გონების ბიუროკრატიზაცია (თავი V. § 4.)

Image

ლუდვიგ ფონ მიზესი – 

ანტაგონიზმი, რომელსაც ხალხი თავისუფლებისთვის ადრეულ ბრძოლაში აწყდებოდა, მარტივი და ყველასთვის გასაგები იყო. ერთი მხრივ იყვნენ ტირანები და მათი მხარდამჭერები, მეორე მხრივ – სახალხო მთავრობის მომხრეები.
პოლიტიკური კონფლიქტები იყო ბრძოლა სხვადასხვა ჯგუფების უზენაესობისთვის. საკითხი იდგა ასე: ვინ უნდა მართოს ქვეყანა? ჩვენ თუ მათ? ცოტამ თუ ბევრმა? დესპოტმა, არისტოკრატიამ თუ ხალხმა?
დღეს ეს საკითხი სტეიტოლატრიის (Statolatry, State + idolatry – სახელმწიფო + კერპთაყვანისმცემლობა) მოდურმა ფილოსოფიამ დაჩრდილა. პოლიტიკური კონფლიქტები აღარ განიხილება, როგორც ბრძოლა ადამიანთა ჯგუფებს შორის. ეს არის ომი ორ პრინციპს შორის, ცუდსა და კარგს შორის. კარგი განსახიერებულია დიდ ღმერთში, რომელიც არის სახელმწიფო, მორალის მარადიული იდეის მატერიალიზაცია, ცუდი კი – ეგოისტი ადამიანების „უხეშ ინდივიდუალიზმში“. ამ ანტაგონიზმში სახელმწიფო ყოველთვის მართალია, ინდივიდი კი მცდარი. სახელმწიფო საზოგადოებრივი კეთილდღეობის, სამართლიანობის, უმაღლესი სიბრძნის მატარებელია. ინდივიდი კი საცოდავი, უბადრუკი, ბიწიერი, ბრიყვი არსება.
როდესაც გერმანელი ამბობს „der Staat“ (სახელმწიფო) ან მარქსისტი ამბობს „საზოგადოება“, მათ მოკრძალებული შიში ეუფლებათ. როგორ შეიძლება ადამიანი იყოს იმდენად უზნეო, რომ ამ უზენაეს არსებას აღუდგეს წინ?
ლუი XIV-მ გულწრფელად თქვა: „მე ვარ სახელმწიფო“. თანამედროვე ეტატისტი მოკრძალებულია. ის ამბობს: „მე სახელმწიფოს მსახური ვარ“, მაგრამ გულისხმობს, რომ სახელმწიფო ღმერთია. ბურბონი მეფის წინააღმდეგ შეიძლება აჯანყდე და ფრანგებმა ეს გააკეთეს. ეს, რასაკვირველია, იყო ადამიანის ბრძოლა ადამიანის წინააღმდეგ. მაგრამ არ შეიძლება აუჯანყდე ღმერთს – სახელმწიფოს და მის თავმდაბალ ხელქვეითებს – ბიუროკრატებს.
ნუ დავეჭვდებით სახელმწიფო მოხელის კეთილ განზრახვასა და გულწრფელობაში. იგი სრულად გასმჭვალულია იდეით, რომ მისი წმინდა ვალია, იბრძოლოს მისი კერპისთვის მოსახლეობის ეგოიზმის წინააღმდეგ. მისი აზრით, ის საუკუნო, ღვთაებრივი კანონის ქომაგია და არ მიიჩნევს, რომ მორალურად დაკავშირებულია ადამიანურ კანონებთან, რომელიც ინდივიდუალიზმის დამცველებმა დაწერეს თავიანთ წესდებაში. ადამიანს არ შეუძლია შეცვალოს სახელმწიფოს, ღვთის ჭეშმარიტი კანონები. ცალკეული მოქალაქე, რომელიც არღვევს ქვეყნის კანონებს, ბოროტმოქმედია და სასჯელს იმსახურებს. ის თავისი ეგოისტური ინტერესებისთვის მოქმედებს. მაგრამ სულ სხვა რამ არის, თუ სახელმწიფო მოხელე არიდებს თავს გამოქვეყნებულ კანონებს „სახელმწიფოს“ საკეთილდღეოდ. „რეაქციონული“ სასამართლოს აზრით, ის შეიძლება ტექნიკურად დამნაშავე იყოს დარღვევისთვის, მაგრამ მაღალი მორალის თვალსაზრისით იგი მართალია. ის არღვევს ადამიანის კანონებს, რომ არ დაარღვიოს ღვთაებრივი კანონი.
ეს არის ბიუროკრატიის ფილოსოფიის არსი. სახელმწიფო მოხელეების თვალში დაწერილი კანონები დაბრკოლებებია ნაძირალების საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნებისგან დასაცავად აღმართული. რატომ უნდა აარიდოს ბოროტმოქმედმა თავი სასჯელს მხოლოდ იმიტომ, რომ „სახელმწიფომ“ მისი ბრალდებისას დაარღვია უმნიშვნელო ფორმალობა? რატომ უნდა გადაიხადოს ადამიანმა დაბალი გადასახადები მხოლოდ იმიტომ, რომ საგადასახადო კანონში ხარვეზებია? რატომ უნდა იცხოვროს ადვოკატმა იმის ხარჯზე, რომ ხალხს ურჩევს, როგორ გამოიყენოს დაწერილი კანონების არასრულყოფილება და ამით ისარგებელოს? რა აზრი აქვს ამ კანონებს, თუ ზღუდავს პატიოსან სახელმწიფო მოხელეებს, რომელთა მიზანი ადამიანის ბედნიერებაა?
რა კარგი იქნებოდა, რომ არ იყოს კონსტიტუციები, უფლებების დეკლარაციები, კანონები, პარლამენტები და სასამართლოები! არ იყოს გაზეთები და ადვოკატები! რა კარგი იქნებოდა სამყარო, თუ „სახელმწიფოს“ ექნებოდა შესაძლებლობა განეკურნა ყველა დაავადება!
ამგვარი მენტალიტეტით მხოლოდ ერთი ნაბიჯია სტალინისა და ჰიტლერის სრულყოფილ ტოტალიტარიზმამდე. პასუხი ამ ბიუროკრატი რადიკალებისთვის ნათელია. მოქალაქემ შეიძლება უპასუხოს: თქვენ შეიძლება შესანიშნავი და დიდებული ადამიანები ხართ, უფრო მეტად, ვიდრე სხვა მოქალაქეები. თქვენს კომპეტენცია და გონება არ გვაეჭვებს. მაგრამ თქვენ არ ხართ ღვთის, „სახელმწიფოს“ ნაცვალები. თქვენ კანონის მსახურნი ხართ, ჩვენი ქვეყნის კანონების. თქვენი საქმე არ არის კანონისკრიტიკა, მით უმეტეს მისი დარღვევა. კანონის დარღვევით შეიძლება განგსტერზე უარესი გახდეთ, რაც უნდა კარგი განზრახვა გქონდეთ. რადგან თქვენ დანიშნულები ხართ, ფიცი გაქვთ დადებული, ანაზღაურებას იღებთ კანონის აღსრულებისთვის და არა მისი დარღვევისთვის. ბიუროკრატიულ ტირანიას ყველაზე ცუდი კანონი სჯობს.
ძირითადი განსხვავება პოლიციელსა და გამტაცებელს შორის, ან გადასახადის ამკრეფსა და მძარცველს შორის ის არის, რომ პოლიცელი და გადასახადის ამკრეფი ემორჩილებიან და ასრულებენ კანონს, გამტაცებელი და მძარცველი კი არღვევენ მას. კანონს თუ გააუქმებ, საზოგადოებას ანარქია გაანადგურებს. სახელმწიფო ერთადერთი დაწესებულებაა, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს ძალადობა და იძულება და ზიანი მიაყენოს ადამიანს. ეს უზარმაზარი ძალა არ შეიძლება რამდენიმე ადამიანს ჩაუვარდეს ხელში, რაც უნდა კომპეტენტურებად და ჭკვიანებად მიიჩნევდნენ თავს. ამ ძალის გამოყენების შეზღუდვა აუცილებელია. ეს არის კანონების მიზანი.
სახელმწიფო მოხელეები და ბიუროკრატები სახელმწიფო არ არის. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც კანონი უნდა დაიცვან. შეიძლება ეს აზრი ორთოდოქსული და დოქტრინიორული ჩანს. ის ძველ სიბრძნეს გამოხატავს. მაგრამ კანონის უზენაესობის ალტერნატივა დესპოტების მმართველობაა.

One thought on “გონების ბიუროკრატიზაცია (თავი V. § 4.)

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s