თანამედროვე თეორიასთან შეუთავსებელია. მაგრამ სუბიექტური თეორიის არცთუ უმნიშვნელო შეცდომა იყო ფულის როლის არასაკმარისი ასახვა ეკონომიკურ გათვლებში, და საერთოდ, ეკონომიკური გათვლის საკითხისთვის არასაკმარისი ყურადღების მიქცევა.
ტრადიციულად, თეორიული ეკონომიკა ერთმანეთისაგან განსხვავებულად განიხილავდა გაცვლას დამხმარე საშუალებების17 გამოყენებით (არაპირდაპირი) და დამხმარე ინსრუმენტების გარეშე (პირდაპირი). კატალაქტიკაში მიღებული ეს დაყოფა აუცილებელია და მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა რამდენადმე გამოსადეგი შედეგების მიღება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკონომიკური საქონლის ერთმანეთში გაცვლა
ფართოდ გამოყენებადი გაცვლის საშუალების შუამავლობის გარეშე შესაძლებელია, თუ გაცვლაში მონაწილეობს მხოლოდ სამომხმარებლო საქონელი და დაბალი რანგის სამრეწველო საქონელი, ანუ სამომხმარებლოსთან ყველაზე ახლოს მდგარი სამრეწველო საქონელი.
სამომხმარებლო საქონლისა და მასთან ახლოს მდგომი, მონათესავე სამრეწველო საქონლის პირდაპირი გაცვლა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია; ასეთ გაცვლას ადგილი წარსულშიც ჰქონდა და დღესაც აქვს. მაგრამ უფრო მაღალი რანგის საქონლის გაცვლას ესაჭიროება ფულის გამოყენება. ფულის იდეის გარეშე ვერ გავიაზრებთ ბაზარს, როგორც მოთხოვნისა და მი-წოდების ელემენტების კოორდინაციის წყაროს, არადა ბაზრის ცნება
ფუნდამენტურია თანამედროვე თეორიისთვის. მხოლოდ ფულის გამოყენებით ხდება შესაძლებელი საქონლის ზღვრული სარგებლიანობის შედარება ამ საქონლის ყველა შესაძლო გამოყენების შესაძლებლობასთან. მხოლოდ ფულის გამოყენებით შეგვიძლია გარკვევით შევადაროთ ერთმანეთს დღევანდელი საქონლის ღირებულება მომავალი საქონლისას. მხოლოდ ფულად ეკონომიკაშია შესაძლებელი ღირებულების ეს სხვაობა გავიაზროთ აბსტრაქტულად და გამოვყოთ ცალკეული საქონლის ღირებულებების რყევებისგან.
ბარტერულ ეკონომიკაში საპროცენტო განაკვეთის ცნებას ვერ განვაცალკევებთ ცალკეული საქონლის ღირებულებების მომავალი რყევებისაგან. ფართოდ გამოყენებადი გაცვლის საშუალების გარეშე მაღალგანვითარებული საბაზრო სისტემის არსებობის დაშვება ემსგავსება ფანტასტიკური ჟანრის ქმნილებას, როგორიცაა ვაიჰინგერის «თითქოს» თეორია18.
აქ არ განვიხილავთ მონეტარული გათვლების მნიშვნელობას რაციონალური ქმედებისათვის და სოციალური თანამშრომლობისათვის; ეს სოციოლოგიის ამოცანა უფროა, ვიდრე კატალაქტიკის. მონეტარული თეორია იმ შემთხვევაშიც საკმაოდ ფართო თეორიაა, როდესაც მხოლოდ თავის უშუალო ინტერესთა საკითხების ამომწურავი კვლევით შემოიფარგლება. ეკონომიკურ საქონელს შორის ფულის პირველხარისხოვანი როლი დამკვიდრდა ფულადი სახით დათვლის ტრადიციის შედეგად, ყველა სხვა ეკონომიკური საქონლის ფასის
შესაბამისი რაოდენობის ფულად გამოხატვის შედეგად და ეკონომიკური გადაწყვეტილებების საფუძვლად ცალსახად ფულადი ერთეულის ღირებულებაზე დაყრდნობით. ამ ტრადიციის ერთი შედეგი გახლავთ კონტრასტი ფულსა და საქონელს შორის, როგორც ამას ვხედავთ ფრაზაში „ცხოვრება გაძვირდა”, და კიდევ უფრო ნათლად – მერკანტილიზმის თეორიაში. მაგრამ ფულის პირველხარისხოვანი როლის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შედეგი გახლავთ ფულის „მუდმივობის” იდეის გაჩენა, რომელიც გაურკვევლობისა და
გულუბრყვილობის მიუხედავად, განუწყვეტლივ გავლენას ახდენს მონეტარულ პოლიტიკაზე.
როგორც კი გაირკვა, რომ თურმე ფულს არ აქვს „მუდმივი ღირებულება”, გაჩნდა პოლიტიკური მოთხოვნა, რომ ფულს უნდა მივანიჭოთ მუდმივი ღირებულება, ან შეძლებისდაგვარად მაინც მივუახლოვოთ ამ იდეალთან. ოქროს სტანდარტის და ბიმეტალური სტანდარტის მომხრეები მუდმივად იკვეხნიდნენ, რომ მათი მონეტარული სისტემა იძლევა ფულის ღირებულების მუდმივობის საუკეთესო გარანტიას. არსებობს მონეტარული მოწყობის მრავალი შემოთავაზება, სადაც ფულის მსყიდველობითი უნარის მაქსიმალური
მუდმივობა მიჩნეულია მონეტარული პოლიტიკის უმთავრეს ამოცანად. ერთი ასეთი შემოთავაზება გრძელვადიანი კონტრაქტებისთვის კეთილშობილი ლითონის ფულის პარალელურად სასაქონლო ფულის შექმნას გულისხმობს (ცხრილური სტანდარტი19). ირვინ ფიშერი20 და ჯონ მეინარდ კეინზი21 უფრო წინ მიდიან და გვთავაზობენ ინდექსებზე დაფუძნებულ „მართვად ფულს”.
„მუდმივი ღირებულების” ცნებისა და მასზე დაფუძნებული მონეტარული პოლიტიკის შინაგანი შეუთანხმებლობის ჩვენება არ არის აუცილებელი22. ყოველდღიურ ცხოვრებაში დაზოგვით დაინტერესებული სუბიექტების ღირებულებების შეფასებასთან დაკავშირებული მოქმედებები, როგორც წესი, შემოიფარგლება დროის მოკლე მონაკვეთებით, თუ დროებით დავივიწყებთ გრძელვადიან სესხებს, რომელთაც დეტალურად მოგვიანებით განვიხილავთ. მეწარმის ეკონომიკური გათვლები არ სცდება მომდევნო თვეებსა და რამდენიმე წელიწადს. მხოლოდ უახლოესი მომავლის პროგნოზირებაა შესაძლებელი ეკონომიკურ გათვლებში გასათვალიწინებლად. შეუძლებელი იქნებოდა უფრო შორეულ მომავალში ეკონომიკური სიტუაციის გამოცნობა საიმედოობის მისაღები ხარისხით, რომ აღარაფერი ვთქვათ თვითონ ფულის მსყიდველობითი უნარის ცვლილებით გამოწვეულ სირთულეებზე.
მსყიდველობითი უნარის „მუდმივად” შენახვისკენ ლტოლვა ბაზრის ჭირვეულობებისგან ქონებისა და შემოსავლის დაცვის მცდელობასთან ერთად გაჩნდა. ამ ლტოლვის მიზანი ქონების და შემოსავლის „სამუდამო” შენარჩუნება იყო. აგრარული აზროვნებისთვის მსყიდველობითი უნარის შესანახად საუკეთესო ინსტრუმენტს მიწა წარმოადგენდა. მიწა ყოველთვის მიწად დარჩება და მისი მოწეული მოსავალი ყოველთვის სასურველი იქნება; ასე რომ, მიწათმფლობელობა ქონების ისეთ ფორმად ითვლებოდა, რომელსაც თან ახლდა მუდმივი
შემოსავალი. დღეს, სოფლის მეურნების კაპიტალისტური მოწყობის პირობებში, ადვილია ამ მოსაზრების გაბათილება. ფერმერმა, რომელიც საკუთარი მოხმარების ყველა საგანს თვითონვე აწარმოებს, შესაძლოა მოახერხოს საკუთარი თავის „სამუდამო” იზოლირება გარშემო მიმდინარე ცვლილებებისაგან. მაგრამ ბიზნესისთვის, რომელიც ოპერირებს შრომის ექსტენსიურ დანაწილებაზე დაფუძნებულ საზოგადოებაზე, ყველაფერი სხვაგვარად არის. წარმოების საშუალები და მუშახელი გამოიყენება მიწის მხოლოდ საუკეთესო
ნაკვეთებისთვის. დაბალხარისხიან მიწაზე მოსავლის მოყვანას არ მოაქვს არანაირი დადებითი რიცხვით გამოხატული შედეგი. ასე რომ, მიწის ნაკვეთების ღირებულებაც შესაძლოა მკვეთრად დაეცეს ან საერთოდ დაკარგოს იგი, თუ დიდი რაოდენობით მიწის უკეთესი ნაკვეთები ხელმისაწვდომი გახდება.
ადვილად მოხდა აზროვნების ამ სტილის გადატანა მიწის ნაკვეთიდან მიწით გამაგრებულ თამასუქებზე. მოგვიანებით ამ გამაგრებულ თამასუქებს მიემატა „სახელმწიფო” თამასუქები და საჯარო სამართლის სხვა წარმონაქმნები. ითვლებოდა, რომ სახელმწიფო მუდმივად იარსებებდა და ვალის დაბრუნების სახელმწიფო პირობა შეუვალი ნდობით სარგებლობდა. შედეგად სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები გადაიქცა ქონებისა და შემოსავლის გაურკვევლობისაგან დაცვისა და „უსასრულობაში” გაგრძელების ახალ ინსტრუმენტად.
არ არის საჭირო ამ იდეის მცდარობას მეტი სიტყვა დავახარჯოთ. საკმარისია შევნიშნოთ, რომ სახელმწიფოებიც არღვევენ სასესხო ვალდებულებებს და ზოგჯერ შეიძლება საერთოდ წარმავალნიც აღმოჩნდნენ.
გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, კაპიტალისტურ წყობილებაში არ არსებობს ქონება, რომელსაც ავტომატურად მოაქვს შემოსავალი. იმისათვის, რომ ქონებამ წარმოების გზით შემოსავალი მოიტანოს, ქონება ან გამოყენებული უნდა იყოს წარმატებულ წამოწყებაში, ან ქირით უნდა გადაეცეს იმედის მომცემ მეწარმეს. მაგრამ მეწარმის წარმატება არასოდეს არ არის „გარანტირებული”. ფირმამ შეიძლება იზარალოს და ჩადებული
კაპიტალი, ნაწილობრივ ან მთლიანად გაქრეს. მეწარმეს, რომელიც იჯარით გასცემს ქონებას მეწარმეებზე, ნაკლებად ემუქრება ქონების დაკარგვის საფრთხე; მაგრამ ისიც არ არის ბოლომდე დაცული საშიშროებისაგან, რომ მოიჯარემ ვეღარ დაუბრუნოს ნასესხები კაპიტალი ზედმეტად დიდი დანაკარგების გამო. ამრიგად, კაპიტალის ფლობა არის არა ავტომატური შემოსავლის წყარო, არამედ საშუალება რომლის წარმატებულ გამოყენებას შეუძლია შემოსავლის მოტანა. კაპიტალის მფლობელობისგან მოგების მისაღებად საჭიროა მისი სარგებლიანად დაბანდების უნარი. ვისაც ეს უნარი არ გააჩნია, საკუთარი კაპიტალიდან მოგების იმედი კი არა, ამ კაპიტალის დაკარგვის შიში უნდა ჰქონდეს.
ამ გაურკვევლობის შეძლებისდაგვარად შესამსუბუქებლად კაპიტალისტები ყიდულობენ მიწას, სახელმწიფო ობლიგაციებს და იპოთეკურ ფასიან ქაღალდებს. მაგრამ ამ დროს ფულის ღირებულების რყევა ახალ თავსატეხს უჩენთ. მოკლევადიანი კრედიტის შემთხვევაში, ფულის მსყიდველობითი უნარის ცვლილების გავლენას თამასუქის ღირებულებაზე გააბათილებს, ან შეამცირებს მაინც საქონლის ფასების რყევებთან ერთად მოკლევადიან სესხებზე სარგებლების შესაბამისი რყევა. მაგრამ გრძელვადიანი სესხების შემთხვევაში
ასეთ დაბალანსებას ადგილი არ აქვს.
„მუდმივი ღირებულების” ფულისკენ სწრაფვის საბოლოო მიზანია ისეთი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც კაპიტალის მფლობელობას დროებითის ნაცვლად მუდმივს გახდიდა. მაგრამ ღირებულების მუდმივობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკურ სისტემაში ყოველგვარი მოძრაობისა და ცვლილებების ჩახშობით. მხოლოდ ფულსა და საქონლის საშუალო ფასს შორის მუდმივი კავშირის დამყარება არ იქნება საკმარისი; საჭირო გახდება ყველა საქონელს შორის ურთიერთგაცვლის კურსის დაფიქსირება. თუ მონეტარული პოლიტიკა თავს შეიკავებს ნაბიჯებისაგან, რომლებიც საქონლის ფულზე გაცვლის კურსების ძლიერ რყევას გამოიწვევს და რომლის მიზეზი „ფულის მხარეს” იქნება; თუ ის აირჩევს სასაქონლო ფულს, რომელსაც არ ახასიათებს ღირებულების უეცარი
რყევები გამომდინარე ამ ფულის მარაგის პრობლემებიდან თუ მასზე საწარმოო ან სხვა არამონეტარული მოთხოვნებიდან; თუ ის დაურეზერვებელი ფულადი ინსტრუმენტების გამოშვებისას ზომიერებას დაიცავს – მაშინ მას მიღებული ექნება ყველა შესაძლო ზომა ფულის ღირებულების რყევისგან დამდგარი ზიანის შესამსუბუქებლად. მონეტარული პოლიტიკა მიუწვდომელი მიზნისაკენ სწრაფვის ნაცვლად რომ ამ ამოცანებით შემოიფარგლებოდეს, ის გაცილებით მეტად შეუწყობდა ხელს ბოროტებად შერაცხული პრობლემების
ამოძირკვას. ვისაც ჭეშმარიტად ესმის „სტატიკური სახელმწიფოს” თეორიული ცნების შინაარსი და შედეგები, მიხვდება, რომ ამ ცნების ეკონომიკური თეორიის სამყაროდან რეალურ სამყაროში გადმოტანა შეუძლებელია.

—————————————
1 ნაშრომი თავდაპირველად გამოქვეყნდა 1932 წელს კრებულში “ეკონომიკური თეორია დღემდე“ (“Die
Wirtschaftstheorie der Gegenwart“, vol. 2, Hans Mayer, Frank A. Fetter, and Richard Reisch, eds. Vienna: Julius Springer, 1932) ინგლისური გამოცემისათვის თარგმნა ალბერტ ჰ. ზლაბინგერმა.
2 კარლ გუსტავ ადოლფ ნიზი (1821-1898) – მეცხრამეტე საუკუნის გერმანელი ეკონომისტი, რომელიც
ილაშქრებდა კლასიკური ეკონომიკური სკოლის წინააღმდეგ. კერძოდ, ის არ ეთანხმებოდა პრინციპს,
რომ პირად მოგებაზე ზრუნვა სასარგებლოა საზოგადოებისთვის.
3 ვილჰელმ როშერი (1817-1894) – მეცხრამეტე საუკუნის გერმანელი ეკონომისტი.
4 ჯონ ლო (1671-1729) – შოტლანდიელი ეკონომისტი, რომელიც თვლიდა, რომ ფული გაცვლის
საშუალებაა და თავად არ წარმოადგენს სიმდიდრეს, ხოლო ქვეყნის სიმდიდრე დამოკიდებულია
ვაჭრობაზე.
5 John Law, Considerations sur le Numeraire et le Commerce (Paris: Buisson, 1851), გვ. 447.
6 შოტლანდიაში დაბადებული ჯონ ლო ახალგაზრდობაში აზარტული თამაშებით ერთობოდა. მან
ინგლისში მოკლა ედუარდ უილსონი ეჭვიანობის გამო დანიშნულ დუელში. ლონდონის ციხიდან
ამსტერდამში გაიქცა; საფრანგეთის ფინანსთა მინისტრობის დროს ქვეყანა ოქროს ფულიდან
ქაღალდის ფულზე გადაიყვანა და, პირველი წარმატების მიუხედავად, ქვეყანაში მწვავე ფინანსური
კრიზისი გამოიწვია. მისი ოპერაციები საფრანგეთის მაშინდელ კოლონია ლუიზიანაში მეორე დიდი
კრიზისის – მისისიპის საპნის ბუშტის – საფუძველი გახდა.
7 სტატიის გამოქვეყნების დროისათვის ქვეყნების უმეტესობა კვლავ ოქროს და ვერცხლის სტანდარტზე
იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქაღალდის ფული წარმოადგენდა ბანკების საცავებში შესანახად
მიბარებული ოქროს ან ვერცხლის ფულის სანაცვლოდ გაცემულ უვადო თამასუქს.
8 იგულისხმება ფულის მსყიდველობითი უნარი, ანუ ფულის საქონელზე გაცვლის კურსი, და არა
სხვადასხვა საგადამხდელო საშუალების ერთმანეთში გაცვლის კურსი.
9 მიზესი გულისხმობს, რომ ფულის მსყიდველობითი უნარის მერყეობას ეს ავტორები არასწორად
ხსნიან ბანკების საიმედოობის ცვლილებით. მაგალითად, ამ ავტორების მიხედვით, ქაღალდის
კუპიურის ღირებულება ვარდება, თუ იზრდება, თამასუქის გამცემმა ბანკმა შეიძლება ვეღარ ან
აღარ გაანაღდოს საკუთარი თამასუქი ძვირფას ლითონებში.
10 Mises, The Theory of Money and Credit, 2nd ed. (Indianapolis, Ind.:Liberty Classics,1981), გვ.146-53.
11 Knies. Geld und Kredit, გვ. 322.
12 იქვე, გვ.322.
13 გაცვლის განტოლება (equation of exchange) პირველად გამოიყენა ჯონ სტიუარტ მილმა. განტოლებას
აქვს სახე: MxV = PxQ, სადაც M არის ფულის რაოდენობა, V მიმოქცევის სიჩქარე, P საშუალო ფასი,
ხოლო Q – ტრანზაქციების საერთო რაოდენობა.
14 Edwin Cannan, Money, 4th ed. (Westminister: P.S. King and Son, 1932), გვ. 72.
15 ბენჯამინ ანდერსონი (1886-1949) – ამერიკელი ეკონომისტი, ავსტრიული ეკონომიკური სკოლის
წარმომადგენელი. ლუდვიგ ფონ მიზესი მას უზარმაზარ პატივს სცემდა და ამბობდა, რომ „თავისი
მორალური პრინციპებით ანდერსონი იყო გამორჩეული ფიგურა მედროვეთა აღზევების ეპოქაში”.
იხ. Ludwig von Mises, Benjamin M. Anderson Challenges the Philosophy of the Pseudo-progressives კრებულიდან. Planning for Freedom: Let the Market System Work. A Collection of Essays and Addresses [1952]
16 Benjamin Anderson, The Value of Money (New York: Macmillan, 1917).
17 გაცვლის დამხმარე საშუალები ქვეშ ფული იგულისხმება. ერთი საგნის მეორეზე პირდაპირ,
ბარტერული წესით გაცვლის ნაცვლად ჯერ პირველი საგანი გაიცვლება ფულზე, ხოლო შემდეგ
ფული გაიცვლება მეორე საგანზე.
18 ჰანს ვაიჰინგერი (1852-1933) – გერმანელი ფილოსოფოსი. იგი ამტკიცებდა, რომ „მოსაზრება, რომლის
თეორიული მცდარობა ცნობილია, ამ მიზეზის გამო არ არის განსაკუთრებულად უფასური და
გამოუსადეგარი; რადგან მოსაზრებას, მისი თეორიული ნულოვნების მიუხედავად, შეიძლება
აღმოაჩნდეს უზარმაზარი პრაქტიკული ღირებულება”. იხ. თჰე Pჰილოსოპჰყ ოფ “Aს Iფ”, ჩ. K. Oდგენ,
თარგმანი. (Nეწ Yორკ: Hარცოურტ, Bრაცე, 1935), გვ. VII
19 მიზესი ახსენებს ცხრილურ სტანდარტს, რადგან ცხრილურ სტანდარტს აქვს მსგავსება შემოთავაზებულ
სტანდარტთან. ცხრილური სტანდარტი არ გულისხმობს ახალი ფულის შექმნას, მხოლოდ
გრძელვადიანი სესხების დაბრუნებისას სესხის ძირის გადათვლას ინდექსის (ცხრილის) გამოყენებით.
20 Irving Fisher, Stabilizing the Dollar (New York: Macmillan, 1925), გვ. 79.
21 John Maynard Keynes, A Tract on Monetary Reform (London: Macmillan, 1923), გვ.177.
22 Ludwig von Mises, Monetary Stabilization and Cyclical Policy (1928), კრებულში On the Manipulation of
Money and Credit, Percy L. Greaves, Jr., ed. (Dobbs Ferry, N.Y.: Free Market Books, 1978), გვ. 83-103.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s