კონფისკატორული დეფლაცია (არგენტინის მაგალითი)

Image

ჯოზეფ სალერნო (Joseph Salerno) – 

რჩეული ფინანსური მიმომხილველები, პოლიტოლოგები, ფედერალური ხელისუფლება და მაკროეკონომისტთა ნაწილიც კი, პანიკით არიან შეპყრობილნი, რადგან შენიშნეს, რომ ბოლო ხუთი თვის მანძილზე ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას ფასების დეფლაცია სიოსავით მსუბუქად არხევს. მაგრამ, ის ფაქტი, რომ არგენტინაში კონფისკატორული დეფლაციის ქარიშხალი ბობოქრობს, მათი ყურადღების მიღმა დარჩა. 

კონფისკატორული დეფლაცია დეფლაციის განსაკუთრებულ კატეგორიას წარმოადგენს. მას პოლიტიკური ხელისუფლება მიმდინარე საბანკოსაკრედიტო დეფლაციის შესაჩერებლად ახვევს თავს ეკონომიკას, რაც, ნაწილობრივ, საბანკო რეზერვებზე აგებულ არაჯანსაღ ფინანსურ სისტემას ლიკვიდაციით ემუქრება. კონფისკატორული დეფლაცია ბანკის მეანაბრეების მიერ მათ მიმდინარე და შემნახველ დეპოზიტებზე შენახულ ნაღდ ფულზე ქონებრივი უფლების დაკარგვას ნიშნავს. 

ამჟამად არგენტინაში არსებული ვითარება კონფისკატორული დეფლაციის აშკარა მაგალითია. 1992 წელს, ჰიპერინფლაციის კიდევ ერთი დარტყმის შემდეგ, არგენტინამ თავისი ახალი ვალუტა – პესო – შეერთებული შტატების დოლარს მიაბა კურსით: 1 დოლარი – 1 პესო. პესო-დოლარის ფიქსირებული კურსის ამ სახით შესანარჩუნებლად არგენტინის ცენტრალური ბანკი დაპირებას იძლეოდა, რომ პირველივე მოთხოვნისთანავე თავისუფლად გადაცვლიდა პესოს დოლარებზე, ან პესოს ბანკნოტებსა და კომერციულ ბანკებში არსებულ პესოს დეპოზიტებს 100 პროცენტით უზრუნველყოფდა დოლარის რეზერვებით. 

სამწუხაროდ, ამ გეგმამ, რომელიც საერთაშორისო კრედიტორებს სარწმუნოდ ეჩვენებოდათ, რადგან ის საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოიწონა და ფარულად მისი თავდებობის გარანტიას შეიცავდა, საბანკო კრედიტის მასიური და ინფლაციური ექსპანსია ვერ აღკვეთა. როდესაც ინვესტიციებში ჩადებული დოლარები ქვეყანაში დიდი რაოდენობით დაგროვდა, მათ ცენტრალურ ბანკამდე მიაღწიეს და მას კომერციული ბანკებისთვის ხელმისაწვდომი რეზერვების გაზრდის საშუალება მისცეს. თავის მხრივ, კომერციულმა ბანკებმა, როგორც ნაწილობრივი რეზერვირების პრაქტიკის მქონე ინსტიტუტებმა, მოგვიანებით, თითოეული ახლად შემოსული დოლარისა თუ პესოს დეპოზიტების ხარჯზე შეთანხმებულად მოახდინეს საბანკო კრედიტის ინფლაცია. 

ამგვარად, 1991 წლიდან 1994 წლის ჩათვლით, არგენტინის ფულის მასა (M1) წელიწადში საშუალოდ 60 პროცენტით იზრდებოდა1. 1995 წლისთვის ფულის მასა 5 პროცენტზე უფრო ნაკლებს შეადგენდა, მაგრამ 1996 წელს 15 პროცენტამდე, ხოლო 1997 წელს კი თითქმის 20 პროცენტამდე გაიზარდა. 1998 წელს, როდესაც სასაქონლო ფასების ინფლაციის შედეგად პესო რეალურად მკვეთრად გაუფასურდა და უცხოელმა ინვესტორებმა სწრაფად დაკარგეს რწმენა, რომ პესოს დევალვაცია აღარ მოხდებოდა, დოლარის შემოდინება შეწყდა და ინფლაციური ბუმი ავისმომასწავებლად შეჩერდა, რადგან ამავე პერიოდში ფულის მასა დაახლოებით 1 პროცენტით გაიზარდა და ეკონომიკა კრიზისში ჩავარდა. 1999 წელს ფულის მასის ზრდა ოდნავ ნეგატიური იყო, 2000 წელს კი იგი თითქმის 20 პროცენტით შემცირდა. 

2001 წლის ივნისის ჩათვლით ფულის მასის წლიური დონე ორნიშნა ციფრით განაგრძობდა კლებას. 2001 წელს ადგილობრივმა მეანაბრეებმა საბანკო სისტემისადმი ნდობა დაკარგეს და საბანკო კრედიტის სერიოზული დეფლაცია დაიწყო – საბანკო სისტემამ დეპოზიტების 17 პროცენტი, ანუ 14,5 მილიარდი დოლარი დაკარგა. 

მხოლოდ 2001 წლის 30 ნოემბერს, პარასკევ დღეს, არგენტინის ბანკებიდან დეპოზიტორებმა 700 მილიონიდან 2 მილიარდ დოლარამდე (სხვადასხვა მონაცემებით) გაიტანეს. ჯერ კიდევ პარასკევამდე, ცენტრალურ ბანკს 70 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი დოლარისა და კონვერტირებადი პესოს დეპოზიტების დასაფარად მხოლოდ 5,5 მილიარდი დოლარის მარაგი ჰქონდა. 

შექმნილი ვითარების გამო, შაბათს, 1 დეკემბერს, პრეზიდენტმა ფერნანდო დე ლა რუამ და ეკონომიკის მინისტრმა დომინგო კავალიომ ფინანსური სისტემის დასაცავად და დოლარზე მიბმული კურსის შესანარჩუნებლად ისეთი სტრატეგია აირჩიეს, რომელსაც კონფისკატორული დეფლაცია შეიძლება ეწოდოს. კერძოდ, მათ ბანკიდან ფულის გატანა შეზღუდეს. მომდევნო 90 დღის განმავლობაში თითო მეანაბრეს ბანკიდან კვირაში მხოლოდ 250 დოლარის გატანა შეეძლო. 1000 დოლარზე მეტი ნაღდი ფულის უცხოური ტრანსფერებიც მკაცრად იყო შეზღუდული. ყველას ეკრძალებოდა გემით ან თვითმფრინავით ნაღდი ფულის ქვეყნიდან გატანა. 

ბოლოს, ბანკებს სესხების პესოთი გაცემის უფლებას აღარ აძლევდნენ, მხოლოდ დოლარში უნდა გაეცათ. დოლარი კი ძალიან ცოტა იყო. მეანაბრეებს ანგარიშსწორებისთვის საბანკო დეპოზიტების გამოყენება ჩეკით ან სადებეტო ბარათებით მაინც შეეძლოთ, მაგრამ ეს პოლიტიკა მძიმე დარტყმა იყო ღარიბი არგენტინელებისთვის, რომლებსაც არც სადებეტო და არც საკრედიტო ბარათები არ გააჩნდათ. ისინი უმთავრესად ისეთ დეპოზიტებს ფლობდნენ, რასაც ჩეკით ვერ გამოიყენებდნენ. 

როგორც მოსალოდნელი იყო, კავალიოს მკაცრმა და საშიშმა კონფისკატორულმა დეფლაციამ მძიმე დარტყმა მიაყენა ნაღდი ფულით წარმოებულ ბიზნესსაც და, ერთერთი ცნობის თანახმად, „საცალო ვაჭრობის პარალიზება“2 გამოიწვია. ამან კიდევ უფრო გააუარესა ვითარება და მალე ამბოხი დაიწყო, რასაც, საბოლოოდ, 27 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და კერძო ბიზნესის მილიონობით დოლარის ზარალი მოჰყვა. ამ მოვლენებმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება განაპირობა და, ბოლოს, პრეზიდენტი დე ლა რუა იძულებული გახდა ვადამდე ორი წლით ადრე გადამდგარიყო. 

6 იანვარს არგენტინის მთავრობამ, ახლა უკვე პრეზიდენტ ედუარდო დუალდეს და ეკონომიკის მინისტრის ხორხე რემეს ლენიკოვის მეთაურობით, აღიარა, რომ ფიქსირებული კურსის შენარჩუნება აღარ შეეძლო და პესოს 30 პროცენტიანი დევალვაცია განახორციელა. ახალი კურსით 1 დოლარი 1,40 პესოს გაუტოლდა. მაგრამ ეს კურსი რეალურ ვითარებას არ ასახავდა – რეალურად პესო კიდევ უფრო გაუფასურებული იყო, რადგან შავ ბაზარზე დოლარი გაცილებით ძვირი ღირდა. 

არგენტინის მთავრობა ამას მიხვდა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ წინარე ინფლაციისა და პესოსადმი ნდობის დაკარგვის შედეგად მიღებული ვითარება ეღიარებინა და პესოს ოფიციალური გაცვლითი კურსი რეალურის ადეკვატური გაეხადა, ეკონომიკაზე ადრე თავსმოხვეული კონფისკატორული დეფლაცია კიდევ უფრო გააძლიერა. მთავრობამ 3 000 დოლარზე ზევით ყველა შემნახველი ანგარიში გაყინა, რაც, სულ ცოტა, 67 მილიარდ დოლარ საბანკო დეპოზიტს მოიცავდა, რომლიდანაც ერთი მესამედი – 43,5 მილიარდი დოლარებში, ხოლო დანარჩენი პესოს სახით იყო განთავსებული. 

მეანაბრეებს, ვისაც ანგარიშზე 5000 დოლარზე მეტი არ ჰქონდა, ამ გადაწყვეტილებიდან ერთი წლის შემდეგ, 12 თვის მანძილზე, ნაწილნაწილ შეეძლოთ ნაღდი ფულის გატანა, ხოლო ისინი, ვისი დეპოზიტიც უფრო მეტ თანხას შეადგენდა, ფულის განაღდებას 2003 წლის სექტემბრამდე ვერ შეძლებდნენ, მერე კი მხოლოდ ნაწილნაწილ მიიღებდნენ ორი წლის მანძილზე. უფრო ლიბერალურად მოექცნენ პესოს დეპოზიტებს, რომელთა ღირებულება დოლართან მიმართებაში ერთი მესამედით შემცირდა და, სავარაუდოდ, მორიგი დევალვაციის საფრთხე ემუქრებოდა. მეანაბრეებს თავიანთი დეპოზიტების გამოტანის უფლება ორი თვის შემდეგ მიეცათ, მაგრამ ნაწილნაწილ. ერთერთი ცნობის თანახმად, ამ პერიოდის მანძილზე „ისეთი მარტივი საბანკო ტრანსაქციები, როგორიც ჩეკის განაღდება ან საკრედიტო ბარათით გადახდაა, უბრალო არგენტინელებისთვის ხელმიუწვდომელი იყო“3. 

როგორც მისტერ ლენიკოვმა აშკარად აღიარა, ფაქტობრივად, კონფისკატორული დეფლაციის ეს უკანასკნელი რაუნდი ნაწილობრივი სარეზერვო სისტემის გაკოტრებისგან დამცავი იარაღი იყო. ის აცხადებდა: „თუ ბანკები გაკოტრდება, ვერავინ ვეღარ გაიტანს თავის დეპოზიტს. არსებული ფული საკმარისი არ არის ყველა მეანაბრის გასასტუმრებლად“4. საბანკოსაკრედიტო დეფლაცია, რომლის შეჩერებასაც ლენიკოვი ცდილობდა, მხოლოდ პესოს გაუფასურების საფრთხეს ქმნიდა, ხოლო კონფისკატორული დეფლაცია ფულად მიმოქცევას უქადის მოსპობას და ეკონომიკას უკიდურესად არაეფექტიანი და პრიმიტიული გაცვლისა და იზოლირებული წარმოებისკენ უბიძგებს, რაც შრომის საზოგადოებრივ დანაწილებას ძირს უთხრის. 

მაშინ, როდესაც აკადემიაში, მედიასა და ნაციონალური ბიუროკრატიის მაღალ ეშელონებში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც, დეფლაციის შიშით, კონფისკატორულ დეფლაციაზე თვალებს ხუჭავდნენ ან მას საიმედო „მკაცრ ღონისძიებას“ უწოდებდნენ, მათგან განსხვავებით, კონფისკატორული დეფლაციის მრავალი რიგითი მსხვერპლი სწორად აფასებდა მომხდარს და პოლიტიკური ელიტის საქციელს ბანკების ძარცვას უწოდებდა, რაც სიმართლე იყო. 

რამონა რუიზი, პენსიონერი ფეიქარი ცარიელ ბანკომატს უყვიროდა: „ჩემი ფულია ბანკში, ჩემი!“5. ერთი დაუდგენელი ვინაობის ქალი კი მთავრობის წარმომადგენელს ეჩხუბებოდა: „როგორ ბედავთ ჩემი დანაზოგის წართმევას?” ხოსე ვალენსუელა, არგენტინელი გამყიდველი, ამტკიცებდა: “ეს იგივეა, რომ ჯიბიდან ფული ამოგაცალონ“6. ერთი არგენტინელი ბიზნესმენი გამწარებული ყვიროდა: „ჩვენი თავისუფლება ფეხქვეშ ითელება… ვგრძნობ, რომ ჩემი სამოქალაქო უფლებები, ჩემი კერძო საკუთრების უფლება ირღვევა“7. ბოლოს, არგენტინის პროფკავშირების ხელმძღვანელობამაც კი მკაცრად გააკრიტიკა „ერის დანაზოგების მიტაცების“ ასეთი პოლიტიკა8. 

სამწუხაროდ, არგენტინის ბანკის ბედშავი მეანაბრეებისთვის საქმე უფრო გართულდა. 1 იანვარს პრეზიდენტი დუალდე, როდესაც თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, საჯაროდ დაპირდა ხალხს, რომ ბანკები კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა და დოლარის დეპოზიტებს დოლარითვე გასცემდა, მაგრამ იანვრის ბოლოს მან განაცხადა, რომ ბანკებს უფლება ჰქონდა ყველა სახის დეპოზიტი პესოთი გაეცა. გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროისთვის თავისუფალ ბაზარზე პესო დოლართან მიმართებაში უკვე 40 პროცენტით იყო გაუფასურებული, ეს ნიშნავდა, რომ დაახლოებით 16 მილიარდი დოლარის მსყიდველობითი უნარის ეკვივალენტი დოლარის დეპოზიტების მქონე მეანაბრეებიდან ბანკებზე გადადიოდა9. 

რაკი კონფისკატორული დეფლაცია კვლავ მოქმედებდა და მეანაბრეებს საკუთარი ქონების უკან დაბრუნება არ შეეძლოთ, მათი ზარალი მით უფრო იზრდებოდა, რაც უფრო უფასურდებოდა პესო. საბედნიეროდ, პარასკევს, 1 თებერვალს, არგენტინის უზენაესმა სასამართლომ შთამბეჭდავი და რისკიანი ნაბიჯი გადადგა მეანაბრეების სასარგებლოდ, როდესაც ერთსულოვნად დაადგინა (ხუთით ნულზე, სამმა თავი შეიკავა), რომ საბანკო გაყინვები არაკონსტიტუციური იყო, არგუმენტებად კი ის ფაქტები მოიშველია, რომ ის კერძო საკუთრებაზე კონსტიტუციურ უფლებებს „არღვევდა“. ამან გზა გაუხსნა საბანკოსაკრედიტო დეფლაციას, რაც ძალიან საჭირო იყო10. 

შაბათს, 2 თებერვალს, დუალდე, რომლის მდგომარეობაც უკვე შერყეული იყო, ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, მომდევნო ორშაბათ-სამშაბათს ბანკები არ იმუშავებდა. გაღიზიანებული და აღშფოთებული საშუალო კლასი ხმაურით გამოვიდა ქუჩაში. „ძირს ყველა პოლიტიკოსი“, „დაგვიბრუნეთ ჩვენი ფული“, ყვიროდნენ ისინი11. მაგრამ დუალდე სწრაფად მოეგო გონს და ორშაბათს დემონსტრაციულად გამოსცა ადმინისტრაციული დადგენილება 180 დღით შეეჩერებინათ ყველა იურიდიული გადაწყვეტილება საბანკო დეპოზიტების გაყინვის შესახებ, პარალელურად კი კონგრესში თავის მოკავშირეებს „ვითომდა კორუფციისა და უვარგისობისთვის” ურჩი უზენაესი სასამართლოს იმპიჩმენტის პროცესის დაჩქარება დაავალა12. 

ასეთ შემთხვევაში არგენტინის მთავრობის ერთადერთი სწორი და ეფექტიანი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ მას შექმნილი რეალობა ეღიარებინა და თავისი პოლიტიკა ამის შესაბამისად შეეცვალა. რეალობა კი ის იყო, რომ საბანკო დეპოზიტები აღარ (და არც არასდროს) წარმოადგენდა რეალური პესოსა და დოლარების მიმართ ნომინალური ღირებულების მქონე ქონებრივ ვალდებულებებს ზემოთ აღნიშნული ფიქსირებული კურსით. ნაწილობრივი რეზერვების საბანკო სისტემაში აღარ არსებობდა ვალუტის ის რაოდენობა, რომ დეპოზიტები დაეფარა. 

ეკონომიკურ რეალობაში, ბანკის დეპოზიტები სესხსა და საინვესტიციო პორტფელზე, მათ შორის, ნაღდი ფულის მარაგზე უფლებას ნიშნავს. ამიტომ, ყოველი ბანკი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს მის მეანაბრეებს, ანუ ერთობლივი მმართველობის ფონდად უნდა გარდაიქმნას. ერთობლივი მმართველობის ფონდში საკუთრების უფლება, ანუ „ქონებრივი წილი’ მისი წინამორბედი ინსტიტუტის სადეპოზიტო ბალანსის მიხედვით უნდა განაწილდეს ყოფილ მეანაბრეებს შორის. 

ამას შედეგად საბანკო კრედიტის დეფლაცია მოჰყვება, რაც ფულის მასის ერთჯერად, სწრაფ და მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს და სავალუტო ბაზრის დონემდე დაიყვანს, რაც ხალხის ხელში და ბანკებში არსებული პესოსა და დოლარის რეზერვების ტოლი იქნება. 

მართალია, ნომინალური ღირებულება და ხელფასის დონე მკვეთრად დაიწევს, მაგრამ პესოს ღირებულება შესაბამისად გამყარდება, ვალუტის გაცვლა და ბრუნვა აღდგება და რესურსებისა და ქონებრივი უფლებების განაწილებას ისევ საბაზრო პროცესები წარმართავს.

______________

1. Frank Shostak, Ord Minnett Jardine Fleming Futures Daily Report (July 20, 2001)

2. Reuters, „Riots and Looting in Argentina as Austerity Plan Bites,“ The New York Times on the Web, (December 19, 2001).

3. Larry Rohter, „Argentina Is Still Shaky Despite Currency Measures,“ The New York Times on the Web, (January 11, 2002).

4. I bid.

5. Anthony Faiola, „Argentina Restricts Bank Withdrawals,“ washingtonpost.com (December 2, 2001), p. A30.

6. David Luhnow, „Argentina Intensifies Defense of PesoDollar Link,“ The Wall Street Journal (December 3, 2001), p. A15.

7. Knight Ridder Newspapers, „Argentina in Cash Chaos: Government Orders Use of Debit Cards over Currency,“ arizonarepublic.com (December 6, 2001).

8. Faiola, „Argentina Restricts Bank Withdrawals.“

9. Marc Lifsher and John Hechinger, „Argentina Will Pay Bank Deposits in Pesos,“ The Wall Street Journal (January 21, 2002), p. A2

10. Mayra Pertossi, „Argentine Bank Freeze Deemed Illegal,“ Associated Press (February 1, 2001), dailynews.yahoo.com

11. BBC News, „Argentina `on brink of anarchy,’“ (February 2, 2002), news.bbc.co.uk..

12. Michelle Wallin and Jonathan Karp, „In Argentina, It’s Duhalde against Judges,“ The Wall Street Journal (February 5, 2002), p. A12.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s