ლიბერალიზმი

111217-von-hayek

ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკი

(გამოქვეყნდა 1961 წელს, ქვეყნდება მცირე შემოკლებით)

შესავალი

თავი 1. ლიბერალიზმის განსხვავებული კონცეფციები

ცნება “ლიბერალიზმი” სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება და ხშირად, მათ შორის საკმაოდ მცირე მსგავსებაა. თუმცა, ყველა განმარტება ახალი იდეებისადმი გახსნილობას გულისხმობს, მათ შორის ისეთი იდეებისადმი, რომლებიც ამ ცნებას მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში პირდაპირ ეწინააღმდეგებოდნენ. წინამდებარე ნაშრომში ზოგადად განვიხილავთ პოლიტიკურ იდეათა ფართო ნაკადს, რომელიც ლიბერალიზმად იწოდებოდა და რომელიც იმ დროს ყველაზე გავლენიან ინტელექტუალურ მიმდინარეობად ითვლებოდა. ეს მიმდინარეობა, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობდა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, სათავეს ორი სხვადასხვა წყაროდან იღებს. აღნიშნული ორი წყარო და ტრადიციები, რომელთაც ისინი აძლევენ დასაბამს, ერთმანეთთან სხვადასხვა ხარისხითაა შერწყმული და არც თუ ისე შეხმატკბილებულად თანაარსებობს. მათი მკვეთრი განცალკევების გარეშე, ლიბერალური მოძრაობის განვითარების შესწავლა შეუძლებელია.
ერთ-ერთი ტრადიცია, რომელიც ცნება “ლიბერალიზმზე” უფრო ძველია, სათავეს იღებს კლასიკურ ანტიკურ ხანაში და თანამედროვე სახით მე-17 საუკუნის ბოლოსა და მე-18 საუკუნეში ყალიბდება, როგორც ინგლისელი
ვიგების (“ვიგები” პოლიტიკური პარტია დიდ ბრიტანეთში. რედ. შენიშვნა) პოლიტიკური დოქტრინა. ამ მიმდინარეობამ გამოიმუშავა პოლიტიკური ინსტიტუტის მოდელი, რომლის მიხედვით მოხდა მე-19
საუკუნის ევროპული ლიბერალიზმის ჩამოყალიბება. “კანონებს დამორჩილებულმა მთავრობამ” დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების პიროვნული თავისუფლება უზრუნველყო. რაც შთაგონების წყაროდ იქცა ევროპის
ქვეყნებისთვის, სადაც გამეფებულ აბსოლუტიზმს უკვე წაშლილი ჰქონდა შუა საუკუნეთა თავისუფლების კვალი, რომელიც ბრიტანეთში ჯერ კიდევ კარგად იყო შემონახული. თუმცა, ევროპის ქვეყნების მიერ ეს ინსტიტუტები ინტერპრეტირებულ იქნა ბრიტანეთში გამეფებული ევოლუციური კონცეფციებისგან სრულიად განსხვავებული ფილოსოფიური ტრადიციის ფონზე. სახელდობრ, მათი რაციონალისტური, ან კონსტრუქტივისტული შეხედულებებიდან გამომდინარე, რაც საზოგადოების საყოველთაო გარდაქმნას, მიზანშეწონილობის პრინციპის შესაბამისად მოითხოვდა. ეს მიდგომა ახალი რაციონალისტური ფილოსოფიისგან გამომდინარეობდა, რომელიც რენე დეკარტის (ბრიტანეთში თომას ჰობსის) მიერ იქნა ჩამოყალიბებული და გავლენის პიკს მე-18 საუკუნის ფრანგ განმანათლებელთა ფილოსოფოსების მეშვეობით მიაღწია. ვოლტერი და რუსო იმ ინტელექტუალური მოძრაობის ყველაზე გავლენიან მოღვაწეებს წარმოადგენდნენ, რომელთაგანაც ევროპული, ანუ კონსტრუქტივისტული ლიბერალიზმის ტიპი იღებს სათავეს. საფრანგეთის რევოლუციით
დასრულებული ამ მოძრაობის ძირითადი პრინციპი, ბრიტანული ტრადიციისაგან განსხვავებით, იყო არა განსაზღვრული პოლიტიკური დოქტრინა, არამედ ზოგადი გონებრივი მიდგომა, რომლის მიხედვით საჭირო
იყო ყოველგვარი ცრურწმენისა და დოგმისგან გათავისუფლება, რაც არ საბუთდებოდა რაციონალური გზით და აგრეთვე, “მეფეთა და მღვდელთა” ბატონობისაგან თავის დაღწევა. ამ მოძრაობის არსს, საუკეთესოდ, შესაძლოა, სპინოზას მიერ გამოთქმული ფრაზა გამოხატავს – “თავისუფალია ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარი გონების კარნახით იღებს გადაწყვეტილებებს”. აზროვნების ამ ორმა მიმდინარეობამ, იმის ძირითადი საფუძველი შექმნა, რასაც მე-19 საუკუნეში “ლიბერალიზმი” ეწოდა. მისი ძირითადი პოსტულატები იყო აზრის, სიტყვისა და პრესის თავისუფლება, რაც არ იყო საკმარისი კონსერვატიული და ავტორიტარული შეხედულებებისადმი საერთო ოპოზიციის შესაქმნელად და ამიტომ, საერთო მოძრაობად ვერ ჩამოყალიბდებოდა.
ლიბერალიზმის მომხრეთა უმრავლესობა, აგრეთვე, ემხრობა პიროვნების ქმედების თავისუფლებასა და მათ შორის თანასწორობის გარკვეულ ხარისხს, მაგრამ უფრო დაწვრილებითი ანალიზის შედეგად, ეს თანხმობა მხოლოდ სიტყვიერ დონეზე ხორციელდება, რადგან ძირითადი ცნებები, როგორებიცაა “თავისუფლება” და “თანასწორობა”, სხვა მნიშვნელობით გამოიყენებოდა. მაშინ, როდესაც უფრო ძველი ბრიტანული ტრადიციის შესაბამისად, პიროვნების თავისუფლება ნიშნავდა, რომ ადამიანი კანონით უნდა ყოფილიყო დაცული სხვების მხრიდან იძულებისგან. კონტინენტური ტრადიცია ძირითად მნიშვნელობას ყოველი ჯგუფის თვითგარკვევას და მმართველობის ფორმის დადგენას ანიჭებდა. ამან გამოიწვია კონტინენტური მოძრაობის ადრეული დაკავშირება და თითქმის გაიგივება დემოკრატიულ მოძრაობასთან. საკითხის ასეთი ხედვა, ბრიტანული ლიბერალური ტრადიციისაგან განსხვავებული ამოცანების გადაწყვეტას უკავშირდება.
ამ იდეების ჩამოყალიბების პერიოდში მე-19 საუკუნემდე, ცნება “ლიბერალიზმი” ჯერ კიდევ არ გამოიყენებოდა. მე-18 საუკუნის გვიანდელი პერიოდისათვის ზედსართავმა “ლიბერალური”, თანდათანობით ის
პოლიტიკური მნიშვნელობა მიიღო, როდესაც იგი გამოიყენებოდა იმგვარ ფრაზებში, როგორიცაა ადამ სმითის მიერ გამოყენებული: “თანასწორობის, თავისუფლებისა და სამარ თლიანობის ლიბერალური გეგმა”. პოლიტიკურ მოძრაობაში “ლიბერალიზმის” ცნება პირველად ჩნდება 1812 წელს, როდესაც ის გამოყენებულ იქნა ესპანეთის ლიბერალების პარტიის მიერ და ოდნავ მოგვიანებით, კიდევ ერთხელ გაჟღერდა საფრანგეთში, როდესაც იქაც გაჩნდა პარტია ანალოგიური სახელწოდებით. ბრიტანეთში ეს სიტყვა ფართოდ “ვიგებისა” და “რადიკალების” ერთ პარტიაში გაერთიანების შემდეგ გავრცელდა, რომელსაც 1840-ანი წლების დასაწყისიდან “ლიბერალურ პარტიად” მოიხსენიება. ნიშანდობლივია, რომ “რადიკალები” ძირითადად შთაგონებულები იყვნენ ჩვენს მიერ აღწერილი კონტინენტური ტრადიციით, ამიტომ ინგლისის “ლიბერალური პარტია”, მისი გავლენის ზენიტშიც კი, წარმოადგენდა ორი ნახსენები ტრადიციის შერწყმას.
ამ ფაქტებიდან გამომდინარე, არ იქნებოდა მართებული ცნება ”ლიბერალი” რომელიმე ერთი ტრადიციისთვის გამოგვეყენებინა. შესაბამისად, მათ ხშირად ყოფენ ერთი მხრივ “ინგლისურ”, “კლასიკურ”, ან “ევოლუციონისტურ” და მეორე მხრივ “კონტინენტურ”, ანუ “კონსტრუქტივისტულ” სახეობებად. შემდგომ ისტორიულ ექსკურსში ორივე სახეობა იქნება განხილული, მაგრამ, რადგან განსაზღვრულ პოლიტიკურ დოქტრინად მხოლოდ პირველი გადაიქცა, შემდგომი სისტემატური განხილვა სწორედ მას დაეთმობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ა.შ.შ.-ში ლიბერალიზმის განვითარების პროცესი განსხვავდებოდა მე-19 საუკუნის ევროპაში მიმდინარე ანალოგიური პროცესისაგან. ევროპაში აღნიშნული მოძრაობა ნაციონალიზმისა და
სოციალიზმის უფრო ადრინდელ მოძრაობებს ეპაექრებოდა და განვითარების კულმინაციას 1870-იან წლებში მიაღწია, რის შემდეგ მისი გავლენა ნელ-ნელა ქვეითდებოდა. თუმცა, საზოგადოებრივი ცხოვრების კლიმატის განმსაზღვრელ დოქტრინად რჩებოდა 1914 წლამდე. მიზეზი იმისა, თუ რატომ არ განვითარდა ანალოგიური მოძრობა ა.შ.შ.-ში ის იყო, რომ ამ ქვეყნის შექმნისთანავე მის ინსტიტუტებში უკვე ჩაიდო ევროპული ლიბერალიზმის ძირითადი პრინციპები და ნაწილობრივ იმის გამოც, რომ პოლიტიკური პარტიების განვითარების
სპეციფიკური გარემო-პირობები ხელს არ უწყობდა ამ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დაფუძნებული პარტიების წარმოშობას. მართლაც, იმას რასაც ევროპაში ეძახდნენ “ლიბერალს”, ამერიკაში უწოდებდნენ “კონსერვატორს”. ამავე დროს, ცნება “ლიბერალი” იქნა გამოყენებული იმის აღსანიშნავად, რასაც ევროპაში “სოციალიზმს” უწოდებდნენ. თუმცა, ჭეშმარიტებას წარმოადგენს ისიც, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ევროპაში თავს ”ლიბერალურს” უწოდებს, აღარ მიჰყვება მე-19 საუკუნის ლიბერალურ
პრინციპებს.

ისტორიული ექსკურსი
თავი 4. კონტინენტური ლიბერალიზმის განვითარება

ფრანგ განმანათლებელთა რადიკალური იდეები იმ სახით, რომლითაც ისინი გამოყენებულნი იქნენ ტურგოს, კონდორსესა და აბე სიეიესის მიერ, ფართოდ დომინირებდა საფრანგეთისა და მიმდებარე კონტინენტური ქვეყნების პროგრესულ აზროვნებაში რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების დროს, მაგრამ ნამდვილ ლიბერალურ მოძრაობაზე შეიძლება საუბარი იყოს მხოლოდ რესტავრაციის შემდგომ პერიოდში. საფრანგეთში მან კულმინაციას ივლისის მონარქიის დროს (1830-48 წლები) მიაღწია. თუმცა, ამის შემდეგ მხოლოდ
ვიწრო ელიტის კუთვნილება გახდა.
მნიშვნელოვანი მცდელობა ბრიტანული ტრადიციის სისტემატიზაციისა და მისი კონტინენტურთან მიახლოებისა განხორციელდა ბენჟამენ კონსტანის მიერ და შემდეგში განვითარებულ იქნა 1830-იან და 1840-იან წლებში,
“დოქტრინარებად” ცნობილი ჯგუფის მიერ, გიზოს ხელმძღვანელობით. მათი პროგრამა, რომელიც “გარანტიზმის” სახელწოდებით გახდა ცნობილი, არსებითად მთავრობის კონსტიტუციური შეზღუდვის დოქტრინას წარმოადგენდა. ის გაზიარებული იყო მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის კონტინენტური ლიბერალური მოძრაობის ძირითადი ნაწილის მიერ და ახლად შექმნილი ბელგიური სახელმწიფოს 1831 წლის კონსტიტუციის საფუძვლადაც კი იქნა გამოყენებული. ამ ტრადიციის ჩამოყალიბებაში, რომელიც ბრიტანეთიდან მომდინარეობდა, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შესაძლოა ფრანგ ლიბერალურ მოაზროვნე ალექსის დე ტოკვილს ეკუთვნის.
თვისება, რომელიც გამოარჩევდა კონტინენტზე გამეფებულ ლიბერალიზმს ბრიტანულისაგან მდგომარეობდა იმაში, რომ ის თავიდანვე აღწერდა თავისუფალი აზროვნების მნიშვნელობას. თუმცა ეს, ძირითადად ძლიერ
ანტიკლერიკალიზმში, ანტი-რელიგიურობასა და ზოგადად, ანტიტრადიციულ მიდგომებში გამოიხატებოდა. არამარტო საფრანგეთში, არამედ სხვა კათოლიკურ ევროპულ ქვეყნებშიც, რომის ეკლესიასთან განუწყვეტელი
კონფლიქტი ლიბერალიზმისათვის იმდენად დამახასიათებელი თვისება გახდა, რომ მრავალი ადამიანისათვის სწორედ ეს გახდა მისი უპირველესი განმსაზღვრელი ნიშანი. განსაკუთრებით საუკუნის მეორე ნახევარში,
როდესაც კათოლიკური ეკლესიის პოზიციები შეირყა, გამწვავდა ბრძოლა მოდერნიზმის წინააღმდეგ და შესაბამისად, ლიბერალური რეფორმის ძირითადი მოთხოვნების წინააღმდეგ.
მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, 1848 წლის რევოლუციამდე, ლიბერალური მოძრაობა საფრანგეთში, დასავლეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების უმრავლესობის მსგავსად, უფრო მეტად იყო დაკავშირებული დემოკრატიულ მოძრაობასთან, ვიდრე ბრიტანული ლიბერალიზმი. ამ ახალმა ტალღამ და
სოციალისტურმა მოძრაობამ, ლიბერალიზმზე დიდი ზეგავლენა მოახდინა საუკუნის მეორე ნახევარში. ლიბერალიზმს არ უთამაშია დიდი როლი საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, საუკუნის 30-40-იანი წლების
ხანმოკლე პერიოდის გარდა, როდესაც ლიბერალურმა ჯგუფებმა თავისუფალი ვაჭრობისათვის მოძრაობა წამოიწყეს. აღსანიშნავია, რომ ფრანგ მოაზროვნეებს არც 1848 წლის შემდეგ შეუტანიათ ამ დოქტრინის
განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი.
გარკვეულად უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გერმანიის ლიბერალურმა მოძრაობამ და მან უფრო დიდი განვითარება ჰპოვა მე-19 საუკუნის 80-იან წლებამდე. თუმცა ამ იდეებმა, ბრიტანული და ფრანგული ლიბერალიზმის დიდი ზეგავლენით მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადეს, სამი უდიდესი ადრეული გერმანელი ლიბერალის, ფილოსოფოს იმანუილ კანტის, განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის და პოეტ ფრიდრიჰ შილერის მეშვეობით. კანტმა დევიდ ჰიუმის მსგავსი თეორია
გამოიმუშავა, სადაც ძირითადად ყურადღებას, კანონის კონცეფციაზე, როგორც პიროვნების თავისუფლების დაცვის მექანიზმზე და მის უზენაესობაზე ამახვილებდა. (ანუ ღეცჰტსსტაატ გერმ.). ჰუმბოლდტი მის
ადრეულ ნაშრომში “მთავრობის სფეროსა და მის ვალდებულებებზე” (1792 წელი), ავითარებს სახელმწიფოს მოწყობის სქემას, რომელშიც მას კანონისა და წესრიგის დაცვა ევალება. თავდაპირველად ამ წიგნის მხოლოდ მცირე ნაწილი დაიბეჭდა, მაგრამ, როდესაც სრულად გამოქვეყნდა და ითარგმნა ინგლისურად (1854), დიდი ზეგავლენა მოახდინა არამარტო გერმანიაზე, არამედ ისეთ განსხვავებულ მოაზროვნეებზე, როგორებიც იყვნენ ჯონ სტიუარტ მილი ინგლისში და ლაბულიე საფრანგეთში. პოეტმა შილერმა, ალბათ ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა, გერმანიის პროგრესულ საზოგადოებაში პიროვნული თავისუფლების იდეალების შესახებ ცოდნის
გავრცელების თვალსაზრისით.
პრუსიაში ლიბერალური პოლიტიკისაკენ მოძრაობა, ფრაიჰერ ფონ შტაინის რეფორმების პერიოდში დაიწყო. თუმცა, მას ნაპოლეონის ომების შემდეგ რეაქციის პერიოდი მოჰყვა. ლიბერალურმა მოძრაობამ მხოლოდ 1830-იან წლებში დაიწყო ხელახალი განვითარება. უნდა აღინიშნოს, რომ თავიდან ლიბერალიზმი მჭიდროდ უკავშირდებოდა ქვეყნის გაერთიანებისკენ მიმართულ ნაციონალისტურ მოძრაობას, ისევე როგორც იტალიაში. ზოგადად, გერმანული ლიბერალიზმი ძირითადად კონსტიტუციონალისტური მოძრაობა იყო, რომელიც ჩრდილოეთ გერმანიაში გარკვეულად უფრო ბრიტანული მაგალითის მიხედვით ვითარდებოდა მაშინ, როდესაც სამხრეთ გერმანიაში უფრო ფრანგული მოდელი ახდენდა გავლენას. აღნიშნული გარემოება აირეკლა მთავრობის უფლებების შეზღუდვის საკითხისადმი განსხვავებულ მიდგომებში: ჩრდილოეთ გერმანიაში ის კანონის უზენაესობის (Rechtsstaats) საკმაოდ მკაცრი კონცეფციის საფუძველი იქცა, ხოლო სამხრეთში, უფრო ფრანგული მოდელის მსგავსი იყო და ხელისუფლებებს შორის, კომპეტენციის დაყოფას გულისხმობდა; მაგალითად, ადმინისტრაციასა და სასამართლოებს შორის. თუმცა სამხრეთში და განსაკუთრებით ბადენვიურტენბერგში უფრო აქტიურ ლიბერალურ თეორეტიკოსთა წრე ფონ როტეკისა და ველკერის შტაატლეხიცონის ირგვლივ ჩამოყალიბდა და 1848 წლის რევოლუციის წინა პერიოდში გერმანიის ლიბერალური აზროვნების ცენტრად იქცა.
ზემოთხსენებული რევოლუციის მარცხმა კვლავ რეაქციის მოკლე პერიოდი გამოიწვია, მაგრამ 1860-იან და 1970-ანი წლების ადრეულ პერიოდში გერმანია სწრაფი ტემპებით მიემართებოდა ლიბერალური წესრიგისაკენ. ამ პერიოდში მოხდა იმ ლიბერალური და კონსტიტუციური რეფორმების დასრულება, რომლებიც მიზნად ისახავდნენ კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას. 1870-ანი წლების შუა მონაკვეთი უნდა ჩაითვალოს პერიოდად, რომლის დროსაც მოხდა ლიბერალური მოძრაობის მიერ უდიდესი გავლენის მოპოვება ევროპაში
და ამ გავლენის აღმოსავლეთით გავრცელება. 1878 წელს, პროტექციონიზმისაკენ დაბრუნებასთან და იმავდროულად, ბისმარკის მიერ წამოწყებულ სოციალურ პოლიტიკასთან ერთად, უკუსვლა დაიწყო.
ლიბერალურმა პარტიამ, რომელიც 12 წელზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში ძლიერ პოზიციებს ფლობდა, სწრაფად დაიწყო დაღმასვლა. გერმანიასა და იტალიაში ლიბერალური მოძრაობის დაღმასვლა დაემთხვა მის
მიერ ეროვნული გაერთიანების მოძრაობასთან კავშირის გაწყვეტას, ხოლო გაერთიანების შემდგომ მთელი ყურადღება ახალი სახელმწიფოს გაძლიერებას დაეთმო, რის გამოც ლეიბორისტულმა მოძრაობამ მეტწილად წაართვა ლიბერალიზმს “პროგრესული” პარტიის პოზიცია და შესაბამისად მუშათა კლასის აქტიური ნაწილის მხარდაჭერა.

თავი 5. კლასიკური ბრიტანული ლიბერალიზმი

მე-19 საუკუნის უდიდეს ნაწილში, დიდი ბრიტანეთი წარმოადგენდა ევროპულ ქვეყანას, რომელიც ყველაზე ახლოს იდგა ლიბერალური პრინციპების განხორციელებასთან, რომლებსაც მხარს უჭერდა არამარტო ლიბერალური პარტია, არამედ მოსახლეობის უმრავლესობა. კონსერვატორებიც კი, ზოგჯერ ლიბერალური რეფორმების გამტარებლებად გვევლინებოდნენ. დიდი მნიშვნელობის მოვლენები, რომლებიც ლიბერალური წესრიგის მოდელად უნდა გამხდარიყვნენ დანარჩენი ევროპისათვის, იყო კათოლიციზმის ლეგალიზება 1829 წელს, აგრეთვე, 1832 წლის რეფორმის აქტი და კონსერვატორ სერ რობერტ პილის მიერ, მარცვლეულის შესახებ აქტის გაუქმება 1846 წელს. იმ დროიდან მოყოლებული ლიბერალიზმის ძირითადი მოთხოვნები კმაყოფილდებოდა. ამ მხრივ მთავარი ყურადღება თავისუფალ ვაჭრობაზე გამახვილდა. მოძრაობა, რომელიც ვაჭართა პეტიციით 1820 წელს დაიწყო და გაგრძელდა 1836-1846 წლებში მარცვლეულის შესახებ კანონის
საწინააღმდეგო ლიგის შექმნით, წარმოადგენდა რადიკალთა ჯგუფის მიმდინარეობას, რომლებმაც რიჩარდ კობდენის და ჯონ ბრაითის ხელმძღვანელობით ჩამოაყალიბეს იმაზე უკიდურესი ”ლეზე ფეერ” მიდგომა, ვიდრე ამას ადამ სმითისა და მისი მიმდევრების ლიბერალური პრინციპები მოითხოვდა. მათი პოზიცია თავისუფალ ვაჭრობასთან მიმართებაში ძლიერ ანტი-იმპერიალისტურ, ანტი-ინტერვენციონისტულ და
ანტი-მილიტარისტულ მიდგომასთან და ხელისუფლების ჩარევის უარყოფასთან იყო დაკავშირებული. სახელმწიფო ხარჯების ზრდა განიხილებოდა როგორც არასასურველი ინტერვენციის მასშტაბის ზრდის
შედეგი, ოკეანის გაღმა მიმდინარე მოვლენებში. ისინი ოპოზიციურად იყვნენ განწყობილნი ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლების ზრდისადმი და ყოფის გაუმჯობესებას ადგილობრივი მთავრობებისა და ნებაყოფლობითი ორგანიზაციების მოქმედებისგან ელოდნენ. “მშვიდობა, ეკონომიკა და რეფორმა” იყო იმ პერიოდის ლიბერალური ლოზუნგი, რომლის დროსაც “რეფორმაში” უფრო მეტად გულისხმობდნენ მოძველებული პრივილეგიებისა და ტრადიციების გაუქმებას, ვიდრე დემოკრატიის განვითარებას, რაც
მოძრაობამ მიზნად მხოლოდ 1867 წლის მეორე რეფორმისტული აქტის დროს დაისახა. მოძრაობამ აპოგეას საფრანგეთში 1860 წელს კობდენის შეთანხმების დადებით მიაღწია. აღნიშნული შეთანხმება კომერციულ შეთანხმებას წარმოადგენდა, რომელსაც შედეგად, ბრიტანეთში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება უნდა მოჰყოლოდა, რაც ყველას აზრით მალევე საყოველთაოდ უნდა გავრცელებულიყო. ამავე პერიოდში ბრიტანეთში ლიბერალური მოძრაობის მოწინავე ფიგურად ყოფილი ხაზინის კანცლერი და შემდგომში პრემიერმინისტრი გლედსთონი მოგვევლინა, რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა, როგორც ლიბერალური პრინციპების გამტარებელმა.
განსაკუთრებით 1865 წელს, პალმერსტონის გარდაცვალების შემდეგ, საგარეო პოლიტიკაში მის ყველაზე ცნობილ თანამოაზრე ჯონ ბრაითთან ერთად. ასევე, მის სახელთანაა დაკავშირებული ძლიერი მორალური და რელიგიურ შეხედულებების მქონე ბრიტანული ლიბერალიზმის ადრინდელი არსის აღდგენა.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, ინტელექტუალურ წრეებში ინტენსიურად განიხილებოდა ლიბერალიზმის ძირითადი პრინციპები. ფილოსოფოს ჰერბერტ სპენსერის იდეებმა, უკიდურესი ინდივიდუალიზმისა და მინიმალური სახელმწიფოს შესახებ, ფონ ჰუმბოლდტის იდეებში ჰპოვა გამოძახილი.
მაგრამ, ჯონ სტიუარტ მილის ცნობილ ნაშრომში “თავისუფლების შესახებ” (1859 წელი) ძირითადი კრიტიკა უფრო მეტად მიმართული იყო გაბატონებული აზრის ტირანიის, ვიდრე მთავრობის ჩარევის წინააღმდეგ. სამართლიანი განაწილებისა და ძირითადად სოციალისტური იდეებისადმი თანაგრძნობით გამსჭვალულ ზოგიერთ მის სხვა ნაშრომებში, ნიადაგი შეექმნა ლიბერალური ინტელექტუალების თანდათანობით გადასვლას ზომიერი სოციალიზმისკენ. ეს ტენდენცია საგრძნობლად გაძლიერდა ფილოსოფოს გრინის მიერ, რომელიც
ყურადღებას, ძირითადად, სახელმწიფოს დადებით როლზე ამახვილებდა და ამით, თავისუფლების ნეგატიური კონცეფციის მომხრე უფრო ადრეული ხანის ლიბერალებს ეწინააღმდეგებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ლიბერალურ ბანაკში ლიბერალური დოქტრინების კრიტიკა დამკვიდრდა და ლიბერალურმა პარტიამ დაკარგა მშრომელების ახალ მოძრაობის მხარდაჭერა, ლიბერალური იდეები მაინც დიდხანს დომინირებდნენ მე-20 საუკუნის ჩათვლით და მათ
შესძლეს ხელი შეეშალათ პროტექციონისტული იდეების აღორძინებისათვის. თუმცა, ლიბერალურმა პარტიამ ვერ შეძლო ინტერვენციონისტებისა და იმპერიალისტური ელემენტების მოზღვავების შეჩერება. ალბათ, ძველებური ტიპის უკანასკნელ ლიბერალურ მთავრობად კემპბელ ბანერმანის მთავრობა შეიძლება ჩაითვალოს (1904 წელი), რომლის მემკვიდრემ, ესქუიტმა, სოციალურ პოლიტიკაში ახალი ექსპერიმენტები წამოიწყო, რომლებიც ძველ ლიბერალურ პრინციპებთან ნაკლებად იყვნენ თავსებადი. თუმცა მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ ბრიტანული ლიბერალური ეპოქა პირველ მსოფლიო ომამდე გაგრძელდა და მხოლოდ ომის გამო მოხდა ლიბერალური იდეების გავლენის შესუსტება.

სისტემურობა
თავი 7. თავისუფლების ლიბერალური კონცეფცია

რადგან მხოლოდ “ბრიტანული” ანუ ევოლუციური ტიპის ლიბერალიზმმა შეძლო, რომ ჩამოეყალიბებინა განსაზღვრული პოლიტიკური პროგრამა, ლიბერალიზმის პრინციპების სისტემური წარმოდგენისთვის უპრიანია მათზე კონცენტრაცია. “კონტინენტურ” ანუ კონსტრუქტივისტულ ტიპზე, მხოლოდ შედარებითი ანალიზის საწარმოებლად ვისაუბრებთ. ეს ფაქტი აგრეთვე მოითხოვს იმ მოსაზრების უარყოფას, რომ არ არის კავშირი ეკონომიკურსა და პოლიტიკურ ლიბერალიზმს შორის (გამომუშავებული იქნა იტალიური ფილოსოფოსის, ბენედეტო კროჩეს მიერ, როგორც სხვაობა “ლიბერალიზმსა” და “ლიბერიზმს” შორის), რაც ხშირად არის ხაზგასმული კონტინენტურ ტრადიციაში, მაგრამ ბრიტანული ტიპის ლიბერალიზმში არ გვხდება.
ბრიტანული ტრადიციის მიხედვით ეკონომიკურსა და პოლიტიკურ ლიბერალიზმი განუყოფელია, რადგან მთავრობის ძალაუფლების იძულებითი შეზღუდვა, მთავრობას პიროვნების ეკონომიკური საქმიანობის კონტროლისა და მართვის საშუალებას ართმევს, მაშინ, როცა მთავრობისთვის ამგვარი უფლების მინიჭებას მივყავართ პიროვნების არჩევანის თავისუფლების შეზღუდვამდე. ამ უკანასკნელის ხელშეუხებლად შენარჩუნება კი ყველა ლიბერალის სურვილია. კანონმდებლობით უზრუნველყოფილი თავისუფლება
გულისხმობს ეკონომიკურ თავისუფლებას, მაშინ, როდესაც ეკონომიკური კონტროლი, როგორც ყველა სხვა მიზნის მიღწევის საშუალებების კონტროლი, ყველანაირ თავისუფლებას ზღუდავს.
სწორედ აქ ინიღბება განსხვავება ლიბერალიზმის ყველა ნაირსახეობისათვის, პიროვნების თავისუფლების საერთო მოთხოვნასა და მასში ნაგულისხმევ პიროვნებისადმი პატივისცემის მოთხოვნას შორის. ლიბერალიზმის აყვავების ეპოქაში თავისუფლების აღნიშნულ კონცეფციას გამოკვეთილი მნიშვნელობა ჰქონდა – კერძოდ, უპირველეს ყოვლისა თავისუფალი პიროვნება არ უნდა ყოფილიყო იძულების ობიექტი. მაგრამ საზოგადოებრივი იძულება, რომელიც მას ამგვარი ძალდატანებისგან იცავდა, ყველა ადამიანზე ვრცელდებოდა, რათა ერთმანეთის მიმართ იძულებისაგან შეეკავებინა. თავისუფლება ყველასათვის
მიღწევადი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანტის ცნობილი ფორმულის შესაბამისად, ერთი პიროვნების თავისუფლება, სხვა ადამიანთა თავისუფლებას არ შეზღუდავდა. შესაბამისად, თავისუფლების ლიბერალური
კონცეფცია კანონით დაცულ თავისუფლებაში მდგომარეობდა, რომელიც ყოველი ადამიანის თავისუფლებას შეზღუდავდა, რათა ყველასათვის თავისუფლების ერთი და იგივე ხარისხი უზრუნველეყო. ეს ნიშნავდა არა
ბუნებრივ თავისუფლებას, როგორც ამას ზოგჯერ უწოდებენ, ან პიროვნების იზოლირებულ თავისუფლებას, არამედ საზოგადოებაში შესაძლებელ თავისუფლებას, რომელიც შესაბამისი ნორმებით სხვების თავისუფლების
უზრუნველსაყოფადაა შეზღუდული. ამ მხრივ ლიბერალიზმი ანარქიზმისგან მკვეთრად უნდა გამოიყოს. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ლიბერალიზმი იძულების ნაწილობრივ აუცილებლობას აღიარებს, გარკვეული მინიმუმის ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ერთი პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფის მიერ სხვების მიმართ ნებისმიერი იძულება. ეს შესაბამისი კანონებით შემოსაზღვრულ თავისუფლებას ნიშნავს, რომელიც პიროვნებას თავიდან ააცილებს სხვების მხრიდან იძულების ობიექტად ქცევას,
თუ ის საზღვრებს არ გასცდება.
აღნიშნული თავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას მხოლოდ მათთვის, ვისაც მისი დამცავი კანონების მორჩილება ძალუძს. მხოლოდ ზრდასრული და ქმედუნარიანი პიროვნება, რომელსაც შეუძლია პასუხი აგოს საკუთარ ქმედებებზე, შეიძლება თავისუფლების მფლობელად ჩაითვალოს მაშინ, როცა ბავშვებისა და გონებრივი შეზღუდვების მქონე პირების მიმართ სხვადასხვა სახეობის ზედამხედველობა აუცილებლად ითვლება. თავისუფლების ყველასათვის უზრუნველმყოფი წესების დარღვევის შემთხვევაში, პიროვნებამ შეიძლება პასუხი თავისუფლების დაკარგვით აგოს, ხოლო კანონმორჩილმა პირიქით, თავისუფლებით ისარგებლოს. აღნიშნული თავისუფლება ამგვარად ყველა პიროვნებას აქვს ბოძებული, ვინც შეძლებს პასუხისმგებელი იყოს საკუთარ ქმედებებზე მაშინ, როცა კანონმდებლობით დაცვა მიზნის მიღწევაში დახმარებას ნიშნავს. მთავრობა ამ ძალისხმევის კონკრეტულ შედეგებზე პასუხისმგებელი ვერ იქნება.
პიროვნებისათვის პირობების შექმნა, რათა მან გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები მის მიერ არჩეული მიზნების მისაღწევად, შეიძლება იმ საუკეთესო ქმედებად ჩაითვალოს, რისი შესრულებაც მთავრობას ნამდვილად ძალუძს პიროვნების სასარგებლოდ და ამავდროულად სხვებისთვის კეთილდღეობის მოსაპოვებლად. საუკეთესო შედეგი, რაც ერთი ადამიანის თავისუფლებამ შეუძლია მოუტანოს ყველა სხვა ადამიანს, არის პიროვნების საუკეთესო თვისებების რეალიზაციის ხელშეწყობა.
თავისუფლების ლიბერალურ კონცეფციას ხშირად და მართებულადაც, ნეგატიური კონცეფციის სახით წარმოაჩენდნენ. მშვიდობისა და სამართლიანობის მსგავსად, იგი ნაკლები ბოროტების პრინციპს გულისხმობს,
როდესაც შექმნილია შესაძლებლობები და არა სარგებლის მიღების გარანტიები. თუმცა შესაძლებლობების შექმნაში მოსალოდნელია იმგვარი პირობების შექმნაც იგულისხმებოდეს, რომლებიც სასურველი შედეგის
მიღების ალბათობას გაზრდიან. მაშასადამე, თავისუფლების ლიბერალური მოთხოვნა არის პიროვნების ძალისხმევის წინაშე ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების მოსპობა და არა ვალდებულება, რომ საზოგადოებამ ან სახელმწიფომ პიროვნებას კონკრეტული, მზა შედეგები მიაწოდოს. ამგვარი კოლექტიური ქმედებები, თუმცა არაა გამორიცხული აუცილებლობის შემთხვევაში, ან როდესაც ითვლება, რომ ეს ეფექტური გზაა მომსახურების გაუმჯობესებისთვის, მაგრამ დასაშვებია მხოლოდ მიზანშეწონილობის და კანონით განსაზღვრული თანასწორი თავისუფლების პრინციპებიდან გამომდინარე. ლიბერალური დოქტრინის გავლენის
შესუსტება, რომელიც 1870 წლებიდან დაიწყო, მჭიდრო კავშირშია თავისუფლების ცნების რეინტერპრეტაციასთან და პიროვნებისთვის მიზნის მისაღწევად საჭირო საშუალებათა მრავალგვარობის უზრუნველყოფასთან.

თავი 8. კანონის ლიბერალური კონცეფცია

აზრი, რომელიც გატარებულია ლიბერალურ კონცეფციაში “თავისუფლების კანონით დაცვის”, ანუ ნებელობითი ძალმომრეობის უარყოფის შესახებ, იძენს მნიშვნელობას, რომელიც ამ კონტექსტში ეძლევა მცნებებს “კანონი” და “ნებელობითი“. ეს ნაწილობრივ შეიძლება მიეწეროს ამ ცნებების განსხვავებულ გამოყენებას, რაც ლიბერალურ ტრადიციაში არსებული კონფლიქტითაა განპირობებული, ერთის მხრივ ვინც თვლის, რომ
თავისუფლება შეიძლება, მხოლოდ კანონის ფარგლებში არსებობდეს (ჯონ ლოკი: ვინ შეიძლება იყოს თავისუფალი, როდესაც ყველა ადამიანის ნება შეიძლება მასზე დომინირებდეს?) და მეორეს მხრივ, კონტინენტურ ლიბერალებს შორის, რომელთა შორისაა ჯერემი ბენთამი, რომლის სიტყვებით: “ყოველი კანონი ბოროტებაა, რადგან ყოველი კანონი თავისთავად თავისუფლების დარღვევაა.”
რა თქმა უნდა მართებულია, რომ კანონს თავისუფლების წართმევა შეუძლია. მაგრამ კანონმდებლობის ყოველი პროდუქტი როდია კანონი იმ მნიშვნელობით, რასაც მას ჯონ ლოკი, დეივიდ ჰიუმი, ადამ სმითი, ემანუილ
კანტი და გვიანდელი ინგლისელი “ვიგები” ანიჭებდნენ და თავისუფლების გარანტად მიიჩნევდნენ. კანონზე საუბრისას მათ მხედველობაში ჰქონდათ კანონი, როგორც თავისუფლების აუცილებელი გარანტი, რომელშიც შედიოდა მხოლოდ განმსაზღვრელი საურთიერთობო წესები, რომლებიც შეადგენენ კერძო და კონსტიტუციურ სამართალს და არა საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოცემული ყველა ნორმატიული აქტი. იმისათვის, რომ აქტი ჩათვლილიყო კანონად, იმ გაგებით, როგორადაც ის ბრიტანულ ლიბერალურ ტრადიციაში იგულისხმებოდა და თავისუფლების პირობების აღეწერა, მას ინგლისური პრეცედენტული სამართლის მსგავსი ატრიბუტები უნდა ჰქონოდა და არ იყო აუცილებელი საკანონმდებლო პროდუქტის სახე მიეღო: პიროვნების ქცევის
ზოგადი მარეგულირებელი წესები, რომლებიც მომავალ უამრავ შემთხვევებს გაითვალისწინებდნენ, განსაზღვრავდნენ პიროვნებისთვის მნიშვნელოვან სფეროებს და მაშასადამე, უნდა იყოს არსებითად აკრძალვების ხასიათის და არა სპეციფიური ბრძანებები. ამგვარად, ისინი საკუთრების ინსტიტუტისგან
უნდა ყოფილიყვნენ ინსპირირებული. ამ საზღვრებით უნდა შემოფარგლულიყო სამართლიანი ქცევის წესები, რომლის მიხედვით პიროვნებას უნდა ჰქონოდა საშუალება, მის მიერ არჩეული მიზნების მისაღწევად, საკუთარი ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოეყენებინა.
აქედან გამომდინარე, მთავრობის იძულების ფუნქცია შემოფარგლული უნდა ყოფილიყო ამ საურთიერთობო წესებით. ლიბერალური ტრადიცია უკიდურესი მიმდინარეობის გარდა, არ უკრძალავდა მთავრობას სხვა სამსახური გაეწია მოქალაქეთათვის. ამაში იგულისხმებოდა, რომ ამგვარი სამსახურის გაწევა მთავრობას, მხოლოდ მის ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით და არა კერძო პირების იძულების გზით უნდა მოეხდინა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ითქვას, კერძო პირთა საკუთრება მთავრობის მიერ საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო. ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება ისევე საკამათო შეიძლება ყოფილიყო, როგორც რომელიმე თვითმპყრობელის დადგენილება. მართლაც, საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოცემული ნებისმიერი აკრძალვა, ან ბრძანება კონკრეტული
პიროვნებების ან ჯგუფების მიმართ, რომელიც არ შეესაბამებოდა უნივერსალური მიზანშეწონილობის კანონს, განიხილებოდა როგორც თვითნებობა. ამგვარად, ძველი ლიბერალური ტრადიციის მიხედვით, ხელისუფლების ძალადობრივი ქმედება თვითნებობად იქცევა, თუ ის ემსახურება საკუთრივ მთავრობის გარკვეულ მიზანს ან ნებას და არ გამომდინარეობს იმ უნივერსალური წესიდან, რომელიც საჭიროა რომ უზრუნველყოფილი იქნეს ურთიერთთანამშრომლობის ზოგადი წესრიგი, რომელიც თავის მხრივ განპირობებულია მომქმედი საურთიერთობო წესებით.

თავი 9. კანონი და ქმედებების სპონტანური თანმიმდევრობა<a

მნიშვნელობა, რომელიც ლიბერალურმა თეორიამ მიანიჭა სამართლიანი საურთიერთობო წესების დადგენას, ეფუძნება მოსაზრებას, რომ სწორედ მათი არსებითი გავლენა განაპირობებსიმ თვითგენერირებად, ანუ სპონტანურ წესრიგს, რომელიც ყალიბდება იმ განსხვავებული პიროვნებებისა და ჯგუფების ქმედებების შედეგად, რომელთაგანაც თითოეული საკუთარი ცოდნის საფუძველზე ესწრაფვის საკუთარ მიზნებს.
ამას მე-18 საუკუნის ლიბერალური ტრადიციის დიდი ფუძემდებლების დევიდ ჰიუმისა და ადამ სმითის შრომებიც მოწმობს, რომლებიც ინტერესების ბუნებრივ ჰარმონიას კი არ აღიარებდნენ, არამედ მოჰყავდათ არგუმენტი, რომ სხვადასხვა პიროვნებათა განსხვავებული ინტერესები ქცევის გარკვეული წესებით უნდა შეჯერებულიყვნენ, ან როგორც მათი თანამედროვე, ჯოშუა თაკერი აცხადებს “საკუთარი თავისადმი სიყვარულს, საყოველთაო მამოძრავებელ ძალას, ისეთი მიმართულება უნდა მიეცეს, რომ საკუთარი
ინტერესების დაკმაყოფილება საზოგადოებრივი ინტერესების განხორციელებისკენ იყოს მიმართული“. მე-18 საუკუნის ზემოთხსენებული მოღვაწენი ისევე იყვნენ დაინტერესებულები კანონის ფილოსოფიით, როგორც
ეკონომიკური წესრიგით. მათი კონცეფციები კანონის არსის შესახებ და საბაზრო მექანიზმის თეორია ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებოდნენ. მათი გაგებით, რომ მხოლოდ კანონის ზოგიერთი პრინციპის, უპირველეს ყოვლისა, კერძო საკუთრებისა და კონტრაქტის სავალდებულოობის აღიარება, განაპირობებდა ცალკეულ პიროვნებებს სამოქმედო გეგემების იმდაგვარ შეთანხმებას, რომ მათი გეგმების განხორციელება საუკეთესოდ ყოფილიყო დაცული. როგორც მოგვიანებით ეკონომიკურმა თეორიამ უფრო ნათლად წარმოაჩინა, ამგვარი ორმხრივი ან მრავალხმრივი შეჯერება, ხალხს საშუალებას მისცემდა ერთმანეთისათვის სამსახური გაეწიათ, სხვადასხვა ცოდნისა და შესაძლებლობების გამოყენების გზით თავიანთი მიზნების მისაღწევად.
სამართლიანი საურთიერთობო წესების დანიშნულება იყო არა კერძო პირების ძალისხმევის ორგანიზება, რომელიმე შეთანხმებული მიზნის მისაღწევად, არამედ ქმედებათა ზოგადი წესრიგის უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობით თითოეული შეძლებდა, რაც შეიძლება მეტად ესარგებლა სხვა პიროვნებების ძალისხმევისგან, საკუთარი მიზნების განხორციელების დროს. ამდაგვარი სპონტანური წესრიგის ჩამოყალიბებისათვის ხელსაყრელი სამართლიანი საურთიერთობო წესები ითვლებოდა წარსულში დიდი ხნის ექსპერიმენტების
შედეგად. თუმცა ითვლებოდა, რომ მათი სრულყოფა შეიძლებოდა და გაუმჯობესება, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოცდილების დაგროვების პარალელურად უნდა მომხდარიყო, როდესაც ცვლილების შეტანის სარგებლიანობა გამოჩნდებოდა. თვითგენერირებადი სპონტანური წესრიგის უდიდეს უპირატესობად ითვლებოდა არა მხოლოდ ის, რომ მისი მეშვეობით პიროვნებებს თავისუფლად შეეძლოთ საკუთარი, თუნდაც ეგოისტური ან ალტრუისტული მიზნებისაკენ სწრაფვა, არამედ ისიც, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელი იყო კონკრეტული
გარემოებების შესახებ დროსა და სივრცეში ფართოდ გაფანტული იმ ცოდნის გამოყენება, რომელსაც მხოლოდ სხვადასხვა პიროვნებები ფლობდნენ და შეუძლებელი იყო, რომ ერთპიროვნულად განეჭვრიტა რომელიმე
ხელისუფალს. მზარდი ცოდნის სწორედ ამგვარი გამოყენება და არა ეკონომიკური საქმიანობის ცენტრალიზებული მართვის სხვა რომელიმე სისიტემა იძლევა საბოლოო ჯამში დოვლათის იმ მრავალფეროვნებას, რაც ნებისმიერი სხვა საშუალებით შეიძლებოდა, რომ შექმნილიყო.
მაგრამ, თუკი აღნიშნული წესრიგის დამყარების მინდობა ბაზრის სპონტანური ძალებისთვის, რომლებიც შესაბამისი კანონების შეზღუდვებს ემორჩილებიან, უფრო ყოვლისმომცველ წესრიგს დაიცავს და კონკრეტული გარემოებების მიმართ უფრო სრულ ადაპტაციას განაპირობებს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ამ წესრიგის კონკრეტული შემადგენელი ფაქტორები კი არ დაექვემდებარებიან კონტროლს, არამედ ძირითადად შემთხვევითობას დაექვემდებარებიან. კანონმდებლობას და სპეციალურ ინსტიტუტებს, რომლებიც აყალიბებენ
საბაზრო წესრიგს, მხოლოდ ზოგადი აბსტრაქტული ხასიათის მიმართულებების მიცემა შეუძლიათ, მაგრამ ვერ ახდენენ სპეციფიკურ გავლენას ცალკეულ პიროვნებებზე თუ ჯგუფებზე.
ამ წესრიგის გამართლებისთვის ისიც საკმარისია, რომ ის ზრდის შანსებს ყველასათვის და ყოველი ინდივიდის წარმატებას, პირველ რიგში, მისსავე ძალისხმევაზე დამოკიდებულს ხდის. ამასთან, ყოველი პიროვნებისა თუ
ჯგუფის წარმატება კვლავ რჩება იმ გარემოებებზე დამოკიდებული, რომლებიც არავის კონტროლს არ ექვემდებარება. ადამ სმითიდან მოყოლებული, საბაზრო ეკონომიკაში ცალკეულ პიროვნებათა მონაწილეობა მიამსგავსეს თამაშს, რომლის შედეგები ნაწილობრივ მოთამაშის უნარ-ჩვევებზე და ძალისხმევაზეა
დამოკიდებული, ხოლო ნაწილობრივ იღბალზე. ინდივიდები თანხმდებიან თამაშზე, რადგან ასეთი გზით ისინი მიიღებენ უფრო მეტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მეთოდით. მაგრამ ამავდროულად, ყოველი ინდივიდის საბაზრო წილი შეიძლება ყოველგვარი შემთხვევითობის მსხვერპლი გახდეს და ნამდვილად არ არსებობს გარანტია, რომ მისი სუბიექტური შეფასება ყოველთვის ადექვატურად იქნება გაზიარებული სხვების მიერ.
ლიბერალური სამართლიანობის კონცეფციის სხვა პრობლემების განხილვისათვის, აუცილებელია იმ კონსტიტუციური პრინციპების გარჩევა, რომლებშიც კანონის ლიბერალური კონცეფციაა გათვალისწინებული.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s