საკუთრების უფლებისა და კაპიტალიზმის დასაცავად

Image

ტიბორ მაქანი

თავისუფლების კონცეფცია თავისი სოციალური მნიშვნელობით ადამიანების ისეთ მდგომარეობას გულისხმობს, როდესაც ისინი სხვების აგრესიისგან თავისუფალი არიან.1 ეს პოლიტიკური თავისუფლებაა, რომელიც უნიკალური ამერიკული პოლიტიკური ტრადიციის ფარგლებში ჩამოყალიბდა. ეს თავისუფლება ეფუძნება ყოველი ადამიანის თანასწორობის, თვითგამორკვევის და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარებას, ადამიანებს შორის არსებული მნიშვნელოვანი განსხვავებების მიუხედავად.

პოლიტიკური თავისუფლების ქვეშ მე ვგულისხმობ იმას, რომ არავინ არ შეიძლება საკუთარი ნების წინააღმდეგ სხვას, მათ შორის მთავრობას ემსახუროს. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, პოლიტიკური თავისუფლება მაშინ არსებობს, როდესაც მმართველობის ქვეშ მყოფი ადამიანების თანხმობა უმთავრეს პრინციპადაა აღიარებული. პოლიტიკური თავისუფლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, როდესაც ეს პრინციპი შეილახება. 

ეკონომიკური თავისუფლება პოლიტიკური ეკონომიკის კლასიკური ლიბერალური ტრადიციების შესაბამისად, ვაჭრობის თავისუფლებას გულისხმობს. იმისთვის, რომ თავისუფალი ვაჭრობის არსი გავიგოთ, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია გავიაზროთ, რომ იგი ლოგიკურად კერძო საკუთრების უფლებაზე არის დამოკიდებული. ვერავინ ივაჭრებს იმით, რასაც არ ფლობს. უცნაურია, მაგრამ მარქსიც კი, სრულიად ნათლად განმარტავს საკუთრების ფუნქციას: „კერძო საკუთრების უფლება გულისხმობს საკუთარი ნებასურვილით, სხვა პიროვნებებისა და მთლიანად საზოგადოებისგან დამოუკიდებლად სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ეგოიზმის უფლებას”.2

მარქსი ყველაზე უარეს შესაძლო სცენარს განიხილავდა, მაგრამ ამის გაკეთება მიზანშეწონილი არ არის, როდესაც ვინმეს სისტემის პრინციპული მახასიათებლების განხილვა აქვს გამიზნული. რასაკვირველია, კერძო საკუთრების უფლება თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა, რის გამოც ადამიანს შეუძლია, რომ თავისი სურვილის მიხედვით და თუნდაც არარაციონალურად განკარგოს თავისი საკუთრება. მაგრამ გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში ადამიანს ისეთი მოქმედების და სავაჭრო ურთიერთობების დამყარების საშუალება აქვს, რომელიც აწონ-დაწონილი და გააზრებულია, რაზეც მარქსი სამწუხაროდ ყურადღებას არ ამახვილებდა.

მარქსმა რეალობის მხოლოდ ნაწილი აღწერა. კერძო საკუთრება ადამიანს საშუალებას აძლევს, რომ საკუთარი ქონება ან სრული პასუხისმგებლობით, ან უპასუხისმგებლოდ განკარგოს და შესაბამისად, ვაჭრობის შედეგებიც ან კარგი იქნება, ან ცუდი. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს კერძო საკუთრებაა, ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანი ისე მოიქცეს, რომ ამას მისთვის არასასურველი შედეგები მოჰყვეს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ყველაზე მეტად თავად ეს ადამიანი, მესაკუთრე იზარალებს და არა მხოლოდ ან იმდენად სხვები. საკუთრება ირაციონალური ქმედებებს ზღუდავს და რაციონალურს უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ კაპიტალიზმის ყველაზე ცნობილი და თანმიმდევრული მხარდამჭერები ჩვენი დროის ეკონომისტები არიან, რის გამოც ხშირად მცდარი შთაბეჭდილება იქმნება. ეკონომისტები სწავლობენ თუ როგორ აკმაყოფილებს თავისუფალი ბაზარი ადამიანთა სურვილებს, მაგრამ ისინი ხშირად იგნორირებას უკეთებენ თავად ამ სურვილების არსს, ანუ წინაპირობებს. ისინი თვლიან, რომ მათი შესწავლის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს თუ რამდენად მორალურად გამართლებულია ბაზარი და რამდენად შეესაბამება ეს ინსტიტუტი ადამიანთა მორალურ ღირებულებებს. ეკონომისტები ყურადღებას ამახვილებენ თავისუფალი ბაზრის ფუნქციონირების აღწერაზე, ახსნასა და პროგნოზირებაზე. ისინი ამტკიცებენ, რომ ეკონომიკა ღირებულებების თაობაზე მსჯელობისგან თავისუფალია.

როდესაც თავისუფალი ბაზრის ყველაზე აქტიური მხარდამჭერები ეკონომისტები არიან, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ერთადერთი რასაც მნიშვნელობა აქვს, ეს არის ბაზრის ეფექტურობა. მაგრამ გარდა ამისა არსებობს თავისუფალი საზოგადოების გარკვეული ნორმატიული ან ეთიკური მახასიათებლები, რომლებზეც თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ ანალიზში არაფერია ნახსენები,3 მაშინ როდესაც ბაზარი იმ ინსტიტუტებს და იდეებს ეყრდნობა, რომლებიც თავისი ხასიათით ეთიკასთანაა დაკავშირებული.

თავისუფალი ვაჭრობა კერძო საკუთრების არსებობას გულისხმობს. თუ ასეთი უფლება არ არის დაშვებული, მაშინ არც ვაჭრობაა საჭირო და არც თავად ასეთი შესაძლებლობა იარსებებდა. ადამიანები უბრალოდ სხვებს წაართმევდნენ იმას, რაც მათ ესაჭიროებათ და სულ არ დაელოდებოდნენ მათ თანხმობას ვაჭრობის პირობებზე. ან პირიქით, თუკი ყველა ყველაფრის მფლობელი ექნებოდა, მაშინ ვერავინ ვერასოდეს ვერ ივაჭრებდა. ყოველ ცალკეულ გარიგებასთან დაკავშირებით თითოეულის ნებართვა გახდებოდა საჭირო.

იმისთვის, რომ ადამიანმა ან ისეთმა ნებაყოფლობითმა ასოციაციებმა, როგორიცაა კორპორაციები და ამხანაგობები ვაჭრობის პირობები განსაზღვრონ, აუცილებელია, რომ მათ საკუთრების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება გააჩნდეთ. ეს თავისუფალი ბაზრის არსებობის მორალური წინაპირობაა.4

საკუთრების უფლების მორალური ასპექტები ნათელია. მაგალითად, თუ მე ვფლობ რაიმეს, ეს ნიშნავს, რომ სხვა ადამიანებმა ჩემს მიერ ამ რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ უნდა შემიშალონ. მე გამაჩნია პირობების განსაზღვრის უფლება და არა სხვებს. (სწორედ ამიტომაა ქურდობა მანკიერება). ეს მორალური ასპექტია, რადგანაც იგი განიხილავს თუ რა არ უნდა გააკეთონ ადამიანებმა.

ალბათ, არ არის გასაოცარი, რომ თავისუფალი საზოგადოების კრიტიკოსებს ეს შესანიშნავად ესმით. ისინი თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ იმ გარემოებას, რომ ეკონომისტებს არ სურთ მორალურ ასპექტებზე საუბარი და ამტკიცებენ, რომ რადგანაც ეს ასეა, თეორიას მნიშვნელოვანი ნაკლი უნდა გააჩნდეს. მაგრამ კრიტიკოსები ვერ ხვდებიან, სწორედ იმიტომ, რომ საბაზრო ეკონომიკის თეორიის საფუძველს ღირებულებათა სისტემა წარმოადგენს, თავისთავად სისტემა საღია და საბაზრო ეკონომიკასთან დაკავშირებით ეკონომისტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების უმეტესობა სწორია.

მაშინაც კი, როდესაც ეკონომისტები, რომლებიც მხარს საბაზრო ეკონომიკას უჭერენ, აღიარებენ, რომ მის საფუძველს წარმოადგენს გარკვეული მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი და რას უნდა უჭერდეს მხარს მთავრობა, მათ მაინც უნდა განაგრძონ სისტემის ფუქნციონირების ანალიზი და იმის შესწავლა, თუ რატომ მუშაობს ეს სისტემა უფრო ეფექტურად, ვიდრე სხვა სისტემები. თუმცა კითხვა იმის თაობაზე, თუ რამდენად საღი და მისაღებია სისტემის საფუძვლად აღებული მოსაზრებები უპასუხოდ რჩება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოსაზრებები არ არის საღი, ეკონომისტები მაინც იტყოდნენ, რომ ეკონომიკის საგანს საბაზრო პროცესების შესწავლა წარმოადგენს და სხვას მიანდობდნენ იმის შესწავლას, თუ რატომაა საბაზრო ეკონომიკის ალტერნატიული ეკონომიკური სისტემა უფრო მისაღები, რომელიმე არაეკონომიკური ხასიათის მოსაზრების გამო.5

მე ავღნიშნე, რომ საკუთრების უფლების პრინციპი საბაზრო ეკონომიკის საფუძველია. რა არის საკუთრების უფლება? იგი თავისუფალი ვაჭრობისა და თავისუფალი ბაზრის არსებობის აუცილებელი წინაპირობაა.

რასაკვირველია, არსებობს მრავალი საზოგადოება, სადაც საკუთრების უფლების სტრუქტურის მსგავსი პირობები არსებობს. ჩვენ ასეთ საზოგადოებას შეგვიძლია საკუთრებისადმი პრივილეგიის მიმნიჭებელი სტრუქტურის მქონე ვუწოდოთ. ასეთ საზოგადოებებში ადამიანებს გააჩნიათ მომსახურეობისა და საქონლის რეალიზაციის უფლება, თუმცა ამ უფლებაზე გარკვეული შეზღუდვებიც ვრცელდება. იმავდროულად მთავრობას, მაგალითად, ადგილობრივ სანაპირო ზონის კომისიას, ფედერალურ ტელესაკომუნიკაციო კომისიას ან მეფეს ამ პრივილეგიების გაუქმების უფლება გააჩნია. ასეთ საზოგადოებებში ჭეშმარიტად თავისუფალი ბაზარი არ არსებობს. ანუ, არსებობს სტრუქტურა, რომელიც თავისუფალ ბაზარს მოგვაგონებს მსგავსად იმისა, როგორც ძალიან კარგი ზოოპარკი ცდილობს, რომ თავისი გარემო ველურ სამყაროს დაამსგავსოს, ან მსგავსად იმისა, როდესაც მშობელი გარკვეულ თავისუფლებას აძლევს თავის შვილს, მაგრამ იგი მაინც შეზღუდულია. რასაკვირველია, რაც უფრო მყარი და ფესვგადგმულია ეს პრივილეგიები, მით უფრო ამჟღავნებს ბაზარი იმ ტენდენციებს, რომლებიც თავისუფალი ბაზრისთვისაა დამახასიათებელი. ნებისმიერ შემთხვევაში კერძო საკუთრების უფრო დეტალური განხილვაა საჭირო, რადგანაც იგი ეკონომიკური თავისუფლების ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჩვენი განხილვის საგანი ადამიანის თავისუფლებასა და ეკონომიკურ თავისუფლებას შორის არსებული კავშირებია.

კერძო საკუთრების უფლება.

ამერიკული ლიბერტარიანული პოლიტიკური ტრადიციის შესაბამისად ადამიანის თავისუფლება განუყოფელია ეკონომიკური თავისუფლებისგან და საკუთრების უფლებისგან. რატომ არის ეს ასე? როგორც დავრწმუნდით პოლიტიკური თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამიანს სხვის ცხოვრებაში ჩარევისა ან მისი საკუთრების ხელყოფის უფლება არ გააჩნია. ჩვენ ასევე ავღნიშნეთ, რომ ადამიანის სწრაფვა მორალური უზადოებისკენ ადამიანის ღირსების ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლინებაა. ჩვენს მსჯელობაში არაფერი არ გვითქვამს იმაზე, რომ ადამიანს თავისი შესაძლებლობების გარკვეულ სფეროში რეალიზების უფლება უნდა ჰქონდეს. მორალური არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელია ის სივრცე, სადაც ამ არჩევანის რეალიზება შეიძლება. რობერტ ნოჟიკის სიტყვებით რომ ვთქვათ საჭიროა „მორალური სივრცე“.6

მარტივად რომ ვთქვათ, კერძო საკუთრების პრინციპი ადამიანს თავისი პასუხისმგებლობის რეალისტურ, კონკრეტულ პოლიტიკაში გამოხატვის საშუალებას აძლევს. ეს იმგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ საზოგადოებრივი წყობა ცალკეულ ადამიანებს „ზოგადი კეთილდღეობისკენ“ სწრაფვას უწყობდეს ხელს, ხოლო რადგანაც ყველა ადამიანმა სიკეთის რეალიზაციას თავის უფლება-მოსილებების სფეროში, ანუ თავის „მორალურ სივრცეში“ უნდა მიაღწიოს, ადამიანთა საზოგადოებამ ყოველ ცალკეულ ადამიანს შესაძლებლობა უნდა მისცეს, რომ ასეთი ასპარეზი მისი კერძო იურისდიქციის სახით გააჩნდეს. საკუთრების შესახებ კანონი სამართლის თეორიის ის სფეროა, რომელიც რთული კავშირურთიერთობების მქონე საზოგადოებაში ადამიანის ყოველგვარ უფლებამოსილებას იმდენად ზედმიწევნით განსაზღვრავს, რომ კერძო საკუთრებაში ცხენიც და უაღრესად რთული ქიმიური ფორმულაც შეიძლება იყოს.

თუ საკუთრების შესახებ კანონი კერძო საკუთრების უფლებას არ ეყრდნობა, მაშინ კანონი მიზანს ვერ მიაღწევს. ამასთან დაკავშირებით იბადება კითხვა, როგორ უნდა განვსაზღვროთ პირადი უფლებამოსილების სფეროს პარამეტრები და დავიცვათ ის, რაც კერძო საკუთრებას წარმოადგენს? ეს უაღრესად რთული საკითხია. ლოკის თეორია შრომის შესახებ ამ შეკითხვაზე ადექვატურ პასუხს არ იძლევა, რადგანაც არ არის ნათელი, თუ რა იგულისხმება, როდესაც საუბარია, რომ მავანმა ბუნებას „საკუთარი შრომა ჩააქსოვა”. იდეალურ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ საკითხის შესწავლას ნოლიდან დავიწყებთ, მაშინ საკუთრების შესახებ ყველაზე საუკეთესო თეორიად სამეწარმეო თეორია შეიძლება იყოს მიჩნეული. ეს თეორია ჯეიმს სადოვსკის მიერ იყო ჩამოყალიბებული და მისი ანალიზი მხარს უჭერს დასკვნას, რომ „მესაკუთრე სამეწარმეო ფუნქციას ასრულებს. მან პროგნოზები უნდა გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ღირებულება ექნება მომავალში მის და სხვების ნაწარმს და ამის შესაბამისად იმოქმედოს ან არ იმოქმედოს. „ჯილდოს” ის არა შრომის, არამედ სწორი გადაწყვეტილების გამო იღებს.7

ეს ჩვენს მიერ მანამდე უკვე ხსენებული საკითხს, კერძოდ პირადი მორალური პასუხისმგებლობის საფუძვლის თემას ეხმიანება. საფუძველი კი ადამიანის მიერ არჩევანის უფლებაში მდგომარეობს – იფიქროს თუ არ იფიქროს, გამოიყენოს თუ არ გამოიყენოს მისი რაციონალური შესაძლებლობები, ნიჭი და უნარჩვევები. გამომდინარე იქედან, რომ მორალი არჩევანის არსებობას გულისხმობს და რადგანაც, ყველა ადამიანი თავისუფალია, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს თავისი გონება, მორალის წყარო, როგორც სადოვსკი ამბობს, საღი განსჯის უნარია. რაციონალური არსებისგან მოველით, რომ იგი საღი აზრით უნდა ხელმძღვანელობდეს და არანაკლებ სასურველია, რომ საღი განსჯის საგანი კეთილდღეობის საკითხებიც იყოს და არა მარტო ჰიგიენა, საოჟახო საქმეები, მართლმსაჯულება, კარიერა ან პოლიტიკა.

ეკონომიკური თავისუფლება ადამიანური წარმატების აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი პირობაა. ეს ადამიანური ღირსების წინაპირობაა. იგი აუცილებელია მორალური ღირებულებების დასანერგად იმ კონტექსტში და იმ სამყაროში, რომლის სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა ადამიანები აკონტროლებენ. ყველა ადამიანს ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმის თაობაზე, თუ ამ სამყაროს რომელი ნაწილია მის იურისდიქციაში, ანუ კერძო საკუთრების უფლებაზე დაფუძნებული სისტემა მას მორალური დასაყრდენის სახით უნდა გააჩნდეს. ასეთი სისტემა ადამიანს მორალურ დამოუკიდებლობას და სოციალურ ავტონომიას უნარჩუნებს, თუმცა არა ისეთი კარიკატურული სახით სახით, როგორც ამას მარქსი და ბევრი სხვა წარმოაჩენდა.

 კაპიტალიზმი და მორალი

 

სხვადასხვა ჯურის მეცნიერები და სტატისტიკოსები კაპიტალიზმის მორალური კანონიერების ეჭვის ქვეშ დაყენებას ცდილობდნენ. ამ ეკონომიკური სისტემის დამცველები ამ თემაზე კამათისგან თავის არიდებას ცდილობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ სრულიად აშკარა და საყოველთაოდ აღიარებული შედეგებიდან გამომდინარე, კაპიტალისტურ სისტემაში მთლიანობაში უფრო მეტი სიმდიდრე იწარმოება, ვიდრე სხვა სისტემებში.

მაგრამ ამგვარი გამართლება საკმარისი არ არის. ჩვენ ადვილად შეგვიძლია მოვიყვანოთ ისეთი ვითარებების მაგალითები, როდესაც სხვა ფასეული მიზნების მისაღწევად კეთილდღეობასთან დაკავშირებულმა მოსაზრებებმა უკანა პლანზე უნდა გადაიწიონ. ჩვენ ვიცით, რომ ძალები და სახსრები არ უნდა დავზოგოთ, როდესაც გარკვეული მიზნების მიღწევა გვინდა. ზოგი ეკონომისტი ამ ფაქტს გვერდს უვლის და, ეკონომიკურ იმპერიალიზმში ეფლობა, რადგან ამტკიცებს, რომ რადგანაც ყოველგვარი ფასეულობა საბოლოოდ სიმდიდრემდე დაიყვანება, ყველანაირი სახის გაცვლა ეკონომიკაა.

მაგრამ ეს ასე არ არის. მეგობრობა უპირატესად ეკონომიკური ფასეულობა არ არის. ვინმემ თუ ამ ურთიერთობით ვაჭრობა გადაწყვიტა, მაგალითად, ხელფასის მომატების მიზნით, იგი არა მარტო დაკარგავს ამ ფასეულ კავშირს, არამედ არაეთიკურადაც მოიქცევა. ეკონომიკური ღირებულების მქონე გაცვლად ღალატიც ვერ შეფასდება.8

გამომდინარე იქედან, რომ ეკონომისტებმა თავად შეიკრეს ხელ-ფეხი მორალთან დაკავშირებულ საკითხებში, კაპიტალიზმი სხვადასხვა მხრიდან კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოყვა. ნამდვილად ტრაგიკულია, რომ ადამიანების ეკონომიკური ურთიერთობების ყველაზე ჰუმანური, პროდუქტიული და პოზიტიური სისტემა, მორალური თვალსაზრისით ყველაზე უფრო გასაკიცხი ადამიანების, კერძოდ ტერორისტების, მარქსისტ-ლენინისტების, ფაშისტებისა და სხვების კრიტიკის საგანი გახდა. შექსპირის ციტატა რომ მოვიშველიოთ “ბოროტს სიბრძნე და სიკეთე ბოროტება ჰგონია: ბინძურს მხოლოდ თავისნაირის ესმის“.9

 მოდით განვიხილოთ ის ბრალდებები, რომელსაც კაპიტალიზმს ყველაზე უფრო ხშირად უყენებენ:

 1. კაპიტალიზმი ანარქიულია;

 2. კაპიტალიზმი მფლანგველია და რაიმე ღირებულს არ აწარმოებს;

 3. კაპიტალიზმი ჩვენს ყველაზე მდაბალ მოთხოვნებს ემსახურება;

 4. კაპიტალიზმი ღარიბთა ინეტერესებს არ ითვალისწინებს;

 5. კაპიტალიზმის პირობებში მუშები ჩაგრულები არიან;

 6. კაპიტალიზმის პირობებში მდიდრები არახელსაყრელი ვითარებისგან უფრო დაცულები არიან;

 7. კაპიტალიზმი სახვით ხელოვნებას ანადგურებს;

 8. კაპიტალიზმი გარემოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.

 ამ ჩამონათვალის უსასრულოდ გაგრძელება შეიძლება თუ მას იმ არგუმენტებით შევავსებთ, რომლებიც სიმდიდრის უსამართლო განაწილებაზე, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის ანაზღაურებას შორის სხვაობაზე, და სხვა საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას. ამ ბრალდებების უკან იგულისხმება, რომ ადამიანთა ეკონომიკური თანასწორობა ნორმის სახით უნდა იყოს დადგენილი, მაგრამ ეს უფრო გრძნობების სფეროს მიეკუთვნება, ვიდრე გონივრული არგუმენტაციის სფეროს.10

მოდით გარკვეული დრო საბაზრო კაპიტალისტური სისტემის მორალურ კრიტიკაზე პასუხის გაცემას დავუთმოთ. ჩვენ დავინახავთ, რომ ადამიანის თავისუფლების შენარჩუნებით, განსაკუთრებით სავაჭრო ურთიერთობებში, კაპიტალიზმი მორალურ ნაკლოვანებებს კი არ აღვივებს, არამედ სინამდვილეში კულტურის სფეროში მაღალი მორალური პრინციპების დანერგვას განაპიროებებს.

კაპიტალიზმი და ადამიანის მაღალზნეობრივი თვისებები

 

არგუმენტი კაპიტალიზმის ანარქიულობის თაობაზე იმ მოსაზრებას ეყრდნობა, რომ როდესაც თავისუფალი ვაჭრობა ანუ გაცვლითი ურთიერთობები მეფობს, ე.ი. როდესაც მეწარმეებს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ მომხმარებლების თავიანთი ნაწარმით მოხიბვლა, ხოლო მომხმარებლებს – თავისი ფულის თავისუფლად განკარგვა, შედეგად ადამიანებში უნდა დაისადგუროს წინდაუხედავმა გულგრილობამ ყოველივე იმის მიმართ, რაც ნამდვილად ღირებულია ადამიანის ცხოვრებაში.

ეს ბრალდება სიმართლესთან ახლოსაა, რადგანაც თავისუფალი ბაზრის პირობებში ყოვლად უსარგებლო და ხშირად მორალურად უხამსი საქონლის წარმოებისა და შეძენის შესაძლებლობაც არსებობს, როგორიცაა ალკოჰოლური სასმელები და პორნოგრაფიული პროდუქცია, ისევე როგორც სხვა მრავალი მავნე ნაწარმი და მომსახურეობა. ეს ბრალდება, რომელიც ერთბაშად მარქსისტებისა და კონსერვატორებისგან ისმის, იმ ფაქტით არის გამყარებული, რომ ალტერნატიული შეთავაზებას ყოველთვის გარკვეული იდეალური წყობის შეთავაზების სახე აქვს, რომლის მიხედვით კაცობრიობა ბედნიერებას გარკვეულ შორეულ მომავალში ეწევა (მარქსი) და ან სრულყოფილებას ბრძენი მმართველის პირობებში მიაღწევს (პლატონი და ჯორჯ უილი).

მაგრამ რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ ბაზრები ანარქიული კი არ არიან, არამედ უბრალოდ ადამიანთა ურთიერთობებს ასახავენ. ჩვენ არა ვართ გარანტირებულები, რომ ჩვენს საზოგადოებაში ბრძენი და ღირსეული ადამიანები იქნებიან. ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია გადავწყვიტოთ თუ რა გავაკეთოთ, როდესაც ასეთი ადამიანები ჩვენს სამეზობლოში აღმოჩნდებიან. ჩვენ შეიძლება გვჯეროდეს იმ ილუზიისა, რომ როდესმე მომავალში დედამიწაზე სამოთხე იქნება და უაღრესად მაღალზნეობრივი და ნიჭიერი ადამიანები იარსებებენ, მაგრამ ეს ორივე მოსაზრება ფანტასტიკის სფეროდანაა. ან უნდა ვეცადოთ, რომ სხვა ადამიანების სისულელისა და მანკიერების ზეგავლენა ამ ადამიანების სამოქმედო სივრცეს არ გასცდეს. კერძო საკუთრების უფლებაზე დაფუძნებული სისტემის პირობებში ეს ყველაზე უკეთ მიიღწევა.11

მეორე ბრალდების მიხედვით კაპიტალიზმი მფლანგველია და რაიმე ღირებულს არ აწარმოებს. მაგრამ ის ყველა სხვა წყობობასთან შედარებით უფრო მეტ ღირებულ საგანსაც აწარმოებს. სტერეო მოწყობილობების მასიური წარმოებით, კაცობრიობის ყველაზე გამოჩენილი ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქცირებით, საავადმყოფო ტექნიკითა და ინსტრუმენტებთ, ჟანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი სპეციალური კვებით, კაპიტალიზმი ნამდვილად უნიკალურ მომსახურეობას ეწევა, რადგანაც მისი საწარმოო მეთოდები საფასო სისტემით იმართება, რაც მწარმოებელს ბევრად უფრო მეტს ეუბნება, ვიდრე რომელიმე სხვა მეთოდი.

უფრო მეტიც, ის რაც ზოგ ადამიანს შესაძლოა ტრივიაულურად მოეჩვენოს, სხვა ადამიანისთვის შეიძლება უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს. მიზეზი, რომლის გამო ეს გარემოება მხედველობაში არ მიიღება იმაშია, რომ ბევრი ადამიანი ინდივიდუალური თავისებურებების არსებობას სათანადოდ თანამედროვე პირობებშიც კი ვერ აცნობიერებს. ამგვარად, მაშინ როდესაც უმეტესობა ჩვენთაგანს სხვადასხვა ნივთები და სუვენირები უსარგებლოდ მიაჩნია, არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ამ საგნებს გარკვეული ფასეულობა აქვს.

რაც შეეხება პორნოგრაფიას და პროსტიტუციას, რომლებიც წმინდა კაპტალისტურ სისტემაშიც შეიძლება არსებობდნენ, ღირშესანიშნავ მიღწევებად ვერ ჩაითვლებიან, მაგრამ რამდენადაც მათზე „მეფური უფლებების მქონე მომხმარებლის” მხრიდან მოთხოვნილება არსებობს, მისი შეზღუდვა შეუძლებელია.12 ამ მოვლენის აღმოფხვრა პერსონალურ, სოციალურ და კულტურულ დონეზე არის შესაძლებელი (კარიკატურების, სტატიების, საჟაროგამოსვლებით და სხვ. გზებით). კაპიტალიზმი არა მხოლოდ ქვედა ფენების თავისუფლებას იცავს, არამედ ზედა ფენების ინტერესებსაც ითვალისწინებს. მცდარია იფიქრო, რომ ბაზარი მხოლოდ ადამიანის მდაბალ საჭიროებებს აკმაყოფილებს. კაპიტალიზმი საკუთრების რაციონალური გამოყენებისკენ მოუწოდებს და ცდილობს დაძლიოს ისეთი მანკიერებები, როგორიცაა სიხარბე, შური და სიცრუე. ამ მანკიერებების გავრცელებას სწორედ გეგმიური ეკონომიკა უწყობს ხელს.

რაც შეეხება ღარიბებს და მუშებს, ადრეული სამრეწველო კაპიტალიზმის პირობებში მუშათა კლასს ისე ცუდად არ ექცეოდნენ, როგორც ამას მარქსი აღწერს. მართალია ვითარება ინგლისში მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში იდეალურისგან შორს იყო, მაგრამ მდგომარეობა თავისუფალი ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაუმჟობესდა. ეს სისტემა რომ არ დანერგილიყო, მდგომარეობა ბევრად უარესი იქნებოდა. ყოველივე ამას იმ აზრამდე მივყავართ, რომ ამ ცვლილებებამდე რაღაც მნიშვნელოვნად არასწორი რამ ხდებოდა, რასაც სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების უმრავლესობის გაუქმების შემდეგ, ფეოდალების მფლობელობაში მყოფი უდიდეს მიწები კერძო საკუთრების პატივისცემის საბაბით ხელუხლებლი დარჩა. როგორც ცნობილია, ეს მიწები ძირითადად დაპყრობების შედეგი ან სახელმწიფოს ნაჩუქარი იყო. საეჭვოა, რომ თავისუფალი ბაზრის პირობებში შესაძლებელი ყოფილიყო ასეთი ზომის მიწების შეძენა. სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე ამ მიწების დაყოფა და სასოფლო-სამეურნეო სფეროში მომუშავეებზე გადანაწილება მიზანშეწონილი იქნებოდა. სამწუხაროდ ასე არ მომხდარა. შედეგად რამოდენიმე ადამიანს ბევრად უფრო მეტი და წონადი ხმა აღმოაჩნდა ბაზარზე და მათ მოვლენათა შემდგომი მსვლელობაზე გადამწყვეტი გავლენა იქონიეს.13

გასაკვირი არ არის, რომ ამგვარი ძალაუფლების გამო ,,კაპიტალისტებს“ გარკვეული უპირატესობები ჰქონდათ, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ასეთი ვითარება საერთოდაა დამახასიათებელი კაპიტალიზმისთვის, სერიოზული შეცდომაა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ თითქოს კაპიტალიზმი მუშების ექსპლუატაციას უწყობს ხელს. ამ მიდგომის მიხედვით, მუშები უმწეო არსებებად მიიჩნევიან. მაგრამ მათი მდგომარეობის გაუმჯობესება სწორედ ბაზრის მეშვეობითაა შესაძლებელი.

მარქსი თომას მალთუსის აზრის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რომლის მიხედვითაც მუშათა კლასის რაოდენობა უფრო სწრაფად გაიზრდებოდა, ვიდრე მათ შემოსავლები და შესაბამისად, მათი რაოდენობის გათვალისწინებით, მუშები სულ უფრო და უფრო მძიმე ექსპლუატაციის ქვეშ აღმოჩდებოდნენ. მალთუსის შეცდომა თეორიულადაც და ისტორიულადაც დამტკიცდა. მსოფლიოში არსებული მრავალრიცხოვანი მუშა მეტწილად ძალიან პროდუქტიულადაა დასაქმებული სწორედ მაშინ, როდესაც ბაზარი მეტ-ნაკლებად თავისუფალია, ხოლო მთავრობა თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს არ ამახინჯებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე ინდივიდუალური უფლებებს დარღვევის გზით. გარდა ამისა, მარქსს ადამიანთა შემოქმედებითი და სამეწარმეო პოტენციალის დიდად არ სწამდა. იგი არ ითვალისწინებდა, რომ საქონელზე და მომსახურეობაზე სულ უფრო მზარდი მოთხოვნილება იქნებოდა, რადგანაც ადამიანს გამომგონებლობის პოტენციალი და ახალი საგნებით სარგებლობის სურვილი გააჩნია. კაპიტალისტურ საზოგადოებაში სამუშაო ძალის ექსპლუატაცია ადვილი არ არის. თავად მუშა შეურაცხყოფილი იქნებოდა ამგვარი აზრით. მარქსს (და მოგვიანებით ლენინსაც) ჩვეულებრივ ადამიანებზე დაბალი წარმოდგენა ჰქონდა.

და ბოლოს, რაც ბევრისთვის ძალიან ძნელი გასაგებია, ბევრი იმათგანი, ვინც ექსპლუატაციას დაექვემდებარა თავად იყო ამაში დამნაშავე. ისინი თავისი ნიჭისა და უნარ-ჩვევების განვითარებაში დაინტერესებული არ იყვნენ, სწორედ ამიტომაც მათ იმ სამუშაოებზე უწევთ დათანხმება, რომელიც ნაკლებ კვალიფიკაციას მოითხოვს. ისინი მადლობელიც კი უნდა იყვნენ, რომ ვიღაცამ მათ მუშაობის საშუალება მისცა და არაფერი აქვთ საპროტესტო. იმის მტკიცება, რომ მუშები, როგორც კლასი ყოველთვის ექსპლუატირებულები არიან, ნიშნავს, რომ იდეოლოგიური ბურუსში გაეხვიო და მუშათა კლასების წარმომადგენლებს საერთოდ არ იცნობდე.

კაპიტალიზმის წინააღმდეგ შემდეგი ბრალდების მიხედვით – კაპიტალიზმის პირობებში მდიდრები არახელსაყრელი ვითარებისგან უფრო დაცულები არიან. თავისუფალ საზოგადოებაში, სადაც რაიმე განსაკუთრებული დაკანონებული პრივილეგიით არავინ სარგებლობს და სადაც მთავრობის ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩარევა კონსტიტუცით არის შეზღუდული, მდიდრებს მხოლოდ ის უპირატესობები გააჩნია, რაც თავად სიმდიდრეს მოსდევს. ეს გულისხმობს, რომ მდიდრებს თავისუფალ ბაზარზე სხვადასხვა საქონლის და მოსმახურეობის შესყიდვის მეტი შესაძლებლობები გააჩნიათ, რაც კონსტიტუციურად შეზღუდული მთავრობის პირობებში პოლიტიკური ძალაუფლების ნაწილი არ არის. გარდა ამისა, სიმდიდრე ძირითადად მხოლოდ ერთი სახის უპირატესობას იძლევა, ხოლო პიროვნულ ღირსებებს, ნიჭს, ხასიათს, კეთილმოსურნეობას, მიზანდასახულობას და შრომისმოყვარეობას სიმდიდრეზე ბევრად უფრო მეტი შედეგების გამოღება შეუძლია.

მარქსი ცდილობდა იმ მოსაზრების დისკრედიტაცია მოეხდინა, რომ მანამდე არსებული მთავრობები თავისი ხასიათით ფეოდალური და მერკანტილური იყო და უპირატესობებს მხოლოდ რჩეულებს ანიჭებდა. როდესაც დიდი სააქციო კომპანიების ჩამოყალიბება დაიწყო, მთავრობები მათ მართლაც უპირატესობებს ანიჭებდნენ, რადგანაც ისინი დაინტერესებულნი იყვნენ, რომ სახელმწიფოში მეტი სიმდიდრე შექმნილიყო, თუმცა ეს მიზანშეწონილი და სწორი სტრატეგია არ იყო. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძლავრი კაპიტალისტური ურთიერთობები ჩამოყალიბდა, იყო მდიდარი ან ღარიბი არ ნიშნავს, რომ ის არის ერთხელ და სამუდამოდ მოპოვებული მდგომარეობა და არც იმას, რომ ეკუთვნოდე რომელიმე კლასს ან იყო რამოდენიმე რჩეულს შორის. პირიქით, კაპიტალიზმის პირობებში აღნიშნული ვითარება მიდმივად ცვალებადია, ყოველ შემთხვევაში წარსულში, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს დამკვიდრებადე, ასე იყო. ეს ნიშნავს, რომ კაპიტალიზმის პირობებში მდიდრებს უფრო ნაკლები პოლიტიკური თუ საკანონმდებლო უფლებები გააჩნიათ, ვიდრე სხვა სისტემის პირობებში.

ბრალდება, რომ კაპიტალიზმი სახვით ხელოვნებას ანადგურებს, რადგან მასობრივი კულტურის გაბატონება სურს, ასევე სრულიად უსაფუძვლოა. პოპკულტურის „ხმაურის“ გამო, შესაძლოა სახვითი ხელოვნება ჩრდილში მოექცა და როკენროლი, ტელევიზია და პოპულარული ლიტერატურა წინა პლანზე გამოვიდა. მაგრამ თუ მდგომარეობას რაოდენობრივი თვალსაზრისით შევაფასებთ, არასოდეს აქამდე ერთბაშად ამდენ ადამიანს არ მოუსმენია, უნახავს ან აღუქვამს იმდენი ხელოვნების ნიმუში, როგორც ეს შესაძლებელი კაპიტალიზმის პირობებში გახდა. ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშების მრავალფეროვნება ამის ნათელი დადასტურებაა.

რაც შეეხება კაპიტალიზმის ზეგავლენას გარემოზე და ეკოლოგიაზე, არ არსებობს სხვა სისტემა, რომელიც გარემოსდაცვითი პრობლემებისა და საერთო მფლობელობით გამოწვეული პრობლემების გადაწყვეტაზე უფრო მეტ ძალისხმევას მიმართავდეს. ამის მიზეზი ის არის, რომ კაპიტალიზმის პირობებში საკუთრება კერძო ხელშია. საკუთრების ისეთი გამოყენება, რომელიც სხვა ადამიანთა ინტერესებს ზიანს მიაყენებს კანონით ისჯება და დემპინგის, სხვისი საკუთრების უფლებაში შეჭრის ან სხვა სახის სამართალდარღვევის კვალიფიკაციას იღებს. როდესაც პრივატიზაცია შეუძლებელია ან ტექნიკურად მიზან-შეუწონელია, მაშინ დაბინძურების აღმოსაფხვრელად ზარალის ასანაზღაურებლად ცალკეული დამნაშავის წინააღმდეგ პირადი სარჩელი იქნება აღძრული. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ამ სფეროში დადგენილ ნორმებს არღვევს, კანონით ისჯება ისევე, როგორც თავდასხმა ან გაუპატიურება.

ყველაზე ეფექტური გარემოსდაცვითი სახელმწიფო პოლიტიკა სწორედ კერძო საკუთრების უფლების სისტემაზე დაყრდნობით ყალიბდება, სადაც ადამიანი და მისი საკუთრება ხელყოფისგან მყარად არის დაცული.14

დასკვნები თავისუფალი ბაზრების მნიშვნელობის თაობაზე.

რასაკვირველია ადამიანები სრულყოფილებისაგან შორს არიან. ადამიანის იძულება, რომ სრულყოფილი გახდეს, ფუჭი საქმეა. ჰერბერტ სპენსერი მართალი იყო, როდესაც განაცხადა, რომ „სისულელის ჩადენისგან ადამიანის დაცვის ნებისმიერი მცდელობის საბოლოო შედეგი სულელების გამრავლებაა”15. ჩვენი არასრულყოფილების გამოვლინებაა ის, რომ ჩვენ კვლავდაკვლავ ადამიანის დახვეწას და სრულყოფას ვცდილობთ.

თუ თქვენ მთავრობისგან მოითხოვთ, რომ მან ჩვენი სისულელისგან უნდა გაგვკურნოს, ნიშნავს, რომ არ ხართ მზად საკუთარი შეფასებებისა და მოსაზრებების შესაბამისად იცხოვროთ. თუ სამყარო გაუმჯობესებას საჭიროებს, საუკეთესო მიდგომა თქვენი შესაძლებლობების გამოყენება იქნებოდა. ცენზორებმა თავად უნდა სინჟონ უკეთესი ლიტერატურის შექმნა. ადამიანები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, რომ ღირებულს არაფერს არ ვქმნით, თავად უნდა შექმნან ღირებული რამ. ისინი, ვისაც ეშინიათ, რომ ჩვენ მდაბალი მოსაზრებები გვამოძრავებს, ჩვენში სიკეთე და მორალი უნდა დანერგონ. ისინი, ვინც „ექსპლუატირებულ” მუშათა კლასს უთანაგრძნობს, პირადი და ქმედითი დახმარება უნდა გაუწიონ მას.

კაპიტალიზმი ადამიანის ბუნების გამოვლინებაა: ჩვენ თავისუფალი ვართ ვაკეთოთ სიკეთე ან ბოროტება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ამაში კი კერძო საკუთრების პრინციპით მომქმედი თავისუფალი ბაზარი გვეხმარება, რომელიც ამ ვითარებას საკუთრებით კანონმდებლობაში ასახავს.

თავად დემოკრატიაც კი, რომელსაც თავისუფალი ბაზრის კრიტიკოსები ასე აქებენ, თავისუფალი ბაზრის, როგორც წინაპირობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დემოკრატია იმ პირების უსაფრთხო გარემო უზრუნველყოფას ითხოვს, ვისაც ხმის უფლებას ანიჭებს. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თუ იგი უმცირესობაში მოხვდა, იგი უმრავლესობის შურისძიების მსხვერპლი არ გახდება და მას სიცოცხლეს, თავისუფლებას ან საკუთრებას არ წაართმევენ. მოკლედ რომ ვთქვათ, დემოკრატია ვერ იფუნქციონირებს კაპიტალიზმის, ანუ იმ სისტემის გარეშე, სადაც კერძო საკუთრება დაცულია.

—————————————-

1 სხვადასხვა სახის თავისუფლება ჩემს ნაშრომში ,,ადამიანთა თავისუფლების ორი განზომილება“ არის განხილული, The Freeman, ტომი 39, 1989, გვ 33-37.

 2 კარლ მარქსი, რჩეული (Oxford University Press, 1977), გვ 53.

 3 აქ მხედველობაში ისეთი გამოჩენილი ეკონომისტები მყავს, როგორიცაა მილტონ ფრიდმენი, ჯეიმს ბიუქენანი, გერი ბეკერი, ჯორჯ სტიგლერი, ფ.ა. ჰაიეკი და ლუდვიგ ფონ მიზესი. ყველა მათგანი ხაზს უსვამდა თავისუფალი ბაზრის იმ ასპექტებს, რომლებიც ეფექტურობას შეეხება და გვერდს უვლიდნენ ისეთ ასპექტებს, როგორიცაა სამართალიანობა და საღი განსჯა.

 4 ზოგის აზრით უფლებები მეტანორმატიული პრინციპის სახით უნდა განიხილებოდეს და მათ არა აქვთ პირდაპირი კავშირი იმასთან, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი, არამედ უკავშირდებიან და გავლენა აქვთ იმ პირობებზე, რომელიც აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებაში იმისთვის, რომ ადამიანმა თავად აარჩიოს თუ როგორ იცხოვროს. ამასთან დაკავშირებით იხილეთ დუგლას ბ. რასმუსენი და დუგლას ჯ. დენ უილი, თავისუფლება და ბუნება, ლიბერალური წყობის არისტოტელესეული დაცვა (La Salle III: Open Court Poblishing Co. Inc 1991).

 5 ეს სიტყვები მართებულია ყველა გამოყენებით მეცნიერებასთან დაკავშირებით. მაგ. სამშენებლო საინჯინრო სფერო და სხვა. ისინი ვარაუდობენ, რომ მათი საქციელი მორალურად გამართლებულია, თუმცა ამ საკითხებზე მსჯელობა მათი კომპეტენციის სფეროში არ შედის.

6 რობერტ ნოჟიკი, ,,ანარქია, სახელმწიფო და უტოპია“ (NevYork: Basic Biooks, 1974), გვ 57.

7 ჯეიმს სადოვსკი, ,,კერძო საკუთრება და კოლექტიური მფლობელობა“, ტ. მაჩანი, რედ. ლიბერტარიანული ალტერნატივა (Chicago: Nelso-H, il 1974), გვ. 123.

8 დემოკრიტუსი წერდა: ,,ერთი და იგივე რამ მართალია და კარგია ყველა ადამიანისთვის, მაგრამ სასიამოვნო ყველასთვის სხვადასხვაა“. ციტირებულია ბარი გორდონის მიერ ,,ადამ სმითამდელი ეკონომიკის ანალიზი“ (New York: Barnes andNoble, 1976), გვ 15.

9 მეფე ლირი, IV აქტი, ნაწილი II.

10 ამ დოქტრინამ ჯონ როულსის წყალობით მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა. „სამართლის თეორია“, (Cembridge: Harvard Univesity Press, 1971). ამ დოქტრინის შესაბამისად მორალური ინტუიციის როლი პოლიტიკური სამართლის საფუძველია.

11 სოციალიზმის გათვლებთან დაკავშირებული პრობლემები ნათლადაა ჩამოყალიბებული ავსტრიელი ეკონომისტების ნაშრომებში. იხილეთ ტრიგვე ჯ.ბ. ჰოფი, ,,სოციალისტური საზოგადოების ეკონომიკური გათვლები“ (Indianapolis, Ind: Liberty press, 1981). საზიარო მფლობელობისთვის დამახასიათებელი პრობლემების იდენტიფიცირება არისტოტელეს უნდა მივაწეროთ (პოლიტიკა, II ნაწილი, თავი III, 1261b34-1261b38). ამ თემაზე გარეთ ჰარდინსაც ჰქონდა გამოთქმული მოსაზრებები, ,,საზიარო საკუთრების ტრაგედია“, მეცნიერება, II ტომი, 162 (1968), გვ 1243-48. იგივე პრობლემები გამოვლენილია სხვადასხვა ,,შეუძლებლობის“ თეორემებში, რომლებიც გვაჩვენებენ, რომ რაციონალური საზოგადოებრივი არჩევანი სრულიად დემოკრატიულ საზოგადოებაში, ანუ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები მთავრობისგან საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას მოითხოვენ, სრულიად შეუძლებელია. იხილეთ კენეთ ჯ. ეროუ, ,,სოციალური არჩევანი და ინდივიდუალური ფასეულობები“, II გამოცემა

12 უოლტრ ბლოკის წიგნი ,,იმის დაცვა, რისი დაცვაც შეუძლებელია” (New York: Fleet Press Co, 1976). მოსაზრებები თავისუფალი ბაზრის პერსპექტივიდან არის ჩამოყალიბებული და ავტორი ცდებოდა, როდესაც ამტკიცებდა, რომ უკანონო ქმედებას მხოლოდ ძალის გამოყენება წარმოადგენს. რასაკვირველია ადამიანმა შეიძლება უღალატოს მეგობრებს, დააკნინოს იდეალები, არ ეყოს მამაცობა, იმოქმედოს დაუფიქრებლად და ბევრი ამორალური საქციელი ჩაიდინოს ისე, რომ ძალა არ გამოიყენოს. შეიძლება ბევრი ქმედება, რომელიც გამართლებულ ამბოხებად არის მიჩნეული, მაგალითად, ნივთების მიმობნევა, შეიძლება სხვების უპატივცემულობად იქნეს მიჩნეული. ადამიანის თავისუფლების დაცვა არ გულისხმობს მორალურ სტანდარტებზე უარის თქმას. პირიქით, ეს ნიშნავს მორალური სტანდარტებისადმი მოწოდებას და ახსნას, რომ თავისუფლება ყველა ადამიანისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია.

13 სადოვსკი, გვ. 124.

14 სხვადასხვა სახის თავისუფლება ჩემს ნაშრომში ,,ადამიანთა თავისუფლების ორი განზომილება“ არის განხილული, The Freeman, ტომი 39, 1989, გვ 33-37.

15 კარლ მარქსი, რჩეული (Oxford University Press, 1977), გვ 53.

Leave a comment