მეწარმეობის ბედი

L.H.Rockwell

ლეველინ ჰ. როქუელი

“ლუდვიგ ფონ მიზესი არ იყო ისეთი გამოთქმების მოყვარული, როგორიცაა, ვაჭრობის “სასწაული”, წარმოების “ჯადოსნურობა” ან ნებისმიერი ისეთი აზრის, რომელიც ეკონომიკური სისტემის მისტიურ, ზეადამიანურ ძალაზე დამოკიდებულებას გულისხმობს. მისი შეხედულებით, ჩვენი კეთილდღეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად რაციონალურად გვესმის, რატომაა ბაზარი პასუხისმგებელი შრომის ნაყოფიერების ზრდასა და წარმოების დონის წარმოუდგენელ მატებაზე, რამაც ადამიანთა პოპულაციის თვალსაჩინო ზრდას და საყოფაცხოვრებო სტანდარტების საოცარ ამაღლებას შეუწყო ხელი.

მისი მტკიცებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არავითარი “გერმანული სასწაული” არ მომხდარა. მეურნეობის გამაოგნებელი აღორძინება საბაზრო ძალებში თავისთავად მოქმედმა ეკონომიკურმა ლოგიკამ განაპირობა. როგორც კი შევძლებთ, გავიგოთ თუ რა კავშირია საკუთრების უფლებას, საბაზრო ფასებს, წარმოების დროით სტრუქტურასა და შრომით დანაწილებას შორის – მისტიციზმი ქრება, ხოლო ჩვენ საშუალება გვეძლევა, დავაკვირდეთ თუ როგორ განაპირობებს ადამიანის საქმიანობა დიად მოვლენებს.

მართლაც, ეკონომიკის პრინციპების გასაგებად, რწმენის ქონა საჭირო არაა, მაგრამ არის მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც საბაზრო ურთიერთობების მონაწილეებში მის არსებობას მაინც მოითხოვს (ამას თვით მიზესიც არ უარყოფდა) და ეს ხშირად სწორედ ის უსაზღვრო რწმენაა, მთების დაძვრა და ცივილიზაციების შექმნა რომ შეუძლია. თუ დავეთანხმებით წმ. პავლეს მიერ “რწმენის” უაღრესად საინტერესო ახსნას “უხილავ საქმეთა მტკიცებულებაში”, შევძლებთ, მეწარმეობა და კაპიტალიზმი, რწმენის გამოვლინებად აღვიქვათ.

ყოველ ადამიანს, რომელიც ბიზნეს სფეროში მოღვაწეობს, ეს კარგად ესმის. ბიზნესის შესანარჩუნებლად, აუცილებელია, ყოველდღიურად ასჯერ მაინც დაინახო ის, რაც ჩვეულებრივი თვალისთვის დამალულია. საბაზრო სფეროს რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ მყიდველს ხვალვე შეუძლია ბიზნესიდან გამოგაძევოს – ერთადერთი, რაც მან ამისთვის უნდა გააკეთოს – არ მოვიდეს პროდუქციის საყიდლად.

ეს გახლავთ საერთო ჭეშმარიტება, როგორც დიდი, ასევე მცირე ბიზნესისთვის, რომლის არცერთ სფეროში არ არსებობს ისეთი გაგება, როგორიცაა – გარკვეულობა. ნებისმიერი ბიზნესი საბაზრო ეკონომიკაში, მხოლოდ ერთი ნაბიჯითაა დაშორებული გაკოტრებას. არც ერთ ბიზნესს არ შესწევს ძალა, რომ ვინმეს აიძულოს იყიდოს, ის, რაც არ სურს. ყოველი წარმატება როგორც წესი – წარმავალია.

მართალია, წარმატებას მოგება მოაქვს, მაგრამ დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. თითოეული ცენტი, რომელსაც მოგებიდან იღებთ, შესაძლოა, რომ ინვესტიცია ყოფილიყო თქვენი ბიზნესის განსავითარებლად, მაგრამ არც ეს ინვესტიციებია ბოლომდე საიმედო. დღევანდელი დიდი წარმატება, შესაძლოა, ხვალინდელ ჩავარდნად იქცეს. ის, რაც სოლიდურ ინვესტიციად გეჩვენებათ, თავისუფლად შეიძლება, მოკლევადიანი გატაცება აღმოჩნდეს. რაც წარსული გაყიდვებიდან პოტენციურ და უმეტესწილ წარმატებულ საქმედ გეჩვენებათ, შესაძლებელია, რომ სინამდვილეში ბაზრის ის სეგმენტი აღმოჩნდეს, რომელმაც თავისი შესაძლებლობები მალევე ამოწურა.

იმპერატორებს შეუძლიათ, დაკმაყოფილდნენ თავიანთი მიღწევებით, კაპიტალისტებს – არა.

გაყიდვების ისტორია მხოლოდ წარსულის სურათია და სხვა არაფერი. შეუძლებელია, მომავალი გარკვევით დაინახოთ, რადგან ის მხოლოდ დაბურული მინიდან დანახულ ანარეკლად ჩანს. წარსული ქმედებები არათუ სამომავლო გარანტიებს არ გვძლევს, არამედ არც მეტი და არც ნაკლები, მხოლოდ ისტორიული მონაცემებია, რომელიც მომავალზე არაფერს გვეუბნება. ალბათობა არც მაშინ იცვლება, თუ მომავალი წარსულს დაემგვანება, ისევე როგორც არ იცვლება ალბათობა იმისა, რომ მონეტის აგდებისას, სასურველი ვარიანტი მხოლოდ იმიტომ მოგვეცემა, რომ წინა ხუთი ცდა წარმატებული იყო. სამგზავრო რუკის არარსებობის მიუხედავად, მეწარმე-ინვესტორმა ისე უნდა იმოქმედოს, თითქოს მომავალი გაწერილია. მან მაინც უნდა დაიქირაოს თანამშრომლები და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ბაზარზე გამოჩენამდე ბევრად უფრო ადრე გადაუხადოს ანაზღაურება, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ საბაზრო პროდუქციის გაყიდვასა და მოგებად გადაქცევაზე. აუცილებელია სათანადო აღჭურვილობის შეძენა, განახლება, შეკეთება და ახლით ჩანაცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეწარმემ დღევანდელ ხარჯებზეც ისევე უნდა იფიქროს, როგორც ხვალინდელზე, ზეგინდელზე და ასე უსასრულობამდე…

ხარჯები (განსაკუთრებით თანამედროვე რეალობაში), შესაძლოა საოცრად მაღალი იყოს. საცალო მოვაჭრემ უნდა გაითვალისწინოს, რომ მომწოდებლებისა და ინტერნეტ-მომსახურების უამრავი შესაძლებლობა არსებობს. აუცილებელია, იპოვოთ რაიმე ხერხი, რომ სამყაროს თქვენი არსებობის შესახებ გააგებინოთ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი საუკუნის მანძილზე ცდილობდნენ, ეპოვათ სამეცნიერო მეთოდი იმისთვის, რათა გაერკვიათ თუ რა ნუსხავს მყიდველს რეკლამა მაინც რჩება მაღალი ხელოვნების ნიმუშად და არა პოზიტიურ მეცნიერებად, რომელსაც დიდი ხარჯიც აქვს. მართლა ახერხებთ სწორი შეტყობინების გაგზავნას თუ უბრალოდ ფულს წყალს ატანთ? წინასწარ ამის გაგება შეუძლებელია.

არსებობს კიდევ ერთი პრობლემა: არ არსებობს წარმატების მომტანი გამოცდილი მეთოდი. რადგან ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორის სრულყოფილად კონტროლი შეუძლებელია. ხანდახან, ყველაზე წარმატებულმა ბიზნეს-კოპორაციებმაც კი ზუსტად არ იციან თუ რა არის ის, რაც მათ პროდუქციას კონკურენტ პროდუქტზე მაღლა აყენებს. არის ეს ფასი, ხარისხი, სტატუსი, ადგილმდებარეობა, რეკლამირება ანდაც ფსიქოლოგიური ასოციაციები, რომელსაც პროდუქტი იწვევს მყიდველში – თუ კიდევ რაიმე სხვა?

მაგალითად, 1980-იან წლებში, კოკა-კოლამ გადაწყვიტა, ფორმულა შეეცვალა და სასმელს რეკლამირება გაუწია, როგორც ახალ კოკა-კოლას. შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა: მიუხდავად იმისა, რომ საცდელ დაგემოვნებაზე ახალი ვერსია წინამორბედზე გემრიელად აღიარეს მომხმარებელი მაინც გაიქცა.

თუ ისტორიული მონაცემების ინტერპრეტირება ესოდენ ძნელია, ლოგიკურად ბევრად რთული უნდა იყოს სამომავლო, შესაძლო შედეგის გამოთვლა. თქვენ შეგიძლიათ, რომ დაიქირაოთ ბუღალტერები, მარკეტინგული სააგენტოები, ფინანსების მართვის ოსტატები და დიზაინერები… ისინი ტექნიკოსები არიან, მაგრამ გაურკვევლობების დაძლევის საკითხებში სანდო ექსპერტი მაინც არ არსებობს. ანალოგად შეგვიძლია, მოვიყვანოთ კაცი ბნელ ოთახში, რომელიც ორ ადამიანს იქირავებს, რათა სიარულში დაეხმარონ. მართალია, მისი ნაბიჯები მტკიცე და განსაზღვრული იქნება, მაგრამ არც ერთმა მათგანმა მაინც არ იცის დანამდვილებით, წინ რა ელის.

“ის, რაც წარმატებულ მეწარმესა და პრომოუტერს სხვებისგან განასხვავებს” – წერს მიზესი – “არის ზუსტად ის, რომ ეს პიროვნებები არ იხელმძღვანელებენ იმით, რაც იყო ან არის, არამედ თავის გეგმებს იმის საფუძველზე ჩამოაყალიბებენ, რაც მათი აზრით მომავალში მოხდება. ისინი ხედავენ წარსულსაც და მომავალსაც როგორც სხვები, მაგრამ მომავალს განსხვავებულად აფასებენ.”

ზუსტად ამ მიზეზის გამო, შეუძლებელია, რომ სამეწარმეო უნარ-ჩვევების გამომუშავება წვრთნისა და ცოდნის მიღების გზით მოხდეს. ეს ისეთი რამაა, რაც ცალკეულ ადამიანებში ძევს და მათ მიერვე გამოიყენება. შეუძლებელია არსებობდეს ქმედითუნარიანი მწარმოებელთა მმართველი კომიტეტები და მით უმეტეს, მეწარმეობის დაგეგემვის საბჭოები.

მთავრობის უუნარობა დაინახოს მწარმოებლობის რწმენა, არის, ერთ-ერთი იმ მრავალ მიზეზთა შორის, თუ რატომ არ იმუშავებს სოციალიზმი. მიუხედავად იმისა, რომ ბიუროკრატს შეუძლია, ისტორიას გადახედოს და ამტკიცოს, რომ მის სააგენტოს შეეძლო შეექმნა მანქანა, გაეშრო კედელი ან აეწყო გემი. მას მაინც არ ძალუძს მიხვდეს, თუ რა სახის ინოვაციები მოაქვს მომავალს. მისი ერთადერთი წინამძღოლი ტექნიკაა: მას შეუძლია სპეკულაცია იმის შესახებ, თუ რა იმუშავებს აწმყოში არსებულ ვერსიაზე უკეთ, მაგრამ ეს არ არის ეკონომიკის საკითხი. მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რა არის საუკეთესო არსებული ვარიანტებიდან რესურსების ალტერნატიულად გამოყენებისთვის, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებლის მნიშვნელოვანი თუ სასწრაფო მოთხოვნილებები, უსასრულო სურვილთა შორის.

ეს კი მთავრობისთვის შეუძლებელია. არსებობს ათასობით მიზეზი, თუ რატომ არ უნდა არსებობდეს მეწარმეობა, მაგრამ მხოლოდ ერთი ღირებული ვერსია გვაქვს თუ რატომ არის ის საჭირო: ამ ინდივიდებს მაღალ დონეზე განვითარებული თეორიული განსჯა აქვთ და მზად არიან ენდონ რწმენას, რომელიც აუცილებელია თავიანთი თეორიის უცნობი მომავლის გამოწვევების წინააღმდეგ გამოსაცდელად. სწორედ ეს რწმენის ნდობაა ის, რაც წინ წევს ჩვენი ცხოვრების სტანდარტებს და მილიონობითა და მილიარდობით ადამიანის საცხოვრებელ პირობებს აუმჯობესებს. ჩვენ ამ რწმენით ვართ გარშემორტყმული და ის გავლენას ახდენს ზრდად ეკონომიკაზე.

მიზეს, მაპატიე – “ეს სასწაულია.”

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s