კერპად ქცეული სახელმწიფო


Image~
 
ფრანც ოპენჰაიმერი (1864-1943) 
 
რა არის სახელმწიფო? ყველა ცდილობს, რომ მისგან კერპი შექმნას. ზოგი მას თაყვანს სცემს, როგორც ყველაზე კეთილისმყოფელ ღვთაებას, რომლიც ადამიანს მთელი სულითა და გულით უნდა უყვარდეს, მაშინ როდესაც სხვებისთვის ის ყველაზე დიდი ბოროტებაა, კაცობრიობის წყევლას და ჯოჯოხეთში დაბრუნებას იმსახურებს.
 
რა არის სინამდვილეში ამ უკიდურესობებს შორის? პასუხი, რომელიც ამ კითხვაზე გავეცი ჩემს ნაშრომში „სოციოლოგიის სისტემა“ (System der Soziologie) გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო ადამიანთა შორის არაერთგვაროვანი ურთიერთობების ნაზავია, ძალმომრეობის და სამართლიანობის უხეირო შერწყმა.

ადამიანთა შორის ურთიერთობების ორი მარტივი სახესხვაობა არსებობს: პირველს ვუწოდებ „ჩვენ“ ურთიერთობებს, რადგან მასში საკუთარი პიროვნების, ანუ „მეს“-ს შემეცნება მივიწყებული ან სულაც უგულებელყოფილია და ადგილს კოლექტიურ, ანუ „ჩვენ“ თვითშეგნებას უთმობს. საკუთარ შეფასებებში, განსჯაში და საქციელში პიროვნება განუყოფელ ერთობაში ერწყმის თავისივე თანატომელებს და თავს გრძნობს არა უბრალოდ ამ მთლიანობის ნაწილად, არამედ წევრად. პირველყოფილ ხანაში ამგვარი კოლექტიური ცნობიერება და კოლექტიური ინტერესი ტომის შიგნით ერთი და იმავე კლანის ან დაჯგუფების წევრებს შორის ურთიერთობებში არსებობდა. ურთიერთობების მეორე სახესხვაობა, ურთიერთობა „არა ჩვენიანი“ სხვადასხვა ტომის, ან კლანის წევრებსა და გარეშე პირებს, აგრეთვე განსხვავებული კლანებისა და დაჯგუფებების წევრებს შორის იკვეთებოდა. ამ ურთიერთობაში პიროვნული და კოლექტიური თვითშეგნება მკვეთრად უპრისპირდება უცხო კლანის თვითშეგნებას.

„ჩვენ“ სახის ურთიერთობა მხარს უჭერს მშვიდობას, ზნეობრიობასა და ბუნებით სამართალს. ჯგუფი, რომელშიც ასეთი ურთიერთობებია გამეფებული, მეტ-ნაკლებად ესადაგება იმას, რასაც ტიონი „ბუნებრივ თემს“ უწოდებს და რის შესახებაც წერს: „სათემო ცხოვრება ერთობლივი მფლობელობა და მოხმარებაა, საერთო დოვლათის განკარგვა და სარგებლობა. მისწრაფება ფლობისა და მოხმარებისაკენ თავდაცვისა და ერთობისკენ სწრაფვას განაპირობებს.“ იქ სადაც ამგვარ მოვლენას აქვს ადგილი, თემის წევრებს შორის ურთიერთობები თანამშრომლობის სახეს ატარებს.

„არა-ჩვენიანი“ სახის უთიერთობები, მეორე მხრივ, გაუცხოების გრძნობით ხასიათდება, ეს ნიშნავს, რომ უცხოს „ჩვენნაირი“ უფლებები არ აქვს და მის მიმართ „ჩვენ არანაირი მოვალეობები არ გვაქვს. თუმცა აუცილბელი არაა, რომ ამის შედეგი ყველა ყველას წინააღმდეგ მიმართული ის მუდმივი ომი იყოს, რითიც ეპიკურეს მიმდევრებისა და ჰობსის აზრით კაცობრიობის ისტორია დაიწყო, ხოლო რაცენჰოფერს „აბსოლუტური ძალმომრეობის“ ხანად წარმოუდგენია. პირიქით, თვალსაჩინოა ავსტრალიის მაგალითი, სადაც პირველყოფილ პირობებში მცხოვრები სხვადასხვა ტომისა და კლანის წარმომადგენლები მშვიდობინად ურთიერთთანამშრომლობენ. ამ დროისთვის იქ ომი თავისთავად მიზნად ჯერ კიდევ არ ქცეულა, არამედ შეძლებისდაგვარად თავიდან არის აცილებული. ამასთან, არა უცხოელთა მეცადინეობით, არამედ თავად ტომების ინტერესებიდან გამომდინარე. კლანები რიცხობრივად ისე მცირენი არიან, რომ ომში თუნდაც რამდენიმე წევრის დაკარგვა ძალზე მნიშვნელოვნად ასუსტებს მათ და გარკვეულ შემთხვევებში მათ არსებობასაც საფრთხეს უქმნის. ამგვარად, „არა-ჩვენიანებთან“ ურთიერთობის საფუძველს თავიდანვე არა ძალმომრეობა, არამედ ის ცივი გულგრილობა წარმოადგენდა, რომელსაც პირველყოფილი ადამიანი ვთქვათ, ცხოველების მიმართ იჩენდა. ეს იყო სრული უყურადღებობა უცხოს კეთილდღეობისა და უბედურების მიმართ. მაშინ, როდესაც „ჩემსა“ და „ჩვენ“ ინტერესებს რამე ემუქრება, „მისი“ – არაფრად ითვლება. „უცხოსთვის“ საკუთრებისა და სიცოცხლის წართმევა ცოდვად არ მიიჩნევა. ცოდვის გაგება მხოლოდ თანატომელებთან მიმართებაში მოქმედებს.

პრეისტორიულიდან ისტორიულ დროში გადასვლა მიგრაციითა და დაპყრობებით აღინიშნა. იმ დროისთვის კლანები გამსხვილდნენ დ ტომებად ჩამოყალიბდნენ, ამასთან მრავალ შემთხვევაში ომთაშორისი კავშირებიც კი შექმნეს. აქა-იქ, მათ საკუთრებაში არსებული მიწები, ძალიან მცირე და არანაყოფიერი იყო, რომ მათი დამუშავება პრიმიტიული ხერხებით გაგრძელებულიყო, ხოლო ეს ექსპანსიისკენ მიდრეკილებას წარმოშობდა. უფრო მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული ან ტაქტიკურად უკეთესად მომზადებული და უფრო დისციპლინირებული ტომი, სხვა ტომს უტევდა და იპყრობდა. მსოფლიოს ყველა კუთხეში სახელმწიფოები სწორედ ასე ყალიბდებოდა. ძველ მსოფლიოში სახელმწიფოების აღმოცენების განმსაზღვრელ ძალებს მესაქონლე და მათგან წამოსული მეთევზე ხალხები წარმოადგენდნენ; ახალ მსოფლიოში სახელმწიფოს ჩამოყალიბებში ქმედითი ძალები უკეთ გნვითარებული მონადირე ხალხები არიან. პასიურ ფაქტორებს, როგორც წესი, ნაკლებად განვითარებული მიწათმოქმედები წარმოადგენენ, რომლებიც მიწას საკუთარი ხელით ამუშავებდნენ. მიწის კავით დამუშავება სახელმწიფოს წარმოშობის შემდეგ იწყება, როდესაც მეცხოველეობით დაკავებული ხალხის მიერ ისეთი ცხოველები, როგორებიცაა ცხენი, ვირი და აქლემი გამწევ ძალად იქნა გამოყენებული. დაპყრობისა და სხვა კლანების დამორჩილების მიზანი ყველგან ერთი დ იგივე იყო: ექსპლუატაცია. დაპყრობილებს დამპყრობლებისთვის უსასყიდლოდ უნდა ემუშავათ, ან ხარკი ეხადათ. ფორმა, რომელიც ექსპლუატაციას გულისხმობდა, ბატონობა იყო, რაც ადრეული ხანის წინამძღოლობასთან არ უნდა იქნეს გაიგივებული, რადგან ეს უკანასკნელი ექსპლუატაციას არ ეყრდნობოდა. ბატონობა კი წინამძღოლობასთან შერწყმული ექსპლუატაციაა.

ბატონყმობის დამკვიდრების კვალობაზე ორი განუყოფელი ინსტიტუტი ჩამოყალიბდა: კლასობრივი დაყოფა და მსხვილი მიწათმფლობელობა. მსხვილ მიწათმფლობელობას არსებითი ეკონომიკური მნიშვნელობა არ აქვს თუ მას შემოსავალი არ მოაქვს, გარდა იმისა, ამ დროს არსებობს დამოკიდებული მუშათა კლასი, რომელიც მიწას მფლობელის სასარგებლოდ ამუშავებს, რომელც თავად არ შრომობს.

პირიქით, მუშათა კლასი მხოლოდ იქ ყალიბდება, სადაც მსხვილი მიწათმფლობელობა ისეთი სამართლებრივი ფორმით არსებობს, რომ მიწის უდიდესი ნაწილი თავისუფალი განახლებისთვის ხელმიუწვდომელია. ასე რომ უმიწაწყლო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იძულებულია ბატონის სამსახურში ჩადგეს, რათა შიმშილით არ დაიხოცონ. მიწათმფლობელობისა და კლასობრივი უპირატესობის იგივეობა ენაშიც აისახება: გერმანელი ტომების დაპყრობების შედეგად შექმნილ სახელმწიფოებში წარჩინებულ ფენას „ადელს“ (ADEL) უწოდებდნენ, რაც სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა მსხვილ მიწათმფლობელს.

საქმის მთელი ვითარება ეკონომიკური ცნებებით უნდა იქნას აღწერილი, რომ სწორად იქნას გაგებული. დამპყრობთა მხრიდან ეს არის საკუთარი ეკონომიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ მიმართული ქმედება. ისინი დაპყრობილ მოსახლეობაზე ზედამხედველობას ზუსტად იმავე ხერხებით და იმავე მიზნებით აწესებენ, რომლებსაც ადრეულ ხანაში იყენებდნენ, როდესაც მომთაბარე ყაჩაღები იყვნენ და საკუთარი ეკონომიკური საჭიროებებისათვის მეზობელ ტომებს საქონლისა და ცხენების ფარებს ძალით ართმევნენ. თუმცა ამჯერად მოპოვებული საკუთრება რუდუნებით უნდა იმართოს, რომ ის არ გაიფლანგოს და დაზიანდეს. ადამიანთა ბრბო საქონლის ფარასავით უნდა იქნას დაცული მტრებისგან, რომლებსაც მისი მიტაცება სურთ. ამასთან, ისევე, როგორც საქონლის ფარას სჭირდება ყურადღება, რომ შესაძლებლობის მიხედვით გაუმჯობესდეს მისი ჯანმრთელობისა და კვების მდგომარეობა, ასევე აუცილებელია, რომ ადამიანებიც არ გადაგვარდნენ და შრომისუნარიანობა არ დაკარგონ. ამ ამოცანების შესასრულებლად მმართველთა კლასმა, რომელიც სახელმწიფოს დაარსებისთანავე ჩამოყალიბდა, ერთდროულად ორი ამოცანის გადაწყვეტა უნდა ითავოს: დაიცვას საზღვარი და უზრუნველყოს კანონიერება. საზღვარი სხვა ომისმოყვარე მეკობრე ტომებისაგან უნდა იქნას დაცული, როგორც სტეპის, ის ზღვის მხრიდან. კანონიერება ქვეშევრდომთა მხრიდან ამბოხის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში დაცული ისევ უნდა იქნას, როგორც თავად მმართველი კლასის სხვა წარმომადგენლების თვითნებობისას, რამაც შეიძლება ქვეშევრდომთა შრომის ნაყოფიერება შეამციროს. მაშასადამე სახლმწიფო არის საზოგადოება, რომელიც კლასებად არის დაყოფილი და გააჩნია ინსტიტუტები, რომ დაიცვას საზღვრები და უზრუნველყოს კანონიერება. მისი გარეგნული სახე ბატონობა, ხოლო შინაარსი ექსპლუატაციაა. სხვა სიტყვებით, სახელმწიფო ბატონობისა და ექსპლუატაციის მექანიზმია.

სოციოლოგია დღემდე თითქმის ყოველთვის სახელმწიფოს საქმიანობის მხოლოდ ერთ მხარეს ხედავდა. ის სახელმწიფოს განიხილავდა მხოლოდ როგორც მშვიდობისა და კანონიერების დამცველს. მართლაც, საყოვლთაოდ აღიარებულია, რომ სახელმწიფოს შექმნამდე მშვიდობა და სამართალი არ არსებობდა. არა და, ეს უდიდესი შეცდომააა, რადგან სახელმწიფოს შექმნამდე არსებული საზოგადოება თავის ტერიტორიას, ისევე როგორც მის წევრებს და მათ საკუთრებას მთელი ძალით იცავდა. აგრეთვე ერთობ ქმედითი იყო მისი მცდელობა, რომ საკუთარ წევრებს შორის თანასწორუფლებიანობა დაეცვა. სახელმწიფომ, უბრალოდ, ეს ორი მოვალეობა წინა საზოგადოებრივიწყობილებიდან მემკვიდრეობით მიიღო, რაც ნებისმიერი საზოგადოებრივი წარმონაქმნისთვის ჩვეულებრივი საზრუნავია, თუკი მას არსებობა სურს. ძველი სოციოლოგიის მიერ ნალოლიავები ზემოთმოყვანილი მცდარი მოსაზრება სახელმწიფოს კერპად ქცევას განაპირობებს, რაც სახელმწიფოს თაყვანისცემის სახეს იღებს. მშვიდობას და კანონიერებას საზოგადოებისათვის უდიდესი მოგება მოაქვს. შესაბამისად, ივარაუდება, რომ სახელმწიფო, რომელიც მშვიდობისა და კანონიერების არათუ უბრალო მცველად, არამედ მათი განხორციელების ერთადერთ საშუალებად მოიაზრება, ყველანაირ სიკეთეზე მეტი თავად უნდა იყოს. თუმცა სინამდვილეში სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოება, რომლის ერთი ნაწილი მეორის ხარჯზე პარაზიტულ ცხოვრებას ეწევა. გამარჯვებული ჯგუფი თავის თავს ისევე ანადგურება, როდესაც ქვეშევრდომებს ჩაგრავს, როგორც ბარონ მიუნჰაუზენის მგელი, რომელსაც ცხენი შემოეჭამა და იძულებული გახდა, რომ მისი უღელი დაედგა და ჭაპანიც თავად გაეწია. მსგავსად ამისა გამარჯვებულმა ჯგუფმა საზოგადოებრივი მანქანა ისე უნდა მართოს, რომ მას ყველაზე მთავარი დანიშნულებების შესრულებაში ხელი არ შეუშალოს.

აქვე აღვნიშნავ, რომ საზოგადოების უმდაბლესი ფენების ყველაზე მკვეთრი საზოგადოებრივი მოძღვრება, რომელსაც ანარქიზმი წარმოადგენს, აგრეთვე მცდარ, თუმცა საპირისპირო მიდგომას ეყრდნობა. ეს მოძღვრება სახელმწიფოს განიხილავს, როგორც ექსპლუატაციისა და ბატონობის მექანიზმს და მასში მშვიდობისა და სამართლიანობის დამცველს ვერ ხედავს. შესაბამისად, მას სახელმწიფოსგან სრულიად გათავისუფლება სურს და გადაჭარბებულად აფასებს რა ადამიანის ბუნების კეთილგონიერებას, სჯერა, რომ მშვიდობა და კანონიერება თავისთავად დაისადგურებს და შენარჩუნდება. ეს, აგრეთვე, სახელმწიფოს კერპად გადაქცევაა, ოღონდ ამჯერად სახელმწიფო არა ღვთაებად, არამედ ეშმაკადაა წარმოდგენილი. ასე რომ, მოძღვრებათაგან არც ერთი არ გამოდგება.

სახელმწიფოს შექმნასთან ერთად, სამყაროში ცოდვაც გაჩნდა. დამპყრობლებმა და დაპყრობილებმა ერთიანი საზოგადოება შექმნეს, რომელშიც ძირითადად სახელმწიფოს თვდაცვითი მოვალეობების გავლენით, კოლექტიური, ანუ „ჩვენ“ თვითშეგნება სწრაფად დამკვიდრდა. ამ მოვლენის დადებითი მხარე ისაა, რომ ეს თვითშეგნება სხელმწიფოს ყველა წევრზე ვრცელდება, მიუხედავად კლასობრივი კუთვნილებისა, ხოლო უარყოფითი მხარე ის არის, რომ ყველა ვინც არ მიეკუთვნება ამ სახელმწიფოს „არა-ჩვენიანებად“ მოიზრებიან. ეს ორი ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს ქმნის, ერთმანეთში ურთიერთქორწინებებით თუ სხვა კავშირებით ითქვიფება, ერთსა და იმავე ენაზე მეტყველებენ, ერთსა და იმავე ღმერთს ეთაყვანებიან, შედეგად, სულ ერთიან ტრადიციებს აყალიბებენ, რომლებიც მტრებზე ერთობლივად მოპოვებულ სახელოვან გამარჯვებებს ეყრდნობა. მოკლედ, მაკ დუგლასის სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი კარგად ორგანიზებულ ჯგუფად გარდაიქმნებიან. ამგვარი ჯგუფის შიგნით, რაც არ უნდა იყოს, მეგობრული განწყობა უნდა სუფევდეს, მშვიდობა, ზნეობა და ბუნებითი წესრიგი უნდა იყოს – წესიგი, რომელიც სამართლიანობის თანდაყოლილ გრძნობას დაეფუძნება, ხოლო სამართლიანობა კი იმას ნიშნავს, რომ ყველას ღირსება თანაბრად არის აღიარებული ეს არ არის ცხოვრებისგან მოწყვეტილი ფილოსოფოსის ახირება, რომელსაც თავისი შეხედულებების მიხედვით სურს, რომ ცხოვრება მოაწყოს. ეს თავად ზნეობრიობის მოთხოვნაა, რომელიც ყველა ჩვენთაგანში სინდისის სახით გარკვევით და შეუმცდაარად ღაღადებს. დიდი ხნის წინ არისტოტელემ ბრძანა, რომ ადამიანი, რომელიც ცივილურ არსებად ველურ ჯოგში გაიწვრთნა, საზოგადოებრივი ცხოველია. ეს ნიშნავს, რომ ის იმ უპირობო ვალდებულებას გრძნობს, რომლის მიხედვით თავის თანატომელებს თანაბარ არსებებად აღიარებს, თითოეული მათგანის პირად ღირსებას პატივს სცემს და მათ, თავისუფალ და არა სხვისი ნების მორჩილ არსებებად იღებს. ამიტომაა, რომ „ჩვენ“ ცნობიერების მქონე ნებისმიერი ჯგუფის შიგნით ბატონობა და ექსპლუატაცია ცოდვად ითვლება.

ამ მოსაზრების სიმართლის დამტკიცება ზოგად ფილოსოფიური წიაღსვლების გარეშეც ორგვარად შეიძლება. პირველი დასაბუთება შემდეგი სახისაა: წარმოვიდგინოთ, რომ ყველაზე ამპარტავან არისტოკრატებს, დაბალი ფენების წარმომადგენლების უდიდეს მოძულეს, დილეგში ჩააგდებენ, აშიმშილებენ, შეურაცხყოფოფენ და სცემენ. ის ბედის განაჩენს მიიღებს არა მორჩილად, როგორც ღვთის მიერ მოვლენილ სასჯელს, არამედ გაღიზიანებითა და აღშფოთებით აღიქვამს, როგორც ენით აუწერელ უსამართლობას. მეორე დასაბუთება კი ის არის, რომ ყველა მმართველმა კლასმა არსებული უსამართლობის გასამართლებლად საგანგებო კლასობრივი მოძღვრება შეიმუშავა და ის საკუთარ თავზე და ქვემდგომ კლასებზე იმგვარად განავრცო, რომ არსებული ვითარება სამართლიანობის ზეიმად წარმოეჩინა. ამგვარად, კატეგორიული იმპერატივი (უპირობო ვალდებულება) აღიარებულია მაშინაც კი, როდესაც ის უარიყოფა.

აღნიშნულის გამართლების მცდელობა ჯერ კიდევ პლატონს ეკუთვნის. ის ბრძანებდა „თანასწორობა თანასწორობისათვის, უთანასწორობა უთანასწორობისათვის“. მმართველი კლასების მიერ შექმნილი ყველა კლასობრივი მოძღვრებების ძირითადი არსი სწორედ ამაში მდგომარეობს. სადაც კი იყო ან არის საჭიროება, რომ ყველაზე უკიდურესი კლასობრივი წყობა, მაგალითად, მონობა გაამართლონ, მოსაზრება, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა და გამოიყენება ეკუთვნის არისტოტელეს და ის შემდეგში მდგომარეობს: „ბარბაროსები ბუნებით მონები არიან და მხოლოდ იმიტომ არსებობენ, რათა უფრო კეთილშობილ ერს, ელინებს ემსახურონ.“ დაბეჯითებით შეიძლება ვარაუდი, რომ ამერიკის სამხრეთი შტატების პლანტატორები, რომლებსაც არისტოტელე არც კი გაუგიათ, ზანგებთან მიმართებაში ამავეს იტყოდნენ, ისევე როგორც მიწათმფლობელები საკუთარ ყმებზე და მსახურებზე. იმავე „შესაქმეშიც“ კი ვკითხულობთ: რომ ღმერთმა უპირველეს ყოვლისა სამი რასა შექმნა – ხმელ-ხმელი, მომხიბლავი არისტოკრატები, ამტანი და ტლანქი მიწათმოქმდები და მოუხერხებელი, ბრიყვი და მიამიტი ყმები. ყველა რასობრივი მოძღვრება თვისთავად უსამართლობის გამართლების მცდელობას წარმოადგენს. იგივე შეიძლება ითქვას გავრცელებულ „ანტი-სემიტიზმზე“. თანამედროვე აღმოჩენების თანახმად, ფოლკლორში გამოყენებული ეროვნული ტანსაცმელი და თავად სიმღერები სხვა არაფერია, თუ არა არისტოკრატების ყოფილი ჩაცმულობა და მათ კარზე ნამღერი სიმღერები, რომლებიც შემდეგ ხალხში გავრცელდა, ამის მსგავსად, საყოველთაოდ ცნობილი რასობრივი მოძღვრებები სხვა არაფერია, თუ არა მმართველი კლასების კასობრივი მოძღვრებები, რომლებიც შემდგომ ხალხში გავრცელდა და ძალზედ გააუარესა მდგომარეობა. ბრბოს ყალბი ამპარტავნობა, რომელსაც ეგრეთ წოდებული „არიული“ სისხლის გამო სხვებთან შედარებით საკუთარი ბუნებრივი უპირატესობისა და არისტოკრატიულობის სჯერა, ემსგავსება ადრეული არისტოკრატიის მიერ საკუთარი უპირატესობის რწმენას „ცისფერი“ სისხლის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ სხვანაირად არის შეფერილი, ბურჟუაზიული კლასობრივი მოძღვრებაც საბოლოო ჯამში იგივე შინაარსისაა: ბურჟუაზია დაბალ კლასებზე უპირატესობას სიმდიდრის მეშვეობით იპოვებს და, შესაბამისად,, ფეოდალური სახელმწიფოს ორ მმართველ კლასს თავადაზნაურობასა და სამღვდელოებას უპირისპირდება. მათზე გმარჯვების შემდეგ კი, თავისივე კლასის იმ წარმომადგენლებს უპირისპირდება, რომლებიც ვერ დაწინაურდნენ, ანუ ე.წ. პროლეტარიატს. აქაც იგივე დევიზი „თანასწორობა თანასწორობისათვის, უთანასწორიობა უთანასწორობისათვის“ მოქმედებს. თუმცა ამ შემთხვევაში უთანასწორობა არა რასობრივ კუთვნილებაში, არამედ ნიჭიერებიდან გამომდინარეობს. მიიჩნეოდა, რომ ღირსებებს, რომლებსაც მეწარმისთვის წარმატება მოაქვს: რუდუნებას, პუნქტუალობას, სიფხიზლეს და მომჭირნეობას შედეგად იქამდე ერთგვაროვანი მასის დაყოფა მოსდევს, უპირველს ყოვლისა შემოსავლების, ხოლო შემდგომ, საკუთრების მოცულობის მიხედვით, რაც თანდათანობით განსხვავებული საზოგადოებრივი კლასების ჩამოყალიბებას იწვევს.

ეს სწორედ ის „თავდაპირველი დაგროვების კანონია“, რომელიც მარქსმა „კაპიტალის“ ცნობილ პასაჟში გააქილიკა, როგორც ბებერი ცოლის ზღაპარი: „ის პოლიტ-ეკონომიაში ისეთივე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც თეოლოგიაში ადამიანის დაცემა. ადამმა ვაშლი შეჭამა და მთელი კაცობრიობა ცოდვაში ჩააგდო… დიდი ხნის წინ, ერთის მხრივ, მეტად გონებამახვილი, ინტლექტუალური და მოხერხებული ელიტა არსებობდა და მორე მხრივ პარაზიტი, რომელიც ანიავებდა იმას რაც ჰქონდა და იმაზე მეტსაც… ამგვარად, მოხდა ისე, რომ პირველები სიმდიდრეს აგროვებნენ, ხოლო უკანასკნელებს საკუთარი ტყავის გარდა სხვა არაფრი დარჩათ. მასების სიღარიბე სწორედ ადამიანის დაცემიდან მომდინარეობს, რომლებიც მიუხდავად იმისა, რომ შრომობენ მაინც არაფერი აქვთ გასაყიდი საკუთარი თავის გარდა. იქედანვე იღებს სათავეს მცირეთა სიმდიდრე, რომელიც იზრდება მიუხედაად იმისა, რომ თავად მისი მფლობელები დიდი ხანია არ მუშაობენ“.

დასაბუთების ამგვარი მცდელობა ისევე უსაფუძვლოა, როგორც დამხობილი ბურბონების მომხრეების მიერ დასაბუთებად მათი კეთილშობილების მოხმობა. პირველ რიგში ყველა სფუძველი არსებობს, რომ გაკეთდეს დასკვნა: ნიჭის განაწილება ადამიანებს შორის ძირეულად არ განსხვავება ისეთი თვალსაჩინო სახასიათო თვისებების განაწილებისგან, როგორიცაა ფიზიკური განვითარება, ჯან-ღონე, გრძნობიერება და ა.შ. ინტელექტუალური განსხვავევებები, სამწუხაროდ, პირდაპირ ვერ გაიზომება, მაგრამ თუკი მათ გამო განსხვავდბა შემოსავალი კრასუსსა და სიცილიელ მონას შორის, ან როკფელერსა და აღმოსავლეთ ლონდონის პროლეტარიატს შორის, მაშინ ინტელექტუალური განსხვავება უნდა ყოფილიყო არა ისეთი, როგორიც გულივერსა და ლილიპუტებს ან ბრობდინგელ გიგანტებს შორის არსებობდა, არამედ ისეთი, როგორიც ლილიპუტებსა და ბრობდინგელ გიგანტებს შორის. მეორე რიგში ხაზგასმულია, რომ თუნდაც ნიჭიერებაში ასეთი მძლავრი სხვაობა არსებულიყო, იგი მაინც ვერ მისცემდა ბიძგს შემოსავლების ასეთ განსხვავებასა და მნიშვნელოვანს არ გახდიდა კლასების ჩამოყალიბებას, სანამ გლეხის მიჯრით მიწყობილ მცირე და საშუალო მეურნეობებს მთლიანად არ ექნებოდათ დკავებული მთელი დედამიწის სარწყავი მიწები, როგორც ამას ჟან-ჟაკ რუსო აღნიშნავდა. ეს იმ ჭეშმარიტბას წარმოადგენს, რომელიც ყველა ბურჟუასა და სოციალისტისთვის მისაღებია. დიდმა ტიურგომ ბრძანა „მანამ, სანამ შრომისმოყვარე ადამიანს აქვს შესაძლებლობა იპოვოს მიწის ნაკვეთი, რომელსაც დამოუკიდებლად დაამუშავებს, იგი არ ეცდება, რომ ვინმემ სხვაზე იმუშაოს“. ადამ სმითი, ეკონომიკური მეცნიერების მამა, სრულიად ნათლად აყალიბებს, რომ სანამ მიწა არ არის მთლიანად დაკავებული, არ შეიძლბა არსებობდეს მუშათა კლასი, მიწის იჯარა და კაპიტალზე მოგება. კარლ მარქსი ზუსტდ ისეთივე შეხედულებას „კაპიტალის“ პრველი ტომის უკანასკნელ თავში გადმოსცემს. „იქამდე, სანამ ერთი ადამიანი მაინც შეძლებს, რომ მიწის ნაკვეთი კერო საკუთრებად და პირადი მოხმარების საგნად აქციოს“, მოჯამაგირეთა კლასი და, მაშასადამე, კაპიტალიზმი არ არსებობს.

მიუხედავად ამისა ცხადია, რომ მუშათა კლასი და კაპიტალიზმი ბოლო ხუთი საუკუნის განმავლობაში არსებობს. შესაბამისად, ზემოთქმული შეხედულებებიდან გამომდინარე არ უნდა არსებობდეს თავისუფალი მიწა, რომელიც ხელმისაწვდომი იმ ადამიანებისათვის იქნებოდა, ვისაც ის სჭირდება. პასუხგასაცემია ერთადერთი კითხვა: არის თუ არა მიწა დაკავებული იმგვარად, როგორც ეს „ბებერი ცოლების“ ზღაპარშია მოცემული და რომლისაც ტურგოსა და ადამ სმითს სჯერათ. მართლაც სახლდებოდნენ თავისუფალი მიწათმომქმედები ერთმანეთის გვერდით იქამდე, სანამ მთელი მიწა არ დაფარეს? პასუხი ამ კითხვაზე მარტივი გამოთვლით შეიძლება. ზუსტად შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ მიწის რა ფართობი ესაჭიროება გლეხს, რომელსაც არა აქვს საშუალება დაიქირავოს დამხმარე მუშახელი. საშუალოდ ეს ერთ ჰექტარს, ანუ კომლზე 5-7 ჰექტარს შეადგენს. თუ დამუშავებული მიწების ფართობს ამ მონაცემზე გავყოფთ, გამაოგნებელ აღმოჩენას გავაკეთებთ: თავისუფალი მიწათმომქმედების ოდენობა, რომლებსაც უნდა ეცხოვრათ დედანმიწაზე ამ მოსაზრების შესაბამისად, მსოფლიოს მოსახლეობის ოდენობას ოთხჯერ ან რვაჯერ (დასამუშავებლად ვარგისი მიწების შესახებ სხვადასხვა გეოგრაფის მიერ მოცემული მონაცემების განსხვავების გამო) გადააჭარბებდა. თუკი მსოფლიოს რომელიმე ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანას, მგალითად, გერმანიას განვიხილავთ, ამოვაჩენთ, რომ იქ არსებულზე ორჯერ მეტი მიწათმომქმედისთვის საკმარისი სამეურნეო მიწაა, ხოლო სოფლის მოსახლობის ნახევარზე მეტი მიწის არმქონე პროლეტარიატისგან შედგება. ამასთან, მიწათმფლობეთა შორის უმრავლესობას შადგენენ ისინი, ვისი ნაკვეთიც იმდენად მცირე ზომისაა, რომ ვერ აკმაყოფილეთ და ამიტომ თავის რჩენის მიზნით იძულებულნი არიან, რომ დამატებით სხვებს მოჯამაგირედ დაუდგნენ.

ამგვარად, თუკი დედამიწის ან ერთი დიდი ქვეყნის დასახლება რუსოს ვარაუდის მიხედვით მოხდებოდა, მაშინ დედამიწის მხოლოდ ერთი მეოთხედი ან ერთი მერვედი, ხოლო გერმანიის მსგავსი ქვეყნის შემთხვევაში ნახევარზე ნაკლები იქნებოდა დაკავებული; შესაბამისად, მუშათა კლასის ჩამოყალიბება და სიმდიდრის მცირეთა ხელში დაგროვება საუკუნეების, ეგებ ათასწლეულების განმავლობაშიც კი ვერ დაიწყებოდა, ნიჭიერებაში დიდი განსხვავების მიუხედავად.

მაშასადამე, მიწის სრული ათვისება რუსოს ვარაუდისაგან განსხვავებული გზით უნდა მომხდარიყო. მხოლოდ ერთი ასეთი შესაძლებლობა არსებობს: მასები მიწიდან უნდა განდევნილიყვნენ. ის მსხვილი მამულების სახით სმართლებრივად უნდა დაქვემდებარებოდა დამპყრობელთა კლასს, იმისათვის, რომ მუშათა კლასი ჩამოყალიბებულიყო და მოგებისა და დაგროვების დონე გაზრდილიყო. ზემოთ აღინიშნა, რომ მუშათა კლასის ჩამოყალიბება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მსხვილი მიწათმფლობელობის სამართლებრივი აღიარების პირობებში, აღარ არსებობს მიწა, რომლის ათვისება თავისუფლად შეიძლება რაც მზარდ მოსახლეობას შიმშილისაგან თავის დასაღწევად იძულებულს ხდის, რომ მებატონეზე იმუშაონ. ამრიგად, ეს მოსაზრება დამტკიცებულად შიძლება ჩაითვალოს.

ეს მოსაზრებები თანამედროვე სახელმწიფოს ბუნებასა და მოქმედების ხერხებს თვალსაჩინოს ხდიან. უკვე ითქვა, რომ ყოველი სახელმწიფო ბატონობისა და ექსპლუატაციის მექანიზმია. ეს მართებულია თანამედროვე სახელმწიფოსთან მიმართებაშიც. ექსპლუატაციის სახე, რომელიც ამ ორივე პრინციპს აერთიანებს და იცავს კაპიტალიზმს წარმოადგენს. კაპიტალიზმი მიწების თავისუფალი გამოყენების შეაძლებლობის პირდაპირი შედეგია.

თუკი ეს ჭეშმარიტება აქამდე გაცნობიერებული ვერ იქნა, ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ კაპიტალიზმის ბუნება და წარმოშობა ძალიან ვიწროდ იქნა გაგებული. ბურჟუაზიული სოციოლოგია და უფრო მეტად ბურჟუაზიული ეკონომიკური მეცნიერება, რომელიც ამ საკითხში, ისევე როგორც სხვა მრავალ საკითხში თითქმის მონურად მისდევდა სოციალისტურ მიდგომებს – მოჯადოებული იყო რა იმით, რაც ქალაქებში ხდებოდა, ის მთელ ყურადღებას მრეწველობას უთმობდა და სოფლად მიმდინარე მოვლენებს ყურადღებას არ აქცევდა – თუმცა უბრალო დამკვირვებლისთვისაც სრულიად ნათელი უნდა იყოს, რომ სამოქალაქო და საბითუმო ვაჭრობა, ისევე როგორც მრეწველობა ეროვნული ეკონომიკის ხის მეორადი წანაზარდებია, რომლის ზრდა, აყვავება და დაცემა მჭიდროდაა დაკავშირებული ხის მთავარი ღერძის ზრდაზე, აყვავებასა და დაცემაზე, რაც სასოფლო სამეურნეო საქონლის ბაზარს წამოადგენს. აღნიშნული შეცდომიდან გამომდინარე, მას სწამს, რომ კაპიტალიზმი ისტორიულად სასაწყობო მეურნეობებისა და წარმოებების გნვითარების კვალობაზე წარმოიშვა, ხოლო მისი სრულყოფილი განვითარება ქალაქებში ორთქლის ძრავაზე მომუშავე მანქანების ათვისებასთანააა დაკავშირებული. კაპიტალიზმი სამანქანო მეურნეობასთან გაიგივდა. თუმცა სინამდვილეში, კაპიტალიზმი უფრო ადრინდელი და უფრო გავცელებული მოვლენაა. კაპიტალიზმი არსებობს ყველგან, სადაც დამქირავებლებს შესაძლებლობა აქვთ, რომ განვითარებული ფინანსური სისტემის მეშვეობით ბაზარზე გამოსატანი დოვლათის წარმოების მიზნით განკარგონ ჩაგრული პროლეტარების შრომა. აუცილებელი არაა, რომ ექსპლუატირებული მშრომელები თავისუფალი მოქალაქეები იყვნენ. ისინი შეიძლება მონებიც კი იყვნენ, სწორედ ამიტომააა, რომ ხშირად საუბრობენ კაპიტალისტურ მონათმფლობელობაზე ანტიკურ საბერძნეთსა და რომში. ისინი შეიძლება აგრეთვე ყმები, მსახურები ან მიწაზე მიჯაჭვული სოფლის პროლეტარიატის წარმომადგენლებიც იყნენ. სინამდვილეში თანამედოვე კაპიტალიზმი ყველგან სოფლად დაიწყო, როგორც მიწაზე მიჯაჭვული მშრომელების ექსპლუატაციის სისტემა. ბროდნიცი, მის მიერ აღწერილ ინგლისის ეკონომიკურ ისტორიაში დამაჯერებლად ასაბუთებს, რომ ეს მოსაზრება სრული ჭეშმარიტებაა ინგლისისათვის – კლასიკური კაპიტლისტური ქვეყნისთვის. ამ ქვეყნის მშრომელები პიროვნული თავისუფლებით შუა საუკუნეებიდან მოყოლებული სარგებლობდნენ, მაგრამ მათ გადაადგილების თავისუფლება არ ჰქონდათ, რადგან ეკლესიური კანონები მამულებიდან გამგზავრებას ზღუდავნენ, ხოლო გილდიებისა და კორპორაციების წესები ქალაქში გადასახლებას თითქმის შეუძლებელს ხდიდნენ. ამგვარად, სასოფლო-სამეურნო კაპიტალიზმი, ქალაქის ბაზრებზე საკვებით ვაჭრობა, სამრეწველო კაპიტალიზმს ასეული წლებით წინ უსწრებდა და ეს უკანასკნელი ძალიან ნელა და გაუბედავად მკვიდრდებოდა და სინამდვილეში არც კი განვითარდა მანამ, სანამ გადაადგილების თავისუფლება არ იქნა მიღწეული.

ის, რაც გერმანიაში მოხდა, ზუსტად ამის მგავსი რამ იყო. გეორგ ფრიდრიხ კნაპმა დაასკვნა, რომ „ელბის აღმოსავლეთით არსებული უდიდესი საკარმიდამო მამულები თანამედროვეობის პირველ კაპიტალისტურ მეურნეობებს წარმოადგენდნენ“. ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეები იყვნენ მიწაზე მიჯაჭვული და ეს ღია ანუ სამართლებრივი იძულების გზით იქნა მიღწეული. იქაც სასოფლო-სამურნეო კაპიტალიზმი სამრეწველო კაპიტალიზმზე საუკუნეებით ადრე გაჩნდა და იქაც იგი ძალიან ნელა და გაუბედავად დამკვიდრდა. ამასთან, იქაც ვერ განვითარდა სრულად, სანამ გერმანიაში შტეინისა და ჰარდენბერგის განთავისუფლების კანონების, ავსტრია-უნგრეთში და რუსეთში კი ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, გადაადგილების თავისუფლება არ იქნა დაშვებული.

ეს იმ გზის მოკლე მონახაზია, რომელიც კპიტალიზმმა და თანამედროვე სახელმწიფომ განვლო და რისი ცოდნაც ამ მოვლენების გაგებას გააადვილებს.

კაპიტალიზმის ახსნის ყველა წინა მცდელობა საწყის წერტილად მრეწველობას განიხილავდა. ისინი ამ მოვლენის გამომწვევ ისეთ მიზეზს იკვლევდნენ, რომელიც ყველაფერ დანარჩენს განაპირობებდა, კერძოდ, შრომით ბაზარზე მუშახელის მუდმივ ზრდას, განსაკუთრებით ქალაქის პირობებში. ყველა ამგვარი განმარტება, როგორც ბურჟუაზიული, განსახლების მალთუსისეული კანონი, ისე მანქანების მიერ მუშახელის ჩანაცვლების სოციალისტური ახსნა, განწირული აღმოჩნდა, ამ უკანასკნელზე საუბარი საჭიროც არაა, რადგან ის სადღეისოდ უკვე უარყოფილია და, მართლაც რომ, ყოვლად გამოუსადეგარია. მეორე განმარტება ყველა სტატისტიკურ მონაცემს ეწინააღმდეგება. ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულ მშრომელთა და დამქირავებელთა რაოდენობა მთელ მოსახლეობასთან შედარებით წარმოუდგენლად გაიზრდა. მუშახელის გარედან შემოდინება რომ არა, საშუალო ხელფასი ამჟამინდელზე ბევრად მეტი იქნებოდა.

თუმცა ამგვარი შემოდინება ყოველთვის არსებობდა. ეს სოფლის ხარჯზე ხდებოდა. ამასთან, ძირითად წყაროს სწორედ დიდი საკარმიდამო მამულები შეადგენდნენ. ეს სტატისტიკურად 1874 წელს ფონ დერ გოლცის მიერ იქნა დამტკიცებული. იგივე შეიძლება ასევე დედუქციური ხერხით იქნეს დადგენილი. დიდი საკარმიდამო მამულების დღიურ მუშებზე „ერთი მიმართულებით მზარდი ზეწოლის“ კანონი მოქმედებდა, რაც მათ მასობრივ მიგრაციას იწვევდა.

კაპიტალიზმის ისტორია ამ გზით და მხოლოდ ამ გზით შეიძლება იქნეს გაგებული მისი განვითარების ყველა მონაკვეთი. პირველ რიგში, მთელ მსოფლიოში ადრეული სამრეწველო კაპიტალიზმის საშინელებები უნდა აღინიშნოს. მანამ, სანამ თავისუფალი გადაადგილების უფლება არ იქნა მიღწეული, მრეწველობა ძალიან ნელა ვითარდებოდა. მხოლოდ თითოოროლა წვრილი საწარმო არსებობდა, რომელსაც თუმცა მცირერიცხოვანი, მაგრამ შედარებით მაღალანაზღაურებადი მუშახლი ჰყავდა. ეს იყო დრო, როდესაც სოფლიდან თავისუფალი გადაადგილება შესაძლებელი გახდა. უკმაყოფილების ფიალა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ივსებოდა, გადმოიღვარა, რადგან აგრარული კაპიტალიზმის პირობებში სოფლის პროლეტარიატი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე და ზოგჯერ ფიზიოლოგიურ მინიმუმზე დაბლა ცხოვრობდა. მუშახელის ამგვარმა მოზღვავებამ შრომითი ბაზარი გააჯერა და უფრო გამოცდილი მუშათა კლასის ხელფასების შემცირება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციამ შეამცირა სოფლის პროლეტარიატი, ქალაქების სწრაფმა ზრდამ საკვებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. შესაბამისად, საკვების ფასი გაიზარდა და სოფლის მეურნეობაში უფრო ნაყოფიერი ხერხების დამკვიდრება გამოიწვია. ეს არა მხოლოდ მანქანების გამოყენებას ნიშნავდა, არამედ მუშახელზე მოთხოვნის ზრდას, ამან კი ხელფასებს ზრა გამოიწვია. სოფლის მეურნეობაში ხელფასების ზრდამ, თავის მხრივ, გავლენა მრეწველობის განვითარებაზეც იქონია და მრეწველობაში დასაქმებული მუშახელის ხელფასის ზრდაზეც. ასობით ათასი მუშახელის სოფლიდან ქალაქში მუდმივი გადასახლების გამო, განსაკუთრებით გაიზარდა შეფარდება სასოფლო სამურნეო პროლეტარიატასა და ქალაქელ პროლეტარიატს შორის – ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. შრომის ბაზარზე ზეწოლა თანდათანობით გაძლიიერდა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლიდან ქალაქებში მუშახელის გადასვლის აბსოლუტური ოდენობა შენარჩუნდა, შემდგომ დაიკლო კიდეც, როგორც კი მოთხოვნის პირველმა ტალღამ ჩაიარა.

ეს იმ შემზარავი სიდუხჭირის საკმაოდ მარტივი და სრულყოფილი ახსნაა, რომელიც სამრეწვლო კაპიტალიზმს მისი არსებობის პირველ ათასწლეულებში ახლდა თან. ამასთან, ყველა იმ ქვეყნის მშრომელების ხელფასების და საცხოვრბელი პირობების თანდათანობით გაუმჯობესების მიზეზები, სადაც კი კაპიტალისტური წესრიგი მეტ-ნაკლებად მაინც დამკვიდრდა. სინამდვილეში მსგავსი სასწაული შესაძლებელი გახადა არა პროფკავშირულმა მოძრაობამ, როგორც ბევრი თვლის, არამედ სოფლიდან მუშახელის შემოდინების შემცირებამ, ხოლო შედეგები, კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ არა ემიგრანტების მოზღვავება სამეურნეო თვალსაზრისით ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან, სადაც ჯერ კიდევ მსხვილი მემამულეობა და, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კაპიტალიზმი ყვაოდა.

ეს ვარაუდი სრულიად დასტურდება კაპიტალიზმის გამაოგნებელი განვითარებით აშშ-ში, განსაკუთრებით კი ამ ბოლო 10 წელიწადში. იქ იმ მშრომელების უმრავლესობის შემოსავლებისა და ცხოვრების დონემ, რომლებმაც ქვეყნის საურთიერთობო ენას ალღო აუღეს და მისი საზოგადოებრივი პირობები გააცნობიერეს, იმგვარ სიმაღლეს მიაღწია, რომ მათ ახსნას ვერც ბურჟუაზიული და ვერც მარქსისტული მოძღვრებები ვერ შეეჭიდებიან. ოცი წლის წინ ნარკვევებში, რომლის სახელწოდება იყო „რას ნიშნავს ჩვენთვის რუსეთის აგრარული რეფორმები?“1 მე ვწერდი შემდეგს: ძველი ფეოდალური მსოფლიოს აგრარულ კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ბოროტების სრულიად ადვილად ამოსაცნობი ფესვებია ჩამალული, რომლისგანაც ახალი მსოფლიო ზარალდება. თავისუფლება ვერსად აყვავდება, სანამ მონობა ჯერ კიდევ სადმე მაინც არსებობს. თავისუფლება ისეთი გადამდებია, რომ ოკეანეებსა და მთებსაც იოლად გადალახავს ხოლმე. წარმოიდგინეთ, რომ რუსეთის ან აღმოსავლეთ ევროპის აგრარული რეფორმის გამო, ამერიკაში მასობრივი იმიგრაცია თუნდაც ათწლეულით შეწყდა, რა დაემართებოდა ამერიკულ კაპიტალიზმს? ქალაქისა და სოფლის მშრომელების ისედაც მაღალი ხელფასები წარმოუდგენლად გაიზრდებიოდა; შიდა ბაზრის მხრიდან საკვებსა და სამრეწველო საქონელზე ისედაც დიდი მოთხოვნა თავბრუდამხვევ სიმაღლეს მიაღწევდა; მუშახელი ყველაზე ძვირი საქონლი გახდებოდა“. ეს წინასწარმეტყველება ზედმიწევნით ახდა. ჩემს წინ დევს 1926 წელს დაბეჭდილი წიგნი, რომელიც დაწერა ნიქსონ კარვერმა, ჰარვარდის უნივერსიტტის პროფესორმა, რომელსაც ეწოდება: „თანამედროვე ეკონომიკური რევოლუცია აშშ-ში“. მე-8 გვერდზე შემდეგი მონაკვეთია: „ომით გამოწვეული იმიგრაციის შესამჩნევი შემცირების გამო, რასაც კანონმდებლობის გამკაცრებაც მოჰყვა, ჩვენმა დაქირავებულმა მშრომელებმა კეთილდღეობაში იმაზე მეტი წილის მიღება მოახერხეს, რაც კი შეიძლებოდა, რომ მშრომელს როდესმე გამოემუშავებინა.“ ავტორი ნათლად ხედავს და ვერ უარყოფს, რომ ამერიკული კაპიტალიზმი, რომელიც მიუხედავად მისი ვარდისფერი ოპტიმიზმისა, მხოლოდ იმიგრაციით აიხსნება: „მსოფლიო ომის წინ, ორმოცი წლის განმავლობაში მილიონობით უბრალო მუშის იმპორტირებას ვახდნდით. ჩვენ არ შემოგვიყვანია დამქირავებლებისა და კაპიტალისტების მნიშვნელოვანი რაოდენობა“ ამის გამო შრომის ბაზარზე მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბა. მაგრამ „ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შავი მუშების ნაკადი მნიშვნელოვან წილად შევამცირეთ და თითქოს შევაჩერეთ, ჩვენ ნელ-ნელა იმ დატვირთვებისაგან ვთავისუფლდებით, რომელთა გამოც სულ მცირე ორი თაობის განმავლობაში ვიტანჯებოდით“. მიღებული შედეგები თავისთავად არაჩვეულებრივი იყო, კანადიდან და განსაკუთრებით მექსიკიდან ჯრ კიდევ უამრავი მუშახელი, ძირითადად უმიწაწყლო გლეხები შემოდიან, რომლებიც არამარტო არაკვალიფიცირებულნი და განსხვავებული რასისანი არიან, არამედ იმდენად გაუნათლებელნი. რომ ცივილიზებული ცხოვრების პირობებზე მორგების უნარს მოკლებულნი არიან. იმავდროულად მშრომელები, რომლბიც ადგილობრივ მოსახლეობაში აითქვიფნენ, უკვე ცხოვრების ისეთი მაღლი დონით სარგებლობენ, რომ მათი ბედი შეიძლება გერმანიის მსგავსი ქვეყნის საშუალოზე მაღალი კლასის წარმომადგენლბს შეშუედებოდათ. კალატოზი, რომელიც ნიუ-იორკში სხვადასხვა სამუშაოს ასრულებს. დღეში 14 დოლარს იღებს. ანუ 25 სამუშაო დღეზე გაანგარიშებით, თვეში 1500 გერმანულ მარკას. ყველანირი სტატისტიკა აჩვენებს, რომ მუშებს არამხოლოდ შეუძლიათ, რომ ყოველდღიურ ხარჯებს აუვიდნენ, არამედ შეუძლიათ, რომ მნიშვნელოვანი კაპიტალიც დააგროვონ. მუშათა ბანკები ერთი მეორის მიყოლებით ფუძნდება და ყველა მათგანი ქმედით მონაწილეობას იღებს მათი დამფუძნებელი კლასის კეთილდღეობის ამაღლებასა და მრეწველობის დაფინანსებაში. ბრეიდის ცნობით, აშშ-ში სამრეწველო მუშებისათვის წლიურად გადახდილმა ხელფასებმა 25 მლრდ. დოლარი შეადგინა, ხოლო დაგროვებულმა თანხამ 6-7 მლრდ. დოლარი. მაშინაც კი, თუ ეს ციფრები გადაჭარბებულია, მუშათა ბანკებში დაახლოებით ამდენი თანხის ბრუნვაც კი, მალე მშრომელებს შეაძლებინებს, რომ მრეწველობის საკმაოდ დიდი წილი გააკონტროლონ და ფასების და ხელფასების პოლიტიკა მუშების სასარგებლოდ განსაზღვრონ. დღესაც კი შეიძლება დამტკიცებულ იქნას, რომ ყველა დიდი და გავლენიანი კომპანიების აქციების უმეტესობა მუშებისა და თანამშრომლების ხელშია.

ყველა შეძლებს გააცნობიეროს საშიშროება, რომელიც ასეთმა ტენდენციამ შეიძლება გამოიწვიოს. ყველას მოეხსენება, რომ გარკვეულ გარემოებებში და დაუნდობელი კატაკლიზმების ხელში, ერთობლივი საწარმოები ძალიან ხლსაყრელია იმისათვის, რომ იქიდან წვრილი აქციონერები საბირჟო ხრიკების მეშვეობით განიდევნონ. თუმცა ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას. გადამწყვეტი ფაქტორი არის ის, რომ მუშებმა უნდა შეძლონ ასეთი თანხების დაგროვება, ხოლო გამოცდილებამ გაჭირვების შემთხვევაში მათი უსაფრთხო და მომგებიანი განთავსება უნდა ასწავლოს. ამ მხრივ საუკეთესო საშუალება მშრომელთა ბანკებისთვის სათანადო რეგულირების სისტემის შექმნაა, რაც სანდო ექსპერტების ზედამხედველობას დაექვემდებარება. ევროპლი მუშების დანაზოგი რაც, მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე აღებული ძალიან ცოტა ჩანს, ჯამში დიდ კაპიტალს შეადგენს, ამჟამად იმდენად უხეიროდაა დაბანდებული, რომ სინამდვილეში მათივე ჯაჭვების გამოსაჭედად გამოიყენება. შემნახველ ბანკებს, რომლებშიც მათი დანაზოგები იყო განთავსებული, არ ჰქონდათ საშუალება, რომ მათ მოკლევადიანი თამასუქების გაცემისა და საქალაქო უძრავ ქონებაზე გრძელვადიანი საგირავნო სესხების გარდა სხვა მომსახურება გაეწიათ. ამგვარად, მათი გაზრდილი ფინანსური კაპიტალი მუშათა კლასის ყველაზე დიდი მტრის სავალუტო სპეკულანტებისა და მიწის გადამყიდველების კლასების გაძლიერებაში ჰქონდათ დაბანდებული.

დავუბრუნდეთ აშშ-სა და პროფესორ კარვერს, სრულიად ცხადია, რომ ამერიკელები ჯერ კიდევ არ თვლიან, რომ დიდი მამულები წარსულში არსებული ყველა ბოროტების წინაპირობაა და რომელიც, მიუხედავად მდგომარეობის გაუმჯობესებისა, ჯერ კიდევ მოქმედებს. კარვერი რამდენიმე სიტყვით უარყოფს იმ უდიდესი მნიშვნელობის ფაქტს, რომ ორი ასწლეულის განმავლობაში სახელმწიფომ ეროვნული საუნჯის – მიწის უდიდესი ნაწილი მიისაკუთრა, ანუ უმაღლეს კლასს ჩააბარა, რომ დაბალი ფენები მისგან მოეწყვიტა და ამგვარად, მათგან მათთვის ასე საჭირო მუშათა კლასი შეექმნა. ჩემს „სოციოლოგიის სისტემაში“ (III, გვ. 540), აღვწერე ეს დამანგრეველი პრაქტიკა, რომელიც არამარტო ამერიკაში, არამედ ყველა ევროპულ კოლონიაში იყო გაბატონებული. ეს არის ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ რატომ მოხდა, რომ თაობების განმავლობაში ამერიკაში გადასული მიგრანტების სრული უმრავლესობა დიდ ქალაქბში რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ სამშობლოში სოფლის მეურნეობით იყვნენ დაკავებულები. მაინც საიდან ჩამოდიოდნენ ისინი? აღმოჩნდა, რომ ძირითადად ყველა მათგანი იმ ევროპის ქვეყნებიდან იყვნენ, სადაც დიდი მამულები იყო. უპირვლეს ყოვლისა აღმოსავლეთ გერმანიიდან, ირლანდიიდან, ინგლისიდან, გარდა ამისა პოლონეთიდან, რუსეთიდან, რუმინეთიდან, შვედეთიდან, სამხრეთ იტალიიდან და ა.შ. ევროპის სასოფლო-სამეურნეო ქვეყნებმა ამერიკაში მიგრანტთა უდიდეს ნაკადს მხოლოდ მცირედი თუ შემატეს. რაც შეეხება მექსიკას, ეს არის უზარმაზარი მამულების ქვეყანა. ამის გამო იყო, რომ მიუხედავად უდიდესი ფართობისა და გაფანტული მცირე მოსახლეობისა, ხალხი იძულებული იყო, რომ გადასახლებულიყო, რადგან სამშობლოში ცხოვრების საშუალებები შეზღუდული იყო. შემდეგი შედეგი იყო ის, რომ ისინი ითვლებოდნენ მოჯამაგირეებად, ანუ „უსულო ცხოველებად“ ისევე, როგორც სოფლის მუშები ყველა ქვეყანაში, სადაც ვრცელი საკარმიდამო მამულები არსებობს. ისაიას სიტყვების ციტირება რომ მოვახდინოთ: „ვაი მათ, ვინც სახლის სახლთან შეერთებით, მიწის მიწასთან შეტყუპებით, კვლავ უადგილოდ დარჩება, რომ დედამიწის ზურგზე მარტო ვერ დამკვიდრდება“.

ამით, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცებულებების ჯაჭვი გასრულებულია. უკვე ითქვა, რომ სახელმწიფო იძულებითი დაპყრობის შედეგია, რომელიც საზოგადოების ზურგზე პარაზიტულად ცხოვრობს და დაარსებისთანავე ქმნის ორ ინსტიტუტს: კლასობრივ დაყოფას და მსხვილ მესაკუთრეობას. კლასებად დაყოფა დანგრეული იქნა 1649 წლის ინგლისის, 1789 წლის საფრანგეთის და 1917 წლის რუსეთის დიდი რევოლუციებით. მსხვილი მესაკუთრეობა დღემდე საბოლოოდ მხოლოდ რუსეთში გაუქმდა. ამ ქვეყანაში რევოლუციას თან სდევდა საქმიანობა, რომელიც არამარტო უსარგებლო, არამედ უჩვეულოდ დამანგრეველი იყო, რაც ერთადერთი მიზეზია იმისა, რომ ამ რეგიონმა, რომელიც შეერთებულ შტატებს უტოლდება ბუნებრივი რესურსებით, განვითარების მაღალ დონეს მიაღწია.

სხვა ერების წინაშე ისევ დგას ამოცანა, რომ მათი წიაღიდან პრიმიტიული ძალადობის ეს უკანასკნელი ნაშთიც ამოძირკვონ და საშუალო კლასის მიერ მოწყობილი რევოლუცია დაასრულონ, რამაც ამქვეყნად ის ნამდვილი თავისუფლება უნდა მოიტანოს, რომელიც არ არსებობს იქ, სადაც რუსოს სიტყვებით რომ ვთქვათ : „ზოგი იმდენად მდიდარია, რომ სხვას ყიდულობენ; ზოგიერთი კი ისე ღარიბია, რომ იძულებულნი არიან თავის თავი სხვებს მიყოდონ“.

ამჟამად განვიხილეთ თანამედროვე სახელმწიფოს ბუნება და მომავალი. სინამდვილეში ის კაპიტალიზმის მამოძრავებელი მექანიზმია. მაგრამ ისტორიის ანალიზიდან ცხადი ხდება, რომ კაპიტალიზმი არც იმდენად ცუდია და არც იმდენად კარგი როგორც ზოგჯერ წარმოუდგენიათ. ამგვარად, კაპიტალისტური სახელმწიფო არ იმსახურებს არც სათაყვანებელ და არც საძაგებელ კერპად ქცევას. მას არ სჭირდება არც ამაღლება და არც მიწაში ჩაფლვა. ის მონობისა და თავისუფლების უკანონო შვილია. უდიდესი ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, მონობის ნაშთების მოსპობა და თავისუფლების მოპოვებაა. ჩვენი მემკვიდრეები იცხოვრებენ ისეთი რეჟიმის პირობებში, რომელიც იმდენად იქნება სახელმწიფო, რამდენადაც მას ექნება დადგენილი კანონები, პასუხისმგებელი ინსტიტუტები და ძალაუფლება მათ აღსასრულებლად, თუმცა ამავდროულად არ იქნება დაფუძნებული ექსპლუატაციასა და ბატონობაზე, ისტორიულად ცნობილი ყველა სახელმწიფოს მსგავსად.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s