მეწარმეები და აღმშენებლობითი ნგრევა

austrian-microeconomics-lecture-5-with-peter-klein-mises-academy-7-638

პიტერ ჯ. ქლაინი

სამეწარმეო კვლევამ, სწავლებამ და საკონსულტაციო საქმიანობამ ბოლო წლებში პიკს მიაღწია. ისეთი აკადემიური ორგანიზაციები, როგორიც ამერიკის ეკონომიკური ასოციაცია და მართვის აკადემია არიან, ახლა მეწარმეობას კვლევის დამოუკიდებელ სფეროდ მიიჩნევენ. კვლევითი და პოლიტიკური ორგანიზაციები, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა, ევროპის კავშირის კომისია, გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, მიწათმოქმედებასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში ჩართული სააგენტოები და სხვები, სულ უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ მეწარმეობის კვლევისა და ხელშეწყობისთვის. კაუფმანის ფონდმა მნიშვნელოვნად გაზარდა მონაცემთა შეგროვების, აკადემიური კვლევის და სამეწარმეო განათლების დაფინანსება. ბუშის ინსტიტუტმა მეწარმეობა ამერიკის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისადმი მიმართული კვლევების და პოლიტიკური საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად სფეროდ დაასახელა.

მეწარმეობა კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საგანი ხდება. მეწარმეობის კურსები, პროგრამები და გაკვეთილები არა მხოლოდ ბიზნესს სკოლებში, არამედ სხვა სასწავლო პროგრამებშიც ჩნდება. ახალი ამბები მეწარმეების, ახალი კომპანიების და ინოვაციების შესახებ არა მარტო პროფესიულ ჟურნალებსა და სავაჭრო პუბლიკაციებში, არამედ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში, ფინანსურ პრესაში, უამრავ ინტერნეტ ბლოგებსა და ტვიტერზე განთავსებულ ახალ ამბებშიც გვხვდება. “ეფელ კომპიუტერის” თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, სტივ ჯობსის გარდაცვალება 2011 წლის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბავი იყო. პოლიტიკური ელიტა მეწარმეობის განვითარებას ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებად მიიჩნევს, ისევე როგორც გზების, ჯებირების, ხიდებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობას. 2008 წელს ბანგლადეშის გრამინის ბანკის დამფუძნებლის, ეკონომისტ მუჰამედ იუნუსისათვის, რომელსაც მსოფლიოში უკიდურესად ღარიბ ქვეყნებში მცირე საწარმოებისათვის მიკროსესხების გამოყოფასა და ხელის შეწყობაზე სპეციალიზირდება, მშვიდობის პრიზის მინიჭებით, ნობელის კომიტეტმაც კი აღიარა მეწარმეობის გავლენის მნიშვნელობა. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, სინამ-დვილეში რა არის მეწარმეობა? ეს უბრალოდ თვითდასაქმება ან ახალი საწარმოს შექმნაა – კომპლექსური შედეგი, რომელიც შეიძლება შევაფასოთ, შევისწავლოთ და გავაძლიეროთ ეკონომიკური პოლიტიკის ჩვეულებრივი საშუალებების დახმარებით, თუ აზროვნების ან მოქმედების წესია?

მე მეწარმეობას არა მოვლენად, არამედ – ქმედებად მივიჩნევ, რასაც “გაურკვეველ ვითარებაში კრიტიკული გადაწყვეტილების მიღებას” ვუწოდებ. მეწარმეობისა და ეკონომიკური განვითარების შესახებ შეფასებაზე დაფუძნებულ მიდგომას ჩემს ბოლო წიგნებსა და თხზულებებში განვიხილავდი, რაც შევაჯამე ნიკოლაი ჯ. ფოსთან თანაავტორობით დაწერილ წიგნში “სამეწარმეო თვალსაზრისის ორგანიზება – კომპანიისადმი ახლებური მიდგომა”.

სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, ეკონომისტები ვერ ჩამოყალიბდნენ, თუ როგორ უნდა ასახონ სამეწარმეო გადაწვეტილებები თავიანთ თეორიებსა და მოდელებში. მეწარმეობა ოდესღაც ეკონომიკური ზრდის თეორიების ამოსავალს წარმოადგენდა. იოზეფ შუმპეტერის 1911 წელს გამოქვენებული “ეკონომიკური განვითარების თეორია” მეწარმეს ეკონომიკური წინსვლის მთავარ ფაქტორად წარმოგვიდგენს. ლუდვიგ ფონ მიზესმა, 1949 წელს გამოქვეყნებულ თავის შესანიშნავ ნაშრომში, “ადამიანის მოღვაწეობა”, მეწარმეს “ბაზრის მამოძრავებელი ძალა” უწოდა. მაგრამ XX საუკუნის შუა წლებიდან, ეკონომისტები სულ უფრო მეტად გადაერთვნენ ბაზრის ფორმალურ, მათემატიკურ მოდელებზე და გაიზიარეს ეკონომიკის კეინსისეული, უაღრესად აგრეგირებულ მონაცემებზე დაფუძნებული ინტერპრეტაცია და შესაბამისად, მიივიწყეს მეწარმე. ეკონომიკა იზრდება კაპიტალის დაგროვების და ტექნოლოგიური ინოვაციების მეშვეობით, მაგრამ ისინი ამ ყველაფერს ან უნებლიე, ავტომატურ ტენდენციებად მიიჩნევდნენ ან იმგვარ ცვლადებად, რომელთაც სახელისუფლო მგეგმავები ეკონომიკის “მოსაწესრიგებლად” მართავენ.

თუმცა, მეწარმეობა მთავრობის მართვას არ ექვემდებარება. ის არც დამწყები საწარმოებით შემოიფარგლება. ნაცვლად ამისა, ჩემი ვარაუდით, მეწარმეობის შესახებ ეკონომიკური თეორიის კლასიკური შრომების შესაბამისად, ის არის ადამიანის ქცევის არსებითი ნაწილი და დინამიურ, აქტიურ, წარმატებულ საბაზრო ეკონომიკაში საკვანძო ადგილი უჭირავს. ხოლო, თუ ახალი საწარმოს ჩამოყალიბება და მაღალტექნოლოგიური დამწყები საწარმოების განვითარება გადამწყვეტი საკითხია ეკონომიკური ზრდისთვის, როგორც ბობ ლითანი ამტკიცებს მომდევნო თავში, ეკონომიკური საქმიანობისთვის მეწარმეობა ბევრად უფრო ყოვლისმომცევლი, უფრო ფართო და უფრო მნიშვნელოვანია.

სამეწარმეო ფუნქცია

როგორ უნდა შევაფასოთ მეწარმეობა? თეორიული და პრაქტიკული ლიტერატურა გვთავაზობს მთელ რიგ დამაბნეველ განმარტებებს, შეხედულებებს და კვლევებს. მე ხელსაყრელად მიმაჩნია “პროფესიული’’, “სტრუქტურული” და “ფუნქციური” შეხედულებების ერთმანეთისაგან გამიჯვნა. “პროფესიული” თეორიები მეწარმეობას თვითდასაქმების თვალსაზრისით შეისწავლიან და კვლევის საგნად პიროვნებას მიიჩნევენ. ისინი ორიენტირებულები არიან იმ პიროვნებების დამახასიათებელი ნიშან-თვისებების აღწერაზე (მათი ასაკი, განათლება, შემოსავალი, პიროვნული თვისებები), ვინც საკუთარ საწარმოს აფუძნებს და, ასევე, ყურადღებას ამახვილებენ დასაქმებასა და თვითდასაქმებას შორის არჩევანის გაკეთების მიზეზებზე. სტრუქტურული მიდგომები საწარმოსა თუ მრეწველობის დარგის კვლევით არიან დაკავებული და “სამეწარმეო ერთეულს” ახალ ან მცირე საწარმოს უწოდებენ. დარგის განვითარების, საწარმოს ზრდის, დაჯგუფებების და ქსელების კვლევა ჩვეულებრივ მეწარმეობის სტრუქტურული კონცეფციის ჭრილში მოიაზრება. მართლაც, მოსაზრება, რომ ერთი საწარმო, მრეწველობის დარგი ან მთლიანად მეურნეობა შეიძლება სხვაზე უფრო მეტად “სამეწარმეო” იყოს, იმაზე მიანიშნებს, რომ მეწარმეობა გარკვეულ საბაზრო სტრუქტურასთან იგივდება (რაშიც უამრავი პატარა ან ახალი საწარმო იგულისხმება).

ამ მიდგომების საპირისპიროდ შუმპეტერის, მიზესის, ფრენკ ჰ. ნაითის, ისრაელ მ. კირცნერის და სხვების კლასიკური სტატიები მეწარმეობის ეკონომიკური თეორი-ის შესახებ მას წარმოგვიდგენენ, როგორც ფუნქციას, საქმიანობას ან პროცესს და არა, როგორც დასაქმების კატეგორიას ან საბაზრო სტრუქტურას. ამ ფუნქციას სხვადასხვანაირი გამოხატულება აქვს, როგორებიც არის: გაურკვევლობასთან გამკლავება, ინოვაცია, მზადყოფნა შესაძლებლობების გამოყენებისთვის, კოორდინაცია და წინამძღოლობა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფუნქციები ზუსტად ვერ თავსდება პროფესიულ და სტრუქტურულ კატეგორიებში. სამეწარმეო ფუნქცია შეიძლება განახორციელდეს სხვადასხვა პროფესიის ცალკეული პიროვნებების ან ჯგუფების მიერ დიდსა და პატარა, ძველსა და ახალ საწარმოებში. თვითდასაქმებასა და დამწყებ საწარმოებზე ყურადღების მეტისმეტად გამახვილებით, მეწარმეობის შესახებ თანამედროვე კვლევები და პოლიტიკა შეიძლება აკნინებდეს მის ადგილს მეურნეობასა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში.

შუმპეტერის აზრით, მაგალითად, მეწარმე იყო “დამანგრეველი ნოვატორი”, რომლის ფუნქცია “შემოქმედებითი განადგურება”, ანუ არსებული მეთოდების შეცვლა, წარმოების ახალი მეთოდების დანერგვაა, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქმის წარმოების არსებული მეთოდების ძირეული გადახალისებაა. ეფექტიანობის ამაღლებასა და ეკონომიკურ ზრდაში უდიდესი წინსვლა მსგავსი შემოქმედებითი განადგურების შედეგია. შუმპეტერის დროს, ავტომობილების გამოჩენამ თითქმის შეაჩერა ცხენების მოშენება და მასთან დაკავშირებული მრეწველობის სხვა დარგები, რაც ამ ყავლგასული საწარმოო დარგის ყოფილი წევრების გარდა არავისთვის არ ყოფილა სამწუხარო. ჩვენს თანამედროვეობაში, ვნახეთ თუ როგორ დაიკავა პერსონალურმა კომპიუტერმა საკვანძო ადგილი ადამიანების ცხოვრებაში, ხოლო სმარტ-ფონების განვითარებამ და “უსადენო ტექნოლოგიებმა” შექმნა წინაპირობა, რომ პერსონალური კომპიუტერების მრეწველობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს. თუ 1970 წელს საწარმო “AT&T Bell”-ის ქსელში ოთხასი ათასი ტელეფონისტი იყო დასაქმებული, დღეს ამ სამუშაო ადგილების 99%-ზე მეტი აღარ არსებობს, “წესრიგის დამრღვევი” ამ ახალი ტექნოლოგიების წყალობით.

კირცნერი განსხვავებულ მიდგომას ირჩევს, რადგან სამეწარმეო ფუნქციას წარმოგვიდგენს, როგორც მოგების შესაძლებლობებისთვის “მზადყოფნას”. 1973 წელს დაწერილი მისი საეტაპო წიგნი – “კონკურენცია და მეწარმეობა”, სამეწარმეო კვლევებისთვის კვლავ უაღრესად მნიშვნელოვანია. “მზადმყოფობის” ყველაზე მარტივი შემთხვევაა “შუამავალი”, რომელიც ამჩნევს თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული არსებული ფასების შეუსაბამობა ფინანსური მოგების მისაღებად. უფრო ტიპიურ შემთხვევაში, მეწარმე ფხიზლად აკვირდება ახალი ნაწარმისა და წარმოების უკეთეს შესაძლებლობების გამოჩენას, ცდილობს რა, რომ სხვებზე ადრე აითვისოს და დაიკავოს შესაბამისი საბაზრო ნიშა. სერგეი ბრინისა და ლარი პეიჯის მიერ შექმნილი “Gოოგლე”-ის საძიებო სისტემა წარმოადგენს მანამდე არსებული საძიებო ტექნოლოგიების არა მხოლოდ ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას, არამედ საძიებო სისტემის მეშვეობით სარეკლამო ინფორმაციის გაყიდვით თანხების მოზიდვის შესაძლებლობის შემჩნევას და გამოყენებას, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის სხვა ინჟინრებმა მანამდე ხელიდან გაუშვეს.

ჩემი ნამუშევარი ეფუძნება ამერიკელი ეკონომისტის ფრენკ ნაითის და ავსტრიელი ეკონომისტის ლუდვიგ ფონ მიზესის მოსაზრებებს, რომლებიც მეწარმეობას აღიქვამენ, როგორც გაურკვევლობის პირობებში კეთილგონივრული გადაწყვეტილების მიღებას. განსჯა პირველ რიგში, იმ სამეწარმეო გადაწყვეტილების მიღებას ეხება, როდესაც შესაძლო სამომავლო შედეგების სიმრავლე, რომ არაფერი ვთქვათ ცალკეული შედეგების ალბათობაზე, ზოგადად უცნობია (რასაც ნაითი 1921 წელს დაწერილ თავის კლასიკურ წიგნში “რისკი, გაურკვევლობა და მოგება”, უწოდებს გაურკვევლობას და არა ალბათობის რისკს). როგორც ეს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, დონალდ რამსფელდმა ჩინებულად თქვა, “სიმართლე ის არის, რომ არსებობს ის, რაც ვიცით და ვაცნობიერებთ – გაცნობიერებული ცოდნა. არსებობს ის, რასაც ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ არ ვიცით – გაცნობიერებული არცოდნა. და არსებობს გაუცნობიერებელი არცოდნა – ის, რაც ჯერ კიდევ არ ვიცით, რომ ჩვენთვის უცნობია”. კირცნერის აზრით, საზოგადოებაში მეწარმის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს გაუცნობიერებელი უცოდინრობის დაძლევა.

ამგვარად, ყველაზე ზოგადი გაგებით, ადამიანის ყველანაირი ქცევა სამეწარმეოა, რადგან ჩვენ ნაითისეულ გაურკვევლობაში ვარსებობთ. თუმცა, ეკონომიკური ზრდის მიზეზების გასარკვევად, მნიშვნელოვანია მეწარმეობის უფრო ვიწრო გაგებაზე ყურადღების გამახვილება, ეს არის საქმიანი ადამიანი, რომელიც ფინანსურ და ფიზიკურ რესურსებს აბანდებს იმ იმედით, რომ ფულად მოგებას მიიღებს, ხოლო ზარალს თავიდან აიცილებს. მეწარმეს აქვს ხედვა ან წარმოდგენა სამეწარმეო შესაძლებლობებზე, მაგრამ არ შეუძლია, რომ გაცნობიერებულ არცოდნასთან გასამკლავებლად,

ნავარაუდები შესაძლებლობის დეტალები ჩამოაყალიბოს ფორმულების, უტყუარი გრაფიკებისა ან მონაცემების სახით და ნაღდი ფულის ნაკადების წყაროების მითითებით, ისევ როგორც სხვა ტექნიკის გამოყენებით. იმისათვის, რომ ნავარაუდები შესაძლებლობა გამოიყენოს, მეწარმე საკუთარი ტყავიდან უნდა გამოძვრეს, მოიპოვოს და დააბანდოს რა საწარმოო საშუალებები. რესურსების მთელი რიგი შესაძლო კომბინაციები არსებობს, ასე რომ, ეს ადვილი საქმე არ არის. როგორც ეს ლუდვიგ მ. ლახმანმა თქვა: “ჩვენ ვცხოვრობთ მოულოდნელი ცვლილების სამყაროში, ამიტომ კაპიტალის კომბინაციები ყოველთვის შეიცვლება, განახლდება და გარდაიქმნება.

ამ საქმიანობაში, ჩვენ ვხედავთ მეწარმის რეალურ დანიშნულებას.

განსჯა და რესურსების ფლობა

მეწარმის მნიშვნელოვანი ფუნქცია, განსჯის თვალსაზრისით, არის მესაკუთრეობა. სამეწარმეო ფუნქციის შესრულებისათვის, მეწარმე მოიპოვებს და განკარგავს რესურსებს. მეწარმეები წარმატებას აღწევენ, როდესაც ისინი და მათ მიერ დაქირავებული ხელქვეითები რესურსებს მათი ყველაზე ღირებული მიზნებისთვის იყენებენ. კერძო საკუთრება და მოგება-ზარალის სისტემა მეწარმეებს აძლევს სტიმულს, რომ გამოიყენონ ადგილობრივი ინფორმაცია, გარისკონ და ისწავლონ შეცდომებზე, რადგან ისინი ცდილობენ, რომ რესურსები მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენონ და თავიანთი მეთვალყურეობის ქვეშ გაზარდონ კაპიტალი უცნობი მომავლის წინაშე.

მეწარმისათვის გადაწყვეტილების მიღების მთავარი საშუალება არის ის, რასაც მიზესმა ეკონომიკური გათვლა უწოდა – არსებული და მოსალოდნელი ფასების გამოყენებით არსებული ხარჯების შედარება მოსალოდნელ სამომავლო სარგებელთან. ამგვარად, მეწარმე წყვეტს, თუ რა სახის საქონელი და მომსახურება უნდა შეიქმნას და წარმოების რომელი მეთოდები გამოიყენოს. “მეწარმის საქმიანობას წარმოადგენს არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიური მეთოდების ძიება, არამედ მათგან ისეთების შერჩევა, რომლებიც ყველაზე მეტად გამოდგება საზოგადოების ყველაზე აუცილებელი საგნებით რაც შეიძლება იაფად უზრუნველსაყოფად.

ამ არჩევანის გასაკეთებლად, მეწარმემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ქმედებისათვის საჭირო ხარჯებისა და სავარაუდო სარგებლის შეფასება, აქედან გამომდინარეობს თავისუფალი ბაზრის მნიშვნელობა. რესურსების კერძო ფლობისა და საბაზრო ფასების სისტემის გარეშე მეწარმეები ვერ შეძლებდნენ წარმოებისა და სიახლეების დანერგვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებების მიგნებას. ეს არის მიზესის ცნობილი მოსაზრების ლოგიკური საფუძველი, რომელიც 1920 წელს გამოითქვა იმის ხაზგასასმელად, რომ საბჭოური სისტემის მსგავსი ცენტრალიზებული დაგეგმვით რესურსების გონივრული განაწილება შეუძლებელი იყო. ეს იყო არგუმენტი, რომელსაც სოციალისტი ინტელექტუალები, და ბევრი ეკონომისტიც, იმ დროს მასხრად იგდებდა და რომელიც, რა თქმა უნდა, ცივი ომის დასასრულით გამართლდა, რადგან ყველა ცენტრალიზებულად დაგეგმილმა ეკონომიკამ კრახი განიცადა.

მთავრობის წარმომადგენლებს, ზოგადად, არ გააჩნიათ ის მოტივები და რესურსები, რაზეც კერძო მეწარმეებს მიუწყდებათ ხელი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წარმომადგენლებიც განკარგავენ რესურსებს, ფორმალურად მაინც, და მოგების შესაძლებლობებს ეძებენ (როგორც საზოგადოებრივს, ასევე კერძოს). ისინი ზოგი ერთ რესურსს ძალის გამოყენებით და არა თანხმობით მოიპოვებენ: ისინი არ ფლობენ იმ რესურსებს, რომლებსაც განკარგავენ და საბოლოოდ, მათ მიერ გამოწვეული მოგება და ზარალი პირადად მათ არ ეხებათ. მათი მიზნების განსაზღვრა რთულია და არ არსებობს წარმატებისთვის დაჯილდოების და წარუმატებლობისათვის დასჯის მექანიზმი – მეწარმეებს შორის კონკურენტული შერჩევის საბაზრო პროცესის მსგავსი. იტანჯებიან რა იმისაგან, რასაც ვილჰელმ როიპკემ “ინტელექტუალის მედიდურობა” უწოდა, ისინი ცდილობენ, რომ მეწარმის ინიციატივიანობა ბიუროკრატიული მართვით ჩაანაცვლონ. მაგრამ ნაითისეული გაურკვევლობის სამყაროში ასეთი მართვა ეფექტიანი ვერასოდეს გახდება. ეკონომიკის განვითარება მხოლოდ იმ მეწარმეებს შეუძლიათ, რომლებიც უცნობი მომავლის გამოწვევებთან გამკლავებას მოგებისა და ზარალის საკუთარ თავზე აღებით ცდილობენ.

სამეწარმეო განსჯა, საჯარო პოლიტიკა და ეკონომიკური განვითარება

რა უნდა მოიმოქმედოს მთავრობამ, რომ ხელი შეუწყოს სამეწარმეო ინოვაციურობას, მზაობას და განსჯას? შესაძლებელია თუ არა მეწარმეობის ხელშეწყობა, გაძღოლა და წარმართვა ზევიდან, ხელისფლების მხრიდან, თუ ეს აუცილებლად ძირებიდან წამოსული, ბაზრის მიერ წამოშობილი მოვლენაა?

პასუხი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მეწარმეობა წარმოიშობა არა სახელმწიფოს ხელდასმით, არამედ პიროვნებების ინიციატივით, შემოქმედებით და ენთუზიაზმით. საუკეთესო რამ, რაც მთავრობას მეწარმეობისთვის ხელშესაწყობად შეუძლია გააკეთოს, მეწარმეობის განვითარების წამახალისებელი გარემოს შექმნაა – ესაა სტაბილური ფული, კანონის უზენაესობა, თავისუფალი და ღია კონკურენცია. მთავრობა ვერ შექმნის მეწარმეებს და ვერც რამის გაკეთებას აიძულებს მათ. მთავრობა გზიდან უნდა ჩამოშორდეს. განვიხილოთ იმის რამდენიმე მაგალითი, თუ რა უნდა აიცილოს ხელისუფლებამ თავიდან:

არ შექმნას და არ გაამძაფროს ეკონომიკური ციკლები. მთავრობის პოლიტიკა არ უნდა იყოს ცუდი მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით სამეწარმეო დაგეგმვაში, პროგნოზირებასა და კაპიტალის დაბანდებაში ჩარევა, რაც გულისხმობს აქტივების გაბერვას ძლიერი ფულადი ინფლაციით, მაკროეკონომიკური მასტიმულირებელი პროგრამების მეშვეობით ხელოვნურად მაღალი ფასებისა და ხელფასების შენარჩუნების მცდელობა, აგრეთვე, გაურკვევლობის შექმნა, რაც მუდმივად ცვალებადი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის პირობებში ხელს უშლის კაპიტალის დაბანდებას. როგორც ზემოთ არის აღწერილი, მეწარმეები ეყრდნობიან საბაზრო ფა-სებს, რათა მოახდინონ “ეკონომიკური გათვლები” – როგორც ამას მიზესმა უწოდა, რაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას იმის შესახებ, თუ რა და როგორ უნდა შეიქმნას, რესურსების დღევანდელი და მომავალი ნაწარმის სავარაუდო ფასებიდან გამომდინარე. მაგალითად, გაბერილი აქტივები ხელს უშლის სწორ ეკონომიკურ გათვლებს, რამაც 1990-იან წლებში – ინტერნეტ საწარმოებში, ხოლო XXI საუკუნის დასაწყისში – უძრავი ქონებითა და იპოთეკით გამყარებულ ფასიან ქაღალდებში კაპიტალის გადაჭარბებით დაბანდება გამოიწვია. ეკონომიკური სტიმულები და აქტიური ჩარევის პოლიტიკის სხვადასხვა ფორმა “სისტემის არასტაბილურობას” იწვევს, რაც მეწარმეებს აიძულებს, რომ მოკლევადიანი ინვესტიციები ამჯობინონ გრძელვადიანს, რომელიც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს.

ეს მიდგომა ეკონომიკური ციკლების “ავსტრიული” თეორიის საფუძველია, რო-მელიც უაღრესად პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ობამას ადმინისტრაციის მასიურმა მასტიმულირებელმა პროგრამამ ფინანსური კრიზისი და აშკარა კრახი განიცადა. ამ თეორიის მიხედვით, რომელიც მიზესმა და ჰეიეკმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩამოაყალიბეს, ეკონომიკური კრიზისი მთავრობის პოლიტიკის შეცდომების შედეგია. იოლი ფულის პოლიტიკა სარგებლის განაკვეთს “ბუნებრივ განაკვეთზე” მეტად ამცირებს, რაც იწვევს კაპიტალტევადი მრეწველობის დარგებში კაპიტალის გადაჭარბებით დაბანდებას (რასაც ეკონომისტები “წარმოების პერიოდის გახანგრძლივებას” უწოდებენ). ამის შედეგი არის ხელოვნური ეკონომიკური აღმავლობა, რომელიც აუცილებლად კრახით დასრულდება, რადგანაც საბაზრო მოთამაშეებს ადრე თუ გვიან იმის გაცნობიერება მოუწევთ, რომ ყველა ახალი წამოწყების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მარაგები არ არსებობს. უფრო მეტიც, მონეტარული ინფლაცია არა მარტო ფასების საერთო დონეს ზრდის, არამედ სავარაუდო ფასების მერყეობასაც, რაც ეკონომიკურ გათვლას განსაკუთრებით ართულებს.

იმის ცოდნაც კი, რომ მიმდინარე ეკონომიკური აღმასვლა ხელოვნურია, მეწარმეს ავალდებულებს გამოიჩინოს ყურადღება მისი მასშტაბების, ხანგრძლივობისა და საკუთრივ სამეწარმეო ბაზარზე მისი ზეგავლენის შესაფასებლად, რაც განსაკუთრებით რთულია სწრაფი მონეტარული ინფლაციის პერიოდში. როცა რეცესია იწყება, ეკონომიკის სტიმულირებაზე, მრეწველობის რესტრუქტურიზებაზე, პოლიტიკურად პრივილეგირებული საწარმოებისა და სექტორებისთვის რესურსების გადანაწილებეზე მიმართული პროგრამები, ვითარებას კიდევ უფრო აუარესებს, ხელს უშლის რა მეწარმეებს, რომ შეწყვიტონ კაპიტალის არასწორად დაბანდება და რესურსები ყველაზე ღირებული მიზნების განსახორციელებლად მიმართონ.

არ დაეხმაროს წარუმატებელ საწარმოებს. შუმპეტერის “შემოქმედებითი განადგურება” მაშინ ხდება, როდესაც მეწარმეები რესურსების და ნაწარმის სხვადასხვანაირ შეხამებას ცდილობენ და ისეთ შეთანაწყობას ეძებენ, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ეკონომიკის მწირი რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება. ამისათვის, ბაზრის საპასუხო რეაქციას არსებითი მნიშვნელობა აქვს. თუ საწარმოს არ შეუძლია იმ პროდუქციისა და სერვისების შექმნა, რომელთა შეძენაც მომხმარებელს სურს, უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია და აქტივები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს სხვა მეწარმეებისთვის, რათა მათ მიეცეთ კიდევ ერთი ცდის საშუალება.

მართლაც, კონკურენციის ძირითადი დანიშნულება – ნაწარმთან, ფაქტორებთან და კაპიტალის ბაზრებთან მიმართებაში – არის არა მხოლოდ სხვადასხვა ტიპის რესურსების, არამედ სამეწარმეო უნარის ეფექტიანი შეთანაწყობაც. მიზესი წერდა, რომ “ის, რაც მოგებას წარმოშობს, არის ის ფაქტი, რომ მეწარმე, რომელიც პროდუქციის სამომავლო ფასებს სხვებზე უფრო სწორად განჭვრეტს, ნამდვილად მოიპოვებს წარმოების რამდენიმე ან ყველა ფაქტორს, იმ ფასად, რომელიც ბაზრის სამომავლო მდგომარეობის გადმოსახედიდან მეტისმეტად დაბალია. ეს განსხვავება არის სამეწარმეო მოგება. დროთა განმავლობაში მოგებისა და ზარალის შეფარდება მიუთითებს იმას, თუ რომელ პიროვნებებს შეეფერებათ ყველაზე მეტად რესურსების კონკრეტული კომბინაციების ფლობა და მართვა. ამ მიზეზით, ფულადი დახმარებები, სუბსიდიები და ცალკეული მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი სხვა სახის განსაკუთრებული შეღავათები ხელს უშლის მწარმოებლური რესურსების ყველაზე ღირებული მიზნებისთვის გამოყენების საბაზრო პროცესს.

გარდა პირდაპირი ფულადი დახმარებებისა, “მეტისმეტად მნიშვნელოვანი” საწარმოებისადმი გაცემული გარანტიებით უზრუნველყოფილი დაფარული სუბსიდიები, აბრკოლებს სამეწარმეო შერჩევის პროცესს. არა მხოლოდ იმით, რომ წარუმატებელ მეწარმეებს და საწარმოებს იცავს, არამედ იმითაც, რომ იგი ახალისებს ლობირებიდან და ადმინსტრაციის მიერ რესურსების განაწილებასთან დაკავშირებული კორუფციული გარიგებებიდან შემოსავლის მიღების სხვადასხვა ფორმებს, ინვესტიციებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი საქმიანობისკენ მიმართავს (მომხმარებელთა ხარჯზე და მათი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ) და ხელს უშლის ბაზარზე იმ დამწყები მეწარმეების გამოჩენას, რომლებსაც პოლიტიკური კავშირები არ გააჩნიათ.

მრეწველობის დაგეგმვა, რომელიც რესურსების საბაზრო კონტროლის მაგივრად ბიუროკრატიულ მითითებებს ამკვიდრებს, უფრო მეტად უშლის ხელს სამეწარმეო ინიციატივებს. ამის მაგალითად, აშშ-ს მთავრობის მიერ “ჯენერალ მოტორსის” გაკოტრებისაგან გადარჩენა და “კრაისლერსა” და “ფიატს” შორის ალიანსის შექმნა გა-მოდგება. “ჯენერალ მოტორსის”-ის გადარჩენა ეფუძნებოდა ვარაუდს, რომ საწარმოს ამჟამინდელი მფლობელებისა და მმართველების ხელში არსებული რესურსების იგივე დანიშნულებით გამოყენება უფრო ღირებული იქნებოდა, ვიდრე ყველა სხვა ალტერნატიული დანიშნილებით, რომლებსაც სხვა მეწარმეები ფლობდნენ და აკონტროლებდნენ – ეს იყო ვარაუდი, რომელიც აშკარად არასწორი იყო თავად გაკოტრების ფაქტის გამო. “ფიატ-კრაისლერის” შერწყმის გასამართლებლად კი ჩვეულებრივი “უერთიერთშერწყმა” იყო მომიზეზებული, მიუხედავად საფუძვლიანი კვლევებისა, რომელებიც მიუთითებდნენ, რომ ასეთი შერწყმა ნაკლებად თუ გამოიღებდა ხელშესახებ შედეგს. ხოლო წარმატებული რომც გამომდგარიყო, სავარაუდოდ, საბაზრო ძალები “ფიატსა” და “კრაისლერს” ხელისუფლების დახმარების გარეშეც გააერთი-ანებდნენ.

ყურადღება მიაქციეთ პიროვნებებს და არა ჯგუფებს. თეორეტიკოსებსა და პოლიტიკურ მმართველებს შორის ფინანსური კრიზისის შესახებ ბოლოდროინდელი კამათი მეტწილად კეინსისეული ენით გრძელდება, რასაც ყურადღება აგრეგირებულ მონაცემებზე გადააქვს და ჩვენ ეკონომიკაში მოქმედი მრავალი საწარმოს, მომხმარებლების, სამრეწველო დარგების და სექტორების მნიშვნელობას აკნინებს. მიუხედავად იმისა, რომ წარუმატებლობები სრულიად კონკრეტულ ფინანსურ ორგანიზაციების ეხებოდა, როგორებიც იყვნენ AIG, “ლემენ ბრაზერსი”, “ფრედი მაკი”, და “ფენი მაი”, მთავრობის წარმომადგენლები საუბრობენ “საბანკო სისტემის”, “ფინანსური სისტემის” და ზოგადად, ეკონომიკის მდგომარეობაზე. კამათი “გაყინული საკრედიტო ბაზრების შესახებ” შემოიფარგლებოდა გაერთიანებული მაჩვენებლებით, და განიხილავდა საერთო დაკრედიტებას და არა პიროვნებებს, საწარმოებსა და სამრეწველო დარგებს შორის გაცემული სესხების თანაფარდობას. მაგრამ სახლების საშუალო ფასების შემცირება, გაცემული სესხების საერთო რაოდენობის შემცირება, რესურსების ფასების არასტაბილურობა ბევრს არაფერს გვეუბნება კონკრეტული სახლის ფასზე, კონკრეტული მსესხებლებისთვის გაცემული კაპიტალის ღირებულებაზე და ცალკეული პიროვნებების აქტივების ღირებულებაზე.

საკრედიტო კრიზისის ანალიზისას, გადამწყვეტი საკითხი არის ის, თუ რომელი სესხები არ გაიცემა, ვისზე, და რატომ? ყურადღების გამახვილება კრედიტის საერთო მოცულობაზე, საერთო ლიკვიდურობაზე, ფასიანი ქაღალდების საშუალო ფასებზე და ა.შ., პასუხგაუცემელს ტოვებს ძირითად საკითხებს – თუ როგორ ხდება რესურსების განაწილება სამრეწველო დარგებს, საწარმოებსა და კერძო პირებს შორის, ხდება თუ არა არასწორი ინვესტიციების შეჩერება, და ა.შ. ასეთი საერთო ცნებები სურათს აუფერულებს და შესაბამისად, ფარავს მნიშვნელოვან ინფორმაციას შედარებითი ფასების შესახებ. კაპიტალის ბაზრების ძირითად ფუნქცია, სინამდვილეში, ფინან-სური კაპიტალის საერთო რაოდენობის მართვა კი არ არის, არამედ კაპიტალის გა-ნაწილება სხვადასხვა საქმიანობას ან, უფრო ზუსტად, მეწარმეებს შორის. ანუ კაპიტალის განაწილება სრულიად გარკვეულ და კერძო შემთხვევებში.

ნუ ეცდებით წარმოებების თავმოყრას და ინოვაციების დაგეგმვას. ამერიკის ინფორმაციული ტექნოლოგიების მრეწველობის მნიშვნელოვანი წარმატება, რომელიც ძირითადად თავმოყრილია კალიფორნიაში, ე.წ. სილიკონის ველზე, ისევ როგორც ბოსტონში, სან დიეგოში, ოსტინში და სენტ-ლუისში, პოლიტიკურ მმართველობას აფიქრებინა, რომ მათ შეეძლოთ მიზნობრივი სუბსიდიებით, საგადასახადო შეღავათებით და სხვა საშუალებებით ახალი “სილიკონის ველი” შეექმნათ. მაგრამ ტექნოლოგიური დასახლებები იქმნება ქვევიდან ზევით და არა ზევიდან ქვევით. ამგვარი თავმოყრის მიზეზი ხშირად ისეთ “საყრდენი დაწესებულებებია”, როგორებიცაა უნივერსიტეტები, მოქმედი საწარმოები, კვლევითი ინსტიტუტები და ა.შ. თუმცა, ამგვარი დაწესებულებების საგანგებოდ ჩამოყალიბება, შესაბამისი საწარმოო დაჯგუფების შექმნის მიზნით, შეუძლებელია. ჩვენ არ ვიცით, სად შეიძლება შეიქმნას შემდეგი დასახლება, რა პროდუქცია შეიძლება იწარმოოს, რომელი ახალი მრეწველობა და ბაზრები წარმოშობა შედეგად – რაც კაპიტალიზმის ხიბლის ნაწილია.

როგორც მიზესმა აღნიშნა, “მოქმედების შედეგი ყოველთვის ბუნდოვანია. მოქმედება ყოველთვის ვარაუდია”. აქედან გამომდინარე, ნამდვილი მეწარმე არის მოაზროვნე, ადამიანი, რომელსაც სურს, რომ პერსპექტიული საქმიანი გარიგებებისათვის ბაზრის მომავალი სტრუქტურის შესახებ თავისი მოსაზრებით იხელმძღვანელოს. ბუნდოვანი მომავლის პირობების მისეული ვარაუდი ყოველგვარ წესებსა და სისტემატიზაციას ეწინააღმდეგება. ამ წესებისა და სისტემატიზაციისათვის დაუმორჩილებლობა იმას ნიშნავს, რომ ღირებულების შემქმნელი, განვითარების მასტი-მულირებელი მეწარმეობა სამთავრობო მგეგმავებისთვის სრულიად გაუგებარია და მხოლოდ თავისუფალი და კეთილსინდისიერი პიროვნებების ურთიერთქმედების შედეგად შეიძლება განხორციელდეს.

ინსტიტუტები, პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა

რაც სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ ხელი შეუწყოს ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა სტაბილური ფული, კერძო საკუთრების დაცვა, კანონის მმართველობის პატივისცემა, რაც წაახალისებს კაპიტალის დაგროვებას, ასპარეზს გაუხსნის სამეწარმეო ინიციატივებს და საბაზრო კონკურენციას საშუალებას მისცემს, რომ რესურსები მოქმედ და მომავალ მეწარმეებს შორის გაანაწილოს. საგადასახადო პოლიტიკა მნიშვნელოვანია. მაგალითად, კერძო საწარმოები 15%-იანი საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან. ეს კი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 35%, რომლის გადახდაც კერძო პირის მიერ “ჩვეულებრივი” შემოსავლის მიღებისას უხდება. ეს კი არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არსებობს ჩვენს ეკონომიკაში კერძო საწაროების ჯანსაღი და მზარდი სექტორი. კერძო საწარმოების არსებობა აიძულებენ მოქმედ მეწარმეებს, რომ მათ თავიანთი რესურსები გონივრულად გამოიყენონ და დამწყებთათვის შექმნან შესაძლებლობები, რათა მათაც მოიპოვონ და ახლებურად გამოიყენონ არსებული სამრეწველო შესაძლებლობები. უფრო ზოგადად კი, იმის უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ სტაბილური, ბაზრის წამახალისებელი ინსტიტუტები ხელს უწყობენ მეწარმეობას და ეკონომიკურ განვითარებას.

ეკონომიკურ განვითარებას ხელის სესაწყობად, ჩვენ არა მხოლოდ ახალი მაღალტექნოლოგიურია საწარმოები გვჭირდება, არამედ პოლიტიკაც, რომლებიც ხელს უწყობენ ეფექტიანი სამეწარმეო გადაწყვეტილებებს ეკონომიკის ყველა სექტორში და ყველა საფეხურზე. ჩვენ საშუალება უნდა მივცეთ მოგების მიღების მსურველ პიროვნებებს, რომლებიც მწარმოებლურ რესურსებს განკარგავენ და მათ, ვისაც ამ რესურსების განკარგვის სურვილი აქვს, შექმნან ახალი ნაწარმი და მომსახურება, მოიძიონ ახალი ბაზრები, იპოვონ არსებული პრდუქციის წარმოების და არსებული ბაზრებისათვის მომსახურების საუკეთესო საშუალებები, კეთილგონიერების დახმარებით ამ არასტაბილურ სამყაროში მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენონ მწარმოებლური რესურსები. იმის განსაზღვრა, თუ როგორ უნდა მოხდეს რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება და ეკონომიკის განვითარება, ვაშინგტონელი ბიუროკრატების მოვალეობას არ წარმოადგენს. სინამდვილეში, ეს არის ის, რისი შესრულებაც ბიუროკრატებს არ შეუძლიათ, სწორედ იმიტომ, რომ ისინი მოკლებულნი არიან საბაზრო ფასებიდან მომდინარე მინიშნებებს და მოტივაციას. სინამდვილეში, სწორედ ნებისმიერი დონის, მრეწველობის დარგის, ადგილმდებარეობის მეწარმეზეა დამოკიდებული იმის განსაზღვრა, თუ როგორ უნდა მოხდეს შეზღუდული რესურსების შეძლებისამებრ ეფექტიანად გამოყენება. თუ ჩვენ მეწარმეობას განვითარების საშუალებას მივცემთ, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ა.შ.შ.-ს ეკონომიკა ისე აყვავდება და განვითარდება, რომ ახლა ვერც კი წარმოვიდგენთ.

 

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s