ფულის შესახებ (მხარგაშლილი ატლანტი, II წიგნი. II თავი.)

71inOGmnWKL


რეარდენმა გაიგო, თუ როგორ გადაულაპარაკა ბერტრამ სკადერმა ვიღაც გოგონას, რომელმაც შემდეგ აღშფოთებულმა წამოიძახა:

– მის გამო გული ნუ დაგწყდება. ხომ იცი, რომ ფული ყველანაირი ბოროტების საწყისია, და ის კი ფულის ტიპიური პროდუქტია.

რეარდენს არ ეგონა, რომ ფრანცისკოს შეეძლო ეს გაეგონა, მაგრამ დაინახა, როგორ შებრუნდა ის წყვილისკენ ცივი, მაგრამ თავაზიანი ღიმილით.

– მაშასადამე, თქვენ ფიქრობთ, რომ ფული ბოროტების საწყისია? – იკითხა ფრანცისკო დ’ანკონიამ – როდესმე გიკითხავთ, როგორ წარმოიშვა თავად ფული? ფული გაცვლის საშუალებაა, რომელიც ვერ იარსებებს სხვადასხვა ნაწარმის და მათი შემქმნელი ადამიანების გარეშე, ფული არის განხორციელება პრინციპისა, რომ ერთმანეთთან საქმის დაჭერის მსურველებმა, უნდა მიმართონ ვაჭრობას და ფასეულობა ფასეულობაზე გაცვალონ. ფული არც მათხოვრების იარაღია, რომლებიც თავს ცრემლებით გაცოდებენ, რომ თქვენი ნაშრომი გამოგტყუონ და არც მძარცველების, რომლებიც ამისთვის ძალადობას მიმართვენ. ფული მხოლოდ მწარმოებელი ადამიანების დამსახურებით არსებობს. ამას მიიჩნევთ ბოროტებად?

– როდესაც თქვენ ფულს გაწეული ძალისხმევის სანაცვლოდ იღებთ, ამას მხოლოდ იმ რწმენით აკეთებთ, რომ მას სხვების ძალისხმევით შექმნილ საქონელში ცვლით. ფულს თავის ღირებულებას მათხოვრები ან მძარცველები როდი სძენენ. თქვენ საფულეში არსებულ ამ ქაღალდის ნაგლეჯებს ხვალინდელ ლუკმა-პურად ვერც ცრემლების ზღვა გიქცევთ და ვერც მთელი მსოფლიოს იარაღი. ეს ქაღალდის ნაგლეჯები, რის მაგივრადაც ოქრო უნდა ყოფილიყო, გამოხატავს პატივისცემას მწარმოებელი ადამიანების ენერგიის მიმართ. თქვენი საფულე არის იმ იმედის სიმბოლო, რომ თქვენს ირგვლივ დარჩა ხალხი, რომელიც ფულის არსებობის ზნეობრივ პრინციპს არ უღალატებს. ამას მიიჩნევთ ბოროტებად?

– ოდესმე ნაწარმის წარმოშობაზე გიფიქრიათ? შეხედეთ ელექტროგენერატორს და გაბედეთ თქვათ, რომ ეს უტვინო ოყლაყების კუნთების ძალისხმევის შედეგია. სცადეთ ხორბლის მოყვანა იმ გამოცდილების გარეშე, რომელიც მისმა პირველმა მომყვანებმა გაგვიზიარეს. სცადეთ საკვების მხოლოდ ფიზიკური ძალით მოპოვება და მაშინ მიხვდებით, რომ ადამიანის გონება არის საწყისი ყველა ნაწარმის და მთელი იმ სიმდიდრისა, რომელსაც ოდესმე სამყაროში უარსებია.

– იქნებ თქვენ ამტკიცებთ, რომ ფული იქმნება ძლიერთა მიერ, სუსტების ხარჯზე? რომელ ძალაზე ლაპარაკობთ? სიმდიდრეს არა კუნთებისა ან იარაღის ძალა, არამედ ადამიანის აზროვნების უნარი ქმნის. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ძრავის გამომგონებელი იმათ ხარჯზე გამდიდრდა, ვისაც არაფერი გამოუგონებია? რომ ჭკვიანი ხალხი ფულს სულელთა ხარჯზე შოულობს, ნიჭიერი უნიჭოთა, ამბიციური ზარმაცთა ხარჯზე?

ფული, სანამ მისი მოპარვა ან მათხოვრობით გამოძალვა გახდება შესაძლებელი, პატიოსანი ხალხის შრომით კეთდება, პატიოსანია კაცი რომელმაც იცის, რომ ვერ მოიხმარს იმაზე მეტს, ვიდრე აწარმოებს.

– ფულის საშუალებით ვაჭრობა პატიოსანი ადამიანისთვის ცხოვრების წესია.

ფული ემყარება აქსიომას, რომ ყოველი ადამიანი თავისი გონებისა და ძალისხმევის ბატონ-პატრონია. ფული არ იძლევა უფლებას წინასწარ განსაზღვროთ თქვენი ძალისხმევის საფასური, ვიდრე ვინმე ნებაყოფილობით არ მოინდომებს, რომ სანაცვლოდ თავისი ძალისხმევის შედეგები შემოგთავაზოთ. ფული მხოლოდ იმის ნებას გრთავთ, რომ თქვენ საქონელსა და შრომაში გადაგიხადონ ზუსტად იმდენი, რამდენის გაღებაც მყიდველებს უღირთ. ფულის მეშვეობით მხოლოდ ნებაყოფლობითი, ურთიერთმომგებიანი გარიგებები ხორციელდება. ფული თქვენგან მოითხოვს აღიარებას, რომ ადამიანებმა უნდა იშრომონ თავის სასარგებლოდ და არა საზიანოდ, სახეიროდ და არა საზარალოდ; აღიარებას იმისა, რომ ისინი თქვენი წარუმატებლობის შესამსუბუქებლად არ დაბადებულან, ხოლო მათ რაიმე ფასეული უნდა შესთავაზოთ და არა საკუთარი გაჭირვება, ხოლო ადამიანების საერთო მახასიათებელი საქონლის და არა ტანჯვის ურთიერთგაცვლაა. ფული გავალდებულებთ, რომ გაყიდოთ არა სისუსტე უვიცებზე, არამედ ნიჭი დამფასებლებზე; ის გავალდებულებთ, რომ მიღოთ არა უარესი შემოთავაზება, არამედ საუკეთესო, რომელსაც გასწვდებით. მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანები ვაჭრობით ირჩენენ თავს, ხოლო მათი უზენაესი გამრიგე გონებაა და არა ძალა, ასეთ შემთხვევაში იმარჯვებს ყველაზე კარგი საქონელი და მომსახურება, საუკეთესო განსჯისა და უნარ-ჩვევების მქონე ადამიანი. ამდენად, ადამიანის ანაზღაურება დამოკიდებული ხდება მის შრომის ნაყოფიერებაზე. ეს არის ცხოვრების წესი, რომლის საშუალებასა და სიმბოლოს ფული წარმოადგენს. ამას მიიჩნევთ ბოროტებად?

– ფული მხოლოდ საშუალებაა. ის სასურველ ადგილას მიგიყვანთ, მაგრამ საჭესთან ვერ ჩაგანაცვლებთ. ის მოგცემთ საშუალებას სურვილები დაიკმაყოფილოთ, მაგრამ თავად სურვილებს ვერ გაგიჩენთ. ფულს უბედურება მოაქვს მათთვის, ვინც მიზეზ-შედეგობრიობის კანონის გაუკუღმართებას ცდილობს და გონების ჩაანაცვლება სხვისი მიღწევების მითვისებით უნდა.

– ფული ვერ მოუტანს ბედნიერებას მას, ვინც არ იცის, რა უნდა; იგი ვერ შეგიქმნით ღირებულებათა კოდექსს, თუ თქვენ არ იცით, რა არის ღირებული თქვენთვის!

ის ვერ გაუჩენს მიზანს მათ, ვინც არ იცის, რას ეძებს. ფული ვერ შესძენს ინტელექტს სულელს, სიმამაცეს – მშიშარას, ან პატივისცემას – უცოდინარს. ის, ვინც ცდილობს ფულით მოისყიდოს მასზე ჭკვიანები და დითირამბები ამღეროს, მასზე უარესების მსხვერპლი გახდება. ჭკვიანი აუცილებლად მიატოვებს ამგვარ ადამიანს, სამაგიეროდ მატყუარებისა და თაღლითების მთელი ჯარი მისკენ მიმართავს ყურადღებას, მიზიდულობის წესით, რომელიც ჯერ არ გაუცნობიერებია: ადამიანი არ უნდა იყოს მის ფულზე პატარა, რომ წნეხს გაუძლოს. ამის გამო მოიხსენიებთ ბოროტებად?

– მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას ინარჩუნებს მხოლოდ ის, ვინც წარმატებას ისედაც მიაღწევდა. თუ მემკვიდრე შეეფერება სამკვიდროს, ის მას მოემსახურება და თუ არა – გაანადგურებს. მაგრამ შენ უყურებ და მოთქვამ, რომ ის ფულმა გარყვნა.

მართლაც ასეა? ეგებ მან გარყვნა ფული? ნუ გშურთ უღირსი მემკვიდრის. მისი ქონება თქვენ მაინც არ გეკუთვნით და რომც გეკუთვნოდეთ, არც თქვენ იქნებოდით უკეთესი.

ნუ ფიქრობთ, რომ ეს ფული თქვენთვის უნდა გაენაწილებინათ. ერთის მაგივრად ორმოცდაათი პარაზიტის გაჩენით, ვერ გააცოცხლებთ იმ სულისკვეთებას, რომელმაც წარსულში წარმატება მოიტანა. ფული ცოცხალი სხეულია, რომელიც ფესვების გარეშე ჭკნება. გონება, რომელიც ფულს არ იმსახურებს, ვერც გამოიყენებს მას. ამის გამო მოიხსენიებთ ბოროტებად?

– ფული თქვენი გადარჩენის საშუალებაა. თქვენი კეთილდღეობის წყაროსთვის გამოტანილი განაჩენი კი, იგივეა რაც, თავად თქვენი სიცოცხლისთვის გამოტანილი განაჩენი. თქვენივე თავს ვნებთ, თუკი თქვენი შემოსავლის წყარო მანკიერია. ფულს თაღლითობით შოულობთ? ადამიანების სისუსტეებითა და გაუნათლებლობით სარგებლობთ? სულელებს ეგებით ფეხქვეშ, იმ იმედით, რომ მიღებთ უფრო მეტს, ვიდრე შეგეფერებათ? დაბლა სწევთ თქვენ სტანდარტებს? ასრულებთ საძულველ სამუშაოს მყიდველებისთვის, რომლებსაც პატივს არ სცემთ? თუ ასეა, ამ გზით ნაშოვნი ფული წამიერ ბედნიერებას ან კმაყოფილების გრძნობასაც კი არ მოგიტანთ. ყველაფერი რასაც შეიძენთ, თქვენთვის გახდება არა ჯილდო, არამედ სასჟელი; არა მიღწევა, არამედ სირცხვილის მუდმივი შეხსენება. შედეგად თქვენ შესძახებთ, რომ ფული ბოროტებაა.

ბოროტებაა რადგან ის არ ამაღლებს თქვენ თავმოყვარეობას? ბოროტებაა იმიტომ, რომ ის არ გაძლეევთ გარყვნილებით ტკბობის უფლებას? ამის გამო გძულთ ფული?

– ფული ყოველთვის შედეგი იქნება და ვერასოდეს ჩაგანაცვლებთ თქვენ, როგორც მიზეზს. ფული არის ზნეობრიობის პირმშო, მაგრამ მას არ შუძლია, რომ ზნეობრივი გაგხადოთ და არც თქვენი ცოდვები შეგინდოთ. ფული ვერ მოგცემთ ვერაფერს დაუმსახურებლად, ვერც ფიზიკურ და ვერც სულიერ სამყაროში. ამის გამო გძულთ ფული?

– შეიძლება თქვენ თვლით, რომ ფულის სიყვარულია ბოროტება? რაიმეს სიყვარული მის შინაგანი ბუნების ცოდნას და გათავისებას ნიშნავს. ფულის სიყვარული იმის ცოდნას და გათავისებას ნიშნავს, რომ, მას თქვენში არსებული საუკეთესო ძალები ქმნიან და წარმოადგენს გასაღებს, რომლის საშუალებითაც თქვენი ძალისხმევის შედეგები შეგიძლიათ სხვების ძალისხმევის საუკეთესო შედეგებზე გაცვალოთ. ის, ვინც მზადაა, სული ხუთ ცენტად გაყიდოს, ყველაზე ხმამაღლა ყვირის, რომ ფული სძულს და მას მართლაც აქვს საფუძველი, რომ ფული სძულდეს. ფულის მოყვარული ხალხი კი მზად არის გამოიმუშაოს ის, რადგან იციან, რომ შეუძლიათ დამსახურება.

– ნება მომეცით, ადამიანის ხასიათის შესაფასებლად რჩევა მოგცეთ: თუკი ადამიანი ფულს უდიერად მოიხსენიებს, მას ის უღირსი გზით ექნება ნაშოვნი, ხოლო თუ პატივისცემით – დამსახურებულად გამომუშავებული.

– უკანმოუხედავად მოერიდეთ იმათ, ვინც ფულს ბოროტებას უწოდებს! ეს ფრაზა ზარივით მიგვანიშნებს მძარცველის მოახლოვებას. სანამ ადამიანები ამ ქვეყნად იცხოვრებენ და ერთმანეთთან გარიგება დაჭირდებათ, ფულზე უარის თქმის შემთხვევაში, დარწმუნების ერთადერთი საშუალება საფეთქელზე მიბჯენილი იარაღი იქნება.

– თუკი გსურთ, რომ ფული გამოიმუშაოთ და შეინარჩუნოთ, უაღრესი კეთილგონიერება გმართებთ. ვისაც არ აქვს ღირსება, გამბედაობა, თავმოყვარეობა, გრძნობს რომ არ იმსახურებს ფულს და მზად არაა დაიცვას ის, როგორც საკუთარი სიცოცხლე, ბოდიშს იხდის სიმდიდრის გამო, დიდხანს ვერ შეინარჩუნებს სიმდიდრეს. ის გახდება უამრავი თაღლითის სამიზნე, რომლებიც წლების მანძილზე სიბნელეში იმალებიან, მაგრამ აუცილებლად გამოხოხდებიან, იყნოსავენ თუ არა ვინმეს, ვინც ბოდიშს იხდის სიმდიდრის გამო. ისინი სწრაფად გაანთავისუფლებენ მას დანაშაულის შეგრძნებიდან და სოცოცხლესაც გამოასალმებენ, თუკი დაიმსახურებს.

– ამ შემთხვევაში თქვენ ორმაგი სტანდარტების აღზევებას იხილავთ – მოძალადეები მოვაჭრეების ხარჯზე შესძენენ ღირებულებას საკუთარ ნაძარცვს. ისინი დაემგზავრებიან პატიოსნებას. ზნეობრივ საზოგადოებაში ასეთ ხალხს დამნაშავეები ქვია და მათგან დასაცავად კანონები იქმნება. მაგრამ როდესაც საზოგადოება კრიმინალს წესად აქცევს და ძარცვას აკანონებს, ანუ მოძალადეს დაუცველი მსხვერპლის ყვლეფის უფლებას აძლევს, ფული მისი შემქმნელების წინააღმდეგ შურისძიების იარაღად იქცევა. ყაჩაღები თვლიან, რომ ქურდობა შერჩებათ, რახან კანონმა მათი მსხვერპლი განაიარაღა. მაგრამ ჯაჭვური რეაქციით, ყაჩაღი თვითონ ხდება სხვა ყაჩაღების მსხვერპლი.

საბოლოოდ იმარჯვებს არა ყველაზე ნიჭიერი მწარმოებელი, არამედ ყველაზე სასტიკი მოძალადე. იქ, სადაც ძალადობაა საზომი, მკვლელი ჯობნის ჯიბის ქურდს. მსგავსი საზოგადოება საბოლოოდ იქცევა ნანგრევებად და სასაკლაოდ.

– გსურთ გაიგოთ ახლოს არის თუ არა ეს დღე? დააკვირდით ფულს. ფული საზოგადოების პატიოსნების ერთგვარი საზომია. თქვენი საზოგადოება განწირულია, თუკი ვაჭრობა ეფუძება არა ნებაყოფილობით შეთანხმებებს, არამედ იძულებას, თუკი წარმოებას ჭირდებათ ნებართვა იმისგან ვინც არაფერს აწარმოებს, თუკი ფული მიედინება მათკენ, ვინც ცდილობს პრივილეგია მოიპოვოს და არა საქონელი გაყიდოს, თუკი ხალხი ქრთამით ან გავლენით მდიდრდება და არა შრომით, ხოლო კანონი კი თქვენს მაგიერ მათ იცავს, თუკი კორუფცია საჩუქრდება, პატიოსნება კი თვითგვემად ითვლება. ფული პატიოსანი შუამავალია, რომელიც იარაღსა და ძალადობას ვერ ეგუება. ის არ მისცემს ქვეყანას უფლებას, იარსებოს საკუთრების ხელყოფისა და ყაჩაღობის პირობებში.

– როგორც კი დამანგრეველები გამოჩნდებიან ადამიანებს შორის, პირველ რიგში ფულს ანადგურებენ, რადგან ფული კაცობრიობის ზნეობის საფუძველი და მცველია. დამანგრეველები ოქროს იტაცებენ და მის ნაცვლად პატრონს გაყალბებული ქაღალდის ფულის გროვას უტოვებენ. ეს კი ანადგურებს ყველა ობიექტურ ღირებულებას და კაცობრიობას თავნება მმართველის მიერ თვითნებურად ჩამოყალიბებული ღირებულებების ამარა ტოვებს. ოქროს ობიექტური ღირებულება ქონდა, სიმდიდრის ექვივალენტი იყო. ქაღალდის ნიშნები კი არარსებული ქონების გირაოა, რომელიც ამ ქონების სავარუდო მწარმოებლზე დამიზნებული იარაღის ძალით არის უზრუნველყოფილი.

ის კანონიერ მძარცველთა ხელში მოთხოვნამდე ჩეკია, იმ ანაბარზე, რომელიც სინამდვილეში არ მათ, არამედ მსხვერპლს ეკუთვნს. უფრთხილდით იმ დღეს, როდესაც ყველა მხრიდან გაიგებთ: “ანგარიში ამოწურულია.”

– თუ ბოროტებას გადარჩენის საშუალებად აქცევთ, ნუღარ ელით სიკეთეს კაცობრიობისგან. ნუ ელით, რომ ადამიანი შეინარჩუნებს ღირსებას და თავს უზნეობასთან ბრძოლას შეაკლავს. ნუ მოელით წარმოებას იქ, სადაც ის ისჯება, ხოლო თაღლითობა კი, ჯილდოვდება. ნუ კითხულობთ “ვინ ანადგურებს სამყაროს” – ეს თქვენ ხართ.

– თქვენ უდიდესი მიღწევებისა და მწარმოებლურობის მქონე ცივილიზაციის შუაგულში დგახართ, სისხლიან ფულს წყევლით და გიკვირთ, რატომ ყანყალებს თქვენს გარშემო ყველაფერი. თქვენ ველურებივით ზევიდან უყურებთ ფულს და მაინც გიკვირთ, რატომ მოადგა ჯუნგლები ქალაქის კედლებს. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ფული ერთი მძარცველიდან მეორესთან გადადიოდა, არც მეთოდები იცვლებოდა: ქონების ხელში ჩაგდება ძალით, მეწარმეთა დამონებით, მათთვის წოდების ჩამორთმევითა და ღირსების აყრით ხდებოდა.

ფრაზა “ფული ბოროტების საწყისია”, რომელიც გულწრფელი ქარაფშუტობით ამოდის თქვენი პირებიდან, ეს ჯერ კიდევ იმ დროს დაიწყო, როდესაც ქონება მონების შრომით ჩნდებოდა – მონებისა, რომლებიც საუკუნეების მაძილზე ერთსა და იმავე უსამართლო რუტინაში იყვნენ ჩაბმული, როდესაც წარმოებას ძალადობა მართავდა და ქონება ძალადობით მოიპოვებოდა.

და მაინც, მთელი ამ დროის მანძილზე გაბატონებული შიმშილისა და წამების ფონზე, კაცობრიობამ შეძლო ამ ყაჩაღთა: არისტოკრატების, დიდგვაროვნების, ბიუროკრატიული არისტოკრატების განდევნა, რომლებიც ზემოდან უყურებდნენ მეწარმეებს, ვაჭრებსა და დახლიდარებს – სამრეწველო დარგების შემქმნელებს.

– პირველად და ერთად ერთხელ კაცობრიობის ისტორიაში, მისდა სასახელოდ შეიქმნა ფულის ქვეყანა და მე ვერ შევძლებ უკეთ აღვწერო ამერიკა, რადგან ეს ნიშნავს: გონივრულობას, სამართლიანობას, თავისუფლებას, მეწარმეობას და მიღწევებს.

ადამიანის გონებამ და ფულმა პირველად იხილა თავისუფლება. მიტაცებით წარმატების მიღწევის ნაცვლად, მხოლოდ შრომით მოპოვებული წარმატება დამკვიდრდა. ყაჩაღები და მონები ჩაანაცვლეს მათ, ვინც ნამდვილად ქმნიან ქონებას, ადამიანის ყველაზე კეთილშობილმა ნაწილმა – ადამიანებმა, რომლებმაც თავისი მდგომარეობა თავადვე შექმენს – ამერიკელმა მეწარმეებმა.

– ჩემი აზრით, ამერიკისთვის ყველაზე საამაყო (რადგან ეს მოიცავს ყველაფერ დანარჩენს) ფრაზაა “ფულის კეთება”. აქამდე ეს ფრაზა არავის გამოუყენებია; ხალხი სიმდიდრეს ყოველთვის სტატიკურ ერთეულად აღიქვამდა, რომელსაც მოიპოვებდი, მემკვიდრეობით ან საჩუქრად იღებდი, იპარავდი ან იყოფდი. ამერიკელები იყვნენ პირველები, ვინც მიხვდა, რომ ქონება უნდა შექმნა. ეს ფრაზა ადამიანის ზნეობას ასახავს.

– და მაინც ამ სიტყვების გამო ამერიკა გახდა დასაცინი გახრწნილი კულტურის ქვეყნების მხრიდან. ამ ქვეყნების ყაჩაღები მიიჩნევენ, რომ ყველაზე დიდი მიღწევები სირცხვილის სიმბოლოა, თქვენი კეთილდღეობა დანაშაული, თქვენ შორის საუკეთესონი – მეწარმეები – არამზადები არიან და შესანიშნავი ქარხნები, ეგვიპტის პირამიდების მსგავსად, კუნთმაგარი მონების შრომის ნაყოფია. ის მათხოვარი, რომელიც ამტკიცებს, რომ დოლარისა და მათრახის ძალა ერთი და იგივეა, დარწმუნებული ვარ, მალე საკუთარ ტყავზე გამოსცდის, რა განსხვავებაა მათ შორის.

– სანამ არ გაითავისებთ, რომ ფული სიკეთის საწყისია, საკუთარი თავის განადგურებით იქნებით დაკავებული. როდესაც ფული ადამიანებს შორის გარიგების საშუალება აღარ არის, მის მაგივრად თავად ადამიანი ხდება გაცვლის საგანი სხვა ადამიანების ხელში.

– სისხლი, მათრახი, იარაღი თუ დოლარი – აირჩიეთ, სხვა ვარიანტი არ არსებობს და იჩქარეთ, – თქვენი დრო იწურება!

 

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s